Jump to content
×
×
  • Create New...

"რა პრობლემაა, შენ ძმა ხარ" -  როგორ აღმოჩნდა ჟურნალისტი შევჩენკო სტუმრად საქართველოში  


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-ea2168a4e642f0319def57adb370236d.png

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრობლემას ვერ ხედავენ, რომ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დამრღვევი რუსი ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად საქართველოში შემოუშვეს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები 22 დეკემბერს განმარტავდნენ, რომ უსაფუძვლო ხმაური ოპოზიციის ატეხილია და რომ სოხუმსა და ცხინვალში არაერთგზის უკანონოდ ნამყოფი შევჩენკო პუტინის მოწინააღმდეგე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა. რა მისიით ჩამოვიდა რუსი ჟურნალისტი საქართველოში კოვიდის გავრცელების მხრივ განსაკუთრებით გართულებულ სიტუაციაში? რა მიზნით შეხვდა ის ქართველ პოლიტიკოსებს? რას აცხადებდა შევჩენკო საქართველოში ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე? საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კოვიდ-პანდემიის პირობებში საქართველოში შემოსვლის უფლება ამჟამად მხოლოდ 15 ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ და მათ შორის არ არის რუსეთი. გამონაკლისი შეეხებათ ბიზნესაპლიკანტებს - ნებისმიერი ქვეყნიდან საქმიანი მიზნებით შემოსულ პირებს - „წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით“. შემომსვლელებმა წინასწარ უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge. თუკი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, დეპუტატ ბექა დავითულიანის განცხადებას გადავხედავთ, რუსი ჟურნალისტი საქართველოში ყველა წესის დაცვით შემოვიდა - "ბიზნესჯგუფმა მოიწვია... ბიზნესაკრედიტაცია შეავსო და გამარტივებული წესით შემოვიდა“. თავად მაქსიმ შევჩენკო საქმიან მიზნებსა და ბიზნესს საერთოდ არ ახსენებს იუთუბის საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელმაც საქართველოში საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია. ჩანაწერში ის ამბობს, რომ აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან, დაურეკა მონატრებულ თბილისელ მეგობრებს, რომლებმაც ძალიან სწრაფად მოუგვარეს საქართველოში შემოსვლის საკითხი. შევჩენკო ხაზგასმით ახსენებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან სიახლოვესაც და ჩანს ასევე, რომ მისი აქაური ვიზიტი ეკონომიკურზე მეტად, პოლიტიკური ხასიათის იყო. მისი მონათხრობის თანახმად: დაურეკა მეგობრებს „საყვარელ და ლამაზ“ საქართველოში - აქვე ვარ და თქვენთან ჩახუტება მინდაო; ისინიც სწრაფად გამოეხმაურნენ და უთხრეს - „ახლა მოვაგვარებთ მაგ საკითხსო... რა პრობლემაა, შენ ძმა ხარო“; საზღვარზეც დიდად არ დაუყოვნებიათ - „საზღვარზე საათნახევარი რაღაცეებს ავსებდნენ... და მე აღმოვჩნდი თბილისში, კოვიდის ყველა ნორმის დაცვით“; ბოდიშს უხდის მეგობრებს, ვისაც არ შეეხმიანა, რადგან „ეს იყო ერთგვარი დახურული ფორმატი“ თბილისში 3 დღე გაატარა - „ურთიერთობა მქონდა პოლიტიკოსებთან, საკმაოდ კარგ, სერიოზულ დონეზე“. 2009 წლის სექტემბერში, მაქსიმ შევჩენკო საქართველოში არ შემოუშვეს და სწორედ მაშინ გაირკვა, რომ, ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალში ჩასვლით, მას რამდენიმეჯერ ჰქონდა დარღვეული კანონი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ამჟამინდელი ხმაურიც ძირითადად სწორედ ამ ფაქტის გათვალისწინებით ატყდა, თუმცა 22 დეკემბერს - იმავე ბექა დავითულიანმა განმარტა, რომ შევჩენკოს ამ დანაშაულს ვადა 2015 წელს, 6 წელიწადში გაუვიდა და ამის შემდეგ ის კიდევ არაერთხელ იყო საქართველოში. ხმაურის ატეხვა „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას დააბრალა; მაქსიმ შევჩენკო კი საქართველოს ინტერესების დამცველად და პუტინის პოზიციების მოწინააღმდეგედ წარმოაჩინა. „ეს არის ჟურნალისტი, რომელიც რუს ჟურნალისტებს, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელებს შორის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგეა. ეს არის ადამიანი, რომელსაც თუ მოუსმენთ, ყველა ბლოგში, ინტერვიუში მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი, რომ ცხინვალი და სოხუმი საქართველოს შემადგენლობაში უნდა იყოს, რომ 2008 წლის ომი იყო არამხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაული პუტინის მხრიდან, დანაშაული რუსეთის მხრიდან“ - სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება“; „ამ ჟურნალისტის საქმიანობის დეტალებს ვერ გეტყვით. მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ რამდენადაც ეს რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია, აჟღერებს პუტინისადმი, მისი საქმიანობისა და მმართველობისადმი კრიტიკას“ - თეა წულუკიანი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. მაქსიმ შევჩენკო ზოგჯერ მართლაც აკრიტიკებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, თუმცა მისი რიტორიკა ბევრით არაფრით განსხვავდება კრემლის რიტორიკისგან. რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში იძებნება არაერთი განცხადება, სადაც რუსი ჟურნალისტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს და იმასაც ამბობს, რომ - სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების აღიარების გარეშე. ამასთან, 2008 წლის აგვისტოს ომში რუს ჟურნალისტს, მისი არაერთი განცხადების თანახმად, აგრესორად სწორედ საქართველო გამოჰყავდა. ბევრისთვის ჩაღრმავებაც არ სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ მაქსიმ შევჩენკო მკვეთრად ანტიდასავლური რიტორიკით გამოირჩევა და ყველა მის გამოსვლაში იგრძნობა, რომ - საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების აქტიური მომხრეა. შევჩენკო სხვასხვა დროს აცხადებდა, რომ: ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს არაფერი ესაქმებათ კავკასიაში და რომ ადგილზე სიტუაცია რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა უნდა აკონტროლონ; მსოფლიოს ლიდერებს უნდათ, რომ კავკასიაში დესტაბილიზაცია იყოს და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შემდეგ, არეულობა საქართველოშია მოსალოდნელი; საქართველოს გარეშე რუსეთი ვერ იქნება სრულყოფილი სახელმწიფო; რუსეთისა და საქართველოს სასურველ და აუცილებელ დაახლოებას რუსეთის ხელისუფლებაში კონცენტრირებული დასავლეთის გავლენის აგენტები უშლიან ხელს. ​ როგორც საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ექსპრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას - ზოგ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინისგან განსხვავებული აზრის ქონა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მაქსიმ შევჩენკო საქართველოს ინტერესების დამცველია. ფხალაძე ამბობს, რომ მას მთავარი პოზიცია არ შეუცვლია და აუცილებლად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პასუხებს მივიღებთ თუკი შევჩენკოს ორ შეკითხვას დავუსვამთ - „არის თუ არა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები... და ნანობს თუ არა, რომ დაარღვია კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ?“. ის ფაქტი, რომ, შესაძლოა, შევჩენკოს შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევას ხანდაზმულობის ვადა ამოეწურა, ფხალაძისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს - „ერთია ვარჯიში კაზუისტიკაში და მეორეა სახელმწიფოს პოლიტიკური პრინციპები“. ფხალაძის თქმით: „თუკი სახელმწიფოს პრინციპებს ჩვენ თავად არ ვეცით პატივი და ვეცადეთ, მოვნახოთ შემოვლითი საშუალებები, რომლებიც გაამართლებს ამ პრინციპების იგნორირებას, მაშინ ამ პრინციპების პატივისცემას არც სხვებისგან უნდა ველოდოთ“; „კანონის დარღვევას შესაძლოა ხანდაზმულობის ვადა აქვს გასული, მაგრამ ხანდაზმულობის ვადა არა აქვს გასული იმ მავნებლობას, რასაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი სჩადიოდა საქართველოს წინააღმდეგ და მათ შორის არის - ეს ადამიანიც“; „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ხედვა გვაქვს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს მიაყენეს გარკვეული ზიანი... თუ გამართლება გვინდა, არგუმენტებს ყოველთვის ვიპოვით“. თენგიზ ფხალაძე მაქსიმ შევჩენკოს საქმიანობას რუსეთის ჰიბრიდული ომისა და რბილი ძალის ჭრილში განიხილავს და არ გამორიცხავს, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოში გარკვეული მიზნებითაც იყო ჩამოსული. 12 ნოემბრით დათარიღებულ ვიდეობლოგში შევჩენკო ამბობს, რომ თავადაც იმუშავებს იმისათვის, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შედეგ, საქართველო არ აღმოჩნდეს დასავლეთის კლანჭებში. „სომხეთში დამარცხებით დასავლეთი გადადის საქართველოზე და ცდილობს საქართველო აქციოს თავისი წარმომადგენლობის მთავარ ფორპოსტად სამხრეთ კავკასიაში... ახლა დგება ჭეშმარიტების მომენტი - თუკი რუსეთში საქართველოს მიმართ არ იქნება ადეკვატური პოლიტიკა, თუკი რუსეთი დაუშვებს საქართველოში საფრანგეთისა და დიდი დასავლეთის აგენტურის გაძლიერებასა და გადაქცევას ახალ ფაშინიანის სომხეთად (და თუკი თან - ფაშინიანი შეძლებს სომხეთის ხელისუფლებაში დარჩენას), საქართველო ასევე იქცევა ახალ ფორპოსტად სომხეთის შესაიარაღებლად... საქართველო - თავის ტერიტორიაზე ამერიკისა ან ნატოს ბაზით სიამოვნებით მიაწვდის სომხეთს ახალი ტიპის შეიარაღებას აზრბაიჯანის წინააღმდეგ. ამიტომ აზერბაიჯანმა უნდა მიაქციოს ყურადღება - რა ხდება საქართველოში ... ახლა დადგა დრო, რომ ძირეულად შეიცვალოს რუსეთის პოლიტიკა ამ უძველესი, მართლმადიდებელი ქვეყნის მიმართ... უნდა გავიგოთ, რომ სწორედ ქართველები უნდა იყვნენ ჩვენთვის ყველაზე მტკიცე მოკავშირეები... მოსკოვში მსხდომი დასავლეთის ზეგავლენის აგენტების პირობებში ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე “ . ეს აქცენტები მაქსიმ შევჩენკოს არაერთ სხვა განცხადებებშიც გვხვდება, რის მიღმაც ბევრი ხედავს სამხრეთ კავკასიელი ერების ერთმანეთზე გადაკიდების მცდელობასაც.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share