Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'საქართველოში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 16 results

  1. https://www.spotify.com/us/ ვინმე იყენებთ ამ შესანიშნავ მუსიკალურ პლატფორმას? საქართველოსთვის რამდენიმე ხანია რაც ხელმისაწვდომი გახდა კაი რამეა
  2. საქართველოში, შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის წარმომადგენლებმა, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობის, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ, პრესკონფერენცია გამართეს. რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა პრესკონფერენციაზე ქვეყანაში პოლიტიკური ერთობის აუცილებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან ქვეყნის წინ წასასვლელად. მისი განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმება ისეთი სულისკვეთების გამოხატულებაა, რომელიც ქვეყანას და მის მომავალს წაადგება. „მნიშვნელოვანია, რომ 19 აპრილის შეთანხმება განხორციელდეს, მასში გაკეთებული პუნქტები იყოს აღსრულებული. მათ შორის ვიცით, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით არის ფართო შეთანხმება მხარეებს შორის. სასამართლო რეფორმას რაც შეეხება, აქ არ არის ერთიანი სულისკვეთება. ვიცით, რომ დამატებითი დეტალებია, რომელზეც მუშაობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ვთვლით, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი და იგი ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, გამოხატავს ნამდვილად იმ სულისკვეთებას, რომელიც წაადგება ქვეყანას და მის მომავალს“ - თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა რობ პორტმანმა. რაც შეეხება ოქტომბრის არჩევნებს, დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის თქმით, შეერთებული შტატები მას ყურადღებით დააკვირდება. სენატორმა აღნიშნა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად კი მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება და დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველყოფა. შაჰინი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეა. სენატორი ჯინ შაჰინი „ყველა შეხვედრაზე, რომელიც დღეს გავმართეთ, ხაზს ვუსვამდით იმ მნიშვნელობას, რომელიც ენიჭება ადამიანის უფლებების, მოთხოვნების დაცვასა და უზრუნველყოფას. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, სამართლიან არჩევნებს, სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას და საარჩევნო რეფორმის წარმოებას. მნიშვნელოვანია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები მხარეებს შორის", - აღნიშნა სენატორმა. შეხვედრების დასრულების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში, ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობის საქმეში აპრილში, საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ნაწილს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების პირობების დაცვის აუცილებლობას და თქვა, რომ „უნდა გაგრძელდეს ნაყოფიერი მუშაობა მიღწეულ კომპრომისზე დაყრდნობით, რათა საქართველომ მიაღწიოს ძლიერი, რეზონანსული სამოქალაქო საზოგადოების შექმნას, რომელსაც მისი მოქალაქეები იმსახურებენ“. მან საქართველოს შეერთებული შტატების მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ „საქართველოს პოლიტიკურ მომავალს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს რეგიონის და მსოფლიო დემოკრატიის მდგომარეობაზე“. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მომავალსაც. სენატორმა პორტმანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეფორმები აუცილებელია ნატოში საქართველოს გაწევრიანების საქმეში დასაწინაურებლადაც. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს მაპის მიღებას, მაგრამ ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, იქნება ეს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, თუ კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. სენატორი რობ პორტმანი „საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ საქართველო იმსახურებს მაპის მიღებას, რაც საქართველოს ხელს შეუწყობდა ნატოს წევრობისკენ სვლაში. ამისათვის მნიშვნელოვანია ქვეყანამ გაატაროს სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები, ეს ეხება რეფორმებს სამხედრო და თავდაცვის სფეროში, მაგრამ ამავე დროს კანონის უზენაესობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც. ეს რასაკვირველია დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს ქვეყანას“ - განაცხადა პორტმანმა. პრესკონფერენციაზე სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს დააშინოს საქართველო და რუსეთის სამეზობლოში მყოფი სხვა სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მტკიცე და ერთგულ პარტნიორად რჩება. „გვქონდა შესაძლებლობა, რომ გავსულიყავით და ადგილზე გვენახა ადმინისტრაციული გამყოფი საზღვარი, ჩვენ ვნახეთ, თუ რაოდენ დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის რუსი ჯარისკაცები და რუსული შეიარაღება, რომელიც დამიზნებულია საქართველოს მისამართით. გავეცანით პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ეძლევათ საშუალება მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის მომსახურება თუ განათლება", - თქვა სენატორმა. ასევე ნახეთ: ამერიკელი სენატორების ვიზიტი დაიწყო - პირველი გაჩერება საოკუპაციო ხაზია მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის არჩევანს გახდეს დასავლური ინტიტუტების ნაწილი. "რუსეთის ქმედება აშაკარაა, რომ დააშინოს მის სამეზობლოში მყოფი სახელმწიფოები, რომლებმაც ჩრდილოატლანტიკური გზა და დასავლეთისკენ სვლა აირჩიეს, რომელიც ამ სახელმწიფოებს და მათ მოქალაქეებს სთავაზობთ უკეთეს მომავალს, ვიდრე თავად რუსეთს შეუძლია შესთავაზოს. ზუსტად ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს და საქართველოში რეფორმების განხორციელებას და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას იმისათვის, რომ მეტი შესაძლებლობები შეიქმნას საქართველოს მოქალაქეებისათვის და მეტად შეძლონ მათ თავისი უფლებების გამოვლენა. ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ რჩება საქართველოს მტკიცე პარტნიორად“ - განცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატორები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. განცხადება მან სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს და ასევე ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებულ საკითხებზე და საქართველოს ეკონომიკის აღდგენის თაობაზე. “სენატორების ჯინ შაჰინისა და რობ პორტმანის საქართველოში ვიზიტი ატლანტის ოკეანის იქიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების - ძლიერი მხარდაჭერის სიგნალია. სენატორებთან განვიხილეთ რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებული საკითხები და საქართველოს ეკონომიკის აღდგენა” - აღნიშნავს პრემიერი ღარიბაშვილი. ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დაწყებამდე, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკელ სენატორებთან ისინი იმსჯელებდნენ არამარტო ქვეყნის წინაშე მდგარ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, არამედ იმ პრობლემებზეც, რაც საქართველოში დემოკრატიის მომავლის თვალსაზრისით დგას. სამადაშვილი განმარტავდა, რომ ის პორტმანთან და შაჰინთან საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზეც ისაუბრებდა. "ეს ორი ურთიერთკავშირშია, რადგან მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესი ჩვენ ქვეყანაში უკავშირდება ასევე დემოკრატიას და მის მომავალს. ამიტომ, მე ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გამოწვევები დგას საარჩევნო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, ვისაუბრო იმაზე, მიუხედავად იმისა, რომ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოვაწერეთ, სამწუხაროდ კიდევ გრძელდება პოლიტიკური მიზნით მართლმასჯულების გამოყენება, მათ შორის, მასმედიის და პოლიტიკოსების წინააღმდეგ“ - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ოპოზიციის წარმომადგენლები შეშფოთებულები არიან იმ ფაქტით, რომ ნატოს მომავალ სამიტზე არც საქართველო და არც უკრაინა არ არის მიწვეული. „საქართველო პირველად არ იქნება ნატოზე მიწვეული, ამაში ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ვთხოვ ოპოზიციის, ჩვენი სახელით, რომ ეს როგორმე შევცვალოთ“ - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. საქართველოში სტუმრობამდე, სენატორები ლიეტუვას და უკრაინას ეწვიენ. ვილნიუსში ისინი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ციხანოუსკაიას და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდნენ. სენატორებმა ციხანოუსკაიას ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა გამოუცხადეს. კიევში ვიზიტისას კი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებლებს რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. შაჰინმა და პორტმანმა საქართველოში ვიზიტი 3 ივნისს საოკუპაციო ხაზის მონახულებით დაიწყეს.
  3. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმეტეს ნაწილში, სხვადასხვა მიმართულებით ვითარება საკმაოდ მძიმეა - ქვეყნის ჯანდაცვისა და ეკონომიკის სფეროს დიდი ზიანი მიაყენა კოვიდპანდემიამ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენს დასაქმება, ამ ყველაფერს ემატება გადაუწყვეტელი პოლიტიკური კრიზისი და მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეუთანხმებლობა. ამ უკანასკნელი მიმართულებით, მაშინ, როდესაც 2020 წლის 8 მარტს მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება მოხდა, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, ფასილიტაციის პროცესში გერმანიის ელჩი, ჰუბერ ქნირშიც ჩართული იყო... ელჩი „ინტერპრესნიუსს“ განვითარებული მოვლენების, სხვადასხვა პრობლემისა და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრა. - ბატონო ჰუბერტ, პირველ რიგში, დავიწყოთ პოლიტიკური მოვლენებით. შარლ მიშელის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვიდა საქართველოში, თუმცა მთავრობასა და ოპოზიციას შორის კომპრომისის მიღწევა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. როგორი იქნებოდა თქვენი შეფასება განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თანაც იმის ფონზე, რომ ფასილიტაციის საწყის ეტაპზე თქვენ პროცესში აქტიურად იყავით ჩართული? - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ძალიან აქტიურად ჩაერთო, რათა პარტიებს შორის შეთანხმება მიღწეულიყო. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ საქართველოში დემოკრატიული განვითარება თავის მიზნამდე ბოლომდე ჯერ არ მისულა და ის უნდა გაგრძელდეს. ამისათვის უნდა გაუმჯობესდეს კანონები, მაგალითად, საარჩევნო კოდექსი და რიგი პროცედურები სასამართლო დარგში. ბატონმა დანიელსონმა ამ კუთხით კარგი და ძალიან კონკრეტული შეთავაზებები წარმოადგინა და კარგი იქნებოდა მათი მიღება პარტიების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ერთი ან მეორე მხარის დადანაშაულებას აზრი არ აქვს. ჩვენ ახლა უფრო მეტად უნდა ვიმედოვნოთ, რომ მოცემულ სიტუაციაშიც რაც შეიძლება, მეტი გაუმჯობესება განხორციელდება. რურუასა და მელიას საკითხებიც ადრე თუ გვიან, გადაიჭრება. ამასთან, კარგი იქნებოდა, თუ 2019 წლის 19-20 ივნისის მოვლენები ქვეყანას მეტად აღარ დაამძიმებდა. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ბოლოს მაინც დაუჭერენ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებას, რაც შემდეგ არჩევნებში ახალი და პატარა პარტიების შანსებს გააუმჯობესებს. - პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან და უცხო ქვეყნის მოქალაქის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებული კანონპროექტების შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ: 1) პარტიების დაფინანსების შეწყვეტა, როცა ცალკეული დეპუტატები პარლამენტის სხდომების დიდ ნაწილს არ ესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება; და 2) პარტიული სიის რეგისტრაციის მოხსნა, რადგან მისი ლიდერი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, არაპროპორციულ ზომად აღიქმება. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისია თვლის, რომ ეს კანონპროექტები სამართლიანია. გვესმის "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენელთა განცხადებებიც, რომ მათ აუცილებლად მიიღებენ კანონების სახით. თქვენ როგორ აღიქვით ვენეციის კომისიის პოზიცია - არის თუ არა ამ შეფასებების გათვალისწინების ერთადერთი გზა ის, რომ კანონპროექტების კანონებად ქცევაზე სრულიად ითქვას უარი? - საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიასა და ODIHR-ს სთხოვა პოზიციის დაფიქსირება ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით. ორივე ინსტიტუციამ ძალიან მკაფიოდ, დეტალურად და კარგი დასაბუთებით გამოთქვეს მათი პოზიცია თითოეულ პუნქტთან მიმართებაში. დასკვნა ის არის, რომ პარლამენტი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ისეთი ინსტრუმენტების შექმნისას, რომლითაც უმცირესობა, ოპოზიცია, გარკვეული პოლიტიკური ქმედების გამო შეიძლება დაისაჯოს. ეს ორივე ინსტიტუცია არ გასცემს მითითებებს, პასუხისმგებლობა არჩეულ პოლიტიკოსებზეა. ისინი გადაწყვეტენ, თუ რა შეიძლება, მოცემულ სიტუაციაში იყოს სასარგებლო და რამ შეიძლება, შექმნას პრობლემები. - საქართველოს, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებს, კორონავირუსის პანდემიამ უდიდესი ზიანი მიაყენა. ქართველი მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ პანდემიის პირველ პერიოდში დადებითი შეფასებები, რომელიც მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის შესახებ კეთდებოდა, ბოლო თვეებია, გადაფარა ქართველი საზოგადოებისა და ბიზნესის უკმაყოფილებამ, რომ შეზღუდვები მეტისმეტია და ვითარებას აუარესებს. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს რეაგირებას კორონავირუსზე გრძელვადიან პერიოდში და რას ურჩევდით ამ ეტაპზე თუ სამომავლოდ ქვეყანას, რომ ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოიშალოს? - ყველა ქვეყანაში ვხედავთ, რომ მუდმივად ახალი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება მთავრობებისთვის მართლაც არ არის იოლი. საქართველომ დიდი ხნის განმავლობაში ეს კარგად მოახერხა. ზაფხულში კი შიდა ტურიზმმა სამწუხაროდ, პანდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი და ასევე, არჩევნების წინ არ სურდათ დამატებითი შეზღუდვების შემოღება. მე ვესაუბრე საქართველოს მთავრობის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს და მათთან ერთად მეც იმედი მაქვს, რომ ჭკვიანური შეზღუდვებისა და აცრების კამპანიაში წინსვლის შედეგად შესაძლებელი იქნება მდგომარეობის იმგვარად გამოსწორება, რომ ამ ზაფხულს ეკონომიკამ გარკვეულწილად, ნორმალურად შეძლოს ფუნქციონირება და ასევე, უცხოელმა ტურისტებაც - კვლავ ჩამოსვლა. - გერმანია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში აქტიურად ეხმარებოდა, იქნებოდა ეს პრაიმერების მოწოდება, სწრაფი ტესტების თუ სხვა. შეგიძლიათ, გვესაუბროთ გერმანიის ამჟამინდელ დახმარებაზე საქართველოსადმი კორონავირუსთან, როგორც ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევასთან, გამკლავების კუთხით? რა როლი ენიჭება ამ მხრივ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და იგეგმება თუ არა რაიმე დამატებითი დახმარება თუ ინიციატივა, რაც პანდემიის დამაზიანებელ ეფექტს საქართველოში შეასუსტებს? - ჩვენ შევძელით გარკვეული დახმარება, ხელი შევუწყეთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, წითელი ჯვრის, საავადმყოფოების მუშაობას. გერმანიის დახმარება საერთაშორისო დონეზე უმთავრესად მიმართულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და Covax-ის ინიციატივის ხელშეწყობისკენ. რა თქმა უნდა, ჩვენ, როგორც „ევროპის გუნდის“ წევრს, გვსურს გავაგრძელოთ დახმარება ევროკავშირთან ერთად, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა. თუ ნებას მომცემთ, მინდა ღიად ვთქვა, რომ სწორედ ახლა და შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში თავად ქართველებს შეუძლიათ თავისი ქვეყნის დახმარება, კერძოდ იმით, რომ აიცრან და ამით ვირუსის გავრცელების რისკი შეამცირონ. ბუნებრივია, იგივე ეხება იმ დიპლომატებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ - მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით ავიცრებით, როდესაც რიგი მოგვიწევს. - საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. ვიცით, რომ ამ პროგრამაზე, ასე ვთქვათ, მოთხოვნა ბევრად აღემატება მიწოდებას - ბევრად მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, ვიდრე ის რაოდენობა, რომელიც გერმანიაში სამუშაოდ წავა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და მსგავსი პროგრამების იმედზე არიან. მიუხედავად პროგრამის კეთილი მიზნისა და წარმატებისა, თქვენი აზრით, რამდენადაა ეს საქართველოსთვის პრობლემა? და ისევ მეტი ხელშეწყობისთვის, მომავალში ხომ არ იგეგმება, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მიეცეს თქვენს ქვეყანაში ლეგალურად დასაქმების საშუალება? - მთლიანობაში, თანდათანობით, მომდევნო წლებში ქართველებს გერმანიაში მუშაობის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ. სოფლის მეურნეობაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმების მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდია, მაგრამ ამან ახალი ხომ არაფერი გვითხრა საქართველოს შესახებ. სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია, განსაკუთრებით სოფლებში. პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მეტი შემოსავლის წყარო დაიკარგა. ცუდი არ არის, რომ ადამიანებს აღნიშნული სამუშაოთი მათი მდგომარეობის გაუმჯობესება სურთ. მოხარული ვარ, რომ შევქმენით ეს შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის ეს მხოლოდ მცირე შუალედური ნაბიჯია. - ჩვენს ქვეყანაში ოკუპაცია, ბორდერიზაცია, შედეგად, ადამიანების დაკავება ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიერ კვლავ აქტიურად გრძელდება. თქვენ მიერ გაკეთებული ძველი განცხადებით, „საზღვრები, რომლებიც არაადამიანურობას ეფუძნება, დიდხანს ვერ იარსებებს“. ზოგიერთ პოლიტიკოსთან, ექსპერტთან თუ დიპლომატთან საუბრისას ხშირად გვსმენია, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს კიდევ უფრო მეტად უნდა ამოუდგნენ გვერდში და რომ ისინი წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ მეტისმეტად „რბილი“ პოზიციებით გამოირჩევიან. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და როგორ ფიქრობთ, საქართველოს თუ მისი მეგობრების მიერ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო მეტად წარმოჩინდეს? - ასეთი საზღვრები სამწუხაროდ, უკვე ზედმეტად დიდი ხანია არსებობს. მაგრამ მე მგონია, რომ ისინი არ წარმოადგენს ისტორიის საბოლოო სიტყვას. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუდმივად განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება ამ თემის სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე გატანა, მაგალითად, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ცოტა ხნის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში. აქ საუბარი კი არ არის რუსეთის წინააღმდეგ ძლიერ გამონათქვამებზე, არამედ ადამიანის ძირითად უფლებებსა და იმ პრინციპებზე, რომლის გარეშეც სახელმწიფოებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრება უბრალოდ, შეუძლებელია. პარტნიორი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობასთან ერთად ხელს უწყობენ მავთულხლართის ორივე მხარეს ადამიანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და კონტაქტების გაიოლებას. გამოსავალი საბოლოოდ იქნება მაშინ, როდესაც ადამიანებს ორივე მხარეს ამის მკაფიო სურვილი ექნებათ. - ვაშლიჯვრის მეწყრის ჩამოწოლასთან დაკავშირებით საქართველოში გერმანელი ექსპერტები მუშაობენ, რომლებიც გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან. საინტერესოა, რაიმე კუთხით საელჩოს ხომ არ ჰქონია შეხება მათ ჩამოყვანასთან და ამ პროცესშიც ხომ არ იგეგმება თქვენი მხრიდან მეტი დახმარება? - ჩვენი დახმარება აქ არ იყო საჭირო. მიუნხენის ამ კომპანიის ექსპერტები საქართველოში სხვადასხვა ადგილას ადრეც საქმიანობდნენ. ე.წ. სამშენებლო გეოლოგია ხომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, სადაც მთიან ლანდშაფტზე ძალიან ბევრს აშენებენ, და ის ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს. - რას იტყვით საქართველო-გერმანიის თანამშრომლობაზე ენერგოპოლიტიკის მიმართულებით, რა არის ამ კუთხით მთავარი მიმართულებები და თუ არსებობს ახალი გეგმები? - ამ სფეროში ჩვენ უკვე ათწლეულების მანძილზე ვთანამშრომლობთ და საქართველომ დიდი წინსვლა განიცადა. ახლა საფრანგეთთან და ევროკავშირთან ერთად ვმუშაობთ პირველ რიგში ელექტროენერგიის ბაზრის, ასე ვთქვათ, ბირჟის შექმნაზე. ერთი გერმანული კომპანია ქუთაისში მზის პანელებს აწარმოებს, სხვებს ქარის ენერგიაში სურთ ინვესტირება. სამართლიანი კონკურენციის პირობებით მათთვის, ვინც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, და სამართლიანი ფასებით მათთვის, ვინც მოიხმარს მას, საქართველოს ბრწყინვალე შესაძლებლობები აქვს, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის საკუთარი მოთხოვნა და ასევე იმავე რაოდენობის ელექტორენერგია გაიტანოს ექსპორტზე, რამდენიც შემოაქვს. ამჟამად მთავრობა ენერგეტიკის დარგში გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს. ენერგიის წყაროების სწორად შერწყმა და ენერგიის გაფლანგვის დასრულება მომავლისთვის მნიშნელოვანი საკითხებია. ეკა აბაშიძე "ინტერპრესნიუსი"
  4. საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის კი 60 წელია. ქვეყანაში 781 934 ათასი პენსიონერი ცხოვრობს. 70 წლამდე ადამიანებისთვის პენსია 240 ლარს შეადგენს, რაც $72.7-ის ექვივალენტია, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის – 275 ლარს, ანუ $82.5-ს. მაღალმთიან რეგიონებში პენსია უფრო მაღალია – 70 წლამდე ადამიანები 288 ლარს ($86.5) იღებენ, 70 წელს გადაცილებულები კი 330 – ლარს ($99.1). 2003-04 წლებში საქართველოში 573 642 პენსიონერი იღებდა პენსიას – 14 ლარს, რაც დაახლოებით $7.7-ს უდრიდა. 2005 წელს პენსია გაორმაგდა, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10, 17 და 25 ლარით გაიზარდა. წელი პენსიის ოდენობა ლარში პენსიის ოდენობა დოლარში 2003 14 $6.8 2004 14 $7.7 2005 28 $15.6 2006 38 $22.2 2007 55 $34.6 2008 70 $42 2009 80 $47.5 2010 80 $45.1 2011 100 $59.9 2012 125 $75.5 2013 150 $86.4 2014 150 $80.5 2015 160 $66.8 2016 67.2 $68 2017 180 $69.4 2018 180 $67.2 2019 200 $69.7 2020 220 $67.5 2021 240 $72 2009 წელს პენსიამ 80 ლარს მიაღწია, რაც დაახლოებით $47 იყო. იგივე დარჩა 2010 წელსაც, თუმცა, დოლარის გაუფასურების გამო, $45-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მისი მყიდველუნარიანობა, ანუ პენსიის „ღირებულება” შემცირდა. 2011 წელს პენსიამ 100 ლარი, ანუ დაახლოებით $60 შეადგინა. 2012 წელს 125 ლარამდე გაიზარდა და $75.5-ს გაუტოლდა. 2013 წელს 150 ლარი გახდა და იგივე დარჩა 2014-შიც. თუმცა, ინფლაციის გამო, მყიდველუნარიანობა ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დაკარგა. თუ 2013 წელს ის დაახლოებით $86.5-ის ექვივალენტი იყო, 2014-ში $80.5-მდე შემცირდა. საბაზისო პროდუქტების ფასების ზრდის გამო მცირდებოდა მყიდველუნარიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ ადამიანს 2012 წელს შემოსავალი ჰქონდა 200 ლარი, 2014 წლისთვის ამ თანხის მყიდველუნარიანობა 144 ლარამდე ჩამოვიდა, ანუ დაახლოებით მეოთხედი დაკარგა. 2015 წელს პენსიამ 10 ლარით მოიმატა და 160 ლარი გახდა. თუმცა, ლარი კვლავ გაუფასურდა და დოლარში მისი ოდენობა $66.8-მდე შემცირდა. 2016 წელს პენსია 180 ლარი გახდა და არ გაზრდილა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით მოიმატა და 220 ლარს მიაღწია. The post 2003-2021: როგორ იცვლებოდა საქართველოში პენსია appeared first on BusinessFeed.
  5. ევროპარლამენტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე 9 მარტს დებატები გაიმართა. ქვემოთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროპარლამენტარების ციტატებია მოცემული: ჟოზეპ ბორელი – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში: „საქართველო ევროკავშირის ძირითად ასოცირებულ პარტნიორად რჩება. ჩვენ საქართველოსთან ამბიციური ასოცირების შეთანხმება გვაქვს, რომელიც მას ევროკავშირთან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას სთავაზობს. თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში სერიოზული შეშფოთების მიზეზს იძლევა, მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გამო. ამგვარი ვითარება ქმნის საფრთხეს, რომ ძირი გამოუთხაროს საქართველოს დემოკრატიას. ვიმეორებ ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ ახლა მნიშვნელოვანია პარტიებმა ყველაფერი იღონონ სიტუაციის დეესკალაციისა და საერთო ენის გამონახვისთვის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და ძირითადი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ამ ვიზიტის დროს, მან პოლიტიკურ პარტიებთან დისკუსიები გამართა და დაბრუნებისას განაცხადა, რომ მან, უმაღლეს წარმომადგენელთან შეთანხმებით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მედიაცია ევროკომისიის წარმომადგენელს, ქრისტიან დანიელსონს დაავალა. ვიმედოვნებთ, რომ ქართული პარტიები დიალოგის კუთხით პროგრესს მიაღწევენ. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით. მედიაციის პროცესს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელიც შეუწყობს ხელს. ყველა მხარის წვლილია საჭირო, რომ კომპრომისზე შეთანხმდნენ. ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ინკლუზიური ხელმძღვანელობა, ქართველი ხალხის ინტერესები ყველაფერზე მაღლა უნდა დააყენოს და ყველა აქტორმა თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან. რაც შეეხება პროგრესის ელემენტებს, ევროკავშირი პრიორიტეტებად მიიჩნევს დემოკრატიის კონსოლიდაციას, მათ შორის, საარჩევნო რეფორმას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ინკლუზიურ საპარლამენტო პროცესს. სამართლიან, დამოუკიდებელ და ანგარიშვალდებულ სასამართლო სისტემას ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეს არის წინაპირობა, რათა საქართველომ კიდევ უფრო გააღრმავოს ევროკავშირთან პარტნიორობა, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად. სულ მალე შესაძლებლობა გვექნება, რომ პროგრესი შევაფასოთ, როდესაც 16 მარტს ასოცირების საბჭოს ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ეს მნიშვნელოვანი დღე იქნება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ პროგრესზე საუბარს. პოლიტიკური კრიზისის პირობებში ვერცერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს ხანგრძლივ წარმატებას. და ქართველმა პოლიტიკოსებმა თავიანთ ხალხს სტაბილური პოლიტიკური გარემო უნდა შესთავაზონ, სადაც ქვეყანა შეძლებს თავი დააღწიოს კოვიდ-19-ის პანდემიას და სრულფასოვნად მიიღეს სარგებელი, რომელსაც მას ასოცირების შეთანხმება სთავაზობს. პრეზიდენტ მიშელთან ერთად, მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, რომ კონსტრუქციული დიალოგი გამართონ და ურთიერთშეთანხმებულ შედეგებს მიაღწიონ, სტაბილური, დემოკრატიული და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რომელიც წარმატებით შეძლებს ევროპულ გზაზე სვლას. ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. სწორედ ამის დასტურია საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობა. დევიდ მაკალისტერი – გერმანია, ევროპის სახალხო პარტია: „ჩვენ ყველა დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს… ქვეყნის სამომავლო გზა გულისხმობს ამბიციურ საარჩევნო რეფორმას, კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას, ასევე პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემის გადაჭრას, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებას, მათ შორის, საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბებას, ასევე ახალ არჩევნებს და ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომისთვისაა დაგეგმილი“. სვენ მიკსერი – სოციალ-დემოკრატები, ესტონეთი: „მინდა გითხრათ, რომ მაშინაც კი, როდესაც პროვოკაციებს პასუხობენ, ხელისუფლებაში მყოფებმა ცივი გონება უნდა შეინარჩუნონ და არ იმოქმედონ არაპროპორციულად ან ისე, რომ კიდევ უფრო გაამწვავონ ვითარება… ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ექვსი პუნქტი, რომლებზეც მხარეები შეთანხმდნენ, სისტემურად და ზედმიწევნით შესრულდეს… ეს ეხება საარჩევნო რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმას და მოსამართლეთა დანიშვნებს და ბოლოს, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური უთანხმოებები დემოკრატიული საპარლამენტო დებატების ფარგლებში მოგვარდეს“. პეტრას აუშტრევიჩიუსი – განახლებული ევროპა, ლიეტუვა: „საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები სისტემური პოლიტიკური კრიზისის მაჩვენებელია, რაც ხელს უშლის შემდგომ დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ის ფაქტი, რომ შარშანდელ დემოკრატიულ ინდექსში საქართველოს 165 ქვეყანას შორის 91-ე ადგილი უკავია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად სერიოზულადაა საქმე. საქართველო შექებას იმსახურებს ღია ეკონომიკისა და სტრუქტურული რეფორმებისთვის, მაგრამ ვერ უგულვებელვყოფთ იმ სამუშაოთა გრძელ სიას, რომელიც პოლიტიკურ სფეროში უნდა განხორციელდეს. პოლიტიკურ კრიზისში მყოფი საქართველო ვერ გახდება უსარგებლო განხილვების მძევალი მაშინ, როდესაც საზოგადოება მისი ევროპული ამბიციების განხორციელებაში განუწყვეტელ პროგრესს ითხოვს… მივესალმები თბილისში პრეზიდენტ მიშელის დროულ ვიზიტს… კონფლიქტის არცერთმა მხარემ არ უნდა აღიქვას მისი [პრეზიდენტ მიშელის] ექვსპუნქტიანი გეგმა, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა კარტ ბლანშად. ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოითხოვს ჩართულობას, კომპრომისს, ურთიერთპატივისცემას და მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევისადმი სრულ ერთგულებას. საქართველოს პოლიტიკური სისტემის აქტორებს უნდა ესმოდეთ, რომ მოქალაქეები ენდობიან ხელისუფლებას და სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და მედია, ასევე ძალაუფლების ინკლუზიური გადანაწილება მთავარი წინაპირობებია საქართველოს ევროპული მისწრაფებების გასამართლებლად“. ანა ფოტიგა – პოლონეთი, ევროპის კონსერვატორების და რეფორმატორების ჯგუფი: „მე ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდი მხარს საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამას კვლავ ვაგრძელებ, მაგრამ მოვიდა დრო, რომ ჩემი უღრმესი შეშფოთება გამოვხატო. 2019 წლის ივნისიდან მოყოლებული, იმდენი ცუდი ამბავი გავიგეთ თბილისიდან, ერთი გამონაკლისის გარდა და ეს იყო გასული წლის 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ცუდი ამბების კულმინაცია იყო არჩევნების შემდგომი პერიოდის მოვლენები და ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და მისი ლიდერის თვითნებური დაკავება. პრეზიდენტ მიშელის მედიაციის იმედი მაქვს და ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებ ახლადდანიშნულ ევროკავშირის წარმომადგენელს თბილისში. ჩვენ ყველამ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა ხელი შევუწყოთ დიალოგს, რასაც, შესაძლოა, ახალი ინკლუზიური არჩევნები მოჰყვეს“. კლერ დეილი – ირლანდია, მემარცხენეები: „რთულია არ დაინახო ირონია ამ დისკუსიაში. გასულ თვეს აქ ხალხის რიგი იდგა, რომლებიც გმობდნენ ოპოზიციის ლიდერის, ნავალნის დაპატიმრებას გირაოს პირობების დარღვევის გამო. საკითხი ფართოდ გაშუქდა მედიაში, ხოლო ევროპარლამენტარებმა უმაღლეს წარმომადგენელს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს. მიმდინარე თვეში ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს, მის ოფისზე განხორციელებული შტურმის შემდეგ და კვლავ გირაოს პირობების დარღვევის გამო. თუმცა, ერთი სიტყვაც არ თქმულა მედიაში; შარლ მიშელი ჩადის ვიზიტით, ყველას სადილზე ეპატიჟება და ეუბნება, რომ დამშვიდდნენ და ევროპარლამენტარები ამით ბედნიერები არიან. რა გასაკვირია, რომ ინტერვენტები სერიოზულად შეშფოთდნენ? მე ვემხრობი იმ პოზიციას, რომ არავისი მხარე არ დავიკავო, მე ვემხრობი მოწოდებას დიალოგისა და დიპლომატიისკენ. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა ისაუბრონ და მათ უნდა ისაუბრონ იმ დამღუპველ ზემოქმედებაზე, რასაც ნეოლიბერალური შოკური თერაპია და თავისუფალი ბაზრის რეფორმები წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე ახდენენ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირის ჩაურევლობა იმით აიხსნება, რომ ისინი ბედნიერები არიან იმით, რომ ყველა მათგანთან აკეთონ საქმე. ჩვენი მხარი უნდა დავუჭიროთ დიალოგს და არა ინტერვენციას ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში“. ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი – გერმანია, მწვანეები: „საქართველო, აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი, პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება. ამ არეულობაში ბრალი ორივე ბანაკის პოლიტიკოსებს მიუძღვით. მათ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარი ეგო დააყენეს და თანამშრომლობას პოლარიზაცია არჩიეს. ამ კრიზისის მოსაგვარებლად, ევროკავშირი ფასილიტატორობიდან მედიაციაზე უნდა გადავიდეს, რაც ახლა გავაკეთეთ. ქვაკუთხედი ამ სიტუაციაში ქართველი ხალხი უნდა იყოს – სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ მომდევნო არჩევნების ბედი და დრო. ეს არჩევნები მხოლოდ უკიდურესი გამოსავალი იქნება და არა გრძელვადიანი მოგვარება. სრულყოფილი, ახალი საარჩევნო სისტემის გარეშე კრიზისი კვლავ განმეორდება. სასამართლო სისტემის რეფორმა და ოპოზიციის მიერ მეტი საპარლამენტო ზედამხედველობა პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა გახდეს. ორივე ზიანის მომტანმა ჩრდილოვანმა აქტორმა, სააკაშვილმა და ივანიშვილმა, უნდა შეწყვიტოს შემდგომი ჩარევა. საჭიროა, რომ უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირმა იმოქმედონ საქართველოში. არ შეიძლება, რომ რეგიონში მომდევნო კრიზისის დროს ჩვენ იქ არ ვიყოთ. ევროპარლამენტი, ჩემი ჩათვლით, მზად არის ამ გზაზე გასაძღოლად“. ნიკოლაე შტეფანუცა – განახლებული ევროპა, რუმინეთი: „… ქართველები ვეღარ დარჩებიან ნამდვილ დემოკრატიასა და იმიტირებულ დემოკრატიას შორის. ძალადობრივი შეტაკებები, გადაჭარბებული ძალის გამოყენება და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ საქართველო იპოვის ბალანსს, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი იქნება დაცული და საზოგადოების პოლარიზაცია შემცირებული. თუ საქართველოს ევროპული და [ევრო] ატლანტიკური ინტეგრაცია სურს, ის კორუფციაში არ უნდა ჩაეფლოს“. რიჰო ტერასი – ევროპის სახალხო პარტია, ესტონეთი: „ნება მომეცით, იმ კოლეგებს შევუერთდე, რომელთაც შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რაც საქართველოში ხდება. ჩვენ, ევროკავშირი, ვერ დავუშვებთ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევას და მისი თავმჯდომარის დაპატიმრებას. როგორ უნდა ველოდოთ ოპოზიციისგან მოლაპარაკებებში მონაწილეობას, როდესაც ამ მოლაპარაკებების ერთ-ერთი მონაწილე დააპატიმრეს? და ბოლოს, ევროკავშირს ძლიერი ბერკეტი უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელიც ისე იქცევა, თითქოს მარიონეტებს მართავს. იგი, ფაქტობრივად, კულისებიდან მართავს მათ“. სხვა გამომსვლელებს შორის ასევე იყვნენ ევროპარლამენტარები – მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი, ზდისლავ კრასნოდებსკი, ანდრიუს კუბილიუსი, კარმენ ავრამი, კოსმა ზლოტოვსკი, ვლადიმირ ბილჩიკი და რასა იუკნევიჩიენე. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელის დასვკნითი სიტყვა: „მინდა გამოვეხმაურო კლერ დეილის განცხადებას, რომელმაც ნიკა მელიას საქმე ახსენა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე დუმდა. ნება მომეცით, მკაფიოდ გითხრათ, რომ დუმილი არ ყოფილა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მელიას მიმართ წინასწარი პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილებისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მომდევნო დღეს, 18 თებერვალს, განცხადება ჩემმა პრესმდივანმა გამოაქვეყნა. ამ განცხადებაში ჩვენ მოვუწოდეთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას თავშეკავება და პასუხისმგებლობა გამოეჩინათ შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, რა დროსაც კონკრეტულად მელიას საქმე იყო ნახსენები. საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ამ დებატის მიზეზი არსებობს, ყველა თქვენგანი ახსენებდით ამას და შემიძლია კიდევ ერთხელ განვმარტო, როგორია ჩვენი პოზიცია და რას შეიძლება ველოდოთ იმისათვის, რომ ეს რთული სიტუაცია მოვაგვაროთ. ჩვენ ბევრს ვეხმარებით საქართველოს, ჩვენ ვართ საქართველოს უმსხვილესი დონორები, მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ დაწყებული მედიაციის პროცესით ჩვენ უფრო მეტად ვიქნებით მზად იმისათვის, რომ დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში და პოლიტიკური შეთანხმების მიღწევაში. მთავარი საკითხები – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, პოლიტიზირებული მართლმსაჯულების აღქმა, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება და, ყველაზე რთული საკითხი, ვადამდელი არჩევნების ან შესაძლო პლებისციტის საკითხი – ყველა ამ საკითხზე უნდა ვისაუბროთ იმ ძალისხმევის ფარგლებში, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ და ვიმედოვნებ, რომ ეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას დაეხმარება.
  6. ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფმა 9 მარტს განაცხადა, რომ ერთადერთი გზა საქართველოს „პოლიტიკური აქტორებისთვის, თუ მათ არ სურთ, რომ ქვეყნის სტაბილურობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს საფრთხე შეექმნას“, არის დიალოგი და პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში წვლილის შეტანა. ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა, რომელიც ევროპარლამენტის მომხსენებელია საქართველოს საკითხებზე, განაცხადა, რომ ის არ იწონებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას. „ხელისუფლებაში მყოფი პირები განსაკუთრებით არიან პასუხისმგებელნი, რომ დაძაბულობა განმუხტონ, არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი გამოძებნონ და არაპროპორციული გზით არ უპასუხონ პროვოკაციებს“, – განაცხადა მან. მიკსერმა მოუწოდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, რომ მანდატები აიღონ და პარლამენტში შევიდნენ. მან ხაზი გაუსვა, რომ თავშეკავებული პოლიტიკოსები როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ოპოზიციიდან პოლიტიკურ დაყოფაზე მაღლა უნდა დადგნენ და არსებული პოლიტიკური კრიზისი მოაგვარონ. ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისი საფრთხეს უქმნის საქართველოს მიღწევებს სოციალურ-ეკონომიკური ტრანზიციისა და პროევროპული რეფორმების განხორციელების საქმეში. „არსებული პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას, რათა გაიზარდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ჩამოყალიბდეს უმაღლესი სასამართლო სტანდარტები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „კერძოდ, ეს ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“. მისივე თქმით, სოციალ-დემოკრატების ჯგუფი მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ძალისხმევას, რომელიც საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში დახმარებას ითვალისწინებს, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მედიაციის მიზნით შვედეთში ევროკომისიის წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის დანიშვნას. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის შუამავლობით პრემიერი და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტი: ევროკავშირის შუამავლობა ჩვენგან „პასუხისმგებლობის აღებას“ მოითხოვს სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობა გამოუცხადა
  7. ფუკუიამა: საქართველოში პოლიტიკური სივრცე იზღუდება 02 მარტი, 2021 ანი ჩხიკვაძე საქართველოში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას, შეერთებულ შტატებში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც ადმინისტრაციის ისე კონგრესის თუ მიმომხილველების მხრიდან. რას ამბობს ეს ნაბიჯი ქართული პოლიტიკურ ვითარებაზე და რა გამოწვევების წინაშეა დღეს დემოკრატია პოსტსაბჭოთა სივრცეში? ამ თემებზე, წამყვან ამერიკელ პოლიტოლოგს, ფრენსის ფუკუიამას, ანი ჩხიკვაძე ესაუბრა. ფუკუამა სტენფორდის უნივერსიტეტის „ფრიმან სპოგლის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარია. საქართველოში ოპოზიციიური ლიდერის დაკავება ვიხილე, რას ამბობს ეს ქართულ პოლიტიკურ ვითარებაზე? მე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს. დაკავება, რაც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიტარული პრაქტიკისკენ ვარდნის უკანასკნელი მანიფესტაციაა. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ფუნდამენტური პრობლემა ისაა, რომ მას კულისებს მიღმა ბატონი ივანიშვილი აკონტროლებს. დემოკრატიული სისტემისთვის კარგი არა, როცა გყავს ჩრდილოვანი ოლიგაქრი, რომელიც დემოკრატიის ფასადის უკან რეალური ლიდერია. ვფიქრობ, ამის შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სივრცე ეტაპობრივად იზღუდება. და ახლა უკვე ამ სამწუხარო მოვლენებს ვხედავთ. ვგულისხმობ, რუსული გავლენის შემოსვლას, რაც ამ დაკავების ერთ-ერთ მოტივი იყო, და სასამართლო სისტემის აშკარა კურუფციას და ნეიტრალური არბიტრაჟის ნაცვლად, მის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას. შეერთებული შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი და კონგრესში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრები, კიდევ უფრო აქტიურად მოუწოდებდნენ საქართველოს არ გადაედგა ეს ნაბიჯი. თუმცა, ქართველმა კოლეგებმა ვაშინგტონის მოწოდებები არ გაითვლისწინეს,.როგორ ვიქრობთ რა ინსტრუმენტები აქვს ვაშინგტონს და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვოს? სამწუხაროდ, არ ვთვლი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ან შეერთებულმა შტატებმა უნდა გადაწყვიტოს ეს. ეს პრობლემა ქართველებმა უნდა მოაგვარონ. თუმცა, ამ ადმინისტრაციისგან ბევრად უფრო დიდი მზაობაა იმისთვის, რომ მსოფლიოში ავტორიტარიზმისკენ მიმავალი რეჟიმები გააკრიტიკოს. ისინი ასე მოიქცნენ რუსეთში ნავალნის დაკავების შემთხვევაში და მიანმარში სამხედრო გადატრიალებისას. მე იმედი მაქვს, ბაიდენის ადმინისტრაცია ჩაერევა ამ სიტუაციაში. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბაიდენი საქართველოში იმყოფებოდა და მას და მის ხალხს სიტუაცია კარგად ესმით. ამიტომ, თეთრი სახლისგან ქმედებებს მოველი. ამ კვირაში, 100 წლის წინ საქართველოში წითელი არმია შეიჭრა და ქვეყანა საბჭოთა ოკუპაციაში აღმოჩნდა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის თავზე, როგორ ფიქრობთ, სადაა საქართველო დემოკრატიის კუთხით რეგიონში და უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით, რამდენად უიმედოა ვითარება? საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ისეთი რეფორმების გატარებაში მიაღწია წარმატებას, რომელიც რეგიონის სხვა ნაწილებში არ გვინახავს, მაგალითად - უკრაინაში, იქნება ეს კორუფიციის აღმოფხვრის, თუ მომსახურების გაუმჯობესების კუთხით. თუმცა, ვფიქრობ [ქართული] პოლიტიკა ახლა არადემოკრატიული მიმართულებით მიდის, რაც საფრთხეს უქმნის იმ პროგრესს, რასაც აქამდე საქართველომ მიაღწია. რეფორმა პოლიტიკური მოვლენაა და თუ ადამიანები [ხელისუფლებაში] პატივს არ სცემენ კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ ნორმებს, სხვა რეფორმები არ იმუშავებს. ამიტომ ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მთავრობამ ეს ნაბიჯი, რაც გადადგა, უკან წაიღოს და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. რეგიონში პროტესტის ტალღას ვხედავთ. ბელარუსში გამოსვლებია, გამოსვლები ვიხილეთ სომხეთშიც და რამდენიმე წლის წინ იქ რევოლუცია მოხდა. ასევე, ქუჩის აქციები იმართება რუსეთშიც. რამდენადაა ეს ფერადი რევოლუციების ახალი ტალღა და იკვეთება თუ არა ამ გამოსვლებს შორის რაიმე საერთო მახასიათებლები? მნიშვნელოვანია, რომ ხალხში სასოწარკვეთილების განცდა არ შეიქმნას. ფაქტია, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ავტორიტარული, კორუმპირებული მთავრობების პირობებში ცხოვრება და ეს მოძრაობები სწორედ ამის გამოხატულებაა. მათ სურთ, რომ მათი ქვეყნები იყვნენ ლიბერალურ-დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, რასაც ევროკავშირი და შეერთებული შტატები წარმოადგენს. ეს სამოქალაქო მობილიზაცია ნათელი მაჩვენებელია, თუ რა პოზიცია აქვთ ამ ქვეყნების მოსახლეობას. თუმცა, გამოწვევა ავტორიტარიზმით ამ უკმაყოფილების, მდგრად ინსტიტუტებად გარდაქმნაა. და ამ პრობლემას შეეჯახა საქართველოც, ამას უმკლავდება უკრაინა და ბელარუსი ჯერ აქამდეც არ მისულა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ, რადგან ისტორია იმ ხალხის მხარეზეა, ვისაც რეალურ დემოკრატიაში უკეთესი ცხოვრება სურს. რაც შეეხება რუსეთში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას, იქ გამოსვლები იმართება, ნავალნიმ უფრო მეტი ყურადღება მიიპყრო მისი დაკავების შემდეგ. რამდენად აქვს მას მომავალი რუსულ პოლიტიკაში და როგორ ფიქრობთ, რას გვეუბნება ეს მოვლენები რუსეთში დემოკრატიზაციის პროცესის დაწყების შესაძლებლობაზე? ნავალნი ჩემი მეგობარია. რაც მან გააკეთა, წარმოუდგენელად გამბედავი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ის გააგრძელებს მნიშვნელოვანი როლის თამაშს პუტინის რეჟიმის ოპოზიციაში. მისმა ვიდეომ პუტინის სასახლეზე რეჟიმის მასობრივი კორუმპირებულობა აჩვენა. მისი დაკავების შემდეგ 100-ზე მეტ ქალაქში გამართული აქციებით მისი მხარდაჭრის გამოხატვა აჩვენებს, რომ ხალხს პუტინი ყელში ამოუვიდა. რეჟიმის რეაქცია კი იმის მიმანიშნებელია, რომ მათ აღელვებთ ვითარების ბელარუსის მსგავსად განვითარება. ეს იმედისმომცემი მოვლენებია და კარგია, რომ ბაიდენის ადმინისტარცია მისი დაკავების წინააღმდეგ მოქმედებს და მხარს უჭერს ხალხს, ვისაც რუსეთში დემოკრატია სურს. ბოლო ორი ადმინისტრაციის პირობებში რეგიონის მიმართ ინტერესი ნაკლები იყო. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა. პარალელურად, რეგიონში ვხედავთ, რომ დემოკრატიზაციის პროცესის შეფერხებით მიდის. რამდენად უკავშირდება ეს ამერიკის ჩართულობის ნაკლებობას? როგორც ვთქვი, არ ვფიქრობ, რომ დემოკრატიის ბედს შეერთებული შტატები განსაზღვრავს. ვფიქრობ, დემოკრატიის კუთხით შეერთებულ შტატებშიც ბევრი პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ. ჩვენი ინსტიტუტები კარგად არ მუშაობს. გვქონდა არაორდინალური ვითარება, როცა დამარცხებულმა პრეზიდენტმა უარი განაცხადა მისი მარცხის აღიარებაზე. ეს ჩემი აზრით, ძალიან ცუდი პრეცედენტია, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ - ნებისმიერი სხვა დემოკრატიისთვის მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ ამის გამოსწორებისკენ მივდივართ. ჩვენ ახალი პრეზიდენტი გვყავს. თუ მოისმინეთ რაც მან აქამდე განაცხადა, მათ შორის გასულ კვირას „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე“, ნახავდით, რომ სიტყვა დემოკრატია ძალიან ხშირად გამოიყენა. ეს კი ნიშნავს, რომ სამომავალოდ შეერთებული შტატებისთვის ამომავალი წერტილი დემოკრატია იქნება. როგორც აღვნიშნე, 100 წელი გავიდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ. ჩვენ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნების ნაწილში, კომუნიზმიდან დემოკრატიულ სისტემასა და საბაზრო ეკონომიკაზე წარმატებული გადასვლა ვიხილეთ. რა იყო ის, რამაც ამის წარმატება განაპირობა ცალკეულ ქვეყნებში, ხოლო სხვაგან ეს რთული აღმოჩნდა? ეს რთული კითხვაა. ვფიქრობ, ერთი დიდი პრობლემა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ისაა, რომ ძველი ძალაუფლების სტრუქტურები არ გამქრალა. ძველი ელიტა ოლიგარქებად გადაიქცა. უკრაინაში, საქართველოში და სხვა ბევრგან ვხვდებით ადამიანებს, რომლებმაც გარდამავალი პერიოდიდან უკანონო სარგებელი მიიღეს, მათ კვლავ ძალიან ავტორიტარული მსოფლმხედველობა აქვთ და არ სურთ ლიბერალური, პლურალური საზოგადოების ცხოვრების წესებს დაემორჩილონ. ვფიქრობ, სწორედ ესაა ის, რაც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აფერხებს. თუმცა, აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ დემოკრატია არასდროს არ ყოფილა ადვილად შესაქმნელი თუ საშენებელი პოლიტიკური სისტემა. აქამდე მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება. რაც შეეხება თქვენს ცნობილ თეზისს, ცივი ომის დასრულებასთან ერთად, დემოკრატიის კომუნიზმზე გამარჯვებასა და ისტორიის დასასრულზე: მაშინ, დემოკრატიული მმართველობის წარმატებამ, დასავლეთში გამარჯვების განცდა შექმნა. როგორ ფიქრობთ, დღეს ეს განცდა განელდა? და ასევე, დღევანდელი გადმოსახედიდან, რამდენად ხედავთ განახლებულ გამოწვევებს დემოკრატიის წინაშე? ბევრი ისეთი გამოწვევის წინაშეა დემორკატია, რაც 30 წლის წინ არ არსებობდა. რუსეთმა და ჩინეთმა მათი სისტემის კონსოლიდაცია მოახერხეს და მსოფლიოში ავტორიტარიზმის გავრცელებას ცდილობენ. შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ადგილებში, პოპულიზმის ზრდას ვხედავთ. ეს ის გამოწვევებია, რაც იმ დროს, როცა მე ისტორიის დასასრულზე ვსაუბრობდი, არ არსებობდა. თუმცა, მნიშვნელოვანია ვთქვათ, რომ 1989 თუ 1991 წლის სულისკვეთება არ გამქრალა. ეს იკვეთება სწორედ იმ საზოგადოებრივ მობილიზაციაში, რასაც სომხეთში, უკრაინაში, საქართველოში, ბელარუსსა და რუსეთში ვხედავთ. ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ჯერჯერობით ვერ მოახერხა აქამდე მისვლა. 1989 წელი დასავლეთისთვის იყო მისი გამარჯვების აღნიშვნის მომენტი, იმის დამტკიცება, რომ მისმა ლიბერალური დემოკრატიის მოდელმა გაიმარჯვა. თუმცა, დასავლეთის ჩართულობა ამის შემდეგ იკლებს, ეს იმ ფონზე, როცა ვხედავთ რუსეთის და ჩინეთის აღზევებას. სამი ათწლეულის შემდეგ, დაკარგა ამერიკამ ის 1989 წლის სულისკვეთება? რამდენად ვიხილავთ მის დაბრუნებას საერთაშორისო არენაზე იმავე შემართებით, თუ ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკაც ფუნდამენტურად შეიცვალა? რამდენიმე რამ მოხდა. 1989 წელს ჩვენ აღმოვჩნდით ვითარებაში, როცა შეერთებული შტატები ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. თუმცა, ეს არაა ნორმალური ვითარება. ნორმალურ ვითარებაში, ძალაუფლება უფრო ფართოდაა გადანაწილებული. ჩვენ ამ ვითარებას არა მხოლოდ ჩინეთის და რუსეთის აღზევების შედეგად დავუბრუნდით, არამედ ისეთი ქვეყნების, როგორიცაა ინდოეთი, სპარსეთის ყურის ქვეყნები ა ა.შ. ეს ერთი და მეორე: შეერთებლი შტატები ახლა საკუთარი დემოკრატიის კრიზისს უმკლავდება, რასაც მე 1989 წელს ვერ გავთვლიდი რომ ვიხილავდით. ვფიქრობ, ამას გავუმკლავდებით, თუმცა დემოკრატიას აქტიური დაცვა სჭირდება. ჩვენ ის მოცემულობად არ უნდა მივიღოთ. მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, ვფიქრობ, ჩვენ ამერიკელებს, ამაზე მუშაობა მოგვიწევს... ზოგიერთი მიმომხილველი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირთან დაპირისპირების პირობებში, შეერთებულ შტატებს საგარეო მტრის არსებობა ქვეყნის შიგნით ერთიანობაში და საერთაშორისო არენაზე უფრო მეტ ჩართულობაში ეხმარებოდა. 1989 წელს ეს შეიცვალა. შეიქმნა განცდა, რომ მეტოქე გაქრა. ახლა თქვენც თქვით და საუბრობენ რუსეთის აღზევებაზე საერთაშორისო პოლიტიკაში, ამ ვითარებაში რა უნდა იყოს შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ? რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის, საქართველოს, შეერთებული შტატებისა და ევროკაშირის მიმართ აგრესიულ ქმედებებზე. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრობლემა ის იყო, რომ ისე ჩანდა, თითქოს პრეზიდენტს მის მოკავშირე დემოკრატიულ ლიდერებს, რუსეთი ერჩივნა. ეს იყო გადახვევა იმისგან, რასაც შეერთებული შტატები დემოკრატიის კუთხით აკეთებდა ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ამ პოზიციას და ნათლად უნდა ვთქვათ,რომ გარკვეული ქცევა მიუღებელია და მას შედეგები მოჰყვება, იქნება ეს იზოლაცია, სანქციები, თუ სხვა დემოკრატიული ინსტრუმენტების გამოყენება
  8. აშშ-ის სენატისა და შვიდი ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ „საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სიმყიფე გამოავლინა“ და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის მარტში მიღწეული შეთანხმება დაარღვია. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვგარეშეა, თუმცა ძალადობა და თავისუფლებაზე განხორციელებული თავდასხმები მას საფრთხეს უქმნის“. კანონმდებლების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი „დესტაბლიზაცია და ანტიდემოკრატიული ქმედებები“ თავშეკავების გამოჩენაზე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობას უსვამს ხაზს. ერთობლივი განცხადება მოუწოდებს მხარეებს, რომ ეცადონ და ერთად გამონახონ ქვეყანაში არსებული პრობლემების „პოლიტიკური გამოსავალი“ და არ მიმართონ იმგვარ პრაქტიკას, რომელიც ქართველი ხალხისთვის საზიანო იქნება. ლიეტუვის სეიმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რომ „ეს სოლიდარობის განცხადება“ იმის დასტურია, რომ „ჩვენ მარტონი არ ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან გამკლავების საქმეში“. განცხადებას ხელს აწერენ: რობერტ მენენდესი აშშ-ის სენატიდან; ტომ ტუგენდჰატი გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატიდან; ნორბერტ როტგენი გერმანიის ბუნდესტაგიდან; პაველ ფიშერი ჩეხეთის სენატიდან; მარეკ კუჩინსკი პოლონეთის სეიმიდან; ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის სეიმიდან; მარკო მიჰკელსონი ესტონეთიდან და რიჰარდს კოლსი ლატვიიდან. ასევე წაიკითხეთ: სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს ღარიბაშვილი: ლიეტუველი დეპუტატის განცხადებები ქართული ოცნებისთვის „არაფერს ნიშნავს“ ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს, ლიეტუველი დეპუტატი სანქციებზე საუბრობს
  9. მიგრაციის პოლიტიკა. ვის და რატომ არ აძლევენ ბინადრობის ნებართვას საქართველოში ბელა არუთინოვა, თბილისი დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია წლების განმავლობაში, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებდა. უცხოელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნით, წინა ხელისუფლებას პრაგმატული მიზნები ამოძრავებდა – ამგვარად ცდილობდა უცხოელებს საქართველოში მეტი ფული ჩამოიტანათ – ეყიდათ უძრავი ქონებას, დაეწყოთ ბიზნესი და შეექმნათ სამუშაო ადგილები. 2014 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ერთი მხრივ, კანონში ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება იყო; მეორე მხრივ კი, კანონმდებლობის ცვლილება მმართველმა გუნდმა იმით ახსნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემოღებული საიმიგრაციო პოლიტიკა ზედმეტად ლიბერალური იყო და დარტყმის ქვეშ აყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება გართულდა და მის მისაღებად არა მარტო საკანონმდებლო, არამედ სხვა ხელოვნურ და დაუსაბუთებელ ბარიერებს აწყდებიან. უფლებადამცველები ჩივიან, რომ ახალი წესები და მიდგომა ხშირად დისკრიმინაციულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და სინამდვილეში, ხელისუფლებამ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებით საზოგადების რადიკალურად, ნაციონალისტურად განწყობილ ნაწილს გაუგორა კოჭი. „მეუბნებიან, რომ საქართველოსთვის საშიში ვარ“ ირანელი მინა დაშტესტანი საქართველოში 2017 წლის თებერვლიდან ცხოვრობს. “ირანი პოლიტიკური პრობლემების გამო დავტოვე. ჩემს ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, რადგან ბავშვებისა და ქალების დაცვაზე ღიად დავიწყე საუბარი.თავდაპირველად ოჯახთან ერთად თურქეთში წავედით, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვედით,“ – ჰყვება მინა. თბილისში მან და მისმა მეუღლემ პლასტიკატის ქარხანა გახსნეს, სადაც თხუთმეტი ადგილობრივი დაასაქმეს. ბინადრობის უფლებაც უპრობლემოდ მიიღეს და საქართველოში ახალი ცხოვრება დაიწყეს. მერე იყო ოჯახური პრობლემები – მინა ქმარს გაეყარა. ყოფილი მეუღლე ირანში დაბრუნდა, ის კი შვილებთან ერთად თბილისში დარჩა. 2019 წელს, როდესაც ბინადრობის ნებართვას ვადა ეწურებოდა და მინამ მისი გაგრძელება სცადა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან უარი მიიღო. მინა და მისი შვილები „გაოგნებული ვიყავი. ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე. არაფერი დამიშავებია საქართველოში. პირიქით, მქონდა კომპანია, დავასაქმე ხალხი, ვსწავლობდი უნივერსიტეტში. რატომ მითხრეს უარი? მეუბნებიან, საქართველოსთვის საშიში ხარო, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ”, – ჰყვება მინა. ნებართვაზე უარი მან ორჯერ გაასაჩივრა სასამართლოში. „სასამართლო ორივეჯერ მოვიგე, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. ჯიუტად იმეორებენ, რომ საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის”. მისი საქმე ახლაც სასამართლოშია, თუმცა როდის იქნება პასუხი, ჯერ არ იცის. მინა ამბობს, რომ ბინადრობის ნებართვის არქონის გამო მისი ცხოვრება გართულდა – იზარალა მისმა კომპანიამ – ბიზნეს-პარტნიორები უარს ამბობენ მასთან თანამშრომლობაზე, რადგან პრობლემების ეშინიათ. „კომპანიის საქმე ცუდად მიდის, ამის გამო თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება მომიწია. უკვე წელიწადნახევარია საბუთის გარეშე ვარ. თუ ასეთი საშიში ვარ ქვეყნისთვის, უსაბუთოდ უფრო მარტივი არ არის რამის დაშავება?“ რამდენიმე თვეში მოქმედების ვადა ეწურება მის ირანულ პასპორტსაც: „ირანის საელჩოში პასპორტის გასაგრძლებლადაც ვერ მივალ, მეშინია. შეიძლება დამაკავონ. ჩემს ირანელ ადვოკატს ველაპარაკე, მითხრა რომ სამშობლოში არ უნდა დავბრუნდე, რადგან შავ სიაში ვარ და ჩასვლისთანავე დამაკავებენ“ . მინა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს უარი სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება: „რომ ჩამოვედი, მხოლოდ პასპორტი მომთხოვეს და კომპანიის რეგისტრაციის საბუთი და უპრობლემოდ მივიღე ნებართვა. ახლა კი, ასეთი პოლიტიკაა საქართველოში – უცხოელებს არ მიესალმებიან“. სტატისტიკა. რამდენი იმიგრანტია საქართველოში საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 96 ათას 864-ს იმიგრანტი იყო აღრიცხული. თუმცა, აქედან უმრავლესობა, 56 პროცენტი (54 478) საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვი კი, იმიგრანტების ჯამური რაოდენობის ნახევარზე ნაკლები – 44 პროცენტია (სულ 42 386). იმიგრანტების ყველაზე დიდი ჯგუფი საქართველოში სასწავლებლად ან სამუშაოდ შამოდის. საქართველოში დასაქმებული იმიგრანტების დიდი ნაწილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის და ირანის მოქალაქეები არიან. უცხოელთა უმრავლესობა თბილისში მშენებლობასა და საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროშია დასაქმებული. სასწავლებლად ჩამოსული უცხოელების უმრავლესობა საქართველოში სამედიცინო პროგრამაზე სწავლობს. მათი დიდი ნაწილი ინდოეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ის, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება, ამაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2015 წელს ბინადრობაზე უარი 889 პირს ეთქვა, 2016 საუბარია 1 659 ადამიანზე, 2017 წელს მონაცემები ისევ გაიზარდა და 4 256 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2018 უარი ბინადრობაზე 6 598 ადამიანს ეთქვა. ამ პერიოდში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი მიღებულ გადაწყვეტილებებში 3%-დან 23%-მდე გაიზარდა. 2015 წლის შემდეგ ასევე შემცირებულია მუდმივი ცხოვრების და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვების რაოდენობაც. რა არის ბინადრობის ნებართვა ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საქართველოში ყოფნისა და სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას აძლევს, განურჩევლად ვიზის მოქმედების ვადისა. სულ საქართველოში 11 სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი, მოკლევადიანი და უვადო. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მუშაობს ან სწავლობს, მას დროებითი ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის, რომელიც ახლა 6 წლიანია. იგივე ტიპის ბინადრობის ნებართვაა გათვალისწინებული ოჯახის უცხოელ წევრზე ოჯახის გაერთიანების მიზნით, ასევე საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; დროებით ნებართვას აძლევენ მოქალაქეობის არმქონე პირსაც, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი; ადამიანს, რომელიც საქართველოში არანაკლებ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას აძლევენ, რომელიც ასევე დროებითია. თუკი უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 ათას აშშ დოლარს აღემატება, მას და მის ოჯახს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას მისცემენ. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე და არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში იცხოვრა. რაც შეეხება უვადო ბინადრობის ნებართვას, იგი გაიცემა 300 ათასი დოლარის ნვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის პირველ წელს არანაკლებ 50 ათსი აშშ დოლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა, მეორე წელს − არანაკლებ 100 ათასი დოლარის, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 ათასი დოლარის. ვინ გასცემს ბინადრობის ნებართვას საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის ნებართვებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს) გასცემს. თუმცა, ვის მისცეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ვის არა, ამ გადაწყვეტოლებას ეს სამსახური საქართველოს უშიშროების სამსახურის რეკომენდაციითა და დასკვნით იღებს. გასაჩივრების შემთხვევაში მხოლოდ მოსამართლეს აქვს უფლება ნახოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია. დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ უარის თქმის მთავარი საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოებაა. „მსგავს რეკომენდაციას, როგორც წესი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს. უარის საფუძველად, როგორც წესი, სახელმწიფოს უსაფრთხოებაა დასახელებული. თუმცა უმეტეს შემთვევაში მოსამართლე მოქალაქეების საქმეს აბრუნებს იუსტიციის სამინისტროში იმ საფუძვლით, რომ აკლიათ უარის თქმაზე არგუმენტაცია“. გოგიშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა ნეგატიურმა გადაწყვეყტილებებმა. „კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ უცხოელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩადის, საშიშია სახელმწიფოსთვის გაუკვეული მიზეზით, თუმცა ეს ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, – ამბობს გოგიშვილი. მისი თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია. “როდესაც ადამიანს თავიდან გარკვეული საფუძვლით მიეცემა ბინადრობის უფლება, რაღაც დროის შემდეგ, ეს საფუძველი შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს ან რაღაც სხვა პრობლემები გაჩნდეს, რამაც შესაძლოა მისი ყოფნა ქვეყანაში შეაფერხოს. მაგალითად, სახელმწიფოს აქვს უფლება ვიზა აღარ გაუგრძელოს სტუდენტს, რომელმაც სწავლა შეწყვიტა, ან მუშაობა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იყენებს ამ ბერკეტს სრულიად ბუნდოვნად. მაგალითად, ოთხი წელი პირმა ბაკალავრზე ისწავლა და შემდგეგ მაგისტრატურის გაგრძელება რომ მოუნდა, ბინადრობის უფლება აღარ გაუგრძელეს. რატომ? ამ ყველაფერს ხომ სჭირდება დასაბუთება,“ – ამბობს გოგიშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარად ცდილობს შეამციროს საქართველოში უცხოელთა ნაკადი. როგორც გოგიშვილი აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვითარება უცხოელებისთვის კიდევ უფრო გართულდა, თუმცა „ამ შემთხვევაში სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა და ბინადრობის მქონე პირებს საბუთი ავტომატურად გაუგრძელდათ“. რა შეიცვალა კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ის არის, რომ შემცირდა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა. თუკი ადრე 360 დღე შეეძლო უცხოელს საქართველოში დარჩენა, ახალი კანონის თანახმად 180-დღიან პერიოდში კონკრეტულ პირს შეუძლია მხოლოდ 90 დღე იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო უცხოელ ინვესტორებს – მათთვის მნიშვნელოვნად გამკაცრდა ბინადრობის ნებართვის მიღება. ახალი წესებით, მათ მეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ, რაც დროსთან და ხარჯებთანაც ასოცირდება. კერძოდ, გამკაცრდა საინვესტიციო ბინადრობის მოპოვების სისტემა, მაგალითად, ყველა ინვესტორი, რომელსაც სურს მოიპოვოს საინვესტიციო ბინადრობა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს – ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, ასევე განახორციელოს 300 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიცია (ადრე 100 ათასი დოლარი საკმარისი იყო), დაასაქმოს საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეები მუდმივი სამუშაო პირობების შეთავაზებით. “სუს-ის მექანიზმს ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იყენებს” ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ანზორ ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომას უკავშირდება. ხატიაშვილი ამბობს, რომ ყველა პირის საქმე ინდივიდუალურ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მექანიზმს ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იყენებს. მისივე განცხადებით, TDI-ს ბოლო 3 წლის განმავლობაში 30 საქმე აქვს წარმოებული, თუმცა წარმატებულად მხოლოდ ორი დასრულდა. 2020 წლის იანვრიდან დღემდე სტატუსის მინიჭებაზე 395 ადამიანს უთხრეს უარი. “ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულია. მაგალითად, კანონის განმარტებით ბარათში ეწერა და ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: თითქოს ღარიბი ქვეყნებიდან უცხოელების შემოსვლა იყო გაზრდილი და ეს სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ იყო. ეს მიდგომა არასწორია. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები აქ ჩამოდიან ბიზნესის საკეთებლად, სამუშაოდ, სასწავლებლად. სუს-ის მექანიზმი გამოიყენება ხელოვნურად მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კონკრეტული ქვეყნებიდან. იშვიათია, რომ აპლიკანტის მოუწესრიგებელი დოკუმენტები ჰქონდეს და ეს გახდეს უარის თქმის მიზეზი. როდესაც კონკრეტულ ორგანოს ასეთი ფართე უფლებები აქვს ჩვენნაირ ქვეყნებში, ხშირია ამ უფლებების ბოროტად გამოყენება”, – აღნიშნა ხატიაშვილმა. უფლებადამცველი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა უცხოელების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ხატიაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ამ მოცემულობითაც მანიპულირებს. “2017, 2018, 2019 წელს მზარდი იყო უარის თქმის სტატისტიკა. ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ არის კეთილგანწყობილი უცხოელების მიმართ და ხშირია სიძულვილის ენის მოტივით ჩადენილი დანაშაულიც. ამითაც მანიპულირებს ხელისუფლება თავის ამომრჩეველზე და ცდილობს, რომ მათი გული მოიგოს, მოიპოვოს მათი მხარდაჭერა,“ – ამბოსბ ხატიაშვილი. ისიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უარის თქმის მექანიზმს დაუსაბუთებლად იყენებს: „მთავარი არგუმენტი არის ხოლმე, რომ კონკრეტული უცხოელი საშიშია ქვეყნისთვის, თუმცა იმის იქით რა მტკიცებულებები აქვს, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გარემოება რომ რამდენჯერმე ნებართვა გადაიცა და მერე უარი მოდის, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელოვნურად ხდება სიტუაციის კონტროლი. შერჩევით უართან გვაქვს საქმე, როცა მაგალითად სახელმწიფო ხედავს, რომ კონკრეტულ პირს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა სურს და ეს არ მოსწონს სახელმწიფოს”, – ამბობს ანზორ ხატიაშვილი. არსებულ პრობლემატიკაზე საუბრობს სახალხო დამცველიც თავის 2019 წლის ანგარიშში. ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის სტატისტიკა. 2019 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განხილული საქმეების საერთო რაოდენობამ 27 763 შეადგინა. აქედან დაკმაყოფილდა 19 421 საქმე, დანარჩენი შეჩერდა ან არ დაკმაყოფილდა. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა 93 პროცენტი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველს უკავშირდება. ყველაზე მეტი უარი ბინადრობაზე ეთქვა ირანის მოქალაქეებს – 69 პროცენტი, თურქეთის 15 პროცენტი, რუსეთის – 6 პროცენტი, ინდოეთი – 5 პროცენტი, ეგვიპტე – 5 პროცენტი, სხვა – 22 პროცენტი. “ჩემი ცოლი საქართველოს მოქალაქეა, შვილი გვყავს, სიდედრ-სიმამრი ჩემთან ცხოვრობს, მაგრამ მეუბნებიან, ქორწინება ფიქტიურიაო” ნიგერიელი აკინრული შოლა საქართველოში 2016 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. შოლა ამბობს, რომ უცხო ქვეყანაში სწავლა სამშობლოში შექმნილი კრიზისი გამო გადაწყვიტა. სასწავლო ვიზის გასაკეთებლად ის საქართველოში ინტერნეტით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, კონკრეტული თანხაც გადაურიცხა და ბინაც მისი დახმარებით იქირავა. თუმცა, უკვე საქართველოში ჩამოსულს, არც ეს პირი დახვდა, არც ბინადრობის ნებართვა და არც ბინა. ქართველი შუამავალი მასთან კონტაქტზე აღარ გავიდა. ნიგერიელი ახალგაზრდა ამბობს, რომ თავიდან მას ღამის თენება ეკლესიაში უწევდა. თუმცა, შემდეგ მისი ცხოვრება საქართველოში შეიცვალა. ახლა შოლას საქართველოს მოქალაქე მეუღლე ჰყავს. შოლა ოჯახთან „2017 წელს შევქმენი ოჯახი, მე და ჩემ მეუღლეს, გაგვიჩნდა შვილი. თუმცა, ახლაც ბინადრობის ნებართვისთვის ვიბრძვი. სახელმწიფომ ივარაუდა, რომ ქორწინება ფიქტიურია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი ცოლ-შვილი ჩემ გვარზეა, ჩემი სიმამრი და სიდედრი ჩემთან ერთად ცხოვრობენ. წარმოუდგენელია ქალს გადაუხადო ფული, იმისთვის, რომ მასთან ფიქტიურ ქორწინებაში იყო. ისიც შევთავაზე, რომ მოსულიყვნენ და ჩემი სახლი ენახათ, გასაუბრებოდნენ მეზობლებს,“ – ამბობს შოლა. საქმე მან სასამართლოში გაასაჩივრა და პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა საქმე კვლავ განხილვაშია. „მოსამართლის მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ ვიყავი საშიში ქვეყნისთვის, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა,“ – ამბობს შოლა. მისი თქმით, იგი ბინადრობის მუდმივი ნებართვისთვის იბრძვის: „ყოველ ჯერზე მაძლევენ დროებით საბუთს, რომელშიც ვიხდი თანხას. ამის გამო მიჩნდება განცდა, რომ უბრალოდ ფულის საკეთებლად მიყენებენ. ჩემი საქმე უკვე ორი წელია განხილვაშია – თუ საშიში ვარ, რატომ არ მსვამენ ციხეში?! არასდროს მომიპარავს და არც არასდროს ვყოფილვარ რაიმე უკანონო ქმედების მონაწილე. ჩემი შვილი უკვეორი წლის არის. არასდროს მქონია პრობლემა ხალხთან. უკვე თითქმის ხუთი წელია აქ ვცხოვრობ. საშიში რომ ვყოფილიყავი, უკვე ხომ გამოჩნდებოდა. სტუდენტური ვიზაც რომ გავაკეთი, ის მხოლოდ ერთწლიანი იქნება, მე კი აქ ოჯახი მყავს და მასთან ერთად ცხოვრება მინდა. საქართველო არ იყენებს ევროპულ კანონებს, ევროპულ კანონმდებლობას რომ იყენებდეს მიხვდებოდნენ, რომ ოჯახის დაშლა არ შეიძლება, ეს საზიანოა ჩვენი ოჯახისთვის. არ მინდა ჩემი შვილი მამის გარეშე იზრდებოდეს. მე მიყვარს საქართველო და მინდა აქ ცხოვრება”, -ამბობს აკინრული შოლა. _________________________________________ სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) “საქართველოში მიგრანტების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება COVID-19-ის დროს” პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) EMERGE პროექტის ქვეშ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. https://jam-news.net/ge/binadrobis-nebartvis-gacema-saqartveloshi/
  10. უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა -კურტ ვოლკერი ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ თუ პროექტი განხორციელდა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება. "ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და იმედი მაქვს, ეს გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ. უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა. "საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას. როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს"- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი. "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, ვოლკერმა ქართველებს ახალი 2021 წელი მიულოცა და ქართველებს ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა. "მოხარული ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა, მივულოცო ქართველ ხალხს. გილოცავთ ახალ წელს ყველას საქართველოში. პირველი რაც მინდა ყველას ვუსურვო, ჯანმრთელობაა. 2020 საქართველოსთვის ძალიან რთული წელი იყო. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანამ ვითარებას კარგად გაართვა თავი, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება საშინელია. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა და დაავადდა. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო,"- ამბობს ვოლკერი.
  11. გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი. თბილისი, 11 სექტემბერი, 2018 წ. ავტორი: ია მეურმიშვილი, ამერიკის ხმა ია მეურმიშვილი: გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების გარშემო განვითარებულ დისკუსიებში. ამ თემას ცოტა ხნის წინ ნატოს მინისტერიალზეც დიდი ყურადღება დაეთმო, რადგან ალიანსის გადმოსახედიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას ნატოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტულად, რას მოიცავს შავი ზღვის უსაფრთხოება? ბენ ჰოჯესი: „ვფიქრობ, იმაზე დაყრდნობით, რაც მინისტერიალიდან გამოვიდა და, ასევე, სტრატეგიული გეგმის ანგარიშის თანახმად, უნდა ვიფიქროთ, რომ მიუხედავად იმისა, ნატო უნაკლო არ არის, ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია. ამ წარმატების მიზეზი კი ისაა, რომ მას ადაპტაციის უნარი აქვს. მე გამოწვევას ვთავაზობ ნებისმიერ მულტინაციონალურ დიდ ორგანიზაციას, დაგვანახვოს ის, რომ ნატოზე სწრაფად შეუძლია ადაპტაცია. ალიანსში 30 ქვეყანაა, რომელთაგან ნებისმიერს შეუძლია გადაწყვეტილების დაბლოკვა. ამიტომ, ძალიან ვამაყობ იმით, რაც ალიანსმა აქამდე გააკეთა. ამ ადაპტაციის დიდი ნაწილია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთთან შავ ზღვაში სტრატეგიული კონკურენცია გვაქვს. შავი ზღვის რეგიონი კრემლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პერიფერიაში არსებული ნებისმიერი სხვა რეგიონი. მას შავი ზღვა ყირიმში უკანონო ბაზების შესანარჩუნებლად სჭირდება. შავ ზღვას იყენებს ასევე სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, ბალკანეთსა და კავკასიაში გავლენის გასაზრდელად. ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს და შესაბამისადაც იმოქმედებს, რაშიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემაც უნდა შევიდეს“. ია მეურმიშვილი: როგორ მიესადაგება ეს ყველაფერი საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ალიანსისგან შედარებით შორს მდებარეობს? როგორ შეიძლება ის ჩართული იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების ძალისხმევაში? ბენ ჰოჯესი: „ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ილაპარაკა იმაზე, რომ ნატო რეგიონალური ორგანიზაციაა, რომელსაც გლობალური მიდგომა უნდა ჰქონდეს. როცა რუკაზე საქართველოს და სამხრეთ კავკასიას უყურებ, ხედავ, რომ ის ნამდვილად კარიბჭეა ევროპასა და ევრაზიას შორის. ის ასევე აზიიდან ევროპისკენ ერთადერთი დერეფანია, რომელიც რუსეთსა ან ირანზე არ გადის. ასევე, სავაჭრო მაგისტრალები, ენერგორესურსები, ტელეკომუნიკაციების ქსელები და საერთაშორისო საჰაერო გზები, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, პოტენციურად შეიძლება სამხრეთ კავკასიაზე გავიდეს. ჩინეთი, თავის მხრივ, ცდილობს ევროპასა და მის გარშემო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება დიდი მონაკვეთები აკონტროლოს. ეს ჩვენთვის სუსტ წერტილებს ქმნის. ამის გამო, კონკურენციაში ამ მიმართულებითაც უნდა ჩავებათ. საქართველო, ჩემი აზრით, სწორედ შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიძლება ჩვენი საყრდენი იყოს. ღიად რომ ვისაუბროთ, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკური განვითარება მეტად დაჩქარდებოდა, საქართველო რეალურად რომ გახდეს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური დერეფანი. ცხადია, რუსეთს ეს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით, თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირია და, ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს. ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს“. ია მეურმიშვილი: 2008 წელს ალიანსმა პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დიახ, ნატომ საქართველოსთან პარტნიორობა გააღრმავა, მაგრამ, წევრობის თვალსაზრისით, ხელჩასაკიდი ბევრი არაფერი მომხდარა. ბოლო მინისტერიალის შემდეგ უნდა იყოს თუ არა საქართველო უფრო იმედიანად განწყობილი? თქვენ თუ ხართ უფრო იმედიანად განწყობილი? ბენ ჰოჯესი: „კარგი ამბავი ისაა, რომ იმედის შემამცირელებელი ან დაპირების დამაკნინებელი არაფერი მომხდარა. ეს, რა თქმა უნდა, შთაგონების მომცემი სიახლე არაა, მაგრამ მაინც დადებითი მესიჯია. ამასთან, იმედი მაქვს, ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია ნატოსთან ურთიერთობაში უფრო მრავალმხრივ მიდგომას შეიმუშავებს და ალიანსს მის მიმართ ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნებს. ამასთან, ადმინისტრაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, შავი ზღვის მნიშვნელობას ხედავენ. ალიანსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკა იქნება. თუ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი ბიზნესები საქართველოში ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაინახავენ… თუ საქართველო დიდ დასავლურ კომპანიებს თავს მიმზიდველ ადგილად დაანახვებს, მაშინ ამ დიდ კომპანიებს საქართველოში საკუთარი ინტერესი გაუჩნდებათ. ისინი საქართველოს უსაფრთხოებაზეც დაიწყებენ ზრუნვას. ეს კი იმის საფუძველი გახდება, რომ ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, აღარ იტყვიან, “ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი გაღიზიანდესო“. პირიქით, მათი შეხედულება იქნება, რომ ისინი მილიარდობით ევროს ინვესტიციას აკეთებენ საქართველოს სატრანსპორტო ან სხვა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ ინვესტიციების უსაფრთხოებას დაცვა დასჭირდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რის მოტანა შეუძლია ქვეყანას ალიანსისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური განვითარება და დასავლეთისთვის საკუთარი თავის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველად ჩამოყალიბება ის უნდა იყოს, რაზეც საქართველო აქტიურად იმუშავებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კრემლს ამის დაშვება არ სურს“. ია მეურმიშვილი: თქვენ საქართველოს კარგად იცნობთ, ბევრჯერ ხართ ქვეყანაში ნამყოფი. როცა საქართველოს აფასებთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ის ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა? ბენ ჰოჯესი: „ვფიქრობ, ხალხი მზადაა. ვფიქრობ მოსახლეობამ, საქართველოს ახალგაზრდებმა იციან, რომ მათი კეთილდღეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან, ევროპულ ქვეყნებთან უფრო ახლო ინტეგრაციაა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მთავრობასთან დაკავშირებით. ისინი ამ ყველაფერს ამბობენ, მაგრამ… შეიძლება სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია. ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს, მაგრამ ამის მისაღწევად ქვეყანას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი ამ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ბევრისგან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრისგანაც, გამიგია, რომ ეს ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი პრიორიტეტი რომ იყოს, იქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იქნებოდა, რაც არ ხდება. ახლა კი რეგიონში მდგომარეობა შეიცვალა. აზერბაიჯანი საქართველოს კარგი მეზობელია, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის დერეფნად იქცეს, საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ახლო თანამშრომლობა დასჭირდება. პრობლემა კი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში დასავლეთი გვერდზე იდგა და ახლა რუსეთს სამხედრო ძალები კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს განლაგებული - საქართველოში, სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანში, კერძოდ კი, მთიან ყარაბაღში. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის. ია მეურმიშვილი: თქვენი აზრით, ამას საქართველოს უსაფრთხოებაზე გავლენა ექნება? ბენ ჰოჯესი: პირველ რიგში, ვფიქრობ, საქართველო ზეწოლის ქვეშაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, რატომ დართო საქართველომ რუსეთს ნება, მშვიდობისმყოფელები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში გადაეყვანა და ეს მაშინ, როცა 10 ათასი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს. მე, ცხადია, ამ გადაწყვეტილების სრული კონტექსტი არ ვიცი, მაგრამ ადამიანს გიჩნდება კითხვა: საქართველო ნამდვილად ასე დაუცველად გრძნობს თავს, თუ მთავრობა კრემლის გავლენის ქვეშაა ისე, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, ეს გაეკეთებინა. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები მიიწვიოს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის გასაკეთებლად, რაღაც ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, შეიძლება ამაში როტაციული წესით სამხედრო ძალის განთავსებაც შედიოდეს. არ არის აუცილებელი ამ ძალას მუქარის ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება ის იყოს სამედიცინო, ტელესაკომუნიკაციო ან სხვა სახის ლოგისტიკური ყოფნა. ყველაზე კარგი იქნება სახმელეთო და საჰაერო ძალების ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში, მაგალითად, წვრთნებს ჩაატარებენ. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მზადაა თუ არა კრემლისგან წამოსულ ზეწოლას გაუძლოს, რომელიც, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება“. ია მეურმიშვილი: ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თქვენი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება? საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია მარტივი ფაქტის გამო, რომ შეერთებულ შტატებში არავინ ლაპარაკობს საქართველოში ამერიკული ძალების განლაგებაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი ადმინისტრაციის მმართველობის დროს ამაზე საუბარი დაიწყება? ბენ ჰოჯესი: „ნამდვილად ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამაზე საუბარი პირველივე წელს დაიწყოს. მაგრამ ცუდი იდეა არაა საუბრის დაწყება საკუთარი სურვილის დემონსტრირების მიზნით. მაგალითად, საქართველოს შეუძლია მიმართოს შეერთებული შტატების ტრანსპორტის სარდლობას და უთხრას, რომ თბილისთან ახლოს დიდი საჰაერო ბაზა აქვს და ეს ბაზა შესთავაზოს იმისთვის, რომ ამერიკული თვითმფრინავების საწვავით გამართვა იქ მოხდეს, ან შუალედური ადგილი იყოს შეერთებული შტატებისთვის, როცა თვითმფრინავები ევრაზიის რეგიონში გადაადგილდებიან. საქართველოს შეუძლია ალტერნატივა შესთავაზოს ამერიკას. თუ საქართველოს მიაჩნია, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მას შეუძლია ამერიკისთვის მიმზიდველი გახდეს. ამაზე საუბრის დაწყება შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გაფართოებითაც. საქართველოს ასევე შეუძლია უფრო მიმზიდველი გახდეს ამერიკის საზღვაო ძალებისთვისაც, როცა შავ ზღვაში ამერიკული გემები შედის და მათ პროფილაქტიკა სჭირდება. საქართველოს შეუძლია ეს უზრუნველყოს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს აფიქრებინოს, რომ საქართველოსთან ასეთი კავშირი მისთვის ხელსაყრელია, რადგან საწვავი ეზოგება, გემებს კარგ პროფილაქტიკურ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ, გასაჩერებლად კარგი ადგილია და ასე შემდეგ. ამერიკის მხრიდან კი ამ ნაბიჯით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს“
  12. სიტყვები "პროტესტანტი" და "პროტესტანტობა" მომდინარეობს ლათინური სიტყვისაგან Protestantion, რაც დაპირისპირებას ნიშნავს. იგულისხმება დაპირისპირება და კონფლიქტი რომის კათოლიკური ეკლესიის დოგმატებსა და ტრადიციასთან (ანუ პრაქტიკასთან, ე. ი. წეს-ჩვეულებებთან), რომელმაც თავი ამავე ეკლესიის წიაღში XIII ს-ის შუა წლებში იჩინა და თანდათან გაღვივდა. ამ დაპირისპირებამ და კონფლიქტმა იმდენად მწვავე სახე მიიღო, რომ მხარეთა მორიგება და შერიგება ვეღარ მოხერხდა, რამაც ახალი კონფესიის წარმოშობა განაპირობა. უფრო კონკრეტულად: ზემოთ მითითითებულ დროს (XIII-XVI) ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი გერმანულ და ფრანგულენოვან ქვეყნებში რომის კათოლიკური ეკლესიის სასულიერო და საერო პირების ნაწილი სულ უფრო და უფრო ხშირად და ღიად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ამ ეკლესიის დოგმატებისა და რიტუალების მიმართ. ეს ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეკლესიაში ქრისტიანული სარწმუნოება გადაგვარდა. იქ ისეთი რიტუალები შემოიღეს, ისეთი წესები მოიგონეს და გარეგანი მხარის მიმართ ყურადღება იმ დოზით გაამახვილეს, რომ ქრისტესა და მისი სახარებისათვის ადგილი აღარ დარჩა; ეკლესია სულიერი ღირებულებებისაგან განიძარცვა. ვინც ასე ფიქრობდა და ვისაც რომის ეკლესიის მეთაურის _ რომის პაპის _ იურისდიქციის ქვეშ ყოფნა აღარ სურდა (რადგან მას, პაპს, მადლმოკლებულ ეპისკოპოსად მიიჩნევდა), გამოსავლის პოვნაზე ზრუნვა დაიწყო. პირველი განცხადება, რომელიც პროტესტანტებმა გამოსავლის პოვნის გზაზე გააკეთეს, ასეთ შინაარსს შეიცავდა: იმისათვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, საჭიროა, ჩატარდეს საღვთისმსახურო რეფორმები და გადაისინჯოს, უფრო სწორად, უარიყოს და გაუქმდეს ზოგიერთი საღვთისმეტყველო დოგმატი. ასეც მოხდა: რომის პაპის ხსენებულმა ოპოზიციონერებმა XV-XVI სს-ში უარი თქვეს მთელ რიგ რიტუალებზე და დოგმატებზე, მათ შორის მიცვალებულების სულთა ცხონებისათვის ლოცვაზე და, შესაბამისად, პანაშვიდსა და ანდერძის აგების წესზე, ღვთისმშობლის მარადის ქალწულების რწმენაზე და წმინდანების მწედ და მფარველად მოხმობაზე, ღმერთსა და ადამიანს შორის ეკლესიის შუამავალ როლზე და ეპისკოპოსობის ტრადიციულ ინსტიტუტზე, ხატებისა და წმინდა ნაწილების (რელიკვიების) თაყვანისცემის პრაქტიკაზე, საიდუმლო აღსარებაზე და ევქარისტიის დროს პურისა და ღვინის მაცხოვრის სისხლად და ხორცად გადაარსების კანონიკურ თეორიაზე. ასე და ამრიგად XVI ს-ის შუა წლებში ჯერ გერმანიაში, Dშემდეგ კი ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჩამოყალიბდა ახალი კონფესია ანუ, იგივე, აღმსარებლობა, რომელიც ცნობილია სამი სახელით: პროტესტანტობა, რეფორმატორობა და ევანგელისტობა. შესაბამისად: აღნიშნული კონფესიის ეკლესიებს მოვიხსენიებთ პროტესტანტულ, რეფორმატორულ და ევანგელურ ეკლესიებად. ჩვენში, საქართველოში, უფრო პოპულარულია პროტესტანტობა. ამიტომ ქვემოთ ჩვენც უპირატესად ამ სახელწოდებას გამოვიყენებთ. პროტესტანტობაში თავიდანვე (წარმოშობისთანავე) სამი მიმართულება გამოიკვეთა სამი ფუძემდებლის სახელის, თითოეული მათგანის საღვთისმეტყველო და საეკლესიო-რეფორმატორული მემკვიდრეობის კვალობაზე. ეს სახელებია: მარტინ ლუთერი (1483-1546), ურლიხ (ჰულრიხ) ცვინგლი (1484-1531) და ჟან კალვინი (1509-1564). გაჩნდა დენომინაციები: ლუთერანობა, ცვინგლიანობა და კალვინისტობა. მათი საერთო მახასიათებელი, ზემოთ მითითებულ საერთო მახასიათებელთა გარდა, გახლავთ თეორია, რომლის თანახმად ბიბლიის შესწავლის პროცესში ეკლესიის მიერ შედგენილი და კანონიზირებული სახელმძღვანელოს გამოყებება აუცილებელი არ არის, რადგან, პროტესტანტების რწმენით და მტკიცებით, ყოველ ადამიანს შეუძლია ინდივიდუალურად შეიტყოს ბიბლიისაგან, რა და როგორ უნდა სწამდეს. კიდევ უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ეკლესიის მამათა ავტორიტეტის გათვალისწინება აქ აუცილებელი არ არის. ამ დასკვნამდე პროპტესტანტები შემდეგმა რიტორიკულმა კითხვებმა მიიყვანა: ისინი, ვისაც ეკლესიის მამებსა და წმინდანებს უწოდებენ, განა სინამდვილეში ისეთივე ნაკლოვანი არსებანი არ არიან, როგორც ჩვენ ვართ? თუკი ისინი უნაკლო ადამიანები იყვნენ, საღვთო წერილის მათეული განმარტებებიც უნაკლო და, მაშასადამე, ურთიერთთანმხვედრი, ე. ი. ერთნაირი უნდა იყოს. მაშ რატომ არის აზრთა სხვადასხვაობა და ზოგჯერ წინააღმდეგობაც კი წიგნთაწიგნის ერი და იმავე ეპიზოდის შესახებ ეკლესიის მამების განმარტებათა შორის? ანდა: სად და როდის გვეუბნება უფალი საღვთო წერილში, რომ ჩვენნაირად მოკვდავი არსებები წმინდანებად და ავტორიტეტებად, ე. ი. უცდომლებად გამოვაცხადოთ? სად მოიძებნება იქ შესაბამისი მაგალითები? აი, ასეთ კითხვებს სვამდნენ და სვამენ პროტესტანტები და ასე უპასუხებენ: ჩვენთვის სარწმუნოების ერთადერთი ავტორიტეტი და სანდო წყარო არის საღვთო წერილი! რადგან ეს წერილი (წიგნი) არავითარ ამქვეყნიურ ავტორიტეტზე არ გვიამბობს, ასეთი ავტორიტეტის ყოლა და მათდამი მორჩილება ჩვენ არ გვესაჭიროებაო. ასეთი კითხვების თანმიმდევრულად დასმა და შესაბამისი იდეების ქადაგება მარტინ ლუთერმა დაიწყო. ის გახლდათ კეთილმოსაგრე და აკადემიური ცოდნით აღჭურვილი ბერი, ვიტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორი და თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, რომლის მიმართ კათოლიკური ეკლესიის იერარქია დიდ იმედს ამყარებდა, მაგრამ ეს იმედი დაიმსხვრა. მან მალე ასეთი კითხვები დასვა: რა საერთო აქვს ეკლესიების ფუფუნებას, სამღვდელოთა თეატრალურ ჟესტებსა და პაპის ინდულგენციებს (ცოდვათა შენდობის სიგელებს) იესო ქრისტეს პიროვნებასა და მოძღვრებასთან? ანდა ბერმონაზვნობის ინტიტუტს, ანდა სამღვდელმსახურო ფორმალობებს? მისი პასუხი იყო კატეგორიული: არავითარი! უფრო კონკრეტულად და მკაფიოდ საკუთარი პოზიცია მან ჩამოაყალიბა 95 თეზისში, რომლის ტექსტი 1519 წლის 31 ოქტომბერს ვიტენბერგის კათედრალური ტაძრის კარიბჭეზე გააკრეს. ასე დაიწყო პროტესტანტული (სხვანაირად რომ ვთქვათ, დისიდენტური) მოძრაობის აღზევება გერმანულენოვან კათოლიკებს შორის. საზოგადოება ორად გაიყო. გაჩაღდა უმწვავესი პაექრობა ხან ერთ, ხან მეორე და ხან მესამე ქალაქში. პროტესტანტმა ბერმა, რომელსაც უკვე საბერმონაზვნო წესის მართლზომიერებაშიც შეჰქონდა ეჭვი, პოზიცია არ დათმო. ერთი ფინალური გამოსვლა მან დაამთავრა სიტყვებით, რომელიც სულიერი სიმტკიცისა და პრინციპთა ერთგულების სიმბოლოდ იქცა: ,,Ich stehe da uns kann nicht anders” [აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს]“. პაპმა ლეონ X-მ გამოსცა ბულა (ღია წერილი), რითაც მან სულიერ შვილს სინანულისაკენ მოუწოდა, მაგრამ არესტანტმა ეს ბულა დაწვა კათოლიკური აღმსარებლობის სხვა ტექსტებთან ერთად. რადგან მონანიების იმედი გადაიწურა, პაპმა ლეონმა მარტინ ლუთერი და მისი თანამოაზრეები 1521 წლის 3 იანვარს კათოლიკე ეკლესიისაგან განკვეთილად გამოაცხადა. აღნიშნული დღე, შესაძლებელია, პროტესტანტული ეკლესიის დაბადების დღედ ჩაითვალოს, რადგან ამ დღიდან ლუთერის მიმდევრებმა დამოუკიდებელი ეკლესიის დაფუძნება და მშენებლობა დაიწყეს, რაც ქრისტიანულ სამყაროში ახალი კონფესიისა და ახალი ეკლესიის აღმოცენებას ნიშნავდა. ეს ეკლესია ლუთერის ეკლესიოლოგიური პრინციპების შესაბამისად მოეწყო: გამარტივდა წირვა-ლოცვა და შემცირდა მისი რეგლამენტი: წირვა ანუ, იგივე, ზიარების საუდუმლო (ცხადია, არატრადიციული შინაარსით) თვეში ერთხელ და საუფლო დღესასწაულებზე აღესრულება, მათ შორის, წითელ პარასკებს, როდესაც მართლმადიდებლები და კათოლიკეები არ სწირავენ; გაუქმდა საკურთხეველი და მოისპო ხატებისა და წმინდა საგნების თაყვანისცემის წესი, ბოლო მოეღო ღვთისმშობლისა და წმინდანების კულტს, შესაბამისად: შეწყდა პილიგრიმობა და წმინდანებისადმი მიძღვნილი დღესასწაულები. მთავარი და არსებითი, რაც ამ კონფესიამ საკაცობრიო კულტურას შესძინა, არის ბიბლიის სრული ტექსტის გერმანულ ენაზე თარგმნა, რაც მარტინ ლუთერმა დედნის ენებიდან (ებრაულიდან და ბერძნულიდან) შეასრულა. ეს თარგმანი შესრულებულია ხალხურ დიალექტზე, რათა ბიბლიის ტექსტი ყველასათვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. საღვთო წერილის კითხვისა და შესწავლის პროცესის ავრორიტეტისაგან გათავისუფლებამ ხელი შეუწყო მორწმუნეთა წრეებში ნაირ-ნაირი ბიბლიურ-საღვთისმეტყველო თეორიების აღმოცენებას, ხოლო ამ თეორიების კვალდაკვალ _ ისეთი ახალ-ახალი დენომინაციების (ანუ, იგივე, კონფესიებისა და ეკლესიების) ჩამოყალიბებას, რომლებიც წინააღმდეგობაში აღმოჩნდნენ პროტესტანტიზმის ზემოთ ნახსენები მამამთავრების ზოგიერთ ფუნდამენტურ პოზიციასთანაც. ძირითადად იგულისხმება ბავშვების ნათლობა და ეკლესიის სახელმწიფო სტატუსი, რომელთა სამართლიანობა ლუთერს ეჭვის ქვეს არ დაუყენებია. ახალმა დენომინაციებმა კი სწორედ ნათლისღების ტრადიული წესისა და ეკლესიის სახელმწიფოსთან ასევე ტრადიციული დამოკიდებულების რევიზია მოახდინეს. წარმოიშვა აზრი, რომ არასრულწლოვანების მონათვლა სახარების პრინციპს ეწინააღმდეგება. ამის გამო სიყრმის ასაკში შესრულებული ნათლისღების წესი რეალურ ნათლისღებად ვერ ჩაითვლება და, მაშასადამე, ასეთ ,,მონათლულებს", თუკი ისინი ზრდასრულ ასაკში ქრისტიანულ ცნობიერებას ეზიარნენ, ხელახლა მონათვლა ესაჭიროებათო. ამ თეორიის მიმდევრებმა XVII-XVIII სს-ში ჯერ ინგლისში, შემდეგ გერმანიასა და მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში ახალი ეკლესიები შექმნეს სახელწოდებით ,,ბაპტიზმი" და ,,ბაპტისტები" (მონათვლა და მონათლულები). მათი უფრო ადეკვატური სახელწოდება არის ,,ანაბაპტისტობა", რაც ხელახლა მონათვლას ნიშნავს. და მართლაც: ამ ეკლესიების ყველა პირველმოსახლე ხომ ხელმეორედ მონათლული ანუ ანაბაპტისტი, ე. ი. გადანათლული იყო? ბაპტისტური ეკლესიების მეორე არსებითი ნიშანი არის სახელმწიფოსაგან გამოყოფა, რადგან ითვლება, რომ ეკლესია და სახელმწიფო სხვადასხვა ბუნებისა და წარმომავლობის მოვლებენი არიან. კერძოდ: პირველი (ეკლესია) საღვთო წარმომავლობისაა; იგი ზეცის ბინადარია და წუთისოფლის სტუმარი ქრისტე მაცხოვრის მსგავსად, მაშინ როდესაც მეორე (სახელმწიფო) ამქვეყნიური მოვლენაა; იგი წუთისოფლის მკვიდრია და ეკლესიის არც ისე კეთილი მასპინძელი. ამიტომ ეს ორი მოვლენა, თითოეული მათგანის ბუნებიდან გამომდინარე, ისეთსავე წინააღმდეგობაში იმყოფებიან ერთმანეთთან, როგორც ცა და მიწა, სული და ხორცი, ქრისტე და კეისარი. ეს არის იმის მიზეზი, რომ ახალპროტესტანტები და თავისუფალ ეკლესიათა წარმომადგენლები (ასე ეწოდებათ ბაპტისტებსა და მათთან ახლოს მყოფ სხვა დენომინაციებსაც) სახელმწიფოსთან გაერთიანებაზე ანუ გასახელმწიფოებრიობაზე, კონკრეტულად კი სახელმწიფოსაგან დაფინანსებაზე უარს ამბობენ. შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა, რომ როგორც დოგმატის, ისე წესგანგების და საღვთო წერილთან დამოკიდებულების თვალსაზრისით პროტესტანტული ეკლესიები (როგორც ლუთერ-ცვინგლ-კალვინისეულები, ისე ანაბაპტისტურ-ბაპტისტურები, ე. ი. როგორც ტრადიციულ-პროტესტანტულები, ისე მოდერნისტულ-პროტესტანტულები) დაპირისპირებული არიან როგორც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ, ისე ძველი ტრადიციისა და კანონიკის სხვა ეკლესიებთან. ეკლესიათა ამ ბოლო ჯგუფში ის ეკლესიები მოიაზრება, რომლებსაც ძველი წეს-ჩვეულებები აქვთ და რომლებსაც ძველორიენტალურ ეკლესიებად მოიხსენიებენ. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძველორიენტალური ეკლესიები ისევე აღიარებენ ძველი საეკლესიო ტრადიციის ავრორიტეტს, ღვთის წინაშე ეკლესიის შუამავალ როლს, ბავშვების ნათლისღებას და სახელმწიფოსთან ორგანიზაციულად გაერთიანების შესაძლებლობას, როგორც კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები. პროტესტანტები საქართველოში დაისმის კითხვა: როდის გაიგეს პირველად ქართველებმა, რომ დასავლეთ ევროპაში საეკლესიო ტრადიციის გადაფასებისა და უარყოფის პროცესი დაიწყო? ამ კითხვაზე მეტ-ნაკლებად ზუსტი პასუხი მოითხოვს საქართველოში პროტესტანტობის ისტორიის საფუძვლიან ცოდნას და დეტალების გათვალისწინებას. ეს დარგი, სამწუხაროდ, სათანადო დონეზე შესწავლილი არ არის, თუმცა მოგვეპოვება გამოკვლევები ამ ისტორიის ცალკეული საკითხებისა და მონაკვეთების შესახებ. ჩვენც შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი გამოკვლევების შედეგები და პირველწყაროთა მონაცემები იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას წინამდებარე მიმოხილვის ფორმატი და ხასიათი გვაძლევს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცნობებს რომის ეკლესიაში სარწმუნოების ნიადაგზე სერიოზული პრობლემების აღმოცენების შესახებ საქართველოში დროულად უნდა შემოეღწია. ეს იმ მიმოწერის მეშვეობით მოხდებოდა, რომელიც საქართველოს სამეფო კარსა და რომის პაპის კურიას შორის მიმდინარეობდა. და მართლაც: ცნობას იმის შესახებ, რომ რომის ეკლესიაში სარწმუნოებრივი ხასიათის დაპირისპირებაა, ჩვენ ვპოულობთ პაპ გრიგოლ IX-ის წერილში, რომელიც მან მეფე რუსუდანსა და მხედართმთავარ ივანე მხარგრძელს გამოუგზავნა 1240 წელს. პაპი მწუხარებით და დანანებით აღნიშნავს, რომ არა მარტო საქართველოს ეკლესიას, არამედ რომის ეკლესიასაც დიდი პრობლემები აქვს სარწმუნოების დაცვის საქმეში, რადგან ამ ეკლესიას როგორც მუსლიმები, ისე შინაური მტრები ებრძვიანო. აი, მის უწმინდესობის სიტყვები: "ჯერ არს, რომ თქვენც ჩვენ შეგვიბრალოთ, რადგან სარწმუნოების მტერი ჩვენც ძლიერ გვდევნის. გარდა იმისა, რომ სარკინოზები ესპანეთსა და სირიაში სდევნიან კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგიერთნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან განდგომილნი წინ აღგვიდგნენ... უნდათ ახალი მწვალებლობის დამყარება და ცდილობენ მოსპონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელმაც უნდა დაიხსნას და აცხოვნოს ადამის ნათესავი". მართალია, ამ დოკუმენტში არ არის მკაფიოდ ნათქვამი, თუ ვინ იგულისხმება ,,შინაურ მტრებში”, მაგრამ არაფერი გვიშლის ხელს ვიფიქროთ, რომ აქ ლაპარაკია პროტესტანტული მოძრაობის ჩანასახებზე, რაც დასავლეთ ევროპის საეკლესიო სივრცეში სწორედ XIII ს-ის შუა წლებიდან შეინიშნება. ჩვენთვის ამ შემთხვევაში მთავარი და არსებითია შემდეგი: კითხვას, თუ ვის გულისხმობს პაპი (პონტიფექსი ანუ ხიდის მშენებელი) ,,შინაურ მტრებში”, იმდროინდელი ქართველებიც დასვამდნენ და ამ საკითხში სიცხადის შეტანას ისინი აღნიშნული წერილის მომტან მისიონერებს სთხოვდნენ. მართალია, პაპის ციტირებული ტექსტი და ზეპირი ცნობა, რომელიც სავარაუდოდ ამავე ტექსტს დაერთვებოდა, ძველი და ტრადიციული ეკლესიის საწინააღმდეგო მოძრაობას ერთობ უარყოფით კონტექსტში წარმოსახავდა, მაგრამ ინფორმაცია ამ მოძრაობის შესახებ ქართველთა ყურადღების ცენტრში მაინც მოექცეოდა. შეუძლებელია, ჩვენი ქვეყნის მაშინდელი მოაზროვნე საზოგადოების თუნდაც პატარა ნაწილში მაინც არ გაჩენილიყო სურვილი, კიდევ მოესმინათ და მეტი გაეგოთ პროტესტანტობის თაობაზე. ამ სურვილის შესრულება კი შესაძლებელი გახდებოდა როგორც კათოლიკე მისიონერების, ისე სხვადასხვა წოდების, პროფესიისა და მრწამსის ადამიანების მეშვეოვით, რომლებიც გვიან შუა საუკუნეებში დასავლეთ ევროპიდან საქართველოში ხშირად შემოდიოდნენ. ორმხრივი კონტაქტი ორი სხვადასხვა ტრადიციისა და კულტურის ხალხს ინფორმაციატა ურთიერთგაცვლისაკენ მოუწოდებდა. ჩვენ ვიცით ისტორიიდან, რომ აღნიშნულ დროს (XIII-XVIII სს.) დასავლეთ ევროპის რიგი ქვეყნები არა ერთმა და ორმა ქართველმა სხვადასვა მიზნით და მოტივით შემოიარა. მარტო ბერი ანდრიას (ნასყიდა ლოპომანის), ნიკიფორე-ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილის, სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილისა და რაფიელ დანიბეგაშვილის დასახელება რად ღირს. პირველი პროტესტანტი ევროპელი, რომელმაც საქართველო მოიხილა, იქ არამცირედი ჟამი დაყო და ადგილობრივ ხალხთან აქტიური კონტაქტები დაამყარა, გახლდათ ფრანგი დიპლომატი, მოგზაური და ვაჭარი ჟან შარდენი. მან საქართველოში XVII ს-ის შუა წლებში იმოგზაურა, შემოიარა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონები და დაგვიტოვა უნიკალური ცნობები ამ ქვეყნის რელიგიური ყოფის დეტალებზეც კი. აღსანიშნავია, რომ მან ამ ცნობების დიდი ნაწილი საზოგადოებასთან ურთიერთობის შედეგად მოიპოვა. მის ნაამბობში არამცირედი ადგილი უჭირავს კათოლიკე მისიონერების საქართველოში საქმიანობის აღწერას. ეს საქმიანობა მას დანახული და შეფასებული აქვს პროტესტანტის თვალით, თანაც ისეთი მორწმუნე პროტესტანტის თვალით, რომელიც მზად არის, მსხვერპლი გაიღოს საკუთარი სარწმუნოებისათვის. ამ გარემოების გათვალისწინების შემდეგ მივდივართ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ პროტესტანტი მოგზაური შემთხვევას არ გაუშვებდა ხელიდან, რათა რელიგიის საკითხებით დაინტერესებულ ქართველებთან თავისი სარწმუნოების უპირატესობაზე ესაუბრა (კათოლიკური პროპაგანდის საპირისპიროდ), როგორც კი მარჯვე შემთხვევას იპოვიდა და რამდენადაც ის ამას მოახერხებდა. პროტესტანტული იდეებისა და საღვთისმსახურო პრაქტიკის გაცნობის შესაძლებლობას ქართველებს სხვა პროტესტანტი მეცნიერი მოგზაურებიც მისცემდნენ. მათ შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ გერმანელი სწავლულები: იაკობ რაინეგსი და იოჰან გიულდენშტედტი, რომლებიც თითქმის ერთსა და იმავე დროს (XVIII ს-ის შუა წლები) იმყოფებოდნენ საქართველოში, ესაუბრებოდნენ რიგით მოქალაქეებს, სწავლობდნენ ამ ქვეყნის ბუნებას, მისი ხალხის ენას და ზნე-ჩვეულებებს. გიულდენშტედტი არის პირველი (ჩვენთვის ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით), რომელმაც დააფიქსირა დასავლეთ ევროპის პროტესტანტულ-ევანგელური მისიების მოღვაწეობა კავკასიასა და, კერძოდ, საქართველოში. თერგის მიდამოებში 1773 წლის 15 მაისს ის შეხვდა ოთხ გერმანელ ევანგელისტ მისიონერს, რომლებიც მთიელთა ევანგელიზაციისათვის იღვწოდნენ. პროფ. შოთა ხანთაძემ შეისწავლა დეკუმენტური მასალა აღნიშნული მისიების შესახებ და გამოარკვია, რომ ისინი დაკავშირებული იყვნენ ბრიტანეთის ბიბლიურ საზოგადოებასთან, რის გამოც უპირატეს მიზნად საღვთო წერილის მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელებას ისახავდნენ და დღის წესრიგში აყენებდნენ საკითხს ამ წერილის (ბიბლიის) თანამედროვე ენებზე ამეტყველების შესახებ. აქ, ცხადია, ახალი ქართული ენაც იგულისხმება, რადგან ბიბლიის ძველი ქართული ტექსტი ახალი ეპოქის ქართველს აღარ ესმის. ირკვევა, რომ ამ იდეას XVIII ს-ის დასასრულისა და XIX ს-ის დასაწყისში არა ერთი და ორი ქართველი მოუხიბლავს, მათ შორის სასულიერო პირები, ეპისკოპოსებიც კი. ერთ-ერთი ასეთი ეპისკოპოსი ყოფილა დოსითეოს ფიცხელაური, რომელიც საეკლესიო-საღვთისმსახურო ენის დემოკრატიზაციის თეორიას იზიარებდა. დაისმის კითხვა: გამოუჩნდნენ თუ არა ლუთერს მიმდევრები საქართველოში XIX საუკუნემდე? ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე ფიქრობდა, რომ ლუთერსა და მის მოძღვრებას საქართველოში XIX ს-მდე, ამ ქვეყანაში გერმანული კოლონიების დაარსებამდე, დიდი ხნით ადრე იცნობდნენ და ზოგიერთი ქართველი, დიდგვაროვანიცა და მდაბიოც, ამ მოძღვრებას თანაუგრძნობდა. ასეთ დიდგვაროვნად წარმოედგინა მას მზეჭაბუკ ათაბაგი, რომელიც თითქოს ლუთერისავე სიცოცხლეში გაეცნო ლუთერანობას და თავის სამფლობელოში, მესხეთში, მისი დანერგვა სცადა. ჩვენ არ ვიცით, რა წყაროთი სარგებლობდა მკვლევარი, როდესაც ამ თეორიას აყალიბებდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს თეორია ჯერჯერობით არ მართლდება, რადგან სათანადო დოკუმენტები არ ჩანს. პირველი პროტესტანტები, რომლებიც საქართველოში მოვიდნენ და დამკვიდრდნენ, იყვნენ გერმანელი ლუთერანები შვაბიის მხარედან, ბადენ-ვიურტემბერგიდან. ისინი აქ ჯგუფ-ჯგუფად 1817-1818 წლებში შემოვიდნენ და თბილისსა და მის ახლო რაიონებში განსახლდნენ. მათ უმრავლესობას ე. წ. სეპარატისტი ლუთერანები შეადგენდნენ, ანუ ისინი, რომლებიც ოფიციალურ ლუთერანულ ეკლესიას და სახელმწიფოს უპირისპირდებოდნენ. ამ დაპირისპირების მოტივად და მიზეზად მკვლევრები ასახელებენ მძიმე სოციალურ-ეკონომიურ ფონს, რომელიც ნაპოლეონის დაპყრობითმა და გამანადგურებელმა ომებმა განაპირობა. ამ დროს გაჩნდნენ ,,წინასწარმეტყველები”, რომლებიც ამტკიცებდნენ: წუთისოფლის დასასრული და მეორედ მოსვლა ახლოვდება! ეს ჟამი 1836 ან 1846 წელს დადგება! ამ დროს სისხლის ტბაში ჩაიხრჩობა ევროპა! ვისაც ხსნა სურს, დაუყოვნებლივ უნდა დაადგეს გზას აღმოსავლეთისაკენ, კავკასიისაკენ, არარატის მთის მიდამოებისაკენ, სადაც გამოჩნდება მაცხოვარი იესო ქრისტე და ,,ასწლოვანი სამეფო” დაფუძნდება! ბევრმა შვაბმა ლუთერანმა იწამა ეს წინასაწარმეტყველება, სასწრაფოდ გაყიდა უძრავ-მოძრავი ქონება და აღთქმული ქვეყნისაკენ გაემგზავრა. თუ რა გადახდა რელიგიური შიშით დაზაფრულ ხალხს გზაზე, რა გაჭირვებით მოიპოვეს ბინა უცხო ქვეყანაში და როგორ წარიმართა ადაპტაციის პროცესი, სპეციალურ ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი. ეს ამბები ჩვენ გახილული გვაქვს წიგნებში: ,,რელიგიის კარიბჭე” და ,,მსოფლიო რელიგიები საქართველოში” (§ ლუთერანები და მათი ეკლესია საქართველოში). ამჟამად ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, თუ როგორ აეწყო ამ ხალხის საეკლესიო ცხოვრება ახალ გარემოში და რა შესძინეს მათ იმ ერს და ქვეყანას, სადაც ისინი ბედისწერამ გადაისროლა. ზოგადი სურათი ასეთია: იმედები დაიმსხვრა; საოცნებო სანახებამდე _ არარატის მთამდე და იერუსალიმამდე მიღწევა _ ვერ მოხერხდა (რუსეთის მთავრობამ მათ ამის საშუალება არ მისცა). თბილისი და მისი შემოგარენი, რაც კოლონისტებს, როგორც ჩანს, თავიდან ასევე საოცნებო მხარედ წარმოედგინათ, სულაც არ აღმოჩნდა საოცნებო. ამან კი უმალვე სკეპსისი და მასობრივი დეპრესია გამოიწვია. ისინი ეულებად და გარიყულებად გამოიყურებოდნენ: მათ მხარეს არც ლუთერანული ეკლესია იდგა და არც გერმანიის მთავრობა. გავითვალისწინოთ, რომ კოლონისტებს ერთიც და მეორეც სეპარტისტებს და მოღალატეებს უწოდებდა. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საქართველოში გადმოსახლებულ გერმანელ კოლონისტებს თავდაპირველად პასტორები არ ჰყოლიათ. პასტორ-მქადაგებლების ფუნქციას სულიერი მასწავლებლები ასრულებდნენ, რომლებსაც ისინი თავიანთი საზოგადოებებიდან ირჩევდნენ. ასეთი მასწავლებლები კი მძიმე სულიერ მდგომარეობაში მყოფ ხალხს, როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ ემსახურებოდნენ. ამის გამო კოლონისტებს შორის გაჩნდა სურვილი, რომ დაბრუნებოდნენ ოფიციალურ ლუთერანულ ეკლესიას და კანონიერად დადგენილი პასტორები შეეძინათ. ამის თაობაზე საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს ერთი საარქივო საქმე, რომელიც მოცემული საკითხის ისტორიისათვის მნიშვნელოვან დოკუმენტად წარმოგვიდგება. ესაა ბრიტანეთის ბიბლიუირი საზოგადოების პეტერბურგის განყოფილების მდივნის, დოქტ. პანკერტონის წერილი ბაზელის ევანგელისტური მისიის კომიტეტს, დათარიღებული 1819 წლის იანვრით. პანკერტონი, რომელიც, შესაძლებელია, თავადაც ლუთერანი იყო, აღნიშნულ კომიტეტს ასეთი ინფორმაციითა და თხოვნით მიმართავს: ,,ისინი [კავკასიაში მცხოვრები გერმანელები] საფრთხეში არიან და შებრალებას იმსახურებენ. კოლონისტები შველას ითხოვენ. იქნებ შეძლოთ და ორი ან სამი ღვთისნიერი ახალგაზრდა გამოაგზავნოთ, რომლებიც შემცდარ ცხვრებს მოძებნიან და მოაგროვებენ... გერმანელები, რომელთათვისაც მე გთხოვთ, უმეტესწილად მუსულმანებითა და წარმართებით არიან გარემოცულნი. ასე რომ, თქვენს მისიონერებს შეუძლიათ, რომ ამავე დროს მათაც [აღნიშნულ ,,მუსლიმებსა და წარმარტებს”] მოემსახურონ” (რ. მაისურაძე, ბაზელის ევანგელიკური მისია და გერმანელი ლუთერანები საქართველოში. ფილოსოფიური ძიებანი, VIII, თბ., 2004, გვ. 292). შვეიცარიელი მისიონერები ბაზელიდან საქართველოში 1823 წელს ჩამოვიდნენ. მათ მთავარ მიზანს გერმანელი ლუთერანების მომსახურება შეადგენდა, რათა, დამოწმებული დოკუმენტის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,შემცდარი ცხვრები მოეძებნიათ და მოაგროვებინათ”, ანუ სეპარატისტები ლუთერანულ-პასტორული ეკლესიისათვის დაებრუნებინათ. ბაზელის ევანგელური მისია, რამდენადაც ეს ჩვენთვის ცნობილია, იყო პროტესტანტულ ეკლესიათა პირველი ოფიციალური და ორგანიზებული მისია საქართველოში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მან თავის მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი. კოლონისტი სეპარატისტების უდიდესი ნაწილი ლუთერანთა ოფიციალურ ეკლესიას დაუბრუნდა და ,,კავკასიელ შვაბიელთა რელიგიური ცხოვრება” მათი დედა ეკლესიის კანონიკური ნორმების კვალდაკვალ წარიმართა. ლუთერანული ეკლესია საქართველოში აქტიურად ჩაება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ყველასათვის სახილველი და მისაბაძი გახდა ამ ეკლესიის წარმომადგენელთა შრომის კულტურა და ენთუზიაზმი. ლუთერის ასკეტური სისტემის თანახმად, შრომაში გამოვლენილ სიბეჯითეს განუზომელი ფასი აქვს; ღმერთს მოსწონს ღრმა და გულმხურვალე, მაგრამ არა ხანგრძლივი და სიტყვამრავალი ლოცვები; ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა რიტუალებზე, არამედ ჩვენს შინაგან სულიერ მდგომარეობაზე. მართლაც: საქართველოში იშვიათად ნახავდით ფუქსავატ ლუთერანს. ისინი შრომობდნენ და სწავლობდნენ გულმოდგინედ, ქმნიდნენ დოვლათს, გამოირჩეოდნენ სანიმუშო ყოფაქცევით და პუნქტუალობით. საკითხი, თუ როგორ წარიმართა ლუთერანთა ეკლესიის ცხოვრება საქართველოში და რა ვითარებაა ამ ეკლესიაში ამჟამად, ამასთანავე: კიდევ რომელი პროტესტანტული დენომინაციები და ეკლესიები გაჩნდა ამავე ქვეყნის რელიგიურ სივრცეში, წინამდებარე თემის მომდევნო ნაწილად წარმოგვიდგება. როგორც პირველ ნაწილში აღვნიშნეთ: ჩვენს ხელთ მყოფი მასალების მიხედვით, რეფორმატორი ქრისტიანი პროტესტანტების სარწმუნოება და ტრადიცია საქართველომ იმ ლუთერანებისაგან გაიცნო, რომლებიც ერთობ ორიგინალური პოზიციით გამოირჩეოდნენ. აქვე დავძენთ შემდეგსაც: ამ პოზიციას თეოლოგიურ ლიტერატურაში ეწოდება ხილიაზმი ანუ, ქართული გახმოვანებით, ქილიაზმი. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან ,,ხილიას”, რაც ნიშნავს რიცხვით სახელს ,,ათასი”. ქილიასტებს სწამდათ, რომ მანამ, სანამ ქვეყნის აღსასრული დადგება და საყოველთაო განკითხა მოხდება, დედამიწაზე ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო დაარსდება და ამ სამეფოს მოქალაქეობა მხოლოდ და მხოლოდ რჩეულ ქრისტიანებს ერგებათ. ასეთი რწმენა-წარმოდგენები ეკლესიის ისტორიის ადრეული პერიოდში, რომის იმპერიის სივრცეში, აღმოცენდა, თუმცა ეკლესიის საერთო აზრი მათ მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო. საეკლესიო კრებების დადგენილებათა თანახმად, ქილიაზმი სიმართლეს არ შეესაბამება და მას ერესის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. ამის მიუხედავად ქილიასტური მსოფლმხედველობა გზადაგზა მაინც იჩენდა თავს და, აი, ის გერმანელი ლუთერანების ერთ ნაწილშიც გამოვლინდა. ლაპარაკია შვაბიის მხარის ლუთერანებზე. მართალია, აღნიშნული მსოფლმხედველობა ახალი არ იყო, მაგრამ მას სპეციფიკური ნიშან-თვისებები ახასიათებდა, კერძოდ: გერმანელ ქილიასტებს სჯეროდათ, რომ ქრისტეს ათასწლოვანი სამეფო ბინას არარატის მთასა და იერუსალიმს შორის დაიდებს. ოფიციალურმა ლუთერანულმა ეკლესიამ ქილიაზმი არ გაიზიარა; მან ეს მიმდინარეობა სეპარატიზმად მონათლა და გერმანელ ქილიასტების სეპარატისტები უწოდა. ასეთივე პოზიცია დააფიქსირა სახელმწიფომაც. ამიტომ (და აქედან გამომდინარე) ცხადია: როგორც შვაბიის მაშინდელი მთავრობა, ისე ოფიციალური ლუთერანული ეკლესია ცდას არ აკლებდა, რომ სეპარატისტები დედა ეკლესიის (ამ შემთხვევაში, ლუთერანული ეკლესიის) წიაღში დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ამ ცდას წარმატება არ მოჰყვა ანუ აღნიშნული ქილიასტურ-სეპარატისტული რწმენა-წარმოდგენების შეცვლა გერმანიაში ვერ მოხერხდა. მასალები, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია, გვაძლებს საფუძველს ვთქვათ: გერმანელი სეპარატისტები ქილიასტური მოლოდინისაგან საქართველოში, ქართლში, გათავისუფლდნენ. ამ საქმეში გადამწყვეტი როლი ორმა ფაქტორმა შეასრულა. პირველი არის ის, რასც უკვე შევეხეთ (ნაწ. I): ბაზელიდან საქართველოში გამოგზავნილი მისიონერების თავდადება და ძალისხმევა. მეორე და უფრო ძლიერ ფაქტორად წარმოგვიდგება პროცესი, რომელიც შეგვიძლია ასე დავასათაუროთ: ქილიასტური მოლოდინის არგამართლება. ეს ვრცელი თემა და დრამატული ამბებით გაჯერებული ისტორიაა. მოკლე მიმოხილვა ძირითადი ლიტერატურის მითითებითურთ მოცემული გვაქვს წიგნში ,,მსოფლიო რელიგიები საქართველოში” (თბ., 2002, გვ. 160-162). ამიტომ აქ ყურადღებას იმ დეტალებსა და წახნაგებზე გავამახვილებთ, რაც წინამდებარე თემისათვის არსებითია და რაც დასახელებულ წიგნში ასახული არ არის. ქრისტეს მეორედ მოსვლა, საქართველოს გერმანულენოვან კოლონიებში გავრცელებული რწმენა-წარმოდგენების თანახმად, 1846 წელს უნდა მომხდარიყო. ამას ირწმუნებოდა ქადაგი ქალი - ბარბარა შპონი. ის კოლონია კატარინენფელდში (იგივე ბოლნისი) ცხოვრობდა, მაგრამ სხვა კოლონიებშიც ბევრს მოგზაურობდა, თანამორწმუნეებს იერუსალიმში გამგზავრებისაკენ მოუწოდებდა და მათ იქ ათასწლოვან სამეფოში შეყვანასაც ჰპირდებოდა. სეპარატისტებმა, რომლებმაც ბარბარა შპონის ქადაგება ირწმუნეს, იერუსალიმში მარშით გამგზავრების თარიღად 1843 წლის 9 ივნისი გამოაცხადეს და გაემგზავრებოდნენ კიდეც, რომ არა ადგილობრივი პოლიციისა და ჯარის წინააღმდეგობა, აქტივისტების დაპატიმრება და ანტიქილიასტური პროპაგანდის გაძლიერება. იმის თაობაზე, თუ როგორი ატმოსფერო სუფევდა იმავე 1843 წელსა და მის ახლო ხანს საქართველოს გერმანულენოვან კოლონიებში, რა სახის რელიგიური დინებები შეინიშნებოდა იქ და როგორ მიმდინარეობდა კოლონისტების ადგილობრივ ვითარებასთან გაშინაურების პროცესი, ფასდაუდებელ ცნობებს გვაწოდებენ გერმანელი მოგზარები და მეცნიერები: კარლ კოხი (1809-1878) და მორიც ვაგნერი (1813-1887), რომლებიც ერთსა და იმავე დროს (XIX ს-ის 40-იან წლებში), ოღონდ სხვადასხვა გზებით და სხვადასხვა პროგრამით ეწვიენ საქართველოს და კარგად გაეცნენ მის რეალიებს. (ორივე ავტორის შესაბამისი ნაშრომები თარგმნილია ქართულად: კ. კოხისა და ო. სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თარგმანი ლ. მამაცაშვილისა, თბ., 1981; მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ, თარგმანი გ. გელაშვილისა, თბ., 2002.) ხსენებულ პირებს აინტერესებდათ ყველაფერი, რაც საქართველოსა და კავკასიას შეეხებოდა; ცხადია, ყურადღებას თანამემამულე კოლონისტების მისამართითაც ამახვილებდნენ და მათი ახალმოსახლეობის ამბებს გულდასმით აღნუსხავდნენ. ამ ამბებიდან ბევრს სარწმუნოებრივი შინაარსი და დატვირთვა ჰქონდა. კოხის ნაამბობიდან ჩანს, რომ კოლონისტების საქართველოში აკლიმატიზაციის პროცესი XIX ს-ის 30-იანი წლების მიწურულს უკვე დამთავრებული იყო. მათი დიდი ნაწილი წარმატებით უძღვებოდა მეურნეობას და დოვლათითაც ხარობდა. ერთ კოლონისტს, გვარად ზალცმანს, თბილისში ისეთი სასტუმრო ჰქონდა გამართული, რომელიც იმდროინდელ ევროპულ სასტუმროებს არ ჩამოუვარდებდა და უცხოელი არისტოკრატების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. კოხი მას ,,გერმანულ სასტუმროს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ იქ ცხოვრებით კმაყოფილია. მისი ყურადღება განსაკუთრებით საქართველოში დაბადებული გერმანელი ჭაბუკებისა და ქალიშვილების მეტყველებამ, მათმა შვაბურმა დიალექტმა და ნაციონალურმა ტანსაცმელმა მიიქცია. ჩანდა, რომ ახალი გარემო და საცხოვრისი კოლონისტების იდენტობასა და თვითმყოფადობას საფრთხეს არ უქმნიდა. ისინი, ერთი მხრივ, ეცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას და, მეორე მხრივ, თავიანთ კულტურას, იქნებოდა ეს კარტოფილი, სხვადასხვა ჯიშის მწვანილი თუ ყავა, მასპინძელი ქვეყნის ხალხს აცნობდნენ და ასე შეჰქონდათ წვლილი ადგილობრივი კულტურის გამდიდრების საქმეში. ბევრ საინტერესო ცნობას და დაკვირვებას გვიზიარებს ხსენებული მოგზაური თანამემამულე კოლონისტების ცხოვრებიდან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენს ყურადღებას ყველაზე მეტად იქცევს მისი წიგნის ის ადგილი, სადაც ლაპარაკია დიდუბის კოლონიაზე და ნათქვამია, კოლონისტები ამ ოცი წლის განმავლობაში კარგად მოეწყვნენ, ადგილობრივ ხალხზე უკეთესად ცხობრობენ, მაგრამ არ ინდომებენ, რომ ცხოვრების პირობები კიდევ უფრო გაიუმჯობესონო. კითხვა, რომელსაც ის ამ კონტექსტში სვამს, ასე ჟღერს: რატომ არ ამჟღავნებს დიდუბელი ახალმოსახლეების გარკვეული ნაწილი უფრო მეტ ენთუზიაზმს და შრომის ხალისს? მაგალითად: რატომ არ გამოჰყავთ მტკვრიდან არხი საკარმიდამოთა მოსარწყავად? ჩანს, რომ ისინი მომავალზე არ არიან ორიენტირებული და დაისმის კითხვა: რატომ? ასეთი გულგრილობის მიზეზად ავტორი ,,რელიგიურ ფანატიზმს” ასახელებს და ამბობს: ,,ნაწილი კოლონისტებისა დღესაც დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანას მალე საშინელი სამსჯავრო მოევლინება და განკითხვის დღეს ყველა უნდა ჩავიდეს იერუსალიმში, სადაც მალე ტახტზე მჯდომარე ღმერთი განსჯის მკვდარსა და ცოცხალს. ჩემს ჩამოსვლამდე რამდენიმე წლით ადრე აქ თურმე 70 წლის მოხუცი ქალი ქადაგად დაეცა, თავი ქრისტეს საცოლედ გამოაცხადა და ბევრი უბედურება დაატრიალა. მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ენერგიის წყალობით (....) მოხერხდა კიდევ უფრო დიდი უბედურების თავიდან აცილება” (გვ. 214-215). ცხადია, ლაპარაკია ბარბარა შპონსა და იმ მოვლენებზე, რასაც უკვე შევეხეთ. კარლ კოხის ამ მონათხრობიდან იმასაც ვგებულობთ, რომ კოლონისტების საქართველოდან იერუსალიმში გამგზავრების განზრახვას თურმე ყაჩაღების ყურამდეც მიუღწევია. მათ თადარიგი დაუჭერიათ, რათა მგზავრებს თავს დასხმოდნენ და გაეძარცვათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩავარდნიათ. ნაცარში ჩაუვარდათ კოვზი აგრეთვე თავად სეპარატისტებსაც: მათ არა მარტო იერუსალიმში ჩასვლის გეგმა ჩაეშალათ, არამედ ქილისატური იმედებიც გაუცრუვდათ: დადგა 1846 წელი, მაგრამ არც ქრისტე მოვიდა და არც მისი ათასწლოვანი სამეფო დაარსდა. ამიტომ ისინი თავიანთ დედა ეკლესიაში თითქმის მასობრივად დაბრუნდნენ. ამავე კოლონისტების სულიერ ცხოვრებაზე უფრო ვრცლად საუბრობს მორიც ვაგნერი. საგულისხმოა, რომ მან უარი თქვა ზემოთ ხსენებულ ზალცმანის სასტუმროზე და თბილისის სხვა კოლონისტის, პროფესიით ხარატის, ოჯახში დაბინავდა იმის მიუხედავად, რომ ეს ოჯახი მრავალრიცხოვანი იყო და კომფორტითაც არ გამოირჩეოდა. მეცნიერი და მოგზაური, ჩანს, ფიქრობდა, რომ ახალმოსახლე თანამემამულეების ცხოვრებას ასე უფრო კარგად შეისწავლიდა. მოლოდინი გამართლდა: მან აქ კოლონისტების რელიგიური განწყობილებებისა და ,,ეკლესიური უთანხმოების” შესახებაც ბევრი რამ შეიტყო. ხსენებული ოჯახი ,,საოცრად მორწმუნე”, უფრო სწორად, - ცრუმორწმუნე აღმოჩნდა, რადგან კუდიანებისა და მოჩვენებების სჯეროდა და ექიმბაშებს უფრო ენდობოდა, ვიდრე ექიმებს. ვაგნერი ამბობს, ამ ოჯახის წევრებმა ეს ნაკლი ჩემი მეშვეობით დაძლიეს, როდესაც მე მათ ,,ორი წვეთი ყაყაჩოს წვენის ნაყენით ფაღარათ მოვურჩინე”-ო (გვ. 54). ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენმა მოგზაურმა და მეცნიერმა კოლონისტებთან ურთიერთობაში ანტიქილიასტური პოზიცია გამოავლინა. იგი კმაყოფილებით ადასურებს ფაქტს, რომლის თანახმად მოახალშენეების დიდი ნაწილი სეპარატისტული აზრებისაგან 1843 წლამდე გათავისუფლდნენ. აი, მისი სიტყვები: ,,გაჭირვებამ, რაც მოჰყვა ხანგრძლივ და უაღრესად მომქანცველ მგზავრობას, განკურნა მრავალი მათგანი (სეპარატისტთაგანი, ნ.პ.) აღტყინებისაგან, სხვები კი აქცია ახირებულებად და ჯიუტებად. სეპარატისტებს აღარაფერი სურდათ შეესმინათ ეკლესიისა და მღვდლებისა; ლოცვებისა და გალობისათვის თავის სახლებში იკრიბებოდნენ” (გვ. 64). კოხის მსგავსად, ის გააოცა, თანამემამულე სეპარატისტების უინტერესობამ როგორც ამქვეყნიური ცხოვრების, ისე უკან დარჩენილი სამშობლოსა (შვაბიისა) ამბების მიმართ, - ერთხელ არ უკითხავთ, - რა ხდება ახლა იქ, ჩვენს სამშობლოშიო. ამავე თხრობიდან ვგებულობთ, რომ ეს ინდიფერენტიზმი, მეორედ მოსვლის მოლოდინით გამოწვეული, თურმე ,,საქართველოს ცაზე ერთი კომეტის გამოჩენას” გაუძლიერებია. კომეტა სწორედ 1843 წლის ზამთარში გამოჩენილა, რასაც სეპარატისტებისათვის თავზარი დაუცია; შეუწყვეტიათ სამიწათმოქმედო სამუშაოები, გადაუწყვეტიათ სახლ-კარის გაყიდვა და იერუსალიმში წასვლა სამყაროს თითქოსდა მოახლოებული აღსასრულის გამო. ამ აზრებს თბილისსა და მის შემოგარენში მკერავი დანიელ მაიერი ნერგავდა. მას ბარბარა შპონთანაც გაუბამს ალიანსი და თავადაც ქადაგად დაცემულა. ავტორი ვრცლად აღწერს იერუსალიმში გამგზავრების სამზადისა და ღვთისმსახურებას, რომელიც ამ სამზადისს ახლდა. ის საგანგებოდ ჩავიდა კატარინენფელდში (ბოლნისში), რათა ენახა, რა მოხდებოდა იქ 1843 წლის 9 ივნისს: მოახერხებდნენ თუ არა თანამემამულე სეპარატისტები იერუსალიმში მარშით გამგზავრებას? მან საკუთარი თვალით იხილა ხსენებულ კოლონიაში ქართლის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული თანამემამულეები, ხალხი, რომელიც ელოდებოდა ღრუბელს და ქრისტეს ამ ღრუბელზე, როგორც წინამძღვარს და უძლეველ მხედართმთავარს იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე. ვისაც აინტერესებს, თუ რა მოხდა ამ დროს ბოლნისში და ყველაზე მეტად, რის გამო შეეპარა იქ ქილიასტურ მოლოდინს ბზარი, შეუძლია იხილოს ვაგნერის წიგნის ის მონაკვეთი, რომელსაც ჰქვია ,,სეპარატისტების ბედი” და რომელიც არის დრამატიზმით და ტრაგიზმით, უფრო სწორად, ტრაგიკომიზმით სავსე ამბავი, თვითმხილველის მიერ დაწერილი (გვ. 65-87). დავძენთ, რომ ბედში (უფრო სწორად, სიმართლეში) სრულად გარკვევა სამი წლის შემდეგ მოხდა: მოაწია აღთქმულმა 1846 წელმა, მაგრამ ამქვეყნად ბევრი არაფერი შეიცვალა და ქილიაზმმაც თავისი დრო მოჭამა. ამიტომ საქართველოს ქილიასტი პროტესტანტები ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდნენ, შეუერთდნენ თანამორწმუნეებისა და თანამემამულეების ეკლესიას და თავი ისახელეს შრომაშიც და წესიერებაშიც. ისინი გათავისუფლდნენ გამორჩეულობისა და ყველაზე უკეთესობის სინდრომისაგან, რის შემდეგაც ადგილობრივ კულტურასა და საზოგადო ყოფაცხოვრებასთან დამეგობრების გზას დაადგნენ. ადგილობრივი ხალხის თვალს, მოხიბლულს გერმანელი ლუთერანების პატიოსნებითა და შრომისმოყვარეობით, არ გამოპარვია ფაქტი, რომ ,,ღვთისმოშიშება და სიბეჯითე” ყველაზე მეტად სწორედ სეპარატისტებად სახელდებულ ადამიანებს ამკობდა. აი, რას წერს ვაგნერი ამ საკითხზე: ,,მიუხედავად იმისა, რომ კოლონიათა ინსპექტორი აძაგებდა სეპარატისტთა რელიგიურ საქციელს, ძალიან აქებდა მათ სამაგალითო ცხოვრების ხასიათს, პატიოსნებას, პირდაპირობას და დაუღალავ შრომისმოყვარეობას. მხოლოდ იერუსალიმური სიგიჟე აფერხებდა მომენტალურად ამ შრომისმოყვარეობას” (გვ. 89). და რადგან ,,იერუსალიმური სიგიჟისაგან” გათავისუფლება მოხერხდა, ყოფილი სეპარატისტების სახით ადგილობრივ ანუ, იგივე, ქართულ კულტურასა და ყოფაცხოვრებას ადამიანთა კიდევ ერთი შესანიშნავი ჯგუფი შეემატა ამავე კულტურისა და ქვეყნის სასარგებლოდ. დასახელებული წიგნებიდან ჩანს, რომ თბილისში იმხანად, კოლონისტების გარდა, არა ერთი და ორი გერმანელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა (ექიმად, იურისტად, საჯარო მოხელედ და უმაღლეს თანამდებობებზეც კი). მათი ნაწილი, ცხადია, პროტესტანტი იყო. ხსენებული მოგზაურები გაკვირვებული და მოხიბლულები არიან იმ ეთნიკური და ენობრივი მრავალფეროვნებით, რაც მათ თბილისში და განსაკუთრებით მის ბაზარში იხილეს: აქ არამც თუ გერმანულს, ესპანურსაც კი გაიგონებთო. ვაგნერი წერს: ,,ცნობილმა მოგზაურმა მიუნხენიდან”, ჰალბერგმა, რომელსაც თბილისში შევხვდი და რომელმაც ჩემთან ერთად ამ ქალაქის ბაზარი დაათვალიერა, თქვა, ,,არსად, გარდა კაიროს ბაზრისა, არც აღმოსავლეთში და არც დასავლეთში სხვადასხვა ხალხების ასეთი მიმზიდველი აღრევა” არ მინახავსო (გვ. 21). აღნიშნულ მრავალფეროვნებაში, ამ ,,მიმზიდველ აღრევაში”, გერმანელ პროტესტანტებს გამორჩეული ადგილი ეჭირათ როგორც რიცხოვნების, ისე აქტივობის თვალსაზრისით. ეს აქტივობა კი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა საყოველთაო, რაც ამ ხალხის დარჩენილი ნაწილიც გათავისუფლდა ქილიასტური მოლოდინებისა და შიშებისგან (1843-1846 წლების შემდეგ). შვაბიელი და სხვა გერმანელი თუ არაგერმანელი ლუთერანების საქართველოში შემოსვლამ ხელი შეუწყო ქართულ ნიადაგზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურათა იმგვარ დიალოგს, რომ ამით არც ადგილობრივი და არც შემოსული ხალხების კულტურასა და რელიგიურ ტრადიციებს არაფერი დაკლებია. ჭეშმარიტებას ღაღადებს კარლ კოხი, როდესაც ამბობს: ,,აქ, თბილისში, აღმოსავლური ხასიათი ევროპულის გვერდით საკმაოდ კარგად არის შენახული” (გვ. 218). მოსულმა და დამხვდურმა კულტურებმა ერთმანეთი გაამდიდრეს და გააღრმავეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი კოლონიები იმ თვალსაზრისითაც წარმოადგენდა ერთობ ანგარიშგასაწევ ძალას, რომ მათ დიდი წვლილი შეჰქონდათ როგორც ადგილობრივი მრეწველობისა და ეკონომიკის, ისე ინტელექტუალური და სულიერი ცხოვრების სფეროში. ლუთერანებმა საქართველოში მართლმადიდებელი სწავლულების ყურადღებაც დაიმსახურეს და ურთიერთთანამშრომლობის სურვილიც ბუნებრივად აღმოცენდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ცნობილი სასულიერო პირისა და მეცნიერის, წმ. კირიონის (საძაგლიშვილის) მეგობრობა და თანამშრომლობა ადგილობრივ გერმანელ პასტორთან, გუსტავ ბერმანთან. ეს პიროვნება ითვლება საერთაშორისო მასშტაბის ხელნაწერის, კორიდეთის ბერძნული სახარების, ძირითადი ტექსტის (სახარების უძველესი ბერძნული ვერსიის) პირველ მკვლევრად. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩნდა ეს ხელნაწერი კოდექსი (ყდაში ჩასმული წიგნი, ბეშქენ ოპიზარისგან მოჭედილი) ამ პასტორის ანუ პროტესტანტი მღვდლის ხელში და როგორ დაიწყო მან მართლმადიდებელი ეკლესიის ამ ლიტურგიკული წიგნის (სატრაპეზო სახარების) შესწავლა, გვმართებს გავითვალისწინოთ შემდეგი: წმ. კირიონი XIX-XX სს-ის მიჯნაზე, როდესაც ის ეპისკოპოსი იყო, თბილისის საეკლესიო მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მან არა ერთსა და ორ პირველხარისხოვან ხელნაწერსა თუ სხვა არქეოლოგიურ ძეგლს მოუყარა თავი. მათგან პირველ რიგში ზემოთ აღნიშნული ხელნაწერი წიგნი უნდა დავასახელოთ. იგი გვიამბობს: "სამსახურებრივი დატვირთვა (...) არ მაძლევდა საშუალებას დამეწყო ამ შესანიშნავი ხელნაწერის შესწავლა. რამდენჯერმე შევთავაზე ჩვენი მუზეუმის წევრებს და სხვა პირებს, რომელთაც აქვთ უმაღლესი სასულიერო განათლება, ხელი მიეყოთ მისი დამუშავებისათვის; ვუწინასწარმეტყველებდი იმ სახელს, რომელიც ამ იშვითი ძეგლის შესწავლას უნდა მოეხვეჭა. მცდელობა დიდხანს უშედეგო იყო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მუზეუმის ახალმა წევრმა, ადგილობრივმა განათლებულმა პასტორმა გუსტავ გუსტავის ძე ბერმანმა, რომელიც იმ დროს თბილისში მსახურობდა, წინადადებაზე დასტური მომცა და მართლაც: 1902 წლის აპრილში ის შეუდგა ოთხთავის შესწავლას, რისთვისაც დავუთმე კაბინეტი, სადაც ბეჯითად მუშაობდა" (ვრცლად: ნ. პაპუაშვილი, რამდენიმე ახალი ცნობა კორიდეთის კოდექსის შესახებ. ბიზანტინოლოგია საქართველოში _ 3, ტ. II, თბ., 2011, გვ. 502-503). ეს ინფორმაცია საყურადღებოა იმ ასპექტითაც, რომ ცხადყოფს წმ. კირიონის ტოლერანტობას და განსხვავებული აღმსარებლობის ადამიანებთან თანამშრომლობის კულტურას სარწმუნოებრივი შინაარსის თემებთან დაკავშირებითაც კი. ვხედავთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მისდამი დაქვემდებარებული მუზეუმი იმდენად იყო ღია და თავისუფალი, რომ მის აქტივში პროტესტანტი მღვდლებიც წევრიანდებოდნენ და მართლმადიდებელი ეკლესიების სიძველეებს ამუშავებდნენ; საჭიროების შემთხვევაში დირექტორი მათ საკუთარ კაბინეტსაც უთმობდა. პროტესტანტული ეკლესიების მიმართ ცოცხალი და კეთილი ინტერესი XIX ს-ის შუა წლებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, არაერთმა ცნობილმა ქართველმა საერო და სასულიერო მოღვაწემ გამოხატა. მათ შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ წმინდანები: ილია ჭავჭავაძე და ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე. ილია ჭავჭავაძე ქვეყნის კონსტიტუციონალიზმის საკითხში დემოკრატიულ პოზიციაზე იდგა და რელიგიური პლურალიზმის იდეას ემხრობოდა. ამის დასტურია მისი სიტყვები: ,,იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, სადაც ერთსა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებს და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია; დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირის საძირკვლიდამ ერთს ქვასაც ვერ გამოაცლის” (თხზ., ტ. 5, 1955, გვ. 81). ,,რეფორმაციის” ქვეშ პირველ რიგში მარტინ ლუთერის მოღვაწეობა და ევროპის ახალი რელიგიური წესრიგი იგულისხმება და, აი, ვხედავთ, რომ ეს წესრიგი, რომლის არსებით მხარედ სარწმუნოებრივი მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებაში თანხმობა და ძმობა წარმოგვიდგება, საქართველოს ,,უგვირგვინო მეფეს" მოსწონს და სამშობლოში მისი გადმონერგვა სურს. ასევე ფიქრობდნენ ილია ჭავჭავაძის თანაგუნდელებიც. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მათი პერიოდული ორგანო ,,დროება” მიესალმა ცნობას, რომელიც ინგლისიდან და ამერიკიდან მოვიდა: აღნიშნულ ქვეყნებში, თურმე, აღმოცენდა იდეა და დაიწყო მოძრაობა, რომელიც მიზნად დასავლური პროტესტანტული და აღმოსავლური მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანებას ისახავს; ამ მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი _ ანგლიკანი მღვდელი და მეცნიერი სოლომონ მალანი, რომელმაც პლატონ იოსელიანის საქართველოს ეკლესიის ისტორია და გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები ინგლისურად თარგმნაო. მოვისმინოთ სიტყვები, რომლებიც დასახელებული გაზეთის მაშინდელ რედაქტორს, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ მედროშეს, სერგეი მესხს ეკუთვნის: ,,ამ უკანასკნელ ჟამს ინგლისში და ამერიკაში გამოჩნდნენ იმისთანა სამღვდელო პირები, რომ შესაძლებლადა ხედვენ და დაიწყეს კიდეც მეცადინეობა შეერთებისათვის ორი ეკლესიისა აღმოსავლეთისა და ანგლიკანისა. ეს პირნი აცნობებენ აღმოსავლეთის ეკლესიის მდგომარეობას და საფუძველს ანგლიელ და ამერიკელ ღვთისნიერ ხალხს” (,,დროება”, 1870, 19.III, #11). ამ ცნობის პუბლიკაციის შემდეგ გავრცელდა ხმა, რომ ღირსი მღვდელი სოლომონ მალანი საქართველოში ჩამოსვლას და ყოვლადსამღვდელო გაბრიელთან სტუმრად მისვლას აპირებს. იმდროინდელი ქართველი მორწმუნე საზოგადოება მხურვალედ მიესალმა ამ ხმას. დაისმის კითხვა: რა დამოკიდებულება ჰქონდა წმინდა ეპისკოპოს გაბრიელს ინტელექტუალური, სამოქალაქო და ზნეობრივი ცხოვრების იმ ნორმებთან, რასაც ჩვენ დღეს დასავლურ ღირებულებებს ვუწოდებთ? გავითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ნორმები წარმომავლობით ყოვლად ქრისტიანული მოვლენები არიან; მათ ფესვები საღვთო წერილში უდგათ, მაგრამ ამ ფესვებმა ჟამთა ვითარებისა და ისტორიის დაუწერელი კანონის გამო მეტწილად პროტესტანტული ეკლესიების წიაღში გაიხარეს და გაიფურჩქნენ. დასავლურ ღირებულებათა ქვაკუთხედი არის ნების თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ფართო, ნათელი და ლოგიკური აზროვნების პირობებში ხორციელდება. სწორედ ასეთი აზროვნებით ხასიათდება წმ. გაბრიელს სამოძღვრო პრაქტიკა და წერილობითი მემკვიდრეობა (ვრცლად: ნ. პაპუაშვილი, წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შესახებ ანუ: იტყოდა თუ არა უარს იგი ეკუმენიზმზე?. ,,სოლიდარობა”, 2013, #3, გვ. 29-42). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ხსენებულმა ანგლიკანმა სასულიერო პირმა სწორედ გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ გაამახვილა ყურადღება და მასთან შეხვედრა მოინდომა. და მართლაც: იმერეთის ეპისკოპოსმა ის 1872 წლის 23 მაისს ქუთაისის რეზიდენციაში დიდი პატივისცემით მიიღო. ამ ვიზიტს ინგლისელი მკვლევარი დევიდ ლენგი ასე აღწერს: ,,მან ერთი კვირა დაჰყო ეპისკოპოსთან; თან ახლდა წირვასა და ღვდელმსახურებაზე (...) დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რიტუალის ზვიადმა იერმა და გალობის ხმატკბილობამ, ხელზე მთხვევის ცერემონიამ და სხვა. თვითონ მალანმა ქართულად წარმოთქვა ქადაგება საკათედრო ტაძარში. გაბრიელ ეპისკოპოსთან მუსაიფში მან განმარტა ინგლისური ლოცვანის დიდი ნაწილი. საინტერესო ურთიერთობა დაამყარა მან ზოგიერთ ბერთან, რომელთაც დაათვალიერებინეს დავით მეფის აგებული ტაძარი, სადაც მერვე საუკუნის ხელნაწერი სახარება იყო". ანგლიკანი მღვდლის მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებაში მონაწილეობა; სახარების წაკითხვა (სტუმრობის პირველ დღეს მალანმა იოანეს მე-11 თავი, ლაზარეს აღდგინების ამბავი, წაიკითხა), ქადაგების წარმოთქმა და ლოცვის აღვლენა, სხვა არაფერია, თუ არა ეკუმენური თანალოცვა. ასე რომ, წმ. გაბრიელი წარმოგვიდგება პირველ ქართველ ეპისკოპოსად, რომელმაც ანგლიკანური ეკლესიის წარმომადგენელთან ილოცა და ამით პროტესტანტული ეკლესიისადმი პატივისცემა გამოხატა. საყურადღებოა აგრეთვე წმ. გაბრიელის ბიოგრაფიის შემდეგი დეტალი: როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა (1856 წ.), მან ჩვილი ბავშვი გასაზრდელად მიაბარა ,,ძიძას, ნემცის ქალს, ნემცების კოლონიაში", რაც არ მოხდებოდა, წინდა მამას პროტესტანტული სამყაროს მიმართ მეგობრული და თბილი დამოკიდებულება რომ არ ჰქონოდა. პროტესტანტული ეკლესიების მიმართ კეთილი განწყობილება გამოამჟღავნა აგრეთვე მორწმუნე მამულიშვილების იმ ნაწილმა, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის იღვწოდა. იმ დროს არაერთმა ქართველმა მართლმადიდებელმა შესაძლებლად მიიჩნია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტესტანტულ ეკლესიებთან გაერთიანება. ამის თაობაზე მოგვეპოვება ცნობა, რომელიც დაწერილია 1912-1916 წლებს შორის საქართველოს საეკლესიო ისტორიის ერთ-ერთი მკვლევარის მიერ: ,,ათიოდე წელია, რაც საქართველოში საკმაოდ ძლიერი მოძრაობა დაიწყო სან[კტ]-პეტარბურგის ოფიციალური ეკლესიისაგან გამოყოფისათვის. მოძრაობაში მონაწილეობას იღებდა მთელი ერი. სეპარატისტთა უმრავლესობას უნდოდა რომის ეკლესიასთან გაერთიანება (.....). უმცირესობას სურს ანგლიკანურ ეკლესიასთან გაერთიანება, რაც არ გამორიცხავს პოლიტიკური შეხედულობების არსებობას; მაგრამ ამ იდეამ ჯერჯერობით ფართო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა“ (რემონ ჟენანი, საქართველო, ფრანგულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1996, გვ. 87). მართალია, აღნიშნულმა იდეამ, თურმე, ,, ფართო მხარდაჭერა“ ვერ მოიპოვა, მაგრამ მას პატრიოტი მორწმუნე ქართველების გარკვეული ნაწილი მაინც მიემხრო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართველი პატრიოტებს ამ პოზიციას ეპისკოპოს გაბრიელის ბიოგრაფიიდან ზემოთ გახსენებული ფაქტებიც გამოკვებავდა და გაამყარებდა. მართლმადიდებელი საქართველოს სასულიერო იერარქიაში პროტესტანტებისადმი კეთილი დამოკიდებულება, წმ. ეპისკოპოს გაბრიელს გარდა, არა ერთმა და ორმა მღვდელმა და მღვდელმთავარმა გამოამჟღავნა. ასეთად წარმოგვიდგებიან წმ. ამბროსი და წმ. ნაზარი. სწორედ მათ გაგზავნეს წმ. გრიგოლ ფერაძე დასავლეთ ევროპაში, რათა მას კათოლიკურ და ევანგელურ საღვთისმეტყველო სკოლებში ცოდნა გაეღრმავებინა და რწმენაში განმტკიცებულიყო. ასეც მოხდა: 1942 წელს გრიგოლ ფერაძე გაზის კამერაში მრავალშვილიანი ებრაელის მაგივრად შევიდა და მოწამის გვირგვინი დაიდგა. მან ბევრი იღვაწა ქრისტიანულ აღმსარებლობებს შორის ურთიერთგაგებისა და პატივისცემის დამყარებისათვის; აღიარა ხმამაღლა და ყველასთვის გასაგონად, რომ მართლმადიდებლობა, კათოლიკობა და ევანგელისტობა (პროტესტანტობა) არის ერთი და იმავე ძირისაგან ამოზრდილი სამი ტოტი და, ამდენად, ეს ტოტები - ეს აღმსარებლობები - ძმები არიან. 1926-1927 წლებში იგი გვერდით ედგა ვენისა და ლოზანის ეკუმენურ კონფერენციებს და ეკუმენურ მოძრაობასთან დაკავშირებით წმინდანმა წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც ოქროს ასოებით უნდა ამოიჭრას ქრისტიანული ეკლესიების შერიგებისათვის ბრძოლის ისტორიის წიგნში: ,,ერთხელაც იქნება და გაერთიანდებიან სარწმუნოებანი, დადგება დიდებული დღე ჩვენი უფლის მეორედ მოსვლის წინ. გაერთიანდებიან არა მარტო რომაული და ბერძნული ეკლესიები, არამედ ევანგელურიც შეუერთდება მათ, რომელიც ასევე წარმოადგენს ჩვენი უფლის ტაძარს და რომელზეც ვერ ვიტყვით, ისიც არსებობს, რამეთუ ნამდვილად არსებობს და თავის მიზნებს და ამოცანებს ახორციელებს (...) ვინც ქრისტეს სასუფეველს სერიოზულად უყურებს, ის დაინახავს, რომ ქრისტიანობის არსი მტრობაში, შურში, ეჭვსა და ავაზაკობაში როდია. იგი უფლის მრევლის ძმურ სიყვარულში სულდგმულობს და ერთ მშვენიერ დღესაც ჩვენი მაცხოვრის ხეზე ეს სამი ტოტი ერთმანეთს გადაეჭდობა". P.S. 2012 წლის სექტემბერში შესაძლებლობა მომეცა, ჩემს გერმანელ მეგობართან, შვაბიის მხარის პიეტისტთა საზოგადოების წევრთან, მანფრედ როიტერთან ერთად ვწვეოდი ბოლნისს. იქ ჩვენ გავიცანით 94 წლის ქალბატონი ანა ვახვახიშვილი, რომელიც დედის მხრიდან და ნათლისღებითაც ადგილობრივი კოლონიის, კატერინენფელდის, შთამომავალი აღმოჩნდა. საყოველთაო დეპორტაციას ის გვარის გამო გადაურჩა და მშობლიურ ქალაქში ცხოვრების უფლებაც მოიპოვა. თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში მან თანამორწმუნეთა და თანამეუბნეთა გარეშე იცხოვრა, მაგრამ შვაბური დიალექტი (დედის მეტყველება) და იქაური საღვთისმსახურო წესგანგებანი გასაოცარი სრულყოფილებით შეინარჩუნა. გერმანელმა სტუმარმა, ამ ფაქტით მოხიბლულმა და აღფრთოვანებულმა, დაადასტურა, რომ ლიტურგიკული ტექსტები, რომელთაც დიდი ქალბატონი უზადოდ წარმოთქვამდა, იგივე პიეტისტთა საღვთისმსახურო ტექსტები იყო. ასე რომ, საქართველოს ლუთერანი კოლონისტების საღვთისმსახურო ტრადიციების გენეზისი და სახელგანთქმულ პიეტიზმთან მათი მიმართების საკითხი მეცნიერულ შესწავლას და ანალიზს საჭიროებს, რაც, ჩვენი აზრით, გადაუდებელი ამოცანაა.
  13. ვფიქრობ, ცოტას დასჭირდება შეხსენება, რომ „იუდაიზმი“ ებრაელთა ტრადიციულ სარწმუნოების სახელწოდებაა. ძველ საქართველოში მას, როგორც წესი, „ჰურიაებად“, „ჰურიათა სჯულად“, „მოსეს სჯულად“, ანდა „ძველ რჯულად“ მოიხსენიებდნენ. ახალ ქართულში იუდაიზმის სინონიმი არის ებრაელობა ანუ ებრაელთა რჯული, ებრაელთა სარწმუნოება. თავად სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ იუდაიზმის სახით საქმე გვაქვს ეროვნულ (ნაციონალურ) რელიგიასთან, ანუ იმ შემთხვევასთან, როდესაც სარწმუნოება (რჯული) და ეროვნება (ნაცია) ერთი და იგივეა. ტრადიციის თანახმად, ებრაელი ანუ იუდეველი ერთდროულად ნიშნავს ერსაც და კონფესიასაც. თუმცა, საქართველოშიც, ისრაელშიც და სხვაგანაც არსებობენ სხვა რელიგიის მიმდევარი ებრაელები, რომლებიც თავს ებრაელად თვლიან და თანამემამულეებისა და ეროვნული სახელმწიფოს მიმართ პატრიოტულ სულისკვეთებას ამჟღავნებენ. პირველი კითხვა, რომელიც წინამდებარე თემის ფარგლებში ბუნებრივად წამოიჭრება, არის შემდეგი: რის გამო აღინიშნება ებრაელთა რჯული ანუ, ძველი (ბიბლიური) ნომინაციით, ისრაელიანთა სარწმუნოება სახელწოდებით „იუდაიზმი“? პასუხისათვის უნდა გავიხსენოთ ძველი აღთქმის ანუ, ებრაულად, თანახის ერთ-ერთი საკვანძო და საეტაპო ამბავი: ბაბილობის მეფე ნაბუქოდონოსორის აგრესიამ და ბაბილონში ორასწლიანმა ტყვეობამ (ძვ. წ. VI-V საუკუნეები) ისრაელიანთა თორმეტი ტომიდან თერთმეტი თითქმის მთლიანად გაანადგურა ანუ, უფრო სწორი იქნება თქმა, - თავისთავადობა მოუსპო. ტყვეობის პირობებში საკუთარი სახე მხოლოდ იუდას ტომმა შეინარჩუნა; მხოლოს მას ხვდა წილად ბედნიერება, რომ სამშობლოში იმავე ინდივიდუალობითა და თვითმყოფადობით დაბრუნებულიყო, როგორითაც იქიდან განიდევნა. სწორედ ამ ტომის ჩინებულმა შვილებმა აღადგინეს ტაძარი და განაახლეს რჯული, რომელიც შემოქმედმა ღმერთმა რჩეულ ერს მიმადლა. „ჩინებულ შვილთა“ შორის, ხსენებული აღდგენისა და განახლების სულისჩამდგმელთა შორის, იგულისხმებიან ეზრა და ნეემია, რომელთაგან პირველი იყო მღვდელი, მეორე - ქალაქ იერუსალიმის განმგებელი (მერი); პირველმა ხალხს რჯულის კანონი და რჯულის მეცნიერება აღუდგინა, მეორემ კი ღვთის ქალაქის, იერუსალიმის, ზღუდენი აღადგინა და ეს ქალაქი საიმედოდ დაიცვა. აი, ამ დროს მოხდა ისრაელიანთა საყოველთაო მონანიება; მათი ხელახლა შობა, ღვთის წინაშე ფიცის დადება და, მაშასადამე, ერის გამოღვიძება-განახლება (ნეემია 8-13). ხსენებული ერი, ისრაელი, ამიერიდან მეტწილად იუდას ტომით იყო წარმოდგენილი ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ისრაელიანთა მოდგმა უკვე იუდას ტომით შემოიფარგლებოდა. და რადგან ეს ერი თავის თავს რელიგიურ ერად მოიაზრებდა, რადგან მის არსებაში ეთნოსი და რჯული განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენდა, ისტორიამ ამ ხალხსაც და მის რელიგიასაც თორმეტი ტომიდან ყველაზე ამტანი და სიცოცხლისუნარიანი, ტყვეობიდან და გადასახლებიდან დაბრუნებული ტომის სახელი განუსაკუთრა - იუდა, იუდეველი, იუდაიზმი. იუდაიზმი, ისე როგორც ნებისმერი სხვა რელიგია, თავის თავში სამ კომპონენტს მოიცავს: მოძღვრებას, კანონმდებლობასა და პრაქტიკას ანუ, სხვა სიტყვებით, ღვთისმეტყველებას, კანონების კოდექსსა და ღვთისმსახურებას. სამივე კომპონენტი ეფუძნება ძველ აღთქმას, რომელსაც ებრაულად ეწოდება თანახი. თანახიც სამ ნაწილად იყოფა. ესენია: თორა ანუ მოსეს ხუთწიგნეული, ნაბიიმ ანუ წინასწარმეტყველებანი და ქეთუბიმ ანუ წერილები. მათ ვერდით დგას თალმუდი, რომელიც არის თანახის, ძირითადად კი თორის, განმარტებები, თუმცა იქ სხვა მასალაცაა წარმოდგენილი, კერძოდ ის, რასაც ქრისტიანულ ტრადიციაში საღვთო გადმოცემას უწოდებენ. ასე რომ, ეს ორი წიგნი: თორა (ზოგადად, თანახი) და თალმუდი არის იუდაიზმის წერილობითი წყარო, - რჯულმოძღვრების საფუძველი. იუდაიზმი არის უძველესი მონოთეისტური რელიგია, რომელიც ეფუძნება რწმენას ისრაელიანთა ღმერთის ერთადერთობის, ერთსახოვნებისა და ერთგვამოვნების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ ამ ერის შვილებმა, ისრაელიანებმა, არაერთგზის გადაუხვიეს ღვთის გზას, ღმერთი არაერთგზის გამოეცხადა მათ; გააცნო მათ თავისი თავი და გააგებინა თავისი ნება. უდიდესი და უმაღლესი გამოცხადება მოხდა სინას მთაზე, როდესაც ღმერთი ცეცხლმოდებულ, მაგრამ შეუწველი მაყვლის ბუჩქში ეჩვენა მოსეს (გამ. 3) და უთხრა: „მე ვარ იაჰვე“ ანუ, თარგმანებით, „მე ვარ, რომელი ვარ“. ესაა მონოთეისტური ღვთისმეტყველების საფუძველთა საფუძველიც და მწვერვალიც. ამ სიტყვებით ცნობილი გახდა შემდეგი: ცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთი არის დაუსაბამო და თვითარსი, ე. ი. როგორც თავისი თავის, ისე ნებისმიერი არსებისა და არსებობის, ყოველივე არსებულის მაარსებელი. ამ ღმერთმა, ცოცხალმა და შემოქმედმა ღმერთმა, გამოიყვანა ისრაელიანთა მოდგმა მონობის ქვეყნიდან, ეგვიპტიდან. მან განაახლა აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან დადებული აღთქმა (ებრ. ბერით) და დაპირდა მამამთავართა ამ მოდგმას, რომ ეს მოდგმა, ისრაელი, იქნება დახსნილი და გადარჩენილი. ღმერთმა, იაჰვემ, ამ მოდგმას მისცა რჯული, ე.ი. კანონი და მცნებანი; მიიყვანა იგი აღთქმული ქვეყნის სანახებში (ქანაანში, პალესტინაში) და დაასახლა იქ. ასე შეიქმნა ერთი ღმერთის, იაჰვეს, მოწამე ერი, - რელიგიური და მონოკონფესიური ერი. იმის გამო, რომ რჩეულმა ერმა - ისრაელმა - არაერთგზის დაარღვია რჯული და გადაუხვია ჭეშმარიტებისაგან, ღმერთმა დასაჯა ის. სასჯელი იმაში გამოიხატა, რომ იუდეველების სამეფო წარმართებმა დაიპყრეს და ებრაელმა ერმა მონობისა და კირთების ქვეშ ამოყო თავი; სიწმინდეთა შორის უდიდესი სიწმინდე - რჯულის კიდობანი რჯულის ფიცრებით - დაიკარგა; ტაძარი, რომელშიც ეს კიდობანი ინახებოდა, დაიქცა, ხოლო მისი მოსავი ერი დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, გაიფანტა და დედაქალაქში, იერუსალიმში, შესვლის უფლება აღარ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ღმერთმა არ გააუქმა დადებული აღთქმა და ამ აღთქმის იდეალი არის მესია, რომელიც ცხებულად ითარგმნება. იუდეველებს სწამთ, რომ მესია ჯერ არ მოსულა, მაგრამ შემოქმედი ღმერთი მას უსათუოდ გამოგზავნის წუთისოფელში; ის მოვა იერუსალიმში, რათა ისრაელი დაიხსნას და გადაარჩინოს. გავიხსენოთ კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი: ებრაელების აჯანყება რომაელების წინააღმდეგ ახ. წ. 69-70 წლებში, იმპერატორ იულიუს ვესპასიანეს დროს. ეს აჯანყება სისხლში იქნა ჩახშობილი მხედართმთავარ ტიტუსის (ქართულად ტიტეს) მიერ იმის მიუხედავად, რომ ისრაელმა შეუპოვრობისა და თავგანწირვის იშვიათი მაგალითი აჩვენა. სოლომონის ტაძარი პირისაგან მიწისა აღიგავა და უსასტიკესი ანგარიშსწორება დაიწყო. ეს ამბავი ცნობილია სხვადასხვა წერილობითი ძეგლით, განსაკუთრებით კი წიგნით, რომლის ძველ ქართულ თარგმანს ეწოდება „იერუსალიმის წარტყვევნა“. იქ ნათქვამია, რომ აღსრულდა წინასწარმეტყველება და განკითხვის ჟამიც დადგა: დიდი და მძლეთა მძლე იერუსალიმისაგან ქვა ქვაზე აღარ დარჩა გოდების კედელთა გარდა. ხალხმა დაკარგა ყველაფერი, რაც საუკუნეთა მანძილზე წვითა და დაგვით ჰქონდა შეძენილი. გადარჩა მხოლოდ ბიბლია და ამ წიგნის დედააზრი: იმედი, რომ უსათუოდ მოვა მესია. იუდეველებს, სამშობლოდან გარეკილებს, განდევნილებსა და სხვათა მიწაზე ლტოლვილებაში მყოფებს, ეს წიგნი და ეს იმედი ასულდგმულებდა. მათ სწამდათ და სწამთ, რომ დღეს თუ არა ხვალ გამოჩნდება მესია. ის იქნება იესეს, ებრაულად იშაის, შთამომავალი - ბენ იშაი, რომელიც აღადგენს როგორც სოლომონის ტაძარს, ისე ისრაელის სამეფოს და მის ძველ დიდებას. იგი დაამყარებს ხელისუფლბას, რომლის დროსაც და რომლის პირობებშიც აღთქმის შვილები აღთქმულ მიწას დაუბრუნდებიან. ისრაელიანები ოქროს საუკუნეს განაახლებენ, მაგრამ არავინ იცის, როდის მოხდება ეს. ტაძრისა და სამშობლოს დაკარგვის შემდეგ, დევნილობაში, ებრაელთა რელიგიური ცხოვრება უმთავრესად, სავალდებულო რიტუალებთან ერთად, სინაგოგებში (შესაკრებლებში) სიარულით და საღვთო წიგნების კითხვით შემოიფარგლებოდა. ამ წიგნებიდან და რჯულის მოძღვრებისაგან (რაბინებისა და ხახამებისაგან) მათ ყოველდღიურად ესმოდათ: მთავარია, არ დაიკარგოს იმედი და რწმენის სიმტკიცე მრავალფერ გაჭირვებასა და დამცირებაშიც კი! გაჭირვებანი და დამცირებანი არასდროს არ იყო უცხო ებრაელთა დიასპორების ისტორიიისათვის. ადვილი არ იყო იმ მორალური თუ ფიზიკური ტანჯვების ატანა, რაც არაერთგზის იჩენდა თავს სხვადასხვა მონაკვეთსა და გარემოში, მეტადრე კი შუასაუკუნოებრივ ყიამეთში, როდესაც პიროვნების ღირსებას არავინ იცავდა და სინდისის ხელშეუხებლობის კულტურა მხოლოდ ჩანასახში არსებობდა. „რატომ არ მოდის ბენ იშაი?“ - მოსთქვამდა ესპანეთის გალუთში (გადასახლებასა და ლტოლვილებაში) მყოფი ებრაელი პოეტი XI საუკუნისა. პასუხს სინაგოგაში ისმენდა: ბენ იშაი (მესია) უსათუოდ მოვა, შენი სარწმუნოებრივი, ეროვნული და პოლიტიკური იდეალების აღსრულებისათვის მოვა! შენ ყოველთვის მზად უნდა იყო. ის მალე მოვა! მოვიდა ახალი ეპოქა და ცივილიზებულ სამყაროში ახალი ღირებულებები გამოიკვეთა. შუასაუკუნეები და ებრაელთა დევნა ასე თუ ისე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ იუდეველთა შორის მესიის მოლოდინი ისეთივე ციცხალი და ცხოველმყოფელია, როგორიც ადრე იყო. დღეს ისრაელიანები უფალ ღმერთს ყოვლადდასაწველსა და ყოვლადაღსავლენ მსხვერპლს ვეღარ სწირავენ, რადგან ასეთი მსხვერპლი მხოლოდ და მხოლოდ ტაძარში უნდა შეიწიროს, ტაძარი კი აღარ არსებობს (მისი აღდგენა მხოლოდ მესიას ხელეწიფება). ტაძრისა და სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ადგილი იუდეველთა სინაგოგებში (საკრებულოებსა და სალოცავ სახლებში) რაბინულმა ღვთისმსახურებამ დაიკავა. ამ მსახურების ცენტრალურ ნაწილად კვლავ მესიის იმედი და მოლოდინი რჩება. აი, სიტყვები, რომლებიც სინაგოგაში ყოველ შაბათს მგალობელთა გუნდის მიერ შემოქმედი და გამჩენი ღმერთის მიმართ აღევლინება: „იდიდოს და იწმიდოს მისმა დიდმა სახელმა სამყაროში, რომელიც შეიქმნა მისი ნებით. გაამეფოს თავისი მეფობა და აღმოაცენოს თავისი ხსნა, მოაახლოოს თავისი ცხებული თქვენს სიცოცხლეში, თქვენს დღეებში, მთელი ისრაელის სახლის სიცოცხლეში, დაუყოვნებლივ, უახლოეს ჟამს. წარმოთქვით: ამინ!“. უსამშობლოდ და უმიწაწყლოდ დარჩენილი ებრაელები არსად, არც ერთ ქვეყანაში, ხელცარიელი არ მისულან; მათ ყველგან მიიტანეს ბიბლია (ძველი აღთქმა, თანახი) და, მაშასადამე, მონოთეიზმის იდეა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. ძველი ქართული წერილობითი ტრადიციის თანახმად, ებრაელების პირველი ნაკადი კავკასიაში ძვ. წ. 586 წლის ტრაგედიის შემდეგ მოვიდა. ლაპარაკია ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებასა და ქვეყნის დამონებაზე. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბაბილონში გადაასახლეს, ნაწილი მიწების დასამუშავებლად და კოლონიზატორთა ხელზე მოსამსახურეებად დატოვეს, ნაწილმა კი გაქცევით უშველა თავს და სხვადასხვა ხალხს შეეხიზნა. ერთ-ერთი ასეთი ქარავანი მცხეთის კარიბჭეს მოადგა, წარდგა ქალაქის მამასახლისისა და მხარის განმგებლის წინაშე, ერთგულების აღთქმა დადო და თავშესაფარი ითხოვა. თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა, რის გამოც ქართლის სანახებში ებრაელთა საკმაოდ ღონიერი ახალშენები აღმოცენდა. მსგავს შემოსახლებებს შემდეგშიც ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით ახ.წ. 70 წლის ახლო ხანს, იუდეველთა აჯანყების სისხლში ჩახშობის, იერუსალიმის გადაწვისა და სოლომონის ტაძრიის ნაცარტუტად ქცევის შემდეგ. ებრაელები, როგორც წესი, ქალაქური ტიპის დასახლებებს უყრიდნენ საფუძველს და ქალაქებს აარსებდნენ. ასე ხდებოდა საქართველოშიც. ებრაელები აქ ვაჭრობდნენ, მოგზაურობდნენ, გაჰქონდათ, რაც გსატანი იყო, და შემოჰქონდათ, რაც შემოსატანი იყო. ამ გზით საგარეო პოლიტიკა ვითარდებოდა და ადგილობრივი კულტურა მრავალფეროვანი ხდებოდა. როგორც ქართული, ისე სხვაენობანი ისტორიული წყაროები გვარწმუნებს, რომ ქართველ ებრაელებს ძირძველ სამშობლოსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ თანამემამულეენთან მუდმივი და ინტენსიური კავშირები ჰქონდათ. ალბათ ესეც იყო იმის მიზეზი, რომ მათ რელიგიური, ეთნიური და კულტურული თვითთავადობა სრულყოფილად შეინარჩუნეს. და არა მარტო შეინარჩუნეს, არამედ საკუთარი მეობა გაამდიდრეს კიდეც ადგილობრივი ტრადიციებისა და ღირებულებების კარგად გაცნობით. ამასთანავე გვმართებს, მკაფიოდ ვილაპარაკოთ იმ წვლილსა და დამსახურებაზე, რომელიც ებრაელებს მიუძღვით საქართველოს წინაშე როგორც საყოფაცხოვრებო, ისე რელიგიის სფეროში. „მოქცევაი ქართლისაში“ ხაზგასმულია იერუსალიმისა დაებრაელთა განსაკუთრებული როლი საქართველოში მონოთეიზმის იდეის გავრცელებისა და საქართველოს გაქრისტიანების საქმეში. „მოქცევაÁ ქართლისაის“ მიდედვით, მცხეთელი ებრაელი ქალი სიდონია ქართული ეკლესიის პირველი წმინდანია, ხოლო ქარველი ებრაელი ელიოზ მცხეთელი - ქრისტეს კვართის ჩამომტანი საქართველოში. „მოქცევაი ქართლისაი“-ს შინაარსიდან ისიც ჩანს, თუ რაოდენ იყვნენ ქართველი ებრაელები ინტეგრირებული, ადაპტირებული და გაშინაურებული ადგილობრივ სინამდვილესთან; რამდენად სტუმართმოყვარეები იყვნენ ისინი და რაოდენ განვითარებული იყო მათ შორის მორწმუნეობისა და ტოლერანტობის კულტურა. გავიხსენოთ: წმინდა ნინომ პირველად ჰურიათა ბაგინს (სინაგოგას) მიაშურა ურბნისში და იქ შესახლდა. ირკვევა, რომ იმ დროს (IV ს-ის პირველ ნახევარში) ქართლის ებრაელობა მშობლიურ არამეულადაც ლაპარაკობდა და ქართულადაც. ბაგინის მკვიდრნი (და, ცხადია, შემოგარენის ებრაელები) ისე ღრმად ერკვეოდნენ ქართლის რეალიებში, რომ აქ ერის განმანათლებლდ მოვლენილი უცხოელი, როგორც თვითონ ამბობს, მათგან ქართულს სწავლობდა და „განიცდიდა ძალსა ამის ქვეყნისასა“. სხვანაირად რომ ვთქვათ, მისიონერი ქალი იქ, ბაგინში, გასაქრისტიანებელი სალხის ენასაც ეუფლებოდა და მათ ბუნებას, ხასიათებსა და ზნე-ჩვეულებებსაც უღებდა ალღოს. ასეთი თანაცხოვრება და თანამოსაგრეობა განა მორწმუნეობის უმაღლესი კულტურის გამოვლენა არ არის როგორც მასპინძლების (ურბნისელი ებრაელების), ისე სტუმრის (ტყვე ქალად წოდებული ნინოს, საქართველოს განმანათლებლის) მხრიდან?! ეჭვი არ არის, რომ ქართველ ქრისტიანთა და ებრაელთა (იუდაიზმის ერთგულთა) კეთილმეზობლობა და მეგობრობა ქართლის მოქცევის შემდეგაც გაგრძელდა, რაც ბუნებრივია. შეუძლებელია, ქართველი ქრისტიანები გულგრილი დარჩენილიყვნენ იმ ღვაწლის მიმართ, რაც ებრაელებმა მათ ისტორიასა და მეხსიერებაში აღბეჭდეს. სწორედ ეს ისტორია და კოლექტიური მეხსიერება უნდა იყოს იმის მიზეზი (როგორც ამას საქართველოს საეკლესიო წარსულის უბადლო მცოდნე აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე აღნიშნავს), რომ ძველ ქართულ სასულიერო-პოლემიკურ ლიტერატურაში, ერთობ მდიდარსა და მრავალფეროვანში, ანტიებრაული შინაარსის ორიგინალური თხზულებები არ იძებნება. ყოველივე ამის შემდეგ უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ შუასაუკუნეების ქართულ საისტორიო თუ არასაისტორიო შინაარსის მწერლობაში („ქართლის ცხოვრებასა“ და სხვა თხზულებებში) საქართველოში მცხოვრები და ამ ქვეყნის მოქალაქე ებრაელების შესახებ თითქმის არაფერი არ არის ნათქვამი. ქართული კულტურისა და სახელმწიფოს ისტორია შუა საუკუნეებისა არ იცნობს არც ერთ ებრაელ ხელოვანს, არც ერთ პოლიტიკოსს და, წარმოდგინეთ, ვაჭარსაც კი. არადა ყველაფრიდან ჩანს, რომ საქართველოს ებრაული დიასპორა საკმაოდ მძლავრი იყო როგორც რიცხოვნების, ისე განფენილობის თვალსაზრისით. მეცნიერების ყველა დარგი: დემოგრაფიის ისტორია, ტოპონიმიკა, ონომასტიკა, არქეოლოგია, ეთნოგრაფია და ასე შემდეგ გვარწმუნებს, რომ საქართველოს ებრაელობა ყოველთვის აქტიურ და ქმედუნარიან ძალას წარმოადგენდა. რად ღირს, თუნდაც, ებრაულ ენაზე შესრულებული ანტიკური პერიოდის ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში არის ნაპოვნი და ქართველი ებრაელების ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე მიგვანიშნებს. ძველი, მეტწილად უცხოენოვანი, ლიტერატურული ძეგლები საკმარის მასალას შეიცავს საქართველოს ებრაული თემის თავგადასავლის, მასთან დაკავშირებული სოციალური, პოლიტიკური, ეთნოგრაფიული და რელიგიური საკითხების შესასწავლად. ეს მასალა სპეციალურ ლიტერატურაში კარგადაა ცნობილი და გათვალისწინებული. გამოქვეყნებულია სამეცნიერო და პოპულარული შრომები ქართულ და უცხოურ ენებზე; შექმნილია მიმოხილვები (კომპენდიუმები), რომელთაგან ორი შესულია ტოლერანტობის ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულებში: „რელიგიები საქართველოში“ და „ეთნოსები საქართველოში“ (თბილისი, 2008). მეორე კრებულში წარმოდგენილია მოცემულ საკითხზე არსებული ლიტერატურის სია (გვ. 298), რომელიც დაინტერესებულ მკითხველებს თემის ფართო პროფილით გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს. ამ შემთხვევაში შევეცდებით, ზოგიერთ ისეთ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება, რაც ჩვენი მკითხველებისათვის შესაძლებელია სიახლე იყოს და მათ ცოდნის გაფართოების სურვილიც გაუჩინოს. სოლომონის ტაძრის მეორედ დაქცევის (70 წ.) შემდეგ, როდესაც ებრაელთა რბევა-აწიოკებამ არნახული ფორმა მიიღო, რომის იმპერიის დიდ ნაწილში ებრაელთა აჯანყებამ იფეთქა. იგი შეფასებულია „ებრაელთა საყოველთაო აჯანყებად რომაელთა ბატონობის წინააღმდეგ“. აჯანყების იდეური ხელმძღვანელი გახლდათ რაბი აკიბა, ხოლო წინამძღვარი _ სახელგანთქმული მეომარი შიმონ ბარ კოხბა. აჯანყება 132 წლიდან 135 წლამდე მიმდინარეობდა და გარკვეული წარმატებებიც იქნა მიღწეული (აჯანყებულებმა რამდენიმე პუნქტში დაამყარეს კონტროლი და მოჭრეს მონეტები), მაგრამ რიცხვმრავალმა ძალამ მაინც თავისი გაიტანა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ბრძოლებში გაწყდა, ნაწილი კი იმპერიის საზღვრებს გარეთ გაიქცა. ლტოლვილთა ერთი ნაკადი საქართველოშიც შემოვიდა (ეს, ალბათ, საქართველოში შემოსულ ებრაელთა მესამე დიდი ტალღა იყო). წინამდებარე თემის ფარგლებში ჩვენს ინტერესს აღძრავს გადმოცემა, რომლის თანახმად რაბი აკიბამ, როდესაც ამბოხებისათვის თადარიგს იჭერდა, საქართველოშიც იმოგზაურა, თანამემამულეებს საბრძოლო-პატრიოტული მოწოდებით მიმართა და, სავარაუდოდ, შეწირულებაც შეაგროვა. ეს პიროვნება ჩვენთვის, ქართული კულტურის წარმომადგენლებისათვის, სხვა მხრივაც არის საყურადღებო. ცნობილია მისი სასულიერო და ლიტერატურული მოღვაწეობა, დამშვენებული მისი დიდი პიროვნული ავტორიტეტით. მისი საღვთისმეტყველო და ბიბლიოლოგიური მემკვიდრეობის ყველაზე არსებითი ნაწილი არის დოგმატური კანონი სადავოდ ქცეულ ბიბლიურ წიგნებზე, მათ შორის წიგნზე „ქებათა ქება“, რომლის ავტორობა მეფე სოლომონს, ბრძენს, მიეწერება. ეს წიგნი შეიცავს სატრფიალო-სამიჯნურო სცენებს და ქალ-ვაჟის ურთიერთობის ინტიმურ მხარეებს. ამის გამო როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთა წრეებში დაისვა კითხვა: გამართლებულია კი ასეთი წიგნის საღმრთო წიგნების კრებულში, ბიბლიაში, შეტანა?! ბევრი, ვინც ზედაპირზე გამოტანილი სცენების მიღმა ვერ იხედებოდა და ალეგორიას ვერ ამჩნევდა, ფიქრობდა, „ქებათა ქების“ საღვთო წერილის წიგნად მოხსენიება შეუძლებელი და გაუმართლებელიაო. და, აი, ვხედავთ, რომ კამათში ჩაება ხსენებული რაბინი, რაბი აკიბა. ისტორიამ შემოინახა მისი სიტყვები: ,,მთელი სამყარო არ ღირს იმ დღედ, როცა ქებათა ქება მიეცა ისრაელს, რადგან: მთელი წერილი ხომ წმიდაა, ქებათა ქება კი წმიდათა წმიდაა", და კიდევ: ,,ის, ვინც ქებათა ქებას იმღერებს ქეიფსა და დროსტარებაში და ჩათვლის მას საერო სიმღერად, ვერ დაიდებს წილს ცათა სასუფეველში" (პროფ. ზურაბ კიკნაძის თარგმანი). ასე გადაურჩა აღნიშნული წიგნი ბიბლიური კანონიდან ამოღებას. როდესაც ბიბლიური წიგნების ქარულ თარგმანთა ისტორიას ვეცნობით, ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება: განათლებულ ქართველებს ძველი აღთქმის არც ერთი წიგნი არ შეუსწავლიათ ისე ღრმად და ისე არ დაუმუშავებიათ, როგორც „ქებათა ქება“. ამ წიგნმა არა ერთსა და ორ კალმოსანს, მხატვარსა თუ მისტიკოსს მიაწოდა საღვთისმეტყველო თემატიკა და რელიგიური აღმაფრენა შესძინა (დაინტერესებულ მკითხველს შევახსენებ ჩემს გამოკვლევას «აკაკის „სულიკო“ და სოლომონის „ქებათა ქება“». კრებული: ვაჟა-ფშაველა 150, თბილისი, 2011, გვ. 122-130). აშკარაა, რომ ამ წიგნის მისტიურ წიგნად გააზრების კულტურა IV-V სს-ის საქართველოში ბიბლიური წიგნების პირველმთარგმნელებს კარგად ჰქონდათ გააზრებული. არაფერი გვიშლის ხელს ვიფიქროთ, რომ ეს არის დიდი ებრაელი მოღვაწისა და მოაზროვნის, რაბი აკიბას, საქართველოში ყოფნისა და სამოძღვრო-სასულიერო მოღვაწეობის შედეგი. ბუნებრივია, რომ ის თანამემამულეებსა და თანამორწმუნეებს განუმარტავდა, სხვა პრობლემატურ საკითხებთან ერთად, „ქებათა ქების“ ჭეშმარიტ აზრს და აქ, საქართველოში, ამგვარი ლიტერატურის ალეგორიულად აღქმის ტრადიციას დაუდებდა სათავეს. საქართველოს ისტორია ქრისტიანებისა და იუდეველების თანაცხოვრების იშვიათ, თითქმის უნიკალურ, მაგალითებს იცნობს. იყო დრო (არც თუ იშვიათად), როდესაც ამ აღმსარებლობათა წარმომადგენლები ერთსა და იმავე სალოცავს ემსახურებოდნენ და საღვთოდ შერაცხილი საგნების თაყვანისცემის წესებს ერთმანეთისაგან სწავლობდნენ. მსგავს ფაქტებს რაჭისა და ლეჩხუმის ქართულ-ებრაულ დასახლებებში ვადასტურებთ. ამ მხარეში, კერძოდ ონში, დღემდე არის შემონახული წმინდა წიგნების პატივისცემის საგანგებო წესი. როდესაც რომელიმე საღვთისმსახურო წიგნი, განსაკუთრებით სეფეთორა (ე. ი. სამეუფო თორა, რომელიც, როგორც წესი, პერგამენტზე ანუ ეტრატზე არის დაწერილი და გრაგნილით წარმოფგენილი), იმდენად დაძველდება და პრაქტიკის გამო ისე შეილახება, რომ მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, მორწმუნეები მას ჯერ გენიზაში (საპატიო საცავში, შეიძლება ითქვას, _ მორგში) შეაბრძანებენ და იქ გარკვეულ ხანს ამყოფებენ, შემდეგ კი კუბოში ჩაასვენებენ, პროცესიით და გლოვით (ტიტილითა და მოთქმით) სასაფლაოზე გადაასვენებენ, დაკრძალავენ და ქელეხს გადაიხდიან. ასეთი ბედი ელოდა მსოფლიო მნიშვნელობის ხელნაწერს, ებრაულ მანუსკრიპტთა შორის ერთ-ერთ უძველესს _ ლაილაშის თორას. იგი ებრაულ-ქართულ დაბაში, ლაილაშში, ინახებოდა. იქაური ქრისტიანები დღესაც ლაპარაკობენ, რაოდენ მტკიცედ იცავდნენ მათი თანასოფლელი ებრაელები მამა-პაპათა დადგენილებებსა და ადათებს. ამ ადათ-წესების თანახმად, ადგილობრივი სინაგოგის მსახურებს აღნიშნული ხელნაწერიც უნდა გამოეტირათ და დაემარხათ, მაგრამ ამ წიგნს უკვე შეძენილი ჰქონდა დამატებითი საკრალური ფუნქცია. როგორც ებრაელები, ისე მათი მეზობელი ქრისტიანები ლაილაშის თორას ანგელოზების მიერ მოტანილ სიწმინდედ მიიჩნევდნენ და მას სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. საზოგადო გაჭირვებისა თუ უბედურების ჟამს ქრისტიანები და იუდეველები შეიკრიბებოდნენ, სინაგოგიდან თორის ამ იშვიათ ხელნაწერს გამოასვენებდნენ, მის წინაშე ისინი, ორივე კონფესიის მორწმუნეები, მუხლს ერთად მოიდრეკდნენ და ღმერთს შემწეობას შესთხოვდნენ. აი, ასეთი საერთო-სახალხო თანალოცვის მოთხოვნილებამ გადაარჩინა დამარხვას ეს წერილობითი ძეგლი (დაცულია კ. კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). სიძველეთა დიდი მოამაგის, ექვთიმე თაყაიშვილის, ერთ ცნობაზე დაყრდნობით შესაძლებელი ხდება იმის გარკვევა და დადგენა, რომ საკრალური საგნების პატივისცემის მითითებული წესი ლაილაშის მეზობელი სოფლის, ლაბეჭინის, ქრისტიანებმაც შეითვისეს (ამ თემას ვრცლად ვიხილავთ სტატიაში, რომელიც შესულია კრებულში ,,მუშაკი სულიერისა ვენახისაÁ. მიხეილ ქავთარია _ 80“). ეს არის ერთი მაგალითი მაგალითთა იმ ჩამონათვალში, რომელსაც ქართული ეთნოგრაფია და ფოლკლორისტიკა გვთავაზობს. თემა, რაზეც ვსაუბრობთ, ამოუწურავია. მართალია, ჩვენი ისტორია უსიამო და გასახსენებლად არასასურველ ექსცესებსა და მოვლენებსაც იცნობს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ებრაელთა და ქართველთა თანაცხოვრების ისტორია სავსეა სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებათა დიალოგის საამო და სასურველი ფურცლებით. საუკუნეთა მანძილზე დიდი და ძლიერი საქართველოს ებრაელთა თემი ცნობილი რეპატრიაციის გამო რიცხობრივად დღეს ძალიან შემცირებულია, მაგრამ ჯერ კიდევ მოიძებნებიან მოხუცები, რომლებიც მსგავსი ფურცლების მომსწრე და მონაწილეები არიან. მათთან მისვლა, მათი ნაამბობის აღნუსხვა, ჯეროვნად შეფასება და დაფასება ჩვენი თაობის საპატიო მოვალეობად მესახება.
  14. ქრისტეს ეკლესიის აკვანი, იერუსალიმისა და ანტიოქიის შემდეგ, რომში დაირწა. შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ახალი ერი _ ეკლესია, რომელიც არის წუთისოფელში ჭეშმარიტების სვეტი და სინათლე (1 ტიმ. 3:15), იერუსალიმში დაიბადა, ანტიოქიაში ფეხი აიდგა, ხოლო რომში ცოდნითა და გამოცდილებით განმტკიცდა. ეკლესიის წევრები და ჯგუფები ერთმანეთს ხშირად არა მხოლოდ ღვთისმეტყველების, არამედ წეს-ჩვეულებათა სხვადასხვაობის საფუძველზედაც უპირისპირდებიან. ასეთი განსხვავებები მეტწილად ადგილმდებარეობით გაყოფილ ეკლესიებს შორის იჩენს თავს, რის გამოც ზოგჯერ ეკლესიათა ურთიერთობა მწვავდება. ასე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს რომისა და აღმოსავლეთის ეკლესიები ჯერ კიდევ II-IV საუკუნეებში შობისა და აღდგომის კალენდართან დაკავშირებით (პაპუაშვილი 2002: 77-81). პაპი ბიქტორი, მაგალითად, 190 წელს ეკლესიისაგან განკვეთით დაემუქრა იმ მცირეაზიელ ეპისკოპოსებს, რომლებიც აღდგომას ებრაელთა პასექის თანადროულად დღესასწაულობდნენ. მსგავს პრობლემებს მოგვიანებით უფრო სერიოზული პრობლემებიც დაერთო. IV-VIII სს-ში აღმოსავლეთის ეკლესიებში არაერთი ერეტიკული მიმდინარეობა აღმოცენდა, რომლებმაც უმაღლეს საეკლესიო იერარქიებშიც შეაღწიეს. ამ დროს კი რომის საყდარი მართლმადიდებლურ პოზიციაზე (ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსზე) მყარად იდგა, რის გამოც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის დროდადრო ლოცვითი თანაზიარება (ევქარისტიული კავშირი) ფერხდებოდა, მაგრამ განახლდებოდა, როგორც კი აღმოსავლეთის საპატრიარქოებში ვითარება მართლმადიდებლობის სასარგებლოდ იცვლებოდა. ურთიერთობა IX-XI სს-ში უკიდურესად დაიძაბა. მთავარ მიზეზად ასახელებენ ბერძნულ ნაციონალიზმსა და რომაულ მთავრობისმოყვარეობას. ერთ მხარეს დგანან კონსტანტინოპოლის პატრიარქები ფოტიოსი და კერულარიოსი, მეორე მხარეს კი _ პაპიები ნიკოლოზი და ლეონი. დავა რამდენიმე საგანზე მიმდინარეობდა: რომელი ეკლესიის კანონიკურ სივრცეში უნდა შესულიყო ბულგარეთის ახლადმოქცეული სამთავრო? ვის სამწყსოდ უნდა გამოცხადებულიყო იტალიის ბერძნულენოვანი პროვინციები? არის თუ არა მრწამსის მე-8 წევრის დამატება ფილიოკვე ("ძისაგანაც") ცდომილება? როგორი წირვაა მართებული _ უფუარი პურით და ზედაშეთი თუ საფუარიანი პურით და წყალგარეული ღვინით? უნდა გაიპარსოს თუ არა მღვდელმა წვერი და შეიკრიჭოს თუ არა თმა? მირონში უნდა გავურიოთ თუ არა წყალი? ეპისკოპოსს თითზე ბეჭედი უნდა ეკეთოს თუ არა? და ა.შ. უთანხმოების მთავარი საგანი საეკლესიო პოლიტიკის სფეროს განეკუთვნებოდა: რომელ ეპისკოპოსს ეკუთვნის პირველობა _ რომისას თუ კონსტანტინოპოლისას? ამ ქალაქების ეპისკოპოსებმა ერთმანეთი 1054 წლის 16-20 ივლისს შეაჩვენეს. ესაა დიდი სქიზმა, _ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა გაყოფის დღე. პირველს ისტორიამ დაუმკვიდრა სახელწოდება მართლმადიდებელი, მეორეს _ კათოლიკე ანუ კათოლიკური (საყოველთაო). მართალია, პაპმა და პატრიარქმა ერთმანეთი შეაჩვენეს და არა ეკლესიები, მაგრამ მათი იურისდიქციის ქვეშ მყოფმა სასულიერო და საერო პირებმა ეს შეჩვენებები ეკლესიათა ურთიერთშეჩვენებად გაიაზრეს და ერთმანეთთან ლოცვითი კავშირი თანდათან გაწყვიტეს. ჯვაროსნულმა ომებმა (1096-1270) და ჯვაროსნების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ (1204 წ.) ეს პროცესი გააღრმავა, რის გამოც ბერძნულ და ლათინურენოვან ქრისტიანებს შორის მტრობამ და სიძულვილმა დაისადგურა. ამ ვითარების კატასტროფული შედეგები, რაც იმდროინდელმა პოლიტიკურმა კლიმატმა (ევროპაში თურქეთის იმპერიის ტრიუმფმა) გაამძაფრა, ბევრმა ქრისტიანმა მოღვაწემ გააცნობიერა როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. დაიწყო ზრუნვა დიალოგისა და შერიგებისათვის; შედგა საეკლესიო კრება ფლორენციასა და ფერარაში (1438-1439), რომელზედაც მიღწეულ იქნა შეთანხმება _ უნია (ფლორენცია-ფერარას აქტი). უნია გულისხმობს, ერთი მხრივ, რომის ეკლესიის ძირითადი დოგმატების აღიარებას (პაპის უფროსობას და წმ. სულის ძისაგანაც გამომავალობას) და, მეორე მხრივ, აღმოსავლური საეკლესიო ტიბიკონის შენარჩუნებას. იმის მიუხედავად, რომ ამ დოკუმენტს მართლმადიდებელი ეკლესიების მესვეურებმაც მოაწერეს ხელი (მარკოზ ეფესელისა და რამდენიმე სხვა პიროვნების გამოკლებით), ეკლესიათა ერთიანობა არ აღდგა. პირიქით: ბერძნული ეკლესიების დიდ ნაწილში ანტიუნიატური და, მაშასადამე, ანტიკათოლიკური აჯანყება დაიწყო. კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძრებს, რადგან იქ წირვის დროს პაპის სახელი წარმოითქმოდა, მორწმუნეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბერების, ხუცებისა და მათი სულიერი შვილების დიდი არმია შეთანხმების უარყოფას მოითხოვდა და მასებს ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ მოუწოდებდა. და ეს მაშინ, როდესაც მათი სამშობლოს, ბიზანტიის, ბედი ბეწვზე ეკიდა. ისტერია ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელზეც გავრცელდა და მათგან ერთ-ერთმა მინისტრმა, ლუკა ნოტარისმა, პაპის მოციქულს, კარდინალ ისიდორეს, პირში მიახალა: "ჯობია სულთანის ჩალმას დავემორჩილოთ, ვიდრე პაპის ტიარას!" მაშინდელი ბერ-მონაზვნები ავრცელებდნენ ხმებს და ხალხს აჯერებდნენ, რომ კონსტანტინეს ქალაქს ანგელოზები იცავენ, რის გამოც პაპისა და კათოლიკური ქვეყნების დახმარება მას არ სჭირდება; საგანგებო წამს, როდესაც მტერი კონსტანტინოპოლის კარიბჭეს მოადგება, ზეციური მხედრობა გამოჩნდება და ვაი მას, ვინც კურთხეულ ზღურბლს ავი ზრახვით გადმოაბიჯებს; ანგელოზები საღვთო მახვილს შეაგებებენ მოძალადის ორლესულ ხმალსო. მხოლოდ სწორუპოვარი აიასოფიის კარის შელეწვამ (1453 წლის 29 მაისს, განთიადზე) და მეყსეულად ამდინარებულმა სისხლმა აუხილა მათ თვალი და დაანახა უგუნურების, ფანატიზმის, ცრუმორწმუნეობისა და ზიზღის ნაყოფი: ქალაქთა მზის _ კონსტანტინოპოლის _ მიწასთან გასწორება. ამ დროს განრისხებული პაპიც ნიშნის მოგებით წარმოთქვამდა: "ჯობია კონსტანტინოპოლი თურქებმა დაიპყრონ, ვიდრე მწვალებლებმა!" ეკლესიის ბევრი ისტორიკოსი დღეს გაკვირვებას ვერ ფარავს, როდესაც დიდი სქიზმის დოკუმენტებს ეცნობა. მთავარ მიზეზად ისინი სიყვარულის ნაკლებობას ასახელებენ. მაღალი ავტორიტეტის მქონე რუსი ღვთისმეტყველი ანტონ კარტაშევი ადანაშაულებს როგორც რომის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიათა წარმომადგენლებს. იგი ამბიბს: "ისინი თავად არიან დამნაშავენი ამ დაყოფებშიც და ამ დაყოფებით ტკბობაშიც. არ აღმოჩნდა საკმარისი ქრისტიანული სიყვარული; ადამიანურმა ვნებებმა გადაწონეს და, აი, ეკლესია გაიყო. თავად გაყოფის ფაქტი ადასტურებს ეკლესიათა შეცოდებებს მათივე ადამიანური ბუნების გამო... აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაწყებული უხეში საარტილერიო ბრძოლა, ანათემების ჭურვები და ერთმანეთის გამანადგურებელი, ვითომცდა მსოფლიო კრებები, მორწმუნე ისტორიკოსზე შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს, ურწმუნოთათვის კი შესანიშნავ მასალას იძლევა" (კარტაშევი 2000: 33, 36). წინააღმდეგობა კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ყოველთვის და ყველგან ერთნაირი არ იყო. ზოგიერთ ეპოქასა და საზოგადოებას მეტი სიმძაფრე ახასიათებდა, ზოგსაც _ ნაკლები. მართლმადიდებელთა ნაწილი წარსულში და დღესაც რომის ეკლესიას არა ავადმყოფად, არამედ მკვდრად მიიჩნევს და მასთან სარწმუნოებრივ დიალოგს გამორიცხავს; ამბობს, ეს ეკლესია ეკლესია აღარააო. ნაწილი კი მას სქიზმაში მყოფ ეკლესიად აღიქვამს და შენატრის იმ დღეს, როდესაც ამ ეკლესიასთან ევქარისტიული კავშირი აღდგება. ესაა ლიბერალური პოზიცია, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიებში ყოველთვის არსებობდა და არსებობს რიგორისტული (მკაცრი, უშეღავათო) პოზიციის თანადროულად. მსგავს სურათს ვხედავთ, მაგალითად, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. იმავე პროფ. კარტაშევის თქმით, ბერძნებმა სლავებს ანდერძად "დამდაბლებული საღვთისმეტყველო აზრი" გადასცეს, რის გამოც "ახალგაზრდა ეკლესიების რელიგიური განწყობა იმთავითვე მოიწამლა ლათინთა მტრობით. მაგ., რუსებს აკრძალული ჰქონდათ არა მხოლოდ დანათესავება ლათინებთან, არამედ მათთან ჭამა-სმაც, ხოლო ჭურჭელი, რომლიდანაც ისინი ჭამდნენ და სვამდნენ, ლოცვით უნდა განეწმინდათ, რადგან გაწარმართებულად მიაჩნდათ. მათ დაიჯერეს, რომ ლათინთა შერყვნილი რწმენა დამღუპველი იყო, რომ მისი მიმდევარი ვერ იხილავდა საუკუნო ცხოვრებას" (იქვე., 40-41). ამის პარალელურად სხვა აღმსარებლობის ეკლესიებში (სხვადმადიდებლებში) მადლის არსებობა-არარსებობის თაობაზე რუს მართლმადიდებელთა შორის ვხედავდით და ვხედავთ განსხვავებულ შეხედულებას. კარტაშევი იმოწმებს კიევის მიტროპოლიტ პლატონს (გოროდეცკის), რომელიც ამბობს: "საბედნიეროდ, ცამდე ვერ წვდება გათიშულ ეკლესიათა მიერ აღმართული კედლები" (იქვე: 51). მეტიც: ცნობილია მოსკოვის წმ. მიტროპოლიტის ფილარეტის (+1867) პრინციპი, რომლის თანახმად შეუძლებელია მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა რომის ეკლესიის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა საიუბილეო კრებამ (2000 წლის 13-15 აგვისტო) აღიარა, რომ "რომის კათოლიკურ ეკლესიაში შენარჩუნებულია ხელდასხმის სამოციქულო მემკვიდრეობითობა" (ეკლესიის საზღვრები: 251), რაც ნიშნავს, რომ ეს ეკლესია ცნობს კათოლიკურ ეკლესიაში აღსრულებული საიდუმლოებების მადლმოსილებას. კათოლიკურ და მართლმადიდებელ ეკლესიათა დაახლოების პროცესი ახალ ფაზაში 1965 წელს შევიდა. ამა დროს, 7 დეკემბერს კონსტანტინოპოლში საზეიმოდ დახიეს ანათემათა ტექსტები, რომლებიც ცხრა საუკუნის წინათ დაიწერა. 1975 წლის 14 დეკემბერს ვატიკანში ზარ-ზეიმით აღნიშნეს ამ ფაქტის ათი წლისთავი. სიქსტის კაპელაში პაპმა პავლე VI ეკუმენური სიტყვა წარმოთქვა, მივიდა ქალკედონის მიტროპოლიტ მელიტონთან, დაიჩოქა და მას წაღები დაუკოცნა. 1987 წლის 6 დეკემბერს რომში, წმ პეტრეს ბაზილიკაში, აღსარების საკურთხევლის წინ, პაპმა იოანე-პავლე II-მ და კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა დემეტრეოს I-მა ერთხმად წარმოთქვეს სავედრებელ-სამადლობელი ლოცვები და ნიკეა-კონსტანტინოპოლის რწმენის სიმბოლო. და მაინც მართლმადიდებელ და კათოლიკურ ეკლესიებს შორის ევქარისტიული ერთობა ვერ განახლდა. ეს გარემოება დიალოგის საკითხს უფრო აქტუალურს ხდის და დღის წესრიგში აყენებს ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებას, როგორიცაა სხვადასხვა ქვეყნის ისტორიულ გამოცდილებათა წარმოჩენა და გათვალისწინება. საეკლესიო ცხოვრების დასაბამი რომსა და საქართველოში ამ ორი ეკლესიის კავშირი ახალი წელთაღრიცხვის დასაბამიდან მომდინარეობს. გავიხსენოთ: რომის არაერთმა მოქალაქემ მოწამებრივი აღსასრული თუ მისიონერული სარბიელი კავკასიის, უფრო კი დასავლეთ საქართველოს, სანახებში პოვა. ამის გამო ეს მხარე, საქართველო, როგორც მდევნელთა, ისე დევნილთა ყურადღების საგანს წარმოადგენდა. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ხომ ის ქვეყანაა, სადაც მოციქულთა თავის და რომის პირველი პაპის პეტრეს ძმამ, ანდრიამ, იქადაგა? კოლხეთის მიწა გაიარა და მოიღვაწა კიდეც რომის ასევე პირველმა და დიდმა პაპმა კლიმენტიმ, როდესაც იგი ყირიმში გადაასახლეს, სადაც მოწამებრივად აღესრულა (+101). საქართველოს განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის ნინოს მამა, ზაბილონი, სარწმუნოებრივ იდეალებს რომის ეკლესიის წიაღში ეზიარა. მას, მხედართმთავარს, ფრანგების ("ბრანჯთა") ამბოხების ჩახშობა დაევალა. ამ დროს მან თურმე ისეთი დიდსულოვნება გამოიჩინა, რომ დამარცხებულთა გულში ქრისტესადმი სასოება აინთო; ისინი გაქრისტიანდნენ და ზაბილონი "ბრანჯთა მამად და ემბაზად" იქცა (შატბერდის კრებული: .330). წმ. ნინო დიდი კონსტანტინეს დედამ, ელენემ, დალოცა და საქართველოში გამოგზავნა. მან განანათლა ქართლის სამეფო ტახტი და ერის დიდი ნაწილი, რის თაობაზე ცნობამ რომამდე ჩააღწია. ამის გამო, ვკითხულობთ წმ. ნინოს ცხოვრების უძველეს რედაქციაში, "...მოიწია წიგნები ჰრომით წმიდისა პატრეაქისაი ნეტარისა ნინოისა და მირიან მეფისა და ყოვლისა ერისა ქართველისა. და მოევლინა ბრაჯი მთავარდიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მოცემად, და წმიდისა და ნეტარისა ნინოის ლოცვისა წარღებად და მადლისა ზიარებად. და ჰქონდა წიგნი ბრანჯთა მეფისაი ნეტარისა ნინოისა, რამეთუ მოენათლნეს იგინი მამასა მისსა ზაბილოვნს..." (იქვე: 348-349). ჩვენ წინაშეა მისიოლოგიური თანამშრომლობის სურათი: კაბადუკიელი მხედარი ზაბილონი ქრისტეს მოძღვრებას ფრანგთა შორის ავრცელებს, მისი ასული კი _ ქართველთა შორის. ერთსაც და მეორესაც აკურთხებს რომის ეპისკოპოსი (პაპი), რომლის მეშვეობით ქართველები და ფრანგები ერთმანეთთან კავშირში არიან და, როგორც ჩანს, ერთმანეთს ევანგელიზაციის გზაზე შეძენილ გამოცდილებასაც უზიარებენ. ეკლესიათა ერთიანობის განცდა საქართველოში საქართველოს მიწა-წყალი და ქართველი ხალხი ისეთი მოვლენების მომსწრე და მონაწილეა, რომლებიც საბედისწერო სქიზმის თვალსაჩინო ეპიზოდებს წარმოადგენენ და რომელთა გათვალისწინება უეჭველად სასარგებლო იქნება ძველი იარების მოშუშების გზაზე. ქართლსა და კახეთში ქრისტიანობა აღმოსავლეთიდან _ იერუსალიმიდან, ანტიოქიიდან და სომხეთიდან _ შევიდა, კოლხეთსა და აფხაზეთში _ კონსტანტინოპოლიდან; აღმოსავლეთ საქართველო ეკლესიურად ანტოქიას დაუკავშირდა, დასავლეთ საქართველო _ კონსტანტინოპოლს. ამის მიუხედავად რომის კათედრას ქართველების თვალში დიდი საღვთისმეტყველო და მორალური ავტორიტეტი ამკობდა. მათ, ცხადია, მოეხსენებოდათ აღმოსავლეთის დიდი წმინდანებისა და ეკლესიის მამების: ათანასე ალექსანდრიელის, იოანე ოქროპირის, მაქსიმე აღმსარებლის, იოანე დამასკელის, თეოდორე სტუდიელისა და სხვათა მრავალთა ამაღლებული დამოკიდებულება რომის საყდრის მიმართ. მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის ეკლესიებში სხვადასხვა ჯურის ერესები და მწვალებლობები მძვინვარებდნენ, წმ. პეტრეს საყდარი ასეთი მიმართულებებისაგან თავისუფალი იყო. ეს ეპოქა არ იცნობს ერეტიკოს პაპს. ჰონორიუსი (625-638), რომელმაც მონოთელიტობის შექმნაში გარკვეული როლი ითამაშა, გამონაკლისია. აღმოსავლეთის მართლმადიდებელი მოღვაწეები, დევნილნი ერეტიკოსთაგან, რომლებსაც მათი მშობლიური ეკლესიები გლობალურად დაეპყროთ, რომში მიდიოდნენ, რათა სიმართლე და სიწმინდე ეპოვათ. თუ როგორ, რა ფორმითა და შინაარსითაა დაკავშირებული საქართველო ამ თვალსაზრისით საყურადღებო ისტორიებთან, ვრცელი თემა და ცალკე გამოკვლევის საგანია. ამჯერად ჩვენს მიზანს იმ მოვლენებზე ყურადღების გამახვილება წარმოადგენს, რომლებიც თანსდევდა რომისა და ბიზანტიის ეკლესიურადაც განცალკევების პროცესს და ქართულ რეალიებსაც უკავშირდება. რა პოზიციაზე იდგა საქართველოს ეკლესია დიდი სქიზმის დროს, ე.ი. IX-XI საუკუნეებში? მცხეთისა და ბიჭვინთის საყდართა ოფიციალური პოზიციები ცნობილი არაა (შესაძლებელია, არც გამოუხატავთ), მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ერთსულოვნება არც აქ სუფევდა. გავითვალისწინოთ, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანების პროცესი სწორედ IX ს-იდან დაიწყო და ეს პროცესი ბიზანტიასთან ჭიდილისა და ზოგჯერ ომის ფონზეც მიმდინარეობდა. ქიშპმა და მტრობამ (არც თუ იშვიათად _ ზღვარგადასულმა) მეზობელი ეკლესიების ურთიერთობაც მოიცვა. ამის გამო აპრიორულადაც სავარაუდოა, რომ ქართველებს ამ შემთხვევაში უფრო მეტად რომის მხარე დაეჭირათ. საკითხში გარკვევისათვის საგულისხმო მასალას გვთავაზობს იმდროინდელი ქართული აგიოგრაფია, რომლიდანაც ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით სამი ძეგლი და მსოფლიო მასშტაბის სამი ქართველი წმინდანი _ ილარიონი, იოანე და გიორგი _ იპყრობს. ილარიონ ქართველი. წმ. ილარიონი (822-875), რომლის სახელს დავით გარეჯის განახლება, საზღვარგარეთ ქართული მონასტრების დაარსება და რომის სიწმინდეთა მოლოცვა უკავშირდება, იმ დროს და იმ რეგიონშიც მოღვაწეობდა, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა პრორომაულ და ანტირომაულ საეკლესიო პარტიებს შორის. ეს რეგიონია ბიზანტია და მისი დედაქალაქი, სადაც IX ს-ის შუა წლებში ერთმანეთს ორი დიდი მღვდელმთავარი, წმინდანად შერაცხილი პატრიარქები _ ეგნატე და ფოტიოსი (ფოტი) _ ებრძოდნენ და სამღვდელმთავრო ტახტზე ერთმანეთს ცვლიდნენ. პირველი ცნობილია რომის ეკლესიის ერთგულებით, მეორე _ მასთან დაპირისპირებით. წმ. ილარიონის ცხოვრება, რომლის ავტორად წმ. ექვთიმე მთაწმინდელი ითვლება, ჩვენი საკითხისათვის საყურადღებო ეპიზოდს შეიცავს. იგი გვაუწყებს: მაშინ როდესაც ბიზანტიაში ანტირომაული ისტერია მძვინვარებდა, წმ. ილარიონი "წინამძღვრებითა ღმრთისაითა და შეწევნითა წმიდათა მოციქულთაითა მიიწია ქალაქად ჰრომედ და ვითარცა ირემმან, სურვიელმან წყაროდ მიმართ წყალთაისა (ფს. 41:2)... მიისწრაფა ტაძრად წმიდათა და თავთა მოციქულთა პეტრესსა და პავლესსა, და თაყვანის-სცა და ამბორს-უყო მოწლედ მხურვალებითა სულისაითა წმიდათა სამარხოთა მათთა და ყოველთავე ნაწილთა წმიდათა მღდელთმოძღვართა და მოწამეთასა, რომელთა ოდენ მიემთხვია. ხოლო დაყო ორი წელი ჰრომეს შინა ანგელოზებრ ცხორებითა და მოღუაწებითა, რამეთუ მარადის ხედვასა ღმრთისასა შეემსჭვალა გონებაი თვისი და მუნცა მრავალნი სასწაულნი და კურნებანი აღასრულნა უფალმან მის მიერ”. სასწაულთაგან, რაც მან რომში აღასრულა, კოჭლის (“მკელობელის”) განკურნება გამოირჩევა. ირკვევა, რომ ილარიონი რომში 870-872 წლებს შორის იმყოფებოდა. შემდეგ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა, როდესაც იქ იმპერატორის კვერთხი ეპყრა ბასილს, რომელმაც ეკლესიაში პრორომაულ პარტიას დაუჭირა მხარი და საპატრიარქო ტახტზე ეგნატე დააბრუნა. წმ. ილარიონის ბიოგრაფიას თუ კარგად დავაკვირდებით, მივალთ დასკვნამდე, რომ იგი ეგნატიელთა პოზიციაზე დგას. ერთხელ კიდევ გავითვალისწინოთ, რომ წმ. მამა ბიზანტიას მაშინ ეწვია, როდესაც იქ ფაქტობრივად საეკლესიო-სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ფოტიელნი ძირითადად სამოქალაქო საზოგადოებაში იყვნენ მოკალათებულნი, ეგნატიელნი – მონასტრებში; პირველნი რომის პაპისა და მისი საყდრისადმი ანტიპათიით გამოირჩეოდნენ, მეორენი – სიმპათიით; პირველნი რომს ემიჯნებოდნენ, მეორენი – მისკენ ილტვოდნენ და მას სასოებდნენ. წმ. ილარიონი კონსტანტინოპოლში ეგნატეს მწყემსმთავრობის ჟამს შედის, 870 წლის ახლო ხანს, და იქიდან რომს მიემგზავრება. ამ ფაქტს თუ მის ასკეტურ სულისკვეთებასა და მწირმონაზვნურ აღტყინებას დავუმატებთ, თვალწინ ეგნატიელი წარმოგვიდგება, რომელსაც სარწმუნოებრივი იდეალი რომში ეგულვის. კორნელი კეკელიძემ მართებულად შენიშნა: “ის ადგილი ცხოვრებისა, სადაც ლაპარაკია ილარიონის რომში ყოფნის შესახებ, გამსჭვალულია სიმპათიებით რომაელთა ქრისტიანობისადმი. ავტორი კრძალულებით მოიხსენებს რომაელთა ღვთისნიერებას და მათ სათნოიან ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ მეცხრე საუკუნეში ატყდა სასტიკი ცილობა-კამათი და ბრძოლა რომისა და კონსტანტინოპოლის სამღვდელოებათა შორის, რომელიც 1054 წელს დასრულდა საბერძნეთისა და რომის ეკლესიათა ერთმანეთისაგან განშორებით. ეს ცილობა დაიწყო და ინტენსიურად წარმოებდა პატრიარქის ფოტისა და რომის პაპების ნიკოლოზისა და ადრიანეს დროს, ესე იგი, სწორედ მაშინ, როდესაც ილარიონი კონსტანტინოპოლსა და რომში ცხოვრობდა. ამიერიდან ბერძნები რომაელებს ისე აღარ იხსენიებენ, თუ არა ურწმუნოებად, უკეთურებად და მწვალებელ-სქიზმატიკებად. მაშასადამე, მეცხრე საუკუნის ბერძნისათვის შეუძლებელია ასეთი ატესტაცია რომაელთა ქრისტიანობისა” (კეკელიძე 1957: გვ. 139). გასათვალისწინებელია ისიც, რომ დავითის ლავრაში, რომელიც ილარიონ ქართველმა განაახლა, მკაცრი ასკეტიზმი მე-9 ს-იდან ზომიერი ასკეტიზმით შეიცვალა, რაც წმ. ილარიონის დამსახურებად და მისი განდეგილური სტილის ნიშნად ითვლება. მკაცრი ასკეტიზმი უფრო აღმოსავლურ, მონოფიზიტურ ბერმონაზვნობას ახასიათებდა, ზომიერი კი – დასავლურს, დიოფიზიტურს, რომლის ბურჯად რომის საყდარი მოგვევლინა პაპი ლეონის (440-461) წინამძღვრობით. ასე რომ, წმ. ილარიონის დასავლეთისაკენ სწრაფვა, რაც რომის სიწმიდეთა მომლოცველობით დაგვირგვინდა, მის ასკეტურ ორიენტაციაზე მიგვანიშნებს და ამ ორიენტაციას, შესაძლებელია, პროდასავლური ვუწოდოთ. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ორიენტაცია მაშინ ქართველთა ელიტარული ნაწილის ორიენტაცია იყო. იოანე მთაწმინდელი. წმ. იოანე (+1005) ათონში ქართველთა სავანის, ივირონის, დამაარსებელი და მისი პირველი წინამძღვარია. ბერძნულმა ნაციონალიზმმა და ამპარტავნებამ ეკლესიაში და, კერძოდ, ათონის წმ. მთაზეც შეაღწია. ისინი ავიწროებდნენ ქართველებს და მათ უფლებებს ლახავდნენ. უნდა ვიფიქროთ, რომ ამანაც უბიძგა ივირონის წინამძღვარს საბერძნეთის დატოვება და ესპანეთში გადასახლება გადაეწყვიტა. მართალია, მან განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა (იმპერატორებმა კონსტანტინემ და ბასილიმ დარჩენაზე დაიყოლიეს), მაგრამ ფაქტია, რომ მას, სწორედ ბერძნულ-რომაული საეკლესიო ბატალიების ჟამს, რომის ეკლესიის წიაღში დამკვიდრების სურვილი ჰქონია. შთამბეჭდავია ათონზე რომაელი ბერების გამოჩენის ამბავი. მათ ქართველებმა უმასპინძლეს და ისე შეიტკბეს ისინი, რომ უთხრეს: აქ ჩვენც უცხოელები ვართ და თქვენც; დამკვიდრდით ჩვენ გვერდით და ძმობასა და სიყვარულში გავატაროთ წუთისოფელიო. მართლაც, რომაელებმა პირველი მონასტერი ათონზე მხოლოდ ქართველების მორალური და ფინანსური დახმარებით ააგეს. იქ ღვთისმსახურება ლათინური ტიბიკონის მიხედვით სრულდებოდა და ცხოვრება წმ. ბენედიქტეს კანონისა და განგებისამებრ მოეწყო. წეს-ჩვეულებაში სხვაობას ქართველთა და ლათინთა თანალოცვა არ დაუბრკოლებია. ამის საუკეთესო ნიმუშია გაბრიელ ქართველისა და ლეონ რომაელის თანამოსაგრეობა. იმის მიუხედავად, რომ მშობლიური ენის გარდა არც ერთმა იცოდა სხვა ენა და არც მეორემ, მათ თურმე შეეძლოთ, მთელი დღე ელაპარაკათ ერთმანეთში საღვთო და სულიერ საგნებზე (...ძეგლები II 1967: 54-55, 65-66). გიორგი მთაწმინდლი. შეიძლება ითქვას, რომ წმ. გიორგი მთაწმინდელი (1009-1065) საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტია. ასევე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა იგი ბიზანტიის კულტურულ ელიტაში, სადაც, ეჭვი არაა, აინტერესებდათ მისი თვალსაზრისი სქიზმის თაობაზე. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ 1065 წლის ივნისში, სქიზმიდან თერთმეტი წლის შემდეგ, მას იმპერატორმა კონსტანტინე დუკიწმა (დუკამ; 1059-1067) ასეთი კითხვა დაუსვა: რატომაა, რომ ჩვენ და თქვენ, ბერძნები და ქართვლები, საფუარიანი პურით და წყალგარეული ღვინით ვწირავთ, რომაელები – ხმიადით და ზედაშეთი? პასუხად მიიღო: ბერძენთა შორის ძველადვე მრავალი წვალება შემოვიდა, მათ შორის – აპოლინარის ერესი, “რომელი-იგი ხორცთა მათ ქრისტესთა საუფლოთა უსულოდ და უგონებოდ იტყოდა”. ამის გამო ღვთისმსახურმა მეფეებმა საეკლესიო კრებები მოიწვიეს და დაადგინეს, “რაითა მოვიღებდეთ ცომსა სახედ ხორცთა ქრისტესთა, ხოლო პურის ცომსა – სახედ სულისა გონიერისა, და მარილსა – სახედ გონებისა... და ღვინოისა თანა წყალსა ურევთ სახედ სისხლისა და წყლისა, რომელი გარდამოხდა გვერდსა მხსნელისასა... ესე არს განმარტებაი და მიზეზნი ამათ საქმეთაი! ხოლო ჰრომთა ვინაითგან ერთგზის იცნეს ღმერთი, არღარა ოდენ მიდრეკილ არიან და არცა ოდეს წვალებაი შემოსრულ არს მათ შორის. და ვითარცა იგი მაშინ თავმან მოციქულთამან პეტრე შეწირა უსისხლოი იგი მსხუერპლი და უმეტესადღა ვითარცა თვით თავადმან უფალმან მისცა მოწაფეთა ღამესა მას სერობისასა, ესრეთ აღასრულებენ იგინი. და არარაი არს ამას შინა განყოფილებაი, ოდენ სარწმუნოებაი მართალ იყოს” (...ძეგლები II 1967: 179). ნათქვამი რომ გავშიფროთ, ნიშნავს: აღმოსავლეთის ეკლესიებში საუკუნეთა მანძილზე ბორგავდა ქრისტეს ადამიანური ბუნებისა და ხორცის დამაკნინებელ-უარმყოფელი ერესი. მარტივ მორწმუნეთათვის მაცხოვრის ჭეშმარიტი ხატი რომ წარმოედგინათ, მოგვიანებით იქ (აღმოსავლეთში) აფუებული პურით და წყლიანი ზედაშით ზიარების წესი შემოიღეს. რომის ეკლესიის წინაშე მოციქულებრივი ტრადიციის შეფერადების აუცილებლობა არ დამდგარა და დარჩა ისე, როგორც თავდაპირველად იყო. მაშასადამე, ერესი არც ერთი წესია და არც მეორე. პირველი (ხმიადი) ძველი და დასაბამიერია, მეორე (საფუარიანი) – პრაქტიკული მოთხოვნილებით გაპირობებული. შეგვიძლია დავასკვნათ: რომელიმე მათგანის გაფეტიშება უგუნურების ნიშანია. იმპერატორი, რომელიც (სხვა წყაროებიდანაც ცნობილია) ეკლესიათა შერიგების მომხრე იყო, პასუხით კმაყოფილი დარჩა. რომაელები აღფრთოვანდნენ. მათ მთაწმინდელი მამის პეტრეს ქალაქში ჩაყვანისა და პაპის წინაშე წარდგინების სურვილი გამოთქვეს. სომხებმა კი ყურები ჩამოყარეს. აგიოგრაფი არ აზუსტებს, ღირსი მამა გიორგი გამოეხმაურა თუ არა რომის დიდებულთა შეთავაზებას. ცნობილია მხოლოდ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ, 29 ივნისს, ორშაბათს, იგი გარდაიცვალა. ირკვევა, რომ პოზიცია, რომელიც რომის საყდრის მიმართ გიორგი მთაწმინდელმა იმპერატორის წინაშე გამოამჟღავნა, მის თეოლოგიურ-ლიტერატურულ მემკვიდრეობაშიც აისახა. ამის დასტურია წმ. ათანასე ალექსანდრიელის რწმენის სიმბოლოს მისეული თარგმანი, რომელიც ბოლო დროს გახდა ცნობილი და რომელშიც წმ. სულის გამომავალობის მუხლი ასეა წარმოდგენილი: "სულიწმიდა არის მამისაგან და ძისა... გამოსვლით". ეს სხვა არაფერია, თუ არა ფილიოკვე, რაც, როგირც ვხედავთ, არც გიორგი მთაწმინდელს და, ცხადია, არც მის თანამოსაგრეებს მწვალებლობად არ მიაჩნდათ. ხელნაწერს, რომელშიც ამ თარგმანის ტექსტია დაცული, ახლავს ანდერძი: “ესე მართლისა სარწმუნოებისა აღსარებაი ჰრომთა წიგნისაგან გარდმოვწერე. ვინ აღმოიკითხოთ, ლოცვა ყავთ გლახაკისა გიორგისათვის, რომელმან ესე ვთარგმანე” (კოჭლამაზაშვილი, ღამბაშიძე 1999: 155). ჯვაროსნები და საქართველო. მოგვეპოვება დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქართველებმა რომაელებთან ევქარისტიული კავშირი დიდი ათონელი მამების შემდეგაც შეინარჩუნეს. 1099 წელს, როდესაც ლათინებმა პალესტინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარეს და იერუსალიმის სამეფო დააარსეს, იმ ეკლესიებისა და მონასტრების რეორგანიზაციაც განახორციელეს, რომლებიც მათგან განსხვავებული კონფესიისად აღიქვეს. ამ დროს ისინი ქართველთა სავანეებს არ შეეხნენ, რადგან, როგორც ჩანს, ეს სავანეები უცხო სარწმუნოების ეკლესიებად არ მიუჩნევიათ. მათ ქართველებს თავიანთი ეკლესია-მონასტრების განახლებისა და მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს. იქაურ ქართველ ბერებს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა ტამპლიერების (ტაძრისელთა) სარაინდო ორდენთან დაუმყარებიათ. ამის თაობაზე პირველ ყოვლისა ის აღაპები (სამადლობელი მოსახსენიებლები) მეტყველებს, რომლებსაც პალესტინაში მოღვაწე ქართველი ბერ-მონაზვნები ჯვაროსანი საერო და სასულიერო პირებისათვის განაწესებდნენ. იმდროინდელ ქართულ სააღაპე წიგნებსა და სხვადასხვა ანდერძმინაწერებში ვკითხულობთ: "ჯვარო პატიოსანო, შეიწყალე ძმაი ჩვენი ჯოფრე ფაუსათ", "ადიდე და შეიწყალე ცირ პერ კუმანდური ტაძრელთა", "უფალი ღმერთო, დაიცევ და შეიწყალე ძმაი ჩვენი სილგილამ დელოლეველ", "ქრისტე ღმერთო, შეიწყალე ძმაი ჩვენი პერ მარტინე" და სხვ. გარკვეულია, რომ აქ მოხსენიებული ადამიანები ტამპლიერთა ორდენის წევრები არიან (მენაბდე 1980: 91-96). თუმცა ცნობილია სამარცხვინო ფურცელიც. საქმე ის არის, რომ ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ პალეოლოგმა 1274 წელს კათოლიკობა აღიარა და მთელ აღმოსავლეთს პაპის უზენაესობის ცნობისაკენ მოუწოდა. ამ მოწოდებას საბერძნეთის ბევრი ეკლესია არ დაემორჩილა. ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ათონის მონასტრებმა გაწიეს. იმპერატორის ნებართვით ჯვაროსნები 1280 წელს შეესიენ ათონს და ბერებს უნიის მიღება მოსთხოვეს, რასაც ყველა მონასტერი დათანხმდა ივირონის გარდა. ამის გამო ამ სავანის რბევა-აწიოკება დაიწყო. ბერები, რომლებიც ხოცვა-ჟლეტას გადაურჩნენ, ორ ნაწილად გაყვეს. ქართველები იტალიაში წაასხეს, ბერძნები (მაშინ ისინი იქ უმრავლესობას წარმოადგენდნენ) ზღვაში გადაყარეს (კეკელიძე 1955: 76-77). თუ რის გამო დაინდეს მათ ქართველი ბერები, ბერძნულ წყაროებში აღნიშნული არ არის. შესაძლებელია გაითვალისწინეს ლათინურენოვანი ცნობა, რომელიც გვეუბნება: ჯვაროსნებისაგან კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ (1204 წ.) ათონის ქართველებმა პაპის იურისდიქცია აღიარეს და ჟამისწირვის უფუარი პურით შესრულება დაიწყეს, რისთვისაც ბერძნებმა მათთან კავშირი გაწყვიტეს (თარხნიშვილი 1994: 43). ფაქტია, რომ ძველ ქართულ წყაროებში ჯვაროსანთა საპირისპირო და საწინააღმდეგო განწყობილება არ იძებნება. არცაა მოსალოდნელი. მართალია, ჯვაროსანთა ლაშქრობები ბევრ სიკეთესთან ერთად სიავესაც შეიცავდა, მაგრამ უკანასკნელს არ შეეძლო დაეჩრდილა ამ მისიის კეთილისმყოფელი როლი საქართველოს ისტორიაში. ქართველებსა და ჯვაროსნებს ერთმანეთის მიმართ დიდი სასოება ჰქონდათ. ჩვენი მემატიანე XI-XII სს-ის მიჯნაზე საქართველოს გაძლიერებას ჯვაროსანთა საღვთო ომებთან აკავშირებს და ამბობს: "გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქვეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცეს სულთანსა ხარაჯა, და თურქნი ვერღარა დაიზამთრებდეს ქართლს" (ქართლის ცხოვრება I: 325-326). მისივე ცნობით, ქართველთა მხარდამხარ, დიდგორის ველზე, ჯვაროსანი რაინდებიც იბრძოდნენ. სწორედ ჯვაროსნების ქრონიკამ, კანცლერ გოტიეს ჩანაწერებმა, შემოგვინახა წმ. მეფის ის სიტყვები, წარმოთქმული გადამწყვეტი იერიშის წინ, რომელთაც დღეს ჩვენ სიამაყით ვიხსენებთ: "ეჰა, მეომარნო ქტისტიანენო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლებთ, არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ". სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები დღემდე ბევრს მსჯელობენ და წერენ იმ ლეგენდაზე, რომელიც ჯვაროსანთა წრეში შეიქმნა და მთელი ევროპა მოიარა. აღმოსავლეთში, სპარსეთისა და სომხეთის ჩრდილოეთით, ცხოვრობს დიდი და აღმატებული პიროვნება _ იოანე, რომელიც ერთდროულად არის მეფეც და ხუცესიც (პრესვიტერი). იგი მოვლენილია, რათა გადაეღობოს ჩრდილოეთიდან შემომავალ გოგსა და მაგოგს. მან ქრისტიანული მსოფლიო განსაცდელისაგან უნდა დაიხსნას და დაიხსნის კიდეც, თუკი მოვუხმობთ. ფიქრობენ, რომ მეფე-ხუცესის სახეში მითოლოგიური აზროვნებით დავით აღმაშენებელი და მისი შვილი დემეტრეა გაერთიანებული. ჯვაროსნების თვალში ასეთივე შარავანდედი მოსავდა თამარს. "ფრანკი მეზღვაურები, _ ვკითხულობთ ჯვაროსანთა ერთ ქრონიკაში, _ შავ ზღვაზე ცურვისას კარგ ამინდში თამარ დედოფლის სადიდებელს მღეროდნენ". აი, რას წერს ერთი რაინდი თამარისა და მისი ვაჟის შესახებ: "მოისმინეთ გასაოცარი და მნიშვნელოვანი ახალი ცნობები... იბერიელი ქრისტიანების დიდძალმა ცხენოსანმა და ქვეითმა ჯარმა, ღვთის შეწევნით აღფრთოვანებულმა და ძალზე კარგად შეიარაღებულმა, გამოილაშქრა ურწმუნო წარმართების წინააღმდეგ... ზემოაღნიშნული ჯარი მოეშურება, რათა გაათავისუფლოს იერუსალიმის წმინდა მიწა-წყალი და დაიპყროს წარმართთა მთელი სამყარო. მათი წარჩინებული მეფე 16 წლის ჭაბუკია. იგი ალექსანდრე მაკედონელს ჰგავს ვაჟკაცობით და სათნოებით, მაგრამ არა სარწმუნოებით. ამ ჭაბუკს თან მოაქვს ძვლები თავისი დედისა, უძლიერესი მეფის თამარისა, რომელსაც თავის დროზე იერუსალიმს წასვლის აღთქმა დაუდვია..." (მენაბდე 1980: 160). ეს და ბევრი სხვა ცნობა, დადასტურებული ქართულსა თუ უცხოენოვან ისტორიულ წყაროებში, ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს: ჩვენი ისტორიის ოქროს ხანაში (XI-XIII სს.), დიდი სქიზმის შემდეგაც, საქართველოსა და რომის ეკლესიებს შორის სარწმუნოებრივი კავშირი მეტწილად შენარჩუნდა; ქართულ ოფიციალურ დოკუმენტებში, სიგელებსა და გუჯრებში, რომის პაპის პირველ ადგილზე მოხსენიების ტრადიცია გაგრძელდა. საგულისხმოა აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაკვირვება: "საქართველოში არ იზიარებდნენ საბერძნეთის რიგორისტულ და კონსერვატიულ-რიტუალურ შეხედულებას რომაელთა ეკლესიის შესახებ. იქ, იმთავითვე, ბატონობდა მეორე მიმართულება, ლიბერალურ-სპირიტუალური, რომლის მკვეთრად გამომხატველია გიორგი მთაწმიდელი... ბერძნული შეხედულება კათოლიკობის შესახებ ჩვენში მყარდება გაცილებით გვიან, ვიდრე რომისა და საბერძნეთის გაყოფა მოხდა და ისიც თანდათანობით, თან ამ შეხედულებას ისეთი უკიდურესი ხასიათი და გონჯი სახე არ მიუღია, როგორც საბერძნეთში". "განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისა" _ ესაა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ კირიონის (საძაგლიშვილის) სიტყვები ეპისტოლედან, რომელსაც კვლავ დავუბრუნდებით. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ, თუ როდის, როგორ და რა ფორმით შეილახა საქართველოში ერთმორწმუნეობის ეს პორფირი, _ ეს ძვირფასი შესამოსელი. ყურადღება მივაქციოთ განცდას, რაც მღვდელმოწამე პატრიარქის ამ სიტყვებს ახლავს. ესაა ტრაგიზმის შეგრძნება და ეკლესიათა დაკარგული ერთიანობის მონატრება. მეფე რუსუდანისა და მხედართმთავარ ივანე მხარგრძელის მიერ პაპ ონორიუს III ისადმი მიწერილი წერილებიდან ჩანს, რომ საქართველო რომთან ეკლესიურ კავშირს XIII ს-ის 20-30-იან წლებში ჯერ კიდევ ინარჩუნებს; ქართველები აღიარებენ, რომ რომის ეპისკოპოსი "მთელი საქრისტიანოს მამა და მეთაურია". იმის ნიშანი, რომ რომისა და საქართველოს ეკლესიები ერთმანეთს უკვე სხვადასხვა აღმსარებლობად (კონფესიად) მოიაზრებენ, პირველად საქართველოს მეფემ, რუსუდანმა, გაამჟღავნა. მის წერილს, პაპ გრიგოლ IX-სადმი მიწერილს, ჩვენამდე არ მოუღწევია. სამაგიეროდ შემონახულია ადრესატის პასუხი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველოს მპყრობელს პაპისთვის შველა უთხოვია დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და თავისი ქვეშევრდომი ქრისტიანების კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთება აღუთქვამს. პაპი დანანებით აღნიშნავს, რომ მისი მხედრობა ვერ დაეხმარება საქართველოს, რადგან მათ შორის ძალამოცემული მუსლიმები დგანან და ისინი ამ მხედრობას არ გაატარებენ. მეტიც: რომის ეკლესიასაც დიდი პრობლემები აქვს სარწმუნოების დაცვის საქმეშიო. ცხადია, იგულისხმება ისლამური ექსპანსია და პროტესტანტობა, რომელიც ევროპაში იმხანად იბადებოდა. აი, პაპის სიტყვები: "ჯერ არს, რომ თქვენც ჩვენ შეგვიბრალოთ, რადგან სარწმუნოების მტერი ჩვენც ძლიერ გვდევნის. გარდა იმისა, რომ სარკინოზები ესპანეთსა და სირიაში დევნიან კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგიერთნი ქრისტეს სარწმუნოებისაგან განდგომილნი წინ აღგვიდგნენ... უნდათ ახალი მწვალებლობის დამყარება და ცდილობენ მოსპონ ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომელმაც უნდა დაიხსნას და აცხოვნოს ადამის ნათესავი". ასეთი ვითარების მიუხედავად, საქართველოში რვაკაციანი მისიონის გამოგზავნა მაინც მოხერხდა, რათა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს იმ მოქალაქეების სურვილი, რომლებსაც კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთება უნდოდათ. ეს წერილი 1240 წლით არის დათარიღებული, რის გამოც მეცნიერი მღვდელი მიხეილ თამარაშვილი საქართველოსა და რომის ეკლესიათა გაყოფის წლად 1240 წელს ასახელებს (თამარაშვილი 1995: 485). მეორე კათოლიკე მღვდელი და პროფესორი მიხეილ თარხნიშვილი აღნიშნავს: "ამ წელს ქართული ეკლესია რომისაგან განცალკევებულად გვევლინება. კავშირის გაწყვეტის მიზეზი ჩვენთვის უცნობია" (თარხნიშვილი 1994: 43). ამდენად, კათოლიკური ეკლესიის მისიონერებმა საქართველოში მოღვაწეობა XIII ს-ის შუა წლებიდან დაიწყეს. შემოდიოდნენ (სხვადასხვა დროს) ფრანცისკანელთა, თეატინელთა, კარმელიტთა, კაპუჩინთა და სხვა ორდენების წარმომადგენლები. მათი ენერგიული მოღვაწეობის შედეგად დაარსდა კათოლიკური ეკლესია საქართველოში, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებით იკაფავდა გზას ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში. ეკლესიები (საკრებულოები), რომლებიც მათი ქადაგების საფუძველზე ჩამოყალიბდა, მეტწილად ლათინურ ტიბიკონს (რიტს, წესს) იყენებდნენ, თუმცა არსებობდნენ სომხური და ბერძნული (ოღონდ ქართულენოვანი) ტიბიკონის კათოლიკური ეკლესიებიც. ეს უკანასკნელნი (სომხური და ბერძნული ტიბიკონის ეკლესიები) უნიის პრინციპებს ექვემდებარებოდნენ და თავიანთ თავს მართლმადიდებლებს უწოდებდნენ (გულისხმობდნენ ღვთისმსახურების აღმოსავლურ, მართლმადიდებლურ, წესს). კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო საქართველოში XIII-XIV სს-ში საქართველოში კათოლიკეების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ მათ მონასტრებიც დააარსეს. მკვლევრები ხუთ მონასტერს ასახელებენ, მათგან ორს _ თბილისში, ერთს _ ახალციხეში. განსაკუთრებული მნიშვნელობა შეუძენია თბილისის წმ. მარტინეს მონასტერს (იგულისხმება პაპი მარტინე, რომელმაც მაქსიმე აღმსარებელთან ერთად იღვაწა). ზოგიერთმა ქართველმა კათოლიკემ სარწმუნოების ასპარეზზე ისეთი გულმხურვალება გამოიჩინა, რომ მოწამის გვირგვინსაც ეზიარა. ლაპარაკია დიმიტრი თბილელზე, რომელმაც კათოლიკობა 1320 თუ 1321 წლებში მიიღო, ბერად აღიკვეცა, ფრანცისკანელ ძმებთან ერთად ინდოეთში მისიონერად წავიდა და იქ, ქალაქ თჰანაში, მოწამებრივად აღესრულა (პაპაშვილი 1995: 92). კათოლიკეთა რიცხვი საქართველოში ყველაზე შესამჩნევად გიორგი V-ს დროს (1314-1346) გაიზარდა. ამ მეფეს ისტორიამ მიაკუთვნა სახელი ბრწყინვალე, რადგან მან სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და მონღოლთა ასწლოვან ბატონობას ბოლო მოუღო (1335 წ.). სწორედ მის დროს და მისი თანხმობით მოხდა ისეთი რამ, რაც საქართველოში კათოლიკეთა ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება _ თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრის დაარსება. იგი თბილისში 1328 წელს იზმირიდან (სმირნიდან) გადმოიტანეს, რადგან იქ, თურქეთში, იმ დროს კათოლიკეებს სდევნიდნენ. ეს ეპარქია საქართველოში, თურქეთსა და ირანში მცხოვრებ კათოლიკეებს აერთიანებდა და მან XVI ს-ის დამდეგამდე, თითქმის 180 წელწადს, იარსება (ეპისკოპოსთა სია _ პაპაშვილი 1995: 98-99). თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსოს წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ საქართველოს საერო და სასულიერო ხელისუფლებასთან კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანების შესახებ, რაც მაშინ რომის პაპის მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა. უნიის იდეას საქართველოში ბევრი მომხრე და ბევრიც მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. უეჭველია, რომ მომხრეთა შორის პირველ ადგილზე მეფე გიორგი ბრწყინვალე იდგა. მოწინააღმდეგეების როლში ძირითადად მართლმადიდებელი სასულიერო პირები გამოდიოდნენ. მოვლენათა შემდგომდროინდელ განვითარებას თუ გავითვალისწინებთ, მივალთ დასკვნამდე, რომ საერთო კლიმატის შექმნის თვალსაზრისით XV ს-ში წამყვანი პოზიციები ანტიკათოლიკურმა პარტიამ მოიპოვა. ამას ყველაზე ნათლად ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მასალები ადასტურებს. ქართველები ფერარა-ფლორენციის კრებაზე ირკვევა, რომ ფერარაში ქართველი დეპუტაციაც ჩასულა: მიტროპოლიტი გრიგოლი, ეპისკოპოსი იოანე და რამდენიმე დიდგვაროვანი ერისკაცი. მათ მხარი მარკოზ ეფესელისათვის დაუჭერიათ. ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, იბერიელმა ეპისკოპოსმა, როდესაც მიხვდა, რომ ბერძნების უმრავლესობა მთავარ დოგმატურ საკითხში ლათინთა პოზიციას დაუჭერდა მხარს, პროტესტი გამოაცხადა. ერთი ბერძენი დელეგატის ცნობით, მან თავი სალოსად (ქრისტესთვის სულელად) წარმოადგინა, მღვდელმთავრის სამოსელი გაიხადა და ქუჩაში ისე დადიოდა, როგორც შეშლილი და მაწანწალა; დატოვა ფერარა და იტალიის ქალაქებში ხეტიალი დაიწყო, შემდეგ ავად გახდა და მას ტორნოვოს ეპისკოპოსმა უპატრონა. ჩანს, ამ ფაქტმა პაპის, ევგენიუს IV-ის, ყურამდე მიაღწია. მან იხმო ერთ-ერთი ქართველი დელეგატი, ერისკაცი, და უარყოფითი რეაქციის მიზეზი ჰკითხა. პასუხად კი მიიღო რჩევა რწმენის სიმბოლოდან ფილიოკვეს ამოღების შესახებ, რაც, თურმე, პაპს ყურადღებით მოუსმენია და დაფიქრებულა (შედარებით ვრცლად იხ. პაპუაშვილი 2002: 143). იგივე ბერძნული წყარო დამატებით ინფორმაციას გვაწოდებს ქართული დელეგაციის პოზიციის მიზეზებზე და ივერიელი ერისკაცის ინტერესთა სამყაროს შესახებ. ქართველ ეპისკოპოსს, სანამ იგი თავს "სალოსად აქცევდა", პირად საუბრებში თურმე უღიარებია, რომ ის და მისი თანამემამულეები ანტიოქიის პატრიარქის ინსტრუქციის მიხედვით მოქმედებდნენ: მან "აჩვენა ყველას ანტიოქიის პატრიარქის წერილი, რომელიც უბრძანებდა მათ, არანაირად არ დასთანხმებოდნენ სიმბოლოზე რაიმე დამატებას ან მოკლებას, თვით ერთი იოტის ან ერთი შტრიხისაც კი". მართლაც, უკვე აღვნიშნეთ, რომ ერთადერთი პრეტენზია, რაც "იბერიის მეფის ელჩმა" პაპს და, მაშასადამე, კრებას წარუდგინა, სწორედ დამატებას, ფილიოკვეს, შეეხებოდა. ამ ერისკაცს ერთხელ ერთი განათლებული სასულიერო პირის მოხსენება მოუსმენია. მომხსენებელმა თურმე მრავალგზის დაიმოწმა არისტოტელე. ამ ამბის მომსწრე სილვესტროს სიროპულოსი გვიამბობს: "მას შემდეგ, რაც ივერმა ეს ორჯერ თუ სამჯერ მოისმინა, ხელი მკრა; მისკენ მივტრიალდი, რადგან ვერ მივხვდი, თუ რას მანიშნებდა. მან კი მითხრა: რა არის ეს არისტოტელე, არისტოტელე? არ არის კარგი არისტოტელე! როდესაც მე ვკითხე სიტყვიერადაც და ვანიშნე კიდეც _ რა არის-მეთქი კარგი, ივერმა მიპასუხა: წმიდა პეტრე, წმიდა პავლე, წმიდა ბასილი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, ოქროპირი და არა არისტოტელ-არისტოტელე" (მჭედლიძე 2009: 59-60) ქართველი დელეგატების ასეთი პოზიცია თითქოს იმაზე მიგვანიშნებს, რომ იმდროინდელ საქართველოში კათოლიკობის შესახებ "ბერძნული შეხედულები" უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ლიბერალური. თუკი ასეა, მაშინ სრულიად აუხსნელი და გაუგებარია ის ფაქტი, რომ ქართულ წყაროებში არც ფერარა-ფლორენციის და არც მისეული უნიის შესახებ არაფერია ნათქვამი; არაფერი არაა ცნობილი ამ პროცესში ქართველების მონაწილეობაზე. რომ არა უცხოელი ავტორები, ჩვენ არც კი გვეცოდინებოდა, მოაღწია თუ არა საქართველომდე ცნობამ ამ ფორუმის შესახებ და ვერც ვერაფერს ვიტყოდით იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობდნენ იმდროინდელი ქართველები ეკლესიების გაერთიანების პრობლემებზე. თუკი იმდროინდელი საქართველოს კულტურულ ელიტას ანტიკათოლიკობა ახასიათებდა, ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს ტენდენცია რატომ არ აისახა? ასეა თუ ისე, ჩვენ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნიამ და უნიატობამ საქართველოში, საბერძნეთისა და აღმოსავლეთ ევროპისაგან განსხვავებით, ფეხი ვერ მოიკიდა. ამ მიმართულებით ნიკიფორე ირუბაქიძის (ირბაქის), სულხან-საბა ორბელიანის, ანტონ კათალიკოსისა და სხვათა ცდებს, წმ. ბასილის წესდების საფუძველზე (ე.ი. ბერძნულ-მართლმადიდებლური ტრადიციის დატოვებით, ამ ტრადიციისთვის ხელის შეხების გარეშე) გაეკათოლიკებინათ საქართველო, წარმატება არ მოჰყვა. საქართველოში ძირითადად (მესხეთის გარდა, სადაც ქართველი კათოლიკეებიც კი სომხურ ტიბიკონს მისდევდნენ) ლათინური წესის კათოლიკობა დაინერგა. ეს ეკლესია აქ განსაკუთრებით XVII ს-ის დამდეგიდან გააქტიურდა. მის მხარეზე არცთუ იშვიათად მეფე-მთავრები, ეპისკოპოსები და, წარმოუგინეთ, კათალიკოსებიც გადადიოდნენ. ეს არამარტო აღმოსავლეთ საქართველოზე, არამედ დასავლეთ საქართველოზეც ითქმის. რომის მისია დასავლეთ საქართველოში დასავლეთ საქართველოს ეკლესია უფრო აფხაზეთის ეკლესიის სახელითაა ცნობილი. IX-X სს-ში მან დამოუკიდებლობა მოიპოვა და მისი სამღვდელოება საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის სამსახურში ჩადგა. სამღვდელმთავრო კათედრა ბიჭვინთაში მდებარეობდა, რის გამოც ეს ეკლესია ძველ წყაროებში ბიჭვინთის საკათალიკოსოდ მოიხსენიება. XVI ს-ის 60-70-იან წლებში, აფხაზეთში ისლამის გავრცელების გამო, საკათალიკოსო კათედრა გელათში გადაიტანეს, მაგრამ ბიჭვინთამ კათალიკოსთა საზაფხულო რეზიდენციის მნიშვნელობა მაინც შეინარჩუნა. ეს ეკლესია დიდი სქიზმის შემდეგაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მართლმადიდებლური აღმსარებლობის წიაღში დარჩა და ღვთისმსახურებას, ისე როგორც აღმოსავლეთის ეკლესიათა დიდი ნაწილი, ბერძნული ტიბიკონით წარმართავდა. კათოლიკური ეკლესიის მისია აფხაზეთშიც XIII ს-იდან დაიწყო. ამ დროს იქ გენუელი ჯვაროსნები მივიდნენ, რომლებმაც ანაკოფიაში, მდ. ფსირცხის შესართავთან, ციხე ააგეს და 1280 წელს სოხუმში სავაჭრო ფაქტორია დააარსეს. მათმა მისიონერებმა ამ მხარეში საფუძველი ლათინური ტიბიკონის კათოლიკურ ეკლესიასაც ჩაუყარეს და აბორიგენი მოსახლეობის დამოწაფების თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. 1318 წელს აფხაზეთში კათოლიკური ეპარქია გაიხსნა, რომელმაც დაახლოებით ორი საუკუნე იარსება. კათოლიკური ეკლესიის მისია აფხაზეთშიც XVII ს-ის დამდეგიდან გააქტიურდა. მისიონერები ხშირად ადგილობრივ მთავართა და კათალიკოსთა მხარდაჭერითაც სარგებლობდნენ. აქტიურობისაკენ მათ ხშირად ქართველი ღვთისმსახურები მოუწოდებდნენ; შთააგონებდნენ, დარჩენილიყვნენ სამრევლოებში, საზოგადო ღვთისმსახურება შეესრულებინათ და ხალხის განათლებაზე ეზრუნათ. ასეც ხდებოდა, რის თაობაზეც ბევრი მასალა არსებობს. გავიხსენოთ რამდენიმე იმის დასტურად, რომ კათოლიკეები მართლმადიდებლების ტაძრებში წირვას ხშირად უპრობლემოდ ასრულებდნენ. 1629 წელს ბიჭვინთის ეკლესიას დომინიკანელთა ორდენის ოთხი მისიონერი ეწვია. მისიონერი იოანე დე ლუკა გვიამბობს: ბიჭვინთას სულიწმინდის მოფენის დღეს მივადექით. იქ ერთადერთი მღვდელი იყო, ქართველი, რომელმაც მიგვიღო და ეკლესიაში შეგვიყვანაო. "რა შევედი ეკლესიაში, ისეთი რამ ვნახე, რასაც თავის დღეში ფიქრადაც ვერ წარმოვიდგენდი; ვნახე, რომ ის ეკლესია მსგავსი იყო წმინდა პეტრეს ეკლესიისა... წირვისათვის მოვემზადე, მაგრამ ვნახე, სეფისკვერი გაფუჭებული იყო. ქართველ მღვდელს გამოვართვი ცოტა ფქვილი, გავაკეთე ცომი და ორ გასუფთავებულ ფულში გამოვაცხე. დავიწყე წირვა. ხალხმა რომ ზარის ხმა გაიგონა, ყველანი მოვიდნენ, ვინაიდან ეკლესია სოფლის შუაა". 1634 წელს გორიდან გურიაში ჩავიდნენ თეატინელი მისიონერები არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე მილანელი. ისინი ეწვიენ მალაქია კათალიკოსს, დასახლდნენ მის რეზიდენციაში (1640 წლამდე) და წირვა-ლოცვას სასახლის ეზოს ეკლესიაში აღასრულებდნენ. კასტელმა 26 წელი დაყო საქართველოში, ძირითადად აფხაზეთში, სადაც ქადაგებდა, წირავდა, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიულ ჩანაწერებსა და ჩანახატებს აკეთებდა, რომელთა მეცნიერული ღირებულება დღეს ერთობ დიდია (ლომინაძე 1966: 189-191). ძლიერი კათოლიკური კერა არსებობდა ქუთაისში. მისიონერების მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობა იმერეთის მეფე გიორგი III-მ (1605-1639) გამოავლინა. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე III-მ (1639-1660) კათოლიკეებს წმ. სოფიოს (სიფიას) ეკლესია გადასცა. წინამორბედების კვალს არც სოლომონ I-მა (1752-1784) უღალატა; მის კარზე კათოლიკე სამღვდელოება დიდი პატივით სარგებლობდა. ამ ქალაქში კათილიკეების რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც იქ ამ აღმსარებლობის მოქალაქეები სოლომონ II-მ (1789-1810) ახალციხიდან გადმოასახლა და რიონის მარცხენა ნაპირზე დაასახლა. მათ ქუთაისის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია დაიმკვიდრეს. რომის ეკლესიის წარმომადგენლობა დასავლეთ საქართველოში ჰუმანიტარულ მისიას XIX ს-ის პირველ ნახევარშიც კი აქტიურად ახორციელებდა. მისიონერი სასულიერო პირები და მათი თანმხლები ერისკაცები მუშაობდნენ ექიმებად, ინჟინრებად, ფინანსისტებად და ა.შ. განსაკუთრებით დიდი იყო მათი წილი სახალხო განათლების სფეროში. აკაკი წერეთელი, მაგალითად, როდესაც დედის ღვთისმოსაობასა და განსწავლულობაზე საუბრობს ("ჩემი თავგადასავალი"), აღნიშნავს: "იმ დროს, როგორც სხვა ყოველ ქართველ დიდ-ოჯახებში, გურიელის სასახლეში თითქმის შინაკაცებად ითვლებოდნენ ფრანგის პატრები და დიდი გავლენაცა ჰქონდათ ოჯახებზე. ამ ევროპიულად განათლებულმა და გონებაგანვითარებულმა მეცნიერებმა დედაჩემზედაც დიდი გავლენა იქონიეს: მათი მეოხებით შესწავლილი ჰქონდა, სხვათა შორის, ექიმობა და მეურნეობა". ნიკო ნიკოლაძე იმასაც იხსენებს, რომ მის ოჯახში, სწორედ XIX ს-ის 40-50-იან წლებში, ხშირად იკრიბებოდნენ მართლმადიდებელი, კათოლიკე და სომეხი ვაჭრები; მოჰყავდათ თავ-თავიანთი სულიერი მოძღვრები და სამოგზაუროდ გასვლის წინ ერთობლივ ლოცვებს აღავლენდნენ. ეს მაგალითები მიგვანიშნებს, რომ აღნიშნულ დროს დასავლეთ საქართველოს მულტირელიგიური მოსახლეობა ურთიერთობის საკმაოდ მაღალი კულტურით გამოირჩეოდა. რომის ეკლესიის შვილები და მეგობრები საქართველოში რომის ეკლესია დედა ეკლესიად, რომის პაპი კი მსოფლიოს ყველა ქრისტიანის მამად და მწყემსად საქართველოს არა ერთმა და ორმა მოქალაქემ აღიარა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხის, სოციალური ფენისა და ეპოქის წარმომადგენლები არიან. მათგან ბევრი იყო დაჯილდოებული შემოქმედებითი ნიჭით და სამშობლოს სიყვარულის გრძნობით. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რომის კათოლიკურ ეკლესიას არ შეერთებიან, მაგრამ მის მიმართ კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ და სამსახურსაც სთავაზობდნენ; აღიარებდნენ მას მადლმოსილად და სწამდათ, რომ საღვთო საიდუმლოებები იქაც სრულდება. მაშასადამე, ჩვენ იმ ქართველებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ან შეუერთდნენ რომის კათოლიკურ ეკლესიას, ან დაუმეგობრდნენ მას, რადგან მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის არსებით განსხვავებას ვერ ხედავდნენ. წარმოვაჩენთ ზოგიერთი მათგანის პორტრეტს. ქეთევან წამებული. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმ წმინდანთა შორის, რომელთა სახელი შორს გასცდა სამშობლოს ფარგლებს, თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა და საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა, პირველ ადგილზე წმ. ქეთევანი (1570-1624) დგას. ქართულ, ლათინურ და სხვა ენებზეც არსებობს მდიდარი აგიოგრაფიული ლიტერატურა, ასევე სიტყვაკაზმული მწელობისა და სახვითი ხელოვნების ნიმუშები, რომლებშიც სრულყოფილადაა ასახული მისი სარწმუნოებრივი ღვაწლი და მოწამებრივი აღსასრული. ქეთევანი იყო კახეთის დედოფალი, რომელიც შაჰ-აბასმა პოლიტიკური მოტივით დაატყვევა და 1614 წელს ირანში, შირაზში, გადაასახლა. იქ მის თანმხლებ მღვდელს, მართლმადიდებელს, ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს. ქართულ წყაროში აღნიშნულია, რომ მღვდელმა ვერ გაუძლო განსაცდელს და ქრისტეს სარწმუნოება უარყო. დედოფალი თანამორწმუნე ხუცესის გარეშე დარჩა. ამის გამო მან სულიერი ნუგეშისათვის, კათოლიკე მისიონერთა ცნობით, იმავე ქალაქში მყოფ კათოლიკე მღვდლებს მიმართა. როდესაც მას მთელი სიმკაცრით მოსთხოვეს, ან გამოიცვალე რჯული, ან კოცონისა და შანთებისათვის მოემზადეო, კახეთის დედოფალმა განსასვენებელი ზიარება კათოლიკე მღვდლის ხელით მიიღო. შემონახულია ჩანახატი წარწერით: "ქეთევან დედოფალი მამა ამბროზიო დუშ ანჟუშისთან აღსარებაზე". ქართული წყაროებიც ადასტურებს, რომ წმ. მოწამის გაუპატიოსნებლად დამარხული გვამი "ფრანგმა მღვდლებმა" მოიპარეს და "წარიღეს ფრიადითა კრძალულებითა და ლუსკუმაი შეუმზადეს მას ფრიად კეთილი სურნელთა თანა მრავალთა და დაასხნეს საკურთხეველსა ზედა". ამის შემდეგ ავგუსტინელმა ბერებმა ცხედარი დაანაწილეს: თავი და მარჯვენა ფეხი საქართველოში წამოაბრძანეს და მეფე თეიმურაზს, მოწამის ძეს, გადასცეს; ნაწილი ინდოეთში, გოაში, წაასვენეს, ნაწილი _ რომში და დასავლეთ ევროპის სხვა წმინდა ადგილებშიც. დედოფლის ტანჯვისა და წამების თვითმხილველმა ბერებმა რომის პაპის წინაშე დააყენეს საკითხი, რომ ის კათოლიკური ეკლესიის წმინდანად გამოცხადებულიყო. დაისვა კითხვა: არსებობს თუ არა დოკუმენტი, რომლის თანახმად ქრისტესთვის წამებულმა ქართველმა ქალმა კათოლიკური სარწმუნოება აღიარა და კათოლიკურ ეკლესიას შეუერთდა? ასეთი დოკუმენტი არ აღმოჩნდა და ეს ვერც წმ. მოწამის კათოლიკე მოძღვარმა ამბროზიომ დაადასტურა. შედგა კომისია, რომელმაც ასეთი დასკვნა გამოიტანა: ის ფაქტი, რომ მორწმუნე მართლმადიდებელმა გაჭირვების გამო კათოლიკურ ეკლესიას მიაკითხა და წმ. საიდუმლოებებს იქ მიეახლა, კათოლიკე წმინდანად გამოხცადებისთვის საკმარისი საბუთი არ არის. ამის მიუხედავად ამ საგანზე კამათი დიდხანს გაგრძელდა და დიდძალი მასალაც დაგროვდა. მას ჩვენს დროში თავი მოუყარა და ფრანგულ ენაზე გამოაქვეყნა რ. გულბეკიანმა სათაურით: "ნამდვილი ცნობები საქართველოს დედოფლის ქეთევანის მოწამებრივი სიკვდილის შესახებ" (თარგმნილია ქართულად). იქ მოყვანილია მამა ამბროზიოს სიტყვები, წარმოთქმული 1640 წელს, საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემდეგ: "სავარაუდოა, რომ დედოფალი ზეცაშია და ღვთის დიდებით ხარობს. მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ წეს-ჩვეულებას მისდევდა, იგი დიდი სიყვარულით ეკიდებოდა წმ. კათოლიკურ ეკლესიას და ყველა ლათინელს; მხურვალედ უყვარდა ისინი და რითაც შეეძლო, ეხმარებოდა მათ. გარდა ამისა, ჩვენთან ისეთ კარგ ურთიერთობაში იყო, რომ შეუძლებელია, წმ. კათოლიკური ეკლესიის მოწინააღმდეგე ყოფილიყო". იქვე მოყვანილია პედრო დეშ სანტუშის დასტური, რომლის თანახმად იგი (პედრო) მამა ამბროზიოსთან ერთად "ეხმარებოდა და ანუგეშებდა ქეთევან დედოფალს, აზიარებდა მას და ყოველივეს აკეთებდა მისი სულის სახსნელად" (გვ. 22). ნიკიფორე ირბაქი (ჩოლოყაშვილი) ქართული კულტურის სარბიელზე კათოლიკურმა ეკლესიამ ყველაზე თვალსაჩინო სიტყვა ქართული წიგნის ისტორიაში თქვა: მისი მეშვეობით ჩვენი ენა და ანბანი იოანე გუტენბერგის გამოგონებას ეზიარა; 1629 წელს რომში პირველად დაისტამბა წიგნები ქართული ანბანითა და ტექსტით: "იბერიული ანუ ქართული ანბანი ლოცვებითურთ", "ქართულ-იტალიური ლექსიკონი" და "ლიტანია ლაურეტანა". კ. კეკელიძის სიტყვით, ესაა "ქართული კულტურის რენესანსი". გავითვალისწინოთ, რომ ამ მოვლენის სათავესთან კათოლიკე ქართველი ბერი ნიკიფორე ირბაქი ანუ, იგივე, ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილი (1585-1658) დგას. ოჯახი, რომელშიც ნიკიფორე დაიბადა, კათოლიკური ეკლესიისადმი კეთილგანწყობით გამოირჩეოდა, რაზედაც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მშობლებმა ყმაწვილი სასწავლებლად რომში გაგზავნეს. იქ იგი წმ. ბასილი დიდის ორდენს (იხ. ქვემოთ: სულხან-საბა) დაუახლოვდა, ბერად აღიკვეცა და სამშობლოში დაბრუნდა. ამ დროს მეფე თეიმურაზი დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისათვის ზრუნავდა და, ბუნებრივია, რომ მან ეს ამოცანა პროკათოლიკე ბერს, ნიკიფორეს, მიანდო. ნიკიფორე რომში 1628 წლის 20 ივნისს ჩავიდა. მან იქ ოფიციალურად აღიარა კათოლიკური სარწმუნოება და "კათოლიკედ მიღების ცერემონიაც" შეასრულა. პაპმა ურბანო VIII-მ ის მამობრივი სიყვარულით მიიღო, თეიმურაზს ალერსით სავსე წერილი გაუგზავნა და შემწეობის აღმოჩენას დაჰპირდა. პაპის ლოცვა-კურთხევით იმხანად სტეფანე პაილინი ზემოთ დასახელებულ წიგნებზე მუშაობდა, რისთვისაც მას ქართველი სწავლულის დახმარება სჭირდებოდა. დიპლომატმაც სიამოვნებით იდო თავს ეს სამსახური და მისი მონაწილეობით ქართული წიგნები დასაბეჭდად მომზადდა. ნიკიფორე ირბაქს ამის შემდეგაც მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე ვხედავთ. არის იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მამა და არქიმანდრიტი, ხოფის მონასტრის წინამძღვარი; აკურთხებენ ეპოსკოპოსადაც და აირჩევენ აფხაზეთის კათალიკოსად ("პატრიარქად"). იგი მეგობრობს ისეთ ცნობილ მისიონერებთან, როგორებიც არიან: ჯუზეპე ჯუდიჩე, არქანჯელო ლამბერტი და კასტელი; ეხმარება მათ მორალურად და მატერიალურად, რის გამოც პაპის კონგრეგაცია მადლობას უცხადებს და ამხნევებს, უწოდებს ერთგულ და საყვარელ შვილს. სულხან-საბა ორბელიანი. იმ ქართველებს შორის, რომლებმაც კათოლიკეთა სარწმუნოება გაცნობიერებულად და საყოველთაოდ აღიარეს, ყველაზე გამორჩეული ადგილი სულხან-საბა ორბელიანს (1658-1725) ეკუთვნის. მკვლევრებმა, რომლებმაც საგანგებოდ შეისწავლეს მისი მსოფლმხედველობის საკითხები (გ. ლეონიძე, ი. ლოლაშვილი, ლ. ქუთათელაძე), შემდეგი დასკვნა გამოიტანეს: კათოლიკობისადმი სიმპათიები ამ საერო და საეკლესიო მოღვაწემ ახალგაზრდობის ასაკში გამოავლინა. სინამდვილეს შეესაბამება ის ცნობა, რომლის თანახმად მან, დიდგვაროვანმა თავადმა, კათოლიკე მორწმუნედ თავი ჯერ კიდევ 1687 წელს მიიჩნია; იმა წლის 15 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, კათოლიკე მოძღვარს პირველად გაანდო აღსარება და რომის პაპი უმაღლეს ეპოსკოპოსად სცნო. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მის იმდროინდელ, ე.ი. ბერობამდელ, ნაშრომში "სიტყვის კონა" ზოგიერთი კათოლიკური დოგმატის რწმენა იგრძნობა (მაგ. სალხინებლის). საინტერესოა (და ერთი შეხედვით უცნაური) ის ფაქტი, რომ ეს მწერალი და თეოლოგი, რომელიც კათოლიკეებთან რწმენისმიერ თანაზიარებას არ ფიცავდა, 1698 წელს გარეჯის მრავალმთაში, ნათლისმცემლის სავანეში, ბერად აღიკვეცა საბას სახელით. ჩვენთვის ცნობილია დავით გარეჯის ლიბერალური და ეკუმენური ტრადიციები, კერძოდ ის გარემოება, რომ მის ტაძრებში შესვლისა და ლოცვის შესაძლებლობა ხშირად არამართლმადიდებელ ქრისტიანებსაც ეძლეოდათ (იხ. "სოლიდარობა", 2009, #1, გვ. 13-14). ჩანს, ეს ტრადიცია XVII ს-შიც გრძელდებოდა, მაგრამ მაინც გასაკვირია, რომ კათოლიკეებისადმი გულახდილი თანაგრძნობით გამსჭვალული ბერი საბა-სულხანი იქ მოძღვარ-მქადაგებლის თანამდებობაზე დაინიშნა. თუმცა ეს უფრო დღევანდელი გადასახედიდანაა გასაკვირი. გავიხსენოთ ნიკიფორე ირბაქი. არ მოგვეპოვება ცნობა, რომ მას შინაგანი კათოლიკობის გამო საეკლესიო კარიერაში ხელი შეშლოდეს. საქმე ისაა, რომ ერთმაც და მეორემაც უნიატური მიმართულება აირჩიეს. ესაა აღმოსავლური წესის კათოლიკობა, რომელიც მღვდელმსახურებაში კათოლიკური ფორმულების წარმოთქმასაც კი არ აუცილებლობს; მორწმუნეები მრწამსს, თუ უნდათ, ფილიოკვეს გარეშე იტყვიან, რის გამოც ისინი დანარჩენი მართლმადიდებლებისაგან ("ბერძნებისაგან") არაფრით განსხვავდებიან. მთავარია რწმენა, რომ დედამიწაზე მყოფი ეკლესიის პირველი ეპისკოპოსი არის რომის პაპი. სწორედ ასეთი სტილის კათოლიკობა მოიაზრება წმ. ბასილის წესდებასა და ორდენში, რომელსაც თავადი სულხანი, ჩანს, ბერობამდე შეუერთდა. კათოლიკური ეკლესიის სიყვარულს იგი რომ ნათლისმცემელში ყოფნის დროსაც (1698-1710) განიცდიდა, დასტურდება წერილით, რომელიც მან რომის ეპისკოპოსს 1709 წლის 15 აგვისტოს გაუგზავნა. ნათლისმცემლის მოძღვარი პაპს, კლიმენტი XI-ს, ამ სიტყვებით მიმართავს: "ზეცისა სასუფევლისა კლიტეთ მპყრობელსა და ქვეყანასა ზედა წმიდათა შესაკრებელთა თავსა, თავისა მის მოციქულისა პეტრეს მოსაყდრესა, იესო ქრისტეს სისხლით მოსყიდულთა ცხოვართა მართალსა მწყემსსა... შენ გაქვს ხელმწიფება მიტევებად ცოდვათა, რომელი მოგცა განხსნა და შეკრვა იესო ქრისტემან... ყოველთ ცოდვილთ უცოდვილესი ორბელისშვილი სულხან ყოფილი, მონაზონი საბა, მიწა ფერხთა თქვენთა" (თამარაშვილი 1902: 311-312). ასე რომის პაპს მხოლოდ მისი სულიერი შვილები განადიდებენ. ამრიგად, სულხან-საბა ევროპაში კათოლიკე ბერად ჩავიდა. მან იქ სამი წელიწადი დაყო (1713-1716) და რომის ეკლესიის დოგმატიკაში კიდევ უფრო განმტკიცდა. არსებობს ცნობა, რომლის თანახმად მან 1714 წლის 17 სექტემბერს ფლორენციაში, მონთუგის მონასტერში, მონაზონთა დიდი საკრებულოს წინაშე "კათოლიკეთა აღსარება" წარმოთქვა და "დიდი სასოებით ეზიარა"; ოფიციალურად აღიარა, რომ ის ბასილიელი კათოლიკეა. იგი რამდენიმეჯერ შეხვდა პაპ კლიმენტი (კლემენტოს) XI-ს და წაღები დაუკოცნა. პაპმაც დიდი ალერსი შეაგება; არ დააჩოქა, ისე ალაპარაკა; ჯვარი, კრიალოსანი, სანაწილე ხატი უბოძა და მისი ქვეყნისა და ხელმწიფისათვის სისხლის არდაშურება აღთქვა. თავად კი, მწირმა, ამ შორეული მოგზაურობის მიზეზად სამშობლოს ბედი და იქ "მართლმადიდებელი სარწმუნოების" მძიმე ხვედრი დაასახელა, _ იმ სარწმუნოებისა, რომლის სიწმინდის სრულყოფილად დაცვა, მისი რწმენით, მხოლოდ წმ. პაპის საფარველის ქვეშ არის შესაძლებელი. აქედან ჩანს, რომ სულხან-საბას ჭეშმარიტ მართლმადიდებლობად კათოლიკობას მიიჩნევდა. როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა (თურქეთში პაპისაგან ნაჩუქარი საგნები წაართვეს), მის მეტყველებაში ჩვენ ვხვდებით გამოთქმას "კათოლიკე მართლმადიდებელი". ასე მოიხსენია მან ნათლიდედა, რომლის დახმარებითაც ბურსელი ვაჭარ-მოვალეები გაისტუმრა. მართლმადიდებლობა კათოლიკობის შინაარსითაა მოხსენიებული იმ ამბის მოთხრობაში, რომლითაც მისი "მოგზაურობა ევროპაში" მთავრდება: "ქართველი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისათვის გამიმტერდენ... შფოთი აღძრეს ჩემ ზედა. კრება და ბოროტის ქნა მოინდომეს. მაგრამ მეფე (იესე. _ ნ. პ.) ვერ აიყოლიეს. სამ თთვე კიდევ იბატონა და მერმე მეფე ბაქარ დასჯდა მეფედ... მოატყუეს. მცხეთას, ჩემი სიყვარული და სამსახური სულ დაავიწყეს, კრება მიყვეს და წმიდის პაპის გინება მომიდვეს (მომთხოვეს. _ ნ. პ.). მე მართლმადიდებლობა ვერ უარ ვყავ. და მრავალი ავი მოინდომეს, მაგრამ ღმერთმან ყოვლისაგან დაგვიხსნა. მეფემაც პატივი მოგვაპყრა და მათი ვერაგობაც გაცუდდა. ვახტანგ მეფეს სმენოდა, დიდად სწყენოდა და ყოველნი დაეტუქსა". მთავარი კითხვა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის მსოფლმხედველობაზე საუბრის დროს წარმოიჭრება, არის შემდეგი: კათოლიკედ აღესრულა იგი თუ მართლმადიდებლად? მან 1724 წლის ზაფხულში დატოვა საქართველო და თავის აღზრდილს, ვახტანგ VI-ს, რუსეთში გაჰყვა. იქ იგი ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1725 წლის 26 იანვარს, გარდაიცვალა და დაიმარხა მოსკოვს მეფე არჩილის კარის ეკლესიაში, რომელიც ვსესვიატსკოეს სახელითაა ცნობილი. ვარაუდობდნენ, კ. კეკელიძეზე დაყრდნობით, რომ საბა-სულხანი სიკვდილის წინ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა; წინააღმდეგ შემთხვევაში მართლმადიდებელთა ეკლესიაში არ დაკრძალავდნენო. ვინც ასე ფიქრობს, ავიწყდება, რომ კათოლიკობას არც მაშინ, არც მანამდე და არც მას შემდეგ ყველა მართლმადიდებელი ერთნაირი თვალით არ უყურებდა. არაფერი გვიშლის ხელს ვიფიქროთ, რომ ვსესვიატსკოეს მაშინდელი ეკლესია ანუ საკრებულო (ისე როგორც პეტრე I-ის დროინდელი რუსეთი ზოგადად) კათოლიკეების მიმართ მეტწილად ლოიალურ პოზიციაზე იდგა. მით უმეტეს, რომ სულხან-საბას კათოლიკეობა გარეგნობით შესამჩნევი არ იყო. მას რომ მართლმადიდებელ თანამემამულეთა წინაშე კათოლიკური დოგმატები უარეყო, როგორ არ დაიმახსოვრებდნენ ისინი ამას? სინამდვილეში კი ვხედავთ, რომ მისი თანამედროვე და მომდევნო ეპოქის საერო და სასულიერო პირები (ვახტანგ VI, ანტონ I, დავით რექტორი, იოანე იალღუზის ძე, გრიგოლ წერეთელი) ამ დიდ მწერალს, მეცნიერსა და მოაზროვნეს კათოლიკედ იცნობენ და ამის გამო ზოგჯერ უდიერადაც მოიხსენიებენ (ქუთათელაძე 1973: 109-111). არავითარი მასალა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მან უარყო კათოლიკობა, არ მოგვეპოვება. ამასთანავე: კათოლიკური ეკლესიისადმი სიყვარული და სასოება, რაც მის ლიტერატურულ მემკვიდრეობაში იგრძნობა, აქარწყლებს თვალსაზრისს, რომ მან კათოლიკური სარწმუნოება თითქოს პოლიტიკური მიზნით და მოტივით აღიარა. რა გამოდის? ბაგით აღიარა, მაგრამ გულით იცრუა? როგორ ვაკადროთ ასეთი რამ დიდ სულხან-საბას? ვის მოუბრუნდება ენა, რომ თქვას, ეს ლოცვა, უბის წიგნაკში შეტანილი, თვალთმაქცურიაო: "უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, სარწმუნოება აღაორძინე, მართლმადიდებლობა განამრავლენ, წმიდა ეკლესია აღამაღლე, ყოველი საეკლესიო წესი დაამტკიცე, რომის პაპის საწადელი აღასრულე, ქრისტიანი მეფენი მშვიდობით დაიცვენ, მწვალებელნი მოაქციენ, მტერნი ეკლესიისანი აღმოფხვრენ და ჩვენ სიყვარულსა შენსა ზედა განგვაძლიერენ და მოგვიტევენ ცოდვანი ჩვენნი" (ლოლაშვილი 1959: 115). კათალიკოსი ანტონ I. კათოლიკობისადმი სიმპათიებს საქართველოში არცთუ იშვიათად მეფე-მთავრები და მღდელმთავრები, მათ შორის კათალიკოს-პატრიარქებიც, გამოხატავდნენ, რაც ზოგჯერ დრამატულ მოვლენებს იწვევდა. ამის მაგალითია ქართველ იერარქთა შორის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული კათალიკოს-პატრიარქ ანტონ I-ის (1720-1788) ბიოგრაფია. მან საქმიანი ურთიერთობა დაამყარა კათოლიკე სასულიერო პირებთან, რომლებიც მას საღვთისმეტყველო-პოლემიკური თხზულების "მზამეტყველება" დამუშავებაში დაეხმარნენ და ეჭვი არაა, რომ ამ ნაშრომის ხარისხი და მსოფლიო მასშტაბი ამ დახმარებამაც განაპირობა. წიგნის ერთ-ერთ მიზანს კათოლიკობის წინააღმდეგ გამოსვლა წარმოადგენდა. იგი შეიცავს თავს, რომელშიც უარყოფილია ზიარების ლათინური წესი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოულოდნელად, წიგნი რომის პაპის სახელის საზეიმოდ წარმოთქმით მთავრდება: ეს წიგნი დაიწერა "მამათ-მთავრობასა ჰრომაელთა ზედა ვენედიკტე მეათერთმეტისასა" (მზამეტყველება, თბ., 1892, გვ. 604). მალე ყველასათვის ცნობილი გახდა, რომ ქართლ-კახეთის ეკლესიათა წინამძღვარმა ირწმუნა რომის პაპის უზენაესობა და მისი ეკლესიის ყველა ძირითადი დოგმატი. ამ საქმის გამო მცხეთაში 1755 წლის 12 დეკემბერს მოიწვიეს კრება, რომელზედაც ანტონმა საჯაროდ აღიარა რომის პაპის პრიმატი და წმინდა სულის ძისაგანაც გამომავალობა. ამისათვის მას და მისი ხუთ თანამოაზრე სასულიერო პირს ანათემა გამოუცხადეს, ე.ი. ისინი ეკლესიისაგან განკვეთეს და მეტიც _ სცემეს, სამარცხვინო ურემზე დასვეს და დილეგში ჩაყარეს. მაგრამ ოთხი დღის შემდეგ მსჯავრდებულებმა ცდომილება აღიარეს და ცრემლით მოინანიეს, რის გამოც მათ იმავე კრებამ სამღვდელო ხარისხები დაუბრუნა, თუმცა ანტონის საქართველოში დატოვება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და იგი რუსეთში გადაასახლა. 1757 წლის მარტში ანტონი პეტერბურგში ჩავიდა და წარდგა უწმინდესი სინოდისა და სამეფო კარის წინაშე. იქ მან თავი ასე იმართლა: კათოლიკე რომ ვიყო, რომს წავიდოდი, სადაც კარდინალობას მიბოძებდნენო. სინოდი დარწმუნდა მის გულწრფელობაში და ვლადიმირის ეპარქია ჩააბარა. ანტონი რუსეთიდან ერეკლე II-მ დააბრუნა და თანამდებობაზე აღადგინა. საკითხავია: შეასრულა თუ არა ანტონმა დაპირება, რომ ის კათოლიკობისაკენ აღარ გაიხედავდა? _ როგორც ჩანს, შეეცადა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეასრულა. მან რუსეთში დაწერა 50-ე ფსალმუნის ("მიწყალეს") ვრცელი განმარტება, რომლის ეგზემპლარები საქართველოშიც გამოგზავნა. აქ ტექსტი განიხილეს და მასში "პაპისტური აზრები" დაადასტურეს. ამის გამო სამღვდელოების ნაწილი სამშობლოში მას უნდობლად შეხვდა, რადგან ფიქრობდნენ, კათოლიკეებს გული მოეცემათ და გათამამდებიანო. მოლოდინი გამართლდა: მეფე ერეკლესა და კათალიკოს ანტონის ხელშეწყობით მისიონერების ასპარეზი გაფართოვდა. პატრი ნიკოლა, გვარად რუტილიანო, მაგალითად, მეფის მრჩევლის მოვალეობას ასრულებდა. მან მეფე გიორგი XIII-ისა და დარბაზის ერის წინაშე მჭევრმეტყველური და ფრიად შინაარსიანი სიტყვა წარმოთქვა და იწინასწარმეტყველა შედეგი, რაც მოჰყვებოდა მეფის განზრახვას "რუსეთისადმი ქვეყნის გარდაცემის" თაობაზე (პ. იოსელიანი, ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, თბ., 1978, გვ. 152). სამეფო კარზე კათოლიკეთა ასეთი აღზევების მიზეზად ზოგი, განსაკუთრებით კი დეკ. ზაქარია გაბაშვილი, კათალიკოს ანტონ I_ს ასახელებდა და მის წინააღმდეგ რუსეთის უწმინდეს სინოდში საჩივრებს გზავნიდა (მასალები ვრცლად: "საღვთისმეტყველო კრებული", 1991, #1). კათოლიკური ეკლესია საქართველოში ამ ეკლესიიდან წმიდა მოწამეებიც გამოვიდნენ. ზემოთ აღნიშნული დიმიტრის გარდა ისტორიამ სხვა სახელიც შემოგვინახა. ესაა გორელი ახალგაზრდა, სახელად ნასყიდა, რომელიც თურმე იმდენად მოიხიბლა კათოლიკეების სათნო ცხოვრებით, რომ კათოლიკობა აღიარა (XVII ს-ის შუა წლები). ამის გამო მას ოჯახური პრობლემები შეექმნა და საქმე უზენაეს სასამართლომდეც მივიდა. ადვოკატობა ეპოსკოპოსმა ნიკიფორე-ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (იხ. ზემოთ) იკისრა; დაასაბუთა, რომ ბრალდება უსაფუძვლოა: ნასყიდას არც ხელისუფლების საწინააღმდეგოდ უმოქმედია და არც სარწმუნოება გამოუცვლია, რადგან მართლმადიდებლობასა და კათოლიკობას შორის განსხვავება თითქმის არა არის რა. და თუ მაინცადამაინც განსხვავებას ვეძიებთ, კათოლიკეები უფრო გულმხურვალედ იცავენ ქრისტიანობასო. ქართლის მეფეც ამავე პოზიციაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც პატიმარი გაათავისუფლეს. იგი გადავიდა დასავლეთ საქართველოში, სადაც კათოლიკე ბერად აღიკვეცა და ანდრია დაარქვეს. მან რომში ბრწყინვალე განათლება შეიძინა, შემდეგ კი ინდოეთში მისიონერად წავიდა და იქ, ქალაქ გოაში, მოწამებრივად აღესრულა (გ. ბრაგანტინი, ნ. პაპუაშვილი, სიმართლისა და სამართლისათვის ივლიტის ეკლესიაზე, თბ., 2006, გვ. 42-45). დიდია წვლილი, რომელიც რომის მისიასა და ადგილობრივ კათოლიკეებს მიუძღვით ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ეკონომიკის წინაშე. იმ სიახლეებიდან, რომლებსაც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი, აღსანიშნავია: 1. პირველი ნაბეჭდი წიგნი ქართული ტექსტებით (რაზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკეთ); 2. ქართული ენის პირველი გრამატიკა (ფრანციზკო-მარია მაჯო, რომი, 1643; 1670); 3. ქართული ზღაპრების პირველი კრებული (შედგენილი XVII ს-ის 70-იან წლებში პატრი ბერნარდე ნეაპოლელის მიერ) და სხვ., რომელთა მეცნიერული და კულტუროლოგიური მნიშვნელობა უდავოა. ქართველი კათოლიკეები ტრადიციულად ვაჭრები და ბანკირ-ფინანსისტები იყვნენ, რის გამოც ისინი ხელს უწყობდნენ არამარტო ქვეყნის ეკონომიკის, არამედ საგარეო დიპლომატიისა და, ზოგადად, უცხოეთთან ურთიერთობის განვითარებასაც. XVIII ს-ში დასავლეთ ევროპის კულტურულ სარბიელზე ქართველი კათოლიკეებიც იღვწოდნენ. გორელმა დავით ტულუკაშვილმა რომში XVIII ს-ის 20-30-იან წლებში თარგმნა და გამოაქვეყნა კათოლიკური აღმსარებლობის პირველხარისხოვანი ძეგლები: "საქრისტიანო მოძღვრება გინა წვრთნა შვიდთა საიდუმლოთა ზედა" და თომა კემფელის "მიბაძვა ქრისტესი". ამავე საუკუნეში რომში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობდა კათოლიკე პროფესორი გრიგოლ ბაღინანთი (ბაღინაშვილი), რომლის დახმარებით ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანც ალტარმა მოამზადა წიგნი "ქართული ლიტერატურის შესახებ" (დაიბეჭდა 1798 წელს). ესაა პირველი ქართველოლოგიური ნაშრომი, რომლის მეშვეობით გერმანულენოვან მკითხველთა ფართო წრეს პირველად მიეცა შესაძლებლობა, წარმოდგენა შექმნოდა ქართული წერილობითი კულტურის სიღრმესა და მასშტაბზე. ამ პერიოდში კათოლიკურ სარწმუნოებასთან ბევრი ქართული ელიტარული გვარი ასოცირდა: თუმანიშვილები, მეფისაშვილები, მამულაშვილები, ხარისჭირაშვილები, მელიქიშვილები, ყაუხჩიშვილები, გვარამაძეები, ფალიაშვილები, ზუბალაშვილები, გოკიელები და სხვები. იმერეთის მეფეს სოლომონ I-ს (1752-1784) უახლოეს მსახურად თანამემამულე კათოლიკე, გვარად დათიაშვილი, ჰყავდა. ქართველ კათოლიკეებს შესამჩნევი წონა ჰქონდათ აგრეთვე ერეკლე მეორის კარზე. მათ შორის განსაკუთრებული სახელი და ავტორიტეტი მოიხვეჭა რაფიელ დანიბეგაშვილმა, ერთობ განათლებულმა და უცხო ენების მცოდნე პიროვნებამ, რომელიც მეფემ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ელჩად გაგზავნა და რომელმაც სამოგზაურო ჟანრის საყურადღებო თხზულება დაგვიტოვა. XIX-XX სს-ში ქართველი კათოლიკეების კულტურულ-საზოგადოებრივი და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ იმდენი მასალა არსებობს, რომ შესაძლებელია ტომებიც დაიწეროს. ბევრი რამ ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილია. საკმარისია თვალი გადავავლოთ ახალციხის მუზეუმის ხალნაწერთა აღწერილობას (თბ., 1987), რათა დავრწმუნდეთ, რაოდენ დუღდა შემოქმედებითი პროცესი მესხეთის ქართველ და სომეხ კათოლიკეებში, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, _ ლათინური და სომხური ტიბიკონების კათოლიკურ ეკლესიებში. მესხეთში ჩაისახა და აყვავდა ქართულ-კათოლიკური კულტურა, რომელმაც მკვებავი არტერიის როლი იტვირთა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები კათოლიკეებისათვის. მათ წრეში გაიზარდნენ ღირსეული მოქალაქეები, რომლებმაც წარუშლელი სიტყვა ცხოვრების ყველა სარბიელზე თქვეს. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთის "დროების" (1866-1885), ქართული უნივერსიტეტის, ფილარმონიული საზოგადოების, ეროვნული ოპერისა და კონსერვატორიის დამაარსებლები და სულისჩამდგმელები ქართველი კათოლიკეებიც არიან: სტეფანე და პეტრე მელიქიშვილები, ზაქარია ფალიაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, პეტრე ოცხელი და ბევრი სხვა, რომლებიც მამულის საქმისათვის მართლმადიდებელი თანამოქალაქეების გვერდით იდგნენ და შრომობდნენ. ზ. ფალიაშვილმა დეკ. (შემდ. კ-პ) კ. ცინცაძის თხოვნით ქაშვეთის ეკლესიისათვის შეადგინა ოთხხმიანი გუნდი და ნოტებზე გადაიღო იოანე ოქროპირის წირვა; მის მიერ დამუშავებული საგალობლებით ქართველი მართლმადიდებლები დღესაც სარგებლობენ. მართლმადიდებლები და კათოლიკეები დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საქართველოს პოლიტიკური სუვერენიტეტის დაკარგვამ ამ ქვეყნის კათოლიკური ეკლესიების უფლებებიც შელახა. რუსეთის თვითმპყრობელმა მთავრობამ 1844-1845 წლებში კათოლიკე მისიონერები დასავლეთ ევროპის აგენტებად გამოაცხადა და ისინი ქვეყნიდან გააძევა. ამ გარემოებამ ქართველი კათოლიკეები აიძულა მეტად ეზრუნათ ადგილობრივი სასულიერო კადრების მომზადებისთვის. და მართლაც, XIX ს-ის 40-50-იან წლებში ქართველი კათოლიკე სამღვდელოება ერთობ გააქტიურდა. კულტურისა და განათლების სფეროს განსაკუთრებული ამაგი მღვდლებმა პეტრე ხარისჭირაშვილმა, ივანე გვარამაძემ და მიქაელ თამარაშვილმა დასდეს. მათ დააარსეს სასწავლებლები სტამბოლში, ახალციხესა და რომში, საიდანაც ეროვნული სამღვდელოების საკმაოდ მომზადებული დასი გამოვიდა. ისინი შეუერთდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის სათავეში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იდგნენ და რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ მოთხოვნას ქართველი კათოლიკეებიც მიემხრნენ, რადგან სწამდათ, რომ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში მათი უფლებები უკეთ იქნებოდა დაცული. ეს სულისკვეთება და იმედები ასახულია კათოლიკეთა ჟურნალში "ჯვარი ვაზისა" (1906 წ.; რედაქტორი მღვდელი დომინიკე მუღაშოვი-პაწაძე), რომელშიც მართლმადიდებელი საერო და სასულიერო პირებიც თანამშრომლობდნენ (ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე და სხვ.) და რომელიც ავტოკეფალიის აქტიურ მხარდამჭერად მოგვევლინა. ჟურნალი დიდ ადგილს უთმობდა აგრეთვე ქართულ სულიერსა და მატერიალურ კულტურას (მისი მეშვეობით გახდა ცნობილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის მშვენება "შენ ხარ ვენახი"). ამის პარალელურად რომის ეკლესიასთან გაერთიანების სურვილი ქართველი მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და ერისკაცების თვალსაჩინო ნაწილმა გამოამჟღავნა. აქ პირველ ყოვლისა გელათის მონასტერი, ქუთაისის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ზოგიერთი მაღალი ავტორიტეტის პიროვნება მოიაზრება (ვარლამ ჩერქეზიშვილი და აკაკი წერეთელი). ისინი დაუკავშირდნენ მღვდ. მ. თამარაშვილს და მისი დახმარებით რომის პაპთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მაგრამ ამ აქტივობამ ნაყოფი ვერ გამოიღო (ვრცლად ამის შესახებ იხ.: ელდარ ბუბულაშვილის სადოქტორო ნაშრომი). ფაქტია, რომ ბრძოლა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის (1905-1917) ამ ეკლესიის კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოების სურვილის თანხლებით მიმდინარეობდა. ეს სურვილი არც მას შემდეგ განელებულა, რაც მიზანი მიღწეულ იქნა და 1917 წლის 12 (ახ. სტ. 25) მარტს ავტოკეფალიის განახლება გამოცხადდა. ამის მაგალითია ქართველ კათოლიკეთა კრება, რომელმაც დასვა საკითხი თბილისის კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრის აღდგენის თაობაზე, რასაც საქართველოს მართლმადიდებელი იერარქიაც მიესალმა. მოვისმინოთ ინფორმაცია და კომენტარი, რომელიც ამ საგანზე საზოგადოებას გაზეთმა "საქართველომ" მიაწოდა: "აპრილის 27 ქართველ კათოლიკეთათვის ისტორიულ დღედ ჩაითვლება. ამ დღეს ქართველ კათოლიკეთა დელეგატებმა დიდი საეკლესიო საკითხი გადაწყვიტეს. ეკლესიის გალავანში თავი მოიყარეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოსულმა დელეგატებმა. სულ მოგროვდა 49 დელეგატი, დროებით აღმასრულებელი კომიტეტი და დიდძალი ხალხი. საქმე ვედრებით დაიწყო. წირვას დაესწრნენ საქართველოს კათალიკოსის მოსაყდრე ლეონიდე, ეპისკოპოსი ანტონი და პიროსი და სხვ. კრება სკოლის დარბაზში გაიმართა... ქართული კულტურის ისტორიის წიგნში ქართველთა იმ ნაწილს, რომელსაც ქართველი კათოლიკენი ეწოდება, უსათუოდ საპატიო და საინტერესო ფურცლები აქვთ მიკუთვნილი. თუ ვინმეს ტანჯვა შეწირულა საქართველოს სამსხვერპლოზედ, იქ მათი მსხვერპლიც საკმაოთ სრული ყოფილა... თუ ვინმეს აქვს უფლება საქართველოში თავის თავს ქართველი უწოდოს _ ეს უფლება ქართველ კათოლიკეთ წამებით აქვთ მოპოვებული. ვისაც სურს მათს ქართველობაში დარწმუნდეს, მათს ყრილობას უნდა დაესწროს და მათ მოძღვრების სიტყვებს მოუსმინოს" (ლ. ჯაფარიძე, ქართველ კათოლიკეთა დელეგატებისა და დროებით აღმასრულებელ კომიტეტის წევრთა კრება. "საქართველო", 1917, 29.IV, #92). საბჭოეთი და პოსტსაბჭოეთი საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ რომის მისიამ ამ ქვეყანაში მოქმედება შეწყვიტა. პაპის რწმუნებული, კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპ. ნატალე გაბრიელ მორიონდო იძულებული გახდა 1921 წლის მარტში საქართველო დაეტოვებინა. ანტირელიგიურმა ისტერიამ კათოლიკეების მიმართ განსაკუთრებული ძალით იფეთქა, რადგან ისინი "იმპერიალისტური ევროპის" პოტენციურ მოკავშირეებად აღიქვეს. მათი ეკლესიები დაანგრიეს ანდა არადანიშნულებისამებრ გადააკეთეს (თბილისის პეტრე-პავლეს ეკლესიის გარდა), დააპატიმრეს და გაანადგურეს სამღვდელოების უმრავლესობა, 1937 წელს დახვრიტეს ეპისკოპოსოს მოვალეობის შემსრულებელი არქიმანდრიტი შიო ბათმანიშვილი, სასტიკი რეპრესიებისა და შანტაჟის პირობებში უხდებოდათ ცხოვრება გადარჩენილ მღვდლებს: დამიანე სააკაშვილს, ემანუელ ვარდიძესა და კონსტანტინე საფარიშვილს. სამშობლოში ვერ დაბრუნდა ცნობილი თეოლოგი და ქართველოლოგი პროფ. მღვდ. მიხეილ თარხნიშვილი (თითქმის მიუსაფრად გარდაიცვალა რომში 1958 წელს). მეორე მსოფლო ომის დროს და შემდგომ წლებში იმდენად გაუჭირდა თბილისის კათოლიკურ ეკლესიას, რომ იგი დახურვის საფრთხის წინაშე დადგა და დაიხურებოდა კიდეც, რომ კათალიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს არ გაეწოდებინა მისთვის დახმარების ხელი. პერესტროიკის დროს საბჭოთა იდეოლოგიის ადგილი საქართველოში მართლმადიდებლურმა ნაციონალიზმმა დაიკავა. შემუშავდა თვითდაჯერება, რომ თითქოს ერის მთლიანობის აუცილებელი პირობა მონოკონფესიურობაა. შესაბამისად, _ ყველა სხვადმადიდებელი, მათ შორის კათოლიკე, საქართველოსათვის უცხო და არასასურველ სხეულად გამოცხადდა. ამ რწმენით განსაკუთრებით პოლიტიკურ მოძრაობათა აქტივისტები განიმსჭვალნენ. მათ სასწრაფოდ დაიკავეს თითქმის ყველა შენობა, რაც ადრე კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა, კერძოდ, უდეს, ივლიტის, ბათუმის, ქუთაისისა და გორის კათოლიკური ეკლესიები და ისინი მიმდებარე ნაგებობებითურთ მართლმადიდებელ სამრევლოებს გადასცეს. კათოლიკეებმა, ცხადია, თავი დაჩაგრულებად იგრძნეს და სამართალს მიმართეს, მაგრამ საქართველოს მართლმსაჯულებამ მათი არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. საერო და სასულიერო ზედაფენის წარმომადგენლები მათ დღესაც დაახლოებით იმას ეუბნებიან, რასაც ისინი ხელისუფლების მაღალი ეშელონებისაგან 18-19 წლის წინათ ისმენდნენ: "კათოლიკობა საქართველოში ხელს უშლის საქართველოს სულიერ მთლიანობას. ადრე კათოლიკეებს ფრანგებს გეძახდნენ. დღეს მოგმართავთ როგორც ქართველებს: დედა-სიონში იარეთ!" ("თბილისი", 1992, 26.VIII, #92, გვ.3). ასეთი იდეოლოგიური კლიმატის ფონზე წარიმართა პაპ იოანე-პავლე II-ის ვიზიტი თბილისში 1999 წლის 8-9 ნოემბერს. იმის მიუხედავად, რომ იგი საქართველოს პატრიარქმა ილია II-მაც მოიწვია, ამავე პატრიარქის იურისდიქციაში მყოფი მღვდლებისა და მათი სულიერი შვილების შესამჩნევმა ნაწილმა სტუმრის წინააღმდეგ დიდი საპროტესტო ტალღა ააგორა. მოეწყო აქციები, რათა არ შემდგარიყო 1. წირვა იქ, სადაც დაგეგმილი იყო, _ რიყეზე (ეს ასი ათასი მოწამის სისხლით გაპატიოსნებული მიწააო) და 2. ერთობლივი ლოცვა. ამ მოთხოვნებს პატრიარქიც დაეთანხმა, თუმცა საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რომის პაპთან თუ სხვა კათოლიკეებთან ერთად მას არაერთგზის ულოცია. იმჟამად კი მან და მისმა სინოდმა პაპი ცივად მიიღო; თუმცა რეზიდენციაში მიიწვიეს, მაგრამ ვიზიტის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით ასეთი "შეხსენება" და "გაფრთხილება" გაავრცელეს: კათოლიკეთა წირვაზე მისვლა ცოდვაა! ამის მიუხედავად სპორტის სასახლეში, სადაც წირვა შედგა, კაცი ადგილს ვერ იპოვიდა. საპატრიარქოს პოზიციას მაშინ ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა; ქუჩაშიც ხშირად გაიგონებდით: "ადამიანები ვართ და მხეცებივით არ უნდა ვიქცეოდეთ", "ვინც ახლა რომის პაპის წინააღმდეგია, ის ხელს უშლის ქართული სახელმწიფოს შექმნას", "დღევანდელი [მართლმადიდებელი] ეკლესია უფრო მკალავიშვილისეულია, ვიდრე დავით აღმაშენებლისეული" ("ახალი თაობა", 1999, 10.XI, #310). გამოკითხვამაც აჩვენა, რომ ეს ვიზიტი საქართველოს მოსახლეობის 79,3 პროცენტმა დადებითად შეაფასა ("საქართველოს რესპუბლიკა", 1999, 11.XI, #306). რას გვეტყოდნენ წინაპრები? ანტიკათოლიკური და, ზოგადად, ანტიდასავლური განწყობილებები საქართველოში დღესაც ეროვნული ინტერესების დაცვის იარლიყით ინერგება. ავრცელებენ ხმებს, რომ ჩვენი ღირსი მამები და საამაყო წინაპრები ამავე პლატფორმაზე იდგნენ და ამავე სტილის მართლმადიდებლები იყვნენო. საკმარისია თვალი გადავავლოთ ისტორიის ფურცლებს, რომ დავრწმუნდეთ: კათოლიკეთა მიმართ უარყოფითი ემოციები და ქმედებები ჩვენს წარსულშიც არაერთგზის გამოვლენილა, მაგრამ, კორნელი კეკელიძის ზემოთ დამოწმებული სიტყვები რომ გავიხსენოთ, მათ "უკიდურესი ხასიათი და გონჯი ფორმა" არ მიუღიათ. განსხვავება ისაა, რომ ამ გამოვლინებებმა ბოლო დროს "უკიდურესი ხასიათი და გონჯი ფორმა" მიიღო. ესაა ტენდენცია, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩვენი ღირსი მამების, ღირსი დედებისა და საამაყო წინაპრების კულტურასთან, პოზიციასა და მსოფლმხედველობასთან. ამის მაგალითი გახლავთ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონი (საძაგლიშვილი), რომელიც წმინდანადაა შერაცხილი მღვდელმოწამის პატივით. აი, რა მისწერა მან რომის პაპს აღსაყდრებიდან (1917 წლის 14 ოქტომბერი) რამდენიმე დღის შემდეგ: "განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე(მ) და ანდრია(მ), პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი... გარდახდეს წელნი მრავალნი და შურითა ეშმაკისაითა განიხეთქა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნეობისაი, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავალისა და დასავალისასა. გარნა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებელად იღვწოდეს საფარველსა ქვეშე ქართველთა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩვენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქამომდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენის უწმიდესობისასა. დღესა ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი არა შეიწრებულ იქმნებიან გულსა შინა ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმიდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა" (პაპუაშვილი 2004). ეს არა მარტო დაპირება, არამედ ანდერძიცაა შთამომავლობისათვის. ლიტერატურა: მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თფ., 1902. მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995. მ. თარხნიშვილი, წერილები, თბ., 1994. ა. კარტაშევი, ეკლესიათა ერთობა ისტორიის გადმოსახედიდან. ეკლესიის საზღვრები, თბ., 2000. კ. კეკელიძე, მიტაცება ბერძენთა მიერ ქართული ლიტერატურული კერისა ათონზე და მისი მდგომარეობა მე-16-17 საუკუნეებში. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, III, თბ., 1955. კ. კეკელიძე, ნაწყვეტები ქართული აგიოგრაფიის ისტორიიდან (ცხოვრება ილარიონ ქართველისა). მისივე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, IV, თბ., 1957. თ. კოჭლამაზაშვილი, ა. ღამბაშიძე, ათანასე ალექსანდრიელის სიმბოლოს ძველი ქართული თარგმანი. მრავალთავი, XVIII, თბ., 1999. ი. ლოლაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მოღვაწეობიდან (1698-1713 წწ.), თბ., 1959. ბ. ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), I, თბ., 1966. ლ. მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, II, თბ., 1980. მ. მჭედლიძე, ერთი ბერძნული წყაროს ცნობები ფერარა-ფლორენციის კრებაზე ქართველთა მონაწილეობის შესახებ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "დიდაჭარობა". ხულო-დიდაჭარა. 2009 წლის მაისი (მასალები). მ. პაპაშვილი, საქართველო-რომის ურთიერთობა VI-XX სს.,. თბ., 1995. ნ. პაპუაშვილი, მსოფლიო რელიგიები საქართველოში, თბ., 2002. ნ. პაპუაშვილი, წმ. კირიონ II-ის წერილი პაპ ბენედიქტე XV-ს. "დიალოგი", 2004, #1. ლ. ქუთათელაძე, ს.-ს. ორბელიანის კონფესიური შეხედულებანი მისი ლექსიკონის მიხედვით. მრავალთავი III, თბ., 1973. შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979. ძველი ქართული აგიოგრაფიული ძეგლები, წ. II (XI-XV სს.), თბ., 1967.