ძებნა
'(დასასრული)' ძებნის შედეგები.
-
3. მეტალისტი და მონეტარისტი, before it was cool რა თქმა უნდა, ორემი არ ყოფილა პირველი ადამიანი, ვინც ფულის რაობას დაუთმო დრო, მელანი და ეტრატი[1] – სულ რამდენიმე საუკუნე გავიდა ფულის წარმოშობიდან, რაც ძველ საბერძნეთში მისი წარმოშობის ისტორიების და თეორიების შექმნა დაიწყო. შუა საუკუნეების სქოლასტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რაღა თქმა უნდა, არისტოტელეს იდეები. თომა აქვინელმა, რომელმაც, ფაქტობრივად, შეაუღლა[2] ქრისტიანობა და სტაგირიტი[3], ამ უკანასკნელიც ეკონომიკური იდეებიც გაიზიარა და გააზიარა; განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რაც კერძო საკუთრებას, სიმდიდრეს და მევახშეობას ეხებოდა. ამავე ტრადიციას მიყვებოდა ორემის უკვე ნახსენები მასწავლებელი, ჟან ბურიდანიც. მაგრამ ორემი იყო პირველი, ვინც ფულს ცალკე ნაშრომი დაუთმო და არა რამდენიმე აბზაცი ან, თუნდაც, გვერდი, უფრო ზოგადი თემატიკის წიგნში, რითაც საკმაოდ საინტერესო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი[4]. ის, ასევე, პირველი იყო, ვინც მხოლოდ არისტოტელეს არ ეყრდნობოდა[5]. თავად არისტოტელე ფულის შესახებ ორი განსხვავებული წარმოდგენის საფუძველია: პირველის მიხედვით, ხელისუფალი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ფულის ღირებულებას, ხოლო მეორის მიხედვით ფულის ღირებულება უკავშირდება იმ ძვირფასი ლითონის ღირებულებას, რომლისგანაც ის დამზადებულია. Doctor Angelicus[6] პირველ წარმოდგენას ემხრობოდა, ხოლო ნომინალისტი ორემი – მეორეს[7]. მეტიც, ორემი აქტიურად უპირისპირდება იდეას, რომ ფულის ღირებულება და რაობა მხოლოდ ხელისუფლის (ზოგჯერ – არცთუ კეთილ) ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, ჟან მეორის დაკვეთილი იყო ორემის ტრაქტატი, თუ მან თავისი ნებით გადაწყვიტა მისი დაწერა, მისი დაწერა მეტად დროული იყო – როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, ფილიპ VI ვალუას და მისი შვილის, ჟანის „მონეტარული პოლიტიკა“, რბილად რომ ვთქვათ, ქაოტური იყო. ეს პოლიტიკა მეფეების სრული დისკრეციით ტარდებოდა და ორემის წინასიტყვაობაც, გაკვრით, ამას ეძღვნება: „ზოგი თვლის, რომ ნებისმიერ მეფეს ან ხელისუფალს შეუძლია, საკუთარი ძალაუფლებით, კუთვნილი უფლებითა ან პრეროგატივით თავისუფლად შეცვალოს ფულის მიმოქცევა მის სამეფოში, ისე დაარეგულიროს ის [ფული], როგორც სურს და მიითვისოს შედეგად მიღებული ნებისმიერი მოგება თუ სარგებელი; სხვები კი საწინააღმდეგო აზრის არიან“[8]. ის იმედს გამოთქვამს, რომ მისი ნაშრომის შედეგად „ყველა ექსპერტი[9] ერთ აზრზე დადგება… რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ხელისუფალთათვის, ისე ქვეშევრდომთათვის, და მთლიანად ქვეყნისთვის“. ტრაქტატის პირველი რამდენიმე თავი ეთმობა ფულის ისტორიას – არისტოტელეს[10] მსგავსად, ორემს გამოჰყავს ფულის შექმნის საჭიროება ბარტერის სირთულეებიდან. თუმცა, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ფული მხოლოდ ხელოვნური ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია, როგორც გაცვლის საშუალება და გაცვლისგან განყენებულად გამოუსადეგარია. ამასთან, ფულის დასამზადებელი მასალა უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად დამუშავებადი და მისი მცირე ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დიდი რაოდენობით საქონლის საყიდლად – საუკეთესო ვარიანტად ორემი ასახელებს ოქროს. მაგრამ ის აქვე სძენს, რომ მასალა საკმარისი ოდენობით უნდა არსებობდეს – თუ ოქრო არაა საკმარისი, ვერცხლი უნდა „დავახმაროთ“ და თუ არც ეს გვყოფნის – მაშინ სპილენძი ან მისი შენადნობი უნდა გამოვიყენოთ[11]. ორემის ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც, დიდი ალბათობით, სრულიად გაუგებარი იქნებოდა შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, ეხება ფულისთვის განკუთვნილი მასალის ოდენობას – „მიზანშეუწონელია, რომ ფულის მასალა უხვად გვქონდეს“. ის არ ახსენებს ინფლაციას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამ მიზეზით ბრინჯაო აღარ გამოიყენებოდა, როგორც ფული[12]. სანამ თავისი ტრაქტატის ძირითად კითხვაზე გადავიდოდეს, ორემი ახსენებს მონეტების, მათი ფორმისა და დიზაინის მნიშვნელობას და ხელისუფლის მოვალეობას, მოჭრას მონეტა საზოგადოებისთვის. და შემდეგ სვამს კითხვას: ვინ ფლობს ფულს? მისი პასუხი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ნაშრომის დარჩენილ ნაწილს მოიცავს, თითქოს მარტივია – ხელისუფლის მოვალეობა უზრუნველყოს მონეტის მოჭრა და მისი საკუთარი ბეჭდით/შტამპით მარკირება არ ნიშნავს, რომ ის ამ ფულის მფლობელია. ფული არის ბუნებრივი დოვლათის (იგივე, საქონლის) გაცვლის საშუალება, ამიტომ ფულს ფლობს ის, ვინც ფლობს ამ დოვლათს – თუკი ადამიანი[13] ცვლის თავის საქონელს ან მომსახურებას ფულში, ის ფული მისია. და რადგან უფალმა საკუთრების უფლება არა მხოლოდ ხელისუფალს მისცა, არამედ ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს – ფული ეკუთვნის მთლიანად საზოგადოებას. თუმცა ის დასძენს, რომ, რაკი საზოგადოება აკისრებს ვალდებულებას ხელისუფალს მოჭრას ფული, მას აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ანაზღაურება[14], რომელიც უნდა იყოს ზომიერი და არ აზარალებდეს მთლიანად საზოგადოებას. მერვე თავში ორემი გადადის იმ საკითხზე, რომელმაც გამოიწვია მთლიანად ამ ტრაქტატის დაწერა – ფულის ცვლილებებზე. ის თავიდანვე ამბობს, რომ ფული არ უნდა იცვლებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია ან მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. მას მოჰყავს საკმაოდ დეტალური კლასიფიკაცია ფულის ცვლილებებისა – ცვლილებები ფორმაში, ლითონების ფარდობაში, ღირებულებასა და დენომინაციაში, ოდენობასა ან წონაში და მასალაში ან ასეთი ცვლილებების რაიმე სახის კომბინაცია[15]. ცვლილებები ფორმაში (დიზაინსა და მარკირებაში) ორემისთვის დასაშვებია, როდესაც ქვეყანაში იზრდება ყალბი ფულის ოდენობა ან ძველი ფული, ცვეთისა და სხვა მიზეზების გამო ფუჭდება. ამ შემთხვევაში მიმოქცევაში არსებული ფული უნდა აიკრძალოს და მოიჭრას ახალი, ახალი დიზაინითა და მარკირებით. სხვა შემთხვევაში ფორმის ცვლილება არასაჭირო და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის. ცვლილებები ლითონების ფარდობაში – რამდენი ერთეული ვერცხლი შეესაბამება ერთ ერთეულ ოქროს – ორემისთვის დასაშვებია იმდენად, რამდენადაც იცვლება „ბუნებრივი ფარდობა“ ამ ორ ლითონს შორის, რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ახალი საბადოების აღმოჩენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ხელისუფალი დაადებს ოქროს დაბალ ფასს ვერცხლის ერთეულებში, იყიდის მთელ ოქროს იაფად და შემდეგ დააბრუნებს პირვანდელ თანაფარდობას, ის უბრალოდ მიითვისებს ქვეშევრდომთა ფულს, რაც „უსამართლო გამოძალვა და ფაქტობრივი ტირანია იქნება[16]“. ორემი განსაკუთრებით გმობს ცვლილებებს წონაში – როდესაც ამავდროულად არ იცვლება ფულის ერთეულის დასახელება. მისი აზრით, ხელისუფლის სახელი/მარკირება უნდა იძლეოდეს მონეტის წონისა და სტანდარტის გარანტიას და ამიტომ, „ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს, თუ რამდენად უსამართლო და აღმაშფოთებელია, ხელისუფლისგან განსაკუთრებით, წონის შემცირება დენომინაციის ცვლილების გარეშე“. მასალის ცვლილებაზე საუბრისას, ორემი კვლავ ახსენებს არასაკმარისობის/სიჭარბის პრობლემებს და ასეთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში მასალის ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევს. სხვა მხრივ, მასალის შეცვლა, თუნდაც ხელისუფლის მიერ, გაყალბების ტოლფასია და მხოლოდ მთლიანად საზოგადოების თანხმობით უნდა ხდებოდეს[17]. რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცვლილებებს? ფული კარგავს თავის, როგორც ღირებულების საზომის ფუნქციას; მისი, როგორც გაცვლის საშუალების გამოყენება რთულდება; მცირდება ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის შიგნით და აღარც უცხოელი ვაჭრები ჩამოდიან. თუ ირღვევა ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა, ის ლითონი, რომელიც უფრო ძვირად ფასობს, ქვეყანას ტოვებს და ქვეყანაში მხოლოდ ცუდი და ყალბი ფული რჩება[18]. მას შემდეგ, რაც ორემმა დეტალურად აღწერა ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფალმა ფულთან მიმართებაში, ის გადადის იმის დასაბუთებაზე, რომ ასეთი ქმედებები ყოველთვის დაუშვებელი და ტირანულია. პირველ რიგში ის ამბობს – „ერთადერთი და ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიითვისოს ხელისუფალმა მონეტის ცვლილების ძალაუფლება, არის მოგება და სარგებელი, რომელიც მან ასე შეიძლება ნახოს“. და ასეთი სარგებელი უსამართლოა, რადგან ის (ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში) წარმოადგენს გაყალბებას და ტყუილს, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს ხელისუფლის უფლებას. „და თუ ის ტირანის ჩვეულ ტყუილს გვეტყვის, რომ ამას საზოგადოების საკეთილდღეოდ შვრება, არ უნდა დავუჯეროთ, რადგან ასე მან ჩემი ქურთუკი[19] შეიძლება აიღოს და გამოაცხადოს, რომ საზოგადოების კეთილდღეობისთვის სჭირდება“. და არც მცირე ცვლილებებს უნდა დათანხმდეს საზოგადოება, რადგან ხელისუფალი არ გაჩერდება მცირე ცვლილებებზე და საბოლოოდ თავისი ქვეშევრდომების ფულს სრულიად მიითვისებს, რაც იქნება ჭეშმარიტი და აბსოლუტური ტირანია. ორემისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ტირანისა და ხელისუფლის, ცუდი მთავრობის და კარგი მთავრობის დაპირისპირება. მისთვის მონეტის დეგრადაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ტირანიის მაჩვენებელია. ის, ასევე, აფრთხილებს მკითხველს – „რადგან მეფის ძალაუფლება, როგორც წესი, მარტივად იზრდება, დიდი სიფრთხილითა და მუდმივი გულისყურით, მეტიც, უკიდურესი კეთილგონიერებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ის არ გადაიქცეს ტირანიად“. უტრირება რომ გვინდოდეს, ორემი დღევანდელ მინარქისტებსაც[20] კი შეგვიძლია შევადაროთ – „ხელისუფალმა არ უნდა გაზარდოს თავისი ძალაუფლება ქვეშევრდომებზე, არ უნდა დაბეგროს ზედმეტად, არ უნდა წაართვას საქონელი, უნდა მისცეს უფლებები და არ უნდა ჩაერიოს მათში [ამ უფლებებში]… უნდა მხოლოდ ის ძალაუფლება გამოიყენოს, რომელიც შეზღუდულია კანონითა ან ადათით. რადგან, როგორც არისტოტელე იტყოდა, მცირე რამ უნდა რჩებოდეს მოსამართლისა ან ხელისუფლის დისკრეციაში“. ორემისთვის კანონი უზენაესია[21] და ხელისუფალზე მაღლაც დგას, ხელისუფალი, რომელიც მისსავე შექმნილ კანონს არ ემორჩილება – ტირანია; მხოლოდ ტირანმა შეიძლება ერთდროულად დასაჯოს ყალბი ფულის მჭრელი და თვითონ შეცვალოს ფული. მას სრული აღფრთოვანებით მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოლიტიკიდან“, სპარტელების მეფე თეოპომპუსის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მეფის (საკუთარი) ძალაუფლება სპარტაში, და ცოლის საყვედურს, ნუთუ არ რცხვენია, რომ შვილებს უფრო სუსტ მეფობას გადასცემს, უპასუხა – სამაგიეროდ უფრო მუდმივს. ორემი გაკვრით ეხება კიდევ ერთ, იმ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხს – მევახშეობას. ის ეთანხმება არისტოტელეს და თომა აქვინელს იმაში, რომ მევახშეობა არაბუნებრივია, რადგან ფული მხოლოდ ბუნებრივი საქონლის გაცვლისთვის და გამრავლებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და არა საკუთარი თავის. მაგრამ ის აგრძელებს ამ არგუმენტს და ამბობს, რომ თუკი ფულის გაცვლა[22] დასაგმობია და მევახშეობა – ცუდი, ფულის ცვლილება უარესია. ორემის დასაბუთება ისაა, რომ მევახშესა და მის კლიენტს შორის შეთანხმება მათ თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული, ხოლო ზედმეტი თანხა, რომელსაც კლიენტი მევახშეს უხდის – მათ შორის დადებულ ნებაყოფლობითი კონტრაქტის შედეგია[23]. ამავე დროს, ხელისუფლის მიერ მონეტის დეგრადაცია მისი ქვეშევრდომების ნების საწინააღმდეგოა და, ამდენად, მევახშეობის მსგავსად არაბუნებრივი და მასზე უარესი. გამომდინარე იქიდან, რომ მეფე ჟანი, როგორც ვნახეთ, ხშირად მიმართავდა ფულის გაკეთების ამ გზას, ორემი საკმაოდ რისკავს, როდესაც ამ თავს ასრულებს სიტყვებით „ვეჭვობ, ხომ არ უნდა დაერქვას ამას [ფულის დეგრადაციას] ძარცვა ძალადობის თანხლებით ან თაღლითური გამოძალვა.“ ორემი სრულად არ გამორიცხავს ფულის ცვლილების საჭიროებას – მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილება მოხდეს მხოლოდ საზოგადოების და არა ხელისუფლის საჭიროებებიდან და თანხმობიდან გამომდინარე, რადგან ფული, როგორც უკვე ითქვა, ეკუთვნის საზოგადოებას და მხოლოდ მას. ასეთ საჭიროებად მას აქტუალური მაგალითი მოჰყავს – ომი ან ხელისუფლის გამოსყიდვა ტყვეობიდან[24]. მნიშვნელოვანია, რომ თუკი მთლიანად საზოგადოება თანხმდება ასეთ ცვლილებაზე – ის მთლიანად იღებს საკუთარ თავზე შედეგს და ვერავინ, ვერც სასულიერო პირი და ვერც დიდგვაროვანი დააღწევს თავს „საფასურის გადახდას“, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც, მაგალითად, ომისთვის საჭირო ფულის შეგროვება გადასახადების დაკისრებით ხდება და შესაძლებელია, საკუთარი პრივილეგიების გამოყენებით გადასახადების გადახდისგან თავის არიდება. მისთვის ფულის ცვლილება უნივერსალურია – და სწორედ ამიტომ ყველა უნდა იყოს თანახმა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე. ტრაქტატის ბოლო თავებს ორემი უთმობს გაფრთხილებას: ფულის დეგრადაცია ტირანიის ტოლფასია, ხოლო ტირანი, ხელისუფალი, რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქვეშევრდომებისა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას; ქვეყანა კი, რომელსაც ტირანი მართავს – განადგურდება. მისთვის ჭეშმარიტი მეფე ის ხელისუფალია, რომელიც ყოველ თავის ქვეშევრდომზე დიდი და ძლიერია, მაგრამ უფრო სუსტი და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოება მთლიანად. ბოლო, 26-ე თავში, სადაც ის აცხადებს, რომ ფულის დეგრადაცია პატიოსნების შემლახველია არამხოლოდ ხელისუფლისთვის, არამედ მისი შთამომავლობისთვისაც, ის პირველად ახსენებს ფრანგებს, ამბობს რა „უფალმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ფრანგთა თავისუფალი გულები ისე გადაგვარდეს, რომ ისინი [ფრანგები] ნებით გახდნენ მონები; ამდენად, ფრანგების თავზე მოხვეული მონობა დიდხანს ვერ გასტანს“. მისთვის ფულის დეგრადაცია ტოლფასია ტირანიის, ტირანია კი, მონობის თავზე მოხვევის. ამიტომ ის, ვინც ფულის დეგრადაციას მიჰყოფს ხელს, ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. მთლიანობაში, ორემის ტრაქტატი ერთ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. როგორც ვნახეთ, ის ასკვნის, რომ სუვერენს უნდა შეეზღუდოს შესაძლებლობა ცვალოს ფული მისი სურვილისამებრ და ეს შესაძლებლობა მხოლოდ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს. ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი გულისხმობს გარკვეულ მოქნილობას „მონეტარულ პოლიტიკაში“ – თუკი ქვეყანაში ფულის დეფიციტი იქმნება, უნდა არსებობდეს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. ვიღაცას და რაღაცნაირად უნდა შეეძლოს ფულის მიწოდების ცვლილება – მაგრამ ვის და როგორ[25]? – ამაზე ორემი დუმს. და არა მხოლოდ ორემი – ცენტრალური ბანკების შექმნამდე, რომლებიც, იდეალურ ვარიანტში, საზოგადოების წარმომადგენლები არიან, ამ ფუნქციის შესრულება არ ყოფილა ვინმეზე დაკისრებული. ორემი, სავარაუდოდ, არ ყოფილა პირველი მოაზროვნე, რომელიც ხელისუფლის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვაზე წერდა. არც პირველი იყო, ვინც ამ კონტექსტში ფულს და მის დეგრადაციას განიხილავდა. მაგრამ ის პირველი იყო, ვინც დეტალურად განიხილა კავშირი ფულს, ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის; პირველი, ვისთვისაც ფული იყო ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესწავლაში დაეხმარა; პირველი, რომელიც დაფიქრდა მონეტარული პოლიტიკის რაობაზე (თუნდაც ეს ტერმინი არ ეხსენებინოს); პირველი, რომელმაც მონეტარული სისტემა განიხილა, როგორც ეროვნული ინტერესის საგანი. მას, შესაძლოა, წმინდა ეკონომიკური არგუმენტი ბევრი არ აქვს, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომელსაც ის ანიჭებს მონეტარულ სისტემას და დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს შემოსავლის წყარო არც ერთი ცალკე აღებული, რაგინდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანისთვის – ეს არის ის, რის გამოც ორემი ყოველთვის იქნება ეკონომიკის ისტორიის სათავეებში. და ის ფაქტი, რომ შარლ მეხუთის დროს მონეტარული სისტემა სტაბილური იყო და მეფეს ფულის დეგრადაცია არ უცდია – ორემის საუკეთესო აღიარებაა. [1] ბურიდანის და ორემის დროს ქაღალდი უკვე მეტ-ნაკლებად ფართოდ გამოიყენებოდა ევროპაში (ფაბრიანოში, იტალიაში, მეცამეტე საუკუნის ბოლოსკენ, წელიწადში მილიონობით ფურცელი იწარმოებოდა), თუმცა ეტრატი უფრო ლამაზად ჟღერს. თან, დღესაც კი, ბრიტანეთში საკანონმდებლო აქტები ინახება ეტრატზე. [2] აქვინელი არ ყოფილა პირველი ადამიანი ქრისტიანულ სამყაროში, ვინც ამას ეცადა. დაახლოებით საუკუნე ნახევრით ადრე პიერ აბელარმა სცადა არისტოტელეს რაციონალიზმი შემოეტანა თეოლოგიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდროინდელი ევროპისთვის ეს ნაადრევი იყო და, საბოლოო ჯამში, ის მწვალებლად შერაცხეს. ჩემი აზრით, აბელარი თავისი დროის ყველაზე საინტერესო მოაზროვნე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკაზე არაფერი დაუწერია. [3] ძირძველი ტრადიციაა, ყოველთვის სახელით მოხსენიების მაგივრად, დროდადრო, დაბადების ადგილით მოვიხსენიოთ. აქვინელი, საერთოდ, მხოლოდ ფილოსოფოსს ეძახდა. [4] ამ ტრადიციაში საპატიო ადგილს იკავებს მიკოლაი კოპერნიკი, საკუთარი ტრაქტატით ფულის შესახებ (Monetae cudendae ratio, 1517-1528). სამწუხაროდ, ტრაქტატის ჩემთვის ხელმისაწვდომი ვერსია (ანუ, ინგლისური, ქართული ან რუსული თარგმანი) ვერ მოვიძიე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ცალკე პოსტს დაიმსახურებდა, როგორც ეკონომისტი. [5] თუმცა ტექსტში მრავლადაა არისტოტელეს ხსენება და ციტატები. [6] თომა აქვინელის მეტსახელი, ანგელოზური დოქტორი, არ ჟღერს ქართულად მაინცდამაინც ლამაზად, არა და მინდოდა, ჩამეკვეხებინა. [7] იმის განხილვა, თუ რით განსხვავდებოდა აქვინელის, ბურიდანის და სხვა სქოლასტების წარმოდგენა ფულის შესახებ ორემის იდეებისგან, შორს წაგვიყვანს. ამ მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა აქვს, მაგალითად, ანდრე ლაპიდუსს (Lapidus, 1997) ან ადამ ვუდჰაუსს (Woodhouse, 2017). [8] ორემის ტრაქტატის ქართული თარგმანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს. ამდენად, ყველა ციტატა ჩემი თარგმნილია ჩარლზ ჯონსონის ინგლისური თარგმანიდან (Oresme/Johnson, 1956). აქვე აღვნიშნავ, რომ ლათინურ სიტყვას princeps, რომელსაც ჯონსონი თარგმნის, როგორც prince, მე ვთარგმნი როგორც „ხელისუფალი“, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველის ამ სახელწოდების ტრაქტატი ხშირად ითარგმნება, როგორც „მთავარი“. [9] ლათინურად – omnes prudentes; ორემისთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ტერმინის დეგრადაცია 21-ე საუკუნის საქართველოში… [10] რომელიც, ეკონომიკის საფუძვლების დღევანდელი სახელმძღვანელოების მსგავსად, ცდება. [11] ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, ორემი ამბობს, რომ ეკონომიკა საკმარისად მონეტიზებული უნდა იყოს. [12] ამაში ის ოვიდიუსის „ფასტებს“ ეყრდნობა. [13] ორემი, იმ დროისთვის პოლიტკორექტულად, ამატებს „თუ ის მონა არაა“ [14] ორემი ერთ გადასახდელში აერთიანებს წინა პოსტში ნახსენებ სენიორაჟსა და ბრასაჟს [15] უნდა ითქვას, რომ ორემი განასხვავებს წინა პოსტში ნახსენებ აგრესიულ და თავდაცვით დეგრადაციებს და უკანასკნელის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს მას. მაგრამ არასდროს – მხოლოდ ხელისუფლის ნებით. [16] სიტყვა ტირანია ტრაქტატში პირველად სწორედ აქ გვხვდება (თავი X); ორემი მას კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს. [17] საინტერესოა, რომ ორემის იდეაა, თუკი მონეტა იჭრება არა სუფთა ლითონისგან, არამედ შენადნობისგან, რომ რაიმე საჯარო ადგილას/ადგილებში ინახებოდეს ასეთი მონეტის ეტალონი (შენადნობის ხარისხისა და მონეტის წონის შესადარებლად), რათა აღიკვეთოს ხელისუფლისგან („უფალმა დაგვიფაროს“ ამატებს ორემი) ან ფულის მჭრელებისგან ფულის გაყალბების მცდელობა. [18] არსებობს მოსაზრება, რომ ორემმა ორი საუკუნით ადრე აღმოაჩინა გრიშემის კანონი – „ცუდი ფული განდევნის კარგს“. კონკრეტულად ეს მონაკვეთი უბრალოდ ოქროს ექსპორტს ეხება და არა იმას, რომ ორი ტიპის მონეტის – კარგის და ცუდის – მიმოქცევის შემთხვევაში, ადამიანები დაიწყებენ კარგი ფულის დაგროვებას და მიმოქცევაში მხოლოდ ცუდი ფული დარჩება. გრიშემის კანონი მართლაც გრიშემამდე იყო ფორმულირებული – ოღონდ კოპერნიკის მიერ. [19] ლათინურ ორიგინალში – ტუნიკა. [20] მცირე მთავრობის მომხრეებს [21] ის წერს „არსებული კანონები, წესები, ადათები თუ განკარგულებები, რომლებიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას … არ უნდა შეიცვალოს აშკარა საჭიროების გარეშე“. ქვეყანაში ფულის მიმოქცევა და ღირებულება მისთვის ფიქსირებული კანონია. [22] იგივე „ვალუტჩიკობა“ [23] დიახ, ლიბერტარიანელებს უყვართ ორემი. [24] მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მძვინვარებდა ასწლიანი ომი, ხოლო მეფე ჟანი იმყოფებოდა ტყვეობაში ინგლისში და დოფინს დიდძალი გამოსასყიდის შეგროვება მოუწია. [25] ორემს მოჰყავს ციტატა ოსტგოთი ისტორიკოსის, კასიოდორუსის წიგნიდან, რომლის მიხედვითაც, მეფე თეოდორიხმა, როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დადგა, ბრძანა საფლავებში „ჩატანებული“ ოქროსა და ვერცხლის ექსგუმაცია და მონეტების მოჭრა. საეჭვოა, რომ ორემი ამას მონეტარული პოლიტიკის რეკომენდაციად მიიჩნევდეს.
-
6. დასასრული როდესაც ჯონ ლომ დატოვა საფრანგეთი, ერთი წელიც არ გასულიყო მას მერე, რაც ის პარიზის ყველაზე გავლენიან და პატივცემულ პიროვნებად ითვლებოდა. სულ რაღაც რამდენიმე თვე და ის გახდა ყველასთვის საძულველი ფინანსისტი, რომელსაც ნებისმიერი ფენისა და ასაკის ადამიანი აბრალებდა ქვეყნის გაკოტრებას. არაა გასაკვირი, რომ მის პარიზიდან გაქცევას მყისიერად მოყვა ბევრი, ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსამართლო ჭორის აგორება. მოსალოდნელ ჭორებთან ერთად, რომლებიც მას ფულის მოპარვაში, ბანკის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში და რომში სასახლის[1] ყიდვაში ადანაშაულებდა, იყო ერთიც, რომელიც მას ესპანეთის ბურბონების სასარგებლოდ ანტი-ფრანგულ საქმიანობაშიც სდებდა ბრალს, რაც უშუალოდ მიმართული იყო მისი და რეგენტის ურთიერთობის საბოლოოდ მოსაშლელად. ლოს იმ დღეების წერილები, რომლებშიც ის რეგენტს და თავის შემორჩენილ დიდგვაროვან მეგობრებს დახმარებას სთხოვს, სავსეა თავის მართლებით და გულწრფელი წუხილით. მან, მართლაც, თითქმის სრულიად უფულოდ დატოვა საფრანგეთი, მაშინ როდესაც, თავის დროზე, პარიზში ნახევარი მილიონი ლივრით ჩავიდა[2]. რეგენტი და ბურბონის ჰერცოგი დაეხმარნენ ლოს, უზრუნველყვეს ის ეტლით, დაცვით, მსახურებით, პასპორტებითა და ფულით, რათა მას საზღვარი მალე გადაეკვეთა. საზღვარზე მას მისი მტრის, ფინანსების საბჭოს ყოფილი თავდმჯდომარის მარკიზ დ’არჟანსონის შვილი დახვდა, რომელმაც პასპორტიც და ფულიც წაართვა[3], 24 საათი აყურყუტა საზღვარზე და მხოლოდ შემდეგ გაუშვა. ბრიუსელში ჩასული, ლო ეცადა ინკოგნიტოდ ყოფნას, მაგრამ ხმა მისი საფრანგეთიდან გაქცევის და დანიშნულების ადგილის შესახებ უკვე გავარდნილიყო. შედეგად, ის სწრაფად იცნეს და მან შემდეგი რამდენიმე დღე ბანკეტებსა და შეხვედრებში გაატარა. ეს აღარ ჰგვრიდა მას ყოფილ სიამოვნებას და მან ისესხა (ან თამაშში მოიგო) 200 ლუიდორამდე, რათა სწრაფად დაეტოვებინა ბრიუსელი[4] და იტალიას გამგზავრებულიყო. მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში, ალპების ზამთარში გადალახვა რთული და მეტად რისკიანი იყო, ამიტომ გასაგებია, თუ რამხელა სტრესის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა ლო, როდესაც გზის გაგრძელება გადაწყვიტა. ამას ისიც ერთოდა თან, რომ მთელ ევროპაში იყვნენ მიმოფანტული გავლენიანი და დიდგვაროვანი ადამიანები, რომლებმაც დიდი ფული დაკარგეს მისისიპის კომპანიის გამო. ლო ეცადა ინკოგნიტო მგზავრობას, მაგრამ ყველგან ცნობდნენ და სთხოვდნენ ზარალის კომპენსაციას[5]. 21 იანვარს ლო შვილთან ერთად ჩავიდა ვენეციაში, სადაც, საბოლოო ჯამში, სიცოცხლის ბოლომდე დარჩებოდა[6]. მას არ ჰქონდა ეს გათვალისწინებული და არც განდეგილის ცხოვრებას აპირებდა. მიუხედავად მისი კრახისა საფრანგეთში, ის კვლავ გამოჩენილი ფინანსისტის რეპუტაციით სარგებლობდა. რუსეთის მეფემ, დანიის მეფემ, ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნის მმართველებმაც შესთავაზეს მათთან გადაბარგება, მაგრამ ლომ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა. და უარი თქვა არა იმიტომ, რომ დასვენება სურდა ან რწმენა დაკარგა საკუთარ თავში – უარი თქვა, იმიტომ რომ საფრანგეთში დაბრუნებაზე ფიქრობდა. მისი გაქცევა დროული და საჭირო იყო, მაგრამ ის იმედს ინარჩუნებდა, რომ რეგენტი კვლავაც სიმპათიით იყო მისდამი განწყობილი და მას კვლავაც, რაღაც თვალსაზრისით მაინც, სჯეროდა ლოს სისტემის. მას აქტიური მიმოწერა ჰქონდა რეგენტსა და ბურბონის ჰერცოგთან. ერთ-ერთ წერილში ის პრაქტიკულად ემუდარებოდა დაპირების შესრულებას და მისი კუთვნილი ნახევარი მილიონი ლივრის დაბრუნებას. მთელი დანარჩენი თავისი ქონება (მისი მეუღლის სახლის და რამდენიმე სხვა აქტივის გარდა) საფრანგეთში მან, სრულიად ნებაყოფლობით, გადასცა მისისიპის კომპანიას, ამ უკანასკნელის ვალდებულებების დასაფარავად. იმის გათვალისწინებით, რომ ეს დაახლოებით 100 მილიონი ლივრის უძრავი ქონება და აქციები იყო, რთულია (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) სერიოზულად იმაზე ლაპარაკი, რომ ლო თაღლითი და აფერისტი იყო. თუმცა ამბები, რომლებიც პარიზიდან მოდიოდა, ხალხს სწორედ ლოს ავ განზრახვებში არწმუნებდა. სამეფო ბანკის მთლიანი ვალდებულებები 2.7 მილიარდი ლივრი აღმოჩნდა, დიდი ნაწილი ამ თანხისა ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე იქნა დაბეჭდილი[7] და ამ ვალდებულებების გასტუმრების ალბათობა ძალიან მცირე იყო. დაიწყო ბანკის საქმიანობის ფართომასშტაბიანი კვლევა[8], გამოძიებულ იქნა ყველა, ვისაც ფლობდა აქციებს, ახალ ანუიტეტებს ან ბანკნოტებს; მათ ამ ფასიანი ქაღალდების ჩაბარება მოსთხოვეს და იმის ახსნაც, თუ საიდან მიიღეს ასეთი თანხები[9]. როგორც აღმოჩნდა, დაზარალებულთა მთლიანი რაოდენობა ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტი იყო. აუდიტი მისისიპის კომპანიასაც შეეხო. მას წაერთვა საგადასახადო სისტემისა და ზარაფხანის მართვის უფლება, აქციების რაოდენობა (ძირითადად, კონფისკაციების გზით) თითქმის 2.5-ჯერ შემცირდა და ბანკისგან განსხვავებით, როგორც ადრეც ვთქვი, ამ კომპანიამ კიდევ დიდხანს იარსება. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების შედეგად აღმოჩნდა, რომ ლოს ზარალი ბანკის საქმიანობის შედეგად რამდენიმე მილიონს წარმოადგენდა[10] და ბოლომდე გარკვეული არ იყო, თუ ვისი „დამსახურება“ იყო ამდენი არაუზრუნველყოფილი ბანკნოტის დაბეჭდვა, ლოს დარჩენილი ქონების კონფისკაცია მოხდა და მისი ცოლი[11], ქეთრინ ნოლისი იძულებული იყო მოკრძალებულ სასტუმროში გადასულიყო საცხოვრებლად. ლოს ძმა უილიამი, რომელიც გაქცევას ეცადა, დაიჭირეს და დააპატიმრეს. იდეალისტ ლოს, რომელიც მძიმე ფასს იხდიდა საკუთარი იდეალიზმისა (და პირად საქმეში დაუდევრობისთვის) ორი არჩევანი ჰქონდა – ან უნდა ეცადა საფრანგეთში დაბრუნებას ან წასულიყო ინგლისში, სადაც, რამდენიმე წლის წინ, სამეფო პატიებაც კი, მიიღო იმ ავადსახსენებელი დუელისთვის. ის ერთდროულად ბომბავდა რეგენტს და საბჭოს კრიზისის დაძლევის ახალი გეგმებითა და რეკომენდაციებით[12] და ინგლისში დაბრუნების გზებსაც ეძებდა. 1721 წლის 20 ოქტომბერს ლო დაბრუნდა ლონდონში[13]. ეს რისკიანი ნაბიჯი იყო – ლონდონში დიდად არ ადარდებდათ მისისიპის კომპანია, მაგრამ ლოს სამხრეთის ზღვების კომპანიის კრახიც ბრალდებოდა. გარკვეული დრო გავიდა მანამ, სანამ ის კვლავ მიიღეს ლონდონის საზოგადოებაში, მაგრამ, როგორც კი ის მეფის სკამის სასამართლოს[14] წინაშე წარდგა და მუხლმოდრეკილმა პატიება ითხოვა ედუარდ უილსონი მკვლელობისთვის, ის ცხოვრების მისთვის ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. მისი რეპუტაციის ადამიანთან შეხვედრა ბევრს უნდოდა და მისი პიროვნული შარმი ყველას იპყრობდა. ის ხშირად ხვდებოდა და ესაუბრებოდა მეფეს, დროს ატარებდა უელსის პრინცთან და მეფის სხვა შვილებთან. მაგრამ, ამავე დროს, მისი ცოლი კვლავ ვერ ტოვებდა პარიზს, ურთიერთობა მის, ციხეში მყოფ ძმასთან უკიდურესად დაეძაბა[15], მისი ვალები ვალებად დარჩა და სავალო ციხის რისკი კვლავ დამოკლეს მახვილივით ეკიდა თავზე. მიუხედავად ლოს და მისი კრედიტორების ოპტიმიზმისა, რომ საფრანგეთში მისი დაბრუნდება უბრალოდ დროის ამბავი იყო, პროცესი მეტად გაჭიანურდა. ლონდონში მისი ჩასვლის ორი წლის თავზე, 1723 წლის დეკემბერში ყველაფერი თითქოს მოგვარებული იყო. ლო მალევე უნდა გამგზავრებულიყო პარიზში, ინგლისის პრემიერ-მინისტრის[16] სერ რობერტ უოლპოლის ძმის, მომავალში ე.წ. გოთიკური პროზის ფუძემდებლის, ჰორესის თანხლებით. მაგრამ, როგორც 60-იოდე წლის შემდეგ მეორე დიდი შოტლანდიელი იტყოდა – თაგვთა და კაცთა საუკეთესო გეგმები ხშირად აიბლანდება ხოლმე[17] – 1723 წლის 2 დეკემბერს საფრანგეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი[18], ორლეანის ჰერცოგი ფილიპე მეორე 49 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. გარკვეულწილად მისი გარდაცვალების ახსნა იმით შეიძლება, რომ შეტევისას ის მისი ერთ-ერთ საყვარლის, მარია ტერეზა დე ფალარისის მკლავებში იმყოფებოდა[19]. და, რა თქმა უნდა, დიდი სტრესით. ლოს იმედი, ოდესმე საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რეგენტთან ერთად მოკვდა. ბურბონის ჰერცოგი, რომელმაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავა, აღარ იყო ისე დადებითად განწყობილი ლოს მიმართ და ორლეანის ჰერცოგის დანიშნული პენსიაც კი გაუუქმა. არც ლოს წერილებმა და მუდარებმა შეცვალა რამე – საფრანგეთის კარი მისთვის სამუდამოდ ჩაიკეტა. სასოწარკვეთილმა ლომ უოლპოლს მიმართა, რომელმაც გასაკვირად თბილად მიიღო და დიპლომატურ პოსტსაც დაპირდა. 1725 წლის აგვისტოში ლომ დატოვა ლონდონი და აახენში გაემგზავრა, სადაც უნდა დალოდებოდა ინსტრუქციებს. მისი როლი ფარული ჯაშუში იყო. მისი ჯეიმსბონდისეული კარიერა (ცხადია, ორი ნულის პრივილეგიის გარეშე) უფერულია მის უორენბაფეტისეულ კარიერასთან შედარებით. თუმცა ის საკმაოდ აქტიურად შეერია პოლიტიკურ წრეებს, ეწვია მიუნხენს, რათა ბავარიის ელექტორი მაქსიმილიანი დაერწმუნებინა ბრიტანეთთან კავშირზე[20], ვენის ნაცვლად, ამავე მიზნით შეხვდა სავოიის ელჩს საფრანგეთში, სხვადასხვა კერძო შეხვედრებში შოტლანდიელი კვლავ ცდილობდა თავისი ფინანსური იდეების გავრცელებას. მიუხედავად წარუმატებლობისა და კრახისა, მას მაინც, იდეალისტურად, სჯეროდა თავისი სისტემის. მაქსიმილიანის სიკვდილთან ერთად მისი ჯაშუშური კარიერა მიილია, მან გადადგომის შესახებ წერილი გაუგზავნა ბრიტანეთის მთავრობას და 1726 წელს ვენეციაში დაბრუნდა. კრედიტორები არ ეშვებოდნენ, თუმცა კაზინოებში და თამაშით მოგებული თანხები არაფერი იყო მათ მოთხოვნებთან შედარებით. იმისთვის, რომ ეპოვა რაიმე გზა ოჯახისთვის მემკვიდრეობის დატოვებისა, მან დაიწყო ნახატების ყიდვა. ორი წლის მანძილზე მაგან საკმაოდ დიდი – 500-მდე ნახატის შემცველი – კოლექცია შეაგროვა, სადაც იყო ტიციანის, რაფაელის, ვერონეზეს, მიქელანჯელოს, პუსენის, ჰოლბეინის და ლეონარდოს ნაშრომები. აქაც მან გამოავლინა ის გამჭრიახობა, რაც ყოველთვის[21] ჰქონდა ჰქონდა ბიზნესში. იმ დროს, როდესაც სურათები ოდენ სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენდა და არა ინვესტიციებს, მან პირველმა დაინახა ეს შესაძლებლობა და მისი კოლექცია დღეს, ალბათ, ვერც ერთი კერძო პირისთვის ვერ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ისევე, როგორც ფულის შემთხვევაში, ხელოვნების შემთხვევაშიც ისტორიამ მისი სიმართლე დაადასტურა. ვენეციაში ყველაზე საინტერესო შეხვედრა მას 1728 წლის აგვისტოში ჰქონდა, როდესაც მის სანახავად მივიდა შარლ ლუი დე სეკონდა, ბრედას და მონტესკიოს ბარონი, რომელსაც უბრალოდ შარლ დე მონტესკიოს სახელით ვიცნობთ. 1721 წელს მან ანონიმურად გამოაქვეყნა ეპისტოლური რომანი „სპარსული წერილები“, რომელიც რეგენტობის პერიოდისა და უშუალოდ ლოს სისტემის მძაფრ კრიტიკას წარმოადგენდა. მონტესკიომ, ხანგრძლივი საუბრის შედეგადაც კი ვერ ირწმუნა ლოს სიმართლე, თუმცა განაცხადა, რომ ლოს უფრო უყვარს საკუთარი იდეები, ვიდრე საკუთარი ფული. მისი აზრით, ლო „კვლავ იგივე ადამიანი იყო… რომლის გონება პროექტებით, ხოლო თავი კი, გამოთვლებით იყო სავსე“. მაგრამ ლო აღარ იყო იგივე ადამიანი. ის დარწმუნებული იყო თავის პატიოსნებაში, მაგრამ, როდესაც იმავე წლის ბოლოს გაიგო, რომ მისი ანგარიშების მორიგი აუდიტი დაინიშნა, მან ხელი ჩაიქნია. 1729 წლის თებერვლის ბოლოს ის გაცივდა, გაცივება გადაიზარდა ფილტვების ანთებაში და 1729 წლის 21 მარტს, 57 წლის ასაკში მეთვრამეტე საუკუნის უდიდესი ფინანსისტი, ბევრისთვის შარლატანი, ბევრისთვის კი გენიოსი[22] გარდაიცვალა. ჯონ ლოს საფლავის ქვა ვენეციაში, სან მოიზეს ეკლესიაში[23] (წყარო: Wikimedia Commons) 7. ბოლოსიტყვა: ვინ იყო ჯონ ლო? შექსპირის ტრაგედიაში მარკუს ანტონიუსი კეისარზე ამბობს: ადამიანის ავი საქმე მის შემდეგ ცოცხლობს, კეთილი ხშირად იმარხება იმის ძვლებთანვე[24]. არ მინდა რა, შევადარო ჯონ ლოსა და რომაელი დიქტატორის მასშტაბები, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორია ლოს ისევე მოექცა, როგორც ბრუტუსს უნდოდა მოქცეოდა კეისარს. განსხვავებით კეისრისგან, ლოს თავისი ანტონიუსი არ ჰყოლია და წლების მანძილზე ის მოიაზრებოდა თაღლითად, აფერისტად, მოთამაშედ და მფლანგველად, რომელმაც საკუთარი ინტერესებისა და საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გამოიყენა მთელი ქვეყანა და, საბოლოო ჯამში, გაიქცა ისე, რომ გააღატაკა ქვეყანაც და მისი მოსახლეობაც, თვითონ კი არხეინად გაატარა სიცოცხლის ბოლო წლები ვენეციაში. თავად ადამ სმითი (ვისაც, რა თქმა უნდა, ცალკე პოსტ(ებ)ს დავუთმობ), მეტად აგდებულად უყურებდა ჯონ ლოს და მის სისტემას, არადა ვის, თუ არა ეკონომიკის მამას, უნდა გაეგო სწორად ლოს იდეები[25]. ლოს კრახის შედეგად საფრანგეთმა დიდი ხნის მანძილზე თქვა უარი ბანკებზე და ქაღალდის ფული და დეკრეტული ფულის გამოშვების მისი შემდგომი მცდელობა – ე.წ. რევოლუციური ასიგნატები – ასევე კრახით დასრულდა. საუკუნეზე მეტი გავიდა, სანამ ლოს შესახებ პირველი[26] დადებითი შეფასება ჩნდება – ჩარლზ მაკეის წიგნში „ჩანაწერები ადამიანების განმაცვიფრებელი შეცდომებისა და ბრბოს სიგიჟის შესახებ“[27]. წიგნში, რომელიც ეძღვნება ყველანაირ ბუშტსა და მანიას, ტიტებიდან მოჩვენებებიან სახლებამდე, ის წერს, რომ მიუხედავად საყოველთაოდ ჩამოყალიბებული აზრისა, რომ ჯონ ლო ან გიჟი უნდა ყოფილიყო, ან ნაძირალა, ის, სინამდვილეში მოტყუებული უფრო იყო, ვიდრე მატყუარა, მის წინააღმდეგ შესცოდეს და არა მან შესცოდა. მაკეის აზრით, ლომ ვერ გათვალა, თუ რა ხარბი შეიძლება იყოს სრულიად ერი, რომ ნდობას, უნდობლობის მსგავსად, საზღვარი არ აქვს და რომ ფრანგი ხალხი, გაგიჟებული სიმდიდრით, მოკლავდა ბატს, რომელიც მისთვის ოქროს კვერცხებს დებდა[28]. გამომდინარე შედეგებისთვის, რომლებიც სისტემამ მოუტანა საფრანგეთს, საფრანგეთის მოსახლეობას და თავად ჯონ ლოს და მის ოჯახს, პრინციპში, ცხადია, რომ ჯონ ლო ნამდვილად არ ყოფილა თაღლითი. პირველ რიგში, ის უნდა ითქვა, რომ საფრანგეთის სახელმწიფომ იხეირა ლოს სისტემით – ქვეყნის ვალი მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა, თუნდაც ინფლაციის ხარჯზე. ქვეყნის მოსახლეობის ღარიბი ნაწილი დაზარალდა – როგორც თავად ლო, რომელმაც, როგორც გახსოვთ, მთელი მისი ფრანგული ქონება დაკარგა[29]. ტერენს ჰაჩისონი, წიგნში „ადამ სმითამდე“[30] წერს, სამხრეთის ზღვების კომპანიისა და მისისიპის კომპანიის ბუშტების შედარება არასწორია – ლო არასდროს ყოფილა კორუმპირებული, განსხვავებით სამხრეთის ზღვების კომპანიის დირექტორებისგან და ის სრულიად მართებულად ამბობდა, რომ ეს უკანასკნელები „მოღვაწეობდნენ ინგლისის წინააღმდეგ“ ხოლო თავად ლო – „საფრანგეთის სასარგებლოდ“[31]. ჰაჩისონი, მაკეის მსგავსად, ამბობს, რომ ლო ზედმეტად მიამიტი გამოდგა იმაში, რაც ეხება მთავრებსა და პოლიტიკოსებს, ბრბოს ფსიქოლოგიას და მის სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამეში იყო ლო დამნაშავე – სწორედ ეს მიამიტობაა. პირადად ჩემთვის ლო ტრაგიკული და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. მას გულწრფელად სჯეროდა თავისი სისტემის, მაგრამ არ გაუთვალისწინებია ამ სისტემის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა (და თვითონაც სცოდავდა ამ მხრივ). წერილებიდან ჩანს, რომ მას ძალიან უყვარდა თავის ცოლი – რომელიც, პრაქტიკულად, მოტაცა ქმარს, 1697 წელს პარიზში პირველი ვიზიტის დროს და მას შემდეგ ერთად ცხოვრობდნენ. და სრულიად ტრაგიკულია, ამიტომ, ის ფაქტი, რომ ლოს პარიზიდან გაქცევის შემდეგ, ქეთრინი და მისი ქალიშვილი, ჯონის საყვარელი შვილი ქეითი, არ გამოუშვეს და სიცოცხლის ბოლომდე აღარ უნახავს. ლოს თეორიული ნაშრომებიდან ჩანს, რომ ის იყო თავისუფლების და მინიმალური რეგულაციების[32] მომხრე ეკონომიკაში – და სისტემის გადასარჩენად დრაკონული და თეორეტიკოსი ლოსთვის სრულიად წარმოუდგენელი აკრძალვების მიღება მოუწია. და ადამიანი, რომელიც ისტორიაში უნდა შესულიყო, როგორც დღევანდელი მონეტარული თეორიის ფუძემდებელი, შევიდა მასში, როგორც თაღლითი და მატყუარა. მეც ამ აზრის ვიყავი, სანამ, ანტუან მერფის სტატიის წყალობით, უკეთ არ გავიცანი ლოს პიროვნებაც, მოსაზრებებიც და ბიოგრაფიაც. და სწორედ ამ უსამართლობის გამოსწორება მინდოდა ამ პოსტებით. [1] სადაც ის, არც მეტი არც ნაკლები, ცოლთან დაშორების მერე, კარდინალი უნდა გამხდარიყო. [2] ლო, ინგლისელ დიპლომატ კროუფორდთან საუბრისას, იხსენებდა, რომ პარიზიდან წასვლამდე რეგენტს სთხოვა ამ ნახევარი მილიონის დაბრუნება და თანხმობაც მიიღო [3] დ’არჟანსონ უმცროსმა იმ რამდენიმე ასეული ლუიდორის, რომელიც ბურბონის ჰერცოგმა პასპორტს მოაყოლა, კონფისკაცია მოახდინა და ლოს პროტესტის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს მისი საკუთარი კანონის აღსრულება იყო – ოქროს და ვერცხლის გატანა ქვეყნიდან ხომ თავად ლომ აკრძალა. [4] საინტერესოა, რომ ბრიუსელში ყოფნისას ის რუსეთის მეფის, პეტრე პირველის წარმომადგენელს შეხვდა, რომელიც რუსეთში ეპატიჟებოდა. ლომ უარი განაცხადა. [5] ასე, მაგალითად, გადმოცემით, კიოლნის ელექტორმა უარი განუცხადა ლოს ცხენებით უზრუნველყოფაზე, სანამ ის ბანკნოტების არ გადაუცვლიდა ოქროში. ლოს, რა თქმა უნდა, მონეტები არ ჰქონდა და მოუწია წერილობითი გარანტიის მიცემა, რომ მომავალში დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას. [6] თავდაპირველად, მას რომში სურდა დაბინავება, მაგრამ იმ დროს რომში იაკობიტების პრეტენდენტი, ჯეიმს სტიუარტი ცხოვრობდა და ბრიტანეთის რეზიდენტმა ვენეციაში, ელიზეუს ბერჯესმა მიანიშნა ლოს, რომ მისი პრეტენდენტის მახლობლად ცხოვრება არ იყო მიზანშეწონილი. ლოც ვენეციაში დარჩა. [7] თუმცა, უმეტეს შემთხვევებში, არავინ იცის, ლოს თანხმობით მოხდა ეს თუ მის გარეშე, რეგენტის ან რეგენტის საბჭოს მიერ. [8] მთლიანობაში, აუდიტს რვაასი გამომძიებელი დასჭირდა და ის 9 მილიონი ლივრი დაჯდა [9] თუ ისინი დამაკმაყოფილებელ პასუხს ვერ იძლეოდნენ, მათ მკაცრი ჯარიმები და ქონების კონფისკაციაც კი ელოდა; საბოლოო ჯამში ორასამდე ინვესტორი ჯამურად თითქმის 200 მილიონი ლივრით დაჯარიმდა. [10] შეგახსენებთ, რომ თავისი ქონება მან ნებაყოფლობით გადასცა მისისიპის კომპანიის ვალდებულებების დასაფარავად [11] წმინდა ფორმალურად – საყვარელი, დღეს ამას სამოქალაქო ქორწინებას უწოდებდნენ [12] კროუფორდის თქმით, რეგენტმა დადებითად მიიღო ლოს გეგმები, თუმცა, ეშინოდა რა საზოგადოებრივი რეაქციის, ორჭოფობდა ლოს დაბრუნებაზე. [13] სამეფო კარისგან წინასწარი თანხმობის მიღების გარეშე. [14] Court of King’s Bench [15] ჭორები, რომ მან საფრანგეთიდან ბევრი ფული გაიტანა, სწორედ უილიამისგან მოდიოდა, რამაც განაცვიფრა და განარისხა ლო. [16] ფორმალურად, პრემიერ-მინისტრის პოსტი იმ დროს არ არსებობდა და სერ რობერტ უოლპოლი იყო ხაზინის პირველი ლორდი და კანცლერი (the first lord of the Treasury and chancellor of the Exchequer) იყო, მაგრამ, ფაქტობრივად, ეს პრემიერ-მინისტრობის ტოლფასი გახლდათ. [17] The best-laid schemes o’ mice an’ men gang aft agley (ლექსიდან „თაგვს“) [18] ლუი მეთხუთმეტე იმ წელს გახდა სრულწლოვანი და რეგენტი აღარ სჭირდებოდა [19] ანალოგიური ბედი ეწია საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს, ფელიქს ფორს, 1899 წელს. ფრანგები… [20] ბედის კიდევ ერთი სიმუხთლე – ლომ თითქოსდა მიაღწია მოლაპარაკებებში სასურველ შედეგს, მაგრამ რამდენიმე კვირაში მაქსიმილიანი გარდაიცვალა [21] კარგი, თითქმის ყოველთვის [22] ვითომ, ერთი მეორეს აუცილებლად ხელს უნდა უშლიდეს [23] თავდაპირველად, ის სან მარკოს მოედანზე განლაგებულ სან ჯემინიანოს ეკლესიაში დაასაფლავეს. 1807 წელს, როდესაც ვენეცია ნაპოლეონს ეკუთვნოდა, ეს ეკლესია დაანგრიეს. თუმცა, ჯონ ლოს, როგორც არაერთხელ სიცოცხლის მანძილზე, აქაც გაუმართლა – ქალაქის იმდროინდელი გუბერნატორი იყო ლორისტონის მარკიზი ჟაკ ალექსანდრ ბერნარ ლო, ჯონ ლოს ძმის შვილიშვილი. მისი ბრძანებით, ეკლესიის დანგრევამდე ბაბუამისის ძმის ნეშტი გადაიტანეს ახლო მდებარე სან მოიზეს ეკლესიაში, სადაც ის დღემდე განისვენებს. [24] The evil that men do lives after them; The good is oft interred with their bones (იულიუს კეისარი, მოქმედება III, სცენა 2, თარგმანი ივანე მაჩაბლისა). [25] ადამ სმითი სკეპტიკურად და მტრულადაც კი უყურებდა ბანკებს და ქაღალდის ფულს. ეს იყო ეირ ბანკის 1772 წლის კრიზისის დამსახურება, რომელშიც მისმა მფარველმა და ყოფილმა აღსაზრდელმა, ბაკლიუს ჰერცოგმა დიდძალი ფული დაკარგა. [26] ჩემთვის ცნობილი. სრულიად რეალისტურია, რომ ლოს შესახებ დიდძალ ლიტერატურაში, ვინმე გამომრჩენოდა. [27] Memoirs of Extraordinary Popular Delusions and the Madness of Crowds, Charles Mackay, 1841 [28] XIX საუკუნე – მეტაფორების და ხატოვანი ენის სამოთხე [29] როგორც ადრეც ვთქვი, თავად ის ფაქტი, რომ ლო შემოსავლის დაბანდებას ძირითადად საფრანგეთში განლაგებულ უძრავ ქონებაში ახდენდა, საბუთია იმისა, რომ ის არ აპირებდა ფულის სწრაფ მოხვეჭას და გაქცევას, როგორც ნებისმიერი აფერისტი იზამდა. [30] Terence Hutchison – “Before Adam Smith: The Emergence of Political Economy, 1662-1776”, 1988 [31] ციტირებულია ჰაჩისონის მიხედვით [32] უცხოეთთან ვაჭრობაზე გარკვეული რეგულაციების გარდა წყაროები: Desmedt, L., 2005. Money in the” Body Politick”: The Analysis of Trade and Circulation in the Writings of Seventeenth-Century Political Arithmeticians (No. halshs-00068569).Duff, R., JOHN LAW: A LIFETIME’S CONTRIBUTION TO MONETARY ECONOMICS.Gleeson, J., 2012. The moneymaker. Random House.Goetzmann, W.N., 2016. Money changes everything: How finance made civilization possible. Princeton University Press.Hamilton, E.J., 1967. John Law of Lauriston: Banker, Gamester, Merchant, Chief?. The American Economic Review, 57(2), pp.273-282.Hanley, R. and Paganelli, M.P., 2014. Adam Smith on money, mercantilism, and the system of natural liberty. Money and Political Economy in the Enlightenment, Oxford University Studies in the Enlightenment. D. Carey (ed.), Oxford, Voltaire Foundation, Forthcoming.Hu, Y. and Oxley, L., 2017. Exuberance in historical stock prices during the mississippi and south seas bubble episodes.Hutchison, T.W., 1997. Before Adam Smith: the emergence of political economy, 1662-1776. Blackwell.Kaiser, T. E. (1991). Money, Despotism, and Public Opinion in Early Eighteenth-Century France: John Law and the Debate on Royal Credit. The Journal of Modern History, 63(1), 1-28.Kindleberger, C.P., 2015. A financial history of Western Europe. Routledge.Mackay, C., 2012. Extraordinary popular delusions and the madness of crowds. Simon and Schuster.Monroe, A.E., 1923. Monetary Theory before Adam Smith (Vol. 25). Harvard University Press.Martin, F., 2014. Money: The unauthorised biography. Random House.Murphy, A.E. and Murphy, F.E.E.A.E., 1997. John Law: Economic theorist and policy-maker.Murphy, A.E., 2007. Death in Venice–John Law: Art collector, monetary theorist and corporate financier. In Money and Markets (pp. 182-196). Routledge.Murphy, A.E., 2009. The genesis of macroeconomics: new ideas from Sir William Petty to Henry Thornton. Oxford University Press.Oxford University Press on Demand.Rowlands, G., 2014. Dangerous and Dishonest Men: The International Bankers of Louis XIV’s France. Springer.Velde, F.R., 2007. John Law’s System. American Economic Review, 97(2), pp.276-279.Velde, F.R., 2008. French public finance between 1683 and 1726. Government Debts and Financial Markets in Europe, 160.Velde, F.R., 2016. What we learn from a sovereign debt restructuring in France in 1721. Economic Perspectives, 5, pp.1-17.https://voltairefoundation.wordpress.com/2014/05/15/the-trouble-with-money-crashes-recoinage-and-war-in-the-enlightenment/http://www.thebubblebubble.com/mississippi-bubble/https://www.jdsupra.com/legalnews/the-mississippi-company-when-things-get-43962/https://www.winton.com/longer-view/the-mississippi-bubblewww.gfdblog.com/GFD/Blog/mississippi-bubble-how-french-eliminated-all-government-debthttps://www.tcd.ie/Economics/assets/pdf/SER/1998/Fraser_Hosford.html