Jump to content
×
×
  • Create New...

სასიკვდილო ნაკბენი


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

სიმონ ისოლომომ გაიღვიძა დილის 5 საათზე, დაემშვიდობა ოჯახს, ჩახტა მორისგან გამოთლილ ნავში და გეზი აიღო ეკვატორისკენ – კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციისკენ. უკვე 30 წელია, რაც ისოლომო იქაურ წყლებში თევზაობდა და 2018 წლის ეს ხუთშაბათიც ერთი ჩვეული სამუშაო დღესავით დაიწყო. იგი მდინარე იკელემბას შეუყვა და სათევზაო ბანაკისკენ გაცურა ერთი-ორი მეგობრის თანხლებით.

3 საათში ბანაკსაც მიადგნენ და ისოლომომ წყლის პირას დატოვებულ ანკესებს დაუწყო შემოწმება. ერთ-ერთი მათგანი არ მოჰყვებოდა და მანაც ხელი შეაცურა მღვრიე წყალში.

უცებ მწვავე ტკივილმა დაუბინდა გონება, ხელზე მიყენებული ორი ნაჩხვლეტი ჭრილობიდან სისხლმა გამოჟონა, წყლის ზედაპირთან ახლოს კი შავრგოლებიანი მოყვითალო გველი გასრიალდა – სავარაუდოდ, რგოლებიანი წყლის კობრა.

მეგობრებმა ხელი სტაცეს, კანოეზე აიყვანეს და ნიჩბის გაშმაგებული მოსმით გაცურეს თავიანთ სოფელ იტელისკენ. იქ ჩასვლას 3 საათამდე მოანდომეს; ამ პერიოდში ისოლომო წამდაუწუმ კარგავდა გონებას.

„თვალის ფერი შეეცვალა, აღებინებდა“, – ტირილით იხსენებს ისოლომოს მეუღლე. როდესაც სოფლის მკურნალმა ტურნიკეტი გადაუჭირა, ისევ კანოეში ჩასვეს და გააქანეს 100 კილომეტრით დაშორებული მბანდაკის (პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი) ჰოსპიტლისკენ, თუმცა ისოლომოს გზაშივე შეეკრა სუნთქვა და იქ ჩასვლამდე გარდაიცვალა.

ისოლომოს ამბავში მასშტაბური კრიზისი ირეკლება: იგი სოფლიდან მოშორებით მყოფი დაკბინა გველმა, რამდენიმე საათის სავალზე უახლოეს საავადმყოფომდე, რის გამოც მას გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თანახმად, გველის ნაკბენით ყოველწლიურად 140 000-მდე ადამიანი იღუპება, ხოლო სიკვდილიანობის დაახლოებით 95% აღინიშნება განვითარებადი ქვეყნების ღარიბ, სასოფლო თემებში. ასევე, 400 000-მდე ადამიანი სიცოცხლეს აგრძელებს ამპუტირებული კიდურებითა თუ სხვა მუდმივი უნარშეზღუდულობით.

ამ კრიზისის ერთი მთავარი ეპიცენტრია სუბსაჰარული აფრიკა, სადაც გველის ნაკბენს 30 000-მდე ადამიანის სიკვდილს მიაწერენ ყოველწლიურად. ამასთან, ზოგ ექიმსა თუ გველის ნაკბენის შემსწავლელ მეცნიერს მიაჩნია, რომ რეალური რიცხვი შესაძლოა ორჯერ მეტიც იყოს. პირველ რიგში, აღინიშნება იმ ერთადერთი სამკურნალო საშუალების მწვავე დეფიციტი, რომელიც გველის შხამს ანეიტრალებს – შხამსაწინააღმდეგო შრატი. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ უსახსრობის, ტრანსპორტზე ხელმიუწვდომლობისა თუ დასავლური მედიცინისადმი უნდობლობის მიზეზით, უამრავი დაზარალებული სულაც არ აკითხავს ჰოსპიტალს, ან მხოლოდ დაგვიანებით იწყებს მკურნალობას. მეორე მხრივ, ჯანდაცვის არაერთ ცენტრში გამოვლინდა, რომ სამედიცინო პერსონალსაც აკლია სათანადო მომზადება გველის ნაკბენის სამკურნალოდ, ხოლო თავად მედიკამენტი, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მისი დიდი მარაგია, იმდენად ძვირია, რომ დაშავებულთა დიდი ნაწილი მას მაინც ვერ შეიძენდა. ამას ემატება ისიც, რომ შედარებით უფრო საიმედო აფრიკული ანტიტოქსინების უმეტესობა მხოლოდ გაყინულ მდგომარეობაში ინარჩუნებს სტრუქტურასა და ეფექტური მოქმედების პოტენციალს, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის პირობებში კი მათი შენახვაც უკიდურესად რთულდება.

20190805128-1024x576.jpg
20190801209-1024x576.jpg

(მარცხნივ) ჰერპეტოლოგი მამადუ სელუ ბალდე მუშაობს კინდიაში (გვინეა) მდებარე გამოყენებითი ბიოლოგიის კვლევით ინსტიტუტთან არსებულ გველის ნაკბენების სამკურნალო კლინიკაში. (მარჯვნივ) ბალდე ხელზე დაკბინა გველგესლამ და 30 წუთში მტევანი ასე დაუსივდა. მას ინექციით შეუყვანეს ანტიტოქსინ „ინოსერპის“ 6 ამპულა.

აღნიშნულ კრიზისთან გასამკლავებლად WHO-მ 2017 წელს გველის ნაკბენით ინტოქსიკაცია უყურადღებოდ მიტოვებულ ტროპიკულ დაავადებათა იმ ნუსხაში შეიყვანა, რომელშიც გვხვდება, ასევე, ცოფი, დენგე თუ კეთრი, 2019 წელს კი ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მიზნად ისახავდა ზემოხსენებული მიზეზით განპირობებული ყოველწლიური სიკვდილიანობისა და ორგანიზმის ფუნქციური დარღვევების 50%-იან შემცირებას 2050 წლისთვის – წამოწყება, რომლის ხარჯიც შესაძლოა 140 მილიონ დოლარს გაუტოლდეს.

ეს კრიზისი უკვე მსოფლიოს დღის წესრიგში დგება, რაც განგაშის ზარივით უნდა ჩაესმათ აფრიკული ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს, ამბობს 66 წლის მამადუ სელუ ბალდე, რომელიც სამეცნიერო მიმართულებას უძღვება გვინეის გამოყენებითი ბიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის (IRBAG) კლინიკაში.

„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იხარჯება მილიონები თუნდაც ადგილობრივი არჩევნების გასაყალბებლად, ამ დროს კი აფრიკელი მეცნიერები უსახსრობის გამო ვერ ატარებენ სასიცოცხლო კვლევებს“, – ამბობს ბალდე.

აფრიკაში მსხვერპლის უმეტესობა ფერმერია, რადგან ისინი ფეხშიშველები ან სანდლებში მუშაობენ მოშორებით მდებარე ყანებში. შხამიანი გველის თავდასხმისთანავე ყოველი წამი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, თუმცა უახლოეს ჰოსპიტლამდე ტრანსპორტირებას შეიძლება საათები ან ერთი-ორი დღეც დასჭირდეს, როდესაც სამედიცინო ჩარევა უკვე ძალიან დაგვიანებულია ხოლმე.

ასპიტისებრების შხამი (გველების ამ ოჯახში შედის მამბა და კობრაც) სულ რამდენიმე საათში კლავს ადამიანს. მათი ნეიროტოქსინები იწვევს რესპირაციული კუნთების მყისიერ პარალიზებას და სუნთქვის შეკვრას. მათგან განსხვავებით, გველგესლების შხამს შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს სასიკვდილო შედეგამდე: ის აფერხებს სისხლის შედედებას და იწვევს ანთებით პროცესებს, სისხლდენასა და ნეკროზს.

20190804759.jpg ბალდეს სამკურნალო ცენტრის მისაღებში პაციენტი აბდურამანე დიალო იცდის მამასთან (მარჯვნივ) ერთად. ეს 12 წლის ბიჭი მარცხენა კოჭზე დაკბინა ამოუცნობმა გველმა. ისინი კინდიაში 4 დღის შემდეგ ჩავიდნენ. მკურნალობა მოესწრო.

უკვე ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტის გადარჩენა ორ სასიცოცხლო საკითხზეა დამოკიდებული: მოეპოვებათ საიმედო ანტიტოქსინი? და თუ ასეა, იცის მათი გამოყენება თავად სამედიცინო პერსონალმა? სუბსაჰარულ აფრიკაში, როგორც წესი, ამ ორივე კითხვაზე ერთი პასუხია – არა.

ზოგიერთ ოჯახში საერთოდაც არ მიმართავენ კლინიკას, რადგან ტრადიციული მედიცინის იმედი უფრო აქვთ. ფოთლებით, ან ცხოველის დაფხვნილი ძვლებით ექიმბაშებს მართლაც შეუძლიათ ტკივილის შემსუბუქება ან შეშუპების ჩაცხრობა, მაგრამ სიცოცხლის გადასარჩენად ეს არაა საკმარისი, ამბობს ბალდე.

ერთხელ, დაახლოებით 25 წლის წინ, ბალდე შესვენებაზე გავიდა IRBAG-ის ეზოში, როდესაც მას უცნობი მამაკაცი მიეჭრა გონებადაკარგული ბავშვით ხელში. გოგონა გველმა დაკბინაო, უთქვამს მას სასოწარკვეთით.

ბალდეს კლინიკაში შეუყვანია, მაგრამ იქ არავინ აღმოჩენილა შესაბამისი სამედიცინო ცოდნით, რომ ეს 12 წლის ბავშვი გადაერჩინათ.

შოკირებულმა ბალდემ დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაუშვებდა მსგავს შემთხვევას. მან სპეციალობაც კი შეიცვალა და ენტომოლოგიიდან გველების შესწავლაზე გადაერთო.

გველის ნაკბენით 100 000 ადამიანზე მეტი იღუპება ყოველწლიურად. სიკვდილიანობის 95% აღინიშნება განვითარებადი ქვეყნების ღარიბ, სასოფლო თემებში.

  • 20191016123-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 20191025781-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 20191024639-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • 20191004822-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ხეზე მობინადრე ვიწროთავიანი მამბა ერთ-ერთია აფრიკული მამბების ოთხი სახეობიდან. მისი ნეიროტოქსიკური შხამი სწრაფად მოქმედებს, იწვევს რესპირაციული კუნთების პარალიზებას და ასფიქსიით სიკვდილს.

გაბონურ გველგესლას მარტივად შეიძლება ფეხი დაადგათ, რადგან ის ჩინებული კამუფლაჟით ინიღბება და ხშირად საათობითაა წყნარად გაწოლილი ტყეში. ამ მოზრდილი გველგესლას შხამი აფერხებს სისხლის კოაგულაციას; შესაბამისად, თუ მსხვერპლი გადაურჩა მის შხამს, შეიძლება კიდურის ამპუტირება დასჭირდეს.

შავ-თეთრი კობრა კაპიუშონს შლის თავდაცვითი პოზიციის მიღებისას. აფრიკული კობრები მარტივად ეგუებიან ადამიანის ჰაბიტატებს.

ნელა მოძრავი და მეღამური გველგესლა-მარტორქა რთულადაა შესამჩნევი ჩამოცვენილ ფოთლებში.

გააზიარეთ ფოტო
  • 20191016123-1024x576.jpg
  • 20191025781-1024x576.jpg
  • 20191024639-1024x576.jpg
  • 20191004822-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

ხეზე მობინადრე ვიწროთავიანი მამბა ერთ-ერთია აფრიკული მამბების ოთხი სახეობიდან. მისი ნეიროტოქსიკური შხამი სწრაფად მოქმედებს, იწვევს რესპირაციული კუნთების პარალიზებას და ასფიქსიით სიკვდილს.

გაბონურ გველგესლას მარტივად შეიძლება ფეხი დაადგათ, რადგან ის ჩინებული კამუფლაჟით ინიღბება და ხშირად საათობითაა წყნარად გაწოლილი ტყეში. ამ მოზრდილი გველგესლას შხამი აფერხებს სისხლის კოაგულაციას; შესაბამისად, თუ მსხვერპლი გადაურჩა მის შხამს, შეიძლება კიდურის ამპუტირება დასჭირდეს.

შავ-თეთრი კობრა კაპიუშონს შლის თავდაცვითი პოზიციის მიღებისას. აფრიკული კობრები მარტივად ეგუებიან ადამიანის ჰაბიტატებს.

ნელა მოძრავი და მეღამური გველგესლა-მარტორქა რთულადაა შესამჩნევი ჩამოცვენილ ფოთლებში.

დღეს ბალდე უკვე მსოფლიოში აღიარებული ჰერპეტოლოგია და ლექციებსაც კითხულობს გველის ნაკბენებზე. მან არაერთი წელი დაუთმო სამკურნალო გზების ძიებას და, მისი დასკვნით, საუკეთესო იყო „ფავ-აფრიკა“. ეს ანტიტოქსინი ეფექტურად მოქმედებდა აფრიკის 10 ყველაზე სახიფათო გველის შხამზე, მაგრამ 2014 წელს ამ მედიკამენტის გამოშვება შეწყდა, რადგან მისი მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია „სანოფი“ მოგებას ვერ იღებდა „ფავ-აფრიკის“ გაყიდვით.

ანტიტოქსინების დამზადება ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია, ხოლო იმ ადამიანთა უმეტესობა, რომლებსაც ეს მედიკამენტები სჭირდება, განვითარებადი ქვეყნებიდანაა. შესაბამისად, მსგავსი პროდუქტების გაყიდვა დიდ ფულს ვერასოდეს მოიტანს.

ანტიტოქსინის დასამზადებლად ნამდვილი შხამია საჭირო. ამიტომ ლაბორატორიებში ათასობით გველსაც კი ათავსებენ და თვეში ერთხელ „წველიან“ ბუნებრივი შხამის გამოსაყოფად. ერთი გრამი შხამის მისაღებად შეიძლება რამდენიმე ათასი დოლარი დაიხარჯოს.

შემდეგ ეს შხამი ინექციით შეჰყავთ ცხენებსა და სხვა დიდი ზომის ძუძუმწოვრებში (უმცირესი დოზით, რომ მომწამვლელი პროცესი არ განვითარდეს), რომელთა სისხლიც გამოიმუშავებს ანტისხეულებს. მომდევნო ეტაპზე ამ ცხოველებს უღებენ სისხლს, საიდანაც გამოყოფენ ანტისხეულებს, ფილტრავენ მათ და ამზადებენ ანტიტოქსინებს.

თუმცა მაღალი ხარისხის ანტიტოქსინით მკურნალობაც შეიძლება „ასცდეს მიზანს“: შხამის ქიმიური შემადგენლობა და მისი ეფექტები განსხვავდება თვით ერთი სახეობის გველებს შორისაც. „სამეცნიერო მონაცემები და კვლევები ძალიან მწირი რაოდენობით მოიპოვება“, – ამბობს ჯორდან ბენჯამინი, გველის ნაკბენის ფონდ „ასკლეპიოსის“ დამფუძნებელი, რომელიც მედიკამენტების მიწოდებითა და სამედიცინო პერსონალის მომზადებით ეხმარება აფრიკის კლინიკებს.

შხამიანი გველის თავდასხმისთანავე ყოველი წამი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, თუმცა უახლოეს ჰოსპიტლამდე ტრანსპორტირებას შეიძლება საათები ან დღეები დასჭირდეს.

„ზოგჯერ გვგონია, რომ გარკვეული ტიპის ანტიტოქსინი ეფექტურად ებრძვის გველის კონკრეტული სახეობის შხამს, მაგრამ არც ეს ვარაუდი მართლდება ხოლმე ყოველთვის“, – ამბობს კოლორადოელი ტოქსიკოლოგი ნიკ ბრანდეჰოფი. მაგალითად, ჩვეულებრივი აფრიკული გველგესლას შხამი შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელ გეოგრაფიულ ზონაში ბინადრობს ამ სახეობის კონკრეტული ინდივიდი. ეს საკითხი უკიდურესად ჩახლართულია“.

2013 წლისთვის ბაზარზე გამოჩნდა „ინოსან-ბიოფარმას“ მიერ დამზადებული ერთი ახალი ანტიტოქსინი, რომელიც ანეიტრალებდა გველის, სულ ცოტა, 18 სახეობის შხამს – მასზე უფრო დიდ სპექტრს ვერც ერთი სხვა ანტიტოქსინი ვერ ფარავდა აფრიკაში.

„მსგავსი ანტიტოქსინის არსებობის შემთხვევაში შეიძლება არც კი იცოდეთ, ზუსტად რომელი სახეობის გველმა დაკბინა პაციენტი, მაგრამ ის მაინც გამოიყენოთ სამკურნალოდ“, – ამბობს ბენჯამინი. მწვავე გვერდით ეფექტებსაც ის უკიდურესად დაბალი ხარისხით ავლენს, რაც ხშირი პრობლემაა სხვა ანტიტოქსინების შემთხვევაში.

20191206590.jpg რემი ქსასი და მისი თანაშემწე ანტუან პლანელი შხამს უღებენ დასავლეთ-აფრიკულ გაბონურ გველგესლას. ეს „ლატოქსანის“ ლაბორატორიაა (საფრანგეთი), რომელიც ანტიტოქსინის მწარმოებლებს ინგრედიენტებით ამარაგებს.

მედიკამენტის „ინოსერპ-პანაფრიკა“ კიდევ ერთი უპირატესობაა, რომ ის სულაც არ საჭიროებს გაყინული ფორმით შენახვას, რაც „მთლიანად ცვლის თამაშის წესებს“, – ამბობს ბალდე.

თუმცა „ინოსერპიც“ შეზღუდულად იწარმოება; ზოგადად, მსოფლიოში ანტიტოქსინების დიდი უკმარისობაა: სუბსაჰარული აფრიკა ერთიდან ორ მილიონამდე ამპულას ითხოვს ყოველწლიურად, დღეს კი ამ რაოდენობის მხოლოდ 5% ცირკულირებს ბაზარზე. ამასთან, მარტო წარმოების გაფართოებაც ვერ მოაგვარებდა საკითხს, რადგან ამპულის ღირებულება დაახლოებით 80-120 დოლარს შორის მერყეობს, აფრიკის სასოფლო დასახლებებში კი ადამიანები სულ ერთ-ორ დოლარს თუ გამოიმუშავებენ დღიურად.

იყიდება უფრო იაფი ანტიტოქსინებიც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათ ვერ ენდობით. „აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ჩვენ წავაწყდით ისეთ ანტიტოქსინს, რომელიც სულაც ინდური გველების შხამის საწინააღმდეგოდ იყო დამზადებული“, – ამბობს ჟან-ფილიპ შიპო, რომელიც ტროპიკულ დაავადებათა ექსპერტია საფრანგეთის მდგრადი განვითარების ეროვნულ კვლევით ინსტიტუტში.

20190728513-1024x576.jpg გვინეაში მზეზე ნებივრობს აფრიკული გველგესლა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველია კონტინენტზე. 2017 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გველის ნაკბენით დაგესვლა უყურადღებოდ მიტოვებულ ტროპიკულ დაავადებათა ნუსხაში შეიყვანა.

დღეს არაერთი კომპანია მუშაობს ახალ ანტიტოქსინზე, თუმცა „ინოსერპზე“ უფრო დამაიმედებელ პოტენციალს, ჯერჯერობით, ვერც ერთი მათგანი ვერ ავლენს, ამბობს ბენჯამინი. ზოგიერთი ფილანთროპიული ორგანიზაცია ცდილობს, ის სივრცე შეავსოს, რომელშიც დღემდე არ ჩანს ხელისუფლების მხარდაჭერა. მაგალითად, „ასკლეპიუსის“ გველის ნაკბენის ფონდი „ინოსერპის“ უფასოდ მიწოდებითა თუ სამედიცინო მომზადების გატარებით ეხმარება გვინეის, კენიისა და სიერა-ლეონეს ჯანდაცვის ცენტრებს.

მაგრამ, ბალდეს თქმით, აჯობებს მეტად ვიზრუნოთ გველის ნაკბენის შემთხვევათა პრევენციაზე და არა მათ სამკურნალო მეთოდებზე. ის მუშაობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე და პაციენტებს აფრთხილებს: ჩაიცვით ფეხსაცმელი, ატარეთ ფარანი. „გველის შხამით ინტოქსიკაცია ღარიბების დაავადებაა, ასე რომ, ხელისუფლებას ეს დიდად არც ადარდებს“, – ამბობს ვატამუს ჰოსპიტლის ექიმი იუჯინ ერულუ, მაგრამ იგი იმედოვნებს, რომ WHO-ს ახალი გლობალური ინვესტიცია ეფექტურ შედეგს გამოიღებს გველის ნაკბენის პრევენციისთვის. „მთავრობებს აღარ დარჩებათ სხვა გზა; მათ მოუწევთ, რომ სერიოზულად შეხედონ ამ პრობლემას“, – ამბობს ერულუ, „ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

ტომა ნიკოლონი ფოტოჟურნალისტი და National Geographic-ის მკვლევარია, რომელიც საკონსერვაციო თემებს აშუქებს ტროპიკულ ტყეებში. ეს მისი პირველი სტატიაა ჩვენს ჟურნალში. 

The post სასიკვდილო ნაკბენი appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   229 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 229 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(20)
    • Googlebot(2)
    • YandexBot(2)