ფორუმელი Moor Posted 12 ოქტომბერი, 2020 Posted 12 ოქტომბერი, 2020 ნათელია, რომ ამ პროექტს ერთი მოთხოვნა აქვს: ფოტოზე ჯვრიდან გარდამოხსნილი ქრისტეს მსგავსად გამოსახული (თუმცა უვნებელი) შავკანიანი სხეულები ისეთივე სიმძაფრით მოითხოვენ მაყურებლისგან ყურადღებას, როგორც ქუჩის დემონსტრანტები პოლიციისგან – ცვლილებას. უსიცოცხლო შვილების გვერდით მდგომი, მჯდომი თუ ჩამუხლული შავკანიანი დედები პირდაპირ უმზერენ კამერას და თქვენს ყურადღებას ითხოვენ; მათთვის თვალის გასწორება რთულია, მაგრამ თვალის არიდება უფრო სავალალო იქნება. ჰიუსტონი, ტეხასი ბრუკლინელი ვიზუალური არტისტის – ჯონ ჰენრის გამოფენა „უცხო ხილი“ შექმნილია პოლიციის მიერ შავკანიანი ადამიანების მკვლელობის თემაზე. სათაური მომდინარეობს ნინა სიმონეს სიმღერიდან „უცხო ხილი“, რომელიც ლინჩის წესით გასამართლებულთა ჩამოხრჩობილ სხეულებს ხეზე მოქანავე უცხო ხილს ადარებს. პროექტი მგლოვიარეთა მწუხარებაზე გვაფიქრებს. „რთულია ამ ყველაფრის ყოველ ჯერზე თავიდან განცდა; მკვლელობები კი არა და არ წყდება, თითქოს „ზაზუნას დღის“ კოშმარული ვერსია იყოს“, – ამბობს ჰენრი. ჯონ ჰენრიმ დედებს სთხოვა, ეფიქრათ ამ კადრებსა და თავიანთ ვაჟებზე.„ძალიან ვწუხვარ, რომ დედებს ამის გადატანა სინამდვილეში უწევთ… ჩემი შვილი წამოდგა, სხვების – ვერ“. ლითლ-როკი, არკანზასი რეალური დედებისა და რეალური შვილების ფოტოები რეალურ სიკვდილს არ ასახავს, თუმცა ასახავს მუდმივ და ყოვლისმომცველ შიშს, რომელიც მოსვენებას არ აძლევს შავკანიან დედებს – შიშს იმისა, რომ პოლიციას, უმნიშვნელო რამის ან საერთოდ არაფრის გამო, მათი შვილების მოკვლა შეუძლია. (მარცხნივ) საუთ-საიდი, ჩიკაგო, ილინოისი (მარჯვნივ) ცენტრალური ლოს-ანჯელესი, კალიფორნია დედები სხვადასხვა ასაკის შვილებთან ერთად განასახიერებენ „პიეტას“ – ღვთისმშობლის მიერ ქრისტეს დატირების კლასიკურ სცენას. ფოტოები გადაღებულია დიდ ქალაქებსა და იმ სხვა ადგილებში, სადაც უძრავი შავკანიანი სხეულის დანახვა ხილული დაზიანებების გარეშეც გაფიქრებინებთ, რომ ის მკვდარია. ხვდებით, რომ ამაში ბრალი ყველა ასეთ ადგილს მიუძღვის. ჰენრი, რომელიც ქვინსში 15 წელი მსახურობდა ეკლესიაში, ამბობს, რომ მისი პროექტის შთაგონება ქრისტიანული იკონოგრაფია და დედის მუდმივი მღელვარება იყო. სახლიდან გასვლას ყოველთვის თან სდევდა ერთადერთი შვილისათვის შეგონება, რომ სიფრთხილე გამოეჩინა და შინ მშვიდობით დაბრუნებულიყო. „გონებაში ისინი კვლავ გაყინულები არიან ამ მდგომარეობაში, ამ სევდაში. მრცხვენია, რადგან მიხარია, რომ ეს მხოლოდ ფოტოა; სხვებისთვის ხომ ეს რეალობაა“. „მეშინია, რომ შემდეგი ვარ. თითქოს [ჩემი ვაჟის სახელი] იქნება მომდევნო ჰეშთეგი“. ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი ჰენრიმ ამ პროექტის ფარგლებში ფოტოების გადაღება 2014 წლიდან დაიწყო, თუმცა იდეა გაცილებით ადრე დაებადა – 2006 წელს, როდესაც ნიუ-იორკელმა პოლიციელებმა (რომლებიც შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს) საკუთარი ქორწილის დღეს მოკლეს შონ ბელი, ან კიდევ უფრო ადრე – 1991 წელს, როდესაც პოლიცია ლოს-ანჯელესელ როდნი კინგს ცემით გაუსწორდა. იმის ფონზე კი, რომ პოლიციის მიერ სასიკვდილოდ განწირული ჯორჯ ფლოიდი დედას ახსენებდა, ჰენრის ფოტოები წინასწარმეტყველებას ჰგავს. თუმცა ეს სურათი ნებისმიერ ეპოქას მოერგებოდა, რადგან ამერიკა საკუთარ ხახაში მოხვედრილი ნებისმიერი შავკანიანის სიცოცხლეს ოდითგანვე არაფრად აგდებდა და, თითქოს, შავკანიანთა სიცოცხლე მხოლოდ მათი დედებისთვის იყო მნიშვნელოვანი – ეს ორი კი ერთი და იგივეა. „ფოტოს გადაღებისას პოზირებამ ჩემს შვილზე ყოველდღიური ფიქრები გამახსენა. მეფიქრება ხოლმე სიყვარულზე, ცვლილებაზე, მიზანდასახულობაზე, ზრდასა და გამხნევებაზე. გარდა ამისა, ვდარდობ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე… დაუყოვნებლივ უნდა მოეღოს ბოლო შავკანიანი კაცების ხოცვას და დედების ტანჯვას“. ოკლენდი, კალიფორნია ჰენრიმ ყველა დედას ელ-ფოსტით გაუგზავნა ფოტოები კითხვართან ერთად იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობდნენ ისინი ფოტოსესიამდე და მის შემდეგ, რა მიდგომა აქვთ სიკვდილის და მათი ვაჟების მიმართ. რამდენიმე ანონიმური პასუხი პროექტშიც მოხვდა: „განცვიფრებული ვუყურებ, როგორ კაცებად ყალიბდებიან ჩემი ბიჭები. ვხვდები, როგორ მიყვარს ისინი და მახარებს მათ პერსპექტივაზე ფიქრი. თუმცა, ძალიან მაღელვებს ის, თუ რას უმზადებს მათ მომავალი“. ყველაზე კარგად, სწორედ თავისი ბიჭების სხეულს შემოხვეული შავკანიანი დედები იცნობენ ამერიკას. ამ შავკანიანი დედების მზერა მოითხოვს, რომ ქვეყანა შეიცვალოს. The post ყველა დედის ვაჟი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა