ფორუმელი Moor Posted 18 დეკემბერი, 2020 Posted 18 დეკემბერი, 2020 რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ მთიანი ყარაბაღის შესახებ 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა აზერბაიჯანსა და სომხეთში. პუტინის თქმით, რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, ყოველთვის უჭერდა მხარს ყარაბაღის გარშემო დაკავებული შვიდი რაიონის აზერბაიჯანისათვის დაბრუნებას. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთელი ეს ტერიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. თავად სომხეთსაც არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ამიტომ თავად მთიანი ყარაბაღიც, სამართლის თვალსაზრისით, აზერბაიჯანია“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ჯერჯერობით სომხეთის ხელისუფლებას რუსეთის ლიდერის ამ გამონათქვამზე კომენტარი არ გაუკეთებია. ხელისუფლების ურეაქციობის ფონზე, დამოუკიდებელი სომეხი პოლიტოლოგები ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის ეს განცხადება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, თითქოს პუტინს „დახურულად მიაჩნდეს ყარაბაღის“ საკითხი. ბაქოში კი პუტინის სიტყვები აზერბაიჯანის მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქვეს. „მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ლაპარაკი ახლა უკვე მხოლოდ წარსულ დროში შეიძლება“, - განაცხადა 18 დეკემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების მეთაურთა საბჭოს ვიდეოშეკრებაზე. აღსანიშნავია, რომ დსთ-ის ამ ვირტუალურ სამიტში არ მონაწილეობდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ნიკოლ ფაშინიანი მგლოვიარეა - მას 16 დეკემბერს მამა გარდაეცვალა. მგლოვიარე ერი და ბერი შაბათიდან კი სომხეთში საყოველთაო სამდღიანი გლოვა დაიწყება. 19 დეკემბერს სრულდება 40 დღე მთიანი ყარაბაღის გარშემო დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან, რომელსაც სომხეთის მხრიდან სულ მცირე 3 000 ადამიანი შეეწირა. მათი უმრავლესობა, 2 783 კაცი, სამხედრო მოსამსახურე იყო. ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა 14 დეკემბერს გამოაცხადა. ეროვნული გლოვის ფარგლებში, არაერთი საერო და საეკლესიო ღონისძიების ჩატარება იგეგმება. ყოველთა სომეხთა კათალიკოსის, გარეგინ მეორის, განკარგულებით, 20 დეკემბერს ყველა სომხურ ეკლესიაში ყარაბაღის ომის დროს დაღუპული გმირების მოსახსენიებელი საეკლესიო პანაშვიდი გაიმართება. უმთავრესი კი იქნება მსვლელობა ერევნის რესპუბლიკის მოედნიდან „ერაბლურის“ სამხედრო პანთეონამდე, სადაც 44-დღიან ომში დაღუპულებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ასამდე კაცი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. სომხეთში წითელი ჯვრის დახმარებით კვლავაც გრძელდება შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა მოძიებისა და ამოცნობის პროცესი. „შესაძლოა ამ დღისთვის ყველა დაღუპულის ნეშტი ვერ იქნეს მოძიებული, გვეყოლება ბევრი ამოუცნობიც, მაგრამ ვფიქრობ, რომ მსგავსი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების გადადება აღარ შეიძლება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სამდღიანი გლოვის გამოცხადების დროს. შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი დღესდღეობით ორმაგად მგლოვიარეა. 16 დეკემბერს მას მამა გარდაეცვალა. როგორც ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა განაცხადა, 80 წლის ვოვა ფაშინიანის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი მძიმე ავადმყოფობა გახდა. მამის გარდაცვალების გამო ნიკოლ ფაშინიანს 18 დეკემბერს მონაწილეობა არ მიუღია დსთ-ის სახელმწიფო მეთაურების ვიდეოსამიტში, რომელიც უზბეკეთის ხელმძღვანელობით გაიმართა. მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მოსკოვის ლიდერობით მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტში სომხეთის მხრიდან მონაწილეობას არ იღებდა არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი, რაც იშვიათი შემთხვევაა დსთ-ის არსებობის განმავლობაში. „მნიშვნელოვანი სიგნალი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ვიდეოსამიტში მონაწილეობდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, რომელიც კმაყოფილი ჩანდა წინა დღით რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ მთიანი ყარაბაღის თაობაზე გაკეთებული განცხადებით. „სრულიად ვეთანხმები ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინს იმაში, რომ როცა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც იყო წარსულში. ეს უკვე ისტორიაა“, - ასე აღიქვა ვლადიმირ პუტინის სიტყვები ილჰამ ალიევმა. 17 დეკემბრის პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინმა, გარკვეულწილად, მართლაც ილაპარაკა მთიანი ყარაბაღის უახლესი ისტორიის შესახებ. კერძოდ, მან ახსენა სუმგაითში დაწყებული „ეთნიკური კონფლიქტი“, რომელიც შემდგომ მთიან ყარაბაღს „მოედო“; ილაპარაკა იმაზე, რომ ორივე მხარეს დღემდე აქვს „საკუთარი სიმართლე“, რომელიც უბრალო „ნორმატიულ - მათ შორის, საერთაშორისო-სამართლებრივ - პოსტულატებზე“ უფრო რთულია, და რომ რუსეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანა, წარსულშიც ყოველთვის უჭერდა მხარს მთიანი ყარაბაღის გარშემო მდებარე 7 რაიონის აზერბაიჯანისათვის გადაცემას. „საერთაშორისო სამართლის მიხედვით, მთელი ეს ტერიტორია აზერბაიჯანის რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს შეადგენს. თავად სომხეთსაც არ უღიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა, ამიტომ თავად მთიანი ყარაბაღიც - საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით - აზერბაიჯანია“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. ბაქოში პუტინის ეს სიტყვები აზერბაიჯანის მხარდაჭერის დემონსტრირებად აღიქვეს. მეტიც, ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინის განცხადებას ყარაბაღის შესახებ უწოდა „მნიშვნელოვანი სიგნალი“ იმ ძალების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელი შეუშალონ სამმხრივი შეთანხმების შესრულებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია იმ ძალების ვინაობა, რომლებსაც ასეთი სურვილი ამოძრავებთ. თავად რუსეთის ლიდერი, როგორც ჩანს, ასეთ ძალებზე ინფორმაციას არ ფლობს. პუტინი დარწმუნებულია, რომ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალის შეყვანის შემდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყდა, დაისადგურა სიმშვიდემ, ადამიანები აღარ იღუპებიან და არ არსებობს სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე. შესაბამისად, საყოველთაო მშვიდობის დამყარების შემდგომ ეტაპად, პუტინის აზრით, უნდა იქცეს „რეგიონის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პოტენციალის ამოქმედება, საავტომობილო, სარკინიგზო და სხვა სახის მიმოსვლის შეუფერხებლად ამოქმედება“. რუსეთის პრეზიდენტი მზად არის, რომ გაიზარდოს მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მანდატით მყოფი რუსი მშვიდობის დამცველების რაოდენობა, თუ ასეთ წინადადებას ორივე მხარის, აზერბაიჯანისა და სომხეთის, ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება. „რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ძალების რაოდენობის გაზრდას, ეს შესაძლებელია, მაგრამ ყველა მხარესთან, მათ შორის აზერბაიჯანის მხარესთან შეთანხმების შემთხვევაში, ვინაიდან ჩვენ თავდაპირველად მოვილაპარაკეთ მშვიდობის დამცველების რაოდენობაზე, რომელიც შეთანხმდა. ეს წმინდად ტექნიკური ხასიათის საკითხია და თუ ყველა მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს [რაოდენობის გაზრდა] საჭიროა, ჩვენ გავაკეთებთ ამას“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 10 ნოემბრის ერთობლივი სამმხრივი განცხადების საფუძველზე მთიან ყარაბაღში ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას აკონტროლებს სამშვიდობო მისიით აღჭურვილი რუსეთის მე-15 ცალკეული მოტომსრბოლელი ბრიგადა, რომელიც 2 000 ჯარისკაცისაგან შედგება. „საკითხი არ არის დახურული?“ მაშინ როდესაც, 44-დღიანი სასტიკი ბრძოლების შემდეგ, მთიანი ყარაბაღის ომისა და მშვიდობის საკითხი მთლიანად რუსეთის ხელშია, ხოლო სომხეთის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების ბედი უცნობია, ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენლები ერევანში თავს იკავებენ რუსეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებისაგან. გარკვეულწილად, ფრთხილობენ საექსპერტო საზოგადოებაშიც. სომეხი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის 17 დეკემბრის განცხადება არ ნიშნავს, თითქოს პუტინი ყარაბაღის საკითხს „დახურულად“ მიიჩნევდეს. „მოცმულ მომენტში რუსეთის პრეზიდენტს არ გამოუხატავს არანაირი პოზიცია. დიახ, მან თქვა, რომ, ერთი მხრივ, ის აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, მეორე მხრივ, არ თვლის, რომ არცახის (ასე უწოდებენ სომხეთში ყარაბაღს) საკითხი დახურულია. არამედ იგი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილი კი არ არის, არამედ უნდა გადაწყდეს“, - უთხრა პოლიტოლოგმა გრანტ მიქაელიანმა რადიო თავისუფლებას. მისი აზრით, პუტინმა მომავალს მიანდო ყარაბაღის საკითხის გადაწყვეტა. მაგრამ საკითხავი ისაა, თუ რომელი მხარის სასარგებლოდ მუშაობს მომავალი და როდის უნდა დადგეს ეს მომავალი. „თავად მთიანი ყარაბაღის სტატუსი უნდა დარჩეს უცვლელი, უფრო სწორად, უნდა გადატანილი იქნეს სამომავლოდ“ („Сам статус Нагорного Карабаха должен остаться неизменным, то есть должен быть передан на будущее“), - ასეა გადმოცემული პუტინის ორაზროვანი ნათქვამი მისი ოთხსაათიანი პრესკონფერენციის სრულ სტენოგრამაში, რომელიც კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული. პუტინის ფრაზის ორაზროვნებამ ყური მოსჭრა ვადიმ დუბნოვს, „ეხო კავკაზას“ მიმომხილველს. „გაუგებარია, ყარაბაღის რომელი სტატუსი მიაჩნია უცვლელად პუტინს. ყარაბაღს არავითარი სტატუსი არ გააჩნია. არსებობს მხოლოდ სტატუს-კვო, რომლის თანახმად, რეგიონი ვითარდებოდა სომხეთის ორბიტაზე. ახლა კი ყარაბაღი, უფრო ზუსტად, რაც მისგან დარჩა, თანდათანობით რუსეთის პროტექტორატად იქცევა“, - მიიჩნევს ვადიმ დუბნოვი. 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა 280 სოფელი და ოთხი დასახლებული პუნქტი (გადრუთი, მინჯივანი, აგბანდი, ბარტაზი), ასევე ქალაქები: შუშა, ჯაბრაილი, ზანგილანი და გუბადალი. ბრძოლების დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრის ერთობლივი შეთანხმების (სამმხრივი განცხადების) თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა სეპარატისტთა ხელთ არსებული კიდევ სამი რაიონი - აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის. მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ნაწილს კი ე.წ. რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ. სრულად ნახვა Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა