ძებნა
'ნიკოლა' ძებნის შედეგები.
-
3. მეტალისტი და მონეტარისტი, before it was cool რა თქმა უნდა, ორემი არ ყოფილა პირველი ადამიანი, ვინც ფულის რაობას დაუთმო დრო, მელანი და ეტრატი[1] – სულ რამდენიმე საუკუნე გავიდა ფულის წარმოშობიდან, რაც ძველ საბერძნეთში მისი წარმოშობის ისტორიების და თეორიების შექმნა დაიწყო. შუა საუკუნეების სქოლასტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რაღა თქმა უნდა, არისტოტელეს იდეები. თომა აქვინელმა, რომელმაც, ფაქტობრივად, შეაუღლა[2] ქრისტიანობა და სტაგირიტი[3], ამ უკანასკნელიც ეკონომიკური იდეებიც გაიზიარა და გააზიარა; განსაკუთრებით, იმ ნაწილში, რაც კერძო საკუთრებას, სიმდიდრეს და მევახშეობას ეხებოდა. ამავე ტრადიციას მიყვებოდა ორემის უკვე ნახსენები მასწავლებელი, ჟან ბურიდანიც. მაგრამ ორემი იყო პირველი, ვინც ფულს ცალკე ნაშრომი დაუთმო და არა რამდენიმე აბზაცი ან, თუნდაც, გვერდი, უფრო ზოგადი თემატიკის წიგნში, რითაც საკმაოდ საინტერესო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი[4]. ის, ასევე, პირველი იყო, ვინც მხოლოდ არისტოტელეს არ ეყრდნობოდა[5]. თავად არისტოტელე ფულის შესახებ ორი განსხვავებული წარმოდგენის საფუძველია: პირველის მიხედვით, ხელისუფალი განსაზღვრავს და უზრუნველყოფს ფულის ღირებულებას, ხოლო მეორის მიხედვით ფულის ღირებულება უკავშირდება იმ ძვირფასი ლითონის ღირებულებას, რომლისგანაც ის დამზადებულია. Doctor Angelicus[6] პირველ წარმოდგენას ემხრობოდა, ხოლო ნომინალისტი ორემი – მეორეს[7]. მეტიც, ორემი აქტიურად უპირისპირდება იდეას, რომ ფულის ღირებულება და რაობა მხოლოდ ხელისუფლის (ზოგჯერ – არცთუ კეთილ) ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, ჟან მეორის დაკვეთილი იყო ორემის ტრაქტატი, თუ მან თავისი ნებით გადაწყვიტა მისი დაწერა, მისი დაწერა მეტად დროული იყო – როგორც წინა პოსტში აღვნიშნე, ფილიპ VI ვალუას და მისი შვილის, ჟანის „მონეტარული პოლიტიკა“, რბილად რომ ვთქვათ, ქაოტური იყო. ეს პოლიტიკა მეფეების სრული დისკრეციით ტარდებოდა და ორემის წინასიტყვაობაც, გაკვრით, ამას ეძღვნება: „ზოგი თვლის, რომ ნებისმიერ მეფეს ან ხელისუფალს შეუძლია, საკუთარი ძალაუფლებით, კუთვნილი უფლებითა ან პრეროგატივით თავისუფლად შეცვალოს ფულის მიმოქცევა მის სამეფოში, ისე დაარეგულიროს ის [ფული], როგორც სურს და მიითვისოს შედეგად მიღებული ნებისმიერი მოგება თუ სარგებელი; სხვები კი საწინააღმდეგო აზრის არიან“[8]. ის იმედს გამოთქვამს, რომ მისი ნაშრომის შედეგად „ყველა ექსპერტი[9] ერთ აზრზე დადგება… რომელიც მომგებიანი იქნება როგორც ხელისუფალთათვის, ისე ქვეშევრდომთათვის, და მთლიანად ქვეყნისთვის“. ტრაქტატის პირველი რამდენიმე თავი ეთმობა ფულის ისტორიას – არისტოტელეს[10] მსგავსად, ორემს გამოჰყავს ფულის შექმნის საჭიროება ბარტერის სირთულეებიდან. თუმცა, ის ხაზს უსვამს იმას, რომ ფული მხოლოდ ხელოვნური ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია, როგორც გაცვლის საშუალება და გაცვლისგან განყენებულად გამოუსადეგარია. ამასთან, ფულის დასამზადებელი მასალა უნდა იყოს მსუბუქი, ადვილად დამუშავებადი და მისი მცირე ოდენობა საკმარისი უნდა იყოს დიდი რაოდენობით საქონლის საყიდლად – საუკეთესო ვარიანტად ორემი ასახელებს ოქროს. მაგრამ ის აქვე სძენს, რომ მასალა საკმარისი ოდენობით უნდა არსებობდეს – თუ ოქრო არაა საკმარისი, ვერცხლი უნდა „დავახმაროთ“ და თუ არც ეს გვყოფნის – მაშინ სპილენძი ან მისი შენადნობი უნდა გამოვიყენოთ[11]. ორემის ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომელიც, დიდი ალბათობით, სრულიად გაუგებარი იქნებოდა შუა საუკუნეების ადამიანებისთვის, ეხება ფულისთვის განკუთვნილი მასალის ოდენობას – „მიზანშეუწონელია, რომ ფულის მასალა უხვად გვქონდეს“. ის არ ახსენებს ინფლაციას, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ სწორედ ამ მიზეზით ბრინჯაო აღარ გამოიყენებოდა, როგორც ფული[12]. სანამ თავისი ტრაქტატის ძირითად კითხვაზე გადავიდოდეს, ორემი ახსენებს მონეტების, მათი ფორმისა და დიზაინის მნიშვნელობას და ხელისუფლის მოვალეობას, მოჭრას მონეტა საზოგადოებისთვის. და შემდეგ სვამს კითხვას: ვინ ფლობს ფულს? მისი პასუხი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ნაშრომის დარჩენილ ნაწილს მოიცავს, თითქოს მარტივია – ხელისუფლის მოვალეობა უზრუნველყოს მონეტის მოჭრა და მისი საკუთარი ბეჭდით/შტამპით მარკირება არ ნიშნავს, რომ ის ამ ფულის მფლობელია. ფული არის ბუნებრივი დოვლათის (იგივე, საქონლის) გაცვლის საშუალება, ამიტომ ფულს ფლობს ის, ვინც ფლობს ამ დოვლათს – თუკი ადამიანი[13] ცვლის თავის საქონელს ან მომსახურებას ფულში, ის ფული მისია. და რადგან უფალმა საკუთრების უფლება არა მხოლოდ ხელისუფალს მისცა, არამედ ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს – ფული ეკუთვნის მთლიანად საზოგადოებას. თუმცა ის დასძენს, რომ, რაკი საზოგადოება აკისრებს ვალდებულებას ხელისუფალს მოჭრას ფული, მას აქვს უფლება მიიღოს გარკვეული ანაზღაურება[14], რომელიც უნდა იყოს ზომიერი და არ აზარალებდეს მთლიანად საზოგადოებას. მერვე თავში ორემი გადადის იმ საკითხზე, რომელმაც გამოიწვია მთლიანად ამ ტრაქტატის დაწერა – ფულის ცვლილებებზე. ის თავიდანვე ამბობს, რომ ფული არ უნდა იცვლებოდეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს აბსოლუტურად აუცილებელია ან მთლიანად საზოგადოებისთვის სასარგებლო იქნება. მას მოჰყავს საკმაოდ დეტალური კლასიფიკაცია ფულის ცვლილებებისა – ცვლილებები ფორმაში, ლითონების ფარდობაში, ღირებულებასა და დენომინაციაში, ოდენობასა ან წონაში და მასალაში ან ასეთი ცვლილებების რაიმე სახის კომბინაცია[15]. ცვლილებები ფორმაში (დიზაინსა და მარკირებაში) ორემისთვის დასაშვებია, როდესაც ქვეყანაში იზრდება ყალბი ფულის ოდენობა ან ძველი ფული, ცვეთისა და სხვა მიზეზების გამო ფუჭდება. ამ შემთხვევაში მიმოქცევაში არსებული ფული უნდა აიკრძალოს და მოიჭრას ახალი, ახალი დიზაინითა და მარკირებით. სხვა შემთხვევაში ფორმის ცვლილება არასაჭირო და დამაზიანებელია საზოგადოებისთვის. ცვლილებები ლითონების ფარდობაში – რამდენი ერთეული ვერცხლი შეესაბამება ერთ ერთეულ ოქროს – ორემისთვის დასაშვებია იმდენად, რამდენადაც იცვლება „ბუნებრივი ფარდობა“ ამ ორ ლითონს შორის, რომელიც შეიძლება იყოს დამოკიდებული, მაგალითად, ახალი საბადოების აღმოჩენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ხელისუფალი დაადებს ოქროს დაბალ ფასს ვერცხლის ერთეულებში, იყიდის მთელ ოქროს იაფად და შემდეგ დააბრუნებს პირვანდელ თანაფარდობას, ის უბრალოდ მიითვისებს ქვეშევრდომთა ფულს, რაც „უსამართლო გამოძალვა და ფაქტობრივი ტირანია იქნება[16]“. ორემი განსაკუთრებით გმობს ცვლილებებს წონაში – როდესაც ამავდროულად არ იცვლება ფულის ერთეულის დასახელება. მისი აზრით, ხელისუფლის სახელი/მარკირება უნდა იძლეოდეს მონეტის წონისა და სტანდარტის გარანტიას და ამიტომ, „ვერც ერთი სიტყვა გამოხატავს, თუ რამდენად უსამართლო და აღმაშფოთებელია, ხელისუფლისგან განსაკუთრებით, წონის შემცირება დენომინაციის ცვლილების გარეშე“. მასალის ცვლილებაზე საუბრისას, ორემი კვლავ ახსენებს არასაკმარისობის/სიჭარბის პრობლემებს და ასეთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევებში მასალის ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევს. სხვა მხრივ, მასალის შეცვლა, თუნდაც ხელისუფლის მიერ, გაყალბების ტოლფასია და მხოლოდ მთლიანად საზოგადოების თანხმობით უნდა ხდებოდეს[17]. რა შეიძლება მოჰყვეს ასეთ ცვლილებებს? ფული კარგავს თავის, როგორც ღირებულების საზომის ფუნქციას; მისი, როგორც გაცვლის საშუალების გამოყენება რთულდება; მცირდება ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის შიგნით და აღარც უცხოელი ვაჭრები ჩამოდიან. თუ ირღვევა ოქროსა და ვერცხლის თანაფარდობა, ის ლითონი, რომელიც უფრო ძვირად ფასობს, ქვეყანას ტოვებს და ქვეყანაში მხოლოდ ცუდი და ყალბი ფული რჩება[18]. მას შემდეგ, რაც ორემმა დეტალურად აღწერა ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთოს ხელისუფალმა ფულთან მიმართებაში, ის გადადის იმის დასაბუთებაზე, რომ ასეთი ქმედებები ყოველთვის დაუშვებელი და ტირანულია. პირველ რიგში ის ამბობს – „ერთადერთი და ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება მიითვისოს ხელისუფალმა მონეტის ცვლილების ძალაუფლება, არის მოგება და სარგებელი, რომელიც მან ასე შეიძლება ნახოს“. და ასეთი სარგებელი უსამართლოა, რადგან ის (ყველა ზემოხსენებულ შემთხვევაში) წარმოადგენს გაყალბებას და ტყუილს, რომელიც არ შეიძლება წარმოადგენდეს ხელისუფლის უფლებას. „და თუ ის ტირანის ჩვეულ ტყუილს გვეტყვის, რომ ამას საზოგადოების საკეთილდღეოდ შვრება, არ უნდა დავუჯეროთ, რადგან ასე მან ჩემი ქურთუკი[19] შეიძლება აიღოს და გამოაცხადოს, რომ საზოგადოების კეთილდღეობისთვის სჭირდება“. და არც მცირე ცვლილებებს უნდა დათანხმდეს საზოგადოება, რადგან ხელისუფალი არ გაჩერდება მცირე ცვლილებებზე და საბოლოოდ თავისი ქვეშევრდომების ფულს სრულიად მიითვისებს, რაც იქნება ჭეშმარიტი და აბსოლუტური ტირანია. ორემისთვის, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ტირანისა და ხელისუფლის, ცუდი მთავრობის და კარგი მთავრობის დაპირისპირება. მისთვის მონეტის დეგრადაცია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ტირანიის მაჩვენებელია. ის, ასევე, აფრთხილებს მკითხველს – „რადგან მეფის ძალაუფლება, როგორც წესი, მარტივად იზრდება, დიდი სიფრთხილითა და მუდმივი გულისყურით, მეტიც, უკიდურესი კეთილგონიერებითა და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რათა ის არ გადაიქცეს ტირანიად“. უტრირება რომ გვინდოდეს, ორემი დღევანდელ მინარქისტებსაც[20] კი შეგვიძლია შევადაროთ – „ხელისუფალმა არ უნდა გაზარდოს თავისი ძალაუფლება ქვეშევრდომებზე, არ უნდა დაბეგროს ზედმეტად, არ უნდა წაართვას საქონელი, უნდა მისცეს უფლებები და არ უნდა ჩაერიოს მათში [ამ უფლებებში]… უნდა მხოლოდ ის ძალაუფლება გამოიყენოს, რომელიც შეზღუდულია კანონითა ან ადათით. რადგან, როგორც არისტოტელე იტყოდა, მცირე რამ უნდა რჩებოდეს მოსამართლისა ან ხელისუფლის დისკრეციაში“. ორემისთვის კანონი უზენაესია[21] და ხელისუფალზე მაღლაც დგას, ხელისუფალი, რომელიც მისსავე შექმნილ კანონს არ ემორჩილება – ტირანია; მხოლოდ ტირანმა შეიძლება ერთდროულად დასაჯოს ყალბი ფულის მჭრელი და თვითონ შეცვალოს ფული. მას სრული აღფრთოვანებით მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოლიტიკიდან“, სპარტელების მეფე თეოპომპუსის შესახებ, რომელმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა მეფის (საკუთარი) ძალაუფლება სპარტაში, და ცოლის საყვედურს, ნუთუ არ რცხვენია, რომ შვილებს უფრო სუსტ მეფობას გადასცემს, უპასუხა – სამაგიეროდ უფრო მუდმივს. ორემი გაკვრით ეხება კიდევ ერთ, იმ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვან და წინააღმდეგობრივ საკითხს – მევახშეობას. ის ეთანხმება არისტოტელეს და თომა აქვინელს იმაში, რომ მევახშეობა არაბუნებრივია, რადგან ფული მხოლოდ ბუნებრივი საქონლის გაცვლისთვის და გამრავლებისთვის უნდა გამოიყენებოდეს და არა საკუთარი თავის. მაგრამ ის აგრძელებს ამ არგუმენტს და ამბობს, რომ თუკი ფულის გაცვლა[22] დასაგმობია და მევახშეობა – ცუდი, ფულის ცვლილება უარესია. ორემის დასაბუთება ისაა, რომ მევახშესა და მის კლიენტს შორის შეთანხმება მათ თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული, ხოლო ზედმეტი თანხა, რომელსაც კლიენტი მევახშეს უხდის – მათ შორის დადებულ ნებაყოფლობითი კონტრაქტის შედეგია[23]. ამავე დროს, ხელისუფლის მიერ მონეტის დეგრადაცია მისი ქვეშევრდომების ნების საწინააღმდეგოა და, ამდენად, მევახშეობის მსგავსად არაბუნებრივი და მასზე უარესი. გამომდინარე იქიდან, რომ მეფე ჟანი, როგორც ვნახეთ, ხშირად მიმართავდა ფულის გაკეთების ამ გზას, ორემი საკმაოდ რისკავს, როდესაც ამ თავს ასრულებს სიტყვებით „ვეჭვობ, ხომ არ უნდა დაერქვას ამას [ფულის დეგრადაციას] ძარცვა ძალადობის თანხლებით ან თაღლითური გამოძალვა.“ ორემი სრულად არ გამორიცხავს ფულის ცვლილების საჭიროებას – მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ცვლილება მოხდეს მხოლოდ საზოგადოების და არა ხელისუფლის საჭიროებებიდან და თანხმობიდან გამომდინარე, რადგან ფული, როგორც უკვე ითქვა, ეკუთვნის საზოგადოებას და მხოლოდ მას. ასეთ საჭიროებად მას აქტუალური მაგალითი მოჰყავს – ომი ან ხელისუფლის გამოსყიდვა ტყვეობიდან[24]. მნიშვნელოვანია, რომ თუკი მთლიანად საზოგადოება თანხმდება ასეთ ცვლილებაზე – ის მთლიანად იღებს საკუთარ თავზე შედეგს და ვერავინ, ვერც სასულიერო პირი და ვერც დიდგვაროვანი დააღწევს თავს „საფასურის გადახდას“, განსხვავებით იმ შემთხვევებისგან, როდესაც, მაგალითად, ომისთვის საჭირო ფულის შეგროვება გადასახადების დაკისრებით ხდება და შესაძლებელია, საკუთარი პრივილეგიების გამოყენებით გადასახადების გადახდისგან თავის არიდება. მისთვის ფულის ცვლილება უნივერსალურია – და სწორედ ამიტომ ყველა უნდა იყოს თანახმა ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე. ტრაქტატის ბოლო თავებს ორემი უთმობს გაფრთხილებას: ფულის დეგრადაცია ტირანიის ტოლფასია, ხოლო ტირანი, ხელისუფალი, რომლისთვისაც საკუთარი კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი ქვეშევრდომებისა, დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას; ქვეყანა კი, რომელსაც ტირანი მართავს – განადგურდება. მისთვის ჭეშმარიტი მეფე ის ხელისუფალია, რომელიც ყოველ თავის ქვეშევრდომზე დიდი და ძლიერია, მაგრამ უფრო სუსტი და ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოება მთლიანად. ბოლო, 26-ე თავში, სადაც ის აცხადებს, რომ ფულის დეგრადაცია პატიოსნების შემლახველია არამხოლოდ ხელისუფლისთვის, არამედ მისი შთამომავლობისთვისაც, ის პირველად ახსენებს ფრანგებს, ამბობს რა „უფალმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ფრანგთა თავისუფალი გულები ისე გადაგვარდეს, რომ ისინი [ფრანგები] ნებით გახდნენ მონები; ამდენად, ფრანგების თავზე მოხვეული მონობა დიდხანს ვერ გასტანს“. მისთვის ფულის დეგრადაცია ტოლფასია ტირანიის, ტირანია კი, მონობის თავზე მოხვევის. ამიტომ ის, ვინც ფულის დეგრადაციას მიჰყოფს ხელს, ქვეყანას საფრთხის წინაშე აყენებს. მთლიანობაში, ორემის ტრაქტატი ერთ კითხვას უპასუხოდ ტოვებს. როგორც ვნახეთ, ის ასკვნის, რომ სუვერენს უნდა შეეზღუდოს შესაძლებლობა ცვალოს ფული მისი სურვილისამებრ და ეს შესაძლებლობა მხოლოდ საზოგადოებას უნდა გააჩნდეს. ამ შესაძლებლობის დაშვებაც კი გულისხმობს გარკვეულ მოქნილობას „მონეტარულ პოლიტიკაში“ – თუკი ქვეყანაში ფულის დეფიციტი იქმნება, უნდა არსებობდეს ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა. ვიღაცას და რაღაცნაირად უნდა შეეძლოს ფულის მიწოდების ცვლილება – მაგრამ ვის და როგორ[25]? – ამაზე ორემი დუმს. და არა მხოლოდ ორემი – ცენტრალური ბანკების შექმნამდე, რომლებიც, იდეალურ ვარიანტში, საზოგადოების წარმომადგენლები არიან, ამ ფუნქციის შესრულება არ ყოფილა ვინმეზე დაკისრებული. ორემი, სავარაუდოდ, არ ყოფილა პირველი მოაზროვნე, რომელიც ხელისუფლის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვაზე წერდა. არც პირველი იყო, ვინც ამ კონტექსტში ფულს და მის დეგრადაციას განიხილავდა. მაგრამ ის პირველი იყო, ვინც დეტალურად განიხილა კავშირი ფულს, ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის; პირველი, ვისთვისაც ფული იყო ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფალსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის შესწავლაში დაეხმარა; პირველი, რომელიც დაფიქრდა მონეტარული პოლიტიკის რაობაზე (თუნდაც ეს ტერმინი არ ეხსენებინოს); პირველი, რომელმაც მონეტარული სისტემა განიხილა, როგორც ეროვნული ინტერესის საგანი. მას, შესაძლოა, წმინდა ეკონომიკური არგუმენტი ბევრი არ აქვს, მაგრამ ის მნიშვნელობა, რომელსაც ის ანიჭებს მონეტარულ სისტემას და დასკვნა, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა იყოს შემოსავლის წყარო არც ერთი ცალკე აღებული, რაგინდ დიდი ძალაუფლების მქონე ადამიანისთვის – ეს არის ის, რის გამოც ორემი ყოველთვის იქნება ეკონომიკის ისტორიის სათავეებში. და ის ფაქტი, რომ შარლ მეხუთის დროს მონეტარული სისტემა სტაბილური იყო და მეფეს ფულის დეგრადაცია არ უცდია – ორემის საუკეთესო აღიარებაა. [1] ბურიდანის და ორემის დროს ქაღალდი უკვე მეტ-ნაკლებად ფართოდ გამოიყენებოდა ევროპაში (ფაბრიანოში, იტალიაში, მეცამეტე საუკუნის ბოლოსკენ, წელიწადში მილიონობით ფურცელი იწარმოებოდა), თუმცა ეტრატი უფრო ლამაზად ჟღერს. თან, დღესაც კი, ბრიტანეთში საკანონმდებლო აქტები ინახება ეტრატზე. [2] აქვინელი არ ყოფილა პირველი ადამიანი ქრისტიანულ სამყაროში, ვინც ამას ეცადა. დაახლოებით საუკუნე ნახევრით ადრე პიერ აბელარმა სცადა არისტოტელეს რაციონალიზმი შემოეტანა თეოლოგიაში, მაგრამ, როგორც ჩანს, იმდროინდელი ევროპისთვის ეს ნაადრევი იყო და, საბოლოო ჯამში, ის მწვალებლად შერაცხეს. ჩემი აზრით, აბელარი თავისი დროის ყველაზე საინტერესო მოაზროვნე იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეკონომიკაზე არაფერი დაუწერია. [3] ძირძველი ტრადიციაა, ყოველთვის სახელით მოხსენიების მაგივრად, დროდადრო, დაბადების ადგილით მოვიხსენიოთ. აქვინელი, საერთოდ, მხოლოდ ფილოსოფოსს ეძახდა. [4] ამ ტრადიციაში საპატიო ადგილს იკავებს მიკოლაი კოპერნიკი, საკუთარი ტრაქტატით ფულის შესახებ (Monetae cudendae ratio, 1517-1528). სამწუხაროდ, ტრაქტატის ჩემთვის ხელმისაწვდომი ვერსია (ანუ, ინგლისური, ქართული ან რუსული თარგმანი) ვერ მოვიძიე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნამდვილად ცალკე პოსტს დაიმსახურებდა, როგორც ეკონომისტი. [5] თუმცა ტექსტში მრავლადაა არისტოტელეს ხსენება და ციტატები. [6] თომა აქვინელის მეტსახელი, ანგელოზური დოქტორი, არ ჟღერს ქართულად მაინცდამაინც ლამაზად, არა და მინდოდა, ჩამეკვეხებინა. [7] იმის განხილვა, თუ რით განსხვავდებოდა აქვინელის, ბურიდანის და სხვა სქოლასტების წარმოდგენა ფულის შესახებ ორემის იდეებისგან, შორს წაგვიყვანს. ამ მოსაზრებების მოკლე მიმოხილვა აქვს, მაგალითად, ანდრე ლაპიდუსს (Lapidus, 1997) ან ადამ ვუდჰაუსს (Woodhouse, 2017). [8] ორემის ტრაქტატის ქართული თარგმანი, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს. ამდენად, ყველა ციტატა ჩემი თარგმნილია ჩარლზ ჯონსონის ინგლისური თარგმანიდან (Oresme/Johnson, 1956). აქვე აღვნიშნავ, რომ ლათინურ სიტყვას princeps, რომელსაც ჯონსონი თარგმნის, როგორც prince, მე ვთარგმნი როგორც „ხელისუფალი“, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველის ამ სახელწოდების ტრაქტატი ხშირად ითარგმნება, როგორც „მთავარი“. [9] ლათინურად – omnes prudentes; ორემისთვის სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა ამ ტერმინის დეგრადაცია 21-ე საუკუნის საქართველოში… [10] რომელიც, ეკონომიკის საფუძვლების დღევანდელი სახელმძღვანელოების მსგავსად, ცდება. [11] ეკონომისტების ენაზე რომ ვთქვათ, ორემი ამბობს, რომ ეკონომიკა საკმარისად მონეტიზებული უნდა იყოს. [12] ამაში ის ოვიდიუსის „ფასტებს“ ეყრდნობა. [13] ორემი, იმ დროისთვის პოლიტკორექტულად, ამატებს „თუ ის მონა არაა“ [14] ორემი ერთ გადასახდელში აერთიანებს წინა პოსტში ნახსენებ სენიორაჟსა და ბრასაჟს [15] უნდა ითქვას, რომ ორემი განასხვავებს წინა პოსტში ნახსენებ აგრესიულ და თავდაცვით დეგრადაციებს და უკანასკნელის შემთხვევაში დასაშვებად მიიჩნევს მას. მაგრამ არასდროს – მხოლოდ ხელისუფლის ნებით. [16] სიტყვა ტირანია ტრაქტატში პირველად სწორედ აქ გვხვდება (თავი X); ორემი მას კიდევ ბევრჯერ გამოიყენებს. [17] საინტერესოა, რომ ორემის იდეაა, თუკი მონეტა იჭრება არა სუფთა ლითონისგან, არამედ შენადნობისგან, რომ რაიმე საჯარო ადგილას/ადგილებში ინახებოდეს ასეთი მონეტის ეტალონი (შენადნობის ხარისხისა და მონეტის წონის შესადარებლად), რათა აღიკვეთოს ხელისუფლისგან („უფალმა დაგვიფაროს“ ამატებს ორემი) ან ფულის მჭრელებისგან ფულის გაყალბების მცდელობა. [18] არსებობს მოსაზრება, რომ ორემმა ორი საუკუნით ადრე აღმოაჩინა გრიშემის კანონი – „ცუდი ფული განდევნის კარგს“. კონკრეტულად ეს მონაკვეთი უბრალოდ ოქროს ექსპორტს ეხება და არა იმას, რომ ორი ტიპის მონეტის – კარგის და ცუდის – მიმოქცევის შემთხვევაში, ადამიანები დაიწყებენ კარგი ფულის დაგროვებას და მიმოქცევაში მხოლოდ ცუდი ფული დარჩება. გრიშემის კანონი მართლაც გრიშემამდე იყო ფორმულირებული – ოღონდ კოპერნიკის მიერ. [19] ლათინურ ორიგინალში – ტუნიკა. [20] მცირე მთავრობის მომხრეებს [21] ის წერს „არსებული კანონები, წესები, ადათები თუ განკარგულებები, რომლებიც საზოგადოებაზე ახდენს გავლენას … არ უნდა შეიცვალოს აშკარა საჭიროების გარეშე“. ქვეყანაში ფულის მიმოქცევა და ღირებულება მისთვის ფიქსირებული კანონია. [22] იგივე „ვალუტჩიკობა“ [23] დიახ, ლიბერტარიანელებს უყვართ ორემი. [24] მოგეხსენებათ, იმ პერიოდში მძვინვარებდა ასწლიანი ომი, ხოლო მეფე ჟანი იმყოფებოდა ტყვეობაში ინგლისში და დოფინს დიდძალი გამოსასყიდის შეგროვება მოუწია. [25] ორემს მოჰყავს ციტატა ოსტგოთი ისტორიკოსის, კასიოდორუსის წიგნიდან, რომლის მიხედვითაც, მეფე თეოდორიხმა, როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დადგა, ბრძანა საფლავებში „ჩატანებული“ ოქროსა და ვერცხლის ექსგუმაცია და მონეტების მოჭრა. საეჭვოა, რომ ორემი ამას მონეტარული პოლიტიკის რეკომენდაციად მიიჩნევდეს.
-
2. მონეტარული პოლიტიკა შუა საუკუნეებში მონეტარული მოვლენები სეისმოგრაფივითაა, რომელიც არა მხოლოდ არეგისტრირებს მიწისძვრებს, არამედ ზოგჯერ იწვევს კიდეც მათ. მარკ ბლოკი[1] ვიდრე ეკონომიკაში ორემის წვლილზე გადავიდოდით, უპრიანი მგონია, შუა საუკუნეების ფულის და მონეტარული მოწყობის მცირე მიმოხილვა შეგთავაზოთ. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველ რიგში, არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ფულის მოჭრა შუა საუკუნეებში სრულიად სხვა პრინციპებითა და კანონზომიერებებით ხასიათდებოდა – ეკონომიკის კანონები მეტ-ნაკლებად უნივერსალურია[2]. მაგრამ, თუკი დეკრეტული ფულის[3] დღევანდელი სისტემა საკმაოდ ხისტ ჩარჩოშია მოქცეული[4] (იგივე შეიძლება ითქვას მის წინამორბედზე – დღეს უკვე მოძველებულ ოქროს სტანდარტზე), შუა საუკუნეებში „მონეტარული პოლიტიკა“ ხშირად დამოკიდებული იყო ხელისუფლის კაპრიზებზე. და მეორე: სწორედ ასეთი კაპრიზების შედეგია ორემის ტრაქტატი – მცდელობა დაარწმუნოს ხელისუფალი, რომ ფული და გადაწყვეტილებები მასთან დაკავშირებით მხოლოდ სუვერენს არ უნდა ეკუთვნოდეს. ამიტომ ორემის ტრაქტატის განხილვა მხოლოდ შუა საუკუნეების „მონეტარული პოლიტიკის“ ჭრილში არის შესაძლებელი[5]. რომის იმპერიაში[6], მისი არსებობის ბოლოსკენ, ფულის ძირითადი სახეობა იყო ოქროს სოლიდუსი, რომელიც კონსტანტინე დიდმა შემოიღო, და სხვადასხვა ტიპის სპილენძის ხურდა ფული[7], რომელთაგან მეხუთე საუკუნის შუისკენ შემორჩა ნუმუსი – 1/7200 სოლიდუსი[8]. საუკუნის ბოლოსკენ ზარაფხანებმა 40 ნუმუსიანი მონეტების – ფოლისების მოჭრა დაიწყეს, რომლებიც მალე გაცვლის ძირითადი საშუალებაც გახდა. მიუხედავად დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისა, ფულის მოჭრა არ შემწყდარა[9] და მეროვინგებიც და ვიზიგოთი მეფეები აგრძელებდნენ მონეტების მოჭრას[10]. ამასთან, დროთა განმავლობაში, ოქრო გავიდა ხმარებიდან და დაახლოებით 5 საუკუნის მანძილზე, 1250-იან წლებამდე[11], დასავლეთ ევროპის ფეოდალური სახელმწიფოები მხოლოდ ვერცხლის ფულს ჭრიდნენ[12]. ფრანკების იმპერატორის, კარლოს დიდის (შარლემანის) რეფორმის შედეგად ვერცხლის ერთი გირვანქა[13] დაიყო 20 სოლიდუსად; სოლიდუსი კი, თავის მხრივ გაუტოლდა ვერცხლის 12 დენარიუსს. სწორედ აქედან მოდის კავშირი: 1 გირვანქა = 20 შილინგი = 240 პენსი, რომელიც უცვლელი იყო არათუ მთელი შუა საუკუნეების მანძილზე, არამედ ნაპოლეონის 1795 წლის რეფორმებამდე[14], მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ წონის ერთეულთან ამ ფარდობებს, შესაძლოა, კავშირი აღარ ჰქონოდა. საბოლოო ჯამში, დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა მონეტარული სისტემა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა რომაულ-ბიზანტიურისგან და დაფუძნებული იყო ვერცხლის პენსზე/დენიეზე – დიდი ხნის მანძილზე მიმოქცევაში არსებულ ერთადერთ მონეტაზე. ნიკოლა ორემის ტრაქტატიც სწორედ ამ სისტემის ჩარჩოში არის მოქცეული. მაგრამ განსხვავება დღევანდელ და შუა საუკუნეების სისტემებს შორის არა მხოლოდ თვლის ფუძეშია (კელტურ-ბაბილონური 240 იქნება, თუ ნაპოლეონის 100 – ეს ხომ მხოლოდ ფორმალობაა). ის გაცილებით უფრო ძირეულია და მის აღსაქმელად საჭიროა, ორიოდე სიტყვა ფულის ფუნქციების შესახებ[15]. მაკროეკონომიკის საწყისების ნებისმიერ სახელმძღვანელოში მოყვანილია ფულის ძირითადი ფუნქციები: 1) გაცვლის საშუალება – ჩვენ ვიყენებთ ფულს საქონლის/მომსახურების საყიდლად; 2) ღირებულების სტანდარტი – ჩვენ აღვრიცხავთ სხვადასხვა ფასებს, ღირებულებებს, ხელფასებს, იჯარას, სარგებელს ფულის ერთეულებში; 3) დაგროვების საშუალება – ფული შეგვიძლია არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი ტრანზაქციებისთვის გამოვიყენოთ; და 4) გადავადებული გადახდის საშუალება – ჩვენ ვიყენებთ ფულს, როგორც კრედიტის/ვალის ინსტრუმენტს. დღეს, გარდა განსაკუთრებული, კრიზისული შემთხვევებისა[16], ის ფული, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა იყენებს, ლარი იქნება, დოლარი, თუ ზლოტი, ოთხივე ფუნქციას ითავსებს[17]. მაგრამ შუა საუკუნეებში სიტუაცია განსხვავებული იყო – ცალკე იყო ფული, როგორც გაცვლის და დაგროვების საშუალება და ცალკე – როგორც აღრიცხვის ერთეული. შესაბამისად, ეკონომიკისა და ფულის ისტორიკოსები განასხვავებენ ფაქტობრივ მონეტებს, როგორც გაცვლის საშუალებას და ე.წ. აღრიცხვის ფულს (money of account)[18], რომელიც, თითქმის ექსკლუზიურად, ბუღალტრული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ფინანსური ტრანზაქციების უმეტესობა სწორედ აღრიცხვის ფულის ერთეულებში განისაზღვრებოდა და გამოისახებოდა, მაშინ, როდესაც გადახდები მონეტებში (ან სხვა საშუალებით[19]) იწარმოებოდა. მეტიც, თავად ფიზიკური მონეტებიც განიხილებოდა, როგორც აღრიცხვის ფულის ერთეულებში გამოსახული საქონელი და, შესაბამისად, მათი ღირებულებაც, როგორც ნებისმიერი სხვა საქონლისა, მერყევი იყო. აღრიცხვის ფული საჭირო იყო იმიტომ, რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვა მონეტებს ჭრიდნენ და, ვაჭრობის განვითარებასა და, განსაკუთრებით, ბაზრობების პოპულარიზაციასთან ერთად, საჭირო გახდა რაღაც საერთო მნიშვნელი, ათვლის წერტილი, რომელიც ყველა მონეტას და ვალუტას გააერთიანებდა. მიუხედავად იმისა, რომ შარლემანის რეფორმა ამ მიზანს არ ითვალისწინებდა, ის იდეალური საერთო მნიშვნელი გახდა[20]. შედეგად შექმნილი სისტემის მარტივად აღწერა შემდეგნაირად შეიძლება: არსებობს აღრიცხვის ფულის ერთეული – ლივრი[21]. ის არ არსებობს ფიზიკური ფორმით და მხოლოდ ფასდადების/აღრიცხვის ინსტრუმენტს წარმოადგენს. ყველა ფასი, ანგარიში, ვალი, გადასახადი, ხელფასი – ყველაფერი აღირიცხება ლივრებში, მაგრამ გადახდა/ანაზღაურება წარმოებს ფულის ფიზიკურ ერთეულებში, მონეტებში[22]. ადამიანებისთვის ლივრი (და მისი 1/20 და 1/240) იყო უცვლელი, მიუხედავად იმისა, თუ როგორ შეიძლება შეცვლილიყო მასში გამოსახული საქონლის ან ძვირფასი ლითონების ფასი[23]. ამ სისტემის მუშაობისთვის საჭიროა „ოფიციალური განცხადება“, რომელიც დააკავშირებს ფულის ფიზიკური ერთეულის ღირებულებას და აღრიცხვის ფულს. მაგალითად, როდესაც პირველად მოიჭრა პრაღის გროში, ის გამოცხადდა ერთი სოლიდუსის/შილინგის ღირებულების მქონედ; ფლორენციული ფლორინი შეიქმნა, როგორც ლივრის მატერიალური ფორმა; და ა.შ. როდესაც ქალაქში/ქვეყანაში ბევრი სხვადასხვა ტიპის მონეტა ტრიალებდა, ადგილობრივი ზარაფხანები აწარმოებდნენ „კურსების“ გარკვეულ ნუსხას[24], სადაც თითოეულ მონეტას შეესაბამებოდა ლივრების/სუების/დენიეების[25] კონკრეტული რაოდენობა. შესაბამისად, ნებისმიერი ვაჭრისთვის საკმარისი იყო თავისი საქონლის ფასი დაეფიქსირებინა აბსტრაქტულ ლივრებში და კურსით მიეღო ნებისმიერი მონეტა[26], რომელსაც მყიდველი მიუტანდა. ამავე დროს, ყოველთვის არსებობდა ე.წ. გადაბმის (link) მონეტა – მიუხედავად იმისა, რომ ლივრი/გირვანქა და სუ/შილინგი პრაქტიკულად არასდროს არსებობდა ფიზიკური სახით, დენიე/პენსი იჭრებოდა და წარმოადგენდა ერთდროულად აღრიცხვის ფულის მატერიალურ ანალოგს და გაცვლის საშუალებას. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ მონეტარულ სისტემას, ამ სისტემასაც ჰქონდა ნაკლი. „ოფიციალური განცხადება“, რომელიც ზემოთ ვახსენე, როგორც წესი, მოდიოდა ხელისუფლისგან. და ხელისუფალს ყოველთვის ჰქონდა სტიმული (სულ ერთია – ვის ხარჯზე), მოგება ენახა. ამიტომ ხშირი იყო ე.წ. ფულის დეგრადაცია[27] – როდესაც ხელისუფალი ხელოვნურად ზრდიდა მონეტების ფასს ლივრებში. დავუშვათ, მეფემ ისესხა 5000 ლივრი, როდესაც ერთი ოქროს ფლორინი 5 ლივრს უტოლდებოდა. ვალის დაბრუნებისას მეფეს შეეძლო გამოეცხადებინა, რომ აწი ერთი ოქროს ფლორინი 10 ლივრი ღირს და 1000 ფლორინის ნაცვლად მხოლოდ 500 დაებრუნებინა. მაგრამ ეს მხოლოდ გამარტივებული ახსნაა იმისა, თუ როგორ მუშაობდა შუა საუკუნეებში მონეტარული პოლიტიკა. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ზარაფხანები, როგორც წესი, ეკუთვნოდა ხელისუფალს, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ადგენდა კონკრეტული მონეტასა და ვერცხლს შორის ოფიციალურ კურსს. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მისვლა ზარაფხანაში ვერცხლის ზოდით, რომლისგანაც ზარაფხანაში მოუჭრიდნენ შესაბამისი რაოდენობის მონეტებს – 1 გირვანქა ვერცხლიდან[28] მოიჭრებოდა 240 ვერცხლის პენსი. რაიმე შეზღუდვა ზარაფხანაში ძვირფასი ლითონის მიტანაზე ვერცხლის მოსაჭრელად არ არსებობდა – ნებისმიერ ადამიანს შეეძლო მიეტანა ვერცხლი ნებისმიერი სახით – იქნებოდა ეს ზოდები, სამკაულები, ჭურჭელი თუ უცხოური მონეტები. ამასთან, ზარაფხანის მომსახურება უფასო არ ყოფილა – ლითონის მონეტებში გარდაქმნას სჭირდებოდა დრო, სამუშაო ძალა და, იმ შემთხვევაში, როდესაც მონეტა ვერცხლისა და სპილენძის/ბრინჯაოს შენადნობიდან იჭრებოდა – შესაბამისი ოდენობის აღნიშნული ლითონები. ამ ყველაფერში ზარაფხანა იღებდა ანაზღაურებას, რომელსაც ბრასაჟი[29] ეწოდებოდა. გარდა ამისა, მონეტის მოჭრა იბეგრებოდა გადასახადით – სენიორაჟით[30] – რომელიც ხელისუფლის შემოსავალს წარმოადგენდა. შესაბამისად ზარაფხანაში მიტანილი ლითონის ღირებულება მონეტებში ნაკლები იყო, ვიდრე ლითონის წონა, რაც, თითქოს, ამცირებდა ვერცხლის მონეტად გარდაქმნის სტიმულს, რადგან ვაჭრები ვერცხლის ნატეხებსაც მიიღებდნენ საქონლის საფასურად. მეორე მხრივ, ვაჭრებს ერჩივნათ მონეტების მიღება, რადგან მონეტები უკვე სტანდარტიზებული იყო და აწონვა/გადამოწმებას არ საჭიროებდა. ამიტომ მონეტები უფრო მაღლა ფასობდა, ვიდრე იმავე წონის ვერცხლის ნატეხი. ამ „ფასნამატს“ აჯიო[31] ერქვა. მთლიანობაში აჯიო უფრო მეტი იყო, ვიდრე ბრასაჟის და სენიორაჟის ჯამი, რაც აძლევდა კერძო პირებს სტიმულს მიეტანათ ლითონი ზარაფხანაში და მოეჭრათ მონეტები. როგორ შეეძლო ხელისუფალს მიეღო მოგება? თითქოს, ყველაზე მარტივი მეთოდი იყო სენიორაჟის გაზრდა[32] – გავზარდოთ მონეტის მოჭრის ღირებულება და გავისქელოთ ჯიბეები[33]. მაგრამ ეს მოუკლავდა მოსახლეობას სტიმულს წაეღო ვერცხლი ზარაფხანაში და ხელისუფლის შემოსავალი პირიქით, შემცირდებოდა. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომ სენიორაჟიც გაზრდილიყო და მოსახლეობას არ შეეწყვიტა ფულის მოჭრა იყო მონეტების რაოდენობის ზრდა, რომლის მოჭრა იყო შესაძლებელი ლითონის ერთი გირვანქისგან. სწორედ ეს არის ფულის დეგრადაცია – ფულის ფიზიკურ ერთეულში ძვირფასი ლითონის წილის შემცირება. რა თქმა უნდა, ამას არა მხოლოდ ხელისუფლები აკეთებდნენ: ხანგრძლივი გამოყენებისას მონეტები თავისითაც ცვთებოდა; ხშირი იყო „მოკვნეტის“ (clipping) პრაქტიკა, როდესაც მონეტებს გვერდებიდან ცოტ-ცოტა ვერცხლს აკვნეტდნენ და, საკმარისი რაოდენობის შეგროვების მერე, ერთ ან რამდენიმე ახალ მონეტას იღებდნენ; ასევე იყენებდნენ მონეტების „გაოფლვას“ (sweating), როდესაც ბევრი მონეტა ერთად პატარა ტომსიკაში გროვდებოდა და ამ ტომსიკას აქტიური შენჯღრევის შედეგად, მონეტებს ლითონის ნაწილაკები ცილდებოდა, რომლებიც ტომსიკაში რჩებოდა; განსაკუთრებით გამჭრიახი თაღლითები მონეტებს მცირე ხნით აზოტმჟავაში „აბანავებდნენ“ და ა.შ. მაგრამ ჩვენთვის საინტერესო, სწორედ ხელისუფლის გადაწყვეტილებებია, რომლებიც მთლიანად ფულის და არა ცალკეული მონეტის ღირებულებას ცვლიდა. პირველ რიგში, დროთა განმავლობაში, ბუნებრივი ცვეთისა და ზემოხსენებული თაღლითობების შედეგად ძველი მონეტები ნელ-ნელა მასობრივად კარგავდნენ წონას და ამიტომ ყოფილა ე.წ. თავდაცვითი, „კარგი დეგრადაციის“ შემთხვევები, რომლებიც ახალი მონეტების წონასა და ძველი, გაცვეთილი მონეტების წონას უტოლებდა ერთმანეთს, რაკიღა მათი ნომინალური ღირებულება ერთი და იგივე იყო. მაგრამ ასეთ დეგრადაციასთან ერთად არსებობდა აგრესიული დეგრადაციაც – სწორედ ის, რომლის მაგალითიც რამდენიმე აბზაცის წინ მოვიყვანე. მარცხნივ: ედუარდ მესამის ნახევარპენსი (halfpenny); მარჯვნივ – ჰენრი მეექვსის ნახევარპენსი. კარგად ჩანს მონეტებიც ცვეთაც და „მოკვნეტაც“. ასევე, მცირე განსხვავება ზომებში (მეფეებს შორის ქრონოლოგიური განსხვავება დაახლოებით 1 საუკუნეა). წყარო: ავტორის პირადი კოლექცია აგრესიული დეგრადაცია, როგორც წესი, გამოიყენებოდა ომების დასაფინანსებლად და ამით განსაკუთრებით სცოდავდნენ საფრანგეთის მეფეები[34] – მეფე ჟან მეორის მეფობისას, სხვადასხვა მონაცემებით ლივრმა ღირებულება 86-ჯერ შეიცვალა (ხოლო 1350-1360 წლებში – 71-ჯერ), თან ორივე მიმართულებით. ასეთი მონეტარული პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, დამაბნეველი იყო ყველასთვის. და სწორედ მის წინააღმდეგ გაილაშქრა ნიკოლა ორემმა თავის ტრაქტატში „De Moneta”, რომლის ხათრითაც დაიწერა ეს ჩანართი და რომელსაც მიეძღვნება შემდეგი პოსტი. [1] Bloch, Marc. Esquisse d’une histoire monétaire de l’Europe. Vol. 9. A. Colin, 1954, ციტირებულია Munro (2015)-ის მიხედვით. განსხვავებით ბევრი ისტორიკოსისგან, ბლოკი უშვებს ფულის „ავტონომურ როლს“, რომ ის შეიძლება იყოს სუბიექტი და არა მხოლოდ ობიექტი ისტორიული ცვლილებებისა. [2] უმეტესობა. ფულთან დაკავშირებულები მაინც. ნაწილობრივ. [3] როდესაც რაიმე მხოლოდ იმიტომ არის ფული, რომ ამას სახელმწიფოს დეკრეტი ან რაიმე სხვა საკანონმდებლო დოკუმენტი ადგენს და არა იმიტომ, რომ მას შინაგანი ღირებულება გააჩნია. [4] მიუხედავად ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობისა და მათ განკარგულებაში არსებული დისკრეციისა. [5] რა თქმა უნდა, ორემის დასკვნების განზოგადება შესაძლებელია და აუცილებელიც კი. მხოლოდ თავისი დროის კონტექსტით რომ იყოს შემოფარგლული, ტრაქტატის მნიშვნელობა ეკონომიკური აზრის ისტორიისთვის გაცილებით ნაკლები იქნებოდა. მაგრამ მისი კონტექსტის გარეთ განხილვა არასწორია. [6] ეს არის შუა საუკუნეების ფულის ისტორიის ძალიან მოკლე და, ამდენად, ძალიან არასრული მიმოხილვა. საუკეთესო ნაშრომი ამ თემაზე (ჩემ ხელთ ჩავარდნილთა შორის) არის პიტერ სპაფორდის „ფული და მისი გამოყენება შუა საუკუნეების ევროპაში“ (Peter. Spufford „Money and its use in medieval Europe“ 1989). [7] ამ დეტალების განხილვა ნამდვილად შორს წაგვიყვანს, ყველაზე კარგი და დეტალური ინფორმაცია ამ პერიოდის რომის მონეტების შესახებს შეგიძლიათ ნახოთ ჰაროლდ მატინგლის 1946 წლის სტატიაში „რომის იმპერიის მონეტარული სისტემები დიოკლეტიანედან თეოდისიუს I-მდე“. [8] თუმცა, არც ეს ფარდობა იყო მუდმივი. [9] გარდა ბრიტანეთისა, სადაც დაახლოებით 200 წლის მანძილზე მონეტების მიმოქცევა სრულიად შეწყდა. [10] ზოგჯერ რომაელი და ბიზანტიელი იმპერატორების გამოსახულებებით და სახელებით. [11] 1252 წელს ოქროს მონეტები დაბრუნდა გენუაში (ჯენოვინო) და ფლორენციაში (ფლორინი). [12] იშვიათი და ერთჯერადი გამონაკლისების გარდა. [13] შარლემანმა გაზარდა გირვანქის წონაც, რომაულთან შედარებით, თუმცა, თუ რამდენს იწონიდა შარლემანის გირვანქა, ისტორიკოსები ვერ თანხმდებიან. ყველაზე ხშირად (ჩემთვის ხელმისაწვდომ წყაროებში) სახელდება 489.6 გ. [14] ინგლისში კი ეს ფარდობა არსებობდა 1971 წლის 15 თებერვლამდე – როდესაც გირვანქა სტერლინგი ათობით სისტემაზე გადავიდა. [15] ეს მონაკვეთი, ძირითადად, ეყრდნობა პიტერ სპაფორდის წიგნის მეორე დანართს და ლუიჯი ეინაუდის სტატიებს. [16] ქართული კუპონი, ზიმბაბვური დოლარი, ვენესუელური პესო. [17] ერთი, ფრიად საინტერესო გამონაკლისია, ჩილე. პოსტი ეკუთვნის, კი. [18] ლუიჯი ეინაუდი მას წარმოსახვით ფულს (moneta immaginaria) უწოდებს. [19] მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მონეტები არ იყო გაცვლის ერთადერთი საშუალება შუა საუკუნეებში. მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ გადახდის სისტემა ევოლუციურად განვითარდა და ფულმა მთლიანად შეცვალა ბარტერი, ბარტერი, როგორც გაცვლის საშუალება არსებობდა საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ფულზე დაფუძნებული ტრანზაქციების პარალელურად. მეტიც, ბარტერული ტრანზაქციები შესაძლებელია აღრიცხულიყო ფულადი სახით, სწორედ ზემოხსენებული აღრიცხვის ფულის ერთეულებში. ეს არ ნიშნავდა, რომ თავად ტრანზაქცია ფულით მოხდა. ბარტერის პარალელურად ხშირი იყო კრედიტიც – თანხის მომავალში გადახდის დაპირება, რომელიც ფიქსირდებოდა ქაღალდზე ფორმალურად (ნოტარიულად) ან არაფორმალურად. ამის მაგალითები იყო: ე.წ. lettres de foire (ბაზრობის წერილები), როდესაც ვაჭარი ყიდულობდა საქონელს ერთ ბაზრობაზე და იძლეოდა დაპირებას გადაეხადა შემდეგზე (ქართულად – „პოსლეზე“); გაცვლის ანგარიშები (bills of exchange) – ვაჭრის დაპირება გადაიხადოს ნასესხები თანხა ან მიღებული საქონლის საფასური უფრო გვიანდელ დროს, სხვა ქალაქსა და სხვა ვალუტაში; და საბანკო ფული (moneta di banco), რომელიც გავრცელებული იყო იტალიაში და რომელიც წარმოადგენდა დავთრებში ასახულ დეპოზიტებს და მათი მეშვეობით ანგარიშიდან ანგარიშზე ფულის გადატანას, მისი ფიზიკური მოძრაობის გარეშე. [20] აღსანიშნავია, რომ აღრიცხვის ფულის შექმნა არ იყო რაიმე შეთანხმების ნაწილი – ასე გამოვიდა. [21] იგივე გირვანქა, ფუნტი, ლიბრა ან ლირა. ლივრზე შევჯერდეთ, რაკი, რაღაც ეტაპზე, ორემთან დაბრუნების იმედი მაქვს. [22] ნიშანდობლივია, რომ შუა საუკუნეებში არც ერთ მონეტას არ ჰქონდა დატანილი ნომინალის შესაბამისი რაიმე წარწერა – ის მხოლოდ დიზაინით/ზომით/ლითონით იცნობოდა ხოლმე. [23] ეს მნიშვნელოვანია – განსხვავებით ოქროს სტანდარტის მომხრეებისგან, შუა საუკუნეებში ადამიანებს ესმოდათ, რომ ოქრო უბრალოდ კიდევ ერთი საქონელია და არა ფულის იდეალი. [24] დღეს ბლუმბერგზე რომ შევდივართ კურსის სანახავად, ამის ანალოგი იყო. [25] გირვანქების/შილინგების/პენსების. [26] ეინაუდის აქვს არასრული ჩამონათვალი: ოქროს მონეტები – ფლორინები, დუკატები, ცეხინები, ანგელოსები, ნობლები, სოვერენები, ეკიუ, ლუიდორები, დუბლონები, გილდერები; ვერცხლის – დოლარები, თალერები, პიასტრები, ტესტონები, ვერცხლის ლუი და ა.შ.; სპილენძისა და ოქროს/ვერცხლის შენადნობის (ე.წ. ბილონის) მონეტები – ფართინგები, ობოლები, სტივერები, დუზენები, და ა.შ. [27] Debasement. მე არ შემხვედრია ამ თემაზე დაწერილი ქართული ნაშრომები და, შესაბამისად, არც ამ ტერმინის ქართული ვარიანტი. ვიკიპედიაზე მოცემული „დემონეტიზაცია“ აბსოლუტურად არასწორია და არ შეესაბამება ამ ტერმინის შინაარსს. ამიტომ, ამ პოსტის ფარგლებში, გამოვიყენებ სიტყვას „დეგრადაცია“. [28] მოთხოვნის შემთხვევაში, ზარაფხანები, ასევე, ჭრიდნენ ოქროს და სპილენძის მონეტებსაც, თუმცა განვმეორდები – ძირითად ლითონს ფულისთვის შუა საუკუნეებში წარმოადგენდა ვერცხლი. [29] Brassage [30] Seigniorage, ტერმინი, რომელიც დღესაც გამოიყენება მონეტარულ პოლიტიკაში. [31] Agio/aggio; სიტყვაზე, ვერცხლის 1-გრამიანი მონეტა იცვლებოდა 1.1 გრამ ვერცხლის ნატეხში. [32] სწორედ ასე იქცევიან დღეს ის ქვეყნები, რომლებშიც ცენტრალური ბანკი ფისკალურ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. [33] ხაზინა, მაგრამ ხელისუფლისთვის რა განსხვავებაა? [34] ინგლისის მონეტები დიდი ხნის მანძილზე საკმაო სტაბილურობით გამოირჩეოდა – სანამ ჰენრი მერვემ 9 წლის მანძილზე ათჯერ არ განახორციელა ფულის დეგრადაცია, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 30-40-ით აიაფებდა ფულს. 1541-1556 წლებში ინფლაციამ ინგლისში 123% შეადგინა.
-
1. ცხოვრება და მოღვაწეობა[1] როდესაც ეკონომიკის ან ეკონომიკური აზრის ისტორიის შესახებ დაწერილ წიგნებს გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არც ეკონომისტებში და არც ისტორიკოსებში არსებობს შეთანხმება იმის თაობაზე, თუ ვინ იყო „პირველი ეკონომისტი“. ტრადიციულად (და, უნდა ითქვას, არასწორად), ეს პატივი ადამ სმითს ხვდება ხოლმე წილად, თუმცა არაერთი ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს. ხშირად ეს არის რიშარ/რიჩარდ კანტილიონი, ზოგჯერ – უილიამ პეტი, გვხვდებიან ფრანგებიც – კენე ან ტიურგო. თუმცა, თავი რომ დავანებოთ ისეთ ეგზოტიკურ არჩევანს, როგორიც არისტოტელეა (რომელიც წერდა პრაქტიკულად ყველაფერზე), ქრონოლოგიურად ყველაზე ადრინდელი „პირველი ეკონომისტი“ არის ნიკოლა ორემი. არისტოტელეს მსგავსად, ისიც პოლიმათი[2] იყო და თავის ტრაქტატებში მოიცვა იმ პერიოდისთვის არსებული მეცნიერებული ცოდნის ძირითადი ნაწილი, თუმცა, არისტოტელესგან განსხვავებით, მას ეკუთვნის ეკონომიკური საკითხისადმი ცალკე მიძღვნილი ნაშრომი და მეტიც, ამ ნაშრომში გაჟღერებული აზრები მნიშვნელოვნად უსწრებს მის დროს. ამიტომ, მგონი, რომ „პირველი ეკონომისტის“ წოდებას სწორად ნიკოლა ორემი იმსახურებს[3]. ნიკოლა ორემი. მინიატურა წიგნიდან Traité de l’espère, Bibliothèque Nationale, Paris, France, fonds français 565, fol. 1r. (წყარო – Wikimedia Commons) უნდა აღინიშნოს, რომ ორემი არამხოლოდ „პირველი ეკონომისტია“. გამომდინარე იქიდან, თუ რომელი მეცნიერების ისტორიას[4] ვეცნობით, მას მიეწერება ანალიტიკური გეომეტრიის შექმნა დეკარტამდე, თავისუფალი ვარდნის რაოდენობრივი თეორიის შექმნა გალილეიმდე, ჰელიოცენტრული სისტემის იდეის ჩამოყალიბება კოპერნიკამდე[5] და ქიმიურ ნაერთებსა და ელემენტებს შორის განსხვავების გააზრება თანამედროვე ქიმიის შექმნამდე რამდენიმე საუკუნით ადრე. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შეგვიძლია ამოვიკითხოთ ეს ყველაფერი მის ტრაქტატებში, ცხადია, რომ ნიკოლა ორემი უაღრესად საინტერესო მოაზროვნე იყო. ბიოგრაფიული ცნობები ორემის შესახებ მწირია. ითვლება, რომ ის დაიბადა 1320-25 წლებს შორის „ნორმანდიის ათენში“[6] – კანში (Caen) ან მის მახლობლად. მისი სახელი პირველად გვხვდება 1348 წელს, პარიზის უნივერსიტეტის ნავარის კოლეჯის თეოლოგიის სტუდენტთა სიაში, კერძოდ კი იმ წელს მიღებულ ექვს სტიპენდიანტთა[7] შორის. არ არის გამორიცხული, რომ მანამდე ორემს შვიდი წელი ესწავლა ამავე უნივერსიტეტში, თეოლოგიის შესასწავლად საჭირო წინაპირობების შესასრულებლად[8]. ყოველ შემთხვევაში, ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ მის მასწავლებელთა რიცხვში იყო ცნობილი ნომინალისტი, პარიზის უნივერსიტეტის რექტორი ჟან ბურიდანი[9], რომელიც ახსენებს კიდეც ორემს ერთ-ერთი თავის წიგნში. 1356 წელს ორემი ნავარის კოლეჯის დიდი მაგისტრი ხდება, ხოლო 1362 წელს ის კოლეჯს ტოვებს. იქ გატარებული 14[10] წლის მანძილზე ის გახდა პარიზის იმდროინდელი ინტელექტუალური ელიტის ნაწილი. მიუხედავად მნიშვნელოვანი ნაშრომებისა თეოლოგიაში, ის, პირველ რიგში, გამოირჩევა წვლილით საბუნებისმეტყველო ფილოსოფიაში. ის აქტიურად ურთიერთობს მეფე ჟან მეორის კარის „სელებრითი“ ინტელექტუალებთან, რომელთა შორის აღსანიშნავი ფილიპ დე ვიტრი, მუსიკალური მიმდინარეობის Ars Nova-ს ფუძემდებელი და გიიომ დე მაშო – პირველი კომპოზიტორი, რომელმაც მარტომ დაწერა პოლიფონიური მესა[11]. ამ პერიოდში მისი სახელი უკვე აქტიურად უკავშირდება დოფინის, საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის და მომავალი შარლ მეხუთის სახელს და ის ხშირად მასზე 15 წლით უმცროსი დოფინის ტუტორად მოიხსენიება[12]. 1356 წელს მეფე ჟანმა დაავალა ორემს[13] სწორედ შარლისთვის დაეწერა ის ნაშრომი, რომლის წყალობითაც ნორმანდიელი შეიძლება ჩაითვალოს პირველ ეკონომისტად – „ტრაქტატი ფულის საწყისების, ბუნების, კანონებისა და ცვლილებების შესახებ“[14]. ორემის სიახლოვე სამეფო კართან იმაშიც ჩანს, რომ 1360 წელს, ჯერ კიდევ ნავარის კოლეჯის დიდ მაგისტრად ყოფნის პერიოდში, დოფინმა გააგზავნა ის რუანის მუნიციპალიტეტისგან ფულის სასესხებლად[15]. პრინციპში, ის მწირი ინფორმაცია, რაც ორემის შესახებ გვაქვს, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ის შარლისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენდა და დოფინი, შემდგომში კი, მეფე, მას ბევრ რაღაცაში ეყრდნობოდა. ერთის გარდა: შარლი ახალგაზრდობიდან იყო და დარჩა ასტროლოგიის მოყვარული, ჰყავდა საკუთარი ასტროლოგი, რომელთანაც, ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, კონსულტაციებს მართავდა, დაუკვეთა არაერთი ასტროლოგიური ტრაქტატის თარგმანი[16] და თავისი ჯანმრთელობაც ასტროლოგ-ექიმს ანდო[17]. თავის მხრივ, ორემი ეწინააღმდეგებოდა ასტროლოგიას[18] – როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული კუთხით. პრაქტიკულობის მხრივ, მისთვის შეუსრულებელი ასტროლოგიური პროგნოზების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობდა. თეორიულად კი, ის შეუძლებლად მიიჩნევდა ციური სხეულების ფარდობითი მდგომარეობების ზუსტად გამოთვლას, რასაც ეყრდნობოდა ასტროლოგიური პროგნოზები. მიუხედავად ორემის მიერ ამ საკითხზე დაწერილი არაერთი წიგნისა, შარლი მაინც ასტროლოგიის ერთგული დარჩა[19]. კარზე კარიერასთან ერთად, წინ მიიწევდა ორემის საეკლესიო კარიერაც. 1362 წელს მან დატოვა ნავარის კოლეჯი და გახდა რუანის ღვთისმშობლის საკათედრო ეკლესიის კანონიკი და ამის პარალელურად, რამდენიმე თვის მერე, 1363 წლის თებერვალში პარიზის სენ-შაპელის კანონიკის პოსტიც დაიკავა. ეკლესიაში მის მაღალ სტატუსს მისი ავინიონში მგზავრობაც ადასტურებს, სადაც მან პაპ ურბან მეხუთის კარს[20] საშობაო ქადაგება წაუკითხა[21]. 1364 წელს, სამი კვირით ადრე, სანამ რეგენტი შარლი მეფე შარლი გახდებოდა, მან ორემი რუანის ღვთისმშობლის საკათედრო ეკლესიის დიაკვნად დანიშნა, რა პოსტზეც ნორმანდიელი 1377 წლამდე დარჩებოდა. ამ პერიოდის მანძილზე მან არაერთი წიგნი დაწერა და მეფის დავალებით თარგმნა არისტოტელეს ნაშრომები – „ეთიკა“, „პოლიტიკა“, „ზეცის შესახებ“ და „ფსევდო-ეკონომიკა“[22]. ამისთვის მას უწევდა პარიზში, მეფის ბიბლიოთეკაში ხანგრძლივი დროის გატარება, რითაც ტაძრის კანონიკები გაანაწყენა და მეფეს მათთვის ოფიციალური წერილის მოწერაც კი მოუწია, პროტესტის ჩასახშობად. მიუხედავად ამ არაეკლესიური საქმიანობისა, მისი ეკლესიური აქტივობაც დადებითად შეფასდა და 1377 წელს ის ხდება ლიზიოს[23] ოცდამეცამეტე ეპისკოპოსი და მეცხრამეტე გრაფი. ამ თავის ამპლუაში ის, ძირითადად, ადმინისტრაციული და თეოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული, რისი დასტურიცაა მრავალი საარქივო დოკუმენტი და 115 მოკლე ქადაგება ლიზიოს მრევლისთვის. 1380 წელს მისი დიდი ხნის მეგობარი და მფარველი მეფე შარლ მეხუთე გარდაიცვალა და ორემი პრაქტიკულად გაუსვლელად ბინავდება ლიზიოში. თუმცა, არც ისე დიდი ხნით – 1382 წლის 11 ივლისს „მეფის ეპისკოპოსი“ და დიდი მოაზროვნე შეუერთდა[24] თავის მეფეს. მისი საფლავი, სავარაუდოდ, საფრანგეთის რევოლუციას შეეწირა ისევე, როგორც მისი მოხსენიების დღე – 5 აგვისტო, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნებოდა 500-ზე მეტი წლის მანძილზე. [1] ბიოგრაფიული ცნობები, ძირითადად, ეყრდნობა ალბერტ დაგლას მენუტის შესავალს ორემის მიერ არისტოტელეს პოლიტიკის თარგმანისთვის, თუმცა სხვა წყაროებიც გამოვიყენე. [2] დღევანდელი ტერმინით – ყველაფერჩიკი [3] შემდეგი პოსტის გმირი, აბუ ზაიდ აბდ-არ-რაჰმან იბნ მუჰამად იბნ ხალდუნ ალ-ჰადრამი, შესაძლოა, ორემზე სამი წლით უფროსი ყოფილიყო, თუმცა მისი თხზულება „მუქადდიმა“ ორემის ტრაქტატზე დაახლოებით 20 წლით გვიან დაიწერა. [4] და ვის დაწერილ [5] საინტერესოა, რომ თავად კოპერნიკსაც, ორემის მსგავსად, აქვს ნაშრომი ფულზე [6] სხვათა შორის, ვეცადე მეპოვა მიზეზი ამ დასახელებისა და მხოლოდ ის ვნახე, რომ მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცენტრი ყოფილა და ამიტომ შეურქმევიათ. [7] ე.წ. bursarii; ამ ფაქტის საფუძველზე მკვლევრები ფიქრობენ, რომ ორემი ღარიბი გლეხების ოჯახიდან იყო, რადგან ნავარის კოლეჯში მხოლოდ ის სტუდენტების სწავლობდნენ, ვისაც საკუთარი ხარჯების დაფარვა არ შეეძლოთ. [8] შუა საუკუნეების უნივერსიტეტის სტუდენტებს საკმაოდ გრძელი გზა ჰქონდათ გასავლელი საბოლოო მიზნამდე – დოქტორის ხარისხამდე. ეს გზა დიდად არ განსხვავდებოდა დღევანდელისგან – 6 წელი მაგისტრის წოდებამდე (აქედან – 3-4 ბაკალავრის წოდების მისაღებად) და კიდევ 7 წელი ან მეტი – დოქტორის ხარისხის მისაღებად. ამასთან, წარუმატებელი სტუდენტების წილი გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე დღეს – ბაკალავრიატსაც კი, ათი სტუდენტიდან 3-4 ამთავრებდა. [9] რომელიც დღეს, უმეტესწილად, ასოცირდება ბურიდანის ვირის სახელით ცნობილ პარადოქსთან. [10] ან 21 [11] ქრონოლოგიურად უფრო ადრეული მესები კომპილაციებს წარმოადგენს, დე მაშო პირველი იყო, ვინც საკუთარი მესები „დაბადა“. [12] გავლენიანი და მდიდარი ადამიანის ტუტორობა/მასწავლებლობა 4 საუკუნის მერე ადამ სმითსაც გამოადგება. [13] სხვა ვერსიებიც არსებობს: 1) ორემმა თავად დაწერა ეს ტრაქტატი, ფილიპე მეექვსისა და ჟან მეორის მიერ ფულის გაუფასურების კრიტიკის მიზნით; 2) მეფე ჟანმა სთხოვა ორემს ეპოვა გამოსავალი ფინანსური კრიზისიდან. საქმე იმაშია, რომ ტრაქტატის პირველი ვარიანტის დაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, ხოლო ჟანი 1356 წლის 19 სექტემბერს ტყვედ ჩავარდა, ახალგაზრდა შარლი კი რეგენტი გახდა. [14] Tractatus de origine, natura, iure, et mutacionibus monetarum; ყველა ციტატა ტრაქტატიდან ნათარგმნია ჩემ მიერ ტრაქტატის ინგლისური თარგმანიდან. არსებობს ტრაქტატის დასახელების კიდევ ორი ფორმულირება, რომელთაგან ერთ-ერთი პირდაპირ მიუთითებს მეფის როლზე ფულის მოჭრაში. ჩემ მიერ არჩეული ფორმულირება ყველაზე უფრო გავრცელებულია. [15] სავარაუდოდ, ეს უკავშირდებოდა იმ დროს ინგლისელთა ტყვედ მყოფი მეფე ჟანის გამოსასყიდის შეგროვებას; ორემის მნიშვნელობის ხაზგამსმელი კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ის ხელს აწერს, როგორც „მეფის მდივანი“ ამჟამად დაკარგულია, თუმცა მოხსენიებულია მეთვრამეტე საუკუნის წყაროებში. [16] მათ შორის, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ორემს ძმას, გიიომს [17] ისიც უნდა ითქვას, რომ მეთოთხმეტე საუკუნეში, შეიძლება სჯობდა კიდეც, ასტროლოგს ემკურნალე, ვიდრე ექიმს. [18] ჭკვიანი კაცი იყო, ვერაფერს ვიტყვით. სამწუხაროა, რომ დღესაც ბევრს სჯერა ამ ფსევდომეცნიერების. [19] და, მიუხედავად ამ ერთგულებისა, მაინც შემორჩა ისტორიას, როგორც შარლ ბრძენი. რა გასაკვირია, მერწყული იყო. [20] მოგეხსენებათ, 1309-1376 წლებში, პაპების კარი იმყოფებოდა ე.წ. ბაბილონურ ტყვეობაში, ქალაქ ავინიონში. [21] საინტერესოა, რომ ამ ქადაგებით მას ნამდვილად არ მოუგია პაპის და მისი ამალის გული – მან დაიწყო ქადაგება ციტატით ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან „მოეახლა მაცხოვარება ჩემი მოსლვად და წყალობაჲ ჩემი გამოჩინებად“ და მწვავედ გააკრიტიკა მომხვეჭელობა და კორუფცია ზოგადად და ეკლესიის წიაღში, მოუწოდა ეკლესიის იერარქებს განედევნათ მეკერმენი ტაძრიდან. დიდი სიწმინდით იმდროინდელი კათოლიკური ეკლესია არ გამოირჩეოდა და, ამდენად, ეს ორემის ბოლო ქადაგება იყო ავინიონში. სამაგიეროდ, ორი-საუკუნის მერე ინგლისელი და გერმანელი პროტესტანტები აქტიურად იყენებდნენ ამ ქადაგების ციტატებს (ცხადია, ავტორის მიუთითებლად) პაპებთან და კათოლიციზმთან ბრძოლაში. ჭეშმარიტად, შეუცნობელ არს გზანი უფლისანი. [22] ფსევდო იმიტომ, რომ დღეს ითვლება, რომ არისტოტელე ამ ნაშრომის ავტორი არაა. [23] ე.წ. ოჟის მიწის (Pays d’Auge) ცენტრი. [24] თვითონ ნამდვილად ასე სწამდა.