Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მკვდარი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. I want it, because it‘s trash / kids the silence kills the unknown / წარწერა ჩანთაზე ახლა, როცა ქართული მოდის კვირეული დასრულდა, ურიგო არ იქნებოდა გვეკითხა, რა არის თანამედროვე მოდა და რას ვეძებთ მასში ქართველები? მე-20 საუკუნის მაღალი წრის მოდა ორ მოვლენას აერთიანებდა: ქალს, როგორც სურვილის აბსოლუტურ ობიექტს და დიზაინს, რომელიც სრულიად თავისუფალი იყო ისტორიისგან. მოდის სფერო დასავლურ კულტურაში პირველი გათავისუფლდა როგორც დროისგან, ისე სივრცისგან და გლობალურ ინდუსტრიას გაუხსნა გზა. ამ ეკლექტურ ქაოსში მოდა ნიშნებამდე დავიდა, რითაც ექსტატური ქალის იმიჯი საბოლოოდ დასამარდა. თანამედროვე მოდელი ანდროიდი რობოტია, რომელიც სხვადასხვა სამომხმარებლო ნიშნებს ატარებს. მაგალითისთვის, “ნაიკის” და “ადიდასის” იმპერიები მთელ წარმოებას ნიშნებზე აწყობენ. ამ ბრენდებისთვის გემოვნება და ინდივიდუალობა ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. საკმარისია მათი ფლობა და მოხმარება, რომ თქვენ თამაშის მანიპულირებული მონაწილე ხდებით. მესიჯიც შესაფერისია: Just do it. ეს ტენდენცია სპორტული ტანსაცმლით არ მთავრდება. “ცივი ბავშვების” (cool kids) საყვარელი ტრენდები სრულიად თავდაყირა აყენებენ მოდის სამყაროს. იმისათვის, რომ ეს საკითხი კარგად გავიგოთ, საჭიროა კიდევ ერთხელ შევეხოთ მოდის მრავალფეროვან განმარტებებს. ალბათ სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მოდა, პირველ რიგში, ინდივიდუალურ ბუნებას უნდა გამოხატავდეს. დღეს მოდა გვესმის, როგორც დანამატი – რაღაც, რაც უნდა ატარო იმის მიხედვით, რა შაბლონებსაც გთავაზობენ, რაღაც, რითაც უნდა ამოგიცნონ და გაგშიფრონ. თუმცა ყოველი წარმატებული დიზაინერის მიღმა ერთი ნოსტალგიური შეკითხვა გაისმის: ხომ შეიძლებოდა მოდა ჩვენი სხეულის ნაწილი ყოფილიყო? ყველაზე კარგად ამ კითხვაზე პასუხს სხვადასხვა ეთნოგრაფიულ სამოსში ვხედავთ. აქ პიროვნება და მოდა სრულიად ერწყმის ერთმანეთს. ალბათ ცოტაა ის, ვინც ხვდება, თუ რამდენად ტრაგიკულია მოდაში პიროვნების გაქრობა. მათ შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ იაპონელი დიზაინერი, მოდის დინოზავრი, იოჯი იამამოტო. იამამოტოს ხელოვნება იაპონური ჰაეროვანი პოეტიკის და გლობალური ტრენდების ნაზავია. მისი კოლექციები ყოველთვის უცნაური მიმზიდველობით და ორაზროვნებით გამოირჩევიან. ის, რაც მათ გენიალურს ხდის, სწორედ ნიშნების იდუმალება და მათ მიღმა გამქრალი პერსონაჟებია. მისი კოლექციებიც ყოველთვის უცნაურად ეხმიანებიან ერთმანეთს, თუმცა ამ კავშირების გამოცნობა რთულია, ისინი ჩაკარგულები არიან იაპონური კულტურის სიღრმეში. მათზე წვდომა მომხმარებელს აღარ აქვს. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს მხოლოდ გლობალურ ტენდენციებს ვბაძავთ და მოვიხმართ, რაც ცალსახად სასაცილო სიტუაციაში გვაყენებს. ჩვენი შემოქმედებითი არეალი ტრენდული ნიშნების მოხმარებას ვერ ცდება. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი უცნაური, გაუგებარი და მიუწვდომელი სტილების შექმნას ვცდილობთ, რამაც თითქოს ხელახლა უნდა დაგვიბრუნოს გამოხატვის თავისუფლება. საკმარისია დააკვირდეთ მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს, რომ ერთი მარტივი აზრი გაგიჩნდებათ: “ისინი აქ არ არიან”. ფორმებს, რომლებსაც ვქმნით, არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენს რეალობასთან. ისინი, რაღაც წარმოსახვითი ქვეყნის ალტერნატივებს გულისხმობენ, მაშინ როდესაც ის მეინსტრიმ კულტურაც არ გაგვაჩნია, რომლის ალტერნატივასაც ვქმნით. ისინი სრულიად სხვა ტიპის ყოველდღიურობის და კულტურის ნაწილები არიან. იგივე ითქმის ურბანულ სტილზეც. აქ საქმე კიდევ უფრო კომიკურად მოჩანს.???? ურბანული სამოსი პირდაპირ გულისხმობს ქალაქთან ინტერაქციას. მოათავსეთ უახლესი ქართული სტილები ქუჩის რომელიმე მონაკვეთში და იმწუთას სასაცილო ნარჩენებად იქცევიან. ჩვენში ყველაზე მოხმარებადი და პოპულარული სპორტული სტილიც კი არანაირ კავშირში არ არის ჩვენს რეალობასთან. სპორტული თვითგამოხატვა მასობრივ ფონზე ეკოლოგიას, სუბ. კულტურაში კი სტერილურობას უკავშირდება. ჩვენთან სპორტული იმიჯი კულტურული ნაგვის და ნარჩენის თავმომწონე აქსესუარია. ალბათ წარმოუდგენელია უფრო დიდი ირონია ყველაფრის მიმართ. ერთია, რომ ნიშნების მოხმარებით ან გაურკვეველი ალტერნატივების შექმნით საკუთარ თავს კომიკურ მდგომარეობაში ვიგდებთ, მეორე – ამ გზებით გამოხატვის თავისუფლებასაც სასაცილო, აბსურდულ მოვლენად ვაქცევთ. ჩვენთვის თავისუფლება ჯერ კიდევ სადღაც სხვაგან არსებულ, გაუგებარ და გაურკვეველ რეალობას ნიშნავს, რომელიც საკმარისია იყოს უცნაური და საწინააღმდეგო, მაგრამ რის? იმის, რაც არასდროს გვქონია? ასეთი მიდგომით, ალბათ ქართველები კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ იმას, რომ თანამედროვე სამყაროსთვის ცინიზმის გარდა არაფრის მიცემა არ შეგვიძლია. ამ გარემოებას ბრწყინვალედ უსვამს ხაზს დემნა გვასალიას მოდური ტენდენციები, რომელიც დიზაინის ინდუსტრიას კომიკური ნიშნებით ამარაგებს. ერთია, კარგავდე საკუთარ რეალობას, თავისუფლებას და წარსულს, მეორეა, რომ საკუთარი თავის კარგვის მუდმივად აფიშირებით სასაცილო მდგომარეობაში იგდებდე თავს. ეს უნივერსალური პოზიციაა, ირონია საკუთარი თავის და ყველას გაქრობის მიმართ, რადგან ნიშნები და ალტერნატივები ჩვენ მაგივრად არსებობენ. როგორც ჩანს, ქართველებისთვის საკუთარი თავის ამოშლა ექსტაზის უკანასკნელი წყარო ხდება (და ამავდროულად ყველაზე ძლიერიც!). ეს ჰგავს ვარსკვლავის კვდომას, რომელიც სიკვდილისას ყველაზე დიდ ენერგიას ასხივებს. როდესაც ის ჩვენამდე მოაღწევს, მართალია, მას ვხედავთ, თუმცა ის შეიძლება დიდი ხნის მკვდარიც იყოს. ალბათ სწორედ ამიტომაც, წარმატებით ავითვისეთ თანამედროვე ინდუსტრიის კიდევ ერთი ფორმა – სინგულარი ანდროგინი ქალი. ქართველი მოდელი კიდევ უფრო მკვდარია, ვიდრე მკვდარი, ის ზედმეტად მკვდარია და ეს ზედმეტობა სასაცილო და საშიში კარნავალის მონაწილეებს გვხდის, რომელიც მთელი მოდის სცენას კატასტროფის თეატრალურ სივრცედ აქცევს. თუმცა ჩვენთვის უცხო არც კანიბალიზმი და ნეკროფილიაა. წინა თაობები ამ ტენდენციებს ეროვნული ღირებულებების დესაკრალიზაციით, მათი მკვლელობით და ეროვნულ გვამთან ნეკროფილურ დამოკიდებულებაში ყოფნით ამჟღავნებდნენ. ჩვენმა თაობამ ბევრად უფრო ნეიტრალური და დახვეწილი გზები აირჩია. ყველაფერი ეროვნული ჩვენთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ საკუთარი საზრისის და შემოქმედების მკვლელობა ვარჩიეთ. ამ ტენდენციით წინა თაობებისგან ბევრად არაფრით განვსხვავდებით, შეიძლება ითქვას, რომ მათზე უარესებიც ვართ, რადგან ელემენტარული სასიცოცხლო ფორმების შექმნაც კი არ შეგვიძლია. თუმცა ვინ იცის? შეიძლება სიკვდილის ჭარბი წარმოებით, სხვა უფრო დიდი სიკვდილის დათრგუნვას ვცდილობთ, ეროვნული გვამის საბოლოოდ ჩამორეცხვას და მანათობელი ვარსკვლავისკენ სვლას? იქნებ სწორედ ამას გამოხატავდა სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ზამბახებით გაფორმებული ჩვენება? ცნობილია, რომ ძველი ბერძნები ზამბახებს ქალების საფლავებზე რგავდნენ, რათა ქალღმერთი ირისი მათ სამოთხისკენ გაძღოლოდა. თუკი ეს ასეა, მაშინ შეგვიძლია ეს ყველაფერი ერთ მარტივ, ლამაზ კითხვამდე დავიყვანოთ: ძვირფასო, რამდენად მკვდარი ხარ დღეს? ავტორი: დათო კოროშინაძე