ძებნა
'დანაშაული' ძებნის შედეგები.
-
მილედი და ოთხი მუშკეტერი ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” საყმაწვილო ლიტერატურის შედევრს წარმოადგენს. ამასთან ერთად იგი სახელმწიფოს შექმნის ბავშვებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოცაა. როგორც ერთ ანეკდოტშია ნათქვამი, ზრდასრულ ასაკში გადავიკითხე “სამი მუშკეტერი” და, თურმე, ერთადერთი დადებითი პერსონაჟი რიშელიე ყოფილაო. კაცმა რომ თქვას — ხუმრობით ნათქვამში ხუმრობის მხოლოდ წილია — ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ავტორი ისე გამოსახავს რიშელიეს, რომ მკითხველთა უმრავლესობას მის მიმართ უარყოფითი შთაბეჭდილება ჩამოუყალიბდეს. ან, იქნებ, ეს რომანის ავტორის მიღწევა კი არაა, არამედ მრავალრიცხოვანი ეკრანიზაციების ავტორებისა? როგორც არ უნდა იყოს, რიშელიე, როგორც პერსონაჟი, მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. რომელი მათგანია სწორი? არსებობს, თუ არა, სწორი ინტერპრეტაცია? ევროპული საყმაწვილო ლიტერატურა სწორედ ასეთი თავსატეხების ერთობლიობას წარმოადგენს, რითაც საკუთარ ცივილიზაციას დიდ სამსახურს უწევს. მოდით, ახლა რობერტ ლუის სტივენსონის “განძთა კუნძული” გავიხსენოთ. აყლაყუდა ჯონ სილვერი, რომელსაც ქართულ თარგმანში “შემწვარ მოზვერს”, ხოლო ორიგინალში — ბარბეკიუ (რაც როგორც შემწვარ ხორცს, ისე მაყალსაც ნიშნავს, აქეთ რომ შეწვავს, ვისაც და რასაც საჭიროა) ჯონს, სრულიად ბუნებრივად მოიცავს როგორც კეთილ და გულისხმიერ მზარეულს, ისე ვერაგ და ულმობელ მეკობრეს. მისი ერთი ჰიპოსტასიდან მეორეში გადასვლა უცაბედად და მოულოდნელად ხდება. ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რომანის სხვა პერსონაჟებსაც ხომ არ გააჩნიათ მეორე, ფარული ხასიათი, რომელიც, სილვერის შემთხვევაში, ავტორმა მკითხველს მზამზარეული სახით შესთავაზა? მაგალითებად განვიხილოთ რამდენიმე შეკითხვა: რატომ არ ჰქონდა “ადმირალ ბენბოუს” საჯინიბო? რომანის მიხედვით, მის სტუმრებს ცხენები ახლომდებარე სოფელში, იქაურ სასტუმროში უნდა დაეტოვებინათ. რატომ უნდა დაბრუნებულიყვნენ ისინი “ბენბოუში”? რატომ არ იცოდა ექიმმა ლივსიმ მედიცინა? ის, რომ მან მედიცინა არ იცოდა, ცხადია. შედარებისათვის, კრიტიკულ სიტუაციაში ლივსი ვეტერანი ოფიცერივით იქცევა. რატომ ჰყავდა ტრელონის ეგერთა შტატი? ტრელონი უბრალო სკვაირია. საიდან ჰქონდა მას იმდენი მიწა, რომ მწევრებით ნადირობა გაემართა? “ისპანიოლა” შხუნა, ამიტომ ეკიპაჟში შვიდი-რვა მეზღვაურიც ჰყოფნიდა. რატომ დაიქირავეს ორჯერ მეტი? როგორც ვხედავთ, ევროპული საყმაწვილო რომანებიც კი ფრთხილად და ყურადღებით უნდა იკითხებოდეს. დავუბრუნდეთ “სამ მუშკეტერს”. რატომაა მილედი დი ვინტერი უარყოფითი პერსონაჟი? თავად ავტორი ამ პერსონაჟს იშვიათად ახასიათებს, ყველაფერი, რაც მის შესახებ ვიცით, სხვა პერსონაჟებისაგან მოდის და ისინი, რომანის კონტექსტში, დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენენ. რა ვიცით? ანა და ბროი, სავარაუდოდ, გაღარიბებული არისტოკრატიული ოჯახის შთამომავალია. იგი, უმზითვობისა თუ დაობლების გამო, მონასტერში მიაბარეს, სადაც აღიზარდა კიდეც. თექვსმეტი წლის ასაკში მან მღვდელმსახური შეაცდინა, მასთან ერთად მოიპარა სალიტურგიო ჭურჭელი, ისინი დააპატიმრეს, შემდეგ ანამ შეაცდინა სატუსაღოს მცველის შვილი და ციხიდანაც გაიპარა. მღვდელმსახურს დაღი დაასვეს. ისე მოხდა, რომ ჯალათი მისი საკუთარი ძმა აღმოჩნდა. ჯალათმა მოძებნა ყმაწვილქალი და მასაც დაასვა შროშნის დაღი. ანა და ყოფილი მღვდელმსახური პროვინციაში დასახლდნენ და თავს კიურედ და მის დად ასაღებდნენ. ადგილობრივ სენიორს, გრაფ დე ლა ფერს, ანა შეუყვარდა და ცოლად შეირთო. შემთხვევის შედეგად გრაფმა აღმოაჩინა დაღი. ისე, რომ ვითარებაში გარკვევა არც უცდია, ცოლი ჩამოახრჩო. ცრუ კიურე გაიპარა. რა გამოდის? თექვსმეტიოდე წლის მონასტერში აღზრდილი ბავშვი რაღაც ზებუნებრივ ძალას ფლობს, ისეთს, რომ ნებისმიერი ზრდასრული მამაკაცის შეცდენა შეძლებია. გამორიცხული არაა, ცხადია, მაგრამ რადგან რომანის ავტორი საკუთარ პერსონაჟს სხვა პერსონაჟების მეშვეობით წარგვიდგენს, იგი უფლებას გვაძლევს, ეჭვი შევიტანოთ ყველაფერში და საკუთარი აზრი შევიქმნათ. ზრდასრულმა მღვდელმა შეაცდინა უწლოვანი, გულუბრყვილო მოზარდი და ჯალათ ძმასთან შეთანხმებით გაძარცვა მონასტერი. კვალის დასაფარად ძმებმა დამნაშავედ უპატრონო ბავშვი გამოიყვანეს. შემდეგ მის მოკვლას საკუთარი ქმარი შეეცადა, ხოლო გადარჩენისა და ხელახალი გათხოვების შემდეგ დაქვრივდა. ინგლისელებმა მასა და მის შვილს მემკვიდრეობა ჩამოართვეს. დაახლოებით ასეთი რევიზიონისტული ვერსიაა მოცემული არტურო პერეს-რევერტეს რომანში “დიუმას კლუბი ანუ რიშელიეს აჩრდილი”. როგორ გგონიათ, მილედის რომელ ვერსიას, საყოველთაოდ მიღებულს, თუ პერეს-რევერტესეულს, დაუშვებდა კარდინალი რიშელიე ვიწრო წრეში და ზესაიდუმლო მისიების შესრულებას ანდობდა? თუ რომანს ზრდასრულ ასაკში ყურადღებით გადავიკითხავთ, მივხვდებით, რომ მისი პერსონაჟები, ძირითადად, დაშნების ქნევით კი არ არიან დაკავებული, არამედ ინფორმაციის შეგროვებით, გადამოწმებით, ანალიზით, დაგეგმვით, განხორციელებით. ისიც საინტერესოა, თუ რას წარმოადგენდნენ რომანის პერსონაჟების ისტორიული პროტოტიპები. შარლ დე ბატცი დედის გვარით წარუდგა პარიზს, რადგან მამამისი აზნაური არ ყოფილა ისააკ დე პორთოს მამა მანტიის აზნაური იყო (სასამართლოს მდივანი), დედა კი პროტესტანტი პასტორის ასული არმან დ’ათოსი მეორე თაობის აზნაური იყო, მამამისმა, რომელიც ვაჭარი იყო, აზნაურის პატენტი, უბრალოდ, იყიდა ანრი დ’არამიტციც, ასევე, მეორე თაობის აზნაური იყო კაპიტანი დე ტრევილი მეორე, თუ მესამე თაობის აზნაური იყო. მისმა წინაპარმა, რომელიც სოფელ ტრუავილში ცხოვრობდა, პატენტი იყიდა. რასთან გვაქვს საქმე? საქმე გვაქვს ახალი ელიტის ჩამოყალიბებასთან. მე-13 საუკუნის დასაწყისში სავარაუდოდ იტალიელების მიერ შექმნილი ელიტა ასწლიან ომში განადგურდა. ახალი ელიტა, რომელიც ლუი XI ჩამოაყალიბა, მთელი ევროპის წინააღმდეგ იბრძოდა და დაიღუპა რელიგიურ ომებში, ხოლო ფრანგული ელიტის ის ფორმაცია, რომელმაც საფრანგეთს ორასწლიანი პოლიტიკური და ოთხასწლიანი კულტურული ჰეგემონია მოუტანა, ლუი XIII ეპოქაში აღზევდა. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ის დაჯგუფება, რომელიც განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებული ადამიანებისაგან შედგებოდა: ისინი, ჟენტილომები, სამხედრო და ინტელექტუალურ საქმიანობას უნაკლოდ უთავსებდნენ ერთმანეთს. თუ ელიტა შედგება მხოლოდ ინტელექტუალებისაგან, მაშინ ყალიბდება ტოტალიტარული რეჟიმი. მიზეზი გასაგებია. ასეთი ინტელექტუალი ძალაუფლების განმახორციელებელ საშუალებად იყენებს შიშს; მას, რომელმაც ვერ შეძლო შიშის დათრგუნვა, შიში ყოვლისშემძლე ჰგონია. სინამდვილეში კი შიში ეპიდემიასავითაა. ადრე თუ გვიან ვიღაც შეძლებს შიშთან გამკლავებას, შემდეგ კი ასეთი იმუნიტეტგაძლიერებული ხალხი საზოგადოების საკმარისად ვრცელ ფენას შეადგენს და სისტემა ემხობა. სწორედ ასე დაეცა საბჭოთა კავშირი. როგორ უნდა დაეშინებინა რეპრესიულ აპარატს ის კაცები, რომლებმაც გერმანიასთან ომის ჯოჯოხეთი გამოიარეს? ვერანაირად და სწორედ ამიტომ გადაერთო სისტემა ხალხის კორუფციის მეშვეობით მართვაზე, რაც ისე დამთავრდა, როგორც დამთავრდა. რა მოხდება, თუ ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდებიან მამაცი ადამიანები, რომლებსაც, ინტელექტუალური საქმიანობა, ცოტა არ იყოს, ეჭირვებათ? ასეთი რეჟიმი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას პირადი ავტორიტეტითა და ძალადობით ცდილობს, მაგრამ პოლიტიკაში ყოველთვის მოიძებნება ერთი-ორი პრობლემა, რომელსაც ძალისმიერი გადაწყვეტა არ გააჩნია და სწორედ ასეთი პრობლემების გამო ემხობა სახელმწიფო. არაინტელექტუალური ელიტის მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ინტელექტუალური საქმიანობა სოციალურ კაპიტალს ვეღარ მოიპოვებს და, შესაბამისად, ვერაა მიმზიდველი ამბიციური, ნიჭიერი და მამაცი ახალგაზრდებისათვის. საბოლოო ჯამში, ელიტას არა მხოლოდ აღარ გააჩნია ექსპერტთა თემი, არამედ, რომ გააჩნდეს კიდეც, აღარ შეუძლია მათთვის არც ამოცანის ჩამოყალიბება და არც ამონახსნში გარკვევა. შიშის დათრგუნვის ნიჭის მქონე ინტელექტუალები — აი, ასეთი ელიტა ჩამოაყალიბა ლუი XIII და დიუმას რომანის მთავარი თემა სწორედ ესაა. ასე ასწავლიან ევროპელები ახალგაზრდებს სახელმწიფოებრიობას. (სხვათა შორის, დიუმასა და სტივენსონის რომანების შედარებით შეგვიძლია, მიახლოებითი წარმოდგენა შევიქმნათ ფრანგული და ბრიტანული ელიტების დონის ფარდობაზე.) ლუი XIII, როგორც ვიცით, სუსტი პიროვნება იყო. კეთილი, მაგრამ რატომ ითვლება იგი სუსტ მმართველად? თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ასაკში დაამხო კონჩინო კონჩინი და შეზღუდა დედამისის ძალაუფლება, მრავალწლიანი მანევრებით შეარჩია და ხელისუფლებაში მოიყვანა ის ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ არ იყვნენ ელიტის წინა ფორმაციასთან დაკავშირებულნი, არამედ თავად ისწრაფოდნენ ახალი სტატუსისაკენ. ლუი XIII შექმნა ახალი მოდელის არმია და ოფიცერთა ახალი კორპუსი. მის დროსვე ჩამოყალიბდა ახალი ბიუროკრატიული აპარატი. შესაძლოა, ყოველივე ეს რიშელიემ განახორციელა მეფის შეხედულებების მიუხედავად, მაგრამ, როგორ? კარდინალს ხომ შეიარაღებული ძალები უაღრესად პირობითად ემორჩილებოდა? მეფემ წინდახედულად შექმნა პირადი გვარდია და ამით საკუთარი ხელშეუხებლობის გარანტია. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ახალი გვარდიული ასეულები გასკონელებისაგან ყალიბდებოდა, ხოლო ეს პროვინცია კი საკუთარ (ლანგ დ’ოკის) დიალექტზე საუბრობდა და ლიტერატურული ფრანგულით მეტყველება უჭირდა, რაც განაპირობებდა პარიზელებთან ურთიერთობის (რბილად რომ ვთქვათ) სპეციფიურ ხასიათს, ისეთს, რომელიც პარიზული ელიტის მიერ ამ კონტიგენტის საკუთარ ინტერესებში გამოყენებას ერთობ ართულებდა. სხვათა შორის, ამავე პრინციპით ჩამოაყალიბა საკუთარი ასეული კარდინალმაც — ე.წ. “კარდინალის გვარდიაში” მხოლოდ ბრეტონელებს იღებდნენ, რომლებსაც, გასკონელების არ იყოს, გამართული ფრანგული ცუდად ეხერხებოდა. როგორც ვხედავთ, ამ ეპოქის ფრანგული ისტორიოგრაფია იყენებს იმავე პროპაგანდისტულ შაბლონს, რომელიც მანამდეც და შემდეგაც მრავალჯერ გამოყენებულა და რომლის მიზანია იმ პერიოდის შენიღბვა, სადაც ახალი ელიტის ფორმაცია განხორციელდა. შაბლონი შემდეგნაირია: ძლიერი მეფე (ანრი IV) სუსტი მეფე (ლუი XIII) ძლიერი მეფე (ლუი XIV) მიზეზი კი, როგორც უკვე ვახსენეთ, ისაა, რომ უმთავრესი, ახალი ელიტის შექმნა, სწორედ “სუსტი” მეფის დროს, მის მიერ მოხდა. დავით აღმაშენებლის უმთავრესი თანამებრძოლი გიორგი ჭყონდიდელი იყო, მაგრამ ვინ აღმოაჩინა და დააწინაურა ის? ვინ შეუქმნა მას ის ორგანიზაცია, რომელმაც დავითის რეფორმები განახორციელა? ხანდახან მეჩვენება, რომ გიორგი II მეფობა ბევრად საინტერესოა, ვიდრე მიგვიჩნევია. ჰო, მართლა, კიდევ კარგი, გამახსენდა. ხვდებით, რა იყო ანა დე ბროის ნამდვილი დანაშაული? ის ინგლისელებს ებრძოდა. (c) @York Ge