Jump to content
×
×
  • Create New...

რა საფრთხეებს ატარებს საქართველოს სახელმწიფო ვალი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-87e7a105278a78bce9c71bb270f1242f.jpeg

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით 2021 წელს ქვეყნის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონი ლარით განისაზღვრა. ამ თანხიდან 5,27 მილიარდი ლარი, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისგან ნასესხები თანხა იქნება. საქართველოს მთავრობამ გაცილებით მეტი თანხა, დაახლოებით 10 მილიარდი ლარი ისესხა საშინაო და საგარეო წყაროებიდან 2020 წელს კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად. თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ვალის მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ მომავალ წელს ეკონომიკური პრობლემები გადაუჭრელ გამოწვევად დარჩება. სანამდე შეიძლება გაიზარდოს სახელმწიფო ვალი სახელმწიფო ვალის მოცულობის სიმცირე განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრია. რაც უფრო ნაკლებია სახელმწიფოს ვალი, მითუფრო მაღალია უცხოელი ინვესტორების ინტერესი და ნდობა ქვეყნის მიმართ. იმისთვის, რომ მთავრობას იოლი ფულის - სესხის ხარჯვის ცდუნება არ გასჩენოდა 2011 წელს პარლამენტმა მიიღო ორგანული (საკონსტიტუციო) კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამ კანონის მიხედვით სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს. ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტის ფარგლებში უნდა იყოს. 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით კი დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდის შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,7 პროცენტს გაუტოლდება. ეს კი ორგანული კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ისევე როგორც სახელმწიფო ვალის მოცულობა, - დაახლოებით 32 მილიარდი ლარი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 60,1 პროცენტს შეადგენს.   არის თუ არა შეშფოთების საფუძველი? ორგანული კანონის, შესაბამისად კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევის გამო შეშფოთება მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა, პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემაც ვერ დაფარა. მისი განცხადებით ვალის 60%-იანი ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, წარმოადგინოს ვალის შემცირების გეგმა. მას ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე დაპირდა, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებით სახელმწიფო ვალი 57,5 პროცენტამდე დაიწევს. იგივე თქვა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმაც ერთი კვირის წინ მთავრობის შემადგენლობის განხილვისას, თუმცა არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ კონსტიტუციური კანონის მოთხოვნების დაცვა ვერ მოხერხდება. „არის თეორიული შანსი იმის, რომ ვალი შემდეგი წლების განმავლობაში მაინც გადაახტეს 60%-ს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის თუ რამდენად გვაქვს რესურსი იმისთვის, რომ ეს ვალი მნიშვნელოვნად შევამციროთ. სამწუხაროდ, 4 წელიწადში პრაქტიკულად არ არის ამის რესურსი და ის ასე იოლად არ ჩანს. რა რისკებს გვიქმნის ეს? - 60%-იანი ვალი თავისთავად არ არის კრიტიკული და ტრაგიკული. ბევრი ქვეყანა ინატრებდა კიდეც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მოწყვლადი ვართ; სადღაც 5-10 წლის შუალედში ვიცით, რომ არა - ამ დონის, მაგრამ სხვა მცირე კრიზისი შეიძლება მოხდეს. ყველა ვარიანტში ხდება ხოლმე ასე.“ - აცხადებს ფინანსთა მინისტრი. მოწყვლადში, რაზეც ფინანსთა მინისტრი საუბრობდა, იგულისხმება ის, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის 80 პროცენტზე მეტს საგარეო ვალი, შესაბამისად უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი წარმოადგენს. ბუნებრივია მის გასასტუმრებლად საქართველოს მთავრობას უცხოური ვალუტა ესაჭიროება და ლარის კურსის არასტაბილურობის პირობებში პრობლემები გარდაუვალი ხდება.   რას ამბობს სახელმწიფო აუდიტი? სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც სწორედ ვალუტის კურსის ცვლილების მიმართ მოწყვლადობაზე საუბრობს და ბიუჯეტის პროექტის მიმოხილვაში აღნიშნავს: „პანდემია და არსებული გეოპოლიტიკური რისკები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც გასათვალისწინებელი ფაქტორია მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.“ აუდიტის სამსახური დაასკვნის - რადგან მიმდინარე წელს, ზედიზედ ორ კვარტალში დაფიქსირდა ეკონომიკური რეცესია, ამოქმედდა ორგანული კანონის ის მუხლი, რომელიც „გამონაკლისი შემთხვევებს“ შეეხება. შესაბამისად, 2021 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, განსაზღვრული დეფიციტი და ვალის საპროგნოზო მაჩვენებლები, კანონით დადგენილი ზღვრული მოცულობების დარღვევით იგეგმება. სახელმწიფო აუდიტი მიანიშნებს, რომ საჭიროა მთავრობამ დროულად განაახლოს ვალის მართვის სტრატეგია. მასში უნდა აისახოს მთავრობის ხედვა თუ როგორ დაუბრუნდეს ვალის მოცულობა კრიზისამდე არსებულ დონეს. - ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიმოხილვაში. სულ რაღაც ერთი წლის წინ სახელმწიფო ვალის მოცულობა 41-42 პროცენტის ფარგლებში იყო.   საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობას არამხოლოდ ფინანსური რესურსებით ეხმარება, ის ასევე მონიტორინგს უწევს და აფასებს მთავრობის ფინანსურ პოლიტიკას. შესაბამისად, სავალუტო ფონდი სახელმწიფო ვალის მოცულობის 60 პროცენტიანი ზღვრის გადალახვასაც გამოეხმაურა. bm.ge-ს ინფორმაციით სავალუტო ფონდი სახელმწიფო ვალის ნაწილად აღარ განიხილავს ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში დაკარგულ ანაბრებს. ეს დაახლოებით 672 მილიონ ლარია, რომელიც შიდა ვალს მიეკუთვნებოდა, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის ის სახელმწიფო ვალს აღარ წარმოადგენს და შესაბამისად მთლიან შიდა პროდუქტთან სახელმწიფო ვალის მოცულობის თანაფარდობა 60,1 პროცენტიდან 59,1 პროცენტამდე მცირდება. ასეთი მიდგომა ორგანული კანონის მოთხოვნების ჩარჩოებში ჯდება, რაც სავალუტო ფონდს და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას უადვილებს. ორიოდე კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა და საქართველოსთვის დაამტკიცა 113,9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა.   ექსპერტული შეფასება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტი, ეკონომისტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ მშპ-ის 60 პროცენტზე მეტად გაზრდილი სახელმწიფო ვალის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ამ ვალის მომსახურებისთვის (გასტუმრებისთვის) მუშაობს. გია ჯანდიერი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო (საჯარო) ვალი გაცილებით მეტი იქნება თუ საერთო მოცულობას მაგალითად სახელმწიფო კომპანიების ვალი (დაახლოებით 5 მილიარდი ლარი) დაემატება, ანდაც ჯანდაცვის სფეროს მიმართ ბიუჯეტის დავალიანებები, ასევე დღგ-ის უკან დასაბრუნებელი თანხები და კიდევ სხვა ვალდებულებები, რომლებსაც მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო ვალად არ აღიარებს. გია ჯანდიერი, ისევე როგორც ბევრი სხვა ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა არსებობს საგარეო თუ შიდა სესხების ალტერნატივა. ლაპარაკია მთავრობის ზომის შემცირებაზე, რაც გადასახადების დაწევას და ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. “ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე” საქართველოს მთავრობაც ბევრს ლაპარაკობს, თუმცა რეალურად სხვა რამ ხდება. პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად (2020 წელს ეკონომიკა 5 %-ით შემცირდა), 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯები 221 მილიონი ლარით იზრდება და იგი ჯამში 3,3 მლრდ ლარამდე იქნება. ამ ხარჯების ზრდას შრომის ანაზღაურებაზე 60 მლნ ლარით მეტის და საქონლისა და მომსახურების შესყიდვაზე 151 მლნ ლარით მეტის დახარჯვა განაპირობებს. 2019 წელთან შედარებით კი, ადმინისტრაციული ხარჯები 520 მლნ ლარით იზრდება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიზის თანახმად მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯებში კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების ასახვა მნიშვნელოვანწილად უნდა მომხდარიყო ხარჯების ეკონომიით და არა ახალი ვალების აღებით. ორგანიზაციის დასკვნის მიხედვით მაღალი ვალის (მშპ-ის 60 %-ზე მეტი) მქონე ქვეყნების ჯგუფში გადასვლა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას შეასუსტებს.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   203 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 202 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • YandexBot(13)
    • Facebookexternalhit(3)
    • ASIA