ძებნა
'მიხეილ' ძებნის შედეგები.
-
ავტობიოგრაფია (დ. 5 იანვარი, 1874, სოფელი მჭადისჯვარი დუშეთის მაზრა, თბილისის გუბერნია.). ქართველი. სოციალ-დემოკრატი. თფილისის ადრესი: პოტოჩნის ქუჩა სახლი №6 მილოვისა, ბინა №9. პროფესიით სახალხო სკოლების მასწავლებელი ვარ, მაგრამ მასწავლებლად მხოლოდ ერთი წელიწადი ვიყავი, დანარჩენ დროს ვეხმარებოდი სხვა და სხვა დაწესებულებებში მოანგარიშეთ, საქმის მწარმოებლად და სხვა. განათლება მივიღე თბილისის ალექსანდრეს სახელის საოსტატო ინსტიტუტში, მაგრამ სწავლა იქ არ დამიმთავრებია. სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ შევისწავლე ბუხგალტერია და ბუხგალტერიის კურსების გამგემ გამამწესა სამსახურში ყირიმში გარჩაკოვის მამულში კანტორის გამგეთ. აქ ცოტა ხანს დავრჩი და დავბრუნდი ისევ თბილისში. რამდენიმე ხანს ვცხოვრობდი კერძო გაკვეთილებით. შემდეგ თბილისის მასწავლებელ ქალთა წრემ მაშინ თბილისში კარგად ცნობილ ო. ვ. კაიდანოვის ქალის მეთაურობით გახსნა თბილისში ჩემ სახელზე იაფ-ფასიანი სახალხო წიგნების მაღაზია და მე ვიყავი ამ მაღაზიის გამგე. ვიღებდი მონაწილეობას ამავე მასწავლებელ ქალთაგან დაარსებულ იაფ-ფასიან ბიბლიოთეკის მართვა-გამგეობაში, საკვირაო სკოლებში და სიფხიზლის საზოგადოებისგან მოწყობილ სახალხო საუბრებისა და კითხვის მოწყობაში. რამდენიმე ხნის შემდეგ შევედი სამსახურში ფილოქსერის პარტიაში. ამ პარტიის საშუალებით მოვიარე კუბანის ოლქი და მთლად საქართველო, სადაც კი ვენახიანი ადგილებია. თბილისში დავბრუნდი 1897 წელს. ამ წელს რამდენიმე თვე ვემსახურე მდივნათ თბილისის სათავად-აზნაურო სკოლის აღმასრულებელ კომიტეტში და შემდეგ წავედი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებისაგან სოფ. გომარეთში ახლად დაარსებულ სკოლაში მასწავლებლად. იქ მხოლოთ ერთ წელიწადს დავრჩი მასწავლებლად. სასწავლებელთან მქონდა აგრეთვე სკოლა და საუბრები დიდებისათვის. გომარეთიდან დაბრუნებისას ზაფხულის თვეებში ისევ ფილოქსერის პარტიაში გავატარე კახეთში. შემდეგ დავბრუნდი თბილისში და შევედი სამსახურში თბილისის ქალაქის თვითმართველობაში სავაჭრო-სამეურნეო აგენტის თანაშემწეთ. რამდენიმე ხნის შემდეგ დამნიშნეს ქალაქის მეორე თავ-შესაფარის გამგეთ და იმავე დროს ვმსახურებდი რკინისგზაზე შემოსავლის სამსახურში (Служба сборовъ) სტატისტიკურ განყოფილებაში. 1899 და 1900 წლებს ვმუშაობდი კორექტორად „ცნობის ფურცლის“ და „მოანბის“ რედაქციებში. თბილისში 1901, 1902, 1903 წლებში გაძლიერდა მუშათა მოძრაობა და რამდენიმე ჯგუფი დაიჭირეს იმ დროს. 1903 წელს დამიჭირეს მეც, მაგრამ მალე გამანთავისუფლეს. 1906 წლის 22 დეკემბერს დამითხოვეს რკინის გზიდან და დამდევდნენ დასაჭერად. ამის გამო იძულებული გავხდი ქალაქის თვითმართველობის სამსახურიც მიმეტოვებინა და მივმალულიყავ. არალეგალურათა ვცხოვრობდი 1905-1908 წლის მალვამდი ვცხოვრობდი ხან რუსეთში და ხან კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში. 1908 წელს ივნისის 10 ათს დამიჭირეს გორში, გამასამართლეს როგორც წევრი 1905 წლის რკინისგზის გაფიცვის კომიტეტისა, მომისაჯეს ექვსი თვე (კრეპოსტი) ამის გარდა ციხეში კიდევ ზედმეტი ათი თვე მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს პერმის გუბერნიაში, ჩერდინის მაზრაში, ჩრდილოეთ ურალზე. იქიდან დავბრუნდი 1912 წელს, მაგრამ კავკასიაში წამოსვლის ნება არ მქონდა და დავრჩი დონის როსტოვში. გარდასახლების დროს ყველანაირ სამუშაოს ვასრულებდი, ვფხეკამდით ხოლმე ტყეში ხეებს, დღიურადა ვმუშაობდით სოფლელებთან სათიბში, სამკალში, კალოზე, სამსახურის ნებას არ მაძლევდნენ, გაკვეთილების მიცემა აკრძალული მქონდა. დიდ ხანს ერთ ბინაზე არა მტოვებდნენ ორ-სამ თვეში ერთხელ ბინას მიცვლიდნენ და სხვა და სხვა სოფლებში გადავყავდით. როსტოვიდან ჩავედი ქალაქ ალექსანდროვსკ-გრუშევსკოში და პარამანოვას მაღაროებში მუშათა სასადილოში შევედი კასირად. გული აღარ მიდგებოდა და ჩქარა იქიდან წამოვედი ქალაქ მაიკოპში. აქ რამდენიმე თვე ვიცხოვრე კერძო გაკვეთილებით და შემდეგ წამოვედი თბილისში. კავკასიის სხვა და სხვა ქალაქებში ექვსი თვე შევინახე თავი. იმ დროს დაიწყო მეოთხე დუმის საარჩევნო კამპანია. თბილისში ეს საარჩევნო ორგანიზაცია დაიჭირეს კრებაზე ხუდადოვის სახელის ქალაქის ბაღში. იქ მოვყე მეც. რამდენიმე თვე ციხეში მამყოფეს და შემდეგ გადამასახლეს დონის როსტოვში. როსტოვიდან ისევ ალექსანდროვსკ-გრუშევსკში წავედი იმავე პარამანოვის მაღაროებში სამუშაოთ. ვიშოვნე ადგილი მაღაროების ცენტრალურ სანოვაგის მაღაზიაში უმცროსი ნოქრისა, შემდეგ იქვე ვიყავი პურის გამყიდველი და ბოლოს ჭურჭლის და რკინეულობის განყოფილების გამგეთ. მაღაროებში ვიცხოვრე წელიწად ნახევარი. ჩასვლისთანავე იქაურ ამხანაგებთან ერთად შეუდექით მუშებში პარტიულ მუშაობას, დავიახლოვეთ მეოთხე სახელმწიფო დუმის წევრი 1918 წელს ბოლშევიკებისაგან ვერაგულათ მოკლულ ი. ნ. ტულიაკოვი და იმისი საშუალებით კავშირი დავიჭირეთ პეტროგრადთან. წელიწადნახევრის შემდეგ ჩვენი ორგანიზაცია ყველასათვის თვალსაჩინო გახდა და დაგვაფორიაქეს კიდეც. მე გამოვასწარი ალექსანდროვსკ-გრუშევსკიდან ერთი კვირით ადრე, გადმოვედი როსტოვში სამსახურში. ერთი კვირის შემდეგ იქ დაიჭირეს იქ ჩემთან იმ დროს მომუშავე ქართველი ამხანაგებიც რაფიელ ჩიხლაძე, თედო ქარცივაძე, ტერენტი წერეთელი და ადმინისტრატიული წესით გაგზავნეს კატერინოსლავში. როსტოვში მე პირველად მივედი მდივნად ხეზე მომუშავეთა საავად-მყოფო კასაში და შემდეგ გადავედი ამავე თანამდებობაზე როსტოვის ტრამვაიში. როსტოვის საავად-მყოფო კასებმაც შეაკავშირეს მუშები და პოლიტიკურმა მოძრაობამ იჩინა თავი, მუშები ჩაერივნენ სხვა და სხვა კულტურულ დაწესებულებებში, უმეტესად კი სახალხო უნივერსიტეტის საქმეებში, სამხედრო-სამრეწველო კომიტეტის გარშემოც ახმაურდნენ მუშები. საიდუმლო პოლიციამ მიაქცია ყურადღება მუშათა მოძრაობას და დაიწყო დაპატიმრება. 1916 წელში დამიჭირეს მეც სხვებთან ერთად და გადამასახლეს ირკუტსკის გუბერნიაში. იქ დავრჩი 1917 წლის 22 მარტამდე. ირკუტსკის გუბერნიაში ვცხოვრობდი ქალაქ ნიჟნეუდინსკში. ვმსახურობდი ქალაქის ხორცის დუქნების და პურის მაღაზიის მთავარ მმართველად. სამშობლოში დაბრუნებისას თერთმეტი თვის განმავლობაში ვიყავი დუშეთის მაზრის კომისრად. წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი
-
- კლიმიაშვილი
- მიხეილ
-
(and 1 more)
Tagged with: