Jump to content
×
×
  • Create New...

„ღვინის სოფლის“ ახალი ღვინოების ჭაშნიკი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

/files/pictures/degusta-623489.jpg

/files/pictures/logo-usaid.jpg

ლევან სეფისკვერაძე

„ღვინის კლუბისა“ და USAID-ს პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ეგიდით 20-21 ნოემბერს ტრადიციული ლექცია-სემონარების პარალელურად ქუთაისსა და ჭრებალოში პროექტის ბენეფიციარი მეღვინეების ახალი, 2020 წლის მოსავლის ღვინოების პირველი დეგუსტაცია-ჭაშნიკი გაიმართა.

ქუთაისში, ღვინის ბარ “საფერეში“ და რაჭაში, სოფელ ჭრებალოში მდებარე „ღვინის სახლში“ გამართულ ჭაშნიკებზე ახალი ღვინის ნიმუშების დაგემოვნება და საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა შეხვედრების ყველა სტუმარს შეეძლო. ეს დეგუსტაციები იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ „ღვინის სოფელი“-ს მეღვინეებს საშუალება ქონდათ ესაუბრათ ერთმანეთის ღვინოებზე, ახალი იმერული, ლეჩხუმური და რაჭული ღვინის სამომავლო პოტენციალზე და პარალელურად კონკრეტულ ნიმუშებთან დაკავშირებით  მოესმინათ ღვინის ექსპერტების შეფასებებიც.

წარმოგიდგენთ ორი დღის მანძილზე გასინჯული 2020 წლის მოსავლის ახალი ღვინის ყველა  ნიმუშს „ღვინის სოფელი“-ს ექსპერტების შესაბამისი შეფასებებითა და განმარტებებით.

ქუთაისი. 20 ნოემბერი. ღვინის ბარი „საფერე“.

1. ციცქა 2020 - „მარანი „ენკენი“. ღვინო დაყენებულია ქვევრში. ძირითადი დუღილის შემდეგ ქვევრი გადაივსო. დაბალმჟავიანი ღვინოა.

ვანო შიუკაშვილი, მეღვინე, ღვინის ექსერტი: „ჩემი აზრით სუფთა ღვინოა და განვითარების საკმაო პოტენციალიც გააჩნია“.

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი: „იმერული ღვინისთვის მჟავიანობა ცოტა დაბალი აქვს, თუმცა როდესაც ეს ღვინო საბოლოოდ დადგება, იქ უკეთ გამოჩნდება მისი რაობა“.

2. ციცქა 2020 - „შმაგი ავალიშვილის მარანი“ - ღვინო სრულ ჭაჭაზეა დაყენებული. 

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: „ღვინო ძალიან ახალია.  ჩამოყალიბება აკლია და მისი შეფასება გაზაფხულისთვის უკეთესი იქნება“.

3. ციცქა საჩხერედან, 2020 - „უჩა მაჭარაშვილის მარანი“.

გიორგი ბარისაშვილი: „ეს არის ჩემთვის იმერული ღვინის სახე და ნიმუში. ასეთ კლასიკურ მაღალმჟავიან თეთრ ღვინოებში ვხედავ იმერული ღვინის  ძალიან დიდ პოტენციალს“.

ვანო შიუკაშვილი: „ღვინოში ჩანს ცოცხალი ე.წ. ტკბილი ტონები. ხალისიანი, კარგი იმერული ღვინოა“.

4. ციცქა-ცოლიკოური 2020 - „უჩა მაჭარაშვილის მარანი“.

ვანო შიუკაშვილი: „მართალია ღვინოში არის ცოტა ნარჩენი შაქარი, მაგრამ იმედია საბოლოოდ ეს უკვე დასრულებულ ღვინოზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. ვფიქრობ გემრიელი ღვინო დადგება“.

მალხაზ ხარბედია: „ხალისიანი, არომატული ღვინოა და გაზაფხულისთვის იმედია ამ სიხალისეს შეინარჩუნებს“.

5. ცოლიკოური 2020 - „სევერიან ღამაბშიძის მარანი“. ღვინო უჭაჭოდაა დაყენებული და ჭაშნიკის დროს ჯერ კიდევ დუღილის პროცესში იყო.

გიორგი ბარისაშვილი: „ლეჩხუმური „ტვიშივით“ ღვინოა. არის ნახევრადტკბილი და აქვს საკმაო ნარჩენი შაქარი. ღვინო ახალგაზრდაა და აქვს ძალიან კარგი, მსუბუქ ლექზე დავარგების სურნელი. გაგიკვირდებათ და ახალგაზრდა მწვანე კახურის და ამ ცოლიკოურის არომატები დავაკავშირე ერთმანეთს“.

6. ციცქა-ცოლიკოური-რკო 2020 - „უჩა მაჭარაშვილის მარანი“. ღვინოში 25% არის ციცქა, 15% რკო და დანარჩენი ცოლიკოური.

ვანო შიუკაშვილი: „ღვინო ჯერ ისევ მღვრიეა და დაჰკრავს ვარდისფერი. იკვეთება ცოცხალი ვაშლის არომატები და ეს ძალიან მომწონს. არა დაჟანგული ვაშლის, არამედ ახლადგაჭრილი ვაშლის არომატი. ჩანს ცოტა მსხალიც. კარგი ბალანსი აქვს. ღვინო არის სუფთა და ჯანსაღი“.

7. ძელშავის „როზე“ 2020 – „უჩა მაჭარაშვილის მარანი“.

მალხაზ ხარბედია: „ამ ღვინოში აშკარად ჩანს წითელყურძნიანი ვაზის ჯიშის გემოც და არომატიც. ეტყობა, რომ ჭაჭაზე მცირე ხნითაა დაყოვნებული. ისიც ეტყობა, რომ არის მაღალ რეგიონში მოწეული ყურძნისგან დამზადებული. მე დავინახე მკვეთრად გამოხატული ე.წ. ქოლგა ფშატის გემო“.

8. რკო 2020 – „უჩა მაჭარაშვილის მარანი“.

ავტორის განცხადებით ეს ღვინო ორი საუკუნის ვაზზე მოწეული ყურძნისგანაა დამზადებული. მისივე განმარტებით ახალგაზრდა და ძველი რკოს ვაზის ყურნისგან დაყენებული ღვინოები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ღვინო დაყენებულია ჭაჭაზე და 17 დღის შემდეგ მოიხსნა ჭაჭიდან.  

9. ძელშავი 2020 - „უჩა მაჭარაშვილის მარანი“.

მალხაზ ხარბედია: „წითელგულიან ტყემალს რომ ჩაკბეჩ, აი სწორედ იმის გემო მოდის პირველად ამ ძელშავიდან. ჯანსაღი, სასიამოვნო ღვინოა“. 

ვანო შიუკაშვილი: „ღვინო ცოცხალი ალუბლისფერია. აქვს ყვავილების არომატი კენკრის არომატებთან არეული. მოსჩანს: მაყვალის და ქლიავის ტონები. არის კარგად დაბალანსებული, სუფთა და სასიამოვნოდ დასალევი“.

10. ძელშავი 2020 - „ირაკლი მინაძის მარანი“.  ღვინო 10 დღის მანძილზე იყო ჭაჭაზე დაყოვნებული.

ქუთაისში გამართულ დეგუსტაციას ადგილობრივი მოძღვარი, მამა სერაპიონიც ესწრებოდა, რომელმაც გასინჯულთგან საკუთარი ფავორიტი ღვინის ნიმუში გამოარჩია.

მამა სერაპიონი (ვარდანიძე): „დეგუსტაციას თავიდან-ბოლომდე დავესწარი. გავსინჯე აქ წარმოდგენილი ყველა ღვინო და განსაკუთრებით სულ პირველი ნიმუში - ლაშა გურულის მარან „ენკენი“-ს 2020 წლის მოსავლის ციცქა მომეწონა. ჩემი აზრით ამ ღვინოს ძალიან დიდი მომავალი აქვს. ეს ღვინო იმდენად მომეწონა, რომ  მეღვინეს გასინჯვის შემდეგ კიდევ ერთხელ ვთხოვე დამატება“.  

 

ჭრებალო. 21 დეკემბერი. „ჭრებალოს ღვინის სახლი“.

1. წულუკიძის თეთრა 2020 - „კერესელიძეების მარანი“.

ვანო შიუკაშვილი: „მქროლავი ან ჩანს. ისე ცოტა მოგუდული ღვინოა. ახალია და  არის მღვრიე. გემოზე რბილია. შესაძლოა უბრალოდ დაბალმჟავიანია და ამიტომ“.

მალხაზ ხარბედია: „ღვინო მართლაც ცოტა მოგუდულია და ორ თვეში გამოჩნდება მისი რეალური ძალა“.

2. წულუკიძის თეთრა 2020 - „ილია მენაბდის მარანი“. ყურძენი დაკრეფილია 13 სექტემბერს.

მალხაზ ხარბედია: „ეს უფრო მაღალმჟავიანია, ვიდრე წინა ნიმუში. ზოგადად კი ჰგავს წინა ნიმუშს, მაგრამ განსხვადება იმით, რომ უფრო მკვეთრი და მჭახე ღვინოა“.

ვანო შიუკაშვილი: „ამ ღვინოზე ილიას ქონდა აზრი რომ მოგუდულია, თუმცა მე ვფიქრობ რომ არაა მოგუდული“.

3. სოფელ ბარეულის ცოლიკოური 2020 - „ილია მენაბდის მარანი“. ღვინო 20 დღე იყო ჭაჭაზე.

ვანო შიუკაშვილი: „ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ღვინოა, ჯერ დაუსრულებელია, მაგრამ აქვს მკვეთრად გამოხატული თამბაქოს და მწვანე ჩაის არომატი. ეს კი ღვინოში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არომატია“.

მალხაზ ხარბედია: „ეს გემოები და არომატები ცოლიკოურისთვის ძალიან ბუნებრივი და დამახასიათებელია. რაღაც მომენტში შეიძლება იფიქრო, მქროლავი ხომ არ აქვსო მომატებულიო  - იმდენად მკვეთრი არომატი აქვს“.

4. ბუგეულის ცოლიკოური 2020 - მარანი „ქვე შენი ჭირიმე“.

ვანო შიუკაშვილი: „ამ  ნიმუშს ყველა ვარიანტში სჭირდება განიავება. დაველოდოთ რას მოუტანს დაძველება და ზამთრის გავლის შემდეგ საინტერესო იქნება რა დადგება“.

5. შავი კაბისტონი 2020- „ილია მენაბდის მარანი“. ღვინო დაწურულია ოქტომბრის ბოლოს და ჭაჭაზეა გაჩერებული სამი კვირის მანძილზე.

მალხაზ ხარბედია: „ჯანიანი“ ღვინოა ჯანსაღი არომატებით. აქვს ტკბილი ტონები და რაღაცით ფრანგულ სირას მაგონებს.“

6. ალექსანდროული-მუჯურეული -20% საფერავი 2020 „კერესელიძეების მარანი“.

გიორგი ბარისაშვილი: „ძალიან მომწონს. საერთოდ არ გავს ახალ ღვინოს. მკვეთრად იგრძნობა ალუბლის ტონები. გაზაფხულზე ეს ღვინო იქნება სრულად ჩამოყალიბებული“.

დავით ჩაკვეტაძე, მეღვინე: „ალუბლის ტონები ყველა ღვინის ღირსებაა“.

7. ალექსანდროული-მუჯურეთული 2020  - „ილია მენაბდის მარანი“.  

მალხაზ ხარბედია: „ცოტა ხის ტონები დაჰკრავს, თუმცა ღვინო საკმაოდ გემრიელია და ძალიან მომწონს. რომ სინჯავ, საერთოდ არ ჩანს ნარჩენი შაქრის სირბილე“.

ვანო შიუკაშვილი: „თვითონ ღვინო სუფთაა და პრობლემა არ აქვს. თუმცა სასურველია დაბალალკოჰოლიანი ყოფილიყო, იმიტომ, რომ  რაც უფრო მაღლა ადის შაქრიანობა, ჯიშური არომატი იკარგება“.

დეგუსტაციის დასასრულს ცალკე  გაისინჯა „საღარაძის მარნის“ ძველი ღვინო, ასევე 2019 წლის მოსავლის ალექსანდროული.  ღვინოს ალკოჰოლი 14.3%  ჰქონდა.

დეგუსტაცების ორგანიზატორებმა შეხვედრების დროს ისიც აღნიშნეს, რომ ეს ორი ჭაშნიკი და მათი შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდგომი დეგუსტაციის შესადარებლადაც. მეღვინებისთვისაც ერთგვარი ინტრიგაა გვიან შემოდგომაზე გასინჯული ახალი ღვინოები როგორი იქნება გაზაფხულზე და რამდენად შეიცვლება კონკრეტული ნიმუშები. მანამდე ამ ღვინოებმა საბოლოოდ ჩამოყალიბების რამდენიმეთვიანი აუცილებელი პროცესი უნდა გაიარონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   144 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 142 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(11)
    • Googlebot(1)
    • t-90