ძებნა
'სახლი' ძებნის შედეგები.
-
თბილისში, გამრეკელისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე “აქსის პალასი 1”-ის მაღალი კორპუსი დგას. ნახევრად ცარიელია. იქ ადამიანები ვერ ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს დაუსრულებელ ბინებში ათიათასობით დოლარი 12-14 წლის წინ აქვთ გადახდილი. ასეთი კორპუსები “აქსისს” კიდევ ორი აქვს: “აქსის პალასი 2” და „აქსისპალასი საირმეზე.“ ორივე მათგანში იპოვით ბინას, რომელიც დასრულებული არაა, რომელშიც ვერავინ ცხოვრობს. “აქსისის” მიერ დაზარალებულთა რიცხვი უკვე 300 ოჯახს აჭარბებს. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, “აქსის პალასი 1-ის” 5 სადარბაზო დარჩა ასაშენებელი. “აქსის პალასი 2” იქვე, 250 მეტრში მდებარეობს. როგორც კომპანიას აქვს მითითებული “პალასი 1” და “პალასი 2” ერთ კომპლექსად მოიაზრება. Რაც შეეხება “აქსისპალასს საირმეზე” ორი ბლოკიდან პირველი დასრულებულია, მეორე ბლოკის დასრულებას კი კომპანია 2021 წლის შემოდგომაზე გეგმავს. დაზარალებულთა ნაწილი ამ დრომდე ელის, როდის გახდება “აქსისი” კეთილსინდისიერი და როდის დაუბრუნებს მათ ან ფულს ან ბინას. ნაწილმა სასამართლოს მიმართა და საკუთარი თვალით ნახა ის ჩალა, რომლითაც ჩვენი ქვეყანაა დაფარული. ლელა ტყეშელაშვილი 2003 წლიდან საბერძნეთში ცხოვრობს. როდესაც “აქსისში” ბინა იყიდა, 25 წლის იყო. 2005 წელს მან კომპანიას კვადრატულ მეტრში 600 დოლარი გადაუხადა და ელოდა, რომ 75 კვ.მ. ფართის ბინას მიიღებდა. ბინის გარემონტების შემდეგ ჩამოსვლას გეგმავდა, თუმცა სხვანაირად გადაუწყვიტეს: “ვიფიქრე, წავიმუშავებ და დავბრუნდები. ვერც ვიფიქრებდი თუ ოჯახს საზღვარგარეთ შევქმნიდი. ეს იმიტომ მოხდა, რომ მე სახლი არ მეღირსა და ამაში “აქსისს” ვადანაშაულებ. მე რომ 2008 წელს სახლი ჩამბარებოდა, ახლა საქართველოში ვიქნებოდი და ჩემს შვილებსაც საქართველოში გავზრდიდი. ამდენი ნერვიულობით ჩიყვი აღმომაჩნდა. ხანდახან ვფიქრობ, ჯანმრთელად ვიყოთ და წყალსაც წაუღია ყველაფერი, მაგრამ ეს ხომ ქუჩაში არ მიპოვია, ჩემი და დედაჩემის ნაწვალები ფულია,” – საბერძნეთიდან გვიყვება ვიდეოზარის დროს. ლელა ბოლოს საქართველოში ორი წლის წინ იყო, კომპანიაშიც მივიდა და დაამშვიდეს, ცოტა ხანში დაგირეკავთ, ბინის რემონტი რომ დაიწყოო. დღემდე არავინ შეხმიანებია. სასამართლოში მისვლა და ჩივილი, დამატებითი ხარჯებისა და წლობით გაჭიანურებული პროცესის გამო, არც უფიქრია. თან სხვების მაგალითიც ჰქონდა წინ, ვინც “აქსისის” წინააღმდეგ სასამართლო დავითაც ვერაფერს გახდა. შორენა თევზაძე თავის მეუღლესთან ერთად უკვე 14 წელია ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. “აქსის პალასი 1”-ის კორპუსში, საბურთალოზე, ბინა მასაც 2008 წელს უნდა მიეღო. 2006 წელს შორენას მეუღლემ კომპანიისგან იყიდა 67 კვ.მ. ფართი, რომელშიც 41,500 დოლარის ექვივალენტი ლარში გადაიხადა. ბინის ჩაბარების მომენტში კი აღმოჩნდა, რომ კორპუსი სრულად აშენებულიც არ იყო. მშენებლობის დაბრკოლების მიზეზად 2008 წლის ომი დაასახელეს. თუმცა, შორენას ამის არ სჯერა, რადგან ომი აგვისტოში იყო და სექტემბრისთვის აშენებას ისედაც ვერ მოასწრებდნენ. ბოლო დაპირება აუსრულეს და კლიენტი გაუგზავნეს. თავდაპირველად, კლიენტს თანხა დეკემბრის ბოლოსთვის უნდა დაეფარა. თუმცა, ჯერ მხოლოდ ნახევარი თანხა მიიღეს და პრობლემური ბინა ისევ ოჯახის საკუთრებაა. Სასამართლოსთვის არც შორენას და მის მეუღლეს მიუმართავთ, რადგან მათთვის ეს დამატებით ფინანსური ზარალი იყო. ამის საშუალება კი არ აქვთ. ვერც ჩივილის აზრს ხედავდნენ, რადგან არსებობს შემთხვევები, როდესაც დაზარალებულებმა ინსტანციები მოიგეს, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა. სწორედ ასეთი ისტორია აქვს ნატალია კობერიძეს. მან “აქსის პალასი 2-ში” თანხა 2008 წლის ივნისში შეიტანა და ბინა 2009 წლის სექტემბერში უნდა ჩაბარებოდა. თვეების განმავლობაში ხედავდა, რომ მშენებლობა წინ არ მიიწევდა. 2009 წლის ბოლოს კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა. ამ დროისთვის კომპანიისთვის უკვე 16,000 ევრო ჰქონდა გადახდილი. კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მის ბინას გადაყიდიდნენ, კონტრაქტის გაწყვეტისთვის პირგასამტეხლოს დაიტოვებდნენ და დანარჩენ კუთვნილ თანხას დაუბრუნებდნენ. 5 წელი ელოდა ბინის გაყიდვას. ბოლოს, გადაწყვიტა ადვოკატი აეყვანა და სასამართლოსთვის მიემართა. პროცესი სამი წელი გაჭიანურდა. “მივედით უზენაესამდე და გამოიტანეს დასკვნა, რომ ამათმა მე უნდა გადამიხადონ ეს თანხა, ამას დამატებული ჩემი ადვოკატის ხარჯები, ბაჟი, როგორც წესია და პლიუს, სანამ ამ თანხას არ გადამიხდიან, 170 ევრომდე ყოველ თვეში ზიანი და ანაზღაურება,” – გვიყვება ნატალია კობერიძე. 2017 წელს ნატალიას შვილმა კომპანიის წარმომადგენლებს შესთავაზა, რომ პირგასამტეხლოს არ მოსთხოვდა, ისევ მისი ბინა მიეცათ ახალი ხელშეკრულებით და რაც იყო თანხა დარჩენილი, იმასაც გადაიხდიდნენ. ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ნატალიას დაუსრულებელი ბინა სხვაზე იყო გაყიდული. ნატალიას თანხა არ მისცეს და მოტყუებული დატოვეს. 2018 წელს პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მათ მოსთხოვეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულებაში შეეტანათ განცხადება. “აღსრულებაში ახლობელი მოვძებნე. ასე მითხრა, აზრი არ აქვს შემოტანას, აქსისზე გვაქვს განცხადებები, თუ რამე ღია ქონება აქვთ, დაყადაღებულია და არანაირი აღსრულება არ სრულდებაო,“ – გვიყვება ნატალია. მაინც შეიტანა განაცხადი. უშედეგოდ. არც პროკურატურა ჩქარობს საქმის დასრულებას. უცნობია, როდის დასრულდება გამოძიება. “არა ფული, არა ფართი, ჰაერში დამტოვეს, არანაირი შემოთავაზება მათი მხრიდან არ ყოფილა. აიღეს ეს ჩემი ფული, ჩაიდეს ჯიბეში და მორჩა,” – ამბობს ნატალია “აი, ფაქტთან” საუბრისას. ნატალიასგან განსხვავებით, ქეთი ჩაჩანიძემ მშენებელთან მოლაპარაკება გადაწყვიტა. მან 120 კვ.მ. ბინა 2005 წელს იყიდა და სამ წელში დაფარა საფასური, 85,000 დოლარი. ბინა კი იმავე წლის ნოემბერში უნდა ჩაბარებოდა. 2014 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, “აქსისის” იურისტებთან ერთად, მოსამართლის დახმარებით შედგა ე.წ. შეთანხმების აქტი, რომლის მიხედვითაც ქეთის ბინა 2017 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მას 99,000 დოლარს გადაუხდიდა. თუმცა, არც ბინა დასრულებულა და ქეთისთვის არც თანხა მიუციათ. “კანონით შპს-ს ანგარიშზე უნდა იყოს ან ბინა ან ფული, რომ სასამართლომ ყადაღა დაადოს, ან გაყიდოს. მაგრამ როგორც ჩანს, ამ შპს-ზე არაფერი არ დევს და ეს ბინები, რაც იყო ყველაფერი გადაიფორმეს, რომ სასამართლოს არ წაერთმია და ჩემთვის არ გადმოეცათ,“- გვიყვება ქეთი. ბინის მყიდველები ხელშეკრულებას აფორმებდნენ ამხანაგობა “აქსის პალასი -1” -თან, “აქსის პალასი- 2”-თან და შპს “აქსის+”-თან. აღსრულების ეროვნულ ბიუროში შპს “აქსის +”-ის სახელზე 2014 წლიდან დღემდე 19 განცხადებაა შესული. როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, პაატა შამუგია გვეუბნება, ზოგადად, აღსრულება ვერ ხერხდება თუ უშუალოდ კომპანიას არ აქვს ანგარიშზე თანხა ან უძრავი ქონება. Სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, აღსრულება არ ეხება კომპანიის წარმომადგენლების პირად ქონებას. შპს “აქსის+” 2005 წლის აგვისტოში შეიქმნა. მისი მფლობელი დაარსების დღიდან ალექსანდრე სამარგულიანია. დამატებით მას კიდევ 7 კომპანია აქვს. აქედან 4 მთავრობის ცვლილების შემდეგ, 2014 – 2015 წლებში დაარეგისტრირა. Სამარგულიანის სახელზე საჯარო რეესტრში 11 უძრავი ქონება ფიქსირდება. თუმცა, არცერთი ამხანაგობა და არც შპს “აქსის+” უძრავ ქონებას არ ფლობს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ვერ ხერხდება სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება. ალექსანდრე სამარგულიანი ასევე არის 1999 წელს დაარსებული შპს “აქსისის” დირექტორი. Შპს “აქსისის” დამფუძნებელი ბიზნესმენი ალექსანდრე მეჟევიძეა. საჯარო რეესტრში შპს “აქსისთან” და მასში სხვადასხვა ფორმით მონაწილე პირებთან დაკავშირებული ორმოცამდე კომპანიაა რეგისტრირებული. ამათგან, მეჟევიძე და სამარგულიანი 8 კომპანიაში ერთად საქმიანობენ. Შპს “აქსისის” დამფუძნებელი მეჟევიძე პერიოდულად მთავრობის და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მადლიერ განცხადებებს აკეთებს. რთულია, არ იყო მადლიერი, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებული ფონდი გაძლევს თანხას ჭავჭავაძეზე, “აქსის თაუერსის” პროექტის დასასრულებლად. მეჟევიძის სახელზე საჯარო რეესტრში მხოლოდ ერთი, 21,536 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწაა რეგისტრირებული საგურამოში. რას აკეთებენ დაზარალებულები ახლა? კომპანიის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი 2016 წელს დაიწყეს და მიუხედავად ბევრი დაპირებისა, სიტუაცია მაინც უცვლელი დარჩა. 2016 წელსვე შექმნეს “აქსისის დაზარალებულების” facebook გვერდი, რომელსაც 3,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ამ გვერდზე თავი მოიყარა “აქსისის” ასობით დაზარალებულმა, რომლებიც კომენტარებისა თუ ვიდეო მიმართვების სახით საკუთარ ისტორიებს ყვებიან. აქვთ იუთუბის არხიც, აწყობენ ქუჩის აქციებს, პრესკონფერენციებს. ოქტომბრის შემდეგ თბილისის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. ამ აქტივობამ მცირე შედეგი გამოიღო და როგორც იქნა, ნოემბერსა და დეკემბერში მერიიდან მათთვის მოიცალეს. დაზარალებულები, კომპანიის წარმომადგენელი ოთარ დიხამინჯია და მერიის წარმომადგენლები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. ბოლოს 12 დეკემბერს. შეხვედრები სამშენებლო მოედანზე იმართებოდა. კომპანიამ კორპუსების დასრულების ახალი ვადები დაასახელა, რომლის შესრულებასაც მერიაც გაუწევს მონიტორინგს. ბინების (თეთრი კარკასის) ჩაბარების ახალ ვადად 2021-2022 წელი განისაზღვრა. კომპანიის კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ გვითხრა, რომ კორპუსების დასრულების ზუსტი ვადები თებერვალში იქნება ცნობილი. Ჩვენს კითხვაზე, 12 წლის განმავლობაში რატომ ვერ ჩაბარდა ბინები იმ ადამიანებს, რომლებსაც სრულად აქვთ თანხა 2008-2009 წლებში გადახდილი, მან არ უპასუხა. “Ჩვენ ახლა მომლოდინე მობინადრეებთან ვიმყოფებით მორატორიუმის რეჟიმში, მერიასთან ერთად და მორატორიუმის გამო სხვა კომენტარის გაკეთება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად”. The post “აქსისის” Სახლი, რომელიც იყიდე, მაგრამ არ გაქვს appeared first on www.ifact.ge.