ფორუმელი Moor Posted 1 ივლისი, 2020 Posted 1 ივლისი, 2020 საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარი ტყითაა დაფარული. ბუნებამ უხვტყიანობით, ჩვენმა უხვმა ტყემ კი მრავალფეროვანი ეკოსისტემით დაგვასაჩუქრა, თუმცა ადამიანმა მასაც მძიმე დაღი დაასვა და ახლა ტყეს ისე სჭირდება მოვლა და გაფრთხილება, როგორც არასოდეს. ათწლეულების განმავლობაში ხე-ტყის ინტენსიურმა ჩეხამ და მერქნული პროდუქტების არარაციონალურმა და არამიზნობრივმა გამოყენებამ არსებულ ბუნებრივ გარემოს სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიაყენა. ზიანი, რომელიც მომავალში ეკოლოგიური კატასტროფების გამოწვევის მთავარი მიზეზი შეიძლება გახდეს, საფრთხე შეუქმნას წყლის სისუფთავესა და ტყეში არსებულ ბიომრავალფეროვნებას. თუმცა იმისთვის, რომ ამ მოცემულობას დავუპირისპირდეთ, უნდა ვიცოდეთ, რა არის ტყეების დეგრადაციის გამომწვევი მიზეზები. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კი სწორედ იმ ადამიანების სოციალური ყოფაა, რომლებიც იძულებულნი არიან, სასიცოცხლო რესურსები ტყეში მოიძიონ მერქნული პროდუქტების ჭარბი მოპოვებით. „ტყეების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება ნელ-ნელა უნდა გაქრეს და ადამიანს მისი დაცვის ინტერესი გაუჩნდეს. შეუძლებელია, ტყე დაიცვა სოფლის მოსახლეობისაგან; ის უნდა დაიცვა სოფლის მოსახლეობასთან ერთად“, – რეზო გეთიაშვილის აზრით, რომელიც CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორია, ესაა აუცილებელი პირობა სოფლის განვითარებისთვის და ერთადერთი გზა ბუნებრივი რესურსების დასაცავად. იგი ფიქრობს, რომ სოფლის მოსახლეობამ ბუნებრივი რესურსები საკუთარ კეთილდღეობას, მომავალს, განვითარებასა და შემოსავალს უნდა დაუკავშიროს. საქსტატის მონაცემებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 75% ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორშია (სასოფლო-სამეურნეო მიწებზე) თვითდასაქმებული. 2018 წელს მათი შემოსავალი ქალაქის შინამეურნეობებთან შედარებით 19%-ით დაბალი იყო. იმავე წელს აბსოლუტური სიღარიბე სოფელში 23%-ს, ქალაქში კი 18%-ს შეადგენდა. თუმცა, როგორ უნდა დავაინტერესოთ სოფელში მცხოვრები ადამიანი ტყითა და მისი რესურსებით ისე, რომ მათ შორის ჰარმონიული ურთიერთობა არსებობდეს? CENN მრავალი წელია გარემოსდაცვით საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი – „ტყის მდგრადი მართვა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის განვითარებისათვის“ – მიზნად ისახავს ტყის ფონდის დაცვისა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას, რომელიც რეგიონის ბუნებრივი გარემოს თავისებურებებზე იქნება მორგებული და, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნასა და ტრადიციებს დაეყრდნობა. სოფელ ფშაველის ქალთა საბჭოს წევრი ავსტრიელ სტუმრებს ტრადიციული ქართული პურის ცხობას ასწავლის. CENN-ის მიერ, „ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ მხარდაჭერით ტყეში მოწყობილ სარეკრეაციო ზონაში ქალთა საინიციატივო ჯგუფს შესაძლებლობა მიეცა, თონეში გამოაცხოს პური, გააქირავოს საპიკნიკე ადგილი და გაყიდოს ხელით დამზადებული ეკო პროდუქტი. ფოტო: CENNორგანიზაცია საქართველოს რამდენიმე რეგიონში აქტიურად მუშაობს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ქალებთან, ადვოკატირებას კი მთავრობასთან კოორდინაციით ცდილობს. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიამ“ ქვეყანაში შემოიტანა სოფლის მეურნეობის თანამედროვე განმარტება, რომელშიც შედის სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვლაპარაკობთ სოფლის მეურნეობაზე, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ესაა მხოლოდ სასოფლო-სამურნეო მიწების მართვა. ტრადიციული განმარტების საპირისპიროდ, ჩვენთვის ახალი იდეა მოიცავს მცენარეული და ცხოველური ბუნებრივი რესურსების გამოყენებას როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ისე ბუნებრივ გარემოში. საქართველოსთვის ახალი კლასიფიკატორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვთქვით, ქვეყნის თითქმის ნახევარი ტყეს უჭირავს (42,2%) და ეს უთანაბრდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პროცენტულ მაჩვენებელს (42,3%). როგორც ვხედავთ, ამ მონაცემებში სრული თანხვედრაა, თუმცა საქართველოს მრავალფეროვანი ეკოსისტემიდან და, ამავე დროს, რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტყეები და სასოფლო-სამეურნეო მიწები რეგიონების მიხედვით თანაბრად არაა განაწილებული. შპს „თიანეთის ნობათის“ მიერ ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ასკილის ლუდის განსხვავებული, ცოცხალი გემო საინტერესოა ტურისტებისთვის. ფოტო: CENN „თუ ვიტყვით, რომ სოფლის მეურნეობა ჩვენთვის პრიორიტეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა რეგიონი საკუთარი შესაძლებლობიდან, ცოდნიდან და ტრადიციიდან გამომდინარე უნდა განვითარდეს “, – რეზო გეთიაშვილი ფიქრობს, რომ მიუხედავად სოფლისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაერთიანებისა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამები მაინც მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებობს და ვითარდება, სახელმწიფოს მიდგომა კი ნაკლებად ითვალისწინებს მწვანე ეკონომიკის იდეას და ტყის რესურსის მდგრადად და მიზნობრივად ათვისებას. რეზოს აზრით, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის არსებული პროგრამებით, როგორიცაა, მაგალითად, „დანერგე მომავალი“, ადგილობრივ მოსახლეობას ნელ-ნელა უჩნდება თანამედროვე მეთოდების ათვისების შესაძლებლობა, მაგრამ რაკი სოფლის მეურნეობა აღარაა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწების მართვა, CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ პოლიტიკით განსაზღვრული იდეა პრაქტიკაში განახორციელოს და ნელ-ნელა ტყეებით მდგრადი სარგებლობაც ზემოთ ჩამოთვლილი მხარდაჭერის პროგრამების ნაწილად აქციოს: „მაგალითად, თუ ტრაქტორების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გაიგზავნება, გარკვეული ნაწილი შეგვიძლია გავუშვათ ტყეში, სადაც ხშირად გვხვდება ჭრის შედეგად დაგროვილი დიდი რაოდენობის მკვდარი ბიომასა, რომელიც იწვევს ჩახერგილობას, ქმნის მავნებელი დაავადებებისა და ხანძრების რისკს, ამცირებს ტყის ღირებულებას. ამის პარალელურად კი ეს ძირნაყარი ბიომასა საკმაოდ კარგი და ღირებული, მოთხოვნადი ენერგეტიკული რესურსია და ქმნის ახალ ნიშას ბიზნესისთვის, რომელიც შეიძლება სწორედ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიკავოს“. რეზო გეთიაშვილის თქმით, ასეთი ტიპის ბიზნესგეგმები სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ჯერჯერობით ვერ პოულობს და ვერ ჯდება სოფლის მეურნეობის განვითარების ტრადიციულსა და ვიწრო დიაპაზონში: „ნახეთ, იდეა მარტივია, მაგალითად, დედოფლისწყაროში თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიუხვეა, დუშეთში ასეთად ტყეა წარმოდგენილი. ამიტომ, მიდგომები და პროგრამები ამ ორივე მუნიციპალიტეტს თანაბრად უნდა ფარავდეს და სარგებელიც სამართლიანად გადანაწილდეს“. გაყინული მცენარეების ჩაის საპილოტე შეფუთვა.ფოტო: შპს კაუკაზანი თუმცა, წინასწარი შესწავლისა და საჭიროებების გამოვლენის გარეშე რთულია იმის თქმა, რა მომავალი ექნება ადგილობრივ ეკონომიკას. სწორედ ამ მიზნით, CENN-ის ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, განხორციელდა პროექტი „მწვანე ეკონომიკის სკოლა“. პროექტი მომზადდა ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციების შესწავლის საფუძველზე და ის საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა. 5 უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეიმუშავეს ბიზნესგეგმები, რომლებიც თანხვედრაში უნდა ყოფილიყო სოფელში მცხოვრებთა ცოდნასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასთან. იდეები დამუშავდა და რამდენიმე წარმატებულადაც დაინერგა. ამის კარგი მაგალითია ასკილის ლუდი. აღმოჩნდა, რომ თიანეთში არსებობს ამ პროდუქტისგან ლუდის დამზადების უნიკალური ცოდნა და ტრადიცია. CENN-ის ბენეფიციარი შპს „თიანეთის ნობათი“ ყოველ წელს 12 ტონაზე მეტ ასკილს აგროვებს, ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. გარდა იმისა, რომ შეგროვებისა და წარმოების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული, ასკილის ლუდს შეუძლია ტურისტების მოზიდვაც და ოჯახური სასტუმროების ქსელის განვითარება. ირაკლი დოლიძე ახალგაზრდა მეწარმე და სრულიად ინოვაციური პროექტის „Freeze Tea“ მენეჯერია. ირაკლი დოლიძემ გასულ წელს, CENN-თან თანამშრომლობით, გაწერა პირველი პროექტი, რომელმაც შემდეგ GITA-ს თანადაფინანსება მოიპოვა. CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი საველე კვლევისას მცხეთა-მთიანეთში. ფოტო: CENNირაკლის პროექტი ინოვაციურია იმიტომ, რომ გაყინული ჩაის იდეა რამდენიმე მიმართულებით ქმნის ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელ პირობებს და, ამასთან, მწვანე ეკონომიკის პრინციპებთანაც თანხვედრაშია. გაყინული ჩაის უპირატესობა მის ჯანსაღ და უნიკალურ თვისებაშია. ადგილობრივი მოსახლეობა ნედლეულს კრეფს იმერეთში, აჭარასა და კახეთში, საწარმოები კი აშენდება ხარაგაულსა და ქობულეთში, სადაც ასევე ადგილობრივები დასაქმდებიან. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან და ჯანსაღ პროდუქტთან ერთად ჩნდება პროექტის მესამე კომპონენტი, რომელიც ტყის ეკოსისტემასაც არ ვნებს. მაგალითად, თუ ტრადიციული წარმოებისას 1 კილოგრამი გამომშრალი ჩაის მისაღებად საჭიროა მინიმუმ 4 კილოგრამი ნედლი ფოთოლი, გაყინული ჩაის შემთხვევაში დანაკარგი ნულია და 1 კილო პროდუქტის მისაღებად ამდენივე ფოთოლი დაიკრიფება. „ორგანული შეგროვების წესი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ნაყოფისა და ფოთლის 30%-ზე მეტი არ უნდა მოიკრიფოს, რათა რესურსები არ ამოიწუროს. ამ იდეის ბიზნესგეგმაში ჩადება საგანმანათლებლო ხასიათსაც ატარებს. მოსახლეობა ხვდება, რომ თუ 30%-ზე მეტს არ მოკრეფს და მოუფრთხილდება გარემოს, ეს ისევ მათივე მომავლისთვის იქნება კარგი“, – ამბობს ირაკლი დოლიძე. სოფელ მუხურში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მიწისქვეშა მდინარე დეიძახი (დევის ძახილი) ძლიერი ხმაურით მოედინება გამოქვაბულიდან – სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მისი სახელი. ფოტო: რომან თოლორდავა მცენარეული და ცხოველური ბუნებრივი რესურსების გარდა, ჩვენს ტყეს კიდევ ერთი უნიკალური თვისება ახასიათებს. საქართველო, როგორც კავკასიის ნაწილი, ბიომრავალფეროვნების მხრივ ერთ-ერთ განსაკუთრებულ რეგიონად – ბიომრავალფეროვნების „ცხელ წერტილადაა“ მიჩნეული. ჩვენი ბუნება გამორჩეულია ენდემური სახეობების მრავალფერონვებით, რაც გლობალური თვალსაზრისითაც გამოგვარჩევს. 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი 666,107 ჰექტარია და ეს ქვეყნის თითქმის 10%-ია. დაცული ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნამ ადგილობრივ მოსახლეობას ეკონომიკური შემოსავალი გაუჩინა და ამით ქცევებიცა და ცნობიერებაც შეუცვალა ბუნებასთან ურთიერთობაში: „რამდენიმე შემთხვევა გვახსოვს, როდესაც მოსახლეობამ თავდაპირველად პროტესტი გამოთქვა, რადგან დაცული ტერიტორიების გამოცხადებისას მათ ხის ჭრა ან ბრაკონიერობა მეტად შეეზღუდებოდათ, მაგრამ ახლა გაიაზრეს, რომ უკანონო საქმიანობით ტურისტებსაც დაკარგავენ და, შესაბამისად, დაკარგავენ შემოსავალს“, – ამბობს რეზო გეთიაშვილი, თუმცა ამ მხრივაც გარკვეულ უთანასწორობას ხედავს ქვეყნის პოლიტიკაში და განმარტავს, რომ საქართველოში, დაცული ტერიტორიების გარეთ, ბევრი უნიკალური, თავისი ბუნებრივი მიმზიდველობით და ტურისტული პოტენციალით გამორჩეული ადგილია. თუმცა, ეკოტურიზმი ყველა სახელმწიფო დოკუმენტში, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტშიც, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოიყენება და ეს მაშინ, როდესაც ბუნებრივი მემკვიდრეობის ძირითადი ნაწილი სწორედ სატყეო-სამეურნეო ტერიტორიებზეა თავმოყრილი. ამის კარგი მაგალითი სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე სოფელი მუხურია, რომელიც ხობისწყლის ხეობაში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ ეს სოფელი მეფუტკრეობითაა გამორჩეული, მის ტყეში უძველესი მღვიმეები და გამოქვაბულებია: „ჩვენ ვიცით, როგორი ტურისტული ბუმი მოიტანა მარტვილის კანიონის სწორმა მართვამ. თითქმის იდენტური პოტენციალის მქონე სოფელი მუხური კარგი მაგალითია იმის გასააზრებლად, თუ რამდენს კარგავს ეკონომიკა „ეკოტურიზმის“ არასწორი აღქმით და როგორ ზარალდება ადგილობრივი მოსახლეობა. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აქ არ გვაქვს დაცული ტერიტორია, სოფელ მუხურში არ მოქმედებს ეკოტურიზმის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, არ იქმნება სოციალური კაპიტალი, არ ვითარდება სოფელი და მართლაც განსაკუთრებული ბუნებრივი სიმდიდრე უბრალოდ გამოუყენებელი რჩება“. კურორტი კოხტა-მიტარბი, ბაკურიანი. ცნობილ კურორტს ხშირად სტუმრობენ ქართველი და უცხოელი დამსვენებლები. ბაკურიანს უნიკალურობას სწორედ განუმეორებელი წიწვოვანი ტყე სძენს. ფოტო: ლაშა გიგაური გაეროს მსოფლიო ურბანიზაციის პერსპექტივების პროგნოზით, საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წილი 2050 წლისთვის 27%-მდე შემცირდება. ამიტომ, გარემოსდაცვითი საკითხების პარალელურად, მოსახლეობის სოფელთან მეტად დაკავშირება და მათი მომავალი კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე მუშაობა დღესვეა დასაწყები. CENN, მთავრობასთან თანამშრომლობით, სოფლის მწვანე ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული სისტემებისა და პროცესების დინამიკურ განვითარებასაც რეალისტურ მიზნად მიიჩნევს, თუმცა რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ ცალკეული ტერიტორიების ეკონომიკური პოტენციალის სწორი იდენტიფიცირების გარეშე ამ მიზნის მიღწევა რთული იქნება: „ასე რომ, გარკვეული ძვრები არის, მაგრამ ამას აკლია სისტემური მიდგომა და უწყებათაშორისი დიალოგი“. დიალოგი კი, პირველ რიგში, დასაწყებია სოფლად მცხოვრებ ადამიანებთან. დიალოგი, რომელიც ადამიანებს დაანახებს, რომ ტყე ყოველთვის მზადაა გასცეს საკვები და რესურსები დაუზოგავად, მაგრამ ეს პროცესი უნდა იყოს გონივრული, ზომიერი და, რაც მთავარია, ჩვენს უნიკალურ ბუნებასთან მეგობრული; ამისთვის კი სოფლად მცხოვრებ ადამიანს სახელმწიფომ უნდა დაანახოს, რატომაა მისი მომავლის ნათელი წერტილი სწორედ ტყე და ტყეში მცხოვრები მრავალფეროვანი სამყარო. The post ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე სიღარიბის პირისპირ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა