Guest Karma Posted 30 ივლისი, 2016 Posted 30 ივლისი, 2016 დასაწყისი: ტყის დედოფალი (ტყაშამფა) ასევე ძვირფასია ავსულებისთვის მათი თმა და ფრჩხილები. თუ კაცმა მოახერხა მათი ხელში ჩაგდება, მაშინ ეშმაკეული პერსონაჟი მორჩილად ემსახურება, თანაც საოცარი ბარაქიანობით გამოირჩევა. ამასთანავე კაცისა და ეშმაკეულის ურთიერთობა ტაბუდადებულია. ეს არავინ უნდა გაიგოს. ერთი ასეთი პერსონაჟი ქართველურ გადმოცემებში არის გაბურთ ეშმა. ერთი კაცი, გვარად გაბური, ბალახს თიბავდა. მინდვრის განაპირას ეშმაკი ჩამოჯდა. გაბური ფიქრობდა, როგორ დაეღწია მისგან თავი. მალე შენიშნა, რომ ეშმაკი იმეორებდა გაბურის მოძრაობებს. ამიტომ კაცმა მის დასანახად დაიწყო თოკის შემოხვევა ხელ-ფეხზე ისე, რომ მერე ადვილად მოეხსნა. ეშმაკი იმავეს იმეორებდა. როცა გაიკოჭა, სტაცა ხელი გაბურმა, ფრჩხილები დააჭრა და სახლში წაიყვანა. ფრჩხილები ხმლის ქარქაშში ჩაყარა, რომელსაც ეშმაკი ვერ ეკარებოდა. გაბურს ეშმაკი მოსამსახურედ დაუდგა. რასაც ხელს ჰკიდებდა, ყველაფერი სწრაფად და ბარაქიანად კეთდებოდა. ეშმაკი წყლისთვის დადიოდა მდინარეზე, მაგრამ განურჩევლად არ იღებდა. მან იცოდა, როდის ჩამოივლიდა ნოყიერი წყალი და იმით ავსებდა ჭურჭელს. ხევსურები ყვებოდნენ, წყალზე რომ წავიდოდა გაბურთ ეშმა, ხანდახან თულუხს (წყლის ჭურჭელს) მოაცილებდა წყალს. რათ აკეთებ ეგრეო, ეტყოდნენ და სუფთა წყლი უნდა ავიღოო. ან კიდევ, გადაწვებოდა ხიდზე, უყურებდა და უყურებდა წყალს. ერთს უცბად ჩაჰკრავდა თუნგს, ამოიღებდა წყალს და თითქმის სულ კარაქი ხდებოდა ეს წყალი.ერთხელ გაბურთ ეშმამ ბავშვები მოიხელთა სახლში მარტო და ქარქაშიდან ფრჩხილები გადმოაყრევინა. მაშინვე გაიკეთა და თავისი ძველი ძალაც აისხა. გაბურები კი დაწყევლა, ერთ კაცზე დაილიეთო. მართლაც, გვარში ერთი მამაკაცის მეტი არ რჩებათ. ერთმა კაცმა ცხენზე შემომჯდარი ჭინკა დაიჭირა და სახლში წაიყვანა. ჭინკა ცხარე ცრემლებით ტიროდა, მაგრამ გლეხმა ფრჩხილები დააჭრა და კერის ძირში ჩამარხა. ჭინკა მოთვინიერდა. სახლის პატრონმა ასწავლა, როგორ ემსახურა ოჯახში. ჭინკა რამდენიმე საქმეს ერთდროულად აკეთებდა, ტყეშიც კი დადიოდა შეშისთვის. მან არ იცოდა, სად დამალა კაცმა მისი ფრჩხილები. ერთ კვირა დღეს სახლის პატრონები ეკლესიაში წავიდნენ, ბავშვები კი სახლში დატოვეს. ჭინკას დაუბარეს, რომ ხორცი მოეხარშა. ხორცის სუნზე მშიერმა ბავშვებმა ჭინკას ხვეწნა დაუწყეს, ეჭმია მათთვის. ჭინკამ ბავშვებს გამოსტყუა საიდუმლო, თუ სად იყო შენახული მისი ფრჩხილები. ამოთხარა კერის ძირიდან და აისხა ფრჩხილები. მოკიდა ბავშვებს ხელი და ადუღებულ წყალში ჩაყარა. ასე იძია შური სახლის პატრონზე. ასევე დრამატულია ოსური გადმოცემა ეშმაკის დამორჩილებაზე. ნერთი სეკინა თიბავდა. იქ მოვიდა ეშმაკი და იმეორებდა სეკინას მოქმედებებს. სეკინამ თოკი შემოიხვია ფეხებსა და ხელებზე. ეშმაკმა ბალახისგან დაგრიხა თოკი და იგივე გააკეთა. სეკინამ გაითავისუფლა თავი, მაგრამ ეშმაკმა ვერ შეძლო ეს. კაცმა თოკი მოაბა ყელზე და ისე წამოიყვანა სახლში. ეშმაკი სთხოვდა გაშვებას, ჰპირდებოდა კეთილდღეობას, მაგრამ სეკინამ სახლში მოიყვანა და დააბა. მალე სეკინას შვილები დაეხოცა. მან სთხოვა ეშმაკს, გაეცოცხლებინა შვილები და გათავისუფლებას დაჰპირდა. მართლაც გაუშვა, მაგრამ სახლში დარჩენილები გველებად იქცნენ. ნოღაელთა რწმენით, ტყეებში ცხოვრობენ ალბასტები _ უზარმაზარი ქალები, რომლებსაც ჰყავთ ქმრები და ბავშვები. ტანს თმა უფარავთ, ხოლო ქუსლები შებრუნებული აქვთ. შვილებს ზურგზე მოკიდებულებს ატარებენ და უკან გადაგდებული გრძელი ძუძუთი კვებავენ. ისინი მიუვალ ადგილებში არიან და თუ ადამიანი მათ სამფლობელოში მოხვდა, თავს ესხმიან. თუ კაცი ეტყვის „ბოლტირგა“, რაც ნიშნავს „შარშანდელს“, მაშინვე მოშორდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ღუტუნით მოკლავენ. თუ კაცი მოახერხებს მისი ბეწვის მოგლეჯას და ჩადებს ყურანში, მაშინ ის ადამიანად გარდაიქმნება და მონასავით ემსახურება მანამ, სანამ არ მოახერხებს თმის დაბრუნებას. ხვავრიელობის ნიშნით არის აღბეჭდილი თუშური დემონოლოგიური პერსონაჟი თებჟორიკა. მას ლამაზი გარეგნობა აქვს და სამძიმარის მსგავსად გამომწვევად ექცევა მამაკაცებს, წვება მათთან. შეიძლება კაცს ეძინოს და ვერც კი გაიგოს, რომ თებჟორიკა მიუწვა, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა არ აქვთ. თუ კაცი მის ხელყოფას მოინდომებს, ის ქრება. თებჟორიკას ნახელავიც ხარისხიანი და ხვავრიელია, ოჯახს ბარაქით ავსებს, შეუძლია წყლიდან ამოღებული ქაფი კარაქად აქციოს. წყალთან ელოდება, როდის ჩამოივლის „ქაჯთა წილი“, რომელიც ერთ წვეთს ზღვად აქცევს (გააბევრებს). როგორც ჭინკამ და სხვა დემონურმა არსებებმა, თებჟორიკამაც იცის, ადამიანი როდის რას ფიქრობს. ამიტომ შეიძლება უადგილოდ გაეცინოს და შეარცხვინოს პატრონები. ამის გამო ის არ დაჰყავთ სტუმრად, თუმცა თვითონ ეხვეწება, ამდენ საქმეს ვაკეთებ, სადაც წახვალთ, მეც წამიყვანეთ, არ შეგარცხვენთო. დაღესტანში მცხოვრებ ლაკებს აქვთ გადმოცემები დემონურ პერსონაჟებზე, რომელთაგან ერთს ჰქვია მანთული, მეორეს – სუხალუხუ. მათ ძონძები აცვიათ, თუმცა ორივეს აქვს სამკაული _ მძივი და ოჯახში მოხვედრილები უამრავ საქმეს აკეთებენ. ამ გადმოცემების მიხედვით, არ ჩანს, რატომ ემსახურებიან ეს ქალები ოჯახს, ვინ ან რა აიძულებს ამის გაკეთებას. თანაც გაბურთ ეშმასგან განსხვავებით, ისინი ოჯახში არ ჰყავთ დატყვევებულები, არამედ თითქოს თავისი ნებით მოდიან. საფიქრებელია, ამ გადმოცემებს აკლია ის დეტალები, რომლებიც ზემოთ განხილულ ტექსტებში გასაგებს ხდის, რატომ ემსახურება ეშმაკეული ადამიანს (ფრჩხილების დაჭრა, თმის ბეწვის შენახვა და სხვა). აი, რას მოგვითხრობენ ლაკური ტექსტები: ერთი ქალი, სახელად ბათი ცხოვრობდა სოფელ ახარში. სანამ ის მინდორში შრომობდა, ოჯახისმთელ საქმეს უკეთებდა სუხალუტუ _ დახეულ ძონძებში გამოხვეული ქალი, ყელზე რომ ვირის ჩონჩორიკის მძივი ეკეთა (სინამდვილეში ეს მძივი ძალიან ძვირფასი იყო, მაგრამ ადამიანებს ეჩვენებოდა ასეთად). მეზობლები გაკვირვებულები ეკითხებოდნენ: „სახლში არვინ გყავს და ვინ აკეთებს ამდენ საქმეს?“ დიასახლისი დიდხანს არ ამხელდა საიდუმლოს, ბოლოს კი გათქვა, რომ სუხალუტუ აკეთებდა ყველაფერს. როგორც კი წამოაყრანტალა სიმართლე, გაისმა ხმა: „ნახე, რას ვუშვრები შენს ვაჟს!“ ეს იყო სუხალუტუ, რომელმაც აკვანში დაახრჩო ბავშვი. ბათი დაისაჯა საიდუმლოს გამხელისთვის, მაგრამ ვის შორის დაიდო ტაბუ და რატომ მოჰყვა მის დარღვევას ასეთი მძიმე შედეგი, გადმოცემა ამაზე არაფერს გვატყობინებს. მანთულიც ქალია გრძელი წითური თმებით, ძონძებში გახვეული. ლაკების ზოგიერთ სოფელში მას „გრძელ ნაწნავსაც“ ეძახიან. მასაც ყელზე მძივი აქვს, რომელიც ადამიანებს ვირის ჩონჩორიკისგან გაკეთებული ეჩვენებათ, სინამდვილეში კი იგი ძვირფასი ქვებისა და ოქროსგანაა ნაკეთი. ერთხელ მანთული მივიდა ერთ ოჯახში, როცა დიასახლისი მინდორში მუშაობდა. მანთულიმ გააკეთა სახლში ქალის ყველა საქმე: დაგავა, საქონელი გამოკვება, დაალაგა, ქათმებს აჭამა, მოწველა ძროხები და საჭმელი გააკეთა. მანთული ყოველდღე მოდიოდა და აკეთებდა საქმეს. მეზობლის ქალმა დაინახა და უთხრა დიასახლისს, შენ მაგივრად მანთული დიასახლისობს შენს ოჯახშიო. ქალი გაწითლდა, მაგრამ უარი თქვა, მე თვითონ ვაკეთებო. მეზობელს გაუკვირდა. როცა ამის შემდეგ კვლავ დაინახა მანთული, დაუძახა, მანთული, აქ რას აკეთებო. მანთულიმ გააფრთხილა, არავის უთხრა, რომ დამინახეო. ენაჭარტალა მეზობელმა ვერ მოითმინა და მოუყვა ეს ამბავი ჯერ ქმარს, მერე სხვებსაც. რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ქალს ბევრი უბედურება შეემთხვა, ბავშვებიც დაეხოცა ერთმანეთის მიყოლებით, მერე თვითონაც მოკვდა. ასე დაიქცა ეს ოჯახი. ამ მოთხრობაში დიასახლისმა დაიცვა საიდუმლო, სამაგიეროდ მწარედ დაისაჯა მეზობელი ქალი, რომელმაც არაფრად ჩააგდო მანთულის გაფრთხილება. აქ საინტერესოა მანთულის ასეთი მონდომება, შეიძლება მანთული, ისევე როგორც სუხალუტუ, ოჯახის უფროსის საყვარელია, რომელსაც კარგად მოექცა ცოლი და ამიტომ ეხმარება მას. ამის განმარტებას გვაძლევს ერთი თუშური გადმოცემა თებჟორიკაზე. ჭონთიოელ კაცს ოთხყურა ცხენი ჰყავდა, თებჟორიკას უნდოდა იმის წართმევა. ქმარს გარეთ ეძინა, ცოლს _ შიგნით. გამოვიდა ცოლი და ნახა, რომ მის ქმართან ქალი წევს, თმები დაბლა უწყვია. ცოლმა კარაქით გაუპოხა თმები თებჟორიკას. თებჟორიკამ ჰკითხა მის ქმარს, შენს დიაცს რა საქმე აქვს, მადლობის ნიშნად გავუკეთებო. ქმარს უთქვამს, ქსელი აქვს დაქსული და სოფლის პირას ერთი ყანა მოსულიო. ასწავლა: იმ ქსელში ბეჭი შედოს უკუღმა, იმ ყანაში ულო დადოს უკუღმაო. ის ეშმაკი (თებჟორიკა) აღარ მოსულა მერე. ერთ დილას ყანა მომკილი დახვდათ, ადგილ-ადგილ დაბულულებული. ალბათ მანთულიც და სუხალუტუც ასე უხდიდნენ მადლობას საყვარლების ცოლებს კეთილად მოპყრობისთვის. სხვანაირად წარიმართა ყუმიხური თქმულების გმირის ამბავი. ალბასლიმ (ქაჯქალამ) დაიახლოვა ერთი მონადირე სახელად ბადაი. ტყეშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და სახლშიც. გამდიდრდა ბადაი, უზარმაზარი სახლი აიშენა, მაგრამ ეს არ ახარებდა მის ახალგაზრდა ცოლს და არ იცოდა, მის მაგივრად ვინ აკეთებდა საქმეს სახლში. ერთხელ ცოლმა მიუსწრო ალბასლისა და ქმარს, ერთად რომ ეძინათ. ალბასლის მშვენიერი თმები არც ეტეოდა საწოლზე, სხვადასხვაფრად ელვარებდა. ქალმა ფრთხილად მოკრიფა თმები, საცერში ჩადო და თავთან დაუდგა. ამ დღიდან მთელი სამუშაო მას დააწვა, ვერც კი ასწრებდა ყველაფრის გაკეთებას. ძალიან რომ გაუძნელდა, ქმარმა უთხრა: „რატომ შეეხე პერის (ალბასლის სახელია), ის ხომ მთელ შენს საქმეს აკეთებდა?“ ცოლმა უპასუხა: „მე შემეცოდა მისი ნაწნავები“. ქაჯქალას მძივი როგორც აღინიშნა, ეშმაკეული ქალები სამკაულებსაც ატარებენ, რომელთა შორის მათი ძირითადი ატრიბუტია მძივი. ადამიანთათვის მძივის ფასი და ხარისხი დაფარულია (ისევე, როგორც თვითონ ეს დემონური პერსონაჟები). ეს მძივი უბრალო და უვარგისი მასალისგან დამზადებულს ჰგავს, სინამდვილეში კი ის ძვირფასი ქვებისა და ოქროსგან არის ნაკეთები. მძივიანი ქალების უმრავლესობას ძონძები აცვია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ესეც მოჩვენებითია და მათ მიღმა ძვირფასი ტანსაცმელი იმალება. მაგრამ გადმოცემებში ამაზე არაფერია ნათქვამი. სამკაულებით ირთვება სამძივარი, რომელიც თავისი წარმოშობით ქაჯია (ხახმატის გიორგიმ წამოიყვანა იგი ქაჯავეთის დალაშქვრის შემდეგ) და ბოლომდე ვერც თმობს თავის ქაჯურ ბუნებას, მაქციობს, მამაკაცებს ეკეკლუცება და აცდუნებს მათ. ზოგი მეცნიერი სამძივარის სახელის ფუძედ მის სამკაულს _ მძივს მიიჩნევს. ფაქტია, რომ კავკასიელი მაქცია ქალების სამკაულთა შორის მძივი გამოირჩევა, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა აქვს მისი პატრონისათვის, როგორც ეშმაკისთვის ფრჩხილებსა და თმას. დაღესტნური (ლაკური) თქმულებით, ერთი ქალის _ ფატიმატის სახლში დასახლდა აცალოვი (გაწეწილი ქალი დახეული ტანსაცმლით), რომელიც ოინბაზობდა და ცუდად იქცეოდა: აღებდა სკივრებს, ურევდა სახლს, აჭუჭყიანებდა იქაურობას (მანთულისა და თებჟორიკას საპირისპირო მოქმედება), როცა დიასახლისი არ იყო სახლში. ხშირად ღამე დააცხრებოდა ქალს და ახრჩობდა. ფატიმატმა შესჩივლა მეზობელს, რომელმაც ურჩია, ჩამოეგლიჯა აცალოვისთვის მძივი. როცა ღამით აცალოვმა დაუპირა დახრჩობა, ქალი ასეც მოიქცა და ჩააგდო ხორბლიან სკივრში. აცალოვმა თავისუფლად ამოიღო იქიდან მძივი. ფატიმატს მეზობელმა ურჩია, კარაქის სადღვებში ჩაედო მძივი. ქალი ასეც მოიქცა. აცალოვი ატირდა და ემუდარებოდა, დაებრუნებინა, თან ხოტბას ასხამდა ფატიმატსა და მის ნათესავებს. ფატიმატს ამ სიტყვებმა გული მოულბო და დაუბრუნა მძივი. აცალოვი დაეჯღანა და გაიქცა. სხვათა შორის, ერთი ვარიანტით სამძივარი ერბოს ქვაბის ძირში თავის ბეჭედს ეძებს. როგორც ჩანს, კარაქის ან ერბოს ჭურჭელში ჩადებული ნივთის ამოღება ქაჯქალებისთვის ძნელია. დარგუული (დაღესტანი) გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთი კაცი, სახელად მიამა მთელი დღის დაღლილი დასაძინებლად რომ წვებოდა, მასთან მოდიოდა კიბირხანი (სახლის სული), რომელიც ძალიან აწვალებდა, დააწვებოდა, განძრევის საშუალებას არ აძლევდა, თითქოს დიდი კლდე დაადესო და ახრჩობდა. ერთხელაც მიამამ საწოლში მორი ჩადო, თვითონ კი ღუმელთან მიწვა. თან ხანჯალი დაიდო და ფხიზლობდა. უცბად გაიგო, როგორ უახლოვდებოდა კიბირხანი, რომელიც დუდღუნით წარმოთქვამდა მიამას სახელს. მიამამ დაარტყა ხანჯალი და დაიძახა: „დიახ, აქ ვარ მიამა, შენს დასახვედრად მომზადებული“. როგორც კი ხანჯალი შეეხო კიბირხანს, მიამამ გაიგონა რაღაცის დაპნევის ხმა, ეს იყო კვირისტავის ბურთულები. ესენი მოუპარავს კიბირხანს სოფლელი ქალებისთვის, აუცვამს ძაფზე მძივივით და ყელზე ატარებდა. ხალხი თვლიდა, რომ კიბირხანი რჩეულ ადამიანებს ესტუმრებოდა ხოლმე _ საუბედუროდ ან საბედნიეროდ. მას შეეძლო კითხვებზე პასუხი გაეცა _ მომავალი ეწინასწარმეტყველებინა. მძივის მნიშვნელობას ნათელს ფენს ყუმიხური (დაღესტანი) თქმულება „ვაიკუტ-მაიკუტის მძივი“. ერთხელ ერთი გლეხი დილაადრიან წავიდა ტყეში შეშისთვის. ტყეში შესულმა ხარები გაუშვა საძოვარზე, თვითონ კი შეშის შეგროვება დაიწყო. უცბად მოესმა: „ვაიკუტ-მაიკუტ“ (მნიშვნელობა უცნობია). ყურადღებით მიმოიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა. ხმა კი სულ უფრო ძლიერდებოდა. ბოლოს დაინახა ხეზე ჩამოკიდებული მძივი, რომელიც ამ სიტყვებს იძახდა. ჩამოიღო, აღმოჩნდა ყვითელი უბრალო ბურთულებიანი მძივი (ალბათ ამ შემთხვევაშიც დაიფარა მძივის ნამდვილი სახე). კაცმა ჩაიდო ჩანთაში, დადო შეშით სავსე ურემზე და წამოვიდა. სოფელთან ახლოს მდინარესთან შეაჩერა ხარები დასარწყულებლად. მიწა დაიფარა თეთრი ნისლით, შემდეგ კი გაიყო და გზა გაკეთდა სოფლის მიმართულებით. სახლში კაცი დასაძინებლად დაწვა. საკვამურში გაიგონა წისქვილის ბრუნვის მსგავსი ხმა. გაახილა თვალები და დაინახა უზარმაზარი ქალი _ ალბასლი. სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, რომ ქალი გაქრა. ალბასლი თავისი მძივისთვის მოვიდა. იგი ხის ტოტზე ჰკიდებდა ამ მძივს, როცა საჭმლისთვის მიდიოდა, ბავშვებს კი მარტო ტოვებდა. როცა დილით გაღვიძებული ბავშვები დედას ეძახდნენ, მძივი დედის ხმით პასუხობდა: „ვაიკუტ-მაიკუტ“. ქეთევან სიხარულიძე – “კავკასიური მითოლოგია”, თავი მეექვსე წყარო: metaphora.ge View the full article Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Grinch Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 On 7/30/2016 at 10:35 PM, Karma said: ქაჯქალა One man’s toxic sludge is another man’s potpourri Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 30 დეკემბერი, 2020 Posted 30 დეკემბერი, 2020 On 7/30/2016 at 8:35 PM, Karma said: გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთი კაცი, სახელად მიამა მთელი დღის დაღლილი დასაძინებლად რომ წვებოდა, მასთან მოდიოდა კიბირხანი (სახლის სული), რომელიც ძალიან აწვალებდა, დააწვებოდა, განძრევის საშუალებას არ აძლევდა, თითქოს დიდი კლდე დაადესო და ახრჩობდა. ზუსტად ეგეთი ამბავი დამემართა.. Share on other sites More sharing options...
yushimitsuswixli Posted 5 იანვარი, 2021 Posted 5 იანვარი, 2021 ზალიან საინტერესო წასაკითხი მასალა იყო. დიდი მადლობა. კიდევ დადეთ ხოლმე თუ არ დაიზარებთ. მადლობა Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 15 იანვარი, 2021 Posted 15 იანვარი, 2021 ყველაფერს აქ ნუ გახსნით ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი პერსონა Posted 11 ოქტომბერი, 2021 Posted 11 ოქტომბერი, 2021 (შესწორებული) ტყის ავსულებზე სჯობია ისევ. Edited 11 ოქტომბერი, 2021 by პერსონა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა