Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'აძლევენ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. მიგრაციის პოლიტიკა. ვის და რატომ არ აძლევენ ბინადრობის ნებართვას საქართველოში ბელა არუთინოვა, თბილისი დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია წლების განმავლობაში, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებდა. უცხოელებისთვის დამატებითი მოტივაციის შექმნით, წინა ხელისუფლებას პრაგმატული მიზნები ამოძრავებდა – ამგვარად ცდილობდა უცხოელებს საქართველოში მეტი ფული ჩამოიტანათ – ეყიდათ უძრავი ქონებას, დაეწყოთ ბიზნესი და შეექმნათ სამუშაო ადგილები. 2014 წელს, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გამკაცრდა. ერთი მხრივ, კანონში ცვლილებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს ვალდებულება იყო; მეორე მხრივ კი, კანონმდებლობის ცვლილება მმართველმა გუნდმა იმით ახსნა, რომ წინა ხელისუფლების მიერ შემოღებული საიმიგრაციო პოლიტიკა ზედმეტად ლიბერალური იყო და დარტყმის ქვეშ აყენებდა ქვეყნის უსაფრთხოებას. ბოლო წლებში სულ უფრო მეტი ადამიანი აღნიშნავს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება გართულდა და მის მისაღებად არა მარტო საკანონმდებლო, არამედ სხვა ხელოვნურ და დაუსაბუთებელ ბარიერებს აწყდებიან. უფლებადამცველები ჩივიან, რომ ახალი წესები და მიდგომა ხშირად დისკრიმინაციულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ და სინამდვილეში, ხელისუფლებამ მიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებით საზოგადების რადიკალურად, ნაციონალისტურად განწყობილ ნაწილს გაუგორა კოჭი. „მეუბნებიან, რომ საქართველოსთვის საშიში ვარ“ ირანელი მინა დაშტესტანი საქართველოში 2017 წლის თებერვლიდან ცხოვრობს. “ირანი პოლიტიკური პრობლემების გამო დავტოვე. ჩემს ქვეყანაში ტერორისტად გამომაცხადეს, რადგან ბავშვებისა და ქალების დაცვაზე ღიად დავიწყე საუბარი.თავდაპირველად ოჯახთან ერთად თურქეთში წავედით, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვედით,“ – ჰყვება მინა. თბილისში მან და მისმა მეუღლემ პლასტიკატის ქარხანა გახსნეს, სადაც თხუთმეტი ადგილობრივი დაასაქმეს. ბინადრობის უფლებაც უპრობლემოდ მიიღეს და საქართველოში ახალი ცხოვრება დაიწყეს. მერე იყო ოჯახური პრობლემები – მინა ქმარს გაეყარა. ყოფილი მეუღლე ირანში დაბრუნდა, ის კი შვილებთან ერთად თბილისში დარჩა. 2019 წელს, როდესაც ბინადრობის ნებართვას ვადა ეწურებოდა და მინამ მისი გაგრძელება სცადა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან უარი მიიღო. მინა და მისი შვილები „გაოგნებული ვიყავი. ყველა საჭირო დოკუმენტი წარვადგინე. არაფერი დამიშავებია საქართველოში. პირიქით, მქონდა კომპანია, დავასაქმე ხალხი, ვსწავლობდი უნივერსიტეტში. რატომ მითხრეს უარი? მეუბნებიან, საქართველოსთვის საშიში ხარო, მაგრამ ამის დამადასტურებელი საბუთი არ აქვთ”, – ჰყვება მინა. ნებართვაზე უარი მან ორჯერ გაასაჩივრა სასამართლოში. „სასამართლო ორივეჯერ მოვიგე, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილება შემდეგ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა. ჯიუტად იმეორებენ, რომ საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის”. მისი საქმე ახლაც სასამართლოშია, თუმცა როდის იქნება პასუხი, ჯერ არ იცის. მინა ამბობს, რომ ბინადრობის ნებართვის არქონის გამო მისი ცხოვრება გართულდა – იზარალა მისმა კომპანიამ – ბიზნეს-პარტნიორები უარს ამბობენ მასთან თანამშრომლობაზე, რადგან პრობლემების ეშინიათ. „კომპანიის საქმე ცუდად მიდის, ამის გამო თანამშრომლების ნაწილის გათავისუფლება მომიწია. უკვე წელიწადნახევარია საბუთის გარეშე ვარ. თუ ასეთი საშიში ვარ ქვეყნისთვის, უსაბუთოდ უფრო მარტივი არ არის რამის დაშავება?“ რამდენიმე თვეში მოქმედების ვადა ეწურება მის ირანულ პასპორტსაც: „ირანის საელჩოში პასპორტის გასაგრძლებლადაც ვერ მივალ, მეშინია. შეიძლება დამაკავონ. ჩემს ირანელ ადვოკატს ველაპარაკე, მითხრა რომ სამშობლოში არ უნდა დავბრუნდე, რადგან შავ სიაში ვარ და ჩასვლისთანავე დამაკავებენ“ . მინა ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროს უარი სახელმწიფო პოლიტიკას უკავშირდება: „რომ ჩამოვედი, მხოლოდ პასპორტი მომთხოვეს და კომპანიის რეგისტრაციის საბუთი და უპრობლემოდ მივიღე ნებართვა. ახლა კი, ასეთი პოლიტიკაა საქართველოში – უცხოელებს არ მიესალმებიან“. სტატისტიკა. რამდენი იმიგრანტია საქართველოში საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 96 ათას 864-ს იმიგრანტი იყო აღრიცხული. თუმცა, აქედან უმრავლესობა, 56 პროცენტი (54 478) საქართველოს მოქალაქეა, რომლებიც სხვა ქვეყნებში ცხოვრობდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვი კი, იმიგრანტების ჯამური რაოდენობის ნახევარზე ნაკლები – 44 პროცენტია (სულ 42 386). იმიგრანტების ყველაზე დიდი ჯგუფი საქართველოში სასწავლებლად ან სამუშაოდ შამოდის. საქართველოში დასაქმებული იმიგრანტების დიდი ნაწილი თურქეთის, ინდოეთის, ჩინეთის და ირანის მოქალაქეები არიან. უცხოელთა უმრავლესობა თბილისში მშენებლობასა და საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროშია დასაქმებული. სასწავლებლად ჩამოსული უცხოელების უმრავლესობა საქართველოში სამედიცინო პროგრამაზე სწავლობს. მათი დიდი ნაწილი ინდოეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. ის, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება, ამაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებიც მეტყველებს. კერძოდ, 2015 წელს ბინადრობაზე უარი 889 პირს ეთქვა, 2016 საუბარია 1 659 ადამიანზე, 2017 წელს მონაცემები ისევ გაიზარდა და 4 256 ადამიანი შეადგინა, ხოლო 2018 უარი ბინადრობაზე 6 598 ადამიანს ეთქვა. ამ პერიოდში ბინადრობის ნებართვის მიღებაზე უარყოფითი გადაწყვეტილებების წილი მიღებულ გადაწყვეტილებებში 3%-დან 23%-მდე გაიზარდა. 2015 წლის შემდეგ ასევე შემცირებულია მუდმივი ცხოვრების და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვების რაოდენობაც. რა არის ბინადრობის ნებართვა ბინადრობის ნებართვა არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელს საქართველოში ყოფნისა და სხვა უცხოელების მოწვევის უფლებას აძლევს, განურჩევლად ვიზის მოქმედების ვადისა. სულ საქართველოში 11 სახის ბინადრობის ნებართვა გაიცემა: შრომითი, სასწავლო, საქართველოს ყოფილი მოქალაქეებისთვის, ოჯახის გაერთიანების მიზნით, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, სპეციალური, მუდმივი, საინვესტიციო, დროებითი, მოკლევადიანი და უვადო. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოში მუშაობს ან სწავლობს, მას დროებითი ბინადრობის ნებართვა ეკუთვნის, რომელიც ახლა 6 წლიანია. იგივე ტიპის ბინადრობის ნებართვაა გათვალისწინებული ოჯახის უცხოელ წევრზე ოჯახის გაერთიანების მიზნით, ასევე საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელსაც შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; დროებით ნებართვას აძლევენ მოქალაქეობის არმქონე პირსაც, რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი; ადამიანს, რომელიც საქართველოში არანაკლებ 300 ათასი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას აძლევენ, რომელიც ასევე დროებითია. თუკი უცხოელი საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს საკუთრებას უძარვ ნივთზე (გარდა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის ღირებულება აღემატება 100 ათას აშშ დოლარს აღემატება, მას და მის ოჯახს მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვას მისცემენ. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე და არასრულწლოვნის მშობელზე. მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე იმ უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე ბოლო 10 წლის განმავლობაში იცხოვრა. რაც შეეხება უვადო ბინადრობის ნებართვას, იგი გაიცემა 300 ათასი დოლარის ნვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე, რომელსაც საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის პირველ წელს არანაკლებ 50 ათსი აშშ დოლარის წლიური ბრუნვა ჰქონდა, მეორე წელს − არანაკლებ 100 ათასი დოლარის, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 ათასი დოლარის. ვინ გასცემს ბინადრობის ნებართვას საქართველოში უცხოელებზე ბინადრობის ნებართვებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო (სსგს) გასცემს. თუმცა, ვის მისცეს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და ვის არა, ამ გადაწყვეტოლებას ეს სამსახური საქართველოს უშიშროების სამსახურის რეკომენდაციითა და დასკვნით იღებს. გასაჩივრების შემთხვევაში მხოლოდ მოსამართლეს აქვს უფლება ნახოს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაცია. დიანა პეტრიაშვილის ილუსტრაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გოგიშვილი ამბობს, რომ უარის თქმის მთავარი საფუძველი სახელმწიფო უსაფრთხოებაა. „მსგავს რეკომენდაციას, როგორც წესი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასცემს. უარის საფუძველად, როგორც წესი, სახელმწიფოს უსაფრთხოებაა დასახელებული. თუმცა უმეტეს შემთვევაში მოსამართლე მოქალაქეების საქმეს აბრუნებს იუსტიციის სამინისტროში იმ საფუძვლით, რომ აკლიათ უარის თქმაზე არგუმენტაცია“. გოგიშვილი ამბობს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იმატა ნეგატიურმა გადაწყვეყტილებებმა. „კი ბატონო, არ არის გამორიცხული, რომ უცხოელი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეც, რომელიც უცხო ქვეყანაში ჩადის, საშიშია სახელმწიფოსთვის გაუკვეული მიზეზით, თუმცა ეს ხომ უნდა იყოს დასაბუთებული, – ამბობს გოგიშვილი. მისი თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებია. “როდესაც ადამიანს თავიდან გარკვეული საფუძვლით მიეცემა ბინადრობის უფლება, რაღაც დროის შემდეგ, ეს საფუძველი შეიძლება გაუქმდეს ან შეიცვალოს ან რაღაც სხვა პრობლემები გაჩნდეს, რამაც შესაძლოა მისი ყოფნა ქვეყანაში შეაფერხოს. მაგალითად, სახელმწიფოს აქვს უფლება ვიზა აღარ გაუგრძელოს სტუდენტს, რომელმაც სწავლა შეწყვიტა, ან მუშაობა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იყენებს ამ ბერკეტს სრულიად ბუნდოვნად. მაგალითად, ოთხი წელი პირმა ბაკალავრზე ისწავლა და შემდგეგ მაგისტრატურის გაგრძელება რომ მოუნდა, ბინადრობის უფლება აღარ გაუგრძელეს. რატომ? ამ ყველაფერს ხომ სჭირდება დასაბუთება,“ – ამბობს გოგიშვილი. მისი თქმით, სახელმწიფო ამგვარად ცდილობს შეამციროს საქართველოში უცხოელთა ნაკადი. როგორც გოგიშვილი აღნიშნავს, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ვითარება უცხოელებისთვის კიდევ უფრო გართულდა, თუმცა „ამ შემთხვევაში სახელმწიფომ სწორი ნაბიჯი გადადგა და ბინადრობის მქონე პირებს საბუთი ავტომატურად გაუგრძელდათ“. რა შეიცვალა კანონმდებლობაში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ის არის, რომ შემცირდა საქართველოში უვიზოდ ყოფნის ვადა. თუკი ადრე 360 დღე შეეძლო უცხოელს საქართველოში დარჩენა, ახალი კანონის თანახმად 180-დღიან პერიოდში კონკრეტულ პირს შეუძლია მხოლოდ 90 დღე იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე შემცირდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთაც უვიზოდ შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ცვლილებები განსაკუთრებით შეეხო უცხოელ ინვესტორებს – მათთვის მნიშვნელოვნად გამკაცრდა ბინადრობის ნებართვის მიღება. ახალი წესებით, მათ მეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვა უწევთ, რაც დროსთან და ხარჯებთანაც ასოცირდება. კერძოდ, გამკაცრდა საინვესტიციო ბინადრობის მოპოვების სისტემა, მაგალითად, ყველა ინვესტორი, რომელსაც სურს მოიპოვოს საინვესტიციო ბინადრობა, უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს – ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, ასევე განახორციელოს 300 ათასი დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიცია (ადრე 100 ათასი დოლარი საკმარისი იყო), დაასაქმოს საქართველოს ადგილობრივი მოქალაქეები მუდმივი სამუშაო პირობების შეთავაზებით. “სუს-ის მექანიზმს ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იყენებს” ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი, ანზორ ხატიაშვილი აღნიშნავს, რომ კანონში შესული ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომას უკავშირდება. ხატიაშვილი ამბობს, რომ ყველა პირის საქმე ინდივიდუალურ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მექანიზმს ხელისუფლება მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იყენებს. მისივე განცხადებით, TDI-ს ბოლო 3 წლის განმავლობაში 30 საქმე აქვს წარმოებული, თუმცა წარმატებულად მხოლოდ ორი დასრულდა. 2020 წლის იანვრიდან დღემდე სტატუსის მინიჭებაზე 395 ადამიანს უთხრეს უარი. “ზოგადად სახელმწიფოს პოლიტიკა უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულია. მაგალითად, კანონის განმარტებით ბარათში ეწერა და ასეთი სიტყვები იყო გამოყენებული: თითქოს ღარიბი ქვეყნებიდან უცხოელების შემოსვლა იყო გაზრდილი და ეს სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ იყო. ეს მიდგომა არასწორია. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები აქ ჩამოდიან ბიზნესის საკეთებლად, სამუშაოდ, სასწავლებლად. სუს-ის მექანიზმი გამოიყენება ხელოვნურად მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად, კონკრეტული ქვეყნებიდან. იშვიათია, რომ აპლიკანტის მოუწესრიგებელი დოკუმენტები ჰქონდეს და ეს გახდეს უარის თქმის მიზეზი. როდესაც კონკრეტულ ორგანოს ასეთი ფართე უფლებები აქვს ჩვენნაირ ქვეყნებში, ხშირია ამ უფლებების ბოროტად გამოყენება”, – აღნიშნა ხატიაშვილმა. უფლებადამცველი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა უცხოელების მიმართ კეთილგანწყობილი არ არის. ხატიაშვილის განმარტებით, ხელისუფლება ამ მოცემულობითაც მანიპულირებს. “2017, 2018, 2019 წელს მზარდი იყო უარის თქმის სტატისტიკა. ასევე საზოგადოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ არ არის კეთილგანწყობილი უცხოელების მიმართ და ხშირია სიძულვილის ენის მოტივით ჩადენილი დანაშაულიც. ამითაც მანიპულირებს ხელისუფლება თავის ამომრჩეველზე და ცდილობს, რომ მათი გული მოიგოს, მოიპოვოს მათი მხარდაჭერა,“ – ამბოსბ ხატიაშვილი. ისიც ადასტურებს, რომ სახელმწიფო უარის თქმის მექანიზმს დაუსაბუთებლად იყენებს: „მთავარი არგუმენტი არის ხოლმე, რომ კონკრეტული უცხოელი საშიშია ქვეყნისთვის, თუმცა იმის იქით რა მტკიცებულებები აქვს, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გარემოება რომ რამდენჯერმე ნებართვა გადაიცა და მერე უარი მოდის, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ხელოვნურად ხდება სიტუაციის კონტროლი. შერჩევით უართან გვაქვს საქმე, როცა მაგალითად სახელმწიფო ხედავს, რომ კონკრეტულ პირს ქვეყანაში დიდი ხნით დარჩენა სურს და ეს არ მოსწონს სახელმწიფოს”, – ამბობს ანზორ ხატიაშვილი. არსებულ პრობლემატიკაზე საუბრობს სახალხო დამცველიც თავის 2019 წლის ანგარიშში. ომბუდსმენის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის სტატისტიკა. 2019 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განხილული საქმეების საერთო რაოდენობამ 27 763 შეადგინა. აქედან დაკმაყოფილდა 19 421 საქმე, დანარჩენი შეჩერდა ან არ დაკმაყოფილდა. სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა 93 პროცენტი სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველს უკავშირდება. ყველაზე მეტი უარი ბინადრობაზე ეთქვა ირანის მოქალაქეებს – 69 პროცენტი, თურქეთის 15 პროცენტი, რუსეთის – 6 პროცენტი, ინდოეთი – 5 პროცენტი, ეგვიპტე – 5 პროცენტი, სხვა – 22 პროცენტი. “ჩემი ცოლი საქართველოს მოქალაქეა, შვილი გვყავს, სიდედრ-სიმამრი ჩემთან ცხოვრობს, მაგრამ მეუბნებიან, ქორწინება ფიქტიურიაო” ნიგერიელი აკინრული შოლა საქართველოში 2016 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. შოლა ამბობს, რომ უცხო ქვეყანაში სწავლა სამშობლოში შექმნილი კრიზისი გამო გადაწყვიტა. სასწავლო ვიზის გასაკეთებლად ის საქართველოში ინტერნეტით დაუკავშირდა ერთ-ერთ პირს, კონკრეტული თანხაც გადაურიცხა და ბინაც მისი დახმარებით იქირავა. თუმცა, უკვე საქართველოში ჩამოსულს, არც ეს პირი დახვდა, არც ბინადრობის ნებართვა და არც ბინა. ქართველი შუამავალი მასთან კონტაქტზე აღარ გავიდა. ნიგერიელი ახალგაზრდა ამბობს, რომ თავიდან მას ღამის თენება ეკლესიაში უწევდა. თუმცა, შემდეგ მისი ცხოვრება საქართველოში შეიცვალა. ახლა შოლას საქართველოს მოქალაქე მეუღლე ჰყავს. შოლა ოჯახთან „2017 წელს შევქმენი ოჯახი, მე და ჩემ მეუღლეს, გაგვიჩნდა შვილი. თუმცა, ახლაც ბინადრობის ნებართვისთვის ვიბრძვი. სახელმწიფომ ივარაუდა, რომ ქორწინება ფიქტიურია, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი ცოლ-შვილი ჩემ გვარზეა, ჩემი სიმამრი და სიდედრი ჩემთან ერთად ცხოვრობენ. წარმოუდგენელია ქალს გადაუხადო ფული, იმისთვის, რომ მასთან ფიქტიურ ქორწინებაში იყო. ისიც შევთავაზე, რომ მოსულიყვნენ და ჩემი სახლი ენახათ, გასაუბრებოდნენ მეზობლებს,“ – ამბობს შოლა. საქმე მან სასამართლოში გაასაჩივრა და პირველი ინსტანცია მოიგო, თუმცა საქმე კვლავ განხილვაშია. „მოსამართლის მთავარი კითხვა იყო, თუ რატომ ვიყავი საშიში ქვეყნისთვის, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ ამ კითხვას პასუხი ვერ გასცა,“ – ამბობს შოლა. მისი თქმით, იგი ბინადრობის მუდმივი ნებართვისთვის იბრძვის: „ყოველ ჯერზე მაძლევენ დროებით საბუთს, რომელშიც ვიხდი თანხას. ამის გამო მიჩნდება განცდა, რომ უბრალოდ ფულის საკეთებლად მიყენებენ. ჩემი საქმე უკვე ორი წელია განხილვაშია – თუ საშიში ვარ, რატომ არ მსვამენ ციხეში?! არასდროს მომიპარავს და არც არასდროს ვყოფილვარ რაიმე უკანონო ქმედების მონაწილე. ჩემი შვილი უკვეორი წლის არის. არასდროს მქონია პრობლემა ხალხთან. უკვე თითქმის ხუთი წელია აქ ვცხოვრობ. საშიში რომ ვყოფილიყავი, უკვე ხომ გამოჩნდებოდა. სტუდენტური ვიზაც რომ გავაკეთი, ის მხოლოდ ერთწლიანი იქნება, მე კი აქ ოჯახი მყავს და მასთან ერთად ცხოვრება მინდა. საქართველო არ იყენებს ევროპულ კანონებს, ევროპულ კანონმდებლობას რომ იყენებდეს მიხვდებოდნენ, რომ ოჯახის დაშლა არ შეიძლება, ეს საზიანოა ჩვენი ოჯახისთვის. არ მინდა ჩემი შვილი მამის გარეშე იზრდებოდეს. მე მიყვარს საქართველო და მინდა აქ ცხოვრება”, -ამბობს აკინრული შოლა. _________________________________________ სტატია მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) “საქართველოში მიგრანტების და მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება COVID-19-ის დროს” პროექტის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) EMERGE პროექტის ქვეშ და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. https://jam-news.net/ge/binadrobis-nebartvis-gacema-saqartveloshi/