ძებნა
'მანევრი' ძებნის შედეგები.
-
კლასიკური მანევრი - პირველი ნაწილი 12:08, 22.07.2019 სათაურს განმარტება სჭირდება: უძველესი დროიდან, რაც კაცობრიობა ომის წარმოებითაა დაკავებული, ჯარების გადაადგილებას, შეტევისა თუ უკანდახევისას მიმართულებათა ცვლას, სხვადასხვა (სტრატეგიულად) მნიშვნელოვანი ადგილების (ტერიტორიების) წინასწარ დაკავებისა თუ შენარჩუნების მცდელობას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ყველაფერ ამას მანევრი ჰქვია და მისი წარმართვა ერთ-ერთი ურთულესი ხელოვნებაა, რომელიც საუკუნეთა მანძილზე იხვეწებოდა, სახეს იცვლიდა, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარებულიყო, ყოველთვის რჩებოდა გამარჯვების ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად. წარმატებული მანევრი ხშირად წყვეტდა არა მარტო ბრძოლის, არამედ კამპანიისა და ომის ბედს, და ისტორიასაც გარკვეულ მიმართულებას აძლევდა. ამიტომაც არის, რომ დიდ სარდალთა სახელები, სრულყოფილად ვინც ფლობდა მანევრის ხელოვნებას, ისევე შემორჩა ისტორიას, როგორც მეფეთა თუ სხვა სახელმწიფო მოღვაწეთა სახელები, რომელთა მოქმედებამ ბევრად განსაზღვრა დღევანდელი საზოგადოების სახე. ომების ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველა მანევრის საფუძვლად რამოდენიმე საბაზო სტრატეგია დევს. ეს სტრატეგიები ანტიკურობიდან იხვეწება, როგორც ბრძოლის წარმოების ძირითადი სამანევრო სტრატეგიები, ხოლო თავის სრულყოფას ახალ დროში აღწევს. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც ძირითადი სამანევრო სტრატეგიები სრულიად განსაზღვრული სქემითაა წარმოდგენილი, მათი კომბინირება, თუ სხვადასხვანაირად გამოყენება, ბევრადაა დამოკიდებული მხედართმთავრის გენიაზე, მის ფანტაზიაზე, სწრაფი აზროვნების უნარსა და იმ ინსტინქტზე, რასაც ბრძოლის შეგრძნების უნარი ჰქვია და რაც, საბოლოო ჯამში, დიდ მხედართმთავარს ყოველთვის განასხვავებდა დანარჩენთაგან. ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეფექტურად აღვწეროთ საბაზო სტრატეგია, მაგრამ მათი კომბინირება, თუ გამოყენების ნაირგვარობა არავითარ ფორმულას არ ექვემდებარება და მთლიანად ინდივიდუალურია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ბაზის ზედმიწევნით ფაქიზი ცოდნის გარეშე, ვერც მათი გამოყენების ხელოვნებას დავეუფლებით და ვერც ვერასოდეს გავხდებით მეთაური ამ სიტყვის ძირითადი გაგებით. ქვემოთ განხილული სტრატეგიები ის სამანევრო პარადიგმები გახლავთ, რომელსაც, ყველაზე ხშირად, სარდლები ომის ევროპულ თეატრებზე იყენებდნენ გვიანი შუა საუკუნეებიდან ვიდრე მე-19-მდე, ანუ მაშინ, როდესაც ყალიბდებოდა თანამედროვე ომის გაგება, მისი წარმოების სტრატეგია და ველზე მოქმედების ტაქტიკა. სიტყვა კლასიკური სწორედ ამ კონტექსტში უნდა გავიგოთ. ცენტრის გარღვევა ერთ-ერთი უძველესი მანევრია და მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ვანგრევთ მოწინააღმდეგის ხაზის მთლიანობას და მას ფლანგებზე, ცალ-ცალკე ვანადგურებთ. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ფლანგებზე წინასწარი დარტყმების განხორციელებით, რაც მოწინააღმდეგეს იძულებულს ხდის, ამ მიმართულებით აამოქმედოს რეზერვი, ანდა, ფლანგების გაძლიერების მიზნით, შეასუსტოს ცენტრი. ანუ ცენტრში კონცენტრირებული ძალების ნაწილი ფლანგებზე გადაისროლოს ან განალაგოს. ამ დროს ხორციელდება საკუთარი ძალების კონცენტრაცია და ცენტრში ძირითადი დარტყმის მიყენება. ცენტრის გარღვევა აღნიშნულ სტრატეგიას ბრწყინვალედ იყენებდა ჰერცოგი მალბორო (1650-1722). ბლენჰაიმის (1704), რამიის (1706) და მალპლაკეს (1709) ბრძოლები ცენტრის გარღვევის ქრესტომათიული მაგალითებად ითვლება. მალპლაკეს ბრძოლა, რომელიც ესპანური მემკვიდრეობისთვის ომში 1709 წლის საშემოდგომო კამპანიის გვირგვინად იქცა, ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა იმ აზრით, რომ მალბოროს მანევრი, ბლემჰიმისა და რამიის გამოცდილებიდან გამომდინარე, ფრანგებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მათ ვერ აიცილეს ცენტრის გარღვევა და იძულებულნი გახდნენ დაეხიათ. ჰერცოგმა მალბორომ, რომელიც ანტიფრანგული კოალიციის ძალებს სავოიელ პრინცთან ერთად ხელმძღვანელობდა, ბრძოლა მოწინააღმდეგის ორივე ფლანგზე შეტევით დაიწყო და იმდენად შეავიწროვა, რომ აიძულა ფლანგებზე რეზერვი აემოქმედებინა. ამის შემდეგ ძლიერი დარტყმა მიაყენა ცენტრს და თითქოს გაარღვია კიდეც. თუმცა ფრანგებს გარკვეული ძალა შემონახული აღმოაჩნდათ. მათ შეძლეს კონცენტრირება და კონტრშეტევა განახორციელეს, რასაც ცენტრის აღდგენა მოყვა. ბრძოლის ბედი გადაწყვეტილი ჩანდა, როდესაც მალბორომ ისევ ცენტრში მოუყარა თავი ყველაფერს, რაც ამ დროისათვის გააჩნდა და ხელახალი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგეს. ცენტრი გაირღვა და ფრანგებს, პრაქტიკულად არაფერი დარჩათ, უკანდახევის გარდა. მეორე დარტყმისთვის ისინი მოუმზადებელი აღმოჩდნენ: ყველა რესურსი ამოწურული იყო. ცენტრის გარღვევა, როგორც მანევრი, გარკვეული შეზღუდვებით ხასიათდება. თუ მისი გამოყენება ზუსტად არ არის გათვლილი, შესაძლოა მარცხით დამთავრდეს. 1. თუ გარღვევისთვის არასაკმარისი ძალაა გამოყენებული, მაშინ, შესაძლოა, ვერ შევძლოთ საკუთრივ გარღვევა, რაც მოწინააღმდეგეს არა მარტო კონტრშეტევის საშუალებას აძლევს, არამედ პირობებსაც ქმნის ჩვენივე ცენტრის გასარღვევად (მალპლაკეს ბრძოლაში მალბოროს რომ დამატებითი დარტყმისთვის ძალა არ აღმოსჩენოდა, მას ბრძოლა წაგებული ჰქონდა). აქედან, სხვათა შორის, ერთი შეგონება გამომდინარეობს: როდესაც ცენტრის გარღვევას ვფიქრობთ, სულ ცოტა, ორი დარტყმისთვის უნდა ვიყოთ მზად. რაც ნიშნავს – ისე გადავანაწილოთ საკუთარი ძალები, რომ ზემოთქმული შესაძლებელი გახდეს. 2 ძირითადი დარტყმა სწორედ იმ მომენტში უნდა განხორციელდეს, როდესაც დავრწმუნდებით, რომ საფლანგო შეტევების მოსაგერიებლად მოწინააღმდეგემ ბოლო რეზერვები ჩართო (მალპლაკეს ბრძოლაში მალბოროს პირველი შეტევა, საბოლოო ანგარიშით, წარუმატებელი იმიტომ გამოდგა, რომ ფრანგებს კონტრშეტევისთვის ძალა შემონახული აღმოაჩნდათ).თუმცა, ეს მომენტი იმდენად ზუსტად უნდა იყოს გათვლილი, რომ დაპირისპირებულ მხარეს საშუალება არ მივცეთ, რომელიმე ფლანგზე, რეზერვის ამოქმედებით, წარმატებას მიაღწიოს. ვინაიდან ამ დროს ჩვენი ძირითადი შეტევა მტრის საფლანგო დარტყმის ქვეშ მოექცევა. 3. ცენტრის გარღვევის განხორციელებისას ასევე შეცდომაა, ძირითადი დარტყმის მიმართულებით ზედმეტად ჭარბი ძალების თავმოყრა. ერთის მხრივ, ეს ასუსტებს ფლანგებს და მოწინააღმდეგისათვის შემოვლითი მანევრის წინაპირობებს ქმნის; ხოლო, მეორეს მხრივ, ვინაიდან ჭარბი ძალებით მანევრირება გაძნელებულია (იკარგება მობილურობა), საფრთხე ექმნება ძირითადი მიზანდასახულობის შესრულებას: მოწინააღმდეგეს შეუძლია (ცრუ უკანდახევის განხორციელებით) ჩვენი ძალები მთლიანად ალყაში მოიქციოს ( კანის ბრძოლა, ძვ. წ. 216წ.). შემაკავებელი შეტევა – ხორციელდება ერთ-ერთ ფლანგზე იმ მიზნით, რომ მოწინააღმდეგის ძალები ამ ფლანგზე მაქსიმალურად დაბმული აღმოჩნდეს. დამხმარე შეტევა – ხორციელდება შემაკავებელი შეტევის საპირისპირო ფლანგზე და მისი მიზანია ძირითადი შეტევის იმიტირება, რათა აიძულოს მოწინააღმდეგე ბრძოლაში ჩააბას ყველა რეზერვი. დამხმარე შეტევა ისეთნაირად უნდა წარიმართოს, რომ მოწინააღმდეგე დარწმუნდეს, თითქოს საქმე ძირითად შეტევასთან აქვს. დამხმარე შეტევა, ჩვეულებრივ, შემაკავებელი შეტევის პარალელურად ხორციელდება. ზოგჯერ დროში გარკვეული სხვაობა დასაშვებია. ძირითადი შეტევისას, მისი დაწყების წინ, მოწინააღმდეგეს უნდა შეექმნას ილუზია, რომ ცენტრიდან მას არაფერი ემუქრება. აღნიშნული მიიღწევა ორი გზით: ა. შენიღბვა – როდესაც ძალები უკვე თავმოყრილია, მაგრამ მათი თავმოყრაც და ბრძოლისთვის განლაგებაც მოწინააღმდეგისათვის დაფარულია. ბ. ძალების მოულოდნელი თავმოყრა – როდესაც ცენტრში მდგომ ძალებს უერთდება საფლანგო ძალების ნაწილი, რომელიც ამ მიზნით წინასწარაა მონიშნული. აღნიშნული ნაწილი ფლანგზე დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს, არამედ ბრძოლის დაწყების მომენტიდან, როდესაც მოწინააღმდეგის ყურადღება მთლიანად საფლანგო შეტევითაა დაკავებული, ფარულად გადაადგილდება ცენტრისკენ. რაც მთავარია, მხარე, რომელიც ცენტრის გარღვევას ფიქრობს, შეტევასაც თვითონ იწყებს, ანუ ინიციატივას ხელთ იგდებს და ინარჩუნებს კიდეც. სამანევრო სტრატეგიებს შორის, მეორე, ყველაზე გავრცელებული სვლაა შემოვლითი მანევრი. მისი არსი შემდეგში მდგომარეობს: ერთ-ერთ ფლანგზე, ძალების მაქსიმალური თავმოყრით, ვაიძულებთ მოწინააღმდეგეს საკუთარი ცენტრის მიმართულებით უკუიქცეს. ეს იწვევს მისი ძალების არევ-დარევას და, საბოლოოდ, ქაოსსა და უმართავ სიტუაციას ქმნის ფლანგის შემოვლა ისტორიული მაგალითი ისევე როგორც პირველს, აღნიშნულ მანევრსაც ჰყავდა თავისი დიდოსტატები, რომელთა შორის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი გახლავთ პრინცი კონდე. მის მიერ როკრუასთან გადახდილი ბრძოლა (18-19 მაისი, 1643წ.) ასევე ქრესტომათიულად ითვლება. 1643 წლის მაისის შუა რიცხვებში ესპანეთის ოცდაშვიდათასიანი კონტინგენტი არდენების გავლით საფრანგეთში ნიდერლანდებიდან შეიჭრა და გეზი პარიზისკენ აიღო. ფრანცისკო დე მოლო, რომელიც ამ ძალას მეთაურობდა, გზად ქალაქ როკრუასთან შეჩერდა და ამ უკანასკნელს ალყა შემოარტყა. პრინცი კონდე ოცდასამათასიანი ჯარით მის შესახვედრად გაემართა. 18 მაისს ჯარები უკვე ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. ბრძოლა დილიდან დაიწყო. კონდემ მძლავრი შეტევა წამოიწყო მოწინააღმდეგის მარცხენა ფლანგზე, უკუაქცია და ესპანელთა ეს ფრთა მთლიანად გააშიშვლა. უპირატესობა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე ვითარების საკმაოდ სერიოზული გართულების მიუხედავად (რაც, სხვათა შორის, იმითაც იყო გამოწვეული, რომ ფრანგების შეტევა აქ ნაადრევად და, რაც მთავარია, კონდეს ბრძანების გარეშე დაიწყო). ესპანელებმა ვერ შეძლეს ბრძოლაში გარდატეხის შეტანა: კონდემ ზურგიდან გაარღვია მოწინააღმდეგის ცენტრი, ზურგიდანვე დაარტყა შეტევაზე გადასულ ესპანელთა მარჯვენა ფლანგს და აიძულა ისინი დანებებულიყვნენ. კომენტარი როკრუასთან განვითარებული მოვლენები რამოდენიმე საინტერესო მომენტს შეიცავს, რომელთა გათვალისწინება, როგორცა ჩანს, სასარგებლოა მეთაურისთვის: 1. როგორც უკვე ვახსენეთ, საფრანგეთში შეჭრისას ფრანცისკო დე მოლოს სამიზნედ პარიზი ჰქონდა ამოღებული. მიუხედავად ამისა, მან როკრუას ალყა წამოიწყო, რამაც არა მარტო ტემპი დააკარგვინა, არამედ იძულებული გახადა, ფრანგების მთავარ ძალებს შებრძოლებოდა იქ, სადაც თავიდან არ გეგმავდა.აქედან, სხვათა შორის, ერთი შეგონება გამოდის: როდესაც სამხედრო ოპერაციისთვის ძირითადი მიზანი განსაზღვრულია, ყველაფერი, რაც მასთან მიახლოებას ახანგრძლივებს, ხელისშემშლელია და თავიდან უნდა ავიცილოთ. სხვა სიტყვებით, როკრუას ალყა შეცდომა იყო. 2. მარჯვენა ფლანგზე, როგორც აღვნიშნეთ, ფრანგებმა ნაადრევი შეტევა წამოიწყეს. თუ ბრძოლის ანგარიშებს გავეცნობით, დავრწმუნდებით რომ თუ არა კონდეს უაღრესად გაბედული და სწრაფი მოქმედება, ბრძოლა, შესაძლოა, შეტრიალებულიყო. შეგონება: ნაადრევი შეტევა, ისევე როგორც დაგვიანებული, უაღრესად დიდ საშიშროებას შეიცავს ყოველთვის. საკუთრივ ფლანგის შემოვლას რომ დავუბრუნდეთ, ვნახავთ, რომ მას ერთი შეზღუდვა ახასიათებს: საფლანგო შეტევის დაგეგმვისას, რომელიმე ფლანგზე ძალების თავმოყრა არ უნდა ხდებოდეს ცენტრის შესუსტების (ანდა ზედმეტად შესუსტების) ხარჯზე, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მოწინააღმდეგეს ბრწყინვალე შესაძლებლობა ეძლევა, განახორციელოს წარმატებული კონტრშეტევა. თავის დროზე, სწორედ ეს იყო აუსტერლიცთან რუსულ-ავსტრიული კოალიციის მარცხის მიზეზი. ფლანგის შემოვლაც შეტევითი მოქმედებაა და მის საწარმოებლად ძალთა სერიოზული მობილიზაციაა საჭირო. ოპერაცია წარმატებულად მხოლოდ მაშინაა მიჩნეული, როდესაც დავრწმუნდებით, რომ მოწინააღმდეგემ მთლიანად დაკარგა მართვა. საფლანგო შეტევის წარმატებული განვითარებისათვის აუცილებელია: 1. რაც შეიძლება სწრაფად შევიჭრათ მის სიღრმეში; 2. უკვე (მოწინააღმდეგის) ზურგში მოქმედებისას, მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ბრძოლის გაჭიანურება, რაც მოწინააღმდეგეს გადაჯგუფების საშუალებას მისცემდა. სხვა სიტყვებით, შეტევის განვითარებაზე მივმართოთ იმდაგვარი დამატებითი ძალა და იმ ტემპით, რომ წინააღმდეგობა უაზრობად იქცეს. თუმცა, დამატებითი ძალების საფლანგო შეტევაში ჩაბმა არ უნდა მოხდეს ცენტრის შესუსტების ანდა ძლიერ შესუსტების ხარჯზე, რომ მოწინააღმდეგემ ვერ შეძლოს უკვე ჩვენივე მოქცევა საფლანგო დარტყმის ქვეშ. აღნიშნული, სხვათა შორის, იძლევა მოწინააღმდეგის მიერ წარმოებული საფლანგო შეტევის წარმატებული მოგერიების ალგორითმსაც: არ უნდა დავუშვათ მოწინააღმდეგის სწრაფი შემოჭრა ცენტრის მიმართულებით და მაქსიმალურად შევზღუდოთ მისი მოძრაობა სიღმეში; 2. ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, რომ მოწინაამდეგის საფლანგო შეტევამ მიიღოს გაჭიანურებული ხასიათი. ვაიძულოთ ის, საბოლოო წარმატების მიღწევის მიზნით, საფლანგო შეტევაში მაქსიმალურად ჩართოს დამატებითი ძალები. სხვა სიტყვებით, დაასუსტოს ცენტრი ან მოპირდაპირე ფლანგი. სწორედ ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ კონტრშეტევისათვის. 3. სწრაფი და ეფექტური საფლანგო კონტრდარტყმისათვის მომგებიანია, როდესაც კონტრშეტევა ხორციელდება მოწინააღმდეგის ცენტრის წინააღმდეგ. ორივე ფლანგის შემოვლა კლასიკურ პერიოდში ორივე ფლანგის შემოვლა შედარებით იშვიათად გამოიყენებოდა, ვინაიდან მისი განხორციელების ერთ-ერთ პირობას პირდაპირი მოქმედებისას, საკუთარ ძალთა საგრძნობი სიჭარბე წარმოადგენს. შემაკავებელი შეტევა ხორციელდება ფრონტალურად, მთელი ხაზის გასწვრივ, ხოლო რეზერვები ამოქმედებულია ფლანგებზე, ძირითადად იმავე დანიშნულებით, რაც ჩვეულებრივ საფლანგო შემოვლის დროს. ისტორიული მაგალითი ვინაიდან ორივე ფლანგის შემოვლა ხშირად ძალების რეალურ სიჭარბეს მოითხოვს, ისტორიამ თანაბრად იცის მისი გამოყენების წარმატებული თუ წარუმატებელი მაგალითები. აღნიშნული მანევრის წარმატებული გამოყენების მაგალითია 1711 წლის 13-21 ივლისს მდინარე პრუტთან თურქების მიერ პეტრე პირველის სამოც ათასიანი კონტინგენტის მომწყვდევა. შევნიშნავთ, რომ დიდვეზირის ძალები, სავარაუდოდ, 260 ათასს ითვლიდა. ასეთივე მაგალითია 1396 წლის სექტემბერში ქალაქ ნიკოპოლისთან გამართული ბრძოლა, სადაც დიდვეზირ ბაიაზეთის ლაშქარმა მთლიანად გაანადგურა დასავლეთ ევროპელ ჯვაროსანთა კოალიციური ლაშქარი: 1396 წელს უნგრეთის მეფე სიგიზმუნდმა რომის პაპ ბონიფაცი IX მეშვეობით თავი მოუყარა ევროპის ფეოდალურ ლაშქარს თურქეთის წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის საწარმოებლად და ალყაშემორტყმული კონსტანტინოპოლის გამოსახსნელად. აღნიშნულ ლაშქრობას უფრო ამბიციური გეგმაც გააჩნდა: საერთოდ შეეჩერებინა ოსმანთა ექსპანსია ბალკანეთში. რამოდენიმე წარმატებული ბრძოლის შემდეგ, ევროპელები სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ ქალაქ ნიკოპოლისის გარნიზონისაგან, რომელსაც, საბოლოოდ ალყა შემოარტყეს. ალყა გაგრძელდა, რამაც თურქებს საშუალება მისცა კონსტანტინოპოლიდან მოეხსნათ ძალების ნაწილი და ჯვაროსანთა შესახვედრად გადაესროლათ. უკვე 24 სექტემბერს თურქები ნიკოპოლისის შორიახლო, შემაღლებულზე განლაგდნენ და ნაცვლად შეტევისა, ადგილზე გამაგრება დაიწყეს. გამოცდილმა ბეიაზეთმა ბრწყინვალედ იცოდა ჯვაროსანთა მოქმედების ტაქტიკა და მას მეტად მოქნილი საბრძოლო წყობა დაუპირისპირა: ცენტრში, შემაღლებულზე, მშვილდოსან ქვეითთა ნაწილი განლაგდა, რომლის მარჯვენა მხარე მსუბუქმა კავალერიამ დაიკავა. მისი დანიშნულება, როგორც შემდგომ გაირკვა, ბრძოლის პროვოცირება, მოწინააღმდეგის სიღრმეში შეტყუება და ბრძოლიდან ისევ ფლანგზე გაუჩინარება გახლდათ, რომ საჭირო დროს, ისევ ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. ლაშქრის მესამე ნაწილი, მძიმედ შეიარაღებული ცხენოსნები, რომლებიც, ამავე დროს, თურქების ძირითად დამრტყმელ ძალად განიხილებოდნენ, მათ მაღლობებს უკან გადამალეს და საფლანგო შეტევისათვის მოამზადეს. ჯვაროსნები, რომელთაც არც თურქთა რეალურ ძალაზე ჰქონიათ წარმოდგენა და არც ფანტაზიით გამოირჩეოდნენ, საკმაოდ სწორხაზოვნად წარმართეს შეტევა და ორი მცდელობის შემდეგ მთლიანად იქნენ განადგურებულნი. აქ ერთი ყურადსაღები გარემოებაა: ბაიაზეთმა, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მეტ ძალას ფლობდა, ნაცვლად შეტევისა, ლოდინი ამჯობინა. ზუსტად შერჩეულმა პოზიციამ მას საშუალება მისცა ცენტრში მოწინააღმდეგის ძალები მთლიანად ჩაეთრია ბრძოლაში, რის შემდეგ, რეზერვებით, ორმაგი შემოვლა განახორციელა. როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, ორმაგი საფლანგო შემოვლა ერთ-ერთი ურთულესი მანევრია და ორივე ფლანგზე უპირატესობის შესაქმნელად ძალთა გადამჭრელ სიჭარბეს მოითხოვს. ვინაიდან ასეთი სიჭარბე საკმაოდ იშვიათია, ომების ისტორიის მანძილზე მისი კომპენსირება ხშირად ისეთი კომპონენტებით ხდებოდა, როგორიცაა გადაადგილების სისწრაფე, ბრძოლაში მონაწილე ჯარების ხარისხი (გაწრთვნილობა, გამოცდილება), მეთაურის (ლიდერის) ფაქტორი და ის, თუ რამდენად შევძლებდით მოწინააღმდეგის აყოლიებას, რომ ბრძოლისას ის ჩვენს ნებას დაყოლოდა და მისთვის გამზადებულ ხაფანგში მოქცეულიყო. სწორედ აღნიშნული ფაქტორების არსებობამ ნულამდე დაიყვანა რომაელთა რიცხობრივი უპირატესობა კანის (ძვ.წ.216 წ) ბრძოლაში და შესაძლო გახადა მათი სრული განადგურება მეორე პუნიკური ომის დროს. ორმაგი საფლანგო შემოვლის განსახორციელებლად იდეალურ ვითარებას წარმოადგენს მოწინააღმდეგის პროვოცირება შეტევაზე. მის მცდელობას, გაარღვიოს ცენტრი, გარკვეული გასაქანი უნდა მიეცეს, რომ შეექმნას წარმატებული შეტევის ილუზია. თუმცა, მოწინააღმდეგისათვის პირველი დარტყმის დელიგირება საკმაოდ რისკიანი წამოწყებაა. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ ფაქიზად უნდა გაითვალოს: დარტყმის მოსაგერიებლად დაუშვებელია რეზერვების ნაჩქარევი ამოქმედება (მაშინაც კი, როდესაც მდგომარეობა კრიტიკული ჩანს). უმჯობესია, რეზერვი საფლანგო დარტყმებისთვის (კონტრდარტყმებისთვის) შემოვინახოთ. ხშირად, აღნიშნული გადაწყვეტილება საკმაოდ რთული მისაღებია. ამიტომ მეთაური, რომელიც მორალურად მზად არ არის ამდაგვარი ნაბიჯებისთვის, ბრძოლის მსგავს გეგმას არ უნდა იყენებდეს. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას. კლასიკური მანევრი - ნაწილი მეორე 12:19, 26.07.2019 ამ სამანევრო სტრატეგიის არსია მოწინააღმდეგის ერთი ფრთა მოვაქციოთ თანდათანობით მზარდი პრესის ქვეშ, სანამ ის ამ ზეწოლისაგან რღვევას არ დაიწყებს. ამავდროულად, მცირე ძალებით მოწინააღმდეგეს ვაბამთ ფრონტის მთელ სიგრძეზე, რათა მან ვერ შეძლოს თავისი პოტენციალის ამოქმედება იქ, სადაც ძირითადი მოვლენები ვითარდება. ისტორიული მაგალითი ირიბი შეტევა ითვლება, რომ აღნიშნული მანევრი ეპამინონდმა (ძვ.წ. IVს.) შემოიღო. თუმცა, გამოყენების თვალსაზრისით, თავის სრულყოფას მან შვიდწლიანი ომის დროს მიაღწია, როდესაც ფრიდრიხ დიდმა ის რამოდენიმეჯერ ბრწყინვალედ გამოიყენა როსბახ – ლოიტენის კამპანიის დროს (1757). ამ კამპანიის ბრძოლებიდან ყველაზე თვალსაჩინო ლოიტენის ბრძოლაა, რომელსაც ნაპოლეონმა მანევრისა და სითამამის შედევრი უწოდა. ლოიტენის ბრძოლაში მონაწილე ძალების შეფარდება თითქმის ორი – ერთთან იყო, ავსტრიული ძალების სასარგებლოდ, რომლებსაც ლოტარინგიის პრინცი კარლ და გრაფი ფონ დაუნი მართავდნენ. მათი ფრონტი, რომელიც დასავლეთზე იყო ორიენტირებული, სიგანეში რვა კილომეტრს აღწევდა. ორივე ფლანგს კავალერია ფარავდა, ხოლო რეზერვი მარცხენა ფლანგის უკან იყო განლაგებული, რათა ფრიდრიხ დიდის საფლანგო შეტევას ძლიერი ფლანგით დახვედროდნენ. რაც შეეხება მარჯვენა ფლანგს, აქ პრობლემები ნაკლებად იყო მოსალოდნელი, ვინაიდან იგი ჭაობს ებჯინებოდა და შეტევა ამ მხრიდან არარეალური ჩანდა. ბრძოლა რომ დაიწყო, ავსტრიელებმა აღმოაჩინეს, რომ ფრიდრიხ დიდმა თავისი კოლონები სწორად მარჯვენა ფლანგის მიმართულებით გამართა. მათ სასწრაფოდ იწყეს არსებული რეზერვით მარჯვენა ფლანგის გაძლიერება და შესაბამისად, დაასუსტეს მარცხენა ფლანგი. ვიდრე ბრძოლა რეალურად დაიწყებოდა, ფრიდრიხ დიდმა შეძლო შეტევაზე გადასული ძალების ნაწილი ფარულად ისევ მარცხენა ფრთაზე გადაეყვანა და მათი მეშვეობით ირიბი შეტევა განეხორციელებინა. თანდათანობითმა წნეხმა ავსტრიული ძალების სრული რღვევა გამოიწვია. ლოიტენის ბრძოლა რამოდენიმე საყურადღებო გარემოებას შეიცავს. პირველი გახლავთ ის, რომ ვიდრე ფრიდრიხ დიდი თავის ძირითად ჩანაფიქრს – მარცხენა ფლანგზე ირიბი შეტევა – განახორციელებდა, მან სამხედრო ეშმაკობას მიმართა, რომელიც ფინტის სახელწოდებითაა ცნობილი და ცრუ მანევრს წარმოადგენს. რატომ დაჭირდა მას მანევრის ამდაგვარად გართულება? საქმე იმაშია, რომ მოწინააღმდეგის ბრძოლის წინა განლაგება საკმაოდ ლოგიკური გახლდათ იმისათვის, რომ გათვლადი არ ყოფილიყო. ავსტრიელები იცნობდნენ ფრიდრიხს და მშვენივრად იცოდნენ, რომ ძალთა სიმცირის გამო ის ვერ შეძლებდა ცენტრის გარღვევას, ამიტომაც არც ეცდებოდა. შედეგად, მისი ძირითადი სამიზნე და შეტევის ობიექტი აუცილებლად ფლანგი უნდა გამხდარიყო. აქაც არჩევანი ფაქტიურად წინასწარ იყო განსაზღვრული: ფრიდრიხი იმ ფლანგს შეუტევდა, რომელიც შეტევისათვის უფრო ხელსაყრელ გეოგრაფიულ გარემოში განლაგდა. ასეთი კი ავსტრიელთათვის მარცხენა ფლანგი გახლდათ. მარჯვენას ბუნებრივი წინაღობა ფარავდა. ამიტომ ავსტრიელებმა მარცხენა ფლანგის რეალურ გაძლიერებაზე იზრუნეს და რეზერვიც მის უკან განალაგეს. აღნიშნული საბრძოლო წყობა, რომელსაც, საბოლოო ანგარიშით, არა მარტო ფლანგის დაცვა და დაფარვა შეეძლო, არამედ კონტრშტევისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნაც, მეტად ბუნებრივი ჩანდა. რაც მთავარია, ის სწორ გათვლაზე იყო დამყარებული. ეს რომ ასე და არა სხვანაირად იქნებოდა, ფრიდრიხ დიდისთვისაც საკმაოდ ნათელი უნდა ყოფილიყო. ამ ვითარებამ მისი თავდაპირველი ამოცანა გაართულა: ძალების სიმცირე საშუალებას არ იძლეოდა რომ ძლიერი ფლანგისთვის შეეტია. ხოლო სუსტი ფლანგი რეალური დარტყმისთვის მიუწვდომელი გახლდათ. ამიტომ, მას ჯერ უნდა მოენახა გზა, თუ როგორ დაესუსტებინა ძლიერი ფლანგი მანამ, სანამ ბრძოლა დაიწყებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ძირითად შეტევაზე ფიქრი. ამ ვითარებამ საბოლოოდ განსაზღვრა ბრძოლის სქემა: ფრიდრიხ დიდი დემონსტრაციულად იწყებს ძალების გადალაგებას სუსტი ფლანგის მიმართულებით (ცრუ მანევრი, ფინტი). მისი რეპუტაცია მას საშუალებას აძლევს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინოს მოწინააღმდეგეზე და შეცდომა დააშვებინოს. შედეგად, ფრიდრიხ დიდის მოსალოდნელი შეტევა რეალურ მოულოდნელობად იქცა ავსტრიელთათვის. გარდა მანევრირების ხელოვნებისა, ლოიტენის ბრძოლა ასევე საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ მასში თვალნათლივ ჩანს, თუ რა როლი შეუძლია შეასრულოს ბრძოლის დროს გეოგრაფიულ ფაქტორთა სწორად გამოყენებას. საერთოდ, კარგია, თუ დავიმახსოვრებთ, რომ გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური ფაქტორები გაცილებით დიდ როლს თამაშობს სამხედრო საქმეში, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. რა უნდა გვახსოვდეს ირიბი შეტევის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, მოახერხებს თუ არა მოწინააღმდეგე შეტევის მთავარი მიმართულების წინააღმდეგ დამატებითი ძალების მოზიდვას, თუნდაც ფრონტის სხვა მონაკვეთების დასუსტების ხარჯზე. ამიტომ მისი ძალები ფრონტის მთელ სიგრძეზე დაბმული უნდა გვყავდეს და ის უნდა განიცდიდეს არა მარტო მუდმივ პრესს, არამედ იმის შიშსაც, რომ ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა მას უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნის, ვიდრე არსებული ვითარებაა. აღნიშნული ტექნიკურად შესაძლებელია, თუკი მთავარი შეტევის პარალელურად, თანაზომიერი ინტერვალებით, შეტევაზე გადასული ნაწილები ერთიმეორის მიყოლებით, რიგ-რიგობით მოექცევიან მოწინააღმდეგის თვალთახედვის არეში და იძულებულს გახდიან მას, რეალური შემოვლის საფრთხის გამო, არ დაუშვას ფრონტის შეკუმშვა-შევიწროვება, როგორც ეს მეოთხე ნახაზზეა გამოსახული. აღნიშნული მანევრის არსია დავარწმუნოთ მოწინააღმდეგე იოლი გამარჯვების შესაძლებლობაში, რომ მან წამოწყებული შეტევა გამოდევნებით შეცვალოს. აღნიშნული არღვევს მის თავდაპირველ საბრძოლო წყობას და იძლევა კონტრშეტევის ბრწყინვალე შესაძლებლობას, განსაკუთრებით, ფლანგებზე (ნახ.5). ცრუ უკანდახევა ხშირადაა მიბმული არანაკლებ მნიშვნელოვან, ტექნიკური თვალსაზრისით, თითქმის იდენტურ, თუმცა მაინც განსხვავებულ მანევრზე, როგორიცაა შეტევა წინასწარ გამზადებული დაცვითი პოზიციიდან, რომლის დროსაც ცრუ უკანდახევა გამოყენებულია ამ პოზიციებამდე მოწინააღმდეგის შემოტყუებისათვის (ველინგტონის 1810 წლის კამპანია პორტუგალიაში, მესინას წინააღმდეგ). ცრუ უკანდახევა ისტორიული მაგალითი ისტორიულად, ცრუ უკანდახევა ხშირად გამოიყენებოდა არა იმდენად სტრატეგიული უპირატესობის მოსაპოვებლად, რამდენადაც მოწინააღმდეგის ხაფანგში მოსაქცევად, ძლიერი ტაქტიკური უპირატესობის მიღწევის მიზნით. თუმცა ასეთი უპირატესობა ზოგჯერ ბრძოლის ბედსაც წყვეტდა და არაერთხელ სახელმწიფოთა ბედიც გადაუწყვეტია. გავიხსენოთ 1241 წლის მარტ-აპრილში მონღოლთა მიერ პეშტისა და მთლიანად უნგრეთის აღება. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ცრუ უკანდახევას ეფექტურად იყენებდნენ როგორც მონღოლები, ასევე თურქები. ევრაზიის უკიდეგანო სივრცეები თითქო ბუნებრივად განაწყობდა ცხენოსან არმიებს ამდაგვარი სტრატეგიისათვის. ევროპელთაგან, ახალ დროში, ამ გამბიტის დიდოსტატი ველინგტონის დუკი, ფელდმარშალი არტურ უელსლი (1769-1852) გახლდათ, რომელმაც, 1810-1812 წლებში, პირინეის ნახევარკუნძულზე, სადაც ის ანტინაპოლეონური კოალიციის ძალებს მეთაურობდა, ფრანგული არმიის უდიდესი ნაწილი გაანადგურა. ამ მხრივ ნიშანდობლივია 1812 წლის ზაფხულის კამპანია, როდესაც ველინგტონმა, უკანდახევის ხარჯზე, აიძულა ფრანგები იმდენად გაეშალათ თავიანთი ძალები, რომ ავანგარდი მთლიანად მოსწყდა არმიის ძირითად ნაწილს. ასეთ შესაძლებლობას არც ერთი სარდალი არ უშვებს ხელიდან. არ გაუშვა არც ველინგტონმა. 12 აგვისტოს ის მადრიდში შედის. კომენტარი თუ მონღოლთა მიერ, 1241 წელს, პეშტის აღების სქემას ველინგტონის 1812 წლის ზაფხულის კამპანიას შევადარებთ, ვნახავთ, რომ მანევრის ძირითადი ძარღვი მოწინააღმდეგის საკუთარ შეტევაზე დაჭერა, მისი დანაწევრება – დაქუცმაცება, მთლიანობის რღვევა და ცალ-ცალკე განადგურება გახლავთ. თუ ცენტრის გარღვევას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ საქმე, არსებითად, ამავე შინაარსთან გვაქვს. ცენტრის გარღვევის ფინალიც მოწინააღმდეგის დანაწევრება და ცალ-ცალკე განადგურებაა, რაც, სხვა ჯაფის ფასად, უფრო პირდაპირი ქმედებებით მიიღწევა. აქ სწორედ რომ სიფრთხილე გვმართებს, რომ ეს ორი მანევრი,ამ მსგავსების გამო, იდენტურად, ურთიერთშენაცვლებად მანევრებად არ მივიჩნიოთ. არც ის იქნებოდა სწორი, რომელიმეზე რომ გვეთქვა უმჯობესიაო, ვინაიდან მათი გამოყენების ეფექტურობა მთლიანად იმ სტრატეგიული გარემოთია განპირობებული, რაშიც სარდალი მოქმედებს: როგორც ველინგტონი ვერ შეძლებდა პორტუგალიაში მესინას დამარცხებას მალბოროს დარად, საფლანგო შეტევების გამოყენებით, მისი ცენტრის გარღვევა რომ ეცადა, ასევე არც მალბოროს გამოადგებოდა ველინგტონის სტრატეგია. 1810 წელს, პირინეებზე იმდაგვარი ვითარება შეიქმნა, რომ ველინგტონს აუცილებლად უკან უნდა დაეხია და ეს უკანდახევა ექცია გამარჯვების ინსტრუმენტად. ასევე მალბოროსთვის – იმ სტრატეგიულ ვითარებაში, რომელშიც ის მალპლაკესთან აღმოჩნდა, ნებისმიერი უკანდახევა, თუნდაც ცრუ, დამარცხების ტოლფასი იქნებოდა. იქ და იმ დროს აუცილებლად შეტევა იყო საჭირო. რა უნდა გვახსოვდეს დღევანდელი საბრძოლო სივრცე მეტად რთულია იმისათვის, რომ ცრუ უკანდახევა, ჰანიბალის დარად, კანად ვაქციოთ. მიუხედავად ამისა, ბრძოლის ველი ყოველთვის დარჩება იმ გარემოდ, სადაც ცრუ უკანდახევა არა მარტო შესაძლებელია, არამედ ყოველთვის დიდი ალბათობითაა სავარაუდო. ძირითადი აქ არის ის, რომ ცრუ უკანდახევა ყოველთვის ხაფანგია, ისევე როგორც ხაფანგია, აიძულო მოწინააღმდეგე, შეგებრძოლოს წინასწარ შემზადებულ პოზიციაზე. ეს იძულება სხვა არაფერია, თუ არა მისივე შეტევით მანიპულირება, მისი შემოტყუება და ბრძოლის წარმოება ჩვენთვის მომგებიან პირობებში. ასევე დავიმახსოვროთ, რომ ხაფანგში საბოლოოდ ის ებმევა, ვინც თავის ძალებში ზედმეტად დარწმუნებული, იოლი გამარჯვების ცდუნებას აჰყვება. აღნიშნული მანევრის არსია უმნიშვნელო გადაადგილებებით მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანა ძირითადი ძალების გადაადგილებისაგან, რომლებიც მიმართულია მოწინააღდეგის ზურგში განლაგებული ბაზებისა და საკომუნიკაციო ხაზების (გზების) მოსაჭრელად. ეს მდგომარეობა აიძულებს მოწინააღმდეგეს საბრძოლო მოქმედებები თავისსავე ზურგში აწარმოოს. სტრატეგიული შემოვლა ამ მანევრს სტრატეგიულ შემოვლას ეძახიან, ვინაიდან მისი დანიშნულება არის არა ამა თუ იმ ტაქტიკური უპირატესობის მიღწევა, ანდა ამა თუ იმ კონკრეტულ ბრძოლაში გამარჯვების მოპოვებაა, არამედ ისეთი გადაადგილების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მოწინააღმდეგის მოძრაობას და მის მიერ ეფექტურ საომარ მოქმედებათა წარმართვას იმთავითვე სათუოდ ხდის. სხვა სიტყვებით, ეს არის სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება. ისტორიული მაგალითი აღნიშნული მანევრი გაცილებით ადვილია გასააზრებლად, ვიდრე შესასრულებლად. მისი წარმატებული წარმართვისათვის ორი პრინციპული მოთხოვნა არსებობს: გადაადგილების სისწრაფე და მოულოდნელობა. საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე, არც პირველი და, შესაბამისად, არც მეორე შესაძლებელი არ იყო: არმიები მნიშვნელოვნად იყვნენ დამოკიდებულნი აღალზე, რომელიც უზრუნველყოფის ერთადერთ გზას წარმოადგენდა. შემთხვევით არ იყო ნათქვამი, რომ „არმიებს გადაადგილება ზუსტად იმ მანძილზე შეუძლიათ, რა მანძილზეც მათ პური მიჰყვება“. ვითარება მკვეთრად იცვლება ნაპოლეონის რეფორმებთან ერთად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი მიდგომა არმიის მომარაგების მიმართ, რამაც მისი მოძრაობა საკომუნიკაციო ხაზებისა და ბაზების მიმართ დამოუკიდებელი გახადა. ამან ნაპოლეონს საშუალება მისცა ყოველთვის აღმოჩენილიყო იქ, სადაც მას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ და მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად არ იყო სასურველი. ულმის მანევრი, რომელიც მან 1805 წლის სექტემბერ-ოქტომბერში განახორციელა, ამ მხრივ ყველაზე ნიშანდობლივი იყო. სტრატეგიული ვითარება, რომელიც ამ პერიოდისათვის შეიქმნა, შემდეგია: ნაპოლეონი ინგლისში შესაჭრელად ემზადება. ინგლისი ახერხებს მის წინააღმდეგ მესამე კოალიციის თავმოყრას, რომლის ბირთვს რუსეთი და ავსტრია წარმოადგენს. კოალიცია ცდილობს თავი მოუყაროს გაერთიანებულ ძალებს და თავად განახორციელოს საფრანგეთში შეჭრა. ნაპოლეონი იძულებულია მიატოვოს ბულონის ტყე – ინგლისში შესაჭრელი ძალების თავშეყრის ადგილი და სწრაფად (და რაც მთავარია, ფარულად) დაძრას დიდი არმია აღმოსავლეთისაკენ. პირველი, მან არ უნდა დაუშვას კოალიციის წევრთა ძალების გაერთიანება და მეორე, მან უნდა შეძლოს კოალიციიდან მისი ერთ-ერთი საყრდენის, ავსტრიის, ამოგდება. მანევრით, რომელიც ისტორიაში ულმის მანევრის სახელით არის შესული, ნაპოლეონი ბრწყინვალედ ართმევს თავს პირველი ამოცანის შესრულებას და მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს მეორე ამოცანის წარმატებულად გადაჭრას. ის არა მარტო არ უშვებს რუსეთის არმიებს ავსტრიელებთან, არამედ ახერხებს თავად ავსტრიელთა ძალების დაქსაქსვას და მათი სათაო ძალების მარყუჟში მოქცევას. შედეგად, ულმში გამაგრებული ავსტრიელთა სარდალი მაკი ოცდაშვიდიათასიანი კორპუსით იძულებულია დანებდეს. რამდენიმე დღეში ასევე ნებდება კიდევ ოცდაათი ათასი. ულმის მანევრი ერთი, მეტად საყურადღებო გარემოების გამო არის საინტერესო. მთელი პერიოდის მანძილზე, დუნაიზე პირველი გადასვლიდან, ვიდრე ულმის ალყაში მოქცევამდე და მაკის კაპიტულაციამდე, ნაპოლეონს არც ერთი სტრატეგიული ბრძოლა არ გაუმართავს. მას ეს არ დასჭირდა. მთელი კამპანია მცირე შეტაკებების ფონზე წარიმართა, რომელთა შედეგად ნაპოლეონი მოწინააღმდეგეს ართმევდა ინიციატივას და ტემპის დაუკარგავად მიიწევდა წინ. უნდა ითქვას, რომ სტრატეგიული შემოვლა არის ე.წ. ირიბი მიდგომის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც, ზოგადად, ომის წარმოების ერთ-ერთ ეფექტურ სტრატეგიად ითვლება. ირიბი მიდგომის, როგორც საომარ მოქმედებათა სტრატეგიის არსი, შეიძლება დავიყვანოთ შემდეგი ორი ამოცანის განხორციელებაზე: 1. მოწინააღმდეგეს არ მივცეთ საშუალება გამოიყენოს, ის რაც რეალურად მის ძალას (სიძლიერეს) წარმოადგენს. მაგალითად, ანტინაპოლეონურ კოალიციას რომ ძალთა დროული თავმოყრა მოეხერხებინა, შესაძლოა საქმე აუსტერლიცამდე არც მისულიყო. 2. თავადვე შევქმნათ მოწინააღმდეგის სისუსტეები და ეფექტურად გამოვიყენოთ. აღნიშნული სისუსტეები შესაძლოა, პირობითად, სამ ჯგუფად წარმოვადგინოთ: გეოგრაფიული, ფუნქციონალური და ფსიქოლოგიური. პირველი საკმაოდ ადვილი გასაცნობიერებელია: ეს არის ისეთი მდებარეობის დაკავება, რომელიც მოწინააღმდეგეს აიძულებს, ბრძოლას თავი აარიდოს (ე.წ. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები). ფუნქციონალური სისუსტის გამოყენება გახლავთ ისეთი ვითარება, როდესაც მოწინააღმდეგეს იმდაგვარი საშუალებით შევუტევთ, რის წინააღმდეგ მას თავდაცვის უნარი არ გააჩნია (მაგ. ავიაციით შევუტიოთ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ გააჩნია), ანდა ვაიძულებთ მას ისეთ ქმედებაზე, როდესაც მისი სიძლიერე მისსავე სისუსტედ იქცევა (მაგ. ქვეითები, რომელთაც გამაგრებული მაღლობი უჭირავთ, ჩამოვიტყუოთ დაბლობზე, და ბრძოლა იქ მოვახვიოთ თავს). ფსიქოლოგიური სისუსტის გამოყენება ბრძოლის დაწყებამდე მოწინააღმდეგის ძალებში ისეთი მორალური კლიმატის შექმნას გულისხმობს, რომელიც ბრძოლის ნებას დააკარგვინებს მოწინააღმდეგის მეთაურს. შევნიშნოთ, რომ აღნიშნული დაყოფა პირობითია იმდენად, რამდენადაც რეალური მოქმედების დროს სამივე ფაქტორი ერთდროულადაა ამოქმედებული. თუ რომელიმე ერთი ფაქტორი მაინც დავუთმეთ მოწინააღმდეგეს, საბოლოო შედეგი, შესაძლოა, იმთავითვე სათუო გავხადოთ. მაგალითად, ვიეტნამში აშშ მხოლოდ ფსიქოლოგიური ფაქტორით ჩამორჩებოდა ვიეტკონგელებს, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ნულამდე დასულიყო ამერიკელთა ტექნოლოგიური და ორგანიზაციული უპირატესობა. რა უნდა გვახსოვდეს 1) „ყოველთვის შეიძლება სარგებელი ნახო ისე, რომ იარაღი არ გაცვითო“. 2) „ვინც ომი იცის, მოწინააღმდეგეს იპყრობს ბრძოლის გარეშე “. ორივე აზრი სუნ ძის (ძვ.წ. 514 – 595) ეკუთვნის, რომლის ტრაქტატი ომის ხელოვნების შესახებ ირიბი მიდგომის პირველ აღწერად შეიძლება ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბრძოლის ველი აღარაა ის, რაც სულ ცოტა, ნახევარი საუკუნის წინ მაინც იყო და არც ბრძოლის წარმოების ხერხები დარჩა იგივე, თუნდაც ტექნოლოგიურ ცვლილებათა გამო, წარმატებული თანამედროვე კამპანიების ანალიზისას, ჩვენ აუცილებლად გადავაწყდებით სარდლის ჩანაფიქრს, რომელიც ჩვენ მიერ განხილულ ერთ-ერთ სტრატეგიას ეფუძნება. მაგალითისთვის გენერალ შვარცკოფის მიერ ასსაათიანი სახმელეთო ოპერაციაც კმარა ქუვეითის გათავისუფლებისათვის ომის დროს. მთელი მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც თვეები გრძელდებოდა, შვარცკოფმა შეძლო დაერწმუნებინა ერაყის სარდლობა, რომ დარტყმის ძირითადი მიმართულება ფრონტის აღმოსავლეთის მონაკვეთი იქნებოდა. ერაყელთა არმიის უზარმაზარი მასა ამ მონაკვეთზე იქნა მიბმული. სახმელეთო ოპერაციის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, შვარცკოფმა ძალების გადასროლა დასავლეთით დაიწყო, ერაყელთა დაუცველი ფლანგის მიმართულებით. მან უკვე იცოდა, რომ 1. ამერიკელთა მიერ ამ დროისთვის მოპოვებულმა საჰაერო უპირატესობამ შეუძლებელი გახადა ამ მანევრის დაფიქსირება. 2. მანევრი კიდევაც რომ დაფიქსირებულიყო, ერაყელები ვეღარ ასწრებდნენ საკუთარი ჯარების გადაჯგუფებას. ფაქტიურად, უკვე ამ ეტაპზე ომის ბედი გადაწყვეტილი იყო. თუმცა ასსაათიანი ოპერაცია ცალკე განხილვის თემაა უთუოდ. აქ შეგვიძლია დავიმახსოვროთ მხოლოდ ის, რომ საუკუნეთა მანძილზე გამომუშავებული ბრძოლების წარმოების სიბრძნე დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ, როდესაც სახელმწიფოთა ბედი სულ რამოდენიმე ჰექტარზე წყდებოდა. დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.