Jump to content
×
×
  • Create New...

მკვლელის დევნა


Recommended Posts

  • ფორუმელი

2013 წლის დეკემბერში, გვინეის სოფელ მელიანდოუში პატარა ბიჭუნა იმ საზარელი დაავადების ათვლის წერტილად იქცა, რომელიც სამ ქვეყანაში აფეთქდა და მთელ პლანეტაზე შფოთი, შიში და დავა გამოიწვია.

ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ ბავშვის სიკვდილს რამდენიმე ათასი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვებოდა. ემილ ოუამუნოს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები – მაღალი სიცხე, შავი განავალი, ღებინება, შესაძლოა, რომელიმე სხვა დაავადების, მათ შორის – მალარიის კლინიკური სურათიც ყოფილიყო. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: აფრიკის სოფლებში ბავშვები ხშირად დაუდგენელი ციებისა და ფაღარათის გამომწვევი დაავადებებისგან იღუპებიან. მალე ბიჭუნას დაც დაიღუპა, შემდეგ დედა და ბებია, სოფლის ბებიაქალი და ექთანი. გადამდები სენი მელიანდოუდან სამხრეთ გვინეის სხვა სოფლებშიც გავრცელდა. ეს იყო თითქმის სამი თვით ადრე, ვიდრე სიტყვა „ებოლა“ გვინეასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ინტერნეტ-გზავნილებში მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდებოდა.

ემილ ოუამუნოს გარდაცვალებისას, მელიანდოუში არც დედაქალაქ კონაკრიდან ჩამოსული ექიმები და არც ვირუსულ დაავადებათა უცხოელი ექსპერტები არ იმყოფებოდნენ. იქ რომ ყოფილიყვნენ, შესაძლოა, დროულად მიექციათ ყურადღება იდუმალი ავადმყოფობისთვის. როგორ დაავადდა ბიჭუნა? რას აკეთებდა, რას ეხებოდა, რით იკვებებოდა?

MM8398_150222_03975-1024x576.jpgგვინეა
ბოლას პირველი მსხვერპლი – ემილ ოუამუნო ღამურებით სავსე ხესთან თამაშობდა. ამ ფაქტმა მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ებოლას რეზერვუარი ანგოლური ბულდოგისებრი ღამურა იყო. MM8398_150226_08976-1024x576.jpg მამას ოჯახის წევრთა ფოტოები უჭირავს – მის გარდა, ყველა დაიღუპა.

ებოლას ვირუსის ერთ-ერთი თავსატეხი ის არის, რომ დროდადრო წლობით უჩინარდება. 1976 წელს ზაირში (დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) აფეთქებისა და იმავე წელს სუდანში (დღევანდელი სამხრეთი სუდანი) გამოვლენილი მონათესავე ვირუსის შემთხვევის შემდეგ, ებოლას დიდი და მცირე მასშტაბით გამოვლენების თანმიმდევრობა არარეგულარული იყო. 17-წლიანი პერიოდის განმავლობაში (1977-1994) ებოლას ვირუსით გამოწვეული არც ერთი დადასტურებული ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ებოლა არ არის დაავადება, რომელიც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. ამ 17 წლის განმავლობაში, მას რომ მოსახლეობაში ემოძრავა, ნამდვილად გვეცოდინებოდა.

ვირუსი დიდხანს ვერ ცოცხლობს და ცოცხალი ორგანიზმის გარეშე საერთოდ არ გააჩნია გამრავლების უნარი. ეს ნიშნავს, რომ მას აუცილებლად მასპინძელი სჭირდება – სულ ცოტა ერთი ცხოველი, მცენარე, სოკო ან მიკრობი მაინც, რომლის სხეულსაც იგი პირველად გარემოდ იყენებს, უჯრედოვან სტრუქტურას კი – რეპროდუქციისთვის. ზოგიერთი მავნე ვირუსი ცხოველების ორგანიზმში ბინადრობს და ხანდახან ასნებოვნებს ადამიანს. ასეთი ვირუსების მიერ გამოწვეულ დაავადებებს მეცნიერები ზოონოზურს უწოდებენ. ებოლაც ზოონოზია და განსაკუთრებით საშიში – რამდენიმე დღეში მრავალ ადამიანს კლავს ან სიკვდილის პირას მიჰყავს. შემდეგ კი ქრება. მაგრამ სად?

MM8398_150222_04342-1024x576.jpgრისკიანი რწმენა
მელიანდოუელი მკურნალი გოგონას სხეულიდან დემონების გამოდევნისთვის ემზადება. ხალხური რწმენა მრავალი დაავადების, მათ შორის ებოლას, გამომწვევ მიზეზად ავ სულებს მიიჩნევს. უშუალო კონტაქტი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას.

შიმპანზეებში ან გორილებში – არა; ის სადღაც სხვაგან უნდა იმალებოდეს. საველე კვლევებმა აჩვენა, რომ ებოლას ვირუსით ეს ცხოველებიც ხშირად იღუპებიან. ისინი მასობრივად ამოწყდნენ იმავე ადგილებში და იმავე დროს, როდესაც ებოლას ვირუსმა ადამიანებში იფეთქა. ზოგიერთი პრიმატის გვამში ებოლას ვირუსი აღმოჩნდა. მათი ხორცის საკვებად გამოყენება კი, ადამიანების დაავადების ერთ-ერთ გზად იქცა.

ორგანიზმს, რომელშიც ზოონოზური ვირუსი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება (ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენის გარეშე) მასპინძელ-რეზერვუარს უწოდებენ. მაიმუნები ყვითელი ციების ვირუსის მასპინძლები არიან, ავსტრალიაში მობინადრე ხილიჭამია ღამურები – ჰენდრას ვირუსის. ღამურებისგან ეს ვირუსი ცხენებს გადაეცემა, ცხენებისგან მეჯინიბეები და ვეტერინარები ავადდებიან და ხშირად იღუპებიან. იმ მომენტს, როდესაც ვირუსი რეზერვუარიდან სხვა ორგანიზმზე გადადის, „სპილოვერს“ (ინგლ. – გადადინება) უწოდებენ.

MM8398_141123_00885-1024x576.jpgშეპყრობილი
ებოლას ვირუსით დაავადებულ მამაკაცს ფეხზე აყენებენ მას შემდეგ, რაც ჰასტინგსის (ფრიტაუნი) ებოლას სამკურნალო ცენტრის კედელზე გადაძრომა სცადა. თორმეტი საათის შემდეგ ის დაიღუპა.

ფიქრობენ, რომ ებოლას მასპინძელ-რეზერვუარი, შესაძლოა ხილის ღამურა იყოს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და არა მეცნიერულად დადასტურებული ფაქტი. ველურ ბუნებაში მისი წარმოშობის წყარო ვერავინ აღმოაჩინა.

„სად იმალება იგი მაშინ, როცა ადამიანები არ ავადდებიან?“ – კითხულობს ებოლას კვლევის პიონერი, ვირუსოლოგი კარლ ჯონსონი, რომელიც ზაირში დაავადების აფეთქების დროს საერთაშორისო რეაგირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ლაბორატორიაში სწორედ მან გამოყო ეს ვირუსი და მას ზაირის პატარა მდინარის სახელი – „ებოლა“ უწოდა. მაშინ ჯონსონი ველურ ბუნებაში ვირუსის სამალავითაც დაინტერესდა. თუმცა, როდესაც ებოლას აფეთქება ხდება, პირველ რიგში, ადამიანებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაა საჭირო, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს კვლევა-ძიებას ვირუსულ ეკოლოგიაში. ხალხს აღიზიანებს კომბინეზონებში გამოწყობილი უცხოელების ხილვა, რომლებიც მეთოდურად კვეთენ პატარა ძუძუმწოვრებს იმ დროს, როცა მათ ახლობლებს სუდარაში ახვევენ. ჯონსონის თქმით, 39 წლის შემდეგაც, „მასპინძელ-რეზერვუარის ვინაობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

ღამურების წვიმა

2014 წლის აპრილში ფაბიენ ლინდერცი მკვლევართა გუნდთან ერთად სამხრეთ გვინეაში ჩავიდა. ლინდერცი ბერლინის რობერტ კოხის ინსტიტუტის დაავადებათა ეკოლოგი და ვეტერინარია, რომელიც ველურ ბუნებაში ლეტალურ ზოონოზებს სწავლობს. გვინეაში ის კოტ-დ’ივუარიდან გადავიდა. 15 წელი ტაის ეროვნულ პარკში, შიმპანზეებსა და სხვა ცხოველებს შორის გავრცელებული დაავადების საკითხებზე მუშაობდა. პირველ რიგში მას ორი რამ უნდა გაერკვია: მოხდა თუ არა უახლოეს წარსულში შიმპანზეებისა და სხვა ცხოველების მასობრივი დაღუპვა, რაც აფრიკის მშიერ მოსახლეობას ავადმყოფ ცხოველთა გვამებიდან ინფიცირების რისკის ქვეშ დააყენებდა? თუ პირველ მსხვერპლ ადამიანს ებოლას ვირუსი პირდაპირ რეზერვუარი-მასპინძლიდან გადაეცა? მაშინ ლინდერცმა არაფერი იცოდა ემილ ოუამუნოზე. იგი ოფიციალურ პირებსა და მოსახლეობას ესაუბრა, ორი ნაკრძალი მოიარა, თუმცა შიმპანზეების ან სხვა მსხვილი ძუძუმწოვრების სიკვდილიანობის მტკიცებულება ვერსად იპოვა. ლინდერცი სოფელ მელიანდოუს მოსახლეობასაც შეხვდა და ერთი საინტერესო ამბავიც მოისმინა – ღამურებით სავსე ფუღუროიანი ხის შესახებ.

MM8398_141111_00199-1024x576.jpgეჭვის ქვეშ
ხილიჭამია ღამურები, რომელთაგან ზოგიერთი შეიძლება ებოლას ვირუსის მატარებელი იყოს, მრავლად არიან აფრიკაში. ხშირად მათ მიირთმევენ კიდეც.

ეს პატარა, სწრაფად მფრენი ღამურები ექოლოკაციის საშუალებით მწერებით იკვებებიან. ისინი იმ დიდი ზომის არსებებს არ ჰგვანან, შებინდებისას მედიდურად რომ გამოფრინდებიან ხოლმე ხილის საჭმელად.

ადგილობრივები მათ „ლოლიბელოს“ უწოდებდნენ – თაგვებივით ფრთხილი, მყრალი სუნის, ფრთის მემბრანებს მიღმა გამოშვერილი ხვეული კუდებით. ლინდერცის ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ სოფლის მოსახლეობა, სავარაუდოდ, ანგოლური ბულდოგისებრი ღამურების (Mops condylurus) შესახებ საუბრობდა. ადგილობრივები იხსენებენ, რომ დიდ ფუღუროიან ხეში, რომელიც სოფლის სიახლოვეს, ბილიკთან იდგა, უამრავი ასეთი ღამურა ეკიდა. რამდენიმე კვირის წინ ეს ხე დაუწვავთ, ალბათ, თაფლის მოპოვება უნდოდათ. ხალხი ჰყვება, ცეცხლმოკიდებული ხიდან „ღამურების წვიმა წამოვიდაო“. რომ არა მთავრობის მოულოდნელი განცხადება ებოლას გამო გარეული ხორცით კვების აკრძალვის შესახებ, მკვდარი ღამურები, შესაძლოა, ეჭამათ კიდეც. მოსახლეობამ მკვდარი ღამურები გადაყარა.

ხალხი იმასაც ამბობდა, რომ მანამდე ამ ხესთან ბავშვები ხშირად თამაშობდნენ, ზოგჯერ ღამურებსაც იჭერდნენ, წვავდნენ და მიირთმევდნენ. შეიძლება მათ შორის ემილ ოუამუნოც იყო.

ლინდერცმა კონსულტაციისთვის კოლეგას, ნიადაგის ნიმუშიდან დნმ-ის აღდგენის სპეციალისტს მიმართა. აუცილებელი იყო იქ მობინადრე ღამურების სახეობის დადგენა. „სინჯარებითა და კოვზით ნიადაგის ნიმუშების შეგროვება დავიწყე“, – მითხრა ლინდერცმა. გენეტიკურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ისინი ანგოლური ბულდოგისებრი ღამურები იყვნენ. ამგვარად, ეს მწერიჭამია (და არა ხილის მჭამელი) ღამურა, ებოლას მასპინძელ-რეზერვუარის როლის შემსრულებელ კანდიდატებს შეუერთდა.

მოხეტიალე მოგზაური

ღამურებზე პირველი ეჭვი მარბურგის ვირუსით გამოწვეული დაავადების გავრცელებამ წარმოშვა. ეს ებოლას მონათესავე, შედარებით ნაკლებად ცნობილი ვირუსია ფილოვირუსების ჯგუფიდან. სამხრეთ-აფრიკელი ვირუსოლოგის, რობერტ სვანეპოლის თქმით, ებოლას ისტორია მჭიდროდ უკავშირდება მარბურგის ვირუსის ისტორიას.

„ორივე ვირუსი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული“, – პრეტორიაში მის სახლში, კომპიუტერის ეკრანთან ვისხედით და ფოტოებს ვათვალიერებდით. სვანეპოლი იოჰანესბურგის გადამდებ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტში (NICD) მუშაობდა და „განსაკუთრებული პათოგენების“ განყოფილებას უძღვებოდა.

MM8398_150128_00053-1024x576.jpgკონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ჩვეულებრივ, ებოლა ასეთი ცუდი გზებით დაკავშირებულ, თითქმის იზოლირებულ სოფლებში იფეთქებს ხოლმე. 2014 წლის აფეთქება კი განსხვავდებოდა – მან სწრაფად მოიცვა ქალაქები.

1967 წელს, ებოლას აღმოჩენამდე 9 წლით ადრე, სამედიცინო კვლევებისთვის განკუთვნილი უგანდელი მაიმუნებით სავსე ტვირთი ფრანკფურტში, მარბურგსა და ბელგრადში ჩავიდა და თან მანამდე უცნობი საშიში ვირუსი ჩაიტანა. ყველგან დაავადდნენ ლაბორატორიის მუშაკები, მათი ოჯახის ზოგიერთი წევრი და ჯანდაცვის მუშაკები. 32 დადასტურებული შემთხვევიდან, შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. ახალ ვირუსს, ამ ძაფისებრ არსებას, მარბურგის ვირუსი უწოდეს. 8 წლის შემდეგ, იოჰანესბურგის ჰოსპიტალში მარბურგის ვირუსით გამოწვეული დაავადებით ავსტრალიელი სტუდენტი დაიღუპა, რომელმაც მეგობართან ერთად როდეზიაში (დღევანდელი ზიმბაბვე) იმოგზაურა. მეგობარიც დაავადდა, მაგრამ გამოჯანმრთელდა. მათ ჩინჰოის გამოქვაბულები, ჩრდილოეთ როდეზიაში მდებარე მღვიმეებისა და კარსტული ძაბრების კომპლექსი მოინახულეს, რომელიც მრავალი აფრიკული გამოქვაბულის მსგავსად, ღამურების საბინადროა. მოგზაურს რომელიღაც მწერისა თუ ობობას ნაკბენი ჰქონდა, ექიმებმაც მთელი ყურადღება ნაკბენზე გადაიტანეს და არა გამოქვაბულებზე.

1980 წელს ერთმა ფრანგმა ინჟინერმა დასავლეთ კენიაში კიტუმის გამოქვაბული მოინახულა (ღრმა გასასვლელი მთის ვულკანურ ქანებში). ის მარბურგის ვირუსისგან ნაირობის ჰოსპიტალში გარდაიცვალა. 1987 წელს დანიელი სკოლის მოსწავლე ბიჭუნა ელგონის მთაზე აძვრა და იგივე გამოქვაბული დაათვალიერა. ის მარბურგის ვირუსის მონათესავე ვირუსით დაიღუპა, რომელსაც ამჟამად რავნის ვირუსს უწოდებენ. 1995 წელს კიდევ ერთი აფეთქება, ამჯერად უკვე ებოლა, თავს დაატყდა ქალაქ კიკვიტს (დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). ადამიანისგან ადამიანის ინფიცირების ჯაჭვი, რომელსაც დაავადების 315 და გარდაცვალების 254 შემთხვევა მოჰყვა, იმ ადამიანისგან დაიწყო, რომელსაც მანიოკი მოჰყავდა და ქალაქის განაპირას ხის ნახშირს ამზადებდა. სვანეპოლის მთავარი ამოცანა იმავე ეკოსისტემაში, წინა წლის აფეთქების იმავე პერიოდში მასპინძელ-რეზერვუარის პოვნა იყო. „იმ ეტაპისთვის მე უკვე ვფიქრობდი ღამურებზე “, – მითხრა მან.

სვანეპოლი და მისი გუნდის წევრები სისხლისა და ქსოვილების ნიმუშებს არა მხოლოდ ღამურებისგან, არამედ ცხოველთა ფართო სპექტრიდან იღებდნენ, მათ შორის მწერებისგან. ლაბორატორიაში ამ ნიმუშების სკრინინგისას მან ებოლას ვერანაირი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინა და ექსპერიმენტულ კვლევას შეუდგა. NICD-ის მაღალი უსაფრთხოების კომბინეზონში გამოწყობილს (ბიოუსაფრთხოების დონე უმაღლესი – BSL 4).

პირადად შეჰყავდა კიკვიტის აფეთქების გამომწვევი ებოლას ვირუსი მცენარეთა 24 და ცხოველთა 19 სახეობის წარმომადგენელში. მათ შორის ობობებში, მრავალფეხებში, ხვლიკებში, ფრინველებში, თაგვებსა და ღამურებში, შემდეგ კი, დროთა განმავლობაში მათ მდგომარეობას აკვირდებოდა. უმეტეს ორგანიზმებში ებოლა სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა, მცირე რაოდენობით ვირუსი მხოლოდ ერთ ობობაში გამოვლინდა (გადარჩა, თუმცა, სავარაუდოდ ვერ გამრავლდა). ხოლო, რაც შეეხება ღამურებს – მათ ებოლას ვირუსი, სულ ცოტა, 12 დღე შეინარჩუნეს. ამ ღამურებიდან ერთი ხილიჭამია ღამურა იყო, ხოლო მეორე – ანგოლური ბულდოგისებრი ღამურა – პატარა მწერიჭამია. შეიქმნა ვარაუდის საფუძველი (და არა დადასტურება), რომ სწორედ ეს არსებები იყვნენ ებოლას ვირუსის შესაძლო მასპინძელ-რეზერვუარები.

ათი ათასი თივის ზვინი

კიკვიტის მოვლენებმა მარბურგისა და ებოლას ვირუსებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება გამოავლინა. მაშინ, როცა მარბურგის ვირუსით გამოწვეული აფეთქებები, როგორც წესი, გამოქვაბულებისა და შახტების მიმდებარე ტერიტორიებზე იწყებოდა, ებოლას ვირუსის გავრცელება სატყეო საქმიანობისას – ნადირობისა და ლეშის გატანისას იჩენდა თავს. ეს მიუთითებს, რომ ეს ორი ვირუსი ორი სხვადასხვა მასპინძელ-რეზერვუარიდან უნდა მოდიოდეს – ან თუ მასპინძლები ღამურები არიან – მათი ორი სხვადასხვა სახეობიდან: გამოქვაბულში და ხეზე მობინადრე სახეობებიდან.

MM8398_150127_01534-1024x576.jpgნიღაბში ხორცისთვის
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ორი ნიღბიანი მონადირე ტყეში მაიმუნებს დასდევს. ნანადირევს საკვებადაც იყენებენ და ზოგჯერ ყიდიან, რომ განათლებისა და წამლებისთვის ფული იშოვონ.

ეს მოსაზრება კიდევ უფრო განამტკიცა 1998-2000 წლებში მარბურგის ვირუსის აფეთქებების წყებამ, რომლის ცენტრი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიტოვებული ოქროს მომპოვებელი ქალაქი დურბა იყო. ბობ სვანეპოლი კიდევ ერთ ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში და ინფიცირების მრავალი ჯაჭვი აღმოაჩინა. მათი უმეტესობა მიწისქვეშ მომუშავე მეშახტეებიდან იწყებოდა. დღის სინათლეზე, ღია უბნებზე მომუშავე მაღაროელები ბევრად ნაკლებად იყვნენ მიდრეკილნი დაავადებისადმი. ამან სვანეპოლს ეჭვი გაუჩინა გამოქვაბულებში მობინადრე ეგვიპტური ხილიჭამია ღამურების, როგორც ვირუსის წყაროს მიმართ, თუმცა მაშინ ამის შესახებ საჯაროდ არ განაცხადა.

2001 წლის მიწურულიდან 2003 წლამდე, გაბონისა და კონგოს რესპუბლიკის სასაზღვრო ზონის ხშირ ტყეებს (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლეთით, მდინარე კონგოს მეორე ნაპირზე) არა მარბურგის, არამედ კვლავ ებოლას ვირუსით გამოწვეული მცირე, დამოუკიდებელი გამოვლენების კიდევ ერთი სერია დაატყდა თავს. დაახლოებით 300 ადამიანი დაავადდა, რომელთა თითქმის 80% დაიღუპა. იმავდროულად, იმავე რეგიონში, მკვდარ გორილებს, შიმპანზეებს, დუკერებს, ტყის პატარა ანტილოპებს პოულობდნენ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანებს შორის ყველა გავრცელება ერთი უიღბლო მონადირისგან იწყებოდა, რომელსაც ცხოველის ლეშთან შეხება ჰქონდა.

„იღუპებოდნენ ადამიანები და სხვადასხვა ცხოველები“, – მითხრა იანუშ პავეჟკამ, ამჟამად სვანეპოლის მემკვიდრემ გადამდებ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NICD) „განსაკუთრებული პათოგენების“ განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე, – ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს შესაფერისი დრო იქნებოდა ებოლას რეზერვუარზე სანადიროდ“.

სვანეპოლმა გაბონში მოღვაწე ფრანგ ვირუსოლოგ ერიკ ლეროისთან ერთად პარტნიორული ექსპედიცია მოაწყო. მანამდე ის გაბონში ებოლას ადრეულ შემთხვევებზე მუშაობდა. საველე გასვლამდე ორი მეცნიერი ერთმანეთს გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში შეხვდა.

MM8398_150126_00536-1024x576.jpgმწუხარება ახლოსაა
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. იალალა ტერეზას გარდაცვლილი ძმის დაკრძალვამდე მის გვერდით სძინავს, როგორც ამას ტრადიცია ითხოვს. ძმა ებოლათი არ დაღუპულა, მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, დაინფიცირების რისკი გაიზრდებოდა.

„მას დიდხანს ვუამბობდი ღამურების ისტორიულ კავშირზე ებოლასა და მარბურგთან“, – იხსენებს სვანეპოლი. ამ დროისთვის, მის ჯგუფს დურბას მიწისქვეშ მობინადრე ღამურებში მარბურგის ფრაგმენტები უკვე აღმოჩენილი ჰქონდა. გაბონში სვანეპოლმა მღრღნელის ხაფანგები, წვრილი ბადეები და სხვა შესაპყრობი აღჭურვილობა ჩამოიტანა. „მიუხედავად იმისა, რომ ღამურებზე ვიყავი ფოკუსირებული, სხვა ცხოველებიც უნდა შეგვესწავლა. მათ შორის, სხვადასხვა ძუძუმწოვრები, ფრინველები, კოღოები, მკბენარი ქინქლები და სხვა მწერები“. ეგზემპლარების ერთი მესამედი სვანეპოლის გუნდმა შინ წაიღო, ერთი მესამედი ატლანტის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაგზავნა, ერთი მესამედი კი ლეროის დაუტოვა გამოსაკვლევად. მრავალი სხვა პროექტით დაკავებულ ლაბორატორიებში სინჯების კვლევა ნელი ტემპით მიმდინარეობდა. ებოლა არც ერთ ცხოველს არ აღმოაჩნდა. „ხელში შეუვსებელი ფურცელი შეგვრჩა,“ – მითხრა სვანეპოლმა.

ლეროის ჯგუფი მაინც დაბრუნდა უკან. საბოლოოდ, მისმა ჯგუფმა სასაზღვრო ზონებში სამი საველე გასვლა მოაწყო და ათასზე მეტი ცხოველის სინჯი აიღო. მათ შორის იყო 679 ღამურა – უკვე ლეროიც მათზე აკეთებდა აქცენტს. 16 ღამურაში, რომლებიც სამ სხვადასხვა ხილიჭამია სახეობას განეკუთვნებოდნენ, ანტისხეულები – იმუნური სისტემის მიერ გამომუშავებული ცილები აღმოაჩინეს, რომლებიც ებოლას ვირუსის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. დანარჩენ 13 სხვა ხილიჭამია ღამურაში ებოლას რნმ-ის ძალიან მოკლე ფრაგმენტების კვალი გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი მტკიცებულება – ანტისხეულები და ვირუსის ფრაგმენტები, თავიანთი მნიშვნელობით, თოვლის კაცის ნაკვალევის პოვნის ანალოგიურია. დიდი შანსია, რომ ხელში რეალური არც არაფერი შეგრჩეთ. ცოცხალი ვირუსის იზოლირება და ქსოვილის სინჯიდან გადამდები ებოლას გამოზრდა, მტკიცებულების უმაღლესი სტანდარტია, თითქმის ისეთივე, ხაფანგში გაბმული თოვლის კაცის ფეხი რომ იპოვო. ლეროის ჯგუფმა ცოცხალი ვირუსის გამოზრდა ვერც ერთი სინჯიდან ვერ მოახერხა. და მაინც, 2005 წელს ჟურნალში – Nature ამ შედეგების შესახებ დაიბეჭდა სტატია სათაურით: „ხილიჭამია ღამურები, როგორც ებოლას ვირუსის რეზერვუარები“. სტატიის ავტორი იყო ლეროი, ხოლო თანაავტორები – სვანეპოლი და პავეჟკა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების ტონი საკმაოდ ფრთხილი იყო, სწორედ ეს სტატია იქცა იმ ნაჩქარევი და გადამეტებული მტკიცებულებების ძირითად წყაროდ, რომელსაც დღეს პრესა ავრცელებს: ებოლას ვირუსი ხილიჭამია ღამურებში ბინადრობს. ვინ იცის, იქნებ ასეც არის ან არც არის. სტატიაში ხომ მხოლოდ ვარაუდია გამოთქმული.

MM8398_141124_00156-1024x576.jpgქალაქში
მელიანდოუს მსგავსი სოფლებიდან 2014 წელს დაავადება ქალაქის ტიპის დასახლებებშიც გავრცელდა, მათ შორის კრუ-ბეიში (ფრიტაუნი). სიღარიბემ და მწირმა მედიცინამ დაავადების გადაცემა დააჩქარა.

„ცოცხალი ვირუსის გამოყოფას ცდილობდით?“ – ვკითხე ლეროის. ის თავაზიანი, კოხტად ჩაცმული ფრანგია, ამჟამად ფრანსვილის სამედიცინო კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. მაშინ, როცა თავის BSL-4 ლაბორატორიაში დამცავი კომბინეზონით არ მუშაობს, ან ტყეში ტაივეკის სპეცტანსაცმლით არ დაიარება, საქმეს თეთრ პერანგსა და ჰალსტუხში გამოწყობილი აკეთებს: „დიახ, ძალიან ბევრჯერ ვცადე ამ ვირუსის გამოცალკევება, მაგრამ ვერასდროს შევძელი, რადგან ვირუსული დატვირთვა ძალიან, ძალიან მცირე იყო“. ვირუსული დატვირთვა ორგანიზმის მყარ ქსოვილებში ან სისხლში ვირუსის რაოდენობას ნიშნავს. რეზერვუარ-მასპინძელში ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მწვავე ინფექციით დაავადებულ ცხოველსა თუ ადამიანში.

როგორც ლეროიმ ამიხსნა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვერ ხერხდება მასპინძელ-რეზერვუარის პოვნა. მეორე მიზეზია ვირუსის დაბალი გავრცელება პოპულაციაში. თითოეულ ცხოველში ვირუსული დატვირთვის დაბალი მაჩვენებლის გარდა, ვირუსი, შესაძლოა, პოპულაციის მხოლოდ რამდენიმე ინდივიდში იყოს წარმოდგენილი. ანუ ერთი სახეობის ასი ცხოველიდან ვირუსის მატარებელი, შესაძლოა, მხოლოდ ერთი იყოს. ამდენად, „დაინფიცირებული ცხოველის აღმოჩენის შანსი ძალიან მცირეა“. „თუკი მრავალფეროვან ტროპიკულ ტყეებში გავრცელებულ ცხოველთა ერთ სახეობას თივის ზვინში ჩაგდებულ ქინძისთავს შევადარებთ, მაშინ დაინფიცირებული ინდივიდის პოვნა ათი ათას თივის ზვინში ერთი ქინძისთავის პოვნის ტოლფასი იქნება“.

მასპინძელი-რეზერვუარის ძიების საქმეში მესამე დაბრკოლებაც არის. „ეს ძალიან ძვირი ჯდება“, – ამბობს ლეროი

იდეალური შვებულება

შორეულ ტყიან ადგილებში ხანგრძლივი და უწყვეტი კვლევების ჩატარების სიძვირემ ვეტერანი მკვლევრებიც შეაფერხა. სვანეპოლი და ლეროი დაავადების აღმოცენების მხოლოდ საწყის ეტაპზე ან კრიზისის მიწურულს აწყობდნენ ხანმოკლე, სწრაფად ორგანიზებულ ექსპედიციებს. თუმცა, დაავადების აფეთქების პერიოდში ვირუსის ეკოლოგიის კვლევა, ლოგისტიკურადაც რთულია და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც გამაღიზიანებელი, ამიტომაც ეს ექსპედიციები გადაიდო. მათი გადადება კი სხვა პრობლემას აჩენს: მასპინძელ პოპულაციაში ებოლას ვირუსის გავრცელება, ცალკეულ მასპინძელ ინდივიდებში ვირუსული დატვირთვა და გარემოში გამოყოფილი ვირუსის რაოდენობა, შესაძლოა, სეზონურად მერყეობდეს. გამოტოვებთ შესაფერის სეზონს და შეიძლება ვეღარც იპოვოთ ვირუსი.

MM8398_141126_00278-1024x576.jpgფრიტაუნი
წყვილი ერთი დღის შვილის სიკვდილს გლოვობს. ის, სავარაუდოდ, სხვა მიზეზით დაიღუპა, თუმცა ხელისუფლებამ სიკვდილის ყველა შემთხვევა ებოლას მიაწერა.

ფაბიან ლინდერცმა სცადა, ეს სირთულეები მეორე საველე ექსპედიციით გადაეჭრა. ემილ ოუამუნოს დაღუპვიდან ერთი წლის შემდეგ, დაახლოებით წელიწადის იმავე დროს, მან ექსპედიცია მეზობელ კოტ-დ’ივუარში მოაწყო. ანგოლური ბულდოგისებრი ღამურები იქაც ბევრნი არიან და სოფლის სახლების სახურავების ქვეშ ბინადრობენ. ადამიანებთან მათი ეს სიახლოვე, თუ პატარა ღამურებთან დაკავშირებული ჰიპოთეზა სიმართლეა, კიდევ უფრო დიდ თავსატეხს აჩენს. როცა ვირუსი ასე ახლოა, მაშინ რატომ არ ხდება „სპილოვერი“ ბევრად უფრო ხშირად? ლინდერცის ამოცანა ამ ღამურების დაჭერა იყო. რაც მეტს დაიჭერდა, მით უკეთესი. შემდეგ კი მათგან სინჯებს აიღებდა. მე და ფოტოგრაფი პიტ მულერიც ამ ექსპედიციას გავყევით.

ლინდერცმა და მისმა ჯგუფმა, რომელშიც ასპირანტი არიან დიუქსიც შედიოდა, ორი სოფელი შეარჩიეს ქალაქ ბუაკის – ქვეყნის შუაგულში არსებული სავაჭრო ცენტრის გარეუბანში. ბუაკის ბაზარში დასაჭერი ინსტრუმენტები შეიძინეს, სოფლებში ღამურებიანი სახლები შეარჩიეს და სოფლის უხუცესებსაც გაეცნენ. ერთ ნაშუადღევს, ვიდრე შებინდდებოდა და ღამურები გამოფრინდებოდნენ, ჯგუფმა ხელსაწყოები განათავსა. მახე გრძელი ფიცრებისა და კონუსისებრი ფორმის ნახევრადგამჭვირვალე პოლიეთილენისგან შედგებოდა. მას სახურავის ხვრელიდან გამომძვრალი ღამურა უნდა დაეჭირა და პლასტმასის კასრისკენ გადაეშვა. ყველას გასაოცრად, სისტემამ იმუშავა. პირველ საღამოს, 16 საათსა და 25 წუთზე, ერთი მახე ბატიბუტის დასამზადებელი აპარატივით ახმაურდა – ათობით პატარა, ნაცრისფერი არსება ქსოვილში ჩასრიალდა და კასრში მოადინა ზღართანი.

MM8398_141126_01023-1024x576.jpgფრიტაუნი
კინგ ტომის სასაფლაოზე მესაფლავეები ისვენებენ. 2014 წლის ნოემბერში, როდესაც დაავადებამ პიკს მიაღწია, აქ დღეში 50-მდე მიცვალებულს მარხავდნენ.

ექსპედიციის შემდგომი ფაზისთვის ლინდერცი და დიუქსი სამედიცინო ხელთათმანებში, აირწინაღებში, ხალათებსა და ჩაფხუტებში გამოეწყვნენ. იმპროვიზებული ლაბორატორიული მაგიდის თავზე დაკიდებული ნათურის შუქზე ისინი ღამურების დამუშავებას შეუდგნენ: წონიდნენ და ზომავდნენ, ინიშნავდნენ სქესსა და მიახლოებით ასაკს, სხეულში შეჰყავდათ ქინძის თესლისხელა ელექტროჩიპი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ცხოველის პაწაწინა მკლავის ვენიდან სისხლს იღებდნენ. უწვრილესი ნემსით ერთი კარგად დამიზნებული ჩხვლეტა და ჩნდებოდა სისხლის წვეთი, რომელსაც წვრილი პიპეტით აგროვებდნენ. დიუქსი და ლინდერცი ერთმანეთის გვერდით იდგნენ და შეთანხმებულად მუშაობდნენ. უნებლიეთ გავიფიქრე, დიუქსს ნემსი რომ ვენისთვის აეცილებინა, ლინდერცს პირდაპირ თითში გაურჭობდა. ის კი საჩუქრად ებოლას მიიღებდა. საბედნიეროდ ასე არ მომხდარა.

სისხლს მინის პატარა ბოთლებში აგროვებდნენ, რათა დაუყოვნებლივ თხევად-აზოტიან რეზერვუარში გაეყინათ და ბერლინში დაბრუნებისას საბოლოოდ გამოეკვლიათ. დაჭერილი ღამურების მცირე ნაწილს კვეთდნენ, ღვიძლისა და ელენთის ანათლებს იღებდნენ. ცნობილია, რომ ვირუსების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ ამ ორგანოებშია. სხვა ღამურებს კი უშვებდნენ. თუ გაკვეთილი ღამურას სისხლის ნიმუში მოგვიანებით ანტისხეულებზე ან ვირუსის ფრაგმენტებზე დადებით პასუხს აჩვენებდა, მის ორგანოებს ცოცხალი ებოლას ვირუსის იზოლირებისათვის გამოიყენებდნენ (ეს ბევრად უფრო სახიფათო და ძვირადღირებული პროცედურაა, ამიტომ მხოლოდ BSL-4 ლაბორატორიაში ტარდება).

MM8398_141129_00952-1024x576.jpgსიმარტოვეში
ფრიტაუნი. ჰასტინგსის ცენტრში მკურნალობის შემდეგ, მოლაი კამარა სრულ სიმარტოვეში აღმოჩნდა. ებოლამ ბიჭის მთელი ოჯახი შეიწირა. თვითონ გადარჩა, თუმცა ჯერ ისევ წყლულები აწუხებს.

რამდენიმე ღამურას დამუშავების შემდეგ, ლინდერცმა უკან დაიხია და თავისი ადგილი კოტ-დ’ივუარელ ასპირანტს, ლეონშ კუდიოს დაუთმო. იმ თბილ აფრიკულ ღამეს ვუყურებდი, ასპირანტი თანდათან როგორ შედიოდა რიტმში და სულ უფრო რთულ დავალებებს ასრულებდა. მისი სამედიცინო ხალათის ქვეშ შევამჩნიე მაისური საკურორტო ლოგოთი „იდეალური შვებულება“. მისთვის, შესაძლოა, ასეც იყო, თუმცა არა ყველასთვის.

უცნაური მასპინძელი შტატებში დავბრუნდი. სხვა ექსპერტებსაც ვკითხე, რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ებოლას ვირუსის მასპინძელ-რეზერვუარის განსაზღვრა მეთქი? მათი პასუხი იყო: იმიტომ, რომ ამ ინფორმაციას მომავალი აფეთქებების პრევენცია შეუძლია. სხვა მხრივ, მათი მოსაზრებები განსხვავდებოდა. ყველაზე მოულოდნელი კომენტარი იენს კუნისგან მოვისმინე, ნიჭიერი ახალგაზრდა ვირუსოლოგისგან, რომელიც ამჟამად ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში მუშაობს. მისი სქელტანიანი წიგნი „ფილოვირუსები“ ადასტურებს, რომ ის ებოლას უდავოდ გამოჩენილი ისტორიკოსია. კუნს ერიკ ლეროის მიერ გამართულ კონფერენციაზე შევხვდი და ვკითხე: „რატომ ვერ მოხერხდა 39 წლის განმავლობაში ებოლას რეზერვუარის დადგენა?“
„ის უცნაური მასპინძელია“.
„უცნაური მასპინძელი?“, – გავიმეორე მე, მეგონა ცუდად მომესმა.
„ჰო, ასე ვფიქრობ“.

MM8398_141113_00193-1024x576.jpgკოტ-დ’ ივუარი
ებოლას სამალავი ადგილის ძიებამ ფაბიენ ლინდერცს (ქვემოთ) ანგოლური ბულდოგისებრი ღამურების (ზემოთ) სისხლისა და ქსოვილის სინჯების აღება აფიქრებინა. MM8398_141114_00326-1024x576.jpg

მისი ლოგიკა რთული იყო, მაგრამ სათქმელი ლაკონურად გადმოსცა. პირველი: ებოლას ვირუსით ადამიანების დაავადების შემთხვევები შედარებით იშვიათია – 40 წლის განმავლობაში მხოლოდ 20-ჯერ დაფიქსირდა და ეპიდემიის სახე არ ჰქონდა. გავრცელების ყველა შემთხვევა ერთი კონკრეტული, იდენტიფიცირებული ადამიანიდან იწყებოდა, რომელიც ველურ ბუნებაში დაავადდა და ვირუსი სხვა ადამიანზე გადაიტანა. კუნის თქმით, ეს გვაფიქრებინებს, რომ „სპილოვერების“ გამომწვევი მოვლენების თანმიმდევრობა „არაორდინარული და უცნაურია“. მეორე: „ვირუსი წლების განმავლობაში გენომის გამორჩეული სტაბილურობით ხასიათდება“. ის დიდად არ იცვლებოდა, არ განიცდიდა ევოლუციას, იქამდე მაინც, ვიდრე დასავლეთ აფრიკაში ადამიანთა დაავადებების შემთხვევებმა მაღალ ნიშნულს არ მიაღწია. ასეთი მაღალი გავრცელების გამო ვირუსის მუტაციის ალბათობა თეორიულად გაიზარდა. ამგვარი სტაბილურობა, შესაძლოა, როგორც კუნი ამბობს, ე. წ. „ბოთლის ყელის ეფექტზე“ მიანიშნებდეს, – რაღაც მომენტში შემაკავებელ სიტუაციაზე, რის გამოც, საბოლოო ჯამში, ვირუსი იშვიათია და მისი გენეტიკური მრავალფეროვნება – ღარიბი. ეს შემაკავებელი ეფექტი, შესაძლოა, ორმასპინძლიანი სისტემა იყოს: ძუძუმწოვარი მასპინძელი (მაგალითად, ღამურა), რომელიც მხოლოდ პერიოდულად და მხოლოდ იმ შემთხვევაში ინფიცირდება, როცა მას მწერი, ტკიპა ან სხვა ფეხსახსრიანი კბენს. სწორედ ეს მწერები არიან ვირუსის საბოლოო მასპინძლები და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს მწერები იშვიათად გვხვდებიან და ვიწრო გავრცელებით ხასიათდებიან, ამიტომ ღამურა საკმარისად იშვიათად და მხოლოდ პერიოდულად ინფიცირდება. ამ საუბრისას ორივეს ის ადამიანი გაგვახსენდა, 1975 წელს როდეზიაში მოგზაურობისას რომელიღაც მწერმა რომ უკბინა და შემდეგ მარბურგის ვირუსისგან გარდაიცვალა; გაგვახსენდა ბობ სვანეპოლის ლაბორატორიის ობობაც, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ატარებდა ებოლას ვირუსს.

„ებოლას რეზერვუარის საპოვნელად დიდი სამეცნიერო გრანტი რომ მიიღოთ, რას იზამთ?“ – ვეკითხები. კუნს ეცინება.

„არაპოპულარულად კი მოვიქცევი, – მპასუხობს იგი, – მაგრამ მაინც მწერებსა და სხვა ფეხსახსრიანებს გამოვიკვლევ“.

კუნს არც დიდი და არც მცირე გრანტი არ აქვს. ებოლას საიდუმლო ისევ რჩება. ფსონები კი, ძალიან მაღალია. ჯერჯერობით, კოტ-დ’ივუარის სინჯებმა დადებითი პასუხები არ აჩვენა. კვლევა გრძელდება…

The post მკვლელის დევნა appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share