Jump to content
×
×
  • Create New...

ნანა – აკვნის სიმღერის მაგია


Moor
 Share

Recommended Posts

ნანა  –  დედის სიმღერაა, დედის პარტია. თურმე იმდენი ნანა არსებობს, რამდენი დედაცაა ამქვეყნად. ყველა დედა მას თავისას უმატებს და ამიტომ ამბობენ, რომ ნანას ტექსტი ყველაზე იმპროვიზაციულია: მას ვერ დაისწავლი და დაიზეპირებ, აუცილებლად მოგინდება რამის მიმატება.

ეს ყველაზე ღია, ყველაზე ცვალებადი და, თან, დაუსრულებელი ტექსტიცაა, რადგან ის შეიძლება მოულოდნელად შეწყდეს, როდესაც ბავშვს ჩაეძინება და შეიცვალოს იმის მიხედვით, რა ფიქრები და სურვილებიც ტრიალებს ერთი კონკრეტული დედის გულსა და გონებაში.

და კიდევ, ნანა სიმღერის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე არქაული სახეობაა; ან, იქნებ, სულაც, სულ პირველი სიმღერაა, რომელიც ადამიანმა იმღერა.

დასაძინებელი ნანა მოკლე ფრაზებით იმღერება. ფრთხილად, ღუღუნით, ღიღინით, სითბოთი – მისი ყველა ბგერა დედა-შვილის უნიკალური კავშირის აღწერაა.

მასში მთავარი სიტყვაც „ნანაა“ – ხშირად არც არაფრის დამატებაა საჭირო სიმღერისას, რადგან ეს სიტყვა ნიშნავს ძილსაც (ნანა ქენი), ნანაში – ზოგჯერ დედაც იგულისხმება (ნენა) და კიდევ, ნანა – ქალღვთაება ნანასთანაც ასოცირდება. სწორედ მას, როგორც შვილიერების, ნაყოფიერების ღვთაებას, ევედრება დედა შვილის კარგად ყოფნას.

1452-1-1024x576.jpgსაქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში დაცული ფოტოები XIX-XX საუკუნეების მიჯნის ყოფას ასახავენ. ხშირად არ ვიცით ფოტოზე აღბეჭდილი ადამიანების ვინაობა. ეს წარწერაც მწირ ინფორაციას გვაწვდის: ქართველი ძიძა.

ეს ძილისპირული დედასა და შვილს შორის ღრმა ემოციური კავშირის გაბმას უწყობს ხელს და ამ კავშირს, როგორც ფსიქოლოგი მაია ცირამუა გვიხსნის, ბავშვის განვითარებისა და მშობელთან უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებისთვის გადამწყვეტი როლი აქვს.

ნანა ერთგვარი მედიტაციაა, ერთიანობისა და მთლიანობის განცდის შესაძლებლობა და როგორც მაია ცირამუაც გვეუბნება, არაერთ კვლევაზე დაყრდნობით, ნანა ბავშვისთვის სიმშვიდის მოპოვების, არტერიული წნევისა და გულისცემის დარეგულირების შესაძლებლობაცაა, ხოლო ტექსტი, რომელიც გაჟღენთილია სითბოთი, სიყვარულით, კეთილი სურვილებით ბავშვისადმი, ღრმად ილექება ბავშვის არაცნობიერშიც. და, რაც ყველაზე მთავარია, გვეუბნება მაია, ეს პროცესი ბავშვს აძლევს განცდას, რომ დედა მუდამ მასთანაა.

ძველ საქართველოში დასაძინებელი ნანა და ბავშვის აკვანი ერთმანეთისგან განუყოფელი იყო.
ამის დასტური ისიცაა, რომ თავად სიტყვა აკვანი არაერთ ნანაში გვხვდება.

სიმღერის გურულ ვერსიაშიც ასეა:

ნანინაო, ნანასაო,
ეძინება ბაღანასო.
შენ ძილი და მოსვენება,
შენს მტერს ჭირის მოჩვენება.
ეს აკვანი ხარატული,
შიგ მწოლარე ჩახატული,
აკვანია ბჟოლისაო,
შიგ მწოლარე ბროლისაო.
აკვანია ლებანოზი,
შიგ მწოლარე ანგელოზი.

ძველებს ღრმად სწამდათ დედის ნანას მაგიური მნიშვნელობისა და ძალისა, რომლითაც იგი შვილს ავ სულებს უფრთხობდა. მთაში სჯეროდათ, რომ დედას არ უნდა გაენდო სხვისთვის თავისი შვილის დასაძინებელი ნანა, ბავშვი რომ არ „გათვალულიყო“. ერთ-ერთ მთქმელს ისიც უთქვამს: „ბავშვს ისე ვუმღერ, რომ ოჯახის წევრებმაც კი არ უნდა გაიგონო“.

ყველაზე მარტივი ნანა ა-ზე შესრულებული ნანაა. როდესაც დედა მხოლოდ ამ ერთი ბგერით მღერის: ა-ა-ა-ა-ა, ა-ა-ა-ა – წამღერებით, რწევის რიტმით და განმეორებადი ინტონაციით.

აკვნის ნანაში შვილის მოფერება ჩანს, მის მომავალზე ფიქრი. შეიძლება უცებ სიმღერაში ცხოველებიც გაჩნდნენ – „წადი ფისო, არ მოხვიდე, მგელო არ მოხვიდე, იძინებს ჩემი შვილიო“, ხან ეს სამი ფრაზა გამეორდეს დაძინებამდე:

ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინა.
დავძახებ ნელი ხმითაო, ნანავ და ნანინა.
მოვგვრით ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინა.

ძილისპირულის ღიღინით შესრულების მანერას უძველეს რწმენასთანაც აკავშირებენ, რომლის თანახმად ამ სიმღერით მძინარე ბავშვის მფარველ ანგელოზებსაც აამებენ, თითქოს მათი გულის მოსაგებად მღერიან, ხოლო ბავშვის მშვიდ ძილსა და ძილში ღიმილს, ხშირად, მისი მფარველი ანგელოზის დამსახურებად მიიჩნევენ.

საინგილოში ამბობდნენ, თურმე, ყმაწვილი თუ ძილში გაიცინებდა: „ყმაწვილ იცინის! აკუან არ შეარყიოთ, ანგელოზევ დაფხდევიანავო“.

ხალხის მეხსიერებამ დღემდე შემოინახა საქართველოს სხვადასხვა მხარეში დასაძინებელი სიმღერის რამდენიმე სახელწოდება: ნანა, ნანე, ნანი, ნანო, ნანაი, ნანინა; მათგან ნანოს ხევსურეთში მღეროდნენ, ნანილა-ნანაილას – სვანეთში, ნანის – ლაზეთში, რურუ ნანას – აჭარაში, დაი-დაი, ნაინას – საინგილოში…

%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%A3%E1%

თუშური ნანა

“ნანა ნანა ნანა, ნანა ნანემ ბადერ
ნანა დეტალ ნანა, ნანა ნანემ ბადერ
ნანა დეტალ ნანა, ნანა ნანემ ბადერ
დატალ ფისო დატალ, ნანა დიემ ბადერ
ნადარელა ფისო, ნანა დიემ ბადერ
ნადარელა ფისო, ნანა დიემ ბადერ“

მოუსმინეთ ანსამბლ “მზეთამზეს“ შესრულებას.

ხევსურული, მესხური, ქართლური და აჭარული დასაძინებლების ტექსტებმა შემოგვინახა რეფრენები: „არურუ“, „რურუ“, „რურო“ – არაერთი მკვლევრის თანახმად, შუამდინარულ მითოლოგიაში არურუ ადამიანთა მოდგმის შემქმნელი ქალღვთაებაა, ქართულ ძილისპირულ „ნანაში“ კი სწორედ „არურუები“ მოდიან და თან მოაქვთ ნანა (ზოგან, „ძილი მოაქვთ ურმითაო“). არურუები ძილის მომგვრელი ღვთაებები არიან.

ქართული ნანების შემგროვებელი და შემსრულებელიც, ქალთა ანსამბლ „მზეთამზის“ წევრი, ეთნომუსიკოლოგი ნინო კალანდაძე-მახარაძე, გვიზიარებს თავის დაკვირვებას, თუ რა განასხვავებდა ქართულ ნანას ერთმანეთისგან აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში: მაგალითად, სვანეთში ნანას დატირების ინტონაცია ახლდა, თითქოს დედა შვილს მარადიულ ძილში აცილებდა, ხევსურების ნანა კი ფრაზის ბოლოს შეძახილით სრულდებოდა ან თანხმოვნების გამღერებით – ხშირად გამეორებადი რრრრრრრ-თი. ხევსურულ ნანაშიც გვხვდება სიტყვა რურუ:

ეეო ნანო, ეეო ნანო, ეეო, ეეო, ეეო ნანო,
რურო თაო, რურო თაო, რურო თაო, რურო თაო,
ჩემსა ბეტკუასაო, ჩემსა ცრუპენტელასაო,
ეჰეო ნანო, ეეო ნანო, ეჰეო ნანო, ეეო ნანო,
ნანო, ნანო, ნანო, ნანო, დაიძინებს ბატარაიო.
ეეო ნანო, ეეო ნანო, ნანო, ნანო, ნანო, ნანო.

ქართველებს, დასაძინებელი ნანას გარდა, ბავშვის გასაღვიძებელი სიმღერაც აქვთ – ძილიდან ფრთხილად გამოსაყვანი. ასეთი ნანა თიანეთსა და საინგილოშია ჩაწერილი. მასში სიტყვა ნანას არ ახსენებენ, უფრო მოსაფერებელ სიტყვებს იყენებენ და ბავშვს ფრთხილი ტაშის კვრით გამოაფხიზლებენ ხოლმე. აი, ერთი მაგალითი:

ჩემი პატარა ბავშვი, ჩემი სიხარული,
ჩემი სიყვარულებიო, ჩემი პაწანწურებიო,
აბა, ქალო გაიღვიძე, აბა, თვალი გაახილე,
გენაცვალება ბაბო, ბაბოს სულში ჩანაბჟუტებო,
გენაცვალება ბაბო, ჩემი ქალი ქალთა მზეო,
ჩემი გულის ძგერავო,
ჩემი გახარებავო,
ჩემი თვალის ჩინიო,
დადგა ქალი ხე წაიქცა,
დადგა ქალი ხე წაიქცა,
დადგა ქალი ხე წაიქცა,
ტაში ქალო ტაშებიო, ტაში გენაცვალებიო,
თამაშ-თამაშ გენაცვალე, ტაში ქალო გენაცვალე,
თამაშ-თამაშ გენაცვალე, ტაში ქალო გენაცვალე,
ტაში ტაში ტაშებიო, ტაში გენაცვალებიო,
თამაშ-თამაშ გენაცვალე, ტაში ქალო გენაცვალე.

და არის იავნანა. მართალია, იავნანამ დროთა განმავლობაში ძილისპირულის ფუნქცია შეითავსა, მაგრამ სინამდვილეში ეს სამკურნალო სიმღერაა – საბოდიშო, საბატონო, მოსაოხებელი, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ.

იავნანაში აუცილებლად უნდა იყოს ნახსენები ბატონები – პატარა ღვთაებები, რომლებსაც, ძველი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, ინფექციური დაავადებები მოაქვთ.

იავნანას ტექსტებში ხშირად ახსენებენ ბატონების მამიდას, ნახსენებია შვიდნი დანი, შვიდნი ძმანი, რომლებიც ცხრა მთას იქიდან მოდიან, ოქროს აკვანი, ყვავილები, ალვის ხე (სიცოცხლის ხე), იაგუნდის მარანი, ია და ვარდი, რომლებსაც უფენენ ავადმყოფს, როდესაც წითელ ფერებში ურთავენ ოთახს – ეს რიტუალური გარემო იავნანას ტექსტის განუყოფელი ნაწილია.

%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%A3%E1%

რაჭული შესაშინებელი ნანა

“ფერდობშია გადვიხედე, დიდი მგელი წევსო,
ხბო უკაქვე უჭამია, თხა იძახის მეეე-სო,
ესო, მესო, თხა იძახის მეეესო,
ხბო უკაქვე უჭამია, თხა იძახის მეეე-სო…“

მოუსმინეთ ანსამბლ “მზეთამზეს“ შესრულებას.

ნანა და იავნანა ერთმანეთთან საერთო მუსიკალური ინტონაციის გამო გაიგივდა. იაკობ გოგებაშვილის „იავნანამ რა ჰქმნაშიც“ არა სამკურნალო, არამედ სწორედ ის ნანა იგულისხმება, რომლითაც ყოველდღე აძინებდა დედა ქეთოს. ეს ყველაზე ხშირად ნამღერი სიმღერა იყო, რომელიც ბავშვს წლების შემდეგაც არ დაავიწყდა.

საქართველოში ნანას სცენაზეც მღერიან და, თან, მრავალ ხმაშიც, მაგრამ ეს უკვე სასცენო სიმღერაა და არა დასაძინებელი ნანა, თუმცა მისი შინაარსი ბავშვის დაძინების სურათს აღწერს და, რაც ყველაზე უცნაურია, მას კაცებიც ასრულებენ. როგორ იქცა აკვნის ერთხმიანი სიმღერა მრავალხმიანად, ამას თავისი ახსნა აქვს: მას შემდეგ, რაც ფოლკლორმა სცენაზე გადაინაცვლა, მისი გამრავალფეროვნების მოთხოვნაც გაჩნდა და მგზავრულებს, მაყრულებს, ლაშქრულებს ნანაც დაემატა.

როგორც ნინო კალანდაძე-მახარაძეც მოგვითხრობს, XX საუკუნის 30-იან წლებამდე საქართველოში არ მოიძებნებოდა ოჯახი, სადაც ბავშვს ნანას არ უმღეროდნენ. გავიდა დრო და ძილისპირული სიმღერები ჯერ რადიოდან და ტელეეკრანებიდან გაისმა, ნანას ავტორებიც გამოუჩნდნენ და ბევრი მათგანის, მათ შორის, ინოლა გურგულიას, ჯანსუღ კახიძის, მაკა აროშიძის შექმნილი ვერსიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ნელ-ნელა ბუნებრივად შევიდა ასობით დედის ნამღერი ძილისპირულის რეპერტუარში. ელექტრონული „გაჯეტების“ საუკუნეში ყველა დედას შეუძლია ღილაკზე ერთი თითის დაჭერით ნებისმიერი ნანა ჩაურთოს შვილს ძილის წინ და სხვების ნამღერი სიმღერით შეაცილოს ძილში, მაგრამ ეს მათი ძილისპირული არ იქნება. ნანას მაგია კი სწორედ ის არის, რომ მას ერთი დედა მღერის – ერთი (ან მეტი) შვილისთვის, როდესაც ისინი მარტო რჩებიან და ამ განმარტოებაში ნათქვამი ყველა სიტყვა, ყველა ბგერა არის მათი მარადიული, უწყვეტი კავშირის სიმბოლო.

The post ნანა – აკვნის სიმღერის მაგია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

"I am the punishment of God, had you not committed great sins, God would not have sent a punishment such as I upon you."- Genghis Khan. :death:
 
Share on other sites

ზუსტად ამას ვწერდი გვერდით თემაში.

მე ჩემი იავნანა მაქვს, რომელიც მხოლოდ ერთ ბავშვს ეკუთვნის დედამიწაზე.:fofo:

 

 

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share