ფორუმელი Moor Posted 11 ოქტომბერი, 2020 Posted 11 ოქტომბერი, 2020 ნახევარი საუკუნის წინ ასტრონომებმა შეადგინეს რუკა, რომელსაც ჩვენი გალაქტიკის ნებისმიერი წერტილიდან დედამიწისკენ მიმართულების ჩვენება შეუძლია. ხომალდი კოსმოსში გაუშვეს იმ იმედით, რომ ინტელექტუალი უცხოპლანეტელები რუკის გაშიფვრასა და მისი წარმომავლობის დადგენას შეძლებდნენ. ეს ამბავი ჩემი ოჯახის ისტორიის ნაწილი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე იყო. ბავშვობაში ამ რუკის შესახებ ნაამბობი არაერთხელ მსმენია და მისი გამოსახულება მრავალ ვარსკვლავთშორის კოსმოსურ ხომალდზე მინახავს; რამდენიმე წლის წინ დედამიწისკენ გზამკვლევის დედანი სახლში ვიპოვე. რუკის გაშვებით გამოწვეული აჟიოტაჟი მალევე ჩაცხრა: კოსმოსური დროის თვალსაზრისით ეს თავდაპირველი რუკა დიდხანს ვერ იქნება ვარგისი – მზესა და სხვა ახლომდებარე ვარსკვლავებს დაახლოებით 250 მილიონი წელი სჭირდებათ იმისთვის, რომ ირმის ნახტომის გარშემო ერთხელ დატრიალდნენ; რუკა ამ ციკლის მხოლოდ პატარა მონაკვეთში იქნება სწორი. რასაკვირველია, უცხოპლანეტელთა მიერ ამ რუკის ხელში ჩაგდების ალბათობა ასტრონომიულად მცირეა, მაგრამ ეს რომ მაინც მოხდეს, მოძველებული რუკა გამოუსადეგარი იქნება. პულსარების რუკა ფრენკ დრეიკის მიერ შედგენილი დედამიწისკენ გზამკვლევი რუკის დედანი ჩვენი პლანეტის საპოვნელად 14 პულსარს იყენებს. ფოტო: ფრენკ დრეიკის ნებართვითსაერთოდ, რატომ არსებობს ეს რუკა? 1971 წლის დეკემბერი იყო და NASA „პიონერ-10“-ის გასაშვებად ემზადებოდა – კოსმოსური ხომალდისა, რომელსაც იუპიტერისთვის უნდა ჩაექროლა და მზის სისტემის ეს უდიდესი პლანეტა პირველად დაეზვერა, მაგრამ, რაც კიდევ უფრო გასაოცარია, იუპიტერთან ჩავლით „პიონერ-10“ ვარსკვლავთშორისი ტრაექტორიით გაიტყორცნებოდა, რითაც ის ადამიანის მიერ შექმნილ პირველ ობიექტად იქცეოდა, რომელიც მზის სისტემას დატოვებდა. ასტრონომმა კარლ სეიგანმა გადაწყვიტა, რომ ხომალდს კაცობრიობის მისალმება უნდა წაეღო – შეტყობინება, რომელიც „პიონერის“ შემქმნელებს დაასახელებდა, მათ ხსოვნას უკვდავყოფდა და ნებისმიერი მისი მპოვნელისთვისაც გასაგები იქნებოდა. NASA დათანხმდა და შეტყობინების შესადგენად კარლს თვეზე ნაკლები მისცა. ამბის სწორედ ამ ნაწილში ერთვება კარლის მეგობარი, ასტრონომი ფრენკ დრეიკი, რომელიც მამაჩემიც არის და სხვა მიღწევათა შორის, მას მიეწერება „ხმაურიანი“ უცხოპლანეტელების პირველი სამეცნიერო ძიებაც. კარლმა შეტყობინების შემუშავებაში მამას დახმარება სთხოვა. მამა იხსენებს, რომ კარლმა და მან სწრაფად მოიფიქრეს, თუ რა უნდა გაეგზავნათ და უეცრად, თავში მოუვიდათ ისეთი გალაქტიკური რუკის შექმნის იდეაც, რომელიც კოსმოსში დედამიწის ზუსტ ადგილსამყოფელს მიუთითებდა. მამამ რუკა შეადგინა და 1972 წელს ის „პიონერ-10“-ით კოსმოსში გაგზავნეს. მომდევნო წელს „პიონერ-11“ გაუშვეს, რომელმაც ბოლოს და ბოლოს რუკა სატურნის გავლით ვარსკვლავებისკენ წაიღო. შემდგომ, 1977 წელს, დედამიწა „ვოიაჯერის“ ორმა კოსმოსურმა ხომალდმა დატოვა და ჩვენი პლანეტის საპოვნელად მამას გზამკვლევიც თან გაიყოლა, რომელიც „ოქროს ფირფიტის“ ზედაპირზეა ამოტვიფრული. მამამ რუკა ისე შეადგინა, რომ დედამიწისკენ გზას უჩვენებს როგორც სივრცეში, ისე დროში, რაც მას გალაქტიკური პოზიციონირების ოთხგანზომილებიან სისტემად (სხვა სახის GPS-ად) აქცევს. მამას და კარლს დიდად არ ადარდებდათ, რომ „ბოთლში“ მათი გზავნილის მპოვნელი უცხოპლანეტელები შეიძლება ავისმოსურნენი ყოფილიყვნენ. კარლი, მამა და ლინდა კარლ სეიგანმა, ლინდა ზალცმან-სეიგანმა და ფრენკ დრეიკმა შექმნეს ფირფიტა, რომელიც „პიონერ-10“-მა და „პიონერ-11“-მა ვარსკვლავთშორის სივრცეში გაიყოლეს (ფოტო გადაღებულია 1972 წ.).ფოტო: ფრენკ დრეიკის ნებართვითროგორ შეიქმნა რუკა ჩვენს გალაქტიკურ სამეზობლოს აშკარა „ქუჩის აბრები“ არ გააჩნია და ირმის ნახტომში მდებარე მილიარდობით პლანეტიდან ერთ-ერთისკენ მიმანიშნებელი რუკის შემუშავება მარტივი საქმე არაა. დედამიწის საპოვნელად ჯერ მზე უნდა მოძებნო. მზე კი არაფრით გამოირჩევა გალაქტიკის სხვა რამდენიმე ასეული მილიარდი ვარსკვლავისგან, რომელთაგან ყოველი საკუთარ გზას მიუყვება გალაქტიკური ცენტრის გარშემო და მეზობლებთან მიმართებით მდებარეობას ნელ-ნელა იცვლის. ეს ვარსკვლავური ტერიტორიული პაექრობა ნიშნავს იმას, რომ თანავარსკვლავედები, რომლებითაც დედამიწის ცაა მოფენილი, უახლოეს მომავალში ისეთივე აღარ იქნება, ამასთან, ეს ვარსკვლავები სხვა განლაგებასა და კონტურებს უჩვენებენ, თუ ჩვენი მზის სისტემის გარეთ მდებარე ნებისმიერი სხვა წერტილიდან დავაკვირდებით. გამოდის, რომ დაახლოებით 2000 წელიწადში პოლარისი ჩრდილოეთის ვარსკვლავი აღარ იქნება, ზუსტად ისევე, როგორც ის არ იყო გზის მანათობელი ვარსკვლავი ძველი ეგვიპტელი, ბაბილონელი და ჩინელი ცის დამკვირვებლებისთვის. მაშ, რა უნდა მოემოქმედებინათ? მიუხედავად იმისა, რომ ცენტრში მბრუნავი ბირთვული „ძრავის“ მქონე ჩვეულებრივ ვარსკვლავებს განმასხვავებელი სახასიათო ნიშნები შესაძლოა არ ჰქონდეს, მამა მიხვდა, რომ პულსარების, ოდესღაც მზეზე გაცილებით დიდ ვარსკვლავთა ნაშთების ინდივიდუალურად ამოცნობა შესაძლებელი იქნებოდა. 1967 წელს აღმოჩენილი პულსარები ძალზე სწრაფად ბრუნავენ, ხშირად წამში ასობით ბრუნსაც კი აკეთებენ. მძლავრი რადიოტელესკოპების გამოყენებით ასტრონომებს პულსარების ბრუნვის სისწრაფის უდიდესი სიზუსტით გაზომვა შეუძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მბრუნავი ვარსკვლავური ნაშთებიდან თითოეული კოსმოსში საკუთარ ხელწერას ტოვებს. მამამ შეარჩია 14 პულსარი, რომელთაც დედამიწის მდებარეობის განსაზღვრა შეეძლო და მათი ბრუნვის სიჩქარეები რუკაზე დაიტანა. „პიონერ-10“ „პიონერ-10“ ატარებს კაცობრიობის შეტყობინებას ვარსკვლავებთან. 6X9-დუიმიან მოოქრულ ფირფიტაზე ამოტვიფრული ეს შეტყობინება მის მპოვნელს აუწყებსფოტო: ALAMY STOCK PHOTOეს არ არის ჩვეულებრივი რუკა შესაბამისად, მამას პულსარების რუკა შტრიხული ხაზების სხივურ აფეთქებას ჰგავს, რომელთა გადაკვეთის წერტილიც ჩვენი მზის სისტემის ადგილსამყოფელია. მოკლედ რომ ავხსნათ, მისი რუკა ასე იშიფრება: თითოეული ხაზი დედამიწას პულსართან აკავშირებს. შტრიხული ნიშნები ორობითი რიცხვებია, რომლებიც ამა თუ იმ პულსარის ბრუნვის სიჩქარეს უჩვენებს (რუკის შედგენის დროისთვის), ხოლო ხაზის სიგრძე მეტ-ნაკლებად მანძილის პროპორციულია. მამას რუკაზე დატანილი ზოგიერთი პულსარი მოქცეულია მისივე ჩამოყალიბების მშფოთვარე პროცესში წარმოქმნილი ნისლეულის შუაგულში. უხმაურო ვარსკვლავთშორისი კოსმოსური ხომალდის აღმოსაჩენად და ხელში ჩასაგდებად საკმარისად გამჭრიახ ნებისმიერ ცივილიზაციას, სავარაუდოდ, ეცოდინება პულსარების შესახებ. რუკაზე ბრუნვის დროის მონაკვეთების ვარსკვლავური გზის მაჩვენებლებთან მისადაგებით კი, უცხოპლანეტელებს დედამიწისკენ გზის პოვნა შედარებით ადვილად შეეძლებათ. ძირითადი შეკითხვა, რომელსაც კარლი და მამა არ დაუბრკოლებია, შემდეგში მდგომარეობს: კარგი აზრია ჩვენი მისამართის კოსმოსში ალალბედზე გაგზავნა? გარდა ამისა, რადგან პულსარებისგან მომდინარე ჩვენ მიერ ხილული ენერგია მათი ბრუნვით წარმოიქმნება და დროთა განმავლობაში ისინი ნელდება, მამას რუკა მეოთხე განზომილებაშიც მიუთითებს დედამიწისკენ, ხოლო დაკვირვების მომენტსა და რუკაზე დაშიფრულ ბრუნვის სიჩქარეთა შორის არსებული განსხვავების დაჭერით, რომლებიც ათასობით წლის შემდეგ გახდება თვალსაჩინო, უცხოპლანეტელები შეძლებენ იმის დადგენას, თუ რამდენი ხნის წინათ იყო შედგენილი რუკა. ოჯახის ტრადიცია: სიყვარულის ისტორია რამდენიმე წლის წინ ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა: პულსარების ფანქრით დახატული რუკის დედანი ვიპოვე ჩემი მშობლების კარადაში და პულსარებზე მომუშავე ასტრონომთან, სკოტ რენსომთან დავიწყე ურთიერთობა. სკოტი „ვოიაჯერებზე“, „ოქროს ფირფიტასა“ და პულსარების რუკაზე მას შემდეგ ფიქრობდა, რაც 10 წლისა ოჰაიოს შტატის ქალაქ მენსფილდში კარლ სეიგანის სატელევიზიო სერიალ „კოსმოსს“ უყურებდა. რაღაც ხნისა და ასტრონომიული მეცნიერების დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ მან გააცნობიერა, რომ მამას რუკას „ახლო მომავალში“ ვადა გაუვიდოდა. რუკის აქილევსის ქუსლი სწორედ იგივე მახასიათებელია, რომელიც დედამიწის ზუსტი ადგილსამყოფლის მითითების შესაძლებლობას იძლევა: პულსარები ნელდება და ისინი, რომლებიც მამამ შეარჩია, რამდენიმე მილიონ წელიწადში, რამდენიმე ათასწლეულის ცდომილების გათვალისწინებით, გაუჩინარდება. ისე დაემთხვა, რომ სკოტმა ახალი, უფრო ზუსტი და გრძელვადიანი პულსარების რუკის შედგენა დაიწყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ ერთად ცხოვრებას გადავწყვეტდით. ახლა მე ჩვენს სამეცნიერო ისტორიებს აღვწერ, ხოლო სკოტი პულსარების არჩევითა და მათი ორობითი კოდების გამოყვანით არის დაკავებული. უფრო ახალი, უკეთესი რუკა დედამიწისკენ სკოტის ახალი რუკა ყველა დროის გალაქტიკური პოზიციონირების სისტემაა. ის დედამიწისკენ უჩვეულო ხერხით უჩვენებს გზას ირმის ნახტომის როგორც შიგნით, ისე მის გარეთ მდებარე პულსარების დახმარებით. ახალი რუკა მილიწამიან პულსარებს იყენებს, რომლებიც ჩვეულებრივზე უფრო სწრაფად ბრუნავს, მეტ ხანს ძლებს და მათნაირივე მკვდარი ორბიტული თანამგზავრები ჰყავს. ეს ბინარული პულსარები მსაზღვრელების მეორე წყებას გვთავაზობს: მთელი სისტემის ორბიტულ პერიოდს, რომელიც უცვლელია მილიარდობით წლის განმავლობაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მილიწამიანი პულსარები გაცილებით ნელა ბერდება, ვიდრე მამას რუკაზე დატანილები, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ მათი ბრუნვა ძნელად საცნობი გახდება, ათასჯერ მეტი ხანი უნდა გავიდეს. გარდა ამისა, სკოტმა გზის მაჩვენებლების დამატებითი შრე გაითვალისწინა: ირმის ნახტომის ორბიტაზე მოძრავ სფერულ გროვებში არსებული პულსარები. სფერული გროვები, ირმის ნახტომზე ადრეული ვარსკვლავთა შეჯგუფებებია და მილიწამიანი პულსარების ნამდვილ ქარხნებს წარმოადგენს. გზის მაჩვენებლებად ჩვენი გალაქტიკის გარეთ მყოფი, ადვილად შესამჩნევი ვარსკვლავური სფეროების გათვალისწინებით, სკოტის რუკა დედამიწის პოვნის შესაძლებლობას მილიარდობით წლის განმავლობაში იძლევა, მაშინაც კი, როდესაც ირმის ნახტომის ვარსკვლავები გალაქტიკურ ბირთვს მრავალჯერ შემოუვლის გარშემო, გადაეწყობა და თანავარსკვლავედები დაიშლება. რომ იცოდეთ, მამას აზრით, ეს შთამბეჭდავია. მაგრამ ჯერ ის ვინმემ უნდა გაშიფროს რა თქმა უნდა, მამას რუკა კვლავაც კოსმოსშია, მაგრამ მისი მატარებელი „პიონერებისა“ და „ვოიაჯერების“ ხელში ჩაგდების ალბათობა თითქმის ნულოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ოთხივე კოსმოსური ხომალდი ვარსკვლავთშორისი ტრაექტორიით მოძრაობს, კოსმოსური სივრცე დიდია და შემდეგი შემხვედრი ვარსკვლავური სისტემები მრავალი ათასი წლითაა დაშორებული. გარდა ამისა, კოსმოსური ხომალდები ძალზე მცირე ზომისაა და შემდეგ რამდენიმე ათწლეულში სრულიად დადუმდება, რითაც მათი აღმოჩენა უკიდურესად რთული იქნება. რაც შეეხება ახალი რუკის გაგზავნას: „ვოიაჯერის“ მსგავსი კოსმოსური ზონდის გაშვება უახლოეს მომავალში არ იგეგმება, მაგრამ ამ რუკის მზის სისტემის მიღმა გაგზავნა და გონიერი უცხოპლანეტელების მიერ მისი ხელში ჩაგდება რომ მოხერხდებოდეს, მისი წაკითხვა და გაყოლა საკმაოდ ადვილი უნდა იყოს. ფოტო: სკოტ რენსომი ავტობიოგრაფიები ნადია დრეიკი: „მე National Geographic-ის კონტრიბუტორი ავტორი ვარ, რომელსაც დედამიწის ხოჭოებიან და გაუკვალავ ჯუნგლებში დაკარგვა (და შემდეგ შინისკენ გზის პოვნა) მიყვარს“. სკოტ რენსომი: „მე ეროვნული რადიოასტრონომიული ობსერვატორიისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის ასტრონომი ვარ, რომელსაც პულსარები, რუკები, კოდები და ნადია უყვარს“. The post დედამიწისკენ ნებისმიერ ფასად! რუკა უცხოპლანეტელთათვის appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა