Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ფინანსისტები?' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. როდესაც ჯონ ლოს ეპოპეის სადღაც შუაში ვიყავი, ნინო ფერაძემ, ჩემმა მეგობარმა, გუნდელმა და ადამიანმა, რომელსაც ჩემსავით უყვარს ტერი პრეტჩეტი, „დამიკვეთა“ პოსტი ამ უკანასკნელის წიგნზე „ფულის კეთება“[1]. დაკვეთაში „მაკროეკონომიკური ანალიზი“ იგულისხმებოდა, თუმცა, როდესაც „დაკვეთის“ შესასრულებლად წიგნი გადავიკითხე, მივხვდი, რომ სრულყოფილი ანალიზისთვის პრეტჩეტს მასალა დიდად არ მოუცია, თუმცა დავრწმუნდი, რომ პრეტჩეტმა იცოდა ლოს და მისი ბიოგრაფიის შესახებ. თავად განსაჯეთ[2]… „ფულის კეთება“ წარმოადგენს სიქველს წიგნისა „გაფოსტვა“[3], რომელშიც აფერისტ და თაღლითს, მოისტ ფონ ლიპვიგს, ქალაქ ანხ-მორპორკის დიქტატორი და ტირანი ლორდი ვეტინარი[4] მეორე შანსს მისცემს და ქალაქის დანგრეულ და დაჩაჩანაკებულ საფოსტო სისტემას ჩააბარებს. მრავალი პერიპეტიის (არა ძველბერძნური ტრაგედიის გაგებით) შემდეგ, მოისტი ფოსტასაც აღადგენს, მტერსაც დაამარცხებს და ჭეშმარიტ სიყვარულსაც იპოვის[5]. „ფულის კეთება“ იწყება იქ, სადაც წინა წიგნი სრულდება და იწყება მოისტის მოწყენილობით, რადგან ფოსტა გამართულია, ყველაფერი საათივით მუშაობს და თავგადასავალი მორჩა. საბედნიეროდ, ვეტინარი მას ახალს უმზადებს და, გარკვეული მაქინაციების შედეგად, მოისტი ხდება ანხ-მორპორკის სამეფო ბანკისა და სამეფო ზარაფხანის ხელმძღვანელი[6]. წიგნის მოკლე შინაარსი შეგიძლიათ, ვიკიპედიაზეც ნახოთ[7], ამიტომ დეტალებს გამოვტოვებ, ერთს ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად მთავრდება და იმ ასპექტებზე გადავალ, რომლებიც უშუალოდ ფულთან და ლოსთანაა დაკავშირებული. მე არ ვიცი, რამდენად იცნობდა პრეტჩეტი ლოს და მის ისტორიას. ის ნამდვილად განათლებული ადამიანი იყო, ამიტომ, სულ მცირე, ენციკლოპედიის სტატიის დონეზე მაინც ეცოდინებოდა, ვინაა ჯონ გოლტ…. კი არა და ლო. მაგრამ მგონია, რომ ზედაპირულ ცოდნაზე გაცილებით მეტი ჰქონდა. მოისტ ფონ ლიპვიგი არის ანხ-მორპორკის წარმატებული ლო. ძალიან ბევრი დამთხვევა და ძალიან ბევრი ნიუანსი მარწმუნებს ამაში. პირველი ასეთ ნიუანსი წიგნის დასაწყისშივეა, როდესაც ვეტინარი მოისტს მცირე „ექსკურსიას“ უწყობს სამეფო ბანკში და მათ მთავარი მოლარე,, მავოლიო[8] ბენტი ხვდებათ. პირველი ფრაზა, რომლითაც ბენტი ხვდება მოისტს არის – „აჰ, რევოლუციური, არაუზრუნველყოფილი ერთ-პენსიანი ბანკნოტის გამომგონებელი, ხომ?“. საქმე იმაშია, რომ მოისტის ერთ-ერთ გამოგონებას ჩვეულებრივი საფოსტო მარკა წარმოადგენს, რომელიც იმდენად პოპულარული და სანდო ხდება ქალაქის მოსახლეობაში, რომ მას უკვე ფართოდ იყენებენ მცირე ტრანზაქციებისთვისაც და არა მხოლოდ წერილის გასაგზავნად. ლიპვიგი თავიდან ვერ ხვდება, რატომ „არაუზრუნველყოფილი“, რაზეც ბენტი პასუხობს – აბა როგორ ამტკიცებთ, რომ ის მართლაც პენსი ღირს? ამაზე მოისტის პასუხიც – წერილს თუ მიაკრავთ, ერთი პენსის მგზავრობას მიიღებთ სანაცვლოდ, და ვეტინარის სარკასტული შენიშვნა – მისტერ ბენტი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც ოქროს უპირობო უპირატესობის სჯერა – პრაქტიკულად ლოს მსჯელობას იმეორებს. თუ გახსოვთ, ლოსთვის ფულის ღირებულებას უზრუნველყოფდა არა ოქრო ან რაიმე სხვა ძვირფასი ლითონი, არამედ რამე, რაც უფრო ხელშესახები და ნაკლებად მერყევი იყო. იქნება ეს მიწა, ვაჭრობა, თუ საფოსტო დილიჟანსის მგზავრობა – ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მავოლიო ბენტი წიგნში ოქროს ან ოქროზე დაფუძნებული ფულის თავგამოდებული მომხრეა. ის ნეოფიტის აღფრთოვანებით საუბრობს იმაზე, რომ ოქრო ერთადერთი ჭეშმარიტი ლითონია, ჯანსაღი ფინანსური სისტემის ერთადერთი საფუძველი, რომ ოქროს, როგორც ეკონომიკის ღუზის, გარეშე, ყველაფერი ქაოსად გადაიქცევა. მკვლელობაც კი, მისთვის უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ოქროში ნდობის ჩამოშლა – მკვლელობა ერთჯერადია და ქაოსს არ იწვევს. ის ფაქტიც კი, რომ ქალაქში მიმოქცევაში არსებული დოლარები[9] მხოლოდ მოოქროვილი და არა ოქროსი, სამარცხვინოა მისთვის. თუმცა, როდესაც ლიპვიგი ეუბნება, კი მაგრამ, ბანკი ამ მონეტების გამოშვებით პრაქტიკულად ჰპირდება მონეტის მფლობელს, რომ ნებისმიერ მომენტში გადაუცვლის მას ოქროში, ბენტი აკონკრეტებს – ჩვენ მართლაც ვპირდებით მფლობელს მონეტა ოქროში გადავუცვალოთ, იმ პირობით, რომ არასდროს არავინ გვთხოვს ამას. ამ მიდგომით და ფანატიზმით, ბენტი ძალიან ჰგავს როგორც ლოს მოწინააღმდეგეებს, ისე ოქროს სტანდარტის გვიანდელ მომხრეებსაც – უოლტერ კანლიფიდან[10] მონტეგიუ ნორმანამდე. ის ძველმოდურია – როგორც კროზა და ძმები პაღიები, მაგალითად – და არ ცნობს სიახლეებს. ისეთი გამოგონებაც კი, როგორც აბაკია[11], მისთვის არაადამიანური და დაუშვებელია. ის თავად მართავს მისი კლერკების ყოველდღიურ საქმიანობას, ამოწმებს ყველა გამოთვლას და ყველაფერ ამას აკეთებს დიდი დარბაზის შუაში განლაგებულ ამაღლებაზე მდგომი სკამიდან, რომელიც ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება მოატრიალოს და რომელსაც თავის პანოპტიკუმს უწოდებს[12]. წყარო: Wikimedia Commons გარდა პანოპტიკუმისა, სამეფო ბანკში კიდევ ერთი, მეტად საინტერესო დანადგარია – გლუპერი[13]. ეს არის, მისი გამომგონებლის სიტყვებით, ანალოგური მანქანა, რომელიც ხსნის ამოცანებს არა მათი რიცხობრივ ფორმაში გადაყვანით, არამედ მათი ფიზიკური დუბლირებით. ანუ, ფულის ნაკადი და მისი გავლენა საზოგადოებაზე ასახულია წყლის მოძრაობით სისტემაში, რომელიც მრავალი ავზის, მილისა და სარქვლისგან შედგება. საწყისი პირობების ცვლილებით, გამომგონებელს შეუძლია ნებისმიერი ეკონომიკური მოვლენის მოდელირება და მისი შედეგის პროგნოზირება. წიგნის ეს „პერსონაჟი“ თავისთავადაც საინტერესო იქნებოდა[14], მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა ის, რომ ასეთი გლუპერი რეალურადაც არსებობდა. 1949 წელს ახალზელანდიელმა ეკონომისტმა უილიამ ოლბენ ფილიფსმა[15] გამოიგონა ე.წ. მონიაკი[16], რომელიც ზუსტად იმ პრინციპებით მუშაობდა, რაც გლუპერი. შესაძლოა, ის ვერ აღწევდა გლუპერის სიზუსტეს[17], მაგრამ, ყველასთვის გასაკვირად, სულ რაღაც 2%-იანი ცდომილებით შეეძლო სხვადასხვა პროგნოზების წარმოება. იმ დროს, როდესაც ნამდვილი ელექტრონული კომპიუტერები ძალიან დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა, ამ სიზუსტის ჰიდრავლიკური კომპიუტერი ჭეშმარიტი მისწრება იყო[18]. ეს ყველაფერი ერთი შეხვედრის ფარგლებში ხდება, და ცოტა ხანში ლიპვიგი ჯდება და ფიქრობს. თუ რა სძენს ფულს ფულის სტატუსს. მისი მსჯელობა პრაქტიკულად ლოსას იმეორებს. ოქრო გამოუსადეგარია უკაცრიელ კუნძულზე, საკვები გაგატარებინებს უოქროობის პერიოდს გაცილებით უკეთ, ვიდრე ოქრო – უსაჭმლობის[19]. ამ დროს მას ხელში ანტაგონისტის, კოსმო ლავიშის მიერ მოცემული და მის, მოისტის სახელზე გამოწერილი ათიათასდოლარიანი ჩეკი აქვს და იმაზეც ფიქრობს, თუ რა აძლევს ჩეკს ღირებულებას. სად არის ღირებულება. მისი დასკვნა – რომელიც ლოს დასკვნას იმეორებს – არის, რომ ღირებულება არის ანხ-მორპორკში. ქალაქი, როგორც „ალქიმიკოსი პირიქით“, ოქროს გადააქცევს ყველაფრად. ქალაქი უზრუნველყოფს ფულს და არა ოქრო. ამ იდეით შთაგონებული ის იღებს ბანკის ბლანკს, აწერს „გადაუხადეთ ამის მატარებელს ერთი დოლარის ტოლი თანხა“, ამოწმებს ბანკის ბეჭდით და ვუალა – ანხ-მორპორკის ისტორიაში პირველად იქმნება ქაღალდის ფული[20]. ის სწრაფადვე ტესტავს ამ იდეას – მიდის რა მაღაზიაში და გამყიდველს, ჩვეული მონეტის ნაცვლად, ამ „დოლარს“ სთავაზობს. რაც ამის შემდეგ ხდება, გაგაოც… ძალიან წააგავს იმას, რაც, თავის დროზე, ირლანდიაში მოხდა[21] – საბოლოო ჯამში ნდობა მოისტ ფონ ლიპვიგის მიმართ გადაწონის უნდობლობას ქაღალდის უბრალო ნაგლეჯის მიმართ და ქაღალდის დოლარი მიმოქცევაში გავა, ჯერ ვაჭრების წრეში და შემდეგ – ქალაქში. როგორც პრეტჩეტი წერს, „ყველა ერთი-მეორეს იცნობდა. ყოველ მათგანს საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა დანარჩენებთან. და ყველა იცნობდა მოისტ ფონ ლიპვიგს, „ადამიანს ოქროს კოსტიუმში“. ნდობამ შექმნა ფული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მათგანის აზრით, ქაღალდის ყოველ დოლარს ბანკის საცავებში ოქროს დოლარი უნდა შეესაბამებოდეს. როგორც ერთ-ერთი ვაჭარი ამბობს, ოქრო უზრუნველყოფს ბანკების პატიოსნებას. და მოისტი გაიფიქრებს – მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ბანკის პატიოსნებას უზრუნველყოფს, თუ ბანკს არ უნდა იყოს პატიოსანი[22]. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მოისტ ფონ ლიპვიგი არ გაიზიარებს ჯონ ლოს ბედს. მისი ბანკი და ბანკნოტები წარმატებული გამოდგება, მითუმეტეს, რომ წიგნის ბოლოს პრეტჩეტის სამყაროს შესაბამისი „უზრუნველყოფაც“ გამოჩნდება[23]. მაგრამ ალუზიები ლოზე (ან, ის, რაც მინდა, მეგონოს ალუზია) მრავლადაა: აღმოჩნდება, რომ ბანკი წლებია ოქროს გარეშე ოპერირებდა; წიგნის ბოლოს ვეტინარი დაფიქრდება ლიპვიგის გადასახადების ამკრეფად დანიშვნაზე; ლიპვიგის მიერ ფულის უზრუნველყოფა საეჭვოდ ჰგავს ლოს მიერ ფულის მიწით უზრუნველყოფას და ა.შ. კიდევ ერთი ასოციაცია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შემთხვევითი არაა, არის ეპიზოდი წიგნის ბოლო გვერდებიდან. წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი არის იგორი – წარმომადგენელი ოჯახისა, რომელშიც ყველას ჰქვია იგორი[24] და ყველა ამა თუ იმ გარეკილი მეცნიერის და/ან ვამპირის მსახურს წარმოადგენს[25]. იგორები არიან უბერვალდიდან – მთიული რეგიონიდან, რომელიც, ძირითადად, დედამიწის ტრანსილვანიის ანალოგს წარმოადგენს, მაგრამ შვეიცარიის და ავსტრიის ელემენტებიც აქვს. ამ ეპიზოდში, გლუპერის ოპერატორი, ეკონომისტი[26] ჰუბერტი აფრთხილებს იგორს, რომ გლუპერი არასწორ ხელში არ უნდა მოხვდეს და სჯობს, მთავრობას გადავცეთო. ამ დროს იგორი გაიფიქრებს, რომ მისი გამოცდილებით, „არასწორი ხელების“ საუკეთესო განსაზღვრება სწორედ მთავრობა იყო. რა თქმა უნდა, უბერვალდი ავსტრიაა![27] სამწუხაროდ, ვერსად ვნახე, პრეტჩეტისთვის ეკითხათ, არის თუ არა კავშირი ლოსა და ლიპვიგს შორის და ახლა, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ვეღარც გავიგებთ. სერ ტერენს დევიდ ჯონ პრეტჩეტი ან, როგორც ის თავის თავს უწოდებდა და ფანებიც აყვნენ- (პ)ტერი[28] – 2015 წლის 12 მარტს გარდაიცვალა და თავის სამყაროში ბევრი დაუსრულებელი ამბავი და ხაზი დაგვიტოვა. მათ შორის მოისტ ფონ ლიპვიგის კარიერის გაგრძელებაცაა – გახდებოდა თუ არა ის გადასახადების ამკრეფი; ჩაიბარებდა თუ არა მსხვილ სააქციო კომპანიას. არავინ იცის. მაგრამ მე მჯერა, რომ მოისტ ფონ ლიპვიგი – შარმიანი გაიძვერა, გამოსწორებული თაღლითი, კარგი მენეჯერი და კეთილი ადამიანი[29] – არის შოტლანდიელი მოთამაშის და ფინანსისტის, იდეალისტ ჯონ ლოს წარმატებული ანალოგი. სადღაც ხომ მაინც უნდა გამართლებოდა? [1] პოსტი, პრაქტიკულად, ერთი დიდი სპოილერია, თან კარგი წიგნის სპოილერი, ამიტომ გირჩევთ, წიგნი წაიკითხოთ. [2] გამიფრთხილებიხართ [3] „Going Postal“, განსხვავებით „Making Money”-სგან ცოტა უხერხული სათარგმნია. [4] სერიოზულად, დაანებეთ ამ პოსტის კითხვას თავი, წადით, პრეტჩეტი წაიკითხეთ. მართლა. [5] ან ფილმი ნახეთ, კონკრეტულად „გაფოსტვის“ საკმაოდ ნორმალური ეკრანიზაცია არსებობს. [6] ანხ-მორპორკს მეფე კაი ხანია არ ჰყავს, მაგრამ ატრიბუტები დარჩა. [7] მგონი, წაკითხვა უკვე გირჩიეთ… [8] აქ, რა თქმა უნდა არის ალუზია შექსპირის მალვოლიოზე, „მეთორმეტე ღამიდან“ – მავოლიოსავით, იუმორის გრძნობის არმქონე მოსაწყენ და პირქუშ ტიპზე, რომელსაც, გასაკვირად, ღრმა სულიერი სამყარო აღმოაჩნდება. [9] რატომ დოლარები? არ ვიცი [10] ინგლისის ბანკის ცნობილი ხელმძღვანელები. სიმართლე ითქვას, კანლიფს, რაღაც კუთხით, წიგნის მთავარი ანტაგონისტი, კოსმო ლევიშიც ჰგავს. ოღონდ ძალიან ცოტათი. [11] სათვლელი, დომინოს ქულებს რომ ვითვლით, ისეთი. [12] პრეტჩეტი არასდროს იყენებდა სიტყვებს ზერელედ. პანოპტიკუმი, ან პანოპტიკონი, იყო ინგლისელი უტილიტარიანისტის, ჯერემი ბენთამის მიერ გამოგონებული იდეალური ციხის პროექტი, სადაც ერთი დარაჯი ყველა პატიმარს ერთდროულად ადევნებდა თვალს. [13] Glooper, სიტყვიდან gloop – ბოთლიდან სითხის გადმოსხმისას ხმების აღმინშვნელი ონომატოპეიური სიტყვა. ბუყბუყა? . [14] მითუმეტეს, რომ ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბოლოსკენ. [15] რომელიც ეკონომისტებისთვის უფრო ფილიფსის მრუდით – უმუშევრობასა და ინფლაციას შორის უარყოფითი კავშირის გრაფიკული ასახვითაა ცნობილი [16] MONIAC (Monetary National Income Analogue Computer) [17] წიგნშია, არ მოგიყვებით. [18] გლუპერის აღწერისას პრეტჩეტი მრავალ ალუზიას იყენებს რეალური ეკონომისტების ნაშრომებზე. მაგალითად, გლუპერი აკავშირებს ქალის კაბის სიგრძესა და ეკონომიკურ ზრდას – კრიზისის დროს ანხ-მორპორკში ქალების კაბები უფრო მოკლეა ხოლმე. ეს არის ალუზია ჯორჯ ტეილორის თეორიაზე, რომელიც, თუმცაღა, პირიქით კორელაციას პროგნოზირებს, მინი-კაბები ეკონომიკური ბუმის შედეგია. გლუპერის შემქმნელი ახსენებს „მთვარის ფაზის სარქველს“ და ამბობს, რომ მთვარე მოქმედებს ფულის მიმოქცევაზე (ოღონდ, არ იცის, როგორ). ეს უნდა იყოს ალუზია უილიამ სტენლი ჯევონსის ე.წ. მზის ლაქების თეორიაზე, რომლის მიხედვითაც მზის აქტივობა კავშირში იყო ბიზნეს-ციკლებთან. ასეთი მაგალითი მრავლადაა, რაც დამატებით მარწმუნებს იმაში, რომ პრეტჩეტმა ლოზეც ბევრი წაიკითხა ამ წიგნის დაწერამდე. [19] სხვა ეპიზოდში, კითხვაზე, ანხ-მორპორკი ხომ უკაცრიელი კუნძული არაა, ის პასუხობს – ეს ამტკიცებს, რომ ოქრო მხოლოდ იმიტომ არის ღირებული, რომ ჩვენ შევთანხმდით ამის შესახებ. [20] პრეტჩეტი პრეტჩეტი არ იქნებოდა, ჩინეთის ალუზიაც რომ არ დაემატებინა. სხვა წიგნში ის ახსენებს, რომ ქაღალდის ფული აგატის იმპერიაში – ბრტყელი სამყაროს ჩინეთში – დიდი ხნის წინ არსებობდა. [21] https://www.helloblog.ge/story/IRland. არ გამიკვირდება, პრეტჩეტს ეს ამბავიც სცოდნოდა და გამოეყენებინა. [22] რა თქმა უნდა, ეს ნაწარმოები მეცხრამეტე საუკუნის საბანკო სისტემის ალეგორიაა და არ უნდა განვავრცოთ დღევანდელზე. [23] ამდენსაც არ დავასპოილერებ. [24] ან, იშვიათად, იგორინა [25] მგონი, უკვე გირჩიეთ წაკითხვა. [26] პრეტჩეტის სიტყვებით, იგივე, რაც ალქიმიკოსი, მაგრამ ნაკლებად ბინძური. [27] ეკონომიკის ავსტრიული სკოლის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო და მთავრობა და ბიზნესის საქმიანობაში მათი ჩარევა არის სწორედ რომ მთავარი ბოროტება. [28] PTerry; პ-უხმოა. [29] მიუხედავად კრიმინალური წარსულისა.