ძებნა
'ატენის' ძებნის შედეგები.
-
ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი (გორის მუნიციპალიტეტი, გორისა და ატენის ეპარქია), მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. გორიდან 12 კმ დაშორებით, მდინარე ტანას შუა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე. VII ს. ეს ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი (სიმაღლე 22 მ, სიგრძე-სიგანე 24 X 19 მ) მცხეთის ჯვრის ხუროთმოძღვრულ ტიპს იმეორებს. აგებულია გრანდიოზულ ხელოვნურ ბაქანზე, რომლის უდიდესი სიმაღლე 12/15 მ შეადგენს, ხოლო ფართობი 800 მ2-ია. სუბსტრუქცია 40-45 %-ით დახრილ კლდის მასივზეა მიშენებული და საინჟინრო ხელოვნების ზედმიწევნით მაღალ დონეს გვიჩვენებს. ისტორია გრანდიოზულ სუბსტრუქციაზე V ს. მდგარა ბაზილიკური ტიპის ეკლესია. იგი გამოვლინდა 1969-1970 წლებში არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად. ეს ნაგებობა სიონს სიგრძეში სამი მეტრით აღემატება, ხოლო სიგანეში ვიწროა (სამხრეთი კედლის სიგრძეა 25 მ, დასავლეთ კედლის – 14.5 მ). მის ინტერიერს ამკობდა პროკენესული მარმარილოს მცირე ხუროთმოძღვრული ფორმები, რომლებიც ფრაგმენტების სახით გამოვლინდა: მრგვალი სვეტები, ბაზისები, კაპიტელები მორთული კალათისებური წნულითა და ფრთებშეკეცილი არწივის სკულპტურული გამოსახულებებით, კანკელის თუ ამბიონის ოთხკუთხა სვეტები, მათ შორის ჩასართავი მარმარილოს დაფებით; ქვიშაქვის სხვადასხვა არქიტექატურული დეტალი, ჯვრები. ნაგებობა წითელწერნაქიანი, გვერდებაკეცილი კრამიტით იყო დაბურული. ატენში ბაზილიკის არსებობაზე მიუთითებს ბეით მარ ისააკ გაბულელის მონასტრის წინამძღვარ თომას სირიული ეპისტოლე, რომლის თანახმად, ამავე მონასტრის ეპისკოპოსი სვიმეონი VI ს. 40-50-იან წლებში ჩამოსულა საქართველოში, ტანას მონასტერში, და იქ არსებული კონფესიონალური დარღვევების გამო შეკრებილ ქართლის ეპისკოპოსებს ანათემაზე გადაცემით დამუქრებია. VI ს. სირიული წყაროს მიხედვით, ამ პერიოდის ატენში მონასტერი ფუნქციონირებს, რომელსაც აქვს ისეთი დიდი ტაძარი, სადაც საეპისკოპოსო კრების მოწყობა იყო შესაძლებელი. ატენში დაახლოებით VI ს. საეპისკოპოსო კათედრა ყოფილა. ატენის ეპისკოპოსი მოხსენიებულია საკურთხეველის აფსიდის სამხრეთ კალთაზე განაწილებულ IX-X სს. სამსტრიქონიან ნუსხურ წარწერაში: „ესე ხელი მე დავწე[-რე] ატ(ენი)ს ებ(ისკოპოზ)ი, ვინ წაიკითხოს ღ(მერთ)მ(ან) ადიდენ“. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII ს. დასაწყისში ატენის სიონი კვლავ მონასტერია, სადაც სვამენ ახტალის (ლორე) გაუქმებული ეპარქიის ეპისკოპოსს: „ატენის სამხრით არის მონასტერი სიონი, გუმბათიანი, კეთილნაშენი, და ან სმენ გადამდგარს ეპისკოპოზს ახტალის მაგიერ, ვინაითგან იგი უქმ არს, და ან არს ნიში მისი“. ბაზილიკის ადგილზე მოგვიანებით აღუმართავთ ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარი. მისი შექმნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე არსებობს ორი მოსაზრება: ერთის მიხედვით, იგი VII ს. I ნახევარში აიგო, მეორე მოსაზრების თანახმად კი, ტაძარი VII ს. მიწურულს აუშენებიათ ქართლის ერისმთავრებს – ვარაზ-ბაკურს, ნერსე I-ს (682/86-689) და მის ძეს, სტეფანოზ III მამფალს (711-739). V ს. თავდაპირველი ბაზილიკური ნაგებობის კუთვნილი ზოგიერთი რელიეფური ქანდაკება მეორედაა გამოყენებული VII ს. მიწურულის გუმბათიანი ტაძრის შესამკობად. ასეთებია: წყალსატევზე დაწაფებული ირმები (ჩრდ. კარის ტიმპანი), სენმურვი (დას. ფასადი), ჩრდილოეთ კარის პორტალის კალათისებურად წნული კაპიტელები, ცენტრში გამოქანდაკებული მამაკაცისა და ქალის სახეებით. ტაძრის ინტერიერში განაწილებულ ქართული ასომთავრულით შესრულებულ ფრესკულ (საკურთხევლის აფსიდის ჩრდ. კალთა) და ნუსხურით ამოკვეთილ (ჩრდ.-დას. პილონი, სადიაკვნე, საერისთავო) წარწერებში მოხსენიებული არიან სტეფანოზ მამფალი, ნერსე და ვარაზ მამფალი. ისინი არიან ძველი ქართული საისტორიო წყაროს – „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ – ნუსხებში დასახელებული სტეფანოზ III მამფალი (711-739), მისი მამა, ერისმთავარი ნერსე I დიდი (682/86-689) და პაპა, პატრიკიოსი ვარაზ-ბაკური ეს დიდი ფეოდალები კლარჯეთის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები არიან და ატენის ქვეყანას ფლობდნენ, როგორც სამემკვიდრეო დომენს, ხოლო ატენის სიონი ამ სახლის საძვალეს წარმოადგენდა. საკურთხევლის ჩრდილოეთ კალთაზე განთავსებულ ეპიტაფიაში დასახელებული „ქართველთა და მეგრელთა ერისთავთ-ერისთავთა უფალი“, სტეფანოზ მამფალი, ატენის სიონის [[ქტიტორი|ქტიტორთა]] უმცროსი თაობის წარმომადგენელია. ნერსესა და სტეფანოზის რელიეფური საქტიტორო გამოსახულებები განაწილებული ყოფილა აღმოსავლეთ აფსიდის შვერილის ჩრდილოეთ წახნაგზე. მათი სახელები X ს. რესტავრაციის პერიოდის ოსტატ-მოქანდაკეს გაუმეორებია იმ ახალ რელიეფზე, რომელიც ამ ქტიტორთა თავდაპირველი სკულპტურული გამოსახულების ნაადგილევზე მოუთავსებია. ატენის სტელის ბაზის წარწერაში (VIII ს.) მოხსენიებული ატენის ქვეყნის მამასახლისი ვეჟან ატენელი სტეფანოზ მამფელის დროის საქვეყნოდ გამრიგე მოხელეა. იგი „სამამასახლისო სამსახურებელად“ ფლობდა თავისი პატრონის, სტეფანოზის, სამემკვიდრეო დომენს. ატენის სიონი X ს. მნიშვნელოვნად შეუკეთებიათ. სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ოსტატი – თოდოსაკი. ტაძრის სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილი წითლად შეღებილი სომხური წარწერა, სადაც თოდოსაკი თავს ტაძრის მაშენებლად აცხადებს და არა ხუროთმოძღვრად, X ს. პალეოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდება. სომხური წარწერა აზიანებს IX-X სს. ქართული ასომთავრული და ნუსხური შრიფტით შესრულებულ პილიგრიმულ მინაწერებს. თოდოსაკისავე ხელმოწერილია X ს. რელიეფი, დავით გარეჯელის „ცხორების“ სიუჟეტი – წმ. ლუკიანეს მიერ სასწაულებრივად მოვლენილი ირმის წველა (ჩრდ. ფასადი). ატენის სიონის გუმბათოვანი ნაგებობის დეკორატიულ სისტემაში სამი სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა. პირველი V ს. ბაზილიკური ნაგებობის კუთვნილი რელიეფების მეორედ გამოყენებას ითვალისწინებს. ტაძარს მეორე სამშენებლო პერიოდის გამოსახულებებიდან ორი რელიეფური ჯგუფი შემორჩა: ნადირობის სცენა დასავლეთ ფასადზე და ორფიგურიანი რელიეფი – ჩრდილოეთისაზე: პირველმოწამე სტეფანე დიაკონის წინაშე ვედრებით მუხლმოყრილი ქტიტორი. მესამე სამშენებლო პერიოდი X ს. განეკუთვნება და ბაღუაშთა ფეოდალური სახლის ატენის ქვეყანაში დამკვიდრებას უკავშირდება. ატენის სიონში არსებული წარწერებით მეფე ბაგრატ I-მა (937-945) 940 წ. ატენის ქვეყანა სიგელით მისცა მიქაელ ბაღვაშს, რომლის ბრძანებითა და საფასით აშენდა ზღუდე ატენის სიონისათვის 945 წ. სამხრეთ. ფასადზე გამოსახული ორფიგურიანი ქტიტორული ქანდაკებიდან ერთი მათგანი სწორედ ეს დიდი ფეოდალია, რასაც გვაუწყებს წარწერა: „ქრისტე, ადიდე ერისთავი მიქაელ“ ესე ზღუდეი შექმნა“. X ს. 80-იან წლებში ბაღუაშთა ფეოდალური სახლის მეთაურის, ერისთავთ-ერისთავის რატი I-ის ქტიტორობით ტაძარი 983/84-986 წწ. შეკეთდა. მას ატენის სიონში სარესტავრაციო სამუშაოების საწარმოებლად მოუწვევია ვინმე თოდოსაკი და მასთან ერთად – ოსტატები სომხეთიდან. რატი I-ის საქტიტორო ქანდაკება წარმოდგენილია ტაძრის აღმოსავლეთ. ფასადზე ეკლესიის მოდელით ხელში, ხოლო გვერდით არსებულ რელიეფზე მისი ძე ლიპარიტია გამოსახული. 986 წ. რატი I-სათვის კლდეკარის საერისთავოსა და მისი მიმდებარე ატენის ქვეყნის ჩამორთმევის შემდეგ ატენის სიონის ინტერიერში, ქართველი ოსტატების ხელმძღვანელობით ტარდება „მოსხმითი“ სამუშაოები მეფე ბაგრატ III-ის (975-1014) დაკვეთით. X ს. დასასრულს ბაღვაშთა ფეოდალური სახლის ქტიტორობით ატენის სიონში თოდოსაკის მიერ ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა სარესტავრაციო სამუშაოებმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტაძრის თავდაპირველი დეკორატიული სისტემა. აღმოსავლეთის შვერილზე ფრონტალურად დაყენებული სტატ-ფიგურები მხოლოდ ფეხების მიმართულებით გამოხატავენ კავშირს ცენტრალურ წახნაგზე გამოსახულ მაცხოვართან. დანარჩენ ფასადებსა და გუმბათის ყელზე X ს. რელიეფური ქანდაკებები ქაოსურად ნაწილდება და ამ თვალსაზრისით მათ არაფერი აქვთ საერთო ატენის სიონის პირველსახესთან – მცხეთის წმ. ჯვრის ტაძართან. ატენის სიონს მეორე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება რელიეფთა დიდი ნაწილი, რომელთა საერთო რაოდენობა ოცდაორია. X ს. მრავალრიცხოვან ქანდაკებათა შორის ცამეტი საერო პირია გამოსახული. მათგან განახლებულია ორი რელიეფური ქანდაკება, რომლებიც VII ს. ქტიტორებს გამოსახავდნენ. ისინი გაუნაწილებიათ აღმოსავლეთ ფასადის შვერილის ჩრდილოეთ წახნაგზე. ერთ მათგანს ფეხის ქუსლებზე ამოკვეთილი აქვს ქართული ნუსხური წარწერა – „ნერსე სტეფანოზ“. მეორე სამშენებლო პერიოდის რელიეფური ქანდაკებებია: აღმოსავლეთის შვერილზე განაწილებული მაცხოვრის, ქტიტორთა და ფრინველთა გამოსახულებები, სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე მოთავსებული ყველა ქტიტორული რელიეფი, ჩრდილოეთ ფასადზე – ნიკოპეის ტიპის ღვთისმშობელი, ძველი აღთქმის სიუჟეტების შემცველი ქანდაკებები, ხელოსანთა გამოსახულებები – დასავლეთ სარკმლის თავსართის დეკორში (გერგიუმ ერჰასანის ძე), გუმბათის ყელზე (გრიგოლ დაპსი), ჩრდილოეთ ფასადის ნიშაში (თოდოსაკი – ამჟამად დაკარგულია). ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე დავით გარეჯელის ცხოვრების ამსახველი სიუჟეტი. ატენის სიონის სომხური წარწერები პალეოგრაფიული და ენობრივი თვალსაზრისით X ს. II ნახევარს და XVII-XVIII სს. განეკუთვნება. X ს. 80-იანი წლებისაა: თოდოსაკის საამშენებლო წარწერა; რესტავრაციის პერიოდის რელიეფებზე ამოკვეთილი ანთროპონიმები (თოდოსა, გრიგორ დაპს) და ძველი აღთქმის სიუჟეტების პერსონაჟთა (სამსონ, ამბაკუმ) სახელები; ორი ქვისაგან შედგენილ რელიეფებზე, ქვების ერთმანეთზე სწორად მორგების მიზნით, დატანილი ცალკეული გრაფემები; გერგიუმ ერჰასანის ძის წარწერა (982-986); ტაძრის ინტერიერში დამოწმებული ცალკეული გრაფემები (ქვათა მარკირების ნიშნები) და ანთროპონიმები (აჰრონი, გიორგი). XVII-XVIII სს. ეკუთვნის: სოლომონის, ავეტის აბეღასა და ანონიმის პილიგრიმული მინაწერები. ატენის სიონში თოდოსაკი და სომეხი ოსტატები მხოლოდ X ს. 80-იან წლებში ჩატარებულ სარესტავრაციო სამუშაოებში იღებდნენ მონაწილეობას. მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა თოდოსაკის ფუნქციის განსაზღვრასა და მის ეროვნულ კუთვნილებასთან დაკავშირებით. გ. ჩუბინაშვილის აზრით, ის სომეხი ხუროთმოძღვარია. გ. აბრამიშვილი კი მას სომეხ რესტავრატორ-ოსტატად მიიჩნევს. [(ბოლო დროს ისტორიოგრაფიაში გამოითქვა ახალი თვალსაზრისი (თ. მესხი) ატენის სიონზე განთავსებულ სომხურ საამშენებლო წარწერასთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) თოდოსაკ სომეხი კი არა, ბერძენი უნდა იყოს; ამის დასტურია ის, რომ ანთროპონიმი „თოდოს“ სომხურში გავრცელებული არ ყოფილა. „თოდოს“ მომდინარეობს სახელიდან „თეოდოს“, რომელიც თავის მხრივ, ბერძნული „თეოდოსიოსიდან“ არის მიღებული. ფონეტიკური ცვლილება, რომელიც სახელმა განიცადა, სომხურ ნიადაგზე არ იხსნება. მკვლევართა ვარაუდით, ცვლილება უკვე ბერძნულ დიალექტებში მოხდა და შემდეგაა შესული სომხურში. „თოდოსაკ“ კი, სომხური ენობრივი ნორმებიდან გამომდინარე, კნინობითის ფორმად მიაჩნიათ. „თოდოსაკი“ რომ ბერძენია, ამის სასარგებლოდ, თ. მესხის აზრით, მეტყველებს ის გარემოება, რომ ანთროპონიმი „თოდოსაკ[ის]“ ბერძნული ენის ნორმების ფარგლებში ჯდება და „თეოდოსიოსის“ კნინობით ფორმას წარმოადგენს. ასევე, შეიძლება იყოს შემოკლებული ფორმა გვარისა – „თოდოსაკის“. ატენის სიონი. განკითხვის დღის კომპოზიცია. დეტალი. ეს სახელი, ფორმით „თოდოსა“ (დაწერილი სომხური ასოებით), დასტურდება აგრეთვე ატენის სიონის ჩრდილოეთ ფასადზე (რელიეფზე, რომელზედაც ასახულია წმ. ლუკიანეს მიერ ირმების წველა). დადგენილია, რომ სახელები ორი სხვადასხვა ოსტატის მიერაა ამოკვეთილი. ერთსა და იმავე ძეგლზე ერთი და იგივე სახელი ორი სხვადასხვა ფორმით რომ გვხვდება, იმაზე მეტყველებს; რომ სახელი დამწერთათვის უცხოა. საამშენებლო წარწერა რომ სომხური ასო-ნიშნებითა და სომხურ ენაზეა დაწერილი, თოდოსაკის ბერძნობას არ ეწინააღმდეგება. თოდოსაკი ტაძრის რესტავრაციას ხელმძღვანელობდა და თავისი ღვაწლის წარმოჩენა, ცხადია, იმ ენაზე ენდომებოდა, რომლის წაკითხვასაც ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებდა. ამიტომ ოსტატს სათანადო წარწერის ამოკვეთა დაავალა. (ატენის სიონის მშენებლობაში, ქართველებთან ერთად, სომეხი ქვის მთლელი ოსტატებიც რომ მონაწილეობდნენ, დასტურდება ფილებზე ამოკვეთილი ცალკეული სომხური გრაფემებით, რომლებიც, როგორც გაირკვა, აღნიშნავდა რიცხვით ნიშნებს, რათა კედელზე მომუშავე ოსტატებს ფილები ერთმანეთთან სწორად მიედგათ). თოდოსაკის მიერ შერჩეული ოსტატი სომეხი აღმოჩნდა. ამიტომ წარწერა მშობლიურ ენაზე ამოკვეთა. სხვაობას სომხურსა და ძველ ქართულ დამწერლობას შორის ბერძენი თოდოსაკისი ვერ შეამჩნევდა. ბ) ზედწოდება „დაპს“, თ. მესხის კვლევის თანახმად, მხოლოდ და მხოლოდ ბერძნული ენის ნიადაგზე იხსნება და ნიშნავს „უხვს“ (სავარაუდოდ, შემოკლებული ფორმაა ზედსართავი სახელისა δαψιλńç εç – უხვი, გულუხვი, ხელგაშლილი). გრიგოლ დაპსი (მიჩნეული ხუროთმოძღვრის ან რესტავრატორის თანაშემწედ) უნდა იყოს ქართველი დიდებული, ბაღვაშთა ფეოდალური სახლის წევრი, რომელმაც უხვი შესაწირავი გაიღო ტაძრის რესტავრაციისათვის. ამიტომაცაა მოთავსებული მისი რელიეფური გამოსახულება გუმბათის ყელის ცენტრალურ წახნაგზე. ბაღვაშთა საგვარეულოში გრიგოლის სახელის მქონე პიროვნების არსებობას, თ. მესხის აზრით, უნდა ადასტურებდეს გიორგი მერჩულის სიტყვები: „… ნეტარისა მამისა გრიგოლის შენებულთა მათ მონასტერთა იყვნეს მამასახლისნი ნათესავით დიდთა აზნაურთა შვილნი: ხანცთას – მამაჲ თევდორე, დისწული მცხუედაჲსაჲ, და მამაჲ შატბერდს გრიგოლ, ძე ლიპარიტისი, სახელითა დიდისა მამისა გრიგოლისითა შემკობილი“. ის ფაქტი, რომ ზედწოდება „დაპს“ ბერძნნული ენის ნიადაგზე იხსნება, კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია იმისა, რომ ატენის სიონის რესტავრატორი თოდოსაკი ბერძენი იყო. რადგან, იმ შემთხვევაში, თუ თოდოსაკი სომეხი იქნებოდა, გრიგოლის ზედწოდების ამოკვეთას ოსტატს სომხურ ენაზე უბრძანებდა და ისიც (სომეხი ქვის ოსტატი) რელიეფზე „უხვის“ ; შესატყვის სომხურ სიტყვას ამოკვეთდა და არა ბერძნულს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თოდოსაკისა და გრიგოლ დაპსის წარწერათა, შემსრულებელი ორი სხვადასხვა ოსტატი იყო. ამათგან ერთ-ერთისთვის, ვისაც ქვაზე ხუროთმოძღვრის სახელი უნდა ამოეკვეთა, დავალება მარტივად გასაგები და ნათელი იყო. მშობლიურ ენაზე ადვილად გაიაზრა და ქვაზე ამოკვეთა: „მე, თოდოსაკ, [ამ] ეკლე[სიის] მშენებელი“. მეორე ოსტატისთვის სიტყვა Δαψιλής (დაფსილის) შესატყვისის პოვნა მარტივი არ იყო. ამიტომაც ქვაზე უთარგმნელად (ანუ ტრანსკრიფციით) გადაიტანა. ტრანსკრიფციით, ოღონდ, ქართ. მთავრული ასოებით დაწერილი ორი ბერძნ. ტექსტი (ლოცვა და ციტატა სახარებიდან) დასტურდება ატენის სიონის ფრესკებზედაც. თ. მესხის საბოლოო დასკვნის თანახმად, თოდოსაკი ბერძენი ხუროთმოძღვარია, რომელიც საბერძნეთიდან ატენის სიონის რესტავრაციისათვის მოიწვიეს, ხოლო გრიგოლ „დაპსი“ – ქართვ. დიდებული)]. 1060-1068 წწ. მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072) ბრძანებით დიდ ფეოდალს, მირიან თარხუნის ძეს და მის ვასალს, ატენის ციხისთავ გურგანელს, ატენის ზვარში ქალაქის სასახლე და ქულბაქები აუშენებიათ. XI საუკუნის 60-იან წლებში ატენს ახალქალაქობის ყველა ძირითადი კომპონენტი ჰქონდა: ციხე, დარბაზი, ქულბაქები და ეკლესია. შემდეგ მას დავით IV აღმაშენებლმა დაამატა სამეფო საჭურჭლე. XIII–XIV სს. მიჯნაზე ტაძრის სახურავსა და სარკმლებს მნიშვნელოვანი ცვლილებები განუცდია – სარკმლები სიმაღლეშია შემცირებული, სახურავის ქანობის ზედა დონე კი – საგრძნობლად ამაღლებული. იმ დროსვე უნდა აემაღლებინათ ჩრდილოეთ კარის ღიობის დირეც. იმავე პერიოდში სუბსტრუქციის სამხრ. კედელზე დაუმატებიათ სწორკუთხა კოშკისებური მინაშენი. სამხრ. შესასვლელთან გაუმართავთ კარიბჭე, რომლისაგანაც სვეტის ორი ბაზისია გადარჩენილი. ფეოდალური ხანის შეკეთებებიდან ყველაზე გვიანი პერიოდის აღდგენითი სამუშაოები XVIII ს. ჩატარებულა. XX ს. 30-40-იან წწ. ტაძარზე ჩატარდა სარესტავრაციო-აღდგენითი და კედლის მხატვრობის გაწმენდა-გამაგრებითი სამუშაოები. 1957-1960 წწ. განახლდა ა.ს-ის სახურავის ქანობები. 1966 წ. დეკემბერში ატენის სიონი გაიწმინდა დაზიანებული ქვის იატაკისაგან. ბაზალტის თლილი ქვის იატაკი დაიგო 1967 წ. იანვარში. 1969-1975 წწ. გამაგრდა ტაძრის ფასადების ქვედა მონაკვეთები. შეკეთდა ქვის მოაჯირი, ძე გლის ირგვლივ დაიგო თლილი ბაზალტის ქვის ფენილი. გუმბათზე მოიხსნა უვარგისი სახურავი. გუმბათს გაუკეთდა რკინაბეტონის სარტყელი და ახალი სახურავი ბაზალტის ქვის ლორფინებით. სამი მკლავის სახურავის ქანობების სიმაღლე დაწიეს თავდაპირველ დონემდე, მხოლოდ აღმ-ის მკლავზე შემორჩა სახურავის XIII-XIV სს. გადაკეთებული დონე. 1983-1985 წწ. სახურავის ლორფინები შეიცვალა ახლით. უმეტესობა გადაეწყო. გაიწმინდა და გამაგრდა კედლის მხატვრობა. 2000 წლისთვის ატენის სიონის მდგომარეობა ძლიერ სავალალო შეიქნა. ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები კვლავ განახლდა. მოხატულობა. ატენის სიონის ინტერიერის სამკაულია ორი პერიოდის კედლის მხატვრობა. ტაძრის მშენებლობის დამთავრებისთანავე კედლები სარკმელთა თაღების ქუსლების დონემდეა დაფარული ბათქაშით, რომელზედაც ამოკაწრული 711 წ. წარწერა ბათქაშის ზედა ქრონოლოგიურ ზღვარს შეადგენს. თაღებიდან ზემოთ ტაძარი შეულესავია. ნაგებობის როგორც შელესილ, ისე შეულესავ კონსტრუქციულ ნაწილებს ამკობს პირველი პერიოდის ანიკონური მხატვრობა (VII ს.). წითელი საღებავით შესრულებული მოხატულობა ტაძრის ზედა მონაკვეთებში უშუალოდ ქვის ზედაპირზეა დატანილი. მოხატულობის დომინანტია გუმბათში წითლად შეღებილი დიდი ჯვარი, რომელიც სიმბოლურად მაცხოვარს გამოსახავს. ქვედა მონაკვეთებში, გუმბათქვეშა შვერილებსა და პასტოფორიუმების არქიტრავებზე წითელი და თეთრი საღებავებით შესრულებული თორმეტი „აყვავებული ჯვარი“ კირის ბათქაშზეა დატანილი. ისინი თორმეტი მოციქულის სიმბოლოს წარმოადგენენ. ოთხი ტრომპის მარაოსებურად გაშლილი წყობა ადგილგამოტოვებით წითლად შეღებილი ზოლებით იმკობა. აფსიდების კონქებს კუბოკრული მოხატულობა ამშვენებს, ხოლო სარკმლების თამასებისა და თაღების წითელი ზოლებით შედგენილი ნახატი ქვის წყობას გამოხატავს. XI ს. მიწურულს კედლები მთლიანად დაიფარა ბათქაშითა და secco-ს ტექნიკით შესრულებული მონუმ. მოხატულობით. მისი პროგრამა განისაზღვრება ტაძრის მიძღვნით ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისადმი. საკურთხეველში მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებს შორის (კონქი) გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით („ნიკოპეა“), ბემის თაღში – წრეში ჩაწერილი ქრისტე-პანტოკრატორის ნახევარფიგურა; მის ორივე მხარეს მთელი ტანით წარმოდგენილი არიან იოანე ნათლისმცემელი და წინასწარმეტყველები: ზაქარია, აარონი, დავითი (ბემის კალთები). მეორე რეგისტრი ჯვრისკენ ცენტრისკენული მიმართებით 12 მოციქულის ფიგურას (აფსიდა), სისხლითა და ხორცით ზიარების სცენებს (ბემის კედლები) ეთმობა. მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა ფრონტალური ფიგურებია: იოანე ოქროპირი, წმ. ნიკოლოზი, ბასილი დიდი, ათანასე ალექსანდრიელი, კირილე ალექსანდრიელი, წმ. ვლასი, გრიგოლ საკვირველთმოქმედი, წმ. ეპიფანე, გრიგოლ ნოსელი (აფსიდა და ბემა), არქიდიაკონი სტეფანე პირველმოწამე და წმ. რომანოზ ტკბილმომღერალი (აფსიდის შვერილები); ცენტრ. სარკმლის ღიობში მესვეტენი – სვიმეონ საკვირველთმოქმედი და სვიმეონ ალეპოელი – არიან გამოსახული. გუმბათის თაღში დომინირებს პატიოსანი ქვებითა და მარგალიტებით შემკული მონუმენტური ჯვარი. ტრომპებზე წმ. მდინარეების უძველესი ბიბლიური პერსონიფიკაციები გამოისახებიან. მდინარის ტალღებში წამოწოლილი, სახით მარცხნივ მიმართული, ანტიკური ტიპის შიშველი ჭაბუკები ასე ნაწილდებიან: ფისონი (სამხრ.-აღმ.), ნილოსი (ჩრდ.-აღმ.), ტიგროსი (ჩრდ.-დას.), ევფრატი (სამხრ.-დას.), რომლებიც წრიული მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნიან გუმბათქვეშა სივრცეში. სამხრეთ აფსიდაში წარმოდგენილია მედალიონში ჩაწერილი მთავარანგელოზი გაბრიელი (კონქი) და ღვთისმშობლის აპოკრიფული ციკლის 14 სცენა: ძღვნის უარყოფა, იოვაკიმეს ყვედრება, ანას ხარება, იოვაკიმეს ხარება, იოვაკიმესა და ანას ამბორისყოფა, ღვთისმშობლის შობა, ღვთისმშობლის შვიდი ნაბიჯი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება, ღვთისმშობლის ხარება, მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა, ღვთისმშობლის გამოცდა სამხილებელი წყლით, იოსების სიზმარი, ქრისტეს შობა, ღვთისმშობლის მიძინება; პილონებზე – წმ. არტემი, წმ კოზმანი, წმ. დამიანე. ჩრდილო აფსიდაში მედალიონში ჩანერილი მთავარანგელოზი მიქაელი (კონქი) და 11 სცენაა „ათორმეტი დღესასწაულის“ ციკლიდან: მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა, თომას დარწმუნება, ამაღლება და სულიწმინდის მოფენა; ჩრდილო.-დასავლეთ პილონზე – წმ. საბა, წმ. არსენი. დას. აფსიდასა და ბემაში საშინელი სამსჯავროს ვრცელი რედაქციაა წარმოდგენილი. ქვედა რეგისტრი მამამთავარ ენოქის, იოანე ღვთისმეტყველის; წინასწარმეტყველთა: ილიას (იერემია წარხოცილია), ამბაკუმის, იეზეკიელის, იოველის, დანიელის ფიგურებსა (სამხრ. კალთა) და ქტიტორთა (ჩრდ. კალთა) რიგს ეთმობა. პილონებზე შემორჩენილია წმ. ევსტათის, წმ. იაკობ დაჭრილის გამოსახულებები. ატენის სიონის კედლის მხატვრობა კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, ფიგურათა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტით ქართ. მონუმ. ფერწერის საეტაპო ნაწარმოებს წარმოადგენს. მოხატულობის მნიშვნელობა იზრდება იმითაც, რომ აქ დაცულია ქართვ. მეფეთა და დიდებულთა პორტრეტული გამოსახულებები. ა·ს-ში ქტიტორთა გამოსახულებები დას. აფსიდის მოხატულობის ქვედა რეგისტრში, ჩრდილო კალთაზე და ბემაში ორ ჯგუფადაა განაწილებული. თავდაპირველად მათი რაოდენობა შვიდს შეადგენდა, დღეისათვის კი მხოლოდ ფრაგმენტულად ექვსი ფიგურაა მოღწეული. ქტიტორთა იდენტიფიკაცია მათი თანმხლები ქართ. ასომთავრული წარწერებით გახდა შესაძლებელი. გამოსახულებათა მარჯვნივ დიდებულთა ვინაობა სახელდება, ხოლო მარცხნივ – შესაწირავები. ქტიტორთა იდენტიფიკაციაზე და, შესაბამისად, კედლის მხატვრობის შესრულების ხანაზე, სამეცნ. ლიტერატურაში არაერთგვაროვანი თვალსაზრისია გამოთქმული. შ. ამირანაშვილის მოსაზრებით, ქტიტორები შემდეგი თანამიმდევრობით გამოისახებიან: X ს. ქართლის კათოლიკოსი; კონსტანტინე აფხაზთამეფისძე-უფლისწული გიორგი; კონსტანტინე აფხაზთა მეფე; სომეხთა მეფე – სუმბატ ტიეზერაკალი; მისი მცირეწლოვანი ძე, აშოტ ერკათი (მეექვსე ქტიტორზე არაფერს ამბობს), დედოფალი – სუმბატ ტიეზერაკალის ასული, მეუღლე კოსტანტინე აფხაზთა მეფის ძის გიორგისა. ასეთი იდენტიფიკაციისა და ერთი თარიღიანი გრაფიტული წარწერის გათვალისწინებით, მკვლევარი მოხატულობას 904-906 წწ. ათარიღებს. თ. ბარნაველმა შენიშნა, რომ ამ გრაფიტის დასაწყისი მოხატულობის ფენის ქვეშ იყო მოქცეული და 906 წ. მოხატულობის ზედა ზღვრად ვერ გამოდგებოდა. რ. შმერლინგის დაკვირვებით, ატენის სიონი. გიორგი II-ის (1072-1089) ზეობაში მოიხატა, რ-იც მეორე ქტიტორად გამოისახება, მესამეა – მეფე ბაგრატ IV (1027-1072), დანარჩენი – ატენის ქვეყნის ფეოდალები. თარიღის განსაზღვრაში არსებითი მნიშვნელობა მიენიჭა თ. ბარნაველის მიერ დას. აფსიდაში განაწილებულ წარწერაში ამოკითხულ ცნობას, რომლის თანახმად, ტაძარი მოუხატავთ მეფე გიორგი II ნოველისიმოსის ზეობაში – 1080 წ. წარწერის შემდგომი შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ იქ არ იყო მითითებული თარიღი და არც გიორგი ნოველისიმოსი მოიხსენიებოდა. წარწერაში საუბარი იყო XIII–XIV სს. მიჯნაზე ლიპარიტ თორელის ძე გრიგოლის ქტიტორობით ატენის სიონის მოხატულობის ერთი ნაწილის შეკეთებაზე. თ. ვირსალაძის თვალსაზრისით, ატენის სიონის მოხატულობა 1068 წ. შეუსრულებიათ. მისი ქტიტორები არიან: გიორგი მთაწმინდელი, გიორგი უფლისწული, ძე მეფე ბაგრატ IV-ისა, მეფე ბაგრატ IV, მისი სიძე – დის ქმარი – სუმბატ აშოტის ძე, მცირეწლოვანი დისწული – აშოტი, დედა, დედოფალთ დედოფალი მარიამი და და გურანდუხტი. გ. აბრამიშვილმა ფრესკული წარწერების ამოკითხვისა და მათი ანალიზის საფუძველზე საქტიტორო მწკრივი შემდეგი თანამიმდევრობით განსაზღვრა: ბემაში სამონაზვნო სამოსით გამოსახული პირველი ქტიტორია გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, მეორე – ჭაბუკი მეფე დავით IV აღმაშენებელი (1089-1125), მესამე – გვირგვინოსანი ქტიტორი მეფე ბაგრატ IV (1027-1072). მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ატენის ქალაქმშენებლობაში. წარწერითვე ირკვევა, რომ ბაგრატ IV-ს ტაძრისათვის შეუწირავს „ჯ(უა)რმეწ(ა)მ(უ)ლი“. მეოთხე გვირგვინოსანი ფიგურა – სუმბატ აშოტის ძე, ბაგრატოვანთა სახლის ერთ-ერთი შტოს წარმომად-გენელი ფრესკაზე გამოსახულია თავის მცირეწლოვან უფლისწულ აშოტ სუმბატის ძესთან ერთად. ე. თაყაიშვილის ვარაუდით, 885 წ. ფრესკულ ეპიტაფიაში მოხსენიებული სუმბატ აშოტის ძე და XI ს. მიწურულის მოხატულობაში ასახული სუმბატ აშოტის ძე ერთი გვარის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. ამდენად, სუმბატ აშოტის ძე ატენის ქვეყნის ის ძირძველი მემკვიდრეა, რომელსაც დავით IV-ის ზეობაში, ლიპარიტ ბაღვაშის განდევნის შემდეგ, დაჰბრუნებია თავისი სამემკვიდრეო დომენი. ქტიტორულ გამოსახულებასთან შემორჩენილი წარწერებიდან იკითხება შემდეგი: „ს(უმ)ბ(ა)ტ ძე აშოტის, შემოწირა [ბ]ოტი[ნატი]“ და „[აშო]ტ უფ[ლ](ი)სწული, ძე ს(უმ)ბ(ა)ტისი“. ისინი იმ სახლის წევრები არიან, ვისთვისაც ატენის სიონი საგვარეულო საძვალეს წარმოადგენდა. სუმბატი ამ მოხატულობის დამფინანსებელია, რამდენადაც სწორედ მის კუთვნილ შეწირულობაშია დასახელებული ბოტინატი (ბიზანტ. ფულის ერთეული, რომელიც მოიჭრა ბიზანტ. კეისრის, ნიკიფორე ბოტანიატის ზეობაში – 1078 წ.). მეექვსე ქტიტორად მეფე გიორგი II (1072-1089) გამოუსახავთ, რასაც ადასტურებს განმსაზღვრელი ორსტრიქონიანი წარწერა: „ატენის სიონს შემოწირნა [ციხე]ნი შეუვალნი გიორგი მეფემან“. სამწუხაროდ, მეექვსე ქტიტორის ფიგურიდან მხოლოდ მოშავო-ოყავისფრო, ძალზე მცირე ფრაგმენტიღაა დარჩენილი. მეშვიდე ქტიტორი დედოფალია. იგი შარავანდმოსილია, თავზე დედოფლის გვირგვინი ადგას. იმ დაზიანებული წარწერებიდან, რომლებიც მას ეხება, იკითხება: „…ისდუ(ხ) ტ დედოფალი შემომწირველი [სეფის ზუარ]ის დ(ე)გეულისა“. ქტიტორი დედოფლის ვინაობის დადგენა რთულია, მაგრამ, შესაძლოა იგი გიორგი II-ის თანამეცხედრე ყოფილიყო, რადგან მის გვერდით გამოუსახავთ. მონუმ. მხატვრობა რამდენჯერმე შეუკეთებიათ. ერთ-ერთი მასშტაბური შეკეთება XIII-XIV სს. მომხდარა, როდესაც გრიგოლ ლიპარიტ თორელის ძის ქტიტორობით მნიშვნელოვნად გაუცხოველებიათ „კედელი დასავლისალ“. განახლების შემდგომი ეტაპი XVI ს-ზე მოდის, რომლის დროსაც გადაუწერიათ ტრომპების მოხატულობა. წარწერები. ატენის სიონი საყურადღებო ტაძარია მასში დაცული მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული და ფრესკული წარწერებითაც. ფეოდ. ხანის ქართულ ძეგლებს შორის ნაკლებად მოიძებნება ისეთი ტაძარი, რომელიც ამ თვალსაზრისით მეტოქეობას გაუწევს მას. აქ დასტურდება ქართული, სირიული, ბერძნული., სომხური, არაბული, სპარსული, საეკლესიო სლავური, ქართ. ასომთავრულით შესრულებული ბერძნული და ებრაული ტექსტები. რაოდენობრივად ჭარბობს ქართული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები, რ-ებიც ქრონოლოგიურადაც ყველაზე ძველია. ტაძრის ინტერიერში ადრეული ხანის ფრესკული წარწერების უმეტესობა დაფარულია XI ს. მიწურულის კედლის მხატვრობის სქელი ფენით. იქ, სადაც ეს მოხატულობა ჩამოცვენილია, ან საღებავის ფენაა გათხელებული, ჩანს ქართ. ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერები. ფასადებსა და ინტერიერში ამოკვეთილი თუ ამოკაწრული წარწერები ხშირად ერთმანეთს ფარავს და ერთგვარ „პალიმფსესტებს“ ქმნის. აქ თავმოყრილია როგორც ოფიც., ისე პილიგრიმთა და მავედრებელთა მინაწერები. ატენის სიონის წარწერებმა, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, „გადატრიალება“ შეიტანა ქართული კულტურის სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებში. ატენის სიონის წარწერებმა შეცვალა ქართ. ნუსხური და მხედრული დამწერლობის მანამდე ცნობილი თარიღები და ისინი რამდენიმე საუკუნით დააძველა. ტაძრის ინტერიერის (სადიაკვნე, სამთავრობო) ნუსხური წარწერები VII ს. II ნახ-იდან დასტურდება. ჩრდილო-დასავლეთ გუმბათქვეშა შვერილზე დაცულ იოანეს (711 წ.) და გეორგის (VIII ს. | ნახ.) ნუსხურით შესრულებულ გრაფიტებში კი საკმაო რაოდენობის მხედრული გრაფემებია გარეული. ამავე დროს, ცალკეული ნუსხური გრაფემები ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის ნიშნებს შეიცავს, რაც ეჭვმიუტანლად ადასტურებს VIII ს. დამდეგისათვის ნუსხურიდან მხედრულზე თანდათანობითი გადასვლის ფაქტს. აქ გამოვლენილი მხედრული თარიღიანი წარწერები (IX ს.) ორი საუკუნით უსწრებს წინ მანამდე ცნობილ ძეგლუებს. ატენის სიონით გამდიდრდა ქართული პოეზია. სამხრეთის აფსიდის აღმოსავლეთ კალთაზე მოხატულობის ფენის ქვეშ გამოვლინდა IX ს. შუა ხანების ორი უძველესი ქართ. რითმიანი ლექსი: „წავა, ვითარცა წამი“, „მას აქს ძნელი ზამთარი“. ისინი ფორმითა და შინაარსით საერო პოეზიის გამორჩეულ ნიმუშებს წარმოადგენენ. ლექსების ქვემოთ განთავსებულია ოთხთავის უძველესი თარიღიანი (840/841) ტექსტის ფრაგმენტები. ციტატები კარგად ცნობილ შეგონებებს („ცხრა ნეტარება“) შეიცავს (მათე 5, 3-12). ლექსების მთავარი იდეა (ადამიანის ამქვეყნადვე ზნეობრივი სრულყოფილება) ახლოსაა წმ. წერილის აქ დაცულ მოტივებთან. ლექსების ენობრივი ქსოვილი ხალხურია, განსხვავებულია საეკლ. მწერლობის ენისაგან და ახალი ქართული ენის ნიშნებს ატარებს. ატენის სიონის მრავალრიცხოვან წარწერათა შორის გამოიყოფა წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობის ჯგუფი. ისინი სრულიად ახალ ცნობებს გვაწვდიან საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხზე. საკურთხევლის აფსიდის ჩრდილოეთ კალთაზე განაწილებული სტეფანოზ მამფლის ქართ. ასომთავრულით შესრულებული ფრესკული ეპიტაფიიდან (739), აგრეთვე გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთ შვერილის ბათქაშზე ამოკაწრული ვინმე იოვანეს (711) და გეორგი სტეფანოზის ძის (VIII ს. I ნახ.) გრაფიტებიდან ირკვევა, რომ ამ წარწერებში დასახელებული სტეფანოზ მამფალი ძეა ნერსესი და შვილიშვილი ვარაზისა. იგი წარმომავლობით მესხია, 711 წ. ავიდა ქართლის საერისმთავრო საყდარზე. მას ბიზანტიის კეისარმა ვარდანმა (711-712) გამოუგზავნა გვირგვინი. სტეფანოზმა 29 წელი იმთავრა. გარდაიცვალა 739 წ. მეფე არჩილ II-ის ზეობიდან 21-ე წელს (რითაც არჩილ II-ის ზეობის თარიღი 719 წ. განისაზღვრა). სტეფანოზ მამფალი 730 წლიდან, მეფე არჩილის ქართლში გადმოსვლის დროიდან, ატარებს ქართულ ისტორიოგრაფიაში მანამდე უცნობ ტიტულს – „ქართველთა და მეგრელთა ერისთავთერისთავთა უფალი“. ა.ს-ის ამ წარწერით გაირკვა, რომ მათში დასახელებული სტეფანოზი არის „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ნუსხებსა და ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ის სტეფანოზი (III), რომლის მამაა დიდი ერისმთავარი ნერსე (682/86-689), ხოლო პაპა – ვარაზ-ბაკურ პატრიკიოსი. ატენის ქვეყანა ბაგრატიონთა სახლის არტანუჯის შტოს სამემკვიდრეო დომენია, რომელთა ქტიტორობითაც აუგიათ ტაძარი. ატენის სიონი მათი საძვალე ყოფილა. ნაგებობის საკურთხეველში ამ შტოს წარმომადგენლები იკრძალებოდნენ X ს. ბოლომდე მაინც. საკურთხევლის აფსიდის სამხრეთ კალთაზე მოხატულობის ფენის ქვეშ 1956 წ. გამოვლენილი „დეოფალ“ გუარამავრის ეპიტაფია გვაუწყებს, რომ მანამდე წერილობითი წყაროებით უცნობი ეს პიროვნება გარდაიცვალა 837 წ. 14 ნოემბერს, ოთხშაბათს, ღამით. სამხრ. აფსიდის დას. კალთაზე განაწილებული, ქრონოლოგიურად მომდევნო ხანის ფრესკული წარწერა ბუღა თურქის მიერ 853 წ. თბილ. დაწვას, თბილ. ამირა საჰაკის სიკვდილით დასჯასა და ბუღა თურქის სარდლის, ზირაქის მიერ, კახასა და მისი ძის თარხუჯის, შეპყრობას გვაუწყებს. წარწერაში მოხსენიებული კოსტანტი-კახი „წარჩინებული ფრიად დიდად ყოველსა ქართლისასა“, 85 წლის ასაკში სიკვდილით დასაჯეს (853). იგი „დეოფალ“ გუარამავრის თანამედროვეა. კახა მფლობელი იყო შიდა ქართლისა და ატენის ქვეყანაც მის მფლობელობაში შედიოდა. ამიტომ აისახა მისი შეპყრობის ცნობა იმ ეკლესიის კედლებზე, სადაც დაიკრძალა გუარამავრი. ამ წარწერათა შეჯერების შედეგად გაირკვა, რომ გუარამავრი კახას თანამეცხედრე დედოფალია. საკურთხევლის ბემაში მოთავსებული მესამე ფრესკული ეპიტაფია მამფალ სუმბატ აშოტის ძის 885 წ. გარდაცვალებას მოწმობს. ე. თაყაიშვილის მოსაზრებით, სუმბატ აშოტის ძე აშოტ კეკელას უმცროსი ძეა, რომელიც სუმბატ დავითის ძის ქრონიკაშია დასახელებული. წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა დასავლეთ აფსიდის ჩრდილოეთ კალთაზე გამოვლენილი მიქელ ბაღვაშის 940 წ. ზუსტად დათარიღებული გრაფიტი. ატენის სიონის ამ წარწერაში პირველად გამოჩნდა ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გვარით დასახელების ფაქტი. აღნიშნული გრაფიტის საფუძველზე შესწორდა ბაღვაშთა გენეალოგიის ის ნაწილი, სადაც ლიპარიტ I-ის შემდეგ ლიპარიტ II არის დასახელებული და მათ შორის მოთავსდა მიქაელი. ფეოდალური ხანის საქართველოს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ატენის ქვეყანას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა თავისი ხელსაყრელი მდებარეობისა და თრიალეთიდან ქართლში დამაკავშირებელი უმოკლესი გზის გამო, რომელიც ტანას ხეობაზე გადიოდა. ამ ქვეყნის მნიშვნელობა იმითაც შეიძლება შეფასდეს, რომ აქ მეფე ბაგრატ IV-ის ბრძანებით დარბაზი აუშენებიათ, რაზედაც მოგვითხრობს ატენის სიონის სამხრეთ ფასადზე წარმოდგენილი ქალაქმშენებლობის მაუწყებელი ვრცელი ქართული. ასომთავრული წარწერა. ატენის სიონის დასავლეთ ფასადზე დაცულია მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072), მეფე დავით IV-ისა (1089-1125) და მისი ძის, დემეტრე I-ის (1125-1156), პილიგრიმული წარწერები, რომლებიც მათ ავტოგრაფებს წარმოადგენენ: „ქ(რისტ)ე, შეიწყ(ალე) მეფე ბ(ა)გრ(ა)ტ“; „ქ. ს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა დ(მრთისა?თ)ა ხელ(ი)თა დ(ავი)თ შ(ე) ფემ(ა)ნ [დადო ატენს] ს(აუ)ნჯე; ვინ წაი(კ)ითხოს, ლ(ო)ცვასა მომიხსენიოს“; „ქ(რისტ)ე, ადიდე დემეტრე მეფეჲ“. დღეს ა.ს. გორისა და ატენის ეპარქიის საკათედრო ტაძარია. ე. კავლელიშვილი იხილე აგრეთვე: ატენის სიონი წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. 3, ფრესკული წარწერები, ატენის სიონი, გ. აბრამიშვილისა და ზ. ალექსიძის გამოც., თბ., 1989. ლიტერატურა: აბრამიშვილი გ., ატენის სიონი (ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან), თბ., 1993; მისივე, დავით გარეჯელის ციკლი ქართულ კედლის მხატვრობაში, თბ., 1972; მისივე, მიქაელ, რატი და ლიპარიტ ბაღვუაშთა ქტიტორული ქანდაკებები, საქართველოს ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმის ნარკვევები, 2003, №8; მისივე, სტეფანოზ მამფალის ფრესკული წარწერა ატენის სიონში, თბ.,1977; მისივე, შენიშვნები ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისათვის, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის „მოამბე“, 1963, 30, №5; ალექსიძე ზ., ატენის სიონის ოთხი წარწერა, თბ., 1983; ბარნაველით., ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957; ვირსალაძე თ., ატენის სიონის მოხატულობა, ალბომი, თბ., 1984; მესხიო., ბერძნული ელემენტი ატენის ხეობის ტოპონიმიკაში და ატენის სიონი, თბ., 2010; Абрамишвили Г.В., К вопросу р датировке строительной надписи Атенского Сиона, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977; Амиранашвили Ш. Я., История грузинской живописи. т. 1, Тб., 1957; Кондаков Н.П., Древняя архитектура Грузии, М., 1876; Марр Н.Я., По поводу работы арх. Т. Тороманяна, р древнейших формах Эчмядзинского храма. Записки Вост. Отд. Арх. Общества. т. XIX, СПБ., 1909; Материалы по археологии Кавказа, т. 2, М., 2002. Чубинашвили Г.Н., Памятники типа Джвари. Исследование по истории грузинского искусства, Тб., 1948; Dubois de Montpereux Fr. Voyage autour du Caucase, chez les Tcherkesses et les Abkazes, les Abkazes, en Colchide, en Georgie, en Armenie es en Crimee, 3, Paris., 1839-1843; Strzygowski J., Die Baukunst der Armenier und Europa, Wien., 1918.