Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'თაობის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ზურაბ ჟვანია პატივცემულო მკითხველო, თქვენ წინაშეა ზურაბ ჟვანიას ლექციების კურსი, რომელიც წაკითხულ იქნა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში 2002 და 2003 წლებში; კურსი ეკითხებოდათ სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტების მაგისტრანტებს. პირველ ყოვლისა მოგახსენებთ, რომ ავტორს ჩაფიქრებული ჰქონდა ისეთი ნაშრომის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა მის პოლიტიკურ გამოცდილებას, ზოგად, თეორიულ შეხედულებებს დემოკრატიასა და პოლიტიკაზე და თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემათა ანალიზს. ასეთი იდეა ბატონ ზურაბს ჯერ კიდევ 90-იან წლებში ჰქონდა. ამ წიგნის პირველი თავი – ,,პრეამბულა“, – არის სწორედ ამ პირველი მცდელობის შედეგი, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს ზურაბ ჟვანიამ მეგობრებთან ერთად დაიწყო მუშაობა ამგვარ ნაშრომზე. შემდგომ, ორიათას ორ და სამ წლებში წაკითხული ლექციების ტრანსკრიპტებსაც იგი ამ მიზნით აანალიზებდა. მაგრამ ეს წიგნი, რომლის შექმნაც ბატონ ზურაბს ჰქონდა მიზნათ დასახული, მისი გარდაცვალების გამო, ბევრი თვალსაზრისით არასრული და დაუხვეწელი ნაწარმოებია, და რეალურად დღეს ჩვენ გამოვცემთ იმ ნედლ მასალას, რომლის გადამუშავებასაც იგი შემდეგ აპირებდა. ამდენად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ერთგვარი შესავლის სახით, მკითხველს განვუმარტოთ რამდენიმე გარემოება, რაც გაადვილებს და უფრო ადეკვატურს გახდის ტექსტის წაკითხვას: პირველი : შეძლებისდაგვარად შენარჩუნდა გაშიფრული ჩანაწერის სტილი, რომელიც ზუსტად ასახავს სალექციო პროცესს და წარმოუდგენს მკითხველს ბატონ ზურაბ ჟვანიას ნაკლებად ნაცნობ – ლექტორის ამპულაში. შესაბამისად, ტექსტში შენარჩუნებულია სტუდენტთა შეკითხვებისა და ზურაბ ჟვანიას პასუხების ფორმატი; სტუდენტთა შეკითხვები განსხვავებული შრიფტითაა გამოყოფილი. მეორე: შეჯერდა და სტუდენტთა ჩანაწერებიდან შეივსო ორი წლის განმავლობაში წაკითხული ლექციები. მესამე : წიგნს დაერთო ბატონი ზურაბის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოსვლა, რომლებიც, ვიმედოვნებთ, გარკვეულწილად შეავსებენ დაუსრულებელ ნაშრომს. დანართში, დამატებითი მასალის სახით, ზურაბ ჟვანიას საეტაპო გამოსვლებთან ერთად მოყვანილია ის ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ლექციის კონტექსტს აფართოებს და დაინტერესებულ მკითხველს საკითხში შემდგომი ჩაღრმავების შესალებლობას აძლევს. აგრეთვე დანართში მოცემულია ბატონი ჯუმბერ თითმერიას მიერ შედგენილი ლექციების კურსში მოხსენებულ პირთა ბიოგრაფიული ცნობარი. მეოთხე : კომენტარები მკითხველს აძლევს დამატებით ინფორმაციას სალექციო კონტექსტის, ან მოხსენებულ მასალის თაობაზე. მეხუთე : ლექციების სათაურები პირობითია და რედაქტორების შერქმეულია. მასალა, რომელსაც ვეყრდნობოდით ამ წიგნის შექმნისას, მოიცავს აუდიო ჩანაწერებს, სტუდენტების მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს და ზურაბ ჟვანიას გამოსვლების სტენოგრამებს, რომლებიც მოცემულია დანართში. უნდა მოგახსენოთ, რომ რამდენიმე შემთხვევაში ვერ მოხერხდა მასალის ბოლომდე მოძიება, ან აღდგენა. დასასრულ, გვინდა მადლობა ვუთხრათ ურბანულ ინსტიტუტს პროექტის მხარდაჭერისთვის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის 2002 და 2003 წლის კურსდამთავრებულებს აუდიო ჩანაწერების გაშიფვრისათვის, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ამ წიგნის გამოცემაში, კერძოდ : შუქია აფრიდონიძეს, ეკა ბადრიძეს, გიორგი გიორგანაშვილს, ხათუნა გოგორიშვილს, ელენე გოცაძეს, მერაბ გოცირიძეს, მამუკა დიდმანიძეს, ნინო ებრალიძეს, მაკა იოსელიანს, ლიკა კაკაბაძეს, დათო კაკულიას, დენიელ კუნინს, ეთერ მაისაშვილს, გია მახარაშვილს, ირაკლი მელქაძეს, ეთერ სვიანაძეს, ლიზი სოფრომაძეს, კახა სხულუხიას, გიგი უმეკაშვილს, ნინო ქალდანს, ნინო შენგელაიას, ირაკლი ჭყონიას. გიორგი მარგველაშვილი ილია მაღალაშვილი სარჩევი პრეამბულა – ჩვენი თაობის პრივილეგია . . . . . . . . . . . . 8 ლექცია I – შესავალი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 10 ლექცია II – დემოკრატიის ისტორია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 36 ლექცია III – ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ნაციონალიზმი . . . . 67 ლექცია IV – საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია . . . . . 106 ლექცია V – საქართველო და კავკასია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 136 ლექცია VI – უმცირესობები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 167 ლექცია VII – საქართველოს კონსტიტუცია . . . . . . . . . . . . . . . . . 179 ლექცია VIII – საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა . . . . . 192 ლექცია IX – გლობალიზაცია . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 226 ლექცია X – დასკვნა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 250 დანართი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 254 შენიშვნები . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 287 პრეამბულა1 ჩვენი თაობის პრივილეგია ვერავინ ვერსად და, მით უმეტეს, საქართველოში ვერ იდგება საკუთარი ისტორიის მიღმა. ისტორიისა არა იმდენად როგორც ფაქტებისა და მოვლენების გარკვეული ნაკრების, არამედ, პირველ ყოვლისა, როგორც ამ მოვლენათა შედეგად ჩვენს საზოგადოებაში წარმოშობილი ღირებულებებისა და ტრადიციების მთლიანი წყობის გაგებით. რატომ იბრძოდა ათეულობით თაობა ჩვენამდე თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის, საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნებისათვის, უფლებისათვის, თავად განესაზღვრა საკუთარი მომავალი? იმიტომ, რომ საქართველოს ისტორია, სახელმწიფოებრივი ტრადიცია და თვითმყოფადი კულტურა თითოეული ქართველის ,,მე“ -ს განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია. მას ვერ წარმოუდგენია სრულფასოვანი არსებობა ყოველივე ამის მიღმა. შესაბამისად, საკუთარი ღირსების განცდა მას მხოლოდ საკუთარ სახელმწიფოში შეიძლება ჰქონდეს. იმ სახელმწიფოში, რომლის წყობილებასაც თავად განსაზღვრავს, რომლის ხელისუფლებასაც თავად აირჩევს და რომლის მომავალზეც თავად არის პასუხისმგებელი. ქართველი იცავდა ამ უფლებას, დაწყებული რომის იმპერიიდან და საბჭოთა იმპერიით დამთავრებული. ამ ბრძოლის ოცდახუთსაუკუნოვან მატიანეში ათასობით გმირის, წამებულის, თავდადებულის სახელი ჩაეწერა. უმეტესწილად, ეს მათი ცნობიერი არჩევანი იყო – არჩევანი დამოუკიდებელი საქართველოს სასარგებლოდ. ეს იყო განსაცვიფრებელი გზა, რომელიც განვლეს არა ცალკეულმა პიროვნებებმა, არამედ ერმა მთლიანობაში. სწორედ ამ გზის დასასრულთან დგას ჩვენი თაობა. ჩვენ შევაბიჯეთ ამ კარიბჭეში, საიდანაც ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს. ყოველ თაობას საკუთარი გამორჩეული ტვირთი აკისრია. მან უნდა მოახერხოს, სულ მცირე, მომავალს გადაულოცოს ის უმთავრესი, რაც მიუღია წინაპრებისაგან. მაგრამ ჩვენს თაობას განსაკუთრებით მძიმე და ბედნიერი წილი ერგო – ხორცი შეასხას იმ მუდმივ იდეას, სწრაფვას , რისთვისაც ეწამებოდა, ქმნიდა, ლოცულობდა ჩვენამდე მოღვაწე ქართველთა ყველა თაობა. ჩვენი ისტორიული პრივილეგია გახდა, დავაფუძნოთ სიცოცხლისუნარიანი და ძლიერი ქართული დემოკრატია, აღვადგინოთ ქართული სახელმწიფო. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი დამსახურება არ არის. ეს მათი დამსახურებაა, ვინც ჩვენს წინ იყო და ჩვენ მთელი სიმძაფრით უნდა ვგრძნობდეთ საკუთარ ვალდებულებას მათ წინაშე. მუდამ თან უნდა გვდევდეს მეორე მძაფრი განცდაც იმ პასუხისა, რომელიც ჩვენს შემდგომ მოსულებს უნდა გავცეთ – როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ისტორიული შანსი? დღეს ყველას ყოველდღიური პრობლემებისა და ვნებების მორევი გვითრევს. ჩვენს თანამოქალაქეთა დიდ ნაწილს გამოკვების, ფიზიკური გადარჩენის საკითხი უდგას დღის წესრიგში. ჯერ კიდევ ცოცხლობს ნოსტალგია იმ ცრუ კეთილდრეობის გამო, რომელიც ყველას ძუნწი ხელით გამოზომილად გვერგებოდა, ჯერ კიდევ დიდია ცდუნება, შეიმსუბუქო ამ წუთის ტკივილი და გადადგა ნაბიჯი უკან. მაგრამ ჩაიქროლებს სულ ერთი-ორი წელი და ეს ტკივილი აღარავის გვემახსოვრება. ჩვენს მეხსიერებასაც და ისტორიასაც შესაფასებლად ერთადერთი რამ დარჩება – გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მივიღეთ, და ჩვენი ერთგულება მისდამი. სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ – ჩვენ თაობისთვის არ არსებობს დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოზე უფრო მაღალი ღირებულება; ჩვენი შანსია ავაგოთ ადამიანთა თავისუფლებისა და ღირსების იდეებზე დაფუძნებული საზოგადოება. ლექცია I შესავალი აბა, როგორ გრძნობთ თავს დღეს?ჩემთვის ლექციების წაკითხვა სრულიად ახალი გამოცდილებაა. უფრო სწორად, ლექცია არაერთხელ წამიკითხავს სხვადასხვა უნივერსიტეტებში2, მაგრამ როდესაც ასეთი ერთიანი კურსის წაკითხვა შემომთავაზა გიორგიმ, ძალიან დამაინტერესა ამ იდეამ – იმიტომ, რომ პრაქტიკულად პირველად მაქვს საშუალება ჩემი ბოლო ათთორმეტწლიანი პოლიტიკური საქმიანობის ფონზე რაღაცას მოვუყარო თავი და შევაჯერო ის შეხედულებები, რომლებიც გვიყალიბდებოდა მე და ჩემ მეგობრებს, და ყალიბდებოდა მთლიანად იმ წრეში, რომელსაც ეწოდა ქართული პოლიტიკური კლასი. ამიტომ მე მინდა თავიდანვე შემოგთავაზოთ, რომ თქვენც მიიღოთ მონაწილეობა იმის ჩამოყალიბებაში, რაღაც, საბოლოოდ, უნდა იქცეს ეს ლექციების კურსი, რომლის მიზანი ის გახლავთ, რომ აღვწეროთ და დავაფიქსიროთ ის ამოცანები, ის პრობლემები, ის გამოწვევები, რომლებიც დგას თანამედროვე ქართული პოლიტიკის წინაშე. საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ, რა მთავარი ამოცანა დგას თანამედროვე ქართული პოლიტიკის წინაშე? გარდა იმისა, რომ ეს არის გაუთავებელი ბრძოლა ცალკეული პოლიტიკოსებისა, ლიდერებისა, ჯგუფებისა პოსტებისათვის, გავლენისათვის და ა.შ., აი, ამის მიღმა რომ შევხედოთ, მთავარი გამაერთიანებელი ამოცანა ის გახლავთ, რომ შევქმნათ წარმატებული სახელმწიფო. ვფიქრობ, რომ თქვენთვის, რომლებიც აი, ამ ორი კურსის სტუდენტები3 ხართ, ადამიანები, რომელთაც უნდა გააგრძელოთ თქვენი საქმიანობა სახელმწიფო მოხელის პოსტებზე, რომელთაც, ასე ვთქვათ, როგორც პროფესიონალმა ჟურნალისტებმა, უნდა შესთავაზოთ საზოგადოებას თქვენეული ანალიზი და აზრი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოიდგინოთ მთელი ის სირთულეები, მთელი ის კომპლექსი პრობლემებისა, რომლებიც დგას დღევანდელი ქართული პოლიტიკის წინაშე. ალბათ, ყველას გახსოვთ საბჭოთა პერიოდი. მგონი, აქ იმ თაობის სტუდენტებიც ხართ. (რეპლიკა დარბაზიდან რუსულად, რომელიც არ ისმის)რუსულად გავაგრძელო? Я жалею, что у нас сеичас такая ролитика…. როგორ მოვიქცეთ, ქართულად ჯობია? Я продолжу по- грузински, а потом4….. მე მინდა ისევ ამ საკითხს დავუბრუნდე. თუ გახსოვთ თქვენ საბჭოთა პერიოდი, – მე ვგულისხმობ არა ოთხმოცდაცხრა წელს, არამედ, დავუშვათ, ორმაცდაორ, ორმოცდახუთ წელს, როდესაც საერთოდ საკმაოდ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი ქვეყანა. ალბათ, გიფიქრიათ, აი რა იქნება, რომ ეს კომუნისტური წნეხი მოგვწყდეს თავიდან და ჩვენ მოგვეცეს საშუალება შევქმნათ ჩვენი საკუთარი სახელმწიფო. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი იმდროინდელი განცდები. ჩემს მეგობრებთან როდესაც მილაპარაკია, ყოველთვის გვქონდა იმისი ღრმა რწმენა, რომ საკმარისია დამთავრდეს კომუნიზმი, საკმარისია მოსკოვს გამოვეყოთ, და ავტომატურად, თავისთავად საქართველო გახდება ერთგვარი ბელგიის, ან შვეიცარიისნაირი სახელმწიფო. ეს იყო ჩემი თაობისა და, მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად თქვენი თაობის საერთო ილუზია, – ილუზია, რომელიც ძალიან ძვირი დაგვიჯდა. აი, ჩვენი ლექციებისა და ჩვენი საუბრების მიზანი იქნება სწორედ ის, რომ ჩვენ კონკრეტულად წარმოვიდგინოთ, რამდენად რთულია ის სისტემა, რომელსაც ქვია სახელმწიფო; რომ სახელმწიფო არ არის უბრალოდ შენი ნაციონალური დროშების აღმართვა, დავუშვათ მთავარი შენობების თავზე და არც ის არის, რომ გახდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. სახელმწიფო არის ის ურთულესი სისტემა, რომელიც იქმნება იმისათვის და წარმატებული არის იმ შემთხვევაში, თუ ის უზრუნველყოფს მთელი რიგი კონკრეტული ფუნქციების შესრულებას. უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქე, ან მოქალაქეთა ჯგუფები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და დაცულნი იყვნენ. უზრუნველყოფს, რომ თითოეული ინდივიდი ხედავდეს თავისი შესაძლებლობების რეალიზების პერსპექტივას. სახელმწიფოს ურთულესი სისტემა უზრუნველყოფს მათ გარკვეულ კეთილდღეობას, უზრუნველყოფს ეკონომიკურ წარმატებას, თანაც სხვა სახელმწიფოებთან და სხვა ერებთან კონკურენციის პირობებში. საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში, იმ ურთულეს პროცესში, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ზურგზე, უზრუნველყოფს განსაკუთრებული ადგილის დამკვიდრებას თავისი თავისთვის და, აქედან გამომდინარე, თავისი მოქალაქეებისათვის. მე ვფიქრობ, ჩვენ ვეცდებით თქვენთან ერთად გავაანალიზოთ, რა იყო ის ძალიან მძიმე და საბედისწერო შეცდომები, რომლებსაც ქართველი პოლიტიკოსები უშვებდნენ ათი-თორმეტი წლის წინ, და რომლებსაც ხშირად უშვებთ ჩვენ დღესაც, იმისთვის რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად ძვირი დაგვიჯდა აი ისეთი ილუზიები, რომელთა ძალითაც ჩვენ ძალიან გავამარტივეთ და იოლად გადასაჭრელად მივიჩნიეთ ის ამოცანები, რომლებიც იდგა ჩვენს წინაშე, როდესაც მოგვეცა ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენების შანსი. ერთია ის, რომ ჩვენი თაობის პრივილეგია, ამოცანა და ტვირთი გახლავთ ჩვენი წარმატებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს აშენება. მაგრამ მეორე მომენტი ისაა, რომ ეს სახელმწიფო – ამაში, ალბათ, არსებობს საერთო კონსენსუსი, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ამას არავინ ეჭქვეშ არ აყენებს – უნდა იყოს ამავე დროს წარმატებული დემოკრატია. მე არ ვიცი თუ გიფიქრიათ თქვენ იმაზე, თუ რას წარმოადგენს დემოკრატიის არსი. არის დემოკრატიას უბრალოდ ის, რომ, ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი გაზეთი გამოდიოდეს, სახელმწიფო კი მათ არც დაარსებაში და არც ფუნქციებში არ ერეოდეს, ადამიანებს შეუზღუდავად შეეძლოთ მიტინგებისა და გამოსვლების ორგანიზება, ქუჩაში გასვლა და ასე შემდეგ? დემოკრატიისათვის არის თუ არა ეს საკმარისი? პოსტსაბჭოურ საზოგადოებაში, არა მხოლოდ საქართველოში, ფეხმოკიდებულია დემოკრატიასთან ასეთი ძალიან გამარტივებული, სიმპლიცისტური მიდგომა, თითქოს დემოკრატია არის მხოლოდ ცალკეული ჯგუფების, ადამიანების, პიროვნებების უფლება, რომ, რაც უნდათ, ის თქვან, რაც უნდათ, ის გააკეთონ. – სიგიჟეა ? სიგიჟე იქით იყოს… დემოკრატია სინამდვილეში ურთულესი სისტემაა ძალიან მკაცრად ჩამოყალიბებული პრინციპებისა, მექანიზმებისა და ინსტიტუტებისა, რომელთა გარეშეც, რომელთა ფუნქციონირებისა და არსებობის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი უბრალოდ პროფანაციად ითვლება. რა არის ეს პრინციპები? ჩვენ ამას ჩვენს შემდგომ საუბრებშიც დეტალურად შევეხებით, მაგრამ მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ რამდენიმე ასეთ პრინციპზე სერიოზულად იფიქროთ. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც, ალბათ, ჩაუყარა საფუძველი დემოკრატიულ ტრადიციას დედამიწის ზურგზე, ეს გახლავთ კონსტიტუციონალიზმის იდეა. კონსტიტუციონალიზმი არ არის კონსტიტუციის დაწერა და შემდეგ მისი აღსრულება. ეს არის პრინციპი, რომელიც ფეხს იკიდებს სადღაც მეთექსვმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების ევროპაში და გულისხმობს, რომ კანონი დგას პიროვნებაზე მაღლა, თუნდაც ეს პიროვნება პრაქტიკულად შეუზრუდავი უფლებების მქონე მონარქი იყოს. აი , ამ მომენტიდან, როდესაც ინგლისში ჯერ კიდევ კრომველის რევოლუციამდე თანხმდებიან იმაზე, რომ საზოგადოებაში არსებობს გაცხადებული, დაწერილი, შეთანხმებული წესები, და მეფესაც კი არააქვს ამ წესების დარღვევის უფლება, აი, ამ მომენტიდან ჩნდება კონსტიტუციონალიზმი არა როგორც იდეა, არამედ როგორც პრაქტიკა, რომელიც, იმ დღიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე, მუდმივად ვითარდება, და დღეს ეს ჩამოყალიბებული არის იმ კონცეფციაში, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას გაგიგიათ, და მას ქვია ამერიკული პრინციპი, ლოზუნგი, თუ გნებავთ, Rule of Law and not of Men, რომელიც დღეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულ კომპლექსს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ კანონის უზენაესობაა. როცა უკვე ყველა სფეროში ხდება ბუნებრივი, ასე ვთქვათ, გაჭრა მთელი რიგი წესებისა : ვის სადამდე შეუძლია წასვლა, ვის რისი უფლება აქვს, ვის რისი უფლება არა აქვს და ა. შ. ნებისმიერი დემოკრატიის არსებობის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი გახლავთ ხალხის მონაწილეობა წარმომადგენლობითი ინსტიტუტების შექმნაში. ანტიკური ხანის ბერძნულ, ან რომაულ პოლისებში არსებობდა პირდაპირი დემოკრატია. როდესაც ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა გადაწყვეტილებათა მიღების უფლება, შეიკრიბებოდა ერთად და იღებდა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. როდესაც ჩამოყალიბებას იწყებენ უფრო ვრცელი რესპუბლიკები ისევ და ისევ ევროპის ან ამერიკის კონტინენტზე – პირველ ყოვლისა, შეერთებულ შტატებზეა ლაპარაკი -მაშინ მკაფიოდ ფიქსირდება წამომადგენლობითობის პრინციპი. რაკი ყველა ერთად ვერ შეიკრიბება, რომ მიიღოს გადაწყვეტილებები, მე იქ მაინც უნდა ვიყო წარმოდგენილი, ჩემი ინტერესი და ჩემი აზრი მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული, და ამისთვის იქმნება წარმომადგენლობითობის ინსტიტუტები. წარმომადგენლობითობის ყველაზე დახვეწილი ფორმა, ასე ვთქვათ ამ სისტემის გვირგვინი, გახლავთ პარლამენტარიზმი. პარლამენტარიზმი არ არ არის მხოლოდ პარლამენტი. ეს არის მთელი აი, ის უზარმაზარი ტრადიცია, წესი თუ ჩვევა, რომელიც არსებობს ნებისმიერ, ასე ვთქვათ ტრადიციულ საპარლამენტო ქვეყანასა და საპარლამენტო სისტემაში, და ამაზედაც ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის მესამე პრინციპი, რომელიც ასევე დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველას გაგიგიათ, და რომელსაც ფუნქციათა დანაწილება ჰქვია. ფუნქციათა დანაწილების კონცეფციის ავტორად მონტესკიე ითვლება. მან, ასე ვთქვათ, თანამედროვე პოლიტიკურ აზროვნებაში ყველაზე მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის დებულება, რომ ცალ-ცალკე უნდა არსებობდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებები – იმისათვის რომ არ მოხდეს ძალაუფლების თავმოყრა ერთი უწყების, ერთი პიროვნების, ან ერთი ჯგუფის ხელში, მუდმივად ყველა ერთმანეთს აკონტროლებდეს და არ იქნეს დაშვებული ძალაუფლების უზურპაცია. ეს არის ისე მოწყობილი საზოგადოება, სადაც არ არსებობს ის ერთი პიროვნება, რომელზედაცაა დამოკიდებული, წარმატებულია ქვეყანა, თუ წარუმატებელი, ანუ იმაზე, პრეზიდენტი კარგი აღმოჩნდა, თუ ცუდი. სისტემა არის სიცოცხლისუნარიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თვითონ სისტემა შეიცავს იმის გარანტიებს, რომ ვერავინ ვერაფრით ხელისუფლების უზურპაციას ვერ მოახდენს. აი სწორედ ეს იდეა უდევს საფუძვლად ფუნქციათა დანაწილების კონცეფციას; და მეორე: იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო მანქანამ წარმატებით იფუნქციონიროს, ყველამ უნდა გააწონასწოროს ერთმანეთი და ისეთ მიმართებაში იყვნენ, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ, რომ უფრო კარგად იმუშაონ. – ამისთვის არსებობს ფუნქციათა დანაწილება. ფუნქციათა დანაწილების კონცეფცია ჩნდება სადღაც მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპულ პოლიტიკურ ფილოსოფიაში. მეთვრამეტე საუკუნეში მათ მონტესკიე აძლევს იმ სახეს, ისე აყალიბებს, როგორც ჩვენ გვესმის დღეს, მაგრამ თანამედროვე გაგება ფუნქციათა დანაწილებისა ბევრად უფრო რთული, ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ქსელის მარტივი დაყოფა. დღეს ამ სისტემას ჰქვია Cheeks and balance, ანუ საპირწონეების – ყოველთვის მიჭირდა ამის ქართულად თარგმნა – დაბალანსებისა და გაწონასწორების სისტემა. დღეს ჩვენ თუნდაც ქართულ კონსტიტუციურ სისტემას თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ სინამდვილეში ხელისუფლების ცალკე შტოები ამ სამზე ბევრად უფრო მეტია. აი კონტროლის პალატა, სიტყვაზე რომ ავიღოთ, ეს არის ცალკე ხელისუფლებიას შტო, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მიმართება როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. ავიღოთ, დავუშვათ, საარჩევნო ადმინისტრაციები. ნორმალურ პირობებში ეს უნდა იყოს ხელისუფლების ცალკე, ყველასგან დაცული და გამოყოფილი შტო, რომლის ერთადერთი მისიაა უზრუნველყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები და ა. შ. ძალიან დახვეწილია დღეს ის მექანიზმები, თუ როგორ უნდა გააკონტროლონ ძალოვანი სტრუქტურები იმისათვის, რომ არასდროს არავის იქ არ გაუჩნდეს პრეტენზია, სურვილი და ამბიცია იმისა, რომ გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ხელთ უპყრია ავტომატები, ტანკები ან თვითმფრინავები, და გადავიდეს იმ ზღვარს, რომელსაც მას განუსაზღვრავს კონსტიტუცია. ამ ფუნქციათა დაყოფის, განაწილების თანამედროვე სისტემა, ჩვენნაირ გარემოში, არის ბევრად უფრო რთული და დახვეწილი, და უფრო მრავალდონიანი, ვიდრე, აი, ის ძალაინ მარტივი და ნამდვილად გენიალური სქემა, რომელიც თავის დროზე მონტესკიემ შექმნა. მონტესკიე არის ამის საფუძველი, მაგრამ დღეს ეს ბევრად რთული და კომპლექსური გახლავთ. აი, ეს არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, რომლის გარეშეც დემოკრატია არ არსებობს. დემოკრატიაზე როდესაც ვფიქრობთ და გვინდა წარმოვიდგინოთ, რა არის თანამედროვე დემოკრატიის კონცეფცია, შეუძლებელია არ გავაცნობიეროთ ის სრულიად განსაკუთრებული ადგილი, რაც ნებისმიერ დემოკრატიაში უჭირავს უმცირესობების თემას. დემოკრატია ხომ, ბოლოს და ბოლოს, იმის საშუალებაა, რომ საზოგადოება გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებს. მაგრამ იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა დაცული იყოს ყოველგვარი შესაძლო არასტაბილურობისაგან, არეულობისგან და მის გვერდით, აი, ამ უმრავლესობის გვერდით, არ არსებობდეს მოსახლეობის უკმაყოფილო ჯგუფები, ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში, სრულიად განსაკუთრებული მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ უმცირესობა არასოდეს არ იყოს დათრგუნული უმრავლესობის მიერ. განსაკუთრებული დელიკატურობა ახასიათებს ამ თემას მაშინ, როდესაც ეთნიკურ უმცირესობებზეა ლაპარაკი, იმიტომ რომ ეთნიკური თემა ყოველთვის ყველაზე უფრო მტკივნეული, მგრძნობიარე და დელიკატური თემაა. ის ეხება იმ სიმებს, რომლებიც თითოეული ადამიანის გულში ყველაზე, ასე ვთქვათ, ფაქიზი და მნიშვნელოვანია. ეს თემა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა განსაკუთრებით საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. იგი უკავშირდება არა მარტო საზოგადოების დემოკრატიულობას. ეს თავისთავად არის ერის ერთ-ერთი უმთავრესი საზომი, მეორე მხრივ ის უკავშირდება საზოგადოების დაცულობას, უკავშირდება იმას, რომ საზოგადოება უნდა იყოს სტაბილური, არ შეიცავდეს თავის თავში ისეთ დიდ ბომბებს, რომლებიც შეიძლება აფეთქდეს. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ დაახლოებით ოცდაათი ადამიანიდან თქვენ თუ გეყოლებათ სამი ადამიანი, რომელიც სულ რაღაცით არის უკმაყოფილო, თქვენგან თავს გრძნობს საშინლად დისკომფორტულად და რაღაცის გამო შეურაცყოფილია, ის სამი ადამიანი მუდმივად იქნება იმის მოლოდინში, რომ რაღაცა მომენტი ჩაიგდოს ხელში, როცა თქვენ ან ჩაგეძინებათ, ან სხვა რამით იქნებით დაკავებული, რომ რევანში გამნახორციელოს და თავისი ღირსება აღიდგინოს. სწორედ ეს არის უმცირესობების საკითხი. თუ თქვენ გსურთ, რომ საზოგადოება, რომელშიც ცხოვრობთ, იყოს დაცული, იყოს სტაბილური და არ შეიცავდეს მუდმივი დესტაბილიზაციის საფრთხეს, თქვენ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ რელიგიური უმცირესობა, ან ეთნიკური უმცირესობა გრძნობდეს, რომ მისი ინტერესები, მისი ღირსება, მისი უფლებები სათანადოთ არის პატივმიგებული და მას აუცილებლად უნდა უპოვოთ იმის შესაძლებლობა, რომ კომფორტულად გრძნობდეს თავს იმ საზოგადოებაში, სადაც არის მისგან განსხვავებული უმრავლესობა. თანამედროვე დემოკრატია შეუძლებელია წარმოვიდგინოთ იმის გარეშე, რომ არ დავაფიქსიროთ სამოქალაქო ინსტიტუტებისა და, პირველ ყოვლისა მასმედიის სრულიად განსაკუთრებული როლი – იმიტომ რომ, როდესაც ლაპარაკია თუნდაც იმავე Cheeks and balance – ზე, როდესაც ლაპარაკია იმის პრევენციასა და უზრუნველყოფაზე, რომ ვერავინ ვერ მოახდინიოს ხელისუფლების უზურპაცია, და ხალხმა მართოს საკუთარი თავი, აქ გადამწყვეტ როლს ასრულებენ არა მხოლოდ გამიჯნული და ერთმანეთთან გარკვეულ კონკურენციაში მყოფი სახელისუფლებო ინსტიტუტები, არამედ თავად მოქალაქეები იმ ორგანიზებული ფორმით, რომელსაც ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენი საუბრების დროს მინდა განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების ორი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი კომპონენტი. ერთი გახლავთ მასმედია. თვითონ ეს სიტყვა Mass Media გულისხმობს შუამავალს საზოგადოებასა და გადაწყვეტილებათა მიმღებს – Decision Maker-ებს შორის, ანუ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩემგან, პოლიტიკოსისგან, და მთავრობისგან დამოუკიდებელნი არიან, თავიანთი ხედვის პრიზმაში ატარებენ ჩემს გადაწყვეტილებებს, ჩემს იდეებს და აწვდიან საზოგადოებას. აი, ეს არის მასმედიის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია. მეორე, ასე ვთქვათ, ბურჯი სამოქალაქო საზოგადოებისა – მესამე სექტორისა, – ხშირად ამ ტერმინსაც ხმარობენ, – გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაციები. არასამთავრობო ორგანიზაციები არის მოქალაქეთა ინტერესების, მათი ძალისხმევის გაერთიანების სპეციფიკური ფორმა, როდესაც ადამიანები ამბობენ, დავუშვათ, რომ მათ უნდათ, ვთქვათ, თავიანთი უბნის პრობლემები თავად მოაგვარონ. იქ ცხოვრობენ ინჟინრები, ექიმები, მასწავლებლები და სხვები, და ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ დროს მოახმარენ იმას, რომ მათი გარემო, მათი პირობები გახდეს უკეთესი, და ახდენენ საკუთარი თავის ორგანიზებას. ყველა თანამედროვე დემოკრატიულ სისტემაში, – როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ სისტემებში, – არასამთავრობო სექტორი უზარმაზარ როლს ასრულებს და ბოლო წლებში დამკვიდრდა ასეთი გამოთქმაც, რომელიც ქართულად ძალიან პირობითად შეიძლება ითარგმნოს და რომელსაც Procurement – ,,პროკიურმენტს”5 ეძახიან ამერიკაში და ასევე ევროპაში, როდესაც სახელმწიფო ფუნქციების დელეგირება ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებზე იმ ფუნქციებისა, რომელთაც ადრე მხოლოდ ბიუროკრატია ასრულებდა. ასეთი ორგანიზაციები ხდებიან სახელმწიფოსაგან წამოსული დაკვეთის შემსრულებლები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია, რომლის გარეშეც თანამედროვე დემოკრატიის წარმოდგენა ძალიან რთულია. სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის ურთიერთმიმართების ერთ-ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი არის სამოქალაქო კონტროლი ძალოვან უწყებებზე, იმ უწყებებზე სადაც უკვე არსებობს ფიზიკური ძალა. ნებისმიერი დემოკრატია წარმატებულია იმ შემთხვევაში, როცა ნებისმიერი ელემენტი, რომელიც ყველა სახელმწიფოს სჭირდება, – იქნება ეს პოლიცია, ჯარი თუ სპეცსამსახურები, – შეზღუდული იქნება სამოქალაქო კონტროლის მექანიზმების მიერ. ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ვიღაცა გენერალმა დილას გაიღვიძა და თავში რაღაც გადაუტრიალდა, მან ვერ შეძლოს თავისი მდგომარეობის გამოყენება, მიუხედავად იმისა, რომ მას უსიტყვოდ ემორჩილება რამდენიმე ასეული თუ ათასეული ადამიანი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. დემოკრატიაზე იმდენი ვისაუბრეთ და ჩამონათვალში შეიძლება უკანასკნელი თემა ვახსენოთ. იგი თავის მნიშვნელობით არის ერთ-ერთი უპირველესი თემა. ეს არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, დემოკრატიის ეკონომიკური საფუძვლები. ჩვენ ვერაფერს ვერ გავიგებთ დემოკრატიის შესახებ, თუ თავიდანვე არ წარმოვიდგენთ, რომ ყველაფერ ამას საფუძვლად უდევს ეკონომიკური ცხოვრების ასევე სრულიად კონკრეტული წესები და, პირველ ყოვლისა, ის უმთავრესი პრინციპი, რომელსაც ჰქვია თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები. თუ ეკონომიკა არ არის თავისუფალი, თუ საკუთრებაზე ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური უფლება თითოეული ადამიანისა და მოქალაქისთვის არ არის რეალიზებული, მაშინ დემოკრატია უბრალოდ ვერ დაფუძნდება იმიტომ, რომ ეს არის დემოკრატიის საფუძველთა საფუძველი. ამიტომ ჩვენც, როდესაც ვიფიქრებთ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომ ამოცანებზე, ამაზე განსაკუთრებით უნდა გავამახვილოთ ყურადღება. დემოკრატია, ანუ ხალხის მმართველობა არსებობს მხოლოდ იმ პირობებში, თუ ამ ხალხს და, რაც მთავარია, ამ ხალხის წიაღში ყველას, ცალკეულ ინდივიდს უზრუნველყოფილი აქვს ყველაზე მთავარი რამ – ეს არის ის, რომ ადამიანს შეუძლია იყოს მესაკუთრე, თუკი ადამიანს შეუძლია თავისუფალი კონკურენციის პირობებში მიაღწიოს ეკონიმიკურ წარმატებას, გაზარდოს თავისი დოვლათი. სწორედ ეს არის სმითის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ფორმულა, რომელიც მან მეთვრამეტე საუკუნეში დადო, და იგი მუდამ იქნება განმსაზღვრელი კონცეფცია ყველასთვის. სახელმწიფო ძლიერდება მაშინ, როცა ადამიანები ზრუნავენ თავიანთ საკუთარ კეთილდღეობაზე. არ უნდა ეცადო, რომ ადამიანისგან შექმნა რაღაცა ისეთი წარმონაქმნი, რასაც ცდილობდნენ, მაგალითად, კომუნისტები, და რაც მთლიანად ეწინააღმდეგება ადამიანურ ინსტიქტებს. ადამიანში, პირიქით, გასაქანი უნდა მისცე იმ ინსტიქტს, რომელიც ყველაში დევს, რათა მან მიაღწიოს თავის პირად წარმატებას. მაგრამ ეს უნდა მოაქციო იმგვარ კალაპოტში, რომ ეს საზოგადოების სიკეთეს ემსახურებოდეს, რომ თითოეული თქვენგანის ლტოლვა გახდეს ძლიერი, წარმატებული, მდიდარი, და ის გაძლევდეთ თქვენ შედეგს არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ საზოგადოების იმ ერთობლიობასაც, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ. ეს არის ის, რაც უდევს საფუძვლად თანამედროვე საბაზრო ეკონომიკას, რის გარეშეც აბსოლიტურად გამორიცხულია დემოკრატიის არსებობა, რის გარეშეც ნებისმიერი დემოკრატია იქნება პროფანაცია, ვინაიდან დემოკრატია – ეს არის თავისუფალი ადამიანების საკრებულო, საზოგადოებისა და ადამიანის თავისუფლების ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახლავთ სწორედ ის თავისუფლება, რომ თქვენ განახორციელოთ სამეწარმეო საქმიანობა და, რაც მთავარია, იყოთ მესაკუთრე. თავისუფალი საბაზრო ურთიერთობები, გულისხმობს აგრეთვე, იმას, რომ ეკონომიკური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უზრუნველყოფილი უნდა იყოს თავისუფალი კონკურენცია. სხვადასხვა სახელმწიფოში სხვადასხვა დროს იმის გათვალისწინებით, რომ იქ, დავუშვათ, უფრო დიდი იყო მემარცხენე იდეების გავლენა, ვიდრე, ვთქვათ, მონეტარული და ლიბერალური ეკონომიკური იდეებისა. სახელმწიფო სხვადასხვა მოცულობით ერევა ეკონომიკურ პროცესებში. გადასახადი შეიძლება იყოს მაღალი ან დაბალი. არსებობს, დავუშვათ, შვედური მოდელი, არსებობს იგივე ამერიკული მოდელი, არსებობს გერმანული მოდელი და ა. შ. ამას არა აქვს მნიშვნელობა, ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს საგადასახადო სისტემა, საპენსიო სისტემა, დაზღვევის სისტემა, საფუძველთა საფუძველი არის ყოველთვის ის, რომ არსებობდეს თავისუფალი კონკურენციის პირობები და ის განსაზღვრული წესები, რომელიც ერთნაირია ყველასათვის. მე მინდა, თქვენ გააცნობიეროთ, რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოში სრულფასოვანი და ეფექტური დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე, ვსაუბრობთ არა ლოზუნგებზე, არამედ იმ ძალიან რთულ მექანიზმებზე, რომელთა ამუშავების გარეშეც ყველაფერი მხოლოდ ფრაზებათ დარჩება, და ისინი არასოდეს არ მოიტანენ შედეგს ჩვენი მოქალაქეებისათვის. აი, ჩვენ მთლიანობაში გავიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ათ-თორმეტწლიანი პერიოდი, – ეგრეთ წოდებული ტრანსფორმაციის პერიოდი. აი, ჩვენ, განსხვავებით ბევრი სხვა ხალხისაგან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რას ნიშნავს ის, რომ დატოვო ტოტალიტარული საზოგადოება და გადახვიდე იმ მდგომარეობაში, რომელიც შეიძლება ჯერჯერობით ჩამოუყალიბებელი, ხარვეზიანია, მაგრამ მაინც დემოკრატიული საზოგადოებაა. ტოტალიტარული სახელმწიფო აბსოლიტურად უკუღმაა აგებული, ვიდრე ნებისმიერი დემოკრატია. რატომ უკუღმა? იმიტომ, რომ იქ მთავარია რაღაც უზენაესი მესიანური იდეა. დავუშვათ, იდეა, რომ დავამყაროთ მსოფლიოში კომუნიზმი, ან მივაღწიოთ იმას, რომ არიულმა რასამ იბატონოს ყველა სხვა რასაზე, ან, რა ვიცი, ნებისმიერი სხვა. მაგრამ იქ მოქალაქე განიხილება, როგორც ამ რაღაცა ზეიდეის მსახური, რომლის ინტერესიც, რომლის სიცოცხლეც, რომლის ქონებაც არაფერი არ არის, აი, ამ იდეასთან შედარებით. ტოტალიტარულ საზოგადოებაში, – და მე მინდა, თქვენ ეს კარგად გაიაზროთ და იგრძნოთ, – ადამიანი და მოქალაქე არის, უბრალოდ, ჭანჭიკი, რომელსაც არა აქვს არავითარი ფასი და ღირებულება, მაშინ როდესაც დემოკრატია – ეს არის ის წყობილება, საზოგადოების მოწყობის ის წესი, სადაც ყველაფრის ამოსავალია თითოეული ინდივიდუალური მოქალაქე. მოქალაქე იხდის გადასახადს და ამიტომ არის პოპულარული ეს ტერმინი – გადასახადის გადამხდელი. და რას ნიშნავს გადასახადის გადამხდელი – ეს ნიშნავს, რომ მე, რიგითი მოქალაქე, როდესაც ჩემი შრომიდან რაღაც ნაწილს ვგზავნი სახელმწიფო ხაზინაში, ამით ვქირაობ იმ ადამიანებს, რომელიც შეადგენენ ჩემ ხელისუფლებას. ის არის ჩემს მიერ დაქირავებული, ასე ვთქვათ ჩემი წარმოდგენილი. და, მეორე მხრივ, თითოეული მოქალაქე არის ამომრჩეველი. და ის ირჩევს და წარგზავნის ნებისმიერ ორგანოში – იქნება ეს ადგილობრივი საბჭო, უზენაესი სასამართლო თუ ნებიოსმიერი სხვა არჩევითი ორგანო – თავის წარმომადგენელს, რათა მან იქ მისი ინტერესი დაიცვას, ანუ მიმართება მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის არის ზუსტად საწინააღმდეგო იმისა, რაც არის ტოტალიტარულ სისტემაში. ნებისმიერი ხელისუფალი არის ჩემი დაქირავებული და ჩემი არჩეული წარმომადგენელი. აი, ეს არის ის მთავარი საფუძველი, რომელსაც ეყრდნობა წარმოუდგენელი განსხვავებები დემოკრატიაში მცხოვრები ადამიანებისა და საზოგადოებების ფსიქოლოგიასა და ტოტალიტარულ პირობებში მცხოვრები ადამიანებისა და საზოგადოებების ფსიქოლოგიას შორის. ჩვენ როდესაც ვისაუბრებთ ჩვენს პრობლემებზეც, ამაზე ცალკე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენს წინაშე დგას სწორედ იმის გამო, რომ ამ ფსიქოლოგიის შეცვლას სჭირდება ბევრად მეტი ძალისხმევა, ვიდრე ის, რასაც ჩვენ მას ვახმართ. ის, რაც მე მოგახსენეთ, ძალიან მცირე ჩამონათვალია იმ რამდენიმე მთავარი პრინციპისა, რომელთა გარეშეც დემოკრატია შეუძლებელია არსებობდეს. ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ერთი ცნების – დემოკრატიის უნივერსალური პრინციპების – ქვეშ ყველაფერი ის, რაზედაც მე გესაუბრეთ, და ბევრი სხვა რამ, აი დავუშვათ, თვითმმართველობის არსებობა და, ბევრ შემთხვევაში, ფედერალიზმის არსებობა, სამოქალაქო კონტროლის მექანიზმები და ინსტიტუტები, რომლებიც სავალდებულოა ნებისმიერი დემოკრატიისათვის, სადაც არ უნდა იყოს ის, დაწყებული იაპონიით და დამთავრებული, ვთქვათ, ირლანდიით. მაგრამ, ამავე დროს, მე მინდა, თქვენ თავიდანვე გქონდეთ გაცნობიერებული ის, რომ ყოველი დემოკრატია არის აბსოლიტურად თავისთავადი და განუმეორებელი. ამ უნივერსალურ პრინციპებს არა აქვს არანაირი ფასი, თუ ის არ იქნება გადატანილი სრულიად კონკრეტულ ეროვნულ კონტექსტში – არა მხოლოდ მას მორგებული, არამედ… ადაპტირებული….….. ადაპტირებული, და პრაქტიკულად ის უნდა ამოიზრდებოდეს იმ ტრადიციიდან, იმ მემკვიდრეობიდან, რომელიც იქმნება თითოეული ერის, თითოეული ხალხის მთელი ისტორიის განმავლობაში. ამიტომ მინდა, რომ ჩვენ ამ საუბრების დროს ცალკე დავუთმოთ ყურადღება იმას, თუ როგორ წარმომიდგენია მე ქართული პოლიტიკური ტრადიციის საფუძვლები. რა არის ის განსაკუთრებული, რაც მართლაც აუცილებელია სწორედ ქართული საზოგადოებისათვის. დემოკრატია – ესეც ძალიან ხშირად სწორად არ ესმით ჩვენს საზოგადოებაში – ეს არ არის უბრალოდ რაიმე საქონელი, ვთქვათ საღეჭი რეზინი, რომლის იმპორტირებასაც მოახდენ საიდანღაც, დადებ მაგიდაზე და ის თავის დანიშნულებას შეასრულებს. ის აუცილებლად უნდა იყოს ეროვნული სწორედ ამ თვალსაზრისით, რომ ეყრდნობოდეს ეროვნულ ტრადიციას და ორგანულად ჯდებოდეს ამ ეროვნული პოლიტიკური ტრადიციის კონტექსტში. ამის მაგალითია, დავუშვათ, დიდი ბრიტანეთი, სადაც მონარქი ხსნის ყოველ წელს პარლამენტის სხდომას, სადაც არ არსებობს დაწერილი კონსტიტუციაც კი და სადაც არის ერთ-ერთი უპირველესი და ყველაზე ძველი დემოკრატია დედამიწის ზურგზე. მე ერთხელ ლონდონში ყოფნისას ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც იყო კომიტეტის თავჯდომარე ინგლისის პარლამენტში, ვუთხარი, ინგლისურ სისტემას გვერდიდან, ზედაპირულად რომ შეხედო, უბრალოდ იმის მიხედვით, რაც არის დაწერილი ქაღალდზე, იფიქრებ რომ იქ ფუნქციათა დანაწილებაც კი არ არსებობს, იმიტომ რომ დედოფალი ითვლება უზენაესი სასამართლოს, ანუ ლორდთა პალატის ხელმძღვანელად, ლორდთა პალატა, თავისთავად, არის როგორც სასამართლო, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება. დედოფალი არის ამავე დროს მონარქი, არის უმაღლესი მთავარსარდალი, და ასე შემდეგ და ასე ასე შემდეგ…. შეიძლება იფიქრო, რომ ეს საშინელი დესპოტური ქვეყანაა. იქ ეს არის შემორჩენილი როგორც გადმონაშთი, ძველი ისტორიული ტრადიციისა, როდესაც ინგლისური პარლამენტი თანდათან ართმევდა ყველანაირ უფლებებს თავის მონარქს. რაღაცა სიმბოლოები მაინც არის დაარჩენილი, მაგრამ რეალურად ეს არ ფუნქციონირებს, იმიტომ რომ იქ არასოდეს ამას არ წარმოუქმნია საშიშროება, როგორც ეს მოხდა საფრანგეთში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს არა აქვს უფლება, რომ გადააბიჯოს პარლამენტის შესასვლელის ზღურბლს. საფრანგეთის სენატის თავჯდომარე ყოველთვის სიამაყით მაჩვენებდა ხოლმე, რომ, აი, ამ კიბის თავამდე შეუძლია ამოსვლა პრეზიდენტს და შემდეგ ვერცეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს. ეს არის თავისებურება, რომელიც გამომდინარეობს ფრანგული ისტორიული გამოცდილებიდან, როდესაც აღმასრულებელი და სამხედრო ხელისუფლების ხელმზღვანელმა, ნაპოლეონმა თავი აბსოლიტურ მონარქად გამოაცხადა და ეს გააკეთა წარმომადგენლობითი ორგანოს – კონვენტის თანხმობით, რომელზედაც ზეწოლა მოახდინა. და ეს პატარა ნიუანსი დღესაც არსებობს საფრანგეთში. ამას მე იმიტომ გეუბნებით, რომ ნახოთ, თუ როგორ საოცრად მრავალსახოვანია დემოკრატია, მისი სახეები როგორ წარმოუდგენლად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ, ამავე დროს, მათვის არსებობს, საერთო, აუცილებელი და სავალდებულო, უნივერსალური პრინციპები, რომელთა შესახებაც მე თქვენ მოგახსენეთ. მე, სხვათა შორის, უნდა გითხრათ და ამაზედაც, ალბათ, ვისაუბრებთ : მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული გამოცდილება, ქართული პოლიტიკური გამოცდილება განაპირობებს იმას, რომ ეს საზოგადოება, ქართული საზოგადოება, წარმატებული შეიძლება იყოს მხოლოდ დემოკრატიის არსებობის პირობებში. ეს გამომდინარეობს იმ ინდივუიდუალიზმისგან, რომელიც არის ქართული მენტალიტეტის ერთ-ერთი საფუძველი. ეს გამომდინარეობს იმ გამოცდილებიდან, რომ როდესაც კი საქართველოს ჰქონდა თვითრეალიზაციისა და საკუთარი თავის მართვის საშუალება და იცილებდა გარეშე წნეხებს, ყოველთვის მიიღებოდა ის გადაწყვეტილებები, იქმნებოდა ის სისტემები, რომლებიც იყო ევროპული მიმართულებებისა და, უმეტეს შემთხვევაში, – სხვათა შორის, როგორც პირველი რესპუბლიკის დროს, ეს იყო ბევრად უფრო წინ წაწეული გამოცდილება, ვიდრე იმ ხანის სახელმწიფოთა უმეტესობაში. (რეპლიკა აუდიტორიიდან…. არ ისმის)6 .აი, ხომ ხედავთ, ძალიან მიხარია, რომ ამდენი თანამოაზრე მყავს. სხვათა შორის, სწორედ ამიტომ ვთქვი მე, როდესაც ჩამოვაყალიბე ის ფორმულა – მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი* -, რომ ამაში აისახებოდა ჩემი რწმენა, რომ ეს არის ის ფორმულა, რომელიც ყველაზე სრულფასოვნად ასახავს მთელ ჩვენს პოლიტიკურ გამოცდილებას. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არის საზოგადოებები, რომლებსაც სულ სხვა სოციალური კულტურა აქვთ, სულ სხვა ისტორიული გამოცდილება, და ზოგიერთ შემთხვევაში ეს არ გაეგება ბევრ დასავლელ ანალიტიკოსს, – ახლა არ მინდა მათი დასახელება, იმიტომ რომ, გაითვალისწინეთ, მე მოქმედი პოლიტიკოსი ვარ და ზოგიერთ შემთხვევაში მომიწევს ვიყო უფრო დელიკატური და ამას, იმედია, მაპატიებთ. არის საზოგადოებები, სადაც აი ამ დემოკრატიული პრინციპების განხორციელება ყოველთვის დაკავშირებული იქნება არა შინაგან ტრადიციასთან, არამედ ეს იქნება რაღაც გარედან იმპორტირებული სიკეთე, მაგრამ ქართული საზოგადოება ვერასოდეს ვერ იქნება სტაბილური, ვერ იქნება მდგრადი, და ქართველები მთლიანობაში ვერ იგრძნობენ თავს რეალიზებულად, ბედნიერად სხვა პირობებში, გარდა დამოუკიდებელი სახელმწიფოსი, და თანაც, ისეთი სახელმწიფოსი, რომელიც სწორად ქმნის დემოკრატიას.როდესაც ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ, მე ვეცდები გაგაცნოთ ჩემეული ხედვა იმ რამდენიმე ძირითადი იდეისა, ძირითადი კონცეფციისა, რომლებმაც განაპირობა თანამედროვე საერთაშორისო სისტემის, თანამედროვე გამოცდილების ჩამოყალიბება. ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ თქვენ ყველას უნდა გესმოდეთ, რომ, აი, დავუშვათ, შეერთებულ შტატებში, ან ბელგიაში, ან ნებისმიერ სხვა, დემოკრატიის თვალსაზრისით წარმატებულ და გამოცდილ ქვეყანაში, დღევანდელი ურთიერთობები იმის გამო კი არ შექმნილა, რომ გამოჩნდა ვიღაც ფილანთროპი, კეთილი ბიძია, რომელიც მოექცა ხელისუფლების სათავეში და დაამკვიდრა ასეთი ადათ-წესები საზოგადოებისა და სახელმწიფოს ურთიერთობებში. ეს ყველაფერი იყო მონაპოვარი, – მონაპოვარი, რომელსაც საზოგადოებები მოიპოვებდნენ ურთულესი ბრძოლის პროცესში : ყველაფერი, დაწყებული კონსტიტუციონალიზმით, ფუნქციათა დანაწილებით, წარმომადგენლობით და სხვადასხვა თვითმმართველობით, იყო საზოგადოების მუდმივი ბრძოლის შედეგი, და ეს ვითარდებოდა ევოლუციურად. ის, რაზედაც ჩვენ ვისაუბრებთ ამ ლექციების კურსში, გახლავთ კაცობრიობის მართლაც საუკეთესო წარმომადგენელთა ნააზრევი, რომლის განხორციელებაც ___________________________ *საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას სიტყვა ევროსაბჭოს გენერალური ანსამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქ. სტრასბურგში, იხილეთ დანართი № 1 საზოგადოებებმა ბოლოს და ბოლოს შეძლეს. ამიტომ ჩემი ამოცანა არ იქნება ის, რომ თქვენ ახლა მოგცეთ სრული და სისტემური სურათი იმისა, თუ რას წარმოადგენს პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორია, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მოღვაწის იდეებს, რომლებმაც ასე პრინციპულად შეცვალეს ურთიერთობები და საბოლოო ჯამში სამყარო შეცვალეს. ამავე დროს, მე არ მინდა, რომ ჩვენი საუბრები მიმართული იყოს მხოლოდ წარსულისკენ. გარკვეული დრო ჩვენს საუბრებში მინდა აუცილებლად დავუთმოთ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს ნებისმიერი თანამედროვე საზოგადოება, ნებისმიერი ქვეყანა. მე აუცილებლად მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება იმაზე, რომ თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, რაც ადრე იყო. ის საერთაშორისო ურთიერთობები, რომლებიც წარმოიქმნა, დავუშვათ საბჭოთა კავშირის დაშლისა და ცივი ომის დასრულების შემდეგ, ის, რასაც ქვია გლობალიზაცია, აყენებს თითოეულ საზოგადოებას, თითოეულ ერს სრულიად ახალ, თვისებრივად ახალ მდგომარეობაში, ვიდრე ოდესმე, მთელი საკაცობრიო ისტორიის განმავლობაში. ამ თვალსაზრისით თქვენ შეგიძლიათ გაგიკვირდეთ, მაგრამ ბრეჟნევისა და ტუტანჰამონის ერები ბევრად უფრო ახლოს იყვნენ და ბევრად უფრო ჰგავდნენ ერთმანეთს, ვიდრე დღევანდელი მსოფლიოა იმასთან შედარებით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით თუნდაც სულ ოციოდე წლის წინ. და ამის გააზრებისა და გაცნობიერების გარეშე, ამის გაუცნობიერებლად, რომ თქვენ დღეს, გინდათ თუ არ გინდათ, ჩართული ხართ გლობალური პროცესების სრულიად ახალ რითმში, ამისგან იზოლაციის არანაირი საშუალება აღარ გაგაჩნიათ, იზოლაციის შედეგი კი იქნება აბსოლიტური ჩამორჩენილობა და წარუმატებლობა, არ გექნებათ არანაირი წარმოდგენა იმაზე, თუ რომელ მსოფლიოში და რომელ კონკრეტულ გარემოში მოგიწევთ საქმიანობა თუნდაც აქ, თბილისში. ამდენად, ჩვენი საუბრების ერთ-ერთი თემა აუცილებლად ამ გლობალიზაციის საკითხებსაც შეეხება. ამ შესავალი ლექციის მიზანი ის იყო, რომ, უბრალოდ, წარმომედგინა თქვენთვის განსახილველი საკითხების სპექტრი, მაგრამ ძირითადი თემები, რომლებზეც ჩვენ გვექნება საუბარი, სამ ნაწილად დაიყოფა. ეს, შეიძლება ვთქვათ, პირობითად. ერთი ნაწილი მიეძღვნება სწორედ თანამედროვე სახელმწიფოების იმ კონცეფციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, თუ რა არის ეროვნული სახელმწიფო (Nation State), როგორ ყალიბდება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები თანამედროვე სამყაროში, რა არის ის პრინციპი, რომელიც დამკვიდრდა კარდინალ რიშელიეს შემდეგ, და რომელსაც უწოდებენ ნაციონალური ინტერესის პრინციპს, ანუ რეზონ დეტა-ს (Raison d’etat), როგორ შეიცვალა ეს ურთიერთობები მას შემდეგ, როდესაც ვუდრო უილსონმა შესთავაზა მსოფლიოს საერთაშორისო ურთიერთობებში სრულიად ახალ, ამერიკულ იდეალიზმზე დაფუძნებული პრინციპები. მეორეს მხრივ, განვიხილავთ ამ დემოკრატიული იდეების და კონცეფციების ევოლუციას, იმას, თუ როგორ მივედით ჩვენ დემოკრატიის დღევანდელ გაგებამდე. აი, ეს იქნება ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი მიეძღვნება იმის ანალიზს, თუ რა არის ქართული პოლიტიკური მემკვიდრეობა. მე მინდა, რომ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედოთ იმას, თუ რა არის ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვაბარია, და რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, – რა არის საქართველო და ვიცნობთ თუ არა ჩვენ რეალურად ჩვენს სამშობლოს საკმარისად კარგად; ვიცნობთ თუ არა ჩვენს სამშობლოს, როგორც მისი ისტორიული გამოცდილების, ასევე დღეს არსებული წარმოუდგენელი მრავალფეროვნების თვალსაზრისით. და განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას ქართული პოლიტიკური განვითარების ბოლო ათწლეულზე, რომელიც, დამეთანხმებით, ყველაზე დრამატული და მღელვარე იყო. მესამე ნაწილი მიეძღვნება სწორედ გლობალიზაციის პროცესებს და იმის გარკვევას, თუ რა შანსები, რა პრობლემები, რა შესაძლებლობები აქვთ სწორედ გლობალიზაციის პროცესში, სრულიად ახალ სამყაროში, ჩვენს საზოგადოებასა და ჩვენს სახელმწიფოს. აი, ეს იქნება ის თემები, რომლებსაც თქვენთან ერთად გავივლით, და მე თავიდანვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩემი ამოცანა არ არის, რომ მოგცეთ თქვენ სისტემური ცოდნა, და თქვენ მერე თქვათ, რომ აი, ჟვანია მოვიდა, გვესაუბრა და ახლა ჩვენ ვიცით, დავუშვათ, რა არის ჯონ ლოკის ფილოსოფია. ეს ვერ მოხდება. მე, რა თქმა უნდა, სრულიად კონკრეტულ გამოცდილებებზე, იდეებზე ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი ამოცანა არ არის, რომ თქვენ ამ ათი ლექციის განმავლობაში სისტემაში მოყვანილი ცოდნა მოგცეთ. ჩემი ამოცანა ისაა, რომ თქვენ განიცადოთ, რა არის თანამედროვე ქართული სახელმწიფო და რა არის დემოკრატია, ის დემოკრატია, რომელიც უნდა დაფუძნდეს ამ ქვეყანაში; იგრძნოთ, რა არის ის მთავარი პრინციპები, რომელთა გარეშეც აბსოლიტურად არაფერი არ აღსრულდება და ვერ იმუშავებს. მე ძალიან მიყვარს კენედის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ,,დემოკრატია არასდროს არ არის მონაპოვარი, არასდროს არ მიიღწევა, ის საჭიროებს მუდმივ ძალისხმევას“. აი, არ შეიძლება თქვა, მე მივაღწიე დემოკრატიას და შემიძლია წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვინებივრო. დემოკრატია არის მუდმივი ძალისხმევა და, როგორც კი საზოგადოება ამ ძალისხმევის განხორციწელებას წყვეტს, ეს სისტემა იშლება. ის დაფუძნებულია მასში ჩვენი, თითოეული მოქალაქის, ყოველდღიურ მონაწილეობაზე, და ჩემი ამოცანა სწორედ ისაა, რომ ხვალინდელი სახელმწიფო მმართველები და ჩინოვნიკები, ხვალინდელი წარმატებული და ცნობილი ქართველი ჟურნალისტები სწორედ ამას განიცდიდნენ, და, რა თქმა უნდა, ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრებიც. ჩვენ, სხვათა შორის, მერე უნდა გადავწყვიტოთ, აი, იმ გოგონას პრობლემა, რომ გასაგები გავხადოთ ჩვენი საუბარი7. ეს გახლავთ ის, რაც მინდოდა დღეს მეთქვა შესავლის სახით. რა სახელი დავარქვათ მას ? (რეპლიკა. ის აუდიტორიიდან არ ისმის) თანამედროვე ქართული პოლიტიკა – აი, ასე ერქვა ამ კურსს მთლიანად8.კითხვების დასმის დროს გაითვალისწინეთ, რომ მე აქ ვცდილობ ვიყო დისტანცირებული მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისაგან, ახლა, ბუნებრივია, სუბიექტური იქნება ჩემი შეფასებები. ესე იგი, ნუ მკითხავთ ბიუჯეტი მიიღეს, თუ არ მიიღეს, ვინ ვისზე რა თქვა და ასე შემდეგ. თქვენ წინაშე მე გამოვდივარ არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ადამიანი, რომელიც გთავაზობთ და გიწვევთ, მე ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ერთობლივად ვიფიქროთ ამ საკითხებზე; და თქვენი შეკითხვები, თქვენი იდეები, თქვენი ხედვა იქნება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დახვეწოთ ყველაფერი ის, რაზეც მე გესაუბრებოდით. ძალიან მინდა, რომ გავიცნოთ ერთმანეთი და მქონდეს იმის საშუალება, რომ გაგიცნოთ თქვენ, და ამ კურსის დროს გთხოვთ, რომ, ალბათ, ორჯერ დაწეროთ პატარა ესეები, რათა მქონდეს საშუალება, უკეთ ვიცოდე, როგორ უყურებთ თქვენ ამა თუ იმ პრობლემებს. მინდა გთხოვოთ, რომ პირველი ესეების დაწერაზე შევთანხმდეთ დღეს, ვიდრე გავაგრძელებთ ჩვენ ამ ლექციების კურსს. მე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენს შემდეგ შეხვედრამდე, მომდევნო სამიოთხი დღის განმავლობაში …. არ ვიცი, ვის უნდა ჩააბაროთ… ორ ნაბეჭდ გვერდზე, დაწეროთ ისეთი ესე – თანამედროვე საქართველო, თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სისუსტეები და წარმატებები, თუკი ესენი არსებობს თქვენი შეფასებით. და განსაკუთრებით მე გთხოვთ, აი, ამ ესეს როცა დაწერთ, გაამახვილოთ ყურადრება აი ამ ასპექტზე – ქართული სახელმწიფო, მისი პრობლემები, წარმატებები და სისუსტეები, და ქართული დემოკრატია. რას წარმოადგენს დღევანდელი ქართული დემოკრატია? მე მართლა ძალიან მაინტერესებს თითოეული თქვენგანის მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, მანამ, ვიდრე ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ლექციებს, და შემდეგ, ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი შემდგომი დისკუსიები, ასე ვთქვათ, უკვე დასკვნით ეტაპზე. თუ გაქვთ შეკითხვები, მე სიამოვნებით მზად ვარ გიპასუხოთ. ოღონდ წარმოადგინეთ თავი…. ძალიან მაინტერესებს (ცუდათ ისმის). აი თქვენ და ბატონ მიხეილ სააკაშვილს ძალიან მსგავსი პოზიცია და ერთნაირი ხედვა გაქვთ, ჩემის აზრით. რატომ არ ხართ ერთად ? (ხმაური აუდიტორიაში).ესე იგი, ჩვენი ერთად ყოფნის დემონსტრირებისათვის, ბოლოს, თუ გინდათ, მიშასაც მოვიყვან. განახებთ, აი მე და ის ერთად ვართ. არა, ახლა ჩვენ ნამდვილად არ ვართ ცალ-ცალკე, თუმცა არის ბევრი საკითხი, ტაქტიკური საკითხი, თუ გნებავთ, რაშიც მე მას არ ვეთანხმები. მე საერთოდ ძალიან ფრთხილად ვუყურებ სიტუაციის რევოლუციონიზირების პერსპექტივებს, იმიტომ რომ ჩემი შინაგანი რწმენაა ის, რომ ნებისმიერი რევოლუცია საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგებს იწვევს. ეს ყოველთვის ლექის ამოსვლაა ზედაპირზე, დანგრევაა ყველაფრისა, რაც კი არსებობს დღეისათვის და ა. შ. სხვათა შორის, მე არ მინდა ახლა ვთქვა, რომ მიშა არის რევოლუციონერი, თუმცა მას ხშირად აქვს ასეთი იმპულსები. მაგრამ მე და მას გვაქვს საქართველოს მომავლის აბსოლიტურად ერთნაირი ხედვა, და უსაფუძვლოა ჭორები ჩვენს შორის კონკურენციაზე და ა.შ. და ესეც უნდა გითხრათ, რომ დღესაც არაჩვეულებრივად კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვენდობით ერთმანეთს და, საბოლოო ჯამში, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს ისეთი ძალა, როგორსაც მე წარმოვადგენ, და აუცილებლად არსებობდეს განსხვავებული, მაგრამ ისეთი ძალაც, როგორსაც წარმოადგენს მიშა სააკაშვილი. ასე რომ, ჩვენ, საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ერთად ვიქნებით.მაშინ თქვენ როგორ გესახებათ, როგორ უნდა მიეწოდებინათ იმ ადამიანებს საზოგადოებისთვის ეს აზრი? ჩემთვის ახლა გასაგებია, რაზეც თქვენ საუბრობთ, დემოკრატია და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ როგორ შეიძლებოდა საზოგადოებისთვის ნათელი ყოფილიყო, რა არის დემოკრატია? ანუ პროცესი იყო ისეთი, რომ ჩვენ გვინდოდა რაღაცის დანგრევა და შვეიცარიისნაირად გახდომა, და ეს იყო რაღაცა ბუნებრივი, თუ….მე იმას სულაც არ ვამბობ, რომ ჩვენ ის რაღაცა არ უნდა დაგვენგრია. ერთ ლექციას მე მთლიანად ამ ძალიან საინტერესო თემის ანალიზს მივუძღვნი. გთხოვთ გაიხსენოთ ეროვნული მოძრაობა, რომლის ნაწილი მეც ვიყავი, და თუ რამეს კრიტიკულს ვიტყვი ამ მოძრაობასთან მიმართებით, ეს მეც მეხება, ისევე როგორც ჩემზე უფრო დიდ მაშინდელ ლიდერებს. ვთქვათ, მაშინ არ იყო არანაირი საუბარი, მაგალითად ეკონომიკურ სუვერენიტეტზე, და იმაზე, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკონომიკა. და, აი, ეკონომიკური პრობლემების ამ იგნორირებამ რაღაც მომენტში ისეთი აბსურდული ფორმაც კი მიიღო, როდესაც ჩვენმა პირველმა დამოუკიდებელმა მთავრობამ და მისმა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადეს ერთ დღეს, რომ ჩვენ რუსეთს, რაღაცას თუ იქ არ გაგვიკეთებენ, ვუცხადებთ ბლოკადას, და აღარ გავუშვებთ იქ მინერალურ წყალს და მანდარინებს. აი, ეს იყო ის, თუ როგორ ვხედავდით ჩვენ ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს. და თუ რა არის ეკონომიკური პრობლემები, დღეს, საბედნიეროდ, ყველას კარგად გვესმის.ეს პიარი იყო?ეს პიარი არ იყო, ეს იყო აბსოლიტური უწიგნურობა, და არ იყო მხოლოდ გამოუცდელობა. ბალტიისპირელებიც არ იყვნენ ძალიან გამოცდილები, მაგრამ მე ვიყავი რამდენჯერმე ლატვიაშიც, ლიტვაშიც და ესტონეთშიც, და იქ, როცა სახალხო ფრონტები იყო, ერთ-ერთი მთავარი საკითხი სუვერენიტეტის კონცეფციის დამუშავება გახლდათ. ჩვენთან ამას ტაბუ დაადეს. მე არ დამავიწყდება, ერთხელ რუსთაველის საზოგადოებაში ვისხედით და რომან გოცირიძემ თქვა, მოდით, საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტის კონცეფცია შევქმნათო, და ქოქოლა დააყარეს. უთხრეს, რომ ეს არის ღალატი, კრემლთან გარიგება, იმიტომ, რომ მთავარი დღეს არის პოლიტიკური დამოუკიდებლობაო და ა. შ. პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა და, მით უფრო, კონფრონტაცია, ძალიან ძვირი დაგვიჯდა.მეორე, მაგალითად, ძალიან სახიფათო ილუზია – როდესაც ჩვენ ვთამაშობდით ნაციონალური თემით. ხომ გახსოვთ, რუსებმა გაუშვეს პროპაგანდა – მოსკოვმა პირველ წლებში, ზვიადის დროს – რომ ქართველებმა წამოსწიეს ლოზუნგი, ,,Грузиа для грузин“ – სინამდვილეში ეს ვიღაც ერთმა მესამეხარისხოვანმა იდიოტმა თქვა და არ მოხდა ამის კატეგორიული დაგმობა, ამისგან გამიჯვნა. პირიქით, ეს ბევრს ესიამოვნა. აი, ეს დაგვიჯდა ძალიან ძვირად, იმიტომ რომ ამან მართლა შეიტანა ჩვენს პოზიციაში ბზარი, რომელიც მერე და მერე ხელოვნურად ფართოვდებოდა, ფართოვდებოდა და ფართოვდებოდა. და მაშინდელ ჩვენს ლიდერებსა და მესვეურებს აბსოლიტურად არ ესმოდათ, როგორი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო უმცირესობებთან. ეს ფაშისტური მიდგომა იყო ?არ იყო ფაშისტური, იყო იდიოტური მიდგომა. ფაშისტური მიდგომა არის უფრო თანმიმდევრული, და ის, რაც ამ მიმართებით აქ ხდებოდა, იყო აბსოლიტურად არათანმიმდევრული, იმპულსური იდიოტიზმი.ეს შეგნებულად ხდებოდა თუ შეუგნებლად? დღეს არა აქვს მნიშვნელობა, ეს იყო შეგნებულად თუ შეუგნებლად, მაგრამ ჩვენი ამ ათი წლის გამოცდილება თქვენ გაძლევთ საოცარ საფუძველს იმისათვის, რომ ზუსტად დაინახოთ, რა არის ჩვენი საზოგადოების სისუსტეები და სიძლიერეები. და ამ უმცირესობებზე მე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ, როდესაც ლაპარაკობ და ფიქრობ დღევანდელ საქართველოზე, ქართველებზე, თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ერზე, აქ უნდა იყოს აუცილებლად გათვალისწინებული როგორც ამ ერის შემადგენელი ნაწილი, მარნეულელი აზერბაიჯანელი, ახალქალაქელი სომეხი, წალკელი ბერძენი, ისევე როგორც ლანჩხუთელი გურული, ან თუში ომალოდან, ან აჭარელი ხულოდან და ა. შ.რომლებიც პოლიტიკურად ყველანი ქართველები არიან.დიახ, რომლებიც ყველანი პოლიტიკურად ქართველები არიან. და, თუ რომელიმე მათგანი არ იგრძნობს თავს აბსოლიტურად ისეთივე პოლიტიკურ ქართველად, აი, როგორც თბილისში დაბადებული, გაზრდილი და სხვა ტრადიციულ ქართულ ოჯახში დაბადებული ადამიანი, ის მუდმივად გვერდზე გაიხედება და მუდმივად შექმნის აი ამ დესტაბილიზაციის საფრთხეს. ამიტომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში უმცირესობების ჩართვა უმცირესობებისთვის კი არ კეთდება, – პოლიტიკაში არ არსებობს ფილანთროპია და ქველმოქმედება, – ეს კეთდება უმრავლესობისათვის, რათა არ არსებობდეს შენელებული ბომბები, ნაღმები, რომლებიც ადრე თუ გვიან აუცილებლად აფეთქდება, როდესაც ადამიანების რაიმე ჯგუფი მუდმივად თავს გრძნობს დისკრიმინირებულად და არაწარმოდგენილად, და თვლის, რომ არა აქვს თვითრეალიზების შანსი. თქვენ ახლა ნუ მაიძულებთ, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოგახსენოთ….(შეკითხვა – ის არ ისმის).ესე იგი, მე როცა ვამბობ, რომ ჩვენ მივუძღვნით ლექციების კურსის მნიშვნელოვან ნაწილს ბოლო ათწლეულის ქართულ პოლიტიკას, მე ეს ასე წარმომიდგენია: ზვიადი როგორ მოდიოდა – ვილაპარაკებ ზვიადის პერიოდზე და სამხედრო საბჭოზე, ვიდრე ოთხმოცდათხუთმეტ წლამდე. და მერე ერთი ლექცია მე მინდა მივუძღვნა ოთხმოცდათხუთმეტი წლის კონსტიტუციას და იმას, როგორ ხდება ამ კონსტიტუციის რეალიზება და განხორციელება ოთხმოცდათხუთმეტი წლის შემდეგ.მე მინდოდა ასეთი შეკითხვა დამესვა : თქვენ ახსენეთ სხვადასხვა რევოლუციები – ინგლისი, შემდეგ საფრანგეთი და ასე შემდეგ. და ყველა ამ სიტუაციაში მათ წინ მიუძღოდნენ პიროვნებები. ჩვენი სიტუაცია კი ისე განვითარდა, რომ ზვიადის ჩამოგდების შემდეგ კიტოვანი, ჯაბა და სიგუა გახდნენ ჩვენი ლიდერები და ისინი დემოკრატიაზე საუბრობდნენ და, სხვათა შორის, მათ ბევრმა დაუჭირა მხარი – იმავე პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა. რა ფენომენი იყო ის, რომ დემოკრატიაზე დაიწყეს საუბარი ჯაბამ, სიგუამ და ა. შ.არსებობს რიტორიკა და არსებობს, ასე ვთქვათ, რეალური ძალისხმევა, – ის, რასაც ინგლისურად Commitment ჰქვია, -რომ რაღაცა მართლა გინდა რეალურად გააკეთო. მაშინ იყო ეს პოპულარული რიტორიკა, ისევე როგორც დღეს არის პოპულარული რიტორიკა ის, რომ ყველამ უნდა იძახოს – რა ცუდია კორუფცია და , რაც უფრო კორუმპირებულია, მით უფრო მეტს გაჰყვირის. ზუსტად ასევე, მაშინ სავალდებულო იყო რიტორიკა – დემოკრატია, დემოკრატია – და ამაზე საუბრობდნენ ადამიანები, რომლებიც მთელი თავისი ბუნებით სრულიად საპირისპირო პოლუსს წარმოადგენდნენ.რა ფენომენმა გამოიწვია, რომ ისინი პოპულარულები გახდნენ?მაშინ კიტოვანის ფენომენი ეფუძნებოდა მხოლოდ იმას, რომ, ასე ვთქვათ, მას ჰყავდა შეიარაღებული ჯგუფი, საზოგადოების დიდი ნაწილი კი თავს დაუცველად გრძნობდა და, აი ამ შეჯახებების ფონზე კიტოვანი საზოგადოებას მოევლინა, როგორც იმის საპირწონე, რომ დარბევა, როგორიც მოხდა ორ სექტემბერს, არ განმეორდება. მე არა მგონია, რომ კიტოვანს ვინმე თვლიდა ქართული დემოკრატიის იდეურ მამად.ლექცია II დემოკრატიის ისტორია – მოგესალმებით. როგორ გრძნობთ თავს? იფიქრეთ დემოკრატიაზე? მე მადლობელი ვარ. სხვათა შორის, აი რამდენიმე თქვენი ესეი, – ყველას წაკითხვა ვერ მოვასწარი – რაც წავიკითხე, ძალიან საინტერესო იყო და მადლობელი ვარ, რომ ძალიან გულწრფელი ესეებია, და ისინი ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ეს საშუალებას მომცემს, რომ წარმოვიდგინო, რა საკითხები გაწუხებთ უფრო მეტად, და ამის მიხედვით უფრო დავაზუსტებთ იმ თემებს, რომლებზედაც ვისაუბრებთ. ახლა წინა, ასე ვთქვათ, შესავალ თუ მიმოხილვით ჩვენს პირველ ლექციაზე, როდესაც მე ვეცადე, რომ შემექმნა იმის საერთო სურათი, თუ რაზე გვექნება საუბარი ამ ჩვენი შეხვედრების დროს, ერთ-ერთი მთავარი, რაზეც მე გავამახვილე თქვენი ყურადღება, გახლდათ ის, რომ უნდა გვესმოდეს : დემოკრატია ეს არ არის აბსტრაქტული ცნება, ეს არის ძალიან კონკრეტული კონცეფცია, რომლის ფუნქციონირებასაც და წარმოშობას საფუძვლად უდევს რამდენიმე სრულიად კონკრეტული მექანიზმი, პრინციპი. დემოკრატიის არსებობა გულისხმობს რამდენიმე სრულიად კონკრეტული ინსტიტუტისა და გარკვეული ტიპის უწყებების არსებობას, და ასევე ძალიან კონკრეტულ ურთიერთობებს სხვადასხვა უწყებებსა და ინსტიტუტებს შორის. ეს არის ის, რასაც ქვია დემოკრატიის უნივერსალური პრინციპები. მე ვამახვილებ ყურადრებას უნივერსალურ პრინციპებზე იმიტომ, რომ ჩვენს შემდგომ შეხვედრებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, როგორც გითხარით, ასევე დემოკრატიის უკვე ნაციონალურ, ეროვნულ კონტექსტზე; იმაზე, რომ, დემოკრატიის წარმატებისათვის ის უნდა ამოიზარდოს და დაეფუძნოს თითოეული ხალხის, თითოეული ერის სრულიად კონკრეტულ ტრადიციას, ჩვევებსა და ისტორიულ გამოცდილებას. მაგრამ დღეს მე მინდა, თქვენ წარმოიდგინოთ, აი, ერთგვარად შეიგრძნოთ ისტორიის სურნელება, გაიაზროთ, რომ ყველა ის პრინციპი, რომლებიც დღეს აღიარებულია დემოკრატიის უნივერსალურ პრინციპებად, თავისთავად ზეციდან არ ჩამოვარდნილა. ყველა მონაპოვარი, რომლებიც განაპირობებენ იმას, რომ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ადამიანი ბევრად უფრო დაცულია ხელისუფლებისაგან, რომ მას ბევრად უფრო სრულფასოვნად შეუძლია საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, შეუძლია მოსთხოვოს თავის ხელისუფალს მასზე ზრუნვა, მისი ინტერესების განსახორციელებლად ბრძოლა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იყო ძალიან დინამიკური, ხშირად ძალიან სასტიკი, სისხლიანი ისტორიული განვითარების შედეგი. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელიც თქვენ მიიღეთ კაცობრიობის მართლაც საუკეთესო შვილებისაგან. და იმისათვის, რომ წარმოვიდგინოთ პრობლემები, რომლებიც დგას დღევანდელი საქართველოს წინაშე, მე მინდა, აი ამ დინამიკაში, ისტორიულ დინამიკაში გადავხედოთ იმ ძირითად მომენტებს, რომლებმაც მოგვიყვანა დემოკრატიის დღევანდელ გაგებამდე. როდესაც დემოკრატიის ისტორიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა გვესმოდეს,რომ ძირითადათ ამოვდივართ ევროპის ხალხების ისტორიიდან და, მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ასევე ჩრდილო ამერიკის ისტორიიდან, რომელიც შემდეგ გახდა შეერთებული შტატების ისტორია, როდესაც ჩამოყალიბდა შეერთებული შტატები. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ხალხებმა არ შეიტანეს თავიანთი წვლილი საკაცობრიო ცივილიზაციის განვითარებაში. ნამდვილად არა, მაგრამ ევროპას უჭირავს თავისი სპეციფიკური ადგილი, იმიტომ რომ დემოკრატია თავდაპირველად იყო სავსებით ევროპული პროდუქტი, რომელიც ეფუძნებოდა იმ გამოცდილებას, რაც იქმნებოდა სწორედ ევროპის ხალხების მიერ. თქვენ, ალბათ, ყველას გაგიგიათ ბერძნული დემოკრატიული პოლისების შესახებ. ათენის სახელმწიფო რჩება პრაქტიკულად დღემდე აღფრთოვანების წყაროდ ბევრი ადამიანისათვის, ვინც ფიქრობს დემოკრატიის თეორიაზე. სხვათა შორის, ეს იყო ნიმუში და მაგალითი, რომის რესპუბლიკასთან ერთად, აი მართლა სახელმძღვანელო მოდელი ამერიკის დამფუძნებელი მამებისათვის. მასზე, აი, ამ ანტიკური დემოკრატიის განხორციელების თავისებურებებსა და უნიკალურობაზე ხშირად აპელირებდნენ ფრანგული რევოლუციის ლიდერები, და ასე შემდეგ. ამიტომ ის გამოცდილება, რაც შეიქმნა ათენში და შემდეგ გადატანილ იქნა რომის რესპუბლიკაში, დღესაც ძალიან მნიშვნელოვნად რჩება. რჩება, აი, თუნდაც გარკვეული ინსპირაციის წყაროდ, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ 2500 წლის წინ ახერხებდა შეექმნა ისეთი წყობილება, ისეთი სახელმწიფო ურთიერთობები, როდესაც საზოგადოება ქმნიდა ხელისუფლებას, რომლის ამოცანა იყო არა თავისი – ხელისუფლების წევრთა კეთილდღეობის მიღწევა, ან ინტერესების დაცვა, არამედ მთელი კომუნის ინტერესების დაცვა. თქვენ რომ წაიკითხოთ – და ძალიან გირჩევთ, სხვათა შორის, თუ გექნებათ საშუალება, თუნდაც თვალი გადაავლოთ არისტოტელეს პოლიტიკას – გაკვირვებული დარჩებით, იმდენად თანამედროვედ ჟღერს მისი მოსაზღებები ძალიან ბევრ პრობლებაზე. აი, მაგალითად, ამას წინათ ჩავუღრმავდი მას კორუფციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს პრობლემა ათენის დემოკრატიისთვისაც პრობლემა იყო, და არისტოტელეს აქვს დაახლოებით ისეთივე შეფასებები კორუფციასთან დაკავშირებით, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ჩვენს დღევანდელ ყველაზე მგზნებარე მებრძოლებს. პლატონის რესპუბლიკა დღემდე არის სისტემა მოსაზრებებისა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფო, რომ ბევრი რამე შეგიძლია აიღო, აი, როგორც თარგი დღევანდელი დღისთვისაც. სხვათა შორის, ბერძნებს, განსხვავებით სხვა იმჟამინდელი ცივილიზაციებისაგან, დავუშვათ სპარსული ცივილიზაციისაგან ან სხვებისაგან, ჰქონდათ ისეთი დამოკიდებულება, რომ ადამიანი არის საზოგადოებრივი არსება, რომ თითოეულ მოქალაქეს, პირველ ყოვლისა, უნდა ამოძრავებდეს საზოგადოებრივი ინტერესი და ინტერესი საზოგადოებრივი ცხოვრებისადმი, და ასეთ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებრივი ინტერესებით, ისინი ,,πολιζης“ -ს უწოდებენ. ,,პოლიტეს“ არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს არა თავისი კერძო კეთილდღეობით, საკუთარი კეთილდღეობით, საკუთარი ინტერესით, არამედ მას ესმის, რომ მისი ინტერესების განხორციელება დამოკიდებულია იმ საზოგადოების, იმ კომუნის, იმ ქალაქისა თუ იმ დასახლების საერთო წარმატებაზე, რომელშიც ის არსებობს. და იცით როგორ უწოდებენ ისინი ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ ეს საზოგადოებრივი ინტერესი, აი პოლიტესის საპირისპიროდ? – ,, ιδιωζης’’ – ს. პოლიტეს იდიოტესის საწინააღმდეგოდ – აი ასე ჰქონდათ დაყოფილი ბერძნებს, ასე ვთქვათ, ადამიანის ორი მთავარი ტიპი საზოგადაოებასა და სახელმწიფოსთან მიმართებაში. და ეს მართლაც ძალიან საინტერესოა. დავუშვათ იქ კიროსის იმპერიამ, ან საერთოდ სპარსულმა იმდროინდელმა ცივილიზაციამ შექმნა უზარმაზარი არმიები, ძალიან მდიდრული სამეფო კარი იყო, ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ სამხედროებზე და სხვა და სხვა. მაგრამ იქ საზოგადოება იყო მეორე პლანზე. ბერძნული დემოკრატია მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ეს იყო მმართველობის ის ფორმა, როდესაც საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე, მის წარმატებაზე, მის ინტერესებზე ზრუნავდა სახელმწიფო, ის ხელისუფლება, რომელიც იქ არსებობდა. აი, ეს გამოცდილება შემდეგ ბევრად უფრო გააღრმავა და განავრცო რომის რესპუბლიკამ. რომის რესპუბლიკამ შექმნა რამდენიმე სრულიად უპრეცედენტო და დღემდე ღირებული ფენომენი, ვთქვათ, ის ფენომენი, რომელსაც ჩვენ დღესაც ვეყრდნობით, და რომელიც რეალურად ბევრ რამეში რეალურად არც შეცვლილა რომის დროიდან მოყოლებული. რომის რესპუბლიკის წვრილი თანამედროვე სახელმწიფოსა და დემოკრატიის ჩამოყალიბებაში გულისხმობს რესპუბლიკური მმართველობის, აი ამ პოლისების ტიპის მმართველობის შექმნასთან ერთად, ასევე რეგულარული არმიის შექმნას – ეს იყო სრულიად ახალი ფენომენი, როდესაც შენ გყავდა არმია მუდმივ საფუძველზე, და არ კრებდი მოხალისეებს ცალკეულ შემთხვევაში. უხდიდი მათ ხელფასს და, ამდენად, უზრუნველყოფდი, რომ ისინი მაროდიორები აღარ იყვნენ თუნდაც შენი ქვეყნის ტერიტორიაზე. დაპყრობების დროს ეს სხვა ამბავია. რომმა შექმნა ისეთი ფენომენები, როგორიც გახლავთ ბიუროკრატია, ადმინისტრაცია, ადმინისტრაციის იერარქიული სისტემა. სხვათა შორის, რომის რესპუბლიკაში მმართველობის სისტემა ძალზე დახვეწილი, გეომეტრიული სიზუსტითაა შექმნილი. ადმინისტრაციის ასეთი ზუსტად დახვეწილი სისტემა ადრე არცეთ სხვა ცივილიზაციაში არ არსებობდა. რომაელებმა შექმნეს ისეთი ფენომენი, რომელიც, იმ დროიდან მოყოლებული, აი უკვე ბოლო ოცდაორი-ოცდასამი საუკუნის განმავლობაში, არის ნებისმიერი სტაბილური და მყარი სახელმწიფოს არსებობის საფუძველთა საფუძველი. ხარკის ნაცვლად რომაელებმა დააწესეს მუდმივი გადასახადები, და დააწესა ეს, სხვათა შორის წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომის ხალხის სენატმა. და ამის შემდეგ ყველა რომაელმა იცოდა, თუ რა უნდა გაეღო მას თავისი პირადი ქონებიდან, თავისი პირადი შემოსავლიდან იმისთვის, რომ უზრუნველეყო თავისი რესპუბლიკის წარმატება. და კიდევ ერთი საოცარი რამ, რაც რომაელებმა გაჩუქეს თქვენ და მთელს კაცობრიობას, ეს გახლავთ კოდიფიცირებული კანონმდებლობა და დღესაც, ალბათ, ბევრს გაგიგიათ, რომ ესა თუ ის კოდექსი არის რომაულ ტრადიციაზე აგებული კოდექსი, დღესაც მუშაობს რომაული კოდიფიკაციის სისტემა, ანუ კოდიფიკაცია – ესაა კანონების ერთიან სისტემაში მოყვანა. ეს გახლავთ სწორედ ის გამოცდილება, რომელიც შექმნეს რომაელებმა, და რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის აქტუალობას და თავის მნიშვნელობას. მოკლედ, აი ამ მომენტისათვის, როდესაც დადგა ახალი ერა, როდესაც იწყება ქრისტიანობის შემოსვლა, პრაქტიკულად ჩამოყალიბდა სახელმწიფოს, აი რომის მაგალითზე, ისეთი ტიპი, სადაც არსებობდა პირველ პლანზე საერთო საზოგადოებრივი ინტერესების აღიარება მმართველის, ტირანის ან დესპოტის ინტერესების საპირისპიროდ. ეს იყო პრიორიტეტი, სადაც არსებობდა ისეთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორიც იყო არმია, გადასახადები, ადმინისტრაცია და დაწერილი კანონები, სისტემაში მოყვანილი კანონმდებლობა, და ამ მომენტში, ასე ვთქვათ, შემოდის ის იდეა კაცობრიობისა და განსაკუთრებით ევროპის ცხოვრებაში, რომელმაც აბსოლიტურად შეცვალა ყველაფერი, რაც არსებობდა მანამდე. ეს არის ქრისტიანობის იდეა. აი, აქ მე მინდა გითხრათ თქვენ ასეთი რამ : დღევანდელი დემოკრატია – ეს არის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება ბერძნულ, რომაულ და იუდაურ-ქრისტიანულ ტრადიციებს. ყველაფერი, რაც მე გითხარით აქამდე, უნდა წარმოიდგინოთ, რომ არ ვრცელდებოდა ყველა ადამიანზე. არისტოტელე, მაგალითად, დიდი არისტოტელე, ყველაფერთან ერთად იყო მონობის აპოლოგეტი და თვლიდა, რომ მონობის არსებობა აუცილებელი იყო. ათენის პოლისში იყო ორმოცი ათასი მოქალაქე და დაახლოებით ოთხასი ათასი სხვა მცხოვრები, რომლებსაც არ გააჩნდათ პრაქტიკულად არანაირი უფლებები – ზოგი მონა იყო, ზოგი უბრალოდ, უცხოელი იყო. ასევე იყო რომის რესპუბლიკაში, სადაც ადამიანები იყოფოდნენ რომაელებათ და ლათინებად, რომლებიც უფრო ახლოს იდგნენ რომაელებთან. იყვნენ უცხოელებიც, რომელთაც არანაირი ის უფლებები არ გააჩნდათ, რაც ჰქონდათ რომის მოქალაქეებს, და იყვნენ მონები, რომელთა შესახებ ბევრი ფილმი გინახავთ. იუდაიზმა ჯერ კიდევ ქრისტეს მოსვლამდე შექმნა აი, ამ ანტიკურ ბერძნულ-რომაულისაგან – ჩვენ მაინც კაცობრიობის განვითარების მაინც ამ კალაპოტზე ვსაუბრობთ – განსხვავებულ ეთიკაზე. იმის გამო, რომ, ბერძნული ან რომაული პანთეონის ღმერთების ნაცვლად, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ ადამიანებს – აი, ამის საპირისპიროდ, შემოდის სრულიად ახალი, ერთი ღმერთის კონცეფცია და ხედვა ღმერთისა, რომელიც ძალიან შორს დგას ადამიანისაგან, რომლის მსახურება, და იმ იდეალებისა და იმ ღირებულებების მსახურება, ხდება, ასე ვთქვათ, განმსაზღვრელი ვექტორი ნებისმიერი ადამიანისა, რომელიც აღიარებს ამ ერთ ღმერთს. თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, რატომ გადავედი მე ამ რელიგიურ თემაზე, მაგრამ აქ, მონოთეიზმთან ერთად, ჩნდება სრულიად ახალი ეთიკა, სრულიად ახალი მენტალიტეტი, რომლის გაცნობიერების გარეშეც ვერაფერს ვერ გაიგებთ თანამედროვე დემოკრატიის შესახებ. და ვერ გაიგებთ, რა უზარმაზარი განსხვავებაა სინამდვილეში, აი, დავუშვათ იმავე ყველაზე იდეალურ და ლამაზ ბერძნულ დემოკრატიულ პოლისსა და თანამედროვე დემოკრატიას შორის. ქრისტიანული იდეა – ეს არის კიდევ უფრო გაღრმავებული და აბსოლუტში აყვანილი სიკეთის, მიმტევებლობისა და თანასწორობის, აი ამას მინდა გავუსვა ხაზი, თანასწორობის იდეა. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ისეთი საკითხიც კი, როგორიც არის ქრისტიანული სექსუალური ეთიკა, რომლის მსგავსი არაფერი არსებობდა ანტიკური ღმერთებით დასახლებულ კულტურებში, ხდება ერთ-ერთი საფუძველი ისეთი რამის ცვლილებისთვისაც კი, როგორიც არის თუნდაც ეკონომიკური ურთიერთობები და ეკონომიკის განვითარება. ამდენად, აი მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც ეფუძნება და საიდანაც აღმოცენდა, ამოიზარდა თანამედროვე დემოკრატია საუკუნეებისა და საუკუნეების განმავლობაში, ეს გახლავთ სწორედ იუდაურ-ქრისტიანული ანუ, უკვე, ასე ვთქვათ, პირველი საუკუნეების შემდეგ ქრისტიანული ეთიკა და ქრისტიანული თანასწორობის იდეალები. ესაა იმისი აღიარება, რომ არსებობს რაღაცა უზენაესი ღირებულებები, რომლებსაც უნდა ემსახურებოდეს ადამიანი. ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ეს იდეა, ქრისტიანული იდეა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მან აბსოლიტურად დაიპყრო ადამიანების, ხალხების გონება მრავალი, მრავალი საუკუნეების განმავლობაში. და ეს ყველაფერი ხდება, თქვენ გახსოვთ, ჰო, პირველ საუკუნეში, როდესაც ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ მისი მოციქულები მიდიან სხვადასხვა ქვეყნებში, აფუძნებენ პირველ ეკლესიებს და ა.შ. ამას პარალელურად მოსდევს უზარმაზარი კატაკლიზმები ევროპის მასშტაბით. ინგრევა რომის იმპერია ჯერ დასავლეთისა და აღმოსავლეთის იმპერიებად, იწყება ხალხების საოცარი გადანაცვლებები. ყველას გახსოვთ, ალბათ, ისტორიის კურსიდან, რომ იქ დიდი არეულ-დარეულობა იწყება, და მე ამაზე იმისთვის ვამახვილებ ყურადღებას, რომ თქვენ გესმოდეთ, რატომ მოხდა გაწყვეტა იმ ტრადიციისა, რომელიც შეიქმნა ანტიკურ ხანაში. აი, ამ დიდმა კატაკლიზმებმა, რომლებიც დაიწყო პირველ საუკუნეებში, გამოიწვია ანტიკური დემოკრატიების, ანტიკური რესპუბლიკების გამოცდილებისა და ტრადიციების გაწყვეტა. მაშასადამე, იწყება ადრეული შუა საუკუნეები. შუა საუკუნეები, როდესაც ევროპა დასახლებულია სხვადასხვა ტომებით, რომელთაგან პრაქტიკულად არცეთი არ არის ჩამოყალიბებული სახელმწიფოდ იმ სახით, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია დღეს, როდესაც კლერიკალურ-რელიგიურ ხელისუფლებას აქვს არაადეკვატურად დიდი, უზარმაზარი უფლებები, და აი, ევროპის პირველი თხუტმეტი საუკუნის ისტორია მნიშვნელოვანწილად არის პაპთან და, როგორც უწოდებენ ინგლისელები ან გერმანელები, ,,პაპიზმთან“ ბრძოლის გამოცდილება. და, სხვათა შორის, საერო და საეკლესიო ხელისუფლებებს შორის ეს ბრძოლა გრძელდება პრაქტიკულად მეთექვსმეტე საუკუნემდე და საბოლოოდ სრულდება მარტინ ლუთერის მიერ ეკლესიის დიდი რეფორმაციით. და ესეც, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელიც მე მინდა თქვენ მაინც გაითვალისწინოთ თქვენს მეხსიერებაში, – ლუთერმა მოახდინა რევოლუცია იმით, რომ მან, ასე ვთქვათ, უარი თქვა აი, იმ კანონიერ ტრადიციაზე, რაც თხუტმეტი საუკუნის განმავლობაში ყალიბდებოდა კათოლიკური ეკლესიის წიაღში. ლუთერი ძალიან საინტერესო და საოცრად მორწმუნე ადამიანი იყო. ის ჩავიდა გერმანიიდან, თავისი პატარა ქალაქიდან, რომში, რომ ენახა ქრისტიანობისა და სიწმინდის ეს მთავარი ციტადელი. და იქ რომ ჩავიდა, რა იხილა ? ალექსანდრე მეორე იყო მაშინ პაპი, ალექსანდრე ბორჯია9, ცნობილი თავისი გახრწნილებით, ვნებააშვებულობით და სხვა და სხვა. და აი, ამის პროტესტმა განაპირობა ის, რომ გერმანიაში დაბრუნების შემდეგ მან თქვა, რომ ეს ყველაფერი, ეს ამდენი ხატები, ისინი, ესენი, ტყუილია, და რომ ყველა ადამიანისა და ყველა მორწმუნის უფლება – ეს არის, თავისუფლად წაიკითხოს ბიბლია. აი, უბრალოდ აიღოს ბიბლია, თავის მშობლიურ ენაზე – და ლუთერის რევოლუციის საფუძველი ის იყო, რომ მან გერმანულად თარგმნა ბიბლია და თქვა – თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ქრისტიანს, შეგიძლიათ წაიკითხოთ და გაიგოთ ისე, როგორც ამოიკითხავთ ამ ბიბლიაში. ძალიან ბევრი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი და მკვლევარი დღეს დარწმუნებულია, რომ დიდი ლიბერალური რევოლუციების, აზროვნების რევოლუციების საფუძველი ევროპაში სწორედ ეს გახდა, როდესაც ადამიანებმა მისცეს თავს უფლება, რომ თავისუფლად წაეკითხათ ბიბლია, ანუ ღვთიური სიტყვა. აი ამის შემდეგ გაუჩნდათ მათ სრულიად სხვა დამოკიდებულება ვაჭრობის თავისუფლებასთან, კომერციის თავისუფლებასთან და სხვა და სხვა. მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს, ასე ვთქვათ, ისტორიულ განვითარებას. აი, ამ პერიოდში მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილებისთვის ბრძოლა, კიდევ ვიმეორებ, საეკლესიო ხელისუფლებასა და საერო ხელისუფლებას შორის. აი, დღევანდელი სტანდარტებით თუ გადავხედავთ საფრანგეთში, ესპანეთში ან ბრიტანეთში მეთორმეტე, მეცამეტე, მეთოთხმეტე საუკუნეების ისტორიას, ასე ვთქვათ, რეფორმატორული ადამიანი, სულით რეფორმატორი, ალბათ, დადგებოდა იმათ გვერდზე, ვინც იბრძოდა იმისათვის, რომ საერო ხელისუფლებას, დავუშვათ ჩემს მშობლიურ ინგლისში, ან ჩემს მშობლიურ გერმანიაში, ან ჩემს მშობლიურ შვედეთში, მეტი უფლება ჰქონოდა, და არ ყოფილიყო დამოკიდებული მთლიანად პაპსა და მის ძალაუფლებაზე. ამ მომენტში პერიოდულად მიმდინარეობდა დაპირისპირება საერო (მონარქი) და საეკლესიო (პაპიზმი) ხელისუფლებებს შორის. ხან ძლიერი მთავარი იმარჯვებდა, ხან – პაპი, პაპის დასუსტების პროცესში მეფეებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლების ბუნება არის ღვთიური, ანუ : მეათე, მეთერთმეტე, მეთორმეტე საუკუნეებში ჩნდება ძალაუფლების ღვთიური ბუნების ცნება და თეორია, რომ მე, მეფეს, იმიტომ მაქვს უფლება ჩემს ქვეშევრდომებზე ვიბატონო, ავკრიფო ხარკი, ასე ვთქვათ, ავიღო ის, რაც მე მინდა, რომ მე ღმერთმა მომცა ამისი უფლება. ეს არის ხელისუფლების ღვთიური წარმოშობის თეორია. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ თქვენ ამაზე დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ამის შემდეგ ჩვენ გადავალთ იმ თეორიებზე, რომლებმაც უარყვეს სწორედ ეს – ხელისუფლების ღვთიური წარმომავლობის – რწმენა და, პრაქტიკულად, რომლებიც საფუძვლად დაედო უშუალოდ იმას, რაც არის თანამედროვე დემოკრატიული თეორია. დიდი ბოდიში, დღესაც ხომ არა აქვთ ვიღაც–ვიღაცეებს ხელისუფლების ღვთიური გაგება ? (ხმაური აუდიტორიაში)არა. სხვათა შორის, ეს მე ვთქვი. ესე იგი, მე არ ვლაპარაკობ იმ ანაქრონიზმებზე, რომლებიც ზოგჯერ იშვიათად, მაგრამ, სამწუხაროდ, ხდება დღესაც. ხელისუფლების ღვთიური წარმოშობის თეორია იყო მთელი კონცეფცია. მაშინ ადამიანები ფიქრობდნენ, რომ, აი, მე ვარ გლეხი, დავუშვათ, მიწაც არა მაქვს, ვმუშაობ ვიღაც ფეოდალის კუთვნილ მიწაზე; არსებობს მეფე, რომელიც არის, პრაქტიკულად, ღმერთის ტოლფასი, შეუძლია ჩემს სიცოცხლეს, ჩემს ქონებას, ჩემს კეთილდღეობას რაც უნდა, ის უქნას. მე, პრაქტიკულად, როგორც უბრალო ადამიანების – Common Class10 – ჰქვია მას ინგლისურად, – უბრალო კლასის წარმომადგენელს, არ გამაჩნია არანაირი უფლება, რომელიც დაცული იქნება, აი, ამ ღვთიური ძალის მქონე არსებული მონარქისაგან. და ახსნა, პასუხი მაშინ იყო ასეთი, რომ, რა თქმა უნდა, შენ არ გაქვს ეს უფლება, იმიტომ რომ ეს შენი მონარქი, შენი მთავარი, თუ მეფე, თუ პრინცი, ვინც არ უნდა იყოს, ის არის შენი ხელმძღვანელი, შენი ბატონ-პატრონი ღვთის განგებით, და ეს არის მთელი პასუხი.აი, ამ დროს, მე მინდა გითხრათ, რომ არც ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს ამ პერიოდში ევროპულ ცნობიერებაში არ ხდება ისეთი მნიშვნელოვანი ძვრები და ცვლილებები, რომლებიც საბოლოოდ მნიშვნელოვანი იქნებოდა თანამედროვე დემოკრატიული წყობილების ჩამოყალიბებისათვის. აი, ამ ომებში, იმ ძალიან მღელვარე პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებს, სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის, ჩნდება იმისი აუცილებლობა, რომ გარკვეულ მომენტებში, მეფენი დაუკავშირდნენ, დავუშვათ, ბარონების საწინააღმდეგოდ, ადგილობრივ კომუნებს. აი, მაგალითად, ასე მოხდა საფრანგეთში, როდესაც მეფე ფილიპე IV ცდილობდა დაეძლია ის წინააღმდეგობა, რომელიც მას ჰქონდა წვრილ ფეოდალებთან, და განემტკიცებია თავისი მონარქია, და ამის გამო ის შედის გარიგებაში ადგილობრივ თვითმართველობებთან; მაშინ ამას არ ერქვა, რა თქმა უნდა ადგილობრივი თვითმართველობები. მონარქი გაურიგდა ცალკეული ქალაქების, დაბების, სოფლების, ანსამბლეებს, რათა ისინი საბოლოოდ თავის მხარეზე გადმოებირებინა, და ქმნის ეგრეთ წოდებულ გენერალურ შტატებს, რომელიც არის ერთ-ერთი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელთანაც ერთად ის იღებს გადაწყვეტილებებს გადასახადებთან დაკავშირებით, და ის სერიოზულ წარმატებას აღწევს. ინგლისში ცოტა განსხვავებული ისტორიაა. დაახლოებით იმავე ეპოქაში, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, მეფე ჯონი ცდილობს, რომ დათრგუნოს, ასე ვთქვათ, ფეოდალები, აგებს ამ ბრძოლას და ეს ფეოდალები აიძულებენ, რომ მან ხელი მოაწეროს იმ უნიკალურ და უდიდეს ისტორიულ დოკუმენტს, რომელსაც ქვია თავისუფლებათა დიდი ქარტია, ანუ Magna Carta. ეს იყო პირველი დოკუმენტი ევროპაში, ასე ვთქვათ, ანტიკურის შემდგომ ევროპაში, რომელიც ქმნის კონსტიტუციონალიზმის საფუძვლებს. პრაქტიკულად, Magna Carta -ს შემდეგ, რომელსაც ხელი მოეწერა 1215 წელს, იწყება ევროპაში დაწერილი კონსტიტუციონალიზმის ისტორია. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც იქმნება დოკუმენტი, რომელიც აცხადებს, რომ არის საკითხები, სადაც მონარქის გადაწყვეტილება კი არ არის უზენაესი, არამედ არის რაღაცა წესები, მაგალითად, რომ მიწა გადადის მემკვიდრეობით უფროს შვილზე. მანამდე იყო ასე : დავუშვათ, მოკვდებოდა მიწის მფლობელი და მეფეს თუ მოუნდებოდა, აიღებდა ამ მიწას თავის საკუთრებაში. ის აკანონებდა ქონებისა და საკუთრების უფლებას, მემკვიდრეობითობის უფლებას. სულ ორმოციოდე წელიწადში Magna Carta -ს შექმნის შემდეგ ჰენრი III-ის დროს უკვე საბოლოოდ ყალიბდება პარლამენტი, რადგან ინგლისელები, ინგლისელი დიდგვაროვნები რწმუნდებიან, რომ მხოლოდ დოკუმენტის არსებობა არ არის საკმარისი, და საჭიროა ასეთი ინსტიტუტის შექმნა. თუ არ ვცდები, 1258 წელს ყალიბდება ინგლისის პარლამენტი11, რომელიც ხდება უკვე, აი ამ Magna Carta-ში დეკლარირებული თავისუფლების დაცვის გარანტი. აი, მე მინდა წარმოიდგინოთ თქვენ ერთი წუთით თქვენი თავი მეცამეტე საუკუნის დასაწყისის ინგლისელებად, და განიცადოთ, რამდენად რევოლუციური იყო ეს ცვლილება. დავუშვათ, თქვენ თუ ხართ მიწის მესაკუთრე, თქვენ გაგიჩნდათ იმის გარანტირებული უფლება, რომ ის საკუთრება, რომელიც თქვენ შეიძინეთ თქვენი ცხოვრების განმავლობაში, ხელუხლებელი იქნებოდა. უფრო მეტიც : აი, პარლამენტის გაჩენასთან ერთად, ერთ-ერთი უფლება, რომელიც მიიღო პარლამენტმა, ეს გახლდათ გადასახადების დაწესება. საერთოდ, პარლამენტარიზმის ისტორიას ჩვენ მომავალშიც მივუბრუნდებით. საინტერესოა ის, რომ პარლამენტები, ანუ წარმომადგენლობითი ორგანოები, გაჩენის მომენტიდან არის ის ორგანოები, რომელთა უმთავრესი და უპირველესი ფუნქცია არის სწორედ, ასე ვთქვათ, აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობა, მაგალითად, მონარქიასთან ერთად გაიზარდოს კომპენტენცია გადასახადის დაწესებაზე. ეს ძალიან სათუთი თემაა, გადასახადის თემა, იმიტომ რომ ეს ეხება იმას, რომ, აი, მე, მოქალაქე, უნდა მაიძულო, რომ რაღაცა თანხა მუდმივად გაძლიო იმისთვის, რომ ხელისუფლებამ შეინახოს თავისი თავი. ამდენად, ინგლისმა შექმნა იმის გამოცდილება,რასაც ქვია კონსტიტუციონალიზმი. კონსტიტუციონალიზმი კი – პირველი შეხვედრის დროსაც გითხარით, – არ არის ის, რომ შენ დაწერო კონსტიტუცია. ძალიან ბევრი ქვეყანა არის დღესაც, სადაც არსებობს კონსტიტუციები და, სხვათა შორის, ჩვენც ვცხოვრობდით ასეთ ქვეყანაში სამოცდაათი წლის განმავლობაში, და საბჭოთა კონსტიტუცია იყო მსოფლიოში საუკეთესო კონსტიტუცია. მაგრამ საბჭოთა კავშირში კონსტიტუციის არსებობა არანაირად არ ქმნიდა იმის პირობას, რომ ეარსება კონსტიტუციონალიზმს. კონსტიტუციონალიზმი არის ისეთი მდგომარეობა საზოგადოებისა, როდესაც არსებობს აღიარებული წესი, აღიარებული პრინციპი, რომლის დაცვაც სავალდებულო ხდება აბსოლიტურად ყველასთვის, და არავის, არავის არ შეუძლია – არც მონარქს, არც თვითმპყრობელს, მისი შეცვლა, თუ არა ყველა სათანადო პროცედურის გავლის გზით. აი, ასე, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ეს ყველაზე სრულფასოვნად ყალიბდება ინგლისში, თუმცა ამის პარალელურად ეს იქმნება სკანდინავიის ქვეყნებში – ეგრეთ წოდებული დინგების სახით. აი, დანიის დღევანდელ პარლამენტს ჰქვია ფოლკენდინგი, და ალდინგი – ისლანდიაში, თუ არ ვცდები, და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებს, სხვათა შორის, იქაც საკმაოდ დიდი უფლებები აქვთ, ისევე როგორც გენერალურ შტატებს საფრანგეთში, მაგრამ ყველაზე სრულფასოვნად ეს ყალიბდება ინგლისში. საინტერესოა ასეთი ისტორიული ექსკურსი, თუ დღევანდელი ქართული რეალობებიდან ძალიან დისტანცირებულად გრძნოთ თავს ? – ნელ-ნელა ვუახლოვდებით. შედარების საშუალება გვექნება. მე მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ აი, იმ მომენტის შესახებ, რაკი აქ ბრძანდებით ადამიანები, ვინც დაინტერესებული ხართ პოლიტიკით, იმით, თუ როგორ ჩნდება პოლიტიკის თანამედროვე გაგება, და ესეც ხდება სადღაც მეთხუთმეტე – მეთექვსმეტე საუკუნეებში იმის პარალელურად, რომ ევროპაში იწყებენ ჩამოყალიბებას პირველი ეროვნული სახელმწიფოები – ნაციონალური სახელმწიფოები. აი, ისეთი ტიპის პირველი სახელმწიფოები, რომლებიც შეგვიძლია შევადაროთ დღევანდელ ჩვენს სახელმწიფოებს, როგორ ფიქრობთ, სად გაჩნდა ევროპაში ? ეს გახლავთ იტალიური – ვენეციის, ფლორენციის, ბოლონიის და სხვა რესპუბლიკები, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის ის ადგილი ევროპაში, სადაც ყველაზე სწრაფად აუღეს ალღო კომერციას, სადაც შექმნეს მმართველობის არადესპოტური ფორმები და ჩამოყალიბდა ერთგვარი რესპუბლიკები, და ყველაზე ძლიერი მათ შორის იყო ვენეციის რესპუბლიკა. და გასაკვირი არ არის, რომ სწორედ, აი, ამ იტალიური მეთხუთმეტემეთექსვმეტე საუკუნეების რესპუბლიკების წიაღში ჩნდება სრულიად ახალი კონცეფცია იმისა, თუ რა არის პოლიტიკა და რას უნდა ემსახურებოდეს მმართველი, ანუ პოლიტიკოსი. და ეს აღიწერა იმ ნაშრომში, რომელსაც ჰქვია ,,მთავარი“ – “Il principe’’, და რომელიც დაწერა ნიკოლო მაკიაველიმ. ხშირია მაკიაველიზე წარმოდგენა, და თქვენ ასე არ უნდა ფიქრობდეთ, თითქოს მაკიაველი ეს არის ვერაგული პოლიტიკის აპოლოგეტი. რეალურად მაკიაველი არის პირველი ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ომები სხვადასხვა ქვეყნებს, სამთავროებს შორის იმის გამო კი არ უნდა ხდებოდეს, რომ ვიღაცას ვიღაცის ბიძაშვილის მოყვანა უნდა ცოლად და არ მოაყვანინეს, და ეს არ უნდა ხდებოდეს იმის გამო, რომ, უბრალოდ, ვიღაცას უნდა შეიჭრას ერთ ადგილას, აიღოს ნადავლი, გამოვარდეს და ა. შ. მაკიაველიმ პირველმა ჩამოაყალიბა ის გაგება, რომ პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს პრაგმატულ-რეალისტური მიზნების მიღწევას. თუ გნებავთ, მაკიაველი არის პირველი, ან ერთ-ერთი პირველი, ვინც ქმნის ნაციონალური ინტერესების გაგებას, რომელიც შემდეგ და შემდეგ ვითარდება. ნაციონალური ინტერესების კონცეფციას ჩვენ შემდეგ დავუბრუნდებით, დღეს არა, მაგრამ ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე, და ეს ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური იდეაა იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ რა არის სახელმწიფო. პირველად ამ იდეას ეხება სწორედ მაკიაველი. მართლაც, არაჩვეულებრივად ლამაზად საუბრობს იგი თავის ნაშრომში ,,მთავარი“, რომელიც მან მისწერა თავის პრინცს, რომლისგანაც, სხვათაშორის, როგორც პოლიტიკოსი, საკმაოდ დაჩაგრული იყო. თავად მაკიაველი საშუალო ფენიდან იყო და არცთუ ისე წარმატებული პიროვნება გახლდათ. მაკიაველის კონცეფციის ერთ-ერთი საფუძველი არის ის სიტყვები, რომ პოლიტიკოსი უნდა შეფასდეს შედეგებით, და არა მისი სურვილებით; არა მისი სენტიმენტებით, არამედ იმ შედეგებით, რომლებსაც ის აღწევს. იცით, ამით ის ერთგვარად უპირისპირდება იმ კლერიკალური აზროვნების ტრადიციას, რომელიც სავალდებულოდ ინერგებოდა კათოლიკური ეკლესიისა და, საერთოდ, რელიგიური მმართველობის მიერ : რომ აი, პოლიტიკოსის მიზანი არის, რომ იქ წავიდეს, დაიპყროს მიწა, მერე დაბრუნდეს და მთავარი ისაა, რომ მან იმოღვაწეოს სულ იმისათვის, რომ იყოს იმ ჩარჩოში, რომელსაც დედა-ეკლესია ქმნის. მაკიაველი ამბობს, რომ არა, ეს არ არის პოლიტიკოსის დანიშნულება. მისი დანიშნულება არის ის, რომ იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც მას ხელთ უპყრია, მიაღწიოს იმ შედეგებს, რომელთა მიხედვითაც იქნება ის დაფასებული. ასე რომ, მე გთხოვთ, თქვენ გაითვალისწინოთ, რომ პოლიტიკის თანამედროვე გაგება, რომელიც შემდეგ ბევრჯერ დაიხვეწა და ამ დახვეწას და მის ცვლილებებსაც ჩვენ დავუბრუნდებით აუცილებლად, სათავეს იღებს მაკიაველის ,,მთავრიდან“ . ახლა მე მინდა დავუბრუნდეთ ისევ ინგლისსა და იმ დისკუსიას, რომელიც პარალერულად მიმდინარეობს ამ ხელისუფლების ღვთიური ბუნების გაგების უარსაყოფად. ყველა დიდი იდეის დამკვიდრება ხდება სრულიად კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში. აი შეუძლებელია, რომ გამოჩნდეს ვიღაცა წინასწარმეტყველი, რომელიც რაღაცას იქადაგებს, და თუ საზოგადოებისთვის ეს არ არის აქტუალური თემა, რაღაცის გამო მოიკიდოს ფეხი. დავუბრუნდეთ ინგლისს, სადაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა ის იდეები, რომლებიც ასულდგმულებდა ფრანგ განმანათლებლებს, ამერიკის დამფუძნებელ მამებს. ინგლისში მეჩვიდმეტე საუკუნე ძალიან მღელვარე იყო : ხან მეფეები ცდილობდნენ პარლამენტისთვის უფლებების წართმევას და ხან ხალხი, რომელიც პარლამენტის მხარდასაჭერად ცდილობდა მეფისათვის უფლებების ჩამორთმევას. პარლამენტი რომ შეიქმნა 1258 წელს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის იმის შემდეგ, აი როგორც დღეს, რეგულარულად იკრიბებოდა – იყო პერიოდები, როდესაც წლებისა და წლების განმავლობაში არ აძლევდნენ პარლამენტის წევრებს გასაქანს, იჭერდნენ, თემთა პალატის წევრები იქნებოდნენ, თუ ლორდთა პალატისა. შლიდნენ პარლამენტს და სხვა და სხვა. სადღაც მეჩვიდმეტე საუკუნის ოციანი წლების დასაწყისში ჩარლზ I-მა დაითხოვა პარლამენტი, რამაც საშინელი მღელვარება გამოიწვია. დიდი ძალისხმევის შედეგად შეიკრიბა ახალი პარლამენტი. მან მიიღო დოკუმენტი, რომელსაც ერქვა ,,პეტიციის უფლება“12. ის განამტკიცებდა Magna Carta-ში ჩამოყალიბებულ პრინციპებს. ფორმულირება იმისა, რომ კანონი თვით კანონმდებელზე მაღლა დგას, და ასევე მეფეზე მაღლაც, აქ პირველად ჩნდება. კანონი შეიძლება იყოს ცუდი ან კარგი, მაგრამ ის მაინც ყველა კანონმდებელზე მაღლა დგას. ეს არის კონსტიტუციონალიზმის ბუნება. – კანონის ხელმწიფება და არა პარლამენტისა – Rule of law and not of men. დაახლოებით ორმოციორმოცდაათი წლის მანძილზე გრძელდებოდა დაპირისპირებები მეფესა და პარლამენტს შორის. მეჩვიდმეტე საუკუნის ორმოციან წლებში პარლამენტი ისე გაძლიერდა, რომ საბრალო ჩარლზ I-ს თავი მოჰკვეთეს. და ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება ინგლისში მომძლავრებული საშუალო კლასის ინტერესების დაცვას. ამას მოჰყვა კრომველის რევოლუცია, როცა გენერალმა კრომველმა საერთოდ გააუქმა მონარქია. შემდეგ ამას მოჰყვა კრომველის დამხობა. მოდის ჯეიმს II, რომელიც ცდილობს, რომ მონარქიის სასარგებლოდ მოახდინოს ბალანსის გადმოწევა, რაც მთავრდება იმით, რომ 1688 წელს ჩამოდის ვილჰელმ მესამე ორანელი და საბოლოოდ ინგლისში ფუძნდება კონსტიტუციური მონარქია იმ სახით, რა სახითაც ის დღემდე არსებობს. ეს პერიოდი ხასიათდებოდა გაუთავებელი ომებით, დაპირისპირებებით, სრული ქაოსითა და განუკითხაობით. არ არსებობდა სისტემა რომელსაც საზოგადოების სტაბილურობა დაეფუძნებოდა; არ არსებობდა ერთი გაბატონებული იდეა. ეს გახლდათ კალეიდოსკოპური ცვლილებების პერიოდი. აი, ამ მომენტში იქ იწყება, ასე ვთქვათ, ანარქია, სხვათა შორის, საკმაოდ შემზარავი რამ. როგორც ყველა საზოგადოებაში, იქაც საზოგადოება იყოფა როიალისტებად და პარლამენტის მხარდამჭერებად. და ერთ-ერთი როიალისტი იყო ჰობზი, რომელმაც შექმნა თანამედროვე პოლიტიკური თეორიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი, რომელსაც ჰქვია ,,ლევიათანი“, სადაც იგი საოცრად ზუსტად აყალიბებს იმ თეორიას, თუ რა არის სუვერენის ფენომენი, ხელისუფლებისა და მმართველის ფენომენი. აი, ჰობზი, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა როიალისტების მხარეს. ის გაჰყვა ჯეიმს II-ს საფრანგეთში, ემიგრაციაში და იქ დაყო ათი წელი. ჰობზი უბედური იყო, რადგან მას თვალწინ დაემსხვრა მისი იდეალი – მონარქია. ის თვლიდა, რომ მთელმა ქარტეხილებმა მის ზურგზე გადაიარა. იმჟამინდელ ევროპაში ძალიან ბევრი ფილოსოფოსი და მოაზროვნეა, მაგალითად სპინოზა. ამ გარემოში ჰობზი ფიქრობს ბუნებითი უფლებების თეორიაზე და აყალიბებს მწყობრ შეხედულებებს, რომლებსაც ძალიან მოკლედ გადმოგცემთ : ჰობზის ნაშრომი ,,ლევიათანი“ ითვლება არა მხოლოდ ინგლისური, არამედ საერთოდ დასავლეთ ევროპის აზროვნების ერთ-ერთ უბრწყინვალეს ნიმუშად. ეს არის საოცრად მწყობრი, ნათლად ჩამოყალიბებული ერთობლიობა ბუნებითი უფლებების თეორიის შესახებ. რა არის ბუნებითი უფლებების თეორია? მისი საფუძველია ის, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორი უფლებებით, რომლებიც მას დაბადებიდანვე ეძლევა – სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და თავისუფლების უფლებები. ადამიანი გაჩენისთანავე იღებს ამ უფლებებს და ამიტომ ეწოდება მათ ბუნებითი უფლებები. არა აქვს მნიშვნელობა, სად გაჩნდი, რომელი წოდებისა ხარ, ეს უფლებები არის ის, რასაც დღეს, სხვათა შორის, ადამიანის ფუძემდებლური უფლებები ქვია. აი, აქ ხდება პირველად იმის დაფიქსირება, რომ არცეთ ადამიანს, არცეთ მონარქს არა აქვს იმისი უფლება, რომ შეგზღუდოს იმაში, რაც შენ მოგცა ღმერთმა, როდესაც ჩაგბერა სული და გაგაჩინა ადამიანად. ეს ძალიან, ასე ვთქვათ, სწორხაზოვნად და ძალიან გამარტივებულად გადმოგცემთ ამ შეხედულებებს. – ხომ არ დაიღალეთ? დაიღალეთ? ცოტა ხანიც გაუძელით. მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა, რომ არსებობს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანს აქვს თავისი ბუნებითი უფლება. ეგრეთ წოდებული ბუნებითი სახელმწიფო. ბუნებით უფლებებს ინგლისურად ჰქვია Rights of Nature და ბუნებით სახელმწიფოს ჰქვია State of Nature. რა არის ბუნებითი სახელმწიფო? ეს არის ის სახელმწიფო, სადაც არ გვაქვს ხელისუფლება და სადაც ყველა ადამიანი სარგებლობს, აი, ამ საკუთრების, თავისუფლებისა და სხვა უფლებებით. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ხდება ასეთ სახელმწიფოში. ხდება ის, რომ ჩემი და შენი საკუთრების უფლება რაღაც მომენტში ერთმანეთს რომ შეეჯახება და უნდა გამოჩნდეს, არსებობდეს ვიღაცა არბიტრი, რომელიც იტყვის რა არის სამართლიანი, და მოაწესრიგებს ამ გაუთავებელ კომფლიქტებს, დაგვიცავს ჩვენ იმისაგან, რომ არ შეიქმნას ანარქია. და მე იმიტომ გითხარით, ჰობზი რა მომენტში არსებობდა და რომელ გარემოცვაში იყო. ეს იყო კაცი, შეძრწუნებული იმ ანარქიით, იმ სისხლით, უბედურებით, სამოქალაქო ომით, რომელიც ინგლისში ტრიალებდა. ეს იყო მისი პასუხი ამ ანარქიაზე, და აი, ამ დროს ჰობზი ამბობს, რომ სწორედ იმიტომ არსებობს სუვერენი. სუვერენი, რომელსაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს ბუნებრივ უფლებებს და რომელსაც აქვს უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. მე ჩემი თავისუფლების ნაწილს ვთმობ, რომ ვიყო დაცული – თავისუფლების ნაწილს უსაფრთხოებისა და დაცულობის სანაცვლოდ. ასეთი სოციალური კონტაქტის შედეგად – ეს ჰობზის ტერმინია და მას ხმარობს სპინოზა, ლოკი, რუსო – ჰობზის მიხედვით, ვქმნით სუვერენს, მმართველს. ჰობზი ამ თეორიით უპირისპირდება ღვთიური ბუნების თეორიას და საბოლოოდ ადასტურებს, რომ ხელისუფლება არის არა ღვთიური ბუნების, არამედ – ადამიანურისა. ადამიანები თავად ქმნიან ამ ხელისუფლებას, მაგრამ ჰობზი თვლის, რომ სუვერენი, პრაქტიკულად, უნდა იყოს შეუზღუდავი. ის ჩარჩოებსა და შეზღუდვებში არ უნდა ჯდებოდეს. ის მხოლოდ მორალური მოსაზრებებით უნდა ხელმძღვანელობდეს. ის ისედაც უნდა იყოს დაინტერესებული, რომ მისმა ქვეშევრდომებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. ჰობზი ამბობს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სუვერენის მიმართ, ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ჩვენი პრინციპებიდან. ესე იგი, სუვერენი არის ადამიანების მიერ იმ მიზნით შექმნილი ხელისუფალი, რომ მან უზრუნველყოს თითოეული ადამიანის უფლება და, ამავე დროს, ის, რომ ამ უფლებების განხორციელებისას არ შეილახოს სხვა ადამიანის უფლებები. ამისთვის იგი სარგებლობს შეუზღუდავი უფლებებით. მმართველი რაიმე დაწერილი კანონებით კი არა, ზნეობრივი პრინციპებითაა შეზღუდული. ჰობზი არის აპოლოგეტი ისეთი ძლიერი მონარქიული წყობილოებისა, რომელსაც ერთადერთი შეზღუდვა აქვს – არ უნდა ხელყოს არც ერთი ადამიანის ბუნებითი უფლებები. და აქ, სხვათა შორის, გამოკვეთილია ის იდეები, რომლებიც თავის დროზე ნაწილობრივ მაგნა კარტაში იყო ჩამოყალიბებული და სათავეს იღებს მეცამეტე საუკუნიდან, თომა აკვინელთან, რომელიც პირველად ახსენებს იმ უფლებებს. ერთ თხუტმეტ წუთს გაძლებთ კიდევ? ძალიან საინტერესო მომენტს ვუახლოვდებით. აი, ვუახლოვდებით იმ მომენტს, როდესაც ჩნდება ლოკის ოპონენტი, ბოდიში, ჰობზის ოპონენტი სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ. მეორე ძალიან დიდი მოღვაწე – ლოკი არის ჰობზის საწინააღმდეგო ბანაკის წარმომადგენელი. ის იყო ლიბერალების მხარეს. სხვათა შორის, ის მონაწილეობს, აი ეგრეთ წოდებულ Glorious Revolution-ში, დიდებულ რევოლუციაში, რომელიც ხდება 1688 წელს და სრულდება იმით, რომ ვილჰელმ ორანელი, რომელიც შემდეგ ბატონობს ინგლისში ვილჰელმ III-ის სახელით, შემოდის ნიდერლანდიდან ინგლისში და საბოლოოდ ამყარებს კონსტიტუციურ მონარქიას. ეს გახლავთ სწორედ ვილჰელმ ორანელის დროს. ის ბრუნდება და ეს მისი მოღვაწეობა სრულდება იმით, რაც ყველაზე ღირშესანიშნავია, იმით, რომ 1689 წელს ინგლისში ხელმოწერილია ის დოკუმენტი, რომელიც, აი, მართლა გახდა სახელმძღვანელო ამერიკელებისთვის, როდესაც ისინი წერდნენ კონსტიტუციას, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა დიდი ფრანგული რევოლუციის წამომწყებებზე და სხვა. ეს არის ,, Bill of Rights*“ -,,უფლებათა ბილი“, რომლის თანახმადაც, მაგალითად, მეფეს აღარ აქვს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი თავად პარლამენტის თანხმობის გარეშე. არა აქვს უფლება, თუნდაც ერთი წლით შემოიღოს რაიმე გადასახადი პარლამენტის თანხმობის გარეშე, და უამისოდ არ ძალუძს მრავალი, მრავალი სხვა საკითხის გადაწყვეტა. ვთქვათ, პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას სამეფო მემკვიდრეობის საკითხებზე, და სხვა და სხვა. პარლამენტარიზმი და კონსტიტუციონალიზმი ინგლისში საბოლოოდ ფუძნდება, და ამის შემდეგ ზოგიერთი მეფე მართლა ცდილობდა ამის შეცვლას, მაგრამ ყოველთვის წარუმატებლად, იმიტომ რომ Bill of Rights-მა საბოლოოდ აბსოლიტურად დააფუძნა კონსტიტუციური მონარქია ინგლისში. აი, სწორედ ვილჰელმ ორანელის მხარეს გახლავთ ჯონ ლოკი. ისიც იყო ემიგრაციაში. აი, ამ არეულობის დროს, მონარქისტული რევანშის წლებში, მიდის ჰოლანდიაში და შემდეგ იქ გაიცნობს ამ ვილჰელმ ორანელს. მასთან რამე ძალიან ახლო ურთიერთობები არა აქვს, არც განსაკუთრებულად წარმატებული პოლიტიკოსი არ იყო. ექიმი იყო, სხვათა შორის, საწყისი განათლებით…. მასთან ერთად ბრუნდება ინგლისში და ქმნის თავის თეორიას, თავისი ,,ბუნებითი უფლებების“ ფილოსოფიას, რომლის საწყისი ჟღერს დაახლოებით ისევე, როგორც ჰობზის შეხედულებები. და მოდი, აი, ამაზე ვისაუბროთ და პრაქტიკულად ამით დავასრულებთ დღევანდელ ჩვენს ლექციას. ისევ წარმოვიდგინოთ, რომ არის, აი ეს საკლასო ოთახი, არის რაღაცა სახელმწიფო, რომელიც უფრო ვრცელია, და ყველანი ჩვენ ერთად აღმოვჩნდით. თითოეული ჩვენგანი აღჭურვილია ამ ბუნებითი უფლებით, და არაგვყავს არანაირი ხელისუფლება, არანაირი ხელისუფლება არ გვყავს. ყველანი ვარსებობთ, ყველას გვინდა, ასე ვთქვათ, რაღაც ქონება, რაღაც კეთილდღეობა, რაღაც წარმატება. ახლა, ბუნებრივია, არსებობს ასევე განსხვავებები ადამიანებს შორის. ვიღაცა უფრო ძლიერია, ვიღაცა უფრო სუსტია, ძლიერი ცდილობს სუსტი დაჩაგროს. შემდეგ ერთი, მეორე, მესამე. სუსტი ხედავს, რომ, ვაააა…. ეს ჩვენ გვჩაგრავს, მოდი, _______________________________ *ამონაწერი Bill of Rights ტექსტიდან, რომელიც აღწერს პარლამენტის მიერ მოპოვებულ უფლებებს, იხილეთ დანართი № 2. გავერთიანდეთ და არ დავაჩაგვრინოთ თავი. იქნება მუდმივი გარკვეული კონფლიქტები, ხომ ასეა, ამ ბუნებით სახელმწიფოში, და ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ შეიქმნას ხელისუფლება. სიცილი აუდიტორიაში აი, როდესაც ჩნდება იმის აუცილებლობა, რომ შეიქმნას ხელისუფლება, როგორი არის ის ხელისუფლება, რომლის შექმნასაც თქვენ, ამ ბუნებითი უფლებებით გეგმავთ? – სხვათა შორის, ჯეფერსონი დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ამ ბუნებით უფლებებს უწოდებდა ღვთისა და ბუნებისგან მოცემულ უფლებებს, რომლებსაც ვერავინ ვერ შეეხება. ესე იგი, როგორი უნდა იყოს ის ღირებულება, რომელსაც შექმნის ეს ბუნებითი სახელმწიფო? როგორი უნდა იყოს? წარმომადგენლობითიუნდა იყოს თუ არა? რისკენ უნდა იყოს მიმართული ამ ხელისუფლების ინტერესი ? იმისკენ, რომ აიშენოს საირმის გორაზე აგარაკები და ვილები? იქითკენ, რომ განამტკიცოს თავისი, ამ ხელისუფლების წევრების, ასე ვთქვათ, კეთილდღეობა და ინტერესები და სხვა?ეს უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი, ამ ბუნებითი სახელმწიფოს წევრების მონაწილეების საერთო ინტერესებზე ზრუნავს. ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ ხელისუფლების შექმნის პროცესში შემოაქვს ლოკს – ეს არის თანხმობის მომენტი, ხელისუფლება იქმნება თანხმობით. არა ძალით, არა, ასე ვთქვათ, იარაღის ძალით, დაპყრობის ძალით, მემკვიდრეობის ძალით ვიღაცის ბებია ან ბაბუა აქ იყო ხელისუფალი და ა.შ. გაყალბებით?გაყალბებით კი არა, ბატონო, არამედ თანხმობით. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც ხელისუფლების გენეზისში დააფიქსირა ლოკმა. კითხვაზე, თუ როგორ უნდა ავარიდოთ თავი კონფლიქტს, ლოკი, ჰობზისგან განსხვავებით, სულ სხვაგვარ პასუხს იძლევა. ის თვლის, რომ სუვერენი კი არა, საზოგადოებრივი თანხმობის შედეგად შექმნილი მმართველობაა საჭირო. საზოგადოებრივი თანხმობა ჰქმნის ხელისუფლებას სრულიად კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად. ხელისუფლებას დასახული აქვს კონკრეტული ამოცანები. მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი სიკეთე – აქ ამოტივტივდა ბერძნული პოლისების ძალზე მნიშვნელოვანი ტერმინი. ხელისუფლების ძირითადი ამოცანა ზუსტად ესაა. ე.ი. მე ჩემი სუვერენობის – თავისუფლების ბუნებითი უფლების ნაწილს ვაძლევ ამ თანხმობით შექმნილ ხელისუფლებას მხოლოდ იმ პირობით, რომ მან უზრუნველყოს საზოგადოებრივი სიკეთის მართვა. და უფრო მეტიც, ლოკი ამბობს, რომ, თუკი ხელისუფლება გადაუხვევს იმ ამოცანებს, იმ მიზნებს, რომელთა გამოც ის შექმნა ამ ბუნებითმა საზოგადოებამ და ბუნებითმა სახელმწიფომ, მაშინ ხალხს აქვს უფლება, რომ ის დაამხოს აჯანყების გზით. ის ახდენს აჯანყების, რევოლუციის ლეგიტიმაციას, გამართლებას.თუმცა, სხვათა შორის, წერს, რომ აქ არ არის ლაპარაკი დროებით მისმენეჯმენტზე, დავუშვათ, რაღაც პრობლემებზე. თუკი ხელისუფლება მუდმივად არღვევს ბუნებით უფლებებს, მაშინ ხალხს აქვს უფლება, რომ აჯანყდეს და დაამხოს იგი. მკაცრად შეზღუდული ხელისუფლება – აი ეს არის დემოკრატიის თანამედროვე გაგების ძირითადი განმსაზღვრელი იდეა. აქედან გამომდინარე, ჯონ ლოკი ითვლება მთავარ იდეოლოგად, რომელმაც პრაქტიკულად უაღრესად პრინციპული დებულებები ჩამოაყალიბა, ვიდრე სხვა ნებისმიერმა მოაზროვნემ. ჰობზი თვლის, რომ ნებისმიერი უსასტიკესი, უსამართლო მმართველობა უკეთესია ბუნებით სახელმწიფოზე, სადაც არ არის მმართველობა. ლოკი თვლის, რომ ბუნებითი სახელმწიფო ბევრად უკეთესია, ვიდრე ცუდი მმართველობა. ის სათავეში რეალურად აყენებს ბუნებით უფლებას. ეს არის იმ იდეების გადამღერება, რასაც ქრისტიანული ზნეობის იდეები ჰქვია. ჩვიდმეტი საუკუნე დასჭირდა იმას, რომ ქრისტიანული დოქტრინა, ქრისტიანული შეხედულებები სამყაროზე ასე დახვეწილად გამოთქმულიყო პოლიტიკური თეორიის ენაზე. აი ლოკის ეს ფილოსოფია და ხედვა დაედო უშუალო საფუძვლად ამერიკის შეერთებული შტატების დაფუძნებას. ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა ის აიღეს მართლაც როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი, და, თქვენ ის რომ წაიკითხოთ, და აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, – დღეს მინდა ეს გთხოვოთ, – დამოუკიდებლობის დეკლარაცია* – შეერთებული შტატების 1776 წლის – და ამერიკის კონსტიტუციის პრეამბულა13, რომელიც მიღებული იყო 1787 წელს. თქვენ დაინახავთ, რომ მთელი ის იდეები აღებულია უშუალოდ სწორედ ჯონ ლოკის აი ამ შეხედულებათა არსენალიდან, და მას ეფუძნება. მე მინდა ესეც წარმოიდგინოთ, რომ სინამდვილეში, პრაქტიკულად, ნაწილობრივ შეერთებული შტატების გარდა, რა თქმა უნდა, არ არსებობს საზოგადოება და არ არსებობს სახელმწიფო, რომელიც შეიქმნებოდა ასეთი გზით : რომ გაჩნდნენ ადამიანები, დასხდნენ და თქვან, რომ,აი, მოდი, ჩვენ ახლა ხელისუფლება გვინდა, და აირჩიეს ეს ხელისუფლება და ა.შ. ყველა ერს, ყველა ხალხს, ყველა დემოკრატიას აქვს თავისი განვითარების ისტორია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ თქვენს თავში გაგეთამაშებინათ აი ეს პატარა მოდელი იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ, როგორ უნდა იყოს გაგებული ხელისუფლების წარმოქმნა, მისი ფუნქცია, მისი ამოცანები და მისი ბუნება თანამედროვე დემოკრატიის პირობებში. __________________________ *დამოუკიდებლობის დეკლარაცია, ამონაწერი, იხილეთ დანართი № 3 ამ საკითხთან დაკავშირებით, აგრეთვე იხილეთ ამერიკის კონსტიტუციის პირველი ათი შესწორება, ასევე ცნობილი ,,უფლებათა ბილად“ – ’’Bill of Rights”: “Bill of Rights”, იხილეთ დანართი № 4 აი, ამიტომ მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ ეს მოდელი, რომელზეც გესაუბრეთ, ლოკის ბუნებითი სახელმწიფოს, და იქიდან გამომდინარე, ხელისუფლების, სამართლიანი ხელისუფლების შექმნის მოდელი გაათამაშოთ თქვენს თავში. ესე იგი, შეერთებულ შტატებში ხდება ამ იდეის იმპორტირება, მაგრამ ასევე შეერთებული შტატების დაფუძნების მომენტში ამას თან სდევს კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ, აი, ჯეფერსონს, მედისონს და სხვა დამფუძნებელ მამებს, ჯორჯ მეისონს და სხვებს, როდესაც წერდნენ, საუბრობდნენ, ფიქრობდნენ თავისი ახალი ქვეყნის შექმნაზე, სულ თვალწინ ედგათ რომაული რესპუბლიკა და ძალიან უყვარდათ, რომ შეედარებინათ თავისი თავი რომაელებისათვის, ძველი რომაელებისათვის. ძალიან სასაცილოა, – ვაშინგტონში ვინც ყოფილხართ, – სხვათა შორის, ეს არქიტექტურასაც ეტყობა, – ნახავდით, რომ ამერიკელებს რომაულ-ბერძნული ეს პომპეზურობა ძალიან უყვართ და რატომ, იცით? იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, რომაელების სიძლიერე ის იყო, რომ მათი საზოგადოება სამოქალაქო ღირსებას ეფუძნებოდა. თითოეულ მოქალაქეს ჰქონდა ამ ღირსების განცდა, იყვნენ პოლიტიკოსები, იყვნენ მზად, რომ რაღაცა გაეღოთ საზოგადოებისათვის და საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის. ესმოდათ, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობის გარეშე არ არსებობს საზოგადოების ცალკეული წევრის კეთილდღეობა. და სწორედ ამიტომ მათთვის სამოქალაქო ღირსება იყო ამოსავალი კონცეფცია, როდესაც აფუძნებდნენ თავიანთ ქვეყანას და თავიანთ დემოკრატიას. ისინი ამბობდნენ, რომ, აი, ხელისუფლება, რომელსაც ჩვენ ვქმნით აბსოლიტურად ლოკის თეორიის თანახმად, უნდა შეიქმნას ჩვენი თანხმობით. ძალიან საინტერესო ტექნოლოგია აქვს, სხვათა შორის, მედისონს, რომელიც ამბობს, რომ ძველი ბერძნული დემოკრატიები იყო დემოკრატიები, სადაც მთელი ხალხი იკრიბებოდა ხოლმე მთავარ მოედანზე, დასხდებოდნენ და იღებდნენ გადაწყვეტილებებს. სხვათა შორის, ამას მონტესკიეც ამბობდა და ზოგიერთი სხვა ფილოსოფოსიც იმ დროს, რომ დემოკრატია შეიძლება იყოს ძალიან პატარა საზოგადოებაში იმიტომ, რომ დიდში, გადაწყვეტილებების მიღებაში, აბა, ყველა როგორ მიიღებს მონაწილეობასო? და მედისონმა შექმნა სწორედ ტერმინი – რესპუბლიკა*, რომელიც არის დიდი დემოკრატია და რომელშიც – ვინაიდან ყველა ადამიანი ერთად ვეღარ შეიკრიბება – ჩნდება წარმომადგენლობების სისტემა. და ის უწოდებს ამერიკას წარმომადგენლობით რესპუბლიკას – Representative Republik; ისინი ყველა საოცარი რესპუბლიკები იყვნენ. მედისონი ამბობდა, რომ ხალხის რაც შეიძლება ფართო ნაწილი, და არა ხალხის რაღაც ჯგუფები, ირჩევენ წარმომადგენლებს, და ეს წარმომადგენლები უკვე ________________________ *იგულისხმება, რომ მედისონმა შემოიტანა რესპუბლიკის, როგორც არჩევითი დემოკრატიის კონტექსტი, ამონაწერი მედისონის წერილიდან, იხილეთ დანართი № 5 მართავენ და იღებენ გადაწყვეტილებებს ხალხის სახელით. მე ახლა ვფიქრობ, მონტესკიეს მოინელებენ თუ არა – თქვენ ამაზე ნუ იდარდებთაი, ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ხელისუფლება რომელიც იქმნება ბუნებითი უფლებებით აღჭურვილ საზოგადოებაში, უნდა იყოს იმგვარი, რომ მან, ასე ვთქვათ, არ უნდა აიღოს თავის ხელში ისეთი ძალაუფლება, რომ დაიწყოს ამ ბუნებითი უფლებების შელახვა და შეზღუდვა. როგორ უნდა შეიქმნას ასეთი ხელისუფლება ? სხვათა შორის, აბრაამ ლინკოლნს აქვს ასეთი ფორმულა, რომ ნებისმიერი ხელისუფალი ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოიპოვოს. ეს ადამიანის ბუნებაშია. აი, სწორედ რომ თავიდანვე დავიზღვიოთ თავი იმისაგან, რომ ხელისუფლებაში მყოფმა პირმა ან ჯგუფმა არ აიღოს ზედმეტი ძალაუფლება ხელში, ჩნდება ხელისუფლებათა განაწილების თეორია. და დღეს ითვლება, რომ ყველაზე ზუსტად, ყველაზე დახვეწილად ეს ხელისუფლებათა დანაწილების თეორია ჩამოაყალიბა მონტესკიემ თავის ნაშრომში, რომელსაც ,,კანონთა სულის შესახებ“ ჰქვია. ის საერთოდ არის ასეთი შედარებითი იურისპრუდენციის დამფუძნებელი. მონტესკიე ამბობდა, რომ მთავარი ის კი არ არის, კანონი როგორ არის დაწერილი; მთავარი ის არის, რა სული არის იქ ჩადებულიო. ეს, სხვათა შორის, დღემდე ძალიან აქტუალური დებულებაა. არ ისმის…..შესაძლებელია, გმადლობთ.მონტესკიე არის ინგლისური სისტემის აღფრთოვანებული თაყვანისმცემელი. სხვათა შორის, ის თვლიდა, რომ იმჟამინდელ ინგლისში არსებული სისტემა ყველაზე სრულყოფილი იყო და იგი ყველაზე ახლოს იდგა მის შეხედულებებთან. ისე კი, ლოკიც ლაპარაკობს, სხვათა შორის, ხელისუფლებათა დანაწილებაზე და ის ხელისუფლებას ყოფს ასეთი სახით: არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც იღებს მიმდინარე გადაწყვეტილებებს, არსებობს ფედერალური ხელისუფლება, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ომისა და ზავის შესახებ. ამას ის გამოყოფს როგორც მეორე ტიპის ხელისუფლებას; და არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც იღებს კანონებს და უნდა ამოწმებდეს, როგორ სრულდება ეს კანონები. მე იმიტომ გითხარით, რომ უნდა გესმოდეთ, რომ დაყოფა სასამართლო, უკაცრავად, საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებად, აი, ამ თანმიმდევრობით, სულაც არ იყო თავისთავადი რამ, როდესაც ადამიანები ფიქრობდნენ ხელისუფლების რაობაზე, და როდესაც იყო დაყოფა საერო და საეკლესიო ხელისუფლებებად. აი, ლოკი, ეს საოცარი მოაზროვნე და მართლაც მამა თანამედროვე დემოკრატიისა, გამოყოფს, პრაქტიკულად, ადგილობრივ, ცენტრალურ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს. და ყველაზე ზუსტად ამ კონცეფციას, ამ ტრიადას აყალიბებს მონტესკიე. და ამას პირდაპირ იღებენ სახელმძღვანელოდ, როდესაც თავისი მმართველობის, თავისი მთავრობის თარგის გამოჭრას ახდენენ ამერიკელები, იღებენ, ასე ვთქვათ, ამერიკის დამფუძნებელი მამები, და იღებენ იმისათვის, და ამას პირდაპირ აცხადებენ, რათა დაიზღვიონ თავი იმისაგან, რომ ხელისუფლების რომელიმე მონაწილე ან რომელიმე შტო გაძლიერდეს იმაზე მეტად, რაც დასაშვებია საერთო ინტერესებისათვის, საერთო კეთილდღეობისათვის და, ასე ვთქვათ, არ მოახდინოს დანარჩენი საზოგადოების უზურპაცია. შემდგომი ჩვენი საუბრების დროს ვნახავთ, დღევანდელ დღემდე რა საოცრად დაიხვეწა ხელისუფლების დანაწილების ეს სისტემა. და მთელი დღევანდელი მიდგომა ხელისუფლებისადმი მდგომარეობს იმაში, რომ, ერთის მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ხელისუფლების ეფექტურობა, მეორეს მხრივ, კი არსებობდეს აუარებელი დამბალანსებელი მექანიზმი და უწყება, აუარებელი საპირწონე, რომლებიც არ დაუშვებენ, რომ, ვთქვათ, პრეზიდენტი გახდეს უზურპატორი და შეძლოს განახორციელოს დესპოტური რეჟიმი, რომლებიც არ დაუშვებენ, ზედმეტი უფლებები აიღოს თავის თავზე პარლამენტმა. სხვათა შორის, მეთვრამეტე საუკუნის ამერიკაში, ძალიან აქტუალური იყო იმის უზრუნველყოფა, რომ სასამართლოებს არ გადაეჭარბებინათ თავიანთი უფლებებისათვის და, ასე ვთქვათ, არ დაეჩაგრათ საზოგადოება და აშ. და აშ. საბოლოოდ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისათვის იქმნება ეს Cheeks and Balance-ის თანამედროვე სისტემა, რომელიც დახუნძლულია აუარებელი სხვადასხვა მექანიზმით, და ამას ჩვენ ყველაფერს განვიხილავთ, როდესაც თანამედროვე ხელისუფლებაზე ვისაუბრებთ. აი, ასე მოდიოდა დასავლური სამყარო თანამედროვე დემოკრატიის შექმნამდე. მე მინდოდა, რომ თქვენთან ერთად გაგვევლო, აი, ეს გზა, რომლის ხანგრძლივობა იყო დაახლოებით ორი ათასი წელი, ოცდაერთი-ოცდაორი საუკუნე, დაწყებული ანტიკური საბერძნეთიდან ვიდრე ამერიკული დემოკრატიის შექმნამდე, რათა თქვენ წარმოგედგინათ გონებაში, როგორ ევოლუციას განიცდიდა კაცობრიობის აზროვნება მანამ, სანამ შექმნიდა მმართველობის ამ ფორმას, რომელიც დღეს, ეს უკვე ფაქტია, არის ყველაზე წარმატებული ფორმა – დემოკრატიული მმართველობის ფორმა. მე ამდენი იმისთვის გესაუბრეთ, რათა თქვენ კარგად წარმოიდგინოთ, რომ არსებობდა დემოკრატიის ბერძნულ-რომაული გამოცდილება და ბერძნულ-რომაული მოდელები, მაგრამ ისინი მოკლებულნი იყვნენ იმ ეთიკას, რომელსაც ქმნის იუდაურ-ქრისტიანული ტრადიცია და ქმნის ქრისტიანული მორალი და ზნეობა; როგორ ხდება ამ შუა საუკუნეების განმავლობაში აბსოლიტური ხელისუფლებისაგან ძალაუფლების მისხალ-მისხალ წართმევა და კონსტიტუციონალიზმის ჩამოყალიბება, რომელიც იწყება Magna Carta-ს პერიოდიდან; როგორ ყალიბდება ამ კონსტიტუციონალიზმის დამცველად, დარაჯად პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, და ის, რომ, რაც დაიწერა ქაღალდზე, არ რჩებოდეს ქაღალდზე. ადამიანები საბოლოოდ როგორ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლება ღვთის დასმული კი არ არის მათ სამართავად, არამედ იქმნება იმისთვის, რომ მათი ინტერესები დაიცვას. გახსოვთ, წინა შეხვედრაზეც ვსაუბრობდით, რომ ხელისუფლების უპირველესი ამოცანა არის სწორედ საზოგადოების მსახურება, და ეს არის ტოტალიტარული, დესპოტური და დემოკრატიული საზოგადოების მენტალიტეტში უმთავრესი და უპირველესი გამოცდილება. საბოლოოდ იმძლავრა იმ იდეებმა, რომლებიც სხვადასხვა ხალხებში – ფრანგებში, ინგლისელებში, რომაელებში, ბერძნებში – იხარშებოდა, იხარშებოდა, იხარშებოდა და კონკრეტულ ისტორიულ მომენტში, კონკრეტულ ისტორიულ სიტუაციაში დაფუძნდა პირველი დემოკრატია – ესაა ამერიკული დემოკრატია, რომელიც გახდა უშუალო მოდელი, თარგი და რომელიც მუშაობს დღესაც, და მას დღესაც უყურებს მთელი მსოფლიო, როგორც სწორედ თანამედროვე დემოკრატიის იმ მოდელს, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს და რომელსაც ბევრ რამეში ჩვენც ყველას გვინდა, რომ მივბაძოთ. უკანასკნელი რამ, რაც მე დღეს მინდა გითხრათ, ის არის, რომ მაშინ, როდესაც 1787 წელს მიიღეს შეერთებული შტატების კონსტიტუცია, ხოლო დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოიცა 1776 წელს, 1789 წელს მოხდა ბასტილიის აღება, საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რომელმაც ერთხელ და საბოლოოდ დაანგრია კონტინენტური ევროპის შუა საუკუნეებში ჩამოყალიბებული სისტემა. ეს იყო ის მომენტი, რომელმაც წერტილი დაუსვა აბსოლიტური მონარქიების, ასე ვთქვათ, ერას კონტინენტურ ევროპაში და რომელმაც დღის წესრიგში დააყენა საოცარი ცვლილებები. აი, ამით დასრულდა, პრაქტიკულად, საბოლოოდ შუა საუკუნეები ევროპაში და დაიწყო ის მეცხრამეტე საუკუნე, რომელსაც თავისი ინდუსტრიალიზაციითა და კაპიტალიზმის განვითარებით, თავისი ლიბერალური იდეოლოგიის შექმნით, რომელზეც ჩვენ აუცილებლად შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებთ, თავისი სრულიად ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობებით, უშუალოდ მივყავართ იმ მსოფლიოსკენ, რომელიც დღეს არსებობს. და იმ დანგრეულ, მდუღარე და მოქოთქოთე ევროპაში, სხვათა შორის, იყო ასეთი არაჩვეულებრივი ფრანგი ფილოსოფოსი ალექსის დე ტოკვილი, რომელმაც დაწერა წიგნი ,,დემოკრატია ამერიკაში“. ეს იყო დაახლოებით 1830 წელს. ევროპაში მას ჩამოაქვს ეს ზუსტი ხედვა, აღწერა ამერიკული დემოკრატიისა; და ის აღაფრთოვანებს, ასაზრდოებს ხალხებს, რომლებიც ფიქრობდნენ, დავუშვათ პოლონეთში როგორ მოეწყოთ პოლონური რესპუბლიკა, ან როგორ მოეწყოთ ბატავური რესპუბლიკა, რომელიც ფრანგების ჩარევით არსებობდა ნიდერლანდის თანამედროვე ტერიტორიაზე, და სხვა და სხვა და სხვა. ის აღაგზნებს გარიბალდისტებს იქ, იტალიაში და, სხვათა შორის, ქართველ მოღვაწეებს, პირველ ყოვლისა კი – ილია ჭავჭავაძეს. მოკლედ, ევროპაში ამერიკული იდეების იმპორტი შესაძლებელი ხდება ევროპაში ბასტილიის დაცემისა და ლუი XVI-სა და მისი ოჯახის გილიოტინირების შემდეგ, იმიტომ რომ ინგრევა ის ევროპა, რომელიც ყალიბდებოდა, ყალიბდებოდა ნელ-ნელა, მთელი ამ პოსტქრისტიანული, უკაცრავად, ქრისტიანული ეპოქების განმავლობაში, მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში, და იხსნება სივრცე ახალი იდეებისათვის. იმ იდეებისათვის – რომლებიც დღეს ჩვენ მიერ განხილულ იდეებთან ერთად უკვე საბოლოოდ განსაზღვრავს თანამედროვე დემოკრატიისა და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აი, ეს არის ის, რაც დღეს თქვენთვის მინდოდა გადმომეცა. ახლა თქვენს კითხვებს ვუსმენ. კითხვები შეიძლება ?კი, ბატონო, ჩვენ რამდენი გვაქვს დრო? კარგი იქნება, ერთ ათ წუთში თუ ჩავეტევით. მე მაინტერესებს, ძალიან ხანგრძლივი ხომ არ გამოვიდა დღევანდელი ლექცია.არა.თქვენ ხართ ბიოლოგი, თუ გაქვთ სხვა სპეციალური განათლება მიღებული ? არა, მე მხოლოდ ბიოლოგი არავარ…. მე რასაც ვაკეთებ, გეთაყვა, ყველაფერს ლაზათიანად ვაკეთებ. ნამდვილად შეუძლებელია, უნდა გითხრათ სრულიად გულწრფელად, რომ იფიქრო, რა უნდა იყოს საქართველოში და არ გქონდეს უბრალოდ წაკითხული კი არა, განცდილი, დიახ, განცდილი ყველაფერი ის, რაზეც მე გესაუბრებით დღეს. მე კიდევ გაგიმეორებთ იმას, რაც გითხარით პირველ შეხვედრაზე – მე ვერ შეგასწავლით პოლიტიკური ფილოსოფიის ისტორიას, პოლიტიკური თეორიის ისტორიას…. ეს ჩემი ამოცანა არ არის. ჩემი ამოცანა ისაა, რომ თქვენ გქონდეთ განცდა იმისა, თუ რა არის დემოკრატია, როგორ იქმნებოდა ეს ფენომენი და რამდენად მრავალფეროვანი და რთულია ის დღესაც. აი, ეს არის ჩემი ამოცანა, თორემ მე დარწმუნებული ვარ, რომ აქაც არიან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ჩემზე ბევრად უკეთ იცნობენ ამ თეორიებს, რომელიმე მათგანს ან ყველას ერთად, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლიობაში, აი ეს დინამიკა თქვენ უნდა წარმოიდგინოთ იმისათვის, რომ გესმოდეთ, თუ რა პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი საქართველო.შეიძლება…..ლოკი, სხვათა შორის, ექიმი იყო, და ის გახლდათ ერთ-ერთი გრაფის პირადი ექიმი. მერე დაიჭირეს. სხვათა შორის, ლოკი გაიქცა. მაშინაც ისე იყო, როგორც დღეს არის……ლექცია III ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ნაციონალიზმი წინა შეხვედრებზე ჩვენ გავიარეთ დაახლოებით ორიათას ორასი წელი, დაწყებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეხუთე საუკუნიდან, და მივედით ამერიკის შეერთებული შტატების ჩამოყალიბებამდე, რომელიც პრაქტიკულად ყველაზე ახლოს იდგა და ახლაც დგას ლოკისა და მისი წინამორბედების შეხედულებების განხორციელებასთან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამერიკელ დამფუძნებელ მამებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა მონტესკიემ და მისმა ხელისუფლების დანაწილების კონცეფციამ, რომელიც, უნდა ითქვას, ყოველთვის არ იყო გაგებული, როგორც დანაწილება აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებად. იგივე ლოკი გამოყოფდა ფედერალურ, აღმასრულებელ ხელისუფლებას და აღმასრულებელში იგი გულისხმობდა უფრო ადგილობრიუ ან რეგიონალურ ხელისუფლებებს და საკანონმდებლო – სასამართლო ხელისუფლებას, ცალკე არ გამოყოფდა. ამიტომ მონტესკიემ ძალიან ზუსტად ჩამოაყალიბა ის, რაც განახორციელეს ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებლებმა. მედისონმა პრაქტიკულად შემოიტანა რესპუბლიკანიზმის თანამედროვე გაგება და მან დაამკვიდრა ის იდეა, რომ არ არის აუცილებელი, დემოკრატია ხალხის უშუალო მონაწილეობით განხორციელდეს, და შემოიტანა წარმომადგენლობითობის ცნება. ჯერ კიდევ რუსო თვლიდა, რომ დემოკრატიები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ პატარა კომუნებში და ხალხს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა თითოეული გადაწყვეტილების მიღებაში. ისე რომ, უკვე ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც დიდი რესპუბლიკის, წარმოქმნასთან ერთად იწყება წარმომადგენლობითი ინსტიტუტის ჩამოყალიბება დემოკრატიის წიაღში. და წარმომადგენლობითობა ეფუძნება სწორედ ყველა მოქალაქის თანასწორ უფლებას, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი. ეს არის ახალი, და არა ფეოდალური გაგებით, წარმომადგენლობითობა, როდესაც მხოლოდ ცალკეული კასტები ან ჯგუფები ირჩევდნენ თავიანთ წარმომადგენლებს. ასე მივედით ჩვენ იქამდე, რასაც ჰქვია დემოკრატიის კონცეფცია, რომელიც პრაქტიკულად უცვლელი სახით დღესაც არსებობს. დღეს მე მსურს გესაუბროთ კიდევ სამ მნიშვნელოვან კონცეფციაზე, იმ იდეებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინეს საერთოდ თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბებაზე და რომელთა გაცნობისა და გაგების გარეშე ძალიან ძნელი იქნება გავიგოთ ის პროცესები, რომლებიც, თუნდაც დღეს, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს საქართველოში, და რომელთა გაცნობის გარეშე რთული იქნება წარმოვიდგინოთ, რა პრობლემების წინაშე დგას დღევანდელი საქართველო. ეს არის ის სამი მთავარი იდეა, რომელიც იყო აზრთა ბატონპატრონი და ადამიანებზე უდიდეს გავლენას ახდენდა მთელი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების განმავლობაში. ისინი დღესაც ძალიან აღელვებენ მათ. ეს გახლავთ ლიბერალიზმის, სოციალიზმის და ნაციონალიზმის კონცეფციები. პირველ რიგში, მოგახსენებთ ლიბერალიზმის შესახებ. როდესაც ლაპარაკია თანამედროვე დემოკრატიაზე – წარმომადგენლობითობა, პარლამენტარიზმი, კონსტიტუციონალიზმი – ეს არის გარკვეული სქემა, არქიტექტურა, მაგრამ რა იდეით არის შევსებული ეს კონსტრუქცია?! საით მოძრაობს იგი, რა ასულდგმულებს მას და რა არის ის მთავარი სულისკვეთება, რომელსაც ეს კონსტრუქცია მოძრაობაში მოიყვანს და წარმართავს საზოგადოების და მისი თითოეული წევრის კეთილდღეობის მოსაპოვებლად და მისი ინტერესების განსახორციელებლად; ეს კი ძალიან ახლოს დგას და პრაქტიკულად ეფუძნება იმ მოწინავე იდეებს, რომლებზეც წინა შეხვედრების დროს ვსაუბრობდით. როდესაც დღევანდელ დემოკრატიაზეა საუბარი, პრაქტიკულად ერთსულოვნადაა საუბარი ლიბერალურ დემოკრატიაზე, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მოხდა ამ იდეების ძირითადი ოპონენტის სრული გაცამტვერება, და უკვე პრაქტიკულად გაიგივებულია დემოკრატიისა და ლიბერალიზმის კონცეფციები. რა არის ლიბერალიზმის არსი? – ეს არის ინდივიდუალური თავისუფლებებისა და საზოგადოების თავისუფლების ფილოსოფია და კონცეფცია, რომელიც ეფუძნება იმ რწმენას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის სრული თავისუფლება. ის ეფუძნება იმის გაგებას, რომ საზოგადოებაში აუცილებლად უნდა არსებობდეს შემწყნარებლობა სხვისი აზრებისადმი, ეფუძნება იმის რწმენას, რომ საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც ქმნის საზოგადოება, პირველ ყოვლისა, არსებობს ინდივიდუალური უფლებების დასაცავად და უზრუნველსაყოფად; ეფუძნება იმ რწმენას, რომ საზოგადოებაში უნდა იყოს უზრუნველყოფილი პოლიტიკური თუ რელიგიური თავისუფლების განხორციელება, ხელისუფლებისათვის თავისუფალი ოპოზიციის არსებობა და სხვა. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ლიბერალიზმს ბევრი წინამორბედი ჰყავდა. მაგრამ ნამდვილი რევოლუცია ადამიანის აზროვნებაში, კერძოდ კი იმაში, თუ როგორ აღიქვამდნენ ისინი მათ გარშემო არსებულ სამყაროს, მოახდინა ადამ სმითმა. ლიბერალიზმის თეორიასა და კონცეფციას უჩნდება სრულიად ახალი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი – კომპონენტი, რომელიც არ არსებობდა წინარე ფილოსოფიურ შეხედულებებსა და კონცეფციებში. ეს გახლავთ ეკონომიკური კომპონენტი, და ამას უზრუნველყოფს ეს გენიალური მოაზროვნე – ადამ სმითი. ადამ სმითი მშვიდობიანი პროფესორი გახლდათ, არ იყო ჩართული პოლიტიკურ ბატალიებში და მოღვაწეობდა შოტლანდიის გლაზგოს უნივერსიტეტში. სმითს იმ პეროიდში მოუხდა ცხოვრება ინგლისში, როდესაც იწყებოდა ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ინდუსტრიულ რევოლუციას. ეს არის მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარი, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევების ხანა, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, და განსაკუთრებით ინგლისში; გამოიგონეს ორთქლის მანქანა, რკინიგზა, ინტენსიური მანუფაქტურა. ხდება საზოგადოების ინდუსტრიალიზაცია, ხდება უფრო დაბალი, ნელი წარმოებიდან უფრო სწრაფ წარმოებაზე გადასვლა. ამისთვის აუცილებელი იყო ტექნიკური ინოვაციები, ასეთ გამოგონებებს დიდი მნიშვნელობა აქვთ კაცობრიობის განვითარებისათვის და ამ უკანასკნელი საუკუნეების განმავლობაში ახალმა მიღწევებმა სულ სხვა მდგომარეობაში გადაიყვანა კაცობრიობა პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით. გლობალიზაციაც ტექნიკური მიღწევის შედეგია. სწორედ ასეთი პირველი ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში უწევს ცხოვრება ადამ სმითს. მისი თანამედროვეების წიგნები რომ ნახოთ, აღმოაჩენთ, რომ იმ პერიოდის ინგლისზე უფრო ბნელი ქვეყანა არ არსებობს : გაჭირვებული ხალხი, მეშახტეები, ქვანახშირის მოპოვება….. სიცოცხლის ხანგრძლივობა 40 წელია, ქალაქის მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ეს არის ის პერიოდი, როდესაც ძველი ინგლისი დაინგრა და ახალი ჯერ არ ჩამოყალიბებულა. გარშემო რომ მიმოიხედოთ იმ დროის ინგლისში, თქვენ დაინახავთ საოცარ ქაოსს, და აი, სწორედ ამ ქაოსში ადამ სმითმა დაინახა ის საოცარი წესრიგი, რასაც ჰქვია საბაზრო წესრიგი, საბაზრო ურთიერთობები. ესაა მისი აბსოლიტური გენიალურობა. მან მოახდინა რევოლუცია აზროვნებაში. 1776 წელს ადამ სმითმა გამოუშვა ფასდაუდებელი ნაშრომი ,,Wealth of Nations” – ,,ერთა კეთილდღეობა“, სადაც იგი აღწერს, თუ რა არის ბაზარი და საბაზრო ურთიერთობა, და როგორ ახდენს ბაზარი საკუთარი თავის რეგულირებას, რათა უზრუნველყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა. ეს სმითმა დაინახა არა დღევანდელ ლონდონსა და ნიუიორკში, არამედ იქ, სადაც მხოლოდ ჩამოყალიბებას იწყებდა ის, რასაც ჩვენ დღეს ვუწოდებთ საბაზრო ეკონომიკას. ეს არის ნაშრომი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს თავის აქტუალობას. პრაქტიკულკად ადამ სმითი აყალიბებს თანამედროვე ეკონიომიკური მეცნიერების საფუძვლებს. ის აძლევს ისტორიას და ისტორიულ განვითარებას ეკონომიკურ ინტერპრეტაციას, ის განსაზღვრავს იმას, თუ რა არის კაპიტალი. რა არის მთავარი პრინციპი, რომელიც დატოვა ადამ სმითმა : ეს არის ის, რომ თითოეული ადამიანი უნდა იღვწოდეს საკუთარი კეთილდღეობისათვის და საკუთარი კეთილდღეობისათვის ბრძოლის პროცესში იგი ქმნის საზოგადოებრივ კეთილდღეობასაც. სწორედ ეს არის პასუხი იმ უძველეს კითხვაზე, რომელიც აინტერესებდა კაცობრიობას. ლიბერალიზმი არის სწორედ ის პასუხი, რომელიც ამ დილემას ერთმნიშვნელოვნად ინდივიდის სასარგებლოდ წყვეტს. ლიბერალიზმი არის ის მსოფლმხედველობა, ის ფილოსოფია, რომელიც ცალკეულ პიროვნებას, ინდივიდს აყენებს ამ მსოფლიო მოწყობის ცენტრში, სახელმწიფო მოწყობის ცენტრში, და ამის საფუძველია ის ფორმულა, რომელიც შექმნა ადამ სმითმა: პიროვნული კეთილდღეობისათვის ღვწა უზრუნველყოფს საზოგადოებრივ კეთილდღეობას. როგორ ხდება ეს? როდესაც თქვენ მიდიხართ ყასაბთან, მეპურესთან, ან გამყიდველთან, მას არ ესაუბრებით მაღალ მატერიებზე და არ არხევთ მის სულში ჰუმანურ სიმებს. თქვენ ესაუბრებით არა იმაზე, თუ რა გჭირდებათ, არამედ იმაზე, თუ რაში გადაუხდით თანხას, ესაუბრებით მის მოგებაზე, შემოსავალზე. თქვენ აპელირებთ არა მის სულიერებაზე, არამედ მის საკუთარ ინსტიქტზე. სწორედ ამ პატარა სურათშია გამოხატული ის სისტემა, რომელიც დაინახა და აღწერა ადამ სმითმა. ის თვლის, რომ მთავარი რეგულატორი იმისა, რომ პირადი მისწრაფებები გადაიქცეს საზოგადოებრივ კეთილდღეობად, არის სწორედ კონკურენცია, და კონკურენვცია არის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი, კანონი ბაზრის ფუნქციონირებისა. რატომ კონკურენცია და რას იწვევს კონკურენცია? ავიღოთ, მაგალითად, ფანქარი და ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ ამ ფანქრებს. კონკურენციის პირობებში თითოეული თქვენგანი ცდილობს საკუთრივ მიიღოს შემოსავალი და გაყიდოს რაც შეიძლება მეტი ფანქარი. რას იწვევს ეს ? პირველ რიგში, ხდება რაოდენობის რეგულირება, ანუ ეს კონკურენცია იმის მარეგულირებელი მექანიზმია, რომ მოხდეს იმ რაოდენობის პროდუქციის წარმოება, რამდენიც ესაჭიროება მომხმარებელს, ბაზარს. მეორე მომენტი, რომელსაც არეგულირებს კონკურენცია, არის ფასი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ფანქარს დაადეთ ბევრად უფრო დიდი ფასი, ვიდრე დაგიჯდათ მისი შექმნა, და იმაზე მეტიც, რაც დაადო სხვამ. თქვენ ამ შემთხვევაში გაყიდით სხვა დანარჩენებზე უფრო ნაკლები რაოდენობის ფანქრებს და დარჩებით წაგებული. სწორედ ამის გამოა, რომ კონკურენცია არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან ელემენტს, როგორიც არის ფასი. მესამე – ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, განმსაზღვრელი ამ ტრიადისა, რომელსაც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკა, ეს არის შემოსავლები. ფასში, რა თქმა უნდა, იგულისხმება ხარისხი, გარკვეული ფასი განსაზღვრული ხარისხის პროდუქციისათვის. წარმოვიდგინოთ, რომ მხოლოდ სამი პირი აწარმოებს ფანქრებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, და იმის გამო, რომ მოთხოვნა მაღალია, ვინაიდან ფანქრები მხოლოდ თქვენ გაქვთ, მას დაადეთ 10 ლარი, მაშინ როდესაც მათი წარმოება გიჯდებათ მხოლოდ 1 ლარი, ამრიგათ ყოველ 1 ლარზე თქვენ იგებთ 9 ლარს. ამ დროს კი სხვები დაკავებული არიან ხელთათმანების წარმოებით და ლარში იღებენ 50 თეთრს, და რაკი ხედავენ ფანქრების ბიზნესს, იქ გადაერთვებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ ერთად უფრო მეტ ფანქარს აწარმოებთ, მოთხოვნილება იკლებს, შესაბამისად, ბუნებრივად რეგულირდება შემოსავალი და ის დადის მეტ-ნაკლებად იმ დონემდე, როგორიც არის საშუალო შემოსავლების დონე პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სექტორში. ეს მოდელი შექმნა ადამიანმა, რომელსაც ფაქტობრივად ეკონომიკური ფილოსოფიის თვალსაზრისით, რასაც ადამ სმითის შემდგომ ეწოდა პოლიტიკური ეკონომიკა, არ ჰყავდა წინამორბედი. სწორედ ამიტომ ადამ სმითის ,,Wealth of Nations“ ნამდვილი რევოლუციაა კაცობრიობის აზროვნებაში. დღემდე არცერთ გამოგონებას, ატომურ ბომბსაც კი არ მოუხდენია ისეთი ეფექტი მთელს კაცობრიობაზე, როგორც მოახდინა სმითის ამ კონცეფციამ. აი, ამ სისტემას ადამ სმითმა უწოდა ,,Sistem of perfect Liberty“ – სრულყოფილი თავისუფლების სისტემა, როდესაც ბაზარი მიშვებულია თავისთვის. მას ჰქონდა ასეთი გამოთქმა ,,Let it be alone” – ,,გაანებეთ თავი“ ამ ბაზარს, ბაზარი თვითონ არეგულირებს თავის თავს, იმას, თუ რამდენი უნდა შეიქმნას, როგორი უნდა იყოს ფასი, რომ იმ მეწარმეებმა, რომლებიც ჩართულნი არიან ამ პროცესში, მეტ-ნაკლებად ერთნაირი შემოსავლები მიიღონ და სხვა. ადამ სმითმა საფრანგეთში გაიცნო ლუი XIV-ის კარის ერთ-ერთი მოაზროვნე კვინსე, რომელსაც ასეთივე აზრები ჰქონდა. მან პრინციპს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ჩაურევლობას ეკონომიკურ პროცესებში, დაარქვა ,, Laissez-faire”, ეს ტერმინი დღემდე გამოიყენება და ის ნიშნავს ეკონომიკურ ცხოვრებასა და ბაზრის ფუნქციონირებაში სრულ ჩაურევლობას. ადამ სმითი ძალიან საინტერესოდ აყალიბებს, თუ რა უნდა იყოს მთავრობის, ხელისუფლების ფუნქციები იმ პირობებში, როდესაც ბაზარი თავად არეგულირებს ყველაფერს. ხელისუფლების ფუნქციაა : პირველი : დაცვა ძალადობისაგან, ომებისაგან, რომ არავინ არ დაგვესხას თავს, რომ არავინ არ წაგვართვას ის, რასაც ჩვენ ვქმნით. მეორე : მართლმსაჯულების მიერ ზუსტი, სამართლიანი და სწორი აღსრულება იმისა, რომ ის, რაც არის სამართალი, მუშაობდეს – აი ამაზეა პასუხისმგებელი ხელისუფლება. მესამე – ძალიან საინტერესო ფუნქცია: სმითი ხელისუფლებას მიუჩენს იმ სამუშაოების განხორციელებას, რომელიც არ არის მომგებიანი და საბაზრო პრინციპებით ვერ დარეგულირდება ცალკეული ინდივიდების, ბიზნესმენებისა და მეწარმეების დონეზე. მაგალითად, მაშინვე ის ლაპარაკობდა გზების აშენებაზე, ანუ იმაზე, რასაც საზოგადოებრივი სამუშაოები ჰქვია, რომელთა კომერციალიზაცია იმ დროს არ ხდებოდა. ასევე, ასეთია განათლებაც – სახელმწიფომ აკუმულირებული თანხები უნდა დახარჯოს კონკრეტული მიზნებისათვის. სმითმა ფაქტიურად ჩამოაყალიბა დღევანდელი ეკონომიკა, ანუ პოლიტიკური ეკონომიკა, მან განსაზღვრა, თუ რა არის კაპიტალი, მან დაყო მთელი მატერიალური ფასეულობა, რასაც ვქმნით, ორ ნაწილად : ის, რაც თქვენ გჭირდებათ თქვენი პირადი მოხმარებისათვის, და დანარჩენი. სწორედ ამ დანარჩენმა, რაც უნდა მოხმარდეს განვითარებასა და კვლავწარმოებას, მან დაარქვა კაპიტალი. ფაქტიურად მან განსაზღვრა, თუ რა არის კაპიტალი და რა წესებით ხდება მისი აკუმულაცია. არის ასეთი ორი კანონი, რომლებიც მოცემულია ,, Wealth of Nations”-ში: პირველი – აკუმულაციის, დაგროვების კანონი – accumulation law; და მეორე – ხალხების განვითარებისა და გამრავლების კანონი – population law, რომელიც შემდგომში მალთუსმა განავითარა და რომელსაც შემდგომ ერთობ ცუდი მიმდევრები ჰყავდა ნაცისტურ გერმანიაში. ადამ სმითმა ძალიან დახვეწილად, დასაბუთებულად შექმნა ეს ფილოსოფია და დაარწმუნა ყველა, რომ პიროვნული თავისუფლება, პიროვნული ინიციატივა, პირადი კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ღვწა არის საფუძველი საზოგადო წარმატებისა. ბუნებრივია, სმითი მაშინ ვერ დაინახავდა იმ სირთულეებს, რომლებიც თან ახლავს ბაზარს, – ვთქვათ, კონკურენცია. თუ გადახედავთ დღევანდელ საქართველოს რეალობას, ჩვენ ძალიან შორს ვართ თუნდაც იმ ეკონომიკისაგან, რომელიც აღწერა სმითმა. ყველაფერი, რასაც მე გიყვებით, მინდა სიტყვასიტყვით, ზუსტად გაიგოთ, ვინაიდან ამ ყოველივეს პირდაპირი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი საქართველოსათვის. აი, მაგალითად, პატარა გადახვევა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კორუფციაზე. კორუფცია ის კი არ არის, რომ პოლიციის უფროსმა სახლი აიშენა საირმის გორაზე, არამედ კორუფცია, უპირველეს ყოვლისა, არის ის, რომ ჩვენთან ფაქტიურად არ არსებობს თავისუფალი კონკურენცია. კონკურენცია თუ არ არსებობს, მაშინ თავისუფალი ბაზარი, საბაზრო ეკონომიკა საერთოდ არ არსებობს. ის, რაც ჩვენ გვაქვს, არ ექვემდებარება არანაირ კანონს. სზოგადოებას აქვს თავისი კანონები, რომლებიც აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის; მათი უპატივცემულობის შემთხვევაში საზოგადოება ვერაფრით ვერ განვითარდება. და მე მინდა, რომ თქვენ აქედან გამომდინარე შეხედოთ საქართველოს პრობლემებს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ პოლიტიკოსები, ხელისუფლება არ ვცემთ პატივს ელემენტარულ პრინციპებს, რომელთა გარეშეც ეს საზოგადოება ვერასოდეს ვერ მიაღწევს წარმატებას. ადამ სმითის ეს თეორია არის მთავარი მწყობრი ეკონომიკური საფუძველი ლიბერალიზმის ჩამოყალიბებისათვის, რაც ძალიან ინტენსიურად მოხდა მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ევროპაში, და სმითის ეს თეორია დღესაც არის ერთ-ერთი განმსაზღვრელი იმ ეკონომისტებისათვის, რომლებიც აყალიბებენ დღევანდელ ეკონომიკურ თეორიებს. მაგალითად, მილტონ ფრიდმანის შეხედულებები მთლიანად ეფუძნება ადამ სმითის ამ მოსაზრებებს, თუმცა არიან ლიბერალური სკოლის ისეთი წარმომადგენლები, როგორიც იყო პენსი. მასზე ზეგავლენა მოახდინა სოციალური თანასწორობის, კეთილდღეობის თანაბარი გადანაწილების იდეებმა. ასეთები თვლიან, რომ საზოგადოების კეთილდღეობის შექმნაში სახელმწიფო უნდა ერეოდეს გარკვეულ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრულ დონემდე. ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ადამ სმითის შეხედულებებმა და მისმა ნაშრომმა შექმნა თანამედროვე ეკონომიკური ლიბერალიზმის ეს კონცეფცია, რომელსაც ეფუძნება კაპიტალისტურ შეხედულებათა მთელი სისტემა მსოფლიოში. შემდგომში ლიბერალიზმის თეორიამ მიიღო ძალიან კომპლექსური ხასიათი. ამ მხრივ უნდა აღვნიშნო მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისის დიდი მოაზროვნე ჯონ სტიუარტ მილი, რომელმაც 1859 წელს დაწერა შესანიშნავი წიგნი ,,On Liberty” – ,, თავისუფლების შესახებ”. მილი უკვე მთლიანობაში აყალიბებს თანამედროვე ლიბერალიზმის თეორიას. ის ლაპარაკობს იმაზე, რომ საზოგადოების განვითარებისა და წინსვლისთვის საჭიროა აზრის თავისუფლება. მილის მიხედვით, აზრის თავისუფლება ორი რამისგან შედგება : პირველი – თავისუფლება აზრის ხელისუფლებისაგან, მმართველებისაგან; მეორე – თავისუფლება აზრის ჩვევებისაგან, ჩვეულებისაგან. წინ რომ წახვიდე, აზრი უნდა იყოს თავისუფალი როგორც ხელისუფლებისაგან, ისე საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპებისაგან. მილი ამბობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებული აზრის შემწყნარებლობა, და რომ უნდა შეეგუო შენგან განსხვავებული აზრის არსებობას. შეიძლება ათი აზრიდან ცხრა იყოს სულელური, მაგრამ თუნდაც ერთმა, რომელსაც შენ გაიზიარებ, უზრუნველყოს შენი ხვალინდელი წარმატება, საზოგადოების წინსვლა. მილი დახვეწილად საუბრობს თუნდაც ძალაუფლების კონსტიტუციურად შეზღუდვის აუცილებლობაზე პიროვნების თავისუფლებების სასარგებლოდ. აი, ლოკი ამბობდა, რომ ძალაუფლება უნდა იყოს შეზღუდული თუნდაც იმიტომ, რომ არ გაჩხრიკო ადამიანი უმიზეზოდ. აქ ეს აზრი უფრო იხვეწება და პიროვნული თავისუფლების მთელი სპექტრი არის მოცული, მათ შორის რელიგიური მრწამსის თავისუფალი არჩევა, აზრის გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და სხვა. თავის ამ წიგნში მილი ფაქტობრივად აყალიბებს თანამედროვე ლიბერალიზმის მთელ სისტემას. ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი და საინტერესო, რაც არის მილის კონცეფციაში და რაც დღესაც რჩება ერთ-ერთ ხელუხლებელ პრინციპად ნებისმიერი ლიბერალური დემოკრატიისათვის, გახლავთ უმცირესობების თემა. მილი აცხადებს, რომ დესპოტიზმი შეიძლება განახორციელოს არა მხოლოდ ცალკეულმა დესპოტმა, არამედ არსებობს უმრავლესობის დესპოტიზმიც. მილი საუბრობს იმაზე, რომ საზოგადოება წარმატებული და დაცულია იმ შემთხვევაში, როდესაც უმრავლესობა იღებს თავის გადაწყვეტილებებს, მაგრამ უმცირესობების უფლებები დაცულია. უმცირესობის აზრს ან რელიგიურ შეხედულებას და ა.შ. აქვს თავისი ადგილი საზოგადოებაში, ამ ერთიან სისტემაში. ეს სწორედ მილის ძალიან საინტერესო მიგნებაა, და ეს ხდება განმსაზღვრელი რამ, რაც გასდევს აბსოლიტურად ყველა დემოკრატიის გაგებას. ლიბერალური შეხედულებების ჩამოყალიბებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა ალექსის დე ტოკვილმა, რომელმაც იმოგზაურა მეცხრამეტე საუკუნის ოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში და თავისი შთაბეჭდილებები მოაქცია წიგნში ,,Democracy in America”. დღემდე შტატებზე დაწერილი ტოკვილის ეს წიგნი ითვლება დემოკრატიის ყველაზე ზუსტ აღწერად. ის მეგობრობდა ჯონ სტიუარტ მილთან, იყო ანგლოფილი, ისევე როგორც ბევრი ფრანგი ფილოსოფოსი : მონტესკიე, რუსო და სხვები. ის პოულობს სრულიად ახალ რაკურსებს იმისათვის, რომ განავითაროს მილის მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებები. ტოკვილს აქვს რამდენიმე კონკრეტული პრინციპი : ცენტრალური ძალაუფლების გადანაწილება, არა უბრალოდ ცალკე – სამი შტოს ჩამოყალიბება, არამედ ამ ხელისუფლების შემდგომი გადანაწილება სხვადასხვა ცენტრალურ უწყებებს შორის და ასევე დეცენტრალიზაცია. აქედან გამომდინარე, ის ლაპარაკობს თვითმმართველობის სრულიად განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მილიც ახსენებს ამ თემას, მაგრამ ტოკვილი უფრო აღრმავებს თვითმმართველობების აუცილებლობას. ხელისუფლება უნდა იყოს ყველა მიმართულებით დეცენტრალიზებული. დეცენტრალიზებული ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა უწყებებზე, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებდნენ. დეცენტრალიზებული ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. დეცენტრალიზებული საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს შორის, რომ უმცირესობებს ჰქონდეთ თავისი თავის დაცვის ბერკეტები, ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინსტიტუტები, უწყებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ უმცირესობების უფლებები არასოდეს არ შეილახება. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალიზმის თეორიაზე, ეს ერთ-ერთი განმსაზღვრელი თემაა. ასე რომ, მთლიანობაში მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა შეხედულებათა ის მწყობრი სისტემა და რწმენა, რომ საზოგადოება იმ შემთხვევაშია წარმატებული და სამართლიანი, თუ ორიენტირებულია ინდივიდუალურ თავისუფლებაზე. სახელმწიფომ ინდივიდის აქტივობა არ უნდა შეზღუდოს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ცალკეული ინდივიდების, ასევე უმცირესობათა ჯგუფების ინტერესების დაცვა, თვითმმართველობის არსებობა, თავისუფალი ოპოზიციის არსებობა. აქედან გამომდინარე, ლიბერალურმა კონცეფციამ შეავსო და დახვეწა ის კონცეფციები, რომლებიც წინ უძღოდა დემოკრატიული კონსტრუქციის ჩამოყალიბებას. წარმოიდგინეთ ის მანქანა, რომელსაც აღწერს ლოკი. როდესაც თავისუფალი შეთანხმების საფუძველზე ხალხი აყალიბებს ხელისუფლებას, აყალიბებს წარმომადგენლობით ხელისუფლებას, სადაც არჩეული არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები. უმრავლესობა წარმოვიდგინოთ ნებისმიერი ნიშნით, მაგალითად, რასობრივი ნიშნით. ქვეყანაში ცხოვრობს 80% თეთრკანიანი და 20% მონღოლური წარმოშობის ყვითელკანიანი ადამიანი. ამ 20%-ის ინტერესები თუ არ იქნება გათვალისწინებული, ბუნებრივია ისინი მუდმივად იქნებიან დისკომფორტში, და რაღაც მომენტში შეეცდებიან დაიცვან თავიანთი უფლებები. ამ თემას ხშირად დავუბრუნდებით, იმიტომ რომ სწორედ ეს არის დემოკრატიული აზროვნებისა და ცნობიერების მთავარი ,,მარილი“. ახლა მე მინდა შევეხო მეორე კონცეფციას, რომელსაც პირადათ მე ნაკლებ პატივს ვცემ, მაგრამ რომელმაც დიდი დაღი დაასვა კაცობრიობის განვითარებას. ეს გახლავთ სოციალიზზმის კონცეფცია. უნდა ითქვას, თქვენ ნებისმიერი წარმატებული ქვეყანა რომ აიღოთ, მასში ხდება, ამა თუ იმ ფორმით, შეჯერება, ბალანსი ამ ორი დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთს დაპირისპირებული კონცეფციებისა – ლიბერალიზმისა და სოციალიზმისა. მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ყველა არ იყო აღფრთოვანებული იმით, რომ კაცობრიობა შევიდა კაპიტალისტური განვითარების სტადიაში, და ყველა ტაშს არ უკრავდა იმას, რომ ხდებოდა ცალკეული ადამიანებისა და ჯგუფების მიერ უზარმაზარი მაშტაბის დოვლათისა და რესურსების დაგროვება. მეცხრამეტე საუკუნეში იწყება თანდათანობით, პირველ რიგში ბრიტანეთში, რომელიც ინდუსტრიულად ყველაზე წინ იყო წაწეული კონტინენტური ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ეგრეთ წოდებული ,,მუშათა მოძრაობები“. როგორც შუა საუკუნეებში ხდებოდა, ყველა ახალი კონცეფცია იბადება რაღაცა კონფრონტაციისა და ადამიანების ბრძოლის შედეგად. მაშინ მეფეს ებრძოდნენ ფეოდალები და მიწათმფლობელები, და შეიქმნა ,,Magna Carta”, ახლა მუშები უყურებენ ამ მსუქანთავიან კაპიტალისტებს და მოითხოვენ მეტ ხელფასს და ნაკლებ მუშაობას; ამის გამო იწყებენ საკუთარი თავის ორგანიზებას და თანდათან მივდივართ სწორედ პროფკავშირულ მოძრაობამდე. სხვათა შორის, ამ მოძრაობებს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ისტორია ჰქონდა. ისინი ზოგან უპრობლემოდ ვითარდებოდა, ბევრ ქვეყანაში ამას ახლდა სისხლიანი რეპრესიები, მაგრამ საბოლოო ჯამში მეცხტამეტე საუკუნის ორმოცდაათიან-სამოციანი წლებისთვის პროფკავშირული თუ მშრომელთა მოძრაობები ჩამოყალიბდა ყველგან, სადაც ადგილი ჰქონდა ინტენსიური განვითარების პროცესს, და ეს პროფკავშირული მოძრაობა იყო ცალკეული ჯგუფების, ცალკეული საწარმოების მუშების მოძრაობა საკუთარი უფლებების გაუმჯობესებისათვის, მერკანტელური,მაგრამ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი უფლებებისათვის მანამ, სანამ ეს არ დაუკავშირდა იმ პოლიტიკურ კონცეფციას, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი კაცობრიობა და მეოცე საუკუნის განმავლობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა მთელი კაცობრიობის განვითარებაში. ეს გახლავთ სოციალიზმის პოლიტიკური კონცეფცია. სოციალიზმის კონცეფციას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ყველას გაგიგონიათ ჯერ შუა საუკუნეების უტოპისტების შესახებ. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს და მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ჩნდებიან სოციალისტი უტოპისტები, როგორიცაა რობერტ ოუენი, რომელიც იყო შეძლებული კაპიტალისტი, სადღაც შოტლანდიაში ჰქონდა თავისი ძალიან წარმატებული საწარმო, მაგრამ ოუენი თვლიდა, რომ ეს არ არის სამართლიანი წყობილება და ურთიერთობები, და გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა კოლონია, როგორც ჩვენ გვასწავლიდნენ, კომუნები, რომელებიც დაეფუძნებოდა დაახლოებით ისეთ პრინციპებს, რომ ყველა ადამიანი იმუშავებდა რაღაცა საზოგადო, მთელი ამ პატარა კომუნის დასახლების, და არა საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. გაიხსენეთ, რასაც გეუბნებოდით ადამ სმითის შესახებ. სმითი ამბობს, რომ ყველა ადამიანი, როდესაც საკუთარი კეთილდღეობისათვის იბრძვის, ამით მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისათვისაც იბრძვის,. აქ გამოდის ოუენი და ამბობს, რომ ეს ასე არ არის, რომ ჩვენ უნდა ვიღვაწოთ არა საკუთარი, არამედ კომუნის კეთილდღეობისათვის. აი, ესაა ერთ-ერთი ყველაზე მავნე, სახიფათო ილუზია, რომელიც კი შეუქმნია კაცობრიობას და რომელიც კაცობრიობას ძალიან ბევრ უბედურებად დაუჯდა. ათობით მილიონი ადამიანი შეეწირა ამ იდეას და ბევრი ქვეყანა, და მათ შორის ჩვენი სამშობლოც, ამ იდეას ემსხვერპლა და მრავალი ათწლეულით დაიხია უკან თავის განვითარებაში. თუმცა ეს იყო იმდენად მომხიბლავი იდეა, რომ დაიწყო მისი საოცარი სისწრაფით განვითარება როგორც ბრიტანეთში, ასევე საფრანგეთში უტოპისტების – ფურიეს და სენ სიმონის სახით. სხვათა შორის, არცეთ მათგანს არ გამოუყენებია ცნება სოციალიზმი, მაგრამ სხვებისათვის ხატავდნენ სურათებს უტოპიური კოლონიების შესახებ. მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით იყო ოცდაათი-ორმოცი კოლონია. მათ ძალიან უყვარდათ ინდიანის შტატი. ტეხასში ატარებდნენ ხოლმე ასეთ ექსპერიმენტებს. ფურიე თვლიდა, რომ საკმარისი იქნებოდა პირველი ასეთი კოლონიის ჩამოყალიბება, რომ სამ-ოთხ წელიწადში მთელი კაცობრიობა, ტიბეტის მთების ჩათვლით, გადავიდოდა ურთიერთობათა ამ ყაიდაზე. თქვენ უკვე იცით, რომ ეს ასე არ მოხდა. ამ უტოპიური სოციალისტური იდეების განვითარებისას ხდება მათი თანდათან უფრო ევოლუციონიზება. ისინი ეძებენ ეკონომიკურ საფუძვლებს. ფრანგ სოციალისტ-უტოპისტებს მოსდევს მათთან შედარებით უფრო რეალისტურად მოაზროვნე პრუდონი. იგი აგრარული წრის კუთხიდან უყურებდა ამ ინდუსტრიალიზმის პროცესებს. როგორც ახლაა ანტიგლობალისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თუ აქცევთ ყურადღებას, საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში გუდის ყველის მწარმოებელი სლეფი, შეძლებული ფერმერი, დაახლოებით ასეთივე ტიპი იყო პრუდონი, რომელიც კარლ-მარქსის უშუალო წინამორბედი გახლავთ. მარქსმა, ენგელსთან ერთად, ნამდვილად შეიტანა უდიდესი გარდატეხა სოციალისტური თეორიის ჩამოყალიბებაში. მარქსის შემდეგ ამ თეორიას მეცნიერულ სოციალიზმს უწოდებენ იმიტომ, რომ მან მართლაც საინტერესო, თუმცა ჩემთვის მიუღებელი ახსნა მოუძებნა იმას, თუ რატომ არის კაცობრიობის კომუნიზმისაკენ მოძრაობა უალტერნატივო. პირველი დოკუმენტი, სადაც ეს ყალიბდება, არის მარქსისა და ენგელსის მიერ ერთობლივად გამოცემული ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტი“, და ერთ-ერთი მთავარი რამ, რაც მარქსმა შემოიტანა, იყო იმის გაგება, რომ ისტორიული განვითარება – ეს არის კლასთა შორის ბრძოლა. და ამ კლასთა შორის ბრძოლაში ვინ იმარჯვებს? პროლეტარიატიჰო, ,,პროლეტარიატი იმარჯვებს“. იმიტომ, რომ პროლეტარიატს ,,არაფერი აქვს დასაკარგი, თავისი ბორკილების გარდა“. მარქსი ,,კომუნისტური პარტიის მანიფესტში“ და შემდეგ თავის ,,კაპიტალში“ ასაბუთებდა, რომ კაპიტალიზმმა თავად შექმნა თავისი მესაფლავე – ბაზარი, და რომ გარდაუვალია კაპიტალიზმის კრახი, რომ პროლეტარიატი მას დაამარცხებს და დამყარდება პროლეტარიატის ბატონობა. შემდეგ, სხვათა შორის, ლენინი მარქსის ამ თეორიულ შეხედულებებს ლოგიკურად ავითარებს და პირდაპირ ლაპარაკობს პროლეტარიატის დიქტატის აუცილებლობაზე. ეს არ არის ლენინის ინოვაცია. ჯერ კიდევ დიდი ფრანგული რევოლუციის დროს სენ-ჟიუსტი, როდესაც იაკობინურ იდეოლოგიას ეხებოდა, საუბრობდა თავისუფლების დიქტატზე. ამიტომ, რესპუბლიკანიზმი თავისთავად არასოდეს არ ნიშნავს დემოკრატიას და, მით უმეტეს, ლიბერალურ დემოკრატიას, როდესაც რესპუბლიკანიზმს თან ახლავს ასეთი ტოტალიტარული იდეოლოგიები, რომლებიც ამართლებს ძალადობის გამოყენებას. ლენინი იმეორებდა აზრს სენ-ჟიუსტისას, რომელიც ამბობდა, ,,სიკვდილი თავისუფლების მტრებსო“. წარმოიდგინეთ, აზრის რამდენად წარმოუდგენელი კომბინაციაა : თავისუფლების დესპოტიზმი. ზუსტად ასე ლაპარაკობდა ლენინი პროლეტარიატის დიქტატსა და პროლეტარიატის დესპოტიზმზე. სოციალიზმის იდეა, თანასწორობის იდეა, რომელიც გამოიხატება ცნობილი მარქსისტული ლოზუნგით : ,,ყველას – შესაძლებლობიდან გამომდინარე, და ყველას – მოთხოვნების მიხედვით“. – ეს იყო ის ნარკოტიკი, რომელმაც ასი-ასორმოცდაათი წლის განმავლობაში გააბრუა კაცობრიობის დიდი ნაწილი და გადამწყვეტ როლს თამაშობდა. ამას წინათ ამოვიკითხე ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსის ძალიან საინტერესო ფორმულირება, რომ მეოცე საუკუნეში მიმდინარეობდა ლენინისა და უილსონის პოლიტიკური იდეების დაპირისპირება. ეს მართლაც ძალიან საინტერესო რაკურსია მეოცე საუკუნის დასანახად, რადგან, ლენინის აზრით, ძალისმიერი მეთოდებით უნდა მოხდეს მარქსისტული, და არა დემოკრატიული სოციალიზმის იდეების გაბატონება დედამიწაზე,ხოლო უილსონი პირველად უსვამს წერტილს ამერიკულ ტრადიციულ იზოლაციონიზმს – უილსონს მერეც ხშირად დავუბრუნდებით, – ის ამბობს, რომ ამერიკას არა აქვს თავისი ეროვნული ინტერესი, ისე როგორც ეს გაგებული იყო მეცხრამეტე საუკუნეში თუნდაც ევროპული სახელმწიფოების მიერ, და ამერიკის ერთადერთი ინტერესი არის თავისუფლების, ლიბერალური დემოკრატიისა და ხალხთა თვითგამორკვევის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში. სწორად წარმოიდგინეთ ეს ორი ფუძემდებლური იდეა, რომელიც შემდეგ იყო ინსტიტუციონალიზებული ორი სისტემის – მოსკოვისა და დასავლეთის სამყაროს (არ მინდა ვთქვა – მხოლოდ ვაშინგტონი) ირგვლივ კონცენტრირებული სისტემების სახით და ეს იყო ძალიან სისხლიანი ბრძოლა და დაპირისპირება, რომელიც, თქვენ იცით უკვე, რითაც დამთავრდა.ამავე დროს სოციალიზმი გაცივილიზებული, გადემოკრატებული სახით მეოცე საუკუნის დასაწყისიდან უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობის დამატებითი მექანიზმების დასანერგავად მოხდეს საბაზრო ურთიერთობების რეგულირება. ძალიან უხეშად რომ ითქვას, დღეს არსებული ყველა ეკონომიკური სისტემა – ეს არის წმინდა ლიბერალური შეხედულებებისა და სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული მიდგომების გარკვეული ბალანსი. აქ არ ითვლება მემარცხენე იდეოლოგიები; მაგალითად, ლუდვიგ ერჰარდი, გერმანული ეკონომიკური სასწაულის ავტორი, იყო მემარჯვენე, თუმცა მან შექმნა ის გერმანული ეკონომიკა, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, სოციალურ, საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა. ის ეკონომიკა, რომელმაც პირველმა შექმნა ,,Welfare State” – ,,სოციალურად დაცული საზოგადოება”. და უკანასკნელი. დღევანდელ დღეს კონცეფცია, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც იფიქრებთ დღევანდელ საქართველოზე და წარმოიდგენთ იმ პრობლემებს, რომლებიც დგას დღევანდელი საქართველოს წინაშე. ეს გახლავთ ნაციონალიზმის კონცეფცია და ნაციონალიზმის იდეა. ისევე, როგორც იმ ორმა კონცეფციამ, რომლებზედაც ჩვენ აქამდე ვსაუბრობდით, ნაციონალიზმმა ითამაშა განუზომლად დიდი როლი იმაში, რომ განსაზღვრულიყო მეცხრამეტე საუკუნის, განსაკუთრებით ოცდაათიანი, ორმოციანი წლებიდან და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, კაცობრიობის განვითარება, და ძალიან ხშირად საერთოდ მეოცე საუკუნეს, რომელსაც ჩვენ ჯერჯერობით პრაქტიკულად ვეკუთვნით, უწოდებდნენ ნაციონალისტური მოძრაობების, ნაციონალიზმის განვითარების საუკუნეს. მოდი, ჯერ ვიფიქროთ, რა არის საერთოდ ნაციონალიზმი. როგორ ფიქრობთ თქვენ, როდის წარმოიქმნა საერთოდ ნაციონალისტური აზროვნება და განცდა მთლიანობაში? აი წარმოიდგინეთ, იცით თქვენ თუნდაც ერთ-ერთი შემზარავი ეპიზოდი ქართული ისტორიისა, როდესაც ჯალალედინი შემოდის თბილისში და ასი ათასი ქართველი თავს დებს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სამშობლოს სიყვარულის გამო მეტეხის ხიდზე? იყვნენ ისინი ნაციონალისტები? ამოძრავებდათ მათ ნაციონალისტური სულისკვეთება? ან როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, მაგალითად, დავით აღმაშენებელი, რომელმაც შექმნა საოცრად დახვეწილი სისტემა ქართული სახელმწიფოებრიობისა და რომელიც დღესაც ყველაზე წარმატებული ქართველი მმართველის სიმბოლოა, ვინც ყველაზე წარმატებით განახორციელა ქართული ეროვნული ინტერესი – იყო თუ არა ის ნაციონალისტი? უფრო კოსმოპოლიტი იყო, მაგრამ მაინც უპირატესობას ანიჭებდა თავისას.ეს საინტერესოა. თქვენ შემოგაქვთ დაპირისპირების წყვილი: კოსმოპოლიტიზმი ნაციონალიზმის საპირისპიროდ. სხვათა შორის, ნაციონალიზმი გარკვეულწილად ყალიბდება კოსმოპოლიტიზმთან დაპირისპირების ნიშნით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დავით აღმაშენებელი არ იყო ნაციონალისტი და ვერ იქნებოდა ნაციონალისტი, იმიტომ რომ ნაციონალიზმი, როგორც შეხედულებათა სისტემა, ყალიბდება მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულიდან, ის ფრანგი განმანათლებლების თეორიაში იწყებს ჩამოყალიბებას.ვიდრე გადავალთ ნაციონალიზმზე, რომელიც ჩამოყალიბდა კოსმოპოლიტიზმთან დაპირისპირების ნიშნით, მე მინდა თქვენ დაინახოთ განსხვავება პატრიოტიზმსა და ნაციონალიზმს შორის. პატრიოტიზმი არის იმდენად ძველი და არქაული ფენომენი, ძალიან ხანგრძლივი ისტორიის მქონე, როგორიც არის, არვიცი, ალბათ, მდინარე მტკვარი. მას შემდეგ, რაც გაჩნდა ადამიანთა საზოგადოება, მას აქეთ არსებობს პატრიოტიზმი და არიან პატრიოტები. ეს გარკვეულად არის ემოცია, რომელიც უკავშირდება შენს სახლს, იმ გარემოს, სადაც შენ გაიზარდე, შენს სოფელს, ან ქალაქში შენს უბანს, ან იმ რეგიონს, ან თუნდაც იმ ქვეყანას, სადაც შენ გაიზარდე, რომლის ჩვევებიც შენთვის ახლობელია. მისი მუსიკის ჰანგები შენთვის ტკბილია, და ასე შემდეგ. პატრიოტიზმი არის ემოცია, ემოციური დამოკიდებულება შენი სამშობლოს – პატრიას მიმართ. პატრიოტიზმი ამოძრავებდა, ისევე როგორც ერთგულება თავისი რწმენისადმი, ასი ათას ქართველ მოწამეს, და იგი ამოძრავებდა ყველა ღირსეულ ადამიანს მთელი ისტორიის განმავლობაში. მე ძალიან გთხოვთ, ამას დაუკვირდეთ, იმიტომ რომ, ისევ და ისევ, როდესაც ჩვენ ერთად ვეცდებით გავაანალიზოთ, რა გზით მოდიოდა ჩვენი ხალხი დღევანდელ დღემდე, ეს იქნება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. შეიძლება ერთი კითხვა? ,,მამული, ენა, სარწმუნოება“ – ნაციონალურია, თუ პატრიოტული?ძალიან კარგი მომენტია. ,,მამული, ენა, სარწმუნოება“ ეს გახლავთ უკვე ქართული ნაციონალიზმის ფორმულა. ეს არის საოცარი რამ…ნაციონალიზმი განსხვავდება პატრიოტიზმისგან იმით, რომ ეს არ არის ემოცია. ეს არის ინტელექტუალური კონცეფცია, შეხედულებათა ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სისტემა, მაგრამ ეს არ არის, კიდევ ვიმეორებ, ემოცია. ეს არის პრაგმატული შეხედულება იმის შესახებ, როგორ უნდა მიაღწიოს შენმა ერმა წარმატებას! ნაციონალიზმის ჩამოყალიბება, რა თქმა უნდა, უკავშირდება თავად ,,ნაციის“, ,,ერის“ ცნების ჩამოყალიბებას პოლიტიკურ აზროვნებაში. და უნდა გითხრათ, რომ ტერმინი ,,ნაცია“ საკმაოდ გვიან ჩნდება პოლიტიკურ აზროვნებაში – სადღაც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან, ყოველ შემთხვევაში, იმ დატვირთვით, რომელსაც ვაძლევთ ჩვენ დღეს ამ ტერმინს : ერისა და ნაციის ცნებას. ნაციონალიზმის ერთ-ერთ მამად და სიმბოლოდ ევროპაში ითვლება მაძინი, რომელიც იყო იტალიური განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მან შექმნა, სხვათა შორის, პირველმა, ალბათ, ყველაზე მწყობრი სისტემა შეხედულებებისა, თუ რა არის თანამედროვე ევროპული ნაციონალიზმი. მას აქვს ძალიან საინტერესო განსაზღვრა : რა არის ქვეყანა ნაციონალისტის თვალსაზრისით ? ეს არ არის ტერიტორია, – წერს მაძინი. ტერიტორია არის მხოლოდ საფუძველი იმისა, რასაც წარმოადგენს ქვეყანა. ეს არის იდეა, რომელიც ამ საფუძველზე, ტერიტორიის საფუძველზე აღმოცენდება, მაგრამ ეს არის, გარდა ტერიტორიისა, სიყვარულის განცდა – განცდა რომელიც აერთიანებს ამ ტერიტორიის ყველა შვილს ძმობის ემოციით დ ასე შემდეგ… ასეთი ერთგვარი პოეტური აღწერა ხაზს უსვამს იმას, რომ ნაციის, სახელმწიფოს ცნება გულისხმობს რამდენიმე კომპონენტს : ის გულისხმობს ერთიანი ტერიტორიის არსებობას, გულისხმობს ერთიანი კულტურული მემკვიდრეობის არსებობას, ის გულისხმობს ერთიანი ლინგვისტური ერთობის არსებობას, ანუ საერთო ენის არსებობას უმეტეს შემთხვევაში, და საერთოდ, რაღაცა ჩვევებისა და აქედან გამომდინარე, საერთო მსოფლაღქმის არსებობას. კიდევ ვიმეორებ, ამ თვალსაზრისით სწორედ ერისა და ნაციის გაგება, და აქედან გამომდინარე ნაციონალიზმის კონცეფცია ჩნდება მეთვრამეტე საუკუნის ბოლოდან და მეცხრამეტე საუკუნეში იწყებს ძალიან ფართოდ განვითარებას. ნაციონალიზმში გამოყოფენ ორ მთავარ ტრადიციას. პირობითად, ეს არის ინგლისურ- ფრანგული ტრადიცია, რომელსაც უწოდებენ კლასიკურ ნაციონალიზმს, და გერმანული ტრადიცია, რომელსაც უწოდებენ რომანტიკულ ნაციონალიზმს. კლასიკური ნაციონალიზმი, ანუ იგივე ლიბერალური ნაციონალიზმი, სათავეს იღებს დიდროს, რუსოს შრომებიდან. რუსო ლაპარაკობს ხალხის ხელმწიფებაზე, ის აყალიბებს სახალხო სუვერენიტეტის იდეასა და ამის საფუძველზე ლიბერალური შეხედულებების განვითარებასთან ერთად, ყალიბდება შეხედულება იმის შესახებ, და ეს განსაკუთრებით სწრაფად და აქტიურად ხდება საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში, როდესაც ყალიბდება ის შეხედულება, რომ ყველა ხალხი თანასწორია, ისევე როგორც ყველა ინდივიდუალური ადამიანი. და ყველა ხალხს აქვს თვითგამორკვევისა და თვითხელმწიფების უფლება, იმის უფლება, რომ იყოს თვითგამორკვეული, ანუ ერი არ იმართებოდეს უცხოელების მიერ, თავად მართავდეს საკუთარ თავს და ეს მმარველობა თან უნდა იყოს დემოკრატიული მმართველობა. ეს არის ლიბერალური ნაციონალიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. სხვათა შორის, ნაციონალიზმის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმ მოღვაწეებმა, რომლებიც იყვნენ, ასე ვთქვათ, ლიბერალური აზროვნების, ლიბერალური კონცეფციის მამები. იმავე, ჯორჯ სტიუარტ მილს თავის წიგნში ,, Considerations on Representative Government” აქვს ზუსტად ჩამოყალიბებული ის პრინციპები, რასაც ქვია თანამედროვე ლიბერალური ნაციონალიზმი. ისევ და ისევ ლაპარაკობს იმაზე, რომ ყველა ერი თანასწორია და ყველა ერს აქვს თვითგამორკვევის უფლება, და ეს თვითგამორკვევის უფლება რეალიზდება, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ მმართველობაში, როდესაც ერი თავად მართავს საკუთარ თავს. იცით, რა არის ძალიან საინტერესო : ყველა ეს ლიბერალური კლასიკური ნაციონალიზმის დიდი აპოლოგეტი საუბრობდა ერთა თანასწორობაზე, მაგრამ სინამდვილეში, იგივე ჯონ სტიუარდ მილისათვის ან ჯუზეპე მაძინისათვის, რომელიც მართლა იყო 1820-30-იან წლებში ჯერ კარბონარიების ცნობილი მოძრაობის მონაწილე იტალიაში, როდესაც პატარა იტალიური სამეფოები, ათეულობით სამთავრო და სამეფო იყო, რომელთაც მართავდა რომის წმინდა იმპერია, ანუ ავსტრიის იმპერია. ჩვენ ცალკე ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა საინტერესო საერთაშორისო ვითარება იყო ამ ეპოქაში, მაგრამ მაძინი ხდება ამ ერთიანი იტალიის პირველი იდეოლოგი. ის იღწვის იმისთვის, რომ ყველა სამთავრო შეერთდეს, გააერთიანოს თავისი ძალისხმევა, განთავისუფლდეს ავსტრიის იმპერიის მმართველობისაგან და შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო. სხვათა შორის, დანარჩენ ევროპაში იტალიური ნაციონალისტური მოძრაობის მიმართ არის ძალიან დიდი სიმპათია. ასე რომ, იცოდეთ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მაძინის ჰქონდა ძალიან ტრაგიკული ბედი, და ის იყო ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალგაზრდა იტალიის მოძრაობა. ეს იყო პირველი განხორციელება იმისა, რაც დღესაც ხდება მსოფლიოში, დავუშვათ, თურქეთში ან ჩინეთში, ანდა იაპონიაში. პირველი ასეთი ტიპის ნაციონალისტური ორგანიზაცია შექმნა სწორედ მაძინიმ, და როდესაც იტალია გაანთავისუფლა, გარიბალდიმ და ბარონმა ტავორმა, მაძინიც გამოაცხადეს ეროვნული იდეების მოღალატედ და, სხვათა შორის, ის იძულებული იყო იტალიაში გამოგონილი სახელით ეცხოვრა და ცხოვრება დაასრულა ნაოცნებარ და განთავისუფლებულ იტალიაში, მაგრამ აბსოლიტური მოკვეთილის მდგომარეობაში. ასე რომ, გახსოვდეთ : ისტორიაში ძალიან ხშირად ხდება ასეთი პარადოქსები. ერთ რამეზეც მინდა გავამახვილო ყურადღება : როდესაც საქმე ისე მიდიოდა, რომ თვითგამორკვევის უფლება რეალურად მხოლოდ დიდ ერებს, დიდ სახელმწიფოებს ჰქონდათ, და არა ყველა მცირე ერსაც და სახელმწიფოსაც, იმჟამინდელი ლიბერალური ნაციონალისტების ისეთი მამებიც კი, როგორიც მილი და მაძინი იყვნენ, ვთქვათ, ისლანდიას ძალიან მცირე ქვეყნად თვლიდნენ იმისათვის, რომ მას თვითგამორკვევის უფლება ჰქონოდა. მეოცე საუკუნის ნაციონალიზმის ჩამოყალიბებაში განმსაზღვრელი იყო თავად კლასიკური ნაციონალიზმის შექმნა, ლიბერალური ნაციონალიზმის შექმნა, მაგრამ ის იყო არასრულყოფილი მანამ, სანამ ვუდრო უილსონმა არ მოახდინა დიდი რევოლუცია საერთაშორისო ურთიერთობებში პირველი მსოფლიო ომის, 1914 წლის შემდეგ. მანამდე ეს პრინციპი – Threshold Principe – ხელშეუხებელი იყო. მხოლოდ უილსონმა უარყო ეს და იმ მსოფლიოში, რომლის გამოხატულებაც გახლდათ პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ერთა ლიგა“, რომელიც შეიქმნა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, მან ერების ბევრად უფრო ფართო წრეს მისცა თვითგამორკვევის უფლება. უილსონამდე ევროპაში შეიძლება ეარსება დაახლოებით თორმეტ-თხუთმეტ სახელმწიფოს, უილსონის შემდგომ ევროპაში კი უკვე იყო ოცდახუთი ნაციონალური სახელმწიფო – ,,Nation State” – ერის სახელმწიფო. მაგრამ, რადგან ეს ზღვარის პრინციპი მოიშალა და ბარიერი აღარ არსებობდა, შემდეგ ეს თავისთავად განვითარდა და ამას მოჰყვა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნაციონალისტური და თვითგამორკვევის ტენდენციების განვითარება არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ არაბულ სამყაროში, ინდოეთში, ინდოჩინეთში, აზიაში. მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან ის ვრცელდება აფრიკაში. მანამდე ბევრად ადრე ვრცელდება სამხრეთ ამერიკაში და პრაქტიკულად ის ხდება სახელმძღვანელო პრინციპი ნებისმიერი ერის თვითგამორკვევისათვის. რომანტიკული ნაციონალიზმის ერთ-ერთი პირველი ფუძემდებელი არის ძალიან საინტერესო გერმანელი ფილოსოფოსი, ისტორიის ფილოსოფოსი ჰერდერი, რომელმაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს შექმნა თავისებური გააზრება იმისა, თუ რა არის ერი. ის ხმარობს ტერმინს ,,Folk”, რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც ხალხი, როგორც ერი. ჰერბერისეული ეს ფოლკი არის ერთობა, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის არა თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე, არამედ დაბადებიდანვე. აი, იქიდან გამომდინარე, თუ რომელია შენი დედაენა, სად დაიბადე, რა გარემოში, რა მემკვიდრეობის მატარებელი ხარ, შენ ეკუთვნი ამა თუ იმ ,,ფოლკს“. ჰერდერი ძალიან დიდი პატივისცემით იყო გამსჭვალული ყველა ერის მიმართ, მაგრამ განსხვავებით ნაციონალიზმის ლიბერალური ტრადიციების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ერი თანასწორია, ჰერდერი აცხადებს პირიქით, რომ ყველა ერი განსხვავებულია, რომ ყველა ერს აქვს თავისი ეროვნული სული. დიახ, ყველა ერი განსხვავებულია, ყველა ერი არის თავისთავადი და თავისებური. ნახეთ, ეს თავისთავად ძალიან ლამაზი იდეაა, და არაფერი სახიფათო ამ იდეაში არ არის. პირიქით, ეს არის აპოლოგია თითოეული ერის თავისთავადობისა, მაგრამ ის სახიფათო აღმოჩნდა მაშინ, როდესაც ამ იდეამ ეროვნული სულის შესახებ დაიწყო განვითარება კონკრეტული პოლიტიკური თეორიის სახით. ჰერდერი, სხვათა შორის, იყო ემანუელ კანტის მოწაფე და იმჟამინდელი ეპოქის გერმანიის მართლაც საუკეთესო წარმომადგენელი. იმ დროს გერმანიაში იყო ძალიან ბევრი მცირე სახელმწიფო. ჰერდერისათვის თავად გერმანული იდეა, როგორც ასეთი, არ არის აბსოლიტურად მნიშვნელოვანი რამ. საერთოდ, ის არ არის არანაირად მებრძოლი სხვადასხვა გერმანული პატარა სამთავროებისა და სამეფოების გაერთიანებისათვის. ის პოლიტიკურ გაერთიანებას საერთოდ არ აყენებს დღის წესრიგში. მაშინ იყო პირველი მოძრაობები ამ მიმართლებით, რომელთა მიმართ ის სიმპათიით არ იყო განწყობილი. ჰერდერის ერთ-ერთი მოწაფე არის ასევე ცნობილი ფილოსოფოსი ფიხტე, რომელიც კიდევ უფრო ავითარებს რომანტიკული ნაციონალიზმის იდეას. ფიხტეს აზრით, კაცობრიობის ისტორია არის სინამდვილეში ეროვნული სულების განვითარების ისტორია. სამყარო თითოეულ მომენტში, აი, ამ ეროვნული სულების ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული. აი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს მართლაც განხვავებული და ამაღლებული შეხედულებები გახდა იმის საფუძველი, რომ სწორედ გერმანული ნაციონალიზმის ტრადიციაში ჩამოყალიბებულიყო ნაციზმის იდეოლოგია. ნახეთ, რამდენად სახიფათოა ხოლმე თითქოს სრულიად უცოდველი და ლამაზი ტერმინების შემოტანა პოლიტიკურ აზროვნებაში. ჰერდერიდან ვიდრე ჰიტლერამდე გავიდა ას ორმოცდაათი წელი. ეროვნული განსაკუთრებულობა, ეროვნული თავისთავადობა ჰერდერთან არ ატარებდა სხვა ერების მიმართ დისკრიმინაციულ ხასიათს. ის თვლიდა, რომ გერმანელებმა ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს ევროპულ ცივილიზაციაში, მაგრამ აბსოლიტურად არ თვლიდა, რომ დავუშვათ, ფრანგები, ან ინგლისელები ნაკლები უფლებების მატარებელნი არიან, ვიდრე გერმანელები. ჩემბერლენი იყო ჰიტლერის წინამორბედი და ფილოსოფოსი, რომელმაც შექმნა რასიზმის, და მნიშვნელოვანწილად ნაციონალიზმის, იდეოლოგია. ეს ნაციონალიზმი იძენს უკვე, აი, იმ მნიშვნელობას, რომ ჩემი ერი ბევრად მაღლა დგას ყველა სხვა ერზე. აი, ჰერდერისეული რომანტიკული ნაციონალიზმის ის პირველი იდეა და ეროვნული განსაკუთრებულობის იდეა ვითარდება ნაციზმის იდეად. მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ თქვენ დაინახოთ, თუ რას იწვევს, ასე ვთქვათ, პოლიტიკური თეორიები, რომლებიც ეფუძნება არა პრაგმატულ, ბუნებრივ და ჯანსაღ თეორიებს, როგორიცაა ლიბერალური თეორიები, არამედ ისეთი თეორიები, რომლებიც ითხოვენ გარკვეულ ხელოვნურ მიდგომას ადამიანის ბუნებისადმი. რატომ აღმოცენდა ნაციზმი? მართლაც, კაცობრიობის წიაღში არ წარმოშობილა იმაზე უფრო საშინელი იდეა, როგორიცაა ნაციზმის იდეა, რომელიც პირდაპირ ამართლებს და იმის აპოლოგეტი ხდება, რომ მილიონობით ადამიანი, დავუშვათ, იმის გამო, რომ ის ეროვნებით ებრაელია, უნდა დაიწვას გაზის კამერაში. როგორ წარმოიშვა ასეთი არაადამიანური, სრულიად მონსტრული ფილოსოფია გერმანიაში, იმ გერმანიაში, რომელმაც ევროპას აჩუქა ყველა სფეროში – მხატვრობაში, ფილოსოფიაში, მუსიკაში, ლიტერატურაში – ამდენი რამ? სულ სხვაა სწორედ ის რომანტიკული იდეალიზმი, რომელიც, როდესაც, მაგალითად ჰაინეს ლექსებში, მომხიბლავია, და არის რომანტიზმის ტრადიციის რაღაც არაჩვეულებრივი გამოვლენა; მაგრამ როდესაც რომანტიზმი ხდება სახელმძღვანელო პოლიტიკოსებისათვის, ის თანდათან მოდიფიცირდება სწორედ იმ სიმახინჯემდე, რაც იყო ნაციზმი. როდესაც რომანტიზმი არის უბრალოდ ბეთჰოვენის მუსიკა, ეს არის მართლაც უდიდესი მონაპოვარი მსოფლიო კულტურისათვის, მაგრამ როდესაც ცდილობ ახსნა შენი სახელმწიფოს, შენი ერის განვითარება, ის დაინახო და იწინასწარმეტყველო ირაციონალურ ტერმინებში, ეს ასე სახიფათო ხდება. მე, საერთოდ, ვარ ლიბერალიზმის ჩამოყალიბებული მომხრე და წინასწარ გაფრთხილებთ, შეიძლება ვიყო გარკვეულად სუბიექტური ამ თვალსაზრისით. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი იდეა, რომელიც არ არის აღმოცენებული ადამიანისა თუ საზოგადოების მიმართ ჯანსაღ და ბუნებრივ შეხედულებაზე, აუცილებლად შექმნის ძალიან ბევრ პრობლემას. მოკლედ, ნაციონალიზმის განვითარებასთან დაკავშირებით, თუკი მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში კლასიკური ნაციონალიზმი განვითარდა და ფართოდ გავრცელდა ევროპაში, ნაპოლეონის ომების შემდეგ, როცა, ერთის მხრივ, ნაპოლეონი ახდენს ფრანგული რევოლუციური იდეების ექსპორტირებას ევროპაში და ქმნის სრულიად სამართლებრივ სისტემებს, ის არა მხოლოდ იპყრობს გერმანულ სახელმწიფოებს, იტალიას და სხვა, ახდენს ,,ბაცილის“, როგორც ამას მეტერნიხი უწოდებდა, გავრცელებას. ამავე დროს, ნაპოლეონის ომებთან ერთად ვრცელდება იდეები ფრანგული კოსმოპოლიტიზმისა, რომელიც სინამდვილეში არის ფრანგოცენტრული კოსმოპოლიტიზმი. როდესაც ლაპარაკია ერთიან ევროპულ ერთიანობაზე, როდესაც ლაპარაკია საკაცობრიო ძმობაზე, ერთობასა და სიყვარულზე, სინამდვილეში ამის მიღმა დგას ძალიან ინტენსიური ფრანკოფონური პოლიტიკა, როდესაც ხდება ფრანგული ენის, ფრანგული შეხედულებების, ფრანგული ჩაცმულობის, ფრანგული არქიტექტურისა და ა. შ. კულტივირება. ამ ფრანგული კოსმოპოლიტიზმის საპასუხო რეაქცია ხდება სწორედ ნაციონალური მოძრაობების, ნაციონალური შეხედულებების ძალიან ინტენსიური და სწრაფი აღმავლობა პრაქტიკულად მთელს იმჟამინდელ ევროპაში : ესპანეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში, საბერძნეთში და სხვაგანაც. ნაციონალიზმის სწორი გაგება უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენთვის, დღევანდელი ქართველებისთვის. მე თქვენ გესაუბრებოდით ნაციონალიზმის კლასიკურ, ლიბერალურ ტრადიციაზე, და გესაუბრებოდით რომანტიკულ ნაციონალიზმზე. მოდით, რამდენიმე წუთი დავუთმოთ იმას, რომ თქვენთან ერთად ვცადოთ მოვახდინოთ ქართული ნაციონალიზმის, აი ამ ტრადიციის, რომელიც ამ თვალსაზრისით იყო საქართველოში ამ წლების განმავლობაში, კლასიფიცირება. რომელ ნაციონალიზმს მიეკუთვნებით თქვენ? ერთერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ პრაგმატულად არ აღვიქვამთ ჩვენს ნაციონალურ ინტერესს. აი, დავუშვათ, ვითარება, პრობლემები აფხაზეთში, როგორ რეაგირებს ამ პრობლემებზე ქართული საზოგადოება? არის ძალიან მცირე, რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი, მაგალითად, ზურაბ ჭავჭავაძე, რომელიც გამოდის და იწყებს ქართულ-აფხაზური ერთიანობის აპოლოგიას და, ასე ვთქვათ, ხმალამოღებული დადის. ამას გაიძახის სოხუმშიც, რომ ჩვენ ვართ ერთი, განუყოფელი ისტორიული, ეთნიკური, პოლიტიკური ერთობა. არის დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის უდიდესი ნაწილი, მათ შორის დღეს ყველასათვის ძალიან პატივსაცემი პიროვნებები, რომლებიც აყალიბებენ სულ სხვა იდეოლოგიას, რომ აფხაზები არიან აფსუები, არიან აქ, ბოდიში ამ გამოთქმისათვის, ჩამოთესლებულები, არასოდეს აქ არ უცხოვრიათ, და ა. შ. ანუ ხდება ამ დაპირისპირების გაღრმავება. აი, სწორედ ეს არის რომანტიკული ნაციონალიზმის რეაქცია იმ კონკრეტულ პირობებზე, რომლებიც ამ ერს ჰქონდა, ამ საზოგადოებას ჰქონდა აფხაზეთთან მიმართებაში. როდესაც ერთი გზა ისაა, რომ შენ პრაგმატულად სცადო ამოავსო უფსკრული და შეადუღაბო ერი, და მეორე გზა რეალურად ისაა, რომ, ასე ვთქვათ, საბოლოოდ გახლიჩო ქართველები და აფხაზები, მუდმივად ილაპარაკო შენს განსაკუთრებულობაზე, შენს განსაკუთრებულ უფლებაზე ამ ტერიტორიასთან მიმართებაში და ძალის გამოყენებით შეეცადო შენი პრობლემის გადაწყვეტას. ესეც ჩვენი, ქართველების საყვარელი სავარჯიშოა, რომ გამოვიგონოთ ის გარე მტრები, რომლებიც ჩვენ გვინერგავენ ცუდ იდეალებს, და საერთოდ, ყველა უბედურება მოაქვთ. მართლაც, იყო პატრიოტიზმის, თანამედროვე პატრიოტიზმის მოთხოვნილება, მაგრამ ვიღაც ცუდ ადამიანს კი არ მოუტანია სწორედ იმ ტიპის ნაციონალიზმი, რაც ჩვენთან განვითარდა. ეს იყო უბრალოდ ჩვენი სულიერი კულტურისა და გარკვეული ჩვენი სიზარმაცის გამოხატულება იმ მომენტისათვის, და მე არ ვლაპარაკობ, სხვათა შორის, მხოლოდ თხუთმეტი წლის წინანდელ ამბებზე. დღეს საქართველოში მთელი სერიოზულობით დგას დღის წესრიგში ისეთი თემა, რომელიც ამ კლასიკური ნაციონალიზმის პოზიციიდან არის, როგორც ორჯერ-ორი ოთხია, ასეთი ცხადი საკითხი – უნდა იყოს თუ არა ნაციონალობის ჩანაწერი პასპორტებში? აი, რაზეა ლაპარაკი. წარმოიდგინეთ, რომ არის საქართველო, სადაც მთელი მოსახლეობის 30% – ს შეადგენს არაქართული ეთნიკური წარმოშობის მოსახლეობა. რა უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს ამოცანა, აი, ამ ადამიანებთან მიმართებაში? ერთის მხრივ, არის ვარიანტი, რომ შენ დააფიქსირო, რომ ესენი რაღაც სხვა, უცხო სხეულები არიან, და მისცე მათ ფირმანი, რომ შენ ხარ განსხვავებული და სხვა მიმართება გაქვს ქართულ სახელმწიფოსთან, ვიდრე მე, ქართველს. და მეორე გზა ის არის, რომ ნელ-ნელა მოახდინო მათი ინტეგრირება, – მე არ მინდა ტერმინი ,,ასიმილაცია“ ვიხმარო, – თუმცა რეალობაში ეს ნიშნავს მათ ასიმილირებას, ჩართვას საერთო ეროვნულ პროცესში. რომელი გზა არის მომგებიანი ქართული სახელმწიფოსთვის ? საქართველომდე ბევრ ქვეყანას უარსებია როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას, და ამ მიმართებით წარმატებული გამოცდილებაც აქვს. მათ შორის არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ეს არის თურქეთის რესპუბლიკა, სადაც თურქი სელჩუკების ეთნიკური ჯგუფი საერთო ეროვნულ შემადგენლობაში წარმოადგენენ უმცირესობას, არიან ნახევარზე ნაკლებნი თავად მრავალი თურქი მეცნიერის შეფასებით; ზოგი თვლის, რომ ეს არის 60%, ზოგი – რომ 45%-ია. დანარჩენი არის ქურთი, ლაზი, ბერძნული თუ სომხური და სხვა წარმოშობის მოსახლეობა. რა პოლიტიკა აირჩია თურქეთმა? წარმოიდგინეთ, რომ 1918 წელს, ან 1920 წელს გამოეცათ დეკრეტი, რომ ყველა ლაზს ჩაეწეროს თურქულ პასპორტში : თურქეთის მოქალაქე ლაზი; ყველა ქართველს ჩაეწეროს: თურქეთის მოქალაქე ქართველი; ყველა ქურთს – თურქეთის მოქალაქე ქურთი. რა ვითარება იქნებოდა დღეს თურქეთში? ალბათ, ბევრი თქვენგანი ყოფილა თურქეთში. ქართულენოვან პროვინციებში მე შემხვედრია ძალიან კარგი ქართულით მოსაუბრე ქართული წარმოშობის თურქები, რომლებიც პირად საუბარშიც კი ამბობენ: მე, რა თქმა უნდა, ვარ თურქი. ეს გვიჩვენებს იმას, თუ როგორ თვლის ის თავის თავს იმ სახელმწიფოს მოქალაქედ, რომელშიც ცხოვრობს. ეს არ არის საიდუმლო და ამიტომ შემიძლია ვთქვა : შევარდნაძესთან ერთხელ მქონდა მწვავე კამათი ამ ჩანაწერზე. უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა იყო, იქ ბევრი ხალხი იყო, შევარდნაძე უცებ მეუბნება : არ ხარ შენ მართალი, ზურაბ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, საბჭოთა დროს ჩვენ სულ ვიბრძოდით იმისთვის, რომ ეს ჩანაწერი ,,ქართველი“ დარჩენილიყო პასპორტში. – ბატონო ედუარდ, სწორედ ისაა საქმე, რომ მაშინ რაც იყო ქართველის ინტერესი საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, დღეს არის სომხის ან აზერბაიჯანელის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, უმცირესობების ინტერესი არის, რომ მათ ამ ჩანაწერით მიიღონ განსაკუთრებული სტატუსი, იმიტომ რომ შენ კონსტიტუციით აღიარებული გაქვს მისი, როგორც მოქალაქის, ყველა უფლება, მაგრამ რაკი შენ უწერ, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე – პლუს სომეხი, საქართველოს მოქალაქე – პლუს აზერბაიჯანელი, ამით შენ დამატებით ვალდებულებებს იღებ, სრულიად კონკრეტულ ვალდებულებებს, რომ იზრუნებ მის ენაზე, იზრუნებ მის კულტურაზე, იზრუნებ მის თვითმყოფადობაზე, ქართულისგან განსხვავებულ თვითმყოფადობაზე და ასე შემდეგ. აჭარაში ვერანაირად ვერ იარსებებს სეპარატიზმის იდეა, ქართველებისგან გამოყოფის იდეა. იქ არის პოლიტიკური პრობლემა, იქ არის კონკრეტული პოლიტიკური ლიდერის პრობლემა და მისი დამოკიდებულება სხვა პოლიტიკური ლიდერისადმი. ხომ არ არის ამ თემაზე საუბარი ხელოვნურად გამოწვეული იმ დროს, როდესაც ამდენი სხვა პრობლემაა? ეროვნული მშენებლობისა და ეროვნული სახელმწიფოს მთავარ საკითხებზე საუბარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაიდოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისწავლოთ იმის განცდა, რომ ჩვენ ვართ ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები. არის ხოლმე ორი მიდგომა. ერთი, როდესაც ნებისმიერ ადამიანების ჯგუფს, ამ შემთხვევაში ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს, აქვს კონკრეტული პრობლემები, შენ კი ვერ პოულობ ამ პრობლემების ეფექტურ ახსნას, იწყებ, ასე ვთქვათ, აბსურდული, კონსპირაციული თეორიების გამოგონებას და ამბობ, რომ, აი, მე კორუფციას იმიტომ კი ვერ ვამარცხებ, რომ ამის გაგება არა მაქვს, რომ არის რაღაც მსოფლიო შეთქმულება ჩემი სამშობლოს წინააღმდეგ, დავუშვათ სიონისტები და მასონები აფათურებენ ხელებს, და ასე შემდეგ, მაშინ, როცა ის ძალიან მარტივი რაღაცაა, ზედაპირზე დევს, უნდა აიღო და შეაფასო. ზუსტად ასევეა ყველა ის საკითხი, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ერის წარმატებას და სამომავლო კეთილდღეობას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვიყოთ პრაგმატულები, ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ დავინახოთ, თუ რაში მდგომარეობს ჩვენი ეროვნული ინტერესი. მე უნდა გითხრათ, რომ საქართველოს აქვს ამის გამოცდილება. მე დღეს არ მინდა გავუსწრო მოვლენებს. ჩვენ ვისაუბრებთ იმ საოცარ გამოცდილებაზე, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ქმნიდნენ. გავიხსენოთ იგივე, დავუშვათ, დავით აღმაშენებლის გამოცდილება. ჩვენ რომ გვგონია, დავით აღმაშენებელი იყო კარგი გამრტყმელგამომრტყმელი ტიპი, რომელიც ხმალს იქნევდა მაგრად… ეს არის პიროვნება, რომელმაც შექმნა რიშელიემდე ოთხასი წლით ადრე ის, რასაც ჰქვია ნაციონალური ინტერესის კონცეფცია. დავით აღმაშენებელი მეჩეთში იმიტომ კი არ დადიოდა, რომ გულჩვილი იყო, – მას შეეძლო უპრობლემოდ სარზე გაესვა ათასობით ადამიანი, როცა ეს სახელმწიფოს ინტერესებს სჭირდებოდა. ის იქ დადიოდა იმიტომ, რომ მიეცა ,,მესიჯი“, ასე ვთქვათ, ყველა თავისი მუსლიმანი ქვეშევრდომისათვის, ყველა იუდეველური წარმოშობის ქვეშევრდომისათვის, ყველა სომხური წარმოშობის ქვეშევრდომისათვის, რომ თქვენ ხართ ზუსტად ისეთივე ძვირფასნი ჩემთვის და ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები ჩემი სახელმწიფოსი, როგორიც, ვთქვათ, ქართული წარმოშობის ადამიანები. ამის პრეცედენტები არსებობს საქართველოში. ჩვენ სამწუხაროდ, არასოდეს დაგვიფიქსირებია ის, რომ ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, ვიფიქროთ საქართველოს, ერთიანი ქართული სახელმწიფოს პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, დავინახოთ ზუსტად ის გზები, ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ უფრო მალე მოგვიტანს წარმატებას. ჩვენ უარს ვამბობთ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტაზე, იმიტომ, რომ რაღაც ირაციონალური თემებით, აბსურდული ცნებებით ვოპერირებთ. ჩვენ კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის ნაცვლად, თვითონ ვიგონებთ რაღაც მსოფლიოს, სადაც არიან რაღაც ზღაპრული ურჩხულები, მფრინავი დრაკონები, და ამას უნდა დავუპირისპირდეთ ხმლებით. და ეს – იმის ნაცვლად, რომ კონკრეტულად ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო და კონკრეტული პრობლემები ვაგვაროთ ამ გამოგონილ სამყაროში. მე მინდოდა დღეს ჩვენ სწორედ ამ სამ კონცეფციას გავცნობოდით, თუნდაც ისე ზოგადად, როგორც მე გაგაცანით თქვენ. ეს გახლავთ ლიბერალიზმის, სოციალიზმისა და ნაციონალიზმის კონცეფციები. ეს სამი ფაქტორი იყო ის მამოძრავებელი მოტორი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა უკანასკნელი ორასი წლის საკაცობრიო ისტორიას, და სამივე ეს იდეა დღესაც ინარჩუნებს უდიდეს აქტუალობას ჩვენი ქვეყნისათვის. გაქვთ რამე კითხვები? ბატონო ზურაბ, ჩვენ ვახსენეთ, რომ ქართველებს გვაკლია ეროვნული თვითშეგნება, ეს მართალია. რატომ არის ეს ასე? რა არის ამის მიზეზი?უფრო ღრმად დევს, ვიდრე სოციალიზმის ლოზუნგი.ისე, ჩვენ მაინც ვიზრდებოდით ეროვნული თვითშეგნებით, მაგრამ მაინც….მე მგონია, ეს შეკითხვაა, თუ რა არის ქართული ნაციონალიზმის, ქართული სახელმწიფოს – ნაციონალიზმს მე ამ თვალსაზრისით ვხმარობ, – მთავარი პრობლემები. მე მინდა ამაზე ერთად ვიფიქროთ ჩვენ იმ ორნახევარი თვის განმავლობაში, რაც მექნება თქვენთან ურთიერობა. მე მინდა გავიგო თქვენი აზრიც ამ საკითხთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ქართული ეროვნული თვითშეგნება, სამწუხაროდ, არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ბევრი სხვა ერისა. ჩვენთან, მაგალითად, აშკარად არის ბევრი ტრაიბალისტური მომენტიც, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ჩვენთან ძალიან ძლიერია კუთხური თვითიდენტიფიკაციაც, და არის კუთხეები, სადაც ეს კუთხური თვითიდენტიფიკაცია ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე საერთო ნაციონალური თვითიდენტიფიკაცია. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმე უარყოფს, რომ ქართველიც არის ამავე დროს. კი, მაგრამ პირველ რიგში არის თავისი კუთხის წარმომადგენელი. მე უნდა გითხრათ, რომ ეს არ არის ტრაგიკული რამ, თუ ამას სერიოზულად შევხედავთ. ერთ-ერთი მთავარი რამ ისაა, რომ, – მე არ მინდა წინ გავუსწრო იმას, რაზედაც შემდგომში ვაპირებ გესაუბროთ, – ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან ბევრი ერი არ არის რაღაც თავიდანვე ჩამოყალიბებული ერთობა. ბევრი ერი, და უმეტესობა ეროვნებისა წარმოადგენს ხელოვნურ კონცეფციას. აი, დავუშვათ, დაუკვირდით გერმანიას! მხოლოდ ბისმარკის შემდეგ ყალიბდება გერმანია დაახლოებით იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც არის დღეს, და გისვამთ კითხვას : რატომ არ არის, დავუშვათ, ავსტრია გერმანიის ნაწილი, და რატომ არის ავსტრიული თვითშეგნება სხვა, ვიდრე გერმანული თვითშეგნება? ეს აშკარად სხვადასხვაა და სხვა ერია, სხვა ეროვნული ერთობაა. ეს ხელოვნური კონცეფციაა. ზუსტად ასევეა იტალიაც. სხვათა შორის, იტალია, რომელიც იმავე მაძინის, გარიბალდის პერიოდამდე დაყოფილი იყო სრულიად სხვადასხვა სამთავროებათ და ტერიტორიებად, ყალიბდება ამ ერთობის სახით სწორედ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში. მე მაქვს ჩემი შეხედულება, რომ საქართველოც არის ერთგვარი ხელოვნური კონცეფცია. ქართულ ისტორიოგრაფიაში არის ფანტასტიკური მომენტი, როდესაც ფარნავაზი ხდება ერთიანი ქართული სახელმწიფოს სუვერენი. თუ დაკვირვებიხართ, რაღაცა მომენტში მასთან მიდის კოლხეთის მეფე, ქუჯი, და ეუბნება, რომ შენ უნდა იყო ყველა ჩვენგანის ზევით, შენ უნდა გახდე ჩვენი ბატონი, და ქუჯი თანხმდება, რომ ის გარკვეულად ცენტრალიზებული ადმინისტრაციის პირობებში გახდეს ერთ-ერთი ერისთავი. ჩემი საქმე არ არის იმის განსაზღვრა, ეს ლეგენდა არის თუ ისტორიული ფაქტი, მაგრამ ჩემთვის, როგორც დღეს მოქმედი პოლიტიკოსისათვის, ეს, თუნდაც ლეგენდა, ძალიან მნიშვნელოვანი რამაა. ხომ შეიძლებოდა ქუჯი არ მისულიყო ფარნავაზთან და მისულიყო, მაგალითად, ვიღაც გადამთიელთან და ეთქვა, რომ იქ შევქმნათ ცალკე სახელმწიფო. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ თქვენ, ადამიანებს, რომლებმაც თქვენი წილი უნდა შეიტანოთ ამ სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, და თქვენი პასუხისმგებლობები უნდა აიღოთ, უნდა გესმოდეთ, რომ ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. შეიძლება ბრიტანეთი ჩამოყალიბდა ეროვნულ ერთობათ ისე, როგორც ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ, შემორტყმული იყო ოკეანითა და ზღვით. მაგრამ კონტინენტურ ევროპაში ძირითადათ ასე თავისთავად ხდებოდა ამ ეროვნული ერთობების წარმოქმნა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება, და იცით, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს გესმოდეთ? იმიტომ, რომ ამ ეროვნული ერთობის ნაწილი უნდა იყოს აუცილებლად ჯავახელი სომეხი, ან მარნეულელი აზერბაიჯანელი. მასაც უნდა აკავშირებდეს ამ ქვეყანასთან და ამ ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებასთან იმ ერთობის განცდა, რომელიც აკავშირებს, დავუშვათ, კახეთის, გურიის ან სამეგრელოს მცხოვრებთ. ჩვენ ახლა ვაყალიბებთ თანამედროვე ქართულ ნაციონალიზმს და ეს აუცილებლად უნდა გვესმოდეს. სხვა შემთხვევაში ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს ექნება ძალიან სუსტი წერტილი. ესე იგი, საქართველოში აზერბაიჯანელი არის ქართველი?რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით ის არის ქართველი. ის არი, დავუშვათ, აზერბაიჯანულ ენაზე გაზრდილი, მაგრამ ის არის ქართველი თავისი ქვეშევრდომობით, თავისი მოქალაქეობით. მე დარწმუნებული ვარ, აქ ბატონი გურამ შარაძე რომ ესწრებოდეს, ძალიან გულდაწყვეტილი იქნებოდა ჩემი ამ მოსაზრებით. თქვენ ისაუბრეთ კლასიკურ ნაციონალიზმზე, რომანტიკულ ნაციონალიზმზე, მაგრამ როგორც მე ვიცი, არსებობს ნაციონალიზმის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებული ასპექტი, რომელსაც ეთნონაციონალიზმი ეწოდება, რომელიც საკმაოდ აქტუალური თემაა დღესდღეობით თუნდაც საქართველოში, და ბევრჯერ, როდესაც თქვენ საუბროთ და როდესაც განმარტებებსაც იძლეოდით ნაციონალიზმზე, მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ საუბრობთ ეთნონაციონალიზმზე.კი, ეს ასე იყო, როდესაც მე ვლაპარაკობდი რომანტიკულ ნაციონალიზმზე. საერთოდ, რა თქმა უნდა, მე ამაზე დღეს ვილაპარაკე. შემდეგ ლექციაზე მე შევეხები იმ თემას, რომელიც ეხება ნაციონალური სახელმწიფოების წარმოქმნის ისტორიას, და ეს იქნება, ალბათ, დასასრული ამ შესავალი ნაწილისა; ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ ხდებოდა საერთოდ ნაციონალური სახელმწიფოს წარმოქმნა; ნაციონალისტური სახელმწიფოები სხვადასხვა ეტაპებზე როგორ განსხვავებულად უდგებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებს და როგორ მივედით ჩვენ ამ ტიპის საერთაშორისო ურთიერთობამდე, რომელიც არსებობს დღევანდელ დღეს და, აქედან გამომდინარე, საქართველოს რა კუთხით, რა პრიზმით შეუძლია უყუროს საერთაშორისო ურთიერთობის მთელ ამ სისტემას. და აქ ჩვენ ისევ ძალიან საფუძვლიანად დავუბრუნდებით ნაციონალიზმის იდეას. მაგრამ, საერთოდ, უნდა გესმოდეთ, რომ, მე რაც ვთქვი, ეს არის ორი ძირითადი ტრადიცია. და არსებობს ძალიან ბევრი სხვა განშტოება. მაგალითად, სულ ცალკე რომ ავიღოთ, არსებობს სიონიზმი. სიონიზმი, რომელიც შექმნა მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში თეოდორ ჰერცმა, არის სრულიად განსხვავებული ტიპის, ძალიან საინტერესო ნაციონალიზმი, რომელიც, მართალია, ერთი ერისათვის, ებრაელი ერისათვის იყო ჩამოყალიბებული, მაგრამ მან საოცრად დიდი ზეგავლენა მოახდინა ძალიან ბევრი სხვა ერის ნაციონალისტური გრძნობებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. ასე რომ, ამ საკითხებს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ჩვენს მომავალ შეხვედრებზე.არის თუ არა დემოკრატია ის წყობა, სადაც ყველაზე ოპტიმალურად და კარგად შეგვიძლია ეს პროცესი გავიაროთ. რა თქმა უნდა.მე მაინტერესებს ამის თქვენეული დასაბუთება. და მეორე საკითხი დაკავშირებულია ეროვნულ იდეასთან, ანუ იმ სფეროსთან, რის გარშემოც უნდა ჩამოყალიბდეს პრინციპი, რომ მიიღოს დასრულებული სახე. მაგალითად, როდესაც დამოუკიდებლობა მივიღეთ, ვიცოდით, რომ დამოუკიდებლობა გვინდოდა, მაგრამ რისთვის გვინდოდა, რისთვის ვაკეთებდით ამას, ძნელი ასახსნელია. ამ დამოუკიდებლობის ჩვენი შინაგანი მოტივაცია, პრინციპში, დასაზუსტებელია, და ისიც უნდა გავიაზროთ, ახლა როგორ უნდა განვითარდეს ეს პროცესი. იგივე დღევანდელი წყობილება და ის გზა, რომელსაც დღეს ვადგავართ, როგორ შეუწყობს ხელს ამ პროცესს მომავალში?დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი ერთიანი ქართული შეგნება შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი ხალხი განახორციელებს დემოკრატიას. მე საერთოდ დარწმუნებული ვარ, და ჩვენ ამაზე ცალკე ვისაუბრებთ, რომ მთელი ჩვენი განვითარების ტრადიცია, ქართული განვითარების ტრადიცია გარდაუვალს ხდის იმას, რომ საქართველომ შეიძლება მოიპოვოს სტაბილურობა და სტაბილური განვითარების კალაპოტში ჩაჯდეს მხოლოდ დემოკრატიის პირობებში. სხვათა შორის, ახლა რომ ვიყავით ამერიკაში ჩვენი ჯგუფი, – ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გადაცემასაც ვცდილობდით და ძალიან წარმატებულად გამოგვდიოდა, – ეს იყო,რომ საქართველო არის სრულიად გამონაკლისი რეგიონის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სტაბილურები მხოლოდ დემოკრატიის პირობებში. ეს არ არის თავისთავადი ფაქტი ნებისმიერი კულტურის მქონე ხალხისათვის. არის ბევრი ერი ჩვენს გარშემო, რომლებსაც სრულიად სხვა გზით შეუძლიათ იცხოვრონ, იყვნენ სხვა წყობილებაში და, ამავე დროს, ეს არ იქნება მათთვის იმდენად ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორი, რომ ხალხი გაუთავებლად გამოდიოდეს ქუჩაში და ახდენდეს დესტაბილიზაციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, სტაბილურობა აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა. საბოლოო ჯამში ერთიანი ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში უზარმაზარ როლს ყოველთვის ასრულებს ერთიანი ეკონომიკური ქსოვილისა და წარმატებული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, საერთო ინსტიტუტების შექმნა. სხვათა შორის, სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად უყურებდნენ ამ საკითხს. მე გვარი არ მახსოვს, სწორედ მაძინის თანამედროვე იყო, დარჯელიკო, თუ არ ვცდები, იტალიელი დეპუტატი, რომელმაც საერთო იტალიური პარლამენტის ერთ-ერთ პირველ სხდომაზე ცნობილი ფრაზა თქვა : ,, ჩვენ შევქმენით იტალია, ახლა ისღა დაგვჩენია შევქმნათ იტალიელები.“ პილსუცკიც კი, პოლონეთის განთავისუფლებისა და გაერთიანებისთვის მებრძოლი ეს ძალიან ცნობილი გმირი, ამბობდა, რომ ერი არ აყალიბებს სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფო აყალიბებს ერს. ასე რომ, სტაბილური სახელმწიფო თავისთავად ხდება განმსაზღვრელი იმისა, რომ ერი ჩამოყალიბდეს, შეიკრას ბოლომდე. ამას სჭირდება ერთად წარმატებული ცხოვრების რაღაც ისტორიული გამოცდილება. მე ასე ვთვლი.თუმცა მმართველობის ფორმებს ვერ დავამკვიდრებთ, ალბათ გარკვეული კულტურული ერთიანობის გარეშე. – რა თქმა უნდა.ცოტა იმპერატიულად გაიჟღერა, რომ პირველ რიგში სახელმწიფო…. იმ დეპუტატის გამონათქვამი, რომ ახლა უნდა შევქმნათ იტალია…. ჯერ, ალბათ, ცოტა იდეოლოგიური საფუძველი….რა თქმა უნდა, ესეც გადაჭარბებული იყო მისი მხრიდან, იმიტომ, რომ იტალიური გარკვეული ერთობა რომ არ ყოფილიყო მანამდე, იტალია იმ ერთიანი სახით ვერ შეიქმნებოდა და, ამ ღვთის წყალობით, ქართველებს სინამდვილეში აქვთ ბევრი საფუძველი ძლიერი ეროვნული ერთობის განცდისათვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მართლაც საამაყო ისტორიული გამოცდილება, რომელიც გვაერთიანებს. ასევე გვაერთიანებს ძალიან ბევრი საერთო სენტიმენტი. ასე ვთქვათ, თითოეულ თქვენგანს და თქვენს მეგობრებს, დავუშვათ, ზუგდიდელებს ან თელაველებს აღელვებთ ერთი და იგივე ეპიზოდები ჩვენი ისტორიიდან, ან ერთი და იგივე ფაქტები და სხვა. ასე რომ, ჩვენი ერის გამაერთიანებელი ფაქტორი ძალიან ბევრია და ეს არის ის საფუძველი, რომელზედაც ყველამ თქვენ უნდა იღვაწოთ.აფხაზეთის შემთხვევაში მარტო ტერიტორია არის თუ სხვა რამ ?ძალიან საინტერესო კითხვაა. მე არა ვარ პროფესიონალი ისტორიკოსი, მაგრამ რამდენადაც ვიცნობ ქართულ ისტორიას, და რასაც ვიცნობ, კერძოდ, აფხაზეთის ისტორიას, აფხაზები ყოველთვის, მიუხედავათ იმისა, რომ ლინგვისტურად აფხაზური ენა უფრო შორს დგას ქართული ენისაგან, ვიდრე, დავუშვათ, სვანური, ამას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა. ისინი განიცდიდნენ თავს ამ ქართული ერთობის ნაწილად, ქართული ერთობის წევრებათ. ეს ერთობლიობა გაწყდა. შედეგი : აფხაზეთს უჩნდება ცალკე ეროვნული შეგნების განცდა, ისინი უკვე გამოყოფენ თავიანთ თავს ამ საერთო ქართული კონტექსტიდან და ამით ცდილობენ გამოცალკევებას დანარჩენი საქართველოსგან. მე ძალიან გთხოვთ, ნუ გადახვალთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენ წინ გველოდება. მე მინდა იმ მიმდევრობით ვიაროთ, რასაც მე გთავაზობთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ….სამცხე-ჯავახეთის მაგალითზე რას იტყვით? – უნდა მივცეთ მას ავტონომია? სამცხე-ჯავახეთს ცალკე ისტორია აქვს. რა თქმა უნდა, მისთვის ავტონომიის მიცემა არ შეიძლება. საერთოდ, არავისთვის არაფრის მიცემა არ შეიძლება, რადგან ეს არის უმთავრესი კანონი, რომ ნებისმიერ ტერიტორიას, არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულს, როდესაც აძლევ ერთხელ რამე უფლებას, იმისი უკან წამოღება შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელია, და ამისი დაბრუნება შემდეგ ხდება მხოლოდ სისხლიანი დაპირისპირების შედეგად.შეკითხვა. ის არ ისმის. მე ვფიქრობ, საერთოდ ამაზე ცალკე ვისაუბროთ შემდეგ შეხვედრებზე, მაგრამ მე მეჩვენება, რომ კავკასიურ ურთიერთობებში, იმ ურთიერთობებში, რომლებიც ყალიბდებოდა კავკასიელ ხალხებს შორის, დავუშვათ, გასული თხუტმეტი საუკუნის განმავლობაში, რელიგიური ფაქტორი ასეთი განმსაზღვრელი და დომინანტი არასოდეს არ ყოფილა. მე ძალიან ბევრი მიმოგზაურია ჩრდილოეთ კავკასიაში, თავის დროზე ძალიან აღფრთოვანებით, ნაირა გელაშვილთან ერთად, გვქონდა მოძრაობა ,, კავკასია – ჩვენი საერთო სახლი“, და მე კარგად მახსოვს, რომ ყველაზე ხისტი ჩეჩენი ლიდერებიც კი ყოველთვის იხსენიებდნენ სიამაყით, რომ მეთექვსმეტე საუკუნემდე ჩეჩნები, ვაინახები, ინგუშებიც, ანალოგიურად, იყვნენ ქრისტიანები, და იქ დღემდე არის რამდენიმე არაჩვეულებრივი ქართული ქრისტიანული ტაძარი. იქ იყო ქართულ ეკლესიაზე ორიენტირებული ქრისტიანობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული ეკლესიაც იმ პერიოდში ძალიან დასუსტებული იყო. იმის კონტრარგუმენტი, რომ აფხაზეთში გადამწყვეტი იყო რელიგიური ფაქტორი, არის აჭარა. აჭარაში ილიას მოგზაურობა იყო ფანტასტიკური ფენომენი. როდესაც ილიამ პირველად ჩამოაყალიბა და განუმტკიცა თითოეულ ქართველს ეს აზრი, რომ ქართველი ქართველია, მიუხედავად იმისა, ის ქრისტიანია თუ მუსულმანი, მანამდე ქართველის იდენტურობის აუცილებელი და გარდაუვალი ნაწილი იყო იმავდროულად ქრისტიანულიც, უფრო მეტიც, მართლმადიდებლური იდენტურობა. ილიამ ამაზე უარი თქვა, მიუხედავად თავისი საოცარი მორწმუნეობისა, და ბრძანა, რომ ქართული იდენტურობა იმ შემთხვევაშიც შეიძლება იყოს, თუ ის არის მუსულმანური იდენტურობის მატარებელიც; იმავდროულად, ქართველობა მან დააყენა ამაზე ზემოთ. და ამ იდეამ, სხვათა შორის, აჭარასა და დანარჩენ საქართველოშიც, დიდი როლი ითამაშა. მეგობრებო, მე არ მინდა დაგირღვიოთ თქვენი სწავლა-განათლების დანარჩენი კურსი. გთხოვთ, რომ ნუ გადადიხართ ამ თანამედროვე ქართულ პრობლემებზე, ვინაიდან მუდამ მოექცევით ჩიხში თანამედროვე ქართული პრობლემების გადაწყვეტისას და ამაზე ფიქრისას, თუ სერიოზულად არ დაფიქრდებით იმაზე, რის შესახებაც მე გესაუბრებით. და ცუდათ თუ მოიქცევით, შემდეგ შეხვედრაზე დაგავალებთ, რომ ,,კაპიტალი“ წაიკითხოთ.ლექცია IV საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია წინა ლექციების განმავლობაში ჩვენი ისტორიული ექსკურსი ძალიან არასრული იქნება, თუკი ჩვენ არ წარმოვიდგენთ, როგორ ყალიბდებოდა ის მსოფლიო, ის საერთაშორისო სისტემა, რომელშიც დღეს არსებობს საქართველო, რა იყო ის ძირითადი ხაზები ქვეყნებს შორის ურთიერთობებში, რომლებსაც თანდათან მივყავდით ჩვენ თანამედროვე მსოფლიოს ჩამოყალიბებისკენ. ჩვენ გვგონია, რომ, დავუშვათ, მეთორმეტე ან მეშვიდე საუკუნის საქართველოს მეფეები, ხელმძღვანელები ან სხვა პოლიტიკური პირები ისეთივე ტერმინებით აღწერდნენ პროცესებს, როგორც ჩვენ, ან, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ტერმინები განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ ისინიც ისევე ხედავდნენ მოვლენებს, როგორც ვხედავთ ჩვენ. ეს ასე არ არის, და იმედი მაქვს, რომ თქვენ რამდენიმე კონკრეტულ შემთხვევაში დარწმუნდით, რამდენად განსხვავებულად, დავუშვათ, თუნდაც თქვენგან განსხვავებულად, ხედავდა დემოკრატიას, დავუშვათ, ათენური პოლისის მოქალაქე. ზუსტად ასევე უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი შეხედულებები იმაზე, თუ როგორ უნდა ყოფილიყო მოწყობილი მსოფლიო და როგორ ურთიერთობაში უნდა ყოფილიყვნენ სხვადასხვა ხალხები და სხვადასხვა ქვეყნები ერთმანეთთან, ძალიან განსხვავდება თუნდაც ოთხასი – ხუთასი წლის წინათ არსებული შეხედულებებისგან. დღეს თვალი უნდა გადავავლოთ ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა ბოლო სამასი-ოთხასი წლის განმავლობაში ევროპაში, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკაში, რამაც საბოლოოდ შექმნა მსოფლიოს დღევანდელი სისტემა, ურთიერთობის ის სისტემა, რომელშიც დღეს არსებობს ეს მსოფლიო. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების ისტორია იმავდროულად არის ეროვნული სახელმწიფოების – Nation State – ჩამოყალიბების ისტორია; იმის ისტორია, თუ, ყველაზე დიდი რესურსების მქონე, ყველაზე წარმატებული სახელმწიფოები როგორ აიძულებდნენ მსოფლიოს, რომ თავის ყაიდაზე გამოექარგათ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა. ისე ხდებოდა, თითქოს სიმბოლურად, რომ თითოეულ საუკუნეს ჰყავდა თავისი დომინანტი ერი, ქვეყანა, რომელიც საკუთარ თარგზე ჭრიდა ევროპისა და შემდეგ მთელი მსოფლიოს მოწყობას. მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპა მთლიანად შეცვალა კარდინალმა რიშელიემ, და საფრანგეთი, ადრე პერიფერიული, ცენტრიდან დაშორებული და საკმაოდ უმნიშვნელო სახელმწიფო, ძლიერ და ევროპაში აშკარად დომინანტის პოზიციაში მყოფ ქვეყანად აქცია. რიშელიემ შემოიტანა ის, რასაც ჰქვია Raison d’etad ეროვნული ინტერესის ცნება, როგორც სახელმძღვანელო ცნება. მეთვრამეტე საუკუნეში ინგლისი ამ ფრანგული დომინირების, ფრანგული ბატონობის სისტემას ძალიან წარმატებით უპირისპირდება, და ქმნის იმ სისტემას, რასაც ქვია ძალთა დაბალანსების სისტემა – Balance of Pover – რითაც იწყებს საფრანგეთის ერთპიროვნული და ძალიან წინწასული ბატონობის დაბალანსებას. მეცხრამეტე საუკუნეში უზარმაზარ როლს თამაშობს იმჟამად ძალიან მოფამფალებული ავსტრიის იმპერია, რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე მოიხსენიებენ როგორც რომის წმინდა იმპერიას – უბრალოდ, ავსტრიის იმპერიას ბედმა გაუღიმა – მას ჰყავდა ფანტასტიკური შესაძლებლობებისა და ცნობიერების მქონე კანცლერი, კლემენს ფონ მეტერნიხი, რომელმაც შექმნა ის სისტემა, სადაც ეს ძალიან დაძაბუნებული ავსტრია ისევ მოექცა მოვლენების ცენტრში. ეს ის ძალიან იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი პიროვნების გენია და მოხერხება პრაქტიკულად უკან არ აბრუნებს, მაგრამ ანელებს ისტორიის ბორბლის ტრიალს და ავსტრიის იმპერია თითქმის მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში დომინანტი ხდება, და შემდეგ თავის დომინირებას გადაულოცავს პრუსიის გარშემო გაერთიანებულ გერმანიას. ჩვენ იმაზეც ვისაუბრებთ, თუ როგორ მოახერხა ოტო ფონ ბისმარკმა ბებერი ავსტრიის საბოლოოდ განძარცვა ძველი დიდებისაგან, დახლეჩილი გერმანული ტერიტორიების გაერთიანება და ყველაზე ძლიერი ევროპული ძალის ჩამოყალიბება. შემდეგ არის მეოცე საუკუნე, სადაც პრაქტიკულად 1919 წლიდან სრულფასოვნად შემოდის სრულიად ახალი მოთამაშე მსოფლიო ასპარეზზე – ამერიკის შეერთებული შტატები. მეოცე საუკუნე აშკარად ამერიკული დომინირების საუკუნეა, როცა თანდათან, მაგრამ მუდმივი წინსვლით ამერიკა აიძულებს ბებერ ევროპას მიიღოს თავისი შეხედულებების სისტემა და მოახვიოს თავისი თამაშის წესები. აი, ეს ევოლუცია, რომელიც იწყება მეთექვსმეტე საუკუნიდან, გულისხმობს რამდენიმე კონცეფციის ერთმანეთთან დაპირისპირებას. როდესაც ვსაუბრობდით შუასაუკუნოვან ევროპაზე, მე გითხარით, რომ მაშინ არსებობდა უნივერსალისტური შეხედულება სამყაროსა და ქვეყნის მოწყობაზე. უნივერსალიზმის იდეა, რომელიც მაშინ იყო გაბატონებული, გულისხმობდა იმას, რომ ადამიანთა საზოგადოება ზეციური სამყაროს ანარეკლი უნდა იყოს, როგორც ზეცაში არის ერთი ღმერთი, მბრძანებელი, ზუსტად ისე უნდა იყოს ერთი უნივერსალური, ანუ საყოველთაო ეკლესია. დასავლეთ ევროპულ ტრადიციაში მოიაზრება კათოლიკური ეკლესია, რომელსაც ჰყავს ერთი თავი – რომის პაპი, და საერო ცხოვრება ამავე პრინციპით უნდა იყოს მოწყობილი და უნდა იყოს ერთი დიდი იმპერია, რომელსაც სათავეში უდგას ერთი იმპერატორი – ეს არის რომის წმინდა იმპერია. ეს იყო უნივერსალიზმის ის ტრადიცია, რომელთან დაპირისპირებაში, კერძოდ პაპიზმთან დაპირისპირებაში, გერმანულ ტერიტორიებზე წარმოიქმნა რეფორმაცია, დიახ, დიდი რეფორმაცია, საბოლოოდ სრულიად ახალი სისტემა შეიქმნა ბრიტანულ კუნძულებზე. ანგლიკანური ეკლესია გამოიყო და მას უშუალოდ მეფე ჩაუდგა სათავეში. საინტერესო ის არის, რომ უნივერსალიზმის პრინციპი სრულყოფილად არასოდეს არ განხორციელებულა რომის წმინდა იმპერიის ხანგრძლივ ისტორიაში – ის გაუქმდა ოფიციალურად 1804 წელს ნაპოლეონის ომების, მის მიერ ვენის ერთ-ერთი დალაშქვრისა და დაპყრობის შემდეგ. რომის წმინდა იმპერია არსებობდა მესამემეოთხე საუკუნეებიდან, აი, ასეთი ხანგრძლივი ისტორია აქვს მას. სხვადასხვა მომენტებში ის თავისი გავლენის ქვეშ ამყოფებდა იმხელა ტერიტორიებს, როგორიც იყო დღევანდელი მთელი პირენეის ნახევარკუნძული, ესპანეთი და პორტუგალია. ჩრდილოეთით მის გავლენაში მთლიანად შედიოდა დღევანდელი ჰოლანდია, ბელგია – მეცხრამეტე საუკუნემდე ბელგიას ავსტრიულ ნიდერლანდებს უწოდებდნენ; ის მთლიანად ახდენდა ზეგავლენას სამასამდე გერმანულ სამთავროსა და სამეფოზე და გერმანია მხოლოდ ბისმარკის დროს ახერხებს გაერთიანებას. აქ შედიოდა მთელი იტალია და აღმოსავლეთი, მათი მიწები ვრცელდებოდა რუსეთის საზღვრებამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის, ანუ ოტომანების იმპერიის საზღვრამდე. მიუხედავათ იმისა, რომ ამხელა იმპერია იყო, ევროპა არასოდეს არ მოწყობილა მთლიანად ამ უნივერსალისტური პრინციპის შესატყვისად. საფრანგეთის მეფეები ბევრად უფრო სუსტები იყვნენ, ვიდრე ვენის მმართველები, ვენის იმპერატორები. ბევრად უფრო სუსტები იყვნენ ესპანეთის მეფეებიც. იქ ძალიან დიდხანს ჰაბსბურგების დინასტია იყო, სწორედ რომის წმინდა იმპერიის მმართველი დინასტია არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი მონარქიული დინასტია. ესპანეთშიც დიდხანს ბატონობდნენ ჰაბსბურგები, მაგრამ, ამის მიუხედავად, დროდადრო ესპანეთიც გადიოდა ავსტრიის იმპერიის გავლენის სფეროდან. მათი პოლიტიკის განმსაზღვრელი იყო პრინციპი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პრინციპი ოდესღაც ბოლომდე იყო რეალიზებული და, მართლაც, მთელი დასავლეთევროპული სამყარო რაიმე მომენტში მოქცეულიყოს მთლიანად ამ ჩარჩოში, იმ სქემაში, რომელსაც ქვია უნივერსალიზმის იდეა. არავინ აყენებდა ეჭქვეშ იმას, რომ სახელმწიფოები, ხალხები, საზოგადოებები უნდა ისწრაფოდნენ ამ სისტემის რეალიზაციისაკენ. აქ იყო ორი უმნიშვნელოვანესი ელემენტი : პირველი – რომის კათოლიკური ეკლესიის, ანუ საყოველთაო, როგორც მას უწოდებდნენ, ეკლესიის ქვეშევრდომები; მეორე – ერთი საიმპერატორო ტახტის, წმინდა რომის იმპერატორის, ტახტის ქვეშევრდომები. ამ პერიოდში, აი, ეს არის გაბატონებული და ხელშეუვალი კონცეფცია, ფილოსოფია, მსოფლმხედველობა. ამ მომენტში გამოდის ასპარეზზე ადამიანი, რომლის მაშტაბის გენიალური მოღვაწე საერთაშორისო პოლიტიკის ასპარეზზე, მე არ ვიცი, რამდენი შეიძლება ჩაითვალოს. ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ბიოგრაფიით წარმოადგენს პარადოქსს. ეს გახლავთ ლუი XIII – ის მთავრობის მეთაური – კარდინალი რიშელიე. იგი, როგორც მისი ტიტული გეუბნებათ, არის რომის კათოლიკური ეკლესიის ძალიან მაღალი რანგის იერარქი, რომელმაც თავისი მოღვაწეობა საეკლესიო კარიერით დაიწყო. თქვენ ბევრი ფილმი გინახავთ, რომლებშიც რიშელიე გამოყვანილია ავ და მოშტერო პერსონაჟად. სხვათა შორის, დიუმას დიდი ცოდვა მიუძღვის იმაში, რომ მასობრივ ცნობიერებაში რიშელიე ძალიან სასაცილოდ წარმოადგინა. სინამდვილეში ეს იყო ადამიანი, რომელმაც საფრანგეთს ცარიელ ადგილზე პრაქტიკულად აჩუქა ორას-ორასორმოცდააწლიანი ჰეგემონია ევროპის კონტინენტზე. მან საფრანგეთი გახადა იმად, რასაც ჩვენ ზესახელმწიფოს ვეძახით – შეუვალ ბატონ-პატრონად მთელს ევროპაში. რის ხარჯზე? ვნახოთ ეს ისტორია. რიშელიეს დროს რომის იმპერიის ტახტზე, – საუბარია ვენაში განლაგებულ ტახტზე, – ადის ფერდინანდ II. ეს იყო აბსოლიტურად ტიპური ჰაბსბურგი, როგორც მას მისი თანამედროვეები აღწერენ, ძალიან მაღალი ზნეობრივი პრინციპების ადამიანი. საერთოდ ჰაბსბურგებს უწოდებდნენ პრინციპების ადამიანებს, რომელთაც ჰქონდათ თავიანთი ჩამოყალიბებული შეხედულება მსოფლიოზე, და მას არავითარ შემთხვევაში არ გადაუხვევდნენ. მათი შეხედულებების სისტემა სწორედ უნივერსალიზმის სისტემა იყო. რა ხდებოდა ფერდინანდ II -ის დროს ავსტრიაში? მას, როდესაც ადის ტახტზე და მანამდეც, სანამ იყო ერჰერცოგი, ანუ ტახტის მემკვიდრე, უხდება შეხლა ისეთ პრობლემასთან, როგორიც არის გერმანულ ტერიტორიაზე გაჩენილი რეფორმაცია. გახსოვთ? მეთექვსმეტე საუკუნის შუა წლებიდან იწყება მარტინ ლუთერის რეფორმა. ლუთერის იდეოლოგიას, ყოველშემთხვევაში ევროპელებზე, შეიძლება უფრო მეტი ზეგავლენა ჰქონდა, ვიდრე კომუნიზმის თეორიას კაცობრიობაზე. ის პრინციპი, რომ ადამიანებს მიეცათ უფლება, თვითონ ეკითხათ ბიბლია, თვითონ შევიდნენ ურთიერთობაში ღმერთთან, მღვდელმსახურის გარეშე ღვთის სიტყვასთან – ეს იყო რევოლუციური გარდატეხა იმ თვალსაზრისით, რომ განუზომლად დიდი თავისუფლების ხარისხი მოიპოვა ადამიანმა ყველაზე, ყველაზე უმაღლეს სუბსტანციასთან, ანუ ღმერთთან ურთიერთობაში. ე.ი. საზოგადოება გახდა ბევრად უფრო თავისუფალი. ამიტომ არ არის გასაკვირი ლუთერის რეფორმაციის იდეების პოპულარობა, და მის პარალელურად იწყება რეფორმაციის მოძრაობა შვეიცარიაში, იტალიაში – კალვინიზმი. ამავე პერიოდში ჰენრი VIII აყალიბებს ანგლიკანურ ეკლესიას და ა. შ. და ბუნებრივია, რომ ამან მყარად გაიდგა ფესვები ძალიან ბევრ გერმანულ სამთავროში, რადგან იმ დროს გერმანელი მთავარი პროტესტანტი გახდა, კათოლიკური ეკლესია დატოვა და პროტესტანტობაში გადავიდა. ამას, ბუნებრივია, მოჰყვა მოსალოდნელი გადაწყვეტილებები. მაგალითად, როდესაც შენ ხარ მთავარი და გადადიხარ პროტესტანტობაში, შენ სამთავროში უზარმაზარი ქონება აქვთ კათოლიკურ ეკლესიას, ეპისკოპოსებს, მონასტრებს და სხვა. ამ დროს, მე ვფიქრობ, რატომ უნდა ჰქონდეს ამ მომპალ კათოლიკურ ეკლესიას ამდენი მიწა, ამდენი სოფელი…. და დაიწყო მიწებისა და ქონების ჩამორთმევა. როგორც გითხარით, ჰაბსბურგები იყვნენ ძალიან პრინციპულები და ჯიუტები, და ვერ ახერხებდნენ დროის მოთხოვნილებისთვის ფეხის აყოლებას, იმიტომ, რომ იყვნენ საუკუნეების განმავლობაში ,,ჩამოყალიბებული პრინციპების ტყვეობაში“. ფერდინანდ II ადის წმინდა რომის იმპერიის ტახტზე და მას ხვდება ის სიტუაცია, რომ მისი იმპერიის შუაგულში, ვენასთან ძალიან ახლოს, მის გვედით, მის მეზობლად, გერმანიაში, იწყება წარმოუდგენელი განხეთქილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მისი იმპერიის საფუძველთა საფუძველს – მთელ იმ სამყაროს, რომელიც მას ძალიან სწამს, და იგი იწყებს ხმალამოღებულ ბრძოლას ამ პროტესტანტული საფრთხის წინააღმდეგ. ვნახოთ ამ მომენტში რას აკეთებს პარიზში კათოლიკური ეკლესიის მთავარი – კარდინალი რიშელიე, ადამიანი , რომელიც შინაგანად იყო ძალზე მორწმუნე ადამიანი. ის არ ყოფილა ცინიკოსი. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მარადიული ცხოვრება, იმქვეყნიური ცხონება და ასე შემდეგ; ის არ ყოფილა ათეისტი. რა უნდა გააკეთოს რიშელიემ, გამომდინარე მთელი ამ საუკუნოვანი ტრადიციიდან, უნივერსალიზმის პრინციპებიდან ? – რა თქმა უნდა, მან ავტომატურად უნდა გამოუცხადოს სოლიდარობა თავის თანამოძმეს კათოლიკურ რელიგიაში, ფერდინანდ II – ს – მისი, კათოლიკეს თვალსაზრისით, წმინდა ომში პროტესტანტების წინააღმდეგ. ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ აქ საუბარია ისეთ სახიფათო ერესზე, როგორიც არის პროტესტანტიზმი, კათოლიციზმის ეკლესიის, და არა სახელმწიფოს, გამარჯვებაზე. წარმოიდგინეთ, რომ რიშელიე იქცევა ამის დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ. იგი აცხადებს, რომ, სანამ იქნება ავსტრია, რომის წმინდა იმპერია, ვენის ტახტი ასე ძლიერი, საფრანგეთს არანაირი პერსპექტივა არა აქვს. წარმოიდგინეთ საფრანგეთი, რომელსაც ჩრდილოეთიდან ავსტრიული ნიდერლანდების, ანუ ბელგიის სახით, აღმოსავლეთიდან გერმანული მიწების სახით, სამხრეთიდან იტალიის სამთავროებისა და ესპანეთის სახით, – აბსოლიტურად ყველა მხრიდან აკრავს რომის წმინდა იმპერია ჰაბსბურგების მონარქიით. რა შანსი აქვს საფრანგეთს, რომელიც პრაქტიკულად ალყაშემორტყმულია ? რიშელიე სწორად აყალიბებს იმ ცნებას, რომელიც ხდება და რჩება კიდევაც განმსაზღვრელად დღემდე ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოს ეროვნული, საკუთარი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ეს არის სწორედ Raison d’ etat, და ითარგმნება როგორც სახელმწიფო, ეროვნული ინტერესი. რაში მდგომარეობს ეს Raison d’etat? ეს მდგომარეობს იმაში, რომ რიშელიე და, მისი თაოსნობით, მთელი ფრანგული სახელმწიფო მანქანა იწყებს მოქმედებას არა უნივერსალური პრინციპებიდან გამომდინარე, არამედ, გამომდინარე საფრანგეთის ეროვნული ინტერესიდან. რაში გამოიხატა საფრანგეთის ეროვნული ინტერესი? ის გამოიხატა იმაში, რომ რომის წმინდა იმპერია უნდა შესუსტდეს. როგორ მოქმედებს რომის ეკლესიის ერთ-ერთი პირველი იერარქი კარდინალი რიშელიე? იგი შედის შეთანხმებაში პროტესტანტებთან, აფინანსებს შვედეთის მეფეს. ის აძლევს ფულს სხვადასხვა გერმანელ მთავრებს, უფრო მეტიც, უთანხმდება ოსმალეთის სულთნებს, მათ ,,უჩხიკინებს“ და ძალზე წარმატებითაც, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან შეუქმნან პრობლემები ვენას, და ის პირდაპირ აცხადებს თავის მიზნად, რომ დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე, ანუ ავსტრიის იმპერიის შუაგულში დაანთოს ისეთი ხანძარი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვენას არ ჰქონდეს იმის შანსიც კი, რომ გაიხედოს დასავლეთისაკენ, პერიფერიაში მყოფი საფრანგეთისკენ. ის აღწევს იმას, რომ მისი მოხერხებული ბალანსირებით მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისიდან იწყება ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ომი ევროპის შუაგულში, რომელსაც ოცდაათწლიანი ომი ჰქვია, – იწყება 1618 წელს და სრულდება 1648 წელს ვესტფალიის ცნობილი ზავით. პრაქტიკულად ნაპოლეონის ომებამდე შექმნილი ევროპა ეს იყო ვესტფალიის სისტემით შექმნილი ევროპა, რომელიც გზას უხსნის ეროვნული სახელმწიფოების ჩამოყალიბებას, და ჩამოყალიბებას იმ პრინციპისას, რომელსაც ძალთა ბალანსის სისტემა ჰქვია. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ომის დროს ფერდინანდ II – ს აჯანყებულმა გერმანელმა მთავრებმა უთხრეს : ,, მოდი დავამთავროთ ეს ომი“. ამ ომის დროს გერმანიაში სამოცი პროცენტით შემცირდა მოსახლეობა, ყოველი ათი კაციდან ექვსი დაიღუპა. ეს წარმოუდგენლად დამანგრეველი, გამანადგურებელი ომი იყო. ეს ეხება არა მარტო პროტესტანტულ ტერიტორიებს, არამედ კათოლიკურსაც. იყო საშინელი სისხლისღვრა მთელი ამ ოცდაათი წლის განმავლობაში. გერმანელი მთავრები ეუბნებიან ფერდინანდ II -ს : ,,აღარ გვინდა ეს სისხლისღვრა, ჩვენ ვრჩებით ვენის ტახტის ქვეშევრდომებად, გაღიარებთ ჩვენს სუვერენად, უბრალოდ, შენ აღიარე ჩვენი უფლება, რომ ჩვენ აღვასრულოდ პროტესტანტული აღმსარებლობა, ნუ წაგვართმევთ იმ მიწებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვართვით კათოლიკურ ეკლესიას, კათოლიკურ მონასტრებს – დარჩნენ ისინი ახალი მფლობელების ხელში“. როგორც გეუბნებოდით, ფერდინანდი, ეს ომით დაქანცული ფერდინანდი, იყო საოცრად პრინციპული პიროვნება, და მისთვისაც კი ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, მიეღო ასეთი გადაწყვეტილება – რა ჯობია, მოდიან ადამიანები და გეუბნებიან, მოგვეცი საშუალება, ვილოცოთ ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ, და ჩვენ გაღიარებთ შენ ჩვენს ხელმწიფედ – მაგრამ ის ამაზე უარს ამბობს. ამაშია განსხვავება რიშელიესა და მის თანამედროვე პოლიტიკოსებს შორის – განსხვავება რიშელიესა და ფერდინანდ მეორეს შორის, რომელთა ბიოგრაფია იყო ერთმანეთთან დაპირისპირება და, როგორც ხვდებით, ამ დაპირისპირებაში მოიგო რიშელიემ და, ბუნებრივია, მოიგო იმ ქვეყანამ, რომლის პოლიტიკასაც ის წარმართავდა, ანუ საფრანგეთმა. ასე მოხდა უნივერსალიზმის ბატონობის ქვეშ რიშელიეს მიერ ნაციონალური ინტერესის Raison d’etat-ის შემოტანა. როდესაც ლუი XIV – მეფე-მზე ავიდა ტახტზე, მას პრაქტიკულად გახსნილი დახვდა ასპარეზი : დასუსტებული ავსტრია, დახლეჩილი მიწებით, დაძაბუნებული ამ ომით, უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლით, განადგურებული ეკონომიკური რესურსებით, და აღარაფერი უშლიდა ხელს საფრანგეთის დომინირებას ევროპაში. ამ ოცდაათწლიან ომში სხვადასხვა ფორმით აუარებელი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, პრაქტიკულად მთელი ევროპა იყო ამა თუ იმ ფორმით ჩართული ამ ომში, მაგრამ დირიჟორი ამ ძალებისა იყო კარდინალი რიშელიე, რომელმაც პირველმა მიაგნო ამ პრინციპს – მთავარი ზედაპირზე მყოფი ალიანსები კი არ არის, არამედ მთავარი შენი ქვეყნის ინტერესია. თუ შენი ინტერესი ის არის, რომ შენი თანამორწმუნე, ერთმორწმუნე ავსტრია დასუსტდეს, მაშინ ავსტრიის მტრებს უნდა შეეკრა. როგორც უკვე გითხარით Raison d’etat -ის ერთ-ერთი წინამორბედი, რიშელიემდე რამდენიმე ათწლეულით ადრე, ნიკოლო მაკიაველი იყო. მისი ძალიან საინტერესო წიგნი ,,მთავარი“ სუვერენისათვის, ლორენცო მედიჩისათვის მიცემული რჩევებია. თვითონ მაკიაველი არასოდეს ყოფილა მოქმედი პოლიტიკოსი, მან სცადა გაეკეთებინა პოლიტიკური კარიერა, მაგრამ მნიშვნელოვანს ვერაფერს მიაღწია, უბრალოდ, მაკიაველი მნიშვნელოვანია თანამედროვე პოლიტიკური თეორიისათვის თავისი პრინციპით – პოლიტიკა უნდა ფასობდეს არა პოლიტიკოსის მისწრაფებებით, არამედ იმ შედეგებით, რომლებსაც ის მოიპოვებს, ის ამკვიდრებს. მთავარი ის კი არ არის, შენ რა გსურს, რა გიდევს გულში. როდესაც ხარ მმართველი, პოლიტიკოსი, ხელისუფალი, მთავარი არის მიაღწიო შენს მიზანს, და ეს მიზანი ხდება გამამართლებელი და ამავე დროს საზომი იმისა, თუ როგორ იქცეოდი შენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც ხდება კრომველის რევოლუცია, როდესაც ჩარლზ I -ს თავს სჭრიან და ა.შ. და საბოლოოდ ეს მთავრდება იმით, რასაც ჰქვია დიდებული რევოლუცია Glorious Revolution, როდესაც ვილჰელმ ორანელი საბოლოოდ კონსტიტუციური მონარქიის სტატუსით გაბატონდება ინგლისში (1688 წ.). წარმოიდგინეთ ახლა ვილჰელმ ორანელი; რას ხედავს ის, როდესაც გადახედავს ევროპის კონტინენტს ბრიტანეთიდან? ის ხედავს, რომ იქ ყველაფერი დანაცრებულია და წარმოუდგენლად გაძლიერებულია საფრანგეთი. რა საპასუხო გრძნობები უჩნდება ამის მიმართ ინგლისის მონარქს, რომელიც ჰოლანდიელია ? ბელგია და ჰოლანდია სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მმართველობის ქვეშ იყო. ის ხედავს, რომ ლუი XIV კბილებს ილესავს, რომ საბოლოოდ მოახდინოს იმის ანექსია, რასაც დღევანდელი ბელგია ჰქვია, სადაც არის აუარებელი ციხესიმაგრე, არის ძალიან კარგი პორტები, საიდანაც ძალიან ადვილია ინგლისამდე მიღწევა. რა თქმა უნდა, ვილჰელმ ორანელი არანაირად არ აღუფრთოვანებია იმ ფაქტს, რომ ლუი XIV ავითარებს ხელოვნებას, აშენებს ვერსალს და ასე შემდეგ. ის ნერვიულობს იმაზე, რომ ფრანგები აუცილებლად გადმოვლენ მის კუნძულზე, და ეს ტოტალური ფრანგული დომინირება, ბატონობა ევროპაში ძალიან შეკვეცს მისი მონარქიის შესაძლებლობებს. ეს ნაციონალური ინტერესის ცნება Raison d’ etat, როგორც პოლიტიკის იარაღი, ბუნებრივია, აღარ რჩება მხოლოდ ფრანგების მონოპოლიად; ამით ყველანი იარაღდებიან და სწორედ ამ მომენტში, სწორედ ინგლისელებისა და პირადათ ვილჰელმ ორანელის შიშისა და წუხილის შედეგად ინგლისი იწყებს აუარებელი ალიანსის შექმნას, და ძალზე წარმატებითაც. სწორედ ვილჰელმ ორანელი ახერხებს ეგრეთ წოდებული Grand Aliance – ის ჩამოყალიბებას. აქ შედის პრაქტიკულად ყველა : ესპანეთი, ნიდერლანდები, ავსტრია, სხვადასხვა გერმანული მიწები და ა.შ. საფრანგეთის დასაშოშმინებლად. ეს არის სწორედ ის Balance of Powers – ძალთა წონასწორობის სისტემა, რომელიც ძალიან დიდად მოდიფიცირებული, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოშიც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადრე არაფერი მსგავსი არ განხორციელებულა. ძალთა წონასწორობის პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს სახელმწიფოებს შორის მეტნაკლებად მუდმივი ალიანსები, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, ვთქვათ, მეთვრამეტე ან მეცხრამეტე საუკუნეში, დავუშვათ, რუსეთი და გერმანია, რუსეთი და ავსტრია, რუსეთი და საფრანგეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფოები ერთმანეთის გვერდით იყვნენ. სახელმწიფოები ირჩევდნენ ყოველთვის პარტნიორებს იმისათვის, რომ არ დაერღვიათ ეს წონასწორობა, რომელიც იქნებოდა მთლიანად ევროპაში ძირითად მოთამაშეებს შორის. და აქაც, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იდეოლოგიაა. ამ ძალთა წონასწორობის კონცეფციას, რომ თითოეული ქვეყნის ძლიერება გაწონასწორებულია სხვა ქვეყნის თანამშრომლობით, შეაქვს წვლილი საერთო საკაცობრიო ან საერთო ევროპულ კეთილდღეობასა და ძლიერებაში იმდენად, რამდენადაც ის არის გაწონასწორებული. აი, მაშინ ჩნდება ინგლისური პოლიტიკის პრიორიტეტი, ძალიან საინტერესო მიდგომა კონტინენტური პოლიტიკისადმი, რომელიც შენარჩუნდა პრაქტიკულად ჩერჩილის დრომდე, მეორე მსოფლიო ომის დასასრულამდე, რომლის ასლსაც შემდეგ გადაიღებს ამერიკის შეერთებული შტატები. რა პრინციპია ეს? – ჩვენ არაფერი გვესაქმება კონტინენტზე, ჩვენ არ გვაქვს კონტინენტზე არანაირი ტერიტორიის შეძენის ინტერესი. ინგლისი მაშინვე აკეთებს აქცენტს უძლიერეს ფლოტზე, რომელიც ვერავინ ვერც ერთხელ ვერ დაამარცხა, ვიდრე 1945 წლამდე, სანამ ამერიკა შემოდის, როგორც უშველებელი საზღვაო ძალა. დიახ, ვერც ერთხელ ვერავინ ვერ დაამარცხა ინგლისის ფლოტი, და ინგლისს ამიტომ ჰქვია ,,ოკეანეთა დედოფალი“ – ,, Queen of Ocean” – მისი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მეტსახელი. ამ ფლოტის ხარჯზე ის ახდენს სხვა ქვეყნების კოლონიზაციას. ისინი ამბობენ : ,, რაღაზე ვეომო მე გერმანელს, ფრანგს, იტალიელს, როდესაც შემიძლია წავიდე აფრიკაში“; ინგლისელებმა ისე დაიპყრეს ინდოეთი, მთელი ეს უმდიდრესი სუბკონტინენტი, სულ რამდენიმე ბატალიონით. ამიტომ, აი, ეს დებულება აქვთ ინგლისელებს – ჩვენ არანაირი ახალი ტერიტორიების შეძენის ინტერესი კონტინენტზე არ გვაქვს და ჩვენი ერთადერთი ინტერესი კონტინენტზე მდგომარეობს იმაში, რომ არცეთი ძალა არ გაძლიერდეს იმდენად, რომ შეგვიქმნას ჩვენ საშიშროება; ჩვენ ვართ შორს ევროპისაგან. მაშინდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით ლამანშიც კი საკმაოდ მნიშვნელოვანი ზღუდე იყო, მაგრამ მეთექვსმეტე, მეჩვიდმეტე, მეთვრამეტე საუკუნეებშიც ინგლისს აქვს დაცულობის ეს განცდა, იმის განცდა, რომ იგი უნდა ჩაერიოს ევროპულ საქმეებში მხოლოდ იმ ეტაპზე, როდესაც ერთადერთი კონტინენტური ძალა იმდენად გაყეყეჩდება, რომ სერიოზული თვალით ყურებას უწყებს ლამანშის გადალახვის პრობლემას. ამ დროიდან მოყოლებული, ინგლისი კისრულობს ევროპულ პოლიტიკაში ძალიან საინტერესო ფუნქციას. ის მუდმივად არის მათ მხარეს, ვინც ებრძვის იმ მომენტისათვის ყველაზე გაძლიერებულ ევროპულ ძალას. აქამდეც იყო, სხვათა შორის, განსხვავებული მიდგომა ვიგებსა და ტორებს შორის : – ვიგები – და ისინი უფრო იზოლაციონისტები იყვნენ – თვლიდნენ, რომ, სანამ უშუალოდ ინგლისს რამე არ დაემუქრება სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კონტინენტზე და რაიმე მსხვერპლის გაღება, მაშინ როდესაც ტორების პოლიტიკური მიმდინარეობა თვლიდა, რომ მაინც ჯობია პრევენციული ზომების მიღება თავიდანვე, სანამ რეალურად ბრიტანეთის კუნძულებზე შემოჭრის საფრთხის საკითხი იდგება. ეს მეჩვიდმეტე საუკუნის ბრიტანული იზოლაციონიზმის ძალიან საინტერესო დილემაა. ისაა წინამორბედი ამერიკული იზოლაციონიზმისა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ამ განწყობილებების კოპირება ხდება და არსებობს დიდი ეჭვი იმაზე, ჩაერიოს თუ არა შეერთებული შტატები მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში. და ისევე, როგორც ინგლისისათვის, გადამწყვეტი იყო მისი ინდუსტრიული და ეკონომიკური განვითარება და ის, რომ იგი იძულებული იყო არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური ინტერესების დასაცავადაც, მიეღო სერიოზული და მუდმივი მონაწილეობა ევროპულ საქმეთა გადაწყვეტაში; ზუსტად ასევე მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ეს გადამწყვეტი ხდება ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. სხვათა შორის, ნაპოლეონის ომების პერიოდში, როდესაც სიტუაცია კალეიდოსკოპურად იცვლებოდა, ინგლისი სწრაფად იცვლიდა ალიანსებს. ერთხანს ის პრუსიასთან პარტნიორობდა, მერე კი მას ეწინააღმდეგებოდა, მერე ავსტრიას ჯერ მხარში ედგა, შემდეგ კი უპირისპირდებოდა მას და ასე შემდეგ. ამას იმისთვის მოგახსენებთ, რომ გაიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ მომენტში, ძლიერი გაბატონებული საფრანგეთის შექმნის მომენტში, აი, ამ ინგლისური პოლიტიკის წარმმართველმა პრინციპმა – იმისათვის, რომ ფრანგული დომინირების საპასუხოდ შეექმნა ძალთა წონასწორობის სისტემა ევროპაში – Balance of Powers. სინამდვილეში ეს დაბალანსება ყოველთვის ასე უზადოდ და წარმატებით არ ხდებოდა, და ამის ნიმუში, რაც ყველაზე ადვილად შეგიძლიათ გაიხსენოთ, გახლავთ ნაპოლეონის ომები. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ამ უზარმაზარ გამოთავისუფლებულ ენერგიაზე ამხედრებულმა ნაპოლეონ ბონაპარტმა, რომელიც ამ ზვირთს მოექცა სათავეში, და, როგორც ტალღა ანადგურებს რამე პატარა ჯებირს, ასე მიანგრ-მოანგრია ევროპულ ძალთა ბალანსის სისტემა და პრაქტიკულად მოახერხა მცირე პერიოდით, მაგრამ მაინც – ჰეგემონობა. სხვათა შორის, ნაპოლეონის ომებიდან მოყოლებული, რუსეთი იწყებს ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ევროპულ ძალთა ბალანსის სისტემაში. რუსეთი მართლაც ორჯერ – ნაპოლეონის დროს და ჰიტლერის დროს – იხსნის ევროპასა და მსოფლიოს ტოტალური, ხელშეუხებელი ჰეგემონიისაგან, ერთ შემთხვევაში ნაპოლეონისგან, მეორე შემთხვევაში კი ჰიტლერისგან. მანამდე რუსეთი არის რაღაცა ძალიან ველური მონსტრი, მერეც ასეთად რჩება და დღემდე ევროპელის აღქმაში რუსეთი არის ძალიან ველური და მისთვის უცხო, მაგრამ მნიშვნელოვანი ქვეყანა თავის სამყაროში ვითარების გასაწონასწორებლად და დასალაგებლად. ის, რომ ალექსანდრე პირველის დროს ნაპოლეონი განადგურდა პრაქტიკულად რუსეთში, აქედან დაიწყო მისი დაღმა სვლა, მანამდე კი მას არ უგემია არცეთი დამარცხება, აი, იმ მომენტიდან მოყოლებული, რუსეთი ძალზე მნიშვნელოვანი როლის შესრულებას იწყებს და უკვე მუდმივად მოიაზრება ევროპულ ძალთა ბალანსის სისტემაში. ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ ძალთა ბალანსის სისტემა მაშინვე აღდგება და ამ აღდგენის მთავარი არქიტექტორი, ძალიან ძველი მთავარი შემოქმედი ხდება მართლაც საოცარი ნიჭის მქონე ადამიანი, ავსტრიული ოჯახის შთამომავალი – კლემენს ფონ მეტერნიხი, რომელიც ითვლება მეცხრამეტე საუკუნის ევროპის კონსერვატიზმის ერთ-ერთ მთავარ აპოლოგეტად, კონსერვატიზმის იდეების ერთ-ერთ მთავარ გუშაგად. მეტერნიხი ვერ იტანს ვერანაირ ახალ იდეებს, რაც მაშინ ვრცელდება ევროპაში. ის ვერ იტანს ლიბერალიზმს, მას ცეცხლივით ეშინია მისი. ის ვერ იტანს ნაციონალიზმს, რადგან მიაჩნია, რომ ნაციონალიზმი არყევს საფუძველთა საფუძვლებს იმ მსოფლიოში, რომელიც მაშინ არსებობდა. მეტერნიხისა და მისი კონსერვატიზმისათვის მთავარია ეგრეთ წოდებული ლეგიტიმიზმის პრინციპი. ლეგიტიმიზმი იმ დროში მოიაზრება როგორც ერთგულება, მონარქიული ტრადიციების შენარჩუნება. ის ჰაბსბურგების კარზეა, ძალიან ახალგაზრდა ასაკში ხდება ავსტრიის იმპერიის კანცლერი. ორმოცდაათი წელი ის ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ევროპაში და ორმოცდაათი წლის განმავლობაში მთელი ევროპა ცეკვავს მეტერნიხის დუდუკზე. ის იყო თავის ინტელექტსა და თავის ძალაში დარწმუნებული ადამიანი. ის თვლიდა, რომ ყველასთან შედარებით ინტელექტუალურად უფრო ძლიერი იყო და, სხვათა შორის, მოახერხა კიდევაც ავსტრიის იმჟამად პრაქტიკულად მიზერული რესურსებით ის, რომ მთელი ნაპოლეონის შემდგომი ევროპა ისევ ავსტრიულ ორბიტაზე ტრიალებს მეტ-ნაკლებად. 1814 წელს იწყება და 1815 წელშიც გრძელდება ცნობილი ვენის კონგრესი. ნაპოლეონი ჯერ მაშინ თავის პირველ ტყვეობაშია ელბაზე, საიდანაც შემდეგ გამოიქცევა, როდესაც იწყება ვენის კონგრესი, რომლის ამოცანა არის ნაპოლეონის შემდგომი ევროპის რუკის შექმნა. ვენის კონგრესი – ეს არის ერთა ლიგის შექმნის პრაქტიკულად პირველი მცდელობა, მისი ერთგვარი წინამორბედი არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოთა მეთაურები პირველად სხდებიან დიდი ხნით და ფიქრობენ, კამათობენ – შენ ეს მიწა, მე ეს მიწა – რომ გადაქარგონ-გადმოქარგონ ევროპის რუკა ამ ახალი რეალობებისა და თავიანთი ინტერესების შესაბამისად; არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით ჰგავს თუ არ ჰგავს ერთა ლიგას და დღევანდელ გაეროს, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ვენის კონგრესზე კლემენს ფონ მეტერნიხი ახერხებს პირველად დაარწმუნოს თავისი პარტნიორები, განსაკუთრებით ალექსანდრე პირველი და პრუსიის მეფე, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის შიდა მოწყობას. ჩნდება ახალი უნივერსალიზმის იდეა -ის, თუ როგორი ურთიერთობები უნდა იყოს ქვეყნებს შორის, ეფუძნება იმას, თუ როგორ არის ქვეყანა მოწყობილი თავის შიდა ცხოვრებაში. ეს პრინციპი, დაახლოებით სამოცდაათიოთხმოცი წლით გვიან, განმსაზღვრელი ხდება საგარეო პოლიტიკაში უილსონის მიერ მოხდენილი რევოლუციისათვის. მაგრამ უილსონი იყო მეტერნიხის აბსოლიტური იდეოლოგიური ანტიპოდი. მეტერნიხისთვის უნივერსალური პრინციპია ლეგიტიმიზმის პრინციპი. მეტერნიხი ამ პრინციპს სთავაზობს პრუსიის მეფეს ფრიდრიხ ვილჰელმ III -ს, ალექსანდრე I-ს და ავსტრიის იმპერატორ ფრანცს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ სამივე ვართ ლეგიტიმური მონარქიები, მთავარი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით ამ ქარტეხილების ეპოქაში, როდესაც მაძინისნაირი ათასი იდიოტი იტალიელებს მოუწოდებს, რომ გამოვიდნენ ავსტრიის იმპერიის ქვეშევრდომობიდან და შექმნან თავიანთი ეროვნული სახელმწიფო; როცა იქ ვიღაცეები აწყობენ საფრანგეთში გაფიცვებს და მუშების უფლებებზე საუბრობენ; როცა ლიბერალიზმის იდეები იკიდებს ფეხს. აი, ამ რთულ ეპოქაში მთავარია ჩვენ დავიცვათ ერთმანეთის ლეგიტიმიზმი და ეს ხდება საფუძველი იმ კავშირისა, იმ განსაკუთრებული ტიპის ძალთა ბალანსისა, რომელიც იქმნება ვენის კონგრესზე. მაშინ იქმნება ეგრეთ წოდებული წმინდა კავშირი Holly Aliance, რომელშიც შედის სამი აღმოსავლეთ ევროპული სამეფო კარი: პეტერბურგი, ბერლინი და ვენა. და დაუკვირდით, აქ რა ხდება : მონარქისტულ ერთიანობაზე დაფუძნებული მათი კავშირი ქმნის ბარიერს იმ ბუნებრივი პროცესის ასალაგმავად, რომელიც იწყება იმდროინდელ გერმანულ ტერიტორიებზე. სამას ერთეულად დაყოფილ გერმანიას სულ ჰქონდა წადილი, რომ გაერთიანებულიყო. იქ იყო ერთ ენაზე მოსაუბრე ხალხი, რომელსაც ეროვნული იდენტურობის საკმაოდ ერთნაირი აღქმა ჰქონდა. იმ დროს ავსტრიის იმპერია, რომელიც ბუნებრივად ასრულებდა დომინანტის როლს, აბსოლიტურად მოფამფალებული იყო, პრუსიას კი ჰქონდა მზარდი ამბიცია, რომელიც მას ფრიდრიხ დიდის შემდეგ გაუჩნდა. ეს ამბიცია მდგომარეობდა გერმანული ტომების სამთავროების კონსოლიდაციაში. ამ დროს თითქოს უნდა დაიწყოს ომი ავსტრიასა და პრუსიას შორის. მეტერნიხის მიერ შექმნილი ეს წმინდა კავშირი, რომელიც ეფუძნება არა მხოლოდ Raison d’ etat-ს, არამედ არწმუნებს იმ პარტნიორებს, რომ მთავარია, რომ მათ არ დაუშვან ლიბერალური და ნაციონალისტური ტენდენციების გაღვივება ჩვენს ტერიტორიებზე და ევროპაში მთლიანად, არ იომონ ახლა ამ ტერიტორიებისა და გავლენების გადანაწილება-გადმონაწილებისათვის; მთავარია, მათ შეინარჩუნონ ის ევროპა, რომელიც შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ჩვენს თანამშრომლობას იმის გამო, რომ ისინი ლეგიტიმური მონარქიები არიან. და სწორედ აქედან გამომდინარე, მეტერნიხი თვლის, რომ ნებისმიერი დემოკრატია, ნებისმიერი ლიბერალური მოძრაობები, ნებისმიერი ნაციონალისტური მოძრაობები სახიფათოა სტაბილურობისთვის, და ლეგიტიმური მონარქიები ყოველთვის მონახავენ ერთმანეთს შორის საერთო ენას. არსებობს ლაიბნიცის არაჩვეულებრივი გამონათქვამი, – თქვენ იცით რომ ლაიბნიცი ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი იყო და მას, გარდა თავისი არაჩვეულებრივი ფილოსოფიური ნაშრომებისა, ეკუთვნის ასეთი გამონათქვამი : ,,არ არსებობს იმდენად ცუდი მთავარი, რომლის მმართველობის ქვეშ ცხოვრება არ იყოს უკეთესი, ვიდრე ყველაზე საუკეთესო დემოკრატიის პირობებში ცხოვრება“, – ასე აღიქვამდნენ იმ ცხოვრებას, იმ გამოცდილებას, რომელიც შექმნა ფრანგული რევოლუციის ტერორმა. და მაშინ დემოკრატია, თავისუფლება და ლიბერალიზმი დაკავშირებული იყო სწორედ იმ სურათებთან და იმ ამბებთან, რაც უკავშირდებოდა ფრანგულ რევოლუციას. მეტერნიხის დაღმა სვლა იწყება 1860-იან წლებში ბერძნული აჯანყებისა და ბერძნების გამარჯვების შედეგად. საბრალო ბერძნები, რომელთა კულტურაზეა დაყრდნობილი და აღმოცენებული მთელი ევროპა! ამის მიუხედავად, როცა ბერძნები ნაციონალისტური დროშით იწყებენ ბრძოლას, რათა გამოეყონ და მოიპოვონ დამოუკიდებლობა თურქეთისაგან, და თურქები ამას პასუხობენ მართლმადიდებლური ტაძრების სრული ნგრევით, განადგურებით, არაადამიანური სისასტიკეებით – რუსეთი უარს ამბობს ბერძნების არამცთუ დახმარებაზე, მისთვის სოლიდარობის გამოცხადებაზეც კი. ეს იმიტომ, რომ ბერძნები არღვევენ ლეგიტიმიზმის პრინციპს. წარმოიდგინეთ, დახმარება საბერძნეთისა, რომელიც არის ერთმორწმუნე რუსეთისათვის და რუსეთის იმპერატორისთვის მართლმადიდებლობის დამცველი განსაკუთრებით თურქეთის იმპერიის, ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე – არის რუსეთის ღირსების, მისი სამეფო ღირსების საკითხი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა დონეზე არის ლეგიტიმიზმის ის პრინციპი, რომ მთავარია მონარქის ერთგულება, მთავარია ერთგულება შენი კანონიერი, ღვთისაგან ბოძებულ მბრძანებლის მიმართ. როგორ შეიძლება, რომ ბერძენმა აჯანყების ლიდერმა გამოუცხადა ურჩობა და დაუწყო ბრძოლა თავის კანონიერ ხელმწიფეს, იმის მიუხედავად, რომ ეს კანონიერი ხელმწიფე – თურქების სულთანი – არის მართლმადიდებლობის მტერი! ამის მაგალითზე წარმოიდგინეთ, რამდენად შეკრა მეტერნიხმა თავისი ახალი უნივერსალისტური სისტემით ეს წმინდა კავშირი და რამდენად დიდი ძალა ჰქონდა ამ ლეგიტიმიზმზე აგებულ ერთობას. სხვათა შორის, ალექსანდრე I რუსეთის გადასახედიდან ძალზე უცნაური მონარქი იყო. ნიკოლოზ I, რომელიც იყო მისი მემკვიდრე, თვლიდა, რომ ალექსანდრე პირველმა დაანგრია რუსეთის საგარეო პოლიტიკა. ალექსანდრე შედის პარიზში და ათავისუფლებს ევროპას ნაპოლეონის საშინელებისაგან, ის აბრუნებს ბურბონებს ლუი XVIII -ის სახით საფრანგეთის ტახტზე, აღადგენს ბურბონების მონარქიას. მას მოაქვს თავისუფლება ნაპოლეონის უღლისაგან ყველა ევროპელი ხალხისათვის და რუსეთისათვის პრაქტიკულად არაფერს არ იგებს, თუ არ ჩავთვლით რაღაც ტერიტორიულ გაფართოებას პოლონეთის მიმართულებით; და ის რჩება გამოკეტილი თავის აღმოსავლურ ტერიტორიებზე. ალექსანდრე, რომელიც ახალგაზრდობაში ვოლტერისა და ფრანგი განმანათლებლების იდეებზე იყო აღზრდილი და ლიბერალიზმს ქადაქებდა, ძალზე უცნაური პიროვნება იყო. მისთვის ეს წმინდა ალიანსი ბევრი თვალსაზრისით არის რუსეთის ინტერესის საწინააღმდეგო. უცნაური ის იყო, რომ ყველამ გამოგზავნა ვენის კონგრესზე თავის რწმუნებულები – საფრანგეთს ტალეირანი ჰყავდა, ინგლისს კასტელო და სხვა, ხოლო ალექსანდრე I თვითონ ჩამოდის და პრაქტიკულად მთელ წელს ატარებს ვენაში, რუსეთისგან შორს. ის არ ახდენს თავის იდენტიფიკაციას რუსეთის ნაციონალურ ინტერესთან; მას თავის თავზე უფრო მესიანისტური ფუნქცია აქვს ნაკისრები, – ხან იხსნას რევოლუციებისგან ევროპა, ხან ხელი შეუწყოს ლიბერალიზმს და ასე შემდეგ. ეს არის საერთოდ რუსული პოლიტიკის მარადიული გაორება. რუსებს აქვთ მუდამ, ერთის მხრივ, დაუცველობის განცდა და, მეორეს მხრივ, მუდამ აქვთ მესიანური იდეა – მათი მისია ის კი არ არის, რომ რუსებს უნდა აჭამონ, ჩააცვან და ასე შემდეგ, არამედ, მსოფლიო უნდა გადაარჩინონ აუცილებლად. მეტერნიხისთვის მისია არის აბსოლიტურად თავისი ეროვნული ინტერესის მსახურება. ვენა რჩება ევროპის ცენტრად. ეს გრძელდება მანამ, სანამ არ გამოდის ასპარეზზე კიდევ ერთი ძალზე ნიჭიერი ადამიანი – ამჟამად გერმანელი, ოტო ფონ ბისმარკი. ბისმარკი გახლავთ კონსერვატიზმის წარმომადგენელი, ძალზე ჩამოყალიბებული კონსერვატორი, ვერ იტანს პარლამენტს, ლიბერალიზმს. და ეს კონსერვატორი ბისმარკი ხდება ის ადამიანი, ვინც საქვეყნოდ წერტილს უსვამს ავსტრიის ჰეგემონიას გერმანულ ტერიტორიებზე და საერთოდ ავსტრიის იმ დიდ როლს მთლიანად ევროპაში. 1864 წელს ბისმარკი ხდება პრუსიის კანცლერი; ატარებს საოცრად წარმატებულ სამხედრო რეფორმას. მას პირველად შემოაქვს საყოველთაო სამხედრო სამსახური მამაკაცებისთვის. იგი ქმნის საოცარ სოციალური დაცვის სისტემას, რომელიც იწყება ბისმარკის დროიდან, რისთვისაც გერმანელები მართლაც ეთაყვანებოდნენ მას, რადგან საოცრად დახვეწილი სოციალური დაცვის, სოციალური კეთილდღეობის განაწილების სისტემა სრულიად რევოლუციური მოვლენა იყო იმჟამინდელი ევროპისათვის. ბისმარკი აძლიერებს პრუსიის სამეფოს, რომელიც პრეტენზიებს აცხადებს ფრიდრიხ დიდის დროიდან, რის შემდეგაც პრუსია, რიგითი პატარა სამთავრო, გახდება გასათვალისწინებელი ძალა ევროპულ ძალთა წონასწორობაში. ბისმარკმა ეს ყველაფერი განახორციელა პრუსიაში და ის უცებ აცხადებს, ჩვენ რატომ უნდა შევეგუოთ ავსტრიის ბატონობას გერმანიის მიწებზე, როდესაც ჩვენ გვყავს ბევრად უკეთესი არმია, გვაქვს ბევრად უკეთესი ეკონომიკა, სოციალურად ბევრად უფრო უკეთესად არიან დაცულები ჩვენი მოქალაქეები, და გერმანიაში არავინ არაფერს არ უნდა წყვეტდეს პრუსიის გარეშეო? ანუ, რას აკეთებს ბისმარკი? ის აპელირებს ძალაზე. მას უწოდებენ ძალის, გენისა და სისხლის ადამიანს. ის აყალიბებს პოლიტიკაში იმ კონცეფციას, რომელსაც ქვია რეალპოლიტიკა. რა არის რეალპოლიტიკა? იგი არის: არანაირი ლეგიტიმიზმი, არანაირი ერთმანეთთან მეგობრობა. ,,მე ფეხებზე მკიდია ყველანაირი ლეგიტიმიზმი, მე ვიცი ჩემი ძალა. მე პატივს ვცემ ჩემ ძალას, არანაირი სხვა უნივერსალური პრინციპები ჩემთვის არ არსებობს“ – და ის ახერხებს გერმანიის გაერთიანებას. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბისმარკის შემდეგ ინგლისისთვის გაჩნდა ახალი თავსატეხი, როდესაც საფრანგეთთან ტრადიციულ ქიშპობის სანაცვლოდ, უცებ ამ შუაგულ ევროპაში ჩნდება გერმანია; ევროპაში ყოველთვის საფრანგეთი ან ინგლისი იყვნენ ძლიერები. გერმანია იყო სამას სამთავროდ დაქსაქსული, და უცებ ასეთი გერმანიის სახით, რომელსაც ინგლისელები მეთვრამეტე საუკუნეში უძახოდნენ ზარმაც, უქნარა და არაფრისშემძლე ხალხს, იქმნება ახალი უზარმაზარი ძალა ევროპაში, რომელიც მოქმედებს რეალპოლიტიკის პრინციპით – როდესაც აპელირება უკვე ხდება ძალაზე, გახსნილად, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე და არა რაღაც იმ პრინციპებზე დამყარებით, რომლებიც შეიძლება აკავშირებდნენ ხალხებსა და სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, რეალპოლიტიკის განვითარებისთანავე იწყება მისი ანტიპოდის, ანუ მისი ,,სამკურნალო წამლის“ განვითარება. რეალპოლიტიკას, ისევე როგორც თავის დროზე Raison d’etat-ს, ოღონდ ბისმარკისეული ინტერპრეტაციით, მოჰყვება ძალთა გაწონასწორების პრინციპი, რომელიც არის იგივე ძალთა ბალანსი, როდესაც სხვა სახელმწიფოები იწყებენ ალიანსების შექმნას გერმანიის ამ უსაზღვრო გაძლიერების საპირისპიროდ. ბისმარკს აქვს ასეთი გამოთქმა – ,,კოალიციების კოშმარი“, რადგან ბისმარკი მუდამ იყო იმის შიშში, რომ ინგლისი, რომელსაც სათავეში უდგას ფანტასტიკური პრემიერი, დიზრაელი, ძალიან ნიჭიერი და მოხერხებული პიროვნება, გაუთავებლად გერმანიის საზღვრებს გარშემო, რუსეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების ჩათვლით, ხლართავს გაუთავებელ კოალიციებს, რომ შეზღუდოს გერმანია. ეს საბოლოოდ მთავრდება პირველი მსოფლიო ომის დაწყებით, რომელიც იქცევა პირველი გლობალური მაშტაბის კატასტროფად, რომლის შედეგად ევროპამ ვერასოდეს ვეღარ აღიდგინა საბოლოო სახით ის სისტემა, როდესაც თავად მართავდა მსოფლიოს. პირველ მსოფლიო ომს მოყვება ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება საერთაშორისო ურთიერთობებშიც – საერთაშორისო ასპარეზზე შემოდის ამერიკის შეერთებული შტატები და იგი ხდება ის განმსაზღვრელი ღერძი, რომელიც ქარგავს მეოცე საუკუნის ევროპის კონტურებს. იმის პარალელურად თუ როგორ ვითარდება საერთაშორისო ურთიერთობები ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში საერთაშორისო საქმეებთან დამოკიდებულების სულ განსხვავებული ტრადიცია ყალიბდება. როდესაც ვაშინგტონი ხდება ამერიკის პრეზიდენტი, იგი აცხადებს, რომ ამერიკა არასოდეს არ გაგზავნის თავის შვილებს არც ერთ ქვეყანაში, არანაირი მიზეზით. მაშინ ამერიკა, რომელიც არის ორი ოკეანით გამოყოფილი დანარჩენი სამყაროსაგან, თავის კონტინენტზე – როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ამერიკაში, იყო ძალიან სუსტი წარმონაქმნი. ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ათწლეულების განმავლობაში დაკავებულია ძალიან უხეში, ხშირად ვანდალური, სისხლიანი და სასტიკი ექსპანსიებით საკუთარ ტერიტორიაზე. ყველამ ვიცით, თუ რა ბარბაროსულად ექცეოდნენ ინდიელებს, ყველანაირ ხარჯზე აფართოებდნენ თავიანთ მიწებს, მოიპოვებდნენ ახალ ტერიტორიებს, ზოგჯერ ყიდულობდნენ, ასე, მაგალითად, ლუიზიანა მათ ნაპოლეონისგან იყიდეს 1803 წელს. ნაპოლეონს როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ ყიდდა ასეთ მშვენიერ კოლონიებს, მან უპასუხა, რომ ამით ის ხელს უწყობდა ისეთი ძალის შექმნას, რომელიც ბოლოს და ბოლოს ინგლისის ბატონობას ოკეანეებზე ბოლოს მოუღებდა. ნაპოლეონი შეპყრობილია ინგლისის ფლოტის განადგურების სურვილით. მისთვის იგი ხდება ცხოვრების კოშმარი და ინგლისის ჯიბრზე იგი სიმბოლურ ფასად ლუიზიანას მიყიდვით აძლიერებს ინგლისის მეტოქეს, რომ მან ოდესმე მაინც უნდა დაამარცხოს ინგლისი. ნაპოლეონის წინასწარმეტყველება ას ორმოცდაათი წლით გვიან გამართლდა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა ბრიტანეთი. ამერიკაში ყალიბდება ძალიან ბუნებრივი, იზოლაციონისტური მიდგომა. 1830-იან წლებში პრეზიდენტ მონროს დროს ხდება ჩამოყალიბება ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინისა, რომელიც, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ამერიკის საგარეო პოლიტიკის სახელმძღვანელო დოქტრინაა. მონროს დოქტრინის არსი ესაა : არ გვაქვს არანაირი ინტერესი ევროპაში და არანაირად არ ვერევით მის საქმეებში, მაგრამ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს მხრიდან ამერიკის საქმეებში ცხვირის ჩაყოფის მცდელობას ჩვენ განვიხილავთ როგორც გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისათვის და შესაბამისად ვირეაგირებთო. ე.ი., მონროს დოქტრინა აყალიბებს ამერიკის ექსკლუზიურ ინტერესებს ამერიკულ კონტინენტზე და, ამ დოქტრინის შესაბამისად, მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ამერიკა ითვისებს მთელ ამ ტერიტორიებს და აღწევს დღევანდელ მაშტაბებს. პირველი ეტაპი – ეს არის მისისიპიზე ნაოსნობის უფლების მოპოვება, მეორე – იერთებს ლუიზიანას, ესპანეთთან აწარმოებს ომებს ფლორიდისა და ტეხასის გამო, ფართოვდება დასავლეთისაკენ, ანადგურებს ინდიელებს და ასე შემდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები ხდება ეკონომიკურად ყველაზე წინ წაწეული ქვეყანა მსოფლიოში. იყო მომენტი, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში ამერიკა აწარმოებდა მსოფლიო პროდუქციის 30-35 %-ს. წარმოიდგინეთ, რამდენად გაუსწრო მან ცალკე აღებულ თითოეულ ევროპულ ქვეყანას! მან უკვე აითვისა და მოინელა ყველაფერი, რისი მონელებაც შეეძლო ამერიკის კონტინენტზე და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი აცხადებს, რომ ამერიკას აქვს თავისი ინტერესები ევროპაში; ამერიკამ უნდა მიიღოს მონაწილეობა მსოფლიოს გადანაწილებაში. რუზველტი არის რეალპოლიტიკის განუყრელი მიმდევარი. ის არის კონსერვატორი, მას სწამს ძალისა და იმისა, რომ ამერიკას ძალუძს თავისი სიტყვა თქვას ევროპაში და ეს აბსოლიტურად იმჟამინდელი ევროპული ტრადიციიდანაა აღმოცენებული. ამ პოზიციიდან გამომდინარე, ის თვლის, რომ ამერიკა უნდა ჩაერთოს პირველ მსოფლიო ომში. ამ დროს მას რესპუბლიკური პარტიის ლიდერის პოსტზე ამარცხებს ერთი ძალზე უცნაური პიროვნება, უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი აქტიური პოლიტიკური ბიოგრაფია, დაშორებული იყო სამხედრო საქმეებს და ასე შემდეგ – ვუდრო უილსონი, რომელიც იგებს საპრეზიდენტო არჩევნებს. უილსონი და რუზველტი ვერ იტანდნენ ერთმანეთს პიროვნულად, ვინაიდან სულ ერთმანეთს ეცილებოდნენ. უილსონი აცხადებს, რომ ამერიკა აუცილებლად უნდა ჩაებას პირველ მსოფლიო ომში. თითქოს ერთი და იგივეა, რასაც უილსონი და რუზველტი ითხოვდნენ, მაგრამ აქ უილსონის მოტივები დიამეტრალურად საწინააღმდეგოა იმისა, რაც ამოძრავებდა რუზველტს. უილსონი არის ტიპიური ამერიკელი, რომელსაც საოცრად სჯერა იმ პრინციპებისა, რომლებსაც ეფუძნება ამერიკის შეერთებული შტატები. მას სწამს, რომ ამერიკა არის მოდელი, შუქურა მთელი მსოფლიოსათვის, მსოფლიოს ყველა ხალხისათვის, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის, დემოკრატიისათვის. მეტერნიხი ამბობს, რომ ქვეყნის შიდა მოწყობა განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას. უილსონიც მიიჩნევს, რომ შიდა მოწყობა ქვეყნისა არის განმსაზღვრელი საგარეო პოლიტიკისა, და რომ დემოკრატიული ქვეყანა ვერასოდეს ვერ იქნება აგრესორი, რომ დემოკრატია, რომელსაც ამოძრავებს ხალხის ნება, ყოველთვის არის მშვიდობისაკენ, სამართლიანობისაკენ მიმართული, რაც მართალი არ არის, ვინაიდან ყველაზე დემოკრატიული პროცედურებით მოვიდა ჰიტლერი ხელისუფლებაში, და ამის ბევრი სხვა მაგალითიცაა. უილსონი მონაწილეობს პირველ მსოფლიო ომში და 1919 წელს ის ჩადის ევროპაში, ვენაში. ომი დამთავრდა, გერმანია დამარცხებულია და ეს გამოწრთვნილი დემოკრატიის ,,მგლები“ აპირებენ გადაინაწილონ ევროპა, მსგავსად მეტერნიხისა ასი წლით ადრე, ვენის კონგრესზე. მოდის უილსონი, რომელსაც დახვეწილი, ასმერვე თაობის ევროპელი არისტოკრატები დახვდებიან, რომლებიც მას უყურებენ, როგორც სოფლელს, ქაჯს. და ეს ტიპი, რომელიც, იმის მაგივრად, რომ კაცურად დაჯდეს და თქვას, – მე ეს მიწა ჩამომიჭერით, და ის მომეცითო, უცებ იწყებს საუბარს რაღაც იდეალებზე, რაღაც პრინციპებზე, რომელთაც ყველა უნდა დაემორჩილოს. ევროპის მაშინდელი მმართველები ამას აღიქვამენ, როგორც ამაზრზენ ფარისევლობას და კარგად ვერ ხვდებიან, რაშია საქმე. უილსონი ახერხებს, თავისი შეხედულებების მათთვის თავს მოხვევას და ერთა ლიგის შექმნას თავისი პრინციპების შესაბამისად. ხდება სწორედ მისი იდეების, უილსონიალიზმის იდეების პირველი განხორციელება მსოფლიოში. რა არის უილსონიალიზმის იდეა? ეს არის ავტომატური სოლიდარობა თავისუფლებისათვის მებრძოლ ნებისმიერ ხალხთან. ამას წინათ ამერიკელი პრეზიდენტებიც ამბობდნენ, მაგალითად, ვაშინგტონი : ჩვენ ვართ ნებისმიერი ხალხის მხარეზე, ვინც თავისუფლებისათვის იბრძვისო. როდესაც ნაპოლეონი და ინგლისი ებრძოდნენ ერთმანეთს, იმისთვის, რომ არ ჩარეულიყო ამ ომში, ჯეფერსონი აცხადებს, რომ ხმელეთის ტირანი ებრძვის ოკეანეების ტირანს, და ჩვენი საქმე არ არის, ამ ომში ჩავერიოთო, იმიტომ რომ ჯეფერსონის, ვაშინგტონის, მედისონის დროსაც ამერიკული იდეოლოგია აცხადებს : ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ხალხს, ვინც დამოუკიდებლობისათვის იბრძვის, მაგრამ არავის არსად არ ვგზავნითო. უილსონს ეს აჰყავს შემდეგ დონეზე და ამბობს, რომ თავისუფლებისათვის მებრძოლ ყველა ხალხს ჩვენ ავტომატურად ვეხმარებითო.უილსონი აცხადებს, რომ ამერიკის ინტერესი ის კი არ არის, რომ ახალი ტერიტორია შეიერთოს, გაფართოვდეს; მისი ინტერესია, რომ თავისუფლების იდეებმა გაიმარჯვონ მთელ მსოფლიოში, იმიტომ რომ ეს უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას; ამის ხარჯზე პოლიტიკა მსოფლიოში ხდება მშვიდობიანი და ჩვენ აღარ შევალთ ახალ ომებში, და ა.შ. ეს იდეალისტური შეხედულებები ძალზე მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოსათვის. ერთა ლიგის კონსტრუქციაში მთავარი ისაა, რომ უილსონის დაჟინებით მსოფლიო, სადაც ძალთა ბალანსს მანამდე განსაზღვრავდა ალიანსები, კოალიციები, რომლებიც ბისმარკისათვის კოშმარი იყო, ინგლისი ხან ერთთან შედიოდა ალიანსში, ხან – მეორესთან, ხან პრუსიასთან, ხან საფრანგეთთან. ამ კოალიციების სანაცვლოდ ერთა ლიგა გულისხმობს ძალთა ბალანსის პრინციპულად სხვა სისტემას, რომელსაც ჰქვია კოლექტიური უსაფრხოების სისტემა, ანუ ჩვენ იმთავითვე ვქმნით რაღაც სისტემას, სადაც განსაზღვრულია, რა შეიძლება და რა – არა, რა არის დაშვებული და რა – დაუშვებელი. უილსონი აყალიბებს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას მსოფლიოში, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია. კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა არასოდეს ყოფილა სრული და, რა თქმა უნდა, უილსონისტურ პოლიტიკას არასოდეს სრულფასოვნად არ უმოქმედია, მაგრამ მეოცე საუკუნის ყველა ამერიკელი პრეზიდენტი უილსონიანელი იყო. რეიგანს, მაგალითად, ამოძრავებდა გულწრფელი სიძულვილი კომუნიზმისა, იმის განცდა, რომ უსამართლოა არსებობდეს ისეთი ტოტალიტარული სისტემა, როგორიც არის კომუნიზმი. რა თქმა უნდა, თანამედროვე მსოფლიოში არის Raison d’etat, არის ძალთა ბალანსი, არის რეალპოლიტიკის ელემენტები, რასაც, მაგალითად, ჩვენ განვიცდით რუსეთის მხრიდან, მაგრამ არის ის პრინციპები, რომელთაც ერთობლიობაში ჰქვია საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რომლებიც აღმოცენდა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის დადებიდან, და რომლებიც დღემდე ის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია, რასაც ეფუძნება თანამედროვე სამყარო. მაგრამ მეოცე საუკუნეში არსებობდა მეორე უნივერსალური სისტემაც. ეს იყო ლენინის მიერ შექმნილი უნივერსალისტური სისტემა და მიდგომა, რომელიც ამბობდა, რომ მთავარია პროლეტარიატის დიქტატურა. ეს არის, ასე ვთქვათ, ბრძოლა კომუნიზმის გამყარებისათვის, და სადაც არ უნდა იბრძოდეს პროლეტარიატი, საბჭოთა პროლეტარიატის ამოცანაა დაეხმაროს მას. ძალიან საინტერესოა მეოცე საუკუნის ისტორია. ნეტარხსენებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ის შეიძლება ჩაითვალოს ბრძოლად უილსონსა და ლენინს შორის, აი, ამ ორ იდეოლოგიას შორის, და მნიშვნელოვანწილად, რა თქმა უნდა, ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ მნიშვნელოვანწილად მართლაც ასე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ყველა საერთაშორისო მოვლენა, ასე თუ ისე, ამ ხედვების დაპირისპირებისა და წინააღმდეგობის გამოხატულება იყო. 1990-იან წლებში ამერიკამ საბოლოოდ წარმატებით დაამარცხა თავისი უმთავრესი გამოწვევა – მოწინააღმდეგე კომუნიზმი. ბერნარდ შოუს აქვს ასეთი არაჩვეულებრივი გამონათქვამი : – ,,ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ორი ტრაგედია : ერთი – როდესაც ის თავის ოცნებას ვერ აიხდენს, და მეორე, როდესაც ის თავის ოცნებას აიხდენს“. ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა სრულიად ახალ მსოფლიოში – უნიპოლარულ მსოფლიოში, სადაც აღარ იყო დამბალანსებელი საბჭოთა სისტემის სახით. ეს არის ცივი ომის მსოფლიო. თანამედროვე მსოფლიო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ყალიბდებოდა სწორედ ასეთი რთული გზით. ბოლო სამასი-სამასორმოცდაათი წლის განმავლობაში თანდათანობით ყალიბდებოდა ის თანამედროვე მსოფლიო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ და რომელშიც წარმატებას უნდა მიაღწიოს საქართველომ. მე მინდოდა დღევანდელ დღეს, მას შემდეგ, რაც თქვენ გესაუბრეთ ძირითადი დემოკრატიული კონცეფციების განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე, მათ ევოლუციაზე, წარმოგედგინათ, როგორი სრულიად კონკრეტული ვითარებიდან ამოიზარდა საერთაშორისო ურთიერთობების ის სისტემა, რომელშიც არსებობს დღევანდელი საქართველო. ყველა ის დილემა, რომელიც იდგა მსოფლიოსა და ცალკეული ქვეყნების წინაშე ამ ისტორიაში, ძალიან ხშირად დგას ასევე საქართველოს წინაშეც. მითხარით, მაგალითად, როდესაც ყალიბდებოდა ქართული სახელმწიფო და ვითარდებოდა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ვის უფრო შეადარებდით თქვენ ქართველ მოღვაწეებსა და ქართველ ლიდერებს – კარდინალ რიშელიეს თავისი პრაგმატიზმით და ნაციონალური ინტერესის გაგებით, თუ ფერდინანდ II -ს, რომელიც შეპყრობილი იყო ამ სრულიად იდიოტური იდეებით? თქვენ თვითონ გაეცით ამას პასუხი – თუ გინდათ ჩუმად და ამის გაუხმაურებლად. თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ, რა თქმა უნდა, ბისმარკის გაგებით, რეალპოლიტიკა აღარ არსებობს, მაგრამ როდესაც მეკითხებოდით, რა ხდება დღეს, და როცა რუსეთის მხრიდან რაგოზინი მუშტს გვიღერებს და გვიქნევს, ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ტიპს თავისი თავი ბისმარკი ჰგონია, როგორც ჩანს, და ჰგონია, რომ ეს არის მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის გერმანიის ბრძოლა რომელიღაც თავის პატარა კუთვნილ მიწასთან, და წარმოდგენა არა აქვს იმაზე, რომ მსოფლიო იმის შემდეგ ძალიან შეიცვალა, და ეს აზროვნება არსებობს და მას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დღესაც, დღევანდელი საქართველოსთვის და თქვენთვის, რომ გესმოდეთ ეს. და ასევე თქვენ აუცილებლად უნდა გესმოდეთ, რომ რა თქმა უნდა, უილსონიანიზმი, უილსონის ხედვა წმინდა სახით არასოდეს არ განხორციელებულა. ამასთან ერთად, რჩება მსოფლიო მასშტაბით ძალთა გაწონასწორებისა და დაბალანსების სისტემები და მიდგომები. რა თქმა უნდა, იმავე აშშ-სთვის, გარკვეული გაგებით, ეროვნული ინტერესები მისი პოლიტიკის ჩამოყალიბების განმსაზღვრელი და ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველია, მაგრამ ეს მაინც რჩება იმ სულისკვეთებად , რომელსაც ეფუძნება მთლიანად მთელი საერთაშორისო ურთიერთობები, მთელი უილსონიანიზმის თეორია. მე, როგორც ყოველთვის, დროში ვერ ჩავეტიე. დღეს მინდოდა კიდევ მომეყოლა თქვენთვის, თუ როგორ შეიქმნა ერთიანი ევროპა, და რა სისტემას წარმოადგენს ერთიანი ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ დღეს ამას აშკარად ვერ მოვახერხებთ. იქნებ მოახერხოთ დღევანდელ საქართველოზე ორიოდე სიტყვის თქმა? იქნებ, დაგვაიმედოთ.მე ვერ ვხვდები, რამდენადაც მომხიბვლელი არ იყოს ჩემვის უილსონის თეორია, ვერ ვხვდები, რომ ის არ არის ახლოს რეალპოლიტიკასთან, ანუ რომ, რამდენად მომხიბვლელიც უნდა იყოს ის რაღაც ღირებულებები, თუ ძალა არა გაქვს, რომ ის განახორციელო, მისი მორალი ისე ყველასთვის მისაღები არ არის.აბსოლიტურად. სხვათა შორის, თქვენ ახლა ლაპარაკობთ როგორც თეოდორ რუზველტი. ის სწორედ, აი, ასე იჭყანებოდა და ამბობდა : რა აზრი აქვს ამ მორალურ ღირებულებებზე ლაპარაკს, როდესაც ძალა არ არსებობსო. რუზველტი სწორედ ამას ამბობდა : ჩემთვის არ არსებობს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო პრინციპები. ეს ყველაფერი მხოლოდ ლაყაფია, თუ ძალა არ არსებობსო. უილსონი ბევრად უფრო დახვეწილი იყო. რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, და მთელი ეს უილსონიანიზმი ემსახურება, ამავე დროს, ამერიკის ეროვნული ინტერესების განხორციელებას. უილსონიდან მოყოლებული, ამერიკის ყველა პრეზიდენტი აცხადებს : ჩვენ არ გვაქვს ჩვენი საკუთარი ინტერესი ვიეტნამში ან სადმე. ჩვენი ინტერესი თავისუფლების დაცვაა.ეს კარგია, რომ ასეთი ინტერესი გაუჩნდათ, მაგრამ ამას რეალპოლიტიკის გარეშე ვერაფრით ვერ განახორციელებენ, რადგან ძალა განმსაზღვრელი ფაქტორია, რომელსაც ვერავინ ვერ დაუპირისპირდება, მაგრამ, უბრალოდ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ არსებობს ასეთი ძალიან კარგი მორალური პრინციპები. სხვანაირად, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებოდით.ბატონებო, არ არსებობს ალტრუისტი სახელმწიფოები. ამერიკის ინტერესი არის ამერიკის ინტერესი, მაგრამ ამერიკულ ინტერესში ისინი აერთიანებენ ასევე პარტნიორი ქვეყნების ინტერესებსაც. შეხედეთ, თუნდაც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ, რატომ უნდა გამოგზავნოს ვიღაც ამერიკელმა თავისი ჯარისკაცი, ან შვილი, ან მამა, ან ძმა სადღაც გადაკარგულ, რუკაზე აბსოლიტურად რომ არ ჩანს, იმხელა სახელმწიფოში ტერორისტებთან საბრძოლველად. ბოლო-ბოლო, პანკისის ხეობიდან ამერიკამდე და ნიუიორკამდე ვერავინ ვერ მიაღწევს, და იქ შესანიშნავად ესმით, რომ არანაირი ალქაიდა ან რაიმე მსგავსი რამ არ არის განლაგებული აქ, მაგრამ ამერიკას თავისი ინტერესი ესმის ისე, რომ მას უნდა ჰყავდეს სტაბილური და ძლიერი პარტნიორები მთელს მსოფლიოში, და განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც არის ჩვენი რეგიონი. სტაბილური პარტნიორებისადმი ამგვარი მიდგომა მოდის უშუალოდ უილსონიდან მოყოლებული. ლექცია V საქართველო და კავკასია მოგესალმებით. დღეს მე მინდა თქვენთან ერთად ვისაუბრო იმაზე, თუ როგორ უნდა გადაწყდეს საქართველოში არსებული პრობლემები. ნებისმიერ საკითხში არსებობს თეორია და არსებობს ის პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს თეორიის განხორციელებას. ეს ლექციების კურსიც დემოკრატიის თეორია და პრაქტიკაა. მე თქვენთან ერთად გავიარე ის თეორიები, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიის კონცეფციის ჩამოყალიბებას თანამედროვე მსოფლიოში. ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით თეორიულ ასპექტებს, მაგრამ თქვენ ახლა უკვე წარმოდგენილი გაქვთ, როგორ ყალიბდებოდა თანამედროვე ტიპის სახელმწიფო მრავალი საუკუნის განმავლობაში, როგორ ივსებოდა იმ მამოძრავებელი თეორიებით, რაც საბოლოოდ ქმნის, დავუშვათ, დასავლეთ სამყაროში ეგრეთ წოდებულ კეთილდღეობის საზოგადოებებს, როგორ ახერხებენ მცირე სახელმწიფოები საერთაშორისო ურთიერთობების შედეგად თავიანთი ინტერესებისა და უფლებების დაცვას. ეს შესავალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მივუახლოვდეთ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას. ეს თემაა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ყველა ის თეორია იმ მიწაზე, სადაც თქვენ დაიბადეთ და სადაც ღმერთმა გარგუნათ რომ იმოღვაწეოთ. მე მინდა, რომ თქვენთან ერთად გავიაროთ, თუ რას ეფუძნება თანამედროვე ქართული სახელმწიფო, რა უძღოდა წინ თანამედროვე ქართულ პოლიტიკას. მინდა ერთი ლექცია დავუთმო იმ ათწლეულს, პირობითად ოთხმოცდარვა წლიდან, რომელმაც ყველაზე დიდი ცვლილებები მოუტანა თქვენს თაობას, და შემდეგ ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა წყდებოდეს სამომავლოდ დღეს არსებული პრობლემები. ჩვენ გადავხედავთ საქართველოს ისტორიას, იმასაც, თუ როგორ ვითარდებოდა იგი თუნდაც მეცხრამეტე საუკუნეში. მინდა დავიწყოთ იმით, თუ რა ფენომენია საქართველო. მე მინდა, რომ თქვენ თავად გადაამოწმოთ თქვენი თავი, თუ რამდენად წარმოგიდგენიათ ის მრავალფეროვნება, ის წინააღმდეგობრივი სირთულე, რასაც წარმოადგენს საქართველო, როგორც ერთიანი ფენომენი. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მრავალფეროვნებაზე? ვინმეს თუ შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რომელ რეგიონებში რა ძირითადი ეთნიკური უმცირესობები არსებობს? – სომხები გვხვდებიან სამხრეთ ნაწილში: ქვემო ქართლის რეგიონში და სამცხე-ჯავახეთში; ჯავახეთის ორ რაიონში, ნინოწმინდასა და ახალქალაქში დიდ უმრავლესობას ქმნიან სომხები. ახალქალაქში დაახლოებით 80%-მდე, ნინოწმინდაში 90-მდე; ხოლო ქვემო ქართლში, მარნეულის, დმანისის, ბოლნისისა და გარდაბნის რაიონებში ასევე აბსოლიტურ უმრავლესობას შეადგენენ აზერბაიჯანელები. მარნეულში 80%-მდე, გარდაბანში 65-მდე, ბოლნისი 60%, დმანისში 50% და ასე შემდეგ. ბოლო ათწლეულში მოხდა ბერძნების დიდი მიგრაცია წალკიდან საბერძნეთში. ამიტომ იქ გაიზარდა სომხების წილი. დღესდღეობით წალკის რაიონში უმრავლესობა სომხები არიან, მაგრამ ეს არის პონტოელი ბერძნების დასახლების ადგილი. თუ იცით პონტოელი ბერძნები რით განსხვავდებიან სხვებისაგან? – ისინი თურქულ ენაზე მეტყველებენ, მაგრამ ამავე დროს მართლმადიდებლები არიან. ეს – რაც შეეხება ყველაზე თვალშისაცემ განსხვავებებს ეთნიკური ტრადიციის თვალსაზრისით. ოსები ცხინვალში, შიდა ქართლშიც გვხვდებიან. ებრაელები თბილისში, ქუთაისში, ქარელში, სურამში. უმცირესობები ასე გაბნეულები არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოვიდგინოთ ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემები და აგრეთვე მათი გადაჭრის შესაძლებლობები. უმეტესობას ძალიან ბუნდოვანი, ზერელე და ზედაპირული წარმოდგენა აქვს იმ უაღრესად რთულ ფენომენზე, რასაც საქართველო წარმოადგენს. შემიძლია გავიხსენო, რომ ჩემს მეგობარს, გერმანიის ელჩს საქართველოში, ნორბერტ ბაასს, ერთხელ კერძო საუბარში, როდესაც რაღაც მორიგ პრობლემებზე ვსაუბრობდით, აღმოხდა ასეთი ფრაზა : ,, საქართველო ასეთი პატარა ქვეყანაა, მაგრამ მისი მართვა და აქ ლიდერობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე უშველებელი იმპერიის მართვაო“. და ეს მართლაც საოცრად ზუსტი დაკვირვებაა. იმის გამო, რომ საქართველო არის უნიკალური ქვეყანა, შეიძლება მრავალ სხვა მცირე სახელმწიფოთა რიგში, სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ საოცრად, წარმოუდგენლად მრავალფეროვანია. იმისთვის, რომ იმას ჩაწვდე და გაიგო, ქართული პოლიტიკა როგორ უნდა იყოს წარმატებული, როგორ უნდა უზრუნველყო ქართული სახელმწიფოს მდგრადობა და მისი წარმატებული განვითარება, აუცილებლად უნდა გქონდეს გონებაში წარმოდგენილი, თუ რა საზოგადოებასთან, რამდენად მრავალფეროვან, და ხშირად ამ მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აუარებელი წინააღმდეგობით აღსავსე საზოგადოებასთან გვაქვს საქმე. მე ვთხოვე გიორგის, რომ ეპოვა საქართველოს რუკა. დღეს დილით გამახსენდა, და ძალიან მოხარული ვარ, რომ Gipa-ში აღმოჩნდა საქართველოს რუკა. ეს არის სამოცდაათი ათასი კვადრატული კილომეტრი. ეს ძალიან პატარა ტერიტორიაა, მაგრამ, აი, გავანებოთ თავი დღევანდელ პრობლემებს აფხაზეთში. აი, აიღეთ, სანაპიროს რომ გავყვეთ, დავიწყოთ, დავუშვათ, სარფიდან. სარფი – თქვენ, ალბათ, იცით – ლაზური სოფელია. შემდეგ არის აჭარული მოსახლეობა, რომელიც თავისთავად ძალიან დიფერენცირებულია. სულ სხვა კულტურული გარემო არსებობს, დავუშვათ, აჭარის მთიანეთში, და სრულიად განსხვავებულია, დავუშვათ, იმავე ქობულეთის სოციალური სტრუქტურა. ბათუმი, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, ყალიბდებოდა ასევე, როგორც სრულიად განსხვავებული გარემოს მქონე ქალაქი. თავად მოსახლეობას რომ გადავხედოთ, ნახავთ, რომ ისიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ესე იგი, ერთის მხრივ – ეს არის ,,სამუსულმანო საქართველოს“ დღევანდელი, ჩვენს საზღვრებში დარჩენილი ნაწილი – აჭარა. ,, სამუსულმანო საქართველო“ ილია ჭავჭავაძის შემოტანილი ტერმინია. ეს საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო, რომელიც მოიცავდა რიზეს, ართვინს, და თურქეთის ტერიტორიაზე ოთხ თუ ხუთ ვილაიეთს. ეს ფართობით აჭარაზე ხუთჯერ, ექვსჯერ დიდი ტერიტორიაა, სადაც ასევე კომპაქტურად სახლობენ ქართველები, უბრალოდ გამუსულმანებულნი ოთხასწლიანი ოსმალური ბატონობის დროს. აჭარაში დღეს განსაკუთრებულად მძაფრი არ არის რელიგიური ფაქტორი და ძალიან ცოტა შეგიძლიათ იპოვოთ დასახლება, სადაც მძაფრად დგას მუსულმანობის საკითხი. მაგრამ ერთიანი მართლმადიდებლური კულტურული ნაკადის მიღმა ოთხასწლოვანმა ყოფნამ, ბუნებრივია, მრავალი თავისებურება დააჩნია ამ მოსახლეობას. მოდი, ავუყვეთ, ასე ვთქვათ, სანაპიროს. თქვენ გაივლით გრიგოლეთს, სადაც ცხოვრობენ ერთ-ერთი რუსული სექტის – მალაკნების სექტის წარმომადგენლები, და იმათ თავისი, სრულიად თავისებური კულტურა აქვთ. ეს არის პატარა კომუნა, რომელიც დღეს, ალბათ, ორ ასეულ ადამიანზე მეტს არ ითვლის, მაგრამ ის თავისთავად ძალიან საინტერესოა და, თუ გავითვალისწინებთ ძველ მერჯულეთა კომუნებს ჯავახეთის ტერიტორიაზე, ეს ქართული საზოგადოების ძალიან საინტერესო კომპონენტია. შემდეგ ჩვენ შევდივართ სამეგრელოში, ხომ ? მე ფოთზე არაფერს არ ვლაპარაკობ, რომელიც ასევე არ არის, ასე ვთქვათ, გამოცალკევებით სამეგრელოდანაც და გურიიდანაც, და ნიკო ნიკოლაძის შემდეგ ასევე სრულიად თავისებურ ფენომენს წარმოადგენს თავისებური ტრადიციებით, თავისებური ხედვით და განცდით იმისა, თუ რა არის ქალაქი ფოთი. შედიხართ სამეგრელოში, აი, თბილისის გადმოსახედიდან შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სამეგრელო არის სამეგრელო, მაგრამ თვითონ სამეგრელო არის საოცრად მრავალფეროვანი. არსებობს ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მთიანეთი, ეგრეთწოდებული ლაკადა, სადაც მეგრული დიალექტიც კი განსხვავებულია იმ მეგრულისაგან, რომელზეც საუბრობენ, დავუშვათ, ზუგდიდში ან სენაკში. სამეგრელო ყოველთვის განიხილავდა თავის განუყოფელ ნაწილად იმ ტერიტორიას, რომელიც წარმოადგენს გალისა და ნაწილობრივ ოჩამჩირის რაიონის ტერიტორიებს მდინარე ღალიძგამდე. ესე იგი, აქაც არის განსხვავებული, მაგრამ მეგრულენოვანი მოსახლეობა, რომელსაც ცოტა განსხვავებული კულტურული ტრადიცია აქვს, ცოტა განსხვავებულ მეგრულ დიალექტზე საუბრობს და სხვ. შემდეგ, თქვენ მოგეხსენებათ, ვთქვათ, რამდენად თავისებური და განსხვავებულია თავისთავად აფხაზური მოსახლეობა, განსხვავებული ლინგვისტურადაც და განსხვავებული ძალიან ბევრი სოციალური ტრადიციით. აი, თქვენ ხედავთ, ეს მონაკვეთი, რომელიც სამას კილომეტრსაც არ წარმოადგენს, განსხვავებული ენობრივი, რელიგიური, კულტურული ტრადიციების როგორ კალეიდოსკოპს გთავაზობთ. და ახლა დავყვეთ გზას ამ კავკასიონის ქედის გასწვრივ, დაწყებული, დავუშვათ, აფხაზეთის მთიანეთით, რომელიც, სხვათა შორის, ბოლომდე არ ყოფილა, სამწუხაროდ, შესწავლილი არც ჩვენი ეთნოგრაფების, არც ჩვენი სხვა სპეციალისტების მიერ, და აბსოლიტურად უნიკალურ ანკლავებს წარმოადგენდა როგორც ბუნებრივი მემკვიდრეობის, ანუ ბუნების თვალსაზრისით, ქვემოთ აფხაზეთის დაბლობისაკენ, ქალაქებისაკენ, პირველ რიგში, სოხუმისაკენ, – და იყო ერთგვარი გარდამავალი ტერიტორია. სვანეთზე როდესაც ვფიქრობთ, უნდა წარმოვიდგინოთ, რამდენად ხანგრძლივი ტრადიცია აქვს მიგრაციის პროცესებს სვანეთის მთიანეთიდან ბარში. აი, მაგალითად, როდესაც ზუგდიდიდან მიდიხართ მესტიაში, დაახლოებით შუა გზაზე არის სოფელი ხაიში, სადაც ცხოვრობენ ძირითადათ ჭკადუების გვარის წარმომადგენლები. ესენი თავს მიიჩნევენ სვანებათ, სვანები კი თვლიან, რომ ესენი მთლად სვანები არ არიან, და ეს ძალიან საინტერესო ფენომენია. მე როდესაც ვიბრძოდი ხუდონჰესის წინააღმდეგ, ძალიან კარგად მახსოვს მაშინ მრავალი ქართველი ეთნოგრაფის მოსაზრება, რომ სოფელ ხაიშს თვითონ ამ მიგრაციული პროცესების სტრუქტურაში ჰქონდა სრულიად განსაკურებული ადგილი და როლი, ვინაიდან, თუ დაიტბორებოდა ეს სოფელი – მათი არგუმენტაცია ასეთი იყო, – ეს პრაქტიკულად ბევრად აგრძელებდა დისტანციას მესტიასა და მესტიის მახლობლად განლაგებულ დასახლებებსა და დაბლობს შორის, და პრაქტიკულად ეს არღვევდა ამ მოსახლეობის კულტურის, გამოცდილების მუდმივი გაცვლის სისტემას, რომელიც ყალიბდებოდა საუკუნეების განმავლობაში. თქვენ შეიძლება ახლა უცნაურად მოგეჩვენოთ, რატომ გიყვებით მე ასე შემთხვევით სხვადასხვა დეტალებს. მე მინდა იმის დემონსტრირება მოვახდინო, რომ თითოეულმა თქვენგანმა წარმოიდგინოს, რომ საქართველო არის უნიკალური და განსაკუთრებული იმის გამო, რომ ერთ პატარა ტერიტორიაზე ერთ პატარა სოფელს შეიძლება ჰქონდეს ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჩვენი ერთიანი ეროვნული ფენომენისათვის, აი, იმ ერთიანობისათვის, რომელსაც ჰქვია ქართული ფენომენი, ქართული ერთიანობისათვის, ვიდრე მრავალრიცხოვანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებს სხვა ქვეყნებში. აი, არის, მაგალითად, სოფელი არხოტი, რომელიც განლაგებულია მდინარე ასას ხეობაში. მასში შედის, თუ არ ვცდები, პრაქტიკულად სამი პაწაწუნა დასახლება – სოფელი, რომელთაგან თითოეულში სულ ოთხი-ხუთი კომლია ერთიმეორის გვერდით. ასას ხეობის ეს საკმაოდ დიდი ტერიტორია, რომელზედაც ასე ცოტა კომლი სახლობს, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებს არ უკავშირდება არანაირი კომუნიკაციის საშუალებით, იქ არ არსებობს აქედან გასასვლელი და აქ შემოსასვლელი სამანქანო გზა. აქ ზამთარში ხევსურთა ორი-სამი ოჯახიღა რჩება. მაგრამ, აი, ეს სოფელი არხოტია პრინციპულად მნიშვნელოვანი ინგუშეთსა და ხევსურეთს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ტრადიციული ურთიერთობის შესანარჩუნებლად, და ქართული ცნობიერებისათვის იქ ამ პაწაწინა რამდენიმე სახლის დაკარგვა შეიძლება არანაკლებად ტრაგედია იყოს, ვიდრე ბევრად უფრო დიდი ტერიტორიის ჩამოცილება და სხვა. კიდევ ერთხელ გიმეორებთ : მე მინდა, რომ თქვენ წარმოიდგინოთ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს გააზრებისათვის, რომ თქვენ მყარად გესმოდეთ, რომ საქართველო – ეს არ არის თბილისი, ეს არ არის ის ,,ტუსოვკები“ და შეკრებები, რომლებიც არის ჩვენ დედაქალაქში, ეს არ არის ქუთაისი, ეს არ არის ზუგდიდი, ეს არ არის თელავი…. საქართველო არის ეს ყველაფერი, ერთად აღებული. და თუ შენ გინდა წარმართო პოლიტიკა საქართველოში, შენ უნდა გქონდეს ზუსტად წარმოდგენილი, თუ რა პრობლემები აქვს ჯავახეთის სოფელს, და როგორია მისი ორიენტირები, რა პრობლემები აქვს, დავუშვათ, თუშეთის მოსახლეობას, რა არის თუშეთი. ეს არის ის, რომ ზამთარი იქ, არ ვიცი, დღესდღეობით შეიძლება ოცი-ოცდაათი ოჯახი რჩებოდეს. მთათუშეთს ვგულისხმობ, დანარჩენი ოჯახები ჩამოდიან ალვანში და ბარში. თუშებისათვის განმსაზღვრელია როგორი ურთიერთობები ექნება საქართველოს ჩეჩნეთთან ან დაღესტანთანაც, მაშინ როდესაც აჭარლების, ხულოს რაიონის მცხოვრებთათვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ურთიერთობები ექნება საქართველოს, დავუშვათ, ართვინის ვილაიეთთან თურქეთში, და რამდენად გახსნილი იქნება აქ მისთვის კეთილმეზობლური გარემოს გამო ეკონომიკური შესაძლებლობები და სხვა. მე ერთ-ერთ ლექციაზე გითხარით თქვენ, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს კონცეფცია, ისევე როგორც ბევრი სხვა თანამედროვე სახელმწიფოს კონცეფციაც, არის ერთგვარად ხელოვნური. რას ნიშნავს ხელოვნური? მამაზეციერს არ უბრძანებია, რომ საქართველო უნდა ერქვას ქვეყანას იმ საზღვრებში, იმ შემადგენლობით, როგორიც არის დღეს. როგორ მოხდა ის, რომ, დავუშვათ, აი, ეს მეგრულ-ჭანური ტრადიციისა და ენის მატარებელი ტომები გაერთიანდნენ ქართველური ენის მატარებელ ტომებთან და ჩამოყალიბდა ერთიანი, საერთო სახელმწიფოებრივი ცნობიერება? მეგრული – ეს არის ქართველური ენა, რა….კი, რა თქმა უნდა, ქართველური ენაა, მაგრამ ასე ვთქვათ, მაინც ცალკე ენაა.ლინგვისტური თვალსაზრისით არასწორია, რომ მას ეწოდოს დიალექტი. მაგალითად, შვედურსა და ნორვეგიულს შორის განუზომლად ნაკლები განსხვავებაა, ან რუსულსა და უკრაინულს შორის, ვიდრე სალიტერატურო ქართულსა და მეგრულს შორის. ასე თუ ისე, მეგრელებს აქვთ თავიანთი სასაუბრო ენა, რომელსაც გამოიყენებენ ყოფაში, ოჯახში და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მათ განასხვავებს საქართველოს დანარჩენი მოსახლეობისაგან. ანალოგიური რამ ითქმის სვანებზე. მე არ მაქვს პრეტენზია, რომ ვარ ლინგვისტი. თამაზ გამყრელიძესთან მქონდა ბევრჯერ საუბარი, რომ პროტოქართულთან, ძველქართულთან ყველაზე ახლოს არის სვანური, შემდეგ მოხდა განვითარება მეგრულისა და აღმოსავლურქართულისა. ფაქტია, რომ ჩვენი ლინგვისტური მემკვიდრეობა მოიცავს არა მხოლოდ ძირითად ქართულს, არამედ ისეთ საოცრად მდიდრულ ენებს, როგორიც არის მეგრული და სვანური ენები. ეს არის მემკვიდრეობა, რაც ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს და რისი კვლევითაც ჩვენ ძალზე ბევრი რამ შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი წარსულის შესახებ. მაშ, როგორ მოხდა ის, რომ ჩამოყალიბდა ერთიანი ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერება? მე ძალიან მიყვარს ამ თვალსაზრისით, აი, ის ლეგენდა, რომელიც ვახსენე უკვე, რომ ფარნავაზის ზეობის პერიოდში კოლხეთის მეფე ქუჯიმ გაუგზავნა მას წერილი და, – არ მახსოვს ახლა მემატიანის სიტყვები ზუსტად, – უთხრა, რომ შენ იყავი მეფეთ მეფე სრულიად საქართველოსი, და მე ვიქნები შენი ერთ-ერთი ერისთავთაგანიო. მე ნამდვილად არა ვარ ისტორიკოსი, და ჩემი ამოცანა არ არის, რომ თქვენ მოგცეთ საქართველოს ისტორიის ცოდნა, მაგრამ ამ ლეგენდაში არის ის საკვანძო ელემენტი, ის გასაღები, რომელიც, ჩემი ღრმა რწმენით, არის საერთო ქართული ერთიანობის საფუძველთა საფუძველი. აი, აქედან, ამ მომენტიდან ქართულ ისტორიულ ტრადიციაში ითვლება, საერთოდ, რომ ფარნავაზი იყო პირველი ქართველი მეფე. შემდეგ, თქვენ იცით, რომ ძალიან ხანმოკლე იყო მთელი ისტორიის გადმოსახედიდან ის მომენტები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც საქართველო იყო ერთიანი, სუვერენული სახელმწიფო. ამასთან შედარებით ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო პერიოდები, როდესაც ის იყო დაქსაქსული, და არა მხოლოდ დაქსაქსული სხვადასხვა ფეოდალურ სუბიექტებად, არამედ ეს სუბიექტები სხვადასხვა საგარეო ძალთა დომინირების ქვეშ იმყოფებოდნენ – დავუშვათ ბიზანტიისა და სპარსეთის, მომდევნო, უკვე შუა საუკუნეების პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთისა, შემდეგ შემოდის რუსეთი, როგორც მოთამაშე ან გეოპოლიტიკური ფაქტორი ქართულ რეალობაში და სხვა და სხვა. მაგრამ ფარნავაზიდან მოყოლებული, – ჩნდება, აი, ეს საერთო ქართული იდენტურობის განცდა. საბოლოო ჯამში, რა არის საკუთარი თავის მიკუთვნება რაღაცა ნაციონალური ერთობისათვის? ეს არის ის, როდესაც ყველა ადამიანი, იმის მიუხედავათ, რომ, შეიძლება ერთმანეთისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ სახლში, როდესაც აცხადებენ, რომ მე, შენ და შენც ვართ ამ ერის წარმომადგენლები, ჩვენ ყველანი ვართ ქართველები. რატომ უსვამ ხაზს მე ამას, აი, ამ ერთგვარ ხელოვნურობას – და ანალოგიურად არის, სხვათა შორის, გერმანული სახელმწიფოს კონცეფცია, ანალოგიურად არის იტალიური სახელმწიფოს ან ესპანური სახელმწიფოს კონცეფცია და სხვა და სხვა. სხვადასხვა, მაგრამ ახლა საპირისპიროს რომელს მოიყვანდით? აი, ბუნებრივი სახელმწიფო, მაგალითად, თუ არსებობს ზუსტად ხელოვნურის საპირისპირო, ხომ უნდა არსებობდეს, არა?დავუშვათ, იგივე ბრიტანეთი, იმის გამო, რომ იზოლირებული იყო ოკეანითა და წყლით, ამის გამო იქ ცოტა სხვანაირად ვითარდებოდა ეს პროცესები.ან იაპონია.ან იაპონია თუნდაც, მართალი ბრძანდებით. იგივე შეერთებული შტატები. იქ, საერთოდ, იცით თქვენ, სრულიად სხვა კანონზომიერებები ედო ამას საფუძვლად. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ეს თვითონ ამ სახელმწიფოს სისუსტეს ან არამდგრადობას არანაირად არ ნიშნავს. უბრალოდ, მე ახლა მივალ იქამდე, რატომ უსვამ მე ხაზს ამას ასე განსაკუთრებულად.ძალიან ხანგრძლივი ისტორიული პერიოდების განმავლობაში, მაგალითად, აფხაზური ეთნოსი იყო მატარებელი, აბსოლიტურად, საერთო ქართული ცნობიერებისა, და საერთო ქართული იდენტურობა ჰქონდა აფხაზეთს. ამის მაგალითია, აი, ის, როდესაც ხშირად იყენებენ ქართული მხარეც და აფხაზური მხარეც სპეკულაციისათვის იმ ფაქტს, რომ ქართველი მეფეების ტიტულატურა ასე იწყებოდა : მეფე აფხაზთა, რანთა და ა.შ. ეს იყო პირველი ტიტული, და იცით თქვენ, მეათე მეთერთმეტე საუკუნეებში აფხაზური შტო იყო ძალიან ძლიერი და პრაქტიკულად ის ბატონობდა ქუთაისში, და იყო დომინანტური ფეოდალური გვარი, ასე ვთქვათ, ყოველ შემთხვევაში დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს მაშტაბით. ეს იმიტომ კი არ იყო, რომ მათ დაიპყრეს საქართველო, დავუშვათ, და სხვა ქართული ტომები. ეს იყო იმის გამო, რომ იმ ერთობაში ისინი საკუთარ თავს გამოყოფდნენ, გამოცალკევდებოდნენ სხვა ქართული ფეოდალური სუბიექტებისაგან, სხვა ქართული ფეოდალური წარმონაქმნებისაგან. მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, ძალიან ინტენსიური მუშაობის შედეგად, და განსაკუთრებით ახლა, რაც მე მესმის აფხაზეთთან ურთიერთობის დროს, თვითონ როგორ აღიქვამენ ისინი ბოლო საუკუნის საკუთარ ისტორიას, განსაკუთრებით ბერიას რეპრესიების შემდეგ, ესე იგი, აფხაზებს გაუჩნდათ ამ საერთო ქართული ეთნოსისგან აბსოლიტური დისტანცირების გრძნობა. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში, თქვენ გახსოვთ, როდესაც განიხილებოდა სოხუმის ოლქის კრასნოდარის გუბერნიასთან მიერთების საკითხი, შარვაშიძის თაოსნობით მთელმა აფხაზურმა თავადაზნაურობამ მიმართა პეტიციით იმპერატორს იმ მოთხოვნით, რომ სოხუმის ოლქი დარჩენილიყო და შეყვანილიყო ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში, და ამას განსაკუთრებით მიესალმა ილია ჭავჭავაძე თავის სპეციალურ პუბლიკაციებში. ეს იყო ერთ-ერთი აპოთეოზი, სხვათა შორის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა, და ის გამოხატავდა აფხაზური ელიტის აბსოლიტურად ერთმნიშვნელოვან ორიენტაციას, ვთქვათ, იმისადმი, თუ სად არის ცენტრი. მართლაც, თითქოს რაში სჭირდებოდათ ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შემოყვანა, ბოლოს და ბოლოს, იმავე ეკონომიკური თვალსაზრისით უშუალოდ ერთ-ერთ რუსულ გუბერნიაში შესვლა შეიძლება უფრო მომგებიც ყოფილიყო მაშინ მათთვის, მაგრამ ეს იმდენად ძლიერი საერთო იდენტურობის განცდა იყო, რომ მათ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. ასე თუ ისე, ამ მიზანმიმართული იმპერიული პოლიტიკის შედეგად და სხვადასხვა ფაქტორების გამო, ფაქტია, რომ სამოციანი წლებიდან, ხრუშჩოვის პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან ძლიერდება აფხაზეთში სეპარატისტული ტენდენციები, განწყობილება და მენტალიტეტი, რომელიც უკვე სრულიად ცალკე გამოყოფდა, ხშირ შემთხვევაში უპირისპირებდა აფხაზურ იდენტურობას საერთო ქართულ იდენტურობას. გესმით? აი, ამიტომ მინდა მე თქვენ, როგორც მომავალმა ჟურნალისტებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, მუდმივად გაითვალისწინოთ, რომ თითოეული კომპონენტი იმ რთული სისტემისა, რაც არი საქართველო, იმდენად იქნება ინტეგრირებული საერთო ქართულ სახელმწიფოში, რამდენ ძალისხმევასაც ჩვენ გავწევთ მათი ინტეგრაციისათვის. ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი და ისინი მუდმივად უნდა გრძნობდნენ თავს უფრო დაცულად, უფრო რეალიზებულად სწორედ, აი, ამ ერთობის ჩარჩოებში. იყო პერიოდები, როდესაც ამ გაუთავებელი კატაკლიზმებით, განსაკუთრებით მეთოთხმეტე საუკუნიდან მოყოლებული, საქართველოს მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა. ძალიან, დაახლოებით თხუტმეტჯერ, თვრამეტჯერ შემცირდა, და იყო პერიოდები, როდესაც ქართველი მეფეები, სადღაც მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეებიდან მოყოლებული, მიზანმიმართულ პოლიტიკას ატარებდნენ ქართულ მიწებზე პონტოელი ბერძნების ჩამოსახლების თვალსაზრისით, სომხების ჩამოსახლების თვალსაზრისით. ხდება სხვადასხვა ხალხების წარმომადგენლების ჩამოსახლება, და პოლიტიკა ესწრაფვის იმას, რომ მოხდეს ამ ხალხების, ამ სხვადასხვა ერების წარმომადგენლების ასიმილაცია, იმის უზრუნველყოფა, რომ ისინი იქნებიან ერთგულნი ქართული ტახტისა, ანუ, როდესაც საქართველოს ქვეშევრდომობას იღებენ, ისინი განიცდიან სრულ ინტეგრაციას ქართულ სახელმწიფოში. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ნაკარნახევი კარგი ცხოვრებით და გამოწვეული იყო იმ უდიდესი პრობლემებით, რომლებიც საქართველომ გაიარა. ეს რამდენიმე ტალღა აზვირთდა ჯალალედინის დროიდან, და იცით თქვენ, პრაქტიკულად მართლაც, ვიდრე მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, გაუთავებლად იყო შემოსევები, რომლებიც აბსოლიტურად აპარტახებდა ქვეყნის ტერიტორიას, ანადგურებდა მის ეკონომიკურ პოტენციალს და მკვეთრად ამცირებდა მოსახლეობის რაოდენობას. მაგრამ, როგორც ამის შედეგი, ჩვენ მივიღეთ, აი, ასეთი მრავალეთნიკური და ძალიან მრავალფეროვანი საქართველო. როგორ უნდა შევხედოთ დღეს ამ პრობლემას? ამაზე ჩვენს ლექციებზე შემდეგ კიდევ გვექნება არაერთი საგანგებო საუბარი – როდესაც განვიხილავთ ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ბოლო თორმეტი წლის ისტორიას და გამოცდილებას იმაზე თუ, ჩემი აზრით, რა შეცდომები, ძალიან საბედისწერო შეცდომები იქნა დაშვებული, მაგრამ საზოგადოდ ქართულ სახელმწიფო პრაქტიკაში ისტორიულად ყოველთვის იყო ხოლმე ორი მიდგომა, როდესაც ქვეყნის მრავალფეროვნება არ აღიქმებოდა, როგორც მისი სისუსტის აუცილებელი პირობა. ჩემთვის, მაგალითად, დავით აღმაშენებელი არის აბსოლიტურად გენიალური მოღვაწე, პირველ რიგში, იმის გამო, რომ მან ყველაზე ზუსტად დაინახა ის ფორმულა, რომლითაც საქართველოს სისუსტეები აქცია მისი ძლიერების წყაროდ, და ის იყო პირველი, – პირველი არა ისტორიულად. სხვა მისი წინამორბედი მეფეებიც ამას ნაწილობრივ ახორციელებდნენ, მაგრამ მან ეს აიყვანა უმაღლეს დონეზე და ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, როგორც თავისი სახელმწიფო დოქტრინა, რასაც მე დავარქმევდი, აი, ამ პრინციპს, რომ მან ეს მრავალფეროვნება აქცია თავისი სამეფოს ძლიერების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ და საფუძვლად. ამ თვალსაზრისით ეს გამოცდილება ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ჩვენს გონებაში, დავუშვათ, იმ გამოცდილებას, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვიყავით არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, როდესაც აშკარა იყო, რომ მოძალებული ქსენოფობიის გამო ჩვენ ვთვლიდით, რომ თავისთავად ამდენი ეროვნული უმცირესობის არსებობა ჩვენს ტერიტორიაზე – ეს არის ქვეყნისათვის დამანგრეველი, და ყველაზე უაზრო მეთოდებით ვცდილობდით ამ პრობლემის გადაწყვეტას. ახლა რომ ჰკითხონ, გინდა თუ არა შენ, რომ საქართველოში იყოს დაახლოებით 30% არაქართული მოსახლეობა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი იტყვის, რომ არ გვინდა, მაგრამ მეორეა ის რეალობა, რომელიც არსებობს დღეს და ჩვენ გვმართებს იმის გაგება, რომ, ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს წინაშე არსებული ამოცანები დღეს უნდა გადავწყვიტოთ სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით. როდესაც ეროვნული მოძრაობა იწყებოდა, რეაქცია ამ მრავალფეროვნებაზე ისეთი იყო, რომ ეს სახიფათოა, და როგორმე უნდა განვერიდოთ მას. როგორ უნდა განერიდო, თუ არის ბევრი აზერბაიჯანელი? უნდა ეცადო, რომ შეამცირო მათი რიცხვი? თუ გახსოვთ, ოთხმოციანი წლების ბოლოს იყოს მძაფრი დაპირისპირებები ბოლნისში, დმანისში, მარნეულში. საკმაოდ ფეთქებადი ვითარება იყო ოთხმოცდაცხრა, ოთხმოცდაათ, ოთხმოცდათერთმეტ წლებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მრავალფეროვნება არის რეალობა, რომელსაც ვერ გაექცევი. გამოსავალია ის, რომ, კი არ უნდა გვეშინოდეს და ეს ჩვენი სისუსტის წყარო კი არ უნდა იყოს, არამედ გავხადოთ ეს ჩვენი ძლიერების წყაროდ და გვახსოვდეს, რომ ამის რეცეპტები საქართველოს გამომუშავებული ჰქონდა ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს. მეორე ძალზე მნიშვნელოვანი ფენომენი, რომელიც მინდა, რომ თქვენ დააფიქსიროთ, საქართველოს შიდა მრავალფეროვნებასთან ერთად, ეს არის საქართველოს შემოგარენის წარმოუდგენელი მრავალფეროვნება – იმ გარემოს მრავალფეროვნება, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ. სხვათა შორის, როცა მუსლიმანებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ორი დიდი ჯგუფი. ჩვენში არიან სუნიტი მუსლიმანები და არიან შიიტი მუსლიმანები. აზერბაიჯანული მოსახლეობა ძირითადათ არიან შიიტები, ხოლო აჭარაში არიან თურქეთში გავრცელებული სუნიტი მუსლიმანები. შიიტებსა და სუნიტებს შორის უფრო მძაფრი დაპირისპირებებია, ვიდრე მუსლიმანებსა და ქრისტიანებს შორის. აი, როგორი რთულია საქართველოში ცხოვრება. არსებობს თუ არა გამოსავალი ასეთი მრავალფეროვანი ქვეყნისათვის, სადაც უნდა ჩაუღრმავდე თითოეულ კუთხე-კუნჭულს, ამდენ ერთმანეთისაგან განსხვავებული ტრადიციების მქონე ჯგუფს. ჯავახეთის სომხები იყურებიან ერევნისაკენ, მაშინ როდესაც მათგან რამდენიმე ათეულ კილომეტრზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იყურებიან თურქეთისაკენ, რომელიც საშინლადაა დაპირისპირებული ისტორიულად სომხებთან. დღემდე მათ არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ გააჩნიათ. ვიღაცისათვის საინტერესოა, რა ხდება მაჰაჭკალაში, ვიღაცისათვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ნალჩიკში. შეიძლება თუ არა იპოვო მშვიდი განვითარების ფორმულა ასეთ გარემოცვაში ? ეს არის ქართული პოლიტიკის ყველაზე მთავარი კითხვა. ესაა კითხვა, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ყველანაირ დენის ტარიფებს ან მინიმალური ხელფასის საკითხებს. ეს არის არსებითად ქართული სახელმწიფოს ყოფნა – არყოფნის პრობლემა: შეიძლება თუ არა მთლიანობის შენარჩუნება იმ სახით, როგორიც ის დღეს არის. ამიტომ, როდესაც ვცდილობთ წარმოვიდგინოთ საქართველოს სისუსტეები და ძლიერი მხარეები, ეს აუცილებლად უნდა ხდებოდეს საერთო-კავკასიურ კონტექსტში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებული კოზირი ქართული სახელმწიფოსი ყოველთვის იყო ის სრულიად განსაკუთრებული როლი და ადგილი, რომელიც საქართველოს ეჭირა მთელს კავკასიაში. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე. აქ დღეს შეიძლება გეოპოლიტიკურ მდებარეობაზე უფრო მნიშვნელოვანი იყოს ის ისტორიული ტრადიცია, რომელიც ყალიბდებოდა მართლაც საუკუნეთა განმავლობაში. თავისთავად, როდესაც კავკასიაზე არის საუბარი, ყველაფერი, რაც მე ვთქვი საქართველოს შესახებ, მისი წარმოუდგენელი მრავალფეროვნების შესახებ, ეს ათჯერ უფრო მეტად ითქმის კავკასიასთან დაკავშირებით. მე ძალიან ხშირად მიფიქრია, რა არის კავკასიური სამყარო. ბოლოს და ბოლოს, არის ის ევროპის ნაწილი, არის აზიის ნაწილი, თუ რა არის? ჩემი აზრით, ეს რაღაც სრულიად ცალკე მყოფი სამყაროა, საოცრად თავისებური და განსხვავებული ყოველივე დანარჩენისაგან. საერთოდ, რატომ ვლაპარაკობ კავკასიურ სამყაროზე? იმიტომ, რომ ძალიან ბევრია ის კულტურული ტრადიცია, ძალიან ბევრი ფენომენი სხვადასხვა კავკასიელ ხალხებს შორის არის ბევრად უფრო მსგავსი, ვიდრე, დავუშვათ, რელიგიურად ჩვენთან უფრო ახლოს მყოფ ხალხებთან. ჩვენ ბევრი თვალსაზრისით მათგან უფრო განვსხვავდებით, ვიდრე იმავე მუსლიმანი ჩეჩნებისაგან. ამიტომ მე აუცილებლად კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საქართველო, საქართველოს პრობლემები და საქართველოს შესაძლებლობები, შანსები რომლებიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, სხვა ფაქტორსა და სხვა განზომილებებთან ერთად, სწორედ ამ საერთო-კავკასიურ განზომილებაში უნდა წარმოვიდგინოთ. კავკასია დასახლებულია დაახლოებით ორასამდე სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებით. აქ არიან სრულიად სხვადასხვა რელიგიური ტრადიციების მატარებელი ეთნიკური ჯგუფები. იცით, ალბათ, რომ კავკასიაში ჩვენ ხლისტებიც კი გვყავს. აქ არის ისეთი საოცარი ფენომენი, როგორიცაა მთის ებრაელები – ქარტები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანისა და დაღესტნის ზოგიერთ სოფელში, და ისინი რამდენადმე განსხვავებული არიან დანარჩენი ებრაელობისაგან. ეს კიდევ სრულიად ცალკე, პრაქტიკულად ცალკე ხალხია. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში დომინირებენ ჩეჩნურ-ჩერქეზულ-ადიღური ტომები. თქვენ მოგეხსენებათ, ცენტრალურ-ჩრდილო კავკასიაში ცხოვრობენ ოსები, რომლებიც ლინგვისტური თვალსაზრისით ენათესავებიან ირანელებს. შემდეგ არიან ვაინახური ხალხები და შემდეგ – ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთს კეტავს ხალხების აბსოლიტური კალეიდოსკოპი დაღესტანში, სადაც წამყვანი ეთნოსებია ხუნძები და ყუმუხები. ხუნძები არიან კავკასიური ენების ჯგუფს მიკუთვნებული ხალხი, მაშინ როცა ყუმუხები არიან თურქულენოვანი ხალხების წარმომადგენლები. აქ შიგდაშიგ სახლობენ ყარაჩაელები, ბალყარელები, რომლებიც ასევე თურქულენოვანი ხალხების წარმომადგენლები არიან. სტალინის ცნობილი ნაციონალური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ჩრდილო კავკასიაში იმთავითვე ჩაიდო რამდენიმე ნაღმი. მაგალითად, თქვენ იცით, რომ არსებობს ყარაჩაეთჩერქეზეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. ყაბარდოელები, ეს ერთ-ერთი ჩერქეზული ტომი, აბსოლიტურად იმავე ენაზე ლაპარაკობენ, როგორც ჩერქეზები ან ადიღელები, მაშინ როდესაც ყარაჩაელები და ბალყარელები არიან ერთი ტომი, რომელიც ლაპარაკობს პრაქტიკულად ერთსა და იმავე თურქულ ენაზე, თურქულზე კი არა, თურქულ ჯგუფს მიკუთვნებულ ენაზე. მოხდა მათი ხელოვნურად დაყოფა და დაჯგუფება იმ ნიშნის მიხედვით, რომ არსებობდა ისტორიული წინააღმდეგობები მათ შორის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის, რომ, დავუშვათ, დამოუკიდებლობის ან გამოყოფის მოწადინე მოძრაობის ჩამოყალიბების ნებისმიერი ძლიერი და წარმატებული მცდელობა იწვევდა დაპირისპირებას არა მხოლოდ მეტროპოლიასთან – მოსკოვთან, არამედ ერთმანეთს შორისაც. ანალოგიურად განვითარდა, დავუშვათ, იცით თქვენ, ეს ცნობილი დავა ინგუშებსა და ოსებს შორის. ინგუშური ტერიტორიები მეორე მსოფლიო ომის პირველ წლებში გადაეცათ ოსებს. აი, ეს ვლადიკავკაზის ე.წ. ,,პრიგოროდნი“ რაიონი, რომელიც იყო ერთ-ერთი ცენტრალური დასახლება – დაბა ინგუშებისათვის, და აქაც ჩაიდო ძალიან ხანგრძლივი კონფლიქტის საფუძველი. მაშინ საქართველოს შეუერთეს ინგუშეთისა და ჩეჩნეთის დღევანდელი ტერიტორიის დიდი ნაწილი და იქ შეასახლეს ქართული ოჯახები. ორმოცდაათიანი წლების შუა ხანებში შუა აზიის გადასახლებიდან დაბრუნებულ ჩეჩნებს ქართველებმა მათი სახლები ხელუხლებელი ჩააბარეს – სახლები, მათი ჭურჭლითა და ყველაფრით, რაზედაც დღემდე დიდი მადლიერების გრძნობა აქვთ ჩეჩნებს. ამისგან განსხვავებით, ოსებთან იმ დროს ჩამოყალიბდა ის კონფლიქტები, რომლებიც დღემდე გრძელდება. აი, ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვარსებობთ რეგიონში, სადაც არის აუარებელი- მუდმივი კონფლიქტის პოტენციალი. მე აღარ ვლაპარაკობ იმ კონფლიქტების შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს სამხრეთ კავკასიაში, ამიერკავკასიაში, და რომელთაგან დღეს ბევრი აქტუალური და მოქმედი კონფლიქტია. საქართველო არის და, სხვათა შორის, ალბათ, იყო ჯერ კიდევ ათი წლის წინ ის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც შეეძლო განსაკუთრებული დიალოგის წარმოება პრაქტიკულად ყველა ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან და, ამ თვალსაზრისით, სხვათა შორის, გადამწყვეტი იყო მეოცე საუკუნეში მოვლენების ისეთი განვითარება, როდესაც სწორედ თბილისმა აიღო თავის თავზე იმის ფუნქცია, რომ ამზადებდა კადრებს ენათმეცნიერებაში, ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს და ა.შ. პრაქტიკულად ყველა კავკასიური ხალხისათვის, რის შედეგადაც იმ პატარა ხალხებში უკვე დიდ როლს თამაშობენ სწორედ, აი, ამ ჰუმანიტარული სფეროების წარმომადგენლები, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ჩრდილოკავკასიური ხალხების ელიტათა უდიდესი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც პროფესიონალი მეცნიერი, გაიზარდა თბილისში და სისხლხორცეულად იყო დაკავშირებული მასთან, და ეს იყო ის პოტენციალი, რომელიც ჩამოყალიბდა იმ ისტორიული გამოცდილების საფუძველზე, რაც არსებობდა საქართველოში, და რომელიც განპირობებული იყო ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკით. ძალიან ხომ არ დაგაბნიეთ თქვენ? საინტერესოა.აი, მე მინდა ასეთი უცნაური შეკითხვა დაგისვათ. რამდენად იცნობთ თქვენ ქართულ სამზარეულოს და რამდენად გაქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ქართული სამზარეულო? რამდენი ქართული კერძი შეგიძლიათ დაასახელოთ?(ხმაური, არ ისმის)არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოში რა კერძებს ჭამენ ადამიანები. შემთხვევით არ გეკითხებით ამას. რომელიმე თქვენგანი, ვინც ყოფილა ევროპაში, ყოფილა, დავუშვათ, იტალიურ ან ფრანგულ რესტორანში…. მე დარწმუნებული ვარ, რომ იტალიურ რესტორანში ორჯერ-სამჯერ სტუმრობა საკმარისია იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ ბევრად უფრო სრულფასოვანი წარმოდგენა იტალიურ სამზარეულოზე, ვიდრე შეიძლება იყოთ, აი, მთელი სიცოცხლე საქართველოში, და წარმოდგენა არ გქონდეთ იმაზე, თუ რამდენად მრავალფეროვანია ქართული სამზარეულო.ბატონო ზურაბ, მე მგონი, წმინდა ქართული კერძი არის მაწონი…. (ხმაური)ამ შემთხვევაში მე არ ვლაპარაკობ იმაზე, თუ რა არის წმინდა ქართული კერძი, ამას არა აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მე ისევ და ისევ ვუბრუნდები იმ აზრს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ სათანადოდ არ ვიცნობთ და არ ვაფასებთ ჩვენს საკუთარ მემკვიდრეობას, სამზარეულო კი, სხვათა შორის, არის კულტურული მემკვიდრეობის, მატერიალური კულტურის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ნებისმიერი ხალხისათვის. და ეს არის მატერიალური კულტურის ძალიან მნიშვნელოვანი – ცენტრალური ნაწილი, რომლის მიხედვითაც ძალიან ბევრ რამეზე შეიძლება მსჯელობა, გარდა იმისა, რომ მისგან სიამოვნების მიღება შეიძლება. აი, რომ გადავხედოთ საქართველოს რეგიონებში არსებულ კერძებს, დავუშვათ, დაწყებული მთიან აჭარაში სხვა ქართული რეგიონებისაგან სრულიად განსხვავებული, სხვადასხვა ტიპის რძის პროდუქტების წარმოების გამოცდილებით, და დამთავრებული, ვთქვათ, თუშეთში დამზადებული კერძებით…. აი, მაგალითად, დამბალ-ხაჭო. ეს არის დაახლოებით ისეთივე კერძი, როგორიცაა თქვენთვის ბევრად უკეთ ცნობილი ფრანგული ყველი – როგეტტო, და მისი დამზადების ტექნოლოგიაც დაახლოებით ისეთივეა.მე კიდევ და კიდევ ვუბრუნდები იმ აზრს, რომ თქვენ აუცილებლად უნდა განიმსჭვალოთ იმ განცდით, რომ სათანადოთ არ იცნობთ თქვენს ქვეყანას და იმ საოცრად მრავალფეროვან მემკვიდრეობას, რომელიც შექმნა საქართველომ თავისი ხანგრძლივი ისტორიული განვითარების მანძილზე. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ჯერ გასული ათი-თორმეტი წლის მანძილზე საქართველოში მდგარ პრობლემებზე, შემდეგ კი გადავალთ ჩვენს დღევანდელ პრობლემებზე, იმ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლებიც დგას საქართველოს წინაშე. პირველ ყოვლისა, გთხოვთ, რომ გულწრფელნი იყოთ, ღიად, ისე თქვათ თქვენი სათქმელი, რომ არ ჩათვალოთ, თითქოს თქვენ სათანადოდ კარგად იცნობთ თქვენს სამშობლოს. და, სხვათა შორის, თქვენი თაობის მნიშვნელოვანი მოვალეობა და ამოცანაა ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იმ სტადიაში, რომელშიც ჩვენ ახლა შევდივართ, ბევრად უკეთ, ბევრად უფრო რეალურად და უფრო ხელშესახებად გაიცნოთ ის ფენომენი და გააცნოთ, პირველ ყოვლისა, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, და შემდეგ სხვებსაც, რასაც წარმოადგენს საქართველო მთელი თავისი მრავალფეროვნებითა და ნაირსახეობით. დღეს მე ამ დებულებასთან ერთად კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან მომენტს მინდა გავუსვა ხაზი. რა არის პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ისტორიულ გამოცდილებაში და რატომ ვარ მე, მაგალითად, აბსოლიტურად დარწმუნებული, რომ საქართველო ვერც ერთ სისტემაში, ვერც ერთ ოჯახში, – საერთაშორისო ოჯახებს ვგულისხმობ, – ვერ მოიპოვებს წყნარ, მშვიდ, სტაბილურ ადგილს, გარდა ევროპული ოჯახისა? იმიტომ, რომ მთელი ქართული გამოცდილება, ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ყველა მომენტი ჩვენი ისტორიისა, როდესაც ქართველებს ეძლეოდათ საკუთარი თავის თავისუფლად გამოხატვისა და რეალიზების საშუალება, ვექტორი განვითარებისა ყოველთვის მიმართული იყო იმ ფასეულობებისაკენ, რომლებსაც იმ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში წარმოადგენდა დასავლური ფასეულობები. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის, ქართული ჯვაროსნული ომების გამოცდილება და, როდესაც კი ოდნავ მაინც არსებობდა ამის საშუალება და წინაპირობა, დავუშვათ, გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში, რომელიც არ იყო ყველაზე ძლიერი და გაბრწყინებული ეპოქა საქართველოსათვის, ქართველობა აუცილებლად ცდილობდა, რომ საკუთარი ადგილი დაემკვიდრებინა საერთო დასავლურ კალეიდოსკოპში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერის მამად დამსახურებულად, გააზრებულად სახელდებოდეს, პირველ ყოვლისა, ილია, რომელიც არის დღევანდელი ქართული სახელმწიფოს იდეოლოგიის უპირველესი ფუძემდებელი და განმსაზღვრელი. მისი ფილოსოფია და კონცეფციები ეფუძნებოდა და იყო აგებული სწორედ ევროპულ კონცეფციებზე, და ის არასოდეს აჯერებდა მათ იმ თავისთავად საინტერესო მიმდინარეობებთან, რომლებიც იყო თუნდაც მეზობელ სპარსეთში ან სხვა ქვეყნებში – ვთქვათ, თურქეთში. ძალიან საინტერესოა ის, რომ, აი, დავუშვათ, თურქეთი, ათათურქის მოსვლის შემდეგ, 1915-18 წლებიდან, წარმოუდგენლად ვითარდება. იქ ყალიბდება ძალიან საინტერესო, მკვეთრად გამოხატული და სპეციფიკური თურქული ნაციონალისტური კონცეფცია, რომელმაც, სხვათა შორის, გადაარჩინა უკვე პრაქტიკულად დაყოფილი და დაქუცმაცებული ტერიტორია, რომელიც იყო ნაშთი ოსმალეთის იმპერიისა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოა, ამან ვერ მოახდინა ქართულ პოლიტიკურ აზროვნებაზე ისეთი დონის ზეგავლენა, როგორსაც ახდენდა გერმანიაში ან საფრანგეთში არსებული პოლიტიკური მიმდინარეობები. ასე რომ, აქ გეოგრაფიული სიახლოვე არ ყოფილა არასოდეს გადამწყვეტი, იმიტომ რომ ქართული მენტალიტეტი ყოველთვის საკუთარ თავს განიხილავდა, ასე ვთქვათ, ევროპული სამყაროს განუყოფელ ნაწილად, და ყველა პერიოდის ქართული ელიტა, რომელიც აყალიბებდა იმ ხაზს, რომელსაც უნდა გაჰყოლოდა მთელი საზოგადოება, ყოველთვის იყო მიმართული და ორიენტირებული იმაზე, რაც ხდებოდა ევროპაში. აი, ამ თვალსაზრისით, უბრალოდ, აი, ასეთი ყველაზე ხელშესახები ძეგლი და საბუთი ამისა არის ჩვენი პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომელიც, – ამას შეიძლება ინტერვიუში არ ვიტყვი, – მაგრამ, ჩემი თვალსაზრისით, გარკვეულად ზედმეტად პრეტენზიული და ამ მხრივ ცოტა მაიმუნურიც კი იყო – იმიტომ რომ მასში ბევრად უფრო მეტი მცდელობა იყო იმის დემონსტრირებისა, რომ ჩვენი სოციალ-დემოკრატები ბევრად უფრო მაგარი სოციალ-დემოკრატები არიან, ვიდრე კაუცკი ან სხვა ევროპული სოციალდემოკრატიის ლიდერები, და მასში ბევრი ისეთი დებულება იყო ჩადებული, რომელთა განხორციელებას ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბრიტანეთი, ან შვედეთი, ან შვეიცარია, დასჭირდა მრავალი წლის სოციალური მოძრაობები, დავუშვათ, იმავე საყოველთაო საარჩევნო უფლების გარანტირების, საარჩევნო პროცესში ქალების მონაწილეობის თვალსაზრისით და სხვა და სხვა. როდესაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლები ამ კონსტიტუციას აყალიბებდნენ, იმთავითვე ითვალისწინებდნენ, და ჰქონდათ იმის ამბიცია, რომ ეს უნდა ყოფილიყო ევროპის მასშტაბით აუცილებლად, ასე ვთქვათ, განსაკუთრებულ ადგილზე მდგომი და ყველაზე წინ წაწეული სამართლებრივი დოკუმენტი. ძალიან საინტერესო წიგნია, და თუ გექნებათ საშუალება, აი, ამ თვალსაზრისით, საქართველოს დასავლეთზე ორიენტაციის ისტორიის თვალსაზრისით, წაიკითხეთ მიხეილ თამარაშვილის ,,კათოლიკობის ისტორია საქართველოში“. ის არის ოდნავ ტენდენციურად დაწერილი იმიტომ, რომ მიხეილ თამარაშვილი იყო ძალიან დიდი კათოლიკე ქართველი მოღვაწე და ოდნავ ტენდენციურად არის დაწერილი იმ თვალსაზრისით, რომ ის ატარებს ყველაფერს იმ პრიზმაში, რომ მისი შეხედულებით, ჯერ კიდევ თამარმა დაიწყო ფიქრი საქართველოს კათოლიკურად მოქცევაზე, მაგრამ, ამავე დროს, არის ძალიან საინტერესოდ გაანალიზებული და ჩამოყალიბებული მთელი ისტორია განსაკუთრებული ურთიერთობებისა საქართველოში, – დაწყებული მეთორმეტე საუკუნიდან, – დასავლურ სამყაროსთან და იმჟამინდელი დასავლური სამყაროს ცენტრთან – წმინდა საყდართან. მე კიდევ ერთხელ, უბრალოდ, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ, ჩემი ღრმა რწმენით, აი, თუ ავიღებთ ჩვენი ისტორიის თითოეულ ფურცელს, თითოეულ ეპიზოდს, ეს იქნება იმის საბუთი, იმის დემონსტრირება, რომ ქართული მენტალიტეტი ყოველთვის ახდენდა საკუთარი თავის იდენტიფიკაციას საერთო ევროპულ სამყაროსთან. ასე რომ, მე დღეს ვცადე სამ მომენტზე გამემახვილებინა თქვენი ყურადღება იმისათვის, რომ შემდეგ გადავიდეთ დღევანდელი აქტუალური ქართული პოლიტიკის ქარტეხილებზე. პირველი, რომ საქართველო არის ძალიან მრავალფეროვანი, ამდენად, გარკვეულად წინააღმდეგობრივი ფენომენი, მაგრამ, აი, ეს ქართული მრავალფეროვნება, თუ დავეყრდნობით დავით აღმაშენებლის გამოცდილებას, იქცეოდა ჩვენი ძლიერებისა და ამ რეგიონში სრულიად დომინანტური პოზიციის წყაროდ. თუ ჩვენ ამას სწორედ ისე მივუდგებით, როგორც დავით აღმაშენებლის დროს ხდებოდა, აი, ეს შემწყნარებლობა იქნება სახელმწიფოს განმსაზღვრელი პოლიტიკა. ახლა წარმოიდგინეთ პიროვნულად დავით აღმაშენებელი, ადამიანი, რომელიც რამდენი, ოცი წელი იყო, თუ არ ვცდები, ებრძოდა არაბებს, რათა საკუთარი დედაქალაქი, სატახტო ქალაქი დაებრუნებინა. აი, როგორი ემოციები უნდა ჰქონოდა მათ მიმართ – პრაქტიკულად თექვსმეტი წლის ასაკიდან, მთელი მისი პიროვნება ჩამოყალიბდა ამ თბილისის საამიროსა და არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არ იყო გულჩვილი და სენტიმენტალური ადამიანი. თქვენ იცით, ეს იყო ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად ძელზე სვამდა იმ ხალხს, ვინც ურჩი ფეოდალები იყვნენ, და ვინც საშიშროებას უქმნიდა მის სახელმწიფოს. წმინდანი იყო.წმინდანი შემდეგ გახდა. მე მინდა, ერთი წუთით წარმოიდგინოთ ის, როგორი რეალური პიროვნება, უბრალოდ, ფიზიკურად არსებული ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი ემოციები, თავისი განცდები. კიდევ ვამბობ, რომ ის არ იყო სენტიმენტალური ადამიანი და, ამის მიუხედავად, მე იმის თქმა მინდა, რომ, როდესაც ის მიდიოდა მეჩეთში ან სინაგოგაში, ეს გულჩვილობის გამოხატულება კი არ იყო, რომ, ვაიმე, ნახეთ, როგორია ის – მოდი, ვიყოთ კეთილები და ყველას მოვეფეროთ და თავზე ხელი გადავუსვათ. ეს იყო ძალიან მტკიცე, ძალიან სასტიკი, ძალიან ძლიერი სახელმწიფო მოღვაწის გააზრებული ქმედება. აი, მე მინდა, რომ ამას გავუსვა უბრალოდ ხაზი. სხვა არის დავით აღმაშენებლის წმინდა მორალური სახე. ის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურაა საერთოდ არა მარტო საქართველოს ისტორიაში, და მისი ,,გალობანი სინანულისანი“ საერთოდ აბსოლიტურად სწორუპოვარი ფენომენია, და აქვე იმის დემონსტრირებაა, რომ ყველა ის სისასტიკე, რასაც ის სჩადიოდა, ის მის გულს სწყლავდა, და ის ამას განიცდიდა, როგორც პიროვნულ ცოდვას. ეს, სხვათა შორის, მართლა საოცრებაა, და პირადად მე ასეთი პრეტენზიები არ ვიცი მსოფლიო ისტორიაში. ყოველ შემთხვევაში, არ მახსოვს, ეს ასე ხელშესახები და ასე მკაფიოდ დემონსტრირებული რომ იყოს. მართლაც, სრულიად გამორჩეული ადამიანი იყო, როგორც ჩანს, თავისი მორალითაც. მე კიდევ ვამბობ, ხაზს ვუსვამ იმას, რომ მან ეს დანერგა, როგორც ქართული სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებელი პრიორიტეტი, და მე მაქვს, სხვათა შორის, თეორია, რომ დავით აღმაშენებელმა გიორგი ჭყონდიდელთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ერთგვარად იმას, რასაც შეიძლება ეწოდოს ქართული Raison d’etat. ესე იგი, ის, რაც გააკეთა რიშელიემ მეჩვიდმეტე საუკუნის ევროპაში. ეს, ცხადია, არა ისეთი ექსპლიცისტური ფორმით, არა ისე ჩამოყალიბებულად, მაგრამ ამისი გარკვეული ნიშნები სწორედ არსებობდა დავით აღმაშენებლის პოლიტიკაში. და, როგორც ჩანს, ამაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ასევე გიორგი ჭყონდიდელი, და აქ იგულისხმება, სხვათა შორის, იგივე საეკლესიო რეფორმა, აქ იგულისხმება ჯარის რეფორმა, აქ იგულისხმება იმავე ყივჩაღების ჩამოყვანა და ძალიან ბევრი ის გადაწყვეტილება, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო ინტერესი იყო გააზრებული დავით აღმაშენებლისა და მისი გუნდის, თანამოაზრეების მიერ როგორც უმაღლესი და უზენაესი ღირებულება.მეორე მომენტი, რაზედაც მე დღეს გავამახვილე თქვენი ყურადღება, ესაა ის, რომ, როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებზე, ჩვენს შესაძლებლობებზე, ჩვენს სისუსტეებზე, არამც და არამც არ უნდა შემოვიფარგლოთ ჩვენი სახელმწიფოს საზღვრით, და უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ვართ ამ ისტორიული ერთობის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც ჰქვია კავკასიური ერთობა, და როგორ თავისუფლადაც არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ჩვენს ევროპელობაზე, რამდენადაც არ უნდა ვგრძნობდეთ თავს ევროპელებად, და სხვა, ჩვენ ყოველთვის დავრჩებით კავკასიელებად, და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებაა. ჩვენ ვერსად ვერ გავექცევით კავკასიურ პრობლემებს, იმ პრობლემებს, რომლებიც არსებობს ჩვენს სამეზობლოში, მაგრამ, ამავე დროს, სხვათა შორის, დანარჩენი მსოფლიოსათვის ეს გვხდის ჩვენ ბევრად უფრო საინტერესოებად და მიმზიდველებათ. და მესამე მომენტი, ასე ვთქვათ, მესამე სიბრტყე არის ის, რომ ქართული ეროვნული თვითშეგნება ყოველთვის ყალიბდებოდა და ვითარდებოდა, აი, იმ ერთობაში, რომელსაც ჰქვია პირობითად დასავლური ერთობა, რომელსაც ჰქვია ევროპული ერთობა, რომ ყოველთვის ქართული ელიტა ახდენდა საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ამ სამყაროსთან, ყოველთვის მიილტვოდა ამ სამყაროსთან ინტეგრაციისაკენ. ყველა ეს ბრძოლა, შეტაკება, უბრალოდ, გარკვეული ფილოსოფიური დისტანციიდან რომ გავაანალიზოთ, ვნახავთ, რომ ეს ყოველთვის იყო იმისკენ ლტოლვა, რომ მორიგი ბარიერი მოხსნილიყო, – იქნებოდნენ ისინი რუსები თუ მონღოლები, არა აქვს მნიშვნელობა, – რომ მივსულიყავით უფრო ახლოს დასავლეთთან. ყოველთვის, აი, თითოეულ ისტორიულ მომენტში, როდესაც კი ქართველებს ეძლეოდათ იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი, თავად განესაზღვრათ მიკუთვნება მსოფლიოს ამა თუ იმ პოლიტიკური თუ კულტურული ოჯახისათვის, ყოველთვის იყო ერთმნიშვნელოვანი არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ. არ ყოფილა სხვადასხვა შემთხვევა. მე არ ვსაუბრობ იმ მომენტებზე, როდესაც კახეთის ან ქართლის მეფეებს თავისი და საკუთარი სამეფოს ფიზიკური გადარჩენისათვის უხდებოდათ მუსლიმანობის მიღება, სპარსეთის კარზე ხლება და სხვა. ეს ძალისმიერად თავს მოხვეული გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ საკუთარი ნებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ყოველთვის იყო მიმართული იმისაკენ, რომ საქართველო დაახლოებოდა იმ ერთადერთ დიდ კულტურულ ოჯახს, დაბრუნებოდა იმ ერთიან აკვანს, საიდანაც აღმოცენდა მთლიანობაში ერთიანი ევროპული კულტურის ფენომენი. აი, ესეც არის ის, რაც განსაზღვრულია, კოდირებულია, წინასწარაა განსაზღვრული მთელი ჩვენი ისტორიული განვითარებით, და სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ნებისმიერი მცდელობა, ეს იქნება ისევ ძალმომრეობა ქართველების და საქართველოს, როგორც ცოცხალი ორგანიზმის ბუნებაზე, და ეს ახალ ტკივილსა და ახალ სირთულეებს გამოიწვევს. ამიტომ, რომ დავუბრუნდეთ ამას, ახლა ჩვენი საუბრის ამოცანაა სწორედ ის, რომ ვიპოვოთ, თუ როგორია ქართული წარმატების, ქართული სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის რეცეპტი. აი ეს ფაქტორიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული, რადგან მიმაჩნია, მე მართლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, იმდენად რამდენადაც მე მესმის ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი მეობა, რომ დემოკრატიული და ევროპული არჩევანი საქართველოსათვის სინამდვილეში არის ერთადერთი შესაძლებელი და ერთადერთი მისაღები არჩევანი. ეს არის ევროპის ოჯახი, ევროპის ოჯახი არის ის ერთადერთი ოჯახი, სადაც ჩვენ თავს ვგრძნობთ საკუთარ ნავსაყუდელში და არ ვგრძნობთ თავს გაუცხოებულად და მუდმივად, ასე ვთქვათ, უბედურების მოლოდინში. აი, ეს მინდოდა მეთქვა მე დღეს თქვენთვის, ასე ვთქვათ, შესავლის სახით, და გახსოვდეთ, რომ თქვენ არ იცნობთ სათანადოთ კარგად თქვენს ქვეყანას, და უნდა ეცადოთ, რომ ბევრად უფრო ზუსტად, ბევრად უფრო სრულად წარმოიდგინოთ, რა არის თქვენი სამშობლო, იმიტომ რომ თითოეული ახალი სოფელი, რომელსაც თქვენ მოინახულებთ, ეს შეიძლება იყოს სრულიად ახალი ფურცელი თქვენს გაგებაში იმისა, თუ რა არის საქართველო, ვინ არის ქართველი, რითაა იგი განსხვავებული თუნდაც რომელიმე, შედარებით ახალგაზრდა სხვა ერის წარმომადგენლებისაგან ? იმიტომ, რომ გარდა, აი, იმ კონკრეტული გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ფაქტორებისა, და შეიძლება, ხშირად მათზე უფრო მეტად, ჩვენ ვხდებით მძევლები იმ ისტორიულ მემკვიდრეობისა, რომელიც გვერგო ჩვენი წინაპრებისაგან. ის, რაც იყო ჩვენამდე, გვავალდებულებს ჩვენ სავსებით კონკრეტული ქმედებები განვახორციელოთ. ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორ უნდა ვიფიქროთ ჩვენ ჩვენს მომავალზე. იმიტომ, რომ, იყო ქართველი, აი თითოეული თქვენგანის შემთხვევაში, ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ამაყი იმით, რომ გაქვს ყველა სხვა ანბანისაგან განსხვავებული ანბანი. შენ ხარ, დავუშვათ, იმ კულტურის მფლობელი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში სრულიად უნიკალური, დავუშვათ, მრავალხმიანი სიმღერის ფენომენი. შენ ხარ, დავუშვათ, იმ კულტურის მატარებელი, რომელსაც რამდენიმე მართლა მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი შემოქმედი მიეკუთვნებოდა, როგორიც არის, დავუშვათ, რუსთაველი ან ფიროსმანი, და ა.შ. შენ ხარ იმ კულტურის მატარებელი და იმ ხალხის შთამომავალი, რომელმაც მთელ საქართველოში ამდენი წარმოუდგენლად საინტერესო ლამაზი ძეგლი შექმნა და ა.შ. ეს, ერთის მხრივ, ხომ თქვენი სიამაყის წყაროა. მაგრამ ეს არის ასევე ის, რაც მუდმივად გავალდებულებთ, რომ იყოთ უფრო ამბიციურები, ვიდრე სხვა, ბევრად უფრო მცირე მემკვიდრეობის მქონე ადამიანები. ვისაც მეტი მიეცემა, მეტი მოეთხოვებაეს ნამდვილად ასეა. ამიტომ ჩვენი არჩევანი, ჩვენი გადაწყვეტილებები ამ ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორითაც არის შეზღუდული. აი, რომ წარმოიდგინოთ, ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა იყოს საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა. ამ შემთხვევაში რუსებზე ვთქვათ : მათ უნდათ ისევ შეგვიყვანონ თავიანთი ორბიტის ქვეშ. რა ვქნათ : დავანებოთ ამათთან გაუთავებელ ჭიდაობას თავი, უარი ვთქვათ ჩვენს სუვერენულობაზე და მთლად გუბერნიაც კი თუ არ ვიქნებით, რაღაცა სპეციალური სტატუსი გვექნება, შეიძლება ბელორუსიაზე უკეთესიც კი?ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია სწორედ ამ მემკვიდრეობის გამო, სწორედ იმ სიამაყის გამო, რომელიც დევს თითოეულ ქართველში, ვინც ოდნავ მაინც არ არის გაუცხოებული თავისი მემკვიდრეობისაგან, და არა მხოლოდ ეს…. აი, როდესაც საუბარია საქართველოს უცილობელ ევროპულ არჩევანზე, ესეც განსაზღვრულია ჩვენი მთელი იმ წინა კულტურით, რომელიც არსებობდა ჩვენამდე. მე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ჩვენ გავაკეთოთ ძალიან ღრმა ექსკურსები საქართველოს ისტორიაში, მაგრამ, უბრალოდ, ძალზე მნიშვნელოვნად ვთვლი იმას, რომ თქვენ მართლაც იფიქროთ ყველა იმ საკითხზე, რომლებსაც მე დღეს შევეხე. და თქვენ აუცილებლად უნდა იყოთ შინაგანათ გახსნილები ერთი აზრის გასაზიარებლად…. იცით, ნუ გეწყინებათ, მაგრამ თქვენ უნდა იმთავითვე ჩათვალოთ, რომ თქვენ არ იცნობთ კარგად იმ ქვეყანას, რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. თქვენ უნდა გახსნათ თქვენი გონების კარი იმისთვის, რომ მართლაც შეიცნოთ ეს ქვეყანა, დაინახოთ იგი მთელი თავისი მრავალფეროვნებით, დაინახოთ თქვენი სამშობლო, რომელიც წარმოუდგენლად ლამაზია. თქვენ თუ დაინახავთ, რომ საქართველო ბევრად, განუზომლად უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ თბილისი ან მხოლოდ თბილისი და ქუთაისი, ან ზუგდიდი და თელავი, დავუშვათ, – თქვენ ბევრად უფრო ლამაზ სამშობლოს დაინახავთ, რომელიც მოგცათ ღმერთმა, და ამის დაუნახავად თქვენ ძალზე გაგიჭირდებათ, რომ ჩვენ ერთობლივად ვიპოვოთ თანამედროვე კონკრეტულ ვითარებაში ის გამოსავალი, რომელიც აუცილებლად უნდა ვიპოვოთ თქვენთან ერთად. თუ გაქვთ რამე შეკითხვები? არა გაქვთ შეკითხვები?….ბატონო ზურაბ, მე ასეთი შეკითხვა გამიჩნდა თქვენს საუბართან დაკავშირებით : მიუხედავათ იმისა, რომ მცდელობა იყო საქართველოსი, აი, ამ ევროპულ ცივილიზაციასთან და ევროპულ კულტურასთან ინტეგრაციისა, მე მაინც ასეთი დასკვნა გამომაქვს, რომ ეს ლტოლვა ლტოლვად დარჩა და მცდელობა – მცდელობად, მიუხედავად წარმატებებისა. და არა მგონია კიდევ, ევროპაში აფხაზეთის პრობლემას აღიქვამდნენ წმინდა ევროპულ პრობლემად. ეს მაინც რჩება პრობლემად, კავკასიის პრობლემად და არა ევროპისა….სხვათა შორის, როდესაც ჩვენ წამოვიწყეთ ევროსაბჭოში შესვლის პროცესი, მე მახსოვს, 1994 წელს, თუ არ ვცდები, თუ ოთხმოცდათხუთმეტში, იყო ოფიციალური დისკუსია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში იმაზე, საერთოდ არის თუ არა კავკასია და ეს სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ევროპა, იმიტომ რომ ეს შეკითხვა შვიდი-რვა წლის წინ ევროპული ელიტის წინაშე სრულიად ფორმალურად, ფორმალიზებულად იდგა. ეს დღის წესრიგში იყო შეტანილი და იქ დებატების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება და გაარკვიეს, რომ კი, რა თქმა უნდა, ეს ასეა. რა თქმა უნდა, საქართველო, ისევე როგორც საერთოდ კავკასია, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, არ განიხილებოდა არა მხოლოდ ევროპის, საერთოდ დასავლეთის მიერ მის შემადგენელ ნაწილად. და ეს იყო რუსული იმპერიული პროპაგანდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელიც ძალიან წარმატებული იყო კავკასიასთან მიმართებაში. და თვითონ ეს კავკასიური ომები, კავკასიური მრავალფეროვნება და სხვა ამას ხელს უწყობდა. აი, მე ხშირად ჩემს საჯარო გამოსვლებს იმავე ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ამით ვიწყებდი, რომ მე წარმოვადგენ იმ ქვეყანას, რომელზეც საბჭოთა კავშირი და რუსეთი ცდილობდნენ ათწლეულების განმავლობაში შეექმნათ ეს კლიშე : კავკასია – ეს არის ველური, არაცივილიზებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული, გაუპარსავი ადამიანების ხროვა, რომელსაც დედამიწის ზურგზე ერთადერთმა ძალამ შეიძლება მიხედოს, და ეს ძალა არის რუსეთი; რუსებმა იციან ეს. ჩვენ ახლა სადა გვაქვს იმისი თავი, რომ გავერკვეთ, რა განსხვავებაა ჩეჩნებსა და ალანებს შორის…(რეპლიკა. ის არ ისმის)არ ვიცი, რამდენად დავაკმაყოფილე შენი ეს შეკითხვა, მაგრამ ეს არის პროცესი. რა თქმა უნდა, იმავე ბალტიისპირელების პრობლემებს ევროპელებიც და ამერიკელებიც, კავკასიურ პრობლემებთან შედარებით, გაცილებით უფრო სხვა სიბრტყეში განიხილავდნენ. ესე იგი, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში რომ შედიხარ, იმ სხვადასხვა ქვეყნების დროშები კიდია, ვისაც სცნობს შეერთებული შტატები. და იქ მანამდეც ეკიდა ბალტიის სამივე რესპუბლიკის დროშაც, სანამ ისევ არ აღდგა მათი დამოუკიდებლობა. პრაქტიკულად, ეს საკითხი ყოველთვის ღიად რჩებოდა, მაშინ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობას უმეტესი სახელმწიფოები მხოლოდ მეორე მსოფლიო ომამდე სცნობდნენ და ისიც….ალბათ, სწორედ ეს არის ჩვენი… : ჩვენ ჩვენს თავს განვიხილავთ ევროპის ნაწილად, როდესაც ევროპა არ განგვიხილავს ჩვენ ევროპის ნაწილად.რუსეთი განგვიხილავს ჩვენ რუსეთის ნაწილად, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ჩვენს თავს რუსეთის ნაწილად, და ასე ვართ გამოკიდებული შუაში.ეს ნამდვილად უსამართლობა იქნება, რომ ჩვენ ვთქვათ, თითქოს ევროპა არ განგვიხილავს დღეს ჩვენ საკუთარი თავის ნაწილად. აბსოლიტურად ყველა ევროპულ ინსტიტუტში ევროპა განიხილავს საქართველოსაც, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ევროპის ნაწილად, და ეს არის იგივე ეუთო, არის ევროპის საბჭო და ნებისმიერი სხვა სტრუქტურები. სხვა საქმეა ის, რომ ჩვენი პრობლემების აქტუალობა ევროპისათვის არ არის, ასე ვთქვათ, იმდენად მთავარი, როგორიცაა, დავუშვათ, ბალკანელი ხორვატების აქტუალობა, იმიტომ, რომ ის ტერიტორიულად მათთან უფრო ახლოსაა.მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თვითონ იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს საქართველოში. როდესაც საქართველოში იყო ასეთი რეალური აღმავლობა, აი, თუნდაც ოთხმოცდათხუთმეტი წლის ბოლოდან სადღაც თუნდაც ოთხმოცდათვრამეტი წლის პირველი ნახევრის ჩათვლით, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, საქართველოსთან როგორი დამოკიდებულება იყო. სადაც არ უნდა მისულიყავით, გინდათ ვაშინგტონში, და გინდათ ნებისმიერ დედაქალაქში. იმიტომ, რომ ხალხი იყო გაოგნებული; თვლიდნენ, რომ ხელახლა აღმოაჩინეს სრულიად ახალი ქვეყანა; თვლიდნენ, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს მსოფლიოს ამ ნაწილში, ამ რეგიონში დემოკრატიული განვითარების სრულიად ახალი მოდელი, და ეს ხდიდა საქართველოს ძალიან მიმზიდველს. სხვათა შორის, როდესაც ამირჩიეს სპიკერად, მე მაშინ პირველად ვთქვი, და ძალიან მომწონს ეს ფორმულა, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ბამბა, ნავთობი ან ოქრო იმ რაოდენობით, რომ საინტერესო ვიყოთ მსოფლიოსათვის. ჩვენ შეგვიძლია საინტერესო ვიყოთ ჩვენი დემოკრატიული ტრადიციების სიძლიერით. და ეს მართლაც ასეა – სხვათა შორის, საქართველო ამ საერთო ევროპულ კონტექსტში ასრულებდა გარკვეული მოდელის ფუნქციას დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ხომ არ გაქვთ სხვა შეკითხვები? ესე იგი, შეგვიძლია დავასრულოთ._________________________ * ზურაბ ჟვანიას საპარლამენტო გამოსვლა 1995 წლისა. იხილეთ დანართი № 6. ლექცია VI უმცირესობები 14 უმცირესობებთან ურთიერთობა და მათთან საკითხების მოგვარების პრობლემა ედგა არა მხოლოდ საქართველოს, იმ ქვეყნებსაც, იმ საზოგადოებებსაც, რომლებმაც მოახერხეს, რომ ამისათვის ბევრად უფრო წარმატებით გაერთმიათ თავი. და არ იფიქროს არც ერთმა თქვენგანმა, რომ КГБ – ს ძალისხმევა, დავუშვათ, აი, აეფეთქებინათ ვითარება ნარვაში, ან პირდაპირ რუსეთთან ემუშავათ იმავე ლატვიაში ან ესტონეთში, იყო ნაკლები, ვიდრე მათი ძალისხმევა აფხაზეთთან მიმართებაში. პირიქით, იქ მეტი ძალისხმევაც იყო გარკვეული თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბალტიის ზღვის სანაპიროების დაკარგვა რუსეთისათვის – ეს არის ისტორიულად, პეტრე I -დან, შვედებთან ომის პერიოდიდან მოყოლებული, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა საერთოდ რუსული სახელმწიფოებრიობისათვის. მაგრამ იქ, იმ იქაურმა მოძრაობებმა მოახერხეს, რომ ეს ბომბები აფეთქებულიყო, მოახერხეს, რომ ეს ფაქტორი არ ამუშავებულიყო იმ დონით, იმ საზოგადოების საზიანოდ, როგორც, სამწუხაროდ, ეს მოხდა საქართველოში. ამიტომ თქვენ მე მოგმართავთ, როგორც პოლიტიკური მექანიზმების პროფესიულ დონეზე შესწავლის მოწადინე ადამიანებს. მე მინდა გთხოვოთ, განსაკუთრებით იფიქროთ, რომ, რა თქმა უნდა, აფხაზეთშიც, ცხინვალშიც იყო უზარმაზარი ძალისხმევა იმ საკავშირო ძალებისა, დღესაც გრძელდება რუსეთის სპეცსამსახურების გაუთავებელი საქმიანობა და სხვა, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა, პირველ ყოვლისა, უნდა ვიფიქროთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ჩვენ დავუშვით. და ეს, სამწუხაროდ, ძალიან სერიოზული შეცდომები გახლდათ. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისისათვის და ოთხმოციანი წლების ბოლოს საერთოდ განწყობილებები ყველა უმცირესობაში საქართველოში იყო აბსოლიტურად პროქართულნაციონალისტური. ეს იყო პერიოდი, როდესაც აი, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პირველ თვეებში ის უპრობლემოდ ნიშნავდა, მაგალითად, ქართველ პრეფექტს ახალქალაქის რაიონში. დღეს, გულწრფელად რომ ვთქვა, იმისი წარმოდგენა ძალიან რთულია, რომ დავუშვათ, შევარდნაძემ იქ დანიშნოს ქართველი გამგებელი, იმიტომ, რომ დღეს, ასე ვთქვათ, დისტანცირება იმ მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის, და იმ მოსახლეობისგან თავისი ძალის განცდა ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის საპირისპიროდ ბევრად უფრო ძლიერია. მე იმის თქმა, იმის ხაზგასმა მინდა, რომ ეს იყო ის თვეები, ერთი-ორი წელი, როცა ნაციონალური ენერგია იყო აბსოლუტურად გამოთავისუფლებული, ეს იყო ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვეძლო ძალიან ბევრი საკითხი გადაგვეწყვიტა ბევრად უფრო უმტკივნეულოდ, ვიდრე დღეს ეს წარმოგვიდგენია, და როდესაც ჩვენ, სამწუხაროდ, დავუშვით, რამდენიმე საბედისწერო შეცდომა. ბოდიში, კონკრეტულად რა უნდა გაკეთებულიყო?მოდი, ახლა ამაზე საუბარი დავასრულოთ. მე კიდევ რამდენიმე სიტყვა მინდა გითხრათ, და ეს ბოლო შეკითხვა აუცილებლად შემახსენეთ, იმიტომ რომ აქ სინამდვილეში საკმაოდ მარტივი იყო ბევრ კონკრეტულ ვითარებაში ამის დაუშვებლობა, და ახლა მე ვცდილობ, ყოველთვის წინამორბედი პოლიტიკოსების მიმართ მაქსიმალურად დელიკატური ვიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ თითოეულ კონკრეტულ ვითარებაში, იქნებოდა ეს, დავუშვათ, ვითარება ცხინვალში, იქნებოდა ეს ვითარება აფხაზეთში, თუ სხვა, კონფლიქტის პროვოცირება ხშირად ხდებოდა ერთმანეთის ჯიბრზე.აი, მე ვახსენე, დავუშვათ, გია ჭანტურიას პოზიცია ცხინვალში ამ ლაშქრობასთან დაკავშირებით. აფხაზეთთან მიმართებაში ზურაბ ჭავჭავაძეს ჰქონდა ჩამოყალიბებული, შემუშავებული მართლაც აბსოლიტურად პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკა, და ის ძალიან დიდ დროს ანდომებდა აფხაზეთში მუშაობას, დაწყებული ყველა ამ აფხაზ სეპარატისტ ლიდერთან შეხვედრებით, მუშაობით და სხვა, მაგრამ, რაკი ვიღაცა ებრძოდა ზურაბ ჭავჭავაძეს და აცხადებდა მას სუკის აგენტად, იმად, ამად. სხვათა შორის, ზურაბი, თუმცა მე არასოდეს ახლო ურთიერთობა მასთან არ მქონია, უნდა ვთქვა, რომ ის თავისი მომზადებით, თავისი ნიჭიერებითა და ბევრი სხვა თვისებით ერთ-ერთი განსაკუთრებული ლიდერი იყო. და ამიტომ, რაკი ის უნდა გამოცხადებულიყო სუკის აგენტად, ბუნებრივია, ის თუ იტყოდა, სიტყვაზე, რომ იქ, სოხუმში, ამა და ამ სკვერში ეს და ეს მიტინგი არ უნდა ჩავატაროთო, პირიქით, აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო, და ასე შემდეგ. თუ გავიხსენებთ, რა ხდებოდა, რა უფრო ზოგადად თუ შევხედავთ, უნდა გაკეთებულიყო ის, რის საშუალებასაც ყველა ეთნიკური ჯგუფი იძლეოდა მაშინ საქართველოში მიმდინარე პროცესებში მათ ჩასართავად. და იცით, რა არის ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე მტკივნეული, მაგალითად, ჩემთვის? ის, რომ, ჩვენ დავუშვით ეს შეცდომა ათი წლის წინათ, და ეს ჩვენი თაობის გამოცდილებაა. მახსოვს, იგივე ოსები, მე არ დამავიწყდება, აქ, კინოს სახლში, მოდიოდნენ ეროვნულ ფრონტში, სახალხო ფრონტში ჩვენთან : ჩვენც თქვენს გვერდით დაგვიყენეთო. სიები მოჰქონდათ და…. – არა, ესენი ოსები არიან, რისთვის მოდიან, და მეხუთე კოლონა ხომ არ არისო?… აბსოლიტურად იგივე დამოკიდებულება არის დღესაც, როდესაც არის უპრეცედენტო, იგივე სიტუაცია, დავუშვათ, პასპორტში ეროვნების ჩანაწერთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოა, დარწმუნებული ვარ, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ძირითადი ეთნოსი, სახელმწიფოს წარმომქმნელი ეთნოსი, ითხოვს ამის დიფერენცირებას. თურქეთში თურქულ-სელჩუკური მოსახლეობა უმრავლესობას არ შეადგენს, ირანში უმრავლესობა არ არის სპარსელი მოსახლეობა, რომელიც სპარსულად მეტყველებს – 50%-ზე ნაკლები არიან. ძალიან ბევრია ისეთი ერი, რომლის გამრავლებაც ხდება არა მხოლოდ ბიოლოგიური გამრავლების გზით, და არა იმდენად ბიოლოგიური გამრავლების გზით, რამდენადაც სწორედ ასიმილაციური პროცესების გზით. მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც სომეხი ან აზერბაიჯანელი, ან და ბერძენი არ გვეუბნება, რომ ჩამირტყი პასპორტში აუცილებლად ცალკე ჩანაწერი, რომ მე ვარ სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, და… – კი, როგორ არა, საბერძნეთში ,,დაჟე“ მართლმადიდებლობის ჩაწერას…. არა, მე ვამბობ: აქ ჩვენი მოსახლეობა არ ითხოვს იმას და ჩვენ ვეუბნებით, აი, ჩვენ უნდა რაღაცა განსხვავებული ნიშანი მოგარტყათ, რომ ვიცოდეთ, რომ შენ არა ხარ გენეტიკური ქართველი, და ამით რაღაცა დამატებითი ბარიერი შეგიქმნათ იმისთვის, რომ შენ ბოლომდე იყო ინტეგრირებული ამ საზოგადოებაში. სხვათა შორის, მე მეკუთვნის ტერმინი ,,ინტეგრაცია“.15 ასიმილაციას რაკი ჩვენ ვერ ვიხმარდით, პარლამენტში შევქმენით სპეციალური კომიტეტი, რომელსაც ერქვა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. სწორედ სამოქალაქო ინტეგრაციაა ის პროცესი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს, რომ შენ დაიბადე ალიევად, ან არუთინიანად, ან პაპანდრეუდ აქ, საქართველოში, და შენ უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ ამ ქვეყანაში შენ შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, რასაც მიაღწევდი შესაბამისად სომხეთში ან აზერბაიჯანში, ან საბერძნეთში და ასე შემდეგ. აი, ეს თუ არ გექნება, რა თქმა უნდა, შენი დამოკიდებულება, შენი ლოიალობა ამ ქვეყნის მიმართ არასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც არის, დავუშვათ, იმავე ეთნიკური ქართველის ლოიალობა. და არის ამისი მაგალითები. ჩვენს გვერდით თურქეთში გადადით და ქართველს, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება თავისი კილოთი, მაგრამ წმინდა ქართულით დაგელაპარაკებათ, ჰკითხეთ, რა დამოკიდებულება აქვს მას თურქეთის რესპუბლიკისა და თურქეთის სახელმწიფოს მიმართ. ხშირად, აი, ჩაიბოღმები კიდევაც ადამიანი, იმიტომ რომ, აი, სრული იდენტიფიკაცია აქვს თურქული სახელმწიფოსადმი, თურქულ სახელმწიფოსთან ხალხს, რომელიც აღიარებს, რომელსაც ახსოვს, რომ სამასი წლის წინ იყო ქრისტიანი, რომ არის ქართველი და ,,ნენეი ქართველი მყავსო“, გეტყვის, და რომელიც მჭადს ისე არ გამოაცხობს, რომ ჯვარი არ დაასვას ზედ, და სხვა და სხვა. იმიტომ, რომ ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელიც თურქეთმა განახორციელა სულ რაღაც ორმოცდაათი-სამოცი წლის განმავლობაში. ეს არ არის საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ფენომენი. მაგრამ, ხომ ხედავთ, მაინც გადამახვევინა თქვენმა შეკითხვამ თემისგან. მაგრამ მე მინდა, რომ თქვენ ბევრი იფიქროთ ამ საკითხებზე იმიტომ, რომ, საერთოდ სამოქალაქო ინტეგრაცია, ერთიანი საზოგადოების შექმნა და მშენებლობა ძლიერი, ერთიანი, არადაპირისპირებული და არადაქსაქსული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველთა საფუძველია. ეს მიდგომა ძალიან ცვლის საერთოდ ქვეყნის პოლიტიკას?ერთი წუთით. მე მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, რომელიც ახასიათებდა და, სამწუხაროდ, დღემდე ახასიათებს ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს პოლიტიკურ პროცესს – ეს პოლიტიკური ძალების აბსოლიტური დაქსაქსულობაა, რაც, ერთის მხრივ, ვთქვათ ასე, ძალიან დაბალი ხარისხის პოლიტიკური ლიდერების ბრალია და, მეორეს მხრივ, ეს არის ის პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, აღმოცენდა იმის გამო, რომ საზოგადოება იძლევა ამის საშუალებას. საქართველოში, რომელიც იყო პიონერი საერთოდ, როგორც გითხარით, აი, ამ ნაციონალური მოძრაობის აგორებისა, და იმ თვალსაზრისით, დღესაც ჩვენ ვართ პოლიტიკურად ბევრად უფრო უმწიფრები და პოლიტიკური სპექტრი ბევრად უფრო ჩამოუყალიბებელია ჩვენთან, ვიდრე იმავე, ვთქვათ, ბალტიის რესპუბლიკებში.აი ახლა, რამდენიმე კვირის წინ, ამერიკაში როდესაც ვიყავით, ბზეჟინსკისთან – რომელთანაც ბევრი წელია ვმეგობრობ, – ვსაუბრობდით ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემაზე. მან ძალიან ზუსტად თქვა ერთი რამე : თქვენი მთავარი პრობლემა ბევრ სხვა აღმოსავლეთევროპულ ქვეყანასთან შედარებით არის უფრო ეს თქვენი წარმოუდგენელი დაქსაქსულობა და ფრაგმენტაცია, რომ თქვენ ყოველთვის გირჩევნიათ ერთმანეთს ინტრიგები მოუწყოთ, ერთმანეთთან იკინკლაოთ, ვიდრე თუნდაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო, საერთო ნაციონალური იდეების გარშემო მოხდეს თქვენი კონსოლიდაციაო. აი, ერთ-ერთი საბედისწერო პრობლემა სწორედ ქართული პოლიტიკისათვის, რომელიც იყო და რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც ძალიან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენში მიმდინარე პროცესებზე, ეს არის, ასე ვთქვათ, პოლიტიკური კერძო ინტერესების დომინირება საერთო ნაციონალურ ინტერესებზე. და გთხოვთ დაფიქრდეთ აი, ერთ მომენტზე. მე ადრე ვმუშაობდი ცხოველთა ქცევაზე, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდი… და დაგეხმარათ პოლიტიკაში ?სხვათა შორის, ხშირად მითქვამს, რომ ეს პარლამენტის სპიკერისათვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება იყო…. რატომ გავიხსენე ეს? – იმის გამო, რომ, როდესაც სწავლობენ ცხოველთა სოციალურ ქცევას, ირკვევა, რომ იქაც ერთ-ერთი განმსაზღვრელი ინსტიქტია ეგრეთ წოდებული ტერიტორიული უფლება. იქნება, დავუშვათ, მგელი, იქნებიან ეს მღრნელები, და ასე შემდეგ, მათს უმრავლესობაში მკვეთრადაა გამოხატული ერთ-ერთი მთავარი, არსებითი ინსტიქტი, რომელიც მათი არსებობის საფუძველთა საფუძველს წარმოადგენს – ეს არის შენი ტერიტორიის შენარჩუნება და დაცვა. რატომ ვამბობ ამას?ქართველებისათვის, სამწუხაროდ, თავიანთი ტერიტორიის დაცვაც კი არ აღმოჩნდა საკმარისად მაღალი პრიორიტეტი იმისთვის, რომ ეს საზოგადოება გაერთიანებულიყო, და დაპირისპირება გადაედოთ თუნდაც რაღაც დროით. ჩვენ დამნაშავე ვართ არა მხოლოდ იმის გამო, რაც მოხდა აფხაზეთში. ჩვენ დამნაშავე ვართ იმის გამოც, რომ გავიდა ამდენი ხანი აფხაზეთის შემდეგ და არცერთხელ, არცერთხელ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას არ მიუცია რეალური შეფასება იმისათვის, თუ რა მოხდა აფხაზეთში. და აფხაზეთში, რა თქმა უნდა, იყო რუსული ვერტმფრენები, რუსული გემები ბომბავდნენ სოხუმს, და იქ არენახინი იყო გენერალი, რომელიც იქ, ადგილზე, გუდაუთაში, იჯდა და გეგმავდა ოპერაციებს და სხვა და სხვა, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის მთავარი. მთავარი არის ის, რომ, როდესაც სოხუმი იყო ალყაში, ზუგდიდში დაბლოკილი იყო რკინიგზის მიმოსვლა და თბილისიდან ვერ გადაიყვანდი ეშელონებს. როდესაც, ე.ი. იგივე შევარდნაძე ფიზიკურად იყო იქ, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში მიტინგები იმართებოდა და ხალხი რეალურად ოცნებობდა იმაზე, რომ აფხაზებს მერე კი დავიბრუნებთ, ახლა მთავარია ეს სატანა მოვაშოროთო, და ასე შემდეგ. როდესაც იყო კონკრეტული ვითარება და კოდორზე იდგა ქართული ჯარების დაახლოებით სამათასიანი შენაერთი და გია ყარყარაშვილი, სხვათა შორის, ოთხჯერ გადავიდა და გადმოვიდა და ეხვეწებოდა, შემოდით სოხუმშიო, ერთი ნაბიჯიც არ გადმოუდგამთ იქ ცნობილ გენერლებს, რომლებიც დღესაც ხშირად საზოგადოებას ჭკუას ასწავლიან, და სხვა და სხვა…. მე იმის თქმა მინდა, რომ, სანამ ქართველები არ გაისიგრძეგანებენ იმას, რომ ჩვენ აღმოვჩნდით იმდენად სუსტები, რომ აფხაზეთის შენარჩუნების ინტერესმაც კი ვერ დაძლია ეს ინტრიგები, დაპირისპირება და ფრაგმენტაცია, რაც ჩვენი პოლიტიკური ელიტისათვის არის დამახასიათებელი, ჩვენ თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ, ეს ყოველთვის გამეორდება და გამეორდება მომავალშიც. თქვენ ძალიან ადვილად დარწმუნდებით და, ალბათ, ახლავე შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ, სამწუხაროდ, ყველა ეს ფაქტორი, რომლებიც წარმოიქმნა ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების პროცესში, არამცთუ არ იქნა გამოსწორებული უკვე სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, რომლებიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიქმნა, არამედ, სამწუხაროდ, ყველა ეს უარყოფითი ტენდენცია თითოეულ შემთხვევაში მხოლოდ გაღრმავდა და ამან უფრო საბედისწერო მაშტაბები და ფორმა მიიღო ჩვენი საზოგადოებისთვის. ახლა შემიძლია თქვენს შეკითხვებს ვუპასუხო. უკაცრავად, თქვენ, ალბათ, გემახსოვრებათ, აი, რომელი წელი იყო, შევარდნაძე პირველად რომ მოვიდა,….კომუნისტების დროს. მაშინ მე ვიყავი შვიდი თუ რვა წლისა.არა, მაინც რომელი წელი იყო? მე მახსოვს, აი, მოკლე მონაკვეთი მის გარეშე, ფაქტიურად, აი, პატიაშვილის პერიოდი, დანარჩენი სულ იყო შევარდნაძე….1972 წელს….თქვენ რაც ბრძანეთ ახლა, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ქართველმა პოლიტიკოსებმა ფაქტიურად თუ არ გაიზიარეს ეს აზრი, ის ყველა, ვთქვათ, ეკონომიკური და სოციალური პრობლემა ყოველთვის იარსებებს საქართველოში და შეიძლება უფრო მკაფიო იყოს, ვიდრე ახლა არის. რამდენად იზიარებენ, აი, ამ მოსაზრებებს ეს პოლიტიკური, ვთქვათ, დაჯგუფებები და ძალები, რაც ახლა არსებობს?იცით, საერთოდ, უცნაურია პოლიტიკოსის ბუნება. ერთია პოლიტიკოსი, რომელსაც ესაუბრები, აი, ასე მაგიდასთან ან მეგობრულ კამპანიაში და მეორეა პოლიტიკოსი, როცა ის მუშაობს, და ის პოლიტიკოსი მუშაობს მაშინ, როცა ის საჯაროდ არის, როცა ის საჯაროდ აყალიბებს თავის მოსაზრებას, თავის სიტყვას. რას აყალიბებენ ჩვენი პოლიტიკოსები, ჩემი ჩათვლით, საჯაროდ, თქვენ ამას ხედავთ ყოველდღიურ საქმიანობაში.აი, მაგალითად, შეიძლება ეს ისეთი სახიფათო თემა არ იყოს ჩვენი სახელმწიფოსათვის, როგორც იყო თავის დროზე აფხაზებთან და ოსებთან დაშვებული შეცდომები, მაგრამ მაინც საგანგაშოა ისეთი დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ, რაც დღეს ჩვენშია. ახლა არ არის საქართველოში იმდენი ბაპტისტი, რომ, არიქა, რაღაცა ტერიტორია მოიკიდონ და წაიღონ, და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის, იცით, ისეთი რაღაცა, როდესაც რამე ცუდი დაავადება დაგემართება და შენ უგულვებელყოფ სიპტომს, იმიტომ რომ არსებობს ეს სიპტომი წარმოუდგენელი ქსენოფობიისა ჩვენს საზოგადოებაში. ქსენოფობია არის ნებისმიერი განსხვავებულობისა – ეთნიკური განსხვავებულობისა, რელიგიური ან სხვა რამის სხვა შეუწყნარებლობა. მე არ ვიცი, სხვათა შორის, არც ერთი საზოგადოება და არც ერთი ქვეყანა, სადაც შესაძლებელი იყოს, რომ ბიბლიები დაწვან ქუჩაში საჯაროდ და ამას არ მოჰყვეს საზოგადოების წარმოუდგენელი პროტესტი და რეაქცია. აი, ფაშისტები წვავდნენ სხვადასხვა წიგნებს – იქ თომას მანს წვავდნენ, მაგრამ ბიბლია ფაშისტებსაც არ დაუწვავთ. ჩვენ შეგვიძლია ,,ვიამაყოთ“ იმით, რომ ჩვენ ვეკუთვნით იმ საზოგადოებას, სადაც უპრობლემოდ შეიძლება დაწვა ათობით და ასობით ბიბლია შუა ქალაქში და ამას არაფერი არ მოჰყვება, და ამის შემდეგ იგივე პარლამენტში გამოდის ერთი,მეორე, მეხუთე დეპუტატი და იძახის, როგორ შეიძლება ბასილ მკალავიშვილის წინააღმდეგ გალაშქვრაო. ეს ისეთი შეცდომებია, ჩემო მეგობრებო, რომელთაც ყოველთვის ძალიან დიდი ფასი აქვს საბოლოოდ; ტრაგედია არასოდეს არ მოდის და არ ხდება ერთბაშად. ის თანდათან, თანდათან ყალიბდება, და ყალიბდება სწორედ აი, ასეთი სრულიად ამაზრზენი მოვლენის შეწყნარებით. ბატონო ზურაბ, აი, თქვენ რაც ახსენეთ…. (გაურკვეველია)…. როგორც ჩანს, ეს ქართულ გენში არის გამჯდარი, და როგორ შეიძლება ამის მოგვარება?არა, მე ასეთი რამეების არ მჯერა. მე, საერთოდ, თქვენზე ცოტა ახალგაზრდა როცა ვიყავი, ვიყავი ძალიან ევფორიულად განწყობილი, დავუშვათ, ჩემი ქვეყნის მიმართ და ხშირად მითქვამს, სხვათა შორის, ელდარ შენგელაიასთვის, რომ, აი, თქვენი ფილმები, და, საერთოდ ის, რასაც ქართველი ხელოვანნი ქმნიდნენ, ქმნიდა ქარგას ქართველისას. მართლა სულ სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი ჩვენი თავი და ბევრად უფრო ჰიპერტროპირებული დადებითი წარმოდგენა მქონდა, რომ ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები, რომ ჩვენი არქიტექტურა ყველაზე მაგარია. როდესაც პირველად მოვხვდი იტალიაში, სადღაც ოცდაათი წლის ვიყავი, შეურაცყოფილი დავრჩი იმით, რაც იქ ვნახე : აღმოჩნდა, რომ ჩვენი შუა საუკუნეების არქიტექტურა ყველაზე მაგარი არ ყოფილა. ჰოდა, მე რისი თქმა მინდა, მახსოვს სწორედ მაშინ ამბობდა მერაბ მამარდაშვილი, ოთხმოცდაათ წელს იყო მისი ინტერვიუ გაზეთ ,,თბილისში“, სადაც ის ამბობს, რომ თავისუფლება ჩვენ გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ რეალურად დავინახოთ, რა შესაძლებლობები გვაქვს და რას წარმოვადგენთ, როგორც ერი. და ეს მართლაც ასეა. ოღონდ თავისუფლების შემდეგ ჩვენ რეალურად გვქონდა ჯერ ევფორია, არიქა, ყველაფერს დავანგრევთო, და ჩვენი ხელმძღვანელები ბუშს უქნევდნენ თითს, რომ შენ ვინა ხარ საერთოდ, და ა.შ და ა.შ. შემდეგ გვქონდა უკუევფორია. მე არ დამავიწყდება, დადიოდნენ ძალიან სერიოზული პოლიტიკოსები, აი, აფხაზეთში ომი როცა იყო, სამეგრელოშიც – სამოქალაქო ომი, და იძახდნენ, რომ, რუსი თუ არ მოვიდა, იქ ის თუ არ ჩადგა, და რუსი პოლიციელები თუ არ იქნებიან, არაფერი არ გვეშველება და არაფრის თავი არ გვაქვსო. არც ერთი უკიდურესობაა სწორი და არც მეორე.რეალობაში ქართველები ვართ ერთ-ერთი ისეთივე ხალხი, როგორც სხვა ხალხები ჩვენი ნიჭით, ჩვენი შესაძლებლობებით, ჩვენი შეცდომებით, და ჩვენზე არის დამოკიდებული, რომ გავაანალიზოთ და გავაკეთოთ დასკვნები თუნდაც ჩვენი საკუთარი შეცდომებიდან გამომდინარე, და გავიცნობიეროთ, რომ ჩვენზე ბევრად უკან მყოფი ერები წარმატებულნი ყოფილან თავიანთი სახელმწიფოს შექმნაში. ეს მხოლოდ ჩვენს საერთო შრომაზეა დამოკიდებული. ეს ნამდვილად ასეა. რამე ისეთი გენეტიკური დეფექტები, რომლებიც ამის საშუალებას არ მოგვცემდა, ჩვენ არა გვაქვს. (შეკითხვა, ის არ ისმის)ბოდიში. ერთ პატარა ამბავს მოგიყვებით. 1991 წელი იყო, თუ არ ვცდები. მე და დათო ბერძენიშვილი ვიყავით ევროპარლამენტში და შემდეგ პარიზში. მაშინ ჯერ ძალიან იშვიათი იყო საქართველოდან ჩასული ჯგუფები და იქაურმა ემიგრაციამ, ჟორდანიას დროინდელმა, მოგვიწყო რაღაც შეხვედრა და სადილი გაგვიმართა ქართულ რესტორანში, იყო ასეთი – ,,ოქროს საწმისი.“ და იქ ძალიან ხნიერი, ასე ოთხმოცი-ოთხმოცდახუთი წლის მოხუცები იყვნენ. მათ შორის იყო ნოე ჟორდანიას სიძე – ფაღავა, არაჩვეულებრივი პიროვნება, და ბევრი ასეთი პიროვნება იყო. პირველი ათი წუთი ნორმალურად წავიდა და თხუთმეტი წუთის შემდეგ, აბსოლიტურად გადაუჭარბებლად ვამბობ, აი, იმ ოთხმოცდახუთი წლის მოხუცებულმა, მოფამფალებულმა ქართველებმა მომენტალურად გაიხსენეს, ვინ იყვნენ მათში სოციალ-ფედერალები და ვინ – სოციალ-დემოკრატები, ვინ იყო ანარქისტების მიმართ სიმპათიით განწყობილი, და ისე იჩხუბეს, რომ ჩვენ აღარავინ აღარ გვაქცევდა ყურადღებას, და ერთმანეთს ბრალდებებს უყენებდნენ, აქილიკებდნენ. აი, ეს იყო პატარა სურათი საერთოდ იმისა, თუ რა არის ჩვენი საზოგადოება.აქედან გამომდინარე, გამოსავალი შეიძლება იყოს რაღაც ფუნდამენტალისტური ინსტიტუტების ჩამოყალიბება. როდესაც პირიქით ხდება, ხდება ინსტიტუტების აბსოლიტური ტექნოფიცირება. ვთქვათ, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო მხოლოდ გამსახურდია და სხვა არავინ. და დღესაც ასეა, ხომ ? კანცელარია იკრიბება შევარდნაძესთან და ტენდენცია, ალბათ….აი, ეს არაჩვეულებრივი რემარკაა. საერთოდ, ჩვენი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი მთავარი რეცეპტი არის სწორედ ინსტიტუციონალიზაცია. ჩვენს ბოლო ლექციაში, ალბათ, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ეს არ არის გადარჩენის ქართული ორიგინალური რეცეპტი. ნებისმიერ ქვეყანაში იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული, არის წარმატებული ინსტიტუტები, რომლებიც დამაკმაყოფილებლად მოქმედებენ იმისდა მიუხედავად, ვინ არის ამ ინსტიტუტების სათავეში.ბატონო ზურაბ. აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აი, ის პერიოდი გავიხსენოთ, როდესაც ჩვენ ომი წავაგეთ აფხაზეთთან, და სამეგრელოში არის ზვიად გამსახურდია. არის საშიშროება, რომ, ვთქვათ, თბილისში დაბრუნდეს ძალით, რა ვიცი, ჩეჩნების დახმარებით თუ…. და, აი, ამ მომენტში გამოდიან და ჩამოჰყავთ რუსები აფხაზეთში, ასე ვთქვათ, მშველელებად. სხვა გზა არ იყო ?არა, რუსები აფხაზეთში მაშინ არ ჩამოგვყავს. თქვენ სამშვიდობო ძალებს გულისხმობთ? სამშვიდობო ძალები შემოყვანილ იქნა 1994 წლის ივლისში. ბალტინი… იყო ასეთი ეპიზოდური მომენტი, სხვათა შორის, ძალიან თავისებური მომენტი, სადაც, როგორც ჩანს, დიდი როლი ითამაშა, ასე ვთქვათ, მისთვის მიცემული ქრთამის ფაქტორმა. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ, მისი ზემოქმედება საქართველოზე ხანგრძლივი ნამდვილად არ ყოფილა. ლექცია VII საქართველოს კონსტიტუცია 16 საქართველოში კონსტიტუციის შექმნა გახლავთ წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი. თვითონ დოკუმენტისა და იმ დებულებების გარდა, რასაც მოიცავს კონსტიტუცია, განმსაზღვრელი იყო პროცესი, რომლითაც ჩვენ საბოლოოდ მივედით 1995 წლის ძირითად კანონამდე. საქართველო, თამამად შეიძლება ითქვას, არის პოსტსაბჭოურ სივრცეში ერთადერთი ქვეყანა, სადაც კონსტიტუცია შეიქმნა არა როგორც ერთმმართველი ჯგუფის ან პრეზიდენტის შეხედულებათა გამოხატულება, არამედ როგორც ძალიან რთული და დაძაბული შეთანხმებების პროცესის შედეგი. 1992 წელს არჩეული პარლამენტი ძალიან მრავალფეროვანი იყო. მასში ოცდახუთი პარტია იყო წარმოდგენილი. ყველაზე დიდი პარტია ცამეტი კაცისაგან შედგებოდა. პარლამენტის სიჭრელიდან გამომდინარე, ამ დროს შეთანხმების პროცესი ძალიან რთული იყო. თუ გავიხსენებთ ლოკის თეორიას, თუ როგორ უნდა წარმოიქმნას ხალხის მიერ დაფუძნებული სახელმწიფო, ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა ,,ხალხის შეთანხმება“ გახლავთ, ,, Publik Consent”. ერთხელ კიდევ ვიმეორებ, რომ პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთი იყო, სადაც პრეზიდენტმა შევარდნაძემ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში ჩამოყალიბებულიყო ორი მესამედი, რათა მიეღოთ კონსტიტუცია სულ სხვა გზით, მიუხედავათ იმისა, რომ მას რეფერენდუმის ჩატარებას სთხოვდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ რეფერენდუმი ხდება ინსტრუმენტი, რათა ქვეყნის სათავეში მდგომმა ადამიანმა მოახდინოს პოლიტიკურ უმცირესობაში არსებული ჯგუფების შეხედულებათა იგნორირება. კონსტიტუციის მიღება პოლიტიკური დაპირისპირების დროს, როდესაც, ვთქვათ, ერთი ჯგუფი თვლის, რომ უნდა იყოს ძლიერი საპრეზიდენტო რესპუბლიკა, და მისი ოპონენტები ითხოვენ დაბალანსებას, ამ დროს რეფერენდუმისადმი მიმართვა – ეს არის არა დემოკრატიულობის გამოხატულება, არამედ მმართველი ჯგუფის ან ლიდერის ნება-სურვილის აღსრულება. შვეიცარიაში კანონმდებლობის უდიდეს ნაწილს იღებენ რეფერენდუმის გზით. მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ და რიგით კანონმდებლობასაც კი იღებენ რეფერენდუმის გზით. იქ შაბათ-კვირას ტარდება რეფერენდუმი ოთხ-ხუთ საკითხზე, მაგრამ იქ ამ პროცესს მოქალაქეები თვალყურს ადევნებენ და ის შემდეგ სახალხო რეფერენდუმის გზით მტკიცდება. ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკურად დაძაბული დებატები არ არის, რეფერენდუმი არის ხალხის ნების გამოვლენის გზა. საქართველოში ძირითადი კანონის შექმნის სულ სხვა გზა იქნა არჩეული იმისათვის, რომ პარლამენტში ჩამოყალიბებულიყო ის აუცილებელი ორი მესამედი უმრავლესობა, რომელიც შეძლებდა ახალი კონსტიტუციის მიღებას. მინდა გითხრათ, რომ თავდაპირველად, თუნდაც განზრახვა, რომ გოგუაძის დროინდელ პარლამენტში, სადაც დიდი ვნებათაღელვა იყო, რაიმე საკითხზე ორი მესამედი უმრავლესობის მოძებნის ცდა გამოიყურებოდა როგორც არარეალური იდეა, და მით უფრო, როდესაც საუბარია კონსტიტუციაზე, იმ დოკუმენტზე, რომლითაც განისაზღვრება პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედი ადამიანების ამბიციების დაკმაყოფილების სქემები, – ის, თუ როგორ ნაწილდება ქვეყანაში ხელისუფლება, შევარდნაძემ ძალიან ცოცხლად დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე პრაქტიკულად ყველაფერი გადადო, და დილის ათი საათიდან ღამის ორ საათამდე, დაწყებული ქართლოს ღარიბაშვილით და დამთავრებული როინ ლიპარტელიანით, მიდიოდა მოლაპარაკებებზე და საქართველოში მოხერხდა ძალზე დაპირისპირებული, სრულიად სხვადასხვა იდეების მქონე პოლიტიკური ჯგუფების შეკავშირება, აი, ამ საერთო ხედვის ჩამოყალიბება, რომელიც საბოლოოდ აისახა საქართველოს კონსტიტუციაში. სწორედ ამ ფაქტმა შექმნა საქართველოში იმის პრეცენდენტი, რომ ამ შიდა ომებისა და ქარტეხილების შემდეგ გვეპოვა ახალი ათვლის წერტილი, გვეპოვა ის ახალი მიჯნა, საიდანაც იწყება საქართველოს სრულიად ახალი ტიპის განვითარება. უნდა გითხრათ, რომ საზოგადოება აღნიშნავდა ამ ფაქტს. ყველას ესმოდა, რომ ქვეყანას გაუჩნდა შანსი, რომ შევიდეს უფრო ჰარმონიული განვითარების ფაზაში, ანუ ამ კონსტიტუციას ნამდვილად ჰქონდა იმისი შანსი, რომ შეესრულებინა ის როლი, რაც სინამდვილეში უნდა შეასრულოს კონსტიტუციამ : გახდეს ქვეყნის განვითარებაში აბსოლიტურად ახალი ათვლის წერტილი. რა პრინციპებს დაეფუძნა თავად კონსტიტუცია? იმჟამად განსახორციელებელი იყო რამდენიმე მოდელი. არსებობდა მოდელი, რომელიც ჩვენი იურისტების ერთმა ჯგუფმა USAID -ის დახმარებით შეიმუშავა და რომელიც იყო კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი. ასევე იყო შეხედულებები, როდესაც მე მხარს ვუჭერდი იმას, რომ აგვეღო ფრანგული, პოლონური რესპუბლიკის მოდელი, რომელიც შეიძლება აღწერილ იქნეს, როგორც შერეული რესპუბლიკა, და იყო მოდელი, რომელსაც ჩვენ ზოგჯერ ვუწოდებდით ხოლმე ამერიკულ მოდელს, რომელიც მთლიანად ამერიკული არ არის, მაგრამ ამ კონსტიტუციაში განხორციელებულია იგივე პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს მეთაური არის ამავე დროს აღმასრულებელი ხელმძღვანელი. თუ იცით, რა განსხვავებაა საპრეზიდენტო და საპარლამენტო რესპუბლიკებს შორის? საპარლამენტო მოდელში ყველა სახელისუფლო უწყების წყარო გახლავთ პარლამენტი, ანუ ხალხი ირჩევს პარლამენტს. აქ საუბარია ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებზე, და მე არ ვლაპარაკობ ახლა ადგილობრივ ხელისუფლებაზე, რომელიც ცალკე სფეროა. პარლამენტი, რომელიც განასახიერებს ხალხს, აკომპლექტებს ყველა სახელისუფლო უწყებას. დავუშვათ, გერმანიაში ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევს არა მხოლოდ ბუნდესტაგის შემადგენლობა, არამედ პარლამენტის ორივე პალატა და ასევე ,,მიწების პარლამენტიდან“ დამატებული დელეგატები. დიდი საბჭო მხოლოდ იმისთვის იკრიბება, რომ აირჩეს პრეზიდენტი. თურქეთში პრეზიდენტს ირჩევს უშუალოდ პარლამენტი, და ასე ხდება ბევრ ქვეყანაში, მაგრამ ნებისმიერ საპარლამენტო სახელმწიფოში მეთაური აღარ იღებს მანდატს უშუალოდ ამომრჩევლისგან. ის იღებს მანდატს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისაგან. საპარლამენტო რესპუბლიკის პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა განლაგება უშუალოდ აისახება აღმასრულებელი ხელისუფლების კონფიგურაციაზე, ანუ საპარლამენტო არჩევნების შედეგები პირდაპირ განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკურ შემადგენლობას. საპრეზიდენტო რესპუბლიკაში, კერძოდ, ამერიკულ მოდელში, რომელიც შესანიშნავად არის დაბალანსებული, არის პრეზიდენტი, რომელიც მანდატს იღებს უშუალოდ ხალხისგან; საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი ყოველთვის არჩეულია საერთო სახალხო წესით. ამერიკული მოდელის ძალზე მნიშვნელოვანი ნიშანი ისიც გახლავთ, რომ პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური. მე არ მახსოვს, ზუსტად როგორც არის რუსეთში, მაგრამ რუსეთში, რომელიც არის საპრეზიდენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტს უზარმაზარი უფლებები აქვს, მე მგონი, თეორიულად, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად მაინც ითვლება პრემიერ-მინისტრი, და არა პრეზიდენტი. თუ არ ვცდები, ამერიკაში პრეზიდენტი ქმნის მთავრობას. მთავრობა მისი ადმინისტრაციაა. აქაც პრეზიდენტი იძულებული და ვალდებულია გაითვალისწინოს პარლამენტში არსებულ ძალთა განლაგება, იმიტომ რომ ის ამტკიცებს თავისი ადმინისტრაციის წევრებს პარლამენტში, მაგრამ ეს არის არა პოლიტიკური კონფიგურაციის ამსახველი ორგანო, არამედ საპრეზიდენტო ადმინისტრაცია. ეს არის ის ხალხი, რომელიც პრეზიდენტის დავალებით მოქმედებს. არის შერეული მოდელიც. ერთ-ერთ კლასიკურ მოდელად ითვლება საფრანგეთი, რომელიც არ არის მთლიანად დახვეწილი, მაგრამ მას აქვს მრავალი უპირატესობა. საფრანგეთში არის საერთო სახალხო წესით არჩეული პრეზიდენტი, და ამავე დროს არის ძალიან ძლიერი მთავრობა, რომელიც კომპლექტდება სწორედ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე. ამ შერეულ მოდელში პრეზიდენტი არავითარ შემთხვევაში არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, არც შეფარულად და არც რეალურად, და ის ასრულებს მედიატორის, არბიტრის ფუნქციას ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის. მისი უპირველესი ფუნქციაა, რომ მოაგვაროს სხვადასხვა შტოებს შორის კონფლიქტები. იგივე ფუნქცია აქვს პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში, იმავე გერმანიაში. გერმანიის სიმბოლურ პრეზიდენტსაც კი აქვს ბუნდესტაგის დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უფლება. ამგვარ სისტემებში პრეზიდენტებს ასევე აქვთ განსაკუთრებული უფლებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმულირებაზე და ასევე უსაფრთხოებისა და ეროვნული უშიშროების ფუნქციონირებაზე ყველანაირი მიმართულებით. საფრანგეთზე უფრო დახვეწილი მოდელი აქვს პოლონეთს, სადაც მთავრობას ძალიან დიდი უფლებები აქვს, და ამავე დროს პრეზიდენტიც საკმაოდ უფლებამოსილია. საქართველომ აირჩია ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო რესპუბლიკის ვარიანტი. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი საპრეზიდენტო ხელისუფლების სისტემა უნდა იყოს ურთიერთდაბალანსებული, არ უნდა ხდებოდეს ხელისუფლების უზურპაცია. გაწონასწორების არსი ისაა, რომ ვერც ერთმა სახელისუფლო უწყებამ ვერ მოახერხოს ერთმანეთის დაჩაგვრა, ვერ მოახდინოს იმხელა ძალაუფლების აღება, რომ საბოლოოდ დაარღვიოს დემოკრატიის ყველაზე მთავარი პრინციპები. საპარლამენტო ხელისუფლებასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა უნდა იყოს გაწონასწორებული. ზოგიერთ სისტემაში პარლამენტს აქვს მთავრობაზე ზეწოლის ერთ-ერთი უზარმაზარი ბერკეტი. ეს არის უნდობლობის ვოტუმის მექანიზმი. უნდობლობის ვოტუმი არის პარლამენტის ის უფლება, რომ უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, და ამ შემთხვევაში მთავრობა უნდა გადადგეს. მეორე მხრივ, საპარლამენტო რესპუბლიკაში არის პარლამენტის შესაძლო დიქტატის გამაწონასწორებელი მექანიზმი. ეს არის პარლამენტის ვადამდელი დათხოვნის უფლება, რომელიც საპარლამენტო რესპუბლიკაში აუცილებლად უნდა არსდებობდეს. თუ პარლამენტს აქვს მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების უფლება, ამ შემთხვევაში მთავრობასაც უნდა ჰქონდეს თავდაცვის საშუალება. რა არის ეს თავდაცვის საშუალება? ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთავრობას შეუძლია დაითხოვოს პარლამენტი, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა პარლამენტი ავლენს თავის უუნარობას, დავუშვათ, ვერ ამტკიცებს ბიუჯეტს, ან არსებობს ისეთი მექანიზმიც, როცა მთავრობას შეაქვს პარლამენტში კანონი, რომლის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნია და აცხადებს, რომ, თუ ეს კანონი არ იქნება მიღებული, მთავრობა უნდა გადადგეს, ამას შეიძლება პარლამენტის დათხოვნა მოჰყვეს. მთავრობა ვერ დაკომპლექტდება, როდესაც პარლამენტი ქმედუუნაროა. ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტს (და არა პრემიერ-მინისტრს), რომელიც არის არბიტრი სახელისუფლებო შტოებს შორის, უფლება აქვს, პარლამენტი დათხოვნილად გამოაცხადოს და დანიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ყველაზე ფუძემდებლური მექანიზმი, ყველაზე დიდი ჯოხი, რომელიც უჭირავს, ერთი მხრივ, პარლამენტს და, მეორე მხრივ, მთავრობას. ეს არის ვადამდელი დათხოვნის ჯოხი, მაგრამ ამ დათხოვნის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, რომელიც არ ერევა მიმდინარე პოლიტიკურ ბატალიებში და არის ცალკე მდგომი ფიგურა, რომლის ფუნქცია ასეთი კომფლიქტების გადაწყვეტაა. რა ხდება საპრეზიდენტო მოდელებში? საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პარლამენტს არა აქვს უნდობლობის გამოცხადების უფლება. მაგ., პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენს პარლამენტს არ შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტს ან ცალკეულ მინისტრს. ჩვენთან არსებობს მხოლოდ იმპიჩმენტის პროცედურა. იმპიჩმენტი – ეს არის უმაღლესი სახელმწიფო პირების დევნა მათ მიერ კონსტიტუციის დარღვევის ან სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში. იმპიჩმენტი არის რეაქცია მხოლოდ კრიმინალურ ქმედებაზე. ეს არა-პოლიტიკური მოტივაციაა. ერთი მხრივ, პარლამენტს არა აქვს უნდობლობის გამოცხადების უფლება, მას აქვს იმპიჩმენტით პრეზიდენტის ან ცალკეული პირის გადაყენების უფლება. სამაგიეროდ, მეორე მხრივ, პრეზიდენტს არა აქვს არანაირი უფლება, გადააყენოს პარლამენტი ვადამდე. პარლამენტს არ შეუძლია შეუმციროს პრეზიდენტს პრეზიდენტობის ვადა თუნდაც ერთი თვით. აქ უკვე აუცილებელია სხვადასხვა მექანიზმებით დაბალანსება. ქართული კონსტიტუციის მინუსი ისაა, რომ, რეალურად, ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ის, რაც მოსალოდნელი იყო : პრეზიდენტის ძალაუფლება ძალზე დაუბალანსებელია საპარლამენტო მხრიდან. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესი იმდენად არის განვითარებული, რომ ხშირად ამბობენ, კონგრესი არა მხოლოდ კანონმდებელი, არამედ მმართველი ორგანოცაა. მას შეუძლია ბიუჯეტში ნებისმიერი მიმართულებით მიიღოს გადაწყვეტილება. მე შიგნიდან ვნახე, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. კონგრესი ყოველთვის საქმის კურსშია, თუ რა ხდება სახელმწიფოში. საპრეზიდენტო რესპუბლიკებში აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დამბალანსებელი არის ის, რომ რეალურად საბიუჯეტო ხელისუფლება ეკუთვნის პარლამენტს. ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში ის ეკუთვნის კონგრესს. სხვათა შორის, ჩვენი კონსტიტუციაც ამას განსაზღვრავს. მთელი საბიუჯეტო ძალაუფლება არ ეკუთვნის პარლამენტს. ეს არის როგორც ბიუჯეტის ფორმირება, ასევე კონტროლი ბიუჯეტის შესრულება-შეუსრულებლობაზე. ეს არის გადასახადების დაწესება ქვეყანაში. რვაასი წლის წინ ,,მაგნა კარტა“ სწორედ ამიტომ შეიქმნა. მისი უპირველესი ფუნქცია იყო ის, რომ მეფეს კი არა, ხალხს უნდა დაეწესებინა მუდმივი გადასახადები. ჩვენი კონსტიტუციის დარღვევა იწყება მაშინ, როდესაც სხვადასხვა უწყებები პოულობენ ათასგვარ შემოვლითს გზას, რათა დააწესონ მრავალი მოსაკრებელი, გადასახადი, რაც პარლამენტის გვერდის ავლით ხდება. ამიტომაც მოქალაქეს უხდება კონსტიტუციის დაწესებული უამრავი მოსაკრებელისა თუ გადასახადის გადახდა. როდესაც ლაპარაკია დაბალანსებაზე, და მე ბიუჯეტზე გესაუბრეთ, აქაც ძალიან საინტერესო დებულებაა ჩადებული ჩვენს კონსტიტუციაში. პარლამენტს ეკუთვნის საბიუჯეტო უფლებამოსილება, მაგრამ პარლამენტს არა აქვს უფლება, რომ პრეზიდენტის თანხმობის გარეშე შეცვალოს ბიუჯეტის პროექტი. ეს არის პრეზიდენტის უფლება, და მასთან შეთანხმების გარეშე პარლამენტს არ შეუძლია მიიღოს ცვლილებები. ყველა ასეთ დებულებაში, რომელიც ბევრი შეიძლება მოიძებნოს კონსტიტუციაში, ეს არის იძულება თანამშრომლობისაკენ. კონსტიტუცია საერთოდ იმისთვის იქმნება, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურა იძულებული იყოს ითანამშრომლოს ერთმანეთთან. მე იმედი მაქვს, რომ სხვა კონსტიტუციებთან შედარების გზით თქვენ წარმოიდგენთ, რა არის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, რაც ახასიათებს ჩვენს საკონსტიტუციო მოწყობას. ჩვენს კონსტიტუციას აქვს ერთი დიდი ნაკლი იმის გამო, რომ არ არსებობს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საშუალება და საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს პარლამენტის ვადამდე არჩევის საშუალება, რაც განმუხტავდა პოლიტიკურ კრიზისს. ეს არის ჩემი არგუმენტი, რის გამოც წინააღმდეგი ვიყავი ამგვარი კონსტიტუციური მოდელისა. აი, ჩატარდა არჩევნები 1999 წელს და ის მოიგო მოქალაქეთა კავშირმა. ორი წლის შემდეგ ამ პარტიამ სრული დისკრედიტაცია განიცადა, დაიშალა და ასე შემდეგ. ხალხი თვლის, რომ ის უმრავლესობა, რომელიც პარლამენტშია, არ ასახავს მის მისწრაფებებს და იმედებს. ამ პირობებში რა ხდება? კრიზისის განმუხტვის პირველი დონეა, როდესაც ხდება მთავრობის გადაყენება და ახალი მთავრობის ფორმირება და, თუ საქმეს ესეც არ შველის, ხდება პარლამენტის დაშლა და ვადამდელი არჩევნები. ეს არჩევნები არის იმის საშუალება, რომ პოლიტიკური კრიზისის პირობებში ადამიანებმა ხელახლა დააფიქსირონ თავიანთი განწყობილება, მანდატი ან განაახლონ, ანდა გადაულოცონ სხვა პარტიას. სამწუხაროდ, ასეთი მექანიზმები ჩვენს კონსტიტუციაში არ არის. დღეს საქართველოში არის ბრეჟნევისდროინდელი საბჭოთა ნომენკლატურის სისტემა, სადაც არანაირი ფუნქციათა დანაწილება არ ხდება. მაგალითად, ტრაგედიაა, როდესაც კონტროლის პალატის თავჯდომარე ესწრება მთავრობის სხდომებს და მათში მონაწილეობს, როგორც ერთ-ერთი კარისკაცი, მაშინ როდესაც ამ კონსტიტუციის ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ მაკონტროლებელი ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოს პრეზიდენტისა და პარლამენტისაგან და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე, და ის იქმნება იმისთვის, რომ მუდმივად აკონტროლოს, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო თანხები აღმასრულებელ უწყებაში. ჩვენთან კი კონტროლის პალატა ხდება ანგარიშსწორების ორგანო, რომელიც თავს იქცევს იმით, რომ გამოვიდეს და მოჰყვეს, სააკაშვილმა რამდენი ათასი ლარი დახარჯა რაღაც წიგნის გამოცემაზე. ერთია, რას ვწერთ ჩვენ ქაღალდზე, მეორე კი – როგორ ვახორციელებთ კონტროლს. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ, სამწუხაროდ, კანონმდებლობის განხორციელება ძალზე დაბალ დონეზეა, და ჩვენ რეალურად ერთი სამყარო გვაქვს, ერთი საქართველო, რომელიც შექმნილი გვაქვს ქაღალდზე, ხოლო მეორეა ის საქართველო, რომელშიც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ. კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველო იყო პირველი პოსტსაბჭოური ქვეყანა, რომელიც უკლებლივ ყველა სფეროში დაემშვიდობა საბჭოთა საკანონმდებლო, სამართლებრივ მემკვიდრეობას. საქართველომ პირველმა შექმნა ჰაბეის კორპუსზე დაფუძნებული სასამართლო სისტემა და კრიმინალური კანონმდებლობა. მე მახსოვს, ეს რამხელა რევოლუცია იყო, როდესაც ადვოკატსა და პროკურორს რეალურად მიენიჭათ თანაბარი კონკურენციის უფლებები სასამართლოს წინაშე, როდესაც კანონმდებლობაში დაინერგა უდანაშაულობის პრეზუმცია, ანუ : როდესაც შენ ბრალს სდებ ვიღაცას, შენ უნდა დაამტკიცო, რომ იგი დამნაშავეა, და არა ის, რაც იყო საბჭოთა ტრადიციაში, როცა ბრალს დაგდებდნენ, და შენ უნდა გემართლებინა თავი. საქართველო იყო პირველი პოსტსაბჭოური ქვეყანა, რომელმაც მიიღო ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური კანონმდებლობის მთელი კონპლექტი. საქართველო იყო პირველი ქვეყანა პოსტსაბჭოურ სივრცეში, სადაც მიღებულ იქნა მიწაზე კერძო საკუთრების უფლება, რომელიც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი საფუძველი იყო. ეს არის მთავარი, რითაც იწყება ლიბერალური და დემოკრატიული საზოგადოება. უმეტეს შემთხვევაში ეს დებულებები და უფლებები, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს ამ კანონებით, არ იქნა რეალიზებული. მაგალითად : მიწის კერძო საკუთრების კანონი მიღებულ იქნა 1996 წელს, 1999 წელს კი ბევრ გლეხს არ ჰქონდა ისეთი სერთიფიკატი, რომელიც საშუალებას მისცემდა რეალურად გამოეყენებინა ეს უფლება. მიწის საკუთრების უფლება ისაა, რომ მიწა შეგიძლია გადასცე, ვისაც გინდა (შვილს ან სხვას), ან გაყიდო. ის არის შენი და ამაში ვერავინ ჩაერევა. ამის რეალიზება არ ხდება, და ამიტომ ის, რაც უნდა მოჰყოლოდა მიწის კერძო საკუთრების, მიწის რეალური ბაზრის შექმნას საქართველოში, არ მოხდა. როგორც ადამ სმითი ამბობდა : კონკურენცია და ბაზარი თავად არეგულირებს ყველაფერს. ვინაიდან საქართველოში ვერც ერთ სფეროში ვერ შეიქმნა რეალურად თავისუფალი ბაზარი, ამიტომაც ვერაფერი ვერ დარეგულირდა. ტერიტორიული მოწყობის თვალსაზრისით, საქართველოში შექმნილია ქაოსი. მაგალითად, ქვემო ქართლი – უზარმაზარი რესურსების მქონე რეგიონი, სადაც ჩატარდა არჩევნები, მაგრამ რეალური ძალაუფლება აქვს ერთ ადამიანს – მამალაძეს, რომელიც რვა წლის განმავლობაშია რეგიონში და მარტო იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, ვინ დაინიშნოს, ან ვინ მოიხსნას ადმინისტრაციებსა და ქარხნებში. ერთადერთი, ვის მიმართაც ის ანგარიშვალდებულია, კანონიდან გამომდინარე და რეალურად, ეს არის პრეზიდენტი და ის ხალხი, ვინც შეიძლება გავლენა მოახდინოს პრეზიდენტზე. ჩვენ მივიღეთ სქემა, როდესაც ქვეყანაში არის ათი თუ ცხრა რწმუნებული, რომლებსაც აქვთ კანონით დაუწერელი უზარმაზარი უფლებები, და არ არსებობს მათი კონტროლის არანაირი საჯარო მექანიზმი. სახელისუფლებო სისტემაში ეს პრობლემაა. ეს უშველებელი მონაკვეთი ამოვარდნილია ყოველგვარი ,,Checks and Balance” – ის კონტექსტიდან. კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ვერ ჩამოყალიბდა, თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა. უნდა იყოს მოწყობილი, როგორც ფედერალური სახელმწიფო, მაგალითად : – სამეგრელოს, კახეთს, იმერეთს და ა.შ. მიეცეს ფედერაციის წევრის სტატუსი და უფლებები? ისიც კი არ გამოიკვეთა, უნდა მოხდეს თუ არა საბოლოოდ რეგიონალიზაცია. ისიც გაურკვეველია, უნდა შეიქმნას თუ არა ადმინისტრაციული ერთეული – თუნდაც ადმინისტრირებისათვის, და არა თვითმმართველობისათვის. ამ ისტორიული კუთხეების შესაბამისად უნდა დავტოვოთ ის რაიონები, რომლებიც საბჭოთა ადმინისტრაციული მოწყობის ნამდვილი გადმონაშთია. საბჭოთა დროს რაიონები იქმნებოდა იმისდა მიხედვით, თუ კომპარტიაში რამდენი წევრი იყო ამა თუ იმ ტერიტორიაზე. ჩვენმა ისტორიკოსებმა და გეოგრაფებმა დახვეწეს რაიონების საზღვრები. აქ ბევრი რამ ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარეობდა. გაურკვეველია აგრეთვე, რა როლი აქვს სამომავლო წყობაში ავტონომიურ რესპუბლიკებს. მაგ., აჭარის რესპუბლიკას ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაკავშირებით აქვს ბევრი კაპრიზი. დღესაც აჭარა არის ერთადერთი ავტონომია საქართველოში, რომელიც ცნობს ქართულ იურისდიქციას. რა არის მისი უფლებები საბიუჯეტო სფეროში, საკუთრების თვალსაზრისით, როგორი მიმართება აქვს ქვეყნის თავდაცვისა და უშიშროების საკითხებთან და ა.შ. – ეს არის ის საკითხები, რომლებიც უამრავ გადაულახავ პრობლემას ქმნიან. ამიტომ ვცდილობდი, რომ 1999 წელს რაღაცაზე ჩამოვყალიბებულიყავით. ეს ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. მე ვარ რეგიონალიზმის მომხრე, მე მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას ის ერთეულები, რომლებსაც ეკონომიკური თვითმმართველობის საშუალება ექნებათ, რომლებსაც ექნებათ ეკონომიკური ფუნქციონირების საშუალება. მაგალითად, ცალკე აღებული ხარაგაულის რაიონი სუსტია იმისთვის, რომ რამე დამოუკიდებელი ბიუჯეტის წყარო ჰქონდეს. აფხაზეთს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ავტონომია, ისევე როგორც უნდა ჰქონდეს ის ცხინვალის რეგიონს. მე ეგრეთ წოდებული ასიმეტრიული რეგიონალიზმის მომხრე ვარ. ამის ნიშნები არის იტალიაში. მაგალითად, ის უფრო გამოკვეთილია ესპანეთში. ცენტრალურ მმართველობასთან მიმართებაში ბასკების ქვეყანას ან კატალონიას აქვს სულ სხვა უფლებები, ვიდრე გალისიას, ანდალუსიას და ასე შემდეგ. მქონდა პირველი შეხვედრა არძინბასთან, რომელსაც ვთავაზობდი ასეთ თეორიას, როცა იქმნება ორპალატიანი პარლამენტი, და სენატის თავმჯდომარედ ყოველთვის იყოს აფხაზი. სენატის თავმჯდომარედ ევროპულ ქვეყნებში ტრადიციით უნდა იყოს ქვეყნის მეორე პირი. მეორე პირი რეალურად ყოველთვის იქნება პრემიერი. ეს არის რეალურად ქართულ-აფხაზური სახელმწიფო და ამიტომ ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელი ყოველთვის იყოს აფხაზი. სენატის შიგნით შეიძლება აფხაზებს მისცე რაღაც საკითხებზე, მაგალითად, ვეტოს უფლება, რომელიც არ ექნება სხვა რეგიონის წარმომადგენელს. მე იმის თქმა მინდა, რომ თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოინახოს ცალკე გადაწყვეტილებანი, და ვერ იარსებებს ერთიანი შტამპი, რომელსაც მისცემ ყველას ერთად. კონსტიტუციურად მთავრობა საქართველოში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნაწილია. მთავრობა არ არის კოლექტიური ორგანო. ჩვენთან მთავრობა კონსტიტუციით ვერ იღებს ვერანაირ დადგენილებებს. ეს არის პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო. მინისტრებს აქვთ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ნორმატიული აქტების გამოცემის უფლება. ერთად როცა სხდებიან, ისინი იურდიულად მხოლოდ სათათბირო ფუნქციებს ასრულებენ, და მთავრობა რამეზე რომ შეთანხმდება, ის შეთანხმება შემდეგ ფორმდება პრეზიდენტის ბრძანებულების, და არა მთავრობის დადგენილების სახით. უშიშროების საბჭოც სათათბირო ორგანოა. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ იურდიულად პრეზიდენტს აქვს რამდენიმე უდიდესი მნიშვნელობის სათათბირო ორგანო ჩვენს კონსტიტუციაში. ერთი არის ის, რომ მთავრობა, უშიშროების საბჭო, იუსტიციის საბჭო იკამათებენ და ამის მიხედვით პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ სამართლებრივად მას შეუძლია თქვას, საერთოდ არ გიგდებთ ყურს და ამ საკითხზე ასეთ და ასეთ ბრძანებულებებს გამოვცემო. ლექცია VIII საქართველოს საერთაშორისო პოლიტიკა (ხმაური აუდიტორიაში) – ეს კონსტიტუციის წაკითხვას არანაირად არ ცვლის. ნაკლებათ უყურეთ პარლამენტს და მეტი იკითხეთ. მართლა არავის არ წაგიკითხავთ, კაცო, კონსტიტუცია? ვინც წაიკითხეთ კონსტიტუცია, თუ გაქვთ რაიმე მოსაზრებები იმ შეუსაბამობებთან დაკავშირებით, რაზედაც საუბარი იყო ჩვენი წინა ლექციის დროს? მე ჩვენს კონსტიტუციასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ მუდამ გახსოვდეთ, რა განსხვავებაა თავად კონსტიტუციის შექმნას, მიღებასა და კონსტიტუციონალიზმის დანერგვას შორის. გახსოვდეთ, რომ ეს ხშირად შეიძლება სრულიად ერთმანეთისგან აცდენილი პროცესები იყოს. ჩვენ ყველანი მრავალი ათწლეულის მანძილზე იმ საზოგადაოებასა და იმ ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც იყო კონსტიტუცია, მაგრამ არ არსებობდა არანაირი კონსტიტუციონალიზმი – მე საბჭოთა კავშირს ვგულისხმობ. და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც დგას დღეს საქართველოს წინაშე, ეს გახლავთ რეალურად კანონის უზენაესობის პრინციპის, დაწერილი ნორმების საყოველთაოობისა და საზოგადოდ კონსტიტუციონალიზმის დანერგვა, რაც დინამიკური და ძალიან რთული პროცესია და ძალიან მძიმე და სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს. როცა თანამედროვე ქართული პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად პრობლემაზე ვისაუბრებთ, ალბათ, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით ამ თემას. და მე უკვე გაგაფრთხილეთ, რომ გთხოვთ, დაწეროთ ესეები იმაზე, თუ რას გააკეთებდით, 1992 წელს თქვენ რომ მოგეპოვებინათ უმრავლესობა პარლამენტში და გამხდარიყავით საქართველოს პრეზიდენტი, რა იქნებოდა ის პირველი ოთხი, ხუთი, ექვსი გადაწყვეტილება, რომლებსაც მიიღებდით სულ ახლახან დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოს ხელმძღვანელის სტატუსით. ახლა თუ თქვენთვის ეს საუბრები უბრალოდ ჭიქა ჩაიზე საუბრები არ არის, და თქვენ თუ არ წაიკითხავთ და არ შეისწავლით იმ მასალებს, რაზედაც მე ვლაპარაკობ, ჩვენი ამ შეხვედრების და ლექციების ძირითადი არსი ქარს გაჰყვება. დღეს მე მინდა ქართული პოლიტიკის სრულიად სხვა ასპექტებზე გავაკეთოთ აქცენტი. ერთი მათგანია ქართული საგარეო პოლიტიკა, როგორც ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ჩვენ გვქონდა ცალკე იმის მიმოხილვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საგარეო ურთიერთობები ქვეყნების ნაციონალური ინტერესის უზრუნველსაყოფად. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი არის სწორად, გამიზნულად, ზუსტად აწყობილი საგარეო პოლიტიკა. შეგახსენებთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმავე რიშელიეს მიერ დამკვიდრებული Raison d’ etat – ნაციონალური ინტერესის კონცეფციაზე, კერძოდ, უაღრესად მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად საფრანგეთმა არ დაუშვა – პრაქტიკულად ორასი წლის განმავლობაში ვიდრე ბისმარკის ეპოქამდე – ერთიანი გერმანიის ჩამოყალიბება, რის გამოც კონტინენტურ ევროპაში უზრუნველყოფილი იყო საფრანგეთის პრაქტიკული ჰეგემონია. და ეს ითვლება იმის ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ნიმუშად, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა საერთაშორისო ინტრიგების, ეკუმენური ხერხების, კავშირების სრულიად მოულოდნელ პარტნიორებთან გამოყენება, – და გახსოვთ თქვენ, ჩვენ ვსაუბრობდით, – კათოლიკე კარდინალი რიშელიე პროტესტანტ მეფეებსა და ხელმძღვანელებთან კავშირებს როგორ იყენებდა იმისათვის, რომ არ დაეშვა ავსტრიისა და წმინდა რომის იმპერიის გარშემო გერმანული სამყაროს გაერთიანება და სხვა და სხვა. ანალოგიურად მინდა შეგახსენოთ, შეერთებულ შტატებში საგარეო სტრატეგიების განვითარების როგორი დინამიკა იყო. როდესაც შეერთებული შტატები, – მე შეგახსენებთ, – ყალიბდებოდა როგორც ეროვნული სახელმწიფო, განსაკუთრებით მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე, სანამ მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაიწყებოდა უაღრესად ინტენსიური ინდუსტრიული განვითარება, იქ აბსოლიტურად პრევალირებდა ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინა. ხომ გახსოვთ, რომ ამ დოქტრინის ძალითაც ამერიკელები ახდენდნენ ევროპული საქმეებიდან სრულ დისტანცირებას, მაგრამ აცხადებდნენ, რომ არავინ არ უნდა შეყოს ცხვირი ამერიკის კონტინენტზე, და ეს იყო, ერთის მხრივ, ჩრდილო ამერიკაში ინტენსიური კოლონიზაციის გაგრძელებისა და შეერთებული შტატების დღევანდელი დასავლეთი ტერიტორიების ათვისების, და მეორე მხრივ, იმის საფუძველი, რომ არ დაეშვათ ევროპული ძალების მხრიდან სერიოზული ფორპოსტების შექმნა მათ მიმდებარე ტერიტორიაზე. გარდატეხა ამ მონროს დოქტრინაში და შეერთებული შტატების საბოლოო ჩართვა მსოფლიო და ევროპულ საქმეებში უკავშირდება უკვე უილსონის ეპოქას, როდესაც ამერიკას უჩნდება უკვე სხვა ამბიციები და ამას ამაგრებს შესაბამისი ეკონომიკური პოტენციალი, და ესენი იგონებენ არაჩვეულებრივ სქემას, უილსონის იდეალიზმზე დაფუძნებულს, – გახსოვთ ხომ, ამაზედაც ვისაუბრეთ, – რომლის ძალითაც შეერთებული შტატები თავისთვის პრიორიტეტად აცხადებს ნებისმიერი თავისუფლებისათვის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხის მხარდაჭერას და ა. შ. მე ამას ყველაფერს იმისთვის შეგახსენებთ, რომ კარგად წარმოიდგინოთ სწორი საგარეო პოლიტიკის აწყობა, შენი გეოპოლიტიკური მდებარეობის სისუსტეებისა და უპირატესობების ზუსტად განსაზღვრა. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ყველაფერს აღარ წყვეტს იგივე ბისმარკისეული რეალპოლიტიკა, მხოლოდ ძალისმიერი ბერკეტები, მხოლოდ ის ფაქტი, თუ რამხელა, რამდენად ბრძოლისუნარიანი ჯარი ჰყავს, – ეს ხდება ქვეყნის მდგრადობისა და დამოუკიდებლობის რეალური გარანტიების არსებობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ეგრეთ წოდებული მცირე ქვეყნების კლასიფიკაცია არ უკავშირდება მხოლოდ ქვეყნის ზომას. ის უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, საგარეო პროცესებში მის ჩართულობას და ამ პროცესებზე მის გავლენას. ისრაელი საქართველოს მასშტაბის ქვეყანაა. ტერიტორიით მასზე დაახლოებით სამჯერ მცირეა, მოსახლეობის რაოდენობით დაახლოებით საქართველოს ტოლია, მაგრამ ისრაელი მცირე ქვეყნად ვერანაირად ვერ ჩაითვლება; ან, დავუშვათ, ნიდერლანდები, რომლის მოსახლეობა ათი მილიონია, და რომელიც ტერიტორიულად თითქმის საქართველოს ხელაა, არანაირად არ შეიძლება მცირე ქვეყნად ჩაითვალოს, იმიტომ რომ მას აქვს ტრადიციული გავლენები, ძალიან მნიშვნელოვანი ნიში საერთაშორისო რეალობაში და ა. შ. საქართველო არის ტიპური, ასე ვთქვათ, ახალჩამოყალიბებული მცირე ქვეყანა, რომლისთვისაც მისი უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ის, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი არმია, არამედ არსებითად ის, თუ რამდენად ვასაბუთებთ ჩვენ ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აუცილებლობას საერთაშორისო საზოგადოებისათვის. აი, ეს გადაწყვეტს იმას, რომ შენ, როგორც სახელმწიფო, საერთაშორისო პროცესის დამოუკიდებელი, იმ ძალებისთვის აუცილებელი და საჭირო სუბიექტი იყო, რომლებიც დღევანდელი საერთაშორისო რეალობის ძირითად ღერძებს წარმოადგენენ; უნდა შეძლო შენი, როგორც დამოუკიდებელი, აუცილებელი და საჭირო სუბიექტის, აღიარების გასაღები შენ აიღო ხელში და სწორად მოარგო შენი პრობლემების გახსნასა და გადაწყვეტას. ამას რომ ვამბობ, მე ვსარგებლობ იმით, რომ აქ ბევრი ოფიცერი გვესწრება17 … იმაზედაც გესაუბრეთ, რომ დამოუკიდებლობის პირველ პერიოდში ჩვენ ძალიან ამოვვარდით ყოველგვარი საერთაშორისო კონტექსტიდან და, ალბათ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდის ეიფორიას. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ, დავუშვათ, ეს მასობრივი და მრავალრიცხოვანი გამოსვლები თბილისის ან საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში საკმარისი იყო იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება აღგვეფრთოვანებინა და მას ეთქვა, ვაშა, ეს რა დიდებული რამეა, რომ საქართველო ფეხზე დადგა და მას დამოუკიდებლობა სწადია და, არიქა, ყველანი მას უნდა დავეხმაროთო. სხვათა შორის, მე ძალიან კარგად მახსოვს, რომ იმჟამინდელ სახელისუფლო ელიტაში ეს საკმაოდ მოარული ილუზია იყო. აი, მთელი ჩვენი განათლების სისტემა აწყობილია ქართული განსაკუთრებულობის გაგებაზე, რომ ჩვენ ვართ ის უძველესი ქვეყანა, სადაც დაირწა ცივილიზაციის აკვანი, და ვართ განსაკუთრებულები, ყველაზე ლამაზები და ასე შემდეგ…. და ეს ქმნიდა იმის ილუზიას, რომ დანარჩენი ქვეყნებიც, მათ შორის, დიდი ქვეყნები, ასე აღიქვამენ საქართველოს და ერთი სული აქვთ, რომ მოვიდნენ, დაგვეხმარონ, ამოგვიდგნენ გვერდში. რა თქმა უნდა, რეალობა ძალიან შორს არის ამისაგან, იმიტომ რომ, ისევე როგორც კონკურენტულია ურთიერთობები, დავუშვათ ბიზნესში, ისევე როგორც კონკურენტულია ურთიერთობები სპორტსა და მეცნიერებაში, თანამედროვე მსოფლიოში ზუსტად ასევე კონკურენტულია ურთიერთობები ქვეყნებს შორის, და მუდამ უნდა გახსოვდეთ და გესმოდეთ, რომ არაფერი თავისთავად გარანტირებული არ არის. და შენ ამ ძალიან მძიმე კონკურენციის პირობებში უნდა დაამტკიცო შენი ადგილის აუცილებლობა, – შენი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის, აუცილებლობა. მე ვითხოვე, რომ დღეს ჩამოგვეკიდა ევრაზიის ეს რუკა, რომ კიდევ ერთხელ შეგვევლო თვალი საქართველოს მდებარეობისათვის. ეს გახლავთ ერთ-ერთი, საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის შესახებ მოარული მითი თუ ლეგენდა, და ჩვენ საკუთარ თავს ყოველთვის ვუნერგავთ იმ აზრს, რომ ჩვენ ვართ საკვანძო, ასე ვთქვათ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ქვეყანა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ჩემო მეგობრებო, რომ თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პირობებში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პირობებში საქართველოს სულაც არა აქვს, – აი, შეხედეთ ამ რუკას, – ისეთი მდებარეობა, რომ, გინდა თუ არა, სავალდებულო იყოს მასზე გაიაროს რაღაცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანმა ტვირთებმა. აი, მითხარით, რა არის ის განსაკუთრებული პროდუქტი, რომელიც საქართველოს გარეშე ვერ მოხვდება, დავუშვათ, ყველაზე მაღალი ყიდვისუნარიანობის მქონე ევროპულ ბაზრებზე ? შეგიძლიათ მითხრათ ? (რეპლიკა. ის არ ისმის).… ეს ისეთი პროდუქტია, რომელსაც მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. რას გულისხმობთ : მინერალურ წყალს თუ მანდარინს ?ცივ ჩაის.ცივი ჩაი ,,ყაზბეგისაგან“. მე ძალიან მინდა, თქვენ სწორედ ამდენად დრამატულად დაინახოთ, დავუშვათ, იგივე კასპიური ნავთობი. ჩვენ გავიძახით, ნავთობსადენები ესაო და ისაო. არანაირად არ არის და არ იყო ის გარანტირებული, რომ თენგიზის საბადოს ნავთობი, კასპიის აუზში ყველაზე დიდი მარაგის მქონე ნავთობსაბადო, წამოსულიყო მაინცდამაინც საქართველოს გავლით. არსებობს ნავთობსადენებისა და გაზსადენების ჯერ საბჭოთა კავშირის დროინდელი უზარმაზარი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიემართება ციმბირიდან დასავლეთ ევროპისაკენ – ,,დრუჟბა“. შარშან დასრულდა ტრანსკასპიური ნავთობსადენის მშენებლობა, რომელმაც თენგიზიდან შეაერთა, ნოვოროსიისკამდე მოიყვანა ახალი ნავთობსადენი. არსებობს აზერბაიჯანიდან ნოვოროსიისკამდე არსებული ნავთობსადენი და ასე შემდეგ.ასე რომ, ჩვენს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთადერთი მართლაც უმნიშვნელოვანესი რესურსია ენერგომატარებლების რესურსი, რომლითაც კასპიის აუზი მართლაც ძალიან მდიდარია, და ეს არის დედამიწის ზურგზე თავისი სიდიდითა და პოტენციალით ენერგომატარებლების მესამე რეზერვუარი, ესე იგი, სპარსეთის ყურისა და ციმბირის შემდეგ მესამე. და არის იმედი, რომ შემდგომი გამოკვლევებისა და საძიებო სამუშაოების შედეგად ის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. არანაირად არ არის თავისთავად ცხადი, რომ, გინდა თუ არა, ის ჩვენი ფოთის პორტზე გაიყვანონ. მე შარშანწინ თუ სამი წლის წინ ამერიკაში, ჰიუსტონში ვიყავი. მქონდა ჰიუსტონის პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრები, და იქ, რა თქმა უნდა, საუბარს იმის მტკიცებით ვიწყებდი, თუ რამდენად სტრატეგიული რესურსია ფოთის პორტი, ეს არის ევროპისა და აზიის მთავარი დამაკავშირებელი კარიბჭე, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა ისინი მიყვებოდნენ, რა არის ჰიუსტონის პორტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პორტია შეერთებულ შტატებში, მე ვიკითხე, როგორია მისი ტვირთბრუნვა. მითხრეს, რომ ეს არის დაახლოებით ორასორმოცდაათი მილიონი ტონა წელიწადში და, ჩემდა სამწუხაროდ, მერე დაინტერესდნენ ფოთის ასე რეკლამირებული პორტის ტვირთბრუნვით, რომელიც, ცოტა გავაზვიადე და, ვთქვი, რომ სამი მილიონი ტონა წელიწადში. სხვათა შორის, ეს არის, აი დავუშვათ, ჩინეთში, ერთ-ერთი ძალიან პატარა პორტის (იქ უამრავი ასეთი პორტია) ტვირთბრუნვა. ამით კიდევ ერთხელ იმის თქმა მინდა, რომ, იმავე ფოთსაც კი, რომელსაც მართლაც ძალიან საინტერესო მდებარეობა აქვს, არანაირად არ გააჩნია და არ გააჩნდა ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც მსოფლიოს გავაგიჟებდით და შეგვეძლო მოგვეთხოვა, რომ, გინდა თუ არა, ეს პორტი უნდა განვითარდეს. მე იმის ხაზგასმა მინდა, რომ აი, იმ მომენტში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ჩამოყალიბება როგორც სახელმწიფომ, ჩვენ ხელში არ გვეჭირა არც ერთი თავისთავად ცხადი კოზირი საიმისოდ, რომ მსოფლიოს საჭიროდ ჩაეთვალა ამ პატარა და ამაყი ქვეყნის მხარდაჭერა იმისათვის, რომ ის გამხდარიყო სრულფასოვანი, ძლიერი დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამდენად, როდესაც პირველი წლების განმავლობაში ჩვენ თითს ვუქნევდით და ნოტაციებს ვუკითხავდით გორბაჩოვსაც და ბუშსაც, როდესაც ევროპელებს ბრალს ვდებდით იმაში, რომ ევროპული სახელმწიფოების სათავეებში ძირითადათ სუკის აგენტები არიან, და სხვა და სხვა, ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი იმას, რომ ჩვენ ამოვვარდნილიყავით ყოველგვარი საერთაშორისო კონტექსტიდან. ამას ის ფაქტორიც ემატებოდა, რომ საქართველოს მდებარეობა საკმაოდ არახელსაყრელია და, შესაბამისად, როცა ამ თემაზე ვფიქრობთ, გეოპოლიტიკაც უნდა გავითვალისწინოთ. წარმოიდგინეთ რომელიმე ევროპული ქვეყნის, დავუშვათ, პრემიერ-მინისტრი, რომელსაც აქვს თავისი აუარებელი პრობლემა, და თავისი დროის ბიუჯეტის 0,5 % შეუძლია დაუთმოს საქართველოს, იმიტომ რომ მილიონი სხვა პრობლემა აქვს, ან – არ ვიცი, ცოტა მეტი – ნახევარი საათი. აი, ამ ნახევარი საათის განმავლობაში მან რომ მიიღოს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უნდა გაიაზროს, რომ საქართველო, რომელიც გარშემორტყმულია საკმაოდ მძიმე და გადაწყვეტის თვალსაზრისით ბუნდოვანი მუდმივი კონფლიქტების სარტყელით – იქ ყარაბახი, აქ აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ჩეჩნეთში ომი მიდის… საერთოდ კავკასიაში, როდესაც აიღებს ექსპერტის მიერ მომზადებულ ქაღალდს, დაინახავს, აქ დაახლოებით ას ორმოცდაათამდე ხალხი ცხოვრობს, რომელთაგან ზოგი მოიცავს სულ ორ-სამ სოფელს, ესენი ტრადიციულად სულ ეომებიან ერთმანეთს, ლამის ყველანაირი, რაც კი დედამიწის ზურგზე რელიგიებია, აქ, ამ პატარა ტერიტორიაზე არის წარმოდგენილი და ა.შ. და, ამავე დროს, არის ქვეყანა, რუსეთი, რომელთანაც მე, როგორც ჩემი ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მაკავშირებს სერიოზული ეკონომიკური ინტერესები, მინდა, რომ რუსული ბაზარი უფრო გაიხსნას ჩემი ექსპორტისათვის, უფრო მკვიდრად შევიდეს იქ, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ის რომელიმე ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დაფიქრდება : ვაიმე, კაცო, ამ რუსებს აქვთ იმის გამოცდილება, რომ ამ ველურ და ერთმანეთთან მუდმივად დაპირისპირებულ მხარეს ორასი წლის განმავლობაში ისე მიხედეს, რომ არ ჩამოდიოდნენ ჩემს ქალაქებში, და რაღაცა მაფიურ რაღაცეებს არ ქმნიდნენ და, მოდი, ეგება ისევ ამათ მიხედონ იქაურობასო. აი, როდესაც იყო ომი აფხაზეთში და ჩვენ გვიკვირს, თუ რატომ არ იყო, – და მართლა არ იყო – ადეკვატური პასუხი რუსების მოქმედებებზე აფხაზეთში, როდესაც იყო იგივე ღია აგრესია რუსების მხრიდან ცხინვალში და სხვა და სხვა, არ იყო ადეკვატური პასუხი გაეროს, ეუთოს, შეერთებული შტატების, ევროკავშირის მხრიდან. ეს ძირითადათ გამოწვეული იყო იმით, რომ არ არსებობდა არანაირი მზადყოფნა იმისთვის, რომ ვიღაცას ეს ნებისყოფა გამოევლინა ამ პრობლემების გადაწყვეტაში და არ არსებობდა იმისი გაგება, რომ საქართველო შეიძლებოდა რამენაირად მნიშვნელოვანი ქვეყანა ყოფილიყო მათთვის. იმედი მაქვს, რომ საკმაოდ მუქი სურათი დაგიხატეთ იმისა, თუ რა ვითარებაში ვიწყებდით საქმიანობას. ჯერ ერთი, ეს რეალურადაც ასე იყო, და მე მინდა, თქვენ გესმოდეთ დღეს, რომ, როდესაც საქართველოს აქვს იმისი პრივილეგია, რომ თანდათან მართლაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებდეს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე, ეს სულაც არ იყო თავისთავად ასე ცხადი, ბუნებრივი რამ, და რომ ამისთვის უბრალოდ ხელი არ უნდა შეგვეშალა. და მე მიმაჩნია, რომ ეს იყო შევარდნაძის წარმატებული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა, – მიღწევა, რომელიც, მე იმედი მაქვს, დადებითად იმოქმედებს საქართველოზე მრავალი, მრავალი ათწლეულის განმავლობაში. დიდი წარმატება და მიღწევა იყო ის, რომ მან მოახერხა საქართველოს განსაკუთრებულობის დემონსტრირება იმ ძირითადი ძალებისათვის, რომლებიც, ასე ვთქვათ, მეჯლისს ხელმძღვანელობენ დედამიწის ზურგზე. ძალიან კარგად მახსოვს, აი, როდესაც თავიდან იყო საუბარი იმ ევროპულ დერეფანზე, არამცთუ ამერიკელები, იგივე ნაზარბაევი, ქარიმოვი და შუა აზიის სხვა ლიდერები აბსოლიტურად არ რეაგირებდნენ ამ კონცეფციაზე. აბა, რას ნიშნავს ეს აბრეშუმის დერეფანი? ჯერ უზბეკეთის ტვირთების მოძრაობის ინფრასტრუქტურის საკმაოდ დიდი ნაწილი ხომ არაჩვეულებრივადაა აწყობილი. სხვათა შორის, ბალტიისპირეთის პორტებით გადის დასავლეთის პორტებზე, ე.ი., ეს ბამბა არის თუ რაღაცა მინერალური ნედლეული და სხვა, რაც არის, უზბეკეთის ძირითადი სტრატეგიული საექსპორტო საბაზისო სახეობები გადის…. … და ახლა, მართლა, დავუშვათ, შუაგულშია, პეტერბურგის, ტალინის ან რიგის პორტების ინფრასტრუქტურებთან, რომლებიც, ხედავთ, აგერ აქვე, ევროპული ბაზრების შუაგულშია, დასამტკიცებელია, ფოთი რატომ არ არის თავისთავად ამათთან შედარებით უფრო მიმზიდველი, მით უფრო, რომ ამ პირველი წლების განმავლობაში, ამ აბრეშუმის გზასთან, ევროაზიულ დერეფანთან დაკავშირებულ რიტორიკაზე ძალიან ისე, აღფრთოვანების გარეშე რეაგირებდნენ დასავლეთის ლიდერები. გარდატეხა უკავშირდება იმას, რაც ყველაზე ზუსტად, სხვათა შორის, ამ კონცეფციასთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა სენატორმა ბრაუნბერგმა, როდესაც ევრაზიულ დერეფანს თავისუფლების დერეფანი უწოდა. მთავარი ამ ევრაზიულ დერეფანთან დაკავშირებით ის კი არ არის, რომ, აი, მოხდება ნავთობის, გაზის ან ბამბის უფრო ეკონომიური გზით ტრანსპორტირება. მთავარი გახლავთ ის, რომ ამიერკავკასიაზე გამავალი ეს გზა წარმოადგენს მთელი ამ უზარმაზარი რეგიონისათვის პოლიტიკურად სრულიად ახალი ალტერნატივის შექმნის საშუალებას. რაზეა საუბარი? წარმოიდგინეთ თურქმენეთი, რომელიც, უბრალოდ, გაზისა და ნავთობის უზარმაზარ საბადოებზე დგას. 1998-99 წლებში დიდი დავა იყო რუსეთსა და თურქმენეთს შორის იმიტომ, რომ რუსეთმა ტრანსპორტირების გამო თურქმენეთს დააკისრა უზარმაზარი ვალები ორმხრივ ურთიერთობებში, და თურქმენეთმა, რომელსაც რუსეთის გავლით გაზი მიჰქონდა საქართველოში, ევროპაში, თუ სხვა მიმართულებით, სინამდვილეში, არათუ ვერ მოიგო ვერაფერი, იმ ფაქტის გამო, რომ ის გაზის მფლობელია, პირიქით, მას იქით დაეკისრა ფინანსური ვალდებულებები. რის გამო? იმის გამო, რომ არსებობდა მისი სიმდიდრეების ტრანსპორტირების უალტერნატივო გზა – რუსეთი; იმის გამო, რომ რუსეთს ეჭირა ერთპიროვნულად ხელი, ასე ვთქვათ, იმ ონკანზე, რომლითაც ესენი ან გაყიდნენ, ან ვერ გაყიდნენ თავიანთ რესურსებს და თავის სიმდიდრეს. ე.ი., იმის თქმა მინდა, რომ მთელი ამ რეგიონისთვის ახალმა ამიერკავკასიულმა მარშუტმა შექმნა იმის შესაძლებლობა, რომ გაჩნდა მსოფლიო ბაზრებზე მათი რესურსების რუსეთიდან შეღწევის ალტერნატიული გზა, ანუ ეს განუზომლად ზრდის ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ დამოუკიდებლობას იმიტომ, რომ ბევრად ნაკლებად ხდება ის რუსეთზე დამოკიდებული და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს განუზომლად ზრდის ამ რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მოვლენების, ახლა მიმდინარე მოვლენების გადასახედიდან ძალიან, ძალიან გაუჭირდებოდა უზბეკეთს შეერთებულ შტატებთან ასეთ აშკარა თანამშრომლობაზე, ძალიან ინტენსიურ სამხედრო თანამშრომლობაზე წასვლა, რომ რუსებმაც და უზბეკებმაც, და, ბუნებრივია, ამერიკელებმაც, არ იცოდნენ, რომ ამ რუსული გზის ალტერნატიული გზა უკვე არსებობს ამიერკავკასიაზე გავლით. მაშასადამე, ნახეთ, რა მოხდა : საქართველო, რომელიც, როგორც მე უკვე დაგიხასიათეთ, არანაირი ასეთი, თავისთავადი აშკარა გეოპოლიტიკური კოზირების მფლობელი სულაც არ ყოფილა, გახდა აუცილებელი საკვანძო კომპონენტი მთელი ამ უშველებელი რეგიონის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ეს მართლაც ძალიან ელეგანტური და ძალიან საინტერესო კონსტრუქციაა და, უნდა ითქვას, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ავტორი გლობალური მასშტაბით ნამდვილად იყო შევარდნაძე. მან მოახერხა წლების განმავლობაში ამ იდეის დემონსტრირება, პირველ ყოვლისა, ვაშინგტონისათვის და, სხვათა შორის, ევროკავშირისთვისაც. ამდენად, ასე ვთქვათ, საქართველომ მოირგო ის მანტია, რომელიც გახდა უაღრესად მნიშვნელოვანი ამ საერთაშორისო თანამედროვე არქიტექტურის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. თქვენ თუ გექნებათ იმის საშუალება, რომ წაიკითხოთ ბზეჟინსკის წიგნი ,,დიდი საჭადრაკო დაფა“, – თუ არ ვცდები, ქართულად არის ეს წიგნი. ყოველ შემთხვევაში არაჩვეულებრივი წიგნია. ბზეჟინსკი ძალიან საინტერესოდ ხსნის საერთოდ ამ ტერიტორიების განსაკუთებულ მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიო არქიტექტორებისათვის. მას ჩემთვის უთქვამს, რომ, მისი აზრით, სამი მთავარი ქვეყანა განსაზღვრავს ევრაზიის, ანუ როგორც ის უწოდებს ამას Heartland-ს, როგორაა ეს ქართულად? შუაგული მიწა.დიახ, ამ შუაგული მიწის მთელი პერსპექტივები დამოკიდებულია ძირითადად სამ ქვეყანაზე. ესენია : უზბეკეთი, საქართველო და უკრაინა, მათი თანამშრომლობა, ამ ღერძის აწყობა, რა თქმა უნდა, ამას უერთდება აზერბაიჯანიც, გარკვეულწილად ყაზახეთი და სხვა, მაგრამ ეს სამი ქვეყანა რეგიონში თავისი გავლენების გამო, თავისი პოტენციალის გამო, არის საფუძველი იმ ღერძისა, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ როგორი იქნება მთელი ამ ევრაზიული სივრცის მომავალი.ბზეჟინსკის ეს დასკვნა შევარდნაძის დამსახურებაა?არა, მაგრამ ბზეჟინსკი, სხვათა შორის, ახლა არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ანალიტიკოსი და, უნდა ითქვას, ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი შევარდნაძის ხედვისა. და უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონში არც ერთ სხვა ლიდერს არ ჰქონია ასეთი ზუსტი ხედვა იმისა, თავისი ქვეყანა ან თავისი რეგიონი როგორ უნდა გახადოს ასე აუცილებელი მსოფლიო სისტემისათვის.ახლა ნახეთ, რა არის აქ მნიშვნელოვანი ! ცენტრალური აზია. ის მოქცეულია ორ უშველებელ ქვეყანას – რუსეთსა და ჩინეთს – შორის, რომელთა განვითარებაც ყველაზე მეტ ყურადღებას იპყრობს თანამედროვე მსოფლიოში და ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს წარმოადგენს იმავე შეერთებული შტატებისა და ევროპისათვის, როგორც ერთიანი რაღაცა დასავლური ცენტრისათვის, პირობითად. შუა აზია უზარმაზარი სარესურსო ბაზის მფლობელია. აქ არის, პირველ ყოვლისა, ენერგო მატარებლები, მაგრამ ენერგო მატარებლების გარდა, სტრატეგიული რესურსია იგივე ბამბა. შუა აზიაში არის უზარმაზარი ნედლეული, დაწყებული ოქროთი და დამთავრებული ალუმინის ბოქსიტებით და სხვა… წარმოიდგინეთ რუსეთსა და ჩინეთს შორის ჩაკეტილი ცენტრალური აზიის ქვეყნების ეს ტერიტორია თავისი საბადოებითა და ამხელა უშველებელი რესურსებით, როდესაც მათ სხვა გამოსავალი არა აქვთ. აი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთად წარმოადგენენ იმ სრულიად ახალ დერეფანს, რომლითაც ამ ქვეყნებს შეუძლიათ შეუერთდნენ დასავლეთის ცენტრებზე ორიენტირებულ არქიტექტურას, გეოპოლიტიკურ არქიტექტურას, გახდნენ იმისი ნაწილი, ამიტომაა, სხვათა შორის, რომ ჯერ კიდევ ქლინტონის ადმინისტრაციის ბოლო წლებში, როდესაც შეიქმნა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ამერიკის შეერთებული შტატების ენერგო განვითარების სტრატეგიის შემდგომი ათწლეულის პერსპექტივას, სწორედ კასპიის საბადოები ჩაითვალა ამერიკის ენერგო უსაფრთხოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ და შემადგენელ ნაწილად, ანუ ამ დერეფნის არსებობა გახდა აუცილებელი შეერთებული შტატების ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ახლა წარმოვიდგინოთ, რაში მდგომარეობს ჩვენი გარიგება და რა ენაზე ველაპარაკებით დღეს ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველო, აზერბაიჯანი – ეს დერეფანია ის კარიბჭე, რომელიც ამათ აძლევს ჰაერის მიღების საშუალებას. წარმოვიდგინოთ ახლა დესტაბილიზებული, აფეთქებული საქართველო, – საქართველო, რომელიც უბრუნდება, დავუშვათ, უარეს შემთხვევაში, 1991 წლის მოვლენებს, საქართველო, რომელიც მუდმივად რუსული აგრესიის ობიექტი და სამიზნეა, და რომელშიც პროცესებს არეგულირებს მხოლოდ მოსკოვი. რა ხდება ამ დროს? ამ დროს ეს კარიბჭე იხურება, ეს დერეფანი ერთბაშად, სწრაფად ხდება ჩიხი, და მთელი ეს უზარმაზარი რესურსების მქონე ტერიტორია რჩება მხოლოდ რუსეთის, თეორიულად ირანის ან ჩინეთის ანაბარა. რუსეთსა და ირანს ის უპირატესობა აქვთ, რომ იქ არსებობს დღეისათვის უკვე საკმაოდ კარგად განვითარებული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო : ესაა ის სისტემა, რომლითაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მოახერხა, გლობალური განვითარების პერსპექტივებიდან გამომდინარე, გამხდარიყო საჭირო, გამხდარიყო მნიშვნელოვანი და ზოგიერთ შემთხვევაში – აუცილებელიც. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა საკმაოდ იშვიათად იყო წარმატებული, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ, რომ ძალიან რთული კომბინაციის პირობებში დაგვესაბუთებინა და ჩაგვედო შეერთებული შტატების, ევროკავშირის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესებში ჩვენი უსაფრთხოება, ანუ რა გამოვიდა, – ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, გარანტებად ჩვენ რეალურად ვაქციეთ არა მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომელიც რუსეთისა და გინდა თურქეთის შეიარაღებული ძალების პირისპირ ძალიან, ძალიან ხანგრძლივ პერსპექტივაშიც ვერაფერს მოახერხებს, არამედ შევქმენით ასეთი საკმაოდ სერიოზული და წარმატებული საერთაშორისო გარანტიები. არა იმის გამო, რომ ჩვენ უბრალოდ გავხდით გაეროს, არ ვიცი – ასმერამდენე წევრი ქვეყანა, არა იმის გამო, რომ ვართ ეუთოს პროცესის მონაწილეები, – შეიძლება იყო მისი მონაწილე, მაგრამ რეალურად არავინ ყური არ გაიბერტყოს ამისათვის, – არამედ იმიტომ, რომ დღეს ვაშინგტონში ზის რომელიმე სტრატეგი და ფიქრობს : რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ, დავუშვათ, შეიცვალა სიტუაცია სპარსეთის ყურეში და ჩვენ გადაგვეკეტა არაბული სამყაროდან ნავთობის მოწოდების საშუალება, ან რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისა და ოპეკის ქვეყნები საბოლოოდ შეთანხმდნენ ერთიანი პოლიტიკის გატარებაზე; მოგვიწევს თუ არა ჩვენი რეზერვების ბოლომდე გახარჯვა და ასე შემდეგ, ამ დროს ისინი ამბობენ, რომ, არა, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი ალტერნატივა. ეს არის კასპიის აუზი, რომელიც ჩვენი ენერგეტიკის ალტერნატიული წყარო შეიძლება იყოსო…. თეორიულად, ალბათ, არსებობდა ამის ალტერნატიული ვარიანტი. ეს ის ვარიანტია, რომელიც აირჩია თავისთვის, მაგალითად, ბელორუსიამ თავისი ეთნოკულტურული ფაქტორებისა და იქაური ხელმძღვანელობის გარკვეული სპეციფიკური ქმედებების გამო. სულ სხვა ფაქტორების გამო სომხეთმა თავისთვის აირჩია იმ საერთაშორისო სისტემაში მოქცევა, რომლის ცენტრიც არის მოსკოვი. ანუ ალტერნატივა რეალურად ასეთი იყო – საქართველო იღებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ის რჩება მთლიანად რუსულ ორბიტაზე; თავისი ტერიტორიით რუსეთს აძლევს საშუალებას, რომ გადაწყვიტოს მისთვის აუცილებელი სამხედრო-სტრატეგიული ამოცანები, ანუ შეინარჩუნოს საქართველოს ტერიტორია, როგორც ბაზების პლაცდარმი, იმისათვის, რომ არ დაუშვას თურქეთის მზარდი, ძალიან ინტენსიური მზარდი გავლენის განვითარება ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და ა. შ., და ამ როლს დავჯერდებოდით. ახლა პირადათ ჩემთვის არჩევანი არ არსებობდა, იმიტომ რომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართული საზოგადოება იქნება მშვიდი, განვითარებადი და წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რეალურად დაუბრუნდება იმ ოჯახს, რომლის წევრიც ის ისტორიულად ყოველთვის იყო, – ყოველ შემთხვევაში მე ასე მჯერა, – და რომელსაც ჰქვია ხალხთა ევროპული ოჯახი. ამისათვის, რა თქმა უნდა, პირველი და აუცილებელი წინაპირობა იყო ის, რომ სხვა ქვეყნებს გაეაზრებინათ და ეღიარებინათ საქართველოს მნიშვნელობა რუსეთისგან განცალკევებით, ასევე, მრავალი თვალსაზრისით მისი, როგორც რუსეთის ალტერნატივის, მნიშვნელობა. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამ დერეფნის კონცეფციის ალტერნატივა იყო ამ ნავთობსადენის რუსეთზე ორიენტაცია. სწორედ ამის გამოა, რომ, როდესაც ჩვენ გადავხედავთ 1995 წლის შემდგომ მოვლენებს, ვხედავთ მოსკოვის ასეთ განსაკუთრებულ გავეშებას საქართველოს მიმართ. არცეთი სხვა პოსტსაბჭოური ქვეყანა არ გამხდარა ისეთი წნეხის, ისეთი ზეწოლის ობიექტი, როგორც საქართველო. რატომ ? ამის მიზეზი მართლა ის ხომ არ იყო, რომ რუსებს ბიჭვინთაში ან ბათუმში დასვენება უყვარდათ ? მათ იურმალაშიც უყვარდათ დასვენება და სხვა ადგილებშიც. რა იყო, დავუშვათ, იმ ტერაქტების ან სხვადასხვა ტიპის ფარული აქციების – ჯავახეთის, აჭარის ან სხვა ფაქტორების გამოყენებით – მთავარი ამოცანა, რომელიც ყოველთვის ნავთობსადენის მშენებლობის პერსპექტივას უკავშირდებოდა? ამ ,,ღონისძიებების“ მთავარი ამოცანა ის იყო, რომ არ დაშვებულიყო ამ ინფრასტრუქტურის შექმნის პრეცენდენტი. თავისი მაშტაბით ისეთი უმნიშვნელო ნავთობსადენიც კი, როგორიცაა ბაქო – სუფსა, რომლის გამტარუნარიანობაც დღეისათვის არის ხუთ მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობი და, საუკეთესო შემთხვევაში, ივარაუდება, რომ ამ სატუმბი სადგურების გამტარუნარიანობა შეიძლება წელიწადში რვა-ათ ტონამდე გაიზარდოს, და ესეც კი ძალიან უმნიშვნელოა ნოვოროსიისკის ნავთობსადენის შესაძლებლობასთან შედარებით, რომლის გამტარუნარიანობაც აღწევს, წელიწადში, თუ არ ვცდები, ას ოცდაათ თუ ას ორმოც მილიონ ტონას. ახლა წარმოიდგინეთ, ამ პატარა სუფსის ნავთობსადენის, სუფსის ტერმინალის გამო როგორი ომი იყო გამოცხადებული. აი, გაიხსენეთ ჩერნომირდინის, ელცინის სვლები. ელცინმა პირდაპირ უთხრა შევარდნაძეს, თუ არ ვცდები, 1996 წელს : თქვენ ამ ნავთობსადენის იდეაზე აუცილებლად უარი უნდა თქვათ, იმიტომ რომ ეს საქართველოს პრობლემას შეუქმნისო, და სხვა. იმიტომ, რომ, აი, ამ პრეცენდენტის შექმნა მათთვის მიუღებელი იყო, და რუსმა ანალიტიკოსებმა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე დასავლეთმა და, პირველ ყოვლისა, ამერიკელმა ანალიტიკოსებმა, კარგად გააცნობიერეს საქართველოს, როგორც სწორედ ასეთი განსაკუთრებული კარიბჭის, როლი მთელი ყოფილი ამ პოსტსაბჭოური სარტყლისათვის, რომელიც გარს აკრავს საქართველოს. აქედან მე ვუბრუნდები სწორედ ბზეჟინსკის იდეას ამ ღერძის შესახებ. უკრაინა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელია ცენტრალურ ევროპასთან, საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც დერეფანი, და უზბეკეთი, როგორც ძალიან ენერგიული და განვითარებადი სახელმწიფო, მართლა უზრუნველყოფენ სრულიად ახალი ტიპის გარიგებას მსოფლიოს ამ ნაწილში, ისეთი ტიპის საერთაშორისო გარიგებას, შეთანხმებას, რომლის ცენტრიც აღარ არის მოსკოვი და რომელიც პრაქტიკულად უკავშირდება, ხდება ნაწილი, აი, ამ საერთო ევროპული უსაფრთხოებისა თუ ეკონომიკური არქიტექტურისა, იმ კონსტრუქციისა, რომელიც დღეს ყალიბდება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ და ვფიქრობთ საქართველოს გეოპოლიტიკურ რეალობებზე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ მხრივ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თურქეთს. თურქეთის როლი, იცით, სხვათა შორის, ეს საოცრებაა, და – აქ, ალბათ, ჟურნალისტები ბრძანდებიან, – ჩვენი მასმედიის სისუსტეა ის, რომ დღევანდელ საზოგადოებაში არ არის სათანადოთ გააზრებული თუნდაც ის როლი, რომელსაც თურქეთი უკვე ასრულებს 1992 წლიდან მოყოლებული. შეგახსენებთ, რომ თურქეთი იყო პრაქტიკულად პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წელს უმაღლეს დონეზე განახორციელა ვიზიტები საქართველოში, და რომელმაც დააფიქსირა თავისი განსაკუთრებული მზადყოფნა იმისათვის, რომ მიიღოს მონაწილეობა ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო, ენერგეტიკული, ხორბლისა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში, და უკვე ბოლო ხუთი-ექვსი წელია, ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ჩვენი უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში. რატომ? რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ თურქები ასეთი კეთილები არიან და ასე პროქართულად განწყობილები? – რა თქმა უნდა, არა. იმიტომ ხდება, რომ თურქეთს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, ხედვა : თურქეთისათვის განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენს თურქულენოვან სივრცეში თავისი პოზიციების დამკვიდრება. თურქულენოვანი სივრცე გახლავთ ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა, ტაჯიკეთის გამოკლებით.თქვენ იცით, რომ უზბეკური იქნება, ყაზახური, სხვათა შორის, თათრული თუ ბაშკირული ენები და ზოგიერთი ჩრდილო კავკასიური ენა, როგორიცაა ყარაჩაული, ბალყარული, ან ყუმუხური, თურქული ენების ჯგუფის ნაწილებია და თავისთავად აზერბაიჯანულიც : თურქებსა და აზერბაიჯანელებს პრაქტიკულად თავისუფლად ესმით ერთმანეთისა, ისინი თარჯიმნის გარეშე საუბრობენ. რა თქმა უნდა, ესენი მიიჩნევენ, რომ ძლიერი, ასე ინტენსიურად განვითარებადი თურქეთი არ უნდა უშვებდეს ხელიდან იმ შანსს, რომ ამ ეკონომიკურ ბაზარზე, ამ უაღრესად მნიშვნელოვან სტრატეგიულ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდროს. თურქეთი რეალურად დღეს ევროპაშია. თუ განვიხილავთ მას ევროპის ნაწილად და, რა თქმა უნდა, ასე უნდა განვიხილოთ, ის, ალბათ, ყველაზე დინამიკურად განვითარებადი ქვეყანაა. დინამიკურად განვითარებადი GDP -ის ზრდის თვალსაზრისით, მთლიანობაში ბოლო, ოთხმოცი წლის რევოლუციის მოვლენების შედეგად და განსაკუთრებით ბოლო თხუთმეტი-ჩვიდმეტი წლის განმავლობაში, მოსახლეობის ზრდის თვალსაზრისით, სხვათა შორის, ახლა მეუბნებოდნენ, რომ თურქეთის მოსახლეობა ბოლო ათი წლის განმავლობაში ათი მილიონით გაიზარდა. საოცრად ძლიერი მუხტია, ენერგიაა. ახლა თურქეთთან მიმართებაში ნამდვილად არ მინდა ვიხმარო სიტყვა პანთურქიზმი, იმიტომ რომ პანთურქიზმი სრულიად კონკრეტული კონცეფციაა, რომელიც გულისხმობს რაღაც ერთიანი თურქული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, და აქ ამაზე არ არის საუბარი. ეს თურქეთში მხოლოდ რაღაცა მარგინალური რადიკალური ჯგუფებისათვის დამახასიათებელი იდეაა. ისინი უბრალოდ თვლიან, რომ ანკარას ბუნებრივი როლი უნდა იყოს ის, რომ იყოს ცენტრი ამ თურქულენოვანი სამყაროსი, სადაც არიან დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები და ა.შ. ამ თვალსაზრისით ანკარისათვის საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო ელემენტი. რატომ? იმიტომ რომ თუ საქართველო ისევ იქცევა რუსებისათვის ძირითად პლაცდარმად, სამხედრო პლაცდარმად, პრაქტიკულად აზერბაიჯანი იქნება გაკვეტებული საქართველოსა და სომხეთს შორის და, აი, ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აზერბაიჯანისთვისაც და თურქეთისთვისაც ესოდენ მნიშვნელოვანია, დავუშვათ, ბაქო-ჯეიჰანის თვალსაზრისით, რეალურად დარჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. და თურქეთს იმისი ნაკლები შანსები ექნება, რომ შექმნას ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ ამ არეალს მას უფრო მჭიდროდ დაუკავშირებს. ამიტომ თურქეთისათვის, და – ეს არის ჩვენი კოზირი, – საქართველო იკავებს განსაკუთრებულ და ძალიან დიდ მნიშვნელობას. ახლა მოდით ავიღოთ უკრაინა და უკრაინის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოსათვის საქართველო ასევე შეიძლება ისეთი დრამატული ხარისხით არა, როგორც თურქეთისათვის, მაგრამ აუცილებელი მოკავშირეა მათი სახელმწიფოებრივი, დერჟავული, ასე ვთქვათ, ამბიციების განხორციელების საქმეში, იმიტომ რომ, რა არის უკრაინის მთავარი გამოწვევა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით? – ეს, რა თქმა უნდა, რუსეთია. კიევს აქვს იმისი ამბიცია, და იმისდა მიუხედავად, ვისი ადმინისტრაციაა იქ, კუჩმასი თუ კრავჩუკისა, ვისი ადმინისტრაციაც არ უნდა იყოს მომავალში, ეს არის ბუნებრივი მისწრაფება უკრაინული სახელმწიფოსი, შეასრულოს განსაკუთრებული როლი საიმისოდ, რომ იყოს ლოკომოტივი იმ შემადგენლობისა,რომელსაც ახალი ქვეყნები მიჰყავს ევროპული ოჯახისაკენ, ევროპული სივრცისაკენ. და სწორედ ეს არის ის როლი, რომელიც უკრაინამ უნდა აიღოს თავის თავზე, რათა თავისი ადგილი, თავისი პოზიციები განიმტკიცოს ევროპულ თანამეგობრობაში. ამ თვალსაზრისით სწორედ კიევისათვის ხდება აუცილებელი, ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ალიანსის არსებობა და განხორციელება, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების განმტკიცება და გაძლიერება. სხვათა შორის, ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით თბილი იყო ურთიერთობები კიევსა და ტაშკენტს, უზბეკეთს შორის. (რეპლიკა სუამის შესახებ).სუამი ძალიან სპეციფიკური მოვლენა იყო თუნდაც იმიტომ, რომ ის რამდენიმე ქვეყნის თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი მცდელობა გახლდათ. იცით, ხომ, რა არის სუამი, – საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა – ასეთი აბრევიატურაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, აი, ამ დერეფანზე, სანამ ვითარდებოდა ტრასეკა ან სენატი იღებდა აბრეშუმის გზის კანონს და სხვა, ეს სხვადასხვა ტერმინები იყო, ამის პარალელურად – ეს იყო, სხვათა შორის, ამერიკელების ინიციატივა, – ეუთოს ფარგლებში ჩამოყალიბდა თავიდან როგორც, უბრალოდ, სადისკუსიო კლუბი, რომლის ამოცანა იყო… – დათო, რა ერქვა ამ ხელშეკრულებას ?ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულება.CFE-ს ხელშეკრულება – ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებაზე ერთიანი, კოორდინირებული პოზიციის შესამუშავებლად. ამ გრიფით შეიქმნა თავიდან ეუთოში ამ ოთხი ქვეყნისგან შემდგარი კლუბი, იმიტომ, რომ მათ როგორც რუსეთის საფლანგო ქვეყნებს, ჰქონდათ საერთო პრობლემები, გადაეწყვიტად, რა პოლიტიკა გაეტარებინათ რუსეთის შეიარაღების გატანასთან დაკავშირებით თავისი კონფლიქტებისა და სხვა პრობლემების გათვალისწინებით. სინამდვილეში ეს საბაბი და მცდელობა მიმართული იყო იმისკენ, რომ შექმნილიყო კონცეფცია ამ ურთიერთობის უსაფრთხოებისა და სტრატეგიული განვითარების საკითხებზე. შარშანწინ, თუ მეხსიერება არ მღალატობს, სუამს შეუერთდა უზბეკეთიც და ის გახდა სუუამი. მოლდოვა ტრადიციულად საკმაოდ პასიურ ფუნქციას ასრულებდა და ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საერთოდ ამ ქსელის განვითარებას. მე, მაგალითად, როდესაც ვაშინგტონში მქონდა ხოლმე ვიზიტები, ყოველთვის წესად მქონდა, რომ მომეწვია სუამის წევრი ქვეყნების ელჩები ვიზიტის ბოლო დღეს საუზმეზე და მეუწყებინა მათთვის, თუ, ასე ვთქვათ, როგორ ვაფასებდით ჩვენ ამერიკელების პოზიციებს, რომ ყოველთვის ყოფილიყო კონცეფციების განსაკუთრებული ურთიერთგაცვლა…დღეს ამის აუცილებლობა ამერიკელებს აღარა აქვთ იმის გამო, რომ სამხედრო თვალსაზრისით უზრუნველყვეს თავისი პირდაპირი წარმომადგენლობა ცენტრალურ აზიაში. და ეს საერთოდ ცვლის ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკურ რუკას ამ ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს გეოპოლიტიკურ უპირატესობებსა და სისუსტეებზე, კარგად უნდა გვესმოდეს ის განსაკუთრებული როლი, რომელსაც ასრულებს ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ჩვენი ყველაზე ახლო მეზობელი ორი ქვეყანა – სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს ორი ქვეყანა ყოველთვის იქნება განსაკუთრებული ზეგავლენის მქონე საქართველოსათვის, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მრავალრიცხოვანი დიასპორები, თუმცა დიასპორები, ალბათ, არ არის სწორი სიტყვა, აქ უფრო სწორი სიტყვაა უმცირესობები – აზერბაიჯანული და სომხური უმცირესობები, და მათი საკმაოდ დიდი ნაწილი კომპაქტურადაა განსახლებული ჩვენს ტერიტორიაზე. ე.ი., ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ძალიან სერიოზული დამატებითი ბერკეტი ბაქოსა და ერევნისათვის საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებზე გარკვეული ზეგავლენის მოსახდენად. ამდენად, ჩვენი შიდა სტაბილურობა, განსაკუთრებით დღევანდელ ეტაპზე, როდესაც ინტეგრაციული პროცესები საზოგადოებაში, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობდით და, პირველ ყოვლისა, უმცირესობების ინტეგრაცია ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში ძალიან სუსტია. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი სერიოზული სისუსტე, სერიოზული საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. თუ გადავხედავთ 1988 წლის, 1989 წლის შემდგომ ისტორიას, აზერბაიჯანსა და საქართველოს თითქმის იდენტური პრობლემები გვაქვს. ბაქოში რომ ჩახვალთ, თუ ოფიციალური სტუმარი ხართ, პირველად მიგიყვანენ შაჰიდების ხეივანში, სადაც დაკრძალულნი არიან ცხრა იანვრის ცნობილი მოვლენების დროს, უკაცრავად ოცი იანვრის მოვლენების დროს დაღუპული გმირები. ეს პრაქტიკულად, ჩვენში რაც მოხდა, იმის ანალოგიური ისტორიაა, ოცი იანვრის ამბებს აზერბაიჯანულ ცნობიერებაში იგივე ადგილი უკავია, რაც ცხრა აპრილს უკავია ჩვენს ცნობიერებაში. ყარაბახის ისტორია ზუსტად ისევე აისახა აზერბაიჯანულ მენტალიტეტში, როგორც აფხაზეთის ტრაგედია ჩვენსაში, პლუს – ის ჩვენი დამაკავშირებელი მთავარი ღერძი, რომელიც არის ნავთობსადენი. ამიტომ მე, სხვათა შორის, უნდა ვთქვა, და ეს ალიევისა და შევარდნაძის დიდი დამსახურება იყო, რომ მათ ძალიან ზუსტად დაინახეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რეალური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების მნიშვნელობა, დაინახეს ის, რომ ერთმანეთის გარეშე საქართველო და აზერბაიჯანი იქნება ორი ჩიხი. დღეს რეალურად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურ ელიტებს – და არა მხოლოდ ელიტებს, – უკვე, როგორც თბილისში, ისე ბაქოში, ძალიან ზუსტად აქვთ გაცნობიერებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა ის, რაც ყალიბდება ჩვენი განსაკუთრებული პარტნიორობის სახით. ეს შეიძლება განვითარდეს და სერიოზულ სტრატეგიულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს, მაგრამ აზერბაიჯანთან ამ თანამშრომლობას აქვს თავისი ერთი სუსტი მხარე, რომელზედაც ჩვენ, ქართველებმა, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ. ეს არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ სომხეთმა ჩათვალოს, თითქოს საქართველო ამით პრაქტიკულად არის იმავე ბანაკში, რომელიც ისტორიულად სომხეთისათვის წარმოადგენს ძირითად საშიშროებას. საქართველოს ჭირდება მის მიმართ მუდმივად აგრესიულად მტრულად დადარაჯებული სომხეთი ? მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ჯავახეთში ოთხმოცი ათასი სომეხი კომპაქტურად არის განსახლებული, და ეკონომიკურად მჭიდროდაა დაკავშირებული ერევანთან. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვჭირდება და ამიტომ ჩვენ გვაქვს ის გარკვეული კოზირები, რომლებითაც ჩვენ აუცილებლად შეგვიძლია სომხეთის ამ გაღიზიანების მოხსნა რეგიონალური განვითარების მეშვეობით. სომხეთს ჩვენთან აქვს განსაკუთრებული ისტორიული სიახლოვე იმის გათვალისწინებით, რომ, ისტორიული თვალთახედვით ეს ორი ერი, ორი ქრისტიანული ერი, ძალიან მსგავსი გზით ვითარდებოდა, ერთმანეთთან ახლოსაა ჩვენი სულიერი და კულტურული ფასეულობები. აი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ეროვნულ არქიტექტურებსაც ეტყობა ურთიერთზეგავლენები და მსგავსება, და სხვა და სხვა, და ჩვენს შორის გარკვეული ისტორიული სიახლოვის გრძნობა არსებობდა. უფრო თანამედროვე პრაგმატული თვალსაზრისით თუ მივუდგებით, საქართველო სომხეთისთვის რჩება, მართალია, არა ერთადერთ, მაგრამ უმნიშვნელოვანეს კარიბჭედ გარესამყაროსთან. ამიტომ ახლა მე მინდა, სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, დავაფიქსირო, რომ, როდესაც ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენი განვითარების პერსპექტივებს და წარმოსახვაში ვხატავთ, თუ როგორი უნდა იყოს რეგიონის მომავალი, ყოველთვის უნდა ვიპოვოთ ისეთი ადგილი, რომელიც სომხეთსაც მისცემს იმის განცდას, რომ მისთვისაც არის აუცილებელი მშვიდობიანი, სტაბილური განვითარება ამიერკავკასიის იმ ინფრასტრუქტურისა, რომლის განვითარებაზეცაა საუბარი, და მათი სასიცოცხლო ინტერესიც უნდა იყოს ჩადებული ამ, შეგვიძლია ვთქვათ, ნათელი მომავლის შექმნაში. ვშიშობ, რომ სიტყვა ძალიან გამიგრძელდა და, გატყობთ, ცოტა გადაგღალათ ამ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციამ, ამიტომ აქ შევჩერდები და ერთხელ კიდევ დასკვნის სახით, აი, რას გავუსვამ ხაზს : როდესაც ჩვენ ვაანალიზებთ, რა არის ჩვენი პოლიტიკის წარმატებები და შეცდომები ბოლო ათწლეულის განმავლობაში დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქმედება იყო სწორედ ამ ზუსტი, სწორი გეოპოლიტიკური სისტემის შექმნა ჩვენს გარშემო. ეს იყო ის უჩვეულო შემთხვევა, როდესაც პატარა საქართველომ შეასრულა საკვანძო როლი უკრაინასთან, შუა აზიის ქვეყნებთან, თურქეთთან, რუსეთთან, ამერიკასთან მიმართებაში და იყო ერთ-ერთი მთავარი მაორგანიზებელი და შემკრები ძალა ამ ხედვისა და ამ სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. და ეს ის ისტორიაა, რომლის შედეგადაც საქართველომ თავისი თავი გახადა მნიშვნელოვან სუბიექტად თანამედროვე მსოფლიოსათვის, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე მსოფლიოს გარკვეული ქვეყნებისათვის. შეკითხვები თუ გექნებათ, გიპასუხებთ. (შეკითხვა. ის არ ისმის)სხვათა შორის, ქოჩარიანის….(არ ისმის გარკვევით) – თქვენ როგორ გესახებათ, შეძლებს თუ არა დასავლეთი სომხეთში რუსეთის ინტერესებზე ზეგავლენას ?აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბადრი, ჩვენ შეგვიძლია თქვენთან ერთად უფრო კონკრეტული სქემებიც განვიხილოთ. მე ძალიან ხშირად მითქვამს სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე გამოსვლის დროს, რომ კასპიის აუზში არის საკმარისი რესურსები საიმისოდ, რომ რეგიონის ქვეყნებმა გაუთავებლად კი არ იქიშპონ და დაპირისპირებაში იყვნენ, არამედ ეს წარმოუდგენელი სიმდიდრე უნდა გახდეს ახალი ტიპის თანამშრომლობის, და არა ახალი ტიპის დაპირისპირების საფუძველი. ეს იყო, ასე ვთქვათ, კასპიის აუზის რესურსების ათვისების შესახებ ოფიციალური ქართული დოქტრინა. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც დაინტერესება უნდა ნახოს რუსეთმაც საქართველოსა თუ თურქეთზე ამ ნავთობსადენის გავლაში. და მას შემდეგ, რაც მათ გადახარშეს, რომ რეალობა არის ის, რომ ბაქო-სუფსა უკვე მუშაობს, როცა გადახარშეს ის, რომ ბაქო-ჯეიჰანი აუცილებლად აშენდება, ახლა ჩვენ რუსეთს უნდა ვუთხრათ : მოდით, ხომ ხედავთ, რომ აღარა აქვს აზრი ამასთან დაპირისპირებას, მოდით, თქვენი ინტერესებიც როგორღაც გამოვკვეთოთ. მაგალითად, როგორი შეიძლება იყოს ეს ინტერესი? აი, არის ასეთი იდეა…ნოვოროსიისკის ტერმინალი…-არა მხოლოდ ნოვოროსიისკის ტერმინალი. აი, გეტყვით, ნოვოროსიისკის bypass18, დაკავშირება, შემორკალვა. ეს, სხვათა შორის, შეიძლება ძალიან საინტერესო კონცეფცია იყოს იმავე აფხაზეთთან მიმართებაში – აფხაზებსაც ხომ უნდა გაუჩინო ინტერესი, რომ ის ისევ დაბრუნდეს ჩვენს საერთო სახელმწიფოში, და ეს შეიძლება იყოს სწორედ ამ ნავთობსადენის ერთ-ერთი მილის გავლა მის ტერიტორიაზე. სომხეთმა უნდა დაინახოს, რომ მას ასეთი ტიპის განვითარებაში თავისი პერსპექტივა, თავისი შანსები აქვს. ახლა წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სომეხი პოლიტიკოსი, ზიხარ და უყურებ, რომ შენს გვერდით იქ, აზერბაიჯანში, ბაქოში მშენებლობების, საერთოდ, ინვესტიციების, ბუმია, საქართველომ თავისი ადგილი იპოვა, და დაიბადა ნავთობსადენები, მილსადენები, შენ კი ზიხარ და ელოდები, ვინ როდის რას მოგცემს…. ვთქვათ, რუსეთმა უკვე მოგართვა სამასი რაკეტა და СУ-ები. ვსარგებლობ შემთხვევით და ვაცხადებ, რომ დათოს სახით ჩვენ მთავარი სამხედრო ექსპერტი გვყავს. МИГ-ები გადასცა.რაღაცა МИГ-ები და სხვა, ანუ შენ ხარ გაბრაზებული და კარგად შეიარაღებული… ასეთი მეზობლის ყოლა ყოველთვის ძალიან სახიფათოა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი საპასუხო სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ მათ აუცილებლად იპოვონ კი არა, ჩვენ შევუქმნათ მათი ნიში მთელ ამ განვითარებაში, და მათი სტრატეგიული სასიცოცხლო ინტერესი უნდა ჩაიდოს იმაში, რომ ეს რეგიონი მთლიანად იყოს მშვიდობიანი და სტაბილური. თანამშრომლობა და განვითარების ხედვა უნდა დაუპირისპირდეს ომისა და კონფლიქტის ხედვას. აი, ეს არის გამოსავალი და დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს გვესმოდეს.ყარაბახის პრობლემა…ყარაბახის პრობლემა, რა თქმა უნდა, ძალიან ართულებს ამ პერსპექტივებს, მაგრამ აქ არის დიდად საინტერესო სხვადასხვა ვარიანტები. მე ახლა არ მინდა დეტალებში ჩავღრმავდე. აქ არ არის მხოლოდ აზერბაიჯანული ნავთობი. ახლა, მაგალითად, საქართველო ყოველწლიურად უკვე ატარებს რკინიგზის საშუალებით დაახლოებით ორ მილიონ ტონამდე შევრონის ყაზახურ ნავთობს. სომხეთს ყაზახებთან არა აქვს პრობლემა. აზერბაიჯანსაც უნდა ავუხსნათ, რომ ამის საფუძველზე, იქნებ, ჩვენი შავი ზღვის სანაპიროზე რაღაცა სომხური ინფრასტრუქტურის ელემენტების შექმნაზეც შეიძლებოდეს ფიქრი. რას ვგულიხმობ? აი, მაგალითად, სხვათა შორის, გია ჭანტურიას ჰქონდა ადრე ძალიან საინტერესო იდეა, რომ შექმნილიყო სადღაც სუფსის მახლობლად დიდი ნავთობგადამმუშავებელი კომპლექსი და, სავარაუდოდ, ქიმიური კომბინატიც, მასზე გამოვლით. რატომ არ შეიძლება ასეთ კომპლექსში რომელიმე სომეხმა ბიზნესმენმა ჩადოს ინვესტიცია და ჰქონდეს ამისი, არ ვიცი, დავუშვათ, 20 %. ვიღაც შეიძლება საერთოდ ამერიკული კომპანია იყოს, რომელიც მარტივად მოუხსნის სომხეთს ენერგომატარებლების მომარაგების პრობლემას.და აზერბაიჯანს ხომ სომხეთი დაბეგვრას დაუწყებს.ამიტომ ვამბობ, რომ აზერბაიჯანელებს შეიძლება უთხრა, რომ ეს კეთდება ყაზახურ ნავთობზე. გამოსავლის პოვნა ყოველთვის შეიძლება და სტრატეგია, რაზედაც ბადრი საუბრობდა, ამერიკისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიაა, რომ სომხეთი არ რჩებოდეს მუდმივად ირანისა და რუსეთის ანაბარა. აი, მე გესაუბრეთ დღეს თქვენ იმ გეოპოლიტიკურ განლაგებაზე, როგორც ჩანს ის თბილისიდან. აბა, ერევნიდან შეხედეთ: იქიდან ის სულ სხვაგვარად გამოიყურება. მთავარი მოკავშირე და პარტნიორი არის თეირანი და არის მოსკოვი. რატომ? – იმიტომ, რომ იქ განსაზღვრულია მუდმივი ისტორიული შიში თურქეთის მიმართ და ისინი თურქებს ეძახიან ასევე აზერბაიჯანელებს, და ამის საპირისპიროდ, აი, ამ ღერძს ქმნიან.ბატონო ზურაბ, როგორც მე გავიგე, თქვენ გველაპარაკეთ მხოლოდ უსაფრხოების ნაწილზე, რაც, რა თქმა უნდა, აუცილებელია. ეს არის ის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, რასაც ჩვენ ვაღწევთ ამ ნავთობსადენით. მაგრამ ამის მოცულობა საქართველოს ეკონომიკაში რამდენად აისახება? აი, მე ციფრი მაინტერესებს, მიახლოებით, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი ამით რას მიიღებს. გარდა ამისა, აქ მეორე პრობლემაცაა : ჩვენ ვილაპარაკეთ ნავთობსადენზე, მაგრამ არანაირად არ ვეხებით იმ პრობლემას, რომ თურქეთში შეწყდა გზების მშენებლობა საქართველოს მიმართულებით, ანუ ინფრასტრუქტურა, რომელიც არის საჭირო არა მარტო ნავთობსადენისთვის, არამედ, საერთოდ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის, არ იზრდება.კიდევ ერთხელ ვამბობ : დღეს ჩემი ამოცანა არ იყო, წამეკითხა ლექცია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის შესახებ. მე ვეცადე ამეხსნა თქვენთვის, რომ საქართველომ, როგორც, დავუშვათ, თავის დროზე საფრანგეთმა, მოხდენილად გამოიყენა მის გარშემო არსებული ქვეყნების ურთიერთობების თავისებურებათა ყველა ნიუანსი, და სხვა და სხვა; მოახერხა, რომ თავისი ინტერესების გათვალისწინებით შექმნა საერთაშორისო გარიგების ახალი სისტემა, რომელმაც საქართველო გახადა ბევრად უფრო მნიშვნელოვან ქვეყნად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა თუნდაც ათი წლის წინ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სატრანზიტო ქვეყანა ვართ. არ არსებობს დედამიწის ზურგზე, მათ შორის, ჩვენს სამეზობლოში, არცეთი ქვეყანა, რომელიც სულ არ აცხადებდეს, ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართო. აი, დავუშვათ, სომხეთი. ჩიხი ვარო, აცხადებს? რა ტრანზიტი, რის ტრანზიტიო, ამბობს ? მაგრამ იქ გზებზე ერთ პოლიციელს ვერ ნახავთ. აი, მე რამდენჯერმე მიმგზავრია მანქანით ჩვენი საზღვრიდან ერევნამდე. უბრალოდ ვერ დაინახავთ ერთ პოლიციელსაც კი. ჩვენთან ჩემმა მეგობარმა რეზო ადამიამ ჩაატარა ექსპერიმენტი : ითვლიდნენ, თბილისიდან ფოთამდე და მერე თბილისიდან ბაკურიანამდე რამდენ ადგილას შეხვდებოდათ პოლიციელი. საშუალოდ ყოველ შვის-რვა კილომეტრში დგას მანქანა, რომელიც აჩერებს და სძალავს ფულს. რა გამოიწვია ამან? ის გამოიწვია, რომ ირანიდან აბსოლიტურად შეწყდა ტვირთების გადაზიდვა. საავტომობილო ტვირთების გადაზიდვა აბსოლიტურად შეწყდა, მაშინ როდესაც რაფსანჯანი, საქართველოში ყოფნისას ფოთსა და ბათუმში ჩავიდა და საგანგებოდ – ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო – და გამოუშვეს ბევრი მანქანა საქართველოზე გამოვლით. პირველივე წლის შემდეგ ამ ირანელმა მძღოლებმა თქვეს, რომ ურჩევნიათ იარონ ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც შეიძლება ააფეთქონ ბომბით ან რაღაცით. მაგრამ ეს ან მოხდება, ან – არა, აქ კიდევ გარანტირებულად ორმოც ადგილას გააჩერებენ და წაართმევენ ხუთ, თუ სამ დოლარს და, გარდა იმისა, რომ ფული არის, ძალიან დეპრესიულად მოქმედებენ. აი, მე წარმომიდგენია, რომ თურქეთში ვიჯდე საჭესთან, და ყოველ წუთას ვიღაცამ გამაჩეროს და წამართვას ფული. ხარ უცხო ქვეყანაში, ხარ უცხო გარემოში. გაჩერებს იმ ქვეყნის ხელისუფლების სამხრეებიანი და უნიფორმიანი წარმომადგენელი. ეს სხვა რაღაცაა და ძალიან დეპრესიულად მოქმედებს, ხარ სრულიად დაუცველი. ახლა ქართველმა უფრო ის იცის, როგორ დაიცვას თავი საქართველოში. შარშან, შარშანწინდელთან შედარებით, თურქეთიდან ორმოცდაათი ათასით ნაკლები სატვირთო მანქანა შემოვიდა. მე, სხვათა შორის, ამას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი : იცით, ყველა ერს, თუ ის ნორმალური ერია, გაცნობიერებული აქვს თავისი განსაკუთრებული ადგილი მსოფლიოში. აი, დავუშვათ, ჰოლანდიელების ცნობიერებაში ისე ღრმად დევს ის აზრი, რომ ჰოლანდია არის დიდი საერთაშორისო ვაჭრობის ქვეყანა, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება ვაჭრობას, მათ მიერ ფეტიშირებულია. იტალიელებს აქვთ ისეთი ცნობიერება, რომ ისინი არიან ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი მთავარი აკვანი და, ასე ვთქვათ, ეს არის ერთ-ერთი საფუძველი იტალიური მენტალიტეტისა. ჩვენ ვერაფრით ვერ გავიგეთ, რომ, თუ რაღაცაზე არ შევთანხმდით – რა არის მნიშვნელოვანი თითოეული ცალკეული ოჯახისათვის და ერისთვის მთლიანობაში, რა უნდა იყოს ტაბუდადებული, რომ, შეიძლება სხვა რაღაცაზე აიღო ქრთამი, რაღაცა გააფუჭო, მაგრამ ამას არ უნდა შეეხო, იმიტომ, რომ ეს არის საფუძველი შენი ქვეყნის უსაფრთხოებისა, ეკონომიკური ძლიერებისა და სხვა, და სხვა და სხვა – ისე არ შენდება ქვეყანა. და ის რაღაცა რა არის…და ის რაღაცა არის სატრანზიტო ქვეყნის იდეა – მისი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რაც მე ვილაპარაკე. ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი – ჩვენს ეკონომიკაში, ჩვენს ბიუჯეტში ამას რა როლი ექნება. სულაც არ ექნება ისეთი გადამწყვეტი როლი. და ეს ძალიან სწორი იყო, რომ, როცა ბაქო-სუფსაზე იყო საუბარი, შევარდნაძემ პირდაპირ თქვა, თუ არ ვცდები, პარლამენტში, საჯაროდ თქვა : – ჩვენ ეკონომიკურ მოგებას არ ველით ბაქო-სუფსის პროექტისაგან. ფასი, რასაც ჩვენ ვიღებთ ამით, არის განუზომლად უფრო დიდი. შენ შენი ქვეყნის ფერი უბრალოდ კი არ დაატანე მსოფლიო რუკაზე, არამედ ის მოხდა, რომ რამდენიმე კონგრესმენმა ან სენატორმა კაპიტოლიუმის ბორცვზე დეტალურად იცის, რა ხდება საქართველოში. არადა, ეს მართლაც ძალიან არაადეკვატური რამაა – არ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ იქ ქართველი ამომრჩეველი არა ჰყავს. ეს ძალიან შორეული და ისეთი ქვეყანაა, მაგრამ ის გახდა უმნიშვნელოვანესი ნაწილი მის ფიქრებში, როდესაც ის ფიქრობს თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და განვითარებაზე. აი, ამაზეა საუბარი, თორემ ამ თვალსაზრისით სუფსის ტერმინალსა და ნავთობსადენს საუკეთესო შემთხვევაში შეუძლია მოგცეს, მე მგონი, ხუთ-შვიდ მილიონ დოლარამდე წელიწადში.ბაქო-ჯეიჰანს მოაქვს ორმილიონნახევარი.როცა ჩვენს ეკონომიკურ სტრატეგიაზე ვლაპარაკობთ, შემიძლია ასეთი პარადოქსი გითხრათ : ჩვენი ეკონომიკის უკეთესი მომავლის შანსია ის, რომ ჩვენ არ გვაქვს არც ნავთობი, არც გაზი, არც ოქრო. იმიტომ, რომ ასეთ ქვეყნებში ეკონომიკა ყოველთვის ვითარდება ძალიან ასიმეტრიულად ყოველთვის, როდესაც რაღაცა მოპოვებითი დარგი არის ძალიან ძლიერი. ხელისუფლებამ იცის, რომ საბიუჯეტო პრობლემებს მოაგვარებს იმით, რომ, დავუშვათ, ცოტა მეტ ნავთობს გაიტანს მსოფლიო ბაზარზე, ეკონომიკის დანარჩენი დარგები კი აბსოლიტურად ატროფირებულია, არადა, თვითონ საზოგადოების ჯანსაღი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოპოვებითი დარგების პარალელურად სხვადასხვა სექტორების, და განსაკუთრებით – მომსახურებატევადი და ინტელექტტევადი სექტორის განვითარებას.ბატონო ზურაბ, თქვენი ლექციებიდან გამომდინარე, ამიერკავკასიის თემა, ამიერკავკასიის ერთიანობისა და თანამშრომლობის თემა ძალიან აქტუალურია… მხოლოდ საქართველო შეიძლება … მოხვდეს დასავლეთის სიბრტყეში… ( კითხვა გრძელდება, მაგრამ გაურკვეველია) მე უნებურად გამახსენდა ამიერკავკასიის სეიმის არსებობა 20-იან წლებში, რომელიც შემდეგ დაიშალა, იმიტომ რომ, ალბათ, მყარ პრინციპებს არ ეფუძნებოდა. აქედან გამომდინარე, როდესაც ძალიან საინტერესო კონცეფციას აყალიბებს ქალბატონი ნაირა გელაშვილი ერთიანი კავკასიური სახლის შექმნასთან დაკავშირებით, მაგრამ აქვე ცხადი ხდება ისიც, რომ რუსეთს ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე და ფრაგმენტაციაც ძალაშია უკვე შესული, აი, თანამედროვე ქართული პოლიტიკის, ასე ვთქვათ, წამყვანი გმირები რა მოდელებს აყალიბებენ საიმისოდ, რომ, ვთქვათ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი მოექცნენ ერთი გარკვეული ნორმატიული რეგიონის ქვეშ.ძალიან საინტერესო თემაა, სხვათა შორის, კავკასიური სახლის იდეას მე და ნაირა ერთად ვაყალიბებდით ოთხმოცდაათ წელს და ძალიან ხშირად დავდიოდით მაშინ ჩრდილო კავკასიაში.ახლა მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი რაღაცა საქართველომ იმის გამო მოიპოვა, რომ რეგიონში არსებობდა სირთულეები. ვთქვათ, არსებობს ძალიან ეფექტური უზარმაზარი სისტემები, – მე ახლა არ ვიცი მათი გამტარუნარიანობა, – აზერბაიჯანის ამ სამხრეთ კასპიის ნაპირებიდან სპარსეთის ყურისაკენ. ბევრად უფრო ადვილია, დავუშვათ, თურქმენეთიდან გაზსადენებისა და ნავთობსადენების აშენება ამ სპარსეთის ყურის პორტებისაკენ და არსებულის გამოყენება. უბრალოდ, ჩვენ – მომიტევეთ ცინიზმისათვის – გაგვიმართლა ბედმა, რომ ჩამოაგდეს შაჰი ოცი წლის წინათ, და იქ არის ისლამისტურ-ფუნდამენტალისტური რეჟიმი, რომელიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და განიხილება, როგორც უდიდესი საშიშროება შეერთებული შტატებისათვის პოლიტიკური, და არა ეკონომიკური, ფაქტორების გამო. ამიტომ ეს მარშრუტები, ეს გზები აბსოლიტურად დახურულია და, უფრო მეტიც, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმის დემონსტრირებისათვის, რომ, სანამ თეირანს მოლები მართავენ, მანამდე ის ასცდება ყველანაირ შანსს, რომ მიიღოს თავისი ნაწილი ამ განვითარებიდან. მე იმის თქმა მინდა, რომ ამ სირთულეების გამო გვქონდა მნიშვნელოვანი შანსი, რომელიც საქართველომ ასე თუ ისე გამოიყენა, და ახლა ეს კარგად უნდა გვესმოდეს. თუმცა სამომავლოდ ჩვენ, რაც უფრო მეტი დრო გავა, რაც უფრო ინტენსიურად შეიქმნება ეს ინფრასტრუქტურა, ძალიან, ძალიან დავზარალდებით ამიერკავკასიაში არასტაბილურობისა და კონფლიქტების არსებობის გამო. თუ არ მოხდება სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების უვნებელყოფა, რეგიონი მთლიანობაში ვერასოდეს ვერ გამოიყენებს ამ რესურსს, ვერ გახდება ისე მიმზიდველი, როგორიც რეალურად შეიძლება გახდეს, გამომდინარე მთელი ამიერკავკასიის საერთო პოტენციალიდან. თუ ჩვენ არ გავხდებით მშვიდობიანი რეგიონი, თუ ბიზნესმენებს არ ეცოდინებათ, რომ აქ შეიძლება ფულის ჩადება, და შენ ფულს თუ ჩადებ თბილისში რამე საწარმოში, აქ შეიძლება მუშაობა… ასეა, სამომავლოდ თუ არ იქნება მეტი თანამშრომლობის მყარი სულისკვეთება, ეს საბოლოოდ მეტად დააზარალებს საქართველოს. ბატონო ზურაბ, თავის დროზე… ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ქართულ-რუსული კონფლიქტის შეფასება…. (არ ისმის).მე ძალიან გამიჭირდება ახლა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს ძალიან რთული თემაა და სერიოზულ ანალიზს საჭიროებს. ამჟამად მე მაინც ვშიშობ, როგორი შეფასებაც არ უნდა მიგვეცა ამ კონფლიქტებისათვის, მაინც ვერ მოვახერხებდით, რომ მოგვეპოვებინა საჭირო მხარდაჭერა. აი, თუნდაც დღეს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ძალიან მომენტალური რეაქცია იყო უკვე გაეროს მხრიდანაც, შეერთებული შტატების მხრიდანაც და, თანაც, რამდენიმე წუთის განმავლობაში. საქმე რაში იყო? ეს იყო არა იმდენად ჩვენი შეცდომები, რამდენადაც, პირველ ყოვლისა, თვითონ იმავე ვაშინგტონის სრული მზადყოფნა, რომ აეღო თავის თავზე ჩვენი ტვირთები. სხვათა შორის, მე ძალიან ვმეგობრობ მაშინდელი ამერიკული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედთან – სტრობ ტელბოტთან და არ დამავიწყდება, რომ 1999 თუ 2000 წელს თვითონ მან დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა სერიოზულ შეცდომებს უშვებდა შეერთებული შტატები ქლინტონის ადმინისტრაციის პირველ – 1992, 1993, 1994 წლებში. რა მომენტი იყო, იცით, მაშინ, განსაკუთრებით ოთხმოცდათორმეტში, და ნაწილობრივ, ოთხმოცდაცამეტში, როცა ელცინი მზად იყო რეალურად…დაეთმო…ჰო, დაეთმო.მოკლედ რომ ითქვას, როგორც გააკეთა ბალტიისპირელების შემთხვევაში. თვითონ ამერიკელები იმის გამო, რომ არ იყვნენ მზად, უხეშად რომ ითქვას, ეუბნებოდნენ ელცინს : არა, თუ ღმერთი გწამთ, თქვენ მიხედეთ ამათ. ჩვენ აზრზე არა ვართ, ისინი ვინ არიან, რა არიან, რა და როგორ უნდათო. ამას ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, იმ აბსურდულმა პროცესებმა, რაც საქართველოში იყო განსაკუთრებით 1991-92 წლებში. ჩვენ მოვახდინეთ იმის დემონსტრირება, რომ ვართ მართლა ველური ქვეყანა, რომელსაც არაფერი არ გვაერთიანებს. აფხაზეთის ომმაც, საკუთარი ტერიტორიის დაცვამაც კი ვერ გაგვაერთიანა, და ამას ყველა უყურებდა და ფიქრობდა : ვინ არიან ესენი, ეტყობა, საერთოდ ერად არ ცნობენ თავს, არ არიან ჩამოყალიბებულნიო. ამ ყველა ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ აფხაზეთის ომის დროს… რა ვიცი, ალბათ, მართლა შექსპირი სჭირდება იმას, რომ აღიწეროს ის, რაც იქ ხდებოდა. როდესაც იგივე შევარდნაძე იდგა განიარაღებულ სოხუმში ოცდახუთ-ოცდაექვს სექტემბერს და დეპეშას დეპეშაზე გზავნიდა თავის პირად უცხოელ მეგობრებთან, ისინი საპასუხოდ დაახლოებით ასე ეუბნებოდნენ, ვაიმე, რა სამწუხაროა, ახლა თქვენ რომ გბომბავენო, და არც ერთმა რეალური ნაბიჯი არ გადადგა. ეს იყო ის მომენტი, როცა ამისთვის მაშინ არც საერთაშორისო საზოგადოება იყო მზად, მზად არ იყვნენ ზესახელმწიფოები, და პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატები, და ჩვენც გავაკეთეთ ყველაფერი საიმისოდ, რომ მსოფლიო ჩვენკენ ზურგით შემოტრიალებულიყო.გაურკვეველია…ამიტომ ვამბობ, რომ მე ახლა ძალიან გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამის საპირისპირო მოსაზრება ასეთი შეიძლება იყოს : მაშინ ელცინი ითვლებოდა მსოფლიოში რაღაც დემოკრატიის დიდ მამად და, არიქა, ტანკზე მდგარმა დაიცვა თავისუფლება, და უცებ შენ იწყებ ყვირილს, არიქა, რუსი არის აგრესორი და თავს გვესხმისო. შენი პატარა ხმა ელემენტარულად ვერ გადაფარავდა რუსულ პროპაგანდას და იმ რეალურ ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ჰქონდა ამერიკას, ევროპას რუსეთში. იმათ სულ არ აწუხებთ შენ აფხაზეთში რა მოგივა, იმას უნდა, რომ, დავუშვათ, მეტი მერსედესი გაიყიდოს რუსეთში, უფრო იაფად მიიღოს მეტი გაზი ან ნავთობი, მეტი რაღაც თავისი სხვა პროდუქტი შეიტანოს და გაყიდოს მსოფლიოში ამ ერთ-ერთ დიდ და უზარმაზარ ბაზარზე. ამიტომ არ შეიძლება შენ ამოვარდნილი იყო საერთაშორისო კონტექსტიდან. არ შეიძლება გქონდეს იმის ილუზია, რომ შენ, ერთი ციცქნა ქვეყანა, შეცვლი მსოფლიო პოლიტიკის მთავარ დინებას. შენ უნდა დაინახო, რომ ეს პოლიტიკა ისე მიედინება, რომ აქ არ არის ლაპარაკი შენს ქვეყანასა და შენს ხალხზე, და ამ დინების ჩარჩოებში უნდა იპოვნო შენთვის სწორი ადგილი. აი, ეს არის მთავარი. ახლა მე რაც მახსოვს, როცა კოდორის აქეთ ნაპირზე იდგა სამათასიანი შენაერთი ჩვენი ჯარებისა, სოხუმი კი ეცემოდა, არ დამავიწყდება, ყარყარაშვილი ოთხჯერ შევიდა, გადმოვიდა, გადავიდა და ვერ მოახერხა, რომ დაძრულიყო ჩვენი ჯარების დანარჩენი ნაწილი სოხუმის დასაცავად. იქ ბევრი იყო ღალატი, ბევრი იყო პოლიტიკური ინტრიგები, გათვლები და, საერთოდ, მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი ისტორიის ძალიან ბინძური და სამარცხვინო ფურცელი იყო.დავასრულოთ? დიდი მადლობა. ლექცია IX გლობალიზაცია ჩვენ ნელა ვუახლოვდებით ამ ჩვენი ლექციების კურსის დასასრულს, და დღეს მინდა შევეხო სრულიად ახალ და განსხვავებულ ასპექტს იმისას, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, აუცილებლად უნდა იცოდეს თანამედროვე ქართველმა სახელმწიფო მოხელემ ან ჟურნალისტმა. მე ყველა წინა ლექციის დროს შევეცადე, რომ თქვენთან ერთად ჩვენ გადაგვევლო თვალი იმისათვის, თუ ისტორიულად როგორ ყალიბდებოდა დემოკრატიის კონცეფცია მთლიანობაში და მისი ცალკეული ელემენტები. ჩვენ ძალიან დიდ როლს ვუთმობდით იმას, რომ ჩაგვეხედა ისტორიულ მოვლენებში და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო იმისათვის, რომ წარმოგვედგინა, დღეს მოქმედი თითოეული მექანიზმი როგორ ყალიბდებოდა ძალიან რთული და საინტერესო ისტორიული პროცესების შედეგად, როგორ ყალიბდებოდა, მყარდებოდა ის სტრუქტურები, ინსტიტუტები, რომლებიც დღეისათვის საბოლოოდ არის ჩამოყალიბებული. დღეს მე მინდა, რომ ჩვენ გავაკეთოთ ისევ ერთგვარი დისტანცირება ამ წუთში საქართველოში მიმდინარე პროცესებისაგან, რომლებსაც ბოლო სამი შეხვედრისას დავუთმეთ ყურადღება, და ვეცადოთ, წარმოვიდგინოთ, როგორი იქნება ხვალინდელი დღე, როგორი იქნება ხვალინდელი დღე ჩვენი პლანეტისათვის და როგორი იქნება, აქედან გამომდინარე, ის კონკრეტული გამოწვევები, რაც ინდივიდუალურად თქვენ წინაშე დადგება, როდესაც თქვენ იფიქრებთ თქვენს მოღვაწეობაზე ამ ქვეყნის საკეთილდღეოთ. დღევანდელი ლექცია მე მინდა გლობალიზაციის პრობლემებს მივუძღვნა. რა არის გლობალიზაცია? ვის შეგიძლიათ თქვათ, რა არის გლობალიზაცია? ან, ყოველ შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ – რა დევს ამ ცნებაში? (შეკითხვა. ის არ ისმის).არა, ზონა, სხვათა შორის, საინტერესო სიტყვაა, იმიტომ, რომ ის გულისხმობს გამოყოფილ ტერიტორიას. მაგრამ გლობალიზაცია სწორედ ზონა არ არის. ეს არის პროცესი, რომელიც მთელ პლანეტას მოიცავს. კიდევ რა შეგიძლიათ ამას დაუმატოთ ?ხელისუფლების გადანაწილება…ერთიანი ვაჭრობა….(რეპლიკები არ ისმის).სხვათა შორის, ის, რაც თქვენ თქვით, ძალიან სწორია. გლობალიზაცია ხშირად ისე წარმოუდგენიათ, რომ, აი, ინტერნეტი არის გლობალიზაცია… გლობალიზაცია შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისაგან. მას, როგორც პროცესს, ახლავს ახალი თავისებური ტექნოლოგიების დანერგვა და გამოყენება, მაგრამ მთავარი არის ზუსტად ის, რაც თქვენ თქვით. გლობალიზაცია – ეს არის მსოფლიო სისტემის, საერთაშორისო სისტემის სრულიად ახალი მდგომარეობა, დიახ, სრულიად ახალი მდგომარეობა.აი, თქვენ გახსოვთ, ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები რაღაც გარდატეხას ახდენენ საერთაშორისო ურთიერთობებზე, ხალხების განვითარების მსვლელობაზე. დავუშვათ, რომის იმპერიის დაცემამ განაპირობა ის, რომ ევროპის ტერიტორიაზე დაიწყო ეროვნული სახელმწიფოების ჩანასახების შექმნა, ხომ ასეა? ამას დასჭირდა დაახლოებით თხუთმეტი საუკუნე და შეგახსენებთ : ვამბობდით, რომ რეალური თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოების Nation State -ების რეალური კონტურები მოიხაზა მხოლოდ ვესტფალიის ზავის შემდეგ, რომელმაც დაასრულა ომი ევროპულ სახელმწიფოებთან, ეგრეთ წოდებული ოცდაათწლიანი ომი, და ასე თუ ისე ჩამოყალიბდა თანამედროვე ევროპის ნაციონალური არქიტექტურის ეს სისტემა. და ეს იყო გარდამტეხი მომენტი. დავუშვათ, ნაპოლეონის ომებმა ხელი შეუწყო იმას, რომ ფრანგული რევოლუციის სულისკვეთება მოსდებოდა მთელს ევროპას, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ის სისტემა, რომელიც ეფუძნებოდა ორ ძირითად ზესახელმწიფოს შორის ბალანსის სისტემის არსებობას. აი, მე მინდა გითხრათ, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს შედის მსოფლიო, რომელშიც ის პრაქტიკულად შესულია, ის პროცესი, რომელსაც ინტენსიური დასაბამი მისცა ბერლინის კედლის დაცემამ 1989 წელს, რომელმაც სიმბოლურად დაასრულა იმ რკინის ფარდის არსებობა, ევროპას და მთლიანად მსოფლიოს პირობითად ორ ნაწილად რომ ყოფდა, ამან შექმნა ბევრად უფრო დიდი განსხვავება წინა მდგომარეობისაგან, ვიდრე… აი, დავუშვათ, რომ შეადაროთ ცივი ომის პერიოდის მსოფლიო თუნდაც ანტიკური რომის ხანის ძალთა გადანაწილებას დედამიწის ზურგზე. ამდენად დრამატული, ამდენად საფუძვლიანია ის განსხვავება, რომლის მოწმეებიც დღეს თითოეული ჩვენგანი ხდება. ამიტომ პირველი, რაც მინდა გითხრათ გლობალიზაციის შესახებ, ესაა : უნდა გვესმოდეს, რომ გლობალიზაცია არ არის მხოლოდ ცალკე ინტერნეტი, ცალკე, დავუშვათ, მსოფლიო ბაზრის ჩამოყალიბება, რომელიც აღარ არის დანაწილებული რაღაც სექტორებად, სადაც შეუძლებელია შეღწევა თავისუფალი კონკურენციის პრინციპების გათვალისწინებით. ეს არ არის მხოლოდ, დავუშვათ, უნიკალური ტექნოლოგიები ან კიდევ სხვადასხვა რაღაცეები. ეს არის საერთაშორისო მსოფლიო ურთიერთობების სრულიად ახალი სისტემა, რომელშიც შევიდა ჩვენი დედამიწა და რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც არსებული ფაქტი. მეოცე საუკუნის განმავლობაში რამდენჯერმე იყო წამოწეული ისეთი თემები, ისეთი საკითხები, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს იმის გაცნობიერება, რომ ეს პლანეტა სინამდვილეში ბევრად უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ჩვენ, ადამიანებს, გვეგონა და გვქონდა წარმოდგენილი. როდესაც დაიწყო პირველი გლობალური კაპიტალისტური პროცესების განხორციელება მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც იქმნება პირველი საერთო ევროპული კონსორციუმები, ბაზრები და ასე შემდეგ… 1914 წლის პირველმა მსოფლიო ომმა ძალიან შეაფერხა ეს პერიოდი და ამ პერიოდს დღესაც გლობალიზაციის პირველ ერას უწოდებს ზოგიერთი მეცნიერი. აი პირველად მაშინ აღმოაჩინეს ადამიანებმა, რომ, დავუშვათ, ვინმე რიგითი ინგლისელისათვის, რომელსაც ნაყიდი აქვს რომელიმე ბრიტანული მსხვილი კომპანიის აქციები, შეიძლება გამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს იმას, თუ, დავუშვათ, ჩაფლავდა ლატვიის მთავრობის მიერ გამოშვებული ბონდები. ამან შეიძლება იმოქმედოს მასზე. აი, იმან, როგორ ვითარდება, დავუშვათ, რკინიგზის კონცესია სადღაც ბომბეიდან დელიმდე რკინიგზის მშენებლობის დროს, შეიძლება პრობლემები შეუქმნას ვიღაც გერმანელ ბიურგერს ან სხვა ვინმეს, ვინც ინდოეთში ერთხელაც კი არ ყოფილა. მაშინ პირველად გამოიკვეთა ის თემა, რომ მსოფლიო სინამდვილეში შეიძლება აღმოჩნდეს უფრო საშუალო ზომის, და არა ისე გრანდიოზული, ჩვენგან ისე დაშორებული რამ, როგორც ჩვენ ის გვქონდა წარმოდგენილი. სხვათა შორის, ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ რამდენჯერმე მთელი კაცობრიობის წინაშე ძალიან მწვავედ გამოიკვეთა იმის განცდა, რომ ამ მსოფლიოში ჩვენ ბევრად უფრო ურთიერთდამოკიდებულნი ვართ, ვიდრე ეს ადრე გვქონდა წარმოდგენილი. ამის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი შთამბეჭდავი და საგანგაშო სიგნალი იყო მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა, რომელმაც, თავის მხრივ, განაპირობა ცივი ომის პერიოდის ძალთა ბალანსის ჩამოყალიბება, ურთიერთშეკავების პოლიტიკის შექმნა და სხვა, მაგრამ რა ედო ამას საფუძვლად? ამას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ, ვთქვათ, ამერიკელს, რომელიმე შტატში, სადმე ცინცინატიში მცხოვრებ ამერიკელს, შეეშინდა იმისი, რომ საბჭოთა კავშირმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს ამერიკისგან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე. სამხედრო ტექნოლოგიაში, აი, ამგვარმა გარღვევამ ძალიან სრულფასოვნად და მწვავედ დაანახა მთელ კაცობრიობას, რომ მართლაც ყალიბდება გლობალური სისტემა, და იმავე უსაფრთხოების საკითხების მიმართ საჭიროა გლობალური, და არა ადგილობრივი, ლოკალური, რეგიონალური გადაწყვეტილებების პოვნა. მეორე თემა, რომლის, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში დაყენება ხდება სადღაც სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, არის გლობალური გარემოს დაცვითი პრობლემების გაცნობიერება. ყველამ ვიცით, რომ, დავუშვათ, ჩვენთვის, აი, ამ საკლასო ოთახში მყოფი ადამიანებისათვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ რაღაცა პროცესების, ინდუსტრიული განვითარების პროცესების შედეგად ბრაზილიის ამაზონის ჯუნგლები გაიჩეხოს და, ასე ვთქვათ, კიდევ უფრო გამძაფრდეს და გაღრმავდეს პლანეტაზე ჟანგბადის წარმოების პრობლემა. აი, ამ საერთაშორისო გარემოს დაცვითი ცნობიერების წარმოსახვა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი კომპონენტი საიმისოდ, რომ თანდათან ფსიქოლოგიურად ჩვენ, – მე ვგულისხმობ ყველას – ადამიანებს, განურჩევლად ქვეყნისა, – მოვმზადებულიყავით ამ გლობალიზაციის ერის შესახვედრად, იმიტომ რომ სწორედ საერთაშორისო საზღვრების გარეშე, აი ამ გარემოს წინაშე მდგომმა საშიშროებებმა, მისი დაცვის აუცილებლობის განცდამ და შეგნებამ კიდევ ერთხელ ძალიან გაამძაფრა და დაამკვიდრა იმის გაგება, რომ სამყარო დღეს არის ბევრად უფრო მცირე ზომისა და ურთიერთდამოკიდებული, ვიდრე ეს იყო თუნდაც ორი, სამი, ოთხი, ხუთი ათეული წლის წინათ. მაგრამ რა მოხდა ბერლინის კედლის აღების შემდეგ? თუ დავუბრუნდებით იმას, რასაც ვამბობდი, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიწყო მსოფლიო ბაზრის, ყოველ შემთხვევაში ევროპული განუყოფელი ბაზრის ჩამოყალიბება, რასაც ხელი შეუშალა, და რაც შეაფერხა პირველმა მსოფლიო ომმა და მის შემდეგ განვითარებულმა ბევრმა მოვლენამ, შეიძლება ითქვას, რომ სამოცდათხუთმეტწლიანი პაუზის შემდეგ, ასე ვთქვათ, მოიხსნა ის ხელოვნური ბარიერები, რომლებიც წარმოიქმნებოდა სახელმწიფოებს ან სახელმწიფოთა ჯგუფებს შორის, და დაიწყო ერთიანი გლობალური ბაზრის ჩამოყალიბება. – (რეპლიკა. ის არ ისმის). … დიახ, არსებობდა ეგრეთ წოდებული საბჭოთა სისტემა და ის, რასაც რკინის ფარდა შეერქვა, რომლის ძალითაც, დავუშვათ, მხოლოდ ფინეთს ჰქონდა საბჭოთა კავშირში რაღაც სახეობის პროდუქციის შეტანის საშუალება. საბჭოთა კავშირი აბსოლიტურად ამოვარდნილი იყო მსოფლიო გლობალური ბაზრიდან და არ ემორჩილებოდა ამ თავისუფალ საბაზრო ურთიერთობათა პრინციპებს. იმ სისტემას, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებობდა, ამიტომ უწოდებენ მას მბრძანებლურ სისტემას. გახსოვთ, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორი ანომალიური ვითარებაა ეს, როგორ იყო დაცილებული იმ ბუნებრივი ეკონომიკური განვითარების კანონს, იმ პრინციპს, რაზედაც ვსაუბრობდით ადამ სმითთან დაკავშირებით, და როგორ ყალიბდებოდა ლიბერალიზმის, ეკონომიკური ლიბერალიზმისა და ლიბერალიზმის, როგორც პოლიტიკური თეორიის, საფუძვლები. ამიტომ ვამბობ, რომ დაინგრა ეს საბჭოთა სისტემა და ელემენტარულად რუსული ბაზარი გაიხსნა მსოფლიო პროდუქციისთვის, რამაც ჩართო სრულიად სხვა ტიპის განვითარების მექანიზმები თავად რუსეთში. მე იმის თქმა მინდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც თქვენ აღნიშნეთ, რაც მოხდა ამ საბჭოთა კავშირისა და საბჭოთა ბლოკის, როგორც საერთაშორისო სისტემის, დაშლის შემდეგ, არის ის, რომ დაიწყო ერთიანი გლობალური ბაზრის ჩამოყალიბება. დღეს ხშირად ამბობენ, რომ გლობალური ბაზარი არის ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე განვითარებადი ბაზარი დედამიწის ზურგზე; არა, დავუშვათ, კორეის ბაზარი, ან რუსეთის ბაზარი, არამედ გლობალური ბაზარი. და ეს მართლაც სრულიად ახალი ტიპის ფენომენია, სრულიად ახალი რეალობაა, რომელიც ადრე არასოდეს არ არსებობდა. გლობალური ბაზრის ჩამოყალიბებას იმავდროულად თან სდევს პარალელურად უმნიშვნელოვანესი განვითარება ტექნოლოგიურ სფეროში; ესე იგი, ამას დაემთხვა კომპიუტერიზაციის მანამდე სრულიად წარმოუდგენელი და არნახული მასშტაბი და ტემპი; ამასვე დაემთხვა ისეთი ტექნოლოგიების შემოტანა, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ის, რომ ასეთი კომფიუტერული ტექნოლოგიების მინიატურიზაცია მომხდარიყო, და ამას მოჰყვა ტელეკომუნიკაციებში ისეთი ტიპის ტექნოლოგიების ჩამოყალიბება, რომლებიც მანამდე აბსოლიტურად წარმოუდგენელი იყო. აი, მე კარგად მახსოვს, რომ, მწვანეებს როცა ვქმნიდით, ერთ-ერთი წარმოუდგენელი პრივილეგია, რომელიც მაშინ კომუნისტებს წავართვით, ის იყო, რომ მანქანის ტელეფონი გვქონდა, რომელიც რაღაც შიშინით, ხიხინით ფუნქციონირებდა. ადრე ამას მხოლოდ ცეკას უმაღლესი ნომეკლატურა ხმარობდა, ეგრეთ წოდებული მანქანის ,,ვეჩე“ იყო, რაღაცა ღილაკები ჰქონდა, კომუტატორზე უნდა დაგერეკად, რადიო იმაზე იყო დაყენებული და ცუდათ მუშაობდა. მე მართლა ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, დავუშვათ, ათი წლის წინათ, რომ შევძლებდი სადმე თუშეთის მთებში ჩემს მეგობრებთან ყოფნის დროს ამომეღო ჯიბიდან პატარა პორტატიული მობილური ტელეფონი და უპრობლემოდ დავკავშირებოდი ჩემს მეგობარს ამერიკაში. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, და ეს არის ერთ-ერთი ილუსტრაცია იმისა, თუ რამხელა ნახტომი კეთდება ტექნოლოგიური თვალსაზრისით, და განსაკუთრებით საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით ტელეკომუნიკაციური ტექნოლოგიები. შემოდის ეს დიგიტალური სისტემები, რომლებიც იმის საშუალებას იძლევა, რომ ინფორმაცია ციფრული კოდირებით გადაიცემოდეს, და არა ანალოგიური პრინციპით, რაც კიდევ უფრო კომპაქტურს ხდის ამ ინფორმაციის შენახვის, შეგროვებისა და გადაცემის საკითხებს და კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ამ ყველაფერს. შეიქმნა თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მართლაც საოცარი ფენომენი, რასაც ჰქვია ინტერნეტი. ეს არის ის სისტემა, რომელიც ბევრი თვალსაზრისით, ალბათ, თავისი შემქმნელებისა და მონაწილეებისგან მნიშვნელოვანწილად დამოუკიდებლადაც კი ვითარდება დღეს, იმიტომ, რომ ის არის მართლაც რაღაც საოცარი ბადე, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და შემოეხვია მას, მე არ ვიცი, უკვე რამდენ წრეზე, და აბსოლუტურად მოხსნა ინფორმაციული კავშირების პრობლემები. თუკი ელემენტარული ტექნოლოგიური საშუალება მოეპოვება ადამიანს, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია დაუკავშირდეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს, და დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფთა უმრავლესობას აქვს ინტერნეტთან ურთიერთობის თავისი პირადი გამოცდილება. მე ერთხელ დავესწარი სოფელ ბარისახოში ინტერნეტ-კლასის გახსნას იქაურ სკოლა-ინტერნატში. ეს არის ხევსურეთში ზღვის დონიდან 1460 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბავშვისათვის იმ სკოლა ინტერნატში, თუ ის აითვისებს ელემენტარულ ჩვევებს, მიიღებს ელემენტარულ ცოდნას თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებში მუშაობისას და ინტერნეტში მუშაობას ისწავლის, ხელმისაწვდომი ხდება იგივე ინფორმაცია, რაც არის ხელმისაწვდომი სტენფორდის უნივერსიტეტის რომელიმე პროფესორისათვის. თეორიულად ეს ასეა. ამ რესურსის ათვისება, გამოყენება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად გამოავლენს ის ამ საკმაოდ მარტივი ჩვევების ათვისების უნარს. მისი ერთერთი მთავარი დისკრიმინაცია არის ის, რომ ის ცხოვრობს მიყრუებულ მთის სოფელში და ამის გამო ინფორმაცია მისთვის არის ბევრად ნაკლებად ხელმისაწვდომი, ვიდრე, დავუშვათ, ვაშინგტონში რომელიმე ახალგაზრდისათვის, და ეს დისკრიმინაცია მოიხსნა. ვთქვათ, თქვენ ხართ ქართველი მეცნიერი, რომელიც რაღაც კონკრეტულ დარგში მუშაობთ და თავის ტვინს იკვლევთ. ათი წლის წინ თქვენ უნდა გამოგეწერათ რაღაც ჟურნალი, რომელსაც უნდა დალოდებოდით ორი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ გაგეგოთ იმის პატარა, მცირე ნაწილი, თუ როგორი ტექნოლოგიური წინსვლა არის რაღაც ნეირონების აქტიურობის ჩაწერის თვალსაზრისით. დღეს თქვენთვის საკმარისია ერთი ,,კლიკის“ გაკეთება თქვენს ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერზე იმისათვის, რომ იცოდეთ, რა მოხდა დღევანდელ დღეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დღევანდელ დილას, მსოფლიოს ყველა წამყვან ლაბორატორიაში თქვენს დარგში. ინფორმაცია მაშინვე ხდება ხელმისაწვდომი აბსოლიტურად ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია ამ კონკრეტული დარგით, ანუ ურთიერთსტიმულირების, ურთიერთშეჯერებისა და ამ ცოდნის აკუმულაციის ეს პროცესი მკვეთრად არის დაჩქარებული. აი, ყოველივე ეს ხდება პარალელურად, და მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამას მივყავართ ჩვენ, მიჰყავს მსოფლიო ამ გლობალიზაციის ახალი მდგომარეობისაკენ. არის ასეთი ძალიან დიდი თანამედროვე მოაზროვნე ფრენსის ფუკუიმა, რომელიც თვლის, რომ ამ პროცესებმა საბოლოოდ დაამტკიცა, ასე ვთქვათ, ლიბერალიზაციის იდეების სისწორე, სიძლიერე ყველა სხვა კონცეფტთან, ყველა სხვა მიდგომასთან შედარებით. მის წიგნს საკმაოდ პესიმისტური სათაური აქვს – ,,ისტორიის ბოლო ადამიანი, ანუ ისტორიის დასასრული“, მაგრამ ის თვლის, რომ ლიბერალიზაციის იდეების ბატონობა, მეფობა არის გლობალიზაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემდეგი ბოლო სტადია, რომელშიც შევიდა კაცობრიობა. ეს მართლაც ასეა. რატომ ? ჯერ განვსაზღვროთ, რას ნიშნავს გლობალიზაცია? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა წინააღმდეგობა თავისუფალი საბაზრო კაპიტალისტური ურთიერთობების მიმართ, რომლებიც იქმნებოდა სხვადასხვა ეკონომიკური მიდგომების მხრიდან და, – პირველ ყოვლისა, ამის მთავარი ოპონენტი იყო საბჭოთა სისტემა, რომელიც თვლიდა, რომ ჩვენი ეკონომიკური მიდგომა, ჩვენი ეკონომიკური მოსაზრებები ბევრად უფრო გამართლებულ იყო და ჩვენ, ასე ვთქვათ, უზრუნველვყოფდით ადამიანებს უფასო ამით, იმით და ასე შემდეგ, – ,, პრავდაში“ ქვეყნდებოდა ფოტოსურათები, ვაშინგტონში როგორი პურის რიგები დგას და სხვა და სხვა – ეს ჩაბარდა ისტორიას, იმიტომ რომ საკმარისი აღმოჩნდა მოხსნილიყო ეს სერიოზული პოლიტიკური ბარიერები, რომ მაშინვე საყოველთაო და ყოვლისმომცველი გახდა ეკონომიკურ ურთიერთობათა ის წესი, რომელსაც ჰქვია თავისუფალი საბაზრო კაპიტალისტური ურთიერთობები. აი, ეს გახდა მამოძრავებელი ძალა გლობალური ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ეს არის ამ პროცესის გაანალიზებიდან გამოტანილი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. ბატონო ზურაბ, გლობალიზაცია პოლიტიკური პროცესია?არა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე ფუნდამენტური შეცდომა გლობალიზაციასთან დაკავშირებით. ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, და შენმა შეკითხვამ მომცა საშუალება, რომ ჩვენ გადავხედოთ იმას, თუ როგორ დადგა ასე მწვავედ საერთოდ გლობალიზაციის თემა დღის წესრიგში. ახლა თქვენ ყველას შეგიძლიათ გაიხსენოთ, რომ ჩვენმა პრეზიდენტმაც კი დაიწყო გლობალიზაციაზე საუბარი რუსეთის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ. ჰოდა, ესე იგი, ჩვენ ძალიან ვამაყობდით იმით, რომ საქართველოს არ შეეხო გლობალური ეკონომიკური კრიზისი.რატომ არ შეეხო, ამაზე მერე დეტალურად შეგვიძლია ვისაუბროთ. მაგრამ მინდა გაიხსენოთ, აი, ეს მომენტი : 1997 წლის დამლევიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში იწყება ეკონომიკური კრიზისების, ფინანსური კოლაფსების სერია. პირველი იყო საბანკო სისტემის კრახი ტაილანდში ოთხმოცდაჩვიდმეტი წლის დეკემბერში. იქ მოხდა ტაილანდური ვალუტის, ასე ვთქვათ, დევალვაცია 40 თუ 30 %-ით, რამაც გამოიწვია ის, რომ საბანკო სისტემამ ვეღარ გაუძლო კრიზისს – ტაილანდში იყო სამოცი მთავარი ბანკი, რომელთაგან ორმოცდათვრამეტი ერთ დღეს გაკოტრდა. აი ეს იყო პირველი სიმპტომი და ძალიან ცოტა ადამიანს ჰქონდა მაშინ წარმოდგენილი, რომ რაღაც პროცესმა, რომელიც ხდება ბანგკოკში, შეიძლება მოახდინოს სერიოზული ზეგავლენა, დავუშვათ, ნიუ-იორკის, სეულის, ტოკიოს ან ლონდონის ბირჟებზე მიმდინარე პროცესებზე. მაგრამ შემდგომი წელიწადნახევრის განმავლობაში დაიწყო ეს ბევრად, ბევრად უფრო ფართო პროცესი ისეთ განვითარებად ბაზრებში, როგორიც არის, დავუშვათ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრები, ბრაზილიაში, სამხრეთ კორეაში და ოთხმოცდათვრამეტი წლის აგვისტოში რუსეთში. აი, ესაა ფინანსური კოლაფსების სისტემა. მე ნამდვილად არა ვარ ამ პროცესების ექსპერტი და სპეციალისტი და, დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენთაგანი, ვისაც აქვს უკეთესი ეკონომიკური განათლება,შეძლებთ ბევრად უფრო ღრმად გაერკვეთ ამ პროცესებში, მაგრამ დასკვნა აღმოჩნდა ერთი : დღეს იმდენად დაკავშირებულია ერთმანეთთან, აი, ეს საფინანსოგლობალური ბაზარი და მთლიანობაში ბაზარი – არა მხოლოდ საფინანსო ბაზარი, არამედ პროდუქციის ბაზარი და სხვა, რომ პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოს ერთ ნაწილში, აუცილებლად აისახება საბოლოო ჯამში მთლიანად, აი, ამ ახალ, ჩამოყალიბებული გლობალური ბაზრის მდგომარეობაზე. და საქართველოზე, სამწუხაროდ, ამან ვერ იმოქმედა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველო უბრალოდ არ მონაწილეობს ამ გლობალური ბაზრის ჩამოყალიბებაში, და ამის ილუსტრაცია გახლავთ ის ფაქტი, რომ არც ერთი ქართული საწარმოს აქციების კოტირება არ ხდება არც ერთ თუნდაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან საერთაშორისო ბირჟაზე, რომლებიც არკვევენ, ათვალსაჩინოებენ იმას, თუ როგორი მდგომარეობაა მსოფლიო ბაზარზე. აი, სწორედ ამ ეკონომიკურმა კრიზისმა დააყენა ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გაეცა პასუხი შეკითხვაზე – კაცო, ჩვენ აღმოვჩნდით იმ ვითარებაში,როდესაც ვეღარ ვახერხებთ უახლოესი განვითარების პროგნოზირებას ჩვენს ქვეყანაში, – თუნდაც ეს იყოს შეერთებული შტატები – იმიტომ, რომ იმ პროცესებისთვის, რომლებიც განვითარდა ოთხმოცდათვრამეტ-ოთხმოცდაცხრამეტ წლებში, იმ ფინანსური ჩავარდნებისთვის, აბსოლიტურად არავინ არ იყო მომზადებული, არავინ აკეთებდა ამის პროგნოზირებას და ვერავინ წარმოიდგენდა, რამდენად ყოვლისმომცველი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს საერთაშორისო მსოფლიო ფინანსური კრიზისი. აი, პირველად მაშინ დაიწყო ხალხმა ამაზე ლაპარაკი, და მე მახსოვს ,,ნიუ-იორკ ტაიმსში“ და სხვა ნამდვილად წამყვან გამოცემებში, წამყვანი ეკონომისტები, შეიძლება ითქვას, პირდაფჩენილები წერდნენ ამ თავიანთ შეფასებებს და სტატიებს იმიტომ, რომ რეალურად მაშინ პირველად დაფიქსირდა ასე მკაფიოდ, რომ არსებობს ახალი რეალობა, რომელიც არ ემორჩილება აქამდე არსებულ ეკონომიკური განვითარების კანონზომიერებებს, რეალობა, რომელსაც ჰქვია გლობალური ბაზარი. რამდენჯერ ვიმეორებ ამ ტერმინს, არა ? ….. – შენ ამბობ, ამ პროცესის შეჩერებაო. გლობალიზაციას აქვს სამი მამოძრავებელი ძალა, სამი ვეშაპი, რომლებზედაც ძევს გლობალიზაციის პროცესი. და ეს სამივე პროცესი შეიძლება დახასიათდეს, როგორც დემოკრატიზაცია იმ სფეროებში, რომლებიც ადრე ყოველთვის დახურული და ნომენკლატურული სფეროები იყო, და რომლებიც განკუთვნილი იყო ყველა ქვეყანაში მხოლოდ გარკვეულ ნომენკლატურას მიკუთვნებული ადამიანებისათვის. პირველი დემოკრატიზაცია, რომელიც თან ახლავს გლობალიზაციას, ეს გახლავთ ტექნოლოგიების დემოკრატიზაცია. ხომ ყველას გინახავთ ეს ფილმები ჯაშუშების შესახებ, რომლებიც იპარავენ რაღაცეებს – ბონდი, მაგალითად, ძალიან გატაცებული იყო იმით, რომ მოეპარა სხვა ქვეყნებიდან მაღალი ტექნოლოგიები და სხვა და სხვა. გლობალიზაციის პროცესმა წარმოუდგენლად ხელმისაწვდომი გახადა ყველაზე თანამედროვე, ყველაზე უკანასკნელი ტექნოლოგიები, მსოფლიო მასშტაბით. აი, მაგალითად, მობილური ტელეფონები. დაახლოებით წელიწადი, წელიწადნახევარი სჭირდება იმას, რომ საქართველოსნაირად ყველანაირ მაგისტრალურ პროცესებს დაცილებულ ქვეყანაში ყველაზე უკანასკნელი საინფორმაციო ტექნოლოგიები შემოვიდეს, და ისინი იქ ძალიან ფართოდ გავრცელდეს, და არა მხოლოდ პრივილეგირებული კლასის, არამედ ძალიან ფართო მომხმარებლის საკუთრებაც გახდეს. სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყოველთვის ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახურული სფერო იყო, აი ვთქვათ, იმ ცივი ომის დაპირისპირების პერიოდში, იმიტომ რომ ეს სამხედრო თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძალა იყო. მე გეუბნებით ტელეკომუნიკაციებზე. ნებისმიერ სხვა სფეროში დღეს ბევრად უფრო ადვილი და ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერი ადამიანის მიერ ნებისმიერი ტექნოლოგიური მიღწევების ათვისება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიზაცია – ეს გახლავთ ფინანსების დემოკრატიზაცია. ისიც ერთგვარი პრივილეგია იყო, რომ, დავუშვათ, სამოციან წლებში,შენთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო თამაში ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე, ამისათვის ხომ მთელი რიგი ბარიერები უნდა გადაგელახა და, ყოველ შემთხვევაში, არცეთი თქვენთაგანისათვის, ვინც ამ ოთახში ბრძანდებით, ეს არ იქნებოდა შესაძლებელი. ეს ისევ და ისევ ტექნოლოგიების გამო.არა მხოლოდ ტექნოლოგიების გამო. იმის გამო, რომ გლობალიზებული სახე მიიღო სწორედ, აი ამ საბაზრო კონკურენციის მექანიზმებმა, და თვითონ საფინანსო ბაზრები დაინტერესდნენ, რომ გაეხსნათ აბსოლიტურად და მოეხსნათ ყოველგვარი დამატებითი ხელოვნური, თუ ნახევრადხელოვნური შეზღუდვები. აი, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც კომპიუტერით კი არ თამაშობს, როგორც გიგი, მაგალითად, როდესაც ზის ჩვენთან პარლამენტში, თავისი კომფიუტერისა და მოდემის საშუალებით თამაშობს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე. და ესაა რამდენიმე ათეული ადამიანი თბილისში, ვისაც მე ვიცნობ, მაგრამ შეუძლია წავიდეს სადმე, სად, ვთქვათ, ხარაგაულში? სჭირდება თავისი ლეპტოპი, სჭირდება სატელეფონო ხაზი, სჭირდება საკრედიტო ბარათი თავისი ნომრით, -აი, ეს ელემენტარული, ასე ვთქვათ, ნაკრები, რომელიც პრინციპში ყველას შეუძლია ჰქონდეს იმისთვის, რომ მან მიიღოს მონაწილეობა, აი, იმ საფინანსო პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს ნიუ-იორკში, სეულში, ტოკიოში ან სხვაგან. აქ მე არ ვიცნობ ვინმეს, ვისაც ამით თბილისიდან გრანდიოზული თანხები მოეგოს, ეს არც ყოფილა მათი ამოცანა, მაგრამ ამით საკმაოდ მნიშვნელოვანი შემოსავალი უჩნდებათ. მაგრამ აქ ჩემთვის მთავარი არის არა ის, რომ ეს დამატებითი შემოსავლის წყაროა ჩვენი თანამემამულისათვის. მთავარი ჩემთვის არის ის, რომ ეს შენთვის ხელმისაწვდომია, აბსოლიტურად ღია ხდება მსოფლიო ფინანსური სისტემის თავი და თავი, მთავარი ცენტრი – ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა. ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიზაცია – ფინანსების დემოკრატიზაცია. ეს უკავშირდება ფინანსების საერთაშორისო ბაზრებზე, ცალკეული რეგიონისა თუ ქვეყნის განვითარების ბაზრებზე, ცალკეულ სფეროებში, სექტორებში და ა.შ. განაწილებას.მესამე, ასე ვთქვათ, კომპონენტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ ინფორმაციის დემოკრატიზაცია. მე ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ნებისმიერი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო კლასიფიცირებული, ანუ მხოლოდ გარკვეული დაშვებების, პრივილეგიების, წოდებების ან რანგების მქონე ადამიანებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ნებისმიერი პოლიტიკური სახის, ეკონომიკური სახის, სამეცნიერო სახის, ნებისმიერი სახის ინფორმაცია. და, რაც საინტერესოა, ეს დამახასიათებელი იყო არა მხოლოდ საბჭოთა სისტემისათვის. იმავე დასავლურ სამყაროში, დავუშვათ, სამოცდაათიან წლებში, ინფორმაციის განუზომლად უფრო დიდი მასივი იყო კლასიფიცირებული. კლასიფიცირებული იმას ნიშნავს, რომ იყო უფრო გასაიდუმლოებული, ან განკუთვნილი სამსახუროებრივი სარგებლობისათვის, ვიდრე დღესაა. აი, დღევანდელი ინტერნეტიზაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი სიახლე და მთავარი ახალი რეალობა გახლავთ ინფორმაციის ეს წარმოუდგენელი დემოკრატიზაცია და გახსნილობა მსოფლიო მასშტაბით. ალბათ, თითოეულმა თქვენგანმა, ვინც ოდესმე შესულა ინტერნეტში, იცის, რომ დღეს შეიძლება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ფაილებში ინახებოდეს მისი 0,2 %, რაც არ არის ხელმისაწვდომი თითოეული თქვენგანისათვის, დაწყებული მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადამიანების ბიოგრაფიებით, გამონათქვამებით, დამთავრებული იმით, თუ რომელიღაც პატარა სამეცნიერო ცენტრი ახლა რას აკეთებს, რა გაუკეთებია ერთი წლის წინ, ან ხვალ რის გაკეთებას აპირებს. ყველაფერი ეს დღეს ხელმისაწვდომია თქვენთვის. მოხდა ინფორმაციის ასეთი საოცარი დემოკრატიზაცია და გახსნილობა. აი, სწორედ ეს სამი ვეშაპი – ტექნოლოგიების, ფინანსებისა და ინფორმაციების დემოკრატიზაცია, გახსნილობა – განსაზღვრავს იმას, რომ გლობალიზაციის პროცესს ვერც ვერავინ შეაჩერებს და ვერც ვერავინ წარმართავს თავისი ცალკე შეხედულებების მიხედვით და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე. (რეპლიკა. ის არ ისმის).ძალიან კარგია, რომ ამას ახლა მეკითხები. ახლა ზუსტად ამის თქმა მინდოდა. თომას ფრიდმანი არის ჩვეულებრივი ჟურნალისტი, რომლის წიგნმაც, პირადად მე, ძალიან ბევრი რამე ამიხსნა გლობალიზაციის შესახებ. და მას აქვს ასეთი პასაჟი : ,,მეკითხებიან : შენ, რა თქმა უნდა, გლობალიზაციის მომხრე ხარო ? და მე ვეუბნები, რომ კი, მე ისევე ვარ გლობალიზაციის მომხრე, როგორიც ყოველ დილით მზის ამოსვლის მომხრე ვარ. იმიტომ, რომ კარგია მზე, რადგან ის ათბობს და სინათლეს აძლევს ხალხს. ამოდის, მაგრამ მე უფრო ცუდ რამეს გეტყვით : მე მზის ამოსვლის მომხრე რომც არ ვიყო, ის მაინც ამოვა, იმისდა მიუხედავად, მე ამას ვემხრობი თუ არა“.აი, ჩვენ აბსოლიტურად ასევე უნდა გვესმოდეს ეს ვითარება. ახლა მე შევეხები ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტს, მნიშვნელოვანს განსაკუთრებით ჩვენთვის და ჩვენნაირი ქვეყნებისათვის. ერთი რამ უნდა გვესმოდეს კარგად : – გლობალიზაცია – ეს არის რეალობა, რომლის შეჩერება, რომლის თავიდან აცილება არავის არ შეუძლია. ეს რომ თავიდან აიცილო, ასე ვთქვათ, უნდა დაანგრიო გარკვეული ტექნოლოგიები. აი, მაგალითად, მოსპო ინტერნეტი. როცა ვსაუბრობთ ინფორმაციის დემოკრატიზაციაზე, შეგახსენებთ, რომ იმავე ფრიდმანს აღწერილი აქვს საბჭოთა დროს ,,პრავდაში“ გამოქვეყნებული ფოტოსურათი, რომელიც ასახავს იმას, თუ როგორ დგას პურის რიგი ნიუ-იორკში შაბათ დილით, და ამბობს : სამოცდაათიან წლებში აღმოჩნდა, რომ ეს არის შაბათ დილით რიგი ,,ძეკერის“ ძალიან ცნობილ საფუნთუშეში, სადაც აცხობენ იმ შესანიშნავ ფუნთუშას, რომელიც ძალიან უყვართ ნიუ-ორკელებს, მაგრამ საბჭოთა პუბლიკას გული ძალიან ეთუთქებოდა : საწყალი ჩვენი ამერიკელი თანამოძმეები პურის რიგებში როგორ იტანჯებიანო ! რა არის, რას ნიშნავს, ინფორმაციის დემოკრატიზაცია? ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია რომელიმე საზოგადოება ან საზოგადოების რომელიმე ნაწილი ამყოფო დიდი ხნის განმავლობაში საინფორმაციო ვაკუომში. აი, ჩინეთში, სადაც ტოტალიტარული სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტები ჯერ კიდევ შემორჩენილია, ხელისუფლებას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს ამ ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული ალტერნატიულ პოლიტიკურ ინფორმაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, და რამდენიმე, სხვათა შორის, საერთაშორისო რეზონანსის მქონე სკანდალიც მოხდა ამასთან დაკავშირებით – იმიტომ რომ ვერანაირი პროპაგანდა, აი, ასეთი ცალკე პროპაგანდა იქ ვეღარ მუშაობს, იმიტომ, რომ ნებისმიერი მეშვიდეკლასელი მოსწავლე პრინციპში, მას თუ აქვს პატარა ლეპტოპი ან რაღაც პერსონალური კომფიუტერი, შევა ინტერნეტში და იქ არის მილიონობით საიტი, რომელიც გამოხატავს ჩინეთის კომპარტიისგან განსხვავებულ ალტერნატიულ მოსაზრებას, ანუ მისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაციის სხვა წყაროც. ამ საინფორმაციო დემოკრატიზაციის არსი და სულისკვეთება სწორედ ესაა. მაგრამ კიდევ ვამბობ : ჩვენ გლობალიზაციას უნდა შევხედოთ როგორც იმ რეალობას, რომლის ყოფნა-არყოფნა არც რომელიმე ინდივიდზე, არც რომელიმე სახელმწიფოზე, არც რომელიმე სახელმწიფოს ჯგუფზე აღარ არის დამოკიდებული. გლობალიზაცია დღეს, შეიძლება ასეთი კალამბური ვიხმაროთ, არ არის გლობალური, ვთქვათ, იმიტომ რომ, აი, მე მისაუბრია გლობალიზაციაზე თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მათთვის მიკითხავს, თუ რა არის კომპიუტერიზაცია, ხალხს შიაო, ესაო, ისაო… ესე იგი, რა თქმა უნდა, კაცობრიობისა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის განუზომელი უმრავლესობისათვის ჯერჯერობით ეს არის, ასე ვთქვათ, ის ფენომენი, რომელიც მათთვის დაახლოებით ისეთსავე ინტერესს წარმოადგენს, როგორც რაიმე სამეცნიერო ფანტასტიკის წაკითხვა ან ტელევიზორის ყურება. მაგრამ, იმის მიუხედავად, თუ რამდენი ადამიანია ჩვენს ქართულ – კონკრეტულ საზოგადოებაში დღეს მონაწილე ამ გლობალიზაციის პროცესებისა, ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ ჩვენგანზე, ვინმე მწყემსზე ბარისახოში, ან ვინმე მეჩაიეზე ჩხოროწყუში, იმოქმედებს ზუსტად ისევე, როგორც – რა გვარი არის ის მაიკროსოფტის ის? – ჰო, ბილ გეითსზე. იმიტომ, რომ ეს არის უკვე ის მსოფლიო, რომელიც მოქმედებს ამ წესებით და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მე მინდა დავუბრუნდე თემას – გლობალიზაცია და ანტიგლობალისტები. რა არის ანტიგლობალიზმი? – ანტიგლობალიზმი არის, ასე ვთქვათ, პროტესტი გლობალიზაციის წინააღმდეგ. ამის ერთ-ერთი ფუძემდებელია ფრანგული ყველის ერთ-ერთი მწარმოებელი ფრანგი ფერმერი, რომელსაც კონკრეტული საბაზრო პრობლემები ჰქონდა თავისი პროდუქციის გასაღებასთან და ბაზარზე ამერიკული სუროგატული რაღაცეების შემოსვლასთან დაკავშირებით. მაგრამ მთავარი ეს არ არის. უნდა დავსვათ კითხვა : რა იწვევს გლობალიზაციის მიმართ პროტესტის განცდას? ამ განცდას იწვევს იმის შიში, რომ იმ პროცესში, როდესაც დედამიწა ხდება ბევრად უფრო მცირე, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ბევრად უფრო კომპაქტური, ბევრად უფრო ურთიერთდაკავშირებული, მე დავკარგავ ჩემს იდენტურობას, ჩემს თვითმყოფადობას, იმას, რითაც მე განვსხვავდები სხვებისგან, და რითაც მე ვამაყობ. ეს არის, ასე ვთქვათ, ის განცდა, რომელიც ეუფლება, დავუშვათ, ჩემს მეგობარ გურამ შარაძეს, როდესაც ის გამოდის თბილისში მაკდონალდსის აშენების წინააღმდეგ. ასეთი, სხვათა შორის, ანტიმაკდონალდსური გამოსვლები ძალიან ბევრ ქვეყანაში ყოფილა, იმიტომ რომ მაკდონალდსი განასახიერებს ახალ გლობალისტურ, სუროგატულ კულინარულ კულტურას. ესე იგი, იქმნება რაღაც კატლეტი, რომელსაც აქვს ერთი და იგივე გემო დედამიწის ნებისმიერ წერტილში. ანუ სადღაც იქ, ჰანოიში, რიო-დე-ჟანეიროში და თბილისში მას ერთნაირად საძაგელი გემო აქვს. მე, სხვათა შორის, ბავშობიდან ვერ ვიტან მაკდონალდსს – ბავშობიდან ანტიგლობალისტი ვარ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი დილემა, რომელიც ამ გლობალიზაციის პროცესში წარმოიქმნება, არის სწორი ბალანსის პოვნა : ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი განსხვავებულობა, ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის საიმისოდ, რომ ჩვენ დავრჩეთ თუნდაც, აი, ამ ეროვნულ ერთიანობად, რომელსაც წარმოვადგენთ დღეს – ხომ არის რაღაც ღირებულებები, რაღაც ინსტიტუტები, რომელთაც ჩვენი ერთიანობა ეფუძნება, და რაც ამას ადუღაბებს და აკავშირებს? და, მეორე მხრივ, არ დავკარგოთ ჩვენი შანსი იმ ახალ გლობალიზებულ მსოფლიოში, რომელიც ყალიბდება ჩვენ თვალწინ. რატომ ვამბობ მე, რომ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ეს შანსი? აი, იმიტომ, რომ მთავარია გქონდეთ იმის განცდა, რომ მთელი ამ დემოკრატიზაციების, ამ ტექნოლოგიების განვითარების, დიდი ცივილიზაციის, იმ კომფიუტერიზაციისა და ასე შემდეგ, შედეგი გახლავთ ის, რომ დღეს თითოეული თქვენგანი და ყველა ერთად, როგორც საზოგადოება, გსურთ თქვენ ეს თუ არ გსურთ, ჩართული ხართ გლობალური კონკურენციის პირობებში, როცა წარმატების მისაღწევად აღარ არის საკმარისი ის, რომ თქვენ იყოთ ყველაზე კონკურენტუნარიანი ამ საკლასო ოთახში, ამ შენობაში, ან ამ ქალაქში. საჭიროა, თქვენ გქონდეთ ისეთი განცდა, რომ თქვენ გიწევთ კონკურენცია თქვენზე ცოტათი უფროსი თაობის ადამიანებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. და ამას თქვენ ვერანაირად ვერ აარიდებთ თავს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ამას აარიდოთ თავი და ასცდეთ, თუ ვინმეს ძალიან სთხოვთ, და იპოვნით საკმარისად სულელ ადამიანს, რომელიც აგიშენებთ ისეთ საზოგადოებას, რომელსაც მაღალი, ვთქვათ, ქვის ან რკინის კედლები ექნება გარშემოვლებული და, სანამ მსოფლიო განვითარდება, ის თავის პატარა ჩამორჩენილ ანკლავს ჩამოგიყალიბებს. ამბობდნენ, რომ ცივი ომის მსოფლიო, ორმოცდახუთი წლიდან ოთხმოცდაცხრაწლამდელი მსოფლიო, ეს იყო მსოფლიო, სადაც იყვნენ მტრები და მეგობრები. მსოფლიო იყოფოდა ამერიკად, ამერიკის მეგობრებად და მის მტრებად, საბჭოთა კავშირად, მის მეგობრებად და მის მტრებად. ასე იყო პოლარიზებული მსოფლიო.გლობალიზებულ მსოფლიოში აღარ არსებობენ არც მტრები და არც მეგობრები. არსებობენ კონკურენტები. აი, ეს არის ამ ვითარების, ასე ვთქვათ, მთავარი გასაღები, მთავარი მარილი. ინტერესები.არსებობს მუდმივი ინტერესებიც. როდესაც საუბარია კონკურენციაზე. რა თქმა უნდა, პარტნიორები არსებობენ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს პარტნიორებიც ისინი არიან, რომელთაც კონკურენციის პროცესში თავიანთი ამოცანები აქვთ. დავუშვათ, ირანი ამერიკისთვის აშკარად მტერია, და ახლა ეს ბოლო ცნობილი კონცეფცია ამ ბოროტების ღერძების – Axis of Evil – შესახებ კიდევ ადასტურებს, რომ ამერიკისთვის, ისე როგორც ყველა ძლიერი ქვეყნისთვის, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რომ ჰყავდეს მტრის ხატი და რაღაც ფოკუსირება შეეძლოს, და ეს იძლევა ერთგვარ ათვლის წერტილს უსაფრთხოების, თავდაცვითი და სხვა ღონისძიებების ჩამოყალიბებისათვის, და თავიანთი შესაბამისი ინსტიტუტების სათანადოდ შენარჩუნებისათვის.ამიტომ ვამბობ : ახლა საქართველო კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა სრულიად გულწრფელად ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით, რეალური დამოუკიდებლობით და სხვა, მაგრამ ეს ქვეყნები, თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრი თვალსაზრისით, როგორც კი ჩვენ რეალურად დავდგებით ფეხზე, განგვიხილავენ ჩვენ, როგორც კონკურენტებს, და ბევრი თვალსაზრისით დღეს იმიტომ გვეხმარებიან, რომ დაასუსტონ თავიანთი სხვა კონკურენტები. საერთოდ, თანამედროვე გლობალიზებული სამყარო დღეს ძალიან ახალგაზრდაა. ჩამოყალიბება მან დაიწყო ნელ-ნელა, არსებითად – მხოლოდ ოთხმოცდაცხრაწლის შემდეგ, ოთხმოცდაცხრაწლის შემდეგ, საბჭოური სისტემის, საბჭოური ბლოკის დემონტაჟის შემდეგ. ის მართლაც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და დღეს წარმოიქმნება ძალიან ბევრი კონფლიქტი და წინააღმდეგობა ამ ახალ გლობალიზებულ სისტემასა და ძველ, ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდის სისტემას შორის. როდესაც ახალი რეალობა ყალიბდება, ეს ყოველთვის ასეა. არის სრულიად სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მოსაზრებები და შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ საბოლოოდ რა შედეგებამდე მიგვიყვანს ჩვენ ეს გლობალური განვითარება. მე ნამდვილად არ ვაპირებ დღეს იმის მტკიცებას, ჩამოყალიბდება თუ არა მსოფლიო მთავრობა, იარსებებს თუ არა ერთიანი გლობალური კონსტიტუცია. პირადათ მე ამისი არ მჯერა – იმიტომ, რომ მწამს : კაცობრიობა საკმარისად ბრძენი იქნება იმისათვის, რომ იპოვოს ის სწორი და ზუსტი ბალანსი, სადაც ცხრაასი კომპიუტერით თუ ტელეფონით და იმ ოპტიკურბოჭკოვანი ხაზებით შეიარაღებულ ქართველსაც ექნება იმის განცდა, რომ სვეტიცხოველს დაინახავს, იგრძნობს : აი, მე რა მაგარი ვარ. აი, ეს არის ჩემთვის საქართველო ! და ანალოგიური განცდა ექნება სომეხს, როდესაც, იქ, არ ვიცი, დვინის ტაძარს დაინახავს ან სხვა რამეს… ანალოგიურად, აი შეხედეთ, ყველაზე კომპიუტერიზებული ქვეყანა დედამიწის ზურგზე არის ისრაელი. ტექნოლოგიურად ისრაელზე უფრო წინ წასული, უფრო განვითარებული ქვეყანა ძალიან ძნელი წარმოსადგენია. მაგრამ იქ ადამიანთა უკვე მესამე თაობა იზრდება იმ განცდით, რომ მზად არის სიცოცხლე გასწიროს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს, – აი ესეც ფრიდმანის შედარებაა, – ის ზეთისხილის ხე, რომელიც დარგულია ხუთასი წლის წინ. ის გამსჭვალულია იმ რწმენით, რომ ის წინაპრის, ბაბუამისის, და არა მისი მეზობელი არაბის დარგული ზეთისხილის ხეა. ასეთ საზოგადოებაშიც კი ეს ნაციონალური იდენტურობის თემა ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი ფაქტორია; ანუ, მე დარწმუნებული ვარ, რომ, როგორც არ უნდა შემჭიდროვდეს, უფრო კომპაქტური გახდეს ჩვენი პლანეტა, როგორც არ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს ყველა საზოგადოება მეტი და მეტი ასეთი ფინანსური, საკომუნიკაციო, საინფორმაციო, ტექნოლოგიური თუ სხვა არხებით, გვჯერა, რომ, ეს, ალბათ, ძალიან ღრმად დევს თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიაში : ჩვენ – ყველანი ერთად, ყოველი ერი, ყოველი ხალხი ვეცდებით, შევინარჩუნოთ ის, რაც ჩვენ განგვასხვავებს ერთმანეთისაგან, და ხდის ამ პლანეტას ასე მრავალსახოვანს, მრავალფეროვანს და, აქედან გამომდინარე, ასე ლამაზს. სხვათა შორის, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ გლობალიზებულ მსოფლიოში ჩნდება ძველი ნაციონალური ტრადიციების, ჩვევების შენარჩუნების მოთხოვნილებები. იზრდება მათი შენარჩუნების ტენდენციები, იზრდება მათი დაცვის მექანიზმები. ბოლო ოცი წლის განმავლობაში გერმანიაში მოდური გახდა საუბარი დიალექტზე და არა სალიტერატურო ენაზე. მაგალითად, კარგ ტონად ითვლება ბუნდესტაგში გამოსვლა დიალექტზე. ჰელმუტ კოლს ჰქონდა შვაბიური აქცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ, მაგალითად, პარლამენტში გამოსვლა მოხდეს მკვეთრი სვანური აქცენტით. ამდენად, ყურადღების გამახვილება ხდება ტრადიციული, ნაციონალური ღირებულებების მიმართ. გერმანიაში, დასავლეთ ევროპაში (განსაკუთრებით გერმანულენოვან ქვეყნებში) კარგ ტონად ითვლება Weekend-ბზე ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობა. მსოფლიოს გლობალიზაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ამ ზღვრების ავტომატურად წაშლას. ავიღოთ თუნდაც იაპონიის მაგალითი. იაპონია შედის მსოფლიოში ყველაზე განვითარებულ, წინ წასულ ქვეყანათა სამეულში, და იქაც კი ძალიან მნიშვნელოვანია ნაციონალური და კულტურული ღირებულებები. სხვათა შორის, აი, გიორგიმ იცის : გლობალიზაციის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პასუხები არსებობს და, მაკდონალდზე რომ მოგახსენებდით, მაკდონალდსი რა არის? ეს ხომ ,,ფასტ-ფუდის“ კულტურაა, რომ სწრაფად შეჭამო, რაღაც ამდენ კალორიაზე მეტი არ იყოს და შიგ აუცილებლად ამდენი ვიტამინი იყოს. აი, იტალიაში ექვსი წლის წინ შეიქმნა ამის საპასუხოდ ,,სლოუ-ფუდის“19მოძრაობა. ჩვენ გვქონდა საშუალება, ასე ვთქვათ, გვესიამოვნა იტალიური სამზარეულოთი. იტალიური ჭამის კულტურა აუცილებლად შეიქმნა ამისათვის, რომ შვიდი სხვადასხვა Course (კურსი) უნდა გაიარო – ის გრძელდება დაახლოებით სამი საათი. დაწერილია, როდის უნდა შეჭამო იტალიური თხლათ დაჭრილი ,,პროშუტო“ – ლორი, შაშხი, როდის უნდა დააყოლო ყველაფერს ესპრესო ყლუპით. ეს მართლა ის არის, იმიტომ რომ ეს რეალურად არის იმის პასუხი და გამოხატულება, რომ ჩვენ, იტალიელებმა, აი, როგორც ნაწილი ჩვენი მემკვიდრეობისა, შევქმენით ჩვენი უნიკალური – და მე ამაში ვეთანხმები, კულინარული კულტურა და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ იმის გამო, რომ, ვთქვათ, დილის რვა საათიდან საღამოს ექვს საათამდე რომელიღაც ოფისში ვზივარ და, როგორც შტეფსელში, ისე ვარ მთლიანად ჩამბულ-ჩართული გლობალიზებულ სისტემაში, არ დავუშვებ, რომ მე უარი ვთქვა იმაზე, რაც მე მიმაჩნია ჩემად, იმ განსაკუთრებულ რამედ, რაც განმასხვავებს ყველა დანარჩენისგან, და რაც არის ჩემი ნაციონალური მემკვიდრეობა. თუ შევხედავთ მთელი ამ პროცესების მეორე მხარეს, დავინახავთ, რომ მსოფლიოს ის ნაწილი, რომელიც ჩახტა ამ მორევში, ისწავლა ცურვა და წარმატებულად ცურავს, გადავიდა არსებობის სულ სხვა ტემპზე. სამაგიეროდ, ის ქვეყნები, ის საზოგადოებები, რომლებიც ვერ ჩაერთვნენ ამ პროცესებში, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კატასტროფულად იზრდება მათსა და განვითარებულ მსოფლიოს შორის დისბალანსი, დისპროპორცია. მაგალითისათვის წარმოვიდგინოთ ორი მანქანა… ყოველ ას მეტრში ხან ის გისწრებთ, ხან თქვენ უსწრებთ, და გაქვთ იმედი, რომ დაეწევით და შეიძლება გაუსწროთ კიდეც, მაგრამ, როცა ზიხარ დანჯღრეულ, უვარგის მანქანაში და გვერდით ჩაგიქროლებთ მანქანა, რომელიც 350 კმ/სთ სისწრაფით მიდის, გიჩნდებათ გრძნობა, რომ ხართ გაჩერებული და მიდიხართ უკან. ზუსტად ეს მდგომარეობაა დღევანდელ მსოფლიოში. იმდენად სწრაფად მიდის ის განვითარებული მსოფლიო, – იგულისხმება არა მარტო დემოკრატიული ქვეყნები, არამედ განვითარებულ მსოფლიოში შემავალი ძალიან ბევრი სამხრეთაზიური ქვეყანა და სულ ახალ-ახალი ქვეყნები უერთდებიან მათ კლუბს, – რომ სხვა ქვეყნები პრაქტიკულად რეგრესს განიცდიან. ეს რეგრესი ვლინდება საზოგადოების ფსიქოლოგიურ განცდაში, ხოლო ეს განცდა კონკრეტულ მდგომარეობაში პოულობს ასახვას და ხდება განუვითარებელი საზოგადოების დეგრადაცია. ასეთი გახლავთ ორიოდე სიტყვით ის ახალი მსოფლიო, სამყარო, რომელშიც გვიწევს არსებობა. უნდა ვიცოდეთ, რომ გლობალიზაციის სასიკეთო პროცესებს თან ახლავს უამრავი მნიშვნელოვანი საშიშროება. მაგალითად, ავიღოთ გავრცელებული ჰონგკონგის ვირუსი. მსოფლიოში წარმოებული ახალი ცდები, დაკვირვებები, გამოგონებები იწვევენ სხვადასხვა სახის მუტაციური ვირუსების წარმოქმნას, რომლებიც ძალზე სწრაფად ვრცელდებიან, ძალზე საშიში ხდებიან. ადრეც წარმოიქმნებოდა ხოლმე ცალკეული ინფექციური კერები. მაგალითად, შავი ჭირის, ქოლერის კერები, მაგრამ მათი ბლოკირება ხდებოდა ბუნებრივი დაბრკოლებების გზით, მთებით, ზღვებით, ოკეანეებით. ამდენად, მათი გავრცელების სისწრაფე ძალიან დუნე იყო, ზოგჯერ მთელი ათწლეულები უნდებოდა ერთი კონტინენტიდან მეორეზე მათს გავრცელებას, ახლა წარმოშობილმა ჰონგკონგის ვირუსმა კი რამდენიმე კვირაში წარმოშვა მისი პირველი მსხვერპლი კანადაში. ესეც გლობალიზაციის ერთ-ერთი თანმხლები პროცესია. ასე რომ, საშიშროებაც გლობალური ხდება. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ იმ უპირატესობებით, რაც თან ახლავს გლობალიზაციას, მაგრამ უდავოა, ბევრ შემთხვევაში პრობლემებიც გვექნება. აი, ამიტომ მინდა, თქვენ გესმოდეთ, რომ ეს პროცესი იქნება, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობრივი, იქნება კიდევ ამ სიბრტყეში დაპირისპირებისა და დაძაბულობის არა ერთი და ორი გამოვლინება. მაგრამ, ვთქვათ თუ არა ჩვენ უარი ჩვენს შანსებზე და ჩვენს შესაძლებლობებზე ამ ერთიან, ბევრად უფრო კონკურენტულ სამყაროში და ჩავიკეტოთ სახლში, თუ ამაში მივიღოთ მონაწილეობა და თან შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა? და კიდევ ვიმეორებ : ეს თემა დღესაც ძალიან აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის. ის ხშირად რაღაცნაირად ჰიპერტროფირებულად ვლინდება, და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული პრობლემა და ქართველთა სატკივარი. ეს არის კაცობრიობის თვისებრივად სრულიად ახალი მდგომარეობა. ეს არის პირველად კაცობრიობის ისტორიაში საზოგადოების განვითარების პროცესი, რომელიც გავიდა ყველა მთავრობის, ადამიანთა ჯგუფის, ცალკე აღებული საზოგადოების კონტროლის სფეროდან. უკვე ვერავინ შეაჩერებს ამ პროცესებს და ვერ გააკეთებს იმის წინასწარ პროგნოზებს, თუ რა ტექნოლოგიური განვითარებები იქნება მომავალში. გლობალიზაციის პროცესებს უკავშირდება ბევრი სრულიად ახალი და ჯერ ძნელად პროგნოზირებადი პროცესი. ფუკუიამას ბოლო ნაშრომებში წარმოდგენილია, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ადამიანის კლონირებას და ბიოლოგიური ტექნოლოგიების განვითარებას, და რამდენიმე წელიწადში მსოფლიომ შეიძლება კიდევ უფრო დიდი ცვლილებები განიცადოს. მე მინდა დღეს იმით დავასრულო, რომ თითოეული თქვენთაგანი, ვისაც გექნებათ თქვენი მოდემი, თქვენი კომპიუტერი, სატელეფონო ხაზი და, ალბათ, თქვენი საკრედიტო ბარათები, თუნდაც საკმაოდ ზომიერი თანხით, იქნებით მოქალაქეები, აი, იმ ახალი მსოფლიოსი, რომელიც დღეს თქვენს თვალწინ ყალიბდება. ლექცია X დასკვნა20 მთელი იმ კურსის ამოცანა, რომელსაც ჰქვია დემოკრატიული პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა, იყო ის, რომ დაგენახათ დემოკრატიული მოწყობის, დემოკრატიული სისტემის მთავარი არსი. დემოკრატია – ეს არ არის ზოგადი, აბსტრაქტული იდეა, ეს არის ძალიან კონკრეტული წესების, მექანიზმების, პრინციპების, უწყებებისა და ინსტიტუტების ნაერთი. ეს არის ძალიან მკაცრად განსაზღვრული ურთიერთობის წესი, საზოგადოების შიგნით, ინდივიდებსა და საზოგადოებას, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის და ხელისუფლების შიგნით სხვადასხვა უწყებებს შორის ურთიერთობის წესი. ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დემოკრატიაზე საუბრის დროს დემოკრატია აღიქმება რაც შეიძლება მეტ განუკითხაობად და უკონტროლობად. რა თქმა უნდა, ეს მცდარი შეხედულებაა. ჩვენ ვნახეთ, რომ საუკუნეების მანძილზე საფეხურეობრივად იქმნებოდა ის, რასაც ჩვენ დღეს, 2003 წელს, თანამედროვე დემოკრატიას ვუწოდებთ. დემოკრატია არის სისტემა, როდესაც სახელმწიფო აგებულია იმ პრინციპებზე, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი ხალხის ინტერესები, – ხალხისა არა ზოგადად, არამედ იმ კონკრეტული ხალხისა, რომლის კონკრეტულ წარმომადგენლებს წარმოადგენთ თუნდაც თქვენ. დემოკრატია ვითარდებოდა სწორედ იმის შედეგად, რომ სხვადასხვა ბრძოლებში, კატაკლიზმებში, ხალხი თანდათანობით ჰგლეჯდა ხელისუფლებას თავის დამატებით უფლებებს და იბრძოდა მეტი თავისუფლების მოსაპოვებლად. ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დემოკრატია არის იდეალური სისტემა? რა თქმა უნდა, არა. ცხადია, დემოკრატიაც შეიცავს ბევრ სისუსტეს, პრობლემებს, და დემოკრატიაში არ არის თითოეული ინდივიდის ინტერესი იდეალურად დაცული, მაგრამ ეს არის შანსი იმ ნიჭიერი, შრომისმოყვარე, მიზანმიმართული მოქალაქისათვის, რომელსაც დემოკრატიულ წყობაში ექნება პიროვნული თვისებების, ნიჭის რეალიზაციის საშუალება. ჩერჩილი ამბობს, ,,რომ დემოკრატია არის საშინელი სისტემა, მაგრამ მასზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია“. მეოცე საუკუნემ საბოლოოდ აჩვენა, რომ დემოკრატია არის საზოგადოების მოწყობისა და მმართველობის ყველაზე ეფექტური სისტემა. ამავე დროს სრულიად ნათელი გახდა, რომ ლიბერალური, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა და ბაზარი არის ის მთავარი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს იმ ეკონომიკის შექმნას, რომელიც, ერთის მხრივ, სახელმწიფოს ამდიდრებს, მეორეს მხრივ კი, უზრუნველყოფს ინდივიდუალური ადამიანების კეთილდღეობას, წარმატებას და ასე შემდეგ. მე მინდოდა თქვენთან ერთად გამეანალიზებინა ჩვენი ბოლო თხუთმეტი-ოცი წლის საქართველოს ისტორია და გამოგვეტანა დასკვნები, რომ ჩვენ თქვენთან ერთად დაგვეფიქსირებინა, თუნდაც ამ საკლასო ოთახის მასშტაბით, თუ რა იყო ის მთავარი შეცდომები, რომელთაც ჩვენ, ქართული საზოგადოება, ვუშვებდით, და, მე მგონი, ჩვენ ერთად დავრწმუნდით, რომ კეთილი სურვილები და მაღალი მოტივები პოლიტიკაში მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ყოველთვის როდი მთავრდება სასიკეთო შედეგებით. იყო შეცდომები ეკონომიკასთან და უმცირესობებთან ჩვენი პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით და დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როდესაც ჩვენ ვეძებდით საქართველოსთვის სწორ ადგილს მსოფლიო თანამეგობრობაში. ამ შეცდომებზე საუბართან ერთად, მე ვეცადე თქვენთან ერთად დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას გვაქვს ასევე წარმატების გამოცდილებაც, და წარმატება იყო მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიციის რაღაც ნაწილი იწყებდა თანამშრომლობას საზოგადოებრივი სიკეთის მისაღწევად. ამ წარმატების ერთ-ერთი მაგალითი იყო 1995 წლის კონსტიტუცია, რომელიც გახდა საზოგადოებრივი თანხმობის შედეგი. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის ხაზგასმასაც მე სულ ვცდილობდი და რომელსაც მინდა მივუძღვნა ჩვენი დასკვნითი ლექცია, არის თემა, რომელიც არანაირად არ უკავშირდება პირდაპირ დემოკრატიულ სქემებს, სისტემებს, მათ განხორციელებას ყოველდღიურ ცხოვრებაში და ა.შ. წარმოიდგინეთ : რომ შეიძლებოდეს ააწყო რაღაც მანქანა, რომელსაც დადგამ რუსთაველის გამზირზე და ის უზრუნველყოფს ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის, წეს-ჩვეულების რაღაც პრაქტიკის მომენტალურ დაფუძნებას ამ ტერიტორიაზე, ან კონკრეტულად : აღარ გაყალბდეს არჩევნები, ნაკლები იყოს წნეხები ხელისუფლების მხრიდან და ა.შ., იქნება თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს რეალური დემოკრატია, ის დემოკრატია, რომელიც ნამდვილად მიმართული იქნება თითოეული თქვენგანის ინტერესების დასაცავად ? თავისთავად არჩევითობა, ხალხის წარმომადგენლობითი ინსტიტუტი, პოლიტიკური და თავისუფალი კონკურენციის რაღაცა პირობები და სხვა, სამწუხაროდ, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დემოკრატია თანამედროვე გაგებით განხორციელდეს. დემოკრატიის მანქანის ასამუშავებლად საჭიროა ძალიან სპეციფიკური საწვავი. ეს არის სამოქალაქო ღირსების განცდა, ეს არ არის პოლიტიკური კატეგორია, ეს, ალბათ, საზოგადოებისა და მისი ცალკეული წევრებისგან საკუთარი პრინციპების ერთგულების უნარია. თქვენი აზრით, რა არის საზოგადოებრივი ზნეობა? ეს არის რაღაც პრინციპები იმ საზოგადოებაში მყოფი აბსოლუტური უმრავლესობისათვის, რომლებზედაც ყველა თანხმდება, რომლებსაც ყველა მისაღებად მიიჩნევს. ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ ზნეობრივ პრინციპებზე, და მე შემთხვევით არ გამიმახვილებია ყურადღება იმ მომენტზე, თუ რამხელა გარდატეხა შემოიტანა ქრისტიანობის იდეამ საერთოდ დემოკრატიების განვითარების პერსპექტივის შესაქმნელად. ამიტომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანული ეთიკის არა მხოლოდ ორი ათასი წლის წინ აღიარებულ, არამედ დღევანდელ პრინციპებზედაც. უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოება იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც მოინახება ერთი ან ასი, ან ათასი, ან ათი ათასი ადამიანი, რომელიც მზად არის რაღაცა გაიღოს იმისათვის, რომ იყოს საზოგადოებრივი კეთილდღეობა, იმისათვის, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს მთლიანობაში. და ეს ეხება თითოეულ თქვენგანს. უნდა გესმოდეთ, რომ არასოდეს არ უნდა იფიქროთ, რომ ვიღაცა სხვა გააკეთებს ყველაფერს თქვენს ნაცვლად. თითოეული შეიძლება აღმოჩნდეს იმ ადგილას იმ მომენტში, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ იმის დადასტურება, რომ მზად ხართ, რაღაცა მაინც გაიღოთ იმისათვის, რომ თქვენი საზოგადოება გამარჯვებული იყოს. იმანუელ კანტს აქვს არაჩვეულებრივი გამონათქვამი : ,,ორი რამ მაცვიფრებს ყოველთვის : ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს თავზე და ის ზნეობრივი კანონი, რომელიც არის ჩემს შიგნით.“ ამ აუხსნელი და რაციონალურად არაახსნადი შინაგანი ზნეობრივი მოწყობისა და კანონის გარეშე ყველაფერი ის, რაც მე მოგახსენეთ, თქვენთვის დარჩება მხოლოდ იმის აღწერად, თუ როგორ არის სხვა ქვეყნები მოწყობილი. და ბოლოს, მინდა ვთქვა, დემოკრატია მოქმედებს და ვითარდება მხოლოდ იმ საზოგადოებაში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი ზნეობა და სადაც ყველას, თითოეულ მოქალაქეს თუ არა, ამ საზოგადოების საკმარის რაოდენობას აქვს იმის განცდა, რომ სწორედ ისინი პირადად, ინდივიდუალურად არიან ამ ღირებულებების, ამ ზნეობრივი პრინციპების მცველები და მზად არიან მის დასაცავად და ამისათვის თავადაც რაღაც უნდა გაიღონ ! სხვაგვარად ეს მანქანა არასოდეს არ ამუშავდება*. ____________________________ *ამ საკითხთან დაკავშირებით, იხილეთ ზურაბ ჟვანიას ღია წერილი პრეზიდენტ შევარდნაძის მიმართ, დანართი № 7. დანართი №1 საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას სიტყვა ევროსაბჭოს გენერალური ანსამბლეის 1999 წლის 27 იანვრის სხდომაზე ქ.სტრასბურგში. ბატონო პრეზიდენტო პატივცემულო კოლეგებო, ამ მომენტში უაღრესად აღელვებული და ემოციებით აღსავსე ვარ. პატივი მაქვს, მოგმართოთ ჩემი ქვეყნისათვის ამ ისტორიულ დღეს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ყოველი ქართველი, საქართველოს ყოველი მოქალაქე ამ დარბაზიდან, ევროპის სასახლიდან ამბებს მოელის. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებას ეხმარებოდა. მათი ღვაწლი ფასდაუდებელია. ჩვენ ძალზე მადლობლები ვართ საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის ქალბატონი ლენი ფიშერისა, რომელმაც საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის დაწყებისა და განვითარებისათვის უდიდესი ძალისხმევა გაიღო. მინდა გულითადათ მივესალმო ლორდ რასელ ჯონსტონის ამ ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას. ბატონო პრეზიდენტო, მადლობელი ვართ თქვენი თანადგომისთვის, მადლობელი ვართ მოხსენებისთვის, ბატონების – ტერი დევისისა და ანდრას კელემენისა.ისინი საქართველოში პირველი ჩამოსვლის დღიდანვე, პრინციპული და მკაცრი შემფასებლები იყვნენ, გაიღეს უდიდესი ენერგია და ძალისხმევა, რათა დეტალურად შეესწავლათ საქართველოში მიმდინარე პროცესები და ვითარების ყველა წვრილმანი დეტალი. ახლა უკვე გვყავს ჩვენი ქვეყნის ნამდვილი მეგობრები, რომელთაც ზუსტი წარმოდგენა აქვთ იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოში და მის გარშემო. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თქვენგანს, ვინც ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებას ხმა მისცა, მადლობა გადავუხადო ყველა პოლიტიკური ჯგუფისა და სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებს. ყველა თქვენგანი გულწრფელად ეცადა ჩვენი პრობლემები და ჩვენი სინამდვილე შეესწავლა და გაეგო, ჩვენი იმედები გაეზიარებინა. მინდა მადლობა მოვახსენო მათაც, ვინც ახალი ათასწლეულის ზღურბლზე, მსოფლიოს ამ ნაწილს რუსეთის მე-19 საუკუნის იმპერიული პოლიტიკური გეოგრაფიის კანონებით იხილავს. მადლობელი ვარ, რომ მათ ხელი არ შეუშალეს ასამბლეის კენჭისყრას, ისინიც მიესალმნენ საქართველოს ევროპის საბჭოში შესვლას. ასამბლეის მოხსენება, რომ საქართველო მისი დამოუკიდებლობის პირველი წლიდან ისეთ ქაოსსა და განუკითხაობაში აღმოჩნდა, რომ ვინმე ძნელად თუ ირწმუნებდა ჩვენი სახელმწიფოს მომავალს – გამოვცადეთ სამოქალაქო ომის სიმწარე, ეკონომიკის ნგრევისა და ურთულესი სოციალური კრიზისის მოწმენი გავხდით. დღეს საქართველო სულ სხვა ქვეყანაა. 1995 წლის აგვისტოში ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად კონსტიტუცია მივიღეთ, სწორედ ამიტომ კონსტიტუცია ერის გამთლიანებისა და ეროვნული თანხმობის ათვლის წერტილად იქცა. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა, რომელიც ახალი კონსტიტუციის ბაზაზე გაიმართა, გზა გაუხსნა რადიკალურ რეფორმებს ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში; ბოლო სამი წლის განმავლობაში ხუთასზე მეტი პრინციპული საკანონმდებლო აქტი მივიღეთ. წამოვიწყეთ კარდინალური იურდიული რეფორმა. გავმართეთ ადგილობრივი არჩევნები. დღეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას პლურალისტული პოლიფონია წარმართავს. ძლიერი და დინამიკური სამოქალაქო სექტორი გავლენიან და დამოუკიდებელ მასმედიაზე დაყრდნობით ვითარდება, ასევე ძლიერი და გავლენიანია არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ საქართველო მსოფლიოს ჩვენს რეგიონში ახალი რეგიონული არქიტექტურის ჩამოყალიბებაში საკვანძო როლს ასრულებს. რეგიონის მომავლის ჩვენეული ხედვა ეფუძნება ჩვენს იმ რწმენას, რომ კასპიისა და შავი ზღვის უსაზღვრო ბუნებრივი რესურსები დაუსრულებელი კონფრონტაციის მაგივრად, რომლისგანაც ვერავინ ვერაფერს მივიღებთ, საშუალებას გვაძლევს და, უფრო მეტიც, რეგიონის ყველა ქვეყანას სთავაზობს, ერთად მოვიგოთ თანამშრომლობით. ,,ახალი აბრეშუმის გზის“ კონცეფციას ახალ რეგიონალურ წესრიგამდე მივყავართ, რომელიც მსოფლიოს ამ ნაწილში სტაბილურობასა და კეთილდღეობას ნიშნავს. ეს ჩვენი წვლილი იქნება ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში. არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს იზოლირებული ამ შესანიშნავი პერსპექტივისგან. ვსარგებლობ შემთხვევით და პატივცემულ კოლეგებს მივმართავ, დაჩქარდეს ჩვენი უახლოესი მეზობლებისა და ძმების – სომხეთისა და აზერბაიჯანის ევროპის საბჭოში გაწევრიანება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას და მთელს რეგიონში თბილი და უფრო ძლიერი თანამშრომლობის სულისკვეთებას დაამკვიდრებს. ჩვენ, როგორც ახალი დემოკრატიის ქვეყანას, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მე ვიზიარებ მომხსენებლისა და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის წევრების, დამატებების ავტორთა შენიშვნებს. ჩვენ ვცდილობთ ყველა ეს პრობლემა საშინაო პოლიტიკის კონტექსტში მოვაგვაროთ. ჩვენთვის მისაღებია თქვენი პირობები და ვადები, რადგან თავისთავად ეს პირობები და ვადები ჩვენი სამუშაო პროგრამის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელთაც საპარლამენტო ასამბლეა მას აკისრებს. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ დიდი წვლილი შეიტანა ახალი ევროპული წესრიგის ფორმირებაში, იმ წესრიგისა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამყოფი ხაზისა და კედლის გარეშე ვისაუბროთ დიდ ევროპაზე. ყველასათვის თვალსაჩინოა მისი პირადი რწმენა და ძალისხმევა, საქართველო გამხდარიყო ამ ახალი არქიტექტურის, ახალი წესრიგის ნაწილი. ევროპულ თანამეგობრობაში საქართველოს გაწევრიანება მხოლოდ მისი პრეზიდენტის ან პოლიტიკური ისტებლიშმენტის პრიორიტეტი არ არის. ეს ფუძემდებლური პრიორიტეტია, რომელიც ქართველი ხალხის სურვილს, ცნობიერებას და მისწრაფებას ასახავს. ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლისა, რომელიც თავის ბუნებრივ ადგილსამყოფელს უბრუნდება, რომელიც ბრუნდება თავის სახლში – თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახში. ევროპის საბჭოში გაერთიანება არის ჩვენი პოლიტიკური არჩევნისა და იმის განცხადება, რომ ის ფასეულობები, რომელთაც ქართული საზოგადოება ეფუძნება – პლურალიზმი, საზოგადოების მრავალფეროვნების პატივისცემა, ტრადიციული შემწყნარებლობა, პიროვნების ღირსება და ყოველი ცალკეული ადამიანის უფლებების უზენაესობა – ქართველთათვის ჭეშმარიტი ღირებულებებია. ჩვენ საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ეროვნული თვითმყოფადობა, ვოცნებობდით იმ დროზე, როდესაც ჩვენს სახლს დავუბრუნდებოდით. მე ვფიქრობ, თქვენ შეძლებთ გაიგოთ ჩემი და ჩემი მეგობრების, საქართველოს დელეგაციის წევრების ემოციები, რადგან ჩვენ უაღრესად ბედნიერები და ამაყები ვართ იმით, რომ ჩვენს თაობას წილად ხვდა პრივილეგია ამ დარბაზში განაცხადოს : მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი. დანართი №2 ,,უფლებათა ბილი“ (ინგლისი, 1689). … რომ ნაგულისხმევი უფლებამოსილება კანონთა შეჩერების ან აღსრულებისა სამეფო ხელისუფლების მიერ, პარლამენტის თანხმობის გარეშე – უკანონოა. რომ ნაგულისხმევი უფლებამოსილება კანონთა დადგენისა ან აღსრულებისა სამეფო ხელისუფლების მიერ, ისე, როგორც ეს იქნა ბოლო დროს მიჩნეული და განხორციელებული, – უკანონოა; რომ უფლება საეკლესიო და მსგავსი საკითხების სასამართლოების წევრთა დანიშვნისა, როგორც ეს ხდებოდა ბოლო დროს, უკანონოა და საშიში. რომ პრეროგატივა სამეფო კარისთვის ფულის მოკრებისა პარლამენტის თანხმობის გარეშე დიდი დროით, ან იმ მიზეზით, რომ იგივე არის ან იქნება დადგენილი, – უკანონოა; რომ სუბიექტის უფლებაა, მიმართოს მეფეს, და ნებისმიერი დასჯა ამ ქმედებისათვის – უკანონოა. რომ ჯარის მოკრება და შენახვა მშვიდობიან დროს, პარლამენტის თანხმობის გარეშე – უკანონოა. რომ, როგორც ეს კანონითაა დაშვებული, ვითარებიდან გამომდინარე, პროტესტანტებს შეუძლიათ ჰქონდეთ იარაღი თავდასაცავად. რომ პარლამენტის წევრების არჩევა უნდა იყოს თავისუფალი. რომ პარლამენტში სიტყვისა და დებატების თავისუფლება ან პარლამენტის წესები არ შეიძლება იქნეს ბრალდებული ან განხილული პარლამენტის გარეთ არცერთ სასამართლოში ან სხვა ადგილას. რომ არც შეიძლება გადამეტებული გამოსასყიდის, ჯარიმების, და ვერაგი ან არაბუნებრივი დასჯის დაწესება; რომ მსაჯულები სწორად უნდა იქნენ შერჩეულნი, და მსაჯულნი, რომელნიც განიხილავენ სახელმწიფო ღალატის საქმეებს, უნდა იყვნენ თავისუფალი მიწის მფლობელნი; რომ ყველა დაპირება ჯარიმისა ან კონფისკაციის კონკრეტულ პირზე, მის დაპატიმრებამდე უკანონოა და ბათილი; და რომ, ყველა საჩივრის განხილვის და კანონთა შესწორების, გაძლიერებისა და დაცვის მიზნით, პარლამენტი ხშირად უნდა იქნეს მოწვეული. დანართი №3 ამერიკის ცამეტი შეერთებული შტატის ერთსულოვანი დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისი. როდესაც ადამიანური თანაცხოვრების ვითარებაში ერთ ხალხს უხდება იმ პოლიტიკური კავშირების გაწყვეტა, რომლებიც აკავშირებდა მას მეორესთან, და მოთხოვნა ამ ქვეყნიურ ძალთაგან ცალკე სხვა ტოლი ადგილისა, რომელსაც ბუნების კანონები და ბუნების ღმერთი მიუჩენს მათ, მაშინ კაცობრიობის შეხედულებებების პატივისცემა ავალდებულებს, რომ მათ აღწერონ ის მიზეზები, რომელთაც განაპირობეს მათი დაშორება. ჩვენ მიგვაჩნია თვითკმარად ის ჭეშმარიტება, რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანაბრად, რომ შემოქმედის მიერ ისინი უზრუნველყოფილნი არიან გარკვეული განუყოფელი უფლებებით. ამ უფლებებს შორისაა : სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება – და რომ ამ უფლებების უზრუნველსაყოფად ადამიანთა შორის იქმნება ხელისუფლებები, რომლებიც თავიანთ კანონიერ ძალაუფლებას მართულთა თანხმობისგან იღებენ და, როდესაც ხელისუფლების რომელიმე ფორმა ეწინააღმდეგება ამ მიზნებს, მაშინ ხალხის ნებაა, რომ შეცვალოს ან გააუქმოს იგი და დააფუძნოს ახალი ხელისუფლება ისეთი პრინციპებითა და ისეთი ფორმით, რომლებიც, მათი აზრით, უკეთესად ემსახურება მათს დაცულობასა და ბედნიერებას. ნამდვილად წინდახედულია აზრი, რომ დიდი ხნის წინ დაფუძნებული ხელისუფლებები არ უნდა შეიცვალოს უმნიშვნელო და დროებით მიზეზთა გამო; და გამოცდილება აჩვენებს, რომ კაცნი მზად არიან დაითმინონ, მაშინ როდესაც ჩაგვრა მოთმენადია, ვიდრე აღიდგინონ თავიანთი უფლებები იმ მიჩვეული ფორმების გაუქმების გზით, მაგრამ, როდესაც გრძელი წყება უსამართლობისა და უზურპაციისა მუდმივად გრძელდება და ნათელ ყოფს ამ ხალხის სრული დამონების მიზანს, მაშინ ხალხის უფლება და ვალდებულებაცაა, რომ დაამხოს ამგვარი ხელისუფლება და შექმნას ახალი დაცვა თავისი უსაფრთხოებისათვის. დიდი ბრიტანეთის ამჟამინდელი მეფის მმართველობა არის ისტორია მუდმივი უზურპაციისა, რომლის მიზანიც იყო შტატებზე აბსოლუტური ტირანიის განხორციელება. ამის საბუთად მთელი სამყაროს წინაშე ვაცხადებთ : …. ამ ჩაგვრის ყოველ ეტაპზე ჩვენ ყველაზე მორჩილი ფორმით ვითხოვდით ვითარების გამოსწორებას : ჩვენს ყოველ ახალ მოთხოვნას პასუხად მხოლოდ ახალი ჩაგვრა მოჰყვებოდა ხოლმე. ხელისუფალი, რომლის ბუნებაც ისეთი ქმედებებით ხასიათდება, რომლითაც განსაზღვრავენ ტირანს, არ არის ღირსი, იყოს თავისუფალი ხალხის მმართველი. ასევე არ ვაკლებდით ჩვენ ყურადღებას ჩვენს ბრიტანელ ძმებს. ჩვენ მათ დროდადრო ვაფრთხილებდით, რომ კანონმდებელი აპირებს განახორციელოს ჩვენზე უკანონო ხელისუფლება. ჩვენ ვახსენებდით მათ აქ ჩვენი ემიგრაციისა და დაფუძნების ვითარების შესახებ. ჩვენ მივმართავდით მათს ბუნებრივ სამართლიანობასა და მაღალბუნებრიობას და ვაფიცებდით ჩვენს საერთო ნათესაობას, რათა აღმოეფხრათ ეს უკანონობები, რომლებიც ხლეჩდა ჩვენს ერთად ყოფნასა და კავშირებს. ისინიც ყრუნი აღმოჩნდნენ სამართლიანობისა და ნათესაური ხმის მიმართ. ამდენად, ჩვენ მორჩილად უნდა დავეთანხმოთ იმ აუცილებლობას, რომელიც განაპირობებს ჩვენს გაყრას და მოვექცეთ მათ ისე, როგორც ვექცევით დანარჩენ კაცობრიობას, ომში – მტრებს, მშვიდობაში – მეგობრებს. ამდენად, ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, ერთიანი კრებით, ჩვენს განზრახვათა სისწორისათვის მივმართავთ სამყაროს უმაღლეს მსაჯულს და, ღმერთის სახელით და ამ კოლონიების კეთილი ხალხის ნებით, საზეიმოთ ვაკანონებთ და ვაცხადებთ, რომ გაერთიანებული კოლონიები უფლებამოსილნი არიან, იყვნენ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები; რომ ისინი თავისუფალნი არიან ყველა ერთგულებისგან ბრიტანული სამეფო კარის მიმართ, და ყველა პოლიტიკური კავშირი მათსა და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოს შორის არის და უნდა იყოს სრულიად გაწყვეტილი; და რომ, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, მათ აქვთ სრული უფლება, რომ აწარმოონ ომი, დადონ ზავი, შექმნან კავშირები, აწარმოონ ვაჭრობა და გააკეთონ ყველა სხვა რამ, რისი უფლებაც აქვთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ამ დეკლარაციის მხარდასაჭერად და მტკიცე რწმენით ზენარე განგებისა, ჩვენ ფიცს ვდებთ ერთმანეთის წინაშე ჩვენი სიცოცხლით, ჩვენი ქონებითა და ჩვენი ნამუსით. დანართი №4 ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი ათი შესწორება, აგრეთვე ცნობილი ,,უფლებათა ბილად“. კონსტიტუციის თავდაპირველი ტექსტის მეხუთე თავის შესაბამისად, კონგრესის მიერ წარმოდგენილი და ცალკეული შტატების მიერ რატიფიცირებული : შესწორება – კონგრესის მიერ არ უნდა იქნეს მიღებული არც ერთი კანონი, რომელიც დააკანონებს რომელიმე რელიგიას, ან ხელს შეუშლის თავისუფალ აღმსარებლობას; რომელიც აღკვეთს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას, ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას, პეტიციით მიმართოს მთავრობას, რათა მან დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.შესწორება – ვინაიდან თავისუფალი სახელმწიფოს უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია კარგად გაწრთვნილი პოლიცია, არ უნდა შეიზღუდოს ხალხის უფლება, რომ შეინახოს და ატაროს იარაღი.შესწორება – არცეთ ჯარისკაცს არა აქვს უფლება, მშვიდობის პერიოდში დამკვიდრდეს რომელიმე სახლში მისი პატრონის თანხმობის გარეშე, იგივე ეხება ომიანობის პერიოდს, თუ ეს არ მოხდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.შესწორება – არ უნდა შეილახოს უმიზეზო ჩხრეკათა და დაპატიმრებით ადამიანის უფლება მისი პიროვნების, საცხოვრებლის, ქაღალდებისა და ქონების ხელშეუხებლობაზე და არცერთი ორდერი არ შეიძლება გაიცეს საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, რომელიც განმტკიცებული უნდა იყოს ფიცით ან საზეიმო დაპირებით, აგრეთვე მას თან უნდა ახლდეს იმ ადგილების, პიროვნებების და საგნების დეტალური აღწერილობა, რომლებიც ჩხრეკასა და დაპატიმრებას ექვემდებარებიან.შესწორება – არავის არ მოეთხოვება პასუხი მძიმე ან სხვა სახის სამარცხვინო დანაშაულისთვის, სანამ მას არ წარუდგენს ბრალს და არ გამოიტანს საბრალდებო დასკვნას ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა საქმე შეეხება ომიანობის პერიოდში, ან სახელმწიფოსათვის საშიშ სხვა ვითარებაში, სახმელეთო ან საზღვაო შეიარაღებულ ძალებში ან მილიციაში მოქმედ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს; არც ვინმემ შეიძლება აგოს პასუხი, სიცოცხლისა ან სხეულის ცალკეული ნაწილის დაკარგვით ორგზის ერთი და იმავე დანაშაულისათვის; არც არავინაა მოვალე რაიმე კრიმინალურ შემთხვევაში საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, არც ვინმეს შეუძლია წაართვას სიცოცხლე, თავისუფლება და საკუთრება სათანადო სამართლებრივი პროცედურის გარეშე; არც არავის შეუძლია ჩამოართვას სახელმწიფოებრივი სარგებლობისათვის კერძო საკუთრება სათანადო კომპენსაციის გარეშე.შესწორება – სისხლის სამართლის წესით დევნისას, ყველა კრიმინალურ შემთხვევაში, ბრალდებულს შეუძლია ისარგებლოს უფლებით, რათა მის საქმეებთან დაკავშირებით შედგეს სასწრაფო და საჯარო პროცესი მიუკერძოებელი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით. პროცესი უნდა შედგეს იმ შტატსა და ოლქში, სადაც ჩადენილ იქნა დანაშაული. ოლქს წინასწარ კანონი დაადგენს. გარდა ამისა, ბრალდებული ინფორმირებული უნდა იყოს ბრალდების ხასიათისა და მოტივების შესახებ; მას აქვს უფლება, მოითხოვოს იმ მოწმეებთან დაპირისპირება, რომლებიც მის საწინააღმდეგო ჩვენებებს იძლევიან, აგრეთვე მოითხოვოს პროცესზე იმ მოწმეების იძულებით გამოძახება, რომლებიც მის სასარგებლოდ მისცემენ ჩვენებებს, და აიყვანოს ადვოკატი მის დასაცავად.შესწორება – საერთო სამართლის ფარგლებში დაცულია ადამიანის უფლება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, თუკი სადავო საკითხის ღირებულება აღემატება ოც დოლარს, და არცეთი საქმე, რომელსაც ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ, არ შეიძლება სხვაგვარად იყოს გადასინჯული შეერთებული შტატების რომელიმე სასამართლოში, თუ არა საერთო სამართლის ნორმების შესაბამისად.შესწორება – არ შეიძლება მეტისმეტად დიდი გირაოს და ჯარიმის დაწესება, აგრეთვე სასტიკი და უჩვეულო სასჯელის დადება.შესწორება – კონსტიტუციაში განსაზღვრულ უფლებათა ჩამონათვალი არ უნდა განიმარტებოდეს, როგორც უარყოფა და უგულებელყოფა სხვა უფლებებისა, რომლებიც ხალხს აქვს.შესწორება – უფლებამოსილებანი, რომლებიც, კონსტიტუციის მიხედვით, არ გადაეცემა შეერთებულ შტატებს და არც შტატებს ეკრძალებათ, ენიჭებათ ცალ-ცალკე ან მთელ მოსახლეობას.დანართი №5 ,,კავშირი, როგორც გარანტია შინაგანი დაქსაქსულობისა და ამბოხების წინააღმდეგ“, 1787 [ჯეიმს მედისონი]. ნიუ-იორკის შტატის ხალხს : … ორი მნიშვნელოვანი განსხვავების მომენტი დემოკრატიასა და რესპუბლიკას შორის, შედეგია : პირველი, რესპუბლიკაში ხელისუფლება გადაეცემა მოსახლეობის მიერ არჩეულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს. და მეორე – რესპუბლიკა შეიძლება განხორციელდეს უფრო დიდ ტერიტორიაზე. პირველი განსხვავების შედეგი, ერთი მხრივ, ისაა, რომ ხდება საზოგადოებრივი აზრის განზოგადება და დამუშავება არჩეულ მოქალაქეთა ინსტიტუტის მიერ, რომელთა სიბრძნეც საუკეთესოდ განჭვრეტს ქვეყნის ჭეშმარიტ ინტერესებს და რომელთა პატრიოტიზმიც და სამართლიანობაც არ შესწირავს მათ დროებით ან ჯგუფურ ინტერესებს. ასეთ ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საზოგადოების ხმა, რომელიც გამოთქმულია ხალხის წარმომადგენელთა მიერ, იქნება უფრო შეწყობილი საზოგადოებრივ სიკეთესთან, ვიდრე, თუ იგი იქნებოდა გამოთქმული უშუალოდ ამ საკითხზე შეკრებილი ხალხის მიერ. მეორე მხრივ, შეიძლება მივიღოთ საპირისპირო შედეგიც : მიკერძოებული ბუნების ცრურწმენებით შეპყრობილმა ავი ზრახვების ადამიანებმა შეიძლება ინტრიგებით, კორუფციით ან სხვა ხერხებით მოიპოვონ მანდატი, ხოლო შემდეგ უღალატონ ხალხის ინტერესებს. წამოჭრილ შეკითხვაზე პასუხი : მცირე თუ დიდ რესპუბლიკაში უფრო არის პირობა ხალხის ნების ნამდვილი დამცველების ასარჩევად. დანართი №6 საქართველოს პარლამენტი, 1995 წლის 30 ნოემბერი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ზურაბ ჟვანიას გამოსვლა ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო კოლეგებო, პატივცემულო სტუმრებო! რამდენიმე დღის წინათ, როდესაც პატივი დამდეთ და საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეთ ამირჩიეთ, ჩემს საკმაოდ მოკლე გამოსვლაში ხაზი გავუსვი, რომ 5 ნოემბერს არჩეული დეპუტატები არ მოვსულვართ ცარიელ ადგილზე. ჩვენ მოვედით პარლამენტში, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი ტრადიცია. ეს არის დაპირისპირებულ ძალთა შორის კრიზისულ ვითარებაში ქვეყნისათვის აუცილებელ შეთანხმებათა მიღწევის, პოლიტიკურ დაპირისპირებათა დაძლევის ტრადიცია. ჩემი დღევანდელი გამოსვლის მიზანია, წარმოგიდგინოთ, თუ როგორ ვხედავ ქართული პარლამენტის მომავალს, მის განსაკუთრებულ ადგილს სახელმწიფოს აღმშენებლობის მთლიან სისტემაში და ამოსავალი წერტილი ჩემთვის გახლავთ, ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ დადებითი ჩვევები და ტრადიციები, რაც ჩვენ დაგვიტოვა წინა პარლამენტმა, ხოლო, მეორე მხრივ, მოვახერხოთ სრულად ავსახოთ საზოგადოების ის მოთხოვნები, ის ინტერესები, რომელსაც გვკარნახობს დღევანდელი რეალობა. ბუნებრივია, პარლამენტის უმთავრესი ფუნქციაა კანონშემოქმედება და, ალბათ, პირველ ყოვლისა, ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ ის გზა, რომელსაც გაივლის კანონპროექტი შექმნის მომენტიდან პლენარულ სხდომაზე საბოლოო კენჭისყრამდე. ჩვენ შეჩვეული ვართ მხოლოდ იმ დისკუსიებს, იმ განხილვებს, რომლებიც პლენარულ სხდომებზე იმართებოდა, სადაც გასაგები მიზეზების გამო საკუთარი პოზიციის არგუმენტაციისა და დაცვის, დებატებში დეპუტატებისა და მით უფრო ექსპერტების მონაწილეობის შესაძლებლობანი მკვეთრად არის შეზღუდული. ერთ-ერთი უმთავრესი, რასაც უნდა მივაღწიოთ პირველი დღეებიდანვე, ეს გახლავთ ის, რომ მივცეთ რეალური დატვირთვა საპარლამენტო კომიტეტებისა და ქვეკომიტეტების მუშაობას. ყველა ტრადიციული პარლამენტის მსგავსად, ქართულ პარლამენტშიც სწორედ კომიტეტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც საკითხის არსებითი გადაწყვეტა მოხდება. პლენარულ სხდომაზე ძირითადათ ამ გადაწყვეტილებების ფორმალიზება უნდა ხდებოდეს და ალტერნატიული პოზიციების დაფიქსირება. შემთხვევითი არ არის, რომ ყველა დახვეწილი საპარლამენტო კულტურის მქონე სახელმწიფოში პარლამენტის საქმიანობის გაშუქებისას ძირითადი ყურადღება სწორედ ქვეკომიტეტების დონეზე გამართულ განხილვებს, საკომიტეტო მოსმენებს ეთმობა. თუ შევხედავთ იმ სატელევიზიო გადაცემებს, სადაც, დავუშვათ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მუშაობა შუქდება, დავინახავთ, რომ დაახლოებით 70% ეთმობა სწორედ საკომიტეტო მოსმენებს და მხოლოდ 20-30% – იმ განხილვას, იმ დებატებს, რაც მიმდინარეობს პლენარულ სხდომაზე. სწორედ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეალური დებატები და რეალურად საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება ხდება სწორედ საკომიტეტო განხილვის დონეზე. ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, მივაღწიოთ ამ ტრადიციის დანერგვას ჩვენს პარლამენტში. საკომიტეტო მოსმენების დროს დებატებში პრაქტიკულად შეუზღუდავია დეპუტატების მონაწილეობა და, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, შესაძლებელია ჩაერთონ მაღალი რანგის პროფესიონალები და ექსპერტები, ყველა დაინტერესებული უწყებისა თუ მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ კანონშემოქმედების პროცესი, რა თქმა უნდა, არის პირველ ყოვლისა დეპუტატების, კანონმდებლების კომპეტენცია, მაგრამ, ცხადია, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ აქ აღმოგვიჩინონ დახმარება, მოგვცენ რჩევები, გაგვიწიონ კრიტიკა ადამიანებმა, რომელთაც აქვთ შესაბამისი პროფესიული მომზადება და მაღალ დონეზე იყოს გარანტირებული საექსპერტო უზრუნველყოფა. თუ კი ეს დაინერგება, ნებისმიერი კანონპროექტი, რომელსაც მიიღებს ჩვენი პარლამენტი, დაზღვეული იქნება ყოველგვარი შემთხვევითობისა და შეუსაბამისობისაგან. როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ კანონშემოქმედებით პროცესზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, ალბათ, ორ აუცილებელ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი : პირველი – ეს გახლავთ პარლამენტისა და მისი კომიტეტებისა თუ ქვეკომიტეტების საქმიანობის აპარატული და საექსპერტო უზრუნველყოფა. ვფიქრობ, სრულიად ახლებურად უნდა გავიაზროთ პარლამენტის აპარატის, მოწვეული ექსპერტების როლი ჩვენს საქმიანობაში. დეპუტატის უმთავრესი მოვალეობაა, ალღო აუღოს პოლიტიკურ ვითარებას, მიიღოს პოლიტიკურად, სახელმწიფოებრივად ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილებები, გამომდინარე მათი მრწამსიდან, მსოფლმხედველობიდან. ეს უნდა იყოს პოლიტიკოსის გადაწყვეტილება.. მაგრამ ამის მიღმა თითოეულ შემთხვევაში უნდა იდგეს მაღალკვალიფიციური პროექტები, პროფესიულ დონეზე დამუშავებული საკანონმდებლო აქტები. თითოეული საკანონმდებლო აქტის განხილვას უნდა ახლდეს შესაბამისი საექსპერტო შეფასება, რომელიც გაითვალისწინებს პოლიტიკურ, სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს, რაც ახლავს მის ამოქმედებას, მის შეტანას ცხოვრებაში. სწორედ ეს უნდა იქნეს უზრუნველყოფილი მოწვეული ექსპერტებისა და აპარატის თანამშრომლობის მიერ. კიდევ ერთი გარემოება. დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში განმსაზღვრელი ფაქტორია ინფორმაცია, იმ ადამიანების ინფორმირებულობა, რომელნიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც, თუკი ჩვენ გვსურს საქართველოში ავაგოთ პარლამენტარიზმის რეალურად ეფექტური მოდელი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ პარლამენტართა საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხებს; უზრუნველვყოთ, რომ ნებისმიერ დეპუტატს, ვიდრე საბოლოოდ დააჭერს ღილაკს თითს და გამოთქვამს თავის პოზიციას, ჰქონდეს შესაბამისი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს უნდა დავამკვიდროთ სრულიად ახალი სტანდარტები. ჩემი ღრმა რწმენით, პარლამენტის აპარატი უნდა წარმოადგენდეს ქვეყანაში პროფესიონალიზმისა და ეფექტურობის ეტალონს. ამ დღეებში მქონდა საშუალება, ჯერჯერობით ძალიან ზოგადად გავცნობოდი აპარატის სტრუქტურას, აპარატის ძირითად განყოფილებებს, თანამშრომლებს, და უნდა გითხრათ, რომ გავიცანი მრავალი ადამიანი, რომლებიც ნამდვილად ყველაზე მაღალ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ თვალსაზრისითაც ჩვენ არ გვიხდება ნულიდან დაწყება. სხვათა შორის, აი, იმ საოცარი ქაოსის პირობებში, რაც იყო ქვეყანაში, ძალიან ბევრის გაკეთება მოხერხდა. შექმნილია ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა, საინტერესოდ მუშაობდა პარლამენტის კვლევითი სამსახური. ხაზი მინდა გავუსვა, რომ სერიოზული, სამართლებრივი ბიურო აქვს პარლამენტს, სამართლებრივი სამმართველო არის სრულიად სხვა, ახლებურ პრინციპებზე მომუშავე კადრების სამსახური, ინფორმატიკის სამსახური და მრავალი სხვა. მე არ მინდა ამისი ჩამოთვლა. მოკლედ, არის ძალიან ბევრი თანამშრომელი, ვისთან ერთადაც მუშაობა პირადად ჩემთვის, თითოეული ჩვენგანისათვის მათგან სწავლა იქნება ნამდვილად რეალური შემოქმედებითი პროცესი, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მხრივ გასაკეთებელი საკმაოდ ბევრი გვექნება და ამაზედაც ერთად უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ დაიხვეწოს პარლამენტის აპარატი. მეორე ფაქტორი, რომელიც დიდ როლს შეასრულებს პარლამენტის ნორმალურ საკანონმდებლო მუშაობაში, გახლავთ აღმასრულებელი სტრუქტურებისა და საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების, ვიხმაროთ პირობითად გამოთქმა – ლობისტური ჯგუფების მონაწილეობა კანონპროექტის ინიცირებაში, მათ განხილვასა და შეჯერებაში. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ პარლამენტის ,,პროდუქციას“ – ჩვენ მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს – კონკრეტული მომხმარებელი ჰყავს. ყოველი კანონი გათვლილი უნდა იყოს საზოგადოებისა და მისი ცალკეული ჯგუფების ცხოვრებისა და მოღვაწეობის პირობების გაუმჯობესებაზე. შესაბამისად, საკომიტეტო განხილვებში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართული ის ადამიანები, ვინც უშუალოდ უნდა განახორციელოს და აამოქმედოს ესა თუ ის საკანონმდებლო აქტი. ამ მხრივ პრინციპულად მიმაჩნია, რომ ყველა სამინისტროსა თუ დიდ სახელმწიფო უწყებაში შემოღებულ იქნეს საპარლამენტო მდივნის თანამდებობა. ეს უნდა იყოს მინისტრისა თუ უწყების ხელმძღვანელის მოადგილის უფლებებით აღჭურვილი პირი, რომლის მთავარი ფუნქცია პარლამენტსა და მის ცალკეულ სტრუქტურებთან, კომიტეტებთან, ქვეკომიტეტებთან მუდმივი თანამშრომლობა იქნება. ეს საშუალებას მისცემს პარლამენტს სრულად გაითვალისწინოს ის გამოცდილება კონკრეტული პროექტების დამუშავებაში, რაც არსებობს ამა თუ იმ აღმასრულებელ სტრუქტურაში და გავითვალისწინოთ ის პრობლემები, რომლებსაც უნდა იწვევდეს ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ბატონ პრეზიდენტთან და, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში, როდესაც პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურას, იქ ღირსეულ ადგილს პოვებს ეს ახალი და, ჩემი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. იმედი მაქვს, ჩემი დღევანდელი გამოსვლით თუნდაც მცირე ბიძგს მივცემთ საქართველოში ცივილიზებული ლობიზმის ჩამოყალიბებას. ეს საკმაოდ ახალი თემაა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, თუ საქართველო აშენებს ღია ტიპის საზოგადოებას, სადაც ეკონომიკაშიც, ცხოვრების სხვა სფეროებშიც სულ უფრო დიდ როლს შეასრულებს არასამთავრობო, არასახელმწიფო სექტორი, შესაბამისად და მთელი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს, რომ ჩვენს საქმიანობაში ავსახოთ არამხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურების, დავუშვათ, სამთავრობო სტრუქტურების ინტერესები, არამედ არასამთავრობო სექტორის ინტერესებიც. ეს სულ უფრო დიდი და მზარდი ჯგუფი იქნება ჩვენი საზოგადოებისა. დასავლურ დემოკრატიაში ამის მრავალმხრივი გამოცდილება არსებობს. ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა შევისწავლოთ იგი და განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ამერიკული ლობიზმის გამოცდილება. მისი რეგულირება ძალიან მკაცრად ხდება კანონმდებლობით, რაც, სხვათა შორის, არის სახელმწიფო სტრუქტურებში კორუფციის აღმოფხვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დარწმუნებული ვარ, ანტიკორუფციული საქმიანობა პარლამენტის მუშაობაში უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ძირითად პრიორიტეტს. პარლამენტის ერთ-ერთ საკონსტიტუციო ფუნქციას წარმოადგენს ქვეყნის არა მხოლოდ საშინაო, არამედ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაც. ვფიქრობ, ცოტა ახლებურად უნდა შევხედოთ ამ ფუნქციის განხორციელებასაც. პარლამენტთაშორისმა კონტაქტებმა სპონტანური და ერთჯერადი ვიზიტების ნაცვლად რეგულარული და მკაცრად გააზრებული სახე უნდა მიიღოს და დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი სახელმწიფო საგარეო ურთიერთობათა მთლიან სისტემაში. ამ მხრივ, როდესაც განვიხილავთ პარლამენტის სტრუქტურებს, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები. ეს არის სტრუქტურა, რომლის ანალოგიც ამა თუ იმ სახელწოდებით არსებობს უკლებლივ ყველა ტრადიციულ პარლამენტში – დასავლეთშიც და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც. ამგვარი დელეგაციების რიცხვი, ვფიქრობ, ხუთ-ექვსს არ უნდა აღემატებოდეს და უნდა გულისხმობდეს მხოლოდ ქვეყნისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებებს. აი, ამგვარად, მე ვფიქრობ, რომ, როდესაც წარმოვიდგენთ ჩვენი პარლამენტის მუშაობისათვის აუცილებელ სტრუქტურულ დანაყოფებს, უნდა შევქმნათ რეალურად მუშა, ქმედითი ქვეკომიტეტები, რომლებიც თავმოყრილი იქნებიან ქვეკომიტეტებში და, მეორე მხრივ – საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციები. ახლა ერთ-ერთი ძირითადი საკითხი : როგორი უნდა იყოს პარლამენტის ურთიერთობა პრეზიდენტთან, მთლიანად აღმასრულებელ ხელისუფლებასთან? ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო საკითხი ჩვენს საქმიანობაში. ამ ოთხი წლის განმავლობაში საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს ქართული სახელმწიფოს ახალი ტრადიციები; ხორცი უნდა შეისხას იმ პრინციპებმა, რაც ჩადებულია ჩვენს კონსტიტუციაში; ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ პარლამენტისა და პრეზიდენტის ურთიერთობების ის მოდელი, რომელიც უნდა დარჩეს ათწლეულების განმავლობაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება ქართული სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირების ძირითადი ღერძი, მისი განმსაზღვრელი. დიდ საიდუმლოს არ გავამხელ, თუ ვიტყვი, რომ მეც და 120-ზე მეტი დეპუტატიც, რომლებიც გავიდნენ მოქალაქეთა კავშირიდან, სხვა პარტიებიდან, თავს თვლის ბატონი ედუარდ შევარდნაძის გუნდის წევრად, და ჩვენ მოვედით პარლამენტში, რათა გავატაროთ მისი პოლიტიკა, და ამომრჩეველთა მხარდაჭერაც მოქალაქეთა კავშირის მიმართ განპირობებული იყო, პირველ ყოვლისა, მისი ლიდერის ფაქტორით. ამავე დროს, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი როლი უნდა შეასრულოს სახელმწიფო ცხოვრებაში. ჩვენი ერთი უმთავრესი მიზანია სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პიროვნების თუ პიროვნებათა ადგილი დროთა განმავლობაში დაიკავოს მყარმა სტრუქტურებმა, მოხდეს ინსტიტუციონალიზაცია. ეს გახდება ქვეყნის დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების, საზოგადოების სტაბილურობისა და მშვიდობის ურყევი, შეუქცევადი გარანტი. ამიტომაც ურთიერთობები პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის განხილული უნდა იყოს, პირველ ყოვლისა, სწორედ ინსტიტუციონალისტური თვალსაზრისით იმ ჩარჩოებში, რასაც ჩვენ განგვისაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია. აი, ამას უნდა დავუთმოთ ყურადღება. უახლოეს დღეებში პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ახალ აღმასრულებელ სტრუქტურებს, შესთავაზებს საკუთარ მოსაზრებებს ფუნქციების, კადრების განლაგების პრინციპების შესახებ და, მე ვფიქრობ, სწორედ ეს გახდება ამ ახალ ურთიერთობათა დასაწყისი. ამიტომ ყველანი სათანადოთ მომზადებულნი უნდა შევხვდეთ ამას. ჩვენთვის, ყველასათვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებათა რეალურ გამიჯვნას, სამართლებრივი სახელმწიფოს ამ უმთავრესი პრინციპის დამკვიდრებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. წინასაარჩევნო კამპანიამ ნათლად დაგვანახა, რომ ზოგიერთ დეპუტატობის კანდიდატსაც და ამომრჩეველთა საგრძნობ ნაწილსაც ნათლად არა აქვს წარმოდგენილი კანონმდებლობის ადგილი და დანიშნულება სახელმწიფო პროცესებში. ამის შესახებ, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ დეპუტატის საქმე არ არის, უშუალოდ ჩაერიოს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში, საკადრო საკითხების გადაწყვეტაში და მრავალი სხვა. დასამალი არ არის, რომ საკმაოდ ბევრი დეპუტატობას აღიქვამდა, როგორც ინდულგენციას ნებისმიერი შეცდომისაგან, ერთგვარ პრივილეგიას, რომ არც რაიმე კონკრეტულს აკეთებდნენ და თანაც საზოგადოების ელიტაში ირიცხებოდნენ. ჩვენი ამომრჩეველი უნდა დავარწმუნოთ, რომ პარლამენტის წევრობა გულისხმობს ძალიან დაძაბულ აღმშენებლობით მუშაობას, ძალიან დაძაბულ შრომას და იგი მიმართულია თითოეული კონკრეტული ოჯახის კონკრეტული ინტერესების დაცვისაკენ. დეპუტატობა გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობას და, თუკი ამომრჩეველმა ხმა მისცა თითოეულ ჩვენგანს, ეს ნიშნავს რომ ჩვენ საარჩევნო პერიოდის ბოლომდე უნდა დავრჩეთ პარლამენტში და შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა. მე ვიცი პრეზიდენტის განწყობილებაც და ჩვენიც. უნდა გამოირიცხოს დეპუტატთა მასობრივი გადასვლა აღმასრულებელ სტრუქტურებში, მით უფრო, იმგვარი შეთავსებები, რომლებიც კონსტიტუციითა და კანონით არის აკრძალული. როდესაც საუბარია პარლამენტის ურთიერთობაზე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ კონსტიტუცია პარლამენტის მხრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზემოქმედების ძალიან ძლიერ ბერკეტებს ითვალისწინებს. ეს არის კანონშემოქმედება, ბიუჯეტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებაზე კანონით გათვალისწინებული კონტროლის უფლება. დღევანდელი და ხვალინდელი მინისტრების, უწყებათა ხელმძღვანელების, იქნება ეს რეგიონული თუ ცენტრალური, ყველას საყურადღებოდ მინდა ვთქვა, პარლამენტი მაქსიმალურად გამოიყენებს ამ ბერკეტებს. ყველა უნდა იყოს მზად იმისათვის, რათა პარლამენტს, მის კომისიებსა თუ ქვეკომისიებს წარუდგინოს ინფორმაცია, ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ, დააკმაყოფილოს სადეპუტატო შეკითხვები. ჩვენ გვახსოვს ბევრი მაგალითი პარლამენტისადმი აგდებული დამოკიდებულებისა, და მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსგავსი რამ აბსოლიტურად გამორიცხული იქნება ჩვენს საქმიანობაში. ყველამ, ვისაც სურს, რომ იყოს ჩვენ ხელისუფლებაში, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, რასაც მე ვამბობ. ამის გარანტია არის ჩვენი კონსტიტუცია, ამის გარანტია არის ქვეყნის პრეზიდენტი და ამის გარანტია არის მთლიანად ჩვენი სადეპუტატო კორპუსის ძალიან პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. ჩვენ ამდენ ხანს ვისაუბრეთ პარლამენტის ფუნქციებზე, როგორც კანონ შემოქმედზე, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პარლამენტი, როგორც უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, არის მუდმივი პოლიტიკური ოპონირების, პრინციპული კამათის, ალტერნატიული მდგომარეობის შეჯერების ასპარეზი. პარლამენტი საზოგადოების დემოკრატიული განვითარებისა და პოლიტიკური პლურალიზმის, სამოქალაქო თავისუფლებათა განმტკიცების უმთავრესი გარანტია. ვფიქრობ, 5 ნოემბრის არჩევნების შედეგები ყველა პირობას ქმნის საიმისოდ, რომ საქართველოში საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება წარმომადგენლობითი, მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესების გამომხატველი პარტიების არსებობაზე. ამ მხრივ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ჩამოყალიბდება უმრავლესობისა და ოპოზიციის ურთიერთობები პარლამენტში. აი, ამ თვალსაზრისით მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი სამუშაო პრინციპები უმრავლესობას, რომელსაც დაეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყნის განვითარებისათვის მომავალი 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად მას სჭირდება ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ ეს პასუხისმგებლობა განახორციელოს და 4 წლის შემდეგ გასცეს პასუხი თავის ამომრჩეველს. ჩვენ ყველას გვახსოვს მაგალითები, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები სათავეში ედგნენ ამა თუ იმ საკვანძო სტრუქტურას, რაც იწვევდა სიღრმისეულ შეუთანხმებლობას და საბოლოოდ ჩიხში შეყავდა ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. თუკი ჩვენ ვცდილობთ, კლასიკურ პრინციპებზე ავაგოთ ქართული პოლიტიკური სისტემა, მსგავსი რამ უნდა გამოირიცხოს. უმრავლესობას უნდა ჰქონდეს საშუალება, ცხოვრების ყველა სფეროში გაატაროს ერთიანი პოლიტიკა და, შესაბამისად, 4 წლის შემდეგ ამომრჩეველთა წინაშე პასუხი აგოს ამ პოლიტიკის შედეგებზე. მეორე მხრივ, ოპოზიციისათვის აბსოლიტურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია პარლამენტში მიმდინარე ყველა პროცესზე. მას უნდა ჰქონდეს საშუალება ტექნიკური, მატერიალური, ინსტიტუციონალური, რომ მოიწვიოს სათანადო ექსპერტები ნებისმიერ საკითხზე კომპენტენტური ადგილობრივი მიდგომების შემუშავებისათვის. საპარლამენტო ფრაქციებმა, ალბათ, ცენტრალური ადგილი უნდა დაიკავონ პარლამენტის პოლიტიკური ორგანიზაციის თვალსაზრისით და ნებისმიერი დანახარჯები პარლამენტის ბიუჯეტიდან, რომელიც გათვალისწინებულია პოლიტიკური განვითარებისათვის, უნდა განაწილდეს მკაცრად პროპორციულად ფრაქციებს შორის მათი წარმომადგენლობის შესაბამისად. მე მინდა მივმართო, პირველ ყოვლისა, ჩემს მეგობრებს, უმრავლესობის წარმომადგენლობას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოპოზიციის, ანუ საპარლამენტო უმცირესობის უფლებათა უზრუნველყოფა, რეალური უზრუნველყოფა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელი უნდა იყოს. ოპოზიციის უფლებების დაცვის ერთგვარ გარანტიად მიმაჩნია მისი წარმომადგენლობა პარლამენტისა და კომიტეტის ხელმძღვანელობაში, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში თავჯდომარის ერთ-ერთი მოადგილის სტატუსით. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ოპოზიციას ექნება ყველა საკითხთან დაკავშირებით რეალური კონტროლის განხორციელების საშუალება და ეს ტონუსს შემატებს, მე ვფიქრობ, უმრავლესობასაც. თუკი პატივცემული კოლეგებისათვის მისაღები აღმოჩნდება ეს პრინციპები, დარწმუნებული ვარ, თავიდან ავიცილებთ უსაგნო დაპირისპირებასა და კინკლაობას. საპარლამენტო დისკუსიას ყველაზე მძიმე შემთხვევაშიც კი მივცემთ კონსტრუქციულ ხასიათს. ეს დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის თვალსაზრისით ერთერთი აუცილებელი პირობაა. უწმინდესმა თავის გამოსვლაში გაამახვილა ყურადღება, და მეც ცალკე მინდა შევჩერდე პარლამენტგარე ოპოზიციაზე. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ არჩევნების შედეგად არაერთი ღირსეული ადამიანი, რომელიც წარმოდგენილია ამა თუ იმ პარტიაში, სამწუხაროდ, ჩამოშორდა საპარლამენტო ცხოვრებას. ჩვენ გამოვედით პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით და, ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა შევძინოთ ამ იდეას კონკრეტული შინაარსი, ან, თუ საჭირო იქნება, ვიპოვოთ სხვა, უფრო მისაღები ფორმები. მთავარი მიზანია, რომ თითოეული ადამიანი, რომელსაც კონსტრუქციული პოტენციალი აქვს, ჩართული იყოს საერთო სახელმწიფოებრივ პროცესებში. ჩვენ ვერ მივცემთ თავს იმის უფლებას, რომ გავრიყოთ და უყურადღებოდ დავტოვოთ ქვეყნისათვის საჭირო ადამიანები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიტყვები, რაც ბრძანა ბატონმა ედუარდ შევარდნაძემ ინაგურაციის დღეს : ,, ჩვენი გამარჯვება არავის დამარცხებას არ უნდა ნიშნავდეს“. ყველამ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს სიტყვები რეალობად იქცეს. საზოგადოებამ რეალურად უნდა იგრძნოს ეს მიდგომა და ეს დამოკიდებულება. ვფიქრობ, არასწორი იქნება დავსახოთ პარლამენტის სამომავლო საქმიანობა და არ გავითვალისწინოთ მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, – პარლამენტი, როგორც დემოკრატიის სკოლა, დემოკრატიული ტრადიციებისა და ჩვევების დამკვიდრების უმთავრესი ინსტიტუტი. ანარქიის იმ პერიოდის შემდეგ, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ სიმწრით გამოიარა, ყველასათვის ნათელია, რომ დემოკრატია არ ნიშნავს თავაშვებულებას, ქაოსს, დაუსჯელობას. დემოკრატია გულისხმობს საზოგადოების, მისი თითოეული წევრის ცხოვრებას საკმაოდ მკაცრი წესების შესაბამისად. დემოკრატიული წყობილების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია ხელისუფლების წარმომადგენლითობის პრინციპი, ამომრჩევლისა და არჩეული პირის ურთი-ერთობანი. ეს გულისხმობს ჩვევების მთელ პაკეტს. მე ასე ვიტყოდი, ამომრჩეველმა უნდა გააცნობიეროს თავისი უფლებები მის მიერ არჩეული პირის მიმართ, უნდა გააცნობიეროს, – რისი მიღება შეუძლია მას რეალურად საკუთარი ინტერესების დასაცავად, დეპუტატისაგან, შემდგომში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წევრისაგან. სწორედ ამ პრინციპის სრულფასოვანი მოქმედება შექმნის თითოეული მოქალაქის უფლებათა რეალიზაციის ნამდვილ საფუძველს ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენს საზოგადოებას ეს ტრადიცია მოშლილი ჰქონდა. ამიტომაცაა, რომ ხშირად ბუნდოვანია წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდეთ და მოვი-თხოვდეთ ჩვენს მიერ არჩეული წარმომადგენლობისაგან. ეს იწვევს მოსახლეობის ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ეს სახიფათო სენია, რომლის დაძლევაც აუცილებელია ძლიერი და მდგრადი სახელმწიფოს შექმნისათვის. აუცილებელია, რომ მოქალაქეები ენდობოდნენ თავიანთ ხელისუფლებას, თვლიდნენ მას რეალურად საკუთარ ხელისუფლებად. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს ურთიერთობას საზოგადოებასთან, ჩვენს ამომრჩეველთან. პარლამენტში გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი უნდა გახდეს მაქსიმალურად გასაგები და, მე ვიტყოდი, გამჭვირვალე თითოეული მოქალაქისთვის. პარლამენტი უნდა გადაიქცეს საქართველოში ყველაზე კარგახსნილ სახელმწიფო ინსტიტუტად. მსგავსად სხვა ქვეყნებისა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზედაც უნდა მოდიოდნენ სკოლის მოსწავლეები, გნებავთ, ჯგუფები, თუნდაც ყველაზე დაშორებული რეგიონებიდან, და ისინი საკუთარი თვალით უნდა ხედავდნენ, თუ როგორ არის მოწყობილი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა, როგორ ხდება კანონპროექტის შექმნა, მისი განხილვა, დანერგვა ცხოვრებაში, რას ნიშნავს ეს ყოველივე მათთვის და მათი ოჯახებისათვის. ამას უნდა ხედავდეს ამომრჩეველი კონკრეტულად. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ჩვენი ამომრჩეველი, გავხადოთ იგი უფრო მომთხოვნი ჩვენს მიმართ, რეალობად ვაქციოთ დეპუტატის ანგარიშვალდებულების პრინციპი. ამომრჩეველს უნდა სჯეროდეს, რომ თავისი დეპუტატისათვის სწორედ იგი – მისი ამომრჩეველი არის ყველაზე დიდი თანამდებობის პირი. აი, ეს უნდა დამკვიდრდეს წესად. პარლამენტის, მისი სტრუქტურების მუშაობის სრული საჯაროობა არის ყოველივე ზემოთქმულის ერთი უმთავრესი საფუძველი. ჩვენ ახლებურად უნდა შევხედოთ პარლამენტის ურთიერთობას თავისუფალ მასმედიასთან. პრესის თავისუფლება ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი საგულისხმო მონაპოვარია. დამოუკიდებელი ჟურნალისტები ღრმად და საფუძვლიანად უნდა იყვნენ ინფორმირებული პარლამენტის თითოეული სტრუქტურის მუშაობის შესახებ, და სწორედ ამის საფუძველზე ჩამოაყალიბონ საკუთარი შეფასებები და, თუ გნებავთ, თავიანთი კრიტიკაც ჩვენს მუშაობასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბოლო დროს დამოუკიდებელი პრესის ფურცლებიდან ხშირად გაისმის ახლად არჩეული პარლამენტის კრიტიკა, ვიშვიში მის ერთგვაროვნებასა და არაეროვნულობაზე. ჩავთვალოთ, რომ ეს ბუნებრივი სინდრომია მას შემდეგ, რაც წინა პარლამენტში 30-მდე პარტია იყო წარმოდგენილი თითოოროლა დეპუტატით, და რეალურად არცეთ ძალას არ ჰქონდა შესაძლებლობა ეტვირთა რეალური პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მე მიძნელდება გავიხსენო რომელიმე დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც აქტიურ პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალი წლის განმავლობაში 3-4 პარტიაზე მეტი იყოს წარმოდგენილი. ლაპარაკია ყველაზე სტაბილურ და ყველაზე სწრაფად განვითარებულ ქვეყნებზე მსოფლიოში. თუ გავიხსენებთ ბრიტანეთის, ამერიკის, კანადის მაგალითებს, იქ ათწლეულების განმავლობაში ორპარტიული სისტემის საფუძველზე ცხოვრობენ. მსხვილი პარტიების არსებობა, და ეს პროცესი დაიწყო საქართველოში, სტაბილურობის ნიშანია, და არა მრავალფეროვნების მოშლისა. რაც შეეხება პარლამენტის არაეროვნულობას, ვფიქრობ, უხერხულია ამაზე სერიოზული მსჯელობა, მაშინ როდესაც დარბაზში ზის ათეულობით ადამიანი, ვინც მთელი სიცოცხლე ეროვნული იდეის მსახურებას მიუძღვნა, ვინც შექმნა დღევანდელი საქართველოს სახე. დარწმუნებული ვარ, პარლამენტში უმეტესწილად ძალიან ღირსეული ხალხია წარმოდგენილი, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ შექმნან მართლაც ღირსეული პარლამენტი, ის პარლამენტი, რომელიც სჭირდება დღეს საქართველოს. მე მინდა ასე დავასრულო, რომ კონსტიტუციის მიღებით, საპრეზიდენტო – საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით საქართველოში დაიწყო ახალი ეპოქა ჩვენი ქვეყნის არსებობაში. თითოეულ ჩვენს მოქალაქეს შეუძლია იამაყოს იმით, რომ იგი ახალი ქართული დემოკრატიის თანადამფუძნებელი გახდა. ეს სრულიად ახალი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, ალბათ, მთლიანად ჩვენს რეგიონში. ზოგიერთ ქვეყანას აქვს საკუთარი ნავთობი, ზოგს – გაზი, ზოგს – ოქრო, და თავისი ქვეყნის კეთილდღეობას აგებს მათზე. შეიძლება გაგეღიმოთ და უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მყარი საწინდარი ჩვენი ქვეყნის წარმატებისა, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და სიმდიდრისა, და შეიძლება უფრო ძლიერი საწინდარიც, ვიდრე ნებისმიერი ნავთობი, არის ის დემოკრატიული ტრადიცია, რომლის დამკვიდრება საბოლოოდ დაიწყო კონსტიტუციის მიღებით. აი, ეს არის გზა ინვესტიციებისაკენ, ეს არის გზა მსოფლიოში ჩვენი ნამდვილი ინტეგრაციისაკენ, – ინტეგრაციისაკენ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემაში, და ეს არის გზა იმისაკენ, რომ საქართველომ დაიკავოს სრულიად განსაკუთრებული ადგილი თანამედროვე მსოფლიოში, რომ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს აღვუდგინოთ მისი ღირსების განცდა, ღირსების გრძნობა. ეს არის დემოკრატიული ტრადიციები და ჩვენ, პარლამენტი, ვართ, მე ვიტყოდი, აი, ამ განძის უმთავრესი დარაჯი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია. დიდი მადლობა. დანართი №7 საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის ღია მიმართვა საქართველოს პრეზიდენტისადმი ბატონო პრეზიდენტო, ქართული საზოგადოება საბედისწერო კრიზისის ზღვართან არის მისული. არსებული ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებისა და უმძიმესი სოციალური კატაკლიზმების პოტენციალს შეიცავს. სწორედ ეს ვითარება ვალდებულს მხდის, საჯაროდ გამოვხატო ჩემი და მრავალი ჩემი მეგობრისა და თანამოაზრის პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანას საფრთხეს უქმნის არა ყველასთვის კარგად ცნობილი მრავალი პრობლემა, არამედ ის, რომ მოსახლეობაში პრაქტიკულად აღარ არსებობს ხელისუფლებისადმი ნდობა და რწმენა იმისა, რომ ხელისუფლებას სურს ამ პრობლემების გადაწყვეტა. განცხადებებმა, სიტყვებმა, დეკლარაციებმა ყოველგვარი ფასი დაკარგა. საუბარი რაიმე სამომავლო გეგმებზე უაზროდ იქცა უბრალოდ იმის გამო, რომ საზოგადოებას აღარ სწამს ხელისუფლების არც ერთი დაპირებისა. ამის უპირველესი მიზეზი და საფუძველი არის ხელისუფლების ტრაგიკული უნიათობა და აშკარად ბუტაფორიული ქმედება კორუფციის პრობლემის გადაჭრისას. ათასნაირ განცხადებებს კორუფციაზე, როგორი მჭახეც არ უნდა იყოს ის, აზრი აღარ აქვს, ვინაიდან ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში სწორედ ასეთი მჭახე განცხადებებისა და გაუთავებელი საუბრების ფონზე სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან შეუნიღბავმა და დაუფარავმა კორუფციამ არნახულ მაშტაბებს მიაღწია. საქართველოს საზოგადოება ყოველთვის მზად იყო და მზად არის ახლაც მხარში ამოუდგეს ხელისუფლებას ქვეყნის საკეთილდღეოთ. მაგრამ ის ვერასოდეს შეეგუება ხელისუფალთა მხრიდან ხალხის ხარჯზე ცხოვრებას, ვერ შეეგუება იმ ცინიზმსაც, რომლითაც ზოგიერთი თანამდებობის პირი დემონსტრირებას უწევს თავისი ცხოვრების წესს. დედაქალაქში და მისი შემოგარენის სხვადასხვა ბორცვებსა და მთებზე წამოჭიმული სასახლეები, ჩვენს ქუჩაში მოსიარულე მსოფლიოში უძვირესი მარკების ავტომანქანები, რომელთა მფლობელები ყველასათვის კარგად არიან ცნობილნი, გაღატაკებამდე მისული მოსახლეობისთვის მარად დარჩება უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან თავხედური ცინიზმის სიმბოლოდ. ეს სასახლეები აიგო სწორედ იმ წლებისა და თვეების განმავლობაში, როდესაც ჩვენ ვერ ვახერხებდით პენსიებისა და ხელფასების გაცემას, დედაქალაქისა და რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას, სასიცოცხლო სახელმწიფო ფუნქციების განხორციელებას. ეს ვილები აიგო არა პატიოსანი ბიზნესით მოპოვებული ფულით, არამედ ჩინოვნიკების მიერ მითვისებული თანხებით, ანუ ხალხის პირდაპირი ძარცვის შედეგად იმ პერიოდში, როდესაც თქვენ, საქართველოს პრეზიდენტმა, კორუფცია არაერთხელ გამოაცხადეთ ყველაზე სახიფათო და საშიშ პრობლემად, რომელსაც შეეძლო შეეწირა ჩვენი სახელმწიფოებრიობაც კი. რატომ ან როგორ უნდა დაიჯეროს გაჭირვებულმა პენსიონერმა ან გაწბილებულმა ანაბარდაკარგულმა მუშამ, უკიდურეს სიღარიბემდე მისულმა მეცნიერმა, რომ მაინც და მაინც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს ან მათ ნათესავებს აღმოაჩნდათ მეწარმეობისა და კომერციის შეუდარებელი ნიჭი და მათ შეძლეს ორ-სამ წელიწადში გამდიდრება საზოგადოების გაღატაკების ფონზე? ამის არგუმენტი არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს იმის ახსნა, თუ რატომ ტოვებენ საქართველოს უცხოელი ინვესტორები და თავიანთი ოფისები მეზობელ ქვეყნებში გადააქვთ – რატომ არის შეუძლებელი თუნდაც მცირე ბიზნესის წარმოება ჩვენს სამშობლოში, თუ არ გაქვს უზრუნველყოფილი რომელიმე ჩინოსნის ან რომელიმე გავლენიანი კლანის მფარველობა. ყოველივე ამითაა განპირობებული საგანგაშო რეალობა, რომ, თუკი ჩვენი უცხოელი მეგობრები სამიოდე წლის წინ იმედითა და ენთუზიაზმით მოიხსენიებდნენ საქართველოს, როგორც ,,შესაძლებლობათა ქვეყანას“, დღეს ისინი იძულებულნი არიან სიმართლეს თვალი გაუსწორონ და გვიწოდონ ,,დაკარგულ შესაძლებლობათა ქვეყანა“. მე არაერთხელ გამომიხატავს საჯაროდ ჩემი და ჩემი მეგობრების დამოკიდებულება ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკისადმი. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩემთვის ის არ არის მხოლოდ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი. ის არის ქართული დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს დამფუძნებელი. ადამიანი, რომელმაც მოახერხა საქართველოს დაშლის პრაქტიკულად შეუქცევადი პროცესების შეჩერება, ქაოსისა და სრული ანარქიის პირობებში წესრიგის დამყარება, საქართველოსათვის სრულიად განსაკუთრებული საერთაშორისო ფუნქციის მინიჭება, რითაც ჩვენი სამშობლოს განვითარება და სტაბილურობა დიდი სახელმწიფოების სტრატეგიულ ინტერესებში მოექცა. პირველ რიგში, სწორედ მისი არჩევანი იყო საქართველოს დემოკრატიის გზით სვლა და მან ჩაუყარა სათავე იმ რეფორმებს, რომელთა გარეშეც ჩვენ ვერასოდეს დავძლევთ საბჭოთა პერიოდის უმძიმეს მემკვიდრეობას. ამიტომაც გულწრფელად ვიზიარებდით და მტკიცედ ვიცავდით თქვენს პოლიტიკას მაშინაც კი, როდესაც საჭირო იყო უკიდურესად არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც იძულებით, მაგრამ გარდუვალად მისაღები იყო გადაწყვეტილება დსთ-ში შესვლის შესახებ, როდესაც დასამტკიცებელი იყო ,,ნულოვანი ვარიანტი“ და მრავალი სხვა. ჩვენ ვიცით, რომ სწორი, არაპოპულისტური პოლიტიკა ზოგჯერ მოითხოვს მძიმე გადაწყვეტილებების მიღებას და, რა ქილიკიც არ უნდა გვესმინა, რა სიბინძურეც არ უნდა გადმოღვრილიყო ჩვენს თავზე, ჩვენ ვიღებდით ამ გადაწყვეტილებებს თქვენთან ერთად, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩვენ ვაკეთებდით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის აუცილებელ საქმეს. ყველა მიღწევა, ყველა წარმატება, რომლებიც დაფუძნებულია საქართველოს ხალხის უსაზღვრო თავდადებასა და იმედზე, რომელიც შექმნილია თქვენი თავდაუზოგავი შრომით და პირადი თავგანწირვით, იქნება ეს საერთაშორისო თანამეგობრობაში ინტეგრაცია, უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო თუ საკომუნიკაციო პროექტები, საქართველოდან უცხო ქვეყნის ბაზების გაყვანა თუ სხვა, დღეს შეიძლება გაბათილდეს და ჩვენმა უუნარობამ, პასუხი გავცეთ ტოტალური კორუფციის გამოწვევას, ხაზი გადაუსვას მთელს ჩვენს ძალისხმევას. შექმნილი მდგომარეობა, კორუმპირებული ჩინოვნიკების გარდა, კიდევ ერთ სახიფათო წრეს და მიმართულებას უქმნის იდეალურ საარსებო გარემოს. მე ვლაპარაკობ პოპულიზმზე, რომელსაც ხშირად საბჭოთანოსტალგიური იერი დაჰკრავს. თუ ჩვენი საზოგადოება საბოლოოდ დაკარგავს ახლის, დემოკრატიის, ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იმედს, სწორედ ამგვარი მოღვაწეობისთვის გაიხსნება ფართო ასპარეზი, რისი მოსალოდნელი შედეგიც თქვენ უკეთ იცით. ამ საფრთხის მკაფიო ნიშნები უკვე აშკარაა – ეს არის საფრთხე ახალი დაპირისპირებისა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სახელმწიფო ინსტიტუტების სრული რღვევისა. ეს არის საფრთხე ქართული სახელმწიფოებრიობის კიდევ ერთხელ დაკარგვისა. გადარჩენა მხოლოდ მოქმედებებში, რადიკალური, გადამჭრელი, საზოგადოებისათვის გასაგები ღონისძიების გატარებაშია. ამ გადაწყვეტილებათა მიღება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენ, ადამიანს, რომელიც საამისოდ ყველა ლეგიტიმური და მორალური უფლებით ხართ აღჭურვილი, ვისაც არანაკლებ კრიზისულ მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის აუცილებელი და გაბედული გადაწყვეტილებები მიგიღიათ. მხოლოდ მოქმედებით შეიძლება დავუბრუნოთ იმედი და რწმენა იმ ადამიანებს, რომელთა მრავალწლიანი შრომით შეიქმნა საქართველოს მატერიალური და ინტელექტუალური დოვლათი და რომელთაც დღეს უკიდურესად უჭირთ და ხელისუფლებისგან თუნდაც იმის იმედს ელიან, რომ მათი შვილები და შვილიშვილები ღირსეულად იცხოვრებენ საქართველოში, იშრომებენ საკუთარი და არა სხვისი ოჯახებისათვის. ამიტომაც დღეს მიღებული თქვენი გადაწყვეტილებები განსაზღვრავენ საქართველოს მომავალს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი დაყოვნების გარეშე უნდა იქნას მიღებული რადიკალური საკადრო და ინსტიტუციონალური ცვლილებები. ხელისუფლება უნდა დატოვონ იმ ხელმძღვანელებმა, ვინც თავისი დაუსაბუთებელი ქონებით საზოგადოებაში კორუბციასთან არიან გაიგივებული. ამას უნდა მოჰყვეს სახელმწიფო მართვაში სერიოზული რეფორმები, რომლებიც წერტილს დაუსვამს გაუთავებელ დაპირისპირებას აღმასრულებელი ხელისუფლების შიგნით, უზრუნველყოფს, სულ მცირე, ეკონომიკური გუნდის ერთიან, კოორდინირებულ ძალისხმევას, გზას გაუხსნის სამართალდამცავი ორგანოების ძირეულ რეფორმას. ბატონო პრეზიდენტო, ვფიქრობ, ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, გადავარჩინოთ ვითარება, ავარიდოთ ჩვენს სამშობლოს დაპირისპირებისა და ქაოსის ტალღა. ვშიშობ, რომ ეს ბოლო შანსია არა მხოლოდ ამ ხელისუფლებისათვის, არამედ, რაც ბევრად უფრო სამწუხაროა, დღევანდელი საზოგადოებისათვის. ამ შანსის გამოყენება მხოლოდ ერთიან, ძლიერ, აქტიურად მოქმედ ხელისუფლებას შეუძლია. გადაწყვეტილებები თქვენ უნდა მიიღოთ და მერწმუნეთ, რომ მეც და ჩემი მეგობრებიც, როგორც ყოველთვის, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს ბრძოლა, თქვენს გვერდით ვიქნებით, რათა ბოლომდე მივიყვანოთ მართლაც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს მშენებლობის თქვენს მიერვე ღირსეულად დაწყებული საქმე. ნათლად ვხედავ, რომ დროის ლიმიტი ამოწურულია, დაყოვნება უკვე კატასტროფის ტოლფასია და, ვინაიდან თქვენი არჩევანი მართლაც ისტორიული და საბედისწეროა არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არა მხოლოდ ერთი პარტიისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის, ჩვენი ქვეყნისათვის, ამიტომაც თავს უფლება მივეცი საჯაროდ გამომეტანა ის, რაზედაც არაერთხელ გვიმსჯელია პირადათ. პატივისცემით, ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დანართი №8 ალექსანდრე I (1777-1828) – რუსეთის იმპერატორი (1801-1825). რევოლუციური ძვრების შიშით გაატარა ე.წ. ფარული კომიტეტის მიერ შემუშავებული ზომიერი ლიბერალური რეფორმები და მ. სპერანსკის სახელმწიფო რეფორმათა ზოგიერთი პროექტი. იყო ვენის კონგრესისა და საღვთო კავშირის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. ე.წ. ,,არაკჩეევშჩინას“ სულისჩამდგმელი. მისი მეფობის დროს რუსეთს შეუერთდა საქართველო (1801), ფინეთი (1809), ბესარაბია (1812), აზერბაიჯანი (1813). არისტოტელე – (ძვ.წ. 384 -322) – ძველი ბერძენი ფილოსოფოსი და მეცნიერი, პლატონის მოწაფე, ალექსანდრე მაკედონელის აღმზრდელი. მისი ნაშრომები ასე შეიძლება დაიყოს : პირველი ფილოსოფია (,,მეტაფიზიკა“); ლოგიკა (,,კატეგორიები“, ,,ტოპიკა“, ,,სოფისტიკური გაბათილებანი“, ,,განმარტებისათვის“, ,,ანალიტიკა პირველი“, ,,ანალიტიკა მეორე“), ფიზიკა (,,ფიზიკა“, ,,ცისათვის“, ,,აღმოცენებისა და განადგურებისათვის“, ,,მეტეოროლოგია“); ბიოლოგია (,,ცხოველთა ისტორია“, ,,ცხოველთა წარმოშობისათვის“ და სხვა.); ფსიქოლოგია და შემეცნების თეორია (,,სულისათვის“, ,,მეხსიერებისა და მოგონებისათვის“, ,,ძილისა და სიფხიზლისათვის“ და სხვა.); ეთიკა (,,ევდემეს ეთიკა“, ,,ნიკომაქეს ეთიკა“); ხელოვნების თეორია, პოეტიკა (,,პოეტიკა“, ,,რიტორიკა“); მოძღვრება სახელმწიფოზე და პედაგოგიკა (,,პოლიტიკა“, ,,ათენელთა სახელმწიფო წყობილება“). ბისმარკი ოტო ედუარდ ლეოპოლდ, თავადი ფონ შენჰაუზენი (1815-1898) – გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, იუნკრულ-ბურჟუაზიული გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. წარმოშობით პომერანელი იუნკერი. 1862 წელს დაინიშნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად და საგარეო საქმეთა მინისტრად. იმპერიის ჩამოყალიბების შემდეგ, როგორც რაიხსკანცლერი, თითქმის 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად შეუზღუდავად მართავდა გერმანიას. საშინაო პოლიტიკის მარცხისა დეა საგარეო პოლიტიკური წარუმატებლობის გამო ბისმარკი ახალგაზრდა იმპერატორმა ვილჰელმ II-მ რაიხსკანცლერის პოსტიდან გადააყენა (1890 წ.). დიდრო დენი (1713-1784) – ფრანგი მწერალი, ფილოსოფოს-განმანათლებელი და ენციკლოპედისტი. 1874 წელს მიენიჭა ხელოვნების მაგისტრის წოდება. 1779 წლიდან სათავეში ჩაუდგა ორიგინალური ფრანგული ენციკლობედიის შედგენას (მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის ენციკლობედია ანუ განმარტებითი ლექსიკონი“, 1751-1780). მისი მთავარი პიესებია ,,ნაბიჭვარი“, ,,ოჯახის მამა“, ,,კარგია თუ ცუდი?“, ,,პიესა და პროლოგი“. ეკუთვნის რომანები ,,მონაზონი“, ჟაკ-ფატალისტი“, ,,მოთხრობა-დიალოგი“, ,,რამოს ძმისწული“ და სხვ. დიზრაელი ბენჯამენ, ლორდი ბიკონზფილდი (1804-1881) – ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, მონათლული ებრაელი. ავტორი რომანებისა : ,,ვივიენ გრეი“ (1826), ,,ახალგაზრდა ჰერცოგი“ (1831), ,,კონტარინი ფლემინგი“ (1832), ,,ოლროი“ (1839), ,,ჰენრიეტა ტემპლი“ (1839), ,,სიმბოლო, ანუ ორი ერი“ (1849) და სხვა.1874-80 წლებში სათავეში ედგა კონსერვატიულ მთავრობას. 1879 წელს პარლამენტის დაუკითხავად ეგვიპტის მთავრობისაგან შეიძინა სუეციის არხის კომპანიის აქციების პაკეტი, რასაც მოჰყვა დიდი ბრიტანეთის მიერ ეგვიპტის ხელში ჩაგდება. 1876 წელს უბოძეს ლორდ ბიკონზფილდის ტიტული. ვაშინგტონი ჯორჯ (1732-1799) – ამერიკის სახელმწიფო მოღვაწე, ამერიკის ჯარების მთავარსარდალი ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ომის დროს (1775-83). აშშ-ის პირველი პრეზიდენტი (1789-1797). ჩრდილოეთ ამერიკაში ინგლისური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყების წინ კონგრესმა აჯანყებულთა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად აირჩია (1775). ამ თანამდებობაზე გამოიჩინა მაღალი მორალური თვისებები, სიმამაცე, მხედართმთავრობის სიმტკიცე და ორგანიზატორობის ნიჭი. 1787 წელს მისი თავჯდომარეობით შეიმუშავეს აშშ-ის კონსტიტუცია, რომელიც ზოგიერთი ცვლილებებით დღესაც ძალაშია. 1794 წელს მხარი დაუჭირა დიდ ბრიტანეთთან დადებულ არათანასწორუფლებიან ხელშეკრულებას, რომელმაც აშშ-ში შელახა პრეზიდენტის პოპულარობა. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მაუნტ-ვერნონში. მონების თანდათანობით განთავისუფლების მომხრე იყო. ანდერძით გაათავისუფლა თავისი მონები. თომა აკვინელი, თომა აკვინატი (1225 ან 1226-1274) – შუა საუკუნეების ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი, ორთოდოქსული სქოლასტიკის სისტემატიზატორი. სწავლობდა კელნში ალბერტ დიდთან. ასწავლიდა პარიზში, რომში, ნეაპოლში. 1823 წელს წმინდანად შერაცხეს. 1867 წელს აღიარეს ეკლესიის მეხუთე მამად. მისი მრავალრიცხოვანი შრომებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,, თეოლოგიური სუმა“ და ,, სუმა წარმართთა წინააღმდეგ“, რომელსაც ზოგჯერ ,,ქრისტიანობის სუმასაც“ უწოდებდნენ. მის მიერ შექმნილ შეხედულებათა სისტემას და მის მიერ კათოლიკურ ფილოსოფიაში დაფუძნებულ მიმდინარეობას თომიზმს უწოდებდნენ. თამარაშვილი მიხეილ, თამარათი მიქელ (ერისკაცობაში – ალექსანდრე) (1858, ახალციხე – 1911, სოფ. სანტსა-მარინელი, იტალია) – ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება მიიღო ახალციხის სამრევლო სკოლაში, 1878 წლიდან სწავლობდა კონსტანტინოპოლში კათოლიკე მოძღვრის პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებულ ქართულ სასწავლებელში; 1881-83 წლებში – ესპანეთში, სასულიერო სემინარიაში. 1888 წელში დაამთავრა პარიზის წმ. ლაზარეს დიდი სას. სასწავლებელი. ვატიკანის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, ალექსანდრიის, მოსკოვისა და ლონდონის არქივებში გამოავლინა საქართველოს ისტორიის ამსახველი დიდძალი დოკუმენტური მასალა. აქედან მოასწრო საქართველო – ევროპის ურთიერთობა და, კერძოდ, საქართველოში კათოლიკური სარწმუნეობის გავრცელებასთან დაკავშირებული მასალების დამუშავება და გამოცემა. (,,ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, ,,პასუხად სომხის მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას“), თამარაშვილის წიგნმა ,,საქართველოს ეკლესიის ისტორია“, (რომი, 1910, ფრანგულ ენაზე) დიდი გამოხმაურება პოვა ევროპის სამეცნიერო წრეებში. ამ გამოცემას ვატიკანის სპეციალური პრემია მიენიჭა. აღმოაჩინა სიცილიაში ქრისტოფორო დე კასტელის სურათების ალბომი. დიდი წვლილი მიუძღვის სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში მოგზაურობის შესახებ მასალების მოძიებაში. 1978 წელს იტალიის ქ. ჩივიტავეკიიდან საქართველოში გადმოასვენეს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. კანტი იმანუელ (1724-1804) – გერმანელი ფილოსოფოსი. დაამთავრა კენიგსბერგის უნივერსიტეტი. პირველი ნაშრომი ,,ცოცხალ ძალთა ჭეშმარიტი შეფასების შესახებ“ გამოსცა 1747 წელს. ორჯერ (1786 და 1788 წლებში) აირჩიეს უნივერსიტეტის რექტორად. კითხულობდა ლექციებს მათემატიკაში, ლოგიკაში, ეთიკაში, ფიზიკაში, ფიზიკურ გეოგრაფიაში და სხვა. მისი უმთავრესი ნაშრომებია : ,,წმინდა გონების კრიტიკა“, ,,,პროლეგომენები“, ,,პრაქტიკული გონების კრიტიკა“, ,,მსჯელობის უნარის კრიტიკა“ და სხვა. 1794 წელს მთავრობამ აკრძალა მისი ნაშრომი ,,რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში“. ,,წმინდა გონების კრიტიკაში“ დასმულ სამ ძირითად კითხვას (რა შეიძლება ვიცოდე? რა უნდა გავაკეთო? რისი იმედი შეიძლება მქონდეს?) კანტმა დაუმატა გამაერთიანებელი კითხვა : რა არის ადამიანი? ამაზე პასუხი უნდა გაეცა მის მიერ გამოცემულ უკანასკნელ ნაშრომს ,,ანთროპოლოგია პრაგმატული თვალსაზრისით“ (1798). ამ წიგნს კანტის ხანდაზმულობისა და მისი მეთოდის ამოწურვის აშკარა კვალი ატყვია. კასტელი დონ კრისტოფორე დე ( XVII საუკუნის I ნახ. და შუა წლებში) – იტალიელი მისიონერი, პატრი, თეატინელთა ორდენის წევრი. საქართველოში ჩამოვიდა 1628 წელს პატრი ანტონიო ჯარდინისა და ბერ კლაუდიოსთან ერთად. მისიონერები მივიდნენ ქ. გორში თეიმურაზ I – თან. 1634 წელს შემოქმედელი ეპისკოპოსის მაქსიმე მაჭუტაძის მიწვევით გურიაში გადავიდნენ, 1640 წელს კი, ვახტანგ II გურიელისგან დევნილნი – ოდიშში. კასტელი საქართველოში ჩანს 1652 წელსაც. შემდეგ იტალიაში დაბრუნდა. საქართველოში ყოფნის დროს მან მრავალი საყურადღებო ჩანახატი (2 ალბომი) გააკეთა. ამ ჩანახატების ნაწილი გამოაქვეყნა მიხეილ თამარაშვილმა. მანვე ჩამოიტანა საქართველოში ჩანახატების ნაწილის ფოტოპირები. 1977 წელს კასტელის ალბომი წინასიტყვაობათა და შენიშვნებითურთ გამოაქვეყნა ბ. გიორგაძემ (,, დონ კრისტოფორო დე კასტელი. ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“). კასტელის რელაცია, ჩანახატები და მათზე მინაწერები ძვირფას ცნობებს იძლევა XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიისათვის. კენედი ჯონ ფიცჯერალდ (1917-1963) – აშშ-ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა ირლანდიური წარმოშობის ბოსტონელი კათოლიკე მილიონერის ოჯახში. დაამთავრა ლონდონის ეკონომიკური სკოლა და ჰარვარდის უნივერსიტეტი. 1941-45-ში მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტში წყნარ ოკეანეზე. 1945 წელს ხელი მოჰკიდა ჟურნალისტიკას. 1947-53 წლებში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, 1953-61 წლებში – სენატორი. 1961 წელს დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტი. 1963 წელს კენედის მთავრობამ ხელი მოაწერა მოსკოვის ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის სამ სფეროში გამოცდის შეწყვეტის შესახებ. 1963 წლის ნოემბერში, ქვეყანაში მოგზაურობისას, ვერაგულად მოკლეს. დაკრძალულია ვაშინგტონში, არლინგტონის სასაფლაოზე. ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ (1646-1716) – გერმანელი ფილოსოფოს-იდეალისტი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ისტორიკოსი, იურისტი, თეოლოგი, დიპლომატი. გარკვეული წვლილი შეიტანა ფსიქოლოგიაში, ენათმეცნიერებაში, ბიოლოგიაში, გეოლოგიაში, ქიმიაში. მასვე ეკუთვნის მრავალი ტექნიკური აღმოჩენა. 1863 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, 1864 – ფილოსოფიის მაგისტრისა, 1866 – ლიცენციანტისა და სამართლის დოქტორისა. უარი თქვა პროფესორობაზე და 1672 წელს დიპლომატიური მისიით გაემგზავრა პარიზში, შემდეგ – ლონდონში. ნიუტონისგან დამოუკიდებლად შექმნა დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა. ფილოსოფიაში თანმიმდევრულად ავითარებდა იდეალისტურ რაციონალიზმს. არის მათემატიკური ლოგიკის წინამორბედი და მათემატიკის საფუძვლების პირველი მკვლევარი. მისგან იღებს სათავეს ლოგიცისტური მიმართულება მათემატიკურ ფილოსოფიაში. ლინკოლნი აბრაამ (1809-1865) – აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, 1847-1849 წლებში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. მექსიკის წინააღმდეგ აშშ-ის მტაცებლური ომის (1846-1848) დროს აშშ-ის კონგრესში შეიტანა რეზოლუცია ომის შეწყვეტის შესახებ. იყო რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ორგანიზატორი (1854). 1860 წელს აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, რამაც დააჩქარა სამხრ. მონათმფლობელური შტატების გამოსვლა კავშირიდან და დასაბამი დაუდო აშშ-ში სამოქალაქო ომის (1861-1865) დაწყებას. 1864 წელს მეორე ვადით ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. ომის რევოლუციურად წარმართვამ მონათმფლობელებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და მონობა აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე გაუქმდა. 1864 წლის 14 აპრილს მონათმფლობელებისა და აშშ-ში მათი მოკავშირეების აგენტმა – მსახიობმა ჯ. ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა. ლინკოლნი ამერიკელი ხალხის ეროვნული გმირია. ლოკი ჯონ (1632-1704) – ინგლისელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი, მატერიალისტური სენსუალიზმის ფუძემდებელი, პოლიტიკოსი, მოაზროვნე, ახალი დროის ფილოსოფიაში შემეცნების თეორიის პირველი სისტემატიკოსი. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1667). ლოკის ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა ინგლისური პოლიტიკური ეკონომიკის შემდგომ განვითარებაზე, კერძოდ, ა. სმითის და რიკარდოს შეხედულებებზე. იყო პარლამენტურ-მონარქიული კონსტიტუციური წყობილების მომხრე, მოითხოვდა უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების (პარლამენტის) გამოყოფას აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. ეს თეორია ასაბუთებდა სახელმწიფოს წარმოშობას ადამიანთა ,,ბუნებითი უფლებების“ საფუძველზე. მიაჩნდა იგი პირადი თავისუფლებისა და კერძო საკუთრების დაცვის ორგანოდ. ლუთერი მარტინ (1483-1546) – ბიურგერული რეფორმაციის მეთაური გერმანიაში, გერმანული პროტესტანტიზმის (ლუთერანობის) ფუძემდებელი. 1505 წელს დაასრულა ერფურტის უნივერსიტეტი თავისუფალ ხელოვნებათა მაგისტრის ხარისხით. იმავე წელს ბერად შედგა ერფურტის ავგუსტინიანელთა მონასტერში. 1508 წლიდან ლექციებს კითხულობდა ქ. ვიტენბერგის უნივერსიტეტში. (1512-დან – ღვთისმეტყველების დოქტორი). 1517 წლის 31 ოქტომბერს ვიტენბერგის ეკლესიის კარებზე გამოაკრა თავისი 95 თეზისი ინდულგენციებით ვაჭრობის წინააღმდეგ. ეს თეზისები შეიცავდნენ ლუთერის ახალი რელიგიური მოძღვრების მთავარ დებულებებს და უარყოფდნენ კათოლიციზმის ძირითად დოგმებს. ლუთერი ცნობილია აგრეთვე როგორც კულტურის მოღვაწე, – ენის, მუსიკალური განათლების რეფორმატორი, მას სავალდებულო სასწავლო დისციპლინებში შეჰქონდა საღვთო წერილი, კლასიკური ენები, ისტორია, მუსიკა და მათემატიკური საგნები. მის მიერ ბიბლიის გერმანულ ენაზე შესრულებულმა თარგმანმა საფუძველი ჩაუყარა საერთო გერმანულ სალიტერატურო ენას და დიდი გავლენა მოახდინა შემდგომი დროის გერმანულ ლიტერატურაზე. მაკიაველი ნიკოლო (1469-1527) – იტალიელი პოლიტიკოსი, მოაზროვნე, მწერალი, ისტორიკოსი, სამხედრო თეორეტიკოსი, დიპლომატი. 1498 წლიდან იყო ,,ათთა კოლეგიის“ მდივანი. 1512 წელს გადააყენეს თანამდებობიდან და გადაასახლეს სან-კაშინოს მახლობლად,მისსავე მამულში, სადაც ცხოვრობდა სიკვდილამდე. მისი უმნიშვნელოვანესი თხზულებებია : ,, მსჯელობა ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის გამო“, ,,ხელმწიფე“, ,,ფლორენციის ისტორია“. მაკიაველის აზრით, სახელმწიფოს განმტკიცებისათვის დასაშვებია ყველა საშუალება – ძალადობა, მკვლელობა, სიცრუე, გამყიდველობა (შემდეგში შეიქმნა ტერმინი ,,მაკიაველიზმი“, რომელიც აღნიშნავს მორალის კანონების უარმყოფელ პოლიტიკოს), იყო კომედიოგრაფი. წერდა უმთავრესად არისტოფანეს, ტერენციუსისა და პლავტუსის მიბაძვით (,,ანდრია“, ,,კლიცია“), მაგრამ ,,მანდერამორათი“, მკვეთრად გაემიჯნა ლათინურ კომედიას, მის პირობითობას და დაუახლოვდა ჩინკვეჩენტოს თხრობით ლიტერატურას. აღსანიშნავია მისი წიგნი ,,დიალოგი ენის თაობაზე“. ტრაქტატში ,,სამხედრო ხელოვნების შესახებ“ მკაცრად აკრიტიკებდა დაქირავებული ჯარის სისტემას და წინადადებას იძლეოდა შეეცვალათ იგი ხელმწიფის მორჩილებაში მყოფი მუდმივი ჯარით. 1559 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ მაკიაველის თხზულებები შეიტანა ,,აკრძალული წიგნების ინდექსში“. მაძინი ჯუზეპე (1808-1872) – იტალიელი რევოლუციონერი, ბურჟ. დემოკრატი, რისორჯიმენტოს ერთ-ერთი ბელადი, მისი მემარცხენე რესპუბლიკურ-დემოკრატიული მიმდინარეობის ხელმძღვანელი და იდეოლოგი.184041 წლებში ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლაში მუშათა კლასის ჩამბის მიზნით ლონდონში ჩამოაყალიბა ,, იტალიელი მუშების კავშირი“, 1834 წელს შვეიცარიაში დაარსა რევოლუციური ორგანიზაცია ,, ახალგაზრდა ევროპა“. მონაწილეობა მიიღო იტალიის 1848-1849 წლების რევოლუციაში. გარიბალდის ურჩევდა, დაეძრა რევოლუციური ჯარი რომის გასათავისუფლებლად. კატეგორიულად უარყოფდა კლასთა ბრძოლას, ბურჟუააზიის წინააღმდეგ პროლეტარიატის ბრძოლის აუცილებლობას. ეს იყო I ინტერნაციონალსა და პარიზის კომუნასთან მისი უარყოფითი დამოკიდებულების ერთ-ერთი მიზეზი. მედისონი ჯეიმზ (1751-1836) – აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე, დამოუკიდებლობისათვის ომის (1775-83) მონაწილე. შეადგინა პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედო ამერიკის კონსტიტუციას. 1789-97 წლებში წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1801-1809 წლებში იყო სახელმწიფო მდივანი ტ. ჯეფერსონის მთავრობაში. 1809-17 წლებში აშშ-ის პრეზიდენტი. მეტერნიხი, მეტერნიხ-ვინებურგი, კლემენს ვენცელ ლოთარ (1770-1859) – თავადი, ავსტრიის სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატი. 1809-21 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი და ავსტრიის მთავრობის ხელმძღვანელი. 1815 წლის 15 იანვარს დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლებთან ერთად ხელი მოაწერა საიდუმლო ხელშეკრულებას რუსეთისა და პრუსიის წინააღმდეგ. იყო საღვთო კავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მეტერნიხის მთავრობა დაემხო ავსტრიის 1848-1849 წლების რევოლუციის შედეგად. მეტერნიხი გაიქცა ინგლისში, შემდეგში – ბელგიაში. რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა ავსტრიაში, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში აღარ მონაწილეობდა. რიშელიე არმან ჟან დიუ პლესი (1585-1642) – საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1622), ,,საფრანგეთის ნავიგაციისა და კომერციის დიდოსტატი და გენიალური სიურინტენდანტი“ (1626), ჰერცოგი და პერი (1631). 1624 წლის აგვისტოდან სამეფო საბჭოს მეთაური და საფრანგეთის მმართველი, რომლის პოლიტიკა მიმართული იყო სამეფო აბსოლუტიზმის განმტკიცებისაკენ. დაუწყო ომი დამოუკიდებელ ჰუგენოტურ რესპუბლიკას, ზღვიდან და ხმელეთიდან გარემოიცვა და აიღო მისი მთავარი სიმაგრე ქ. ლა- როშელი (1627) და ციხესიმაგრეები სამხრეთ საფრანგეთში (1629). შეზღუდა პროვ. შტატებისა და პარლამენტის უფლებები. დათრგუნა წარჩინებულთა შეთქმულებები. ატარებდა მერკანტელიზმის პოლიტიკას. მფარველობდა ვაჭრობისა და მანუფაქტურების განვითარებას, ხელი შეუწყო კოლონიზაციას კანადაში, ფრანგების დამკვიდრებას ანტილიის კუნძულებზე, სან-დომინგოში, სენეგალში, მადაგასკარზე. მოახდინა არმიის რეორგანიზაცია და საფუძველი ჩაუყარა სამხედრო ფლოტს. მის დროს იწყება ფრანგების დასახლება რუსეთში და მასთან საფრანგეთის პოლიტიკური დაახლოება. ოცდაათწლიან ომში (1618-48) გამარჯვებებმა საფრანგეთს დაუმკვიდრა პირველობა ევროპაში. მფარველობდა მეცნიერებისა და კულტურის განვითარებისა და წიგნის ბეჭდვას. 1635 წელს საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის აკადემიას. რიშელიეს ხარჯით ააგეს სორბონის უნივერსიტეტის შენობა (1635-42). მის კალამს ეკუთვნის ,,პოლიტიკური ანდერძი“, რომელშიც ჩამოყალიბებულია ფრანგული აბსოლუტიზმის პრინციპები, აგრეთვე დიპლომატიური და სხვა სახის მიმოწერა (გამოცემულია 8 ვტომად). რუზველტი თეოდორ (1858-1919) – აშშ-ის სახელმწიფო მოღვაწე. ეკუთვნოდა რესპუბლიკურ პარტიას. სხვადასხვა დროს იყო ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის პრეზიდენტი, საზღვაო მინისტრის თანაშემწე, ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი. 1901 წლის იანვარში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1901 წელს სექტემბერში – პრეზიდენტი. 1904 წელს პრეზიდენტად აირჩიეს მეორე ვადით (1905-1909). ატარებდა აქტიურ იმპერიალისტურ საგარეო კურსს. ლათინური ამერიკის ქვეყნების მიმართ გამოაცხადა ,,დიდი ხელკეტის“ პოლიტიკა. 1903 წელს აშშ-მა წაართვა პანამის არხის ზონა. მისი მთავრობა ფინანსურ და დიპლომატიურ დახმარებას უწევდა იაპონიას რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) დროს. რუსო ჟან-ჟაკ (1712-1776) – ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, კომპოზიტორი, განმანათლებელი. 1741 წლამდე რუსო ცხოვრობდა შვეიცარიაში, შემდეგ წავიდა პარიზში. აქ დაუახლოვდა დიდროს და მონაწილეობა მიიღო ენციკლოპედიის შექმნაში. ბავშობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით. შეადგინა ახალი სანოტო ანბანი, დაწერა რამდენიმე მუსიკალური კომედია. მისი ფილოსოფიური, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და პედაგოგიკური შეხედულებანი დასრულებული სახით მოცემულია ტრაქტატში ,,საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ“ და რომანში ,,ემილი ანუ აღზრდის შესახებ“. 1761 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ჟიული ანუ ახალი ელოიზა“, – ალპების ძირში მდუმარე ქალაქის მცხოვრები ორი შეყვარებულის წერილები. მის რომან-ავტობიოგრაფია ,,აღსარებაში“ გადმოცემულია ხალხის ინტერესებისათვის მებრძოლი, ხალხის წრიდან გამოსული მარტოხელა კაცის ცხოვრების მღელვარე ცხოვრება. ,,აღსარების“ ერთგვარი დამატებაა დიალოგები ,,რუსო განსჯის ჟან-ჟაკს“ და ,,ეული მეოცნების სეირნობები“. სენ-სიმონი კლოდ ანრი დე რევრუა (1760-1825) – გრაფი, ფრანგი მოაზროვნე, უტოპიური სოციოლოგი. ცდილობდა თავისი ეპოქის მეცნიერული და ფილოსოფიური ცოდნის სინთეზის სახით შეექმნა უნივერსალური მოძღვრება. 1779 წელს მიემგზავრება ამერიკაში და მონაწილეობს ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ბრძოლაში ინგლისის წინააღმდეგ. წამოაყენა პანამის არხის გაჭრის პროექტი. 1825 წელს გამოდის სენ-სიმონიზმის ორგანო – ,,მწარმოებელნი“, რომელიც 1826 წელს დაიხურა. 1831 წლიდან მათი ორგანო გახდა ჟურნალი ,,გლობუსი“. მიიჩნევდა, რომ საზოგადოებაში გაბატონებული უნდა ყოფილიყო მწარმოებელი კლასი (მიწათმოქმედები, ფაბრიკანტები, ვაჭრები), რადგან ისინი ქმნიან და ანაწილებენ მთელ დოვლათს. პროლეტარიატის განთავისუფლებას უმაღლეს მიზნად აცხადებს, მაგრამ პროლეტარიატი მხოლოდ სიბრალულის ობიექტად მიაჩნია, და არა მებრძოლ ძალად. მისი მოძღვრება წარმოადგენდა მეცნიერული სოციალიზმის ერთ-ერთ წყაროს. სმითი ადამ (1723-1790) – შოტლანდიელი ეკონომისტი და ფილოსოფოსი, ,,პოლიტიკური ეკონომიკის მამა“ – სწავლობდა გლაზგოსა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში, 1764-1766 წლებში იმყოფებოდა საზღვარგარეთ, უმეტესად საფრანგეთში, სადაც დაუახლოვდა ენციკლოპედისტებსა და ფიზიოკრატებს. 1776 წელს გამოაქვეყნა თავისი მთავარი შრომა ,, გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“. სმითმა დაუშვა ობიექტური ეკონომიკური კანონების არსებობა და მათი შეცნობის შესაძლებლობა. ითვლება თავისუფალი გაცვლისა და საერთოდ ეკონომიკური ლიბერალიზმის დოქტრინის ინიციატორად. პირველმა განსაზღვრა პოლიტიკური ეკონომიკის, როგორც მეცნიერების ორადი ამოცანა : თეორიული და პრაქტიკული შრომითი ღირებულების თეორია მიიჩნია კაპიტალისტური ეკონომიკის ყველა მოვლენის გეგმის საფუძვლად. სპინოზა ბენედიქტ (ბარუხ) (1632-1677) – ჰოლანდიელი (ნიდერლანდელი) პანთეისტი ფილოსოფოსი, რაციონალისტი. ახალგაზრდობაში მიიღო ებრაული სასულიერო განათლება და ებრაელთა წესის შესაბამისად შეისწავლა ერთ-ერთი ხელობაც – ლინზების დამზადება. მისი უმთავრესი შრომაა გეომეტრიული პრინციპებით დალაგებული ,,ეთიკა“ (1677). ზოგი მას მატერიალისტური პანთეიზმის წარმომადგენლად, საერთოდ მატერიალისტად და ათეისტად თვლის, ზოგი კი – იდეალისტური პანთეიზმის დამცველად და ათეისტად. სპინოზას შემეცნების თეორია სამ საფეხურად იშლება: იმაჟინალური შემეცნება, რომლის საგანია გრძნობადი სინამდვილე;ინტელექტუალური შემეცნება, რომლის საგანია მიზეზობრიობა, ზოგადობა მოდუსებში;ინტუიციური შემეცნება, რომელიც ინტელექტუალური ინტუიციის სახეს ატარებს, და რომლის საგანიცაა ატრიბუტები (სუბსტანციები).ტალეირანი, ტალეირან-პეირგორი შარლ მორის (1754-1838) – ბენევეტოს თავადი (1806-1815), დინოს ჰერცოგი (1817 წლიდან), საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1788-1791 წლებში ოტენის ეპისკოპოსი, 1787 წელს გენერალური შტატების დეპუტატი სასულიერო წოდებიდან, 1797-1799 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხელი შეუწყო 18 ბრიუმერის გადატრიალებას (1799), კონსულობისა და იმპერიის წლებში ისევ საგარეო საქმეთა მინისტრია. 1830-1834 წლებში ელჩად იყო ლონდონში. იყო ე.წ. კლასიკური დიპლომატიის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი, ,,ყველა ბატონის მსახური“; მოქნილი პოლიტიკოსი და ინტრიგების უბადლო ოსტატი. გამოირჩეოდა გამჭრიახობითა და დიდი ანგარებით, იღებდა ქრთამს ყველასგან, ვისაც მისი დახმარება ესაჭიროებოდა. ფიხტე იოჰან გოტლიბ (1762-1814) – გერმანელი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე, გერმანული კლასიკური იდეალიზმის წარმომადგენელი, კანტის მოწაფე და შელინგის მასწავლებელი.სწავლობდა იენასა და ლაიფციგში. 1792 წელს კანტის გავლენით დაწერა ნაშრომი ,,ყოველი გამოცხადების კრიტიკის ცდა“, რომელმაც ერთბაშად მოუხვეჭა სახელი. იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და რექტორი. იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ. წამოაყენა სოციალ. (ქრისტიანული) სახელმწიფოს იდეა, რომელიც ,,ეთიკური სოციალიზმის“ ერთერთი წყარო გახდა. ის აცხადებს : რელიგია მხოლოდ მორალს უნდა დაემყაროს. ღმერთი ჩვენი შემეცნების უძლურების ნაყოფია. ღმერთი მხოლოდ მორალური წესრიგია სამყაროსი. ადამიანის უკვდავება კაცობრიობისათვის მარადიული ღირებულების შექმნაში მდგომარეობს. ნეტარება ვალდებულების შესრულებით გამოწვეული ბედნიერების გრძნობაა. ფურიე ფრანსუა მარი შარლ (1722-1837) – ფრანგული უტოპიური სოციალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი : კ. სენ-სიმონთან და რ. ოუენთან ერთად საფუძველი ჩაუყარა კრიტიკულ-უტოპიურ სოციალიზმს. ფურიეს მოძღვრების ყველაზე ძლიერი მხარეა კაპიტალიზმის კრიტიკა. მან შეიმუშავა კაცობრიობის ისტორიის ორიგინალური სქემა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება თანმინდევრულად გაივლის იდემიზმის, ველურობის, ბარბაროსობისა და ცივილიზაციის პერიოდებს და უცილობლად მივა ჰარმონიულ წყობილებამდე, რომელიც მომავალი კომუნისტური საზოგადოების წინასახეა, სადაც წაიშლება განსხვავება ქალაქსა და სოფელს შორის, გონებრივსა და ფიზიკურ შრომას შორის; შრომა გადაიქცევა საყოველთაო მოთხოვნილებად, ადამიანი თავისუფლად აირჩევს თავისი უნარისა და მიდრეკილების შესაფერის პროფესიას, გახდება ყოველმხრივ განვითარებული პიროვნება. ჯეფერსონი ტომას (1743-1826) – ამერიკელი მოღვაწე. დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) ავტორი, მასვე ეკუთვნის ,,სტატუსი რევოლუციური თავისუფლებისათვის“, რომელმაც გავლენა მოახდინა ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფაზე. 1784 წელს კონგრესს შესთავაზა დასავლეთის მიწების ნაციონალიზაცია და მონობის გაუქმება აშშ-ში ახალგაერთიანებულ ყველა შტატში, მაგრამ მონობა მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დასრულდა. 1790-93 წლებში აშშ-ის პირველი სახელმწიფო მდივანი ჯ. ვაშინგტონის პირველ მთავრობაში. იყო მე-18 საუკუნის განმანათლებელთა მემარცხენე რევოლუციური ფრთის თვალსაჩინო წარმომადგენელი. 1801-1809 წლებში იყო აშშ-ის პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გაუქმდა წინა მთავრობის მიერ მიღებული რეაქციული კანონები, შემცირდა არმია და ფლოტი, სახელმწიფო აპარატი. საფრანგეთისგან შეიძინა ლუიზიანა (1803) და დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან (1808-09). ჰობზი ტომას (1588-1679) – ინგლისელი ფილოსოფოსი, მატერიალისტი, ათეისტი. დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი (1608). ინგლისურად თარგმნა თუკიდიდე და ჰომეროსი. მისი მთავარი ნაშრომია ,, ფილოსოფიის ელემენტები“, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან : ,, სხეულის შესახებ“, ,,ადამიანის შესახებ“ და ,,მოქალაქის შესახებ“. თავის მთავარ დამსახურებად თვლიდა საზოგადოების შესახებ მეცნიერების შექმნას. მას საწყის მდგომარეობად მიაჩნდა ყველას ბრძოლა ყველას წინააღმდეგ, ხოლო გონების ტრიუმფად – იმის გაცნობიერება, რომ ეს ყველასათვის დამღუპველია, და რომ აუცილებელია განუსაზღვრელი თავისუფლების შეზღუდვა და ხელშეკრულებითი სახელმწიფოს შექმნა. ჰობზის აზრით, პიროვნება სავსებით უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ, თუ ხელისუფლება ვერ ასრულებს თავის მოვალეობას, გამართლებულია ხელშეკრულების დარღვევა, ე.ი. რევოლუცია (,,ლევიათანი“, 1651), რაც უდიდესი უბედურებაა. მმართველობის საუკეთესო ფორმად ჰობზი მონარქიას მიიჩნევს.მისი მოძღვრება განავითარა ჯ. ლოკმა. შენიშვნები ,,პრეამბულა“ არის ზურაბ ჟვანიას მიერ ჩაფიქრებული წიგნის ერთი თავი, რომელიც მან დაწერა 1997 წელს.ზურაბ ჟვანიას, როგორც პოლიტიკოსს, ლექციები წაუკითხავს კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტში, ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტში, სტენფორდის უნივერსიტეტში, МГИМО -ში, აგრეთვე გერმანიის უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ისრაელის უნივერსიტეტებში.ლაპარაკია სახელმწიფო მმართველობისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებზე,რომლებიც ერთად ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას ლექციებს.შეკითხვა სავარაუდოთ მოდის იმ აზერბაიჯანელი და სომეხი სტუდენტებისაგან, რომლებიც ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას ლექციებს.შესაძლებელია, აქ ჩანაწერი არ იყოს სწორი და იგულისხმება ,,outsourcing“ , რომლის ნაწილიცაა ,,procurement”.სავარაუდოდ, რეპლიკის შინაარსი არის 1997 წელს ევროსაბჭოს გენერალურ ანსამბლეაზე ზურაბ ჟვანიას მიერ ნათქვამი ფრაზის გახსენება – ,,მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“.ლაპარაკია ჟურნალისტიკის ფაკულტეტის აზერბაიჯანელ სტუდენტზე, რომელიც ესწრებოდა ზურაბ ჟვანიას ლექციებს და ისმენდა თარგმანს.შემდეგ წელს ზურაბ ჟვანიამ თავის ლექციების კურსს უწოდა ,,დემოკრატიული პოლიტიკის თეორია და პრაქტიკა“.ლუთერი ჩავიდა რომში სავარაუდოთ 1510-1511 წლებში პაპ იულიუს II-ის დროს. იგი შეაძრწუნა იმ პრაქტიკამ, რომელიც დანერგა იულიუს II-ის წინამორბედმა პაპმა ალექსანდრე ბორჯიამ, რომელმაც 1500 წლიდან აქტიურად დაიწყო ინდულგენციების გაყიდვა. მაგრამ მარტინ ლუთერის დაპირისპირება მიმდინარეობდა შემდეგ პაპთან – ლეო X -სთან, რომელმაც მას გამოუგზავნა განკვეთის ბულა და იწვევდა მარტინ ლუთერს რომში თავისი შეხედულებების დასაგმობად; ეს ბულა მარტინ ლუთერმა დაწვა.სწორია: ,, Common People” ან ,,Working Class”.უფრო ზუსტად, აქ ლაპარაკია ინსტიტუტზე, რომელსაც ჯერ არ ერქვა ,,პარლამენტი“. ეს არის ,,საბჭო“, რომელიც რეალურად შეიძლება ჩაითვალოს პრეპარლამენტად. ასეთი ,,საბჭო“ პირველად შეიქმნა 1258 წელს და შედგებოდა თხუთმეტი წევრისგან. იგი ეფუძნებოდა ამ წელსვე მიღებულ ,, ოქსფორდის პირობებს“, რომელიც სიმონ დე’ მონფორდის თაოსნობით ბარონებმა მიაღებინეს მეფე ჰენრის. განსაზღვრული იყო ასეთი თხუთმეტკაციანი საბჭოს შექმნა იმ მიზნით, რომ ეს საბჭო გააკონტროლებდა მინისტრების დანიშვნას, ადგილობრივ მმართველობასა და სამეფო ციხეებს. ,,ოქსფორდის პირობები“ 1259 წელს შეიცვალა,,ვესტმინსტერის პირობებით“, რომელთა მეფე ჰენრის მიერ გაუქმებამაც გამოიწვია ,,ბარონთა ომი“. 1264 წელს სიმონ დე მონფორდმა სამოქალაქო ომის შემდეგ, როდესაც მეფე ჰენრი დაპატიმრებული იყო, შეძლო ახალი (ცხრა) ადამიანისაგან შემდგარი საბჭოს არჩევა და ქვეყნის მართვა. ამავე წელს იგი იწვევს რაინდებს, საეკლესიო პირებს და დიდგვაროვნებს, ხოლო 1265 – წელს ქალაქის წარმომადგენლებს საბჭოში, რომელიც უკვე ფაქტიურად ფუნქციონირებს, როგორც პარლამენტი. ,,პეტიციის უფლება“, მიღებული ინგლისის პარლამენტის მიერ 1628 წელს. იგი მიმართავდა ინგლისის მეფე ჩარლზ I-ს იძულებითი სესხების, უკანონო დაპატიმრებების, ,,მაგნა კარტას” პრინციპების უგულველყოფის, საომარი მდგომარეობის გამოცხადების, სასამართლო პროცესში ჩარევის და სხვა საკითხებზე.ამერიკის კონსტიტუციის პრეამბულა : ,,ჩვენ, შეერთებული შტატების ხალხი, იმ მიზნით, რომ შევქმნათ უფრო სრულყოფილი კავშირი, დავამკვიდროთ მართლმსაჯულება, დავამყაროთ საშინაო მშვიდობა, უზრუნველყოთ საშინაო თავდაცვა, ხელი შევუწყოთ საყოველთაო კეთილდღეობას და შევუნარჩუნოთ ჩვენს თავსა და ჩვენ შთამომავლობას მადლი თავისუფლებისა, ვადგენთ და ვაფუძნებთ ამერიკის შეერთებული შტატების წინანმდებარე ,,კონსტიტუციას“.ლექციის შესავალი ნაწილი დაკარგულია.იგულისხმება ტერმინის შემოტანა და გააქტიურება სპეციფიკურად ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში.აუდიოჩანაწერი დაკარგულია. ლექცია მოყვანილია მხოლოდ ერთი ტრანსკრიპტის საფუძველზე.ამ პერიოდში ინსტიტუტში მიმდინარეობდა მომავალ სამხედრო ატაშეთა მომზადება, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას ლექციებს, და ამ შემთხვევაში ზურაბ ჟვანია მათ გულისხმობს.Bypass – ესე იგი ,,შემოვლით“ – ნახმარია ტერმინი, რომელიც ამ კონტექსტში ხშირად გამოიყენებოდა. 19 “Slow food” – ,,ნელი საჭმელი“, “Fast food” – ,,სწრაფი საჭმელის” საპირისპიროდ.20 აუდიოჩანაწერი დაკარგულია. ლექცია მოყვანილია მხოლოდ ერთი ტრანსკრიპტის საფუძველზე.