Jump to content
×
×
  • Create New...

სქოლასტიკ მუკასონგა – აქა ამბავი ძროხათა ქებისა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

http://arilimag.ge/wp-content/uploads/2020/12/Scholastique-Mukasonga-700x465.jpg

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

სქოლასტიკ მუკასონგა (დ. 1956 წ.) რუანდელი მწერალი. ცხოვრობს საფრანგეთში, ნორმანდიაში. არის 2 რომანის, მოთხრობების კრებულისა და მოგონებების 3 წიგნის ავტორი.

შვიდი წლის ასაკში ძალიან ვამაყობდი იმით, რომ მამაჩემის ნახირის პატარა მწყემსი ვიყავი. ყოველ დილას, როდესაც მამა ჩვენი დიდი ქოხიდან გადიოდა, მეღვიძებოდა და თავს მწარედ ვსაყვედურობდი იმის გამო, რომ ასე ღრმად მეძინა, თუმცა, შემეძლო, ჩემი უფროსი ძმების მსგავსად, მასზე უფრო ადრე ავმდგარიყავი და კრაალში მყოფ ძროხებზე მეზრუნა. მწამდა, რომ მამას არასოდეს ეძინა, რომ ყოველთვის ფხიზლობდა. ნიადაგ ფრთხილობდა, რომ მისი საქონელი არ მოეპარათ. რუანდაში ძროხის ქურდობა სპორტის გავრცელებული სახეობა იყო. მწყემსებს ამ ავაზაკებისა ეშინოდათ, თუმცა, მათი გამბედაობა აღაფრთოვანებდათ. ძროხის ქურდები ძალიან მზაკვრები იყვნენ: საგანგებოდ დამზადებული წამლებით აძინებდნენ კრაალის მკვიდრთ, ტეხდნენ ღობეს და თითქოს მონუსხული ძროხები თან მიჰყავდათ. კვალს არ ტოვებდნენ, რადგან ყოვლისშემძლე ჯადოქრები იყვნენ. ფარული ბილიკებით, ჭაობების გავლით ბურუნდიში გადადიოდნენ, სადაც მოპარულ ძროხებს ყიდდნენ და ახლებს ყიდულობდნენ. რუანდაში ზოგიერთი ნახირის სულადობა გასაოცრად სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ამის მიზეზის გარკვევას ვერავინ ბედავდა.

ისიც უნდა გითხრათ, რომ მამაჩემმა იცოდა, როგორ დაეცვა ძროხები მონუსხვისგან: აკაციის ღობეში თილისმებს დებდა. რისი უნდა მშინებოდა? მამაჩემს თავისი კომბალი და შუბი საწოლთან ედო. იმ დროს ყველა ადამიანი ატარებდა შუბს, მის გარეშე შინიდან არავინ გადიოდა. ბელგიელები ჯერ კიდევ არ კრძალავდნენ შუბის ტარებას, ეს, ჩვენი დამცირების მიზნით, მხოლოდ მოგვიანებით მოიმოქმედეს. მამაჩემის მშვილდი და ისრები ჩვენი ქოხის შემოსასვლელთან ეკიდა. მამაჩემის გვერდით – როდესაც ის შეიარაღებული იყო თავისი შუბითა და მშვილდ-ისრით, მე კი პატარა კომბლით – ქურდებისა და მათ ჯადოქრობისა არ მეშინოდა. მხოლოდ მრცხვენოდა, რომ ყოველ ღამე მაგრად მეძინა, იმის ნაცვლად, რომ, მამაჩემის მსგავსად, ძროხებისთვის მეყარაულა.

ბაკში შესვლისას მამას არ სჭირდებოდა ძროხების დათვლა: თვალის ერთი შევლებითაც ხვდებოდა, აკლდა თუ არა რომელიმე მათგანი. ძროხები იწვნენ ბალახის საგებელზე, რომელსაც დედაჩემი და ჩემი და აფენდნენ მიწაზე, სანამ ძროხები საძოვარზე იყვნენ. ჩემი ძმები მსუბუქად უტყაპუნებდნენ ჯოხს ნახირის წინამძღოლს, რომელიც მაშინვე დგებოდა, მას კი დანარჩენები მიჰყვებოდნენ. მამაჩემი თვალ-ყურს ადევნებდა, რომ ძროხებს ერთმანეთი რქებით არ დაეზიანებინათ. ხან ერთ ძროხასთან მიდიოდა, ხან – მეორესთან, და კომბლით იცავდა თვინიერ საქონელს ოჩანი ან მფრთხალი თანამოძმეებისგან (განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეულ ძროხებს რქებს ფრთხილად მოვუწვავდით ხოლმე). ყველაზე თავნება ძროხებსაც კი არ ეპუებოდა. ხელით სინჯავდა ისეთებს, რომელთაც წამოდგომა არ შეეძლოთ,  ყურებს, თვალებსა და ენებს უთვალიერებდა, ამოწმებდა ნაკელს – მის ფერს, ზომასა და კონსისტენციას და მხოლოდ ამის მერე გადაწყვეტდა, რომელი წამალი უნდა მიეცა ძროხებისთვის. რომელ ძროხებსაც სისუსტის გამო  კრაალიდან გასვლა და ძოვა არ შეეძლოთ, მათ კრაალში ტოვებდნენ და თივითა და ახალმოთიბული ბალახით კვებავდნენ.

– კარეკეზი, – მითხრა მამამ, – ინტამატის მიხედე.

მაშინვე ინტამატისკენ გავეშურე. ამ ჯიშის ძროხებს „იზინეს“ ვეძახდით. მბზინვარე შავი ბეწვი ჰქონდა. როგორც ჩანს, მამაჩემმა ამ ხბოს მოვლა იმიტომ დამავალა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის მთელ ნახირს თან გაიყოლიებდა. ალბათ, მამას იმედი ჰქონდა, რომ ინტამატი იღბალს მომიტანდა. ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი: კისერზე ვეფერებოდი და ვჩურჩულებდი: „ინტამატი, ინტამატი!“ შემდეგ ნამიანი ბალახით ფრთხილად ვუწმენდდი ბეწვს იქ, სადაც სხვა ძროხებს მისთვის ტალახი შეეშხეფებინათ; იმდენ ხანს ვწმენდდი, სანამ ბეწვი აბრეშუმივით მბზინვარე გაუხდებოდა. სანაცვლოდ, ინტამატი უხვად შარდავდა. მამაჩემი სწორედ ამას ელოდა. ყოველთვის ღელავდა, როდესაც ძროხა დიდხანს არ შარდავდა. ძროხის კუდს მაღლა სწევდა და წინ იხრებოდა – არ ეშინოდა, რომ შარდის წვეთებით ტანსაცმელი დაუსველდებოდა. გაცინებას ვერავინ ბედავდა. ძროხის ურინა – „ამაგანგა“- ძლიერმოქმედ წამლად ითვლებოდა. ძროხის დილანდელ შარდს ვასმევდით ბავშვებს, რომელთა გაბერილი მუცლები მოწმობდა, რომ ჭიები ჰყავდათ.

ჩემი ერთ-ერთი ძმა ხსნიდა მსხვილი ტოტებისგან ოსტატურად დაწნულ დიდი კრაალის კარს, დანარჩენებს კი, მამაჩემის ბრძანებით, ნახირი შემოჰყავდათ. მცირე კრაალთან ბამბუკის ორი ჭოკი იყო ჩარჭობილი და ძროხებს მათ შორის უნდა გაევლოთ. ინტამატის გვერდით მივყვებოდი, რადგან მასზე პასუხს ვაგებდი. თვალს ვადევნებდი, რომ სხვა ძროხებს არ ერქინათ. დანარჩენს რაც შეეხება, ინტამატიმ ისევე კარგად იცოდა გზა, როგორც – მე. ვტკბებოდი მისი მსუბუქი მოძრაობებით, ლამაზად დაგრეხილი რქებით, მეოცნებე ფართო თვალებით. ინტამატი… ჩემი სიამაყე და სიხარული …

მცირე კრაალში, ძროხებისგან რამდენიმე ფუტის მანძილზე, სველი ბალახისგან უზარმაზარ კოცონს ვანთებდით; მისი სქელი კვამლი აფრთხობდა ბუზებს, რომლებსაც შეიძლებოდა გაეწამებინათ საქონელი. ახლა უნდა მოგვეშორებინა ძროხების ყურებთან და თვალებთან, ასევე – კუდებქვეშ ჩამჯდარი ტკიპები და დაგვეთვალიერებინა მათი ჩლიქები და ამოგვეღო მათში ჩარჭობილი კენჭები ან ეკლები. ნაკაწრებზე მამაჩემი ბანანის ხის ტოტის ლაფნისგან დამზადებულ მალამოს უსვამდა. ო, როგორ სიამოვნებას გვანიჭებდა ძროხების ბეწვის წმენდა, მათთვის ალერსიანი სიტყვების ჩურჩული.

შემდეგ ნახირი მცირე კრაალიდან ანეულზე გამოგვყავდა, სადაც ძროხები ნამიან ბალახს ძოვდნენ.

როდესაც მზე მაღლა ადიოდა ცაზე, მაგრამ დილის სიგრილე ჯერ კიდევ იგრძნობოდა, დგებოდა წველის დრო – აგასუსურუკო.

დედაჩემი და ჩემი დები გვიერთდებოდნენ და ხის ვედროები მოჰქონდათ. ამ ვედროებს ცეცხლოვანი ხეებისგან თლიდნენ, რომელთა წითელი ყვავილების ჩრდილები კრაალებს ეფინებოდა. უმცროსი გოგონები ცეცხლთან სხდებოდნენ საკუთარი პატარა – საგანგებოდ მათთვის გამოთლილი – ვედროებით.

შემდეგ იწყებოდა წველა. ეს იყო საზეიმო მომენტი ყველასთვის, ერთგვარი რიტუალი. ცოტათი ღვთისმსახურებას წააგავდა – რომელსაც ყოველდღე ვესწრები ახლა, როდესაც ძროხები აღარ მყავს – და ამ დროს მამაჩემი მღვდლის როლს ასრულებდა. ძროხებს ერთიმეორის მიყოლებით იძახებდა. მაგალითად, „სონგა! სონგა!“ და სონგა ზანტად მიდიოდა მასთან. მამა იმეორებდა ძროხის სახელს, ეფერებოდა, ეუბნებოდა: „ჩემო კარგო, ჩემო საყვარელო!“. შემდეგ სონგას ხბო ბოსლიდან გამოგვყავდა და მცირე კრაალში შეგვყავდა. ვინაიდან ხბოს დაბადებისთანავე სახელს ვარქმევდით, ახლა მივმართავდით: „რუტამუ! რუტამუ! “ ხბოს შეკავება ძნელი იყო. როგორც კი ხელს ვუშვებდით, დედასთან მირბოდა და ცურს ხარბად წოვდა. როდესაც დრუნჩზე თეთრი ქაფი მოედებოდა, საწყალ ხბოს დედას ვაშორებდით და ძროხის ცურს ვედროს შევუდგამდით ხოლმე. ჩემი ძმა მთელი ძალ-ღონით იჭერდა ნახევრად დანაყრებულ ხბოს. მას ლელქაშს და ლობიოს ვთავაზობდით. წველის დასრულების შემდეგ ხბო დედას უბრუნდებოდა და დარჩენილ რძეს წოვდა.

მამაჩემს ხის ვედრო მუხლებს შორის ედგა. დაოსტატებული მწველავი იყო. კარგ მწველავს რძის ჩხრიალის თანაბარი რიტმით იცნობდით. როგორ მენატრებოდა ეს ხმა ნიამატაში!

თავდაპირველად იმ ძროხას ვწველიდით, რომელსაც ახალდაბადებული ხბო ჰყავდა. ასეთი ძროხა ყველაზე მეტ რძეს იძლეოდა – ტკბილ, ცხიმიან რძეს. ვედროებში სწრაფად ვასხამდით და მაშინვე ვასმევდით პატარა ბავშვებს. მაგრამ ასეთ საუკეთესო რძეს წველის ძველებური წესით ვერ მიიღებდით. კი არ უნდა ჩაგემუხლათ, არამედ უნდა დამჯდარიყავით და ფეხები და წელი გაგემართათ. ამგვარ პოზაში მოწველილ რძეს დედაჩემი ბავშვებს ასმევდა და ჩურჩულებდა: „აკირა ამატა! ნიაკუგირა ამატა“ („აი თქვენი რძე! დაე, ყოველთვის გქონდეთ რძე!)!“ ბავშვებს ძროხისადმი მოწიწების ნიშნად რძით სავსე პაწია ვედროები ორივე ხელით უნდა დაეჭირათ. მღვდლებს ჰგავდნენ, ბარძიმები რომ უკავიათ ხოლმე ეკლესიაში. ჩვენთვის რძე მართლაც მაცოცხლებელი სითხე იყო. ბავშვები მას სულმოუთქმელად სვამდნენ. დედები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რძე ბავშვებს ყოველგვარი დაავადებისგან იცავდა. როდესაც მათ ლოყები და ცხვირები რძის ქაფით ესვრებოდათ, ცურის მწოველ ხბოებს ემსგავსებოდნენ. ცარიელ ვედროებს ბავშვები დედაჩემს უბრუნებდნენ. თვალები სიამოვნებისგან უბრწყინავდათ.

დედას და ჩემს დებს რძით სავსე ვედროები დიდ ქოხში მიჰქონდათ და საპატიო ადგილას დგამდნენ ურუჰიმბიზე – ერთგვარ თაროზე, რომელიც სახლის მომრგვალებულ კედელზე იყო მიშენებული. უამრავი ხაფანგი იცავდა რძეს ვირთხებისგან, რადგან თუ ვირთხა რძეში ჩავარდებოდა, რძის წახდენით მიყენებული ზარალი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წყევლა, რომელიც აუცილებლად თავს დაატყდებოდა ოჯახს. ურუჰიმბი თითქოს საკურთხეველი იყო, ხოლო დიდი რძის ვედროები, რომლებსაც წვეტიანი ხუფები ეხურათ, ისევე გვიცავდნენ, როგორც – წმინდანთა ქანდაკებები ეკლესიაში. რისი უნდა გვშინებოდა? რძე – ჩვენი სიცოცხლის წყარო – ბლომად გვქონდა.

თუკი მამაკაცი ძროხებს უვლის, ქალი რძეს განაგებს. სანამ პატარა ვიყავი და ჩემს ძმებს საქონლის მოვლაში ვერ ვეხმარებოდი, დედაჩემის ყოველდღიურ საქმიანობას ვაკვირდებოდი. დილის ახალმოწველილ რძეს, რომელსაც ჩვენ არ სვამდით, ის დიდ, ფართოყელიან ქვაბში ასხამდა. ურუჰიმბიზე რამდენიმე ასეთი რძიანი ქვაბი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა. დედა ხის პატარა კოვზით ნაღებს იღებდა და ნელ-ნელა ავსებდა პატარა შავ ქოთანს – „აკაბიას“ . საკმარისი რაოდენობის ნაღების დაგროვების შემდეგ დედა ფრთხილად და მოწიწებით იღებდა სადღვებელს ცხაურიდან, რომელიც ჰამაკივით იყო გადაჭიმული ურუჰიმბის თავზე. ის ბოთლისებრი გოგრისგან იყო დამზადებული და მზის სხივებში უფრო მეტად ბრწყინავდა, ვიდრე – ეკლესიაში სანაწილე. ყოველი გოგრა როდი გამოდგებოდა სადღვებლად. მხოლოდ ცოტაოდენ მათგანს ჰქონდა სათანადო თვისებები. დედაჩემის თქმით, სადღვებლად ვარგის გოგრას ქალწულის თეძოები და გვირგვინოსანი წეროს ყელი უნდა ჰქონოდა და ბავშვის კანივით გლუვი უნდა ყოფილიყო. წყლით ასეთი გოგრის წაბილწვა არ შეიძლებოდა და ისევე, როგორც ძროხებს, მას „იშინგეთი“ – რბილი ბალახით (რომელსაც ქალიშვილები სთავაზობდნენ ხოლმე პატივსაცემ სტუმრებს) ამშრალებდნენ. გოგრა მასშივე წარმოქმნილი ცხიმისგან პრიალებდა. წელში გამართული დედაჩემი ჯდებოდა ტიხართან, რომელიც ეფარებოდა ჩემი მშობლების დიდ საწოლს, წელში იმართებოდა და ფეხებზე სადღვებელს იდებდა, შემდეგ აქეთ-აქით აქანავებდა, ისე, როგორც ჩვილ ბავშვს აქანავებენ ხოლმე. მე და ჩემი პატარა დები მონუსხულებივით ვაკვირდებოდით სადღვებლის მოქანავე მუცელს და გვაინტერესებდა, გამოვიდოდა თუ არა სადღვებლიდან, კარაქთან ერთად, საბრალო ობოლი, რომელიც, დედაჩემის მონათხრობი ზღაპრების თანახმად, იქ ბოროტ დედინაცვალს გამოემწყვდია.

მოწველის შემდეგ ძროხები საძოვარზე გაგვყავდა. იმხანად რუანდაში ქოხები და ყანები შორიშორს იყო მიმოფანტული და ძროხებს უამრავი საბალახო ადგილი ჰქონდათ. ზოგჯერ მამაჩემი მოგვყვებოდა ხოლმე, მაგრამ უმეტესად ის ჩემს უფროს ძმას ანდობდა ნახირის მწყემსვას, რადგან თვითონ უამრავი სხვა საქმე ჰქონდა. ბრძენი კაცი იყო. ერთგვარი ცოცხალი „ისტორია“ იყო იმ ოჯახებისა, რომლებიც ჩვენს მიწაზე ცხოვრობდნენ. იცოდა მათი წარმომავლობა, ნათესაური კავშირები; იცოდა, ვინ იყვნენ მათი მტრები. ვინ არ მოდიოდა მასთან რჩევის საკითხავად. ყოველგვარ კონფლიქტს ადვილად განმუხტავდა ხოლმე მარჯვედ შერჩეული ანდაზის მეშვეობით. ჩვენი ტომის მამაკაცები სხდებოდნენ მაღალი ფიკუსის ხის ჩრდილში, ბალახში, რომელსაც „აგაკაკას“ უწოდებდნენ, და ჰყვებოდნენ ახალ ამბებს, რომლებიც ქალაქ ნიანზაში და მეფის სასახლეში მომხდარიყო ან მსჯელობდნენ თეთრკანიანთა უახლესი ტაქტიკის შესახებ, რომელიც რუანდელებისა და მათი საქონლის კიდევ უფრო მეტად შევიწროებას ისახავდა მიზნად. რაც მთავარია, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, რათა დაედგინათ თითოეული მათგანის კუთვნილი საძოვრის საზღვრები (რაც ხშირად დაუსრულებელ კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე) და, ასევე, თანმიმდევრობა, რომლითაც თითოეული ნახირი წყლის სასმელად უნდა მიეყვანათ, რათა თავიდან აეცილებინათ დავა და ჭიდილი ცხოველთა ან მესაქონლეთა შორის.

არ შეიძლებოდა, რომ ოჯახის უფროსს დროის უმეტესი ნაწილი კრაალში ცოლთან ერთად გაეტარებინა. ყოველ შემთხვევაში, დედაჩემი ამის წინააღმდეგი იყო – იცოდა, რომ მეზობლები დასცინებდნენ და ზურგსუკან გაჭორავდნენ, ქმარი კი არა, ძაღლია, სახლ-კარს არ სცილდებაო. მამაკაცის დანიშნულებაა ოჯახის ინტერესების დაცვა სახლს გარეთ, თითქმის ისევე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი იცავს უცხოეთში თავისი ქვეყნის ინტერესებს. ისეთი თვალსაჩინო პიროვნება, როგორიც მამაჩემი იყო, ხშირად უნდა ხლებოდა ბელადს, მის წვეულებებში მიეღო მონაწილეობა, მოესმინა, რასაც ბელადის სტუმრები ლაპარაკობდნენ ლუდის სმისას; ასევე, უნდა შეეთავაზებინა ან გაეცვალა ძროხები. მაგრამ როგორც კი დროს მოიხელთებდა, თავის ნახირს უბრუნდებოდა.

საძოვრები გადაჭიმული იყო ციცაბო ფერდობის გასწვრივ, სადაც კრაალის აგება გაჭირდებოდა. ბალახიანი მინდვრები ქვეყანაში ცოტა იყო და მხოლოდ პრივილეგირებული მესაქონლეებისთვის იყო განკუთვნილი. წვიმების სეზონის დროსდა ხომ იცით, როგორ ჭიანურდება ეს სეზონი რუანდაშიმწყემსები ისინდეს“ აფარებდნენ თავს. ეს იყო ერთგვარი ინდივიდუალური თავშესაფარი, რომელიც, კაპიუშონის მსგავსად, შეგეძლოთ ან გეტარებინათ. ბანანის გამხმარი ფოთლებისგან დაწნული ისინდე მძიმე როდი იყო. მას კლდის ქვეშ გათხრილ ორმოში ვინახავდით, ისევე, როგორც კომბლებს, მშვილდისრებს და სალამურებს. იქვე ვდებდით საკვების მწირ დღიურ ულუფას.

ჩვენს მოპირდაპირე ბორცვზე, ჭაობის თავზე, სხვა მესაქონლეები სხვა ნახირებს აძოვებდნენ. მწყემსებს ერთმანეთის ლანძღვა სჩვეოდათ. თავიანთ ძროხებს აქებდნენ და მეზობლების საქონელს დასცინოდნენ. ზოგიერთი მათგანი სალამურზე უკრავდა. ისეთ ადგილებზე სხდებოდნენ, საიდანაც მათი ლანძღვა-გინების, ტრაბახისა და მელოდიების ექო გაისმოდა, მაგრამ არასოდეს აცილებდნენ თვალს ნახირს. ფრთხილობდნენ, რომ ძროხები ახლოს არ მისულიყვნენ ციცაბო ფერდობებთან და არ ეძოვათ შხამიანი მცენარეები. ინტამატის ყოველთვის უკან მივდევდი. დედაჩემმა ბანანის შავ-ყვითელი ფოთლებისგან დაწნული ტომსიკა მომცა, რომელშიც ინტამატის ლამაზი, მომწვანო ნაკელი უნდა შემეგროვებინა. „ზუსტად ისეთია, როგორიც მჭირდება დიდი კალათების ფსკერზე ჩასაფენად. ხომ იცი, ამ კალათებში სორგოს და მრავალძარღვას ვინახავ“. ტომსიკას გულმოდგინედ ვავსებდი და მზეს ვარიდებდი.

როდესაც მზე ზენიტს მიაღწევდა, ერთ-ერთ მწყემსს ხბოები ბოსელში შეჰყავდა. საწყლებს წოვა არ შეეძლოთ, რადგან დედებს ცურებზე თეთრი თიხა ჰქონდათ წასმული. ცხელოდა. ფხიზლად უნდა ვყოფილიყავი, რომ წყურვილის მოსაკლავად ძროხები ჭაობთან არ ჩასულიყვნენ. უნდა დაეცადათ, სანამ მწყემსი დასარწყულებლად წაიყვანდა.

ჩვენს ბორცვებზე მცხოვრები მესაქონლეები ძროხებს ჭაობების ბინძურ წყალს არიდებდნენ. საქონლისთვის ხის ვედროებით წყაროს წყალი მოგვქონდა და გამომწვარი ალიზის ვარცლებში ვასხამდით.

მოპირდაპირე ბორცვებზე მცხოვრებ მესაქონლეებს შურდათ, რომ ასეთი სასწაულთმოქმედი წყარო გვქონდა. ამიტომ გამუდმებით თვალს ვადევნებდით წყაროსაც და ვარცლებსაც, რომ უცხო მწყემსებს არ წაებილწათ. როგორც კი ბოროტი ზრახვებით უახლოვდებოდა ვინმე, მაშინვე განგაშს ვტეხდით. მწყემსები შუბებს და კომბლებს იმარჯვებდნენ მიმტაცებელთა გასადევნად. ამ წყაროს წყლის ადუღება ან საკვების მოსამზადებლად გამოყენება იკრძალებოდა. ის გვიცავდა დაავადებებისა და ბოროტი გრძნებისგან. არა მგონია, რომ წყლიანი პატარა ბოთლი, რომელიც ლურდში მღვდლებმა მომცეს, ისეთივე ძლიერმოქმედი ყოფილიყო.

წყურვილის მოკვლის შემდეგ ძროხები ისვენებდნენ და ზანტად იცოხნებოდნენ ჩრდილოვან ტყეში ან მზის ქვეშ, ფერდობზე. რა უნდა იყოს უფრო სასიამოვნო მწყემსებისთვის, ვიდრე ის დრო, როდესაც კომბალს მხრებზე გადაიდებდნენ, ისვენებდნენ და სიამოვნებით ათვალიერებდნენ თავიანთ ნახირს.

დაბინდებისას ძროხები კრაალში ბრუნდებოდნენ. ყოველ საღამოს ზეიმი იმართებოდა – მწყემსები ცეკვავდნენ და მღეროდნენ ძროხების საპატივცემულოდ, ხოტბას ასხამდნენ ნახირის წინამძღოლს. ხანდახან საქონელი ყველა კრაალიდან გამოგვყავდა და მათი საზეიმო მსვლელობა – ერთგვარი აღლუმი – იმართებოდა. ბავშვები ტაშს უკრავდნენ, ქალები კი სიხარულისგან ტიროდნენ. ეს ზოგჯერ დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ რა მშვენიერი სანახაობა იყო რქების ტყე! ჩვენს ბორცვებზე მცხოვრები ადამიანები ამ სანახაობით ვერ ძღებოდნენ.

კრაალში დაბრუნებულ მწყემსებს შიოდათ, მაგრამ თავდაპირველად (დილის რიტუალის მსგავსად) ძროხები უნდა მოეწველათ. შემდეგ შევდიოდით დიდ კრაალში, სადაც სველი ბალახის კოცონი გიზგიზებდა და ჰაერი კვამლით იყო გაჟღენთილი. ძროხები წვებოდნენ რბილ საგებელზე და თითოეულ მათგანს ბალახის მწვანე კონებით ვასუფთავებდით. მწყემსები ქოხის კართან იდგნენ ხოლმე. ზოგჯერ დედაჩემს ხის თეფშით მოჰქონდა „იბირუნგე“ – ზეთიანი ლობიო. მწყემსებისთვის ყოველთვის გვქონდა შენახული ერთი ვედრო დო – „იკივუგუტო“ – რომელიც მათ დაღლილობას ავიწყებდა და ახალი ენერგიით ავსებდა. ამ დროს უკვე მეძინა ხოლმე. ქოხის შესასვლელთან, ახალდაბადებულ ხბოსთან ერთად, ჭილოფზე ვიწექი და საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ მომდევნო დილას, სანამ მამას და ჩემს ძმებს გაეღვიძებოდათ, პირველი დავიწყებდი ძროხების მოვლას.

ნიამატაში მამაჩემი ყოველდღე ესწრებოდა მესას. იმ დღეებში, როდესაც სკოლაში არ დავდიოდი, ეკლესიიდან შინ დაბრუნებული მამაჩემი – მას კალისას ეძახდნენ – მეუბნებოდა: „კარეკეზი, ახლა უკვე მამაკაცი ხარ. დროა, ისწავლო ძროხების მოვლა“. რა თქმა უნდა, ნიამატაში ძროხები არ იყო – ყოველ შემთხვევაში, აქ გადმოსახლებულ ტუტსის ტომელებს ნახირები არ ჰყავდათ. მაგრამ მამაჩემი მთელი დღეების განმავლობაში მწყემსავდა მოლანდებულ ძროხებს მეხსიერებისა და სინანულის მინდვრებზე.

„შეხედე“, – ამბობდა ის, როდესაც ჩავუვლიდით ხოლმე მაღალ ბანანის ხეებს, რომლებსაც დედა უვლიდა (ბანანები ბავშვებს ძალიან გვიყვარდა) – „შეხედე, საბრალო დედათქვენი ისე უვლის ამ ბანანის ხეებს, თითქოს ჩვენი ხბოები იყვნენ. ღმერთო ჩემო! ლობიოს წვენს უსხამს და ნეშომპალას უყრის – ისე იქცევა, თითქოს ჯერ კიდევ ჰყავდეს ძროხები, მაგრამ ახლა მხოლოდ ბანანის ხეების მოვლა შეუძლია“.

ნიამატაში მამაჩემი ქათქათა თეთრ პაგნეს[1] ატარებდა. ძველ მოკლე შარვალსა და პერანგს მხოლოდ მაშინ იცვამდა, როდესაც „შავ“ სამუშაოს ასრულებდა, მაგალითად, ძირხვენებს ასუფთავებდა ან ნერგებს რგავდა. ჩვენ, ტუტსის ტომელებს, აქ ყავის პლანტაციების გაშენება მოგვიხდა და როდესაც მათ დასათვალიერებლად აგრონომები მოდიოდნენ, მამა თავის პაგნეს იცვამდა, ამაყად ეყრდნობოდა კომბალს, ჰორიზონტს გაჰყურებდა და ყალიონს ეწეოდა, თან ახალგაზრდა სპეციალისტებს ლაპარაკს აცლიდა, ბოლოს კი ეკითხებოდა: „ესე იგი, ვეტერინარები არ ხართ?“

იმ გზაზე დავდიოდით, რომელიც ჩვენს – დევნილთა – სოფელზე გადიოდა. მამაჩემი თითქოს ვერაფერს ხედავდა – ვერც ერთნაირი ქოხების მწკრივს, ვერც ყავის ბუჩქებს თითოეული მათგანის წინ. უკან მივდევდი. მას თითქოს სადღაც ეჩქარებოდა და არც ერთი წუთის დაკარგვა არ სურდა. თუკი თანაკლასელს შევხვდებოდი, მხოლოდ ვესალმებოდი. „იჩქარე“ – მეუბნებოდა მამაჩემი. – „ჟუვენალს ხვალ დაელაპარაკები სკოლის სპორტულ მოედანზე. მინდა, რაღაც გიჩვენო“.

როდესაც ციოჰოჰას ტბიდან მომავალი გოგონები გვხვდებოდნენ, მამაჩემი ბრაზობდა: „შეხე, რა დღეში ჩაგვაგდეს! ამ გოგონებს წყალი ბოთლისებრი გოგრებით მოაქვთ. შინ, რუანდაში, ასეთ გოგრებს მხოლოდ სადღვებლად ვიყენებდით, მასში წყალს არასოდეს ვასხამდით! რა სამარცხვინოა! ვიცი, ვიცი, როგორ იქცევა დედაშენი, მაგრამ თვით რუგანზუ ნდორის წყალიც კი ვერ შეედრება ჩვენი ძროხების რძეს“.

მართლაც, დედა გვასმევდა რვაკიბირიზის წყაროს წყალს, რომელმაც, მითის თანახმად, მიწიდან ამოხეთქა მას შემდეგ, რაც აქ მეფე რუგანზუ ნდორიმ მიწას შუბი დაარტყა. დედას იმედი ჰქონდა, რომ ამ წყაროს წყალს ისეთივე მაცოცხლებელი ძალა ექნებოდა, როგორც – რძეს. ამიტომ ისეთივე რიტუალი უნდა შეგვესრულებინა: გამართულად დავმსხდარიყავით, ფეხები წინ გაგვეჭიმა და ერთბაშად დაგველია წყალი. მამას აზრით, დედაჩემის ქცევა მკრეხელობა იყო. „ეს იგივეა, რომ ჩვენმა მღვდლებმა თავიანთ ბარძიმებში ლუდი ჩაასხან“, – ამბობდა ის, მაგრამ ამ მკრეხელობის ჩადენის უფლებას მაინც აძლევდა დედას. მართლაც, სად უნდა ეშოვა ჩვენთვის რძე? გარდა ამისა, მამა მადლიერი იყო, რომ დედას არასოდეს წაუბილწავს გოგრები და არ გამოუყენებია ისინი ციოჰოჰას ტბიდან წყლის მოსატანად. ამის ნაცვლად დედა მათ თაროზე აწყობდა და მხოლოდ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მიანდო ადამიანს, რომელსაც რვაკიბირიზის მდინარიდან წყალი უნდა მოეტანა ჩვენთვის. ღვთის რისხვა ეწეოდა მეთულუხჩეს, რომელიც წმინდა გოგრას დაამტვრევდა: ამგვარ ტლანქ საქციელს შეიძლება საშინელი უბედურება გამოეწვია. უბედურების თავიდან ასაცილებლად დედაჩემი ლოცულობდა, რათა სწრაფად განედევნა ბოროტი სულები, შემდეგ კი ჩვენი ოჯახის წევრებს, ჩვენს სახლსა და მიმდებარე ადგილებს ნაკურთხ წყალს ასხურებდა.

სოფლის ერთადერთი გზა ქოხების გასწვრივ გადიოდა. მამაჩემი თვალს არიდებდა ხოლმე იმ ქოხს, რომელიც ეკუთვნოდა ნიკოდიმეს, სოფლის პარიას, რათა არ ეხილა ამ უკანასკნელის შეუსაბამო ქცევა ყოველ დილა-საღამოს. ნიკოდიმე თავდაპირველად თავის ძროხებს მისტიროდა, ახლა კი თხები ჰყავდა. ამ თხების მოსაპოვებლად ნიკოდიმე დაუმეგობრდა ლეონ მუგესერას[2] ახლობელს, ვინმე სეკაგანდას და შეძლო დაერწმუნებინა ის, რომ საერთო წარმომავლობა ჰქონდათ. სეკაგანდა იმდენად ამაყობდა თავისი წარმომავლობით, რომ ნიკოდიმეს ორი ულამაზესი თხა აჩუქა. ყოველ დილა-საღამოს ნიკოდიმე ამ თხებს წველიდა. რა არის თხების წველაზე უფრო სამარცხვინო? ნიკოდიმე საერთო უბედურებამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. ამის შემდეგ მას მხოლოდ „სეჰენეს“, ანუ ვაცს ვეძახდით (რა თქმა უნდა, ისე, რომ ნიკოდიმეს არ გაეგონა). გარდა ამისა ნიკოდიმე თავისი თხების რძეს გამომშრალ გოგრაში – კალაბასში ინახავდა, რის გამოც ყველამ აითვალწუნა და „კალაბასის იგიკორვა“ – ხელშეუხებელი – დაარქვა. დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ეს წყეული კალაბასი უბედურებას მოუტანდა ყველა ძროხას – იმათ, რომლებიც აღარ გვყავდა და, აგრეთვე, იმათ, რომლებიც შეიძლება ოდესმე გვყოლოდა. ზოგიერთი ჩვენგანი იმასაც აპირებდა, რომ ერთ საღამოს წასულიყო და ეს ავბედითი კალაბასი დაემტვრია, მაგრამ ბოროტმოქმედების ჩადენა ვერავინ გაბედა, რადგან კალაბასს შეიძლებოდა შური ეძია და დაეწყევლა კადნიერი ადამიანი. და ვინ შეეხებოდა იგიკორვას, ხელშეუხებელს?

ზოგიერთი ქალი – და მათ შორის დედაჩემი – იცავდა ნიკოდიმეს. მისი მცირეწლოვანი შვილი გამუდმებით ავადმყოფობდა. სწორედ ამ ბიჭის გამო წამოიყვანა თხები და წველიდა მათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს სამარცხვინო იყო. ნიამატას კლინიკაში ნიკოდიმეს უთხრეს, თხის რძე ბავშვებისთვის სასარგებლოაო. ამან ჩვენი მამაკაცები დააფიქრა: ვაითუ ჩვენმა ცოლებმა თხები შეიძინონ, თუკი შვილები ავად გაუხდებათო. მათ თავი დაანებეს ნიკოდიმეს და მის თხებს, მაგრამ აგრძნობინეს, რომ თხებს თავისუფლად არ უნდა ეხეტიალათ მინდვრებში. სხვა შემთხვევაში საბოლოოდ მოგიძულებთო, დაემუქრნენ.

ციოჰოჰას ტბისკენ მიმავალი გზიდან რუკორერას მიტოვებული ნაკვეთი მოჩანდა. ამ ნაკვეთზე ყავის ბუჩქებს ვერ ნახავდით, მაგრამ ძველისძველი წნული ღობის მიღმა დიდი კრაალი იყო. რუკორერა! დევნილი ტუტსი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰყავდა ძროხები! ის, ვინც ცოტა ხნით მაინც შემოიტანა სიხარული ჩვენს სოფელში! რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ნახირი არ იყო. რუკორერას ეკუთვნოდა. მაგრამ ვიცოდით, რომ ძროხები აქვე იყვნენ, მათი სუნი და თვით რძის სურნელიც ჰაერში ტრიალებდა, ხოლო ახალი ნაკელი გზაზე ეყარა. ამიტომ ასე გვეგონა, თითქოს რუანდის მცირე ნაწილი დაგვიბრუნდა, რათა ნუგეში ეცა ჩვენთვის – დევნილებისთვის.

ვერავინ შეძლო იმ დღის დავიწყება, როდესაც ჩვენს სოფელში რუკორერა მოვიდა. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო. გაგვაღვიძა ნაცნობმა ხმაურმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ გაგვეგონა, მაგრამ ვყოყმანობდით, გავსულიყავით თუ არა გარეთ. იქნებ, ავი სული დაგვეუფლა სიზმარშიო, ვფიქრობდით. იქნებ, ჩვენი (რა თქმა უნდა, უკვე მოკლული) ძროხების აჩრდილები გვდევნიდნენ? ან, იქნებ, ჯარისკაცები მოვიდნენ, რათა დაეცინათ საბრალო ტუტსის ტომელებისთვის? „არ გახვიდე“ – უთხრა დედაჩემმა კალისას. „ალბათ, ეს, უბრალოდ, კამეჩების ფეხის ხმა ან ჯარისკაცთა ჩექმების ხმაურია“.

ბოლოს ქუჩაში გამოსვლა გავბედეთ და ყავის ბუჩქებქვეშ ფრთხილად გავძვერით გზის პირამდე. ახლა დარწმუნებულნი ვიყავით, რომ ძროხების ბღავილი, მათი ჩლიქების ხმა და მწყემსების შეძახილები გვესმოდა. იმ სახელებს გაჰყვიროდნენ, რომლებსაც მხოლოდ ძროხებს არქმევენ. ძროხები დაბრუნდნენ!

მამაკაცები, რომლებსაც მალე ქალები და ბავშვები შეუერთდნენ, გაემართნენ იქითკენ, საიდანაც ეს არაჩვეულებრივი ხმები ისმოდა. სოფლის გარეთ მიწის რამდენიმე დაუსახლებელი ნაკვეთი იყო, სადაც ამ დილას, მზის ოქროსფერ სხივებში ნამდვილი ძროხები ძოვდნენ. ოთხი ახალგაზრდა კაცი ჩინჩხვარს აგროვებდა. მტვრიან პაგნეში გახვეული კიდევ ერთი კაცი კომბალს ეყრდნობოდა. იქვე ქალს გაეშალა თავისი ჭილოფი, რომლითაც, ალბათ, თავისი ოჯახის მთელი ავლა-დიდება მოჰქონდა. მის გვერდით, წნული ბალახის ნეჭაზე, პატარა გოგონას ეძინა.

გაოგნებული სოფლელები გზის პირას შექუჩდნენ. მამაკაცი, რომელიც, როგორც ჩანს, ოჯახის უფროსი იყო, მოგვიახლოვდა: „რუკორერა მქვია. თქვენსავით კიბირიზიდან ვარ. შორი გზა გამოვიარეთ. ჩემს ძროხებს სწყურიათ. წყალს ხომ არ დაალევინებთ?“

რა თქმა უნდა, დავალევინეთ. რუკორერამ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. ჭეშმარიტი ტუტსი იყო: უპირველეს ყოვლისა, თავის ძროხებზე ზრუნავდა.

სოფლის ყველა ბავშვს სხვადასხვანაირი ჭურჭლით რვაკიბირიზის წყაროდან ძროხებისთვის წყალი მოჰქონდა, რადგან მათ წვიმის წყალს ვერ შევთავაზებდით.

ამიტომ რუკორერამ გადაწყვიტა, ჩვენს სოფელში დასახლებულიყო თავის ძროხებთან ერთად.

– ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ხომ ერთმანეთისა გვესმის. – თქვა რუკორერამ. – ყველას გვიყვარს ძროხები.

რუკორერამ გვიამბო, რომ მასობრივი სისხლისღვრების დროს, 1962 წელს, მისი კრაალი გადარჩა. არავინ იცოდა რატომ მოხდა ასე, მაგრამ დამსჯელთა მხრივ ეს აშკარა დაუდევრობა იყო, რომელსაც, ალბათ, მალე გამოასწორებდნენ. ამიტომ რუკორერამ ამჯობინა, თავის ოჯახითა და ნახირით გასცლოდა იქაურობას, სანამ მკვლელები თავიანთი საქმის დასასრულებლად მოვიდოდნენ. მან თავი შეაფარა დიდ ჭაობებს, რომლებიც ბურუნდისა და რუანდას შორისაა გადაჭიმული. რუკორერა და მისი ოჯახი ნადირობისა და ძროხების რძის წყალობით გადაურჩნენ დაღუპვას. როდესაც წვიმების სეზონი დაიწყო, ისინი ჭაობებს გაეცალნენ. რუკორერას გაგონილი ჰქონდა, რომ ბევრი ტუტსი ნიამატაში გადაასახლეს, და გაიფიქრა, მათთან ვიპოვი თავშესაფარს ჩემი ოჯახისა და ძროხებისთვისო.

მთელმა სოფელმა სიხარულით მიიღო რუკორერა და, განსაკუთრებით, მისი ძროხები. ჩვენი დახმარებით მან ააგო ქოხი თავისი ცოლისა და პატარა გოგონასთვის, მეორე ქოხი – ოთხი ვაჟიშვილისთვის და ბოსელი – ძროხებისთვის. მთელი სოფელი ეხმარებოდა ღობის დაწვნაში. როდესაც მივხვდით, რომ მას ქრისტიანული სახელი არ ერქვა და მონათლული არ იყო, არავის შეუქცევია ზურგი, თვით ჩემს ღვთისმოსავ მამასაც კი. პირიქით, მოგვწონდა გმირული სახელები, რომლებიც რუკორერამ დაარქვა თავის გოლიათ ვაჟიშვილებს – ეს იყო ეპიკური პოემების პერსონაჟების, სახელგანთქმული ძველი მეომრების სახელები: იმპანგაზამურეგო, რომელიც მძლავრი მშვილდ-ისრით იყო შეიარაღებული; რუგერამიბუნგო, რომელსაც სახელოვანი მიზანი ჰქონდა; რუტირუკაიიმპუნზი, რომელიც უკან არასოდეს იხევდა; და რვასაბაჰიზი, დამპყრობთა მძლეველი.

სოფლელებმა კვლავ იგრძნეს, რომ ძროხების რიტმში ცხოვრობდნენ. დილაობით რუკორერას კრაალთან მივდიოდით, რათა გვენახა, როგორ დგებოდა საწოლიდან და წველიდა მათ. ო, როგორ მოგვწონდა ცეცხლის კვამლი, რომელსაც ბუზები უფრთხოდნენ. ქალები რუკორერას სთხოვდნენ ძროხების თბილ ურინას – ჭიების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ნიამატაში არ იშოვებოდა – და დაუყოვნებლივ ასმევდნენ ბავშვებს. ნახირს უკან მივყვებოდით ხოლმე და ვკამათობდით იმაზე, თუ ვის უნდა შეეგროვებინა ახალი ნაკელი. ბავშვები ერთმანეთს მუჯლუგუნებს კრავდნენ, რომ შეხებოდნენ ძროხებს, რომელთა შესახებ მშობლები ამდენს უამბობდნენ და რომლებიც აქამდე არ ენახათ. ბუნებრივია, რუკორერას ყველანი უცვლიდნენ რძეში ტკბილ კარტოფილს, ლობიოს ან ბანანებს. მაგრამ მისი ათი ძროხა მთელი სოფლის მოთხოვნილებებს ვერ დააკმაყოფილებდა. უხუცესებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხმძიმე ქალების, პატარა ბავშვებისა და მოხუცებისთვის უპირატესობა მიენიჭებინათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ამ მკაცრი წესის მიუხედავად, რამდენიმე სურა ლუდის სანაცვლოდ, დამატებით რძეს მივიღებდით. ყველა სთავაზობდა რუკორერას, რომ ძროხები მათ ნაკვეთებზე მიეყვანა, არა მარტო იმისთვის, რომ მიწა გაეპატივებინათ და სანაცვლოდ რძე მიეღოთ, არამედ იმისთვისაც, რომ ძროხების სიახლოვეს ბედნიერებას ვგრძნობდით. დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ძროხები ჩვენს ოჯახებს იღბალს მოუტანდნენ.

საღამოს წველისას ყველაზე მრავალრიცხოვანი ბრბო გროვდებოდა, განსაკუთრებით – ქალები და ბავშვები. ახალგაზრდებს სურდათ, ახლოს მისულიყვნენ და ძროხების ცურებს შეხებოდნენ, მაგრამ რაკი არავინ ეპატიჟებოდა, თავმოყვარეობის კარნახით თავს შორს იჭერდნენ. რუკორერა და მისი ვაჟები წველის კეთილშობილურ საქმეს არავის უთმობდნენ. კარგი მწველავები იყვნენ, რასაც რძის ჩხრიალის თანაბარი ხმა – შიუ-შიუ-შიუ – მოწმობდა. რუკორერას ცოლი მათ რძის ვედროებს აძლევდა – ეს საგანძური თავიანთი ჭილოფებით წამოეღოთ – და როდესაც ვედრო ივსებოდა, გადასცემდა ამ ვედროს ქალებს, რომლებიც გვერდიგვერდ წელგამართულნი ისხდნენ, როგორც ამას რიტუალი მოითხოვდა. ყოველი ქალი ფრთხილად აწვდიდა რძიან ვედროს თავის მეზობელს, ლოცავდა სიცოცხლის ამ წყაროს, და ოჯახსა და მთელ სოფელს წარმატებასა და ბედნიერებას უსურვებდა. რიგში უკანასკნელი ქალი ვედროს აწვდიდა რუკორერას პატარა ქალიშვილს, რომელსაც ვედრო ქოხში შეჰქონდა. ამის შემდეგ გვიჭირდა ჩვენს ქოხებში დაბრუნება, სადაც ძროხების არავითარი მომჟავო სუნი არ ტრიალებდა.

რუანდას მირაჟი, რომელიც რუკორერამ და მისმა ძროხებმა გააცოცხლეს დევნილთა სოფელში, მალე გაქრა. ერთ დილას ბრბომ, რომელიც აპირებდა ენახა, როგორ მიმდინარეობდა წველა, აღმოაჩნა, რომ რუკორერას კრაალი ცარიელი იყო. ის, თავის ოჯახსა და ძროხებთან ერთად მალულად, ღამით წასულიყო. ჩვენ, დევნილი ტუტსის ტომელები ძალიან შევწუხდით, მაგრამ რუკორერას წასვლა არ გაგვკვირვებია. ვიცოდით, რომ საფრთხის მოახლოებას გრძნობდა, რომ ჯარისკაცები აპირებდნენ, გაენადგურებინათ მისი ნახირი. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ რუკორერა ოჯახთან ერთად საზღვარზე გადასულიყო და თავისი ნახირიანად ბურუნდისთვის შეეფარებინა თავი. იღბლიანი კაცი იყო და თავისი ძროხების გადარჩენა შეძლო.

როდესაც რუკორერას ნაკვეთს გადაჭრიდით, ბილიკი ქრებოდა და ეკალ-ბარდებში უნდა გევლოთ. კალისა თავის კრიალოსანს მარცვლავდა და „ავე მარიას“ ბუტბუტებდა, მაგრამ სხვა რამეზე ფიქრობდა: თავისი კომბლით მიჩვენებდა მცენარეებსა და ბალახს, რომლებიც უნდა შემეგროვებინა. დიდხანს აკვირდებოდა მათ, თავს აკანტურებდა, ფოთოლს ან ღეროს ღეჭავდა: „იცი რა, აქ ძნელია ძროხების გამოკვება. რუანდა ნუ გგონია. ბუგესერას ხალხს უნდა დავეკითხო. მაგრამ, ჩემი აზრით, ბუგესერებმა სულაც არ იციან, როგორ უნდა მოუარონ თავიანთ ძროხებს“.

მამაჩემი აღშფოთებული იყო იმით, თუ როგორ ეპყრობოდნენ ბუგესერები თავიანთ საქონელს. „საწყალი ძროხები“, – წუწუნებდა ის, – „მათ არაფრად აგდებენ და ამიტომ საქონელი სხვადასხვა სენით ავადდება. ბუგესერას რეგიონი დაწყევლილია. ახლა უკვე ვიცი, რატომ ასახლებდა აქ მეფე მეამბოხეებსა და მოღალატეებს: ბუგესერაში სიცოცხლე ინავლება. ალბათ, იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენც ეს ბედი გვეწეოდა. ბუგესერები პატივს არ სცემენ თავიანთ საქონელს: ერთად აძოვებენ თხებსა და ძროხებს, კომბლებით სცემენ და ერთმანეთისგან არ განარჩევენ. ძროხას მისი სახელით უნდა მიმართო, მიეფერო, ეჩურჩულო, შეაქო. ზეიმის დროს უნდა მორთო ყვავილების გირლანდებით და მძივებით. მაგრამ როდესაც ბუგესერები აძოვებენ საქონელს, ეს სამარცხვინო სანახაობაა: მწყემსებს, თეთრკანიანი ბიჭებივით, მოკლე შარვლები და დაფლეთილი პერანგები აცვიათ. ისიც კი არ იციან, როგორ უნდა ჩაიცვან მწყემსის პაგნე. გასაკვირი არაა, რომ ბუგესერების ძროხები ასე მცირე რძეს იძლევიან. ამ ხალხისთვის უცნობია ანდაზა: „შაკა ინკა არიამა ნკაზო“ („კარგი მწყემსი თავის ნახირთან ერთად იძინებს და იღვიძებს“).

კალისა აღიარებდა ბუგესერას ხალხის ერთადერთ დადებით თვისებას: მათ ოსტატურად გაჰყავდათ წყალსადენი ღარები. ყოველთვის ცდილობდა, რომელიმე მათგანის სიახლოვეს ვყოფილიყავით. თავის კრიალოსანს წყალში ასველებდა, ლოცულობდა და ხოტბას ასხამდა როგორც თავის ძროხებს, ისე – ღვთისმშობელს. შემდეგ ბარდებში ვძვრებოდით და დაჭაობებული ნაკვეთისკენ მივემართებოდით. აქ მიწა მშრალი სეზონის დროსაც კი ნამიანი იყო. კალისა კომბალს ეყრდნობოდა და ტბორების უძრავ წყალს დიდხანს ათვალიერებდა. „შესანიშნავი ადგილია ძროხებისთვის“, – ამბობდა ის. – აქ ყოველთვის ბევრი მწვანე ბალახია. წყალიც არის. არავის უთხრა, განსაკუთრებით – დედაშენს. აქ ლობიოსა და ტკბილი კარტოფილის მოყვანას მოინდომებს. ეს ადგილი ჩვენი საქონლისთვისაა. კარეკეზი, ეს ჩვენი საიდუმლო იყოს. როდესაც ძროხები დაგვიბრუნდებიან, სწორედ აქ ვაბალახებ. აქ ბევრი ბალახია. თუმცა, რუანდაში კიდევ უფრო მეტია. გახსოვს ჩვენი ძროხების სახელები? კირეზი, კაგაჟუ, გატარე, მიჰიგო, რუგინა, ნდოტი, რუტამუ… როდესაც ძროხები დაბრუნდებიან, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დროა სამშობლოსკენ, რუანდისკენ გავწიოთ“.

მამაჩემს უჭირდა წამოსვლა ამ საძოვრიდან, სადაც მისი ძროხების აჩრდილები ძოვდნენ. სანამ მოვდიოდით, ჭრიდა ტოტებს, რომლებისგანაც კარგი კომბლები გამოითლებოდა. „ყოველთვის თან უნდა გქონდეს დამატებითი კომბალი“, – მირჩევდა ის. – „კომბლები ადვილად ტყდება“. შინ კი დედაჩემი ბანანის ბრინჯაოსფერ-მოწითალო ფოთლებისგან მექანიკურად წნავდა „ინტუმვას“ – სადღვებლის ხუფს. ინტუმვა დიდხანს უსარგებლოდ იდო კალათაში, ურუჰიმბიზე. არავის ჰქონდა უფლება, ხელი ეხლო მისთვის.

შუადღისას სოფელში ვბრუნდებოდით – ის დრო იყო, როდესაც რუანდაში ხბოები შემოგვყავდა. „წადი, შეშა მოიტანე“, – მეუბნებოდა დედა. – „მალე ლობიოს ხარშვა უნდა დავიწყო“. და, სანამ ჩინჩხვარს ვაგროვებდი, ხმამაღლა ვიმეორებდი გაკვეთილებს, რომლებიც სკოლის მასწავლებლისგან ავითვისე. ვიცოდი, რომ მამაჩემი მალე ნიამატაში უნდა წასულიყო. მისი თქმით, იქ რაღაც საქმეები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის ხშირად უბრალოდ დახეტიალებდა და დაკარგულ ძროხებს თავისი კომბლით მწყემსავდა.

როდესაც ღამდებოდა, მამაკაცები მაღალი ფიკუსის ქვეშ იკრიბებოდნენ, ერთმანეთს ახალ ამბებს უზიარებდნენ, საუბრობდნენ შესაძლო საშიშროებების შესახებ და ეძებდნენ მათი თავიდან აცილების ხერხებს, ხოლო როდესაც ამ თემებს ამოწურავდნენ, კვლავ ძროხებს იხსენებდნენ. ყოველ ადამიანს ჰქონდა თავისი სათქმელი ძროხებზე, რომლებიც ოდესღაც ჰყავდა და იმათზე, რომლებიც, შესაძლოა, ჰყოლოდა. ისინი იხსენებდნენ ძროხას, რომელიც ოდესღაც აჩუქა ამა თუ იმ ბელადმა ან თვით მეფემ, აღწერდნენ ძროხის ბეწვს, რქებს, ჩვევებს და მის ხბოებს; კითხულობდნენ ლექსებს, რომლებიც მის საპატივცემულოდ შეთხზეს. ვუსმენდი და მათი ნაცნობი სიტყვები საყვარელ დაკარგულ ძროხებზე ერეოდა ფრანგულ სიტყვებს, რომელთა სწავლაც მასწავლებელმა დამავალა… ამ უცნაურ ლიტანიას ხმამაღლა წარმოვთქვამდი.

* * *

სხვა მრავალი რუანდელი ტუტსის მსგავსად, დევნილობის მძიმე გზა განვვლე. შეძლებისდაგვარად გავიხანგრძლივე სწავლა, რადგან მოქალაქეობა არ მქონდა და სამსახურს ვერ ვიშოვიდი. ბოლოს მასწავლებლად დავიწყე მუშაობა ჯიბუტის რესპუბლიკაში, შორეულ სოფელში, რომელიც წვეტიანი შავი კლდეებით იყო გარშემორტყმული. ჩემი პირველი ხელფასი მამას გავუგზავნე. მან დიდი ხნის შემდეგ მომწერა ის, რასაც ვვარაუდობდი – რომ თანხის უმეტესი ნაწილი ძროხის შესაძენად დაეხარჯა.

მამაჩემი, დედა და ჩემი ოჯახის დანარჩენი წევრები გენოციდმა იმსხვერპლა, ისევე, როგორც სხვა ნიამატელი ტუტსის ტომელები. ვერასოდეს შევიტყობ, რა დაარქვა კალისამ თავის ერთადერთ ძროხას. არც ის მინდა ვიცოდე, ხომ არ იქეიფეს ამ ძროხისგან დამზადებული კერძებით მკვლელებმა.

რუანდაში რომ დავბრუნდი, არცერთი ძროხა არ მყავდა. ვიმედოვნებ, მამაჩემი ამის გამო არ განრისხდება სულთა საუფლოში. რუანდის დედაქალაქში, კიგალიში ვცხოვრობ, ნიამბირამბოს რაიონში, და კერძო უნივერსიტეტში ვასწავლი. ცოლად შევირთე ქვრივი, რომელსაც გენოციდის დროს ქმარი დაეღუპა. ჩვენს პირველ შვილს უკვე დახვდა და-ძმა – ჩემი ცოლის ორი შვილი, რომლებიც გადარჩნენ. ლუდს ვსვამ ხოლმე ჩემს მეზობელ ჰუტუს ტომელთან ერთად. ჩემი მეზობელია და მის შესახებ მეტი არაფრის ცოდნა არ მსურს. ხშირად წარმომიდგება ხოლმე მეფე გიჰანგა: ლეგენდის თანახმად, ის ჩვენი პირველი მეფე იყო და ძროხები შემოიყვანა რუანდაში. ჩემს სიზმრებში მეფე გიჰანგა ყოველთვის ერთსა და იმავეს კითხულობს: „განა თქვენ, ტუტსის ტომელები, მესაქონლეები არა ხართ?“ მე კი ისეთ გამომეტყველებას ვიღებ, თითქოს მეფის მიერ დასმული კითხვა არ გამიგონია.

© The New Yorker, 5 ნოემბერი, 2018

[1] აფრიკელთა ტანსაცმელი – მართკუთხა ჭრელი ქსოვილი, რომელსაც სხეულზე იხვევენ, ისე, რომ მისი ბოლოები თავისუფლად ჰკიდია.

[2] ლეონ მუგესერა – ცნობილი რუანდელი პოლიტიკოსი, რომელიც 1992 წელს ჰუტუს ტომებს ტუტსის ტომების გენოციდისკენ მოუწოდებდა. გენოციდი მართლაც განხორციელდა 1994 წელს. მას მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა უმრავლესობას ტუტსის ტომელები შეადგენდნენ.

© არილი

სრულად ნახვა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor სათაურმა დამაინტერესა, მაგრამ სანამ ნორმალურ ქართულ texst to speech-ს არ მოიძიებთ, მე მაგის წამკითხავი არ ვარ.

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი

დროის ამბავია. როგორც კი იქნება შესაძლებლობა პირველი ბადე დააყენებს და შენ დაგთაგავთ :დ 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor აბა გარნისონა რას აკითხებდა?

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, დათვების მეგობარი said:

@Moor აბა გარნისონა რას აკითხებდა?

აბა გარნისონა? მე რა ვიცი, რას აკითხებდა.  ქართულ ენაზე მსგავსი დახველი პროგრამა არაა ჯერ. ახლა ეწყობა

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor აი აქ ბოლო ხოშიანია: https://georgianization.blogspot.com/2019/10/blog-post.html

 

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Moor said:

აბა გარნისონა? მე რა ვიცი, რას აკითხებდა. 

ფორუმელთა ტექსტებს აკითხებდა რობოტს საკაიფოდ

https://forum.ge/?f=25&showtopic=35132042

ზანგი მივედი ოფისში © Mulan

Share on other sites

  • ფორუმელი

@დათვების მეგობარი რუსულად ან ინგლისურად თუ ბრაუზერს აკითხებინებ ტექსტებს ნახავ როგორი დეფექტიანი ტექნოლოგიაა, შენ გინდა რომ ქართული დავაყენო ბადეზე? ფორუმის მუღამი ისაა რომ წერო და იკითხო,  როცა ტექნოლოგი დაინერგება აუდიო თაიფერს აუცილებლად დავაყენებ, მარა მაქამდე ჯერ გაიმართოს ტექნოლოგია რომ დათვების მეგობარის ხმის კონვერტცია ტექსტად შეძლოს პროგრამამ. ფაირფოქს ელაუდ მიაექსთენშენე ბრაუზერში და წააკითხე რა ენაზეც გინდა. ბრაუზერის საქმეა ეგ და არა საიტის. ჯერ-ჯერობით ყოველ შემტხვევაში, აი პოსტვა რომ გავამარტივო სამომავლოდ თუ გუგლი მომცემს ამ ტექნიკურ შესაძლებლობას აუცილებლად ვიზრუნებ ამ კომფორტზე...

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   309 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 308 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)
    • Sharp