Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ცოდნის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ომის ბუნებისა და სამხედრო ისტორიული ცოდნის შესახებ 13:20, 09.07.2019 ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ჰელმუტ ფონ მოლტკე უფროსი ადამიანის სოციალურად დატვირთულ საქმიანობებს შორის ომი ერთ-ერთი უძველესი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მორალური თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საქმიანობაა. მისი წარმოშობა იმდენად ღრმა წარსულში იკარგება, რომ ნებისმიერი განსჯა ე.წ. პირველი დაპირისპირების შესახებ მხოლოდ სპეკულაციური შეიძლება იყოს. არის ეს ჩვენი ცხოველური ბუნების (ინსტინქტის), ასე ვთქვათ, გაადამიანურებული სახე (ისეთივე, როგორც მაგალითად, სიყვარულია, რომლის არსი გამრავლების (სახის შენარჩუნების) ინსტინქტს ეყრდნობა), თუ სხვა რამ (მაგალითად _ ბედისწერა), სავარაუდოდ, ის თემებია, რომელთა შესახებ ყოველი მოსაზრება ერთნაირი ალბათობით შეიძლება ჭეშმარიტად მივიჩნიოთ. თუმცა ეს ჭეშმარიტება ვერასოდეს ვერ გასცდება ჰიპოთეტური ჭეშმარიტების საზღვრებს. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, აღნიშნული პრობლემა თავისი არსით წმინდად ფილოსოფიურია და ნებისმიერი ვარაუდი შესაძლოა საკმაოდ საინტერესო მსჯელობებს დაედოს საფუძვლად. ერთადერთი, რაც დადასტურებულად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ რაც საზოგადოება არსებობს, ადამიანი ყოველთვის ომობს. ხოლო, რაც კაცობრიობას მეხსიერება გააჩნია, ის ომობს ყველა იმ კომპონენტის გამოყენებით, რაც ამისათვის აუცილებელია. მეტიც, ეს არის არა რაიმე ცალკე აღებული ცივილიზაციის ნიშანი, არამედ საყოველთაო ხდომილება: დიდი ცივილიზაციური კერები, რომელთაც საუკუნეები დასჭირდათ ერთმანეთთან შეხებაში რომ მოსულიყვნენ, საოცარ ერთნაირობას ამჟღავნებენ ომის წარმოების კუთხით. არსებითად ერთი და იგივე იარაღი, სატრანსპორტო საშუალებები, საბრძოლო სივრცეზე გადაადგილებების და მოქმედებების ხასიათი, ბრძოლის შედეგების ექსპლუატაცია, თუ სხვა რამ, რასაც კულტურული გარემოს უთუო კვალი უნდა აჩნდეს, ერთი და იგივეა ცივილიზაციიდან ცივილიზაციამდე. ასე რომ თეზისს – ადამიანი ყოველთვის ომობს, შესაძლოა დაემატოს თეზისი, რომ ის ომობს ყველგან და ომობს ერთნაირად. ზემოთ ჩვენ ფილოსოფია ვახსენეთ. ერთი შეხედვით კითხვები – რა არის ომი, როგორია მისი ბუნება, რატომ ომობს ადამიანი – წმინდად ფილოსოფიურია და ბევრს არ უნდა გვაძლევდეს პრაქტიკული სამხედრო მოქმედებისთვის. ნაწილობრივ, ეს ასეცაა, განსაკუთრებით საკითხს თუ მორალური ფილოსოფიის კუთხით მივუდგებით: რა არის ომი – ბოროტება თუ სიკეთე? უღირს კი ადამიანს, ომის ფასად, იმ ბოროტებათა ფასად, რასაც ომი წარმოშობს, აღისრულოს თავისი, თუნდაც სამართლიანი, საწადელი? კითხვა არც ახალი და არც მთლად რიტორიკულია. ვისაც ახსოვს ბჰაგავადგიტა, აუცილებლად ემახსოვრება ეპიზოდი, როდესაც ბრძოლის წინ, კურუკშეტრას ველზე, მეფობის და სიმართლის მაძიებელი არჯუნა ბრძოლაზე უარს აცხადებს: ერთბაშად, ის აცნობიერებს, რომ იმ ადამიანთა სისხლი, რომელიც უნდა დაიღვაროს, გაცილებით უფრო ფასეულია, ვიდრე ამ სისხლით მოპოვებული გამარჯვება. მეტიც, ის აცნობიერებს, რომ მისივე სიცოცხლეა ნაკლებ ფასეული და მზადაა ის გაიღოს, თუ კი ეს შესაძლებელს გახდის ძმათამკვლელი ომის თავიდან აცილებას. საკითხის ამდაგვარად დაყენებას და ჩვენს შორის კაცობრიობის ისტორიის დაახლოებით 2500 წელი დგას. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მთელი ამ პასაჟის ძალა არა არჯუნას მიერ დასმულ კითხვაშია, არამედ იმ გამაოგნებელ პასუხში, რომელსაც მას კრიშნა აძლევს და რაც შემდგომ ინდური ცნობიერების, მისი ფილოსოფიის და კულტურის უშრეტი შთაგონების წყარო ხდება: „ცდება ის, ვისაც ჰგონია რომ კლავს, ცდება ისიც, ვისაც ჰგონია რომ ჰკლავენ; დაბადება წესია მოკვდავისა და სიკვდილი დაბადებულისთვის, გარდუვალისთვის არა ხამს ჭმუნვა; ბრძენი ამაზე არ წუხს,… ხოლო მეომარი სიხარულით შედის სამართლიან ომში“.ამგვარად ის, რომ ომი მორალური დილემის წინაშე აყენებს ადამიანს, მხოლოდ ცრუ განცდაა. ომი არის ხდომილება, რომელიც უნდა მიიღო, როგორც ის არის და იმოქმედო ისე, როგორც გეკუთვნის. საინტერესოა, რომ ომისადმი ასეთი დამოკიდებულება, ის აზრი, რომ ომი არც სიკეთე და არც ბოროტებაა, არამედ ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მეტიც, აუცილებელი ნაწილია, საკმაოდ გავრცელებულია. საინტერესოა ისიც, რომ ამ ადამიანთა უდიდესი ნაწილი თვლის, რომ თუ არა ომი, შეუძლებელი იქნებოდა ადამიანის ყველაზე კარგი თვისებების გამოვლენა: ვაჟკაცობა, სიმამაცე, რაინდობა, თავგანწირვა, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად გაღება. ეს ის თვისებებია, რომელიც, თუ არა ომი, არასოდეს წარმოჩინდებოდა. სხვადასხვა ადამიანები, მაგალითად, ისეთი განსხვავებულნიც კი, როგორიცაა გერმანელი გენერალი მოლტკე, ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი, ფლორენციელი მაკიაველი, რუსი მოაზროვნე ნიკოლაი ბერდიავი და ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ერთსულოვანნი არიან ომის, როგორც მორალურ ღირებულებათა ერთგვარი საყრდენის შეფასებისას. მართლია, რიგი ფილოსოფოსების მიიჩნევს, რომ ომი მაინც ბოროტებაა. თუმცა, ამავე დროს, მაინც იძულებულია აღიაროს მისი ცივილიზაციური მნიშვნელობა. მაგალითად, რუსი ფილოსოფოსი, ვლადიმერ სოლოვიოვი, ომზე მსჯელობისას, საკითხის სამ ასპექტში განხილვას გვთავაზობს და ესენია თეორიული,ისტორიული და პრაქტიკული. თეორიული ასპექტი, ზოგადად, ზნეობრივია და ის შემდეგ დაშვებას ეყრდნობა: მშვიდობა არის სიკეთე, ხოლო ომი – ბოროტება. მაგალითად ყურანის მეორე სურა ამბობს: “იბრძოლეთ მტრებთან, სანამ არ დამკვიდრდება ისლამი. . . [ხოლო ამის შემდეგ] დაე, შეწყდეს მტრობა, ვინაიდან ღმერთს სძულს, ვინც თავს ესხმის”. ამ მოსაზრებას ისიც უნდა ამყარებდეს, რომ ომის თავი და თავი მიზეზი არა რაიმე მატერიალურის უკმარისობაა, როგორც ეს ხშირად გონიათ, არამედ სურვილი: მაგალითად, პირველი მკვლელობა (აბელის და კაენის ამბავი ძველი აღთქმიდან) შიმშილის გამო კი არ მოხდა, არამედ შურის გამო. ასევე ძნელად დასაჯერებელია ის ვითარებაც, როდესაც ომი ახსნილია დარვინის მოძღვრების ტერმინებში: ასე რომ იყოს, მაშინ რითი ავხსნათ ის ფაქტი, კითხულობს სოლოვიოვი, რომ უიარაღო ებრაელებმა თავი შეინარჩუნეს, ხოლო შეიარაღებულმა რომაელებმა ვეღარ? გაცილებით მნიშვნელოვანია ომის ისტორიული ასპექტი: ომი ქმნის ცივილიზაციას. ომი არის ყველაზე ძლიერი ფაქტორი შიდა კავშირების გაძლიერებისათვის ხალხებისა და კულტურების შიგნით და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ის ასევე ხელს უწყობს კულტურების ურთიერგავლენას და მოწინააღმდეგე მხარეების ურთიერთდაახლოებას. მაგალითები საყოველთაოდ ცნობილია: ომი ტროასთან დასაბამს აძლევს ელინურ სამყაროს, ხოლო ომი სპარსელებთან და ალექსანდრეს ლაშქრობანი – ელინისტურს. რომ არა რომაელთა დაპყრობანი და pax romana ქრისტიანობა ვერასოდეს გასცდებოდა იერუსალიმს. და ბოლოს, ეროვნულ სახელმწიფოთა ქმნადობა ასევე ომის, როგორც მოვლენის შედეგია. შესაბამისად, ომის ზეგავლენა ისტორიულ პროცესზე სამი მიმართულებით ვლინდება: ერების ქმნადობა ერთაშორისი ურთიერთობების ქმნადობა კულტურული ერთობის გეოგრაფიული გავრცობა. თუმცა, ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ თავი დავანებოთ, კითხვა, თუ რას წარმოადგენს ომი, სხვა, პრაქტიკული შინაარსის მატარებელიცაა. ის ერთგვარ მიმართულებას აძლევს იმ სააზროვნო პროცესს, რომელიც ომის მსვლელობას, მის წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს. არანაკლებ ფილოსოფიურ განცდებს აღძრავს ასევე კითხვა თუ რატომ ომობს ადამიანი? თუმცა სწორედ მისი ფილოსოფიურობის გამო, პასუხი აქაც ბუნდოვანია, ხოლო გაცილებით ადვილია იმ ჩამონათვალის დემონსტრირება, თუ რა საბაბით უკვე იომა მან აქამდე. ითვლება რომ, იმპერატორ კონსტანტინეს პერიოდიდან ვიდრე 1900 წლამდე, ევროპის თეატრებზე ადამიანმა, სულ ცოტა 200-ჯერ მაინც იომა, მათ შორის იყო სამოქალაქო ომები, დაპყრობითი ომები, ომები მემკვიდრეობისათვის, ინტერვენციები, რელიგიური ომები, ომები status quo ante-ს დასაბრუნებლად, ღირსების აღსადგენად და კომერციული ინტერესებისათვის სხვა სიტყვებით, ადამიანი, პრაქტიკულად, ნებისმიერი საბაბით ომობს, ხოლო თუ რა მიზეზს ნიღბავს ეს საბაბი, ხშირად, ძალიან რთული გამოსაცნობია. მაინც, რა ვითარებაა ომი, რა არის მასში ის არსებითი, რაც მას სხვა საქმიანობისგან გამოარჩევს და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი? ალბათ, ყველაზე ადვილი იქნებოდა ამთავითვე ომის განსაზღვრება მოგვეცა და შემდეგ, მასზე დაყრდნობით გვეცადა დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. თუმცა აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით, რომელიც სრულებითაც არ არის ტრივიალური: პირველი, არ არსებობს ომის ისეთი განსაზღვრება, რომელიც ყველას მიერ, სანდოობის ერთნაირი ხარისხით, განსაზღვრებადაა მიჩნეული. მათ შორის, ყველაზე პოპულარული, კლაუზევიცისეული ომი, როგორც პოლიტიკის გაგრძელება, სინამდვილეში არის არა განსაზღვრება, არამედ განსაზღვრების ფრაგმენტი და მისი განსაზღვრებად მიჩნევა მხოლოდ ისტორიულ გაუგებრობას უნდა მივაწეროთ. მეორე პრობლემა უფრო ზოგად მოსაზრებებთან არის დაკავშირებული: ჩვეულებრივ, განსაზღვრებისას ადამიანები ცდილობენ განსასაზღვრი ცნების ადეკვატური შინაარსის დადგენას. მაგრამ ასეთი რამ, ხშირ შემთხვევაში, ერთი სხარტი ფრაზის ან წინადადების, ანდა სულაც რაიმე ნაცნობი შინაარსის მოხდენილად გამოყენებით ვერ ხერხდება. სამაგიეროდ, შესაძლებელია განსასაზღვრი ცნების იმდაგვარი აღწერა, რომ მისი შინაარსის ადეკვატური აღქმა შევძლოთ. ვფიქრობ, ომის შემთხვევაშიც ასეა და ეს კარგად ჩანს, თუ კი იმავე კლაუზევიცს ოდნავ სიღრმისეულად ჩავუკვირდებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ, ამ ეტაპზე მაინც, ვეცდებით თავიდან ავიცილოთ ომის ყოვლისმომცველი განმარტება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენსავე ცნობიერებაში ინტუიციურად ომს მიკუთვნებული ვითარებების აღწერა უფრო თავისუფლად შევძლოთ. თუმცა, ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ომის ფენომენის ყველაზე სრულ აღწერას, და შესაბამისად, ზემოთ დასმულ კითხვებზე ყველაზე სრულ პასუხს, თავად ომების ისტორია იძლევა. სხვათა შორის, ეს არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი, ძლიერი არგუმენტი იმისათვის, რომ სამხედრო ისტორია ზოგადად, და ომების ისტორია კერძოდ, ჩვენი ცნობისმოყვარეობის ობიექტად ვაქციოთ. სამწუხაროდ, ისტორიას განსაზღვრებად ვერ მივიჩნევთ, მაგრამ ის მშვენიერი გზამკვლევი შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანურ დაპირისპირებათა მრავალფეროვნებიდან ომი რომ გამოვაცალკევოთ. ორმხრივი დაპირისპირებების მთელ სპექტრში, დუელი – შეტაკება- ბრძოლა-კამპანია- ომი – სამხედრო კონფლიქტი – კონფლიქტი, რომელთა შორის განსხვავება, ერთი შეხედვით, რაოდენობრივია, ომს თავისი, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შესაძლოა ვიდაოთ იმაზე, არის თუ არა დუელი ომი, მიუხედავად იმისა, რომ შეტაკებაც, ბრძოლაც და კამპანიაც, ანუ ომის ეს არსებითი შემადგენლები, ორთა დაპირისპირებას, ე.ი. თავისი შინაარსით, მაინც დუელს გულისხმობს, მაგრამ ის ვითარება, რომ , ზოგადად, სამხედრო დაპირისპირების აზრით სამხედრო კონფლიქტი და საერთოდაც კონფლიქტი – ომი არაა, სადავოს არ წარმოადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საკმაოდ ზუსტად უნდა შევძლოთ ზღვარის გავლება ზოგადად დაპირისპირებასა და იმას შორის რაც ომია. მთავარია, ვიპოვოთ ის ნიშნები, რომლებიც მოვლენას ცალსახად ომად გადააქცევს. იმ ფაქტორებს შორის, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი დაპირისპირება ომად განვიხილოთ, ჩვეულებრივ, გამოყოფენ შემდეგს: მიზანმიმართული, შეიარაღებული (და შეუზღუდავი) ძალადობა ორგანიზებულობა ნება მასობრიობა ხანგრძლივობა სხვა სიტყვებით, ომად მიჩნეულია კარგად ორგანიზებული, ერთ ნებასა და მიზანს დამორჩილებული მასების კონფლიქტი, სადაც ერთი ორგანიზებული და შეიარაღებული მასა ცდილობს თავს მოახვიოს თავისი ნება მეორეს და რომელიც გარკვეული ხანგრძლივობისა და მოცულობის მქონე მიზანმიმართული ძალადობით ხასიათდება. ხოლო ვინაიდან მასის ნება სინამდვილეში პოლიტიკურ მიზანდასახულობად ფორმდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ომი არის პოლიტიკის გაგრძელება. თუ კი ომს ამდაგვარად დავინახავთ, შეგვიძლია აგრეთვე ვთქვათ ისიც, რომ ომს ადამიანთა პოლიტიკური გაერთიანებები აწარმოებს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა სახელმწიფო, ან სახელმწიფოთა ალიანსები, ანდა სხვა რომელიმე ორგანიზაციულად ჩამოყალიბებული სტრუქტურა. თუმცა აქვე უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ომის პოლიტიკაზე ამდაგვარი მიბმა ასევე შეიცავს სირთულეებს და მოითხოვს, სულ ცოტა, თავად პოლიტიკის, როგორც ტერმინის დაზუსტებას. სად გადის ის ზღვარი, როდესაც შეიარაღებულ ადამიანთა ერთობლივ მიზანდასახულ მოქმედებას შეგვიძლია ვუწოდოთ პოლიტიკური ნების გამოვლენა და ამ მხრივ, განვასხვავოთ ის სხვა ძალადობრივი, მაგრამ არანაკლებ მიზანდასახული ქმედებებისგან? სამწუხაროდ, სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას ამ და ომის რაობასთან დაკავშირებული სხვა, უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი, საკითხების განხილვისა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან აღნიშნული საკითხები შეადგენს სამხედრო თეორიის (გნებავთ, სამხედრო ფილოსოფიის), მეცნიერების ამ მეტად საინტერესო დარგის, ძირითად შინაარსს. საკმარისია დავიმახსოვროთ, რომ სხვა მოვლენებისა და პროცესებისაგან განსხვავებით, ისინი ხასიათდებიან შეიარაღებულ ადამიანთა ჯგუფების დაპირისპირებით, რის საშუალებითაც მავანნი თავიანთი მიზნების რეალიზაციას ფიქრობდნენ. სწორედ აქ (ამ განზომილებაში) უნდა ვეძიოთ ომის ბუნების გასაღები. აქედან, სხვათა შორის, გამოდის ისიც, რომ რაიმე ვითარების აღწერისას, თუ ეს აღწერა შეიარაღებულ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფების დაპირისპირებას არ ეხება, სიტყვა ომის გამოყენება სათუოა. ზემოთ ისტორია ვახსენეთ. სამხედრო ცოდნის სისტემაში სამხედრო ისტორიას მართლაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს არა მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ ნებისმიერი ისტორიის (და მათ შორის არც სამხედრო ისტორია უნდა იყოს გამონაკლისი) ცოდნა თავისთავად არის ღირებული, არამედ იმიტომაც, რომ ომების ისტორია თავს უყრის კაცობრიობის მიერ, მისი ხანგრძლივი განვითარების მანძილზე, დაგროვილი ბრძოლებისა და ომების პრაქტიკას. ცნობილია, რომ შეიარაღებული დაპირისპირებები და შეტაკებები უკვე პალეოლითიდან საკმაოდ ორგანიზებულ ხასიათს იძენს. ქვის უხეში იარაღებით შეიარაღებული ადამიანთა ჯგუფები ებრძვიან თავიანთ მსგავს არსებებს რომ მოიპოვონ (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) დამატებითი საკვები, გავლენის სივრცე და უცხოტომელი მდედრობითი სქესის ადამიანები. თავისი პრიმიტიული ხასიათის მიუხედავად, ამ ტიპის „ნადავლი“ საკმაოდ დიდხანს, ათასწლეულების განმავლობაში, იქნება ძირითადი სამხედრო მონაპოვარი. როგორც იერიხონისა და ანატოლიის ნაქალაქართა გათხრები აჩვენებს, ნეოლითის ადამიანს უკვე შეეძლო ორგანიზებული ომების წარმოება. ხოლო ფარაონ თუთმოს III ლაშქრობები მეგიდოსა (არმაგედონი) და კადეშის დასაკავებლად დასაბამს აძლევს არა მარტო ომების წარმოების ახალ ერას ისტორიაში, არამედ თავად ამ ისტორიის აღნუსხვას იწყებს. სხვათა შორის, მეგიდოს კამპანია (ძვ.წ.1479წ.), სწორედ ამ მიზეზით, ომების საკაცობრიო ისტორიის ათვლის წერტილადაა მიჩნეული. თუ კი კაცობრიობის ბოლო ომი, ბიბლიური თქმულების მიხედვით, არმაგედონში უნდა შედგეს, როგორც ჩანს, ომების ისტორია დასრულდება იქ, სადაც დაიწყო. თუმცა ბოლო ომთან ერთად, ალბათ, კაცობრიობაც შეწყვეტს არსებობას. ამაში უნდა იყოს რაღაც სიმბოლური. ის, რომ ომების ისტორია საომარი პრაქტიკის ერთგვარ ენციკლოპედიას წარმოადგენს, ხოლო მისი ცოდნა არა მარტო ცნობისმოყვარეობის ჟინით შეპყრობილი გონების კაპრიზია, კარგად ჩანს იმ გარემოებიდანაც, რომ ისტორიამ არ იცის მეტ-ნაკლებად გამორჩეული სარდალი, რომელიც თავის წინამორბედთა ომებზე არ გაზრდილა. სწორედ ამიტომ, მისი ასეთი წმინდა პრაქტიკული დანიშნულების გამო, ომების ისტორიას, ხშირად, სამხედრო ხელოვნების ისტორიასაც უწოდებენ. სხვათა შორის, ამ ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, ყველაზე დრამატული, და მიმზიდველი მონაკვეთი ანტიკური ომების სახელითაა ცნობილი. რას ეყრდნობიან, როდესაც ამ თორმეტსაუკუნოვანი პერიოდის ცოდნაზე აცხადებენ პრეტენზიას? პირველი, ეს თავად ამ პერიოდის წერილობითი წყაროებია, რომელიც, მეტ-ნაკლები, წარმატებით დასტურდება თანამედროვე საისტორიო მეცნიერების მონაპოვრებით. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გამოჩენილ მხედართმთავართა მემუარებს და კომენტარებს ცნობილი ბრძოლებისა თუ კამპანიების ანალიზისას. ცალკე აღნიშვნის ღირსია, აგრეთვე, ის სამხედრო თეორეტიკოსები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, თავად მოქმედი ან უკვე გადამდგარი სამხედროები, ძალას და ენერგიას არ იშურებდნენ, რომ ამოეცნოთ ომის პარადოქსალური ლოგიკა. ანტიკური ომები მათთვის იმ ექსპერიმენტს წარმოადგენდა, რომელსაც შეეძლო დაედასტურებინა ან უარეყო მათი თეორიული ნააზრევი. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ მათი კალმიდან გამოვიდა საკმაოდ სერიოზული და ფუნდამენტური კრიტიკა არა მარტო ანტიკურობის ეპოქის ომების, არამედ ომების საკაცობრიო ისტორიის საზოგადოდ. პირველი ჯგუფის ბერძენ და რომაელ მწერალთაგან აღსანიშნავია ჰეროდოტე (ძვ.წ.484-425წ.), თუკიდიდე (ძვ.წ.460-399წ.), ქსენოფონტი (ძვ.წ.426-354წ.), ენეას ტაქტიკოსი (ძვ.წ. IVს), პოლიბუსი (ძვ.წ.202-120წ.), უილიუს კეისარი (ძვ.წ.101-44წ.), სალუსტუს კრისპი (ძვ.წ.86-35წ.), პლუტარქე (46-120წ.) ტაციტი (55-120), არიანე (92-175), სექსტ იულიუს ფრონტინი (ჩვ,წ,I_IIსს.), აპოლოდორი (ჩვ,წ. II ს), კასიუს დიო (155-235წ.), ფლავიუს ვეგეციუსი (ჩვ,წ.IV ს-ის ბოლო მეოთხედი). მათი წყალობით ჩვენ საკმაოდ სრული წარმოდგენა გვაქვს არა მარტო ისტორიულ მოვლენათა განვითარებაზე, არამედ თავად საომარ მოქმედებათა მიმდინარეობაზე, ჯარების სახეობებსა და მათი დაკომპლექტების პრინციპებზე, მომარაგებასა და საბრძოლო სივრცის უზრუნველყოფაზე, შეიარაღებაზე, საბრძოლო წყობაზე, საზღვაო თუ სახმელეთო სტრატეგიაზე და ტაქტიკაზე, მთავარი კამპანიების სტრატეგიულ ჩანაფიქრზე, სტრატეგიული აზროვნების პარადიგმებზე ზოგადად და საბრძოლო სივრცის ექსპლუატაციაზე. ბერძნულ-სპარსული ომები (ძვ.წ.499-448წ.), პელოპონესის ომი (ძვ.წ.460-404წ.) , ალექსანდრეს ლაშქრობა აზიაში (ძვ.წ.336-323წ.), პუნიკური ომები (ძვ.წ.264-202წ.), სამოქალაქო ომები რომის იმპერიაში (ძვ.წ. 88-82 და 50-44 წ.წ.), გალიის ომები (ძვ.წ.58-51წ.), ომი პართელებთან (ძვ.წ.55-38წ.) და გერმანელთა ომები (ახალი ერის დასაწყისში) – აი იმ მოვლენათა არასრული ჩამონათვალი, რომლებმაც პრაქტიკულად განსაზღვრეს ისტორიული განვითარების ხაზი და ის რაც გვაქვს დღეს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დაიბადა მაშინ, როდესაც ამ მოვლენების სისხლიანი ისტორია იწერებოდა. მეორე ჯგუფის მწერალთაგან, ჩვენის აზრით, საყურადღებოა მაკიაველი (1469-1527), ნაპოლეონი (1769-1821), კლაუზევიცი (1780-1869), ჟომინი (1779-1869), არდანტ დუ პიკი (1821-1870), შლიფენი (1833-1913), და ფელდმარშალი მონტგომერი (1887-1976). მათი ხედვა, სამხედრო პრაქტიკა და ომის ნიუანსების ზედმიწევნით ფაქიზი ცოდნა მათ ნაწერებს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებს და ნებისმიერი კვალიფიციური მკითხველისათვის სამაგიდო წიგნებად აქცევს. რაც შეეხება მესამე ჯგუფის მწერლებს, ჰანს დელბრუკის (1848-1949) „სამხედრო ხელოვნების ისტორია“, ჯონ ფრედრიკ ჩარლზ ფულერის (1878-1966) „დასავლეთის სამყაროს სამხედრო ისტორია“ და სერ ბეიზილ ლიდელ ჰარტის (1895-1970) „სტრატეგია“ , საყოველთაო აღიარებით, სამხედრო ისტორიის კლასიკას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჩამონათვალი არც სრული, და შესაძლოა, არც საუკეთესო იყოს, მაგრამ ერთი რამ უდავოა: ნებისმიერი მათგანის ცოდნა საგანზე კვალიფიციური მსჯელობის სრულ შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, ომის ფენომენის სრულად გასააზრებლად, ზოგადად, საჭიროა ვიცოდეთ იმ გეოსტრატეგიული გარემოს თავისებურებანი, რომელშიც ესა თუ ის საომარი მოქმედებები ვითარდება. სხვა სიტყვებით, უნდა ვფლობდეთ ცოდნას გეოგრაფიული, ეკონომიკური და პოლიტიკური რეალიების შესახებ. ასევე, სასურველია კონკრეტული დაპირისპირების პრეისტორიის ცოდნა. მეორეს მხრივ, ასეთივე აუცილებლობას წარმოადგენს ვიცოდეთ თუ რა შეიარაღებას ფლობდნენ დაპირისპირებული მხარეები, როგორ უდგებოდნენ ისინი ზოგადი სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებს, რა მიაჩნდათ ძირითად სამხედრო ამოცანად და რა გზებით ცდილობდნენ მის გადაჭრას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სამხედრო მოწყობა, ჯარების დაკომპლექტებისა და უზრუნველყოფის საკითხები და როგორ უდგებოდნენ ისინი ქვეყნის საომარ მზადებას საერთოდ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების პოლიტიკური მოწყობის ხასიათს, ვინაიდან ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავად საომარი მოქმედების ხასიათსაც. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წარმოადგენს იმ ფონს, რომელზედაც კონკრეტული საომარი კამპანიები და გადამწყვეტი ბრძოლები ვითარდებოდა. ამ უკანასკნელთა აღწერაც, რის გარეშე ვერ შევიქმნით სამხედრო ხელოვნების განვითარების სრულ სურათს, ზოგადად განსხვავდება ჩვეულებრივი თხრობისაგან და დამატებით გამოყენებული საბრძოლო სივრცისა და მანევრის დაწვრილებით აღწერას მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ასევე მხედართმთავართა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ქმედებებს, მათ ხასიათსა და მისწრაფებებს, ყველაფერ იმას, რაც ომის სუბიექტურ მხარეს განსაზღვრავს. ცხადია, ყველა ეს თემა აქ ვერც მოხვდებოდა: ამას წიგნი (წიგნები) და სულ სხვა შრომა სჭირდება და რასაც, სავარაუდოდ, აუცილებლად გამოუჩნდება თავისი მკვლევარი. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. ავტორი – დავით თევზაძე