Jump to content
×
×
  • Create New...

„ადამიანური შეცდომა“, რის გამოც ISFED-ის დირექტორმა პოსტი დაკარგა


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

„ეს არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება, ეს იყო ადამიანური შეცდომა“ - ასეთია დასკვნა კომისიისა, რომელიც სწავლობდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ საარჩევნო ხმების პარალელური დათვლისას დაშვებული ცდომილების მიზეზებს. რომელმა შეცდომამაც ორგანიზაციის რეპუტაციას სერიოზული დარტყმა მიაყენა, ხოლო მის დირექტორს, ელენე ნიჟარაძეს პოსტი დააკარგვინა. 25 დეკემბერს, „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED)  ოფისში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე, რომელსაც ორგანიზაციის უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორიც ესწრებოდა, ISFED-ის გამგეობის წევრებმა - თამარა სართანიამ და ბაია პატარაიამ დაწვრილებით განმარტეს იმ ხარვეზის მიზეზები, რამაც პარალელური დათვლის პროცესის მიმართ არაერთი შეკითხვა გააჩინა. ცდომილების მიზეზი - დათვლილი ბათილი ბიულეტენები ISFED-მა საარჩევნო ხმების პარალელური დათვლის წინასწარი შედეგები 2020 წლის 1 ნოემბერს გამოაქვეყნა. ამ მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ, პარალელური დათვლის შედეგებსა და ცესკოს მონაცემებს შორის სხვაობა სამი პარტიის, „ქართული ოცნების“, „ერთიანი ნაცინალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შემთხვევაში დაფიქსირდა. სხვაობა ცდომილების ზღვარს სცდებოდა. ორგანიზაციამ შიდა აუდიტის პროცედურა დაიწყო, რაც ყველა არჩევნების შემდეგ,  PVT-ის თანმდევი პროცესია და როგორც თამარა სართანია განმარტავს, სწორედ მაშინ გამოვლინდა ხარვეზი - დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენებიც. ეს მაშინ, როცა საქართველოს კანონმდებლობით - ბათილი ბიულეტები არ ითვლება. ითვლება მხოლოდ ნამდვილი ხმები. ხარვეზი გასწორდა, რომლის შედეგადაც „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის შედეგები მიუახლოვდა ცესკოს შედეგებს. დაზუსტებული შედეგების ამბავი 11 დეკემბერს გამოქვეყნდა, თუმცა დაშვებულმა შეცდომამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა.  ვინ დაუშვა შეცდომა? პროცესში ორგანიზაციის გამგეობა ჩაერთო. შეიქმნა დაშვებული ცდომილების მიზეზების მოკვლევის კომისია, რომელმაც ორ მთავარ კითხვას გასცა პასუხი: რა გახდა ცდომილების მიზეზი PVT-ში და ვისი პასუხისმგებლობა იყო ეს შეცდომა; როდის გახდა ISFED-ისთვის ცნობილი ეს მონაცემი და რატომ გაიგო ეს მონაცემი საზოგადოებამ დაგვიანებით. კომისიამ დასვა კითხვა, რადგან ბათილ ბიულეტენებს საქართველოში დიდი ხანია არ ითვლიან, როგორ მოხდა, რომ 2016 წელს, ფორმულამ სწორად დათვალა შედეგები, ახლა კი შეცდომით? თამარა სართანია ამ ამბავს ასე ხსნის, რომ 2020 წლის პროგრამული უზრუნველყოფა არ ეყრდნობა 2016 წლის Soft-ს. რადგან ეს მეთოდოლოგია სულ იცვლება და იხვეწება, ყოველი შემდგომი PVT ეყრდნობა არა იმავე ქვეყანაში გამოყენებულ პარალელური დათვლის მეთოდს, არამედ,  იმ ქვეყნისას, სადაც ყველაზე ბოლოს  იყო ის გამოყენებული. ამ შემთხვევაში PVT Soft -ი დაეფუძნა სერბეთის მოდელს, სადაც ბათილი ბიულეტენები ითვლება. ვინ არის პასუხისმგებელი პარალელური დათვლის პროცესზე? კომისიამ მოიკვლია, რომ ISFED-ი PVT-ს არ აკეთებს დამოუკიდებლად. ის ამისთვის ქირაობს NDI-ს ექსპერტებს და სწორედ მათთან ერთად აკეთებს პროგრამულ უზრუნველყოფას, უბნების შერჩევას და ეხმარება მას ანალიზში. თუმცა საბოლოო პროდუქტზე, პასუხისმგებელი არის თავად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“. მოკვლევით ასევე გაირკვა, რომ ორგანიზაციამ NDI-ს ექსპერტებს, ლოგიკური ამოცანების ნუსხა კი მიაწოდა,  თუმცა, არ მიაწოდა წერილობით ინფორმაცია, ფორმულა იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება საქართველოში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოთვლა. კომისიამ ვერ დაადგინა ზუსტად, ეს საკითხი ზეპირად მაინც თუ განიხილეს შეხვედრაზე, რადგან ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი გამოითქვა. თუმცა, საბოლოოდ, კომისიამ დაასკვნა, რომ ეს იყო „ადამიანური შეცდომა“, რამაც ყველაფერი გამოიწვია. ხოლო პასუხისმგებლობა მომხდარზე, მათი შეფასებით, თანაბრად ეკუთვნის როგორც დამკვეთს, ისე NDI-ს ექსპერტებს, რომლებმაც არ გადაამოწმეს ფორმულა. კომისია ხაზგასმით ამბობს, რომ ეს წინასწარ, მიზანმიმართულად არ მომხდარა. ასევე, კომისია კატეგორიულად უარყოფს დაშინების ან ზეწოლის მცდელობის ფაქტებს „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის მისამართით. როდის გაიგო ISFED-მა დაშვებული შეცდომის ამბავი?  „სამართლიანი არჩევნები“ უკვე  ატარებდა შიდა აუდიტს, როცა აღმასრულებელ დირექტორს ეუთოს ერთ-ერთმა ექსპერტმა დაურეკა და ჰკითხა, შემთხვევით ფორმულაში ხომ არ იყო მითვლილი ბათილი ბიულეტენებიც. ექსპერტს ამის ეჭვი მონაცემთა ანალიზის შეფასებისას და ცდომილების ხილვის შემდეგ გაუჩნდა. სწორედ ამის შემდეგ იპოვეს ექსპერტებმა ხარვეზი ფორმულაში, რომელიც დათვლისას ბათილ ბიულეტენესავ ითვლიდა. ნოემბრის ბოლოს „სამართლიან არჩევნებს“ უკვე ჰქონდა პასუხი, რომ ეს იყო მხოლოდ ერთი ხარვეზი მთელ პროცესში და რომ მას გავლენა არ ჰქონია სხვა მონაცემებზე. ეს ინფორმაცია იცოდა მხოლოდ აღმასრულებელმა დირექტორმა და მისმა მოადგილემ. რატომ არ გაამხილეს ამ ცდომილების შესახებ მაშინვე? როგორც გამგეობის წევრი ბაია პატარაია განმარტავს, რადგან ცდომილება იყო მხოლოდ 1.,7% და ეს გავლენას არ ახდენდა მანდატების განაწილებაზე, ISFED-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ამ ამბის გასაჯაროება გადაედოთ აუდიტის პროცესის დასრულებამდე. თუმცა ეს გადაწყვეტილება გამგეობამ დაგვიანებულად ჩათვალა და მიიჩნია, რომ ასეთ ახსნას აკლდა დამაჯერებლობა. ხოლო პროცესმა ზოგადად არაერთი ეჭვი გააჩინა, რამაც როგორც ბაია პატარაია ამბობს, „რეპუტაციული ზიანი მიაყენა მთელ ორგანიზაციას და ეჭვქვეშ დააყენა PVT-ს სანდოობაც“. მოკლედ, გამგეობა შეთანხმდა იმაზე, რომ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა ამ ხარვეზის მნიშვნელობა და ვერც ამის ართქმით გამოწვეული შედეგები. რა თქვა ელენე ნიჟარაძემ პოსტის დატოვების შემდეგ? ISFED-ის უკვე ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა 25 დეკემბერს განაცხადა, რომ ხარვეზის შესახებ ღიად საუბარს ის გეგმავდა შუალედური ანგარიშის წარდგენისას, თუმცა 9 დეკემბერს მან შეიტყო, რომ PVT-ს შედეგები მმართველი გუნდის მხრიდან მანიპულაციის მიზეზი გახდა ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მალევე ხარვეზის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება. „მე დღესაც ვთვლი, რომ ამ ხარვეზს არ შეეძლო გამოეწვია რაიმე პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში. ეს არის სპეკულაცია და მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ. მან ისიც აღნიშნა, რომ რადგან პარალელური დათვლის პროცესში პირველად მოხდა ასეთი შეცდომა, ის თავიდანვე მზად იყო პასუხისმგებლობის ასაღებად და თანამდებობიდან წასასვლელადაც. ამ ამბავში ერთ-ერთ მთავარ კითხვას, რატომ არ ეცნობა წერილობით NDI-ს ექპერტებს ფორმულის თაობაზე, ელენე ნიჟარაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხზე მათ ჰქონდათ აქტიური კომუნიკაცია, ოღონდ ზეპირი ხასიათის - შეხვედრაზე დაისვა კითხვა და მათ უპასუხეს, რომ საქართველოში პარალელური დათვლისას ბათილი ბიულეტენები არ ითვლება. ISFED-ი არ დაეჭვებულა, რომ ეს საკითხი ბუნდოვანი იყო და „ვიღაცამ რაღაც ვერ გაიგო“. „ეს იყო ტექნიკური ხარვეზი, რომელიც დაუშვა პროგრამისტმა“, -კიდევ ერთხელ გაიმეორა ელენე ნიჟარაძემ. 20 დეკემბერს "ქართული ოცნებამ" "სამართლიანი არჩევნების" არგუმენტს პარალელურ დათვლაში დაშვებულ შეცდომაზე "სუსტ არგუმენტი" უწოდა. "როდესაც საკმაოდ მსხვილი ბიუჯეტის მქონე ორგანიზაციას აბარია ერთადერთი საარჩევნო ოქმის შედგენა (PVT-ის მონაცემები) და ამ ოქმს უხეშად დაუბალანსებელი სახით აქვეყნებს, ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი ხარვეზის მიზეზი "ადამიანური შეცდომაა"... ეჭვებს შეგნებულ მანიპულაციასთან დაკავშირებით აღრმავებს ის გარემოება, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ერთი თვის მანძილზე მალავდა ხარვეზს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ ნოემბრის პირველ ნახევარში იყო იდენტიფიცირებული", - განაცხადა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. რამდენიმე დღით ადრე, 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“, განაცხადა, რომ გამოავლინა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში, რომლის გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა შეიცვალა. ISFED-ის პარალელური დათვლით „ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ ის 47.6% გახდა. სხვაობა 1.8%-ს შეადგენს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი 12 დეკემბერს თქვა, რომ პარალელური დათვლის შედეგების დაზუსტების შემდეგ, „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემები დაემთხვა ცესკოსას და ამან კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ყოველგვარი საუბარი არჩევნების გაყალბებაზე მტკნარი სიცრუე და სპეკულაციაა.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share