ძებნა
'ტკიპებისგან' ძებნის შედეგები.
-
ტკიპები საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ფართოდ არიან გავრცელებულნი. ვხვდებით, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანაში (მაღალმთიან რეგიონებშიც, სვანეთისა და რაჭის ჩათვლით). განსაკუთრებით ბოლო დროს იმატა ტკიპების გააქტიურების შემთხვევებმა. ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელმა, გვანცა ბრაჭულმა ისაუბრა. რა უნდა ვიცოდეთ, რას ველოდოთ და როგორ დავიცვათ თავი მწერების ამ სახეობისგან: ჯამში, 5 გვარის 15-მდე სახეობა გვხვდება (Ixodes, Dermacentor, Haemophysalis, Hyalomma, Rhipicephalus) .ვიზუალურად რომ ამოიცნოთ, ოვალური ფორმის ტანი, თავი და 4 წყვილი ფეხი აქვთ. ტანის ნაწილი შეიძლება იყოს ერთი ფერის (მაგალითად, Ixodes ricinus ერთგვაროვნად მოწითალო ფერისაა), ან ჭრელი (მაგალითად, Dermacentor marginatus ულამაზესი, ჭრელი ფერის ტკიპაა). თავის, ანუ კაპიტულუმის, ნაწილში ვხვდებით საკვებ აპარატს, სწორედ მის შემადგენლობაში არსებული ჰიპოსტომით ახერხებს ტკიპა კანზე მიმაგრებას და, შემდგომ, კვებას. ფეხებსა და ტანზე, სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება ბუსუსებიც შეგვხვდეს და მათი არსებობა სახეობის იდენტიფიცირებისთვის არის მნიშვნელოვანი.საყვარელი გავრცელების არეალები – ხშირად ბალახიანი, ტყიანი, თუმცა შეიძლება მშრალ, არიდულ გარემოშიც შევხვდეთ, მაგალითად ჰიალომას. ცხოვრობენ მიწის ზედაპირზე და, შესაბამისად, ხიდან ვერ დაგეცემათ ვერანაირად. სამაგიეროდ, ხტებიან მშვენივრად და ბალახიდან ამოხტომისას ჩვენს სხეულებზე უმარტივესად მოხვდებიან. სისხლით კვება ზრდასრულ ტკიპებში მხოლოდ მდედრებს ახასიათებთ, თუმცა ლარვა და ნიმფაც იკვებებიან სისხლით. კანზე ხანგრძლივად ჩერდებიან სისხლის წოვისას და ზომაშიც საკმაოდ იზრდებიან ამ დროს (100ჯერაც კი არის შესაძლებელი ზომაში ზრდა). თუ ტკიპას იპოვნით სხეულზე, ძალიან მნიშვნელოვანია მისი სწრაფად მოცილება კანიდან. ხალხური მეთოდები ზეთის დასხმის ან ცეცხლის შენთების – დაუშვებელია, ვინაიდან, ამ დროს შეშინებული ტკიპა მეტ “ნერწყვს” უშვებს თქვენს კანში და ინფიცირების რისკი იზრდება. გამოიყენეთ პინცეტი, რომელსაც უშუალოდ საკვებ ორანოს ჩასჭიდებთ (არ შეეხოთ სხეულს) და მშვიდად ამოაძრეთ კანიდან. ხანდახან კანში რჩება ნესტრისმაგვარი საკვები ორგანო, რომელიც საშიში არ არის და ნუ შეშფოთდებით. ტკიპა არ გასრისოთ. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.საქართველოს ბევრ რეგიონში, მათ შორის თბილისში და მის შემოგარენშიც, ფართოდ არის გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ტკიპებს გადააქვთ, ორი მათგანის შესახებ ძალიანძალიან მოკლედ: ბორელიოზი (Lyme disease), გამომწვევი – სპიროქეტა Borrelia burgdorferi. ყველაზე ნაკლებად პრობლემური და მარტივად სადიაგნოსტიკო, ვინაიდან, თუ ტკიპა გიკბენთ, კბენის გარშემო ვითარდება წითელი რკალი, თეთრი ცენტრით, ეს რკალი დროთა განმავლობაში ფართოვდება. სხვა სიმპტომები გრიპისმაგვარია, სხეულის ზოგადი სისუსტე, მაღალი ტემპერატურა. მკურნალობა ანტიბიოტიკურია, თუმც სიმპტომები შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს. საქართველოში ბორელიოზი სეზონურად საკმაოდ ხშირად გვხვდება.ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება CCHCF – განსაკუთრებით საშიში დაავადება, BSL-3 დონის ვირუსული პათოგენით (Nairovirus) არის გამოწვეული. ორფაზიანი მსვლელობა აქვს, პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში მწვავე მოწამვლის სიმპტომებით, შემდგომ კი მულტი-ორგანული დაზიანებები და ჰემორაგიები იწყება. დროული მკურნალობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვირუსს 40%-მდე აქვს სიკვდილიანობა. საქართველოში ყოველწლიურად, სეზონურად გვხვდება შემთხვევები, განსაკუთრებით საშიშია შიდა ქართლისა და ჯავახეთის ტეროტორია, თუმცა ტკიპებიდან ვირუსის რნმ სხვა ბევრ რეგიონშია გამოყოფილი. წელს, როცა სეზონი ჯერ ახლაღა იწყება, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები და , სამწუხაროდ, გვქონდა ლეტალური გამოსავალიც.თუ თავის არიდება გსურთ პრობლემებისგან, ბუნებაში გადით დახურული ფეხსაცმლითა და გრძელი შარვლით. პირდაპირ ბალახზე დაჯდომა-წამოწოლას ერიდეთ, სახლში დაბრუნებისას შეიმოწმეთ სხეული და კარგი იქნება, ველზე გასვლამდე რეპელენტებსაც თუ გამოიყენებთ. დამატებით ფაქტად, ტკიპები ერთერთი პირველები იყვნენ, ვინც წყლიდან ხმელეთზე ამოვიდა (ობობებთან და მორიელებთან ერთად). ისტრუქცია, თუ როგორ მოვიშოროთ ტკიპა სხეულიდან