Jump to content
×
×
  • Create New...

გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობის კარნახით


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

კავკასიონის ყურის ძირში, საბუეს პაწაწინა სოფელში, ჰაერში დამწვარი ხის სახასიათო სუნი ტრიალებს. მიშო ყეინოშვილი შეშის ღუმლით სახლის გასათბობად მამასთან ერთად შეშას ჩეხს, ეზოში კი ონკანის წყლის ჩხრიალი ისმის.

„ეს, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო, – ამბობს მიშო და კუნძს გასაპობად ამზადებს, – მთელი სოფელი გარეთ გამოსულიყო, ტაშს მიკრავდნენ და მამხნევებდნენ“. 27 წლის სამართლის სტუდენტი იმ დღეს იხსენებს, როდესაც ხე-ტყის მომპოვებელმა კომპანიამ სოფლიდან თავისი ვეებერთელა სატვირთო მანქანები გაიყვანა.

სწორედ ამ დროს დასრულდა მრავალწლიანი ომი კომპანიასთან, რომელსაც ხე-ტყის გაჩეხის ლიცენზია ჰქონდა მოპოვებული.

კომპანიისთვის გაცემული ტერიტორია ზუსტად სოფლის უკან, მთის კალთაზე მდებარეობს. აქ საბჭოთა პერიოდში ნაწილობრივ მოკირწყლული პატარა, გრუნტიანი გზა ამოდის. გზად მიტოვებულ საზაფხულო ბანაკს, პაწაწინა მოქმედ ჰიდროელექტროსადგურს (რომელიც სოფელს ელექტროენერგიით ამარაგებს) და გზის პირას აღმართულ უძველეს მიტოვებულ ეკლესიას უნდა ჩაუაროთ.

იქამდე მისასვლელად, ასევე, მდინარის კამკამა შესართავი უნდა გადაიაროთ, საიდანაც მილებით წყალი სოფელს მიეწოდება. „ეს არის ჩვენი საარსებო საშუალება, ამ წყალს ვსვამთ“, – ამბობს მიშო და ლოდებით მდინარეზე გადადის. იმის წარმოდგენაც რთულია, რამდენად დააბინძურებდა წყალს სატვირთო მანქანების დღე და ღამე მდინარეში – სოფლის სასმელ წყალში – სიარული, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ზიანზე, რომელიც მძიმე ტექნიკამ IV საუკუნის ეკლესიას მიაყენა.

shutterstock_1094125439-1024x576.jpgფოტო: Shutterstock/ანა ბოგუში

„ტანსაცმელს ვეღარ ვრეცხავდით, წყალს ვეღარ ვსვამდით“, – ამბობს მიშოს დედა, რომელიც ღუმელთან გაცრეცილ, ყვავილების ორნამენტებიან სავარძელზე ზის. მისი თქმით, როგორც კი კომპანია სოფელში შევიდა, წყალი მოყვითალო-მოყავისფრო გახდა და აყროლდა.

ადვილი არ არის, დაუპირისპირდე უკანონობას, მაგრამ საქმე გაცილებით რთულდება, როდესაც ყველაფერი კანონის ფარგლებშია – მაშინაც კი, როცა სოფელი „კანონიერად“ კარგავს ძირითად საარსებო საშუალებას და სოფლის სასმელ წყალში სატვირთო მანქანები თუ ტრაქტორები იწყებენ სიარულს ან უიშვიათესი საუკუნოვანი კორომები იჩეხება და ხეობის ციცაბო ფერდობებზე ტყის ინტენსიური ჭრით სოფლის თავში სტიქიური უბედურების კერა ჩნდება. ყოველივე ამას კი ემატება ის, რომ სამონასტრო კომპლექსი, ეზო, გალავანი, აკლდამები და უშუალოდ ტაძარიც მორებით დატვირთული მანქანების ტრასა ხდება, კომპანიას კი საქმიანობის წარმოების კანონიერი ნებართვა აქვს, რამაც მთელი ეს კულტურული მემკვიდრეობა უნდა შეიწიროს.

ერთადერთი, რაც ამ ყველაფერს შეიძლება დაუპირისპირდეს, ძლიერი თემი და კვლევებზე დაფუძნებული, კარგად ორგანიზებული დიალოგია კომპანიასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ერთბაშად რამდენიმე უწყებასთან ხელმძღვანელი პირების დონეზე. ასეც ხდება, სოფელი არ ხუმრობს, ტექნიკას გზას ცოცხალი ბარიკადებით უღობავს, კომპანია კი პოლიციისგან თავისი კანონიერი უფლების შეზღუდვაზე რეაგირებას ითხოვს და ეს დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება.

თემის ერთიანობა და შეუვალობა მართლა სამაგალითო აღმოჩნდა, ხოლო დიალოგის კონსტრუქციულ ფორმატში გადატანის ორგანიზება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) აიღო თავის თავზე. დამოუკიდებელი მონიტორინგის მიზნით, რომელიც ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისთვის“ ფარგლებში, ადგილზე გაიგზავნა ექსპერტების ჯგუფი მეტყევის, გეოლოგისა და არქეოლოგის მონაწილეობით. საკითხით დაინტერესდა მედია.

IMG_8262-1024x576.jpg
DSC1319-1024x576.jpg

(მარცხნივ) სოფლის მოსახლეობას ტყის დაცვა საკუთარ მოვალეობად მიაჩნია: „ეს ტყე ჩვენთვის წმინდაა, როგორც არ უნდა გაგვჭირვებოდა, აქედან შეშას არასოდეს ვეზიდებოდით“, – ამბობს მიშო ყეინოშვილი. ფოტო: ვახო ჩიტიშვილი (მარჯვნივ) სოფელ საბუეს მთის ფერდობზე IV საუკუნის ეკლესიას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ხე-ტყის მომპოვებელი კომპანიის მძიმე ტექნიკამ. ფოტო: ინგე სნიპი

პროცესში ჩაერთო Global Forest Watch (GFW, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) ინიციატივა), რომელიც ინტერაქტიული ონლაინ საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის მეშვეობით იკვლევს გაუტყეურების რისკებს მთელ პლანეტაზე. გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ, რომელმაც საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ტერიტორიაზე ყოველგვარი ტექნიკის გადაადგილების აკრძალვის უზრუნველყოფისთვის მონიტორინგის ჯგუფი გაგზავნა.

კონფლიქტის გადაჭრის მრავალსაათანი სესიების შემდეგ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კომპრომისზე წავიდა. ყველაფერი საბოლოოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრების შეხვედრაზე გაირკვა და ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სოფლის სასარგებლოდ მიიღო. კომპანიამ კომპენსაციის სახით სალიცენზიო ფართობის ნაკლებად სარისკო ტერიტორიით ჩანაცვლების შეთავაზება მიიღო.

ეს ერთ-ერთი იშვიათი პრეცედენტია, როდესაც სოფელმა შეძლო და პრინციპული პოზიცია ბოლომდე დაიცვა – თავისი ტყე, საცხოვრებელი გარემო და მომავალი გადაარჩინა.

DSC1252-1024x576.jpgმიშო ყეინოშვილი საბუეში გაიზარდა და აქტიურად იყო ჩართული თავისი სოფლის უკან მდებარე ტყის გადარჩენის საქმეში: „ეს, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო დღე იყო, მთელი სოფელი გარეთ გამოსულიყო, ტაშს მიკრავდნენ და მამხნევებდნენ“, – ამბობს მიშო და იმ დღეს იხსენებს, როდესაც ხე-ტყის მომპოვებელმა კომპანიამ სოფლიდან თავისი ვეებერთელა სატვირთო მანქანები გაიყვანა.
ფოტო: ინგე სნიპი

ეს სოფელი საქართველოს სხვა სოფლების მსგავსად ზამთარში შეშით თბება. სოფელსა და სამინისტროს შორის მიღწეული შეთანხმებით, ტყის გაჩეხა კატეგორიულად იკრძალება, მათ შორის თვითონ სოფელ საბუეს მცხოვრებთათვისაც. ნებისმიერი სახის შეზღუდვა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეშის მოსატანად არცთუ ისე უსაფრთხო გზის ერთი ან რამდენიმე საათით დაგრძელებას ნიშნავს. მიშოს თქმით, ადგილობრივი მცხოვრებლები ამას სიხარულით აკეთებენ სოფლისპირა ტყის გადასარჩენად.
„ეს ტყე ჩვენთვის წმინდაა, – ამბობს იგი, – როგორც არ უნდა გაგვჭირვებოდა, აქედან შეშას არასოდეს ვეზიდებოდით“.

CENN-ის ოფისში, თბილისში, Global Forest Watch-ის პროექტის მენეჯერი ანა ინასარიძე ამბობს, რომ ადრე ძალიან რთული იყო იმის განსაზღვრა, ვარგისი იყო თუ არა ტერიტორია სატყეო სამუშაოებისთვის. „იყო შემთხვევები, როდესაც კომპანიამ სახელმწიფოსგან ლიცენზია შეიძინა და მხოლოდ შემდეგ აღმოაჩინა, რომ იქ ტყე საერთოდ არ იყო“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საბუეს მსგავსი შემთხვევების პრევენცია მომავალში უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართული ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის დახმარებით შეეძლება, რომელიც Global Forest Watch-ის პროექტის ფარგლებში მომზადდა.

„ჩვენი ტყეები ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის ნაწილია, – ამბობს მიშო და თან ტყის ძველ ბილიკს მიუყვება, რომელსაც ადრე კომპანია ჩეხდა, – ეს ჩვენი ცხოვრებისა და წარსულის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ აუცილებელია, დავიცვათ და გადავარჩინოთ“.

Logos-1024x152.jpg

The post გადაწყვეტილება სოფლის მოსახლეობის კარნახით appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share