Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'(გაგრძელება)' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. 2. მონეტარული პოლიტიკა შუა საუკუნეებში მონეტარული მოვლენები სეისმოგრაფივითაა, რომელიც არა მხოლოდ არეგისტრირებს მიწისძვრებს, არამედ ზოგჯერ იწვევს კიდეც მათ. მარკ ბლოკი[1] ვიდრე ეკონომიკაში ორემის წვლილზე გადავიდოდით, უპრიანი მგონია, შუა საუკუნეების ფულის და მონეტარული მოწყობის მცირე მიმოხილვა შეგთავაზოთ. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ფულის მოჭრა შუა საუკუნეებში სრულიად სხვა პრინციპებითა და კანონზომიერებებით ხასიათდებოდა – ეკონომიკის კანონები მეტ-ნაკლებად უნივერსალურია[2]. მაგრამ, თუკი დეკრეტული ფულის[3] დღევანდელი სისტემა საკმაოდ ხისტ ჩარჩოშია მოქცეული[4] (იგივე შეიძლება ითქვას მის წინამორბედზე – დღეს უკვე მოძველებულ ოქროს სტანდარტზე), შუა საუკუნეებში „მონეტარული პოლიტიკა“ ხშირად დამოკიდებული იყო ხელისუფლის კაპრიზებზე. და მეორე: სწორედ ასეთი კაპრიზების შედეგია ორემის ტრაქტატი – მცდელობა დაარწმუნოს ხელისუფალი, რომ ფული და გადაწყვეტილებები მასთან დაკავშირებით მხოლოდ სუვერენს არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომ ორემის ტრაქტატის განხილვა მხოლოდ შუა საუკუნეების „მონეტარული პოლიტიკის“ ჭრილში არის შესაძლებელი[5]. რომის იმპერიაში[6], მისი არსებობის ბოლოსკენ, ფულის ძირითადი სახეობა იყო ოქროს სოლიდუსი, რომელიც კონსტანტინე დიდმა შემოიღო, და სხვადასხვა ტიპის სპილენძის ხურდა ფული[7], რომელთაგან მეხუთე საუკუნის შუისკენ შემორჩა ნუმუსი – 1/7200 სოლიდუსი[8]. საუკუნის ბოლოსკენ ზარაფხანებმა 40 ნუმუსიანი მონეტების – ფოლისების მოჭრა დაიწყეს, რომლებიც მალე გაცვლის ძირითადი საშუალებაც გახდა. მიუხედავად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა, ფულის მოჭრა არ შემწყდარა[9] და მეროვინგებიც და ვიზიგოთი მეფეები აგრძელებდნენ მონეტების მოჭრას[10]. ამასთან, დროთა განმავლობაში, ოქრო გავიდა ხმარებიდან და დაახლოებით 5 საუკუნის მანძილზე, 1250-იან წლებამდე[11], დასავლეთ ევროპის ფეოდალური სახელმწიფოები მხოლოდ ვერცხლის ფულს ჭრიდნენ[12]. ფრანკების იმპერატორის, კარლოს დიდის (შარლემანის) რეფორმის შედეგად ვერცხლის ერთი გირვანქა[13] დაიყო 20 სოლიდუსად; სოლიდუსი კი, თავის მხრივ გაუტოლდა ვერცხლის 12 დენარიუსს. სწორედ აქედან მოდის კავშირი: 1 გირვანქა = 20 შილინგი = 240 პენსი, რომელიც უცვლელი იყო არათუ მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, არამედ ნაპოლეონის 1795 წლის რეფორმებამდე[14], მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ წონის ერთეულთან ამ ფარდობებს, შესაძლოა, კავშირი აღარ ჰქონოდა. საბოლოო ჯამში, დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა მონეტარული სისტემა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა რომაულ-ბიზანტიურისგან და დაფუძნებული იყო ვერცხლის პენსზე/დენიეზე – დიდი ხნის მანძილზე მიმოქცევაში არსებულ ერთადერთ მონეტაზე. ნიკოლა ორემის ტრაქტატიც სწორედ ამ სისტემის ჩარჩოში არის მოქცეული. მაგრამ განსხვავება დღევანდელ და შუა საუკუნეების სისტემებს შორის არა მხოლოდ თვლის ფუძეშია (კელტურ-ბაბილონური 240 იქნება, თუ ნაპოლეონის 100 – ეს ხომ მხოლოდ ფორმალობაა). ის გაცილებით უფრო ძირეულია და მის აღსაქმელად საჭიროა, ორიოდე სიტყვა ფულის ფუნქციების შესახებ[15]. მაკროეკონომიკის საწყისების ნებისმიერ სახელმძღვანელოში მოყვანილია ფულის ძირითადი ფუნქციები: 1) გაცვლის საშუალება – ჩვენ ვიყენებთ ფულს საქონლის/მომსახურების საყიდლად; 2) ღირებულების სტანდარტი – ჩვენ აღვრიცხავთ სხვადასხვა ფასებს, ღირებულებებს, ხელფასებს, იჯარას, სარგებელს ფულის ერთეულებში; 3) დაგროვების საშუალება – ფული შეგვიძლია არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი ტრანზაქციებისთვის გამოვიყენოთ; და 4) გადავადებული გადახდის საშუალება – ჩვენ ვიყენებთ ფულს, როგორც კრედიტის/ვალის ინსტრუმენტს. დღეს, გარდა განსაკუთრებული, კრიზისული შემთხვევებისა[16], ის ფული, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა იყენებს, ლარი იქნება, დოლარი, თუ ზლოტი, ოთხივე ფუნქციას ითავსებს[17]. მაგრამ შუა საუკუნეებში სიტუაცია განსხვავებული იყო – ცალკე იყო ფული, როგორც გაცვლის და დაგროვების საშუალება და ცალკე – როგორც აღრიცხვის ერთეული. შესაბამისად, ეკონომიკისა და ფულის ისტორიკოსები განასხვავებენ ფაქტობრივ მონეტებს, როგორც გაცვლის საშუალებას და ე.წ. აღრიცხვის ფულს (money of account)[18], რომელიც, თითქმის ექსკლუზიურად, ბუღალტრული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ფინანსური ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ აღრიცხვის ფულის ერთეულებში განისაზღვრებოდა და გამოისახებოდა, მაშინ, როდესაც გადახდები მონეტებში (ან სხვა საშუალებით[19]) იწარმოებოდა. მეტიც, თავად ფიზიკური მონეტებიც განიხილებოდა, როგორც აღრიცხვის ფულის ერთეულებში გამოსახული საქონელი და, შესაბამისად, მათი ღირებულებაც, როგორც ნებისმიერი სხვა საქონლისა, მერყევი იყო. აღრიცხვის ფული საჭირო იყო იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მონეტებს ჭრიდნენ და, ვაჭრობის განვითარებასა და, განსაკუთრებით, ბაზრობების პოპულარიზაციასთან ერთად, საჭირო გახდა რაღაც საერთო მნიშვნელი, ათვლის წერტილი, რომელიც ყველა მონეტას და ვალუტას გააერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ შარლემანის რეფორმა ამ მიზანს არ ითვალისწინებდა, ის იდეალური საერთო მნიშვნელი გახდა[20]. შედეგად შექმნილი სისტემის მარტივად აღწერა შემდეგნაირად შეიძლება: არსებობს აღრიცხვის ფულის ერთეული – ლივრი[21]. ის არ არსებობს ფიზიკური ფორმით და მხოლოდ ფასდადების/აღრიცხვის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ყველა ფასი, ანგარიში, ვალი, გადასახადი, ხელფასი – ყველაფერი აღირიცხება ლივრებში, მაგრამ გადახდა/ანაზღაურება წარმოებს ფულის ფიზიკურ ერთეულებში, მონეტებში[22]. ადამიანებისთვის ლივრი (და მისი 1/20 და 1/240) იყო უცვლელი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვლილიყო მასში გამოსახული საქონლის ან ძვირფასი ლითონების ფასი[23]. ამ სისტემის მუშაობისთვის საჭიროა „ოფიციალური განცხადება“, რომელიც დააკავშირებს ფულის ფიზიკური ერთეულის ღირებულებას და აღრიცხვის ფულს. მაგალითად, როდესაც პირველად მოიჭრა პრაღის გროში, ის გამოცხადდა ერთი სოლიდუსის/შილინგის ღირებულების მქონედ; ფლორენციული ფლორინი შეიქმნა, როგორც ლივრის მატერიალური ფორმა; და ა.შ. როდესაც ქალაქში/ქვეყანაში ბევრი სხვადასხვა ტიპის მონეტა ტრიალებდა, ადგილობრივი ზარაფხანები აწარმოებდნენ „კურსების“ გარკვეულ ნუსხას[24], სადაც თითოეულ მონეტას შეესაბამებოდა ლივრების/სუების/დენიეების[25] კონკრეტული რაოდენობა. შესაბამისად, ნებისმიერი ვაჭრისთვის საკმარისი იყო თავისი საქონლის ფასი დაეფიქსირებინა აბსტრაქტულ ლივრებში და კურსით მიეღო ნებისმიერი მონეტა[26], რომელსაც მყიდველი მიუტანდა. ამავე დროს, ყოველთვის არსებობდა ე.წ. გადაბმის (link) მონეტა – მიუხედავად იმისა, რომ ლივრი/გირვანქა და სუ/შილინგი პრაქტიკულად არასდროს არსებობდა ფიზიკური სახით, დენიე/პენსი იჭრებოდა და წარმოადგენდა ერთდროულად აღრიცხვის ფულის მატერიალურ ანალოგს და გაცვლის საშუალებას. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ მონეტარულ სისტემას, ამ სისტემასაც ჰქონდა ნაკლი. „ოფიციალური განცხადება“, რომელიც ზემოთ ვახსენე, როგორც წესი, მოდიოდა ხელისუფლისგან. და ხელისუფალს ყოველთვის ჰქონდა სტიმული (სულ ერთია – ვის ხარჯზე), მოგება ენახა. ამიტომ ხშირი იყო ე.წ. ფულის დეგრადაცია[27] – როდესაც ხელისუფალი ხელოვნურად ზრდიდა მონეტების ფასს ლივრებში. დავუშვათ, მეფემ ისესხა 5000 ლივრი, როდესაც ერთი ოქროს ფლორინი 5 ლივრს უტოლდებოდა. ვალის დაბრუნებისას მეფეს შეეძლო გამოეცხადებინა, რომ აწი ერთი ოქროს ფლორინი 10 ლივრი ღირს და 1000 ფლორინის ნაცვლად მხოლოდ 500 დაებრუნებინა. მაგრამ ეს მხოლოდ გამარტივებული ახსნაა იმისა, თუ როგორ მუშაობდა შუა საუკუნეებში მონეტარული პოლიტიკა. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ზარაფხანები, როგორც წესი, ეკუთვნოდა ხელისუფალს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ადგენდა კონკრეტული მონეტასა და ვერცხლს შორის ოფიციალურ კურსს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა ზარაფხანაში ვერცხლის ზოდით, რომლისგანაც ზარაფხანაში მოუჭრიდნენ შესაბამისი რაოდენობის მონეტებს – 1 გირვანქა ვერცხლიდან[28] მოიჭრებოდა 240 ვერცხლის პენსი. რაიმე შეზღუდვა ზარაფხანაში ძვირფასი ლითონის მიტანაზე ვერცხლის მოსაჭრელად არ არსებობდა – ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მიეტანა ვერცხლი ნებისმიერი სახით – იქნებოდა ეს ზოდები, სამკაულები, ჭურჭელი თუ უცხოური მონეტები. ამასთან, ზარაფხანის მომსახურება უფასო არ ყოფილა – ლითონის მონეტებში გარდაქმნას სჭირდებოდა დრო, სამუშაო ძალა და, იმ შემთხვევაში, როდესაც მონეტა ვერცხლისა და სპილენძის/ბრინჯაოს შენადნობიდან იჭრებოდა – შესაბამისი ოდენობის აღნიშნული ლითონები. ამ ყველაფერში ზარაფხანა იღებდა ანაზღაურებას, რომელსაც ბრასაჟი[29] ეწოდებოდა. გარდა ამისა, მონეტის მოჭრა იბეგრებოდა გადასახადით – სენიორაჟით[30] – რომელიც ხელისუფლის შემოსავალს წარმოადგენდა. შესაბამისად ზარაფხანაში მიტანილი ლითონის ღირებულება მონეტებში ნაკლები იყო, ვიდრე ლითონის წონა, რაც, თითქოს, ამცირებდა ვერცხლის მონეტად გარდაქმნის სტიმულს, რადგან ვაჭრები ვერცხლის ნატეხებსაც მიიღებდნენ საქონლის საფასურად. მეორე მხრივ, ვაჭრებს ერჩივნათ მონეტების მიღება, რადგან მონეტები უკვე სტანდარტიზებული იყო და აწონვა/გადამოწმებას არ საჭიროებდა. ამიტომ მონეტები უფრო მაღლა ფასობდა, ვიდრე იმავე წონის ვერცხლის ნატეხი. ამ „ფასნამატს“ აჯიო[31] ერქვა. მთლიანობაში აჯიო უფრო მეტი იყო, ვიდრე ბრასაჟის და სენიორაჟის ჯამი, რაც აძლევდა კერძო პირებს სტიმულს მიეტანათ ლითონი ზარაფხანაში და მოეჭრათ მონეტები. როგორ შეეძლო ხელისუფალს მიეღო მოგება? თითქოს, ყველაზე მარტივი მეთოდი იყო სენიორაჟის გაზრდა[32] – გავზარდოთ მონეტის მოჭრის ღირებულება და გავისქელოთ ჯიბეები[33]. მაგრამ ეს მოუკლავდა მოსახლეობას სტიმულს წაეღო ვერცხლი ზარაფხანაში და ხელისუფლის შემოსავალი პირიქით, შემცირდებოდა. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ სენიორაჟიც გაზრდილიყო და მოსახლეობას არ შეეწყვიტა ფულის მოჭრა იყო მონეტების რაოდენობის ზრდა, რომლის მოჭრა იყო შესაძლებელი ლითონის ერთი გირვანქისგან. სწორედ ეს არის ფულის დეგრადაცია – ფულის ფიზიკურ ერთეულში ძვირფასი ლითონის წილის შემცირება. რა თქმა უნდა, ამას არა მხოლოდ ხელისუფლები აკეთებდნენ: ხანგრძლივი გამოყენებისას მონეტები თავისითაც ცვთებოდა; ხშირი იყო „მოკვნეტის“ (clipping) პრაქტიკა, როდესაც მონეტებს გვერდებიდან ცოტ-ცოტა ვერცხლს აკვნეტდნენ და, საკმარისი რაოდენობის შეგროვების მერე, ერთ ან რამდენიმე ახალ მონეტას იღებდნენ; ასევე იყენებდნენ მონეტების „გაოფლვას“ (sweating), როდესაც ბევრი მონეტა ერთად პატარა ტომსიკაში გროვდებოდა და ამ ტომსიკას აქტიური შენჯღრევის შედეგად, მონეტებს ლითონის ნაწილაკები ცილდებოდა, რომლებიც ტომსიკაში რჩებოდა; განსაკუთრებით გამჭრიახი თაღლითები მონეტებს მცირე ხნით აზოტმჟავაში „აბანავებდნენ“ და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის საინტერესო, სწორედ ხელისუფლის გადაწყვეტილებებია, რომლებიც მთლიანად ფულის და არა ცალკეული მონეტის ღირებულებას ცვლიდა. პირველ რიგში, დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ცვეთისა და ზემოხსენებული თაღლითობების შედეგად ძველი მონეტები ნელ-ნელა მასობრივად კარგავდნენ წონას და ამიტომ ყოფილა ე.წ. თავდაცვითი, „კარგი დეგრადაციის“ შემთხვევები, რომლებიც ახალი მონეტების წონასა და ძველი, გაცვეთილი მონეტების წონას უტოლებდა ერთმანეთს, რაკიღა მათი ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე იყო. მაგრამ ასეთ დეგრადაციასთან ერთად არსებობდა აგრესიული დეგრადაციაც – სწორედ ის, რომლის მაგალითიც რამდენიმე აბზაცის წინ მოვიყვანე. მარცხნივ: ედუარდ მესამის ნახევარპენსი (halfpenny); მარჯვნივ – ჰენრი მეექვსის ნახევარპენსი. კარგად ჩანს მონეტებიც ცვეთაც და „მოკვნეტაც“. ასევე, მცირე განსხვავება ზომებში (მეფეებს შორის ქრონოლოგიური განსხვავება დაახლოებით 1 საუკუნეა). წყარო: ავტორის პირადი კოლექცია აგრესიული დეგრადაცია, როგორც წესი, გამოიყენებოდა ომების დასაფინანსებლად და ამით განსაკუთრებით სცოდავდნენ საფრანგეთის მეფეები[34] – მეფე ჟან მეორის მეფობისას, სხვადასხვა მონაცემებით ლივრმა ღირებულება 86-ჯერ შეიცვალა (ხოლო 1350-1360 წლებში – 71-ჯერ), თან ორივე მიმართულებით. ასეთი მონეტარული პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო ყველასთვის. და სწორედ მის წინააღმდეგ გაილაშქრა ნიკოლა ორემმა თავის ტრაქტატში „De Moneta”, რომლის ხათრითაც დაიწერა ეს ჩანართი და რომელსაც მიეძღვნება შემდეგი პოსტი. [1] Bloch, Marc. Esquisse d’une histoire monétaire de l’Europe. Vol. 9. A. Colin, 1954, ციტირებულია Munro (2015)-ის მიხედვით. განსხვავებით ბევრი ისტორიკოსისგან, ბლოკი უშვებს ფულის „ავტონომურ როლს“, რომ ის შეიძლება იყოს სუბიექტი და არა მხოლოდ ობიექტი ისტორიული ცვლილებებისა. [2] უმეტესობა. ფულთან დაკავშირებულები მაინც. ნაწილობრივ. [3] როდესაც რაიმე მხოლოდ იმიტომ არის ფული, რომ ამას სახელმწიფოს დეკრეტი ან რაიმე სხვა საკანონმდებლო დოკუმენტი ადგენს და არა იმიტომ, რომ მას შინაგანი ღირებულება გააჩნია. [4] მიუხედავად ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობისა და მათ განკარგულებაში არსებული დისკრეციისა. [5] რა თქმა უნდა, ორემის დასკვნების განზოგადება შესაძლებელია და აუცილებელიც კი. მხოლოდ თავისი დროის კონტექსტით რომ იყოს შემოფარგლული, ტრაქტატის მნიშვნელობა ეკონომიკური აზრის ისტორიისთვის გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მაგრამ მისი კონტექსტის გარეთ განხილვა არასწორია. [6] ეს არის შუა საუკუნეების ფულის ისტორიის ძალიან მოკლე და, ამდენად, ძალიან არასრული მიმოხილვა. საუკეთესო ნაშრომი ამ თემაზე (ჩემ ხელთ ჩავარდნილთა შორის) არის პიტერ სპაფორდის „ფული და მისი გამოყენება შუა საუკუნეების ევროპაში“ (Peter. Spufford „Money and its use in medieval Europe“ 1989). [7] ამ დეტალების განხილვა ნამდვილად შორს წაგვიყვანს, ყველაზე კარგი და დეტალური ინფორმაცია ამ პერიოდის რომის მონეტების შესახებს შეგიძლიათ ნახოთ ჰაროლდ მატინგლის 1946 წლის სტატიაში „რომის იმპერიის მონეტარული სისტემები დიოკლეტიანედან თეოდისიუს I-მდე“. [8] თუმცა, არც ეს ფარდობა იყო მუდმივი. [9] გარდა ბრიტანეთისა, სადაც დაახლოებით 200 წლის მანძილზე მონეტების მიმოქცევა სრულიად შეწყდა. [10] ზოგჯერ რომაელი და ბიზანტიელი იმპერატორების გამოსახულებებით და სახელებით. [11] 1252 წელს ოქროს მონეტები დაბრუნდა გენუაში (ჯენოვინო) და ფლორენციაში (ფლორინი). [12] იშვიათი და ერთჯერადი გამონაკლისების გარდა. [13] შარლემანმა გაზარდა გირვანქის წონაც, რომაულთან შედარებით, თუმცა, თუ რამდენს იწონიდა შარლემანის გირვანქა, ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან. ყველაზე ხშირად (ჩემთვის ხელმისაწვდომ წყაროებში) სახელდება 489.6 გ. [14] ინგლისში კი ეს ფარდობა არსებობდა 1971 წლის 15 თებერვლამდე – როდესაც გირვანქა სტერლინგი ათობით სისტემაზე გადავიდა. [15] ეს მონაკვეთი, ძირითადად, ეყრდნობა პიტერ სპაფორდის წიგნის მეორე დანართს და ლუიჯი ეინაუდის სტატიებს. [16] ქართული კუპონი, ზიმბაბვური დოლარი, ვენესუელური პესო. [17] ერთი, ფრიად საინტერესო გამონაკლისია, ჩილე. პოსტი ეკუთვნის, კი. [18] ლუიჯი ეინაუდი მას წარმოსახვით ფულს (moneta immaginaria) უწოდებს. [19] მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მონეტები არ იყო გაცვლის ერთადერთი საშუალება შუა საუკუნეებში. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ გადახდის სისტემა ევოლუციურად განვითარდა და ფულმა მთლიანად შეცვალა ბარტერი, ბარტერი, როგორც გაცვლის საშუალება არსებობდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ფულზე დაფუძნებული ტრანზაქციების პარალელურად. მეტიც, ბარტერული ტრანზაქციები შესაძლებელია აღრიცხულიყო ფულადი სახით, სწორედ ზემოხსენებული აღრიცხვის ფულის ერთეულებში. ეს არ ნიშნავდა, რომ თავად ტრანზაქცია ფულით მოხდა. ბარტერის პარალელურად ხშირი იყო კრედიტიც – თანხის მომავალში გადახდის დაპირება, რომელიც ფიქსირდებოდა ქაღალდზე ფორმალურად (ნოტარიულად) ან არაფორმალურად. ამის მაგალითები იყო: ე.წ. lettres de foire (ბაზრობის წერილები), როდესაც ვაჭარი ყიდულობდა საქონელს ერთ ბაზრობაზე და იძლეოდა დაპირებას გადაეხადა შემდეგზე (ქართულად – „პოსლეზე“); გაცვლის ანგარიშები (bills of exchange) – ვაჭრის დაპირება გადაიხადოს ნასესხები თანხა ან მიღებული საქონლის საფასური უფრო გვიანდელ დროს, სხვა ქალაქსა და სხვა ვალუტაში; და საბანკო ფული (moneta di banco), რომელიც გავრცელებული იყო იტალიაში და რომელიც წარმოადგენდა დავთრებში ასახულ დეპოზიტებს და მათი მეშვეობით ანგარიშიდან ანგარიშზე ფულის გადატანას, მისი ფიზიკური მოძრაობის გარეშე. [20] აღსანიშნავია, რომ აღრიცხვის ფულის შექმნა არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი – ასე გამოვიდა. [21] იგივე გირვანქა, ფუნტი, ლიბრა ან ლირა. ლივრზე შევჯერდეთ, რაკი, რაღაც ეტაპზე, ორემთან დაბრუნების იმედი მაქვს. [22] ნიშანდობლივია, რომ შუა საუკუნეებში არც ერთ მონეტას არ ჰქონდა დატანილი ნომინალის შესაბამისი რაიმე წარწერა – ის მხოლოდ დიზაინით/ზომით/ლითონით იცნობოდა ხოლმე. [23] ეს მნიშვნელოვანია – განსხვავებით ოქროს სტანდარტის მომხრეებისგან, შუა საუკუნეებში ადამიანებს ესმოდათ, რომ ოქრო უბრალოდ კიდევ ერთი საქონელია და არა ფულის იდეალი. [24] დღეს ბლუმბერგზე რომ შევდივართ კურსის სანახავად, ამის ანალოგი იყო. [25] გირვანქების/შილინგების/პენსების. [26] ეინაუდის აქვს არასრული ჩამონათვალი: ოქროს მონეტები – ფლორინები, დუკატები, ცეხინები, ანგელოსები, ნობლები, სოვერენები, ეკიუ, ლუიდორები, დუბლონები, გილდერები; ვერცხლის – დოლარები, თალერები, პიასტრები, ტესტონები, ვერცხლის ლუი და ა.შ.; სპილენძისა და ოქროს/ვერცხლის შენადნობის (ე.წ. ბილონის) მონეტები – ფართინგები, ობოლები, სტივერები, დუზენები, და ა.შ. [27] Debasement. მე არ შემხვედრია ამ თემაზე დაწერილი ქართული ნაშრომები და, შესაბამისად, არც ამ ტერმინის ქართული ვარიანტი. ვიკიპედიაზე მოცემული „დემონეტიზაცია“ აბსოლუტურად არასწორია და არ შეესაბამება ამ ტერმინის შინაარსს. ამიტომ, ამ პოსტის ფარგლებში, გამოვიყენებ სიტყვას „დეგრადაცია“. [28] მოთხოვნის შემთხვევაში, ზარაფხანები, ასევე, ჭრიდნენ ოქროს და სპილენძის მონეტებსაც, თუმცა განვმეორდები – ძირითად ლითონს ფულისთვის შუა საუკუნეებში წარმოადგენდა ვერცხლი. [29] Brassage [30] Seigniorage, ტერმინი, რომელიც დღესაც გამოიყენება მონეტარულ პოლიტიკაში. [31] Agio/aggio; სიტყვაზე, ვერცხლის 1-გრამიანი მონეტა იცვლებოდა 1.1 გრამ ვერცხლის ნატეხში. [32] სწორედ ასე იქცევიან დღეს ის ქვეყნები, რომლებშიც ცენტრალური ბანკი ფისკალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. [33] ხაზინა, მაგრამ ხელისუფლისთვის რა განსხვავებაა? [34] ინგლისის მონეტები დიდი ხნის მანძილზე საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა – სანამ ჰენრი მერვემ 9 წლის მანძილზე ათჯერ არ განახორციელა ფულის დეგრადაცია, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 30-40-ით აიაფებდა ფულს. 1541-1556 წლებში ინფლაციამ ინგლისში 123% შეადგინა.