Jump to content
×
×
  • Create New...

ნავალნის გამოძიებამ ეფესბე დაცინვის საგნად აქცია


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ანტიკორუფციონერი ბლოგერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ მასზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთში. 22 დეკემბრიდან მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გრძელდებოდა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ერთკაციანი პიკეტები. ყველაზე დიდი ხმაური მოჰყვა ცნობილი რეჟისორის, ვიტალი მანსკის, უჩვეულო პროტესტს ლუბიანკაზე, რუსეთის ეფესბეს შენობის წინ. რეჟისორმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან ლურჯი ტრუსები მიიტანა. ნავალნის თქმით, სწორედ სამოსის ამ ნაწილზე იყო დატანილი შხამი, რომლითაც კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსი მოწამლეს. წინა დღით ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანმა, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, ახსნა, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა. რუსეთის ფსბ-მ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლასთან დაკავშირებულ გამოძიებას უწოდა „უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებული პროვოკაცია“, ხოლო კუდრიავცევთან საუბარს - „ფაბრიკაცია“. კიდევ უფრო უკმეხი იყო კრემლის პრესმდივნის რეაქცია. დმიტრი პესკოვმა ნავალნის უწოდა „ავადმყოფი“, რომელიც, სავარაუდოდ, „დევნისა“ და „განდიდების“ მანიითაა შეპყრობილი. შეურაცხყოფა, როგორც „პირადი მოსაზრება“ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე ჯერ იყო რუსეთის პრეზიდენტის ირონიული აღიარება, რომლითაც იგი გამოეხმაურა 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ შოკისმომგვრელ ჟურნალისტურ გამოძიებას. კომპანია Bellingcat-ისა და რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ერთობლივად ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მტკიცებულებები, რომლებიც, ორგანიზაციების თქმით, აჩვენებს, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, ახლახან რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ეფესბემ) მოწამლა. ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები მრავალი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ „ბერლინის კლინიკაში მყოფ პაციენტს“ (პუტინი არასოდეს თავისი სახელით არ მოიხსენიებს ნავალნის). „ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ის უნდა მოწამლონ. ვის რაში სჭირდება (იცინის) ... რომ სდომებოდათ, ალბათ, საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 17 დეკემბერს გამართულ ტრადიციულ, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რიგით მე-16, პრესკონფერენციაზე. ერთი კვირის თავზე რუსეთის პრეზიდენტს არც მისი პრესმდივანი ჩამორჩა. 22 დეკემბერს ალექსეი ნავალნის პესკოვმა უწოდა „ავადმყოფი“ (ადრე მას იხსენიებდა მხოლოდ „პაციენტად“) და თავადვე შეეცადა დაესვა მისთვის გარკვეული დიაგნოზი: „მთლიანობაში, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ ავადმყოფს აღენიშნება მკვეთრად გამოხატული დევნის მანია. ასევე შეიძლება მკაფიოდ დავადგინოთ განდიდების მანიის გარკვეული გამოვლინება, იმიტომ რომ, როგორც ამბობენ, ის საკუთარ თავს იესოსთან აიგივებს. ხოლო დანარჩენი, საკუთარი გულფიკის ზონაზე ასეთი ჩაციკვლა და სხვა ამდაგვარი, უკვე ფროიდიზმის გამოხატულებაა“, - განაცხადა დმიტრი პესკოვმა, რომელმაც ხაზგასმით დასძინა, რომ ეს მხოლოდ მისი „პირადი მოსაზრებაა“. სოციალური ქსელები ეფესბეს თემაზე კრემლის პრესმდივნის ასეთი უცნაური რეაქცია მოჰყვა წინა დღით ინტერნეტში ალექსეი ნავალნის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიების მეორე ნაწილს - საუბრის ჩანაწერს მასზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან. ალექსეი ნავალნისთან საუბარში ადამიანი, რომელიც ფსბ-ს თანამშრომელ კონსტანტინ კუდრიავცევად არის ნახსენები, განმარტავს, რომ პოლიტიკოსი მოკვდებოდა, რომ არა მისი ოპერატიული დაჯდომა ომსკში და სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ მისთვის ორგანიზმში ატროპინის შეყვანა: „ცოტა მეტხანს რომ გაგრძელებულიყო, მაშინ, შესაძლებელია, ყველაფერი სხვაგვარად დასრულებულიყო. აი, ხედავთ, ასე მოხდა... ეს სწორედ ის ცუდი ფაქტორია, რომელიც ჩვენს საქმეში შეიძლება იყოს“. ნავალნის თანამოსაუბრემ ასევე თქვა, რომ საწამლავი პოლიტიკოსის ქვედა საცვალზე დაიტანეს. ფსბ-ს რამდენიმე თანამშრომელს, რომლებიც, სავარაუდოდ, მის მოწამვლაში მონაწილეობდნენ, მათ შორის კონსტანტინ კუდრიავცევს, როგორც იტყობინებიან, ნავალნიმ სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით დაურეკა. დარეკვის მომენტში ნავალნიმ უკვე იცოდა, რომ კუდრიავცევი მონაწილეობდა მის თვალთვალში, ასევე ომსკში ჩაფრინდა უკვე მას შემდეგ, რაც ნავალნი ბერლინში გაამგზავრეს სამკურნალოდ, იტყობინებიან გამომძიებლები. მანამდე The Insider-ი და Bellingcat-ი წერდნენ, რომ კუდრიავცევი, რომელიც ქიმიური თავდაცვის სფეროს სპეციალისტია, სპეციალურად გაფრინდა ომსკში, ვინაიდან იცოდა, როგორ უნდა გაექრო შხამის კვალი. თავად ნავალნის განცხადებით, კუდრიავცევმა მასთან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ იგეგმებოდა პოლიტიკოსის მოკვლა „ნოვიჩოკის“ კლასის შხამით. თანამოსაუბრემ ნავალნის ტელეფონით უამბო, რომ მას დაავალეს „ნოვიჩოკის“ შხამისგან გაეწმინდა ნავალნის ტანსაცმელი, მათ შორის ყველაზე „სარისკო საგანი“ - ტრუსები. ნავალნის მიერ ინტერნეტში ატვირთულ ვიდეოს სულ რაღაც ერთ საათში 6 მილიონმა ადამიანმა უყურა, მაგრამ არ უნახავს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს, რომელმაც ფროიდიზმის გამოხატულებად მიიჩნია ნავალნის მიერ ტრუსების ხსენება („საკუთარი გულფიკის ზონაზე ასეთი ჩაციკვლა და სხვა ამდაგვარი, უკვე ფროიდიზმის გამოხატულებაა“). მაგრამ პესკოვის ასეთმა შეფასებამ სოციალურ ქსელებში უფრო გააღვივა კრიტიკა და შაყირი რუსეთის სპეცსამსახურების მისამართით. „სახელმწიფო ჩვენს ტრუსებში რომ მიძვრება, ეს უკვე აღარაა გადაჭარბება“, - ირონიულად წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ხოლო რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის რუსულ აბრევიატურას (ФСБ) ინტერნეტის მომხმარებლები, არც მეტი, არც ნაკლები, ასე შიფრავდნენ: თეთრეულის ფედერალური რეცხვა. ირონიული იყო კრემლის პრესმდივნის გამონათქვამზე თავად ალექსეი ნავალნის კომენტარი. „პესკოვმა თავიდან თქვა, რომ არ უნახავს გუშინდელი გამოძიება. შემდეგ გვამცნო, რომ (მე რა შუაში ვარ, როდესაც პუტინი ჩააცივდა ჩემს ტრუსებს) მე ჩავიციკლე გულფიკის ზონაზე. გამოდის - უნახავს. შემდეგ თქვა, რომ მე საკუთარ თავს იესოსთან ვაიგივებ. იქნებ მან ასე ხრისტო გროზევი მოიხსენია“, - დაწერა ალექსეი ნავალნიმ ტვიტერში. (ხრისტო გროზევი, ბულგარელი ჟურნალისტი, „Bellingcat-ის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის თაობაზე ჩატარებული გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ავტორია. - რედ.) „მუნდირის ღირსების“ დასაცავად ეფესბე სპეციალური განცხადებით შეეცადა „მუნდირის ღირსების“ დაცვას. რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლასთან დაკავშირებულ გამოძიებას რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა უწოდა „უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით მომზადებული პროვოკაცია“, ხოლო ვიდეოს, სატელეფონო საუბრით ნავალნისა და ფსბ-ს თანამშრომელ კუდრიავცევს შორის, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მოწამვლასთან - „ფაბრიკაცია“. ფსბ-ს საზოგადოებრივი კავშირების ცენტრის მიერ 22 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პროვოკაციის“ მიზანი იყო ფსბ-სა და მისი თანამშრომლების დისკრედიტაცია და რომ მისი განხორციელება „შეუძლებელი იქნებოდა უცხოეთის სპეცსამსახურების საორგანიზაციო და ტექნიკური დახმარების გარეშე“. განცხადებაში არ არის ნახსენები რაიმე ვერსია გაყალბების თაობაზე. ასევე არ არის ნახსენები ფაქტები, რომლებსაც შეეძლოთ გაებათილებინათ ნავალნის მოწამვლასთან ფსბ-ს კავშირის გამოძიება. სოციალურ ქსელში რეაქციის გარდა, ალექსეი ნავალნის მიერ კონსტანტინ კუდრიავცევთან საუბრის ჩანაწერს რუსეთის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მრავალი ე.წ. ერთკაციანი პიკეტი მოჰყვა. მოსკოვში, სწორედ ეფესბეს შენობის წინ, ლურჯი ტრუსებით მივიდა პროტესტის გამოსახატავად ცნობილი რეჟისორ-დოკუმენტალისტი, ვიტალი მანსკი, რომელიც პოლიციამ დააკავა. მალე რეჟისორი გაათავისუფლეს, ლურჯი ტრუსები პოლიციამ ჩამოართვა, ხოლო, ტელეკომპანია „დოჟდის“ თანახმად, ერთი კვირის შემდეგ ვიტალი მანსკიზე გაფორმდება პროტოკოლი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი, უგონო მდგომარეობაში მყოფი, 20 აგვისტოს ქალაქ ომსკის საავადმყოფოში მოათავსეს. ფონდის პრესმდივნის, კირა იარმიშის, ინფორმაციით, იმ დღეს, დილით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა და თვითმფრინავში ცუდად გახდა. ამის გამო ავიალაინერი ომსკში დაეშვა და ალექსეი ნავალნი სასწრაფო დახმარების ავტომანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სხვა ქალაქების მსგავსად, 22 დეკემბერს ერთკაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქ ომსკის ეფესბეს შენობის წინ. ნავალნის ომსკის შტაბის წარმომადგენელი, პაველ პივოვაროვი, მივიდა პლაკატით, რომელზეც ლურჯი ტრუსები იყო გამოსახული. „მე გამოვედი პიკეტზე, რათა გამოვხატო ჩემი უპატივცემულობა და ზიზღი ამ დამნაშავეთა ხროვისადმი, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს“, - განაცხადა პივოვაროვმა. მანამდე, ორი კვირით ადრე, ალექსეი ნავალნიმ მოუწოდა ევროპის კავშირს, პუტინის გარშემო მყოფ „დამნაშავეთა ჯგუფს“ სანქციები დაუწესონ. 27 ნოემბერს, ევროპის პარლამენტის წევრებთან ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობისას, ნავალნიმ განაცხადა, რომ ოლიგარქებმა „დროებით ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება“ და 27 ქვეყნისგან შემდგარმა ბლოკმა რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს. გასულ თვეში ევროკავშირმა, აგვისტოში საბჭოთა ტიპის ქიმიური იარაღით ნავალნის მოკვლის მცდელობის გამო, რუსეთის ექვსი მაღალი რანგის მოხელისა და კიდევ ერთი პირის მიმართ სანქციები შემოიღო. ნავალნიმ, რომელიც კრემლისა და ვლადიმირ პუტინის დაუღალავი ოპონენტია, თავის მოწამვლაში რუსეთის პრეზიდენტი დაადანაშაულა. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გამოწერეს 22 სექტემბერს, მკურნალობის შემდეგ. იგი გერმანიაში ციმბირიდან გადაიყვანეს, სადაც ცუდად გახდა. უცხოეთში მყოფი ალექსეი ნავალნი განაგრძობს თავისი მოწამვლის საქმის გამოძიებას. ის თვლის, რომ მასზე ქიმიური თავდასხმის ბრძანება გასცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. 21 დეკემბერს ანტიკორუფციონერი ბლოგერისა და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ მასზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილესთან საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას დაემთხვა რუსეთის საგარეო უწყებაში ევროპული ქვეყნების ელჩების დაბარება. შვედეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცათ იმ პირთა სია, რომლებსაც რუსეთმა თავის ტერიტორიაზე მოგზაურობა აუკრძალა, როგორც სანქციების სფეროში „ანტირუსული აქტიურობის წაქეზების მონაწილეებს“. კერძოდ, ვის დაუწესეს სანქციები, არ არის ცნობილი. კრემლის საგარეო უწყება აცხადებს, რომ მოსკოვის ქმედება უკავშირდება სანქციებს, რომლებიც ადრე ევროპის კავშირმა რუსეთის მაღალი რანგის მოხელეებს დაუწესა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო. „ქვეყნებს, რომლებიც ამ ნაბიჯის ინიციატორები იყვნენ, არ წარმოუდგენიათ დასტური ამ საქმეში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნავალნის შემთხვევას „ინციდენტად“ მოიხსენიებს. ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავრომა, განაცხადა, რომ რუსეთი სამაგიერო სანქციების შემოღებას აპირებდა. გერმანია, საფრანგეთი და შვედეთი იყვნენ ის ქვეყნები, რომელთა ლაბორატორიებმა მიაგნეს ნავალნის ანალიზებში მომწამვლელი ნივთიერების, „ნოვიჩოკის“, კვალს. შხამის არსებობა დაადასტურა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამაც, რომელიც რუსეთმა 21 დეკემბერს გააკრიტიკა ცალკე განცხადებაში.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   213 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 213 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(1)