ძებნა
'სიკვდილი’’' ძებნის შედეგები.
-
მეოცე საუკუნეში არაერთი ფილოსოფიური, პარაბოლური რომანი შექმნილა, რომელთა შორის საპატიო ადგილი უკავია ჰერმან ბროხის ,,ვერგილიუსის სიკვდილს’’. ესაა რომანი, რომელიც შედგება ოთხი ნაწილისგან, ვით ოთხი სტიქიისგან მოწესრიგებულად მიიჩნევდნენ ძველები კოსმოსს. მართლაც, წყლის, ცეცხლის, მიწისა და ჰაერის სიმბოლური გააზრებით, ჩვენს თვალწინ გადაიშლება მელანქოლიური სურათი, უდიდესი რომაელი პოეტის, ,,ენეიდას’’ შემქმნელის, ვერგილიუსის გარდაცვალების დღისა. ფაქტია, ეს არ გახლავთ თავშესაქცევი და დრამატული ამბებისგან კომბინირებული რომანი, რის გამოც ბევრი კრიტიკოსი ამგვარ ნაწარმოებს არც მიაკუთვნებს მხატვრულ, ფიქციურ ლიტერატურას. მათთვის, ბროხის ეს ქმნილება უპირველესად ესსეისტური ნაწარმოებია, რომელშიც ჭარბადაა ფილოსოფიური განაზრებანი, სენტენციებისა და ესთეტიკური აზრების წყება, – ამბის გარეშე. ,,ვერგილიუსის სიკვდილი’’ მოგვითხრობს პოეტის მგზავრობასა და ბრინდიზიუმში ჩასვლას, მის მიერ წარსულის გახსენებას, ახლობლებთან გამომშვიდობებას, სიკვდილის მოახლების გაცნობიერებას და თანდათანობით მიღმიერ სამყაროში გადასვლას. და ეს ყოველივე დაწერილია უკიდურესად პოეტური სტილით. თითქოს რილკეს, ბოდლერს, ცელანს პროზაული კალამი აუღიათ და ამგვარად გადმოუციათ მისტიკური პოეზია. ,,მხოლოდ ადამიანი დგას აღმართული, მთელი თავისი სიმაღლით, მაგრამ გაწოლილია ძილისთვის, სიყვარულისთვის, სასიკვდილოდ, და წოლის ამ თავისი სამმაგი თვისებით განსხვავდება იგი ყველა დანარჩენი სულდგმულისაგან’’ – ვკითხულობთ ბროხთან, და თვალწინ გვიდგება მწოლიარე რომაელი პოეტი, რომელიც უძლურია სასიცოცხლო ძალები დაიბრუნოს. და სიკვდილის პირას მყოფი ვერგილიუსი ეჭვობს, როგორც პოეტი, ემსახურებოდა თუ არა ღირებულ საქმეს. თუ პოეზია შემეცნებაა, რამდენად შეასრულა ეს მისია ,,ენეიდამ’’? ამიტომაც, მასთან გამოსამშვიდობებლად მისულ მეგობრებს, პლოციუსაა და ლუციუსს, აგრეთვე იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსს, არწმუნებს რომ, არაფრის მაქნისია პოეზია, რომელიც არაა შემეცნება. ამიტომაც სურს უცნაური რამ, დაიწვას ,,ენეიდას’’ ხელნაწერი, და ამით გაქრეს ეს პოემა. რომანში მკითხველის ყურადღებას იქცევს უცნობი ყრმა, რომელიც პოეტს ნავსაყუდელთან შეხვდება და თითქოს მიაცილებს სიკვდილის გზაზე. იგი იდუმალად რჩება მაშინაც, როდესაც გმირი ესაუბრება, და მაშინაც, როცა ვერგილიუსთან გამოსამშვიდობებლად მისი მეგობრები მოდიან. ეს ყრმა შესაძლოა პოეტის ჭაბუკობის ხატება, ან სულაც სიკვდილის მაცნედ გასააზრებელი ალეგორია იყოს. ისიც ცნობილია, რომ ვერგილიუსს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მსგავსად, ახალი აღთქმის მაცნედ წარმოაჩენდნენ ძველები. წიგნი განმსჭვალულია მესიის მოლოდინით, რომელიც თავად იქნება ადამიანების ხსნა, სიკვდილის დამთრგუნავი. მისი პოეზიაც მკითხველებმა უნდა გაიაზრონ, როგორც ამ მხსნელის მოლოდინი. ვერგილიუსისა და იმპერატორ ოქტავიანეს დიალოგში ნაჩვენებია საპირისპირო პოლუსებზე მდგომი ორი ადამიანის ხედვები. სახელმწიფოს მმართველი დარწმუნებულია, რომ ადამიანური მარტოობა დაიძლევა ადამიანთა ძალისხმევით, – გაერთიანდნენ, რისი ხორცშესხმაც სახელმწიფოა. ვერგილუსმა კი უწყის, რომ ნამდვილი ერთიანობა მხოლოდ სულიერი შეიძლება იყოს. რომანის ფინალი კარგად აქვს გააზრებული მერაბ ღაღანიძეს ბროხის შემოქმედებისადმი მიძღვნილ წერილში: ,,ვერგილიუსი მიწიერი ცხოვრების დასატოვებლად ემზადება… სასახლის დარბაზიდან და პოეტის ცხოვრებიდან გადის იმპერატორი ავგუსტუსი. მას თან მიაქვს ,,ენეიდას’’ ხელნაწერი, – გადარჩენილი, განადგურებას გამოტაცებული წიგნი, რომელიც კაცობრიობას რომის უკვდავებისა და ადამიანთა მხსნელის მოლოდინის უწყებას ამცნობს. სიკვდილის პირისპირ მარტოდ დარჩენილ პოეტთან ერთადერთი მზრუნველი რჩება, – მისი სულის გადამყვანი, მისი სულის მეგზური, იგი, ვინც მან პირველად ზღვისა და ხმელეთის, სიცოცხლისა და სიკვდილის, დროებითისა და მარადიულის საზღვარზე შენიშნა: ყრმა ზღვის პირას’’. მადლობა გამომცემლობა ,,ალეფს’’, რომელიც საუცხოოდ არჩევს სათარგმნ და გამოსაცემ ლიტერატურას (თუმცა დამფასაბელი ცოტა ეყოლება) ბროხის უკვდავი რომანის ქართულ ენაზე ამეტყველებისთვის.