Jump to content
×
×
  • Create New...

ნუგზარ გოდოლაძე: „ვენახში მუშაობით არასოდეს ვიღლები. ვიცი, რომ ესაა ჩემი ვენახი, ესაა ჩემი საქმე და მხნეობასაც სწორედ ეს მაძლევს


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

/files/pictures/godoladze-64581.jpg

/files/pictures/logo-usaid.jpg

ლევან სეფისკვერაძე

ქართული ღვინის რუკაზე სოფელი ქორენიში სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ისტორიული ლეჩხუმის ამ ულამაზეს სოფელში ქვევრის ღვინოს ყოველთვის აყენებდნენ, თუმცა ეს ტრადიცია თანდათან დაიკარგა და ერთადერთი ოჯახი, რომელმაც ქორენიშში ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა - გოდოლაძეების ოჯახია, სადაც ქვევრები უხსოვარი დროიდან აქვთ, ღვინოსაც ძველი წესით ამზადებენ და მას შემდეგ, რაც პროექტ „ღვინის სოფელი“-ს ბენეფიციარები გახდნენ, სურთ რომ ცოლიკურისგან დამზადებული ქორენიშული ოჯახური ღვინი მსოფლიოს გააცნონ.

საოჯახო მეურნეობას მევენახე-მეღვინე ნუგზარ გოდოლაძე უძღვება თავის დიდ ოჯახთან (ოთხი შვილის და ოთხი შვილიშვილის პატრონია) ერთად. ნუგზარის 80 წლის მამა კი შვილს ძველებურად უდგას გვერდით და რჩევებსაც აძლევს. ნუგზარმა ქალაქ ქუთაისში წლები იცხოვრა და ბევრი მისი თანამემამულე მეღვინის მსგავსად საბოლოოდ მაინც დამკვიდრდა მშობლიურ სოფელში. იგი ახლა თავის მომავალს მთლიანად ვენახსა და ღვინოს უკავშირებს.

ნუგზარ გოდოლაძე, „გოდოლაძეების მარანი“: „ჩემი სოფელი ქორენიში არის ადგილი, სადაც მოწეული ყურძნისგან შესაძლებელია დადგეს როგორც ნახევრადტკბილი, ასევე მშრალი ღვინო. ჩვენს ოჯახში ღვინო ოდითგანვე ქვევრში დგებოდა. მაშინაც კი როდესაც ხალხს ეზარებოდა ქვევრის გარეცხვა და მასობრივად დაიწყეს ღვინის ბოცებში დაყენება. ჩვენს სოფელში ბევრს აქვს ძველი ქვევრი, თუმცა ქვევრში მხოლოდ ჩვენ ვაყენებთ ღვინოს დღემდე და მემაყება, რომ  ჩვენს ოჯახში არასოდეს ყოფილა ამ კუთხით წყვეტა.

- როგორც ვიცი ამ საქმეში თქვენი დიდი ოჯახი გეხმარებათ.

- მამაჩემი უკვე 80 წელს მიტანებული კაცია, მაგრამ მაინც კარგად ახერხებს მოხმარებას და რჩევებსაც მუდამ საჭიროს მაძლევვს. მე ბავშვობიდან ვარ ჩართული ვენახის მოვლა-პატრონობაში. ჩემი შვილები და შვილიშვილებიც მცირე ასაკიდან ჩავრთე. მთავარია ბავშვი ვენახში და მარანში აკეთებდეს რამეს და მისთვის უპირველესია შრომა ისწავლოს. სულ 9-10 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუაჩემმა წამიყვანა ვენახში და მასწავლა სხვლა, წამლობა და ყველაფერი, რაც მევენახემ უნდა იცოდეს. 1982 წელს გარდაიცვალა ბაბუაჩემი და მერე უკვე მამაჩემმა გააგრძელა ეს საქმე.

მყავს ოთხი შვილი (2 გოგო და 2 ბიჭი) და 4 შვილიშვილი და შეიძლება გითხრათ, რომ მეტ-ნაკლებად ყველანი ჩაბმული ვართ ამ მადლიან საქმეში. ყველა შვილი და შვილიშვილი ალბათ ვერ გაყვება მეღვინეობას, მაგრამ ამ საქმის სიყვარული იმედია მუდამ ექნებათ

- რას გვეტყვით თქვენს ქვევრებზე და ზოგადად ქვევრის ღვინოზე რა აზრის ხართ?

- მაქვს 11 ქვევრი, სადაც დაახლოებით 9 ტონა ღვინო ეტევა. ეს ქვევრები რომ  გამოვიკვლიე, ჩვენებურ საირმეშია დამზადებული და სხვათა შორის ძალიან  ვემადლიერები ხარისხობრივად. ისე კი, ჩვენს საქმეში უმთავრესია  ელემენტარული ჰიგიენური საკითხები, რაც ყველამ უნდა დაიცვას, თუ უნდა ღვინო არ გაუფუჭდეს.

ქვევრის ბუნებრივი ღვინო - ეს უკვე ბრენდია! ადრე ქვევრს სახელი გაუტეხეს, როცა გაავრცელეს აზრი, რომ თითქოს ქვევრს ქონდა სპეციფიური ცუდი სუნი და გემო. არადა, ქვევრის ოჯახური ბუნებრივი ღვინო არის ნამდვილი, ჯანსაღი, მარგებელი და დარწმუნებული ვარ უცხოელებიც სწორედ ასეთ ღვინოს მიანიჭებენ უპირატესობას. ჩვენი ღვინო ასევე გაუფილტრავიცაა და ეს გემოს და არომატს ბოლომდე უნარჩუნებს.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ახლა ვაშენებ მარანს ნახევრად ღია წესით. ძირითადად მექნება გამოყენებული ხე-მასალა და არ ვიხმარ ქვას. ერთი მხარე იქნება ამოშენებული, მეორე კი ღია იქნება და ხედი გავა ვენახისკენ. როგორც იცით, ჩვენ ყურძენს ძველებურად ფეხით ვწურავთ საწნახელში, ვენახი გვაქვს ძალიან  ლამაზ ადგილზე და გეინდა ეს ჩვენი რესურსი - ვენახიც და მარანიც ტურისტულად დავტვირთოთ.

ყველას გვინდა დავუმტკიცოთ, რომ სოფელშიც შეიძლება კარგი და ფასეული რამის კეთება. მე დიდი ხნის მანძილზე ვიცხოვრე ქუთაისში და ბოლოს მაინც მივხვდი, რომ ქორენიშში დაბრუნებაზე და ვენახის მიხედვაზე კარგს უბრალოდ ვერაფერს ვიზამდი. ვენახში მუშაობით არასოდეს ვიღლები. ვიცი რომ ესაა ჩემი ვენახი, ესაა ჩემი საქმე და მხნეობასაც სწორედ ეს მაძლევს. 

- თქვენი სოფლის მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით პოტენციალზე რა აზრის ხართ?

- რომ გადავხედოთ 30 წლის წინ არსებულ რეალობას, ფაქტია, რომ ახლა ბევრად წინ ვართ წასული. ცხადია მეტადაც შეგვეძლო საქართელოს წინსვლა, მაგრამ რეალობა მაინც უკეთესობისკენაა შეცვლილი. სწორედ ამან მიბიძგა, რომ ხელი სერიოზულად მომეკიდებინა მეღვინეობისთვის და ახლა უკვე  ტურიზმითაც დავინტერესდი. ჩემს თანასოფლელებსაც ვატყობ მომავლით დაიმედებას და ვფიქრობ, მე და ჩემი მეგობარი და პარტნიორი ლევან ხმელიძე ამ ხალხს „გადავიბირებთ“ და გლეხობიდან მეღვინეებად გადავაქცევთ.

- რას მოელით პროექტ „ღვინის სოფლიდან“, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდით?

- მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან ამ საქმეში ვარ, რა თქმა უნდა კიდევ მჭირდება სათანადო ცოდნის მიღება. მაქვს ბევრი შეკითხვა და მინდა ამ კითხვებზე პასუხები კომპეტენტურმა ადამიანებმა გამცენ, რათა მერე სათანადოდ ვაწარმოო ბიოღვინო და ვიცოდე ის მინუსები, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. ჩემი ღვინო დღეს ასე თუ ისე ცნობილია ლეჩხუმში, მაგრამ მინდა ჩემი და ზოგადად ლეჩხუმური ღვინო მეტად იყოს დაფასებული. მსურს გავიდე მსოფლიო ბაზარზე, გაგვიცნოს მსოფლიომ და ამ გზაზე ღვინის კლუბის და პროექტ „ღვინის სოფელი“-ს დიდი იმედი მაქვს.

- თქვენი მხარის ტურისტულ პოტენციალზეც გვითხარით...

- მახსოვს პერიოდები, როდესაც მხოლოდ გაყალბებული, შაქრიანი ღვინო იშოვებოდა. იმ ღვინოს ჩვენ ირონიულად „H2O ბეთქე ჭაჭას“ - ვეძახდით.  ჩემი ოჯახიდანაც ბევრს წაუღია ჭაჭა და მერე დაუყენებიათ ღვინო ამ ჭაჭაზე. დღეს ეს უბედურება თანდათან გადადის. ბევრმა დაინახა, რომ შეიძლება შრომით და ნამდვილი ღვინით შემოსავალიც მიიღოს და განვითარდეს კიდეც.  განვითარებას თავისი ბიძგი მისცა ტურიტულმა ნაკადებმაც. წელს პანდემიაა და ტურიზმი აღარაა, მაგრამ სულ ასე ხომ არ იქნება?! გარდა ამისა ჩვენთან არის ულამაზესი ველური ბუნება და იმედი მაქვს, რომ ტურისტულად წინსვლაში ქორენიშს და ლეჩხუმს ეს ღვთის საჩუქარიც დაეხმარება“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share