უახლესი ვერსიით, პანგოლინი არის ის ცხოველი, რომელიც ამ ეტაპზე კორონავირუსის ღამურებიდან ადამიანებზე გადამტანად სახელდება. მასზე კანონიერი გზით ნადირობა აკრძალულია, თუმცა ბრაკონიერების მიერ პანგოლინის ტრეფიკინგი ხშირია ჩინეთში, რადგან ეს ცხოველი იქ დელიკატესად ითვლება და არატრადიციულ მედიცინაშიც გამოიყენება.
ეს უცნაური ცხოველი სამხრეთ და ეკვატორულ აფრიკაში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია გავრცელებული. ბუნებაში პანგოლინის 8 სახეობა არსებობს, ისინი ღრმა სოროებში ბინადრობენ და ძუძუმწოვრებს მიეკუთვნებიან. გარეთ, ძირითადად, ღამით გამოდიან. კარგად მოძრაობენ როგორც მიწაზე, ასევე ხეებზე.
პანგოლინის სხეულის სიგრძე 30-88 სმ-ია. კუდის სიგრძე ტანის სიგრძეს უდრის. ამ ცხოველების წონა 5-დან 27 კგ-მდე მერყეობს. იგი ნაცრისფერი შეფერილობის გახლავთ, თათები ბასრი ბრჭყალებით აქვს შემკული, რომელსაც მიწის ამოთხრისათვის იყენებს, სახე წინ წამოწეული აქვს. იგი საკმაოდ გრძელი ენის პატრონია, რომლის სიგრძე 40 სმ-ს შეადგენს. ამსიგრძე ენა რომ ამოძრაო შესაბამისი კუნთოვანი მასა უნდა გქონდეს, რომელიც ცხოველს მართლაც შთამბეჭდავად, მკერდის ფარიდან, კუდუსუნამდე აქვს განვითარებული.
პანგოლინები მარტო ცხოვრობენ და წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდებიან.
ფოტოები: National Geographic
წყარო: INDEPENDENT, INTERMEDIA