Jump to content
×
×
  • Create New...

განსხვავებული დინოზავრები


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

იანვრის სუსხიან ნაშუადღევს სუზანა მეიდმენტი ლონდონში, ტბის პირას დგას და დინოზავრების გროვას შესცქერის.

მეიდმენტი, დიდი ბრიტანეთის ბუნებისმეტყველების მუზეუმის კურატორი კრისტალ-პალას-პარკის დასათვალიერებლად გამიძღვა. ეს ის ადგილია, სადაც 1854 წელს დინოზავრების ქანდაკებების პირველი საჯარო გამოფენა მოეწყო. მათ გახსნის დღესვე ნამდვილი ფურორი მოახდინეს და დასაბამი მისცეს „დინომანიას“, რომელიც დღემდე გამოგვყვა. სტივენ სპილბერგის “იურული პერიოდის პარკის“ გადაღებამდე საუკუნეზე მეტი ხნის წინ კრისტალ-პალას-პარკის დინოზავრების გამოფენას სამი დეკადის განმავლობაში წელიწადში საშუალოდ 2 მილიონი ადამიანი სტუმრობდა, ჩარლზ დიკენსმა კი ერთ-ერთი ქანდაკება საკუთარ რომანში “ცივი სახლი“ ახსენა.

MM9141_200310_005229.jpg დაახლოებით 166 მილიონი წლის წინ ახლანდელი ოქსფორდშირის საგრაფოს ტერიტორიაზე მეცნიერულად აღწერილი პირველი დინოზავრი, მეგალოზავრი ბინადრობდა. 1850 წელს კრისტალ-პალას-პარკისთვის ამ დინოზავრის ქანდაკება თანამედროვე ნიანგის ანატომიის მიხედვით დამზადდა. დღეს დადგენილია, რომ მეგალოზავრი ორ ფეხზე დადიოდა.

ელინორ მიშელმა და სარა ჯეინ სლოთერმა, კრისტალ-პალას-პარკის დინოზავრების მფარველი არაკომერციული ორგანიზაციის წევრებმა, 166 წლის წინანდელი ქანდაკებების ახლოდან სანახავად ტბის ნაპირას შეგვიშვეს. ჭაობში სასიარულო სპეციალური ჩექმების მიუხედავად, პირველივე ნაბიჯზე ფეხი დამიცდა და წყალში გავადინე ზღართანი. ასე გასვრილ-გალუმპულს მომიწია გზის გაგრძელება. “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დინოზავრების კუნძულზე“, – მითხრა სიცილით სლოთერმა.

გვიმრებსა და წყლით გაჟღენთილ ხავსში აღმართულ ღია მწვანე ქანდაკებებს მედიდური, მბრძანებლური იერი აქვთ. პარკის ორ იგუანოდონს, ცარცული პერიოდის ბალახისმჭამელებს, დრუნჩებზე კოპები აზით; შემდგომში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს წანაზარდები სინამდვილეში ცერის ბრჭყალები იყო. ეს გამოფენა ერთი შეხედვით მოძველებული ატრაქციონი ან იაფფასიანი ფილმების დეკორაცია შეიძლება გვეგონოს, მაგრამ მეიდმენტისთვის კრისტალ-პალას-პარკის დინოზავრებს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს: ცოცხალ ცხოველებსა და ძველი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომ მცირეოდენ ნაშთებზე დაყრდნობით შექმნილი ქანდაკებები თავის დროზე მეცნიერული ცოდნის უახლეს მიღწევას წარმოადგენდა.

MM9074_190719_003177.jpg ნიჩბები ფხაჭუნობენ და წერაქვები დაფრინავენ მაროკოს საჰარაში, სადაც პალეონტოლოგების გუნდი, სტუდენტები და გამოცდილი გამთხრელები Spinosaurus aegyptiacus-ის ნაშთებს ეძებენ. აქ ნაპოვნი ძვლების შესწავლამ დაამტკიცა, რომ სპინოზავრს წყალში გადაადგილებისთვის ზედგამოჭრილი კუდი ჰქონდა.

მეცნიერები, დროისგან გალეულ დინოზავრების ძვლებს დღესაც მსგავსი ტექნიკით ასხამენ ხორცს. “ძვლები არაფერს გვეუბნებიან პრეისტორიული ცხოველების ლოყებზე, – ამბობს მეიდმენტი და ორ ქანდაკებას შორის ჩერდება, – მაგრამ მათ ისე აღვადგენთ, როგორც საკუთარი თვალით ნანახ არსებებს. ეს ამართლებს. თანამედროვე ცხოველებს ხომ აქვთ ლოყები?“ მეიდმენტის თქმით, პარკის მოქანდაკეებიც ასე მუშაობდნენ, “ისინი იმის მიხედვით აღადგენდნენ, რაც იცოდნენ და ეს სავსებით ლოგიკურია“.

თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მეცნიერებმა ბევრად მეტი რამ გაიგეს დინოზავრებზე, ვიდრე ამას კრისტალ-პალას-პარკის მშენებლები წარმოიდგენდნენ. დღეს, ნაშთების სიუხვის და კვლევის ინოვაციური მეთოდების წყალობით, მეცნიერება მორიგი რევოლუციის წინაშე დგას. მეცნიერულ-ტექნიკური წინსვლა დინოზავრებზე პოპულარულ კულტურაში ჩამოყალიბებულ შეხედულებებს ცვლილებებს უქადის.

უკვე მრავალი წელია, რაც მეცნიერები წელიწადში დინოზავრების საშუალოდ 50 ახალ სახეობას აღმოაჩენენ, რაც დეკადების წინ წარმოუდგენელი რიცხვი იყო. ცხოველთა სამყაროს ახალი წევრები ყველა ზომისა და წონის არიან: ღამურისფრთიანი პაწაწინა ფრინველები და ხმელეთის უდიდესი ცხოველები – გრძელკისერა ბალახისმჭამელები. სამედიცინო სკანერების, ნაწილაკების ამაჩქარებლების და ქიმიური ანალიზების მეშვეობით მკვლევრებს ქანებისა და ძვლის ვირტუალურად განცალკევება და ნაშთების უმცირესი, ფარული დეტალების გარკვევა შეუძლიათ. “ჩემი აზრით, დინოზავრების აღმოჩენის ოქროს ხანა გვიდგას“, – ამბობს ედინბურგის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი სტივ ბრუსეტი.

რთული მისახვედრი არ არის, თუ რატომ გვაინტერესებს ასე დინოზავრები.  ისინი 150 მილიონი წლის განმავლობაში დომინირებდნენ იმ მიწებზე, რომლებიც ახლა დედამიწის შვიდ კონტინენტადაა გაშლილი.

MM9141_200301_002252.jpg ოჰაიოს ო’ბლენესის კლინიკის კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერში მკვდარი გაყინული ცხოველების მთელმა კავალკადამ გაიარა. ოჰაიოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ლორენს უიტმერი თანამედროვე ცხოველების ტომოგრამებს გადაშენებული დინოზავრების შინაგანი ორგანოების ანატომიის აღსადგენად იყენებს.

ბრუსეტის თქმით, მეცნიერებმა გადაშენებული დინოზავრების 1100-ზე მეტი სახეობა აღწერეს და ეს ძველი სახეობების სულ მცირედი ნაწილია, რადგან განამარხება მხოლოდ რამდენიმე გარემოში მოხდა. დინოზავრები დღესაც ცოცხლები არიან. 66 მილიონი წლის წინ მექსიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილმა ასტეროიდმა დედამიწის ცოცხალი ბუნების სამი მეოთხედი გაანადგურა, მაგრამ დინოზავრების ერთ-ერთი ჯგუფი გადარჩა: ფრთოსანი არსებები, რომლებსაც  ფრინველებს ვუწოდებთ.

დასავლური მეცნიერება დინოზავრებს ოფიციალურად 1820-იანი წლებიდან შეისწავლის. ამ დროის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაცია ბევრ რამეს გვეუბნება იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ხმელეთის ბინადარ ცხოველებზე ჩვენს მუდმივად ცვალებად პლანეტას.

დინოზავრებმა კონტინენტების გაყოფას, ტემპერატურის და ზღვის დონის ცვლილებებს გაუძლეს. რა შეგვიძლია ვისწავლოთ ადაპტაციის ასეთი დახვეწილი უნარისგან? დინოზავრების საარაკო ცხოვრების უკეთ გასაცნობად მათ ძვლებზე გლობალური ნადირობაა გამოცხადებული: ალასკიდან ზიმბაბვემდე პალეონტოლოგები აქამდე არნახული მასშტაბის აღმოჩენებს აკეთებენ.

განამარხებული ნაშთებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი ჩრდილოეთი აფრიკაა. ვინც საჰარის 40-გრადუსიანი სიცხით გათანგულა მაროკოში, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენს, რომ ერთ დროს იქ სამდინარო არხების ქსელი იშლებოდა, ხოლო წყალქვეშ მანქანისოდენა თევზები დაცურავდნენ.  National Geographic-ის მკვლევარი ნიზარ იბრაჰიმი და მისი თანაგუნდელი პალეონტოლოგები წლების განმავლობაში სწორედ აქ ეძებდნენ ჩვენთვის ცნობილ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ დინოზავრს: მდინარის ურჩხულს, რომელსაც მეცნიერებმა Spinosaurus aegyptiacus უწოდეს.

სპინოზავრის ნაშთები პირველად 1910-იან წლებში ეგვიპტეში აღმოაჩინეს, მაგრამ ნაშთები მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის დაბომბვისას განადგურდა. შემორჩენილი ჩანაწერები, ჩანახატები, ფოტოები, ძვლის ფრაგმენტები და კბილები იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ საიდუმლოებით მოცულ აფრისებრზურგიან ცხოველს გარკვეულწილად წყალთან დაკავშირებული ცხოვრების წესი ჰქონდა. სპინოზავრს – თევზებზე სანადიროდ ზედგამოჭრილი – კონუსისებრი კბილები ჰქონდა; აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ ცხოველს მეჩხერ წყალში შესვლა და თევზებზე ნადირობა შეეძლო. 2014 წელს იბრაჰიმმა და მისმა თანამშრომლებმა მაროკოში სპინოზავრის ახალაღმოჩენილი ნაშთების კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს: მათი მტკიცებით, სპინოზავრი ცხოვრების დიდ ნაწილს წყალში ატარებდა.

MM9141_200312_005757-1024x576.jpg
MM9141_200313_006260-1024x576.jpg

(მარცხნივ) დიდი ბრიტანეთის ბუნებისმეტყველების მუზეუმში გამოფენილი ეს Mantellisaurus-ი მეცნიერებმა 1914 წელს აღმოაჩინეს. დაახლოებით 125 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი დინოზავრის ერთ-ერთი ყველაზე სრული ნაშთია, რომელიც ოდესმე დიდ ბრიტანეთში აღმოუჩენიათ. (მარჯვნივ) მუზეუმების ფონდებში მრავალი განამარხებული ნაშთია. დიდი ბრიტანეთის ბუნებისმეტყველების მუზეუმი Adratiklit-ის – ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ძველი სტეგოზავრის – უნიკალურ ძვლებს ინახავს. 2019 წელს მუზეუმის გუნდმა ნაწილობრივ ამ, მხრის ძვლის ანალიზზე დაყრდნობით, Adratiklit-ი ახალ გვარად გამოაცხადა.

ამ ვარაუდის გასამყარებლად ახალი აღმოჩენები იყო საჭირო. 2018 წელს იბრაჰიმი და მისი გუნდი, National Geographic Society-ს მხარდაჭერით, მაროკოს ცხელ მიწაზე სპინოზავრის მეტი განამარხებული ნაშთის აღმოსაჩენად დაბრუნდა. მკვლევრებს წინ მძიმე შრომა ელოდათ. ორგანიზმის გამოფიტვის შედეგად გუნდის რამდენიმე წევრს შინ დაბრუნებისთანავე საავადმყოფოში დაწოლა მოუწია, მაგრამ მკვლევრებს ძალას Nutella-ს მარაგი და აღმოჩენების წყურვილი მატებდა და ისინიც ერთიმეორის მიყოლებით პოულობდნენ სპინოზავრის კუდის მალებს. ზოგიერთ მალას ერთმანეთისგან რამდენიმე წუთი და სანტიმეტრი აშორებდა. აღმოჩენით თავბრუდახვეული გუნდის წევრები მუშაობისას ქვის სამტვრევი ჩაქუჩების რაკუნს სიმღერას აყოლებდნენ და ასე ამხნევებდნენ ერთმანეთს.

როგორც ჟურნალ Nature-ის წლევანდელ სტატიაში ვკითხულობთ, ეს ნიჩბის ფორმის ხუთმეტრიანი რქოვანი დანამატი, წყალთან ადაპტირების ყველაზე განმაცვიფრებელი ნიმუშია ჩვენთვის ცნობილ დიდ მტაცებელ დინოზავრებში. “ეს აფრიკული პალეონტოლოგიის სიმბოლოდ უნდა იქცეს“, – მეუბნება იბრაჰიმი.

სპინოზავრის აღმოჩენის ამბავი, უდაბნოს ხედებითა და ისტორიული ინტრიგით, მოგვაგონებს სათავგადასავლო ფილმის სცენარს, მაგრამ ნაშთების შემდგომი კვლევა იმის თვალსაჩინო მაგალითია, თუ რამდენად განსხვავებული შეიძლება იყოს დინოზავრების შესწავლის თანამედროვე მეთოდოლოგია.

კვლევის ფარგლებში იბრაჰიმი ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიოლოგ ჯორჯ ლოდერთან შესახვედრად გაემგზავრა. ლოდერი თავს პალეონტოლოგად არ მიიჩნევს: იგი მაღალსიჩქარიანი კამერების და რობოტების საშუალებით წყლის ცხოველების მოძრაობას შეისწავლის. ექსპერიმენტის ჩასატარებლად ლოდერმა სპინოზავრის კუდის ფორმის 20-სანტიმეტრიანი ნარინჯისფერი პლასტმასის ფირფიტა ძალის გარდამქმნელის მეტალის ძელზე მიამაგრა – ეს მოწყობილობა ჭერიდან ჩამოკიდებული „რობოტი-ფარფლის“ ნაწილია.

კუდი წყალში ჩაშვებისთანავე ამოძრავდა. კომპიუტერი მის თითოეულ მოძრაობას აღრიცხავდა. პირსის და ლოდერის ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სპინოზავრის კუდი წყალში რვაჯერ უფრო დიდი ძალით უბიძგებდა სხეულს წინ, ვიდრე მონათესავე ხმელეთის დინოზავრების კუდები. როგორც ჩანს, Tyrannosaurus rex-ზე უფრო მოზრდილი ცხოველი მდინარეებში ნიანგივით დაცურავდა.

რა სიახლეა?
მოულოდნელმა აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ სპინოზავრები მეტწილად წყლის ცხოველები იყვნენ. მათ წყალში გადაადგილებისთვის ზედგამოჭრილი კუდი, სხეულის წინა ნაწილში მდებარე სიმძიმის ცენტრი და მოღუნული ბრჭყალები ჰქონდათ.
Spinosaurus_Onchopristis_CMYK.jpg მდინარეთა სისტემაში, რომლითაც 95 მლნ წლის წინ დღევანდელი მაროკოს ტერიტორია იყო დაქსელილი, ორი Spinosaurus aegyptiacus-ი ნადირობს.
როგორ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა
2014 წლამდე პალეონტოლოგები ვარაუდობდნენ, რომ სპინოზავრებს, სხვა თეროპოდების მსგავსად, ხისტი კუდი ჰქონდათ. მეცნიერების ვარაუდი ახალი განამარხებული ნაშთების აღმოჩენასთან ერთად იცვლებოდა: სპინოზავრი ჯერ ხმელეთის ცხოველი ეგონათ, შემდეგ – მარჩხობის, ბოლოს კი – წყალხმელეთა, გამოცდილი მცურავი.

დღეს სწორედ მსგავსი ინტერდისციპლინარული ლაბორატორიული ექსპერიმენტები განსაზღვრავს დინოზავრების კვლევას. თანამედროვე კომპიუტერები მკვლევრებს ჩონჩხების უმცირესი მახასიათებელი თვისებების აღრიცხვის, დამუშავების და გენეალოგიური ხეების შედგენის შესაძლებლობას აძლევს. ძვლის, ფურცელზე უფრო თხელ, ანათალზე დაკვირვებით დინოზავრების ზრდის პროცესის დეტალური აღდგენაა შესაძლებელი. კლიმატის ცვლილების პროგნოზირებისთვის შექმნილი მოდელების საშუალებით კი პალეონტოლოგებს შეუძლიათ დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნის სიმულირება და 66 მილიონი წლის წინანდელ მოვლენებზე დაკვირვება – როგორ ვიწროვდება დინოზავრთა ჰაბიტატი აპოკალიფსური ზამთრის პირობებში.

ცოტა რამემ თუ შეცვალა დინოზავრებზე ჩვენი ცოდნა ისე სიღრმისეულად, როგორც სამედიცინო კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატმა, რომელიც ახლა პალეონტოლოგების განუყოფელი ხელსაწყოა.

“ახლა ნაშთების კომპიუტერში შეყრა და იქ ნამდვილი ჯადოქრობების კეთება შეგვიძლია“, – ამბობს ოჰაიოს უნივერსიტეტის პალეონტოლოგი ლორენს უიტმერი – “შეგვიძლია ძვლის დაკარგული ფრაგმენტები აღვადგინოთ, ვირტუალური შეჯახების ტესტები ჩავატაროთ, სიმულაციები გავუშვათ და უკეთ გავიგოთ, როგორ მოქმედებდნენ ეს ცხოველები“.

წინათ მეცნიერები იძულებულნი იყვნენ, არჩევანი გაეკეთებინათ, აეთალათ თუ არა განამარხებულ ნაშთზე შემორჩენილი რბილი ქსოვილის ანაბეჭდი იმისათვის, რომ ძვალი შეესწავლათ. ტომოგრაფიის წყალობით ეს პრობლემა აღარ არსებობს. ახლა მეცნიერებს ქანისა და ძვლის განცალკევება ვირტუალურად შეუძლიათ. “ზოგჯერ იმაზე მეფიქრება, თუ რამდენი ფასდაუდებელი ინფორმაცია გამოგვეპარა ან გავანადგურეთ, სანამ ასეთი ტექნოლოგიები გვექნებოდა“,  – ამბობს დიდი ბრიტანეთის პორტსმუთის უნივერსიტეტის პალეოარტისტი მარკ უიტონი.

  • MM9074_190715_001843-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9074_190610_000044-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9141_200304_003709-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9141_200303_003031-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
  • MM9141_200229_000256-1024x576.jpg
    გალერეის გახსნა
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მაროკოს ჰასან II-ის სახელობის უნივერსიტეტში ნიზარ იბრაჰიმი (შუაში) პალეონტოლოგ სიმონე მაგანუკოსთან (მარცხნივ) და კრისტიანო დალ სასოსთან ერთად სპინოზავრის ახალაღმოჩენილ ძვლებს დასცქერის. „ნამარხი ცხოველების შესწავლა ჩემთვის ნამდვილი შემოქმედებაა“, – ამბობს დალ სასო.

ფოსალტა-დი-პიავე, იტალია: დინოზავრების შესახებ დამკვიდრებულ წარმოდგენებს ახალაღმოჩენილი ნაშთები ცვლის. სამუზეუმო სკულპტურების მწარმოებელი კომპანია DI.MA Dino Makers-ის სკულპტორი გუზუნ იონი ახალი აღმოჩენის გათვალისწინებით მოზარდი სპინოზავრის ნატურალური ზომის 10,5-მეტრიან ქანდაკებას აკეთებს.

ფრინველების, მაგალითად, ფოტოზე გამოსახული ტინამუს, კვერცხები შეფერილობას პროტოპორფირინის, ბილივერდინის და სხვა პიგმენტების წყალობით იღებენ. დინოზავრის ზოგიერთი კვერცხი ამ ორ ნივთიერებას შეიცავს, რაც მათი შეფერილობის აღდგენის საშუალებას გვაძლევს.

ფოტო გადაღებულია იელის უნივერსიტეტის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში

დღევანდელი ნებრასკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კვერცხი არამფრენი დინოზავრების გადაშენებიდან ათეულობით მილიონი წლის შემდეგ დაიდო. ამის მიუხედავად, ნაშთის ანალიზი დოქ. იაზმინა ვიმანს უფრო ძველი კვერცხების ქიმიური თვისებების გაგებაში დაეხმარება: „ყველა ფრინველი დინოზავრია, შესაბამისად, ესეც მფრინავი დინოზავრის კვერცხია“.

ფოტო გადაღებულია იელის უნივერსიტეტის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში

ოჰაიოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ლორენს უიტმერი Tyrannosaurus rex-ის თავის ქალას აკვირდება. დინოზავრის თავის ქალის კონტურების შესწავლისა და ტვინის იმ რეგიონის ზომის გათვალისწინებით, რომელიც სუნებს ამუშავებს, სავარაუდოდ, T. rex-ს ყნოსვის რეცეპტორების ერთნახევარჯერ უფრო მეტი გენი ჰქონდა, ვიდრე ადამიანს.

გააზიარეთ ფოტო
  • MM9074_190715_001843-1024x576.jpg
  • MM9074_190610_000044-1024x576.jpg
  • MM9141_200304_003709-1024x576.jpg
  • MM9141_200303_003031-1024x576.jpg
  • MM9141_200229_000256-1024x576.jpg
მინაწერის გახსნა
მინაწერის დახურვა

მაროკოს ჰასან II-ის სახელობის უნივერსიტეტში ნიზარ იბრაჰიმი (შუაში) პალეონტოლოგ სიმონე მაგანუკოსთან (მარცხნივ) და კრისტიანო დალ სასოსთან ერთად სპინოზავრის ახალაღმოჩენილ ძვლებს დასცქერის. „ნამარხი ცხოველების შესწავლა ჩემთვის ნამდვილი შემოქმედებაა“, – ამბობს დალ სასო.

ფოსალტა-დი-პიავე, იტალია: დინოზავრების შესახებ დამკვიდრებულ წარმოდგენებს ახალაღმოჩენილი ნაშთები ცვლის. სამუზეუმო სკულპტურების მწარმოებელი კომპანია DI.MA Dino Makers-ის სკულპტორი გუზუნ იონი ახალი აღმოჩენის გათვალისწინებით მოზარდი სპინოზავრის ნატურალური ზომის 10,5-მეტრიან ქანდაკებას აკეთებს.

ფრინველების, მაგალითად, ფოტოზე გამოსახული ტინამუს, კვერცხები შეფერილობას პროტოპორფირინის, ბილივერდინის და სხვა პიგმენტების წყალობით იღებენ. დინოზავრის ზოგიერთი კვერცხი ამ ორ ნივთიერებას შეიცავს, რაც მათი შეფერილობის აღდგენის საშუალებას გვაძლევს.

ფოტო გადაღებულია იელის უნივერსიტეტის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში

დღევანდელი ნებრასკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი კვერცხი არამფრენი დინოზავრების გადაშენებიდან ათეულობით მილიონი წლის შემდეგ დაიდო. ამის მიუხედავად, ნაშთის ანალიზი დოქ. იაზმინა ვიმანს უფრო ძველი კვერცხების ქიმიური თვისებების გაგებაში დაეხმარება: „ყველა ფრინველი დინოზავრია, შესაბამისად, ესეც მფრინავი დინოზავრის კვერცხია“.

ფოტო გადაღებულია იელის უნივერსიტეტის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში

ოჰაიოს უნივერსიტეტის ლაბორატორიაში ლორენს უიტმერი Tyrannosaurus rex-ის თავის ქალას აკვირდება. დინოზავრის თავის ქალის კონტურების შესწავლისა და ტვინის იმ რეგიონის ზომის გათვალისწინებით, რომელიც სუნებს ამუშავებს, სავარაუდოდ, T. rex-ს ყნოსვის რეცეპტორების ერთნახევარჯერ უფრო მეტი გენი ჰქონდა, ვიდრე ადამიანს.

ცოტა ხნის წინ უიტმერმა კომპიუტერული ტომოგრამების საშუალებით დაასაბუთა, რომ ტვინის გადახურებისგან თავის დასაცავად დინოზავრების დიდ ტაქსონებს თავის ქალის სპეციალური კონდიცირების სისტემა ჩამოუყალიბდა. ჯავშნოსანი დინოზავრები, მაგალითად ანკილოზავრი, Euoplocephalus-ები, ხვეული საწრუპი ჩხირების ფორმის ცხვირის ღრუდან ცხელ ჰაერს აფრქვევდნენ და ტვინში მიმავალ სისხლს აგრილებდნენ. დიდი მტაცებლები, მაგალითად T. rex-ები, ორგანიზმის ჭარბ სიმხურვალეს დიდი სინუსების საშუალებით ანელებდნენ. ჰაერის ნაკადს თავისუფლად რომ ემოძრავა, დინოზავრები მჭედლის საბერველივით აღებდნენ ხახას, რაც მათ სხეულში არსებული სითხის ნაწილს აორთქლებდა და ორგანიზმს აგრილებდა, ისევე როგორც ოფლდენა ზაფხულის სიცხეში.

კომპიუტერული ტომოგრამებით იმის გაგებაცაა შესაძლებელი, თუ როგორ მიმდინარეობდა დინოზავრების ზრდის პროცესი. ალიგატორების და ფრინველების რენტგენული ვიდეოების და კომპიუტერული ანიმაციის საშუალებით სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა რაიან კარნიმ 2016 წელს სამგანზომილებიანი მოდელები შექმნა და გვიჩვენა, როგორ დაფრინავდა არქეოპტერიქსი. პატაგონიის ტერიტორიაზე მობინადრე ბალახისმჭამელი მუსზავრის ზრდის პროცესის საილუსტრაციოდ არგენტინელმა მკვლევარმა ალეხანდრო ოტერომ დინოზავრის სკანირებული ძვლებისგან კომპიუტერული სიმულაცია შექმნა. როგორც ჩანს, ახალგამოჩეკილი მუსზავრები, ბავშვების მსგავსად, ჯერ ოთხი კიდურით სიარულს სწავლობდნენ და შემდეგ – ორით.

რაც უფრო ღრმად ჩაიხედება პალეონტოლოგი ძვლის თითოეულ ფრაგმენტში, მით უფრო მეტ ძვირფას დეტალს გაიგებს წარსულზე – ამიტომ მან გულდასმით უნდა შეარჩიოს საკუთარი ხელსაწყოები.

საფრანგეთში, გრენობლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კონცხზე აღმართულია 850 მეტრის რადიუსის ნაგებობა. ეს სინქროტრონული გამოსხივების ევროპული ცენტრია (ESFR), რომელიც მისი თანამშრომლის, პოლ ტაფოროს წყალობით, უკანასკნელ წლებში პალეონტოლოგების ნამდვილ მექად იქცა.

რა სიახლეა?
სავარაუდოდ, დეინონიქები მოლურჯო კვერცხებს დებდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასეთივე შეფერილობის კვერცხისმდებელი თანამედროვე ფრინველების მსგავსად, ისინიც ბუდეს ღია ცის ქვეშ იკეთებდნენ, ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ დეინონიქები ნაშიერების გამოსაჩეკად ბუდეზე ისხდნენ.
01-DEINONYCHUS_cmyk.jpg ლურჯი კვერცხებით გარშემორტყმულ ახალგამოჩეკილ დეინონიქს მზრუნველი მამა უყურებს.
როგორ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა
ძველი თეორიები დინოზავრების რეპროდუქციის პროცესზე ძირითადად რეპტილიების შესახებ არსებულ ცოდნას ემყარებოდა. დინოზავრებსა და ფრინველებს შორის არსებული ძლიერი ევოლუციური კავშირის აღმოჩენა უფრო ზუსტად აღადგენს დინოზავრებში კვერცხის დებისა და შთამომავლობაზე ზრუნვის სურათს.

ESFR ნაწილაკების ამაჩქარებელია, რომელიც ელექტრონებს თითქმის სინათლის სიჩქარით გატყორცნის. სანამ ელექტრონული სხივები მოძრაობენ, წრეზე განლაგებული მაგნიტები ნაწილაკების ნაკადს ამრუდებს. ამ პროცესის შედეგად მიღებულ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ რენტგენულ გამოსხივებას მეცნიერები ახალი ნივთიერებების და მედიკამენტების შესასწავლად იყენებენ. ტაფორო რენტგენის გამოსხივებით ისეთ განამარხებულ ნაშთებს იკვლევს, თან ისეთი გარჩევადობით, როგორის მიღებაც ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფიით შეუძლებელია.

ESFR-ის მძლავრმა სხივებმა ნამდვილი სასწაულები მოიმოქმედა შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის თანამშრომლის, დენის ვუტენის ხელში, რომელმაც სხივები გამოიყენა არქეოპტერიქსის ნაშთზე ვირტუალური ანათალების გასაკეთებლად და ძვლის განივჭრილების დეტალურად შესასწავლად. რადგან ძვლებმა ფრენის დატვირთვას უნდა გაუძლონ, მათ გეომეტრიულ სტრუქტურაზე დაკვირვებით ცხოველის ფრენის თავისებურებებზე ბევრი რამის გაგება შეიძლება. არქეოპტერიქსს ანატომია ზუსტად ფრინველივით ფრთების ქნევის საშუალებას არ აძლევდა; მისი ფრთის ძვლების სტრუქტურა თანამედროვე ცხოველებიდან ყველაზე მეტად ხოხბისას წააგავს, რომელიც მოკლე მანძილებზე დაფრინავს. ეს თვალსაჩინო მინიშნებას იძლევა იმაზე, თუ როგორ დაფრინავდა არქეოპტერიქსი – დინოზავრების და ფრინველების დამაკავშირებელი რგოლი – იურული პერიოდის მშობლიური კუნძულების თავზე. 

სამხრეთ აფრიკის ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა კიმი შაპელმა რენტგენის სხივები დინოზავრის დღეისთვის ცნობილ ყველაზე ძველ – ბალახისმჭამელი Massospondylus-ის – კვერცხებში ჩასახედად გამოიყენა. რენტგენის დასხივებამ მას კვერცხის შიგნით არსებული ემბრიონული თავის ქალების ვირტუალური რეკონსტრუქციის შესაძლებლობა მისცა. შაპელმა ის პაწაწინა კბილებიც კი აღადგინა, რომელთაც ამ დინოზავრის ორგანიზმი გამოჩეკამდე შეიწოვდა ან დაშლიდა. მსგავსი პროტოკბილები თანამედროვე გეკონის ემბრიონებსაც აქვთ მიუხედავად იმისა, რომ გეკონების და დინოზავრების უკანასკნელი საერთო წინაპარი 250 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. შაპელმა დაადგინა, რომ Massospondylus-ის ამ ემბრიონებმა სიკვდილამდე საინკუბაციო პერიოდის სამი მეხუთედი გაიარეს – „ამის ცოდნა უფრო მეტად გვაცნობიერებინებს მათ რეალურობას“.

ყოველ გაზაფხულზე პეკინის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის და პალეოანთროპოლოგიის ინსტიტუტი (IVPP) ცხოვრების წარმავალი ბუნების აღმოსავლურ სიმბოლოს ეგებება – ამ დროს ჩინეთის დედაქალაქში ალუბლის და ქლიავის ყვავილცვენა იწყება. 1990-იანი წლებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში მდებარე ლიაონინის პროვინციაში ფერმერებს, მკვლევრებს და განამარხებული ნაშთებით მოვაჭრეებს მრავალი ნაშთი მოჰქონდათ. ამ არტეფაქტებმა გააფართოვა ჩვენი ცოდნა დინოზავრებზე. ბევრ ნაშთზე ბუმბულის ნაკვალევი შეიმჩნეოდა, რაც იმას ადასტურებს, რომ ბუმბული დინოზავრებს მანამდე გაუჩნდათ, სანამ ფრენას შეძლებდნენ. ზოგიერთი ნაშთი ცხადყოფდა, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევას ის დინოზავრებიც ცდილობდნენ, რომლებიც ფრინველების ახლო ნათესავები არ ყოფილან.

ცოტა დინოზავრი თუ გვიჩვენებს მეცნიერული ცოდნის მუდმივად ცვალებად სურათს ისე თვალსაჩინოდ, როგორც სკანსორიოპტერიგიდი – იურული პერიოდის ნაკლებად ცნობილი დინოზავრი ენის გასატეხი სახელით. წინათ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს ყვავის ზომის ცხოველი ათი სანტიმეტრის სიგრძის თითებს ხოჭოების დასაჭერად იყენებდა, მაგრამ 2015 წელს ჩინელმა პალეონტოლოგებმა ამ ჯგუფის უცნაური წევრი აღმოაჩინეს, რომელიც, როგორც ჩანს, მფრინავი დინოზავრების ერთ-ერთ გადაშენებულ სახეობას მიეკუთვნება. სხვა დინოზავრებისგან განსხვავებით, ამ სახეობას – Yi qi-ს – ღამურისებრი მემბრანული ფრთები ჰქონდა, რომლებიც ძვლოვანი დეზებით და გრძელი თითებით ბოლოვდებოდა. “აი, როგორი ამბავია: ერთმა მნიშვნელოვანმა ინდივიდმა… თავდაყირა დააყენა თითქმის ყველაფერი, რაც დინოზავრებზე ვიცოდით“, – ამბობს IVPP-ს მკვლევარი ჯინგმაი ო’კონორი.

რა სიახლეა?
მკვლევრები ზოგიერთი დინოზავრის სასიცოცხლო ციკლს ახლა უფრო ზუსტად აღადგენენ. ახალი აღმოჩენები მათ იმის დადგენაში ეხმარება, თუ როგორ ვითარდებოდნენ და იზრდებოდნენ დინოზავრები. 
03-MUSSAURUS_CMYK.jpg მოზარდი მუსზავრი ორ რინქოზავრს აკვირდება. მუსზავრები ჯერ ოთხივე კიდურით სწავლობდნენ სიარულს და მხოლოდ ზრდასრულ ასაკში იწყებდნენ ორი კიდურით მოძრაობას.
როგორ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა
მეცნიერებს დინოზავრები, თანამედროვე რეპტილიების მსგავსად, ცივსისხლიანი არსებები ეგონათ, მაგრამ ახალი აღმოჩენების მიხედვით, ზოგიერთ დინოზავრს რეპტილიებზე უფრო სწრაფი მეტაბოლიზმი ჰქონდა, რაც მათ თბილსისხლიან ძუძუმწოვრებს და ფრინველებს უფრო ამსგავსებს.

ჩინეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აღმოჩენილი ნაშთები მრავალი სახის ქსოვილის ანაბეჭდებს შეიცავს. 2014 წელს დასავლეთ კანადაში მკვლევრებმა Edmontosaurus regalis აღმოაჩინეს, ჰადროზავრი, რომელსაც მამლის ბიბილოს მსგავსი წანაზარდი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ Edmontosaurus-ებს მეცნიერები თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში იცნობდნენ, მსგავსი წანაზარდის არსებობა სიახლე აღმოჩნდა. ძვლების კვლევამ აჩვენა, რომ დინოზავრები ბიბილოს, თანამედროვე ცხოველების მსგავსად, მეწყვილის მოსახიბლად და სოციალური სტატუსის მოსაპოვებლად ან თავისიანების საპოვნელად იყენებდნენ.

ზოგიერთ შემთხვევაში მკვლევრებს დასკვნების გამოტანა დინოზავრების ბიოქიმიური პროცესებიდანაც შეუძლიათ. 2008 წელს მეცნიერების ჯგუფმა, რომელსაც ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი იაკობ ვინტერი ხელმძღვანელობდა, აღმოაჩინა, რომ მელანოსომები – მელანინით სავსე უჯრედშიდა ტომსიკები – განამარხებას ექვემდებარებიან. ამ აღმოჩენით კვლევის ახალი ჰორიზონტი გაიხსნა: მელანოსომების ზომის, ფორმის და განლაგების მიხედვით მეცნიერებს გადაშენებული დინოზავრების კანის და ბუმბულების ფერის დადგენა შეუძლიათ.

თუმცა აღდგენის ეს მეთოდი გარკვეულ სიფრთხილეს საჭიროებს: თანამედროვე ცხოველები მელანინის გარდა სხვა პიგმენტებსაც იყენებენ; სავარაუდოდ, დინოზავრებიც ასე იყვნენ. ამის მიუხედავად, უკანასკნელ წლებში გასაოცარი აღმოჩენები გაკეთდა. დღევანდელი ჩინეთის ტერიტორიაზე მობინადრე შებუმბლულ დინოზავრ ანქიორნისს მოწითალო ქოჩორი ჰქონდა, ცერატოპს ფსიტაკოზავრს – მოწითალო-მოყავისფრო კანი, რაც დინოზავრების შენიღბვის ადრეულ ნიმუშად ითვლება. 2018 წელს მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ დინოზავრ Caihong-ს, რომელიც იმავე რეგიონში ბინადრობდა, სადაც Yi qi, ცისარტყელას შვიდივე ფერად უელვარებდა ბუმბული.  

განამარხებულ ნაშთებზე სხვა მოლეკულებიც შეიძლება შენარჩუნდეს. 2000-იან წლებში ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტის პალენტოლოგმა მერი შვაიცერმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, როდესაც აღმოაჩინა, რომ დინოზავრების, მათ შორის T. rex-ის ზოგიერთ განამარხებულ ნაშთზე უჯრედები, სისხლძარღვები და, სავარაუდოდ, ცილების ნარჩენები იყო შემორჩენილი. მას შემდეგ შვაიცერი და სულ უფრო და უფრო მეტი მეცნიერი იკვლევს, თუ როგორ უძლებს დროს ეს ნივთიერებები და რა შეიძლება გავიგოთ მათი საშუალებით დინოზავრებზე.

რა სიახლეა?
ჩვენი წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ დინოზავრები, მუდმივად იცვლება. განამარხებული პიგმენტების წყალობით ვიგებთ, რომ დინოზავრებს ნაირფერი ბუმბული ან ლაქებიანი კანი მეწყვილეების მოსახიბლად ან შესანიღბად ჰქონდათ.  
04-Yi-qi-20200705_CMYK.jpg Yi qi დაფრინავს, Tianyulong-ი ბანაობს. რბილი ქსოვილის ანალიზი გვიჩვენებს, რომ Yi qi -ს ღამურის მსგავსი, მემბრანული ფრთები ჰქონდა.
როგორ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა
მეცნიერებმა გასაოცარი აღმოჩენა გააკეთეს და შეიტყვეს, რომ კბილებს, თმას, ქერცლს და ბუმბულებს საერთო წარმოშობის  გენები განსაზღვრავს და დროთა განმავლობაში მარტივია მათი მონაცვლეობა. სწორედ ამის შედეგია ქერცლის და ბუმბულების ის ნაირგვარი ფორმა და შეფერილობა, რომელიც დინოზავრებს ჰქონდათ.

იელის დოქტორის ხარისხის კანდიდატი იაზმინა ვიმანი ალოზავრის ძვლის მცირე ფრაგმენტის ფქვის პროცესს მიჩვენებს. ანალიზის ჩასატარებლად ნაფქვავი ვიწრო ჭურჭელში გადააქვს და მთავაზობს, რომ მჟავა შევურიო. მჟავა შუშხუნებს და ყავისფრდება. ჭუჭყში, რომელიც ნაფქვავს გამოეყოფა, შავი კლაკნილი ხაზებით გარშემორტყმული წითელი ხის ნაფშვენები ურევია; ამ პროცესს მიკროსკოპში ვაკვირდები. თვალებს არ ვუჯერებ: მოყავისფრო ჭუჭყი ადრე ცილებით მდიდარი ქსოვილი იყო. შავი კლაკნილები 145 მილიონი წლის წინ მცხოვრები იურული პერიოდის ათმეტრიანი მტაცებლის ძვლოვანი უჯრედების კონტურებია. მილიონობით წლის განმავლობაში სიცხე და წნევა ამ მიკროსკოპულ ნარჩენებს ქიმიური რეაქციის საშუალებით გარდაქმნიდა, მაგრამ ამ შეცვლილი სტრუქტურის მიუხედავად, ისინი დინოზავრების შესახებ მრავალ ძვირფას ინფორმაციას შეიცავს. 2018 წლის კვლევაში ვიმანმა აჩვენა, რომ ზოგიერთი დინოზავრის კვერცხზე ლაზერული დასხივებისას არეკლილი სინათლე პროტოპორფირინის და ბილივერდინის დაშლილ ნაწილაკებზე მეტყველებს; ეს პიგმენტები თანამედროვე ფრინველების კვერცხების შეფერილობას და დალაქიანებას განსაზღვრავს.

თანამედროვე ხელსაწყოებს განამარხებული ნაშთების სკანირებისას ადამიანის სისხლის წითელ უჯრედებზე ასჯერ პატარა დეტალების გარჩევაც კი შეუძლია.

მსგავს ანალიზზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ველოცირაპტორის მონათესავე დეინონიქის მყარნაჭუჭიან კვერცხებს მოლურჯო შეფერილობა ჰქონდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ თანამედროვე კვერცხისმდებელი ფრინველების მსგავსად, რომლებიც ასეთივე შეფერილობის კვერცხებს დებენ, ეს დინოზავრი ბუდეს ღია ცის ქვეშ იკეთებდა. მაგრამ ყველა დინოზავრი ასე არ იქცეოდა: მონღოლეთში ნაპოვნი პროტოცერატოფსის და პატაგონიაში აღმოჩენილი მუსზავრის განამარხებული ემბრიონების გარშემო არსებული ფენა ტყავისებრი ნაჭუჭების ნაშთია. აღმოჩენა არა მარტო იმაზე მიუთითებს, რომ ეს დინოზავრები, როგორც თანამედროვე ზღვის კუები, კვერცხებს მიწაში ფლავდნენ, არამედ იმაზეც, რომ პირველი დინოზავრები ტყავისებრ, რბილნაჭუჭიან კვერცხებს დებდნენ. ამ ფაქტს დინოზავრების ევოლუციის ისტორიაში მოულოდნელი სიახლე შემოაქვს; როგორც ჩანს, მყარნაჭუჭიან კვერცხებს საერთო წარმოშობა არ ჰქონია და ეს მახასიათებელი სულ ცოტა სამჯერ განვითარდა ევოლუციურად.

MM9141_200303_003809-1024x576.jpg
MM9141_200303_003459-1024x576.jpg

(მარცხნივ) იელის უნივერსიტეტის პალეონტოლოგ ბჰარტ-ანჯან ბჰულარს ჰესპერორნისის, ცარცული პერიოდის პროტო-ფრინველის, ადრეული თეროპოდი ცელოფიზის შორეული ნათესავის თავის ქალა უჭირავს. მისი კვლევა აჩვენებს, რომ პირველი ზრდასრული ფრინველების თავის ქალები იმ ნიშან-თვისებებს იმეორებდნენ, რომლებიც მოზარდ დინოზავრებს ჰქონდათ. ამან დროთა განმავლობაში ნისკარტების ჩამოყალიბება განაპირობა.
ფოტო გადაღებულია იელის უნივერსიტეტის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში
(მარჯვნივ) სამხრეთ ამერიკაში მობინადრე ჰოაცინები იმის მაგალითს წარმოადგენენ, თუ როგორ იქცა დინოზავრების წინა კიდურები ფრთებად. ჰოაცინის ბარტყებს დინოზავრების მსგავსი ბრჭყალები აქვთ, რომლებსაც ისინი ბუდიდან გადმოვარდნის შემთხვევაში ხეზე ასაძრომად იყენებენ.
ფოტო გადაღებულია იელის უნივერსიტეტის პიბოდის ბუნებისმეტყველების მუზეუმში

მეცნიერული წინსვლა გვიჩვენებს, რომ დინოზავრები ბევრად უფრო მრავალფეროვანი არსებები იყვნენ, ვიდრე ის ურჩხულები, პოპკულტურა რომ გვიხატავს. მათი ყოველდღიურობა ისეთივე მდიდარი, მჩქეფარე და მრავალფეროვანი იყო, როგორც იმ ფრინველებისა, ჩვენი ფანჯრების მიღმა რომ დაფრინავენ.

ეს მაშინ გავაცნობიერე, როდესაც იელის ასისტენტ-პროფესორ ბჰარტ-ანჯან ბჰულარის სხვადასხვა ხელსაწყოთი გადატვირთულ ლაბორატორიაში ვიდექი. იმის გასაგებად, თუ როგორ იქცნენ დინოზავრები ფრინველებად, ბჰულარი განამარხებულ ნაშთებს და თანამედროვე ცხოველების ემბრიონებს შეისწავლის.

თუ ვინმეს ქათმის გენეტიკური მოდიფიკაცია და ქათმოზავრად ქცევა შეუძლია, ეს, ალბათ ბჰულარია. 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ბჰულარმა დაადგინა, რომ თანამედროვე ფრინველებისა და მოზარდი დინოზავრების თავის ქალები მსგავსი ფორმისაა. მოზარდ დინოზავრებს თავის ქალის უფრო თხელი და დრეკადი ძვლები ჰქონდათ, რაც დროთა განმავლობაში ფრინველების ნისკარტად იქცა. ბჰულარმა ასევე აჩვენა, რომ ნისკარტის მოლეკულური გზების დაბლოკვით ქათმის ემბრიონს არქეოპტერიქსის მსგავსი დრუნჩი უვითარდება.

MM9141_200302_002724.jpg ფლუორესცენციურ ლურჯ სხივებში მოჩვენებასავით გახვეული არსება ქათმის ემბრიონია. იმის შესწავლით, თუ როგორ წარმართავენ გენები ცხოველების სხეულის ზრდას, ბჰულარი ევოლუციის ჭანჭიკებს იკვლევს და დინოზავრების და მათი თანამედროვე შთამომავლების შესახებ ჩვენს ცოდნას აფართოებს.

ბჰულარმა ისიც დაადგინა, რომ ფრინველის ემბრიონები პრაქტიკულად აჯამებენ მათ მიერ განვლილ ევოლუციას. მან მწყრის ემბრიონის წინა კიდურების მიკროსკოპული გამოსახულება მიჩვენა. მწყრის ემბრიონული ფრთები რაპტორების წინა კიდურებივით გამოიყურება; ისინი შეიძლება პაწაწინა დინოზავრის ხელები გეგონოს. “აი ამას შეხედე! ეს ხომ ზედგამოჭრილი დეინონიქია!“ – მეუბნება ბჰულარი და ლეპტოპში გახსნილ სურათზე მიმითითებს. როგორც კი გამოჩეკის დრო ახლოვდება, მწყრის ემბრიონის წინა კიდურები ფრთებში გადაიზრდება.

იელიდან წამოსვლის შემდეგ მწყრის ემბრიონის კიდური დიდხანს ვერ ამოვიგდე თავიდან. წლებია გადაშენებული დინოზავრების შესახებ ვწერ და მათზე წარსულ დროში ფიქრს მივეჩვიე; არადა, დინოზავრები კვლავინდებურად ჩვენთან არიან, როგორც აჩრდილები მათი შთამომავალი ფრინველების კვერცხებში.

რა სიახლეა?
სამგანზომილებიანი ტექნოლოგიების წინსვლა მკვლევრებს დინოზავრების ანატომიის, მათ შორის: შიდა ყურების, ტვინის რეგიონების და სხვა რბილი ქსოვილების დეტალურად აღდგენის საშუალებას აძლევს.
როგორ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა
მეცნიერები დიდ ხანს ცდილობდნენ ლამბეოზავრის თავის ქალაზე უცნაური ძვლოვანი ქედის ფუნქციის დადგენას. თავიდან ეგონათ, რომ ცხვირის ღრუს ხვეული არხები ყნოსვის უნარს აძლიერებდა. დღეს ვარაუდობენ, რომ ძვლოვანი ქედები ვოკალიზაციის ინსტრუმენტი იყო, როგორც მესაყვირე გედების წაგრძელებული ტრაქეა.

წარსულსა და აწმყოს შორის კავშირი უფრო თვალსაჩინოდ ლონდონში დავინახე, როდესაც დინოზავრების კუნძულიდან წამოსვლის დრო მოახლოვდა. თუ ნამდვილი დინოზავრების არსებობა უცაბედად დასრულდა, კრისტალ-პალას-პარკის ქანდაკებები ნელ-ნელა ნადგურდება. ქანდაკებები დიდი ბრიტანეთის საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. დროისგან გახუნებულ სკულპტურებს ბზარები ფარავს. მეიდმენტს ვკითხე, როგორი იქნებოდა კრისტალ-პალას-პარკის თანამედროვე ვერსია. მან მოხდენილი პასუხი გამცა: “მე აქაურობას ფრინველებით ავავსებდი“. “ხომ იცით, რომ დღეს დინოზავრები ხმელეთის ყველაზე მრავალფეროვანი ხერხემლიანები არიან, – მითხრა მეიდმენტმა, – ოდითგანვე ასეთები იყვნენ“.

მაიკლ გრეშკოს სტატია კანადაში აღმოჩენილი დინოზავრის ნაშთზე 2017 წლის ივნისის ნომერში გამოქვეყნდა. პაოლო ვერძონე World Press Photo-ს ჯილდოს სამგზის ლაურეატია. მეცნიერული ილუსტრაციების ავტორი დავიდე ბონადონას მიერ შექმნილი სპინოზავრის ილუსტრაცია 2014 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა. გაბრიელ უგეტო გადაშენებული ცხოველების რეკონსტრუქციებს ქმნის.

სტატია სრულად იხილეთ დეკემბრის ნომერში.

The post განსხვავებული დინოზავრები appeared first on National Geographic Magazine - საქართველო.

View the full article

 

 
Share on other sites

იმედია ამათ არ გააცოცხლებენ ეს მეცნიერები. მაგათთვის ეგ სპორტია და ჩვენ კიდევ დინოზავრები გვინდა?

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   158 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 156 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(2)
    • YandexBot(11)
    • Chrome(11)
    • t-90