ფორუმელი Moor Posted 29 დეკემბერი, 2020 Posted 29 დეკემბერი, 2020 2020 წელი, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გამოწვევა აღმოჩნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. უნივერსიტეტებს მოუხდათ სასწავლო პროგრამების დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობა, ასევე ქვეყნის გარეთ დარჩენილი თუ ქვეყანაში მყოფი სტუდენტების ყოფით პრობლემებთან პირისპირ ყოფნა. პანდემიის პირობებში რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და რა მიღწევები და წარმატებები ჰქონდა 2020 წელს, ამ საკითხებზე უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე EDU.ARIS.GE-ს ესაუბრა. – 2020 წელი იყო უჩვეულო, აბიტურიენტებისთვის სასურველი უნივერსიტეტების რეიტინგში თსუ ყოველთვის იყო ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზე, როგორ აისახა პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებზე? წელს საკმაოდ დიდი მიღება გვქონდა, 5000 სტუდენტი მივიღეთ ბაკალავრიატში და კიდევ პლუს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. წელს, ავტორიზაციის შედეგად გავზარდეთ მისაღები კონტიგენტი, ძალიან კარგი ნაკადი იყო სხვათა შორის. 23 ათასი სტუდენტი გვყავს დღეისათვის, ვაპირებთ, რომ კიდევ გავზარდოთ მისაღებ აბიტურიენტთა რაოდენობა, 5700 ვაკანსია იქნება გამოცხადებული 2021 წელს. რეკორდული რაოდენობაა, სამწუხაროდ უნივერსიტეტის დაფინანსება დაკავშირებულია სტუდენტების რაოდენობასთან, ამიტომ გვიწევს ხოლმე კონტიგენტის გაზრდა, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და განვითარება. თსუ რჩება მოთხოვნად უნივერსიტეტად, ეროვნულ გამოცდებზე ყოველმა მეოთხე აბიტურიენტმა აგვირჩია და ეს ძალიან კარგი ტენდენცია იყო, თუმცაღა თამასა არ დაგვიწევია არც ერთი მიმართულებით, პირიქით, გავამკაცრეთ კიდეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ხარისხის ხარჯზე ჩვენ კომპრომისს არ ვაკეთებთ და მოთხოვნები არის საკმაოდ მაღალი. სამწუხაროდ ყველა, ვინც შემოხაზა თსუ, ვერ გახდა ჩვენი სტუდენტი. ეს არის დაახლოებით მსურველების ნახევარი, თუმცა არის მობილობა და ყველამ უნდა სცადოს, გადმოვიდეს და გახდეს ჩვენი სტუდენტი. – 2020 წელი განსაკუთრებით რთული იყო პირველკურსელებისთვის, მათ სალექციო კურსის დაწყება ონლაინ რეჟიმში მოუხდათ. რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა უნივერსიტეტი დისტანციური სწავლების პირობებში და როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი? – ძალიან რთული იყო ონლაინ სწავლებაზე გადაწყობა, მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა. ჩვენ გვაქვს ონლაინ შეხვედრები პარტნიორ უნივერსიტეტებთან, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანაა, კოვიდთან დაკავშირებული პრობლემები ყველგან ერთნაირი არის. პროგრამების გადალაგება ონლაინ სწავლებაზე საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობდა ყველგან, მათ შორის ჩვენთანაც, ახალი ხილია, თუმცა ჩვენს უნივერსიტეტს უკვე ჰქონდა გარკვეული პრაქტიკა და პროგრამები, სადაც ვიყენებდით ონლაინ სწავლების ელემენტებს. LMS სისტემა უკვე ჰქონდა უნივერსიტეტს, თუმცა მთლიანად გადაწყობა მტკივნეული იყო. პირველი ეს გააკეთა აისეტმა, ჩვენმა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ, ეს იყო 2020 წლის 16 მარტიდან, შემდეგ უკვე მთელი უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტი გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის საქართველოს ბანკს, რომელმაც შეგვიძინა ზუმის გაუმჯობესებული, სასწავლო ვერსია, რომლის საშუალებითაც უფრო ადვილია ლექციის და სემინარის ჩატარება, ბევრი ახალი ფუნქცია აქვს დამატებული. დისტანციური სწავლების შესაძლებლობა თითქმის ყველა მიმართულებით მოვსინჯეთ, ეს იყო Teams, Zoom, Skype და Facebook-იც კი გამოვიყენეთ. ამან მოგვცა საშუალება, რომ ოპტიმალური ვერსიები შეგვერჩია მიმართულებების მიხედვით, ძირითადად დარჩა Zoom-ის ფორმატი. გამორჩეულად ბევრი კურსია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც შეუძლია აირჩიოს სტუდენტმა და თავისუფალი კრედიტები აიღოს. გაზაფხულის პირველ სემესტრში ჩვენ გვქონდა 2770 კურსი, ამის გადალაგება ონლაინში არის საკმაოდ რთული საქმე, თუმცა ბევრი რამ ვცადეთ, პოდკასტებიც გავაკეთეთ, ლექციებიც ჩავწერეთ, ანუ ყველა საშუალება გამოვიყენეთ ამისთვის. შემოდგომის სემესტრში გვაქვს 2813 კურსი, ესეც საკმაოდ დიდი რაოდენობაა და გვიწევს ამ რეჟიმში მუშაობა, თუმცაღა ესაა ერთადერთი გამოსავალი. იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულზე მაინც გამოსწორდება სიტუაცია იმდენად, რომ სემინარების, ან ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება არადისტანციურ ფორმატში მოხერხდეს. – კოვიდ პანდემია სტუდენტების ყოფით პირობებზეც აისახა. ბევრი მათგანი ამბობს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, შესაძლებელია სტუდენტის სტატუსი დაკარგოს, რა შეღავათები შესთავაზა სტუდენტებს უნივერსიტეტმა ამ მიმართულებით? – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტატუსის შეჩერების კლების ტენდენცია გვაქვს სახეზე. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტატუსი 1348 სტუდენტს შეუჩერდა, მათ შორის 32 უცხოეთის მოქალაქეს. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სტატუსი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე 1808 სტუდენტს ჰქონდა შეჩერებული, მათ შორის 64 უცხოეთის მოქალაქეს. პრობლემა უპირველესად არის ის, რომ ძალიან მომთხოვნია დისტანციური სწავლება, როგორც ლექტორისთვის, ასევე სტუდენტისთვის. ჩვენ ორჯერ შევისწავლეთ ჩვენი სტუდენტების და პროფესორების განწყობა, მათ შორის, ბოლო კვლევა როცა ჩავატარეთ, ყოველი მეათე სტუდენტი გამოვკითხეთ. საკმაოდ მოცულობითი კვლევა იყო, გვქონდა შეკითხვები დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, პრობლემა გამოიკვეთა ტექნიკური კუთხით, მაგალითად ინტერნეტის სიჩქარე. გარდა ამისა გამოიკვეთა პრობლემები, რომელიც უკავშირდება ყოფით საკითხებს, მაგალითად ამბობდნენ, არ ვიცოდი ჩამოვსულიყავი თუ არა დედაქალაქში, იყო გაურკვევლობა, რადგან ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხადასხვა გადაწყვეტილებების მიღება უწევდა ქვეყანას. საკმაოდ პრობლემური საკითხები იყო, ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ, ერთი, რომ ჩვენ გვაქვს შიდა საუნივერსტიტეტო დახმარების სისტემა და წელს ამისთვის გამოიყო 600 ათასი ლარი. რეიტინგების მიხედვით სპეციალური სკალა გვაქვს გაკეთებული, სოციალურად შეჭირვებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ დახმარება. 2020 წელს 600-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა. გარდა ამისა, საერთო საცხოვრებლებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს, ეს არის ბაგებსა და მეორე ახალი, ლისის ტბაზე, 500-ზე მეტი ადგილია ჯამურად, ორივეში სტუდენტების საკმაოდ დიდი რაოდენობაა, თითქმის 1000 ია. ორივე საცხოვრებელში სარგებლობენ ჩვენ მიერ დაწესებული შეღავათებით. გარდა ამისა, უნივერსიტეტში გვაქვს სტუდენტური გრანტების წამახალისებელი სისტემა. შემდეგი სემესტრიდან წამახალისებელი გრანტების სისტემა იქნება, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესორებისთვის. ვინც გამოაქვეყნებს მაღალრეიტინგულ ჟურნალებში თავის სტატიას, გვექნება სპეციალური გრანტები, საკმაოდ დიდ რაოდენობაზეა საუბარი. ეს იქნება სამოტივაციო ჩვენი სტუდენტებისთვის და განსაკუთრებით დოქტორანტებისთვის. ასევე, დახმარების კიდევ ერთი საშუალებაა, სემინარების ციკლი, რომელიც დავიწყეთ და გავაგრძელებთ, ის დაეხმარება ახალგაზრდა მეცნიერებს, როგორ დაბეჭდონ თავიანთი ნაშრომები სანდო გამოცემებში და როგორ მიიღონ გრანტი. – როგორ აისახა პანდემიის შედეგად შექმნილი ვითარება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების მიმდინარეობაზე? – ძალიან ინტენსიურად ვართ ჩართული გაცვლით პროგრამებში, იყო პრობლემები პანდემიის დაწყებისას, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში იმყოფებოდა სტუდენტების დიდი რაოდენობა, რომელიც დარჩა უცხო ქვეყნებში. გაურკვევლობა იყო ტრანსპორტირების მხრივ, იყო ფსიქოლოგიური პრობლემებიც, რთულ რეჟიმში გვიწევდა კომუნიკაცია. დიდი მადლობა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს, რომლის გადაწყვეტილებითაც სპეციალური რეისები დაინიშნა და ბევრი სტუდენტი ჩამოიყვანეს. ჩვენ შევქმენით ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისი, ჩვენი ფსიქოლოგები იყვნენ ჩართულები, ძალინ მნიშვნელოვანი დახმარება იყო. მეორე პრობლემა რაც გაჩნდა, ეს გახლდათ უცხოელი სტუდენტები, რომლებიც იყვნენ საქართველოში და ვერ ბრუნდებოდნენ სახლებში. მათთანაც ვმუშაობდით, დღესაც გვყავს ჩვენს საერთო საცხოვრებელში უცხოელი სტუდენტები. კოვიდთან დაკავშირებული სიტუაციის მიუხედავად, 18 უცხოელი სტუდენტი იმყოფება საქართველოში, ლისის ტბაზე არიან საერთო საცხოვრებელში და სწავლობენ დისტანციურად, ზოგადად საერთაშორისო გაცვლით პროგრამების ოდენობით, ჩვენ ჩემპიონები ვართ რეგიონში, დღეისათვის ერასმუს პლუსის მიმართულებით 90 პროექტია დამტკიცებული, ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გაცვლით პროგრამებში ჩართულ სტუდენტთა რაოდენობა იზრდება, პანდემიის პირობებშიც. კონკურსები ჩატარდა, დაახლოებით 30%-ით გაიზარდა მსურველთა რაოდენობა, ვინც გაცვლით პროგრამებში ჩაერთო. ეს არის ძალიან საინტერესო ტენდენცია. – გაცვლითი პროგრამები ერთ-ერთი მიმზიდველი საკითხია სტუდენტებისთვის, რაც სწავლის ხარისხზეც აისახება, რა მიღწევები ჰქონდა უნივერსიტეტს მსოფლიო რეიტინგების მხრივ 2020 წელს და როგორია სამომავლო გეგმები? – მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს რეიტინგების მიმართულებით, თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან და რეგიონიდან, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის. U.S.News&World Report-ის 2020 წლის რანჟირებაში (Best Global University Ranking) თსუ 322-ე ადგილს იკავებს. ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც უკვე მეხუთე წელია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings) ხვდება. 2021 წლის რანჟირებაში თსუ 1001+ პოზიციას იკავებს. ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, რომელიც QS World University Rankings 2021 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში მოხვდა. QS EECA University Rankings 2020 წლის რეგიონულ რანჟირებაში თსუ 86-ე ადგილს იკავებს. პირველია შემდეგი მაჩვენებლებითაც: Round University Ranking 2020 (N 612); Shanghai Academic Ranking of the World Universities (თსუ ფიზიკის მიმართულება 2020 წელს N151-200 პოზიციას იკავებს); ზოგადად რეიტინგები ძალიან კარგია, პოლიტიკოსებს მეტად უყვართ, მაგრამ სტუდენტები რასაც უყურებენ და რაც ფასობს, ეს არის ხარისხიანი განათლება და დიპლომი. როგორი იქნება ჩვენი კურსდამთავრებულების დიპლომი, რასაკვირველია უკავშირდება ყველა იმ რეიტინგს და იმ პროგრამას, რომლებსაც აქვთ საერთაშორისო აღიარება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომი ფასობს ყველგან, ეს ტრადიციულად ასე იყო და იქნება კიდეც, თუმცაღა არის მიმართულებები, სადაც წელს პირველად შევძელით და მივიღეთ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია. ეს არის საინჟინრო მიმართულებები, კომპიუტერული მეცნიერებები და ელექტრონული ინჟინერია. ABET გახლავთ აშშ-ის ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე სააკრედიტაციო საბჭო, რომელმაც მოგვანიჭა ეს აკრედიტაცია. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა ორი მიმართულებით, ჩვენს სტუდენტებს არამხოლოდ სამომავლოდ ექნებათ ABET აკრედიტებული დიპლომი, არამედ 2017- 2018 წლიდან ამ მიმართულების ყველა კურსდამთავრებულს ექნებათ ABET აკრედიტებული დიპლომი. 600-ზე მეტი ახალგაზრდაა, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში იმუშაონ და მიიღონ ძალიან საინტერესო ანაზღაურება. კიდევ ვამზადებთ ერთ პროგრამას ABET აკრედიტაციისთვის. საკმაოდ რთული, დაახლოებით 5-წლიანი პროცესია გასავლელი, რომ მიიღო აკრედიტაცია, თუმცაღა ამ შემთხვევაში, ჩვენ 3 წელიწადში შევძელით ამ გზის გავლა, იმის გამო, რომ ძალიან კარგი ლაბორატორიები გვაქვს. ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ პარტნიორებისგან, ეს არის უპირველესად სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელთან ერთადაც 4 პროგრამა ხორციელდება თსუ-ში. გარდა ამისა, ვმუშაობთ ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციასთან. მათ ორი წარმომადგენლობა გახსნეს საქართველოში ერთი სტუდენტების და მეორე – ქიმიკოსთა ეროვნულ ასოციაციის. 24- ე ქვეყანა გახდა საქართველო, სადაც არის წარმოდგენილი ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაცია. ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენი პროგრამები ქიმიასა და ბიოქიმიაში იქნება სერტიფიცირებული ამერიკის ასოციაციის მიერ. კიდევ ერთი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მიმართულებით გახლავთ ძალიან ცნობილ ფრანგულ უნივერსიტეტთან, რომელიც ამ მიმართულებით არის წამყვანი, პროგრამა მოიცავს არამხოლოდ ტურიზმს, არამედ კულტურულ მემკვიდრეობას, ტურიზმის ეკონომიკას. წელს გვინდოდა 13 სტუდენტის მიღება ამ პროგრამაზე, თუმცა 14 იყო ძალიან კარგი და ამიტომ 14-ივე მივიღეთ, ისინი დაამთავრებენ 2-წლიან კურსს, ერთი სემესტრი იქნება საფრანგეთში და ერთი სემესტრი ექნებათ პრაქტიკა ბიზნესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ჩაშენებული პროგრამა განხორციელდა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტებში. ტურიზმი არის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება, ხარისხი პროგრამებისა უნდა იყოს ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანია ბმა დასაქმებასთან და რეალურ ბიზნესთან. გარდა საერთაშორისო პროექტებისა 90 პროექტი გვაქვს ერასმუს პლუსის, კიდევ ველოდებით პასუხს 34 პროექტზე და იმედი მაქვს, რომ ჯამში 100-ზე მეტი გვექნება. – სასწავლო პროცესის პარალელურად, თსუ ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებში, რა გავლენა მოახდინა ამ მიმართულებებზე პანდემიის შედეგად შექმნილმა მდგომარეობამ? – სტუდენტური ცხოვრება არ არის მხოლოდ სწავლა და კვლევა. მიუხედავად კოვიდპანდემიისა, ამ მიმართულებითაც გამორჩული იყო ეს წელიწადი ჩვენთვის. მაგალითად ფუტსალში საქართველოს ჩემპიონი გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნაკრები, ეს მოხდა მეორედ ჩვენს ისტორიაში, ძალიან კარგია და ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს. ასევე დღესაც ჩვენი კალათბურთის გუნდი არის პირველ ადგილზე ეროვნულ სუპერლიგაში, რაც ასევე ძალიან საამაყო და კარგია, რომ ასეთი მაღალი მიღწევები გვაქვს სპორტულ ცხოვრებაში და არამხოლოდ სპორტში. ხელოვნებას რაც შეხება, ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მუშაობას, არის ბევრი მიმართულება რომელიც განსავითარებელია. რამდენიმე სტუდენტური პროექტი განხორციელდა, რომელიც პანდემიის გამო ონლაინ ფორმატში გადავიტანეთ. ასობით სტუდენტი იყო ჩართული. უნივერსიტეტში უკვე სატესტო რეჟიმში გვაქვს ახალი ვებპლატფორმა, რომელსაც გაცილებით მარტივი დიზაინი აქვს, ვმუშაობთ სხვადასხვა პარტნიორთან, მათ შორის საქართველს ბანკთან, რომ შევქმნათ ახალი აპლიკაციები სტუდენტებისთვის. ვაპირებთ, რომ მობილიზება მოვახდინოთ სახსრების და ჩვენს პარტნიორებთან ერთად, კერძო სექტორთან ერთად, შევძლოთ ახალი პლატფორმის და აპლიკაციების შეთავაზება სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, პანდემიის პირობებში მნიშვნელოვანი საკითხი იყო, როგორი უნდა ყოფილიყო კურსდამთავრებულების გაცილება. ე.წ. „გრადუეიშენი“ 4000 კურსდამთავრებულს ვერ დავაყენებდით ერთად. გავაკეთეთ ონლაინ ღონისძიება, ძალიან სინტერესო გამოვიდა, ნინო სურგულაძემ ჰიმნი გვიმღერა, ქეთი მელუა ჩაერთო, კურსდამთავრებულების პერსონალური სახელებით 3000-ზე მეტი ბუშტი გავუშვით ჰაერში, ძალიან კარგი სანახაობა იყო და დიდი ინტერესი გამოიწვია, საერთაშორისო თემაც კი გახდა ჩვენი ეს ღონისძიება. ეს არის რაც შევძელით შეზღუდულ პირობებში, ონლაინში. – მოახდინა თუ არა გავლენა, პანდემიის შედეგად შექმნილმა კრიზისმა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე? – უზარმაზარი საქმე წამოვიწყეთ და ნახევარი უკვე დასრულებულია, ეს არის თსუ მეორე – ისტორიული კორპუსის რეაბილიტაცია. უზარმაზარი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა, გამაგრდა და გადაიხურა შენობა, გათბობა გაგრილების სისტემები იცვლება. 25 ათასი კვადრატული მეტრია გასაკეთებელი. ისტორიული შენობაა და უნდა შევინარჩუნოთ ისეთი, როგორიც იყო. ეს არის დიდი ინვესტიცია და დიდი მადლობა საქართველს მთავრობას იმისთვის, რომ გამონახა საშუალება და სამუშაოები არ შეჩერებულა არც ერთი წუთით, მიუხედავად კოვიდპანდემიისა. დაახლოებით 30 მილონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება, შედეგად მივიღებთ სრულიად განახლებულ სასწავლო და კვლევით სივრცეს. გარდა ამისა, ვიწყებთ ენათმეცნიერების ინსტიტუტის მშენებლობა-რეკონსტრუქციას. დიდი პროექტები გვაქვს წამოწყებული, მათ შორის მაღლივ კორპუსთან 3000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებლის აშენება. ძალიან ინტენსიურად მიდის მოლაპარაკება, განათლების სამინისტროსთან, არის სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ინვესტორებთან. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ სამი საინვესტიციო კომპანიის წინადადებები, იმედია სწრაფად შევარჩევთ ფინალისტს და დაიწყება სტუდენტური ქალაქის მშენებლობა. ასევე იქვე მიმდინარეობს ძალიან დიდი პროექტი, რომელსაც ახორციელებს ქ. თბილისის მერია. ეს არის საბურთალო-ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარებას. – ბატონო გიორგი, უნივერსიტეტის მიერ წამოწყებული ნებისმიერი პროექტი დაკავშირებულია ფინანსებთან, განათლების მინისტრმა, პარლამეტში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტების დაფინანსების წესი უნდა შეცვალოს. რამდენად მნიშვნელოვანი და საჩქაროა ეს ცვლილება თქვენთვის? – არსებული დაფინანსების სისტემა არის არაოპტიმალური და ძალიან საზიანოა რომ ამდენია ხანია მივყვებით. ვაუჩერი თავის დროზე ძალიან კარგი იყო თავის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, თუმცაღა უკვე საჭიროებს ცვლილებას. ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიმართული იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი შევინარჩუნოთ. თუმცა ამ წუთში სხვა გამოსავალი უნივერსიტეტს რეალურად არ აქვს. დაფინანსება პირდაპირ არის დამოკიდებული სტუდენტების რაოდენობაზე. ძირითადი ჩვენი შემოსავლის წყარო არის ვაუჩერის თანხა და სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის საფასური. უკვე 10 წელი გავიდა, რაც არ შეცვლილა სწავლის გადასახადის ოდენობა, 2250 ლარი არ არის საკმარისი ბევრი მიმართულებისთვის, რაც უნივერსიტეტში გვაქვს. თუ დააკვირდებით რა ვითარდება სახელმწიფო სექტორში და კერძო სექტროში, რასაკვირველია, ვითარდება ის მიმართულება, რაც არის ნაკლებად ხარჯიანი, ეს არის ბიზნესი, სამართალი და ნებისმიერი სხვა მიმართულება, რომელიც ძალიან კარგად არის დაკავშირებული ერთი მხრივ დამსაქმებელთან და მეორე მხრივ, დანახარჯების მინიმალიზაციასთან. ჩვენ გვაქვს მიმართულებები, რომლებიც თავისთავად არის ძალიან ძვირი, ასევე არის მიმართულებები, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს, სადაც აპრიორი ვიცით, რომ იქნება მცირე კონტიგენტი მაგ.: კავკასიოლოგია, ფილოსოფია და ა.შ. არის ძალიან მაღალი დანახარჯები იქ, სადაც საჭიროა ექსპერიმენტი, მაგალითად, ბიოქიმია, მედიცინა, ეს არის მიმართულებები, რომლებიც არის ძალიან ძვირი. დაფინანსების სისტემა არის სასწრაფოდ შესაცვლელი, თუ გვინდა, რომ მივიღოთ ხარისხიანი განათლება. სახელმწიფო სექტორი სამწუხაროდ არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, თუ კერძო უნივერსიტეტს დღესდღეობით აქვს საშუალება დააწესოს თავისი ფასი, ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს, ან გვაქვს გამონაკლის შემთხვევებში. ეს სიტუაცია ნამდვილად არ არის სწორი, თუ რეაგირება გვაქვს ბაზრის განვითარებაზე, ან გვინდა, რომ წინმსწრებად რაღაცები ვაკეთოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს ამის საშუალება. არის მიმართულებები, რომლებიც გვქვს, მაგ ABET აკრედიტაციაზე ვლაპარაკობთ, ეს არის ძალიან ძვირადღირებული პროგრამები, ლაბორატორიები და თანამედროვე ტექნოლოგიებია გამოყენებული. სასწრაფოდ არის შესაცვლელი დაფინანსების სისტემა საქართველში, კარგია თუ სწრაფად განხორციელდება. წელს მაგალითად იგივე ბიუჯეტი გვაქვს. ჩვენ შიდა რესურსების მობილიზებით, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ვართ კრიტიკულ ზღვარზე. მარტო 85 ლაბორატორია გვაქვს, მათ შორს მესამედი არის ულტრათანამედროვე, აქამდე მოვედით სხვადასხვა პროექტების საშუალებით, მაგრამ თვითონ მათი შენახვაც კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ ბევრი რამ არის დამოკიდებული დაფინანსების სისტემაზე. – უნივერსიტეტების ხელმძღვანელები 2020 წელს საუბრობდით ეროვნული გამოცდების სავალდებულო საგნების ცვლილების აუცილებლობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამბობს, რომ პანდემიიდან გამომდინარე, აბიტურიენტებისთვის ცვლილებები მტკივნეულ იქნება. თქვენი პოზიცია როგორია? – ჩვენი მოსაზრება არის უცვლელი, არ შეიძლება ასე, აუცილებელია მათემატიკას, რომელიც განსაზღვრავს რაღაც მიმართულებას, დაემატოს მაპროფილებელი საგნები, მინიმუმ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ადამიანი, რომელიც აბარებს ბიოლოგიის მიმართულებით უნდა იცოდეს ბიოლოგია. ქიმია უნდა იცოდეს ადამიანმა, რომელსაც სურს, რომ გახდეს ქიმიკოსი, ფიზიკა უნდ იცოდეს ფიზიკოსმა. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც გავაცანით სამინისტროს, გამოცდების ეროვნულ ცენტრს და იმედი გვაქვს, რომ წელს ეს შეიცვლება. რა შუაშია აბიტურიენტების ნერვიული მდგომარეობა? პირიქით, მე მგონია შემსუბუქებაა, არჩევანი უნდა მივცეთ მეტი. ვისაც უნდა ჩაბარება მაგალითად მათემატიკით, კი ბატონო ჩააბაროს მათემატიკით, ვისაც უნდა ბიოლოგიით, ჩააბაროს ბიოლოგია. არსებული სიტუაციით გამოდის, რომ ბიოტექნოლოგიაზე შეიძლება ჩააბარო ისტორიით, ბევრი რაღაც არის გასასწორებელი, მერე ეს სხვათა შორის ხარისხზე აისახება. გარდა უნივერსიტეტების პოზიციისა, მე მოვუწოდებ გამოცდების ეროვნულ ცენტრს, კარგად გაეცნონ იმ განწყობებს, რაც აქვთ სკოლის მასწავლებლებს. რა ხდება სკოლაში? ხომ არ ხდება დევალვაცია ამ საგნების? ხომ არ ხდება ისე, რომ რადგან არ არის მოთხოვნილი უმაღლესში გამოცდებზე, ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას არ აქვს ის ფასი, რაც უნდ აჰქონდეს? ეს არის მოსაფიქრებელი ძალიან კარგად და არ მგონია, რომ დიდი ნეგატიური გავლენა იქონიოს აბიტურიენტებზე, მით უმეტეს, თუ არჩევანის საშუალებას მისცემენ. დარწმუნებული ვარ, უკეთესი და უფრო მომზადებული აბიტურიენტები შემოვლენ ამ მიმართულებებზე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა