Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ამერიკული' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. გენერალ-ლეიტენანტი (გადამდგარი) ბენ ჰოჯესი. თბილისი, 11 სექტემბერი, 2018 წ. ავტორი: ია მეურმიშვილი, ამერიკის ხმა ია მეურმიშვილი: გენერალო, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ აქტიურად ხართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების გარშემო განვითარებულ დისკუსიებში. ამ თემას ცოტა ხნის წინ ნატოს მინისტერიალზეც დიდი ყურადღება დაეთმო, რადგან ალიანსის გადმოსახედიდან შავი ზღვის უსაფრთხოებას ნატოს უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. კონკრეტულად, რას მოიცავს შავი ზღვის უსაფრთხოება? ბენ ჰოჯესი: „ვფიქრობ, იმაზე დაყრდნობით, რაც მინისტერიალიდან გამოვიდა და, ასევე, სტრატეგიული გეგმის ანგარიშის თანახმად, უნდა ვიფიქროთ, რომ მიუხედავად იმისა, ნატო უნაკლო არ არის, ის მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია. ამ წარმატების მიზეზი კი ისაა, რომ მას ადაპტაციის უნარი აქვს. მე გამოწვევას ვთავაზობ ნებისმიერ მულტინაციონალურ დიდ ორგანიზაციას, დაგვანახვოს ის, რომ ნატოზე სწრაფად შეუძლია ადაპტაცია. ალიანსში 30 ქვეყანაა, რომელთაგან ნებისმიერს შეუძლია გადაწყვეტილების დაბლოკვა. ამიტომ, ძალიან ვამაყობ იმით, რაც ალიანსმა აქამდე გააკეთა. ამ ადაპტაციის დიდი ნაწილია იმის გაცნობიერება, რომ რუსეთთან შავ ზღვაში სტრატეგიული კონკურენცია გვაქვს. შავი ზღვის რეგიონი კრემლისთვის, სავარაუდოდ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის პერიფერიაში არსებული ნებისმიერი სხვა რეგიონი. მას შავი ზღვა ყირიმში უკანონო ბაზების შესანარჩუნებლად სჭირდება. შავ ზღვას იყენებს ასევე სირიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, აფრიკაში, ბალკანეთსა და კავკასიაში გავლენის გასაზრდელად. ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს და შესაბამისადაც იმოქმედებს, რაშიც საქართველოსა და უკრაინისთვის სამოქმედო გეგმის მიცემაც უნდა შევიდეს“. ია მეურმიშვილი: როგორ მიესადაგება ეს ყველაფერი საქართველოს - ქვეყანას, რომელიც ალიანსისგან შედარებით შორს მდებარეობს? როგორ შეიძლება ის ჩართული იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების ძალისხმევაში? ბენ ჰოჯესი: „ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა ილაპარაკა იმაზე, რომ ნატო რეგიონალური ორგანიზაციაა, რომელსაც გლობალური მიდგომა უნდა ჰქონდეს. როცა რუკაზე საქართველოს და სამხრეთ კავკასიას უყურებ, ხედავ, რომ ის ნამდვილად კარიბჭეა ევროპასა და ევრაზიას შორის. ის ასევე აზიიდან ევროპისკენ ერთადერთი დერეფანია, რომელიც რუსეთსა ან ირანზე არ გადის. ასევე, სავაჭრო მაგისტრალები, ენერგორესურსები, ტელეკომუნიკაციების ქსელები და საერთაშორისო საჰაერო გზები, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, პოტენციურად შეიძლება სამხრეთ კავკასიაზე გავიდეს. ჩინეთი, თავის მხრივ, ცდილობს ევროპასა და მის გარშემო ინფრასტრუქტურის რაც შეიძლება დიდი მონაკვეთები აკონტროლოს. ეს ჩვენთვის სუსტ წერტილებს ქმნის. ამის გამო, კონკურენციაში ამ მიმართულებითაც უნდა ჩავებათ. საქართველო, ჩემი აზრით, სწორედ შავი ზღვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე შეიძლება ჩვენი საყრდენი იყოს. ღიად რომ ვისაუბროთ, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის ეკონომიკური განვითარება მეტად დაჩქარდებოდა, საქართველო რეალურად რომ გახდეს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკური დერეფანი. ცხადია, რუსეთს ეს ყველაზე ნაკლებად სურს. კრემლს არ უნდა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციები შევიდეს, რადგან ამის შემდეგ ევროპა უფრო მეტად დაინტერესდება იმით, თუ რატომ აგრძელებს რუსული ჯარი საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებას შორის პირდაპირი კავშირია და, ვფიქრობ, ალიანსი ამას ხედავს. ჩემი აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება ალიანსს ბევრი მიმართულებით შეუწყობს ხელს“. ია მეურმიშვილი: 2008 წელს ალიანსმა პირობა დადო, რომ საქართველო და უკრაინა ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. დიახ, ნატომ საქართველოსთან პარტნიორობა გააღრმავა, მაგრამ, წევრობის თვალსაზრისით, ხელჩასაკიდი ბევრი არაფერი მომხდარა. ბოლო მინისტერიალის შემდეგ უნდა იყოს თუ არა საქართველო უფრო იმედიანად განწყობილი? თქვენ თუ ხართ უფრო იმედიანად განწყობილი? ბენ ჰოჯესი: „კარგი ამბავი ისაა, რომ იმედის შემამცირელებელი ან დაპირების დამაკნინებელი არაფერი მომხდარა. ეს, რა თქმა უნდა, შთაგონების მომცემი სიახლე არაა, მაგრამ მაინც დადებითი მესიჯია. ამასთან, იმედი მაქვს, ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია ნატოსთან ურთიერთობაში უფრო მრავალმხრივ მიდგომას შეიმუშავებს და ალიანსს მის მიმართ ამერიკის ერთგულებაში დაარწმუნებს. ამასთან, ადმინისტრაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებიც, ჩემი აზრით, შავი ზღვის მნიშვნელობას ხედავენ. ალიანსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეკონომიკა იქნება. თუ გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი ბიზნესები საქართველოში ეკონომიკურ შესაძლებლობებს დაინახავენ… თუ საქართველო დიდ დასავლურ კომპანიებს თავს მიმზიდველ ადგილად დაანახვებს, მაშინ ამ დიდ კომპანიებს საქართველოში საკუთარი ინტერესი გაუჩნდებათ. ისინი საქართველოს უსაფრთხოებაზეც დაიწყებენ ზრუნვას. ეს კი იმის საფუძველი გახდება, რომ ქვეყნები, რომელთა კომპანიებიც საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ, აღარ იტყვიან, “ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი გაღიზიანდესო“. პირიქით, მათი შეხედულება იქნება, რომ ისინი მილიარდობით ევროს ინვესტიციას აკეთებენ საქართველოს სატრანსპორტო ან სხვა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ამ ინვესტიციების უსაფრთხოებას დაცვა დასჭირდება. საქართველოს ნატოში გაწევრიანება არ ეხება მხოლოდ სამხედრო სფეროს. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ რის მოტანა შეუძლია ქვეყანას ალიანსისთვის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური განვითარება და დასავლეთისთვის საკუთარი თავის ეკონომიკურად უფრო მიმზიდველად ჩამოყალიბება ის უნდა იყოს, რაზეც საქართველო აქტიურად იმუშავებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კრემლს ამის დაშვება არ სურს“. ია მეურმიშვილი: თქვენ საქართველოს კარგად იცნობთ, ბევრჯერ ხართ ქვეყანაში ნამყოფი. როცა საქართველოს აფასებთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ის ნატოში გაწევრიანებისთვის მზადაა? ბენ ჰოჯესი: „ვფიქრობ, ხალხი მზადაა. ვფიქრობ მოსახლეობამ, საქართველოს ახალგაზრდებმა იციან, რომ მათი კეთილდღეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები არა მხოლოდ ნატოსთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან, ევროპულ ქვეყნებთან უფრო ახლო ინტეგრაციაა. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ მთავრობასთან დაკავშირებით. ისინი ამ ყველაფერს ამბობენ, მაგრამ… შეიძლება სულ ერთსა და იმავეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემთვის ანაკლიის პორტი წყალგამყოფია. ამ პორტს საქართველოსთვის უდიდესი ეკონომიკური კეთილდღეობისა და პოტენციალის მოტანა შეუძლია. ის ნამდვილად მისცემს საქართველოს შესაძლებლობას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დერეფანი გახდეს, მაგრამ ამის მისაღწევად ქვეყანას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს და ეს ღრმაწყლოვანი პორტი ამ ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოში ბევრისგან, მათ შორის ეკონომიკის მინისტრისგანაც, გამიგია, რომ ეს ქვეყნის პრიორიტეტია. პორტი პრიორიტეტი რომ იყოს, იქ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებული იქნებოდა, რაც არ ხდება. ახლა კი რეგიონში მდგომარეობა შეიცვალა. აზერბაიჯანი საქართველოს კარგი მეზობელია, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანა აზიასა და ევროპას შორის დერეფნად იქცეს, საქართველოს აზერბაიჯანსა და თურქეთთან ახლო თანამშრომლობა დასჭირდება. პრობლემა კი ისაა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მცდელობაში დასავლეთი გვერდზე იდგა და ახლა რუსეთს სამხედრო ძალები კავკასიის სამივე ქვეყანაში ჰყავს განლაგებული - საქართველოში, სომხეთში და ახლა უკვე აზერბაიჯანში, კერძოდ კი, მთიან ყარაბაღში. ეს ყველაფერი უშედეგოდ არ ჩაივლის. ია მეურმიშვილი: თქვენი აზრით, ამას საქართველოს უსაფრთხოებაზე გავლენა ექნება? ბენ ჰოჯესი: პირველ რიგში, ვფიქრობ, საქართველო ზეწოლის ქვეშაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მესმის, რატომ დართო საქართველომ რუსეთს ნება, მშვიდობისმყოფელები საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით სომხეთში გადაეყვანა და ეს მაშინ, როცა 10 ათასი რუსი ჯარისკაცი საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას აგრძელებს. მე, ცხადია, ამ გადაწყვეტილების სრული კონტექსტი არ ვიცი, მაგრამ ადამიანს გიჩნდება კითხვა: საქართველო ნამდვილად ასე დაუცველად გრძნობს თავს, თუ მთავრობა კრემლის გავლენის ქვეშაა ისე, რომ თავს ვალდებულად გრძნობდა, ეს გაეკეთებინა. სხვათა შორის, სწორედ ამის გამო ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებული შტატები მიიწვიოს ქვეყანაში ლოგისტიკური ცენტრის გასაკეთებლად, რაღაც ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, შეიძლება ამაში როტაციული წესით სამხედრო ძალის განთავსებაც შედიოდეს. არ არის აუცილებელი ამ ძალას მუქარის ხასიათი ჰქონდეს. შეიძლება ის იყოს სამედიცინო, ტელესაკომუნიკაციო ან სხვა სახის ლოგისტიკური ყოფნა. ყველაზე კარგი იქნება სახმელეთო და საჰაერო ძალების ლოგისტიკის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში, მაგალითად, წვრთნებს ჩაატარებენ. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, მაგრამ საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს მზადაა თუ არა კრემლისგან წამოსულ ზეწოლას გაუძლოს, რომელიც, ამ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აუცილებლად იქნება“. ია მეურმიშვილი: ამერიკაში ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თქვენი აზრით, ეს შესაძლებელი იქნება? საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია მარტივი ფაქტის გამო, რომ შეერთებულ შტატებში არავინ ლაპარაკობს საქართველოში ამერიკული ძალების განლაგებაზე. თქვენ ფიქრობთ, რომ მომავალი ადმინისტრაციის მმართველობის დროს ამაზე საუბარი დაიწყება? ბენ ჰოჯესი: „ნამდვილად ვიტყოდი, რომ ეს შესაძლებელია, თუმცა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ამაზე საუბარი პირველივე წელს დაიწყოს. მაგრამ ცუდი იდეა არაა საუბრის დაწყება საკუთარი სურვილის დემონსტრირების მიზნით. მაგალითად, საქართველოს შეუძლია მიმართოს შეერთებული შტატების ტრანსპორტის სარდლობას და უთხრას, რომ თბილისთან ახლოს დიდი საჰაერო ბაზა აქვს და ეს ბაზა შესთავაზოს იმისთვის, რომ ამერიკული თვითმფრინავების საწვავით გამართვა იქ მოხდეს, ან შუალედური ადგილი იყოს შეერთებული შტატებისთვის, როცა თვითმფრინავები ევრაზიის რეგიონში გადაადგილდებიან. საქართველოს შეუძლია ალტერნატივა შესთავაზოს ამერიკას. თუ საქართველოს მიაჩნია, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, მაშინ მას შეუძლია ამერიკისთვის მიმზიდველი გახდეს. ამაზე საუბრის დაწყება შესაძლებელია. ეს შეიძლება მოხდეს ნატოს საწვრთნელი ცენტრის გაფართოებითაც. საქართველოს ასევე შეუძლია უფრო მიმზიდველი გახდეს ამერიკის საზღვაო ძალებისთვისაც, როცა შავ ზღვაში ამერიკული გემები შედის და მათ პროფილაქტიკა სჭირდება. საქართველოს შეუძლია ეს უზრუნველყოს. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტს აფიქრებინოს, რომ საქართველოსთან ასეთი კავშირი მისთვის ხელსაყრელია, რადგან საწვავი ეზოგება, გემებს კარგ პროფილაქტიკურ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ, გასაჩერებლად კარგი ადგილია და ასე შემდეგ. ამერიკის მხრიდან კი ამ ნაბიჯით იმის დემონსტრირება მოხდება, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს“