Jump to content
×
×
  • Create New...

დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

2222222.jpg

წლებია, საქართველოში იზრდებიან თაობები, რომლებიც დედებს მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე ხედავენ.

საქართველოდან ემიგრაციაში სამუშაოდ წასული მილიონზე მეტი მოქალაქიდან უმრავლესობა ქალია. ისინი ხშირად ოცდაოთხსაათიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რომ ოჯახები არჩინონ. მათი შვილები კი უდედოდ იზრდებიან.

„ვიფიქრე, ვალებს დავფარავ და ეგრევე ჩამოვალ…”

333333-1024x576.jpgბავშვები ესაუბრებიან დედას სკაიპით. მათი დედა უკვე ხუთი წელია იტალიაშია. სოფელი ვარციხე, ბაღდათის რაონი. დეკემბერი, 2020. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

2015 წლის პირველი აგვისტო იყო, ძალიან ცხელოდა. 29 წლის თიკო ბიბიჩიძემ მამის ძველი მანქანის საბარგულში დიდი სამგზავრო ჩანთა ჩადო, ბოლოჯერ თვალი მოავლო მშობლიურ სახლ-კარს, ჩაჯდა მანქანაში და უკვე ხუთი წელია თავის სოფელში აღარ დაბრუნებულა.

მისი სამი შვილი, რომელთაგანაც ყველაზე პატარა წლის და რვა თვის იყო, ეზოში თამაშობდა. ბავშვებს უთხრეს, რომ დედა თბილისში მიდიოდა და მალე ჩამოვიდოდა.

მცირეწლოვანი შვილები, ავადმყოფი მშობლები, მოძალადე ქმარი, გაყრა, უმუშევრობა, ბანკის ვალები – თიკოს ისტორია უნიკალური არ არის. პირიქით,  საკუთარ თავში ყველა იმ პრობლემას იტევს, რის გამოც საქართველოდან ათასობით ქალი გარბის.

თავიდან, თიკოც, ისევე როგორც ყველა ემიგრანტი ქალი, მხოლოდ ორიოდე წლით გეგმავდა ბავშვებთან დაშორებას:

„ვიფიქრე, ვალებს დავფარავ და ეგრევე ჩამოვალ, მაგრამ რაც დრო გადის, ოჯახს მით  მეტი სჭირდება. ამიტომ, მეც ვრჩები. ჩემს შვილებს კი, უფრო და უფრო ავიწყდებათ დედის სითბო,“ – ამბობს თიკო.

ყოველ წელს სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს საქართველოს და მიდის ემიგრაციაში. საქსტატის მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს საქართველოდან 105 ათასი მოქალაქე საზღვარგარეთ წავიდა.

მათგან 46 ათასზე მეტი ქალია. არაოფიციალური მონაცემებით, სულ ჯამში, საქართველოდან სხვადასხვა დროს 1.6 მილიონი ადამიანია წასული, რაც 3.7 მილიონი ქვეყნისთვის უზარმაზარი მაჩვენებელია.

თიკოს ორი 12 და 10 წლის გოგო და 7 წლის ბიჭი ჰყავს. ინტერნეტით კომუნიკაცია თითქმის ყოველ დღე აქვთ:

მაგრამ, ვატყობ, უკვე გაუცხოების მომენტიც დაეწყოთ და ეს გულს მიკლავს, – ჰყვება თიკო, – იზრდებიან, თავიანთი ცხოვრება აქვს, მე აღარ ვარ მათი ცხოვრების ნაწილი.

პატარას ჩემთან ლაპარაკს თამაში ურჩევნია. უფროსების ცხოვრებაში ბევრი ახალი რამ ხდება, რასაც მე უკვე აღარ მიყვებიან. არადა, რომელიმეს სიცხე რომ ჰქონდა, სულ დედას ითხოვდნენ. პატარა ახლაც ჩემს ხალათს იხუტებს და ისე იძინებს. ამას რო ვაცნობიერებ, ვზივარ და ვტირი“.  

2222222-1024x576.jpg

თიკო ახლა იტალიის ქალაქ ლაციოში ცხოვრობს და ათასობით სხვა ქართველი ქალივით იქ ერთ-ერთ ოჯახში მოხუცს უვლის:

უმძიმესი სამუშაოა ისედაც და პანდემიისას ფანჯრიდან გახედვის უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ. იანვარში საბუთები უნდა მივიღო. მათ, ვინც პანდემიისას მოხუცები არ დავტოვეთ, იტალია საბუთებს დაგვპირდა,“ – ჰყვება თიკო თავის გეგმებზე

ზაფხულში, თუ ყველაფერი კარგად იქნება ის ჩამოსვლას აპირებს, ოღონდ მხოლოდ ერთი თვით:

„სულ? სულ ჯერ ვერა. მეშინია. რომ დავბრუნდე, ოჯახის ხუთ წევრს როგორ ვარჩენ? რითი?  თვითონ კი მეუბნებიან ხოლმე, გვირჩევნია მშივრები ვიყოთ, ოღონდ ჩამოდიო, მაგრამ ისინი პატარები არიან, ვერ ხვდებიან, რას ნიშნავს, როცა აუცილებელი რაღაცეები არ ექნებათ.“

555555-1024x576.jpg

გაქცევა გადარჩენისთვის

საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის პირველი ტალღა 90-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო.

სამოქალაქო და ტერიტორიულ შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩაფლული ქვეყანა აღმოჩნდა სიღარიბის და შიმშილის პირას, კრიმინალების თარეშის ქვეშ – სამუშაო ადგილების, ფულის, საკვების, შუქის და გაზის გარეშე.

პირველი მიგრანტები მაშინ მამაკაცებთან ერთად ქალებიც იყვნენ. მათ დატოვეს სახლები, ოჯახები, შვილები, აიკიდეს მძიმე ჩანთები და მეზობელ თურქეთში წავიდნენ სამუშაოდ, სავაჭროდ.

ღრმად  პატრიარქალური ქართული საზოგადოებისთვის, უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასული ქალი დიდი კულტურული ცვლილება იყო.  

სწორედ მაშინ, იმ პირველმა მიგრანტმა ქალებმა გამოკვეთეს ქალის ახალი როლი დამოუკიდებელ საქართველოში: ქალები უკვე აღარ იყვნენ მხოლოდ დიასახლისები, ისინი ოჯახის მარჩენალები გახდნენ და საკუთარი მძიმე შრომით არჩენდნენ ათასობით ოჯახს საქართველოში.

წლები გავიდა და დღესაც ასე გრძელდება.

ყოველ თვე საქართველოში 150 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი შემოდის, რაც მოსახლეობის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.

ეს ემიგრანტების გამოგზავნილი ფულია – ისინი მუშაობენ და ამ ფულს თითქმის სრულად საქართველოში აგზავნიან, აქ დარჩენილ ოჯახებს არჩენენ.

„გაითვალისწინეთ, რომ ეს არის თანხა, რომელსაც ეროვნული ბანკი აფიქსირებს და მასში არ შედის ხელით გამოგზავნილი თანხები,“ – ამბობს მიგრაციის ექსპერტი ნუგზარ კოხრეიძე. მისი თქმით, ფულადი გზავნილები ზოგ თვეს ორჯერ და მეტჯერ აღემატება ქვეყანაში შემოსულ პირდაპირ ინვესტიციებს.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 1. 3 მილიარდი დოლარი იყო. ფულადი გზავნილები – 1.7 მილიარდი დოლარი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილებით პირველ ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც ტრადიციულად ბევრი ქართველი ცხოვრობს (გადარიცხვების 20 პროცენტი რუსეთიდანაა).

შემდეგ კი, მოდის, იტალია (15 პროცენტი) და საბერძნეთი (11 პროცენტი). ეს ის ორი ქვეყანაა, სადაც ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ქალები არიან.

საქართველოდან ქალები უმეტესწილად სწორედ იტალიაში,  საბერძნეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და თურქეთში მიდიან სამუშაოდ. ამ ქვეყნებში ზრუნვის შრომაზე გაზრდილი მოთხოვნაა, მამაკაცები კი ასეთ სამუშაოზე ნაკლებად მიდიან.

ქართველი ემიგრანტი ქალების უმეტესობა ოჯახში მუშაობს – ძირითადად, ისინი უვლიან მოხუცებს, ასევე მუშაობენ დიასახლისებად – ალაგენებ სახლს, ამზადებენ საჭმელს; უფრო იშვიათად ძიძებად, რადგან ენა არ იციან.

როგორ წესი, ისინი ცხოვრობენ იმავე სახლში, სადაც მუშაობენ და ბინას არ ქირაობენ და რაც კიდევ დამატებით ფულს ზოგავს. ანაც რამდენიმე ემიგრანტი ერთად ქირაობს ოთხს.

ემიგრანტი ქალების დასაქმება უმეტესად არალეგალურია და შესაბამისად დაბალანაზღაურებადი ევროპული სტანდარტით. თუმცა, მათი შემოსავალი გაცილებით აღემატება საქართველოში იმავე ტიპის შრომით ანაზღაურებას.

მათი ხელფასი ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 700-1000 ევროა. 500 ევროდან თურქეთში. აშშ-ში ხელფასები უფრო მაღალია, თუმცა იქ მოხვედრაც გაცილებით რთული.

„ხელფასი 800 ევრო მაქვს. ბინას არ ვქირაობ, საჭმელსაც იქ ვჭამ. მეტი მე რა მინდა. ამიტომ, ხელფასს თითქმის მთლიანად საქართველოში ვაგზავნი. ნაწილი ფულით კრედიტს ვფარავ – ჩემი ქმარი ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააკავეს და მის გამოსაშვებად ბანკიდან გამოვიტანე ფული.დანარჩენი ხელფასი სასმელ-საჭმელში უნდათ ბავშვებს.  ეს ვალი რომ გამესტუმრებინა, იმიტომ ჩამოვედი აქ. მაგრამ მერე კიდევ ახალი ვალები დამემატა, ათასი რამე უნდა ოჯახს – ქმარმა მანქანა იყიდა, სახლში ცოტა რემონტი გავაკეთეთ, ბავშვები უკვე აბიტურიენტები არიან “ – გვიყვება ნანა, ხობის რაონიდან, რომელიც ოთხი წელია იტალიაში, რომში მუშაობს. 

თუმცა, ამ ფულის უკან, რომელსაც ათასობით ქალი საქართველოში აგზავნის, მძიმე სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემები დგას, ქალებისა და ბავშვების მოუშუშებელი ტრავმები, რომლებიც ქვეყანას ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს, ამბობენ სპეციალისტები. 

დედა-შვილობა სკაიპით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2019 წლებში საქართველოდან წასულ ემიგრანტ ქალებს შორის ყველაზე მეტნი 25-29 წლის ქალები არიან.

ბევრმა საქართველოში მცირეწლოვანი შვილები დატოვა.

31 წლის ნინო ქავთარაძის ისტორიაც ბევრი ქალის ამბავს გავს – ქმარს გაშორებულია, საქართველოში ვერც სამსახური იშოვა და ვერც საკუთარი საქმე ააწყო, ორი წლის შვილს კი, ჯანმრთელობის პრობლემები გაუჩნდა. ამიტომ, შვიდი წლის წინ ნინომ ჩაალაგა ჩანთა და საბერძნეთში წავიდა. მას შემდეგ იქაა.

%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1ნინო ქავთარაძე საბერძნეთში მუშაობს. მას შვიდი წელი თავისი შვილი არ უნახავს.

„ბავშისთვის აუცილებელი რეაბილიტაციის კურსისთვის საათში 30 ლარის გადახდა მიწევდა, დღეში კი ხუთ საათიანი მეცადინეობა სჭირდებოდა. არც ყოფილი ქმარი მეხმარებოდა. ბავშვის ჯანმრთელობა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენი დედა-შვილობა უკანა ადგილზე გადავწიე,“ – ჰყვება ნინო.

ზაზუკა უკვე ცხრა წლისაა, ბებიასთან ცხოვრობს. დედას ყოველდღე ელაპარაკება,  მაგრამ მისი მესაიდუმლე მაინც ბებიაა. მარტო ბებიამ იცის როგორ უყვარს ზაზუკას დაძინება, როდის იღვიძებს, როდის შია.

„ამასობაში, გადის წლები და შენი შვილის პირველ წარმატებას, დიდ სიხარულს და პატარ-პატარა გამარჯვებებს აკლდები… მაგრამ ამ გამარჯვებებში ხომ ჩემი წვლილიც არის…  გავა დრო და მკითხავს, რატომ დავტოვე და რატომ არ ვიყავი მის გვერდით. მეც ყველაფერს ავუხსნი და დარწმუნებული ვარ, რომ მიხვდება“ – ამბობს ნინო.

ნინოს მსგავსად, ემიგრანტი დედების უმრვალესობა მუდმივი სინდისის ქენჯნის რეჟიმში ცხოვრობს – მათ საკუთარ თავისთვის და ხშირად ოჯახის წევრებისა და გარშემომყოფებისთვისაც უწევთ იმის მტკიცება, რომ შვილებთან განშორება გამოუვალი მდგომარეობით იყო ნაკარნახევი და მხოლოდ მათი უკეთესი მომავლისათვის იყო საჭირო.

ფსიქოთერაპევტი ეკატერინე დარსანია ამბობს, რომ მდგომარეობა, რომელიც ქალთა ემიგრაციის გამო ქვეყანაშია შექმნილი, სავალალოა და წლების შემდეგ, არა მარტო ცალკეული ოჯახები, არამედ მთლიანად საზოგადოება მოიმკის შედეგებს:

„დედებისა და შვილების ეს განშორება უკვალოდ არ ჩაივლის. გლობალური, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით ათი და 15 წლის შემდეგ. აგრესიულობა, ფსიქიკური აშლილობები, შფოთვითი აშლილობა, სოციოპათია და კიდევ ძალიან ბევრი რამ იჩენს თავს სამომავლოდ. ეს ბავშვები ძალიან დიდი რისკის ქვეშ არიან“.

პირველი შედეგები უკვე არის.

მაგალითად, გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს მიერ ჩატარებულმა კანონთან წინააღმდეგობაში მყოფ არასრულწლოვანთა კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის 23 პროცენტ შემთხვევაში დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვანის მშობელი, უმეტესად დედა, საზღვარგარეთაა წასული.

გარდა ამისა, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაჯეტებით ურთიერთობა და სკაიპში ნამღერი იავნანა ვერ იცავს დედა-შვილს გაუცხოებისგან და აუნაზღაურებელი დანაკლისის წინაშე აყენებს ბავშვების მთელ თაობებს საქართველოში.

„ვერანაირი სატელეფონო, თუ ეკრანით კავშირი ბავშვს დედასთან შეხების და მასთან ყოფნის სურვილს ვერ ჩაუნაცვლებს. სამ წლამდე ბავშვი და დედა საერთოდაც ერთ სისტემად განიხილება. სამი წლის შემდეგაც, ბავშვი დედასთან ერთად აღიქვამს სამყაროს და შესაბამისად, მათი დაშორება მოზარდის განვითარებისთვის სერიოზულ საფრთხე ქმნის,“ – ამბობს ეკატერინე დარსანია.

მისი თქმით, შვილები, რომლებიც დედების გარეშე იზრდებიან, ხშირად მათ მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფის წყაროდ აღიქვამენ:

„დედასთან თანაცხოვრებას გადაჩვეულებს, ხშირად აგრესია და ბრაზიც აქვთ მათ მიმართ.“

რას აკეთებს სახელმწოფო

საქართველოში, სადაც  ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს, ოფიციალური უმუშევრობა 12 პროცენტია, თუმცა თავს უმუშევრად მიიჩნევს 63 პროცენტი, ემიგრაცია ხშირად ერთადერთ გამოსავლად რჩება.

1111111-1024x569.jpgამირანი წლის და რვა თვის იყო, მისი დედა რომ იტალიაში წავიდა. უკვე შვიდი წლისაა, დედას კი, მას შემდეგ მხოლოდ ტელეფონის ან კომპიუტერის ეკლანზე ხედავს. ფოტო: დავით ფიფია/JAMnews

„იმის მიუხედავად, რომ ემიგრაციაში წასვლა ქალების დამოუკიდებელი არჩევანია, ამ არჩევანს ბოლომდე დამოუკიდებელს ვერ ვუწოდებთ, რადგან ეს მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომაროების გამო მიღებული გაადწყვეტილებაა და მათი თქმით, ეს იყო ერთადერთი გამოსავალი, რომელიც  იპოვეს,” – ამბობს მერი ჩაჩავა, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის „საქართველში დაბრუნებული ემიგრანტი ქალების ანაზღაურებადი და აუნაზღაურებელი შრომა“ – ავტორი.

2015 წლიდან, სახელმწიფო დაბრუნებულ ემიგრანტებს არასამათავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით რეინტეგრაციის პროგრამას სთავაზობს.

2019 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2 598 მოქალაქე დაუბრუნდა სამშობლოს, მაშინ როცა იმავე წელს ქვეყანა 105,107 ადამიანმა დატოვა.

ამ პროგრამის პირობების გაცხნობისთანავე ცხადი ხდება, თუ რატომ არ მუშაობს ის: 

ამ პროგრამის ფარგლებში, დაბრუნებულ ემიგრანტებს რამდენიმე სახის დახმარების მიღების შესაძლებლობა აქვს: სამი ათას ლარიანი დახმარება მცირე ბიზნესის წამოსაწყებად (იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კომისია მათ პროექტს დაამტკიცებს); ფულადი დახმარება მოკლევადიანი კურსის დასაფარად ათასი ლარის ფარგლებში; სამედიცინო დახმარება ასევე ათასი ლარის ფარგლებში სიცოცხლისათვის საშიში მწვავე ან ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში; სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების დაფინანსება თვეში 375 ლარად და იურიდიული დახმარება. (((ლინკი))

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) , თავის მხრივ, საქართველოში კიდევ ორ პროგრამას ახორციელებს დაბრუნებული ემიგრანტების სოციალიზაციისათვის.

მათი მონაცემებით, დაბრუნებული მიგრანტების უმრავლესობა თბილისიდან, იმერეთიდან და მცხეთა მთიანეთის რეგიონიდან არიან.

„სასიხარულოა, რომ  ნელ-ნელა სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგა. ეს არის კლასიკური პროგრამა – ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთ მინიმუმ 1 წელი იცხოვრეს და სამშობლოში დაბრუნების სურვილი აქვთ, შეუძლიათ  მიმართონ სხვადახვა ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან სახემწიფო პროგრამაში და მიიღონ სხვადასხვა სახის დახმარება.“

ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ემიგრანტებს სამშობლოში არა კონკრეტული პროგრამები, არამედ სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარება დააბრუნებს.

თუმცა, ამის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს.

მეტიც, დასაქმებულთა რიცხვი საქართველოში 2016-2019 წლებში 45 ათასით, 2020 წლის მეორე კვარტალში კი 33 ათასით შემცირდა.

უახლოეს მომავალში სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით დიდი გარღვევების არ სჯერა არც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს და ხელისუფლებო პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს,  ბიძინა ივანმიშვილს.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან პირდაპირ თქვა, რომ ორ მილიონ სამუშაო ადგილს უახლოეს 20 წელიწადში საქართველოში ვერც ერთი ეკონომიკა ვერ შექმნის და მიაჩნია, რომ გამოსავალი ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის შექმნაა.

ქალების დაკარგული თაობა

ნინო ქავთარაძე, 31 წლის, თბილისიდან:  „სად არ ვიმუშავე ამ ექვსი წლის განმავლობაში საბერძნეთში. ზოგ სამსახურში გამიმართლა, ზოგში არა. სამი წელი დამლაგებლად ვმუშაობდი სასტუმროში. 500 კვადრატულს ვალაგებდი  და საღამოს გული მიმდიოდა დაღლილობისგან. თითებს ვეღარ ვგრძნობდი ხოლმე თეთრეულის გადაჭიმვის შემდეგ.“

ნანა, 49 წლის, ხობის რაიონიდან: „რომში ვცხოვრობ ოთხი წელია და ალბათ სულ ორჯერ გავედი ქალაქის სანახავად. მოხუცს, რომელსაც ვუვლი, ალცჰაიმერი აქვს, უმძიმესი სამუშაოა, დღე და ღამე მასთან ვარ. ამიტომ, დასვენების დღეს მეგობრებთან, ასევე ქართველ ემიგრანტებთან მივდივარ სახლში. ისინი ერთად ქირაობენ ბინას. რამე ქართულ კერძს გავაკეთებთ, ცოტას წავიჭორავებთ და მერე ოთხივეს გათიშულებს გვძინავს მთელი 24 საათი, სანამ ისევ სამსახურები არ დაგვეწყება“.

ხათუნა შათირიშვილი, 52 წლის, ოზურგეთის სოფელი დვაბზუდან:

%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%97%E1%83%A3%E1%ოზურგეთელი ხათუნა შათირიშვილი იტალიაში მოხიცს უვლის. მას მხოლოდ ერთი დასვენების დღე აქვს თვეში

„იტალიაში, საფელიჩეში ოჯახში ვმუშაობ, ბებიას ვუვლი. 850 ევრო მაქვს ხელფასი. ძალიან ნაწვალები ფულია და აქაურობისთვის ძალიან ცოტაა. არცერთი დღე არ ვისვენებ. თვეში მხოლოდ ერთი დღე მაქვს თავისუფალი, ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ბანკში წავიდე და ფული გავაგზავნო. სხვა დასვენების დღე მე არ მაქვს. ოჯახიდან გაუსვლელად ვმუშაობ.

საქართველოდან წასული ქალების უმეტესობა ემიგრაციაში მძიმე სამუშაოს ასრულებს.

მათი უმეტესობა მთლიანად საკუთარი ოჯახის საჭიროებებს არის მორგებული და არა საკუთარ სურვილებს.

უცხო ქვეყანაში გატარებულ წლებთან ერთად, არ ხდება მათი პიროვნული თუ პროფესიული განვითარება. ისინი 24 საათს სახლში მოხუცთან ატარებენ და დასვენების დღესაც მხოლოდ იმაში იყენებენ, რომ ფული საქართველოში გამოაგზავნონ.

ფულადი გზავნილები – უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ეს არის მათი მიგრაციის ერთადერთი, თვალშისაცემი შედეგი.

„შესაბამისად, ემიგრაციის ფემინიზაციის პირობებშიც კი ქართულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის როლის გაძლიერება მაინც არ ხდება.

იმის მიუხედავად, რომ ქალები ოჯახის მარჩენალები გახდნენ, ზოგადი სურათი არ იცვლება. ამგვარი მიგრაცია ქალებს არ აძლიერებს,  არ აყენებს ფეხზე,“  – ამბობს მერი ჩაჩავა.

ქალების უმეტესობა განვითარებულ ქვეყნებში არალეგალურად ცხოვრობს, შესაბამისად, ელემენტარულ სამედიცინო სერვისებთანაც კი არ აქვთ წვდომა და ხშირად სამშობლოში ჯანმრთელობაშერყეულები ბრუნდებიან: 

„ისინი ცდილობენ მთელი ხელფასი სახლში გამოაგზავნონ, ამიტომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ეკონომიას აკეთებენ. ხოლო, ამდენი სტრესი უკვალოდ არ ქრება,“ – ამბობს ნუგზარ კოხრეიძე, ექსპერტი მიგრაციის საკითხებში, ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ ხელმძღვანელი.

ემიგრაცია როგორც სამუდამო განაჩენი?

ყველა ქალი, ვისაც JAMnews ესაუბრა, ამბობს რომ თავდაპირველი გეგმით საზღვარგარეთ მხოლოდ ორი-სამი წელი აპირებდა დარჩენას.

თუმცა, როგორც წესი, ემიგრაციაში ყოფნა წლები, ზოგჯერ ათწლეულები გრძელდება, რადგან ყოველ წელს ჩნდება ახალი ან ძველი მიზეზი, რის გამოც ქალები ვერ ჩამოდიან.

მთავარი მიზეზი ის არის, რომ მიუხედავად მძიმე შრომისა, ქალები ვერ ახერხებენ საკუთარი ოჯახების ცხოვრების დონის მკვეთრად გაუმჯობესებას, ეკონომიური მდგომაროების მდგრად გაძლიერებას, ამიტომ წლიდან წლამდე ემიგრაციაში რჩებიან.

„ერთი ვალი რომ გავისტუმრე, მერე ახალი კრედიტი ავიღეთ. ფუფუნებისთვის კი, არა. სახლი იყო გადასახური, გასარემონტებელი ცოტა. ხომ უნდა ფული?  ან რომ ჩამოვიდე, ბავშვებს რა ვაჭამო? ახლა ასე თუ ისე, არ შიათ, არ წყურიათ, ინგლისურის მასწავლებელთან დადიან, სითბო აქვთ, ტანზე აცვიათ. რომ ჩამოვიდე, ვინ იზანს ამას? 500 ლარზე ვიმუშაო?“ – ამბობს ემიგრანტი ნანა, ხობის რაონიდან.

ყველა წუთი მენანება, რომელსაც შვილების გარეშე ვატარებ

44444444-1024x576.jpg

სოფო თვარაძე, 35 წლის, თბილისიდან. რომშია: „დედა დღეს კბილი მომერყა და ბებიამ უნდა ამომიღოს;  დღეს მასწავლებელმა შემაქო და კარგი ნიშანი დამიწერა; დედა, იცი, დღეს შენი მეგობარი შეგხვდა ქუჩაში… ყოველდღე ვლაპარაკობთ ტელეფონით. მირეკავენ და მიყვებიან თავიანთ ამბებს.

ყველა წუთი მენანება, რომელსაც შვილების გარეშე ვატარებ, მაგრამ ვფიქრობ იმისთვის ღირს, რომ მათ უკეთესი მომავალი შევუქმნა. არ მინდა, რომ ოდესმე, მათაც ჩემსავით მოუწიოთ წვალება“.

ლელა ჯიოშვილი, 25 წლის, რუსთავიდან. ახლა გდანსკშია (პოლონეთი)

„ნაძალადევად იღიმის, როცა ვურეკავ, მაგრამ ძლიერი გოგოა. ურჩევნია გულში ჩაიკლას, რასაც განიცდის, ვიდრე მანერვიულოს. ბინის ფულს დავაგროვებ და ეგრევე დავბრუნდები. ჩემს  ძმასთან დავტოვე… წესი აქვს, ძილის წინ, აუცილებლად ხელი უნდა ჩასჭიდოს ვინმეს. ახლა, მე რომ არ ვარ, ჩემი ძმისთვის აქვს  ჩაკიდებული ხელი და ისე იძინებს“.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share