Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ტყვეობაში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. საქართველო: ესკალაციის სპირალის ტყვეობაში საქართველოში ვითარება 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ვერ წყნარდება. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის მენეჯმენტის წყალობით პოპულარული პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, რასაც დაემატა 2021 წლის 23 თებერვალს ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება, ხსენებული პროცესის ესკალაციის მხოლოდ კიდევ ერთ, რადიკალურ წერტილად იქცა. პანდემიით გაღატაკებული საზოგადოების საჭიროებები ნეოლიბერალურ პოლიტიკურ ელიტას არ აინტერესებს. მათი ეგოიზმი ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის არაფორმალურ სტრუქტურებს, რომლებიც ქვეყანაში მცოცავ „რუსიფიკაციას“ უწყობენ ხელს. სტატია პირველად გამოქვეყნდა 3 მარტს, გერმანულ ენაზე: წაიკითხე გერმანულად 9 მარტი 2021 ავტორი შტეფან მაისტერი საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მესამე, მთელი რიგი მანიპულაციების და დარღვევების შედეგად მოპოვებულმა გამარჯვებამ გამოიწვია ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების შედეგები არ აღიარეს.[1] ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინამძღოლობით დანარჩენმა შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებმაც პარლამენტში შესვლის უფლება მოიპოვეს, სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს (მცირე გამონაკლისების გარდა). ოპოზიცია მოითხოვს განმეორებითი არჩევნების დანიშვნას და ქართულ ოცნებას არჩევნების მასშტაბურ გაყალბებაში სდებს ბრალს. მთავარი ოპონენტების - ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის რადიკალიზაცია უკვე თვეებია რაც გრძელდება; მოთამაშეებმა, რომლებიც მზად იყვნენ კომპრომისებისთვის, მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე და ქვეყნის გადამდგარი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, დატოვეს თავიანთი პარტიები ან სულაც გამოეთიშნენ პოლიტიკას. ასპარეზზე დარჩნენ მხოლოდ ჰარდლაინერები, რომლებიც კიდევ უფრო ამწვავებენ ესკალაციის პროცესს. პოლარიზაცია როგორც მობილიზაცია ამასთან ლაპარაკი დიქოტომიაზე, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა დასავლურ ინტეგრაციას, ხოლო ქართული ოცნება, მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან ერთად რუსეთთან დაახლოებას უჭერს მხარს, საქმის ვითარების მხოლოდ ზედაპირული შეფასება იქნებოდა.[2] ორივე პარტია პირველ რიგში ორიენტირებულია საქართველოში არსებული ელიტარული ჯგუფების ეგოისტურ ინტერესებზე, პირად გამდიდრებასა და ნეოლიბერალურ პოლიტიკაზე, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ნეგატიური სოციოეკონომიკური შედეგები აქვს. ორივე პარტიას ერთმანეთი სჭირდება როგორც მეტოქეებს, რადგან ამგვარად ისინი საკუთარი მხარდამჭერების მობილიზაციას ახერხებენ. ამ თვალსაზრისით სრულიად ლოგიკურია, რომ ქვეყნის ახლადარჩეული პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ხსენებულ თანამდებობაზე გახდა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება იმ საბაბით, რომ ამ უკანასკნელმა დაარღვია გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც მას არცთუ ერთმნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა. ამით ღარიბაშვილმა ერთგვარი კოზირი მისცა ნიკა მელიას და ნაციონალურ მოძრაობას, შეუქმნა რა საკუთარი თავის ჩაგრულად და მმართველი პარტიის მსხვერპლად წარმოჩენის საშუალება. არც ერთ და არც მეორე პარტიას არ აინტერესებს საკუთარი ქვეყნის მომავალი და, მითუმეტეს არც პრორუსული და არც პროდასავლური ვექტორი. მათთვის მთავარია საკუთარი ძალაუფლებრივი შესაძლებლობები. ორივე მათგანი ძალაუფლების აბსოლუტური კატეგორიებით აზროვნებს („გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“) და ორივე მათგანი, შესაბამისი ძალაუფლების ქონის შემთხვევაში არ მოერიდებოდა ადმინისტრაციული რესურსის, სასამართლოების და უშიშროების სტრუქტურების გამოყენებას თავიანთი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ ისევე, როგორც ძალაუფლების შენარჩუნების და პირადი გამდიდრების მიზნით. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 9 ფიზიკურმა და 15 იურიდიულმა პირმა, რომლებიც 2019/20 წლებში ქართული ოცნების მსხვილ შემომწირველებს წარმოადგენდნენ, მოიპოვეს გამარჯვება გამარტივებული პროცედურებით ჩატარებულ სახელმწიფო ტენდერებში.[3] იმ დროს, როდესაც ქართულ ოცნებაში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩრდილში მდგომი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი ღებულობს, ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში პოლარიზების ხელშეწყობას და კომპრომისების დაბრკოლებას ახდენს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინას აფარებს თავს. ივანიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის თავს ანებებს პოლიტიკას. აღნიშნულის ფონზე კიდევ უფრო უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებაში და საქართველოს მთავრობაში საკვანძო პოზიციები ივანიშვილის ერთგულმა პირებმა დაიკავეს. ახალი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერობის პირველი პერიოდის დროს (2013-2015) ძირითადად ორი თვისებით გამოირჩეოდა: ივანიშვილის მიმართ აბსოლუტური, ვასალური ერთგულებით და ოპოზიციასთან მიმართებაში კომპრომისებზე წასვლის სრული უინტერესოებით. ივანიშვილთან შეუთანხმებლად ღარიბაშვილი არანაირ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ მიიღებს. ეგოიზმი, კორუფცია და არაფორმალური სტრუქტურები ინტერესს საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რომელიც პანდემიის გამო უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა (გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა პირველ რიგში ტურიზმის და მომსახურების სექტორებზეა დამოკიდებული), არც ერთი და არც მეორე დაპირისპირებული მხარე არ ამჟღავნებს. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს თანახმად საქართველოს მოსახლეობის თითქმის 20 პროცენტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.[4] მოსახლეობის დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული და პანდემიის პირობებში არანაირ ფინანსურ დახმარებას არ ღებულობს. ორივე მხარე იცავს ელიტარული ჯგუფების ინტერესებს, რომლებმაც მიწა პრივატიზაციის გზით ჩაიგდეს ხელში და ნამცხვრის საუკეთესო ნაჭრებს აძლევენ მათ, ვინც სანაცვლოდ უმაღლეს ფასს შესთავაზებს. გადამდგარი პრემიერმინისტრი გახარია მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერით სარგებლობდა გამომდინარე იქიდან, რომ მან 2020 წლის გაზაფხულზე მოახერხა პანდემიის ეფექტიანი მართვა და ცდილობდა პანდემიით გამოწვეული მძიმე ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებას.[5] თუმცა როდესაც გახარია ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრების წინააღმდეგ გამოვიდა, რითიც პარტიული ხაზისგან და ივანიშვილისგან გარკვეული დამოუკიდებლობა გამოაჩინა, ის იძულებული გახდა გადამდგარიყო, რათა, მათ შორის, საკუთარი თავის დისკრედიტაცია არ მოეხდინა. ეს არის მოდელი, რომლის მოწმეებიც წლიდან წლამდე ვხდებით: როგორც კი პრემიერი ან რომელიმე მინისტრი პარტიის დამფუძნებლებისგან ზედმეტად დამოუკიდებლად მოქმედებს, მას უწევს თანამდებობის დატოვება. ამის მიუხედავად, ქართული ოცნების და 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრებული ბიძინა ივანიშვილის მიმართ წაყენებული პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ მათ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება სურთ, დაუსაბუთებელია. უდავოა, რომ ქართული ოცნება ცდილობდა რუსეთთან იმაზე უფრო თანამშრომლობითი ურთიერთობები აეწყო, ვიდრე ამას მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში აკეთებდა და ამ მცდელობის შედეგად მოსკოვთან არსებული დაძაბულობა გარკვეულწილად განიმუხტა კიდეც. თუმცა, ამავდროულად, ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საქართველოს უარი ოფიციალურად არასოდეს უთქვამს; გარდა ამისა დღესდღეობით მიმდინარეობს მუშაობა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მომზადებაზე. თუმცა რასაც საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით, არის მზარდი კორუფცია და არაფორმალური სტრუქტურების გაძლიერება. ამასთან მმართველი პარტია სულ უფრო მეტად ახდენს უშიშროების ორგანოების და სასამართლოების ინსტრუმენტალიზაციას პირადი ინტერესების რეალიზების მიზნით და ოპოზიციის წინააღმდეგ. უშიშროების სტრუქტურების და სასამართლოების მსგავსი ინსტრუმენტალიზაცია სააკაშვილის პრეზიდენტობის მეორე ვადის დროსაც არსებობდა, თუმცა იმ დროს მაშინდელი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში მოქმედებდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადის მიწურულს საქართველო, 100.000 მოსახლეზე საპატიმროებში მყოფ პირთა რაოდენობის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნების სიაში იყო. ამგვარად, უფრო უპრიანი იქნებოდა გველაპარაკა „მცოცავ რუსიფიკაციაზე“, რომელიც ხორციელდება გატარებული რეფორმებით მიღწეული შედეგების რღვევის და ფორმალური ინსტიტუტების დასუსტების ხარჯზე მიმდინარე არაფორმალური და კორუფციული პრაქტიკების გაძლიერებით. შედეგად, იმ ფონზე, რომ ქვეყანას არ შეუცვლია თავისი გეოპოლიტიკური ორიენტირი, ქართული ოცნების და ქართული პოლიტიკური ელიტის დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს სულ უფრო მეტად აშორებს ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. პოლიტიკური ალტერნატივების არარსებობა ის რაც საქართველოს აკლია, არის მესამე ძალა, რომელიც შეძლებდა დღევანდელი მმართველი პარტიებისთვის ტიპიური ელიტარული ეგოიზმის ალტერნატიული პოლიტიკის განსხეულებას. გამოკითხვები ცხადყოფს, რომ მოსახლეობას ამის სურვილი აქვს. NDI/CRRC-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად 2020 წლის ბოლოს ამომრჩეველთა 30% არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ უჭერდა მხარს.[6] იმედი, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩამოყალიბებული პარტია „ლელო“ და მისი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შეძლებდნენ ამგვარ მესამე ძალად ჩამოყალიბებას, მალევე გაქარწყლდა. ყოფილმა ბანკირმა და ბიზნესმენმა, მამუკა ხაზარაძემ თავდაპირველად შეძლო თავის პარტიაში გარკვეული რაოდენობის პროგრესულად მოაზროვნე, მემარცხენე მსოფლმხედველობის მქონე ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა. თუმცა მალევე გახდა აშკარა, რომ ის ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის ანალოგიურ პოლიტიკას გაატარებდა: ხაზარაძის მიერ განხორციელებული პოლიტიკა უფრო მეტად ორიენტირებული იყო მის პირადი ბიზნეს ინტერესების დაცვაზე, ამასთან ყოფილი ბიზნესმენი შიდაპარტიულ დემოკრატიას ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. საპარლამენტო არჩევნებზე ლელომ ხმების 3%-ზე ოდნავ მეტი მოიპოვა. ვიდრე საქართველო ვერ მოახერხებს სამოქალაქო საზოგადოების წიაღიდან მომდინარე ალტერნატიული პოლიტიკური მოძრაობების დაფუძნებას, ბიზნესელიტები კვლავაც გააგრძელებენ ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის საკუთარ ინტერესებში გამოყენებას. 2020 წლის ბოლოს პარტია „მწვანეების“ დაფუძნება, რომელიც ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდა მწვანეების“ ბაზაზე შეიქმნა, შესაძლოა მცირე იმედის ნაპერწკალს წარმოადგენდეს. თუმცა მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, მაღალი ალბათობით, ამ ინიციატივასაც ძალზე გაუჭირდება საქართველოს პარტიულ სისტემაში ფეხის მოკიდება და თავისი, გამჭვირვალობასა და შიდაპარტიულ დემოკრატიაზე ორიენტირებული დღის წესრიგის რეალიზაცია. სხვა პოსტსაბჭოური ქვეყნების მსგავსად, საქართველოს შემთხვევაშიც პოლიტიკური პარტიები უმეტეს შემთხვევაში სხვა არაფერია, თუ არა ცალკეული (შეძლებული) პირების საარჩევნო გაერთიანებები, რომლებიც თავიანთ შინაარსობრივ ორიენტირებს ხმაურის გარეშე არგებენ კონკრეტული მომენტისთვის აქტუალურ პოლიტიკურ კონიუნქტურას. ამგვარი ვითარება ევროკავშირს ურთულებს მიმდინარე კონფლიქტში შუამავლის როლის შესრულებას და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების მიმართულებით მასშტაბური ტრანსფორმაციის მხარდაჭერას. ამგვარი რეფორმები, როგორც წარსულში, ისე დღესაც წინააღმდეგობაში მოდიან ელიტარული ჯგუფების დიდი ნაწილის ინტერესებთან. ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან დომინანტურ ნარატივს წარმოადგენდა ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ამასთან აშშ და ევროკავშირი საქართველოში მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ყოველთვის მნიშვნელოვან გავლენას ახდენდნენ. დღესაც, არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ისევ და ისევ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ცდილობენ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციას. ამასთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პირველად გავხდით დასავლელი მოთამაშეების მიმართ მათი აქტივობების და ჩარევის გამო გამოთქმული კრიტიკის მოწმენი. ბიძინა ივანიშვილი, იმ დროს ჯერ კიდევ ქართული ოცნების თავმჯდომარე, უკვე 2019 წლის ნოემბერში აკრიტიკებდა ამერიკულ ინსტიტუტებს, როგორებიცაა NDI და IRI, სდებდა რა მათ ბრალს მიკერძოებულობაში იმ მოტივით, რომ ისინი ქართული ოცნების ინტერესების საზიანოდ გამოკითხვების მცდარი შედეგების ტირაჟირებას ახდენდნენ.[7] დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის პირობებში ქართველი პოლიტიკოსები დასავლელ პარტნიორებს, ერთის მხრივ, მხარდაჭერის თხოვნით მიმართავენ, მეორე მხრივ კი მიკერძოებულობაში სდებენ ბრალს, როგორც კი ეს მხარდაჭერა შეუსაბამობაში მოდის მათ კერძო, ძალაუფლებრივ ინტერესებთან. შედეგად, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები ამასობაში თვითონაც გადაიქცნენ შიდაქართული ესკალაციის სპირალის შემადგენელ ნაწილად ისე, რომ მათ არ შესწევთ აღნიშნული სპირალის გაწყვეტის უნარი. ალტერნატიული ძალის გარეშე ხელახალი არჩევნების ჩატარებაც ვერ შეძლებდა ხსენებული პოლარიზაციის აღმოფხვრას. მეტი გამბედაობა ევროკავშირისგან და ევროკავშირისთვის ამავდროულად ევროკავშირიც სულ უფრო მეტად კარგავს თავის ტრანსფორმაციულ ძალას. აღნიშნული გამოწვეულია როგორც ევროკავშირის შიდა კრიზისით, ისე ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ტრამპის პრეზიდენტობის პეროიდში წარმოქმნილი კრიზისით, რასაც ემატება ევროკავშირის მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროს მოთამაშის როლზე უარის თქმა იმ რეგიონში, სადაც უსაფრთხოება საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. მთიანი ყარაბაღის მეორე ომისგან ევროკავშირის და აშშ-ის დისტანცირება სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ კონსტელაციაზე უმნიშვნელოვანეს გავლენას იქონიებს. რეგიონის სამივე სახელმწიფომ დაინახა, რომ უსაფრთხოების პოლიტიკურ კრიზისში არ უნდა ჰქონდეთ არც ვაშინგტონის და არც ბრიუსელის იმედი. ეს ფაქტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა სომხეთის და აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოებებისთვის. „რუსი სამშვიდობო ჯარების“ განთავსება უკვე აზერბაიჯანშიც - სამხრეთ კავკასიის ერთადერთ სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც მანამდე რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ, ისევე, როგორც ხსენებულ ომში თურქეთის ჩარევა, ხელს შეუწყობს სამივე სამხრეთკავკასიური სახელმწიფოს უფრო მეტ ორიენტაციას რუსეთის ფედერაციასა და თურქეთზე. საქართველოსთვის, როგორც რეგიონში ყველაზე ძლიერი ტრანსატლანტიკური ორიენტაციის მქონე ქვეყნისთვის, ძალთა ბალანსის ხსენებული გადანაცვლება და ქვეყნისთვის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივების არარსებობა ორიენტირების დაკარგვის მზარდ საფრთხეს უკავშირდება. ამ ყველაფერმა, ქვეყანაში არაფორმალური სტრუქტურების გაძლიერებასა და კორუფციის ზრდასთან კომბინაციაში, საქართველო შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააშოროს მის დემოკრატიულ გზას. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის ეს უნდა იყოს არა ნაკლები, არამედ უფრო მეტი ჩართულობის საფუძველი. სამეზობლო პოლიტიკას ბოლოსდაბოლოს უნდა დაემატოს უსაფრთხოების პოლიტიკის უფრო მძლავრი შემადგენელი, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში უშიშროების სტრუქტურების რეფორმირებას და, ამავდროულად, რეგიონალური კონფლიქტების კონტექსტში შესაძლებელს გახდის ევროკავშირის უფრო აქტიურ პოლიტიკურ, მედიაციურ ჩართულობას. ამგვარი მიდგომის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს ევროკავშირის მზაობა, გააძლიეროს მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მრავალმხრივი პლატფორმები, შექმნას სამშვიდობო მისიები და გადახედოს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის როლს. გარდა ამისა, აღმოსავლეთის პარტნიორობის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში რეალიზებულ ყოვლისმომცველ ტრატეგიაში უნდა მოხდეს ევროკავშირის პოლიტიკის ისეთი ელემენტების ინტეგრირება, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერების ხელშეწყობა და ეკონომიკური ინვესტიციები. ამავდროულად უნდა მოხდეს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის უფრო ქმედუნარიანი ინსტრუმენტებით შევსება. ამ ყველაფერთან ერთად ევროკავშირმა საქართველოს უნდა შესთავაზოს გაწევრიანების პერსპექტივა, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სიტუაცია იქნება ამ თვალსაზრისით 10-15 წლის შემდეგ. საქართველოს სჭირდება კომპასი, რომლის მიცემაც ქვეყნისთვის გარედან ნაწილობრივ ევროკავშირს შეუძლია. თუმცა ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ცვლილებების და რეალური ალტერნატივების არსებობის გარეშე ესკალაციის სპირალი ერთი და იმავე ღერძის გარშემო ბრუნვას მომავალშიც გააგრძელებს. [1] http://www.isfed.ge/eng/gantskhadebebi/samartliani-archevnebis-ganmarteba-khmebis-paraleluri-datvlis-PVT-ubnebis-shemadjamebel-oqmebtan-dakavshirebit. [2] https://www.washingtonpost.com/opinions/2021/02/25/georgia-tbilisi-melia-arrest-russia/ [3] https://transparency.ge/en/post/georgias-political-finance-2019-revenues-and-expenditures-political-parties-and-financial [4] https://agenda.ge/en/news/2020/1685 [5] საქართველოში პრემიერმინისტრის 50%-იანი მხარდაჭერა ძალზედ მაღალი მაჩვენებელია https://civil.ge/wp-content/uploads/2021/01/NDI-Georgia_December-2020-poll_Eng_final.pdf, გვ. 43., NDI, 2020 [6] იქვე., გვ. 64. [7] https://civil.ge/archives/329508