Jump to content
×
×
  • Create New...

ნათია გიორგაძე – ბავშვობა და სხვა ლესები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

 http://arilimag.ge/wp-content/uploads/2020/11/giorgadze-843695.jpg

ბავშვობა

აღარ ყეფს ძაღლი,

როგორც სოფლის საძიებელი,

გატბევდა ზღვარი ზამთარ-

ზაფხულ არიან სხვაგან,

ამ ეზოს ჰქონდა

მწვანე ღობე,

მწვანე ჭიშკარი

და ფრთაგაშლილი

ხელისგულზე ჭიამაია.

 

* * *

ეს ჩემი სიტყვა

როგორც ტყეში პირველი შესვლა,

იყო ჰაერი მოსალოდნელ

შედეგებს შორის,

არ გავდა შაშვის ნაღვლიან სტვენას,

შავი შაშვისთვის დაგებულ მახეს

და მონადირეს მშიშარას შაშვზე

და მონადირეს სულგანაბულს

და მეთვალყურეს,

დას, სიკვდილისგან დაბრუნებულს

იკრავდა გულში,

ეს ჩემი სიტყვა, მოსასმენად შეუძლებელი

და შესახედად შეუძლებელი

მზის ქვებით სავსე,

გამომშრალი, მეტაფორები,

როგორც ზოგადი უნარების

არ მცოდნე ტიპი, დიდ პოეტებში

უდიდესი და უცაბედი,

ბროწეული, ამ შავ-ბნელ ტყეში

აყვირებული ბროწეული ამ შავ- ბნელ ტყეში

გარეთ – ატლასი შიგნით – სამშობლო

მოსაწყენი და ულამაზესი,

ეს ჩემი სიტყვა ყინვაგამძლე,

საფრთხეში მყოფი,

ტყვე ქალივით გამოსახსნელი,

ენით უთქმელი, ეს ჩემი სიტყვა…

 

* * *

ზვიად რატიანს

ამ ხელებიდან დაპურებულ

მგლებს კბილებს ვუთვლი,

მიწაში ჩაძვრნენ ყვავილები

თან ჩაიტანეს

ვისაც გააჩნდა პოეტები,

სურვილი სუნთქვის,

იმას გააჩნდა ვიღაც

ღმერთზე ამბოხებული.

 

ჩვენ ვამბობთ ახლა

რასაც სხვები აღარ იტყვიან,

რასაც ღრმა ძილშიც დამალავენ

საგულდაგულოდ,

რადგან არ ახდეს,

რაც ძნელია შესაგუებლად,

რომ სანამ მტერი მოვიდოდა

მეფე დაუწვა  მანამ და მისცა

მას ყველაფერი…

 

წყალში თავჩაყოფილ პოეტს,

უკვე დასაღრჩობად – მართალს,

ხედავს ჩემი თვალის ფსკერი,

სახით თვალთმაქციერს

ვწვდები და ვუყვირი:

იგი ჩემი ძმაა,  გაუშვი,

მე მზე გამიშავდეს უმისოდ!

 

ხელს ვშლი ვარსკვლავების ქიმივით

ელავენ მშვიდობის ეშვები.

ელავენ და როგორც შუქნიშანს,

ვერც გაქრობ, ვერც წუთით გელევი.

 

* * *

როცა გზად ტოვებ ადამიანს

და თავს იმართლებ: – ღამე საშიში

სულ არაა, მღვრიეც არაა,

ღამის მთეველი მლოცველები –

მწვანე, სწორფრთიანი კალიები

თავდახრილები…

მზეს შევესიეთ და დავიწვით,

ყავა მოვხალეთ, დალევა კი

ვერ მოვაწარით

და ტყვიისფერი ფოთლებიდან

თეთრ ყვავილებზე

გადავიტანეთ საუბარი,

მაინც გვახსოვდა რომ დავტოვეთ,

რომ ყავარჯენიც არ მივუტანეთ,

ის მკვდარი იყო, მაგრამ მაინც,

მაგრამ ყოველთვის …

ჩვენი სასჯელი შეტანილი

სჯულის კანონში

არ იყო დიდი,

ადამიანებს ღმერთმა მისცა

ხმოვნები, მხოლოდ თანხმოვნებთან,

წერილობითი თუ სიტყვიერი

გაფრთხილებები,

გაფრთხილებები,

როგორ მიყვარხარ მკვდარო,

გზაში მიტოვებულო,

შენთან გასამხელ დარდებს

ვიტევ და ვემზადები…

 

* * *

ვილაპარაკოთ,

სანამ ქრისტე მოსულა,

მერე ის იტყვის…

მისი სიტყვა, ქრისტეშობის

აღსანიშნავად, იქნება

ანტიპოეტური,

ყველა პოეტის მიმართ

მიპყრობილ თვალს და ხელს შუა,

ბრბო ირჩევს სიკვდილს.

ვილაპარაკოთ,

ქალაქიდან გაქცეულებზე,

გული გაწუხებს,

შიგადაშიგ ექიმიც მოდის

და ერთი ბოთლი რქაწითელი

დღესასწაულზე, როგორც ნიშანი

დევს სტუმრებისთვის …

ვილაპარაკოთ,

ჩაიარეს მთებმა, მინდვრებმა,

მდინარეებმა და არავინ ჩამოყოლია,

მხოლოდ ჩვენ დავრჩით –

და ლითონის ხურდა ფულისთვის,

შაშვების გუნდში

ერთი-ორი მეალილოე.

 

* * *

ჩვენ ერთმანეთის გარეშე გავჩნდით,

როცა ჩვენ მოვკვდებით,

ერთმანეთის გამო მოვკვდებით,

მე კი არ ვიცი, მერე სად გნახო?

მე კი არ ვიცი, მერე სად…

 

ცაზე თამაშობენ ვარსკვლავები,

როგორც არტისტები, მსახვრალები.

მე კი სახე სახეს დავატოლე,

ღმერთის სახვეწარი წიგნი ვნახე…

 

შვიდგზის გადიდებდე შენ, უფალო.

მარტო დარჩენილი სიმშვიდისთვის,

მარტო დარჩენილი უდედმამო,

ბავშვთა სახლის კარზე, გადიდებდე!

 

* * *

ხეებზე ფოთლები ცეკვავენ

მე სახლის კარს ისევ ვამოწმებ,

შენს ხმაში თანდათან შეპარულ

სიტყვებს, მეხი არ დაეცეს,

გამხმარი პურივით ვინახავ,

სულ ზედა, სამზეო თაროზე,

სადაც გადავმალე ქარვები,

ჩემი ბედნიერი დღეები,

როცა  წამალივით ვიტირებ,

თვალებს ავიფარებ ხელებზე,

ბრმა ვარ, ვიტყვი: თვალუწვდენელი

არც ზღვა, არც მინდორი არა მაქვს,

მხოლოდ დასანახი ფანჯრიდან,

ის რაც გაანათა ახლა ცამ:

ჯვარზე – კაცი და

ავაზაკი…

(მგონი იწვიმებს),

თავდახრილი,

დგახარ საწოლთან,

მესამე დღეა,

დედა კვდება,

ისევ ვამოწმებ

სახლის კარებს,

მესამე დღეა…

© არილი

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share