ფორუმელი Moor Posted 14 დეკემბერი, 2020 Posted 14 დეკემბერი, 2020 სალომე კანდელაკი[1] Covid-19-ით გამოწვეული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, საქართველო რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ფაზაში შევიდა. ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის თავიდან ასარიდებლად, მთავრობამ წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა. შეზღუდვების შედეგად, რომელიც მაღაზიებს, რესტორნებს, ფიტნესცენტრებს, საცურაო აუზებს, საზოგადოებრივ და საქალაქთაშორისო ტრანსპორტს შეეხო, აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, მოსალოდნელია ეკონომიკური კლების გაღრმავება და საერთო სოციალური ფონის კიდევ უფრო გაუარესება. უკვე ცნობილია, რომ 2020 წლის ნოემბრისთვის, საქართველოში პანდემიის გამო უხელფასოდ 162 220 მოქალაქე დარჩა. განსაკუთრებით გართულდა მცირე მეწარმეების, არარეგისტრირებული გარე მოვაჭრეებისა და სოციალურად დაუცველ პირთა ეკონომიკური მდგომარეობა. მთავრობის მიერ შემუშავებული ფულადი დახმარების პაკეტი არასაკმარისია ხელშესახები სოციალური ეფექტის მისაღწევად რიგი სისტემური და სამართლებრივი მიზეზების გამო. კერძოდ, ეს ხარვეზები უკავშირდება საგადასახადო სისტემის არასაკმარისად გამართულად მუშაობას, საარსებო მინიმუმის მოძველებული კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებით გამოთვლას და მოქალაქეთა კონკრეტულ სოციალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის არარსებობას. პასუხობს თუ არა შექმნილ გამოწვევებს 300-ლარიანი პაკეტი? შეზღუდვების ფონზე მთავრობამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის თანახმადაც სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებზე და საცალო ვაჭრობაზე მომუშავე პირებს, კორონავირუსის პირველი ტალღის მსგავსად, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარება გამოეყოთ. თუმცა ბენეფიციართა ზუსტი რაოდენობა ჯერაც დაუზუსტებელია. პრემიერმინისტრმა გახარიამ 27 ნოემბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა , რომ მათი სავარაუდო რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას უკვე ჰქონდა დაწყებული კომუნიკაცია დამქირავებელ კომპანიებთან დასაქმებულთა აღსარიცხავად, რაც საგადასახადო სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში შემოსავლების სამსახურის მიერ უკვე აღრიცხული და მარტივად დასადგენი იქნებოდა. ასევე, ბუნდოვანია, თუ რა ცნობა უნდა წარადგინონ თვითდასაქმებულებმა და შემოსავლების სამსახურის ბაზაში არარეგისტრირებულმა პირებმა. პანდემიის პირველი ტალღის დროს, არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს საბანკო ანგარიშზე ყოველთვიური შემოსავლისა და ბრუნვის შესახებ ცნობა უნდა წარედგინათ. იგივე პრინციპის შემთხვევაში, პირები, ვინც შემოსავალს ხელზე იღებენ, მაგალითად, ძიძები ან დამლაგებლები, ფორმალური დოკუმენტის წარდგენის გარეშე დახმარებას მეორე ტალღის დროსაც ვერ აიღებენ. აღნიშნული შეზღუდვების გარშემო, სოციალური ხასიათის პროტესტის პირველი ნათელი მაგალითი იყო რუსთავში ე.წ. სტამბულის ბაზრის გარემოვაჭრეთა დაუმორჩილებლობა და ქუჩის გადაკეტვა იმ მოტივით, რომ ისინი, მათივე თქმით, სოციალური დახმარების ვერც ერთ კატეგორიას ვერ აკმაყოფილებენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ნახსენები ჯგუფები დახმარებას მიიღებენ, შექმნილ მდგომარეობაში ერთჯერადი 300-ლარიანი პაკეტი არასაკმარისია, განსაკუთრებით, ლარის გაუფასურების გამო სურსათზე მომატებული ფასების ფონზე. ცხადია, შეზღუდვების პერიოდში დაკარგული მოგების სრულად მაკონპენსირებელი ვერანაირი სახელმწიფო დახმარება ვერ იქნება. თუმცა, გასათვალისწინებელია, არიან თუ არა 300-ლარიანი დახმარების მიმღები პირების ოჯახის სხვა წევრები დასაქმებულები, რამდენსულიანია ოჯახი, არის თუ არა რომელიმე მათგანი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე და აქამდე რამდენი იყო ოჯახის თვიური აუცილებელი ხარჯი ჯამში. აქედან გამომდინარე, 300-ლარიანი დახმარების თანაბრად გადანაწილების ნაცვლად, სახელმწიფოს შეუძლია ეს დახმარება კონკრეტული ოჯახის საჭიროებებს მოარგოს და, შედეგად, თანხა უფრო ეფექტიანად გადაანაწილოს. რამდენად არის მთავრობის სოციალური პაკეტი მორგებული განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებზე? ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 1997 წელს მიღებული კანონმდებლობის მიხედვით გამოითვლება, რაც ცალსახად არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის (საქსტატის) მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ოქტომბრისთვის შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 187.7 ლარს შეადგენს (დიაგრამა 1). ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 166.7 ლარს, ხოლო ექსვსსულიანისა და უფრო მეტისთვის 442.3 ლარს (დიაგრამა 2). დიაგრამა 1: საარსებო მინიმუმი, საქართველო (ლარი), ოქტომბერი 2020წ. http://gip.ge/wp-content/uploads/2020/12/pasted-image-0.png დიაგრამა 2: საარსებო მინიმუმი ოჯახის ტიპის მიხედვით, საქართველო (ლარი), ოქტომბერი 2020წ. http://gip.ge/wp-content/uploads/2020/12/unnamed.png წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი. (10,2020), ჩამოტვირთულია https://www.geostat.ge/ka/modules/categories/49/saarsebo-minimumi-დან (ჩამოტვირთვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2020). საარსებო მინიმუმის დათვლისას არ არის გათვალისწინებული კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი აუცილებელი დანახარჯი. მისი გამოთვლის დღეს არსებული სისტემა მხოლოდ საკვების ღირებულებას ეფუძნება. ქვემოთმდებარე ცხრილში ასახულუა ავტორის მიერ ჰიპერმარკეტ – “გუდვილსა” და დაბალფასიან უბნის სუპერმარკეტად მიჩნეულ – “ლიბრეში” ჩატარებული ფასების მოკვლევის შედეგი (ცხრილი 1). ყველაზე დაბალფასიანი პროდუქტების მოკვლევის საფუძველზე უხეშად არის დაანგარიშებული შრომისუნარიანი მამაკაცის 2020 წლის ოქტომბრის თვის საარსებო მინიმუმით (187.7ლ თვეში, 6.05ლ დღეში) რეალურად რამდენად ხელმისაწვდომია იმ მინიმალური სასურსათო კალათის (40 სახეობის პროდუქტის) რეკომენდირებული შემადგენლობის შეძენა, რაც ოფიციალურად არის 2003 წლის 8 მაისის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი. დათვლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომისუნარიანი მამაკაცის ოქტომბრის თვის დღიური საარსებო მინიმუმი 7.50 ლარი (გუდვილის პროდუქციის ფასების მიხედვით) ან 7.70 ლარი (ლიბრეს პროდუქციის ფასების მიხედვით) მაინც უნდა იყოს იმისთვის, რომ მთავრობის მიერ განსაზღვრული მინიმალური სასურსათო კალათის შეძენა იყოს შესაძლებელი. არსებული სასურსათო ფასებით, რაც აღნიშნულ სუპერმარკეტებში ყველაზე დაბალფასიან პროდუქტს წარმოადგენს, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი თვეში 230-დან 240 ლარამდე მაინც უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ საბოლოო დაანგარიშებით ჰიპერმარკეტში მოკვლეული პროდუქციის ფასების ჯამური ოდენობა მცირე, დაბალფასიანი უბნის სუპერმარკეტის ფასებზე ნაკლები აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ დიდ მაღაზიებში პროდუქციის მრავალფეროვნებაა და შესაბამისად ფასებიც ყველანაირია. ხაზგასასმელია, რომ პროდუქტის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მისი დაბალი ფასი იყო, შესაბამისად აღნიშნული პროდუქცია რამდენად ხარისხიანი და სასარგებლოა ცალკე საკვლევია. გარდა იმისა, რომ შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმით დადგენილი სასურსათო კალათის სრულად შეძენა ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე აშკარად იკვეთება რომ დადგენილი საარსებო მინიმუმით უგულვებელყოფილია ადამიანის სხვა ყოველდღიური საჭიროებები, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ტანსაცმელი და სხვა ნივთები. ცხრილი 1: “გუდვილისა” და “ლიბრეს” ფასების მოკვლევის შედეგი, დეკემბერი 2020 http://gip.ge/wp-content/uploads/2020/12/Untitled.png წყარო: 1. ჰიპერმარკეტ “გუდვილის” ოფიციალური ვებგვერდი, (05.12.2020), მონაცემები აღებულია https://goodwilldelivery.ge/index.html-დან, 2020 წლის 5 დეკემბერს; 2. სუპერმარკეტი “ლიბრე”, (06.12.2020), მონაცემები აღებულია მაღაზიაში ვიზიტის საფუძველზე. ფასების მოკვლევის სრული შედეგი იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1pAC7nY14dETnW4wXcp13s_GnTH2AP0TR/view?usp=sharing საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, სოციალურად დაუცველებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გარკვეული კატეგორიებისთვის გამოყოფილი მიზნობრივი სოციალური დახმარება 6 თვის მანძილზე 100 ლარს შეადგენს, რაც დადგენილ საარსებო მინიმუმსაც კი ვერ აღწევს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის 2020 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში 510,343 საარსებო შემწეობის მიმღები პირია, რაც მთელი მოსახლეობის 13.7%-ს წარმოადგენს. სოციალური შემწეობა ინიშნება ქულათა სისტემით, რის მიხედვითაც თითო ოჯახის წევრის მაქსიმალური დახმარება 60 ლარია, ხოლო მინიმალური შემწეობა შეიძლება 30 ლარი იყოს. ერთსულიანი ოჯახისთვისაც, რომელიც სოციალურ შემწეობასაც იღებს და პანდემიის დროს გამოყოფილ დამატებით 100-ლარიან დახმარებას, ორივე ერთადაც კი ვერ აღწევს საქსტატის მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმს. რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფების (მაგ: 0-18 წლამდე შშმ პირი, ომის მონაწილეები, პოლიტ. რეპრესირებული და სხვა) მიხედვით სოციალური პაკეტის მიმღებთა საერთო რაოდენობას, 2020 წლის ოქტომბრისთვის ის 174,894 ადამიანს მოიცავს და სოციალური პაკეტის ოდენობა განსხვავდება ჯგუფების მიხედვით, რაც “სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით რეგულირდება. სოციალური შემწეობის მიმღები პირებისგან განსხვავებით, ერთი შეხედვით, მათი დახმარების პაკეტი სოციალურად დაუცველებთან შედარებით მაღალია, თუმცა კრიტერიუმებიც საკმაოდ მკაცრია. მაგალითად, ომში დაღუპულთა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ მშობელს, რომელსაც დაეღუპა 3 შვილი გადაეცემა დახმარება 309 ლარის ოდენობით, რაც რეალურად მიზერული თანხაა. ასევე საგულისხმოა, რომ პოლიტიკური რესპრესიების მსხვეპლად აღიარებული პირების სხვადასხვა კატეგორიას დახმარების სახით გამოყოფილი აქვს 62-დან 77 ლარის ოდენობით სახელმწიფო დახმარების პაკეტი. განსხვავებით სოციალური შემწეობის მიმღები პირებისგან, სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს, შესაძლოა, შემოსავლის სხვა წყაროც გააჩნდეთ. შესაბამისად, მათთვის შეზღუდვების დროს დაწესებული 100-ლარიანი მიზნობრივი სოციალური პაკეტი შესაძლოა, გარკვეულწილად, ამსუბუქებდეს მათ სოციალურ მდგომარეობას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის და ასევე სოციალურად შეჭირვებული ქრონიკულ დაავადებათა მქონე სუბიექტებისთვის განსაკუთრებულად პრობლემური აღმოჩნდა მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერება. ეს სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, რომელთაგანაც ნაწილი პერმანენტულ მკურნალობას საჭიროებს, არ არიან უზრუნველყოფილნი ტრანსპორტირებით. მსგავსი შეზღუდვების დროს ალტერნატიული ტრანსპორტის და დახმარების არარსებობა, შშმ პირების ჯანმრთელობის საკითხის უგულვებელყოფის ტოფლასია. წერტილოვანი შეზღუდვების გამოცხადებამდე, აუცილებელია წინასწარ გაიზომოს ამ შეზღუდვებით გამოწვეული რისკები და გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ საჭირო ლოჯისტიკური დეტალებიც, რაც სოციალურად შეჭირვებული კლასის ტრანსპორტირებას გახდის შესაძლებელს. კორონავირუსის მეორე ტალღის დროს მთავრობის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვისგან თავის ასარიდებლად იქნა მიღებული, მოსახლეობის ისედაც გაჭირვებული ფენის გამოწვევებს სათანადოდ ვერ პასუხობს. იმის ფონზე, რომ ვირუსის პირველი ტალღის შეკავება შედარებით წარმატებით მოხერხდა, მთავრობას მეორე ტალღისთვის მომზადება უკეთ შეეძლო. მაგალითად, შესაძლებელი იყო თადარიგის დაჭერა შეზღუდვების გამოცხადებამდე და რეგისტრირებული დასაქმებულების ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა, რაც მთავრობას საშუალებას მისცემდა, სოციალური პაკეტი მათი საჭიროებებიდან გამომდინარე განესაზღვრათ. მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი შემამსუბუქებელი ფაქტორი შეიძლება საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია და ბრუნვის გარკვეული პროცენტის, საბანკო კრედიტებზე დამოკიდებულ მეწარმეთათვის და გარე მოვაჭრეთათვის მეტ-ნაკლებად მათი საქმიანობის პროპორციული დახმარების მიცემა ყოფილიყო. სოციალური პაკეტის განსაზღვრისას ასევე ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი საარსებო მინიმუმი უნდა იყოს, რისი გამოთვლაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, წლებისწინანდელი კანონმდებლობით რეგულირდება და დღევანდელ რეალობასთან აცდენაშია. შესაბამისად, შედეგად ვიღებთ პრობლემათა ჯაჭვს, რომელთა გადაწყვეტაც ძირეულ სისტემურ და კანონმდებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მოითხოვს, რაც სწრაფად ვერ გადაიჭრება. სოციალური დახმარების უკეთესი ეფექტის მისაღწევად კორონავირუსის პანდემიის დროს საერთაშორისო პარტნიორებისგან სოლიდური ფინანსური დახმარების ბევრად ეფექტიანად განაწილება შეიძლებოდა. მეორე “ლოქდაუნის” სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის გასანეიტრალებლად დახარჯული თანხით მთავრობას შეეძლო მეტი კერძო საავადმყოფო დაეტვირთა, გაეზარდა სამედიცინო სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა და ფინანსური მოტივაცია, რათა მაქსიმალურად შემცირებულიყო ლეტალობა და ეკონომიკური ზარალი. [1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) უმცროსი ანალიტიკოსი The post კოვიდის პირისპირ: რამდენად ადეკვატურია მთავრობის სოციალური პოლიტიკა? appeared first on GIP. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა