Jump to content
×
×
  • Create New...

სიყვარული, სამსახური და სხვა გამოწვევები


Recommended Posts

  • ფორუმელი

„რაც უფრო იზრდება გასი, მის წინაშე არსებული გამოწვევების სია სულ უფრო გრძელდება, თუმცა მხოლოდ ორი კითხვა არ მაძლევს მოსვენებას: იპოვის თუ არა ის სიყვარულს და იპოვის თუ არა ისეთ სამსახურს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი იქნება და ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფს?“ – წერს ჯუდით ნიუმენი, 18 წლის აუტიზმის მქონე ბიჭის დედა.

იგი ვრცლად მოგვითხრობს იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც აუტისტური სპექტრის მქონე ზრდასრული ადამიანები დგანან. ითვლება, რომ სწორედ პირადი ცხოვრება და სტაბილური სამსახური განსაზღვრავს ზრდასრული ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებას, ჯუდით ნიუმენის სტატიიდან კი ვიგებთ, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის არც ერთის პოვნაა ადვილი და არც – მეორის.  ირკვევა, რომ აუტიზმის მქონე, საშუალოდ, ათიდან რვა ზრდასრული უმუშევარი ან ნაწილობრივ დასაქმებულია. იმავე რაოდენობას სურს, პარტნიორი ჰყავდეს, თუმცა, ამას მხოლოდ მათი ნახევარი ან მესამედი ახერხებს და კიდევ უფრო ნაკლები ქორწინდება.

აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები სულ უფრო ხშირად იბადებიან, იზრდება სპექტრის მქონე ზრდასრული მოსახლეობის რიცხვიც. სწორედ ამიტომ შეეცადნენ ჯუდით ნიუმენი და ფოტოგრაფი ლინ ჯონსონი, ნათელი მოეფინათ პრობლემებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, ადამიანები ნაკლებად ასაჯაროებენ. მათი ნამუშევარი აუტიზმის მქონე ზრდასრულების, მათ შორის გასის, ცხოვრების სიღრმისეული მიმოხილვაა.

ნიუმენის იუმორით აღსავსე მონათხრობი აღფრთოვანებას იწვევს, ზოგჯერ ის გულიანად გაგაცინებთ და ზოგჯერ სულს შეგიძრავთ, ჯონსონის ფოტოები კი საინტერესო, გულწრფელ ადამიანებს გაგაცნობთ.  

იმისათვის, რომ საკითხის არსში კარგად გავერკვეთ, ვრცელ სტატიასთან ერთად, გთავაზობთ იუდჰიჯიტ ბჰატაჩარჯის ნამუშევარს, საიდანაც აუტიზმის ადრეულ ასაკში დადგენის ახალ მეთოდზე შეიტყობთ. მეცნიერები 1940-იანი წლებიდან სწავლობენ აუტიზმს და გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა წინ კიდევ გრძელი გზაა.

ხშირად ჩვენ თავს ვარიდებთ მათ, ვისი საქციელიც უცნაურად ან სახიფათოდ გვეჩვენება: „ჩვენ გვეშინია სოციალურად განსხვავებული ადამიანების. რას გვეტყვიან? რას მოიმოქმედებენ? – ამბობს ნიუმენი და გვეკითხება: – ნუთუ ასეთი საშინელებაა, რომ ქვეყნად არსებობენ ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც, შესაძლოა, ჩვენი დახმარება ან მხარში დგომა სჭირდებათ?.. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რიგ საკითხებს თავადაც მშვენივრად გაართმევენ თავს“.

გმადლობთ, რომ კითხულობთ National Geographic საქართველოს.

The post სიყვარული, სამსახური და სხვა გამოწვევები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share