Jump to content
×
×
  • Create New...

"მშობიარობის პროცესი" ოპოზიციაში - რა განაპირობებს ცვლილებების ტალღას


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-234e69c821a111825ea03223363531e7.jpeg

ბოიკოტისა და გაჭიანურებული მოლაპარაკებების ფონზე ოპოზიციურ პარტიებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ლიდერთა და წამყვანი ფიგურების გადინება-განახლების სეზონი დეკემბრის დასაწყისში „გირჩმა“ გახსნა; შემდეგი - „ნაციონალურ მოძრაობა“ იყო; ხოლო სულ ბოლო ასეთი ფაქტი „ევროპული საქართველოს“ რიგებიდან ელენე ხოშტარიას წასვლას უკავშირდება. რატომ დაიწყო გამოყოფის, განახლებისა და ახალი პარტიების დაფუძნების პროცესი სწორედ ახლა? სრულდება თუ არა ამით ცვლილებები? ელენე ხოშტარია გადაწყვეტილების გახმაურებას სულ სხვა დროს გეგმავდა, მაგრამ 28 დეკემბერს ინფორმაციამ გაურკვეველი წყაროებიდან გაჟონა და მერე უკვე სხვა გზა აღარც დარჩა. „ევროპული საქართველოს“ აწ უკვე ყოფილი წევრი „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, რომ თავიდან საკმაოდ ფრთხილობდა, რადგან არ უნდოდა, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიების ინტერესები დაეზიანებინა. „ჩემი ჩანაფიქრი იყო, რომ საჯარო განცხადება გამეკეთებინა მას შემდეგ, რაც პარტიის წევრებთან შეხვედრა შედგებოდა. საიდან გაჟონა ამ ამბავმა, არ ვიცი... მაგრამ მერე ჟურნალისტები რომ მეკითხებოდნენ, ტყუილს ხომ აღარ ვიტყოდი?! პარტიისთვის ეს სიახლე არ იყო, რადგან წელიწადნახევარია ამ საკითხზე ვლაპარაკობდით ჩვენ.. სიმართლე გითხრათ, ფრთხილად ვარჩევდით დროს, რომ არ ყოფილიყო დამაზიანებელი მთელი ამ პროცესებისთვის... მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ახალი ენერგიაც კი მოიტანოს მთლიანად ოპოზიციისთვის... მით უფრო, რომ ჩემი პოზიცია, რა თქმა უნდა, არც ბოიკოტთან მიმართებით შეცვლილა და არც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით“ – გვითხრა ხოშტარიამ.   „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში ელენე ხოშტარია მესამე ნომერი იყო; პარალელურად, ის მაჟორიტარული წესით ვაკის ოლქში იყრიდა კენჭს, როგორც ოპოზიციიის ერთიანი კანდიდატი; 35.55%-იანი მხარდაჭერით ვაკის ოლქში ის არჩევნების მეორე ტურშიც გავიდა, თუმცა შემდეგ, სხვა ოპოზიციონერების მსგავსად, ბოიკოტის გამო მონაწილეობა აღარ მიუღია. რა მოხდება მაშინ, თუკი, ვთქვათ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიცია მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მიზანს და ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად გარკვეული დროით შევა პარლამენტში? ისარგებლებს თუ არა ელენე ხოშტარია, ასეთ შემთხვევაში „ევროპული საქართველოს“ ხუთი სადეპუტატო მანდატიდან ერთ-ერთით? „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი გვეუბნება, რომ - ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება: „თუკი ვამბობთ, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია, ასეთ პარლამენტში არცერთი მიზეზით არ უნდა შეხვიდე... არ ვიცი, თუკი რაიმე სიტუაციაში ოპოზიციას ექნება პარლამენტში შესვლის რაციონალური ახსნა, კი ბატონო... მაგრამ მე ვიცი, რომ ამ პარლამენტში ფეხს არ შევადგამ... მეორე მიზეზიც მაქვს საამისოდ - თავიდანვე ასეთი შეთანხმება მქონდა, რომ თუკი (ვაკის ოლქში) მაჟორიტარულ არჩევნებს მოვიგებდი, შევიდოდი პარლამენტში, პარტიიდან წამოსვლის შემთხვევაშიც კი; ხოლო რადგან პარტიიდან მივდივარ, პარტიული სიით შესვლას ისედაც არ განვიხილავ“. ელენე ხოშტარია ახალი გუნდით საზოგადოების წინაშე, სავარაუდოდ, გაზაფხულისკენ წარსდგება. ამბობს, რომ პატივს სცემს ყოფილი თანაგუნდელების მიერ პოლიტიკის კეთების ხერხებს; მაგრამ მაინც მიიჩნევს, რომ რაღაც ახალი უნდა სცადოს და ზუსტად იცის, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადამიანების ნდობის მოპოვება იქნება - „საზოგადოებაში ვხედავ ნდობის დეფიციტს... ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ დეფიციტის შევსებაა... მართალია, მოქალაქეები კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ისინი ჩვენში ხედავენ ხსნას... ოპოზიცია მათთვის არ უნდა იყოს არჩევანი ცუდსა და უარესს შორის“. მნიშვნელოვანი ცვლილებაა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებშიც. 27 დეკემბერს გამართულ ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარედ დაამტკიცეს ონლაინკენჭისყრის გამარჯვებული - ნიკა მელია. მისი მიზანი „ყველა კარისა და ფანჯრის გახსნაა“, პარტიაში სულ უფრო მეტი ადამიანის მოსაზიდად, პროცესებში ჩასართავად და მათ შორის, გაზაფხულის საპროტესტო აქციებისთვის მოსამზადებლადაც. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქვეყანაში ახლა სიჩუმეა, რომელიც ქარიშხლის წინ იცის ხოლმე და ყველაფერი ჯერ ისევ წინ არის. მელია „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნის გადამრჩენელ მთავარ ძალად მოიხსენიებს და მიიჩნევს, რომ პარტიის რეიტინგი მალე შესაძლოა, 35-37%-მდეც გაიზარდოს. თავმჯდომარის ადგილი 15 დეკემბერს, მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ეს პოსტი გრიგოლ ვაშაძემ თანაპარტიელებთან შეუთანხმებლად, პარტიის მიმართ მწვავედ კრიტიკული ფეისბუკპოსტის გავრცელების შემდეგ დატოვა. მან თქვა, რომ მეტის მოთმენა აღარ შეუძლია, რადგან: პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობა ტაქტიკას პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩევს; არ არსებობს პარტიული სტრატეგია; პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები; ღრმა აღშფოთების გამომწვევია „დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო“. გრიგოლ ვაშაძის საქციელმა მაშინ პარტიაში ბევრი გააკვირვა და გააბრაზა კიდეც. მაგრამ მტყუან-მართლის საჯარო გარჩევა აღარ დაწყებულა და როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უთხრეს რადიო თავისუფლებას, ვაშაძეს პარტიის წინაშე დიდი დამსახურება აქვს და ადამიანური კონტაქტი მასთან არ გაწყვეტილა. ოპოზიციურ პოლიტიკურ ფლანგზე ცვლილებების სეზონი „გირჩმა“ გახსნა. 4 დეკემბერს, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გამოაცხადა, რომ ის აღარ აპირებს მუშაობის გაგრძელებას თანაგუნდელებთან, რომლებმაც არჩევნებზე მასთან ერთად მოიპოვეს 4 სადეპუტატო მანდატი. რამდენიმე დღეა, ზურაბ ჯაფარიძეს თავისი ახალი პარტია აქვს - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და, როგორც ამბობს, ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლის გაგრძელებას არა მოძველებული, არამედ სრულიად ახლებური მეთოდებით გეგმავს. ჯაფარიძე გვეუბნება, რომ ეფექტიანი მექანიზმები ჯერ არ მოუფიქრებია, მაგრამ ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით წარმოუდგენია. რაც შეეხება ცვლილებების ტალღას ოპოზიციურ სპექტრში, ზურაბ ჯაფარიძეს ეს სწორედ არჩევნებთან და შემდგომ კრიზისთან დაკავშირებული ჰგონია, თუმცა - არა „გირჩის“ შემთხვევაში. ზოგადად, მისი ხედვით, ოპოზიციურ სპექტრში ბევრი რამ კიდევ შეიცვლება და ეს აუცილებელიც არის. „შემიძლია გითხრათ, „გირჩთან“ დაკავშირებით, რომ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს არჩევნებთან და შემდგომ პროცესებთან... თუმცა სხვა პარტიებთან მიმართებით მგონია, რომ ალბათ სწორედ არჩევნებმა, პოლიტიკურმა კრიზისმა და ამ კრიზისთან გამკლავების გზებთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა ხედვებმა გამოიწვია... ზოგადად, ვფიქრობ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ბევრი რამ მოძველებულია, მათ შორის - პროტესტის ფორმები, შინაარსიც და ადამიანებიც, რომლებიც ამ პროტესტს მართავენ ხოლმე... შეიძლება უხეშად ჟღერს, მაგრამ ეს ყველაფერი ვადაგასული და არაეფექტურია. ადამიანების ნიჰილიზმიც, რომ არაფერი შეიცვლება, დიდწილად სწორედ ამით არის გამოწვეული... ოპოზიცია მაგ მიმართულებითაც გასაძლიერებელია, რომ ახალი ადამიანები წამოვიდნენ წინ“ - გვეუბნება ჯაფარიძე. მისი აზრით, ცვლილებები და სიახლე არასოდეს დააზიანებს ოპოზიციის ინტერესებს და უფრო დამაზიანებელი ხელოვნური კავშირებია . ოპოზიციაში დაწყებული ცვლილებების ფონზე,ზოგიერთმა პარტიამ, მეტი ამომრჩევლის მოზიდვის მიზნით, ისევ დაიწყო ლაპარაკი ახალი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე. თუმცა თემატური თანამშრომლობის გარდა, რაიმე სახის გაერთიანების გეგმა არც ელენე ხოშტარიას აქვს და არც ზურაბ ჯაფარიძეს. იმას, რაც ახლა ოპოზიციურ სპექტრში ხდება, "მშობიარობის პროცესს" უწოდებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. ის კიდევ უფრო მეტ ცვლილებას მოელის და საამისო მიზეზებსაც ხედავს. „ამ ყველაფრის ჩანასახი არჩევნების წინაც იყო, მაგრამ პარტიებს ეყოთ გონიერება, რომ არ გახლეჩილიყვნენ. ახლა კი, ცვლილებების აუცილებლობა განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც პარტიებმა ბევრი რამ ხელახლა გაიაზრეს, მათ მიერ მიღებული შედეგებიდან გამომდინარე. მიზეზი ბევრია და მაგალითად: ამომრჩეველთან ურთიერთობის სტრატეგია და ტაქტიკა ჰქონდათ არასწორი - ამ არჩევნებზე ძალიან დიდი ფული დახარჯა ოპოზიციამ, მაგრამ უკუგება, ვფიქრობ, შესაძლებლის 10%-ზე მეტი არ იყო. ფაქტია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის სათანადოდ გააქტიურება ვერ შეძლო ოპოზიციამ... პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი მხოლოდ სატელევიზიო პარტიებად იქცა - მათ არ ჰქონდათ სწორი კომუნიკაცია ამომრჩეველთან... ერთი სიტყვით, არჩევნებმა ბევრი რამ აჩვენა და დაიწყო დიდი დუღილის პროცესი ოპოზიციაშიც“ - გვეუბნება ხათუნა ლაგაზიძე. მისი აზრით,ამ ეტაპზე არ ჩანს ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას აიძულებს და ოპოზიცია პრაქტიკულად პარლამენტს მიღმა რჩება. ერთადერთი, რასაც ვითარების შეცვლა შეუძლია, ლაგაზიძის თქმით, ეს ხალხის მღელვარებაა - „რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მუხტმა უკვე გაიარა... სოციალური ბუნტი თუ იქნება, შესაძლოა სიტუაცია სხვაგვარად გადალაგდეს, თორემ - რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში რომ არ გამოვა, ეს არის ცხადი“. ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი 10 დეკემბერს უნდა გამართულიყო. შეხვედრა გადაიდო და მას შემდეგ აღარ დანიშნულა.​ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილს უკვე დაწერილი აქვს განცხადებები სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   196 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Facebookexternalhit(2)
    • YandexBot(13)