ძებნა
'ვენდოთ' ძებნის შედეგები.
-
რაც კი წიგნები და სტატიები დამიწერია უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ყველა ნაშრომს რეფრენივით მიჰყვება ჩემი აღფრთოვანება იმით, თუ რა შეიტყვეს მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმის შესახებ. ჩემმა ხანგრძლივმა კარიერამ, რომელიც ბიოსამედიცინო კვლევების ახსნაში გავატარე, სამეცნიერო პროცესისადმი უდიდესი პატივისცემა გამიჩინა. მიუხედავად პერიოდულად არასწორად გადადგმული ნაბიჯისა თუ უკან წაღებული მოსაზრებისა, მაინც მჯერა, რომ მეცნიერება სამყაროს უფრო მკაფიოდ აღქმასა და მასში წარმატების მიღწევაში გვეხმარება. როდესაც მეცნიერებმა აქამდე არნახული კორონავირუსის შესწავლა დაიწყეს, მეც მომამარაგეს უსაფრთხოების რჩევებით. ისინი იმ ჰიპოთეზას ეყრდნობოდნენ, რომ ვირუსი ძირითადად ხველებისა და ცემინების შედეგად დაფრქვეული და ზედაპირზე შერჩენილი წვეთებით გადაეცემოდა. მეც მორჩილად ვწმენდდი მაგიდის ზედაპირებს, სახეზე არ ვიკარებდი ხელს და ისეთი მონდომებით ვიბანდი მათ, რომ ჩემი ქორწინების ბეჭდის პატარა ბრილიანტი არნახულად ბრწყინავდა. მალე კი ჩემს ქალაქში, ნიუ-იორკში, კარანტინის გამოცხადებიდან ორკვირანახევრის შემდეგ, მეცნიერების გზავნილი შეიცვალა – ახლა ყველას პირბადე უნდა ჰკეთებოდა. თავდაპირველად ექიმები დარწმუნებით გვეუბნებოდნენ, რომ ნიღაბი არ უნდა გვკეთებოდა, თუკი ჯანდაცვის სისტემაში პაციენტებთან არ ვმუშაობდით. ყველაფერი ახალმა ჰიპოთეზამ შეცვალა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი მეტწილად ჰაერით ვრცელდებოდა. ჰოდა, რომელი იყო სწორი? ზედაპირით გადაცემა, თუ ჰაერით? რისი უფრო უნდა გვეშინოდეს, ლიფტის დაბინძურებული ღილაკების, თუ ჩვენ ახლოს მყოფი ადამიანების? საერთოდ, იცოდნენ თუ არა რაიმე მეცნიერებმა? ნიღბების შესახებ რეკომენდაციის ასეთმა ცვლილებამ შემაშინა. შემაშფოთა არა თავად ამ ახალმა რჩევამ, არამედ შეფარულმა, ავის მომასწავებელმა გზავნილმა, რომელიც ამ ყველაფრის უკან იმალებოდა: მეცნიერები ამ ვირუსში გზადაგზა ერკვეოდნენ. მსოფლიოს უდიდესი ექსპერტების ყველაზე დამაჯერებელი გამოსვლებიც კი უკვე სფეროს მცოდნე, კეთილი განზრახვების მქონე ადამიანების ჩვეულებრივ ვარაუდებად მეჩვენებოდა. კარგი იქნება, იმაზეც დავფიქრდეთ, რა გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება ჩვენზე ამ პროცესს: როგორია, უყურო მეცნიერებს, რომლებიც საჯაროდ, საოცარი ტემპით და, ამასთან, ხელის ცეცებით ცდილობენ, უკეთ შეიცნონ კორონავირუსი და დაამარცხონ მის მიერ გამოწვეული დაავადება – COVID-19. მეცნიერების ჩემნაირი მოყვარულისთვისაც შემაშფოთებელი იყო მათი დებატების, უთანხმოების, აზრთა ცვალებადობისა და ხელახალი შეფასებების მოსმენა. ვოცნებობდი ლაბორატორიის ხალათში გამოწყობილ გმირზე, რომელიც ყველას გადაგვარჩენდა. 1955 წელს ჯონას სოლკმა პოლიომიელიტის ვაქცინა შექმნა და საზარელი დაავადება დაამარცხა. პოლიომიელიტის ვირუსს ბავშვების პარალიზება შეეძლო და ყოველ ზაფხულს პანიკას იწვევდა, რის გამოც საბოლოოდ ბანაკები და აუზები იხურებოდა. სანამ მეცნიერები კაცობრიობას შემაძრწუნებელი, ერთი შეხედვით ჯიუტი ეპიდემიისგან გვიხსნიან, შეიძლება კიდევ ერთი ბედნიერი დასასრული დაგვიდგეს: არა მხოლოდ გადავრჩეთ, არამედ ახალი ცოდნაც შევიძინოთ. თუკი ამ მწუხარე გამოცდილებიდან რამეს ვისწავლით, იმედი მაქვს, დაგვამახსოვრდება რომ შეგვიძლია სამეცნიერო პროცესს დავეყრდნოთ და ვირწმუნოთ, რომ ის ეგზისტენციალური კრიზისიდან გამოგვიყვანს. სწორად გამიგეთ: საკმაოდ დიდი და უპრეცედენტო გამოწვევა გვაქვს. ეს კორონავირუსი, იგივე SARS-CoV-2 გადამდებობისა და მომაკვდინებლობის ისეთი მრისხანე ნაზავია, რომ მას ანტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, თავისი „უდიდესი კოშმარი“ უწოდა. ჯერ ერთი, როდესაც ეს ვირუსი გამოჩნდა, მის მიმართ იმუნიტეტი არავის ჰქონდა. მეორეც, ის საჰაერო გზით გადადის, ზედა სასუნთქ გზებს აინფიცირებს და, შესაბამისად, მარტივად უბრუნდება ჰაერს ადამიანიდან ადამიანზე კვლავ და კვლავ გადასაცემად. მესამე და, ალბათ, უმძიმესი ისაა, რომ ვირუსი ყველაზე გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე. ვირუსი ჩვენი სხეულის თავდაცვითი მექანიზმების დასამარცხებლად ეშმაკურად ეფექტურ ხრიკებს იყენებს. როგორც კი კორონავირუსი პირიდან ან ცხვირიდან შეაღწევს ორგანიზმში, ის იმუნური თავდაცვის პირველ ფრონტს უსხლტება, მარტივად სრიალდება უჯრედებში, მათი მექანიზმის მიტაცებით საკუთარ ასლებს ამრავლებს და რეპლიკაციის ხარისხსაც აკონტროლებს. მას შეუძლია ადამიანის ფილტვის უჯრედები გამოუსადეგარ მასალად გადააქციოს და დაფშვნილ შუშას დაამსგავსოს; გახეთქოს სისხლძარღვები ან გაანადგუროს ისინი მიკროსკოპული თრომბებით, გაანადგუროს თირკმელი, გული ან ღვიძლი – ისე დააზიანოს, რომ ისინი ვეღარც აღვადგინოთ. ვირუსს შეუძლია მეორეული იმუნური რეაქცია გამოიწვიოს, რომელიც მწყობრიდან გამოდის და პარადოქსულად თვითონვე მოაქვს დიდი ზიანი. იმუნიტეტის ზედმეტად მძლავრი რეაქცია, სახელად „ციტოკინური შტორმი“, გვხვდება ჰერპესის, ებოლას და სხვა ვირუსების, ისევე როგორც კიბოსა თუ ავტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში. და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კავშირს დაამყარებს, დიდი ალბათობით – თუმცა ზუსტად არავინ იცის, თუ როგორი ალბათობით – დაავადდება. ფაუჩის უდიდესი კოშმარიო? მე ვერც კი ვიძინებდი. რადგან პანდემია მთელ მსოფლიოს დაატყდა თავს, ვირუსის წინააღმდეგ საჯარო ბრძოლა გაიმართა. რიგითი მოქალაქე ისეთ სამეცნიერო თეორიებს ისმენს, როგორსაც, როგორც წესი, ადრე მხოლოდ აკადემიურ კონფერენციებსა და სამეცნიერო ჟურნალებიდან თუ ამოიკითხავდა. ამ იდეების განხილვა მეტწილად ტელევიზიაში ხდება – ან Twitter-სა და Facebook-ზე და მეც მიჩნდება კითხვა, ამ დისკუსიაში მონაწილეებიდან ვინმეს მაინც თუ ესმის, როგორ მუშაობს მეცნიერება. ათასობით მკვლევარმა ლაბორატორია გადააწყო – განურჩევლად იმისა, თუ რამდენად შორსაა მათი სფერო ვირუსოლოგიისა ან ინფექციური დაავადებებისგან – და ერთიანად შეერკინა ამ ძნელად აღმოსაფხვრელ პრობლემას. მსგავსი არაფერი გვინახავს – დღეს მეცნიერები საოცარი ტემპით მუშაობენ საზღვრებს მიღმა, ერთობლივად – მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი მათგანის პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთს საჯაროდ ეკამათებიან. ასეთი აქტიური მუშაობის ყურება, ერთი მხრივ, ეს შემაგულიანებელია, მეორე მხრივ კი იმდენად რთული, რომ ჩემს ზოგად შფოთვას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ, ისევ ის გავაკეთე, რასაც მთელი ჩემი ცხოვრება ვაკეთებდი: დავურეკე მეცნიერებს, რათა გამეგო, რას ფიქრობდნენ. ჟურნალისტობის მშვენიერი უპირატესობაა: უფლება გაქვს, ჭკვიან ხალხს სულელური შეკითხვები დაუსვა. ეს, როგორც წესი, ჩემივე აზრების ჩამოყალიბებაში მეხმარება, თუმცა ამჯერად ეს მთლად ასე არ მომხდარა. როდესაც მეცნიერება ახალ ტერიტორიაზე შეაბიჯებს, ნათელი ხდება, რამდენად ცოტა ვიცით – მათ შორის მათ, ვინც, წესით, ექსპერტები უნდა იყვნენ – ამიტომაც ამ ზარების დროს გავაცნობიერე, რამოდენა გზა გვაქვს გასავლელი. მაინც კარგი იყო იმის მოსმენა, რომ პასუხებს ბევრი მეცნიერი ეძებდა. „საოცარია იმის ყურება, თუ როგორ იყენებენ ადამიანები თავიანთ ნიჭსა და უნარებს ამ პრობლემის დასაძლევად“, – მითხრა გრეგ გონსალვესმა, იელის უნივერსიტეტში ჯანდაცვის მსოფლიო პარტნიორობის ერთ-ერთმა დირექტორმა. „ყველას უნდა, რაღაც გააკეთოს“, – იქნება ეს იურისტი, გეოგრაფი, ანთროპოლოგი, ხელოვნებათმცოდნე თუ სხვა შორეული სფეროს წარმომადგენელი. მკვლევართა ამოდენა ყურადღების შედეგად მოკლე დროში საოცარი მოცულობის ინფორმაცია დაგროვდა. ცხოველიდან ადამიანზე ვირუსის პირველი გადაცემიდან რამდენიმე კვირაში მეცნიერებმა ვირუსის მთლიანი გენომის სეკვენირება შეძლეს. ზაფხულისთვის ამერიკაში COVID-19-ის 270-ზე მეტი პოტენციური წამლის კლინიკური გამოცდები მიმდინარეობდა. რაც შეეხება მთავარი ჯილდოს – ვაქცინის – ძიებას, აგვისტოს დასაწყისისთვის მკვლევართა საერთაშორისო გუნდებმა ამერიკიდან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ინდოეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, კანადიდან, ტაილანდიდან და სხვა ქვეყნებიდან უკვე 165 კანდიდატი წამოაყენეს. პროგრესი იმდენად სწრაფი იყო, რომ ფაუჩის მსგავსმა ჰიპერრეალისტმაც კი – რომელიც ხშირად ამახვილებს ყურადღებას ფართომასშტაბიანი კლინიკური გამოცდების ჩატარების მნიშვნელობაზე ახალი მედიკამენტის შემოტანამდე – განაცხადა, რომ მისი „ფრთხილი, თუმცა ოპტიმისტური“ რწმენით ვაქცინა შეიძლება მომავალი წლის დასაწყისში მზად იყოს. თუ ის მართალია, ამ ვაქცინის შექმნას სამი წლით უფრო ნაკლები დასჭირდება, ვიდრე ჩვენს ისტორიაში ყველაზე სწრაფად შექმნილ ვაქცინას დასჭირდა. რეკორდი 1967 წელს დამყარდა ყბაყურას ვაქცინით. მეცნიერმა მორის ჰილემანმა გამოიყენა ვირუსი, რომლის გამოყოფაც თავისი ყბაყურათი დაავადებული ქალიშვილისგან მოახერხა. მაგრამ ხანდახან მეცნიერებას უბრალოდ ვერ დააჩქარებ. ტემპერატურის გაზომვა ბატერსის სკოლაში სამხრეთ ლონდონში შემდეგ ჰოვარდ მარკელს დავურეკე, მიჩიგანის უნივერსიტეტში მედიცინის ისტორიის ცენტრის დირექტორს, და ჩემი მღელვარების კიდევ ერთ მიზეზზე ველაპარაკე: კერძოდ იმაზე, რომ კორონავირუსი, თითქოს, შემაშინებლად იცვლიდა ფორმებს. შეგრძნება მქონდა, რომ ყოველდღე გაზეთს ვშლიდი და ვირუსის მორიგ ახალ სამიზნე ორგანოსა ან ახალი მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფის შესახებ ვკითხულობდი. მარკელმა კი, რომელიც მთელი ცხოვრება ეპიდემიების ისტორიას იკვლევს, მითხრა, რომ ეს მოსალოდნელიც იყო: ახალი და მრავალფეროვანი სიმპტომების ხშირი გამოჩენა ყველა ძლიერ გადამდებ ვირუსს ახასიათებს, როდესაც ის კაცობრიობას მოედება. „რაც უფრო მეტი კლინიკური მასალა გაქვს, რაც მეტი პაციენტი გყავს, მით მეტია იმის შესაძლებლობა, რომ ვირუსის ამ ცვალებად ხასიათს დაინახავ“, – თქვა მან. სწორედ ეს მოხდა 1980-იან წლებში შიდსის პანდემიის დასაწყისში. ნებისმიერი დაავადების გამოჩენისას უცნაური სიახლეები იჩენს თავს და ექიმებს აოცებს. იშვიათი სიმპტომის გამოვლენის ალბათობა, მაგალითად, ათასში ერთი რომც იყოს, ექიმები ასეთ სიმპტომს ხშირად წააწყდებიან, თქვა მარკელმა. ასე რომ, COVID-19-ის შესახებ რჩევებისა და განცხადებების ცვლილება საერთოდ არ არის იმის ნიშანი, რომ მეცნიერები დაიბნენ; ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები ახალი დიდი ინფორმაციის გენერირებას ახდენენ და ცდილობენ, გზადაგზა გააანალიზონ ის. ბოლოს ერთ ძველ მეგობარს დავურეკე, სტივენ მორსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის საჯარო ჯანდაცვის მეილმენის სკოლის ეპიდემიოლოგიის პროფესორს. მორსი ფიგურირებდა წიგნში, რომელიც თითქმის 30 წლის წინ დავწერე მოახლოებულ ვირუსებზე – მაშინ მან პრაქტიკულად იწინასწარმეტყველა ჩვენი ახლანდელი კატასტროფა. 1989 წელს სტივენ მორსი გაუძღვა ქვეყნის პირველ კონფერენციას ახალი ვირუსების თემაზე იმ იმედით, რომ მეცნიერებს მისცემდა შემდეგი მსოფლიო ჭირის განჭვრეტის ბერკეტებს. დღეს იგი ამ ალიაქოთით ცოტა უკმაყოფილოა. „არ მომწონს, საკითხს როგორც ვიკვლევთ – ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება“, – მითხრა მორსმა. გაჭირვებით ეცადა, დადებითი მხარეც დაენახა. „დიდი მოცულობის ცოდნა გახდა ხელმისაწვდომი“, – დასძინა მან, – და თუ ზოგიერთი ასეთი ეგრეთ წოდებული ცოდნა არასწორი აღმოჩნდება, თქვა მან თითქოს კიდევ უფრო დიდი გაჭირვებით, ეს ხომ კარგიც შეიძლება იყოს? „მეცნიერება თვითშესწორებადი პროცესია. შეცდომების შესწორების მცდელობამაც შეიძლება გაუმჯობესებულ ცოდნამდე მიგვიყვანოს“. შესაძლოა. თუმცა, მასთან საუბარმა შვება ვერ მომგვარა. მაინც რამდენიმე საკითხი მაწუხებდა. პირველ რიგში, პროცესის პოლიტიზაციას შეეძლო ყველაფერი წყალში ჩაეყარა. მეცნიერებამ COVID-19-ის, მისი განკურნებისა და პრევენციის გზების ზუსტი სურათი რომ დაგვიხატოს კიდევაც, ყველაფერი შეიძლება სრულიად სხვანაირად გადმოსცენ. ანტონი ფაუჩის რეპუტაციის შემლახველი ამ უცნაური კამპანიის მიხედვით, მისი პირველადი რჩევა ზედმეტად ოპტიმისტური იყო; თუმცა მათ გამოტოვეს ფაუჩის მუდმივი რეფრენი: „შესაძლოა, ეს შეიცვალოს“. მეორეც, თავად მეცნიერება შეიძლება დაზიანდეს. თუ მკვლევრები მიზნის სწრაფად მისაღწევად ნაბიჯებს შეამოკლებენ ან რჩევების გაცემისას მონაცემებს არასრულად გააანალიზებენ, თავისდაუნებურად შეიძლება სწორედ იმ პროცესს გამოუთხარონ ძირი, რომელსაც ეყრდნობიან. მართლაც, მორსთან ლაპარაკიდან მალევე წავიკითხე ჯონს ჰოპკინსის ბლუმბერგის საჯარო ჯანდაცვის სკოლის ეპიდემიოლოგებისა და ბიოსტატისტიკოსების გუნდის ანგარიში, რომლის თანახმადაც ბევრი ადრეული კვლევა ზედმეტად ზედაპირული იყო და დიდად არ გამოდგებოდა. გუნდმა COVID-19-ის ჩინეთში, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ჩატარებული პირველი 201 კლინიკური ცდის შედეგი გააანალიზა. როგორც ჩანს, ბევრ საკითხს ზერელედ მოეკიდნენ. კვლევების თითქმის ნახევარი იმდენად პატარა ჯგუფებზე იყო ჩატარებული (100 ან ნაკლები პაციენტი), რომ რეალურად არ იყო ინფორმატიული, ორ მესამედს კი არ ჰქონდა დანერგილი ოქროს სტანდარტი, ე.წ. ბრმა ტესტირება, რომლის დროსაც მკვლევრებმა არ იციან, რომელი მონაწილე გადის საკვლევი მკურნალობის კურსს. ამ არასრულყოფილი კვლევების შედეგებს მაინც აქვეყნებდნენ – ნაწილობრივ იმიტომ, რომ წამყვანმა სამეცნიერო ჟურნალებმა, როგორიცაა New England Journal of Medicine და PLOS-ის გამოცემებმა, საზოგადოებას ექსპერტთა შეფასების დაჩქარება აღუთქვეს და კორონავირუსზე სტატიები ჩვეულ დროზე ორჯერ უფრო სწრაფად გამოაქვეყნეს. გამოქვეყნება შეიძლება ასევე პრეპრინტ-სერვერებზე, რომლებზეც სტატიები მანამდე იდება, სანამ ექსპერტები მათ განხილვას მოახერხებენ. ეს სერვერები პანდემიამდე შეიქმნა სამეცნიერო კვლევაში გამჭვირვალობის წასახალისებლად, თუმცა ისინი სწრაფად გავრცელდა, როდესაც კორონავირუსის კვლევები მოზღვავდა. სპეციალისტთა რეცენზიები გვეხმარება, თუმცა გარანტიას არ გვაძლევს; კორონავირუსის შესახებ დაწერილი და ავტორის მიერ უარყოფილი პირველი 25 სტატიიდან 14 რეცენზირებადი ჟურნალებიდან იყო. ახლა, როდესაც ახალ (თუნდაც სუსტ ან პირობით) აღმოჩენებს ვახმაურებთ, რომლებიც უფრო ადრეულ დასკვნებს ეწინააღმდეგება, ისინი, ვინც ახალ ამბებს ვადევნებთ თვალს, ხშირად სასოწარკვეთილნი და დაბნეულნი ვართ. ყველაზე მეტად ის მაღელვებს, რომ მეცნიერებისადმი სკეპტიკურად განწყობილი ამ მიდებ-მოდების შემყურე ადამიანები მტკიცებულებაზე დაფუძნებულ რჩევებს საერთოდ აღარ მიაქცევენ ყურადღებას. ანტისამეცნიერო განწყობები ნამდვილად არსებობს როგორც ამერიკაში, ისე სხვაგან. ისინი საკმაოდ დამღუპველიცაა და არაერთხელ გაუჩენია ეჭვები ექსპერტების დასკვნებში კლიმატის ცვლილებაზე, იარაღის კონტროლზე, ვაქცინის უსაფრთხოებასა და სხვა მწვავე საკითხებზე. ზოგი ადამიანი COVID-19-ს საერთოდ არ აღიარებს და აცხადებს, რომ პანდემია შეთქმულება ან ტყუილია (ან ორივე ერთად – რას გაიგებ). ისინი ღვარძლიანად უტევენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომელთაგან ზოგიც ხანდახან მკვლელობის მუქარების მიღების შემდეგ სამსახურიდან მიდის. იმ ვიდეორგოლების ნახვაც მაოცებს, რომლებშიც ხალხი მაღაზიის მფლობელებს ან მერიის წარმომადგენლებს პირბადის ტარების მოთხოვნის გამო უყვირის. ეს მხოლოდ ამერიკული ფენომენი არაა. კორონავირუსის შესახებ ნებსით ან უნებლიეთ გავრცელებული ცრუ ინფორმაციისა და მსოფლიოს გარშემო მოდებული შეთქმულების თეორიების გამო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ერთდროულად ჯანდაცვის ორ საჯარო საფრთხეს ვებრძვით: თავად პანდემიასა და მის შესახებ სახიფათოდ მცდარი იდეების „ინფოდემიას“. მაგრამ სულაც არაა საჭირო, COVID-19-ის თავგამოდებული უარმყოფელი იყო იმისთვის, რომ პანდემიის გაკვეთილები გამოგეპაროს; ეს შეიძლება რიგით ახლომხედველ, მარტივად შეცდენად ადამიანსაც მოუვიდეს. „ყველა ეპიდემია, რომელიც შემისწავლია, ყოველთვის მსოფლიო ამნეზიით მთავრდება, – თქვა მარკელმა, – ჩვენ ყოველთვის ძველებურ ცხოვრებას ვუბრუნდებით“. ის „საშინელი პრობლემები“, რომლებმაც პანდემიის გავრცელებას შეუწყო ხელი – ურბანიზაცია, ბუნების განადგურება, საერთაშორისო მგზავრობა, კლიმატის ცვლილება, ომის ლტოლვილები – უბრალოდ არსებობას განაგრძობს. ხალხი კი ინტერესს კარგავს და აღარ ითხოვს, რომ მეცნიერებას მეტი დრო, ფული და ინტელექტუალური რესურსი დაეთმოს. პოლიტიკოსები შემდეგ სანახაობაზე გადადიან, ისინი კი, ვისაც საქვეყნო პოლიტიკის შემუშავება ევალება, თავისთვის გაჰყვირიან: „ჩვენ ეს ჯერ კიდევ გვჭირდება!“ XXI საუკუნე უკვე ისე დაიწყო, რომ მარკელმა მას ეპიდემიების საუკუნე დაარქვა: სარსი 2003-ში, H1N1 (ღორის გრიპი) 2009-ში, მერსი 2012-ში, ებოლა 2014-2016 წლებში, ახლა კი COVID-19 2019 და 2020 წლებში (და კიდევ ვინ იცის, რამდენი ხანი). 20 წელიწადში ხუთი ეპიდემია – თანაც, ყოველი მათგანი წინაზე უარესი – ეს უკანასკნელი კი რამდენიმეჯერ უარესი წინა ოთხივე ეპიდემიაზე ერთად. სანამ XIX საუკუნეში მეცნიერები დაამტკიცებდნენ, რომ დაავადებებს მიკრობები ავრცელებდნენ, ეპიდემიები ბლანტ სისხლს და „მყრალ მიაზმებს“ ბრალდებოდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი გაყინული საცდელი ვაქცინის ინექცია COVID-19-ის საწინააღმდეგოდ კორონავირუსის კვლევა ასეც დაუხასიათებიათ: მეცნიერები თან თვითმფრინავს აწყობენ, თან დაფრინავენო. შესაძლოა, რაღაც (უცნაური) გაგებით, სამეცნიერო პროცესის აღქმაში დაგვეხმაროს კიდეც ამ ყველაფრის ყურება. იქნებ პანდემიამ სკეპტიკოსებიც კი დაარწმუნოს იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამეცნიერო აღმოჩენები ადამიანის კეთილდღეობისთვის. სწორედ ამის იმედი აქვს ლინ ენდრიუსსაც, სამეცნიერო განათლების ეროვნული ცენტრის მასწავლებელთა მხარდაჭერის სამსახურის დირექტორს. „ადამიანები მთლიანობაში ბუნებრივად ენდობიან მეცნიერებას, მაგრამ პოლარიზებულ საკითხებში შეიძლება ყველაფერი აირიოს“, – თქვა ენდრიუსმა, რომელიც ადრე საშუალო სკოლაში ბიოლოგიას ასწავლიდა. შეიძლება კარგიცაა, ასე ნათლად რომ ვხედავთ ყველაფერს. მართლაც, მეცნიერებაში რწმენის ასამაღლებლად საუკეთესო გზა ჰიპოთეზების შემოწმებისა და შეცვლის პროცესის ჩვენებაა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ფართო საზოგადოება უფრო ნაკლებადაა შეშფოთებული მეცნიერების ყურებით, ვიდრე მე ვშიშობდი. 2015 წლიდან პიუს კვლევითი ცენტრი აკვირდება, რას ფიქრობენ ამერიკელები მეცნიერებაზე. აღმოჩნდა, რომ მათი პოზიცია ნელ-ნელა უფრო და უფრო დადებითი ხდება – აქ შედის 2020 წლის აპრილსა და მაისში ჩატარებული გამოკითხვაც – ამ დროს კორონავირუსი პიკს უახლოვდებოდა და გამოკითხულთა დიდი ნაწილი თვითიზოლაციაში იყო. 2019 წლის იანვარში, უკანასკნელ გამოკითხვაში პანდემიის დაწყებამდე, რესპონდენტები უკვე მეცნიერების ნდობისკენ იხრებოდნენ. 86% აცხადებდა, რომ „დიდი“ ან „საკმაო“ რწმენა ჰქონდათ იმისა, რომ მეცნიერებს საზოგადოებრივი ინტერესები ამოძრავებდათ. პანდემიის პერიოდში ნდობის დონე 87%-მდე გაიზარდა. თუმცა შემდეგ, როდესაც კერი ფანკს – პიუს ცენტრის სამეცნიერო და საზოგადოებრივი კვლევის დირექტორს – დავურეკე ამ დამაიმედებელ შედეგებზე სალაპარაკოდ, მირჩია, ძალიანაც არ გამხარებოდა, რადგან ყველაფერი უფრო ჩახლართულად იყო. ფანკის თქმით, მეცნიერებისადმი ნდობის კუთხით გამოკითხვები პარტიული ნიშნით გაყოფასაც ავლენს. რესპუბლიკელებსა და რესპუბლიკელებთან ახლოს მყოფ ადამიანებს ჯერაც არ სურთ მეცნიერების სრულად მიღება. ივლისში კორონავირუსის გავრცელებიდან მალევე პიუს ცენტრმა აღმოაჩინა, რომ რესპუბლიკელების 46%-ის აზრით, COVID-19 „დიდი“ საჯარო საფრთხე იყო. დემოკრატებში ეს რიცხვი 85%-ს აღწევს. პიუს კვლევები მეცნიერებისადმი ნდობაში რასობრივ განსხვავებებსაც ავლენს. წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, შავკანიანი ზრდასრულები უფრო ნაკლებად ენდობიან სამედიცინო სფეროს პროფესიონალებს, ვიდრე მთლიანად მოსახლეობა. ისინი, ასევე, ნაკლებად ენდობიან COVID-19-ის მკურნალობის მეთოდებს თუ ვაქცინას; შავკანიანი რესპონდენტების მხოლოდ 54% გაიკეთებდა COVID-19-ის ვაქცინას „აუცილებლად“ ან „სავარაუდოდ“ – თეთრკანიანებსა და ლათინოამერიკელებში ეს მაჩვენებელი 74%-ს აღწევს. ამ უნდობლობას ის ამძაფრებს, რომ შავკანიან პაციენტებს საავადმყოფოებსა და სასწრაფო დახმარების პუნქტებში არადამაკმაყოფილებლად ეპყრობიან. ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია COVID-19-ის პერიოდში, რადგან ვირუსით ინფიცირებისას შავკანიანთა სიკვდილიანობა ორჯერ მეტია თეთრკანიანებთან შედარებით. ეს რასობრივი და პოლიტიკური განსხვავებები მეცნიერების აღქმაში განსაკუთრებით სახიფათოა ახლა, როდესაც სკეპტიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლისას მეცნიერების პროგრესის ძირის გამოთხრა შეუძლიათ. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ საკმარისი სკეპტიკოსი უგულებელყოფს საკონტროლო საშუალებებსა და ვაქცინებს, მეცნიერება, ალბათ, საერთოდ ვეღარ შეძლებს ჩვენს დაცვას. მინდა მჯეროდეს, რომ ენდრიუსი მართალია იმაში, რომ აქედან რაღაცის სწავლა შეგვიძლია – ალბათ, ეს იმათ არ ეხებათ, ვისაც აზრი უკვე ჩამოყალიბებული აქვს. უფრო მათ, ვისი ბავშვობის წლებიც კორონავირუსმა განსაზღვრა. ამ ბავშვებს – ზოგი მათ „თაობა C“-ს ეძახის – შესაძლოა, ნაკლებად ეყოს მოთმინება ამ პოლარიზაციისთვის, რომელიც ჩვენს დღევანდელობას ახასიათებს. ვთქვათ, ისინი ამ ასაკში – როდესაც ისინი პიროვნებებად ყალიბდებიან – სამეცნიერო პროცესს ახლოდან აკვირდებიან. ისიც დავუშვათ, რომ ბოლოს მეცნიერები მართლაც გადაგვარჩენენ. ახლა 2040 წელია. თაობა C უკვე გაიზარდა. უცბად იწყება ახალი პანდემია. რადგან ეს თაობა COVID-19-ს ასეთ მგრძნობიარე ასაკში შეესწრო, ისინი ახალი სენის მნიშვნელობას მალევე იაზრებენ და ხვდებიან, რომ ეს არ არის ტყუილი. იკეთებენ ნიღბებს, იცავენ სოციალურ დისტანციას, ვაქცინას იკეთებენ მისი გამოსვლისთანავე (და ვაქცინასაც მალევე ამზადებენ, რადგან მეცნიერებმა, ისევე როგორც პოლიტიკოსებმა, ამასობაში რაღაცები ისწავლეს). თაობა C პანდემიას შედარებით ნაკლები სიკვდილიანობთ ან ეკონომიკური შეფერხებით გადაურჩება, რადგან ბავშვობაში მათ მნიშვნელოვანი გაკვეთილები აითვისეს: რომ რჩევები საზოგადო ჯანდაცვაზე ეყრდნობა არსებულ მონაცემებს შორის საუკეთესო ცნობებს, რომ ასეთი რჩევები შეიძლება შეიცვალოს მონაცემების ზრდასთან ერთად, რომ მეცნიერება უწყვეტი პროცესია, რომლის დაჩქარებაც არ გამოდის. შეიძლება უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს იმ სფეროებში, რომლებმაც კორონავირუსის კატასტროფა გადაგვატანინა: გვყავდეს მეტი ექიმი, ექთანი, პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები, ინფექციური დაავადებების, ეპიდემიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და მიკრობიოლოგიის მეტი სპეციალისტი – თითოეულ მათგანს ისეთი კარიერა ექნება არჩეული, რომლის ოქროს ხანაც მათ ბავშვობაში დადგა. ისმის შეკითხვა: უპასუხებს თუ არა თაობა C შემდეგ მსოფლიო ჭირს (რომელიც აუცილებლად დადგება) „გლობალური ამნეზიით“? მინდა, ეს ასე არ იყოს – არა მხოლოდ ჩემი დაზარალებული თავდაჯერებულობისთვის, არამედ ჩემი ორი შვილიშვილისთვის, რომლებსაც ამ რეალობის გამოცდა მოუწევთ. ის, თუ რა მოხდება მომავალ თვეებში, ბევრ რამეს გადაწყვეტს. წარმოიდგინეთ, მაგალითად, რომ ეპიდემიოლოგიური მრუდები, რომლებსაც მთელი წელია ვუკირკიტებ, ბოლოს ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ჩვენც ნორმალურთან მიახლოებულ ცხოვრებას ვუბრუნდებით. წარმოიდგინეთ, რომ ეფექტურ მკურნალობას მივაკვლიეთ და COVID-19 თითქმის ნებისმიერი ადამიანისთვის მოკლევადიანი და განკურნებადი დაავადება გახდა. ვთქვათ, ვაქცინასაც მალე შევქმნით და მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი აიცრება. ეს ყველაფერი თუ მოხდება, ვითომ რატომ არ დავაფასებთ მეცნიერებას და მთელ მის არეულ-დარეულ გენიალურობას კიდევ უფრო მეტად? ვცდილობ, ეს იმედი მაინც შევინარჩუნო იმის მიუხედავად, თუ როგორ აკრიტიკებენ მეცნიერებს პოლიტიკოსები და როგორ ეჭვქვეშ აყენებენ მეცნიერების ყოველ ნაბიჯს „პირადი არჩევანის“ მომხრე ფანატიკოსები. ვცდილობ, ჩემს თავს ვუთხრა, რომ ხანდახან კეთილი ანგელოზი იმარჯვებს, რომ გვყავს ანგელოზების არმია – მეცნიერები, განმანათლებლები, ექიმები, ექთნები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მესვეურები – რომლებიც ჩვენს სიზმრებში კორონავირუსის კადრის გამოჩენის დღიდან დაუღალავად მუშაობენ კეთილი ბოლოსთვის. აი, სწორედ ასეთი დასასრულის მინდა მჯეროდეს: რომელშიც ამ ყველაფრის შემდეგ კიდევ უფრო დავაფასებთ მეცნიერებას – კაცობრიობის ყველაზე დიდ შესაძლებლობას, გადაურჩეს ტანჯვასა და ნაადრევ სიკვდილს. როგორ შეიქმნა ეს ფოტოები: ფოტოგრაფმა გადაწყვიტა, ჩვენი ახალი რეჟიმი თბოვიზორით გადაეღო და ეჩვენებინა, რომ სხეულის ტემპერატურა კორონავირუსის დიაგნოსტიკის საშუალება გახდა. ტემპერატურა ფერების გრადიენტად გარდაიქმნება – ცივი ლურჯიდან თბილ ნარინჯისფრამდე. რობინ მარანც ჰენიგი ჩვენი ჟურნალისთვის ხშირად წერს სტატიებს. ივლისის გამოცემაში ის წერდა, რომ ექსპერტები გვაფრთხილებდნენ პანდემიის მოახლოებაზე. ჯაილზ პრაისი ლონდონში მოღვაწეობს და ფოტოგრაფიის მეშვეობით სოციალურ ლანდშაფტს აფიქსირებს, ხშირად განსხვავებული ოპტიკური ტექნოლოგიებით. ტექნოლოგიები წინ გვიძღვება ფართოდიაპაზონიან ინტერნეტზე წვდომა არასოდეს ყოფილა თანასწორი. პანდემიამ ეს უფსკრული უფრო გამოააშკარავა. და მაინც, მაღალსიჩქარიანი 5G ქსელების პროგრესი მომავალში კიდევ უფრო სრულად მოიცავს სფეროებს, როგორიცაა ტელემედიცინა, საბანკო საქმე, განათლება და ტრანსპორტი – ინტერნეტი იქნება უფრო სწრაფი და მასზე წვდომა კიდევ უფრო მეტს ექნება. „ეს იქნება ცვლილებების ტალღა“, – ამბობს დევიდ გრეინი, სატელეკომუნიკაციო ანძის კომპანიის (მაშინდელი „გლობალ სიგნალის“) ყოფილი პრეზიდენტი. – დენიელ სტოუნი ილუსტრაცია: რეიჩელ ლევიტ რუისიდისტანციური შესაძლებლობები ინტერნეტი მილიონობით ადამიანს დისტანციურად მუშაობის საშუალებას აძლევს, თუმცა შედეგად კიბერშეტევების უფრო დიდი რისკის ქვეშ ვართ. ჯესპერ ანდერსენი, კიბერუსაფრთხოების ფირმა Infoblox-ის აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ „დისტანციური ბიზნესის უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფა ბევრად უფრო რთულია“, არაფერი რომ არ ვთქვათ, მაგალითად, ტელემედიცინის ოფისსა და თვითმავალი მანქანების ქსელზე. დეცენტრალიზებული სერვერები სიჩქარეს გაზრდის, ხოლო ავტორიზაციის უფრო დახვეწილი გზები ონლაინუსაფრთხოებას გააუმჯობესებს. – დენიელ სტოუნი ილუსტრაცია: რეიჩელ ლევიტ რუისიThe post მეცნიერებას უნდა ვენდოთ appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article
-
- მეცნიერებას
- უნდა
-
(and 1 more)
Tagged with: