Jump to content
×
×
  • Create New...

განათლების სამინისტრო პარლამენტს ბაგა-ბაღების ავტორიზაციის გადავადებას სთხოვს – რა მოითხოვა თეა წულუკიანმა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პარლამენტს ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას და ბაგა-ბაღების ავტორიზაციის გადავადებას სთხოვს.

ამის შესახებ მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბაღების ავტორიზაციის პერიოდი 2020 წლის 31 დეკემბრის ნაცვლად 2021 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადავადდეს. როგორც მან განმარტა, საუბარია კვების, ჰიგიენური საშუალებების, ადამიანური რესურსების და სხვა საკითხების სტანდარტიზაციაზე, პანდემიიდან გამომდინარე, სააღმზრდელო დაწესებულებებში ამჟამად მოქმედი წესები შეცვლილია და შესაბამისად, კანონის ამოქმედება უნდა გადავადდეს.

ამ ინიციატივას პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

„ცოტა მეტი დასაბუთება გვჭირდება, თუ რატომ უნდა დავუჭიროთ ცვლილებას მხარი. იქნებ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ, რა გაკეთდა ამ 4 წელში. ჩამონათვალის სახით რომ გაკეთდა ეს – ამის მერე გაკეთდა ის, რომ გავიგოთ საერთოდ რა გაკეთდა. არ ვარ მთავრობისგან შორს მყოფი ადამიანი და ვიცი, როგორია გადავადების პრაქტიკა. ამიტომ, როცა გადავადებას ითხოვთ, დაგვისაბუთეთ რა გაკეთდა და რაში არ გეყოთ დრო“, – მიმართა მინისტრის მოადგილეს თეა წულუკიანმა.

მან გადავადების მაგალითად სამტრედიის სკოლა-პანსიონი მოიყვანა, სადაც განათლების სამინისტროს რეფორმა არც დაუწყია. „საბჭოთა დროის გადმონაშთი რომ არის სამტრედიაში და ბავშვთა უფლებების დაცვისთვის არაფერი კარგი იქ არ ხდება, იქაც პირველ სექტემბერს იყო ვადა, მაგრამ ეს რეფორმა დაწყებულიც კი არ არის“, – თქვა წულუკიანმა.

მისივე თქმით, თუ პარლამენტი ბაღების ავტორიზაციის ვადის გადაწევას დათანხმდება, განათლების სამინისტროს მოუწევს კომიტეტს ყოველ თვეში ანგარიში ჩააბაროს.

„იქნებ თვეში ერთხელ მობრძანდეთ ჩვენს კომიტეტში და მოგვახსენოთ რა გააკეთეთ, რომ გაისად ამ დროს ისევ არ მოხვიდეთ და ისევ არ მოითხოვოთ გადავადება. ყველა ბაღი პირობებს ვერ დააკმაყოფილებს ალბათ და ვინც ვერ დააკმაყოფილებს, იმათთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ. მასიურად ბაღებს ხომ ვერ დავკეტავთ. ან გადავარქვათ სახელი და ეს არ იქნება ის დაწესებულება, სადაც მშობელს აქვს მოლოდინი, რომ იქ ბავშვი რამეს ისწავლის. ან ორი ტიპის დაწესებულება გავაკეთოთ და შესაძლოა ეს იყოს კარგი, მაგრამ ეს ხედვა თქვენგან უნდა მოდიოდეს. და არც მშობლებს ექნებათ იმის განცდა, რომ ბავშვი მიიყვანეს საბავშო ბაღში, სადაც ისინი მუშაობენ, ვინც არ უნდა იყოს აღმზრდელი საერთოდ და ბავშვიც კი არ უყვარს ზოგიერთს. ამიტომ, თვეში ერთხელ – ოფიციალურად მოგმართავთ კომიტეტის სახელით, 12-ჯერ მობრძანდეთ და აგვიხსნათ, რომ ამ თვეში ეს გავაკეთეთ და ამ თვეში ის, რომ ვიცოდეთ რაზე ლაპარაკობთ თქვენ და რაზე ჩვენ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

დეპუტატ ლადო კახაძეს კი მინისტრის მოადგილის გამოსვლის შემდეგ გაუჩნდა იდეა, რომ ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობაში ინვესტორები ჩაერთონ.

“ავტორიზაცია კარგია, მაგრამ საჭიროა ახალი ბაღების აშენება, ნებისმიერი სახით ავტორიზაცია მაინც მიმართულია იქითკენ, რომ საზოგადოების დაახლოება მოხდეს ევროპასთან. ვიცი, რომ ყველა ვეძებთ რესურსს, რადგან ნებისმიერი იდეა ითხოვს კაპიტალურ, მატერიალურ რესურსს ინტელექტუალურთან ერთად, ამიტომ მე მექნება წინადადება, რომ იქნებ სამინისტროში შეიქმნას ჯგუფი (პარლამენტარებიც დაგეხმარებით), რომელიც ინვესტორებისთვის შექმნის ხელსაყრელ პირობებს, გაუმჯობესებულ ვარიანტს და შეთავაზება გავამზადოთ, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელების პარალელურად, ერთი კეთილშობილური ზრახვა – ინვესტორმა თითო რაიონში ააშენოს ახალი საბავშვო ბაღები და ამ კუთხით იქნეს ჩვენი შეთავაზება ლიბერალიზაციის მიმართულებით და თანადგომა. ამით ისარგებლებენ ბავშვები და მშობლები“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share