Jump to content
×
×
  • Create New...

ზარდიაანთკარელი მირიან თაზიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-3366b3a2d66097366dcd09cd24a794a9.jpeg

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრი მირიან თაზიაშვილი დღეს ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცავებს იგი ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს. თაზიაშვილი 20 ნოემბერს ზარდიაანთკარის მოსაზღვრე ოსურ სოფელ ხელჩუასთან ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მოლაპარაკებების შედეგად მისი გათავისუფლება ერთ თვეში მოხერხდა. მირიან თაზიაშვილი გათავისუფლების შემდეგ გამოკითხვაზე შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს. გამოკითხვის დაწყებამდე იგი მცირე კომენტარით შემოიფარგლა: „საზღვართან ახლოს ვცხოვრობ, ნასვამი ვიყავი. გადავედი იქით, აღარ მახსოვს. დაკავების მერე, დილით, კამერაში მოვედი აზრზე. ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია“.    გამოკითხვის შემდეგ მირიან თაზიაშვილი სახლში, სოფელ ზარდიაანთკარში, ჩაიყვანეს და  შიდაიზოლაციიის რეკომენდაცია მისცეს,  როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნებულ პირს.   მისი ცოლი, ცისანა თაზიაშვილი, მირიანის დაკავების შემდეგ ამბობდა, რომ ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში მის ქმარს მეგობრები ჰყავს და მათთან არაერთხელ გადასულა. ბოლო გადასვლისას  ახალმოსულ თოვლზე რუსეთის მესაზღვრეებმა მისი ნაკვალევი შეამჩნიეს და დააკავეს კიდეც. ცისანა თაზიაშვილს ამ ერთი თვის განმავლობაში სულ უკვირდა, რატომ შეუფარდეს მის ქმარს ორთვიანი პატიმრობა, როცა საქართველოს სხვა მოქალაქეებს იმავე ე.წ დარღვევის გამო ჯარიმით რამდენიმე დღეში ათავისუფლებდნენ. 22 დეკემბერს, მირიან თაზიაშვილის გათავისუფლების დროს, ჯერ გორში და შემდეგ ზარდიაანთკარში ჩავიდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თაზიაშვილის გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევის შედეგია: „მირიან თაზიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება და მისი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოყვანა არის შედეგი ყოველდღიური მუშაობის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სწევდნენ. მუშაობა მიმდინარეობდა ყველა არსებულ მექანიზმსა და ფორმატში. ეს მუშაობა გრძელდება, რათა ყველა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქე გათავისუფლდეს“.    ირაკლი ანთაძემ ისიც განმარტა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ბოლო დროს საქართველოს დაკავებული მოქალაქეების მიმართ მიდგომები შეცვალა: ზოგს ე.წ. ჯარიმას ახდევინებენ და მაშინვე ათავისუფლებენ, ზოგს კი პატიმრობას უფარდებენ. „თუ წინა უკანონო დაკავებების პრაქტიკას გადავხედავთ, ადვილად შესამჩნევია, რომ საოკუპაციო რეჟიმისგან თითოეულ ქეისთან ხდება ინდივიდუალური  მიდგომა და ზოგ უკანონოდ დაკავებულს უფარდებენ უკანონო ჯარიმის გადახდას და ზოგს არა“.   გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ზარდიაანთკარი ოსურ სოფელ ხელჩუას ესაზღვრება, სადაც საოკუპაციო ძალებს საგუშაგო აქვთ მოწყობილი. 2008 წლის ომის დროს სოფელი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა, მათი სახლები კი გაძარცვეს და დაწვეს. ზარდიაანთკარელები დევნილებად იქცნენ და 4 წლის განმავლობაში გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობდნენ. საქართველოს ხელისუფლებამ სოფელზე კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა, როცა პოლიციური საგუშაგო სოფლის სიღრმეში გადაიტანა. 2012 წელს ზარდიაანთკარელების ნაწილი საკუთარ კერას დაუბრუნდა. სოფელში სახლების უმეტესობა დაზიანებული და საცხოვრებლად უვარგისია. დაზიანებულ სახლში დაბრუნდნენ მირიან და ცისანა თაზიაშვილებიც. მირიანი ტაქსაობდა და ასე არჩენდა ოჯახს.  ოკუპაციის ხაზთან არსებულ სოფელში ერთი წლის წინ გენადი ბესტაევიც დააკავეს. 2017 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით ის უკვე მეხუთედ იყო დაკავებული. სოფელში, ბესტაევის ეზოში, საოკუპაციო მავთულხლართია გაბმული და სახლში მისვლისას მას ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით აკავებდნენ ხოლმე. ბესტაევს სოფელში ბიძაშვილები ჰყავს, და სხვა სოფელშია გათხოვილი, ცოლ-შვილი კი ცხინვალში ცხოვრობს. წინა შემთხვევებში მის გასათავისუფლებლად ნათესავებმა თანხა შეკრიბეს და ცხინვალის ციხიდან გამოიყვანეს. ზარდიაანთკარელები აცხადებენ, რომ გენადი ბესტაევი აუტანელ პირობებში ცხოვრობდა. ეზოში მავთულხლართი ჰქონდა გაბმული და ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით დასახმარებლად მიმართავდა, თუმცა უშედეგოდ. 5 თვეზე მეტია, რაც სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე ცხინვალის ციხეში ზის და უშედეგოდ ელოდება სასამართლოს გამართვას. 23 ნოემბერს პირველი სხდომაც ჩანიშნული იყო, მაგრამ გადაიდო. ზაზას დედა, ნანა ბუნტური, ამბობს, რომ გამოძიებას ჯერ ჩვენებებიც არა აქვს შეგროვებული: „ადვოკატისგან ის ვიცით, რომ 23 ნოემბერს გაიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მტკიცებულებები სრულად არ არისო. ვინც დააკავა, იმათი ჩვენებები არ არისო საქმეში. ამის გამო გადადეს სასამართლო პროცესი. ახლა ამბობენ, რომ დეკემბერში გაიმართებაო სასამართლო. პირველივე დღიდან ვითხოვდით ზაზას გამოშვებას, მაგრამ 5 თვე გავიდა  უკვე და არ ვიცით, რა იქნება“. ბოლო ინფორმაციით, ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი ცხინვალში 24 დეკემბერს უნდა გაიმართოს.   ზაზა გახელაძე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დაჭრილი ზაზა გახელაძე ჯერ საავადმყოფოში იყო, შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში, ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შემდეგ კი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. ზაზას ოჯახში ახლა სასამართლო პროცესის გამართვას ელოდებიან. ისინი საქართველოს ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   8 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 8 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(1)