Jump to content
×
×
  • Create New...

წმინდა ნიკოლოზის ხატი ლავროვისთვის და ბოსნიის დიპლომატიური სირთულეები


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

rssImage-9fe7ea16e172e58b1a16091339ee296d.jpeg

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოსნიის სამმხრივ მმართველობას გაუგზავნა მოთხოვნა უკრაინის საელჩოს ნოტის თაობაზე, რომელიც ეხებოდა მმართველობის ერთ-ერთი, სერბი, წევრის, მიროსლავ დოდიკის მიერ ხატის ჩუქებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს იუგოსლავიის ყოფილ რუსპუბლიკას სტუმრობდა. რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია დაუდასტურა ბისერა ტურკოვიჩმა, ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ „სამინისტრომ მმართველობას განმარტება მოსთხოვა“. ბოსნიაში უკრაინის საელჩო თავის წერილში, რომელსაც რადიო თავისუფლება გაეცნო, ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვს „დეტალურ ინფორმაციას უკრაინის კულტურული საგანძურის ნიმუშის“ შესახებ, რომელიც, პრეზიდენტ დოდიკის ოფისის თანახმად (ეს ცნობა სააგენტო SRNA-მ გაავრცელა), წარმოადგენს „მოოქროვილ ხატს, რომელიც შექმნილია, დაახლოებით, 300 წლის წინ“ და ნაპოვნია ლუჰანსკში“. „ნოტაში გამოთქმული სერიოზული ბრალდების გამო, მოველით იმ პირების ჩართვას, ვინც პასუხისმგებელია ასეთ შემთხვევებზე, როცა საქმე ეხება სერიოზულ ბრალდებას სხვისი საკუთრების გასხვისების შესახებ“, - უთხრა ტურკოვიჩმა რადიო თავისუფლებას. რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ასეთი ნოტა გაეგზავნა ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მათ სხვა ინფორმაცია არ მოუწოდებიათ. თქვეს მხოლოდ, რომ ელოდებიან ბოსნიელი ოფიციალური პირების პასუხს. ასეთივე იყო რადიო თავისუფლებისთვის სარაევოში უკრაინის საელჩოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. უკრაინის საელჩოს წერილში ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი ნათქვამია, რომ, თუ ბოსნიის უმაღლესი ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ და ცალსახად უარყოფს ინფორმაციას საჩუქრის შესახებ, რომელიც არის კულტურული, ისტორიული და რელიგიური ფასეულობა და უკრაინის იმ ტერიტორიიდან არის გატანილი, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, ეს მიჩნეული იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და სამხედრო ქმედების მიმართ ბოსნიის უმაღლესი ხელისუფლების მხარდაჭერად.   არის თუ არა საგამოძიებო ორგანოების ჩართვის საჭიროება   მინისტრმა ტურკოვიჩმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ისინი ამოწმებენ, თუ რის საფუძველზე გახდა ბოსნია მფლობელი ნივთის, რომელიც მას არ ეკუთვნოდა და ასევე იმას, თუ შემდგომ როგორ წარიმართა ეს საქმე. "რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც სამინისტრო, ვერ შევუდგებით რამის მტკიცებას, ვერც იმის გარკვევას დავიწყებთ, რას ეხება საქმე. ჩვენ არ გვინახავს და არ ვიცით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გადამცემი ვიყოთ უკრაინის საელჩოს იმ თხოვნისა, რომელიც გაგზავნილი იქნა მმართველობაში და, სავარაუდოდ, სხვა დაწესებულებებშიც", განაცხადა მინისტრმა ტურკოვიჩმა. შეკითხვას, თუ რომელ სხვა დაწესებულებებს გულისხმობდა, ტურკოვიჩმა უპასუხა: "ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი საქმე გვაქვს სერიოზულ ქურდობებთან, სერიოზულ ბრალდებებთან ქონების შესახებ, რომელიც უკანონოდ აღმოჩნდა ბოსნია- ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე, პროკურატურა და SIPA (სახელმწიფო საგამოძიებო უწყება) უნდა იყოს ჩართული". ბოსნიის მმართველობის სერბი წევრის კაბინეტმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების სატელეფონო ზარებს და შეკითხვებს ხატთან დაკავშირებით. ბოსნიის მმართველობის ბოსნიელი წევრის მრჩეველმა დაადასტურა, რომ ეს უპრეცედენტო ვითარებაა. მან თქვა, რომ დოდიკმა ყველაფერი უნდა განმარტოს. ხატთან დაკავშირებულ ვითარებაზე საუბრისას ბოსნიის მმართველობის ხორვატმა წევრმა, ჟელკო კომშიჩმა, განაცხადა, რომ თუკი სიმართლეა, რომ "ხატი უკრაინიდანაა და საკუთრებაა და უკრაინაში კონფლიქტის დროს იყო ჩამოტანილი ბანია ლუკაში, გამოდის, რომ ის მოპარულია და მაშინ ვიღაც ციხეში უნდა ჩაჯდეს". "დოდიკმა უნდა თქვას, საიდან მოვიდა ხატი, ვინ მოუტანა მას ის, ვინ მისცა, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო მასშტაბის სკანდალი, ქურდობასთან დაკავშირებული, ეს ისეთი რამ არის, რაც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში იდევნება. ეს საქმე სასამართლოში უნდა დამთავრდეს, ვიღაც ციხეში უნდა წავიდეს, თუკი ეს სიმართლეა. ბევრი რამ არ აღმოჩნდება ხოლმე მართალი. თუკი ეს სიმართლეა, მაშინ ეს არის პასუხი", თქვა კომშიჩმა. ბოსნია-ჰერცეგოვინის კოლექტიური მმართველობის მუსლიმმა და ხორვატმა წარმომადგენლებმა, შეფიკ ჯაფეროვიჩმა და ჟელკო კომშიჩმა, "ბოსნიის ყველა სიმბოლოსა და ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობის" გამო, უარი თქვეს 15 დეკემბერს შეხვედროდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება სარაევოში. ლავროვი შეხვდა ბოსნიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბისერა ტურკოვიჩს, და მილორად დოდიკს „სერბთა რესპუბლიკის“ ადმინისტრაციულ ცენტრში, ბოსნიის ერთ-ერთ ავტონომიურ რეგიონში.   წმინდა ნიკოლოზი ლუჰანსკიდან ბოსნიის გავლით რუსეთში?   ხატი უკრაინიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადაეცა ორშაბათს, 14 დეკემბერს, დოდიკსა და ლავროვს შორის შეხვედრის შემდეგ, აღმოსავლეთ სარაევოში. სერბეთის საინფორმაციო სააგენტომ (SRNA) საზოგადოებას აუწყა, რომ დოდიკმა გადასცა ლავროვს 300-წლიანი ხატი, რომელიც ლუჰანსკში იყო ნაპოვნი, და სხვა, დამატებითი, ინფორმაცია არ მოუყოლებია. სერბეთის საინფორმაციო სააგენტოს (SRNA) თანახმად, ბეჭედი ხატის უკანა მხარეს ადასტურებს მის ნამდვილობას. უკრაინის საელჩოდან წერილის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, დიაკვანი მოსტარიდან, ბრანისლავ რაიკოვიჩი, რადიო თავისუფლებას ხატის შესახებ ესაუბრა. რაიკოვიჩმა განმარტა, რომ, დიდი ალბათობით, ეს იყო წმინდა ნიკოლოზის ხატი. "უდიდესი ალბათობით, ეს არის წმინდა ნიკოლოზის ჩარჩოში ჩასმული ხატი. ამ კონკრეტული ხატის შექმნის ზუსტი დროის შესახებ სრული ინფორმაციის უქონლობის გამო, თუ როდის იყო ის აღნიშნული და, ალბათ, ოფიციალურად დარეგისტრირებული, როგორც უკრაინული კულტურული მემკვიდრეობა, და რადგან ის ჩვენს მიწაზეა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა წარმოშობის ხატების აღმოჩენა ხშირად ხდება ბოსნიაში, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ნაწილში. წარსულში, განსაკუთრებით, ხალხი ხშირად აძლევდა და იღებდა ხატებს საჩუქრის სახით და ასევე ყიდულობდნენ და შეწირულების სახით მიართმევდნენ თავიანთ საეკლესიო თემს", თქვა რაიკოვიჩმა. მან ხაზგასმით შენიშნა, რომ "კავშირები რუსეთთან და უკრაინასთანაც განსაკუთრებით ნათლად გამოხატული იყო კარლოვიჩის საეპისკოპოსოს პერიოდში". კარლოვიჩის საეპისკოპოსო იყო სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საეპისკოპოსო, რომელიც 1708 და 1848 წლებს შორის არსებობდა. "ამას გარდა, მაგალითად, ჩვენს საგანძურებში, ბოსნიისა- ჰერცეგოვინის რეგიონში, უხვადაა იტალო-კრიტული სკოლის ოსტატების ხატები", განმარტა რაიკოვიჩმა.   მეომრები ბოსნიიდან თვითგამოცხადებულ ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკასა და დონეცკის რეგიონში   რუსეთის, უკრაინის, ასევე სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის ურთიერთობები აისახება უკრაინაში მეომრების ჩასვლასა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე. 2013 წელს კონფლიქტის დაწყებიდან ბოსნიის არაერთი მოქალაქე შეუერთდა პრორუსულ ძალებს უკრაინაში, ლუჰანსკსა და დონეცკში. 2020 წლის მარტში ბოსნია-ჰერცეგოვინის სასამართლომ პირველ პროცესზე, რომელიც უკრაინაში ომს შეეხებოდა, გაამართლა გავრილ სტევიჩი, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ ბოსნიელ და სერბ სხვა მოქალაქეებთან ერთად ჩაირიცხა გასამხედროებულ რაზმ „იოვან ჩევიჩში“, რომელიც იბრძოდა უკრაინის მთავრობის ჯარის წინააღმდეგ. სტევიჩმა აღიარა, რომ უკრაინაში იყო, მაგრამ სხვა მიზეზით. მარტში სასამართლოს შემდეგ სტევიჩმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „უკრაინაში ჰუმანიტარული მოტივებით“ წავიდა. სტევიჩი ერთადერთი პირია ბოსნიიდან, ვინც გაასამართლეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით, მაგრამ არაა ერთადერთი, ვისზეც ეჭვია, რომ უკრაინაში იბრძოდა. უკრაინის ხელისუფლებამ მათი სიაც კი გამოაქვეყნა. არაერთი მათგანი ჯერ კიდევ უკრაინაშია. ერთი, დიმიტრიე ჯოიჩი, სავარაუდოდ, უკრაინაში დაიღუპა. საბრალდებო დასკვნის თანახმად, სტევიჩი უკრაინაში წავიდა კაზაკთა გაერთიანების დახმარებით, ბრატისლავ ჟიჟკოვიჩის მეთაურობით მოქმედი „ჩეტნიკების“ რაზმის წევრად. ჟიჟკოვიჩი თავს „ჩეტნიკების“ მოძრაობის მეთაურად მიიჩნევს. ის სერბეთში დააპატიმრეს. სავარაუდოდ, სულ 300-მდე სერბიელი იბრძოდა უკრაინაში. 2019 წლის მონაცემებით, 2015 წლის შემდეგ სერბეთში 30 პირი გაასამართლეს უკრაინაში პრორუსულ ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის. ეს რიცხვი სრული არაა. საქმე ისაა, რომ უკრაინაში ბრძოლებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები დანაშაულს აღიარებენ, თანამშრომლობენ გამოძიებასთან და მათ უმეტესობას ერთწლიან პირობით ან უფრო მსუბუქ სასჯელს უწესებენ. სერბეთში ომის ან შეირაღებული კონფლიქტის წამოწყება უცხო ქვეყანაში ერთიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო ბოსნიაში უცხოურ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობა ტერორიზმთან კავშირში - სამიდან 20 წლამდე პატიმრობით.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share