"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, ბოლო 1 წელიწადში, პანდემიის შემდეგ "ქართული ოცნების" რეიტინგი 1,6-ჯერ გაიზარდა, "ნაციონალური მოძრაობის" კი 2,6-ჯერ შემცირდა. ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც 2020 წლის დეკემბრის პერიოდს მოიცავს, დღეს გახდა ცნობილი, წინა კვლევა კი 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდა. ბოლო კვლევას წინასთან მეთოდოლოგიაც განასხვავებს - პანდემიის გამო ინტერვიუები ტელეფონით ტარდება.
კვლევის მიხედვით, თუკი 2019 წლის ბოლოს "ქართული ოცნების" მხარდაჭერა 19 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 31-მდეა გაზრდილი. "ნაციონალური მოძრაობის" შემთხვევაში მხარდაჭერის მაჩვენებელი 13 პროცენტიდან 5 პროცენტამდეა შემცირებული. ბოლო კვლევაში, ისევე, როგორც სხვა წინა კვლევებშიც, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს პასუხს "არ ვიცი, არცერთი პარტია, უარი პასუხზე".
კვლევა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. ინტერვიუები სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით შეირჩა, რესპონდენტებს კი "შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით" უკავშირდებოდნენ. შედეგები წარმომადგენლობითია, თუმცა არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
საველე სამუშაოები 2020 წლის 17-24 დეკემბერს ჩატარდა, სულ გამოიკითხა 2 053 პირი, საშუალო ცდომილება კი 1,1 პროცენტია.