Jump to content
×
×
  • Create New...

წერილი ჩემს თაობას


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ვინ იფიქრებდა, რომ მოწოდება სახლში დარჩენისკენ მასობრივ გადაადგილებას გამოიწვევდა?

ასეთი აღმოჩნდა 2020 წლის გაზაფხული მრავალი ჩვენგანისთვის, რომლებიც ახლა ვუგებდით გემოს დამოუკიდებელ, ზრდასრულ ცხოვრებას და ამ დროს პანდემიაც დაგვატყდა თავს.

18-25 წლის ადამიანები „მილე-ნიალებზე“ ახალგაზრდები ვართ, მაგრამ იმდენად არა, რომ
„Gen Z“-ს მიგვაკუთვნონ; იქნებ ჩვენც უნდა გვქონდეს საკუთარი სახელი – თაობას, რომელიც გარდამავალ განზომილებაში ვართ გაჭედილები და ხან რას გვიწოდებენ, ხან რას; მათ შორის – „უიმედო თაობას“… არც ერთს არ ვეთანხმები, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენი პირადი ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე მთელი სამყარო თავზე გვემხობა.

წლის დასაწყისში გამოცხადებული „ლოკდაუნების“ ფონზე, უსაფრთხო თავშესაფრის ძიებაში, თითქმის არავინ დავრჩენილვართ ჩვეულ ადგილზე. ვიცი, სად გაიხიზნენ ჩემი მეგობრები, რადგან ხანგრძლივი კარანტინი მეც კლასიკური, ხელნაწერი წერილების წერაში გავატარე – შესაბამისად, მისამართებიც მოვიძიე.

ვიცოდი, ვინ დაბრუნდა მშობლებთან, ვის მოუწია გაჭირვების გამო ცხელ წერტილებში დარჩენა, ვინ შეინარჩუნა სამსახური და ვისი შეყვარებული აღმოჩნდა შორს. ცოტას თუ ესმოდა მაშინ, რომ ეს ყველაფერი ამდენ ხანს გასტანდა და ჩვეულებრივ ამბად იქცეოდა.

ჩემმა მეგობრებმაც იცოდნენ, მე სად ვიყავი. იცოდნენ, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში გადავბარგდით, ხოლო ინფექციონისტი მამაჩემი ნიუ-იორკში დარჩა და ეს მთელ ოჯახს გულზე ლოდად გვაწვებოდა.

MZ3721_200718_00191-1024x575.jpgკასია ვარგომ საექთნო კურსი დაამთავრა პანდემიის პიკის დროს.

ჩემი მეგობრები და მე წერილებში ისეთ აზრებს და გრძნობებს ვუზიარებდით ერთმანეთს, რომლებიც არც მესიჯებში ხვდებოდა და არც ზუმის ზარებში (ამ საშუალებითაც ვურთიერთობდით, რა თქმა უნდა). წერილების წერა თითქოს ისეთ სათუთ ემოციებს აღძრავდა, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის უცხო იყო.

ჩვენი წერილების ტონი ვითარების შესაბამისად იცვლებოდა: აღგზნებული, ჩაფიქრებული, შეშინებული, წყნარი, იმედგაცრუებული თუ განერვიულებული. მეგობრები საამაყო ამბებს მიზიარებდნენ – როგორ დაამთავრა ძმამ სამედიცინო სასწავლებელი ნაადრევად, რათა პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დამდგარიყო ან მიყვებოდნენ, როგორ მოულოდნელად გაიტაცა წიგნების კითხვამ.

ერთ დღესაც პირველი სამწუხარო ამბავი შევიტყვე – მეგობარი მწერდა, რომ მისი ბებია და პაპა COVID-ის დიაგნოზით მოხვდნენ საავადმყოფოში. რამდენიმე კვირაში ორივე გარდაიცვალა.

როგორც კი პანდემიის ტალღამ აშშ-ს დაარტყა, უკუდინებამ ჩვენი ასაკის ხალხი ღია ზღვაში გაიტაცა. ბევრს ისედაც უჭირდა: სწავლის გადასახადის გამო ათობით ათასი დოლარის სესხი ჰქონდათ აღებული. ასტრონომიული ბინის ქირის გამო დიდ ქალაქებში ცხოვრება არც შეეძლოთ. ენერგია შეალიეს წლების განმავლობაში სისტემური რასიზმისა თუ ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გამოსვლებს. პანდემიამ ყველას გამოგვაცალა ნიადაგი.

ჩვენ ვართ თაობა, რომელიც 11 სექტემბრის შემდგომ გამუდმებულ შიშში გაგვზარდეს და დაწყებით კლასებში სავარჯიშოებს გვიტარებდნენ, როგორ დაგვეცვა თავი შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში. მომავალი ადრეც შავბნელად გვეჩვენებოდა და ახლა რაღა ვიფიქროთ?

დღეს ორჭოფობა თან სდევს ყველაფერს, რაც ჩვენი ყოველდღიურობა უნდა ყოფილიყო – დამოუკიდებლად ცხოვრება, გაკვეთილებზე დასწრება, პაემნებზე სიარული, ბებიების და პაპების ჩახუტება. თითქოს მარტო ამ თემებზეღა ვლაპარაკობთ.

MZ3721_200720_01130-1024x576.jpgპრინსტონის უნივერსიტეტის 2020 წლის კურსდამთავრებული, ჰაიტიელი იმიგრანტი, ფეჯუნი ფილიპი, ოჯახში პირველია, ვისაც კოლეჯში უსწავლია.

თუმცა, ზოგი „უიმედო თაობას“ გვიწოდებს – და ზოგჯერ ასეც შეიძლება გვეჩვენებოდეს – ეს სახელწოდება მაინც ზედმეტად ნეგატიურად მიმაჩნია. შეიძლება ცხოვრებამ გაგვაწვალა, მაგრამ ის ადვილად ვერ გაგვთელავს.

„ცხოვრება ასეთი არ წარმოგვედგინა“, – ამბობს ელ ო’ბრაიენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა კოლგეიტის უნივერსიტეტი. მან სოციალური მედიის მეშვეობით ჩაატარა გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა განცდა ჰქონდა ხალხს პანდემიის დროს.

ელ ო’ბრაიენის მიერ გამოკითხულ თანატოლთა 91% ღელავდა, რომ COVID-19-მა მათ მაგისტრატურის და სამსახურის გეგმები აურია.

აპრილიდან მოყოლებული რამდენიმე თვის განმავლობაში, ო’ბრაიენი საკუთარ ინსტაგრამზე აქვეყნებდა კითხვებს და მიღებულ შედეგებზე ბლოგის სახით წერდა. გამოკითხვაში ასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და, როგორც ო’ბრაიენმა აღნიშნა, პასუხების მსგავსებამ გააოცა: „შიშისა და იმედის უცნაური ნაზავი ვართ, უამრავი ჩვენგანი ერთდროულად სიცილსაც და ტირილსაც ვახერხებთ“.

ტალღა აგორებულია და ჩუმად ყოფნა უკვე მიუღებელია – ყოველ შემთხვევაში, ჩემ გარშემო ასეა. ირონიულია, რომ სოციალური დისტანცირების რამდენიმე თვე დასჭირდა ამ მასშტაბის საზოგადოებრივი ჩართულობის გაღვივებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში.

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ საპროტესტო აქციაზე ახალგაზრდების განსაკუთრებული სიმრავლე და მრავალფეროვნება ნაწილობრივ განაპირობა პანდემიის მიერ აშშ-ში სისტემური უთანასწორობის გამოაშკარავებამ. დავინახეთ, რომ ჩვენი შავკანიანი მეგობრების ოჯახის წევრები არაპროპორციულად ავადდებოდნენ კორონავირუსით. დავინახეთ, რომ პირველი თაობის [იმიგრანტებს] და დაბალშემოსავლიან სტუდენტებს უფრო უჭირდათ ვირტუალურ სწავლაზე გადასვლა. დავინახეთ, რომ ფერადკანიან ახალგაზრდებს არც რესურსი და არც კავშირები ჰყოფნიდათ შრომის ბაზარზე წარმატების მისაღწევად.

რატომ არ ვითხოვდით ცვლილებას აქამდე?

ეჭვი მაქვს, მთელ კაცობრიობასაც უჩნდება მსგავსი კითხვა, ჩვენს პლანეტასთან უდიერად მოპყრობის შედეგების გამო. კლიმატის ცვლილებამაც დიდი ხანია განგაში გამოიწვია ჩვენს თაობაში. ყველაზე მეტად შეიძლება „კლიმატის ცვლილების თაობის“ იარლიყი გვერგებოდეს. ჩვენს წინა თაობებს, ალბათ, იმიტომ არ მიუღიათ სასწრაფო ზომები მყინვარების დნობის, დაბინძურებული ჰაერის, გაჩეხილი ტყეებისა და ადიდებული ზღვების პრობლემების მოსაგვარებლად, რომ თავად არ მოუწევთ ისეთ სამყაროში ცხოვრება.

ამ პანდემიის გამანადგურებელი ძალა შეიძლება განუზომელი იყოს, თუმცა მომავალი ბუნებრივი კატასტროფების ფონზე ის უფერულდება.

ამ მოვლენების წონა ჩემი მეგობრისგან ივნისში მიღებულ წერილში გამოიკვეთა: „დაღონებული ვარ. აჭრილი ვარ. გაბრაზებული და ნაწყენი ვარ როგორც ყველაფერზე, ისევე საკუთარ უმოქმედობაზე“, – მწერდა ჩარლი კობერნი. „გაცეცხლებული ვარ მთავრობის რეაგირებაზე. და იმაზე მეტი სამოქმედო სტიმული მომეცა, ვიდრე ოდესმე ჩემს ცხოვრებაში“.

ამერიკელთა 41%, რომელთაც რასობრივ თემაზე გამართულ აქციაში მიუღიათ მონაწილეობა, 30 წლამდეა (პიუს კვლევითი ცენტრის ივნისის მონაცემები).

კარანტინის დასაწყისში, მეგობრებს ვწერდი ჩრდ. კაროლინის სანაპიროზე გამორიყულ პატარა ვეშაპზე. როგორც ჩანს, მისი სიკვდილი ადამიანების ბრალი იყო – ან გემი დაეჯახა ან ბადეში გაიხლართა. რადგან ვირუსის გამო ტურისტები პლაჟს არ გაკარებიან, სილაში ჩაფლული ლეში იქვე დარჩა და ბუნებამ თავისი გააკეთა.

სანაპიროზე რეგულარულად სეირნობისას ქვიშიდან ამოშვერილი ერთადერთი ნაწილის – ხერხემლის ცვლილებას ვაკვირდებოდი. ჯერ ბუზები ეხვეოდნენ, შემდეგ კოიოტებმა გაძიძგნეს. ერთხელაც, აპოკალიფსური წარღვნის შემდეგ, ცალკე დაგდებული მალაც ვიპოვე და პანდემიის სამახსოვროდ წამოვიღე* – რომ არ დამვიწყებოდა მის მიერ გამოწვეული აურზაური, ბევრი ეული და უდროო სიკვდილი, ბუნება და ჩვენი ადგილი ბუნებაში.

STOCK_IMG-3308-1024x576.jpgფოტო: ჯორდან სალამა

პანდემიის გამო, ზრდასრული ცხოვრების არამტკიცე დასაწყისი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ყველა არჩევანს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ექნება. სულ უნდა გვახსოვდეს, რა გადაგვხდა თავს: ზოგი სხვაზე მეტად დაიტანჯა, თუმცა გადაფასების ეტაპი ყველამ გამოვიარეთ.

პერიოდულად მართლაც შეიძლება „უიმედო თაობად“ ვიგრძნოთ თავი, თუმცა მინდა მჯეროდეს, რომ საბოლოოდ „განახლებულ თაობად“ ჩამოვყალიბდებით. უბრძოლველად არ დავნებდებით. და ჩვენს დღევანდელ განსაცდელზე მეტად ის განგვსაზღვრავს, რასაც მომავალში გავაკეთებთ.

საუკეთესო სურვილებით,
ჯორდანი

* კანონის შესაბამისად, სალამამ აშშ-ის ნაპირზე გამორიყული ზღვის ძუძუმწოვრების პროგრამას აცნობა ნაპოვნი ხერხემლის მალის შესახებ. აღრიცხვის შემდეგ ნიმუში მას დაუტოვეს, რადგან ვეშაპი იმ სახეობათა ნუსხაში არ არის, რომელთა ძვლების ფლობაც აკრძალულია.

მწერალ ჯორდან სალამას სტატიები გამოქვეყნებულია ისეთ გამოცემებში, როგორებიცაა: New York Times, National Geographic, Smithsonian და სხვ. მისი პირველი წიგნი „Every Day the River Changes“, კოლუმბიის მდინარე მაგდალენას გაყოლებაზე მოგზაურობის შესახებ, 2021 წელს გამოიცემა.

The post წერილი ჩემს თაობას appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share