Jump to content
×
×
  • Create New...

ზეიმი პანდემიისას


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

ზოგჯერ რაღაცებს ხელიდან ვუშვებთ, ზოგჯერ რაღაცები გვერთმევა, ზოგჯერ კი ისინი იმსხვრევა, მაგალითად, სიცოცხლე, გულები, ცხოვრების მთელი წესები. COVID-19-ის ხანაში განა ჩვენი მსოფლიოც მოშლილს არ ჰგავს? ალბათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რელიგიური დღესასწაულები გვიახლოვდება.

გვიწევს მოვერიდოთ დიდ შეკრებებს, ოჯახთან და ძველ მეგობრებთან სახლში სადილს, მეჩეთებში, ტაძრებსა და ეკლესიებში ღვთისმსახურებას – რითაც ამ გამანადგურებელ დროში სიხარულით აღსავსე და სიღრმისეული რიტუალები თუ შეკრებები გვეცლება ხელიდან. მაგრამ ნიშნავს კი ეს, რომ ჩვენ ხელიდან გვეცლება ის საზრდო, ურთიერთკავშირი და წმინდა სიმსუბუქე, რომელიც ამ ცერემონიებს ახლავს?     

იქნებ სიწმინდით სრულად გავიმსჭვალოთ მაშინაც კი, როდესაც ჩვენს თავსა და ჩვენს ახლობლებს უსაფრთხოდ ვამყოფებთ. იქნებ ეს მსოფლიოს დასასრული საერთოდაც არ არის. იქნებ ეს ახალი საწყისი, კარიბჭეა.

მოდით, იმით დავიწყოთ, თუ რას ვგულისხმობთ „წმინდაში“.

ინგლისურ ენაში ეს სიტყვა მთლიანიდან, დაუზიანებლიდან, ჯანსაღიდან და სრულყოფილიდან წარმოდგება. უკანასკნელ ხანს, სულაც არ ვგრძნობ თავს სრულყოფილად, როგორც წესი, სევდიანი, გაცეცხლებული, უხასიათო და ქანცგაწყვეტილი ვარ. თუმცა, სიწმინდე ხომ მხოლოდ ღვთაებრივიდან არ მომდინარეობს. სიწმინდე სანახობა არაა – უფრო ხშირად ის მცირე დეტალებში შეიგრძნობა, თუმცაღა მათ აღსაქმელად გულისყური შესაბამისად უნდა გვქონდეს მიმართული. სიწმინდე დღენიადაგ ჩვენ გარშემო და ჩვენშია. ის აქაა, მაგრამ ხშირად ჩვენ არ ვართ აქ.

იქნებ სიწმინდისა და სისავსის ჩვენეული განსაზღვრებაა შესაცვლელი. წმინდაა ადრიანი დილა. წმინდაა შვილიშვილის სითბო, ან შინ მოყვანილი პომიდვრის საწებელი.

წმინდაა საშობაო საგალობლები, მენორის სანთლები თუ სახალხო კოცონი. ეს დღეები სინათლის, სითბოს, გასხივოსნებისა და სიცოცხლის ხელახლა მოსვლას ეძღვნება. სინათლის გამარჯვებას სიბნელეზე.

დანაკარგის დროს აღმოჩენა იმისა, თუ რა არის წმინდა, დაუდგრომელი სულიერი გამოღვიძებასავით შეიძლება ჩანდეს. ეს შეიძლება საერო მიბრუნება იყოს იმ რიტუალებისკენ, შენი ხალხი ათასწლეულობით რომ აღასრულებდა.

ეს ყოველივე ახლა უფრო დიდ, უფრო ნამდვილ, ძველისძველ სამყაროსთან კავშირს გვთავაზობს. რიტუალები ჩვენს სულებსა და მუცლებს ავსებს. ისინი ყურადღების გადატანაში, მიმართულების შეცვლასა და გამოცოცხლებაში გვეხმარება. 

ყველაფერი – ცხოვრების მთელი ჩვენი სისტემა, ოჯახი, მოგზაურობა – შეჩერდა. მაშ, თუკი რაც გაგვაჩნია, მოშლილია, აღდგენას საიდანღა ვიწყებთ?

ერთ-ერთი შესაძლო პასუხი თიხის ჭურჭლის აღდგენის ძველი იაპონური ხერხია –  შეკეთებული ადგილების გასწვრივ ოქროს დატანით. თქვენ ღირსებას ულახავთ ამა თუ იმ ფასეულობას, თუკი არ აღიარებთ, რომ ის მოშლილია. მათი აღდგენით კი ნივთებს ფასეულობას უბრუნებთ. ოქროს ნაწიბური მოშლილი ფასეულობების მშვენებას კიდევ უფრო ამკობს. თქვენ ბზარებს ამკობთ, ასე რომ, ახლა ისინი ნამდვილად გამოჩნდება.

მსოფლიო გატეხილია. რა წარმოადგენს ოქროს?

ოქროა ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც გვაქვს, მნიშვნელოვანი რაღაცების – ცხოვრების საჩუქრების, სიყვარულისა თუ ბუნების დაფასება.

ოქროა ყურადღების მიპყრობა იმაზე, რაც გვაქვს, მნიშვნელოვანი რაღაცების – ცხოვრების საჩუქრების, სიყვარულისა თუ ბუნების დაფასება. საკუთარი კოხტა ფანჯრების, წიგნებისა თუ მიმოფანტული ნივთების შემჩნევა. თვალის არა მხოლოდ მთებსა და ვარსკვლავებზე მიპყრობა, არამედ დეტალების დანახვა საკუთარ სახლში, ხედის დანახვა ფანჯრებს მიღმა და მათი გაღებისას სუფთა ჰაერით ტკბობა. ყოველივე ეს მე ძალას მმატებს.

 და მაინც, ძლიერ მენატრება ჩემი საყვარელი ხალხი, ჩემი ოჯახი, ეკლესიის გალობა და წმინდა სიჩუმე. ადამიანებთან შეხებას ვარ მონატრებული. მაკლია ზეიმები, პირქუშ დროში დადებითი ემოციები და თვით ხმამაღალი ფოიერვერკებიც.

მაგრამ არათუ ვერსად გავფრინდებით, ბიძაშვილის სანადირო ქოხამდე ან სახლამდე მანქანით მისვლაც კი არ შეგვიძლია. 

წესით, ალალბედზე მიტოვებული, შიშით უნდა ვიყო გარემოცული, მაგრამ ალალბედზე მიტოვებული სულაც არ ვარ: მე მეგობრები მყავს და წარმოსახვა მაქვს. COVID-19-ის შემდეგ ჩვენი თავი დამოუკიდებელ პლანეტებად წარმოვიდგინე. მაგრამ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობაში ეს ზედმეტად დიდი გამოწვევა იყო. ასე რომ, ჩემი სახლი ერთ-ერთ იმ ასანთის კოლოფად წარმოვიდგინე, მეგობრები რომ წლების განმავლობაში მჩუქნიან, შიგნით იმედისა და რწმენის სიმბოლოებით: ორიგამის წეროთი, გამხმარი ცისთვალას ყლორტით, გულით.  

ცხოვრებას ჩვენთვის კვლავაც თავისი სიწმინდის შეხსენება სურს, მაგრამ ამისთვის თვალების გახელა და გულების გახსნაა საჭირო. დიახ, ჩვენი თმა საშინლად გამოიყურება, ფორმაში აღარ ვართ, ზოგჯერ, პარტნიორი გვძულს და ვფიქრობთ, რომ შვილებიც არ უნდა გაგვეჩინა, მაგრამ, ღმერთო ჩემო, როგორი მზის ჩასვლაა. მე იმის მადლიერიც ვარ, რომ თავზე ჭერი მაქვს. გარეთ, ქვიან ტალახში, ყაყაჩოები ამოწვერილან. ყაყაჩოები ლამპრებია: სიბნელის მჯობი სინათლე, ბოროტების მჯობი სიკეთე. თქვენც, თქვენი ლამპარი საკუთარი თავის სიყვარულით აანთეთ. გაცისკროვნდით.        

ჩვენ ვერ შევიგრძნობთ მრავალი ადამიანის თბილ კანს, მაგრამ გვაქვს, მაგალითად, წინაპრებისგან დატოვებული მოქსოვილი შარფი. ეს ისეთივე წმინდაა, როგორც ქანდაკებები და გობელენები მეჩეთებში, ტაძრებში, ძენდოებსა და აშრამებში. სიყვარულის სახსოვრად მათ ჩვენ ირგვლივ ვტოვებთ.

თავისთავად ცხადია, რომ ხშირად ვათვალიერებთ იმ ადამიანების ფოტოებს, რომლებიც გვიყვარს და გვენატრება: ეს კავშირი ძალზე ღრმაა, ფიზიკურზე და შეხებაზე ღრმა, იმდენად ღრმა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ის სულის სისავსეში, კაპილარულ სისტემაში, სუნთქვასა და მოგონებებშია. ასევე, თავისთავად ცხადია, რომ ჩვენთვის წმინდა მუსიკას – საგალობლებს, კირტანებს, კლეზმერს, არეთას – ვუკრავთ ან ნიავის მიერ ახმაურებულ ზანზალაკებს ვუგდებთ ყურს.

შემდეგ ტელეფონს ვიღებთ ან Zoom-ში შევდივართ და წინასწარი შეთანხმებისამებრ, კვანზააზე, ახალი წლის ღამეს, შაბათის დაწყებისას ან ნაბუნიობაზე კავშირზე გავდივართ. და როგორც ადრე ვიყავით ბოლომდე ჩართულები ქორწილებსა და დაკრძალვებზე, ახლაც ისევე ვართ ჩართულები იმაში, რაზე დასწრებასაც ჯერ კიდევ ვახერხებთ ტელეფონით ან სამეზობლოში გასეირნებით, ნიღბით, ხელის დაქნევით.

რომელი სივრცეც უნდა იყოს, პირდაპირი ურთიერთობის შეგრძნება მაინც შესაძლებელია. ცხოვრებამ ჩვენი ემოციური სირთულეების გარკვეული მავთულხლართებიც მოგვაშორა და ჩვენ იმას ვაფასებთ, რაც დაგვრჩა. ჩვენი მზერა ერთმანეთს ხვდება და ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ერთად ვიტიროთ; ჩვენი თვალები ერთმანეთს უსწორდება: ეს ხომ უდიდესი სიახლოვეა.

მე ჩემი სხეული მაქვს, რომელშიც ვცხოვრობ – ჩემი დანიშნულების, სიამოვნების, ტკივილისა და დასვენების ადგილი. ჩემს თავს იმას ვთავაზობ, რასაც უცხო ადამიანს შევთავაზებდი: ცხელ აბაზანას, ქლიავს, თბილ სიტყვებს.

ამ პანდემიამ დაგვანახა, რომ ყველანი დაუცველნი და დაკავშირებულნი ვართ. ამ ამბავში ყველანი ერთად ვართ მთელი დედამიწის მასშტაბით – ბუდისტები, იუდეველები, მუსლიმანები, ინდუისტები, წარმართები, ქრისტიანები, ათეისტები. ჩვენი ერთობა ამ ვირუსზე გაცილებით მეტია, რადგან სიყვარული და ზრუნვა ყველაფერს აღემატება – თვით, ან, თუ გნებავთ, განსაკუთრებით, ტანჯვას. მაშინაც კი, როდესაც მარტოსულნი, დაცარიელებულები, გულგატეხილები ან ნაწყენები ვართ, ამ ნაპრალებიდან იქით შეგვიძლია გასხლტომა, საითაც მუდამ მივისწრაფოდით: არა საჩუქრებისკენ, არამედ თანდასწრებისკენ. ეს კი განგვამტკიცებს, გახარებისა და სისავსის შესაძლებლობას მოგვანიჭებს, სანამ კვლავაც ერთად ყოფნას შევძლებთ.

ჯიბის სალოცავები:
პატარა რელიგიური ნივთები, გრძელი ისტორია

საუკუნეების განმავლობაში დიდი სიყვარულის ან რელიგიის ერთგულების სახელით უზარმაზარი სალოცავები შენდებოდა. ამავე სულისკვეთებით მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ხალხი მათ მინიატურულ ასლებსაც ქმნიდა. ამ „ჯიბის სალოცავებს“ ხშირად ჯარისკაცები ატარებდნენ. მათი უმეტესობა პაწაწინა საცავისგან შედგება – ტყავის ან ქსოვილის ყუთი, ხის ან ლითონის კოლოფი, ტყვიის მასრაც კი – რომლებშიც ქანდაკება ან გამოსახულება ინახება. დღეს ჯიბის სალოცავები შესაძლებელია ასანთის კოლოფებშიც მოეწყოს. ფსიქოთერაპევტი კარლა ჰელბერტი ასეთ სალოცავებს თერაპიაში იყენებს და ამბობს, რომ ისინი სასარგებლოა „თქვენს საყვარელ ადამიანთან საჭირო კავშირის შესანარჩუნებლად“. – პატრისია ედმონდსი 

ენ ლამოტი New York Times-ის მრავალი ბესტსელერის ავტორია, მათ შორისაა „ალილუია მიუხედავად ყველაფრისა“, „მცირე გამარჯვებები“, „ნაკერები“ და „მიშველეთ, მადლობა, ოჰო!“; მისი ახალი წიგნი, „ბინდი ღამე აისი: აღორძინებისა და სიმამაცის შესახებ“, მარტში დაიბეჭდება. წარსულში გუგენჰაიმის სტიპენდიანტი და კალიფორნიის დიდების დარბაზის წვეული ლამოტი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ცხოვრობს. ამ პანდემიამ დაგვანახა, რომ ყველანი დაუცველნი და დაკავშირებულნი ვართ. ჩვენი ერთობა ამ ვირუსზე გაცილებით მეტია, რადგან სიყვარული და ზრუნვა ყველაფერს აღემატება.

The post ზეიმი პანდემიისას appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share