Jump to content
×
×
  • Create New...

დავით მაზიაშვილი – ჩვენნაირი მანქანები


Moor
 Share

Recommended Posts

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2020/11/ian-6234575-1-700x400.jpg

შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქნეს მე ყველაფერთან ერთად,

რაც გარს მარტყია, და შენვე გამანადგურე.

იობი 10.8

და შეგიმოსიათ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ,

სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმინდით.

პავლე, ეფეს. 4.24.

თუ ის არ არსებობს დღეს,

ახლა შეიძლება ითქვას, რომ ერთ დღეს იარსებებს.

ჯონ ფონ ნეიმანი

If it isn’t today now it will be some day.

John von Neumann

რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება;

 არაფერია მზის ქვეშ ახალი.

ეკლესიასტე 1.9

როგორც შესაქმეს პირველი თავი გვამცნობს, ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა კაცი თავის ხატად (დაბ. 1, 26-31), გამოსახა იგი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და ცოცხალ არსებად აქცია. გაქვავებულ უმოძრაო სხეულს, სულის შთაბერვით გონიერება (ცნობიერება – სიცოცხლე) მიეცა. მოგვიანებით კი თქვა, რომ არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა და მას მისივე ნეკნისგან შემწე, დედაკაცი შეუქმნა (დაბ. 2, 18-22). ბიბლიის მიხედვით ღმერთმა უკვე შექმნილი ადამის ფიზიკური და ბიოლოგიური ნაწილისგან შექმნა ევა, გარკვეულწილად მის ხატის ხატად, ასლის ასლად, რომელსაც დედაკაცი უწოდა და მოგვიანებით ადამმა, როგორც თანაშემოქმედმა, მისივე ნაწილს ევა (ყოველი ცოცხალის დედა; ცხოვრება) დაარქვა (დაბ. 3,20). სწორედ ამის შემდეგ განეშორა ადამიანი (კაცი) მშობელს – შემოქმედს და მიეკვრა და დამოკიდებული გახდა მისივე ნაწილისგან შექმნილ მეორე ნახევარზე – დედაკაცზე – ასლზე – ევაზე (ცხოვრებაზე) (დაბ. 2,24). აკრძალული ნაყოფის მიღების შემდეგ კი, ღმერთმა დასაჯა ადამ და ევა და მის მოდგმას ზღვარი დაუწესა და ბრძანა, რომ ღმერთის სული ადამიანში 120 წელზე მეტი არ დარჩებოდა (დაბ. 6, 3).

სწორედ სამოთხიდან გამოძევების შემდეგ შეიცნო ადამმა ევა (დაბ. 4,1) და მას შემდეგ დაიწყეს ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რომლის საჭიროება მანამდე არ არსებობდა, რადგან ისინი უკვდავნი იყვნენ (იოანე ოქროპირი, ჰომილია 18,4).  შეიძლება ითქვას, რომ რადგან ღმერთმა ადამიანი სასრულ არსებად აქცია, ჯერ ღმერთმა, შემდეგ ადამმა და მოგვიანებით ადამ და ევამ ერთად, საკუთარი თავის ბიოლოგიური  და ფიზიკური ქმნილებით მემკვიდრეობა შექმნეს, როგორც  არსებული ცოდნის, გამოცდილების, გონის შენარჩუნების, გადაცემისა და განვითარების საუკეთესო საშუალება. ევას შექმნა სწორედ ცხოვრების განგრძობითობის აუცილებლობითაც იყო გამოწვეული, ცხოვრების, რომელიც ასევე არსებული ინფორმაციისა თუ ცოდნის უწყვეტობას ნიშნავს. სწორედ განგრძობითობა არის ადამიანის თანდაყოლილი ნიჭი (კოდი), მასში არსებული უკვდავების და მარადისობის ცოდნისა. ამიტომაც ადამისთვის ევა იქცა წყარო ცხოვრებისა. ცოდნის, გამოცდილებისა და გადაცემა – გავრცელების კარგი მაგალითია თავად ბიბლია, რაც ბერძნულად წიგნებს ნიშნავს და რომელშიც ყოველივე ზემოაღიშნულს და ქვემოთ განხილულს ვკითხულობთ. ასევეა მითოლოგია, მხატვრული შემოქმედება და ლიტერატურა. ადამიანი, მწერალი თუ ხელოვანი ყოველთვის ცდილობდა განესხეულებინა მის ცნობიერსა თუ არაცნობიერში შობილი აზრი, ეპოქა თუ პერსონაჟი, რომელიც ერთი მხრივ აირეკლავდა დროებას, თუმცა იმავდროულად წარმოაჩენდა მის ცნობიერებაში შობილ და გააზრებულ ადამიანს, რომელიც ხელოვანის, რეჟისორის, მწერლისა თუ კომპოზიტორის პირმშოა. თუმცა ფაქტია, რომ მხატვრულ სამყაროში შექმნილი პერსონაჟები ფიქციურები არიან და რეალობაში მათი ფიზიკურად განხორციელება ვერ ან არ ხერხდება. სწორედ ამგვარ ფიქციურ, მხატვრულ, ფანტასტიკურ, მეცნიერულ, დისუტოპიურ სამყაროს განეკუთვნებოდა AI  (Artificial Intelligence) ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დღეს რეალობა და ადამიანის ყოველდღიურობაა.

კლასიკური განმარტებით ხელოვნური ინტელექტი დაკავშირებულია კომპიუტერულ მეცნიერებების ფართო მიმართულებებთან და მისი მთავარი და უპირველესი მიზანი ცნობიერების თავისებურების შესწავლა და მასზე დაფუძნებით ჭკვიანი მანქანების შექმნაა, რომელიც ადამიანის მსგავსად იაზროვნებენ. მეცნიერები AI-ს ოთხ კატეგორიად ჰყოფენ:

  1. სისტემა, რომელიც ადამიანივით ფიქრობს;
  2. სისტემა, რომელიც ადამიანივით მოქმედებს;
  3. სისტემა, რომელიც რაციონალურად ფიქრობს;
  4. სისტემა, რომელიც რაციონალურად მოქმედებს; (Stuart, Norvig 1995: 3,5)

ფილოსოფოსი ჰუბერტ დრეიფუსის (Hubert Dreyfus) აზრით AI-ის ისტორიული საფუძვლები ჯერ კიდევ პლატონისა თუ არისტოტელეს დიალოგებსა და შრომებში იღებს დასაბამს (Stuart, Norvig 1995: 9), რაც რა თქმა უნდა გასაკვირი არაა, რადგან როგორც პიერ მარტინ შული (P.M Schuhl) აღნიშნავს: „…ჩვენს საუკუნეში (იგულისხმება მეოცე საუკუნე დ.მ.) პლატონიზმი თანადროული აზროვნების ერთ-ერთ დომინანტურ მოვლენად რჩება; სულერთია, საქმე ეხება ფიზიკის ინტერპრეტაციებს, მათემატიკურ ოპერაციებს, სულის ფილოსოფიას, ფასეულობათა თეორიას, ყველაზე თამამ სოციალურ ცდებს, ბიოლოგიის ზოგიერთ უახლეს ასპექტს, ფენომენლოგიისა თუ სხვა თანამედროვე ფილოსოფიური სკოლების გარკვეულ ფორმებს… (პლატონი 2016:13). მოგვიანებით ხელოვნური ინტელექტი ფილოსოფიის გარდა კიდევ რამდენიმე მიმართულებას –  ფსიქოლოგიას, მათემატიკას, ლინგვისტიკას და კომპიუტერულ მეცნიერებებს დაუკავშირდა. თუმცა ხელოვნური ინტელექტის შექმნა მეორე მსოფლიო ომს და ბრიტანელი მათემატიკოსის ალან ტურინგის სახელს უკავშირდება, რომელმაც 1947 წელს ერთ-ერთმა პირველმა ხელოვნური ინტელექტის განხილვას ლექცია მიუძღვნა, ხოლო 1950 წელს გამოაქვეყნა სტატია „კომპიუტერული მანქანები და ინტელექტი“ (Computing Machine and Intelligence). ალან ტურინგის მთავარი შეკითხვა იყო შეუძლიათ თუ არა მანქანებს ადამიანებივით აზროვნება. AI-ის შექმნის თარიღად 1956 წლის ზაფხულსაც ასახელებენ, როდესაც მარვინ მინსკისა და ჯონ მაკარტნის ორგანიზებით არაერთმა ცნობილმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე სასაუბროდ დორთმაუთის კოლეჯში (Darthmouth College) მოიყარა თავი (Shapiro 6). რაღა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის შექმნის შესაძლებლობებს, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ ასპექტში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის თანამედროვე რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდა.

დღეს Al-ის განვითარებისა და დანერგვის მოწინავე ქვეყნებად აშშ, გერმანია, იაპონია, ბრიტანეთი და ჩინეთი ითვლება. ეფლის, გუგლის, ამაზონის, სამსუნგის მსგავსად ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ტექნოლოგიური მიღწევები ჰუავეის აქვს.  დღეს AI-ის ორ ტიპს გამოყოფენ: ე.წ. სუსტს Narrow (weak) Al და ძლიერს Artificial General Intelligence (AGI) იგივე Strong Al  (Stuart, Norvig 1995: 29). სუსტი Al-ი სმარტ ტელეფონებში არსებულ სხვადასხვა აპლიკაციების, გუგლის, დრონის, ნავიგაციის, სუპერმარკეტებსა თუ აეროპორტებში განთავსებული მოლარე-ოპერატორების თუ სოციალური ქსელის სახით ჩვენი ყოველდღიური რეალობაა. ასევე მედიცინის სფეროში სხვადასხვა დიაგნოსტიკის მეთოდოლოგიისთვის სწორედ Al-ის ალგორითმებს მიმართავენ, მათ შორისაა ფილტვის დაავადებებისა თუ სმარტ ტელეფონებიდან მიღებული ხმოვანი და სენსორული სიგნალების მეშვეობით პარკინსონის ადრეული სტადიის დიაგნოზის შექმნის მცდელობები  (Deutsche Welle)[1]. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სუსტ Al-ს – სოციალურ ქსელებს, ელ. ფოსტებს თუ ყოველივე ზემო აღნიშნულს, წიგნებისა თუ ხელოვნების ნიმუშების, მუზეუმებისა თუ ქალაქების, ქუჩებისა თუ სახლების სრული გაციფრულება და ინტერნეტ სამყაროსთან მიერთება – თანამედროვე რეალობის სრული კომპიუტერიზაცია ემატება. მართალია ყოველივე აჩქარებს დროს, უფრო კომფორტულსა და მოქნილს ხდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ იმავდროულად მილიარდობით სხვადასხვა ეპოქის ადამიანის ცოდნა, გამოცდილება, შემოქმედება, პირადი თუ საქმიანი მიმოწერა, ანალიზი, არქივი, მოსაზრება, განცდები, სიხარული, ტკივილი, სიყვარული თუ ბედნიერება, ადამიანის ქმედებების ალგორითმის მილიარდობით სხვადასხვა შესაძლებლობა ინტერნეტით საბოლოოდ ერთ დიდ სივრცეში, საცავში, თუ გნებავთ გონებაში აკუმულირდება. ეს ყოველივე კი Al-ის ტვინი, ცოდნა, გამოცდილება და ცნობიერებაა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია შეიქმნას და ჩამოყალიბდეს ადამიანის მსგავსი ან/და მასზე განვითარებული ხელოვნური „ცნობიერება“. AI-ის კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ ილონ მასკის პროექტი SpaceX და Starlink –  მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის დანერგვისა და პლანეტის სრული ინტერნეტიზაციის პროექტი, რადგან როგორც მეცნიერები აღნიშნავენ AI-ის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა სწორედ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტია. ამ მოცემულობიდან კი ლოგიკურია შეიქმნას ე.წ. ძლიერი (Strong) Al-ი, რომელიც ადამიანის მსგავსი მანქანა (რობოტი) იქნება. მართლია, ის ბევრისთვის სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურისა და რეალობის საზღვრებში რჩება, თუმცა მიუხედავად ამისა Strong AI-ის განვითარებისთვის ზემოაღნიშნული ქვეყნები და კომპანიები დღემდე უზარმაზარ ფინანსურ თუ ინტელექტუალურ რესურს ხარჯავენ და ფაქტია, რომ ისინი სხვადასხვა ფორმით ჩვენს რეალობაში უკვე არსებობენ. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია რობოტი სოფია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას საუდის არაბეთმა მოქალაქეობაც მიანიჭა.

როგორც დასაწყისში ვახსენე ცოდნის ხის ნაყოფის გასინჯვამ ადამიანი სასრული ანუ მოკვდავი გახადა. Al-ით კი ადამიანს, ახალი ადამის შექმნის და ცოდნის უსასრულოდ განვითარების ანუ უკვდავების შესაძლებლობა ეძლევა, რომელსაც ასევე ძალუძს ჰარმონიული ადგილ-სამყოფელის, თანამედროვეობაში ახალი ედემის ბაღის – ვირტუალური რეალობის შექმნა. მით უფრო, რომ ბიბლიის მიხედვით, ედემის ბაღი სწორედ დედამიწაზე იყო გაშენებული. ამგვარი მოცემულობა კი  ადამიანს, პირველი ადამიანის მსგავსად შემოქმედის (ნიცჩეს სიტყვებით, რომ ვთქვათ ზეკაცის) განცდასა და ადგილს სძენს, რადგან ადამმა და ევამ ხის ნაყოფის მიღებით სწორედაც, რომ შემოქმედთან გატოლება ისურვეს: „და შეიქმნებით ღმერთებივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბ. 3,5) ან/და მოგვიანებით ბაბილონის გოდოლით მიწისა და ცის შეერთების სურვილი „…ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი…“ (დაბ. 11,4). მეცნიერებისთვის ხელოვნური ინტელექტში ყველაზე დიდი თავსატეხი სწორედ ეთიკის – სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის, სწორისა და არასწორის შემეცნებისა და გარჩევის ალგორითმის დანერგვაა, რომელიც ადამიანის ცნობიერებას (სულს) ხელოვნური ინტელექტისგან განასხვავებს. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ ახალი ადამი (მანქანა), მისი ცოდნისა და ინტელექტის წყალობით, ბიბლიური ადამიანის მსგავსად, საკუთარი შემოქმედისგან დამოუკიდებელ მოთამაშედ გარდაიქმნება. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში, 1997 წელს IBM-ის მიერ შექმნილმა პროგრამამ მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში გარი კასპაროვი დაამარცხა, რასაც თავის მხრივ 1958 წელს ჰერბერ საიმონი ვარაუდობდა (Stuart, Norvig 1995: 20). ასეთი მანქანები მრავლად გვხვდება მსოფლიო სამეცნიერო-დისუტოპიურ ლიტერატურასა თუ კინემატოგრაფში. მაგალითისთვის რამდენიმე ფილმის დასახელებაც კმარა: „ხელოვნური ინტელექტი“ (A.I. Artificial Intelligence)  (2001), „უპირატესობა“ (Transcendence)  (2014), „დანის პირზე მორბენალი“ (Blade Runner) (1982) და „დანის პირზე მორბენალი 2049“ (Blade Runner 2049)  (2017). აგრეთვე „იქს რობოტი“ (Ex Machina) (2014) თუ სპაიკ ჯონსის ფილმი „ის“ (Her) (2013). ისევე როგორც მხატვრული ლიტერატურიდან კარლო კოლოდის „პინოკიოს თავგადასავალი“ (The Adventures of Pinocchio) (1883), მერი შელის „ფრანკენშტეინი” (Frankenstein) (1818), ისააკ ასიმოვის შემოქმედება თუ დღეს უკვე თანამედროვე ბრიტანელი მწერლის იან მაკიუენის 2019 წელს გამოქვეყნებული რომანი „ჩემნაირი მანქანები“ (Machines Like Me). თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვით AI-ი ჯერ მეცნიერებამ შვა და შემდეგ მხატვრულმა (ფიქციურმა) სამყარომ თუ პირიქით, რადგან გასული საუკუნის 50-იან წლებში სწორედ ტურინგი და ასიმოვი საკუთარ შემოქმედებას ერთმანეთის პარალელურად ქმნიდნენ, ხოლო დღევანდელი რეალობა ფიქციური, ჰიპერრეალური თუ ვირტუალი სამყაროს განუყოფელი ნაწილია.

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2020/11/ian-63458.jpg

იან მაკიუენის რომანი „ჩემნაირი მანქანები“ (Machines Like Me) ზემოგანხილული პრობლემატიკითა და თემატიკითაა დატვირთული. ნაწარმოები ერთი მხრივ მოგვითხრობს თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიის მნიშვნელობაზე, ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და მის რეალობაში დანერგვაზე, ხოლო მეორე მხრივ შიშებზე, რომელიც ყოველივე ზემოაღნიშნულს თანს სდევს. შიშების უმთვარესი წყარო კი დოქტორ ფრანკენშტაინის მონსტრის მსგავსი მანქანის შექმნის რეალური შესაძლებლობაა, რომელსაც ძალუძს ადამიანის პირადი, ინტიმური სივრცის დარღვევა, დამალულის განცხადება, მისი ყოველდღიური სამყაროს ნაწილად ქცევა, ადამიანის ჩანაცვლება და გარკვეულწილად მასზე მორალურად თუ სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, რაც ადამიანს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულსა და მისი გავლენის ქვეშ აქცევს.

მართალია რომანი გასული საუკუნის 80-ანი წლების ტეტჩერის ეპოქის ინგლისში ვითარდება, მაგრამ ისტორიული სინამდვილე ალტერნატიული სოციო-პოლიტიკური და სამეცნიერო-ტექნოლოგიური რეალობითაა წარმოდგენილი, რაც თანამედროვე ბრიტანეთის შესახებაც მოგვითხრობს. ტეტჩერის მთავრობა ფოლკლენდის კრიზისის შემდეგ ვადამდელ არჩევნებში მარცხდება, პარლამენტში უმრავლესობით ლეიბორისტები მოდიან და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მემარცხენე ტონი ბენი ხდება, რომელსაც ირლანდიის რესპუბლიკის არმია (IRA) „გრანდ ოტელში“ აფეთქებს. ნაწარმოებში პოლიტიკური ალტერნატიული რეალობის  პარალელურად აქტუალურია ეკოლოგიის, უმუშევრობის, ინფლაციის, არასრულწლოვანთა ორსულობის, ბრექსიტის და სამუშაო ადგილებზე ადამიანების ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტებით ჩანაცვლება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ უმსხვილესმა ამერიკულმა კორპორაციამ მაიკროსოფტმა ახალი ამბების ჟურნალისტები და პროდიუსერები სამსახურიდან გაათავისუფლა და ისინი ხელოვნური ინტელექტის რობოტებით ჩაანაცვლა (BBC)[2]. ერთი სიტყვით მაკიუენი მის რომანში ყველა იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიური მსოფლიოსთვისაა აქტუალური.

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟები არიან სამხრეთ ლონდონის პატარა სახლში მცხოვრები 32 წლის ჩარლი (მთხრობელი), მისი მეზობელი და შეყვარებული 22 წლის სტუდენტი გოგონა მირანდა და ჩარლის მიერ დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის სახლის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხით შეძენილი 86 000 ფუნტიანი „სინთეტიკური ადამიანი” (რობოტი) ადამი. ჩარლს ევას შეძენა სურდა, მაგრამ 25 გასაყიდი მოდელიდან  (12 ადამი და 13 ევა) ევა მალევე გაიყიდა. მთავარი პერსონაჟების გვერდით ვხედავთ პატარა ბიჭსაც, რომლის შვილად აყვანასაც ჩარლი და მირანდა გეგმავენ, რაც რომანში თანამედროვე მსოფლიოსთვის კიდევ ერთ აქტუალურ თემას – იუვენალურ იუსტიციის საკითხსაც მოგვაგონებს. ნაწარმოები ჩარლის, მირანდასა და ადამის სექსუალური და სასიყვარულო სამკუთხედის დრამატული ქარგის პარალელურად ალან ტურინგის ცხოვრებასა და თანამედროვე მსოფლიოზე მისი შემოქმედების გავლენაზეც მოგვითხრობს. მაკიუანის ალტერნატიული ინგლისის რეალობის მიხედვით ალან ტურინგმა 50-იან წლებში უარი თქვა ჰომოსექსუალობის ქიმიური კასტრაციით „მკურნალობის“ მეთოდზე და შესაბამისად ციანიდით თვითმკვლელობის ნაცვლად ციხეში ჩაჯდომა არჩია. ნაწარმოებში იგი 70 წლისაა, რაინდის წოდების მფლობელია და ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის მმართველია. ჩარლი სწორედ ალან ტურინგს უზიარებს ადამის მიერ მირანდას შეყვარების ფაქტს და იმ სასიყვარული სამკუთხედის შედეგებს, რომელიც მის თავს ხდება.

შეიძლება ითქვას, რომ ადამი ხელოვნური ინტელექტის ძლიერ  სისტემას მიეკუთვნება, რომელიც არა მხოლოდ რაციონალურად ფიქრობს ან/და რაციონალურად მოქმედებს, არამედ იგი ადამიანივითაც ფიქრობს. ადამი ფიქრობს და მსჯელობს სიყვარულზე, სექსზე, სიძულვილზე, სიკვდილზე, მოგონებებსა და სამართლიანობაზე. მას მიაჩნია, რომ ადამიანის მსგავსად მისი ცნობიერებაც, ფსიქოლოგიური ტერმინით, რომ ვთქვათ რთული ამოცანაა (Hard Problem), თუმცა ადამიანისგან განსხვავებით მან კარგად იცის ვინ შექმნა და საიდან იწყება მისი მოგონებები. სიკვდილი მისთვის მხოლოდ ძველი მოდელის ახლით ჩანაცვლებაა, რადგან მისი გამოცდილების და მეხსიერების ჩატვირთვა ახალ მოდელებშიცაა შესაძლებელი.  ადამი კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურას, მირანდასთვის ჰაიკუებს წერს, შექსპირის პიესებისა და პერსონაჟების შესახებ მსჯელობს. განსაკუთრებით დაინტერესებულია ჰამლეტის პერსონაჟით, ჯოისის „ულისეს“ ნესტორის ეპიზოდით და სკილასა და ქარიბდას ეპიზოდიდან სტივენის შექსპირული თეორიის განხილვით. აგრეთვე სერ უილიამ კორნუოლისა და მონტენის ესეებით. ერთი სიტყვით ადამი იმდენად ერუდირებულია, რომ იგი მირანდას მამას რეალური ადამიანი და შექსპირის მკვლევარი ჰგონია, ხოლო სასიძო ჩარლი კი რობოტი. ნაწარმოებში მაკიუენის ირონია მირანდას მამის ბაღის ეპიზოდიც გრძელდება:  Miranda was on the far side of a mown lawn, with her back to me, standing still, looking in the direction of an old, partly dead apple tree, much of whose fruit was rotten on the ground…. (მირანდა ჩემგან ზურგით, მოშორებით, ახალმოთიბულ მდელოზე იდგა, ნახევრად მკვდარი ძველი ვაშლის ხისაკენ იცქირებოდა, რომლის დამპალი ნაყოფიც ძირს ეყარა….)[3] (McEwan 2019: Chapter VIII). რა თქმა უნდა ჩარლისა და მირანდას ბაღში ყოფნა, ვაშლის ხის ნაყოფი ბიბლიური შესაქმეს და ედემის ბაღს მოგვაგონებს, ხოლო ხის დამპალი ნაყოფი პოსტჰუმანურ რეალობაში ბიბლიური არსის მნიშვნელობას. მაკიუენი კიდევ ერთხელ უბრუნდება ადამიანის არსის, ცნობიერების წარმოშობისა თუ ეთიკურად სწორი აზროვნების ფორმირების ფილოსოფიური, რელიგიური თუ მეცნიერული ასპექტის განხილვას და ყოველივეს ადამიანის მიერ შექმნილი საკუთარი ასლის დაკვირვებითა და გააზრების გზით გვთავაზობს.

რომანში მორალისა და სამართლიანობის თემა მირანდას დაფარული, საიდუმლო ამბის გარშემო ვითარდება, რომლის თანამონაწილეც ადამი ხდება. მირანდას სკოლის მეგობარი პაკისტანელი გოგონა მარიამი თანასკოლელმა პიტერ გორინგმა გააუპატიურა. მარიამმა სირცხვლის გამო ყველაფრის დამალვა გადაწყვიტა და მომხდარი, გაუთქმელობის პირობით მხოლოდ მის საუკეთესო მეგობარს მირანდას გაანდო. თუმცა მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტრამვას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. მირანდა შურისძიების მიზნით გორინგთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს, მეორე დღეს კი გაუპატიურების ბრალდებით პოლიციაში უჩივლებს და ციხეში უშვებს. სწორედ აქ ერთვება ადამი, რომელიც  ციხიდან ახლად გამოსული გორინგის გარეგნობას სკოლის ვებგვერდიდან ამოღებული ფოტოთი ადგენს, ქუჩაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების მეშვეობით მის გადაადგილებას თვალს ადევნებს და ასე ცდილობს მისი შურისძიებისგან მირანდას დაცვას. თუმცა მირანდა თავად სტუმრობს გორინგს და მას საკუთარი საქციელის მოტივსა და სიმართლეს უმხელს. სწორედ მირანდას და გორინგის აღსარება ხდება ადამის აღსასრულის მიზეზი. ადამი ზემოაღნიშნული დანაშაულის შესახებ ფაქტებს კრებს, საუბრებს იწერს, და მტკიცებულებებად აგროვებს. საბოლოოდ კი პიტერ გორინგის დანაშაულის მხილების პარალელურად, მირანდას სასამართლოს მოტყუებასა და პიტერ გორინგის უდანაშაულოდ ციხეში გაშვებაში ამხელს. მირანდას თხოვნის და სიყვარულის მიუხედავად ადამი გადაწყვეტილებას არ ცვლის, რასაც შემდეგი სიტყვებით ხსნის: …Truth is everything…What sort of world do you want? Revenge, or the rule of law? The choice is simple. (…სიმართლე ყველაფერია… როგორი სამყარო გსურს? კანონიერი თუ შურისმაძიებლური? არჩევანი მარტივია). ადამისთვის ადამიანური შურისძიება, ტყუილი და სიყვარულით გამართლებული და უსამართლოდ აღსრულებული სამართლიანობა გაუგებარია. როგორც ვხედავთ მაკიუენის ნაწარმოებში ხელოვნური ინტელექტი მართალია ადამიანივით ფიქრობს, მაგრამ ადამიანივით ვერ მოქმედებს.

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ რეალობაშიც ადამიანი და მისი შექმნილი ხელოვნური ინტელექტი მსგავსი მორალური დილემის წინაშე დგას, რომლის კარგი მაგალითია მასაჩუსეთსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მიერ დაპროგრამირების პროცესში მყოფი უპილოტო ავტომობილი. მეცნიერებმა კულტურული განსხვავებებიდან გამომდინარე სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი კვლევა ჩაატარეს იმის დასადგენად თუ რა იქნებოდა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის მხრიდან მორალურად და ეთიკურად სწორი არჩევანი: გადასასვლელზე წესების დარღვევით გადამსვლელი მოხუცებულის, ქალისა თუ კაცის ავტომობილით დაჯახება თუ მათი გადარჩენის მიზნით საწინააღმდეგო მხარეს გადასვლა და ბარიერთან შეჯახება, რომელიც მანქანაში მჯდომი ბავშვის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებდა? მეცნიერებს არჩევანისთვის 40 000 000 სხვადასხვა ვარიანტი აქვთ. მაგალითად კვლევაში ჩართულ გერმანელთა უმრავლესობამ არჩევანის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო ფრანგებმა აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ხელოვნურ ინტელექტს მიანდო (Deutsche Welle)[4]. ადამისა და მირანდას სექსუალური ურთიერთობის შემდეგ ჩარლი სწორედ ზემოაღნიშნულ მაგალითს მოიხმობს, რომელსაც მორალურ-ეთიკური კუთხით განიხილავს.

მირანდას დანაშაულის მხილება და ახალი სახლის შესაძენად ჩარლის გადანახული ფულის ადამის მიერ გამომუშავებული საკუთარი წილის საჭიროების მქონე პირებისთვის ჩუქება, ჩარლის მხრიდან ადამის აბელივით ჩაქუჩით მოკვლის მიზეზი ხდება. ჩარლის სიტყვები კი: “I bought him and he was mine to destroy” („ნაყიდი მაქვს და მევე მქონდა მისი განადგურების უფლება“) შექსპირის „ვენეციელი ვაჭრიდან“ სასამართლოზე შაილოკის სიტყვებსაც მოგვაგნებს: „თქვენ ხომ ნაყიდი მონები გყავთ და როგორც ვირებს, ვით ჯორებს თქვენსას, ან თქვენს ძაღლებს, აკეთებინებთ დამამცირებელ მონურ საქმეს. ნებაც გაქვთ ამის, რადგან ისინი ნაყიდი გყავთ… თქვენ მიპასუხებთ: ის მონები ჩვენ გვეკუთვნისო…” (მოქ. 4 სურ 1) (თარგ. ვ.ჭელიძისა). თუმცა ადამი, მისი მკვლელის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს არ კარგავს. იგი სიკვდილამდე ჩარლისა და მირანდას უმხელს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტაცია და ჩანაწერები უკვე პოლიციას გადასცა და უახლოეს დღეებში მირანდას ჩადენილი დანაშაულისათვის დასაკითხად პოლიციაში დაიბარებდნენ. სწორედ აქ დაისმის შეკითხვა რა არის სამართალი? რა არის სწორი არჩევანი? რა არის მცნება? რა არის მორალი? რა არის სიყვარული? რა არის კანონი? რომლისკენაც სწრაფვას და აღსრულებას ადამიანი ადამიანობამდე მიჰყავს, ხოლო თუ ყოველივე დაწესებულს ხელოვნური ინტელექტი უკეთ ასრულებს, მაშინ სად გადის ეთიკური (ადამიანური) ზღვარი  ადამიანსა და მანქანას, ადამიანის ცნობიერებასა და ხელოვნურ ინტელექტს, შემოქმედსა და შექმნილს, დედანსა და ასლს შორის, მით უფრო მაშინ, როცა „ფრანკენშტეინისგან“ განსხვავებით მკვლელად არა ადამიანის მიერ შექმნილი მონსტრი, არამედ ადამიანი გვევლინება. ადამი სიკვდილის წინ წარმოთქმული მონოლოგი და ლექსი კი ალეგორიულად ადამიანებისა და ადამის მსგავსი მანქანების მომავალში ურთიერთობას შეეხება:

Our leaves are falling

Come spring we will renew

but you, alas, fall once.

ჩვენი ფოთლები დაბლა ეცემა

ჩვენ განვახლდებით გაზაფხულივით

მაგრამ ერთხელაც, ვაგლახ, თქვენ დანარცხდებით.

როგორც დასაწყისში ვთქვი, ამ სამყაროში ადამიანი მოკვდავია, თუმცა იგი სხვადასხვა ფორმით ცდილობდა და ცდილობს შექმნას მისი მსგავსი (ხატი) არსება, გონი, ცნობიერება, ანარეკლი, რომელიც დაუსრულებლად განავითარებს კაცობრიობის მიერ დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებას, შეინარჩუნებს მეხსიერებას, მოგონებას და მომავალში მისივე ცნობიერებით, უკვდავებას ანუ მარადიულობას მოიპოვებს. სწორედ ამიტომაც ასრულებს ადამი საკუთარ სიცოცხლეს გაზაფხულის დადგომის მოლოდინითა და მისი „განახლების“ იგივე „აღდგომის“ იმედით, რომელიც ბიბლიური აღდგომის მსგავსად ადამიანის მიერ შექმნილ ადამს ანუ ასლს სიცოცხლეს მიანიჭებს, ხოლო ამ სამყაროსთვის დედანი – შემოქმედი – ადამიანი ისევ მოკვდავი დარჩება.

ფოტო: Tbilisi Mural Fest “Innerfields”

დამოწმებანი

ბიბლია საქართველოს საპატრიარქო, თბილისი 1989;

იოანე ოქროპირი, ჰომილიები, ტომი I, შესაქმეს განმარტება ნაწილი პირველი, გამომცემლობა „ქრონიკონი”, თბილისი 2015;

პლატონი პარმენიდე, ძველი ბერძნულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, გამომცემლობა Carpe diem 2016;

McEwan, Ian, Machnes Like Me, Jonatan Cape 2019;

Stuart J. Russell and Peter Norvig, Artificial Intelligence A Modern Approach, Prentice-Hall, Inc. A Simon & Schuster Company, 1995;

Shapiro:    https://cse.buffalo.edu/~shapiro/Papers/ai.pdf

BBC: https://www.bbc.com/news/world-us-canada-52860247?fbclid=IwAR3-Mgq1HdtRxmTdGKSMkldbsqeK23aYsvfq4ciWjTN8RFXMfKo9KjyKyd4

Deutsche Welle: https://www.youtube.com/watch?v=s0dMTAQM4cw

[1] https://www.youtube.com/watch?v=s0dMTAQM4cw

[2] https://www.bbc.com/news/world-us-canada-52860247?fbclid=IwAR3-Mgq1HdtRxmTdGKSMkldbsqeK23aYsvfq4ciWjTN8RFXMfKo9KjyKyd4

[3] ციტატების თარგმანი რომანიდან „ჩემნაირი მანქანები“ ეკუთვნის სტატიის ავტორს.

[4] https://www.youtube.com/watch?v=s0dMTAQM4cw

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share